You are on page 1of 137

ფიქციები

წინათქმა
ამ წიგნში გადმოცემული რვა ამბავი ბევრ განმარტებას არ მოითხოვს. მათგან მერვე
(„განშტოებულ ბილიკთა ბაღი“) დეტექტიური მოთხრობაა. მის მკითხველთა წინაშეა დანაშაული
და ამ უკანასკნელის ყველა წინმსწრები ფაქტორი; დანაშაული, რომლის მიზანს არ ვმალავთ,
მაგრამ ამ მიზანს ისინი, ვფიქრობ, მხოლოდ ბოლო აბზაცში შეიტყობენ. სხვა მოთხრობები
ფანტაზიის ქმნილებებია, რომელთაგან ერთი - „ბაბილონური ლატარია“ - სიმბოლიზმს ვერ ასცდა.
ვისაც მისი ისტორია ან პრეისტორია აინტერესებს, შეუძლია ჩაიხედოს „სურის“[2] 59-ე ნომერში,
რომელშიც გვხვდება ისეთი განსხვავებული სახელები, როგორიცაა ლესიპუსი და ლასვიცი, ლუის
ქეროლი და არისტოტელე. „წრიულ ნანგრევებში“ ყველაფერი არარეალურია, ხოლო მოთხრობაში
„პიერ მენარი, „დონ კიხოტის“ ავტორი“, არარეალობა მოცემულია ბედისწერაში, რომელსაც
მოთხრობის პროტაგონისტი[3] საკუთარ თავზე იღებს. ჩემ მიერ მისთვის მიწერილ თხზულებათა
ნუსხა არც დიდად თავშესაქცევია, თუმცა არც შემთხვევითი: ეს მისი მენტალური ისტორიის
დიაგრამაა...
მძიმე და გამომფიტავი სიგიჟეა დიდი წიგნების წერა, ანუ ხუთას გვერდად გავრცობა იდეისა,
რომელიც სავსებით შეიძლება გადმოიცეს ხუთიოდე წუთში. უმჯობესია თავი მოვიკატუნოთ,
თითქოს ასეთი წიგნები უკვე არსებობს, მკითხველს კი შეჯამება, კომენტარი შევთავაზოთ. ასე
მოიქცა კარლაილი „სარტორ რესარტუსში“, ბატლერი - „მშვენიერ ნავსაყუდელში“. თუმცა ამ
თხზულებათა არასრულყოფილება ისევ და ისევ იმაშია, რომ ისინიც წიგნებს წარმოადგენს, სხვა
წიგნებზე არანაკლებ ტავტოლოგიურს. უფრო კეთილგონიერმა, უფრო არაკომპეტენტურმა და
უფრო ზარმაცმა - მე გადავწყვიტე დამეწერა კომენტარები წარმოსახვით წიგნებზე. ასეთი
კომენტარებია „ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი“ და „ჰერბერტ ქვეინის თხზულებათა
მიმოხილვა“.ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი

ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი

1
I
უქბარის აღმოჩენას სარკისა და ენციკლოპედიის ურთიერთგადაკვეთას ვუმადლი. სარკით
მთავრდებოდა დერეფნის შორეული ბოლო სოფლის დიდი სახლისა კალე გაონაში (რამოს მეია[4]),
ხოლო ენციკლოპედია შეცდომით ჰქვია „ინგლისურ-ამერიკულ ენციკლოპედიას“ (ნიუ-იორკი,
1917 წ.) და წარმოადგენს „ენციკლოპედია ბრიტანიკის“ 1902 წლის გამოცემის სიტყვასიტყვით,
თუმცა, იმავდროულად, ნაკლები ხარისხის გადამღერებას.
იმ საღამოს სადილზე მეწვია ბიოი კასარესი[5] და ჩვენ ყოველგვარი დროის შეგრძნება დავკარგეთ
იმაზე მსჯელობისას, თუ როგორ შეიძლება შეითხზას პირველ პირში გადმოცემული რომანი,
რომლის მთხრობელი გამოტოვებდა ან დაამახინჯებდა რაღაც-რაღაცებს და ისეთ
წინააღმდეგობაში ჩავარდებოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე - სულ თითო-ოროლა მკითხველი - თუ
ამოიცნობდა თავზარდამცემ ან ბანალურ ჭეშმარიტებას. დერეფნის შორეულ ბოლოში ჩვენს
თავებს ზემოთ სარკე ეკიდა და გვჩრდილავდა. აღმოვაჩინეთ (გვიან ღამეში ასეთი აღმოჩენა,
უბრალოდ, გარდაუვალია), რომ სარკეები რაღაც საშინელებას მალავენ. ეს მაშინ მოხდა, რაც ბიოიმ
უქბარის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერეტიკოსის გამონათქვამი გაიხსენა: „გულისამრევია
სარკეები და კოპულაცია[6], რადგან ისინი კაცობრიობას ამრავლებენ“. ვკითხე, როდის გადაეყარე
ამ სამახსოვრო ეპიგრამას-მეთქი. „ინგლისურ-ამერიკულ ენციკლოპედიაში“ წავიკითხე უქბარზე
დაწერილ სტატიაშიო, მითხრა.
ამ დიდ, ავეჯით გაწყობილ ძველ სახლში ზემოხსენებული ენციკლოპედიის ასლი მოიპოვებოდა.
XLVI ტომის ბოლო გვერდებზე ვიპოვეთ უპსალაზე დაწერილი სტატია, ხოლო XLVII ტომის
დასაწყისში - „ურალ-ალტაური ენები“, მაგრამ არსად ახსენებდნენ უქბარს. შეცბუნებულმა ბიოიმ
საძიებელი გადაათვალიერა, „უქბარის“ ყველა შესაძლებელი მართლწერა მოსინჯა. ამაოდ. სანამ
წავიდოდა, მითხრა: ეს ერაყის ან მცირე აზიის რეგიონიაო. ვაღიარებ, ცოტა არ იყოს უხერხულად
დავუქნიე თავი: ეჭვი შემეპარა, რომ ეს დაუდგენელი ქვეყანა და მისი ერეტიკული მოძრაობის
ანონიმური ფუძემდებელი თვით ბიოის მეყსეული, მორიდებულობით ნაკარნახევი გამონაგონი
იყო, შეთხზული მისივე დახვეწილი ეპიგრამის გასამართლებლად. უშედეგო ძებნამ იუსტუს
პერთესის მიერ შედგენილ ერთ-ერთ ატლასში ეს ეჭვი გამიძლიერა.
მომდევნო დღეს ბიოიმ ბუენოს-აირესიდან დამირეკა: წინ მიდევს უქბარზე დაწერილი სტატია
ენციკლოპედიის XLVI ტომშიო. ერეტიკული მოძრაობის დამფუძნებლის სახელი არ
ფიგურირებდა, მაგრამ შესავალში წარმოდგენილი იყო მისი მოძღვრება თითქმის ზუსტად იმავე
სიტყვებით, რომლებიც ბიოიმ ჩემამდე მოიტანა, თუმცა - ლიტერატურული თვალსაზრისით -
ნაკლებად დახვეწილით. ჩემთან ყოფნისას ბიოიმ გაიხსენა „გულისამრევი სარკეები და
კოპულაცია“, ენციკლოპედიის ტექსტში კი ეწერა: „ამ გნოსტიკოსთაგან ერთ-ერთისთვის
ხილული სამყარო ილუზიაა ან, უფრო ზუსტად, სოფიზმი. სარკეები და მამობა საძაგლობაა,
რადგან ისინი ამრავლებენ და განადიდებენ ამ სოფიზმს“. სავსებით გულმართლად ვუთხარი
ბიოის, მაგ სტატიის ნახვა მსურს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ მომიტანა და გამაოცა კიდეც,
რადგან რიტერის „გეოგრაფიის“ სკრუპულოზურ კარტოგრაფიულ საძიებლებში არსად
ფიგურირებდა სახელი „უქბარი“.
ბიოის მიერ მოტანილი წიგნი ნამდვილად „ინგლისურ-ამერიკული ენციკლოპედიის“ XLVI ტომი
გახლდათ. ყდასაც და ყუასაც იგივე ანბანური მაჩვენებელი ეწერა, რაც ჩვენს ანალოგიურ ტომს
(Tor-Upps), მაგრამ ამ უკანასკნელის 917 გვერდისგან განსხვავებით, ბიოის ტომი 921 გვერდს
შეიცავდა. ეს დამატებითი ოთხი გვერდი ეჭირა უქბარზე დაწერილ სტატიას, რომლის საწყისი
ასოები, როგორც მკითხველი შეამჩნევს, უკვე სცილდებოდა მოცემული ტომის ანბანური
მაჩვენებლის ფარგლებს. მოგვიანებით ჩვენ შევუდარეთ ერთმანეთს ეს ორი ტომი და ვერანაირი
სხვაობა ვერ აღმოვაჩინეთ, ზემოთ დასახელებულის გარდა. ორივე (როგორც, მე მგონი, უკვე
ვთქვი) „ენციკლოპედია ბრიტანიკას“ მეათე გამოცემის ასლია. ბიოიმ ის ერთ-ერთი თავისი
მრავალრიცხოვანი სეილების დროს შეიძინა.
სტატია ყურადღებით წავიკითხეთ. ბიოის მიერ ჩემთვის ციტირებული პასაჟი იყო ალბათ
ერთადერთი, რომელიც მკითხველს წარბს აუწევდა. სხვა ყველაფერი სავსებით მართლმაგვარი
ჩანდა, ნაშრომის ძირითად ტონში თავსდებოდა და, ბუნებრივია, ცოტათი მოსაწყენიც იყო. თუმცა
განმეორებით წაკითხვისას აღმოვაჩინეთ, რომ მკაცრი ნაწერის უკან არსობრივი ბუნდოვანება
იდგა. თოთხმეტი სახელიდან, რომლებიც ფიგურირებდა გეოგრაფიის სექციაში, სულ სამი გვეცნო
(ხორასანი, სომხეთი, ერზერუმი), ორაზროვნად ჩართული მთელ დანარჩენ ტექსტში. ისტორიული
სახელებიდან კი ერთადერთი - თვითმარქვია ჯადოქარი სმერდისი, რომელიც, რეალურად,
მეტაფორის დანიშნულებას ასრულებდა. სტატიაში თითქოს მონიშნული იყო უქბარის
საზღვრები, თუმცა მხოლოდ ბუნდოვნად მიანიშნებდა ამ რეგიონის მდინარეებს, კრატერებსა და
მთაგრეხილებს. მაგალითად, ამოვიკითხეთ, რომ სამხრეთ საზღვრის ორიენტირებს წარმოადგენს

2
აქსა დელტა და ცაი ხალდუნი, ხოლო დელტას კუნძულებზე ველური ცხენები მრავლდებიან. ეს
918-ე გვერდის დასაწყისში ეწერა. უქბარის ისტორიის შემცველი ნაწილიდან (გვ. 920) შევიტყვეთ,
რომ რელიგიურმა დევნამ XIII საუკუნეში იძულებული გახადა მართლმორწმუნეები,
გახიზნულიყვნენ იმავე კუნძულებზე, სადაც დღემდე დგას ობელისკები და, დროდადრო,
მათეული ქვის სარკეებიც ამოაქვთ ხოლმე მიწიდან. სექცია, რომელსაც ერქვა „ენა და
ლიტერატურა“, მოკლე იყო. ერთი სამახსოვრო შტრიხი: სტატია ამბობდა, რომ უქბარის
ლიტერატურა ფანტაზიის ლიტერატურაა, მისი ეპოსი და ლეგენდები არასდროს შეესატყვისება
რეალობას, არამედ, უწინარესად, მლეხნასა და ტლონის ორ წარმოსახვით საუფლოს...
ბიბლიოგრაფიაში ჩამოთვლილი იყო ოთხი ტომი, რომლებიც მოსაძებნი გვქონდა, თუმცა მათგან
მესამე - სილას ჰასლამის „უქბარად წოდებული ქვეყნის ისტორია“ (1874) - ფიგურირებს წიგნით
მოვაჭრე ბერნარდ კარტიჩის კატალოგებში. პირველი ტომი, „შენიშვნები მცირე აზიის ქვეყანა
უქბარზე“, გამოცემულია 1641 წელს და ეკუთვნის იოჰანეს ვალენტინუს ანდრეას. ეს
მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ორი თუ სამი წლის შემდეგ ისევ წავაწყდი ამ სახელს დე ქუინსის
მოულოდნელ ჩანაწერებში („ნაწერები“, ტომი XIII), საიდანაც შევიტყვე, რომ ეს სახელი ეკუთვნის
გერმანელ თეოლოგს, რომელმაც XVII საუკუნის დასაწყისში აღწერა წარმოსახვითი საზოგადოება
„როზი კროსი“, რომელიც შემდგომში დააფუძნეს სხვა ადამიანებმა ამ წინასწარი აღწერილობის
საფუძველზე.
იმ ღამეს მე და ბიოი ვეწვიეთ სახელმწიფო ბიბლიოთეკას, სადაც ამაოდ ვათვალიერეთ ატლასები,
კატალოგები, გეოგრაფიულ საზოგადოებათა მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური საძიებლები,
მოგზაურებისა და ისტორიკოსთა მემუარები. არავის არასოდეს ენახა უქბარი. ეს სახელი არ
ფიგურირებდა არც ენციკლოპედიის ბიოისეული ეგზემპლარის საძიებელში. მომდევნო დღეს,
კარლოს მასტრონარდიმ[7] (რომლისთვისაც ნაამბობი მქონდა ეს ყველაფერი), თვალი მოჰკრა
„ინგლისურ-ამერიკული ენციკლოპედიის“ შავ-ოქროსფერ ყუებს წიგნის მაღაზიის ვიტრინაში
კორიენტესისა და ტალკაჰუანოს ქუჩების გადაკვეთაზე. შევიდა და XLVI ტომი გადაფურცლა,
მაგრამ, რაღა თქმა უნდა, უქბარის ხსენებასაც კი ვერსად მიაგნო.

3
II
სამხრეთის რკინიგზის ინჟინრის, ჰერბერტ ეშის შეზღუდული და კლებაში წასული მეხსიერება
ჯერაც ყოვნდება ადროგეს სასტუმროში, უხვად გაბარდულ ცხრატყავებსა და სარკეების
ილუზორულ სიღრმეებში. სხვა უამრავი ინგლისელივით, ეშიც შეეპყრო არარეალობას და,
მომაკვდავისგან, ჩრდილიც კი აღარ დარჩენილიყო იმისა, რასაც სიცოცხლეში წარმოადგენდა.
მაღალი იყო, ფლეგმატური, მართკუთხა წვერით - ოდესღაც წითურით. მესმის: ის ქვრივი იყო და
არც შთამომავალი ჰყავდა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდა ინგლისში მზის საათისა
და მუხების ტევრის მოსანახულებლად. მამაჩემმა ახლო ინგლისური მეგობრობა გააბა მასთან
(პირველი ზედსართავი ალბათ გადაჭარბებულია), მეგობრობა, რომელიც ნდობის გამორიცხვით
დაიწყო და მალე საუბარიც შეუძლებელი გახადა. ერთმანეთს წიგნებს და გაზეთებს უცვლიდნენ,
უსიტყვოდ ეპაექრებოდნენ ჭადრაკში... მახსოვს ეში სასტუმროს აივანზე: მათემატიკის წიგნი
ეჭირა და, დროდადრო, უცვლელი ფერის ცას აჰყურებდა. ერთ საღამოს ვილაპარაკეთ
მეთორმეტედ რიცხვთა სისტემაზე, რომელშიც თორმეტის აღმნიშვნელი რიცხვია 10. ეშის თქმით,
სრულიად შემთხვევით, რომელიღაც მეთორმეტედი ტაბულა სწორედ ახლა გადაჰყავდა მეექვსედ
ტაბულაში, რომელშიც ექვსის აღმნიშვნელია 10. ისიც თქვა, ეს საქმე ნორვეგიელმა კაცმა
დამავალაო... რიო გრანდე დო სულში. მე და ეში ერთმანეთს უკვე რვა წელიწადი ვიცნობდით და
აქამდე არასოდეს ეხსენებინა ბრაზილიაში თავისი ყოფნის ამბავი. საუბარში შევეხეთ სოფლის
ბუკოლიკურ ცხოვრებას, იქ მომუშავე კაპანგებს, ბრაზილიურ ეტიმოლოგიას სიტყვისა „გაუჩო“
(რომელსაც ზოგიერთი მოხუცი ურუგვაელი დღემდე ასე წარმოთქვამს: „გო-უჩო“), და - ღმერთო,
მაპატიე! - აღარაფერი გვითქვამს მეთორმეტედებზე. 1937 წლის სექტემბერში (ამ დროს ჩემი
ოჯახი და მე სასტუმროში აღარ ვცხოვრობდით) ჰერბერტ ეში ანევრიზმის შეტევამ იმსხვერპლა.
სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან ბრაზილიიდან მიიღო დაბეჭდილ-დაზღვეული პაკეტი,
რომელშიც თაბახის ფურცლის ერთი მერვედი ფორმატის წიგნი იდო. ეშმა ეს გზავნილი დატოვა
ბარში, სადაც თვეების შემდეგ მე ვიპოვე. ფურცვლა დავიწყე და უცებ მსუბუქი თავბრუსხვევისა
და გაოგნების განცდა მომაწვა. არ აღვწერ ამ შეგრძნებას, რადგან საქმე ეხება არა ჩემს ემოციებს,
არამედ უქბარს, ტლონსა და ორბის ტერტიუსს (ერთ გამორჩეულ ისლამურ ღამეს, სახელად
ღამეთა ღამეს, ზეცის საიდუმლო პორტალი ყურთამდე იღება და წყალიც წყლის დოქებში უფრო
ტკბილია, ვიდრე სხვა ღამეებში. აი, ის კარიბჭე რომ გაღებულიყო, მაინც ვერ ვიგრძნობდი იმას,
რასაც იმ საღამოს ვგრძნობდი). წიგნი ინგლისურად იყო დაწერილი და 1001 გვერდისგან
შედგებოდა. ტყავგადაკრული წიგნის ყვითელ ყუაზე წავიკითხე ეს საგულისხმო სიტყვები,
რომლებიც მეორდებოდა სატიტულო გვერდზე: „ტლონის პირველი ენციკლოპედია. ტომი XI“.
არსად ჩანდა გამოშვების თარიღი ან ადგილი. პირველ გვერდზე და - განმეორებით - პერგამენტის
თხელ ფურცელზე, რომელიც ფარავდა ერთ-ერთ ფერად ილუსტრაციას, დაბეჭდილი იყო ცისფერი
ოვალი წარწერით ორბის ტერტიუს. ორი წლით ადრე პირატული ენციკლოპედიის ერთ-ერთ
ტომში არარსებული ქვეყნის მოკლე აღწერილობას წავაწყდი. ამჯერად ბედმა გაცილებით
ძვირფასი და სიღრმისეული რამ მარგუნა: ხელში მეჭირა ვრცელი, სისტემატიზებული ფრაგმენტი
უცნობი პლანეტისა მისი არქიტექტურითა და ბანქოს ქაღალდებით, მისი მითოლოგიების
საშინელებითა და მისი ენების ჩურჩულით, მისი იმპერატორებითა და ზღვებით, მისი
მინერალებით, ჩიტებითა და თევზებით, მისი ალგებრითა და ცეცხლით, მისი თეოლოგიური და
მეტაფიზიკური დავა-კამათით. ეს ყველაფერი იყო მწყობრი, შეერთებულ-შეკავშირებული,
მკაფიოდ გამოკვეთილი, არავითარი შესამჩნევი მიზნით თუ პაროდიაზე მინიშნებით.
მეთერთმეტე ტომში, რომელზეც ვლაპარაკობ, არის მინიშნებები წინმსწრებ და მომდევნო
ტომებზე. ნესტორ იბარამ[8] თავის წერილში ცალსახად უარყო ასეთი ურთიერთდაკავშირებული
ტომების არსებობა, თუმცა ეზეკიელ მარტინეს ესტრადამ[9] და დრიე ლა როშელმა[10] უკუაგდეს
ეს ეჭვი, ალბათ - წარმატებით. ფაქტია, რომ ყველაზე გულმოდგინე კვლევებიც კი ჯერჯერობით
ფუჭი აღმოჩნდა. ამაოდ ვქექეთ ორი ამერიკისა და ევროპის ბიბლიოთეკები. „დეტექტიური ტიპის
ამ მეორეხარისხოვანი გარჯით“ დაღლილი ალფონსო რეიესი[11] გვთავაზობს, ჩვენ შორის
აღვადგინოთ მრავალი მასიური ტომი, რომლებიც გვაკლია: ex urgu leonem[12]. ნახევრად
სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით რეიესს წარმოუდგენია, რომ ტლონისტების თაობა
საკმარისი იქნება. ეს თამამი შეფასება თავდაპირველ პრობლემასთან გვაბრუნებს: ვინ - ერთმა
თუ მრავალმა - გამოიგონა ტლონი? ვფიქრობ, მრავალი გარდაუვალია, რადგან ჰიპოთეზა
ერთადერთი გამომგონებლისა - წყვდიადში და თავდავიწყებაში მოქმედი ვინმე უსასრულო
ლაიბნიცის - ერთსულოვნად უკუაგდეს. სავარაუდოა, რომ ეს „ჩინებული ახალი სამყარო“ შექმნა
ასტრონომების, ბიოლოგების, ინჟინრების, მეტაფიზიკოსების, პოეტების, ქიმიკოსების,
ალგებრისტების, მორალისტების, მხატვრების, გეომეტრების და ა.შ. საზოგადოებამ, რომელსაც
ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ჩრდილში შეყუჟული მავანი გენიოსი. ბევრი ადამიანია
გაწაფული ზემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა დისციპლინაში, მაგრამ ცოტას აქვს წარმოსახვის
უნარი, კიდევ უფრო ცოტას შეუძლია, რომ ეს წარმოსახვა დაუქვემდებაროს მკაცრ, სისტემატურ
გეგმას, რომელიც იმდენად მრავლისმომცველია, რომ თითოეული მწერლის მიერ შეტანილი

