You are on page 1of 7

საერთაშორისო სისტემების ფორმირების პროცესი

თანამედროვე საზოგადოება, სხვადასხვა, მრავალდონიანი და მრავალფუნქციონალური


ურთიერთობების რთულ სისტემას წარმოადგენს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია
საერთაშორისო ურთიერთობები. საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა სოციალური
სისტემის განსაკუთრებული ტიპია, რომელსაც ერთის მხრივ, ელემენტების სუსტი
ინტეგრაციის ხარისხი, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ელემენტების მნიშვნელოვანი ავტონომია
ახასიათებს. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ნათლად აჩვენებს იმ
ფაქტს, რომ სუვერენული სახელმწიფოები, როგორც საგარეო პოლიტიკის სუბიექტები,
ვაკუუმში ვერ განვითარდებიან და ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებას სასიცოცხლოდ
საჭიროებენ. თანამედროვე მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, არ
შეუძლია სხვა სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლად, საკუთარი
საგარეო პოლიტიკა წარმოება.
სისტემა შედგება მრავალი ელემენტისაგან, რომლებიც როგორც ერთი მთლიანი ისე
მოქმედებენ. მათი ურთიერთქმედებისას სისტემა იძენს ახალ თვისებებს, რომლებსაც
ემერჯენტებს (ემერჯენტი - პარსონის მიერ სოციალური სისტემის ანალიზისათვის
შემოტანილი ცნება. იგი აღნიშნავს სოციალური სისტემის ნებისმიერ თვისებას, რომელიც არ
შეიძლება მარტივად აიხსნას მისი წარმოშობისა ან შემადგენელი ნაწილების მიხედვით იმ
პრინციპიდან გამომდინარე რომ მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი [1] ).
იმის გათვალისწინებით, რომ სისტემის ძირითდი კონსტრუქცია - ურთიერთქმედებაა,
სისტემური მიდგომის კვლევის ძირითად ობიექტს პროცესი წარმოადგენს. პროცესში
სისტემის განმეორებითი მოდელები წარმოიშვებიან, მაგალითად, მოქცევა და მიქცევა,
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები და ომები. ეს მოდელები - პატერნები (პატერნი -
ნიმუში, შაბლონი (მაგ. ქცევა)) - სისტემის შიდა სტრუქტურის არსებობაზე მიუთითებს.
სისტემური მიდგომის ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს სისტემების აბსოლუტურად
განსხვავებულ ბუნებაში - ფიზიკური, ეკონომიკური ან ბიოლოგიური - ორგანიზაციის ერთი
და იგივე საერთო კანონებს ექვემდებარება: ,,ამ კანონების ცოდნა ადამიანური ცხოვრების
ყველა სფეროში არსებული რთული მოვლენების არსის სწრაფ გაგებას უწყობს ხელს.
სისტემური მიდგომა ჩაისახა და განვთარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
ფარგლებში. სისტემის თეორიის ძირითადი დებულებები ფორმულირებული იქნა 1960-იანი
წლების ბოლოს ავსტრიელი ბიოლოგის ლიუდვიგ ფონ ბერტალანფის მიერ, ევოლუციის
პრობლემებზე მუშაობის დროს“ [2].
პოლიტიკურ მეცნიერებებში სისტემური მიდგომის ფუძემდებლად ითვლება ამერიკელი
მეცნიერი დ. ისტონი (1917-2014). მან თავის ნაშრომებში ,,პოლიტიკური სისტემა“ (1953),
პოლიტიკური ცხოვრების სისტემური ანალიზი“ (1965), პოლიტიკური სტრუქტურის
ანალიზი (1990) პოლიტიკური სისტემის თეორიას ავითარებს. სისტემური
თვითორგანიზაციის კანონი მიუთითებს, რომ სისტემა ცდილობს ენთროპიის
შემცირებისაკენ, რაც მოითხოვს მის ელემენტებს და აგრეთვე სისტემასა და გარემოს შორის
დინამიკური წონასწორობის დამყარებას. [3]. ისტონმა ეს დებულება შიდა პოლიტიკური
სისიტემის ანალიზისთვის გამოიყენა. მისთვის პოლიტიკა შედარებით დამოუკიდებელი,
მაგრამ ურთიერთდამოკიდებული ელემენტებისგან შემდგარი სფეროა, რომელიც
წარმოადგენს უფრო დიდი ერთობის - საზოგადოების ნაწილს. ასეთ მდგომარეობაში, მან
რეაგირება უნდა მოახდინოს, სისტემაში შესულ გარე იმპულსებზე და თავიდან აიცილოს
საზოგადოების წევრებს შორის კონფლიქტები და დაძაბულობა. გარდა ამისა, მან სცადა,
აღეწერა კონკრეტული სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის ურთიერთქმედების ხასიათი
საერთაშორისო სისტემასთან [4].
ისტონის აზრით: ,,პოლიტიკური სისტემის გარემო ორ ნაწილად იყოფა:
ინტრასოციეტალური და ექსტრასოციეტალური. ინტრასოციეტალური სისტემა მოიცავს
მოქცევის ისეთ მრავალ ტიპებს, როგორებიც არიან ეკონომიკა, კულტურა, სოციალური
სტრუქტურა, პიროვნებათაშორისი ურთიერთობები. ისინი საზოგადოების ფუნქციურ
სეგმენტებს წარმოადგენენ, რომლის კომპონენტი თავად პოლიტიკური სისტემაა. სამყაროში,
სადაც მუდმივად იქმნება ახალი პოლიტიკური სისტემები, ჩვენ მოვნახავთ ბევრ მაგალითს,
როდესაც ცვალებადი ეკონომიკა, კულტურა ან სოციალური სტრუქტურა პოლიტიკურ
სისტემაზე ახდენს გავლენას. პოლიტიკური სისტემის მეორე გარემო ექსტრასოციეტალურია
და მოიცავს ყველა სისტემას, რომელიც გარე სამყაროს უკავშირდება. ისინი საერთაშორისო
თანამეგობრობის ფუნქციური კომპონენტებია, სუპერსისტემებია, რომლის ელემენტებად
კონკრეტული საზოგადოება შეიძლება ჩაითვალოს“ [5].
სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი სუბიექტის მიმართ,
პირველი (ინტრასოციეტალური) მოქმედებს სხვადასხვა არასახელმწიფოებრივი სისტემების
სახით, აგრეთვე იმ კავშირებითა და თეორიებით, რომლებიც სახელმწიფოებთან ერთად
საზოგადოებაში იქმნებიან და ამ საზოგადოების ფრაგმენტებს წარმოადგენენ. რაც შეეხება
სახელმწიფოს გარემოს ექსტრასოციეტალურ სისტემას, ის მოიცავს როგორც სახელმწიფოზე,
ისე საზოგადოებაზე მომხდარ ყველა სისტემურ და სხვა მოვლენებს, რომლებიც მასზე
პირდაპირ და არა პირდაპირ გავლენებს ახდენენ. როგორც ქართველი მეცნიერი ა. რონდელი
აღნიშნავს: ,,სისტემას ახასიათებს სტაბილური ან არასტაბილური მდგომარეობა. სტაბილური
სისტემა საჭიროებს მნიშვნელოვან ძალისმიერ იმპულსს სტაბილური მდგომარეობის
შესანარჩუნებლად. არასტაბილური სისტემა უფრო ადვილად კარგავს ნორმალური
ფუნქციონირების უნარს. ყოველი სისტემა ნებისმიერი “გაღიზიანების” შემდეგ ცდილობს
გაწონასწორებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. წონასწორობა კი თავის მხრივ შეიძლება
იყოს სტაბილური ან არასტაბილური. სისტემის შემადგენელი ელემენტები
ურთიერთდამოკიდებულნი არიან და ფუნქციონირებენ ურთიერთქმედების მეშვეობით. რაც
უფრო დიდია ურთიერთდამოკიდებულება, მით უფრო მეტია და ინტენსიურია
ურთიერთქმედება. ამ შემთხვევაში სისტემა კიდევ უფრო რთული ხდება“ [6]. რ. არონის
აზრით: ,,საერთაშორისო სისტემა პოლიტიკური ერთეულებისაგან შედგება, რომლებიც
ერთმანეთთან რეგულარულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ და რომლებიც საყოველთაო ომში
შეიძლება აღმოჩნდნენ ჩათრეულები” [7].