4
წვლილი უსასრულოდ მცირეა.
თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ტლონი სხვა არაფერია, თუ არა ქაოსი, წარმოსახვითი
თავნებობის შეურაცხადი აქტი. სადღეისოდ ვიცით, რომ ეს კოსმოსია და რომ მისი წარმმართველი
უშინაგანესი კანონები წინდაწინ ჩამოყალიბდა. ვაკმაროთ მკითხველს ამის შეხსენება:
მეთერთმეტე ტომის მოჩვენებითი წინააღმდეგობები ქვაკუთხედია მტკიცებულებისა, რომ,
ფაქტობრივად, სხვა ტომებიც არსებობს, - იმდენად ნათელი, იმდენად კანონზომიერია
მეთერთმეტეს შინაგანი წესრიგი. პოპულარული ჟურნალები მისატევებელი გადაჭარბებებით
გვამცნობდნენ ტლონის ზოოლოგიასა და ტოპოგრაფიას. ჩემი აზრით, მისი გამჭვირვალე
ვეფხვები და სისხლის კოშკები, შესაძლოა, არც იმსახურებს მთელი კაცობრიობის მუდმივ
ყურადღებას. თუმცა შემეძლო ისე გავთამამებულიყავი, რომ რამდენიმე წამი მეთხოვა სამყაროს
მისეული კონცეფციის მოსახაზად.
ჰიუმმა ერთხელ და სამუდამოდ განაცხადა: თუ ბერკლის არგუმენტები უმცირეს უარყოფასაც
ვერ იტანს, ვერც უმცირეს რწმენას შთაგვაგონებსო. ეს გამონათქვამი სრული სიმართლეა
დედამიწასთან და სრული სიცრუე ტლონთან დაკავშირებით. ამ პლანეტის ბინადარი ერები
დაბადებით იდეალისტები არიან. მათ ენას და ამ ენიდან გამომდინარე საგნების - რელიგიის,
ლიტერატურის, მეტაფიზიკის - წინა პირობა იდეალიზმია. ტლონის მკვიდრთათვის ქვეყნიერება
სივრცეში არსებული ობიექტების ამალგამა კი არ არის, არამედ დამოუკიდებელ მოქმედებათა
არაერთგვაროვანი მწკრივი; ქვეყნიერება თანმიმდევრულია, წარმავალი, თუმცა არა სივრცობრივი.
ტლონის სავარაუდო თაურ-ენაში არ არსებობს არსებითი სახელები, საიდანაც სათავეს იღებს მისი
დღევანდელი ენები და დიალექტები. არის უპიროვნო ზმნები, მოდიფიცირებული
ერთმარცვლიანი ბოლოსართებით (ან თავსართებით), რომლებიც ზმნიზედის ფუნქციას
ასრულებენ. მაგალითად, არ გააჩნიათ სიტყვა, რომელიც შეესატყვისებოდა ჩვენეულ „მთვარეს“,
არამედ აქვთ ზმნა, რომელიც ინგლისურად იჟღერებდა, როგორც „მთვარობა“ ან „გამთვარება“.
„მთვარე აცურდა მდინარის ზემოთ“ ასეა: hlör u fang axaxaxas mlö, ან ქსულ სოლარის[13]
შემოკლებული თარგმანით: „მაღლა, მდინარეების უკან გამთვარდა“.
ეს პრინციპი მიესადაგება სამხრეთ ნახევარსფეროს ენებს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ენებში
(რომელთა თაურ-ენაზე მეთერთმეტე ტომში ძალზე ცოტა რამ წერია) პირველხარისხოვან
ერთეულს წარმოადგენს არა ზმნა, არამედ ერთმარცვლიანი ზედსართავი. სახელები იქმნება
ზედსართავების ერთმანეთზე გადაბმით. არ ამბობენ „მთვარე“, არამედ „საჰაერო-ნათელი ბნელ-
მრგვალის ზემოთ“ ან „რბილ-ქარვისებრ-ციური“, ან სხვა ამდაგვარ ასხმულას. ამ შემთხვევაში,
ზედსართავების წყება რეალურ ობიექტს შეესაბამება, თუმცა ეს სრულებით შემთხვევითია.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ლიტერატურა სავსეა იდეალური საგნებით, მეყსეულად
გამოხმობილითა და გამქრალით, როგორც პოეზია მოითხოვს. ზოგჯერ სიტყვებს, უბრალოდ,
თანადროულობა ქმნის. არის ორნაწილიანი სიტყვები: ერთი ნაწილი ვიზუალურია, მეორე -
სმენითი: ამომავალი მზის ფერი და შორეული ფრინველის ჩხავილი. არის მრავალი ნაწილისგან
შედგენილი სიტყვებიც: მოცურავის მკერდზე შეხლილი მზე და წყალი; ბუნდოვან-ვარდისფერი
ციმციმი, რომელსაც ვხედავთ, როცა თვალები დახუჭული გვაქვს; განცდა, რომ მდინარე
მიგვაქანებს, სხვა დროს კი - მორფეუსი[14]. ეს მეორეხარისხოვანი ობიექტები შეიძლება
დაწყვილდეს სხვა ობიექტებთან. პროცესი, რომელიც იყენებს ერთგვარ შემოკლებებს,
პოტენციურად უსასრულოა. არის სახელგანთქმული ლექსები, რომლებიც შედგება ერთადერთი
ვეებერთელა სიტყვისგან. ეს სიტყვა „პოეტური საგანია“ და მას პოეტი ქმნის. ის ფაქტი, რომ
არავის სჯერა არსებითი სახელებით გამოხატული რეალობის, პარადოქსულად ნიშნავს, რომ
ასეთი სახელების რაოდენობა უსასრულოა. ტლონის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ენები მთელი
ინდოევროპული ენების სიტყვებსაც მოიცავს და უამრავ სხვასაც.
გაზვიადება არ იქნება იმის თქმა, რომ ტლონის კლასიკური კულტურა შედგება ერთადერთი
დისციპლინის - ფსიქოლოგიისგან, რომელსაც ექვემდებარება ყველა სხვა დისციპლინა. უკვე
ვთქვი, რომ ამ პლანეტის ბინადრებს სამყარო ესმით, როგორც მენტალური პროცესების სერია,
რომელიც ხდება არა სივრცეში, არამედ დროში, თანმიმდევრულად. სპინოზა თავის ამოუწურავ
ღვთაებას მიაწერს სივრცობრივი გაფართოებისა და აზრის ატრიბუტებს. ვერც ერთი ტლონელი
ვერ გაიგებდა პირველს, რომელიც ტიპურია მხოლოდ ზოგიერთი მდგომარეობისთვის, და მეორეს,
რომელიც კოსმოსის სრულყოფილი სინონიმია. ანუ, სხვა სიტყვებით: მათ სივრცე არ ესმით,
როგორც ისეთი რამ, რაც დროში გრძელდება. ჯერ კვამლის აღქმა ჰორიზონტზე, მერე
ცეცხლმოდებული სოფლის, მერე კი ნახევრად ჩამქრალი სიგარეტის, რომელმაც გამოიწვია
ნიადაგის ამოწვა: აი, იდეების ასოციაციური დაკავშირების მაგალითი.
რადიკალური მონიზმი თუ იდეალიზმი აუქმებს მეცნიერებას. მოვლენის ახსნა (ან მასზე
გადაწყვეტილების მიღება) ნიშნავს მის დაკავშირებას სხვა მოვლენასთან. პლანეტა ტლონზე,
გაერთიანება სუბიექტის მომდევნო მდგომარეობაა: ის ვერ ხელყოფს და ვერ გააცისკროვნებს წინა

5
მდგომარეობას. ყოველი მენტალური მდგომარეობა დაუმცრობელია: მისთვის სახელის მინიჭების
(ანუ კლასიფიცირების) უბრალო აქტს მოჰყვება დეფორმაცია, „გადახრა“ თუ „დაქანება“. აქედან
შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ ტლონზე არ არსებობს არავითარი მეცნიერება, თვით „აზრის
სისტემაც“ კი. მაგრამ პარადოქსული სიმართლეა, რომ აზრის სისტემები არსებობს, თითქმის
უთვალავი სისტემა. იქაური ფილოსოფიები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არსებით სახელებს
ჰგავს. იმ ფაქტს, რომ თითოეული ფილოსოფია, არსებითად, დიალექტიკური თამაშია, შედეგად
მოჰყვა მათი გამრავლება. არის სისტემები სისტემებზე - განსაცვიფრებლები, თუმცა
შეპყრობილები საამური არქიტექტურით ან ერთგვარი სასიამოვნო სენსუალობით. ტლონელი
მეტაფიზიკოსები ჭეშმარიტებას არ ეძებენ, თვით დამაჯერებლობასაც კი, არამედ გაკვირვებასა და
გაოგნებას. მათ თვალთახედვაში, მეტაფიზიკა ფანტაზიის ლიტერატურის ერთ-ერთი განშტოებაა.
იციან, რომ სისტემა სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს ყველა ასპექტის დაქვემდებარება რომელიმე
ერთისადმი, - ნებისმიერისადმი. გვერდს უვლიან თვით ფრაზას „ყველა ასპექტი“, რადგან ეს
გულისხმობს მოცემული წამის და ყველა გარდასული წამის შეუძლებელ დამატებას. არც
მრავლობითი „ყველა გარდასული წამია“ ლეგიტიმური, რადგან ის კიდევ ერთ შეუძლებელ
ოპერაციას გულისხმობს... ტლონის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა იქამდეც კი მიდის, რომ
დროის არსებობას უარყოფს. ამბობს, რომ აწმყო განუსაზღვრელი და დაუდგენელია, მომავალს
არავითარი რეალობა არა აქვს, გარდა აწმყოში არსებული იმედის, ხოლო წარსულის ერთადერთი
რეალობა აწმყოში გამოყოლილი მოგონებაა (რასელის მტკიცებით, სულ რამდენიმე წამის წინ
შექმნილი ქვეყნიერება სავსეა ადამიანებით, რომლებიც „იხსენებენ“ ილუზორულ წარსულს). სხვა
სკოლა ამტკიცებს, რომ მთელმა დრომ უკვე ჩაიარა და ჩვენი ცხოვრებაც მხოლოდ და მხოლოდ
რომელიღაც უკანდაუბრუნებელი პროცესის ბინდით მოცული, თვალნათლივ გამრუდებულ-
დეფორმირებული ხსოვნა თუ ანარეკლია. კიდევ სხვა სკოლა აცხადებს, რომ სამყაროს ისტორია
(მასთან ერთად კი - ჩვენი ცხოვრებისა და მისი თანმდევი უმცირესი დეტალების ისტორიაც) არის
ხელნაწერი რომელიღაც მეორეხარისხოვანი ღმერთისა, რომელიც დემონთან დაკავშირებას
ცდილობს. სხვა სკოლის მიხედვით, სამყარო შეიძლება შევადაროთ იმ კრიპტოგრამებს,
რომლებშიც ყველა სიმბოლო არ მოქმედებს, არამედ მხოლოდ ისაა ნამდვილად რეალური, რაც
სამას ღამეში ერთხელ ხდება. ერთ-ერთი სკოლის თქმით, სანამ აქ გვძინავს, სადღაც სხვაგან
გვღვიძავს, ისე, რომ თითოეული ადამიანი, ფაქტობრივად, ორი ადამიანია.
ტლონის ყველა მოძღვრებას შორის არც ერთს არ გამოუწვევია იმდენი ალიაქოთი, რამდენიც
მატერიალიზმს. ზოგიერთმა მოაზროვნემ ისეთი ფორმულირება მისცა ამ ფილოსოფიას
(რომელშიც, საერთოდ, მონდომება აღემატება სიცხადეს), თითქოს პარადოქსი წამოეყენებინოს.
იმისათვის, რომ უფრო ადვილი გასაგები გაეხადა ეს წარმოუდგენელი თეზისი, XI საუკუნის
ერეტიკოსთა ლიდერმა მოიფიქრა სპილენძის ცხრა მონეტის სოფიზმი, რომელიც ისევე
სკანდალურად სახელგავარდნილია ტლონზე, როგორც ელეური პარადოქსი - ჩვენთვის. არსებობს
ამ „მართლმაგვარი არგუმენტის“ ბევრი ვერსია, რომლებშიც იცვლება მონეტებისა და აღმოჩენების
რიცხვი. ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ვერსია: სამშაბათს x მიუყვება უკაცრიელ გზას და
სპილენძის ცხრა მონეტას კარგავს. ხუთშაბათს, იმავე გზაზე, y პოულობს ოთხ მონეტას,
რომელთა ბრწყინვა რამდენადმე ჩამქრალა ოთხშაბათის წვიმისგან. პარასკევს z სამ მონეტას
პოულობს გზაზე. პარასკევ დილით x თავისი სახლის აივანზე ორ მონეტას პოულობს.
ამ ისტორიიდან ერეტიკოსთა პატრიარქს სურდა გამოეყვანა ცხრა დაბრუნებული მონეტის
რეალობა, ანუ დროის უწყვეტობა. „აბსურდი იქნებოდა წარმოგვედგინა, რომ ოთხი მონეტა არ
არსებობდა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე, სამი - სამშაბათიდან პარასკევის ნაშუადღევამდე, ორი
კი - სამშაბათიდან პარასკევ დილამდე, - თქვა მან, - ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ, ფაქტობრივად,
მონეტები არსებობდნენ (თუნდაც რაღაცნაირად ფარულად, რისი გაგებაც ჩვენ გვეკრძალება)
დროის იმ სამი პერიოდის თითოეულ მომენტში“.
ტლონის ენა ეწინააღმდეგებოდა ამ პარადოქსის ფორმულირებას და ადამიანთა დიდ ნაწილს არ
ესმოდა ის. „საღი აზრის“ სკოლამ თავდაპირველად, უბრალოდ, უარყო ამ ამბის უტყუარობა.
ამბობდა: ეს მხოლოდ სიტყვიერი ხდომილებაა, რომელიც ეყრდნობა ორი ახალი ნეოლოგიზმის
უგუნურ გამოყენებას, სიტყვების, რომლებსაც არასტანდარტულად იყენებენ და მკაცრ აზრს არ
უქვემდებარებენ: ესაა ორი ზმნა „პოვნა“ და „დაკარგვა“, რომლებიც, რაკიღა წინდაწინ
გულისხმობენ თავდაპირველი ცხრა მონეტისა და შემდგომი მონეტების იდენტობას, საბოლოოდ,
მთლიანი სურათის დეფორმირებას იწვევენ. ამ კრიტიკოსებმა შეახსენეს თავიანთ მსმენელებს,
რომ ყველა არსებით სახელს (ადამიანი, მონეტა, ხუთშაბათი, ოთხშაბათი, წვიმა) მხოლოდ და
მხოლოდ მეტაფორული ღირებულება აქვს. ამხილეს შეცდომაში შემყვანი დეტალი, რომ
„[მონეტების] ბრწყინვა რამდენადმე ჩამქრალა ოთხშაბათის წვიმისგან“, რისი მეშვეობითაც უნდა
დამტკიცებულიყო ოთხი მონეტის არსებობა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე. ისინი
განმარტავდნენ, რომ „თანაბრობა“ ერთია, „იდენტობა“ - მეორე, და ჩამოაყალიბეს ერთგვარი
reduction ad absurdum[15] - ჰიპოთეტური შემთხვევა ცხრა კაცისა, რომლებიც ცხრა თანმიმდევრულ
ღამეს ერთიმეორის მიყოლებით განიცდიან მძაფრ ტკივილს. „განა აბსურდი არ იქნებოდა იმის