ცნობილი ინგლისელი მეცნიერი ჰ. ბული მიუთითებს: ,,XV საუკუნეში დაწყებული
ევროპის გაფართოების შედეგად, საერთაშორისო სისტემა უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე
საერთაშორისო საზოგადოება. ამასთან ერთად, სისტემა აღმოცენდა მაშინ, როდესაც
პოლიტიკურ ერთეულებს (რომლებიც ხდებიან მისი ელემენტები) - სახელმწიფოებს ან სხვა
დამოუკიდებელ წარმონაქმნებს (პროტოსახელმწიფოებრივი) შორის ყალიბდება მუდმივი
ურთიერთქმედება: ომების, დიპლომატიის, ვაჭრობის, ადამიანების მუდმივი
გადაადგილების ჩათვლით. მზარდი დინამიზმის პირობებში სისტემის ყველა სუბიექტი-
ელემენტი საკუთარ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში იძულებულია გაითვალისწინოს
სხვების ქცევა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სისტემა წარმოადგენს საერთაშორისო
ურთიერთობების სტიქიური თვითგანვითარების შეზღუდულ პროდუქტს“ [8].
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო სისტემის შემადგენელი ელემენტებია
საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტები (პირველ რიგში სახელმწიფოები). ამ
სუბიექტებს შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობებათა ხარისხი და თავისებურებანი
განსაზღვრავენ კიდეც მთელი სისტემის ხასიათს: ,,თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში
შიდასისტემური ურთიერთქმედებები მოიცავს არა მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოების,
არამედ სისტემის სხვა ელემენტების – “მონაწილეების” (საერთაშორისო ორგანიზაციები,
საერთაშორისო ვაჭრობა, ფინანსები, ტურიზმი და ა.შ.), ურთიერთქმედებასაც.
    საერთაშორისო სისტემას, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საერთაშორისო სისტემებს,
სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში განსხვავებული საზღვრები ჰქონდა. საერთაშორისო
სისტემა ის ასპარეზია, რომლის ჩარჩოებშიც ხორციელდება სახელმწიფოებს შორის მიერ
ურთიერთშეფასება და ურთიერთდამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება. ბუნებრივია,
რომ კოლუმბამდელი ამერიკული იმპერიები არ წარმოადგენდნენ გლობალურ
საერთაშორისო სისტემას. ისინი სრულებით იზოლირებულნი იყვნენ დანარჩენი
სამყაროსაგან. ძველი რომი და ძველი ჩინეთი გარკვეულწილად ურთიერთდამოკიდებულნი
იყვნენ, რადგან მათ შორის მდებარე ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე მომთაბარე
მოსახლეობის დიდი მიგრაციები ხორციელდებოდა, რომლებიც ამ ორივე იმპერიაზე დიდ
ზეგავლენას ახდენდა, მაგრამ ეს იმპერიები არ მიეკუთვნებოდნენ ერთსა და იმავე
საერთაშორისო სისტემას. მხოლოდ თანამედროვე საერთაშორისო სისტემა არის ჭეშმარიტად
გლობალური სისტემა“ [6].
განასხვავებენ გლობალური, რეგიონალური და სუბრეგიონალური საერთაშორისო
ურთიერთობების სისტემებს. გლობალური სისტემის ელემენტებად საერთაშორისო
სისტემის ყველა მოქმედი აქტორი გამოდის. რეგიონალური საერთაშორისო სისტემის
წევრები არიან განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მდებარე სახელმწიფოები და აგრეთვე
საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლების მოღვაწეობის სფერო საკუთარი რეგიონით
შემოიფარგლება. საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის სტრუქტურის ქვეშ
იგულისხმება მის მონაწილეებს შორის ძალის კორელაციის კონფიგურაცია, რომელიც
,,ძალაუფლების ცენტრების“ იგივე ,,ძალების ცენტრის“ არსებობას ასახავს. ასეთი
,,ძალაუფლების ცენტრები“ და მათი ურთიერთობების ხასიათი დიდ გავლენას ახდენს
საერთაშორისო სისტემის ძირითადი ელემენტების - სახელმწიფოების -
დამოკიდებულებაზე. სწორედ სტრუქტურა ანიჭებს სისტემას სტაბილურობას და ყველა
საერთაშორისო აქტორის მოქმედებას განსაზღვრავს.