6
დაშვება, რომ ცხრა კაცი ერთი და იმავე ტკივილით იტანჯებოდა?“ - იკითხეს მათ. ამტკიცებდნენ,
რომ ერეტიკოსთა წინამძღვარი მოტივირებული იყო მკრეხელური სურვილით - მიეკუთვნებინა
არსებობის ღვთაებრივი კატეგორია ერთი მუჭა მონეტებისთვის, და რომ ის ზოგჯერ უარყოფდა
მრავლობითობას, ზოგჯერ - არა. ამბობდნენ: თუ ერთნაირობას იდენტობა მოჰყვება, მაშინ ცხრა
მონეტა ერთი მონეტა არისო.
საოცარია, მაგრამ ზემოაღნიშნულ უარყოფას წერტილი არ დაუსვამს ამ ისტორიისთვის.
პრობლემის წამოჭრიდან ასი წლის შემდეგ ერეტიკოსთა წინამძღვარზე არანაკლებ ბრწყინვალე,
ოღონდაც ორთოდოქსული ტრადიციის მქონე მოაზროვნემ ყველაზე გაბედული ჰიპოთეზა შექმნა.
მისი ბედნიერი ვარაუდით, არსებობს მხოლოდ ერთი საგანი; ეს განუყოფელი საგანი სამყაროს
თითოეული არსებაა; სამყაროს არსებები ღვთაების ნიღბები და ორგანოები არიან. X არის Y და
აგრეთვე Z. Z პოულობს სამ მონეტას, რადგანაც ახსოვს, რომ X-მა ისინი დაკარგა. ეს უკანასკნელი
პოულობს ორ მონეტას თავისი სახლის აივანზე, რადგანაც ახსოვს, რომ სხვა მონეტები იპოვეს... XI
ტომი ამბობს, რომ ამ იდეალისტურმა პანთეიზმმა აზრის ყველა სხვა სკოლა დაჯაბნა სამი
მიზეზით: 1) რადგან მან უარი თქვა სოლიფსიზმზე; 2) ხელუხლებელი დატოვა მეცნიერებათა
ფსიქოლოგიური საფუძველი; 3) შეინარჩუნა რელიგიის შესაძლებლობა. შოპენჰაუერი - მხურვალე
და თან გონებანათელი - ძალზე მსგავს მოძღვრებას აყალიბებს თავისი „პარერგა და
პარალიპომენას“ პირველ ტომში.
ტლონის გეომეტრია ორი განსხვავებული დისციპლინისგან შედგება: ვიზუალური გეომეტრია და
ტაქტილური გეომეტრია. ეს უკანასკნელი შეესატყვისება ჩვენს გეომეტრიას და ექვემდებარება
ვიზუალურს, რომელიც ეყრდნობა არა წერტილს, არამედ ზედაპირს; არ აქვს პარალელური ხაზები
და ამტკიცებს, რომ სივრცეში მოძრაობისას სხეული ასხვაფერებს მის გარემომცველ ფორმებს.
ტლონური არითმეტიკის საფუძველს შეადგენს განუსაზღვრელი რიცხვების ცნება. იგი ხაზს
უსვამს მნიშვნელობას ისეთი წარმოდგენებისა, როგორიცაა „უფრო მეტი“ და „უფრო ნაკლები“,
რომლებსაც ჩვენი მათემატიკოსები გამოხატავენ სიმბოლოებით > და < . ტლონელებს ასწავლეს,
რომ დათვლის აქტი ცვლის დასათვლელ საგანთა რაოდენობას, განუსაზღვრელებს
განსაზღვრულებად აქცევს. ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე რაოდენობის დამთვლელი რამდენიმე
ადამიანი ერთ შედეგამდე მიდის, ტლონელი ფსიქოლოგებისთვის იდეების გაერთიანების ან
დამახსოვრების პროცესის მაგალითია. უნდა გვახსოვდეს, რომ ტლონზე ცოდნის საგანი
ერთადერთია და მარადიული.
ლიტერატურის სფეროშიც ყოვლისმძლეველია ერთადერთი საგნის იდეა. წიგნებს იშვიათად თუ
აწერია ავტორის გვარი და არც პლაგიატობის ცნება არსებობს. გადაწყდა, რომ ყველა წიგნი
დაწერილია ერთადერთი ავტორის მიერ, რომელიც მარადიულია და ანონიმური. ლიტერატურული
კრიტიკა ხშირად იგონებს ავტორებს: იღებს ორ განსხვავებულ თხზულებას (მაგალითად, „დაო დე
ძინს“ და „ათას ერთ ღამეს“), ერთ ავტორს მიაწერს, მერე კი სუფთა სინდისით განსაზღვრავს ამ
ყოვლად საინტერესო homme des letters-ის[16] ფსიქოლოგიას...
მათი წიგნებიც განსხვავდება ჩვენეულისგან. მათ ფიქციას ერთადერთი სიუჟეტი აქვს ყველა
შესაძლებელი გადანაცვლებით. მათი ფილოსოფიური ნაშრომები უცვლელად ინარჩუნებს თეზისს
და ანტითეზისს, თითოეული არგუმენტის მკაცრ pro-ს და contra-ს. წიგნი, რომელიც არ შეიცავს
საპირისპირო წიგნს, დაუმთავრებლად მიიჩნევა.
საუკუნიდან საუკუნემდე გაგრძელებულ იდეალიზმს არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა
რეალობაზე. ტლონის უძველეს რეგიონებში არცთუ იშვიათად ნახავდით დაკარგული ნივთის
ორეულს. ორი ადამიანი ეძებს ფანქარს, პირველი პოულობს, მაგრამ არაფერს ამბობს. მეორე
პოულობს მეორე ფანქარს, არანაკლებ ნამდვილს, თუმცა უფრო შესატყვისს მისი
მოლოდინისთვის. ამ ნივთ-ორეულებს ჰქვია brönir და მათ, თუნდაც ეს მოუხერხებელი იყოს,
პირველზე ოდნავ უფრო მეტი სიგრძე აქვთ. ბოლო დრომდე brönir დაბნეულობისა და
გულმავიწყობის შემთხვევით პირმშოს წარმოადგენდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი
ნივთები სისტემატურად იქმნებოდა მხოლოდ ასამდე წლის განმავლობაში, არადა, სწორედ ამას
გვეუბნება XI ტომი. პირველმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო, თუმცა კი ღირს, რომ
მოქმედების წესი გავიხსენოთ. ერთ-ერთი სახელმწიფო ციხის ზედამხედველმა თავის პატიმრებს
ამცნო: აქვე ახლოს, მდინარის ძველ კალაპოტში, საფლავებია, ვინც მნიშვნელოვან აღმოჩენას
გააკეთებს, ციხიდან გავუშვებო, - პირობა მისცა. გათხრებამდე რამდენიმე თვით ადრე ტუსაღებს
უჩვენეს ფოტოსურათები, თუ რა შეიძლებოდა აღმოეჩინათ. პირველმა მცდელობებმა უჩვენა, რომ
იმედი და სიხარბე შეიძლება შემაფერხებელი იყოს. წერაქვითა და ნიჩბით ერთკვირიანი მუშაობის
შემდეგ მიწიდან ამოღებული ერთადერთი brön აღმოჩნდა დაჟანგული ბორბალი, რომელიც
რამდენადმე უფრო გვიანდელი დროით თარიღდებოდა ექსპერიმენტის დაწყების დროსთან
შედარებით. როგორც ასეთი, ექსპერიმენტი საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა შემდგომში
განმეორდა ოთხ უმაღლეს სასწავლებელში. სამ მათგანში, არსებითად, სრული წარუმატებლობით

7
დამთავრდა. მეოთხეში (რომლის დირექტორი პირველი გათხრების დროს გარდაიცვალა)
სტუდენტებმა ამოთხარეს - ან შექმნეს - ოქროს ნიღაბი, არქაული ხმალი, ორი თუ სამი თიხის
ამფორა[17], ჟანგაროთი დაფარული და დეფორმირებული მეფის ტორსი მკერდზე წარწერით,
რომელიც ჯერ კიდევ გასაშიფრი იყო. ეს ყველაფერი ისე აღმოაჩინეს, რომ გათხრების ადგილზე არ
დაუშვიათ არც ერთი მოწმე, რომელიც იცნობდა ამ ძიების ექსპერიმენტულ ხასიათს... ჯგუფურ
საკვლევ პროექტებს კონფლიქტური აღმოჩენები მოჰყვება. ამჟამად ამჯობინებენ
ინდივიდუალურ, მოცემული მომენტით ნაკარნახევ პროექტებს. brönir-ის სისტემატური
წარმოქმნა არქეოლოგებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევდა, რაკი შესაძლებლობას აძლევდა
არათუ მხოლოდ შეკითხვები დაესვათ, არამედ შეეცვალათ კიდეც წარსული, რომელიც ახლა
არანაკლებ პლასტიკურია და არანაკლებ დამთმობი, ვიდრე მომავალი. ერთი საგულისხმო
ინფორმაცია: მეორე ან მესამე თაობის brönir-ში (რომელიც სხვა brön-იდან ან brön-ის brön-იდან
მოდის) უფრო მეტია პირველი brönir-ის აბერაციები; მეხუთის აბერაციები თითქმის ერთმანეთს
თანხვდება; მეცხრის შეიძლება აგვერიოს მეორისაში; ხოლო მეთერთმეტე თაობის brönir-ს ისეთი
დახვეწილი ხაზი აქვს, რომ თვით ორიგინალსაც კი ჩრდილავს. პროცესი პერიოდულია:
მეთორმეტე თაობის brönir დეგრადირებას იწყებს. ზოგჯერ ნებისმიერ brön-ზე უფრო უცნაური და
წმინდაა ur - ნივთი, რომელსაც ქმნის მინიშნება და რომელსაც წინ წამოსწევს იმედი. ამის
თვალსაჩინო მაგალითია ჩემ მიერ ნახსენები დიდებული ოქროს ნიღაბი.
ტლონზე საგნებს ორეულები უჩნდებათ. ამასთანავე, აქვთ მიდრეკილება გაბუნდოვანების,
„სქემატურად“ ქცევისა და დეტალების კარგვისკენ იმ მომენტიდან მოყოლებული, როცა მათ
დავიწყებას იწყებენ. ამის კლასიკური მაგალითია შესასვლელი კარი, რომელიც განაგრძობდა
არსებობას, სანამ მავანი მათხოვარი იქ დადიოდა, მაგრამ რომელიც აღარ ჩანს მისი სიკვდილის
შემდეგ. ზოგჯერ რამდენიმე ჩიტს ან ერთ ცხენს ამფითეატრის ნანგრევები გადაურჩენია.
სალტო ორიენტალი, 1940

პოსტსკრიპტუმი - 1947
ზემოთ მოყვანილი წერილი ზუსტად ისეთი მომყავს, როგორიც დაიბეჭდა „ფანტასტიკური
ლიტერატურის ანთოლოგიაში“ 1940 წელს. ერთადერთ ცვლილებას წარმოადგენს ერთი-ორი
მეტაფორის რედაქტორისეული შეკვეცა და ირონიული რეზიუმე, რომელსაც დღეს თავქარიანად
მივიჩნევდი. იმდენად ბევრი რამ მოხდა 1940 წლის შემდეგ... ნება მომეცით, გავიხსენო ზოგიერთი
რამ.
1921 წლის მარტში ხელით ნაწერი წერილი იპოვეს ჰინტონის წიგნში, რომელიც ჰერბერტ ეშს
ეკუთვნოდა. კონვერტის საფოსტო შტამპზე ეწერა „ოურო პერტო“. წერილი მთლიანად ხსნიდა
ტლონის საიდუმლოს. მასში დასტურდებოდა მარტინეს ესტრადას ჰიპოთეზა. ეს საუცხოო
ისტორია დაიწყო XVII საუკუნის პირველ წლებში, ერთ ლუცერნულ ან ლონდონურ ღამეს.
დაიბადა ფარული საქველმოქმედო საზოგადოება (მისი წევრი ყოფილა დალგარნო, მოგვიანებით -
ჯორჯ ბერკლი). საზოგადოების მისიას შეადგენდა ახალი ქვეყნის შექმნა. მის ბუნდოვან საწყის
პროგრამაში ფიგურირებდა „ჰერმეტული შტუდირება“, ფილანტროპია და კაბალა (ვალენტინუს
ანდრეის საგულისხმო წიგნი სწორედ იმ პერიოდით თარიღდება). რამდენიმეწლიანი
თათბირებისა და ადრეული თანამშრომლური მონახაზების შემდეგ საზოგადოების წევრებმა
გააცნობიერეს, რომ ერთი თაობა საკმარისი არ იქნებოდა ქვეყნის შესაქმნელად და სრულად
გამოსახატავად და გადაწყვიტეს, რომ მათ რიგებში მყოფ თითოეულ ოსტატს ამოერჩია თავისი
მოწაფე - საქმის გამგრძელებელი. მემკვიდრეობითი თადარიგიც დაიჭირეს, ორასი წლის შემდეგ
კი დევნილი ძმობა ისევ გამოჩნდა ახალ სამყაროში. 1824 წელს, მემფისში (ტენესის შტატი),
საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ესაუბრა განდეგილ-მილიონერს, ეზრა ბუკლის. ამ უკანასკნელმა
რამდენადმე ზიზღიანად აცალა კაცს ლაპარაკი, მერე კი აბუჩად აიგდო მისი პროექტის
თავმდაბლობა: ამერიკაში ქვეყნის გამოგონება უაზრობაა, ქვეყანა კი არა, პლანეტა უნდა
გამოიგონოთო. ამ გიგანტურ იდეას მეორე იდეა დაუმატა, თავისი ნიჰილიზმის ნაყოფი (ბუკლი
იყო თავისუფალი მოაზროვნე, ფატალისტი, მონათმფლობელობის დამცველი): ეგ ვეებერთელა
წამოწყება საიდუმლოდ უნდა დარჩესო. იმხანად „ენციკლოპედია ბრიტანიკას“ ოცტომეული
მოდის მწვერვალზე იდგა. ბუკლიმ წამოაყენა ილუზორული პლანეტის სისტემური
ენციკლოპედიის იდეა: ანდერძით დავუტოვებ თქვენს საზოგადოებას ჩემს ოქროსძარღვებიან
მთებს, სანაოსნო მდინარეებს, ხარკამეჩიან ტრამალებს, ჩემს ზანგებს, საროსკიპოებსა და
დოლარებს ერთადერთი პირობით: „ეს საქმე არანაირად არ შეეკვრება თვითმარქვია იესო
ქრისტეს“. ბუკლი არ იყო მორწმუნე, თუმცა მაინც სურდა, დაემტკიცებინა არარსებული
ღმერთისთვის, რომ მოკვდავებსაც ძალუძთ ჩასახონ და შექმნან ქვეყნიერება. 1828 წელს ბუკლი
მოწამლეს. 1914 წელს საზოგადოებამ თავის წევრებს (იმ მომენტისთვის - სამას ადამიანს)
გაუგზავნა „ტლონის პირველი ენციკლოპედიის“ უკანასკნელი ტომი, რომელიც ფარულად
გამოიცა. მთელი ეს ორმოცტომეული (კაცობრიობის მიერ შექმნილი უდიდესი ბელეტრისტული

8
ნაშრომი) უნდა ყოფილიყო ბაზისი სხვა, კიდევაც უფრო საფუძვლიანი ნაშრომისთვის, რომელიც
უკვე დაიწერებოდა არა ინგლისურად, არამედ ტლონურ ენებზე. ილუზორული სამყაროს ამ
მიმოხილვას დაერქვა „ორბის ტერტიუსი“, მისი ერთ-ერთი მოკრძალებული დემიურგი კი იყო
ჰერბერტ ეში (ვერ ვიტყვი - გუნარ ერფიორდის აგენტი თუ კოლეგა). მეთერთმეტე ტომის მიღების
დამადასტურებელი წერილი მეორე ვარიანტის სასარგებლოდ მეტყველებს. მაგრამ რა დაემართათ
დანარჩენებს? 1942 წლისთვის შეთქმულება შემკვრივდა. უჩვეულოდ მკაფიოდ მახსოვს ერთ-
ერთი პირველი ამბავი, რომლის წინამაუწყებელი მუხტი, ვფიქრობ, იმთავითვე ვიგრძენი. ეს
მოხდა ლაპრიდაზე განთავსებულ ბინაში, ქუჩის გადაღმა, მაღალი, ნათელი აივნიდან, რომელიც
დაისს გაჰყურებდა. პრინცესა ფოსინი ლუსინჟმა პოიტიერებისგან მიიღო ყუთი, რომელშიც მისი
ვერცხლის სერვიზი იდო. საერთაშორისო საბაჟოების მარკებით აჭრელებული დიდი ყუთიდან მან
სათითაოდ ამოიღო დახვეწილი და უმოძრაო ნივთები: მძიმე ჰერალდიკური ფაუნით გაწყობილი
უტრეხტისა და პარიზის გრავიურა; სამოვარი. ამ ნივთებს შორის, მძინარე ჩიტივით რბილად,
თუმცა შესამჩნევად და იდუმალად ცახცახებდა კომპასი, რომელიც პრინცესას არ ეცნო. მისი
ლურჯი ისარი მაგნიტურ ჩრდილოეთს მიანიშნებდა, ლითონის ბუდე ჩაზნექოდა, ციფერბლატზე
დაწერილი ასოები კი ტლონის ერთ-ერთი ანბანისა იყო. პირველად იჭრებოდა ტლონის
ფანტასტიკური სამყარო რეალურ სამყაროში.
შემაფორიაქებელმა დამთხვევამ მეორე შემოჭრასაც დამასწრო. ეს მოხდა რამდენიმე თვის
შემდეგ, ერთგვარ სოფლურ მაღაზია-ბარში, რომლის მეპატრონე იყო კუჩილა ნეგრას მკვიდრი
ბრაზილიელი კაცი. მე და ამორიმი[18] სანტ’ანადან ვბრუნდებოდით. ადიდებულ ტაკუარემბოზე
ვერსად გადავიდოდით და იძულებული გავხდით გვეცადა (ანუ აგვეტანა) პრიმიტიული
სტუმართმოყვარეობის უახლოესი შესაძლებლობა. მაღაზიის მეპატრონემ ჭრაჭუნა საწოლები
დაგვიდგა კასრებითა და ერთიმეორეზე დაზვინული ტყავებით გამოტენილ საწყობში. დავწექით,
თუმცა თითქმის გათენებამდე არ ჩაგვეძინა სადღაც ახლოს მწოლიარე მთვრალი მეზობლის
წყალობით, რომლის პირიდან ლანძღვა-გინების გაუშიფრავი ნაკადები და ხმამაღლა ნამღერი
მილონგების[19] (ან ერთი და იმავე მილონგას) ნაწყვეტები იტყორცნებოდა. ბუნებრივია, ამ კაცის
დაუოკებლობა მაღაზიის მფლობელის რომელიმე მდარე ალკოჰოლს მივაწერეთ... გათენებიდან
ცოტა ხნის შემდეგ ღამის მომღერალი მკვდარი იწვა დერეფანში. მისი ხმის ხრინწს შეცდომაში
შევუყვანივართ: ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. ბოდვის დროს რამდენიმე მონეტა
გადმოვარდნოდა გაუჩოს ფართო ქამრიდან, ისევე, როგორც ლითონის მოციმციმე, კამათლისხელა
კონუსი. პატარა ბიჭი ცდილობდა აეღო ეს კონუსისებრი საგანი, მაგრამ ამაოდ: ამას ზრდასრული
კაციც კი ვერ იზამდა. კონუსი რამდენიმე წუთით მედო ხელისგულზე. მახსოვს, რაოდენ
აუტანელი წონისა იყო. და მას შემდეგაც, როცა ვიღაცამ გამომართვა, ერთხანს კიდევ
გამიგრძელდა საშინელი სიმძიმის განცდა. მახსოვს აგრეთვე მკვეთრად გამოხატული რგოლი,
ხელისგულზე რომ დამამჩნია კონუსმა. ძალზე პატარა და უკიდურესად მძიმე საგნის
თვალსაჩინოებამ შიშისა და გულზიდვის უამური გემო გამომაყოლა. სოფლელმა კაცმა გვირჩია,
ადიდებულ მდინარეში გადააგდეთო. ამორიმმა კონუსი რამდენიმე პესოდ შეისყიდა. არავინ
არაფერი იცოდა გარდაცვლილის შესახებ, გარდა იმისა, რომ „საზღვრიდან მოვიდა“. ეს პატარა,
არგაგონილად მძიმე კონუსები (არაამქვეყნიური ლითონისგან შექმნილი) წარმოადგენს ღვთაების
ხატებას ზოგიერთ ტლონურ რელიგიაში.
აქ ვამთავრებ ჩემს წილ თხრობას. დანარჩენი თითოეული მკითხველის მეხსიერებაშია (თუ არა
მის იმედსა და შიშში). ვიკმაროთ ის, რომ გავიხსენოთ ან ვახსენოთ მომდევნო მოვლენები სულ
რამდენიმე სიტყვით, რომელთაც ფართო საზოგადოებრიობის ღარტაფისებრი მეხსიერება
გაამდიდრებს ან განავრცობს.
1944 წელს „ნეშვილ ემერიკენის“ გამომძიებელმა მემფისის ბიბლიოთეკაში ამოჩხრიკა „ტლონის
პირველი ენციკლოპედიის“ ორმოცტომეული. დღემდე ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე,
შემთხვევითი იყო ეს აღმოჩენა თუ დღემდე ბუნდოვანებით მოცული „ორბის ტერტიუსის“
ხელმძღვანელები დათანხმდნენ ძიების პროცესის წარმართვაზე. მეორე მოსაზრება სავსებით
მართლმაგვარი ჩანს. მეთერთმეტე ტომის ზოგიერთი დაუჯერებელი შტრიხი (მაგალითად, brönir-
ის გამრავლება) მემფისური ასლიდან ან ამოღებულია, ან მიჩუმათებული. მიზანშეწონილია
მივიჩნიოთ, რომ ეს ამოჭრა-შეკვეცა ექვემდებარება განზრახვას, წარმოჩნდეს ქვეყანა, რომელიც
არცთუ მაინცდამაინც შეუთავსებელია რეალურ ქვეყნიერებასთან. ტლონური ნივთების
გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში უფრო მეტად შეავსებდა ამ გეგმას (რასაკვირველია,
უწინდებურად რჩება პრობლემა მასალისა, რისგანაც დამზადებულია ზოგიერთი ნივთი). ასეა თუ
ისე, საერთაშორისო პრესამ ერთი ამბავი ატეხა ამ „ნაპოვნზე“. მსოფლიო აივსო და ჯერაც ივსება
კაცობრიობის უდიდეს შედევრთან დაკავშირებული ცნობარებით, ანთოლოგიებით,
მიმოხილვებით, „სიტყვასიტყვითი თარგმანებით“, უფლებამოსილი და პირატული გამოცემებით.
თითქმის მეორე წამსვე რეალობას „ღრმული“ გაუჩნდა არაერთგან. საქმე ისაა, რომ მას ასეც
სურდა. ათი წლით ადრე, ნებისმიერ სიმეტრიას, ნებისმიერ მოწესრიგებულ სისტემას -
დიალექტიკურ მატერიალიზმს, ანტისემიტიზმს, ნაციზმს - შეეძლო მოეხიბლა და

9
დაეჰიპნოტიზებინა კაცობრიობა. როგორ არ დამორჩილებოდა მსოფლიო ტლონის ძალმოსილებას?
როგორ არ დანებებოდა მოწესრიგებული პლანეტის ვრცელ და საგულდაგულოდ დაზუსტებულ
სიცხადეს? უსარგებლო იქნება იმის თქმა, გარემომცველი რეალობაც მოწესრიგებულიაო. ალბათ
ასეა, ოღონდაც მოწესრიგებული ღვთაებრივ კანონებთან შესაბამისად („არაადამიანურ
კანონებთან“), რომელთაც ჩვენ ვერასოდეს შევიცნობთ. ტლონიც შეიძლება ლაბირინთია, თუმცა -
ადამიანთა ხელით შექმნილი ლაბირინთი, რათა ისევ და ისევ ადამიანებმა გაშიფრონ.
ტლონთან კონტაქტმა, ტლონის ზნე-ჩვეულებამ, დააქუცმაცა ეს მსოფლიო. ტლონის სიმკაცრით
მოხიბლულ კაცობრიობას დაავიწყდა და განაგრძობს დავიწყებას, რომ ეს - ჭადრაკის
დიდოსტატების სიმკაცრეა და არა ანგელოზების. თვით ტლონის (სავარაუდო) „მარტივმა ენამ“
უკვე შემოჟონა ჩვენს სკოლებში. მისი ჰარმონიული, გულისშემძვრელი ეპიზოდებით აღსავსე
ისტორიის სწავლებამ წაშალა ის ისტორია, ჩემს ბავშვობას რომ წარმართავდა. არარსებულმა
წარსულმა უკვე გააძევა ადამიანთა ხსოვნიდან ის მეორე წარსული, რომელზეც ამჟამად
აღარაფერი ვიცით ეჭვმიუტანლად, თვით ისიც კი, რომ ის ყალბია. ნუმიზმატიკამ,
ფარმაკოლოგიამ და არქეოლოგიამ რეფორმა განიცადა. მესმის, რომ ბიოლოგია და მათემატიკაც
ელოდება თავ-თავის შემდგომ განსხეულებას... განდეგილთა გაფანტულმა დინასტიამ
დედამიწას სახე უცვალა და მათი საქმე დღესაც გრძელდება. თუ ჩემი წარმოდგენები
მართებულია, ასი წლის შემდეგ ვიღაც აღმოაჩენს „ტლონის მეორე ენციკლოპედიის“ ასტომეულს.
იმ დროისთვის, ფრანგული, ინგლისური და ამჟამინდელი ესპანური ენა დედამიწიდან გაქრება.
ქვეყნიერება იქნება ტლონი. ეს ჩემთვის თითქმის სულერთია. ადროგეს ამ სასტუმროში ჩემს
წყნარ დღეებს იმაში ვატარებ, რომ რევიზიას ვუკეთებ სერ თომას ბრაუნის „სამგლოვიარო ურნის“
კევედოს სტილში შესრულებულ გაუბედავ თარგმანს (თუმცა არასოდეს ვაპირებ ამის
გამოქვეყნებას).

მიახლოება ალ-მუ’ტასიმთან
ფილიპ გუედალა წერს: „ბომბეელი იურისტის, მირ ბაჰადურ ალის რომანი „მიახლოება ალ-
მუ’ტასიმთან“ არის „უხერხული ნარევი ერთ-ერთისა იმ ისლამურ-ალეგორიული პოემებიდან,
რომლებიც თითქმის ყოველთვის აინტრიგებს მათ მთარგმნელს და ერთ-ერთი იმ დეტექტიურ
რომანთაგან, რომლებიც უდავოდ აღემატება ჯონ ჰ. უოტსონის რომანებს და სრულყოფს
ცხოვრების საშინელებას ბრაიტონის ავეჯით გაწყობილ ყველაზე უმწიკვლო ოთახებში“. უფრო
ადრე მისტერ სესილ რობერტსმა ბაჰადურის წიგნში აღმოაჩინა „უილკი კოლინზისა და XII
საუკუნის სახელგანთქმული სპარსი პოეტის, ფარიდ ად-დინ ატარის ორმაგი - და ყოვლად
შეუძლებელი - გავლენა“. არცთუ ისე ორიგინალური გუედალა იმეორებს ამ მშვიდ დაკვირვებას,
თუმცა - ღვარძლიანი აქცენტირებით. არსებითად, ორი კრიტიკოსის მოსაზრება თანხვდება: ორივე
აღნიშნავს ნოველის დეტექტიურ მექანიზმს და ორივე ლაპარაკობს მის მისტიკურ ქვედინებებზე.
ამ ჰიბრიდულობას შეიძლება შთავეგონებინეთ კიდეც, თუ წარმოვიდგენდით მსგავსებას
ჩესტერტონთან, არადა, მალე აღმოვაჩენთ, რომ არავითარი ასეთი მსგავსება არ არსებობს.
პირველად „მიახლოება ალ-მუ’ტასიმთან“ გამოიცა ბომბეიში 1932 წელს. დაბეჭდილი იყო,
ფაქტობრივად, გაზეთის ქაღალდზე, მისი ყდა კი მყიდველს აუწყებდა, რომ ეს იყო „დაბადებით
ბომბეელის ხელით დაწერილი პირველი დეტექტიური რომანი“. რამდენიმე თვეში გაიყიდა ოთხი
გამოცემა, თითოეული - ათასი ეგზემპლარის ოდენობით. „ბომბეი ქვარტერლი რევიუს“, „ბომბეი
გაზეტს“, „კალკუტა რევიუს“, ალაჰაბადის „ჰინდუსტან რევიუსა“ და „კალკუტა ინგლიშმენს“
დითირამბები არ დაუშურებიათ ამ წიგნისთვის. მაშინ ბაჰადურმა გამოაქვეყნა ილუსტრირებული
გამოცემა, რომელსაც უწოდა „საუბრები კაცთან სახელად ალ-მუ’ტასიმი“, ხოლო ქვესათაურად
ვითომდა მორიდებულად მიაწერა „თამაში მოძრავ სარკეებთან“. სწორედ ეს გამოცემა დაბეჭდა
ლონდონში ვიქტორ გოლანეცმა განმეორებით, დოროთი ლ. საიერსის წინასიტყვაობით, თუმცა
ილუსტრაციების (შესაძლოა - ყოვლად ლმობიერი) გამოტოვებით. ეს წიგნი მაგიდაზე მიდევს. არ
მაქვს პირველი გამოცემა, რომელიც, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესია. ამ დასკვნას მაკეთებინებს
დამატება წიგნის ბოლოში, სადაც დეტალურად არის გადმოცემული ძირეული განსხვავება 1932
წელს დაბეჭდილ თავდაპირველ ვერსიასა და 1934 წლის გამოცემას შორის. სანამ თხზულებას
განვიხილავ (და ვიმსჯელებ მასზე), ურიგო არ იქნება, თუ მოკლედ მოვხაზავ რომანის ძირითად
ქარგას.
მისი ხილული პროტაგონისტი, რომლის სახელსაც არასოდეს გვეუბნებიან, იურისდიქციის
სტუდენტია ბომბეიში. ყველაზე მკრეხელურად, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება, მას
უკუგდებული აქვს თავისი მშობლების ისლამური მრწამსი. თუმცა როდესაც მუჰარამის მთვარის
მეათე ღამე ილევა, შემთხვევით აღმოჩნდება დიდ არეულობაში: ქუჩის შეტაკებაში მუსლიმებსა
და ინდუსებს შორის. დოლების ბრაგუნისა და შელოცვების ღამეა. ადამიანთა მტრულ
სიმრავლეში მუსლიმური პროცესიის დიდი თეთრი ბალდახინები მოემართება. ახლომახლო