სისტემის სტრუქტურის, ანუ მის მონაწილეებს შორის ძალების თანაფარდობის დიდი
ხნის მანძილზე შენარჩუნების პირობებში, სისტემა სტაბილურ რეჟიმში ფუნქციონირებს.
როდესაც დროთა განმავლობაში სისტემაში სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკური
პროცესების გავლენებით ეს თანაფარდობა იცვლება, მაშინ ხდება ამ სისტემის ჩანაცვლება
ახალი სტრუქტურული სისტემით. საერთაშორისო სისტემას შიდა და გარე
ცენტრალიზაციის დაბალი დონე ახასიათებს. ეს განსაკუთრებულობა საერთაშორისო
ურთიერთობებში უზენაესი ხელისუფლებისა და ,,პლურალიზმის“ არ არსებობას
უკავშირდება. საერთაშორისო სისტემის დეზინტეგრაციისადმი და დესტაბილიზაციისადმი
მიდრეკელების მიუხედავად, მას მაინც ახასიათებს მდგრადობა და სტაბილურობა. რაც
შეეხება საერთაშორისო სისტემების ტიპოლოგიას, მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა
მახასიათებლების მიხედვით (სივრცობრივ-გეოგრაფიული, ისტორიული, სტრუქტურის
თვისებურება, პოლიტიკური, სამხედრო-სტრატეგიული და ა. შ) ხდება.
კონკრეტული ისტორიული პირობების შესწავლის საფუძველზე დაყრდნობით,
ინგლისელმა მეცნიერმა ე. ლუარდმა საერთაშორისო სისტემების შვიდი ტიპი გამოყო: 1)
ძველჩინური სისტემა (ძვ.წ.აღ. 771-721), 2) ძველბერძნული სახელმწიფოების სისტემა
(ძვ.წ.აღ. 510-338), 3) ევროპული დინასტიების ეპოქა (1300-1559), 4) რელიგიური ბატონობის
ერა (1559-1648), 5) სახელმწიფო სუვერენიტეტის რეჟიმის წარმოშობისა და გაფურჩქვნის ხანა
(1648-1789), 6) ნაციონალიზმის ეპოქა (1789-1914), 7) იდეოლოგიის ბატონობის ეპოქა (1914-
1974) [10]. მათ ლუარდი სხვადასხვა კონცეფტუალური ხერხებით აანალიზებს -
იდეოლოგია, ელიტა, მოტივაცია, სტრატიფიკაცია, სტრუქტურა, ნორმები, ინსტიტუტები.
საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ფუნქციონირების ძირითადი კანონია -
დინამიური წონასწორობის შენარჩუნების კანონი. განსაზღვრული პოლიტიკური
წონაწორობის შენარჩუნება საერთაშორისო სისტემის ძირითად აქტორებს შორის, მისი
ნორმალური ფუნქციონირების წინაპირობას წარმოადგენს. სისტემა დინამიური
წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფება, რადგან სახელმწიფოებს შორის წონასწორობა
მუდმივად ირღვევა, ხოლო შემდეგ ახალ საფუძველზე კვლავ რეანიმირდება, რათა კვლავ
დაირღვეს და ასე უსასრულოდ. ეს იმიტომ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში
არსებობს სხვადასხვა დაპირისპირებული ძალა, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ იშვიათ
შემთხვევებში აწონასწორებენ.