10
სახურავიდან ინდური აგური მოფრინავს, ვიღაც ვიღაცას ხანჯალს უყრის მუცელში. ვიღაც
(მუსლიმი? ინდოელი?) კვდება და ფეხებქვეშ ითელება. სამი ათასი კაცი იბრძვის: ჯოხი -
რევოლვერის, უხამსობა - წყევლის, განუყოფელი ღმერთი - ღმერთების წინააღმდეგ. თავისუფალი
მოაზროვნე სტუდენტი-იურისტი გაოგნებისგან ერთვება საერთო მუშტი-კრივში და
სასოწარკვეთილი ხელებით კლავს (ან ჰგონია, რომ კლავს) ინდოელს. სად არის და სად არა,
გრიალითა და ცხენების ფლოქვების თქარათქურით შემოიჭრება სირკარის ნახევრად მძინარე
პოლიცია. სტუდენტი, ფაქტობრივად, ცხენების ფლოქვებს უსხლტება და ქალაქის ყველაზე
შორეული გარეუბნებისკენ მირბის. ორ ლიანდაგს გადაჭრის, ან ორგზის გადაჭრის ერთსა და
იმავეს, და ძვრება გაბარდული ბაღის კედელზე, რომელსაც მოპირდაპირე ბოლოში მრგვალი
კოშკი აქვს. შავი ვარდის ბუჩქებიდან გამორბის „მთვარისფერი ძაღლების მჭლე და ბოროტი
ხროვა“. გადარჩენაზე ფიქრით ატანილი სტუდენტი-იურისტი კოშკში განიზრახავს დამალვას.
მიძვრება რკინის კიბეზე, რომელსაც შიგადაშიგ საფეხური აკლია. იქ კი, ბრტყელ ჭერში, რომელსაც
ცენტრში შავი ხვრელი აქვს, გადაეყრება წვირიან კაცს, რომელიც ჩაცუცქულა და ძლიერი ჭავლით
შარდავს. უცნობი სტუდენტს გაანდობს, რომ მისი პროფესია ოქროს კბილების ამოცლაა
გვამებისთვის, რომლებიც, თეთრ სუდარებში გახვეულები, პარსიებს[20] მოაქვთ ამ კოშკთან.
კიდევ რამდენიმე საზარელ რამეს ამბობს, მერე კი ამატებს, თოთხმეტი დღის წინ განვიწმინდე
ხარის პატივითო. აშკარა ბრაზით ლაპარაკობს ზოგიერთ გუჯარათელ ცხენის ქურდზე, „ძაღლის
და ხვლიკის ხორცის მჭამელებზე, ერთი სიტყვით - ჩემსავით და შენსავით ბილწზე“. ცა უფრო და
უფრო ნათდება. ზემოდან წრიულად ეშვება სვავების გუნდი. ქანცგაწყვეტილი სტუდენტი
იძინებს. გაღვიძებულს მზე მაღლა ცაში ხვდება, ქურდი - წასული. ტიჩინოპოლისში ნაყიდი
ორიოდე სიგარეტიც გამქრალა და ვერცხლის რამდენიმე რუპიაც. იმ საშიშროების წინაშე, წინა
ღამიდან რომ ემუქრება, სტუდენტი-იურისტი გადაწყვეტს გადაიკარგოს ინდოეთში.
„კერპთაყვანისმცემლის მოკვლა შევძელი, - ფიქრობს, - ის კი ვერ გამირკვევია, მუსლიმი მეტ
ჭეშმარიტებას ფლობს თუ კერპთაყვანისმცემელი“. სახელი „გუჯარატი“ ჯერაც არ დავიწყებია,
ისევე, როგორც მალკა-სანსი (ქალი ქურდების კასტიდან) პალანპურში, - გვამთა მძარცველის
ლანძღვითა და სიძულვილით პატივმიგებული ქალი. სტუდენტის აზრით, რისხვა და სიძულვილი
ესოდენ საზიზღარი კაცის მხრიდან ხოტბის აღმვლენი ჰიმნის ტოლფასია. ამიტომაც გადაწყვეტს
იმ ქალის პოვნას, თუმცა - მთლად პაწაწკინტელა იმედით. ჯერ ლოცვებს ამბობს, მერე კი ნელი,
მტკიცე ნაბიჯებით მიჰყვება გრძელ ბილიკს. ასე მთავრდება წიგნის მეორე თავი.
შეუძლებელია დარჩენილ ცხრამეტ თავში მომხდარი თავგადასავლების მიდევნება. დრამატულ
პიროვნებათა რიცხვი თავბრუდამხვევი სისწრაფით მატულობს, რომ აღარაფერი ვთქვათ
ბიოგრაფიაზე, რომელიც თითქოსდა აფიქსირებს ადამიანური სულის თითოეულ მოძრაობას
(ბოროტებიდან დაწყებული დამთავრებული მათემატიკური სპეკულაციებით), და
მომლოცველობაზე, ინდოეთის ვეებერთელა ტერიტორიას რომ მოიცავს. ამბავი იწყება ბომბეიში,
გრძელდება პალანპურის დაბლობებზე, ერთ დღესა და ერთ ღამეს ყოვნდება ბიკანირის ქვის
კარიბჭესთან, გვიყვება ბრმა ასტროლოგის სიკვდილს ბენარესის სანაგვე ორმოში, საიდუმლო
შეთანხმებას დებს კატმანდუს მრავალსახოვან სასახლეში, ლოცულობს და სიძვობს კალკუტური
ბაზრის მომწამლავ სიმყრალეში, მწერლის ტაბურეტზე შემდგარი უმზერს მზის ამოსვლას
მადრასში, ტრავანკორის ერთ-ერთი აივნიდან გასცქერის ჩამავალ მზეს, წყლის სადინარ ღარებს
და სვეტების საძირკვლებს ჰინდაპურში და, საბოლოოდ, წლების და მილების წრეს ამთავრებს
ისევ ბომბეიში, იმ „მთვარისფერ ძაღლებიანი“ ბაღიდან სულ რამდენიმე ნაბიჯზე. ასეთია
საკუთრივ სიუჟეტი: კაცი - ურწმუნო, გაქცეული სტუდენტი-იურისტი - ხვდება ყველაზე
წამხდარ, ყველაზე დაცემულ ადამიანებში და ეგუება მათ ერთგვარ პაექრობაში
უსამართლობასთან. უეცრად - შოკში ჩავარდნილი რობინზონ კრუზოსავით, ადამიანს კვალს რომ
ხედავს ქვიშაზე - სტუდენტი ცოცხლად ესწრება ბოროტების კლებას - სინაზის, აღმაფრენის,
სიჩუმის მომენტს - ერთ-ერთ ყველაზე გულისამარევ ადამიანში. „თითქოს უფრო რთული
თანამოსაუბრე ალაპარაკდა“. სტუდენტმა იცის: ნაძირალას არ შესწევს დროებითი წესიერების
უნარი და ამიტომაც, მისი ვარაუდით, ეს კაცი აირეკლავს მეგობარს, ან მეგობრის მეგობარს.
როდესაც ისევ ჩაუფიქრდება ამ პრობლემას, სტუდენტი მიდის იდუმალ დასკვნამდე: „სადღაც
მსოფლიოში არსებობს კაცი, რომლისგანაც ეს სიცხადე, ეს სიკაშკაშე ასხივებს. სადღაც
ქვეყნიერების ზურგზე არსებობს კაცი, რომელიც უდრის ამ სიკაშკაშეს“. სტუდენტი-იურისტი
გადაწყვეტს, სიცოცხლე ამ კაცის ძებნას მიუძღვნას.
ასე ვიწყებთ წიგნის ძირითადი სქემის გაგებას: დაუოკებელ ძებნას სულისა სათუთი ციმციმებისა
და ანარეკლების მეშვეობით, ამ სულს რომ დაუტოვებია სხვებში; თავდაპირველად ღიმილისა თუ
სიტყვის მკრთალი ნაკვალევით, ბოლოსკენ - გონიერების, წარმოსახვის, სიკეთის მრავალგვარი,
მზარდი მშვენიერებებით. რაც უფრო ახლოს იცნობენ გამოკითხული ადამიანები ალ-მუ’ტასიმს,
მით უფრო მეტად ფლობენ ღვთაებრიობას, თუმცა მკითხველმა იცის, რომ თვით ისინიც კი
მხოლოდ სარკეები არიან. აქ გამოდგება ტექნიკურ-მათემატიკური ფორმულა: ბაჰადურის მძიმედ
დაფრახტული რომანი ზეაღმავალი პროგრესიაა, რომლის საბოლოო პუნქტი - შორიდან ნაგრძნობი

11
თუ მოსინჯული „კაცია, სახელად ალ-მუ’ტასიმი“. ამ უკანასკნელის უშუალოდ წინმსწრები პირია
სპარსი წიგნითმოვაჭრე, დიდად თავაზიანი და ნეტარი კაცი, მისი წინმსწრები კი - წმინდანი... ამ
წლების შემდეგ სტუდენტი მიდის დერეფანთან, რომლის ბოლოში კარია და მრავალი მძივისგან
ასხმული ფარდა, ფარდის მიღმა კი - კაშკაშა სინათლე. სტუდენტი ტაშს შემოჰკრავს - ერთგზის,
ორგზის... ალ-მუ’ტასიმს უხმობს. კაცის ხმა - ალ-მუ’ტასიმის განსაცვიფრებელი ხმა სტუდენტს
შიგნით ეძახის. ისიც მძივების ფარდას გადასწევს და ოთახში შედის. ასე მთავრდება რომანი.
ვგონებ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ავტორი ასეთ სიუჟეტს უმკლავდება, მაშინ ორი
ვალდებულებაც უნდა იკისროს: 1) უნდა გამოიგონოს პროფეტულ მინიშნებათა სიმრავლე და 2)
არ უნდა დაუშვას, რომ ამ ნიშნებით მოსწავებული გმირი უბრალო ფანტომად ან პირობითობად
იქცეს. ბაჰადური ასრულებს პირველ ვალდებულებას, მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რა
ხარისხში უმკლავდება მეორეს. სხვა სიტყვებით: არსმენილი და უჩინარი ალ-მუ’ტასიმი ისე უნდა
ზემოქმედებდეს ჩვენზე, როგორც ნამდვილად არსებული ადამიანი და არა როგორც
აღმატებულებათა მტკნარი ნარევი. 1932 წლის ვერსიაში ზებუნებრივი მინიშნებები ცოტაა და
კანტიკუნტი. „კაცი სახელად ალ-მუ’ტასიმი“, თავისებურად, უკვე სიმბოლურად ჟღერს, თუმცა
ეს კაცი დახასიათებულია იდიოსინკრატული პიროვნული შტრიხებითაც. სამწუხაროდ, ეს
სანაქებო ლიტერატურული პრაქტიკა არ გაგრძელდა მეორე გამოცემაში. 1934 წლის ვერსიაში,
რომელიც ახლაც კი აქ მაქვს, რომანი ალეგორიაში იძირება: ალ-მუ’ტასიმი ღმერთის განსახიერებაა
და მთავარი პერსონაჟის მიერ გავლილი გზები რაღაცნაირად სულის ზეაღსვლაა მისტიკური
სისავსისაკენ. გვხვდება გულისდამწყვეტი დეტალები: კოშინელი ზანგი ებრაელი ალ-მუ’ტასიმს
აღწერს, როგორც მუქკანიანს; ქრისტიანის თქმით, ის კოშკზე დგას ხელებგაშლილი;
წითელკანიანი ლამა ალ-მუ’ტასიმს იხსენებს, „როგორც იმ ხატებას, რომელიც მე გამოვკვეთე
იაკის ერბოში და თაყვანი ვეცი ტაშილჰუმპოს მონასტერში“. ეს განაცხადები წარმოადგენს
მცდელობას, რომ მიგვანიშნონ ერთადერთ, საყოველთაო ღმერთზე, რომელიც თავის თავს
კაცობრიულ მრავალსახოვნებაში ძერწავს. ჩემი აზრით, ეს გაგება არცთუ მაინცდამაინც
ამაღელვებელია. მაგრამ ვერ ვიტყვი ამას სხვა იდეაზე: რომ ყოვლისშემძლეც ვიღაცას ეძებს, ეს
ვიღაც კი - უფრო აღმატებულ (ან, უბრალოდ, აუცილებელ, თუნდაც თანასწორ) ვიღაცას, და ასე
შემდეგ, დროთა აღსასრულამდე, ან - უფრო უკეთ - უსასრულოდ. ან, შესაძლოა, წრიულად. „ალ-
მუ’ტასიმი“ (სახელი მერვე აბასიდ მეფისა, რომელმაც მოიგო რვა ომი, ჩასახა რვა ვაჟიშვილი და
რვა ქალიშვილი, დატოვა რვა ათასი მონა და მეფობდა რვა წლის, რვა მთვარისა და რვა დღის
განმავლობაში) ეტიმოლოგიურად ნიშნავს „იმას, ვინც დახმარების საძებნელად მიდის“. ის ფაქტი,
რომ მომლოცველობის მიზანი, თვითონაც მომლოცველი იყო, გონივრულად ამართლებდა ალ-
მუ’ტასიმის პოვნის სირთულეს 1932 წლის ვერსიაში. 1934 წლის გამოცემაში კი ამ ფაქტს
მივყავართ ახირებული თეოლოგიისკენ, ზემოთ რომ აღვწერე. მირ ბაჰადურ ალი, როგორც
დავინახეთ, ვერ ეწინააღმდეგება ხელოვნების ცდუნებათაგან უმდაბლესს: ცდუნებას, იყოს
გენიოსი.
გადავიკითხე, რაც ახლა დავწერე, და ვშიშობ, საკმარისად არ გამოვავლინე ამ წიგნის ღირსებები,
მისთვის ნიშნეული ყოვლად კულტურული შტრიხები. მაგალითად, კამათი XIX თავში, სადაც
სტუდენტი-იურისტი (და მკითხველი) გრძნობს, რომ დავის ერთ-ერთი მონაწილე ალ-მუ’ტასიმის
მეგობარია. ეს კაცი არ უკუაგდებს მეორე კაცის სოფიზმს, „რათა არ გაიხაროს მისი დამარცხებით“.
მთლიანობაში გასაგებია, რომ თანამედროვე წიგნი შეიძლება საპატიოდ ეყრდნობოდეს რომელიმე
ძველ წიგნს, განსაკუთრებით ამჟამად, როცა არავის ეპიტნავება (დოქტორ ჯონსონის
დაკვირვებით), რომ რამე მართებდეს თავისი თანამედროვეებისა. გამეორებული, თუმცა
შეუსაბამო მომენტები შესატყვისობისა ჯოისის „ულისესა“ და ჰომეროსის „ოდისეას“ შორის ისევ
და ისევ (მე ვერასოდეს მივხვდები, რატომ) უტევს კრიტიკოსთა აღფრთოვანებას.
შესატყვისობებს ბაჰადურის რომანსა და ფარიდ ალ-დინ ატარის კლასიკურ თხზულებას
„ფრინველთა საბჭოს“ შორის არანაკლებ იდუმალი ხოტბით ხვდებიან ლონდონში, თვით
ალაჰაბადსა და კალკუტაში. არსებობს სხვა დავალიანებებიც. ერთმა მკვლევარმა დაადასტურა
რიგი ანალოგიები ამ რომანის პირველ სურათსა და კიპლინგის ამბავს შორის („ქალაქის
კედელზე“). ბაჰადური აცნობიერებს ამ ექოებს, თუმცა ამტკიცებს: ყოვლად უჩვეულო იქნებოდა,
რომ მუჰარამის მეათე ღამის ორი პორტრეტი ერთმანეთს არ ეხამებოდესო... უფრო დიდი
სამართლიანობით, ელიოტი იხსენებს, რომ სპენსერის დაუმთავრებელი ალეგორიის
(„ჯადოსნური დედოფალი“) სამოცდაათი კანტოდან არც ერთში არ ჩნდება მთავარი პერსონაჟი
ქალი გლორიანა, რისთვისაც რიჩარდ უილიამ ჩარჩმა ეს თხზულება გააკრიტიკა. მე თვითონ,
ყოვლად თავმდაბლურად, მივუთითებდი შორეულ, შესაძლებელ წინამორბედს: კაბალისტ ისააკ
ლურიას (XIX ს.), რომელმაც იერუსალემში გაამხილა, რომ წინაპრის ან მასწავლებლის სული
შეიძლება შესახლდეს უბედურ ან უიღბლო კაცში, რათა ანუგეშოს ან დამოძღვროს. ამდაგვარ
მეტამფსიქოზს ეწოდება ibbûr[21].
პიერ მენარი, „დონ კიხოტის“ ავტორი

12
სილვინა ოკამპოს
ამ რომანისტის მიერ დატოვებული ხილული ნაშრომები იოლად და მოკლედ ჩამოითვლება.
ამიტომ უპატიებელია ყველა ის გამოტოვება ან დამატება, რომლებზეც პასუხისმგებელია მადამ
ჰენრი ბაშელიე იმ ცრუ კატალოგში, ასე წინდაუხედავად რომ მიაწოდა პროტესტანტული
მიდრეკილებების ერთი გაზეთის (ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს) საბრალო
მკითხველებს, თუნდაც ისინი მცირერიცხოვანი კალვინისტები იყვნენ (თუ არა მასონები და
წინადაცვეთილები). მენარის ნამდვილი მეგობრები განგაშით მიესალმნენ ამ კატალოგს,
ერთგვარი სევდითაც კი. ისიც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ გუშინღა შევიკრიბეთ მისი განსვენების
მარმარილოვან ალაგთან, ნაღვლიან კვიპაროსებს შორის. ცდომილება კი უკვე ამ ადამიანის
ნათელი ხსოვნის დაბინდვას ცდილობს... ჰოდა, აუცილებელია მცირე შესწორება.
ვიცი, რომ საკმაოდ ადვილია ჩემი მწირი კომპეტენციის მოხმობა. თუმცა მაინც ვიმედოვნებ, რომ
არ ამეკრძალება ორი მაღალი რეკომენდაციის ხსენება. ერთია ბარონესა დე ბაკური (რომლის
დაუვიწყარ ოთხშაბათებზე მქონდა პატივი შევხვედროდი აწ განსვენებულ პოეტს). მეორე
გრაფინია დე ბანორეგიო, მონაკოს სამთავროს ერთ-ერთი უიშვიათესი და ღრმად კულტურული
გონება (ამჟამად უკვე პიტსბურგის, პენსილვანიის შტატის მკვიდრი, მას შემდეგ, რაც ახლახან
დაქორწინდა საერთაშორისო ფილანტროპზე, სიმონ კაუჩზე, კაცზე, რომელსაც, სამწუხაროდ,
ასეთი ძაგება და ცილისწამება დაატყდა თავს უანგარო მოქმედებების მსხვერპლთა მხრიდან),
რომლის კეთილშობილი დუმილი - მისი წარჩინებულობის ნიშანი - „ჭეშმარიტებას და სიკვდილს“
შეწირა (მისივე გამოთქმით) და რომელიც თავისი დალოცვით მაჯილდოებს ჟურნალ „ლუქსში“
გამოქვეყნებულ ღია წერილში.
ეს რეკომენდაციები, ვფიქრობ, საკმარისია.
უკვე ვთქვი, მენარის კალმის ხილული ნაყოფები ადვილად ჩამოითვლება-მეთქი. დიდი
სიფრთხილით ჩავუყევი მის პირად საქაღალდეებს და დავასკვენი, რომ მის თხზულებათა
კრებული შედგება შემდეგი ოპუსებისგან: ა) სიმბოლისტური სონეტი, რომელიც ორჯერ
გამოქვეყნდა (სხვადასხვა ვერსიით) ჟურნალში „ლა კონკ“ (მარტი და ოქტომბერი, 1899); ბ)
მონოგრაფია იმ შესაძლებლობაზე, რომ შეიქმნას პოეტური ლექსიკონი ისეთი ცნებებისგან,
რომლებიც არც სინონიმებია და არც პერიფრაზული კონსტრუქციები იმ ცნებებისთვის,
ჩვეულებრივ მეტყველებას რომ ამარაგებს, „არამედ წარმოადგენს იდეალურ ობიექტებს
შექმნილს საერთო თანხმობით საგანგებოდ პოეზიის საჭიროებებისთვის“ (ნიმი, 1901); გ)
მონოგრაფია „განსაზღვრულ კავშირებსა თუ მსგავსებებზე“ დეკარტის, ლაიბნიცისა და ჯონ
უილკინსის ფილოსოფიებს შორის (ნიმი, 1903); დ) მონოგრაფია ლაიბნიცის თხზულებაზე
„Characteristica universalis“ („საყოველთაო დახასიათება“), (ნიმი, 1904); ე) ტექნიკური წერილი
ჭადრაკის გამდიდრებაზე ერთ-ერთი ეტლის პაიკის მოცილებით (მენარი გვთავაზობს,
რეკომენდაციას იძლევა, კამათობს და, საბოლოოდ, უკუაგდებს თავის ინოვაციას); ვ) მონოგრაფია
რამონ ლულის თხზულებაზე „Ars magna generalis“ („დიდი ზოგადი ხელოვნება“), (ნიმი, 1906); ზ)
რუი ლოპეს დე სეგურას თხზულების „Libro de la invenciуn liberal y arte del juego del axedrez“ („წიგნი
გამომგონებლობასა და ჭადრაკის ხელოვნებაზე“) თარგმანი შესავალი წერილითა და
კომენტარებით (პარიზი, 1907); თ) მონოგრაფიის მონახაზი ჯორჯ ბულის სიმბოლურ ლოგიკაზე; ი)
ნარკვევი ფრანგული პროზის აუცილებელი მეტრიკული წესების შესახებ, ილუსტრირებული სენ-
სიმონიდან ამოღებული მაგალითებით („რევიუ დე ლანგ რომან“, მონპელიე, ოქტომბერი, 1909); კ)
პასუხი ლუკ დურტენს (ამ უკანასკნელის შესიტყვებაზე, რომ არავითარი „მეტრიკული წესები“ არ
არსებობს), ილუსტრირებული ლუკ დურტენიდან ამოღებული მაგალითებით („რევიუ დე ლანგ
რომან“, მონპელიე, დეკემბერი, 1909); ლ) ხელნაწერი თარგმანი კევედოს თხზულებისა „Aguja de
navegar cultos“ („კომპასი განსწავლულთა ზღვაში სანაოსნოდ“), სახელდებული როგორც
„ძვირფასთა კომპასი“; მ) წინასიტყვაობა კაროლუს ურკარდის ლითოგრაფიების გამოფენის
კატალოგისთვის (ნიმი, 1914); ნ) ნაშრომი სახელად „პრობლემის პრობლემები“ (პარიზი, 1917),
რომელიც ქრონოლოგიური წესრიგით განიხილავს აქილევსისა და კუს სახელგანთქმული
დილემის შესაძლებელ ამოხსნებს (დღემდე გამოქვეყნებულია ამ ნაშრომის ორი გამოცემა. მათგან
მეორეს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ლაიბნიცის რჩევა: „ოდნავადაც ნუ შეგაშინებთ, ბატონო,
კუ“ და შეიცავს რასელისა და დეკარტისადმი მიძღვნილ თავებს); ო) ტულეტის „სინტაქსური
ჩვევების“ შეუპოვარი ანალიზი („ნუველ რევიუ ფრანსეზ“, მარტი, 1921); (მახსოვს, მენარი
ამტკიცებდა: ცენზურა და ქება სენტიმენტალური ოპერაციებია და იოტისოდენადაც არ ჰგავს
კრიტიკასო); პ) პოლ ვალერის ლექსის „ზღვის სასაფლაოს“ გადატანა ალექსანდრიულ ლექსად
(„ნუველ რევიუ ფრანსეზ“, იანვარი, 1928); ჟ) გესლიანი კრიტიკა პოლ ვალერის საწინააღმდეგოდ
ჟაკ რებულის თხზულებაში „ფოთლები რეალობის დასათრგუნავად“ (ფრჩხილებში შემიძლია
დავამატო, რომ ეს კრიტიკა პოლ ვალერისთან მენარის ჭეშმარიტი დამოკიდებულების სწორედაც
საპირისპიროს ადასტურებს. ვალერის ესმოდა ეს და ამ ორი კაცის მეგობრობას არასოდეს
დამუქრებია საფრთხე); რ) გრაფინია ბანორეგიოს „განსაზღვრება“ „ძლევამოსილ წიგნში“ (ეს