ცნობილი ამერიკელი მეცნიერი რ. გილპინი ნაშრომში ,,ომი და ცვლილებები
საერთაშორისო პოლიტიკაში“ ძირითად აქცენტს საერთაშორისო სისტემის სამ ასპექტზე
აკეთებს: 1) საერთაშორისო სისტემის (ქალაქი-სახელმწიფოები, მსოფლიო ისტორიები,
ეროვნული სახელმწიფოები) შემადგენელი, ხარისხობრივად განსხვავებული ელემენტები; 2)
სისტემის შემადგენელი ნაწილების რეგულარული ურთიერთობები, რომლებიც სახეს
იცვლიან იშვიათი ეპიზოდური კონტაქტებიდან (ვაჭრობა, ერთობლივი სამხედრო
მოქმედებები, კულტურული გაცვლები) კომპლექსურ ურთიერთქმედებებამდე; 3)
საერთაშორისო სისტემის ელემენტების ქცევის მარეგულირებელი კონტროლის ფორმები
[11]. ამრიგად, კონკრეტული საერთაშორისო სისტემის ტიპის დახასიათების დროს,
უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მისი შემადგენელი კომპონენტები და მათი
სხვადასხვაობის ხარისხი და აგრეთვე სოციალური კონტროლის ფორმები: წესები, ნორმები
და ინსტიტუტებია მისაღები.
საერთაშორისო სისტემის კვლევაში უდიდესი როლი ითამაშა ამერიკელმა მეცნიერმა მ.
კაპლანმა. ის ეძებდა პასუხს კითხვაზე, არსებობს თუ არა კავშირი სისტემის სტაბილურობასა
და მის სისტემას შორის. კაპლანი სისტემის სტრუქტურის ქვეშ ძალების პოლუსების
კონფიგურაციას გულისხმობდა [12]. კაპლანმა საერთაშორისო სისტემის ექვსი მოდელი
შემოგვთავაზა: 1) ძალთა ბალანსის სისტემა; 2) რბილი ბიპოლარული სისტემა; 3) ხისტი
ბიპოლარული სისტემა; 4) უნივერსალური სისტემა; 5) იერარქიული სისტემა; 6) ერთეული
ვეტოს სისტემა. კაპლანი მიუთითებდა მოდელების თეორიულ ხასითზე, ორის - ძალთა
ბალანსისა და რბილი ბიპოლარული სისტემების გარდა, რომლებსაც მისი აზრით ადგილი
ქონდა რეალურ ისტორიულ პროცესში. მისი ექვსი მოდელი, შესაძლო სტრუქტურული
ვარიანტების სრულ სპექტრს არ ამოწურავს და ერთ მნიშვნელოვან ელემენტზე -
პოლიტიკური ინტეგრაციის დონეზე იგება, რომელიც კაპლანის აზრით, ყველაზე ნაკლებად
ერთეული ვეტოს სისტემას, ხოლო ყველაზე მეტად იერარქიულ სისტემას ახასიათებს.
საერთაშორისო ურთიერთობების სისტემურ თეორიას ცალკეული მოვლენების
წინასწარმეტყველება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია კონკრეტული საერთაშორისო სისტემის
ფარგლებში ქცევის ზოგადი მახასიათებლების პროგნოზირება. კაპლანი შეეცადა სხვადასხვა
სისტემების სტაბილურობისა და არა სტაბილურობის მიზეზების გამორკვევას და
აგრეთვე: ,,...პირობების, რომლის დროსაც სისტემა ტრანსფომაციას განიცდის და
ტრანსფორმაციის ტიპების, რომლებსაც შეიძლება ადგილი ქონდეს“ [12]. მეცნიერი
ტრანსფორმაციის წყაროდ აქტორების ქცევას მიიჩნევდა.
მიუხედავად იმისა, რომ კაპლანის საერთაშორისო სისტემის მოდელებს უდიდესი
მნიშვნელობა ენიჭება და ის სისტემის შესწავლაში წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება,
ზოგიერთი მეცნიერი აკრიტიკებდა და მის არა სრულყოფილებაზე მიუთითებდა. ასე
მაგალითად, ჰ. ბული აღნიშნავდა: ,, განიხილავს რა ორ ისტორიულ სისტემას, მას არც თუ
ისე შორეული ისტორიის მაგალითები მოყავს, მაგრამ ვარაუდის საფუძველი, ასეთი ტიპის
მომდევნო ისტორიული სისტემების აუცილებლად წარსულის მსგავსების შესახებ არ
არსებობს. როდესაც ის ჰიპოტეტურ სისტემებზე გადადის, მისი მოსაზრება ან
გამოყენებული დეფინიციის ტავტალოგიური გაგრძელებაა ან აბსოლუტურად
თვითნებურად ტრანსფორმირდება მოდელების თაობაზე შეუსაბამო ემპირიულ
მსჯელობებში.... ამრიგად, კაპლანის მოდელები არ წარმოადგენენ მოდელებს ამ ცნების
სრული გაგებით; ის მოკლებულია შიდა სიმტკიცეს და ლოგიკას. მაგრამ ამ თვისებების
ქონის შემთხვევაშიც, ისინი რეალობას მაინც ვერ განმარტავენ ისე, როგორც ამის შესახებ
კაპლანი საუბრობს“ [13].
მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სისტემის შესწავლაში, ცნობილმა ამერიკელმა
მკვლევარმა ქ. უოლცმა შეიტანა. მისი დამსახურებაა სისტემის ქცევის ახსნა. უოლცი
მსოფლიო პოლიტიკის ძირითად მიზეზებს საერთაშორისო სისტემის სტრუქტურაში ეძებს.
მას ეკუთვნის სტრუქტურის ფორმირებისა და ფუნქციონირების შესახებ დღეს ალბათ
ყველაზე ზუსტი კონცეფცია. მკვლევარი მის წარმოშობას მიკროეკონომიკური თეორიის
ანალოგიით ხსნის. მიიჩნევს რა, რომ სახელმწიფოები რაციონალური არჩევანის საფუძველზე
მოქმედებენ, ის მათ ,,იდეალური კონკურენციის“ პირობებში მყოფ ფირმებს ადარებს.
ფირმები საკუთარი მოგების მაქსიმალურად გაზრდას და დანახარჯების შემცირებას
ცდილობენ. ისინი მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით, საკუთარ საქონელზე რაც
შეიძლება მაღალ ფასს აწესებს. მოცემული სექტორის მომგებიანობა სხვა ფირმებს იზიდავს,
წარმოიშვება კონკურენცია, რის შედეგად საქონელზე ფასები ეცემა. ფირმების სურვლის
მიუხედავად, ასეთ შედეგს სწორედ მათი ურთიერთქმედება იწვევს. ამრიგად, სტრუქტურა
ერთი აქტორის ქმედებაზე არ არის დამოკიდებული და თითოეული აქტორის საქმიანობას
მნიშვნელოვნად ზღუდავს. ფირმას რა თქმა უნდა, საკუთარ საქონელზე ნებისმიერი ფასის
დაწესება შეუძლია, მაგრამ თუ არ სურს გაკოტრება, ფასი ბაზრის მოთხოვნებს უნდა
შუსაბამოს. უოლცის აზრით, საერთაშორისო არენაზეც იგივე პროცესები მიმდინარეობს.
სახელმწიფოები, რომლებიც საერთაშორისო არანეზა არაეფექტურად მოქმედებენ, კრახს
განიცდიან და თამაშს ეთიშებიან. [14].
ქ. უოლცისათვის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა - პოლიტიკური სისტემაა,
რომელშიც მთავარ როლს მატერიალური ფაქტორები და ძალები თამაშობენ. ის მას, უფრო
სტატიკაში განიხილავს, ვიდრე დინამიკაში. უოლცი დიდ ყურადღებას სისტემებს შორის
კონკურენციას უთმობს და მიიჩნევს, რომ კონკურენციაში მყოფი სისტემები, თავისი ყველა
წარმატებული მონაწილეების ,,რაციონალურობით“ რეგულირდება. ამ შემთხვევაში,
,,რაციონალურობა" ზოგიერთი თვისებისა და სტრატეგიის წყალობით, საერთაშორისო
სისტემის სუბიექტების ერთი ნაწილის უფრო მეტ წარმატებულობას და მეორე ნაწილის
წარუმატებლობას ნიშნავს. წაგებულები კოტრდებიან და ბრძოლას ეთიშებიან, ხოლო ვინც
რჩება და დამარცხებას არ ეგუება, გამარჯვებულების წარმატებული სტრატეგიის გამეორებას
ცდილობს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სტრუქტურის ზემოქმედების ძირითად მექანიზმს,
როგორ ბაზრის, ისე საერთაშორისო პოლიტიკის პირობებში, კონკურენცია და
სოციალიზაცია წარმოადგენს [14].