13
სიტყვები ეკუთვნის სხვა თანამდგომს, გაბრიელ დ’ანუნციოს), რომელსაც ეს ქალბატონი
გამოსცემდა ყოველწლიურად, რათა შეესწორებინა საჯარო პრესის გარდაუვალი გამრუდებები და
წარედგინა „ქვეყნიერებისთვის და მთელი იტალიისთვის“ თავისი პიროვნების ჭეშმარიტი
სურათი, ასე რომ ექვემდებარებოდა (თავისი სილამაზისა და ქცევის მიზეზით) მცდარ ან ნაჩქარევ
ინტერპრეტაციებს; ს) მომხიბლავი სონეტების ციკლი, რომელიც მიეძღვნა ბარონესა დე ბაკურს
(1934); ტ) ხელით ნაწერი ნუსხა პოეტური სტრიქონებისა, რომლებიც თავიანთ სრულქმნილებას
პუნქტუაციის წყალობით აღწევენ.
(მადამ ჰენრი ბაშელიეს ნუსხაში დასახელებულია აგრეთვე წმინდა ფრანცისკ სალეზიელის
„ღვთისმოსავი ცხოვრების დასაწყისის“ კევედოსეული სიტყვასიტყვითი თარგმანის
სიტყვასიტყვითი თარგმანი. მაგრამ პიერ მენარის ბიბლიოთეკაში მსგავსი არაფერია. ეს უნდა
იყოს ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის ხუმრობა, არასწორად გაგონილი ან გაგებული).
აი, პიერ მენარის ხილულ ნაშრომთა სრული კრებული (გარდა რამდენიმე დაუზუსტებელი
სონეტისა, სიტუაციურად ჩაწერილის მადამ ჰენრი ბაშელიერის სტუმართმოყვრულ - ან ხარბ -
„მოგონებების ალბომში“), ზუსტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ახლა კი მივუბრუნდები
სხვა, მიწისქვეშა, დაუსრულებლად ჰეროიკულ ქმნილებას, oeuvre nonpareil-ს[22], რომელიც -
ასეთია ჩვენი ადამიანური დასაზღვრულობები - დაუმთავრებელი უნდა დარჩეს. ეს თხზულება -
იქნებ ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - შედგება „დონ კიხოტის“ პირველი ტომის მეცხრე
და ოცდამეთვრამეტე თავებისგან და XXII თავის ერთი ფრაგმენტისაგან. ვიცი: ერთი შეხედვით,
ასეთი მტკიცება აბსურდულია. ეს ამართლებს, რომ „აბსურდულობა“ იყოს წინამდებარე
კომენტარის უმნიშვნელოვანესი საგანი.
(შემეძლო მეთქვა, რომ ნამდვილად მქონდა მეორადი მიზეზი, მომეხაზა პიერ მენარის მცირე
პორტრეტი... მაგრამ როგორ გავბედავ შევეჯიბრო იმ ოქროცურვილ ფურცლებს, რომლებსაც,
როგორც მითხრეს, ახლაც ამზადებს ბარონესა დე ბაკური, ან კიდევ კაროლუს ურკადის ფაქიზ,
წვერწამახულ ფანქარს?).
აშკარად არათანაბარი ღირებულების ორმა ტექსტმა შთამაგონა ამ კომენტარის დაწერა. პირველი
იყო ნოვალისის ფილოლოგიური ფრაგმენტი (ზუსტად რომ ვთქვა: ფრაგმენტი N2005 დრეზდენის
გამოცემაში), სადაც მოხაზულია რომელიმე მოცემულ ავტორთან სრული იდენტიფიცირების
ცნება. მეორე იყო ერთ-ერთი იმ პარაზიტულ წიგნთაგან, რომელმაც ქრისტე ბულვარში გამოფინა,
ჰამლეტი - ლა კანაბიერზე[23], დონ კიხოტი კი - უოლ სტრიტზე. ნებისმიერი გემოვნებიანი
კაცივით, მენარს სძაგდა ეს უაზრო პაროდიები, რომლებიც, მისივე თქმით, სხვა არაფერია, თუ არა
პლებეურ-ანაქრონისტული სიამოვნება, ან - უფრო უარესი - რომლებიც გვატყვევებდნენ
ანბანური ცნებით, რომ ყველა დრო და ადგილი ერთი და იგივეა ან - განსხვავებული. უფრო
საინტერესო იქნებოდა ხორცი შეგვესხა (თუნდაც წინააღმდეგობრივი და ზედაპირული
შესრულებით) ალფონს დოდეს სახელგანთქმული ჩაგონებისთვის: ერთ ფიგურად
გაგვეერთიანებინა გონებამახვილი ჯენტლმენი დონ კიხოტი და მისი საჭურველთმტვირთველი...
ისინი, ვისაც სადმე მინიშნებული აქვს, მენარმა თავისი ცხოვრება თანამედროვე „დონ კიხოტის“
წერას მიუძღვნაო, არც მეტი, არც ნაკლები, ბღალავენ მის ნათელ ხსოვნას. პიერ მენარს მეორე
კიხოტის შექმნა არ სურდა, რაც საკმაოდ იოლი საქმეა: მას საბოლოო და სრული დონ კიხოტი
უნდოდა. რაღა თქმა უნდა, არც იმის აღნიშვნის საჭიროება არსებობს, რომ მენარს არასოდეს
ჰქონია მიზნად ორიგინალის მექანიკური ტრანსკრიფცია, არასოდეს განუზრახავს მისი კოპირება.
მისი წარმტაცი მისწრაფება იყო შეექმნა გვერდები, რომლებიც სიტყვასიტყვით და სტრიქონ-
სტრიქონ დაემთხვეოდა მიგელ დე სერვანტესის სიტყვებსა და სტრიქონებს.
„ჩემი მიზანი უბრალოდ გამაოგნებელია, - მომწერა 1934 წლის 30 სექტემბერს ბაიონიდან, -
თეოლოგიური თუ მეტაფიზიკური მტკიცებულების საბოლოო პირობა - გარემომცველი
ქვეყნიერება, ღმერთი, იღბალი, სამყაროული ფორმები - არ არის უფრო საბოლოო, უფრო
უჩვეულო, ვიდრე ჩემი გაცხადებული რომანი. ერთადერთი სხვაობა იმაშია, რომ ფილოსოფოსები
აქვეყნებენ სასიამოვნო ტომებს, რომლებშიც ასახულია მათი მუშაობის შუალედური ეტაპები, მე
კი ჩემს ეტაპებს მთლიანად ვუვლი გვერდს“.
და, მართლაც, არ არსებობს ერთი მონახაზიც კი, რომელიც დაამოწმებდა წლების განმავლობაში
გაგრძელებულ შრომას.
თავდაპირველად, მენარის მეთოდი იყო შედარებითი სიმარტივე: ესპანურის შესწავლა,
კათოლიციზმთან დაბრუნება, ბრძოლა მავრების ან თურქების წინააღმდეგ, ევროპის ისტორიის
1602-1918 წლების ინტერვალის ამოგდება მეხსიერებიდან... მიგელ დე სერვანტესად ყოფნა. პიერ
მენარმა მთლიანად გაისიგრძეგანა ეს მიმართულება (ვიცი, რომ სავსებით საფუძვლიანად
შეითვისა XVII საუკუნის კასტილიური ენა), თუმცა - იოლადაც მიატოვა. „ყოვლად
შეუძლებელია!“, იტყვის მკითხველი. უდავოდ! მაგრამ განზრახვა დასაწყისშივე შეუძლებელი

14
იყო, ხოლო მისი განხორციელების ყველა შეუძლებელი გზიდან - ეს ყველაზე ნაკლებად
საინტერესო. XVII საუკუნის პოპულარულ ნოველისტად ყოფნა XX საუკუნეში მენარისთვის
დაპატარავებას უდრიდა. რაღაცნაირად სერვანტესად ქცევა და ასე მისვლა სრულ კიხოტამდე,
მისთვის უფრო ნაკლებად გამომწვევი იყო (ამდენად - ნაკლებად საინტერესოც), ვიდრე პიერ
მენარად დარჩენა და სრულ დონ კიხოტამდე მისვლა პიერ მენარის გამოცდილებათა გავლით
(სხვათა შორის, სწორედ ამ რწმენამ აიძულა, არ წაემძღვარებინა რომანის მეორე ნაწილისთვის
ავტობიოგრაფიული პროლოგი. ამ უკანასკნელის ჩართვა იქნებოდა კიდევ ერთი პერსონაჟის -
„სერვანტესის“ - შექმნა და, აგრეთვე, დონ კიხოტის წარმოდგენა ამ პერსონაჟის და არა პიერ
მენარის თვალთახედვით. მენარმა, რასაკვირველია, ხელისკვრით მოიშორა ეს იოლი გამოსავალი).
„ჩემი ამოცანა არსობრივად რთული არ არის, - ვკითხულობ იმავე წერილის სხვა ადგილას, -
უკვდავი რომ ვიყო, გავუმკლავდებოდი“. ვაღიარო თუ არა: ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მან
ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა და რომ მე ისე ვკითხულობ „დონ კიხოტს“, მთელ „დონ კიხოტს“,
როგორც საკუთრივ მენარის შექმნილს? რამდენიმე ღამის წინ ვფურცლავდი XXVI თავს
(რომელსაც მენარი არასოდეს ჩასჯდომია), ვიცანი ჩვენი მეგობრის სტილი, თითქმის მისი ხმა
გავიგონე ამ განსაცვიფრებელ ფრაზაში: „მდინარეების ნიმფები, თვალცრემლიანი, მწუხარე ექო!“.
ამ საოცრად ეფექტურმა ბმამ ემოციის გამომხატველი ზედსართავისა ფიზიკური აღწერილობის
ზედსართავთან გამახსენა შექსპირის სტრიქონი, რომელზეც, მახსოვს, ერთ ნაშუადღევს
ვისაუბრეთ: სადაც ავგული და ჩალმიანი თურქი...
„რატომ „დონ კიხოტი“?“, შეიძლება იკითხოს ჩემმა მკითხველმა. ესპანელის მიერ გაკეთებული ეს
არჩევანი გაუგებარი არ იქნებოდა, მაგრამ უეჭველად ასეთი ჩანს ნიმელი სიმბოლისტისთვის,
ედგარ პოს ყურმოჭრილი ენთუზიასტისთვის, იმ პოსი, რომელმაც წარმოშვა ბოდლერი, წარმოშვა
მალარმე, წარმოშვა ვალერი, წარმოშვა ბატონი ედმონ ტესტი. ზემოთ ნახსენები წერილი ერთგვარ
შუქს ჰფენს ამ მომენტს.
„დონ კიხოტი, - განმარტავს მენარი, - ღრმად მაინტერესებს, თუმცა არ მეჩვენება, რომ - comment
dirai-je?[24] - გარდაუვალი ვინმეა. ვერ წარმომიდგენია სამყარო ედგარ პოს შეძახილის გარეშე: „აჰ!
გახსოვდეთ: ეს ბაღი მოჯადოებული იყო!“, ან „მთვრალი ხომალდის“ თუ „მოხუცი მეზღვაურის“
გარეშე. თუმცა ვიცი, რომ შემიძლია წარმოვიდგინო ქვეყანა უკიხოტოდ (რაღა თქმა უნდა, ჩემს
პირად უნარზე ვლაპარაკობ და არა ამ ქმნილებათა ისტორიულ რეზონანსზე). „დონ კიხოტი“
გარემოებებზე დამოკიდებული ქმნილებაა. „დონ კიხოტი“ აუცდენელი არ არის. შემიძლია
წარმოვიდგინო, როგორ დავწერდი მას, ასე ვთქვათ, ტავტოლოგიაში ჩავარდნის გარეშე. თორმეტი
თუ ცამეტი წლისამ წავიკითხე, შესაძლოა - თავიდან ბოლომდე, ვეღარ ვიხსენებ. მას შემდეგ
გულმოდგინედ გადავიკითხე ზოგიერთი თავი, ისინი, რომლებსაც არ შევეხები, - ამჯერად მაინც.
შიგადაშიგ ვკითხულობდი ფარსებს, კომედიებს, „გალათეას“, „სამაგალითო ნოველებს“, უდავოდ
დიდჯაფაგამოვლილ „პერსილესს და სიგიზმუნდს“, პოეტურ „მოგზაურობას პარნასისკენ“...
გულმავიწყობითა და გულგრილობით გამარტივებული ჩემი საერთო მოგონება „დონ კიხოტზე“
სავსებით შეიძლებოდა ყოფილიყო ჯერარდაწერილი წიგნის ყრუ წინათგრძნობა. ამ სახის
პირისპირ (რომელსაც, სუფთა სინდისით, ვერავინ შემედავება), ჩემი პრობლემა - იოტისოდენა
ეჭვის გარეშე - დიდად ჭარბობს სერვანტესისას. ჩემი თავაზიანი წინამორბედი არასოდეს ამბობდა
უარს თანამშრომლობაზე შემთხვევასთან. უკვდავი წიგნის თხზვის მისეული მეთოდი
რამდენადმე à la diable[25] იყო, ხშირად გაიტაცებდა ხოლმე ენისა და წარმოსახვის ნაკადი. მე ჩემს
თავზე ავიღე იდუმალი ვალდებულება, სიტყვასიტყვით აღმედგინა რომანი, რომელიც მისმა
ავტორმა სპონტანურად დაწერა. მარტოობის ამ თამაშს, რომელსაც მე ვთამაშობ, დიამეტრულად
ურთიერთსაწინააღმდეგო ორი კანონი მართავს: პირველი საშუალებას მაძლევს, ვცადო
ფორმალური და ფსიქოლოგიური ვარიანტები, ხოლო მეორე მაიძულებს, შევწირო ისინი
„პირვანდელ“ ტექსტს და შეუდავებელი არგუმენტებით მივიდე ამ „ამოძირკვამდე“... პირველ ორ
ხელოვნურ შებოჭილობას ემატება კიდევ ერთი, შინაგანად ნიშნეული თვით ამ პროექტისთვის.
„დონ კიხოტის“ შეთხზვა XVII საუკუნეში კეთილგონივრული, აუცილებელი, თითქმის
გარდაუვალი საქმე იყო, მეოცის დასაწყისში კი ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ურთულესი
მოვლენებით დატვირთულ სამას წელიწადს ტყუილუბრალოდ არ ჩაუვლია. ამ მოვლენებს შორის
შეგვიძლია ვახსენოთ ერთი: თვით „დონ კიხოტი“.
ამ სამი დაბრკოლების მიუხედავად, მენარის ფრაგმენტული „დონ კიხოტი“ სერვანტესისაზე
უფრო დახვეწილია. ესპანელი მწერალი დაუმუშავებლად ახვავებს ერთმანეთზე თავისი ქვეყნის
პროვინციალურ სინამდვილესა და რაინდული რომანის ფანტაზიებს, მენარი კი თავის რეალობად
იღებს გარმენის მხარეს იმ საუკუნეში, რომელიც შეესწრო ლეპანტოს ბრძოლას და ლოპე დე ვეგას
პიესებს. ადგილობრივი ელფერის რა პაროდიულ შტრიხებს შთააგონებდა ეს არჩევანი მავან
მორის ბარესს[26] ან მავან როდრიგეს ლარეტას[27]! თუმცა მენარი სრულიად ბუნებრივად უვლის
გვერდს ამ შტრიხებს. მის ქმნილებაში ვერ ვხვდებით ბოშების საქმიანობას, კონკისტადორებს[28],
მისტიკოსებს, ფილიპ მეორეებს თუ აუტოდაფეებს[29]. იგი გვერდს უვლის, მაღლდება ამ
ყველაფერზე ან აძევებს ადგილობრივ კოლორიტს. ეს ზიზღი ახალი საზრისით მოსავს