ამრიგად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციფიკის განსხვავებული გააზრება და,
შესაბამისად, საერთაშორისო სისტემის განსაკუთრებულობა, მისი შესწავლის საქმეში
სხვადასხვა მიდგომას ითვალისწინებს და არსებობს მისი რამდენიმე სახეობა: 1.
ტრადიციულ-ისტორიული; 2. ისტორიულ-სოციოლოგიური; 3. ევრისტიული; 4. შერეული;
5. ემპირიული. აღსანიშნავია, რომ მათი ასეთი სახით კლასიფიკაცია პირობითია და
ურთიერთგამომრიცხავ ხასიათს არ ატარებს და ამა თუ იმ ავტორის პრიორიტეტულ ხედვებს
ასახავს. 1. ტრადიციულ-ისტორიული მიდგომის ბაზისია, საერთაშორისო სისტემის ცნების
გამოყენება ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში და რეგიონში სახელმწიფოებს შორის
დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად: მაგალითად, XVII საუკუნეში 1648 წლის
ვესტფალიის ზავის შედეგად ფორმირებული ევროპული სისტემა; XIX საუკუნის ევროპული
სახელმწიფოების (ერების ევროპული კონცეფტი) პოლიტიკური წონასწორობის სისტემები;
1945-1989 წლების გლობალური ბიპოლარული სახელმწიფოთაშორისი სისტემები; 2. რ.
არონი, რომელიც ისტორიულ-სოციოლოგიური მიდგომის ერთ-ერთ ფუძემდებლად
ითვლება, საერთაშორისო სისტემების ჩამოყალიბების ამოსავალ დებულებად ისტორიულ
გამოცდილებას მიიჩნევს და აბსტრაქტული მოდელების კონსტრუირების ყოველგვარ
მცდელობას უარყოფს. ის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მოქმედი საერთაშორისო
სისტემების (50 ბერძნული პოლისი, XVII საუკუნის ევროპულ მონარქიები, XIX საუკუნის
ევროპული სახელმწიფოები და თანამედროვე სახელმწიფოები) ერთმანეთთან შედარებისა
და განმეორეობითობის პრინციპის საფუძველზე, მათ შორის არსებულ საერთო
კანონზომიერებებს ეძებდა. რ. არონი თვლიდა, რომ: ,,ტიპიური საერთაშორისო სისტემის
ანალიზის საშუალებით ვერ ვიწინასწარმეტყველებთ დიპლომატიური მოვლენას ან
მმართველის მოქმედებას ამა თუ იმ სიტუაციაში. ამიტომ, სისტემური მიდგომა საშუალებას
იძლევა, გამოვყოთ სოციალური დეტერმინიზმის ის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო
ურთიერთობების ფუნქციონირებაში არსებობს“ [7]; 3. მ. კაპლანმა საერთაშორისო
სისტემების ანალიზის დროს ევრისტული მიდგომით ისარგლება. ის შორს იდგა
ისტორიზმისაგან და ისტორიულ მონაცემებს თეორიული განზოგადოებისათვის
მიუღებლად თვლიდა. სასტემების საერთო თეორიაზე და ანალიზზე დაყრდნობით და
საერთაშორისო რეალობის უკეთ გაგების მიზნით, მან აბსტრაქტული თეორიული მოდელები
ჩამოაყალიბა. მისი აზრით, საერთაშორისო სისტემების ანალიზი შეისწავლის იმ
გარემოებებს და პირობებს, რომელშიც თითოეულ მათგანს შეუძლია არსებობა ან სხვა ტიპის
სისტემაში ტრანსფორმაცია. კაპლანი ცდილობს სისტემის განვითარების, ფუნქციონირების,
აღმავლობის თუ დაცემის მიზეზების ახსნას, გამოყოფს სისტემის, სისტემის
ტრანსფორმაციის, აქტორების კლასიფიკაციის, მათი შესაძლებლობებისა და ინფორმაციის
წესებს; 4. ამერიკელმა მეცნიერმა როუზკრენცმა, ისტორიულ-სოციოლოგიური და
ევრისტიული მეთოდების სინთეზის მცდელობა მოახდინა: ,,მან შემოგვთავაზა ე. წ.