15
„ისტორიულ რომანს“. ამ ზიზღს განაჩენი გამოაქვს „სალამბოსთვის“[30] გასაჩივრების უფლების
გარეშე.
ნაკლებად განცვიფრებულები არ ვრჩებით, როდესაც თავებს ცალ-ცალკე განვიხილავთ.
მაგალითისთვის შევხედოთ პირველი ნაწილის XXXVIII თავს, სადაც გადმოცემულია დონ
კიხოტის საგულისხმო იარაღისა და წერილების თემა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ თავში
დონ კიხოტი (როგორც მოგვიანებით კევედო ანალოგიურ პასაჟში) ილაშქრებს წერილების
წინააღმდეგ და ემხრობა იარაღს. სერვანტესი ძველი ჯარისკაცია და მისგან ეს ვერდიქტი
გასაგებია. მაგრამ პიერ მენარის დონ კიხოტი - „კლერკების ღალატისა“ და ბერტრან რასელის
თანამედროვე - ამ პირქუშ სოფიზმებს იმეორებს! მადამ ბაშელიე ამაში ხედავს ავტორის
მომხიბლავ (ტიპურ) დაქვემდებარებას გმირის ფსიქოლოგიისადმი, სხვები - მოკლებულნი
ყოველგვარ გამჭრიახობას - ამ ეპიზოდში სერვანტესის „დონ კიხოტის“ ტრანსკრიფციას ხედავენ,
ბარონესა დე ბაკური კი - ნიცშეს გავლენას. არ ვიცი, დავუმატო თუ არა ამ მესამე ინტერპრეტაციას
(რომელიც მე ეჭვმიუტანელი მგონია) მეოთხე, ჩინებულად რომ ეხამება პიერ მენარის თითქმის
ღვთაებრივ თავმდაბლობას: მის მორჩილ ან ირონიულ ჩვევას - წინ წამოსწიოს იდეები, რომლებიც
ზუსტად საპირისპიროა მისი ნამდვილი იდეებისა (გავიხსენოთ ჟაკ რებულის ეფემერულ
სიურრეალისტურ ჟურნალში დაბეჭდილი ის ღვარძლიანი კრიტიკა პოლ ვალერის
საწინააღმდეგოდ. სერვანტესისა და მენარის ტექსტები სიტყვიერად ერთნაირია, მაგრამ მეორე
პირველზე თითქმის უსასრულოდ უფრო მდიდარია (უფრო ორაზროვანიო, იტყვიან მისი
გამაქიქებლები. ეს ორაზროვნება სიმდიდრეა).
პიერ მენარის „დონ კიხოტის“ შედარება მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტთან“ აღმოჩენაა. ამ
უკანასკნელს, მაგალითად, ეკუთვნის შემდეგი სტრიქონები (ნაწილი I, თავი IX): ...ჭეშმარიტება,
რომლის დედა ისტორიაა, დროის მეტოქე, საქმეთა საცავი, წარსულის მოწმე, აწმყოს ნიმუში და
მრჩეველი, მომავლის დამცველი.
ატრიბუტების ნუსხა ჩამოწერილი XVII საუკუნეში „გონებამახვილი ერისკაცის“, მიგელ დე
სერვანტესის მიერ, ისტორიის უბრალო რიტორიკული ქებაა. მეორე მხრივ, მენარი წერს:
...ჭეშმარიტება, რომლის დედა ისტორიაა, დროის მეტოქე, საქმეთა საცავი, წარსულის მოწმე,
აწმყოს ნიმუში და მრჩეველი, მომავლის დამცველი...
ისტორია, ჭეშმარიტების დედა! რა შემარყეველი იდეაა! მენარი - უილიამ ჯეიმზის თანამედროვე -
ისტორიას განსაზღვრავს არა როგორც რეალობის ქექვას, არამედ როგორც მის წყაროს.
მენარისთვის ისტორიული ჭეშმარიტება ის კი არ არის, „რაც მოხდა“, არამედ რაც გვჯერა, რომ
მოხდა. ბოლო მონაკვეთები - აწმყოს ნიმუში და მრჩეველი, მომავლის დამცველი - უსირცხვილოდ
პრაგმატულია.
ასევე თვალში საცემია კონტრასტი ორ სტილს შორის: მენარის არქაული სტილი (ყველაფერთან
ერთად, ენა, რომელზეც მენარი წერს, მისი მშობლიური არ არის) რამდენადმე მანერულია. რაც
შეეხება მისი წინამორბედის - სერვანტესის - სტილს, თავისი დროის ესპანურს ის სრულიად
ბუნებრივად ფლობს.
არ არსებობს ინტელექტუალური ვარჯიში, რომელიც საბოლოოდ ფუჭი არ იყოს. თავიდან,
ფილოსოფიური მოძღვრება სამყაროს შესაძლებელი ახსნაა. წლები გადის და ის ერთ თავად, ერთ
აბზაცად ან სულაც ერთ არსებით სახელად იქცევა ფილოსოფიის ისტორიაში. ლიტერატურაში
კიდევ უფრო უკეთაა ცნობილი „მწყობრიდან ამოვარდნა“, „დროულობის დაკარგვა“. „დონ
კიხოტი“, მენარის შენიშვნით, უწინარეს ყოვლისა, სასიამოვნო წიგნია. დღეს პატრიოტული
სადღეგრძელოების, გრამატიკული მედიდურობის, ურცხვი მდიდრული გამოცემების
შესაძლებლობა მოგვეცა. სახელი და დიდება ვერგაგების ფორმაა, შესაძლოა - ყველაზე უარესი
ფორმაც.
ნიჰილისტური დაკვირვებები სიახლეს არ წარმოადგენდა. აღსანიშნავი იყო გადაწყვეტილება,
რომელიც პიერ მენარმა მიიღო მათგან გამომდინარე. გადაწყვიტა, დალოდებოდა ამაოებას,
კაცობრიობის ყოველგვარ გარჯას რომ მოელის. უსასრულოდ რთულ საქმეს შეეჭიდა, იმთავითვე
ამაო საქმეს. თავისი ყოყმან-ჭოჭმანი და „შუაღამის ზეთით განათებული“ თავისი ღამეები
მიუძღვნა უკვე არსებული წიგნის გამეორებას უცხო ენაზე. მის მონახაზებს ბოლო არ უჩანდა,
შეუპოვრად ხვეწდა და ასწორებდა, მერე კი ხევდა და ანადგურებდა ათასობით ხელნაწერ
ფურცელს. ვერავის უჩვენებდა მათ და იზრუნა, რომ თავის სიცოცხლეშივე გაექრო (მახსოვს მისი
კვადრატული უბის წიგნაკები, შავად წაშლილი სტრიქონები, საგანგებო ტიპოგრაფიული
სიმბოლოები და მწერის მსგავსი ხელწერა. საღამოობით უყვარდა ნიმის გარეუბნებში სეირნობა.
ხშირად მიჰქონდა თან რვეული და მხიარულ კოცონსაც ანთებდა ხოლმე). ამაოდ ვცადე მათი
აღდგენა.
ვფიქრობ, ლეგიტიმური იქნება „საბოლოო“ „დონ კიხოტის“ ნახვა ერთგვარი პალიმფსესტის

16
სახით, რომელშიც მქრქალად, მაგრამ მაინც ამოსაცნობად გამოანათებს ჩვენი მეგობრის „წინა“
ტექსტი. სამწუხაროდ, მხოლოდ მეორე პიერ მენარი - პირველის ნაშრომთა ამოტრიალებით -
შეძლებდა ამ ტროას კედლების ამოთხრასა და გაცოცხლებას...
„ფიქრი, მედიტაცია, წარმოსახვა ანომალიური აქტები კი არ არის, არამედ აზროვნების
ნორმალური სუნთქვა, - მწერდა სხვაგან, - შემთხვევითი ვარჯიშის შემკობა ამ ფუნქციით, ძველი
ან უცხოური აზრების ფასდაუდებელ საგანძურად შერაცხვა, ეჭვიანი შიშით გახსენება, თუ რას
ფიქრობდა ზოგიერთი doctor universalis, - ეს ყველაფერი ჩვენივე უმოქმედობის ან ბარბაროსობის
აღიარებაა. ყველა ადამიანი უნდა ატარებდეს ყოველგვარ იდეას და, მჯერა, ასეც იქნება
მომავალში“.
მენარმა გაამდიდრა (ალბათ უნებლიეთ) ახალი ტექნიკით - შეგნებული ანაქრონიზმისა და
მცდარი მიკუთვნების ტექნიკით - კითხვის ნელი და ახალჩასახული ხელოვნება. ეს უკანასკნელი
უსასრულო მოთმინებას და კონცენტრირებას ითხოვს, გვაქეზებს, ისე ვიკითხოთ „ოდისეა“,
თითქოს „ენეიდას“ შემდეგ დაიწერა; ისე ვიკითხოთ მადამ ენრი ბაშელიეს „ღიღილოს ბაღი“,
თითქოს მადამ ენრი ბაშელიემ დაწერა. ეს ტექნიკა თავგადასავლით ავსებს თვით უმშვიდეს
წიგნებს. „Imitatio Christi“ -ს[31] მიწერა ლუის ფერნანდო სელინის ან ჯეიმს ჯოისისთვის: განა ეს
იმ უღიმღამო სულიერი შეგონებების საკმარისი განახლება არ არის?
ნიმი, 1939

წრიული ნანგრევები
და თუ ის წავიდა ოცნებით შენზე...
„სარკეში“, VI ვერავინ დაინახა, როგორ გაიპარა გემიდან იმ ერთსულოვან ღამეს, ვერავინ დაინახა
ბამბუკის კანოე, როცა ის წმინდა ტალახში ჩაეშვა. მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც
უკლებლივ ყველამ იცოდა, რომ ეს ჩუმი კაცი სამხრეთიდან მოვიდა და რომ მისი სამშობლო იყო
იმ უსასრულო სოფლებიდან ერთ-ერთი, მთის ძალუმ ფერდობს რომ შეჰფენოდა მდინარის ზედა
ნაწილში, სადაც ზენდავესტური ენა ჯერაც არ მოწამლულიყო ბერძნულით და სადაც კეთრს არ
იცნობდნენ. მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერმა კაცმა ტალახს აკოცა, ნაპირზე აცოცდა (ალბათ არც
კი უგრძნია ბასრღეროიანი ლერწმები, სხეულს რომ უსერავდნენ) და, გასისხლულ-
დასუსტებული, მილასლასდა წრიულ გალავნამდე, რომელსაც აგვირგვინებდა ქვის ცხენისა თუ
ვეფხვის ფიგურა, ოდესღაც ცეცხლისფერი, ახლა კი ფერფლივით რუხი. ეს გალავანი იყო დიდი
ხნის წინ დაქცეული ტაძარი, რომელიც მალარიულმა ჯუნგლებმა წაბილწეს და რომლის
ღვთაებამაც - კაცთა მოდგმისგან პატივაყრილმა - იქაურობა დატოვა. უცხოელი კაცი
კვარცხლბეკის ძირში მიწვა.
ცაში მაღლა ასულმა მზემ გამოაღვიძა. ჭრილობები დაითვალიერა და გაუოგნებლად შენიშნა, რომ
ყველა შეხორცებოდა. მქრქალი თვალები დახუჭა და ძილი განაგრძო, - არა სხეულში ჩამდგარი
სისუსტისგან, არამედ მტკიცე გადაწყვეტილების კარნახით, რომ უნდა დაეძინა. იცოდა: სწორედ
ეს ტაძარი იყო ადგილი, რომლისკენაც მისი დაუმარცხებელი გეგმა უხმობდა; იცოდა: უმოწყალო
ხეებს მაინც ვერ შთაენთქათ მდინარის უფრო ქვედა ნაწილში მდგარი მეორე იმედისმომცემი
ტაძარი, ისიც - ასეთივე მკვდარი, ჩაფერფლილი ღმერთების სამკვიდრო; იცოდა: მის უშუალო
ვალდებულებას ამჯერად ძილი შეადგენდა.
შუაღამისას ფრინველის უნუგეშო ძახილმა გამოაღვიძა. შიშველი ფეხების ნაკვალევმა, რამდენიმე
ლეღვმა და წყლიანმა დოქმა მიახვედრა, რომ ადგილობრივი ხალხი პატივისცემით
უთვალთვალებდა მის ძილს, ელოდა მის წყალობას ან მის მაგიას უფრთხოდა. სხეულში შიშის
სიცივემ დაუარა, კედლის ნანგრევში საფლავივით ნიშა მოძებნა, შიგ შეწვა და სხეულზე უცნობი
ფოთლები გადაიფარა.
მიზანი, რომელიც ამოძრავებდა, მიუწვდომელი კი არ იყო, არამედ სრულებით ზებუნებრივი. მას
სურდა დასიზმრებოდა კაცი, დასიზმრებოდა მთლიანად, ყოველი დეტალითა და ნიუანსით, და
რეალობაში გადმოეტანა ის. სული ამ ჯადოსნურმა მიზანმა აუვსო და ვინმეს რომ მისთვის
სახელი ეკითხა, ან დაინტერესებულიყო მისი აქამომდელი ცხოვრების რომელიმე მომენტით,
ვერაფერს ეტყოდა. უკაცრიელი და ჩამონგრეული ტაძარი დიახაც შეეფერებოდა მის
დღევანდელობას, რადგან ეს ხილული სამყაროს მინიმუმი იყო. ასევე შეეფერებოდა სიახლოვე
ტყისმჭრელებთან, რომლებიც მის მწირ საჭიროებებზე ზრუნავდნენ. მათ მიერ შემოწირული
ბრინჯი და ხილი საკმარისი საკვები იყო მისთვის, ვისაც თავი ძილისა და სიზმრისთვის ჰქონდა
გადადებული.
თავიდან ქაოსური სიზმრები ესიზმრებოდა, ცოტა ხნის შემდეგ - უკვე დიალექტიკური. უცხოელს
ესიზმრებოდა, რომ იმყოფებოდა წრიული ამფითეატრის ცენტრში, რომელიც რაღაცნაირად