რევალენტური უტოპიის თეორიული მოდელი, რომელიც ბიპოლარულ და
მულტიპოლარულ სისტემებს ერთ სისტემაში აერთიანებდა [15].
ეყრდნობოდა რა კონკრეტული ისტორიული სიტუაციის შესწავლას, როუზკრენცმა
საერთაშორისო სისტემის ცხრა თანმიმდევრობა გამოყო, რომლებიც შემდეგ ისტორიულ
პერიოდებს შეესაბამება: ,,1740-1789, 1789-1814, 1814-1822, 1822-1848, 1848-1871, 1871-1888,
1888-1918, 1918-1945 და 1945-1960 წლები. მან თითოეული შერჩეული სისტემის ანალიზს
აწარმოა და ის ფაქტორები გამოავლინა, რომლებიც სისტემებს ან სტაბილურობას ანიჭებს ან
პირიქით, მათზე დესტრუქციული ხასიათის გავლენას ახდენს“ [10]. 5. ემპირიული მიდგომა
საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში, განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში
რეალურად არსებულ ურთიერთქმედებების აღწერას ეფუძნება. მას ტრადიციული
ისტორიული მიდგომადან გამოარჩევს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნილი
სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის თავისებურებების, იქ ჩამოყალიბებული სისტემური
კავშირების საშუალებით ახსნას. აღნიშნული მიდგომა საერთაშორისო აქტორების ქცევის
კანონზომიერებს ეძებს და იკვლევს.
საერთაშორისო სისტემას იკვლევდნენ ცნობილი ინგლისელი მეცნიერები, ისტორიული
სოციოლოგიის წარმომადგენლები ბ. ბუზანი და რ. ლითლი, რომლებიც ე. წ.
,,მულტისტრუქტურული“ ანალიზის იდეას ავითარებენ. ისინი საერთაშორისო
ურთიერთობების გლობალურ სისტემას სექტორებად ყოფენ და მიიჩნევენ, რომ თითოეულ
სექტორს საკუთარი სტრუქტურა და ურთიერთქმედების საკუთარი ლოგიკა გააჩნია. ბუზანი
და ლიტლი ხუთ სექტორს გამოყოფენ: სამხედროს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სოციო-
კულტურულს და ეკოლოგიურს [16]. საერთოდ, ისინი საერთაშორისო კვლევებში
სისტემური მიდგომის გამოყენების არეალს აფართოებდნენ და კაცობრიობის ისტორიაში,
საერთაშორისო სისტემების არსებობას მონადირეებისა და შემგროვებლების ტომების
შექმნით იწყებდნენ: ,,საერთაშორისო სისტემების ისტორია მთელს მსოფლიოს მოიცავს და 40
ათასს წელს ითვლის“ [16].
საერთაშორისო სისტემების სხვადასხვა თეორიების კომბინაციების შედეგად შემდეგი
სურათი იხატება. საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა აგენტების ურთიერთქმედების
შედეგად იქმნება. რადგან საუბარია ადამიანებისა და საზოგადოებების
ურთიერთქმედებებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა თავისი ბუნებით -
სოციალურია: ,,ბიოლოგიური ევოლუცია, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები და
ტექნოლოგიების განვითარება, მისი ელემენტების რაოდენობაზე და მათ შორის არსებული
კავშირების დონეებზე გავლენას ახდენს და ელემენტების ურთიერთქმედებები მოქცევის
განმეორებით მოდელებს ქმნის“ [17: გვ. 59]. უკვე თვით იდეა საერთაშორისო
ურთიერთობებში სისტემური ნიშნების არსებობის შესახებ, გვაძლევს საშუალებას
საერთაშორისო სისტემა განვიხილოთ ცალკეული სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო
არენაზე მოქმედ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ სფეროებში სტატუს ქვო-ს
დამყარების მცდელობად. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო სისტემა სხვა არაფერია, თუ
არა შესაბამის სივრცობრივ-დროებრივ კონტექსტში, სახელმწიფოთა შორის ძალთა ბალანსის
არაფორმალური ინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

You might also like