17
დანგრეული ტაძარი იყო, მდუმარე სტუდენტები კი ღრუბლის ფთილებივით ავსებდნენ
ტერასებად განლაგებულ ქვის სკამებს. ყველაზე დაშორებული სახეები მრავალი საუკუნის
განმავლობაში და კოსმიურ სიმაღლეზე მოჩანდა, თუმცა - აბსოლუტურად მკაფიოდ. კაცი
კითხულობდა ლექციებს ანატომიის, კოსმოგრაფიის, მაგიის სფეროებში. სახეები სერიოზულად,
ყურადღებით უსმენდნენ და ცდილობდნენ, გაგებით გამოხმაურებოდნენ. თითქოს გრძნობდნენ
მნიშვნელობას ამ საგანმანათლებლო პროცესისა, რომელსაც უნდა გამოეხსნა ერთ-ერთი მათგანი
ცარიელი და მოჩვენებითი არსებობიდან და რეალურ სამყაროში გადმოეყვანა. მძინარეცა და
მღვიძარეც, კაცი აჩრდილთა პასუხებზე ფიქრობდა. ვერ დაუშვებდა, რომ თაღლითურად
მოეტყუებინათ, და ზოგიერთ დაბნეულში მზარდ გონიერებას გრძნობდა. ეძებდა სულს,
რომელიც ღირსი იქნებოდა, რომ თავისი ადგილი დაეკავებინა სამყაროში.
მეცხრე თუ მეათე ღამეს კაცი მიხვდა (ერთგვარი სიმწარით), რომ არაფრის ლოდინი არ
შეიძლებოდა იმ სტუდენტებისგან, რომლებიც პასიურად იღებდნენ მის სწავლებას, არამედ
მხოლოდ ისეთებისგან, დროდადრო და კეთილგონივრულად რომ შეესიტყვებოდნენ ხოლმე.
პირველები - უსიტყვოდ მიმღებნი, მაინც რომ იმსახურებდნენ სიყვარულსა და რაღაც
თანაგრძნობას, არასოდეს იქცეოდნენ პიროვნებებად; მეორეებს - მათ, ვინც ზოგჯერ კითხვებს
იძლეოდა - რამდენადმე უფრო ღრმა არსებობა ჰქონდათ. ერთ ნაშუადღევს (ამჯერად
ნაშუადღევებიც ძილში გადიოდა: ამ დროს კაცს სულ ორი-სამი საათი ეღვიძა, ისევე, როგორც
გათენებისას) მან ერთხელ და სამუდამოდ დაითხოვა თავისი დიდი, ილუზორული აუდიტორია
და სულ რამდენიმე მოწაფე დაიტოვა: ჩუმი ჭაბუკი, ზოგჯერ ურჩი და მოუხელთებელი,
მოყვითალო კანით და მკვეთრი ნაკვთებით, რომლებიც სიზმრად ნანახი იმ კაცის ნაკვთებს
ეხმიანებოდა. ეს მოწაფე დიდხანს არ დაუბნევია დანარჩენების დათხოვნას. რამდენიმე
ინდივიდუალური გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელი განაცვიფრა მისმა პროგრესმა. მაგრამ
მომავალი უბედურება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. ერთ დღესაც კაცს ისე გამოეღვიძა, თითქოს,
ბოლოს და ბოლოს, წებოვან უდაბნოს დაუსხლტაო, საღამოს დაცარიელებულ სინათლეს გახედა
(რომელიც ერთი წუთით თენების სინათლეში აერია) და მიხვდა, რომ არ დასიზმრებია. მთელ იმ
ღამეს და მომდევნო დღეს უძილობის აუტანელი სიცხადე ქორივით დასდევდა უკან. ჯუნგლების
დასათვალიერებლად წავიდა იმ იმედით, რომ დაიღლებოდა. მათოთებს შორის სულ მოკლე
ინტერვალებით ჩაძინება მოახერხა და ეს ძილიც მისთვის უსარგებლო რამდენიმე წამიერმა
ხილვამ თუ გასერა. ისევ შეკრიბა თავისი კლასი, მაგრამ რამდენიმე შემგონებლური სიტყვის
თქმის შემდეგ სახეები გაინთხა, დაიბრიცა და გაუჩინარდა. თითქმის მუდმივად მღვიძარ
მდგომარეობაში მყოფ ამ თვალებს რისხვის ცრემლები შანთავდა.
მიხვდა, რომ სიზმრების არათანმიმდევრული და გამაბრუებელი მასალისგან რაიმეს გამოძერწვა
უძნელესი სამუშაოა, რომელიც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს, თუნდაც ზედა და ქვედა
სფეროების ყველა გამოცანას ზომავდეს, - გაცილებით ძნელი, ვიდრე თოკის დაწვნა ქვიშისგან ან
მონეტების გამოჭედვა უსახური ქარისგან. მიხვდა, რომ თავდაპირველი მარცხი გარდაუვალი იყო.
დაიფიცა, რომ უკან ჩამოიტოვებდა დიდ ჰალუცინაციას, გზიდან რომ გადააცდინა, და თავის
მიზანთან მიახლოების სხვა გზის ძებნას შეუდგა. მანამდე კი მთელი თვე მიუძღვნა იმ ძალის
აღდგენას, ბოდვაში ყოფნამ რომ გამოაცალა. მიატოვა ყოველგვარი წინასწარი მედიტაცია
სიზმარზე, თითქმის მაშინვე ჩაიძინა და დღის გვარიანი ნაწილი ძილში გაატარა. ამასობაში
რამდენიმე სიზმარი ნახა, თუმცა ფოკუსირება არც ერთზე არ მოუხდენია, - მერე განაგრძობდა
თავის საქმეს, როცა მთვარე შეივსებოდა. იმ საღამოსვე განიბანა სხეული მდინარის წყლებში,
ქედი მოუდრიკა პლანეტის ღმერთებს, წარმოთქვა იმ ძალუმი სახელის მარცვლები, კანონიერად
რომ უნდა წარმოითქვას, და დასაძინებლად დაწვა.
თითქმის ჩაძინებისთანავე ესიზმრა მფეთქავი გული: თბილი, აქტიური, ფარული, დაახლოებით
შეკუმშული მუშტის ზომის, გრანიტის ფერი გუნდა ადამიანის უსახო და უსქესო სხეულის შიდა
ბინდბუნდში. ეს ესიზმრებოდა მტკივნეული სიყვარულით თოთხმეტი ღამის განმავლობაში,
ღამიდან ღამემდე - უფრო და უფრო ცხადად, უფრო და უფრო გარკვეულად. არ ეხებოდა,
მხოლოდ ხედავდა, უკვირდებოდა, იქნებ თვალებით ასწორებდა კიდეც. მრავალი კუთხიდან,
მრავალი მანძილიდან აღიქვამდა და განიცდიდა მას. მეთოთხმეტე ღამეს ფილტვების არტერიას
საჩვენებელი თითი გადაუსვა, მერე მთელ გულს შეეხო, შიგნიდან და გარედან. და ამ
დათვალიერებამ სიამაყე აგრძნობინა. მომდევნო ღამეს განზრახ არ დაიძინა. მერე ისევ
მიუბრუნდა გულს, პლანეტის სახელი წარმოთქვა და ამჯერად სხვა დიდი ორგანოს დასიზმრებას
შეუდგა. სანამ ერთი წელი გავიდოდა, უკვე ჩონჩხამდე და ქუთუთოებამდე მივიდა. სხეულზე
ამოსული უთვალავი თმა ალბათ ყველაზე ძნელი დასასიზმრებელი იყო. დაესიზმრა ახალგაზრდა
მამაკაცი მთელი მისი სხეულით: არ ამდგარა და ხმა არ ამოუღია, თვალიც კი არ გაუხელია.
ღამიდან ღამემდე კაცს მძინარე ჭაბუკი ესიზმრებოდა.
გნოსტიკოსების კოსმოგონიაში დემიურგები ზელენ წითელ ადამს, რომელიც ფეხზე ვერ დგება.
ასეთივე ნედლი, უმწიფარი და პირველადი იყო ჯადოქრის ღამეებში გამოძერწილი სიზმრის

18
ადამი. ერთ ნაშუადღევს კაცმა ლამის დაამსხვრია თავისი ქმნილება. მაგრამ ვერ შეძლო. მას
შემდეგ, რაც აღთქმა დაუდო მიწისა და მდინარის ყველა ღვთაებას, პირქვე დაემხო ვეფხვის თუ
კვიცის კერპის წინაშე და დახმარება სთხოვა, ჯერაც გამოუყენებელი დახმარება. იმ საღამოს,
დაისზე, ქანდაკებამ სიზმრებით აავსო. სიზმარში ის ცოცხალი იყო და ცახცახებდა, თუმცა არ
ზაფრავდა კაცს ცხენის და ვეფხვის ჰიბრიდული სახით. ეს, მართლაცდა, ორი ძალუმი არსება იყო
და, მათთან ერთად, ხარიც, ვარდიც, ქარიშხალიც, - ეს ყველაფერი ერთად. მრავალსახიანმა
ღმერთმა კაცს გაუმხილა, რომ მისი მიწიერი სახელი იყო ცეცხლი; რომ ამ წრიულ ტაძარში (და
ყველა მის მსგავსში) ადამიანები მსხვერპლს წირავდნენ და თაყვანს სცემდნენ მას და რომ ის
მაგიურად შთაბერავდა სულს ფანტომს, რომელზეც კაცი ოცნებოდა; იმდენად სრულად შეასხამდა
ხორცს, რომ ყოველი არსება, თვით ცეცხლისა და მეოცნებე კაცის გარდა, მას სისხლით და ხორცით
სავსე არსებად მიიღებდა. მერე უბრძანა მეოცნებეს, ჭაბუკი რიტუალებში გაარკვიე და იმ მეორე
დანგრეულ ტაძარში გაგზავნეო, რომლის პირამიდები ჯერ კიდევ იდგა ქვემოთ, მდინარესთან,
რათა შესძლებოდა ღვთის განდიდება უკაცრიელ ადგილას. მძინარე კაცის სიზმარში მძინარემ
გაიღვიძა.
ჯადოქარმა შეასრულა ცეცხლის მითითებები. გარკვეული დრო დაუთმო (ამ დრომ, საბოლოოდ,
მთელ ორ წელიწადს გასტანა) ჭაბუკისთვის სამყაროსა და ცეცხლის კულტის საიდუმლოებების
განდობას. გულის სიღრმეში კაცი იტანჯებოდა, რომ უნდა დაშორებოდა თავის ქმნილებას.
პედაგოგიური აუცილებლობის საბაბით, ყოველდღე უფრო დიდხანს წელავდა ძილის საათებს.
გარდა ამისა, მარჯვენა მკლავიც შეუსწორა (როგორც ჩანს, დეფექტური). შიგადაშიგ, ეუფლებოდა
შემაწუხებელი განცდა, რომ ეს ყველაფერი უწინაც მომხდარიყო... მთლიანობაში, ბედნიერი
დღეები ჰქონდა. თვალების დახუჭვისას ფიქრობდა: „ახლა მე ჩემს ვაჟთან ვიქნები“. უფრო
იშვიათად: „ჩემ მიერ ჩასახული ჩემი ვაჟი ახლა მელოდება. ის არ იარსებებს, თუ არ მივაკითხავ“.
ნელ-ნელა კაცმა ჭაბუკი რეალობას მიაჩვია. ერთხელ უბრძანა, იმ შორეული მთის თავზე დროშა
აღმართეო. მეორე დღეს მწვერვალზე დროშა ფრიალებდა. მან სხვა მსგავსი ექსპერიმენტებიც
სცადა, ყოველი მომდევნო - წინაზე უფრო გაბედული. ერთგვარი სიმწარე იგრძნო იმის
შემხედვარემ, რომ მისი ვაჟი უკვე მზად იყო დასაბადებლად (იქნებ ვეღარც კი ითმენდა). იმ ღამეს
პირველად აკოცა, მერე კი გაგზავნა მრავალი ლიეს გასავლელად გაუვალ ჯუნგლში და ჭანჭრობში,
იმ მეორე ტაძრისკენ, რომლის ნანგრევები თეთრად ელავდნენ მზეზე, მდინარესთან. მაგრამ
მანამდე (რათა ბიჭს არასოდეს სცოდნოდა, რომ ფანტომი იყო, და დაეჯერებინა, რომ ისიც
ადამიანია ყველა სხვასავით) კაცმა მას განსწავლის წლების სრული დავიწყება ჩაუღვარა.
კაცის გამარჯვება და შინაგანი მშვიდობა დააბლაგვა მისი დღეების დამღლელმა ერთნაირობამ.
მწუხრისა და განთიადის ბინდბუნდში პირქვე ირთხმეოდა ქვის კერპის წინაშე და, შესაძლოა,
წარმოიდგენდა, რომ მისი ვაჟიც ასეთივე რიტუალებს ატარებდა მეორე წრიულ ნანგრევებში,
მდინარესთან. ღამღამობით არაფერი ესიზმრებოდა, ან - ისეთი სიზმრები, რასაც ყველა ადამიანი
ხედავს. სამყაროს ხმებისა და ფორმების მისეული აღქმა რამდენადმე გაუფერულდა: წასული
შვილი მისი სულის ამ დაპატარავებით იკვებებოდა. მისი სიცოცხლის მიზანი განხორციელდა,
ამჟამად კაცი ერთგვარ ექსტაზში განაგრძობდა ყოფნას.
გარკვეული ხნის შემდეგ (რომელსაც ამ ამბის ზოგიერთი მთხრობელი წლებით განსაზღვრავს,
ზოგიც - ათწლეულებით), ორმა მენიჩბემ კაცი გააღვიძა შუაღამისას. სიბნელეში სახეები არ
უჩანდათ, მაგრამ კაცს უამბეს ჩრდილოეთის ტაძარში მცხოვრებ მაგიურ ადამიანზე, რომელიც
ცეცხლზე დადიოდა და არ იწვებოდა.
ჯადოქარს იმწამსვე გაახსენდა ღმერთის სიტყვები. გაახსენდა, რომ დედამიწის ყველა მკვიდრს
შორის მხოლოდ ცეცხლმა იცოდა, რომ მისი ვაჟი აჩრდილი იყო. ამ გახსენებამ ჯერ ანუგეშა, მერე
კი ტანჯვა მოჰგვარა. შეეშინდა: ჩემი შვილი თავის არაბუნებრივ პრივილეგიას ჩაუფიქრდება და
რაღაცნაირად აღმოაჩენს, რომ თვითონ მხოლოდ ფანტომია და მეტი არაფერიო. იყო არა ადამიანი,
არამედ მხოლოდ სხვა ადამიანის სიზმრის პროექცია: რა გაუგონარი დამცირებაა, რა
თავბრუსხვევა! ნებისმიერი მშობელი ზრუნავს შვილებზე, რომლებიც მან შექმნა (ან შეაქმნევინა)
ბედნიერმა ან თუნდაც თავგზააბნეულმა. სრულიად ბუნებრივია, რომ ჯადოქარს აღელვებდა იმ
შვილის ხვედრი, ორგანოდან ორგანომდე, ნაკვთიდან ნაკვთამდე რომ შეექმნა ათას ერთი
საიდუმლო ღამის განმავლობაში.
მისი ნააზრევები უეცრად შეწყდა. თუმცა მანამდე წინამაუწყებელი ნიშნებიც დაინახა: ჯერ -
დიდი ხნის გვალვის შემდეგ - შორეული, ჩიტივით მსუბუქი ღრუბელი მთის წვერზე; შემდეგ,
სამხრეთისკენ, ლეოპარდის მოვარდისფრო ღრძილების ფერის ცა; შემდეგ - კვამლის ფთილები,
რომლებმაც დაჟანგა ღამეთა რკინა; ბოლოს კი - დამფრთხალი ცხოველების გაქცევა... რადგან ახლა
მეორდებოდა ის, რაც ასობით წლის წინ მოხდა. ცეცხლის ღმერთის სამლოცველოს ნანგრევები
ცეცხლმა შემუსრა. განთიადზე, რომელსაც ჩიტების ხმები არ ახლდა, ჯადოქარი უყურებდა
ცეცხლის კონცენტრულ რგოლებს კედლების თავზე. ერთი წამით იფიქრა, წყალს შევეფარებიო.

19
თუმცა მეორე წამს მიხვდა, რომ სწორედ სიკვდილი დააგვირგვინებდა მის ასაკს და
გაათავისუფლებდა ყოველგვარი გარჯისგან. ცეცხლის ფლასებში შეაბიჯა... მაგრამ მათ არ
უკბინეს, მხოლოდ მიეალერსნენ, ზედ გადაევლნენ სიცხისა და წვის გარეშე. შვებამოგვრილი,
დამცირებული, შეძრწუნებული კაცი მიხვდა, რომ თვითონაც მხოლოდ ფანტომი იყო და ახლა
ვიღაცას ესიზმრებოდა.

ბაბილონური ლატარია
როგორც ყველა ბაბილონელი, მეც პროკონსული ვიყავი; როგორც ყველა, მეც ვყოფილვარ მონა.
გამომივლია ყოვლისშემძლეობა, პატივის აყრა, დატუსაღება. შემომხედე: მარჯვენა ხელზე
საჩვენებელი თითი არ მაქვს. შემომხედე: მოსასხამის ჭრილში მუცელზე გაკეთებული ალისფერი
სვირინგი მიჩანს: ეს მეორე ასოა, ბეთ. სავსემთვარიან ღამეებში ეს სიმბოლო მაძლევს
ძალაუფლებას იმ ადამიანებზე, რომლებსაც გიმელის[32] ნიშანი აქვთ, თუმცა მაქვემდებარებს
ალეფის[33] ნიშნიანებისადმი, თავის მხრივ, გიმელის ნიშნიანებს რომ ემორჩილებიან უმთვარო
ღამეებში. ცისკრის ბინდბუნდში, სარდაფში, შავი საკურთხევლის წინ სამსხვერპლო ხარებს ყელს
ვჭრიდი ხოლმე. ერთხელ მთელი მთვარის წელიწადის განმავლობაში მე უხილავად შემრაცხეს:
შემეძლო, მეყვირა, მაინც არავინ მიაყურადებდა ჩემს ძახილს; შემეძლო, პური მომეპარა, არავინ
წამაცლიდა თავს. ვიცოდი ისეთი რამ, რაც ბერძნებს არ სცოდნიათ: გაურკვევლობა. სპილენძის
ოთახში, ჯალათის მდუმარე ყელსახვევის წინაშე, იმედი არ დამკარგვია. სიამოვნებათა მდინარეში
პანიკას არ შევუპყრივარ. ჰერაკლიტე პონტიკუსი აღტაცებით ამბობს: პითაგორა იხსენებდა
პიროსად ყოფნას, მანამდე - ევფორბუსად, კიდევ უფრო ადრე - სხვა მოკვდავადო. ასეთივე
ცვალებადობის გასახსენებლად სიკვდილი არ მჭირდება, თვით ყალთაბანდობაც კი.
ამ თითქმის საზარელ მრავალფეროვნებას ერთ ინსტიტუტს ვუმადლი: ლატარიას, რომელიც
უცნობია სხვა ერებისთვის, ან თუ ნაცნობია და - არასრულყოფილად ან ფარულად. არასოდეს
ჩავძიებივარ ამ ინსტიტუტის ისტორიას. ვიცი, რომ ამ საკითხში ბრძენკაცნიც ვერ თანხმდებიან.
მის ძალუმ მიზნებზე იმდენივე ვიცი, რამდენიც ასტროლოგიის არმცოდნემ შეიძლება იცოდეს
მთვარის შესახებ. ჩემი ქვეყანა თავბრუდამხვევი ქვეყანაა, სადაც ლატარია დღემდე რეალობის
დიდი ელემენტია. ამაზე ისევე ცოტა მიფიქრია, რამდენიც გაუშიფრავი ღმერთების ქცევაზე ან
ჩემსავე გულზე. ახლა, ბაბილონიდან და მისი საყვარელი ადათ-წესებიდან შორს, შეცბუნებული
ვფიქრობ ლატარიაზე და იმ მკრეხელურ ვარაუდებზე, მალული ადამიანები რომ ჩურჩულებენ
რიჟრაჟის ან მწუხრის ბინდბუნდში.
მამაჩემს შეეძლო მოეყოლა, როგორ თამაშობდა ბაბილონში უბრალო ხალხი ლატარიას დიდი ხნის
წინ (საუკუნეების? წლების?). ჰყვებოდა (თუმცა არ ვიცი, ნამდვილად ასე იყო თუ არა), როგორ
იღებდნენ დალაქები კლიენტებისგან სპილენძის მონეტებს და უბრუნებდნენ სიმბოლოებით
მორთულ ძვლის ან პერგამენტის მართკუთხედებს. შემდეგ, დღისით-მზისით, თამაშდებოდა
ლატარია. ისინი, ვისაც ბედი გაუღიმებდა, ვერცხლის მონეტებს იგებდნენ ისე, რომ, იღბლის
მხრიდან, მეტი დასტური აღარ სჭირდებოდათ. ეს პროცედურა, თავად დაინახავ,
ელემენტარულია.
ბუნებრივია, ეს ეგრეთ წოდებული „ლატარიები“ სხვა არაფერი იყო, თუ არა მარცხი და
წარუმატებლობა. არავითარი ზნეობრივი ძალა მათ არ გააჩნდა და მიმართავდა არა ადამიანის
უნარს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის იმედს. მალე ხალხის გულგრილობამ უჩვენა, რომ
ვაჭრები, რომელთაც ეს გასაყიდი ლატარიები დააფუძნეს, უკვე ზარალში წავიდნენ. ვიღაცამ
რაღაც ახლის წამოწყება სცადა: იღბლიანი რიცხვების სიაში რამდენიმე უიღბლოც ჩართო. ეს
სიახლე ნიშნავდა, რომ მათ, ვინც ამ დანომრილ მართკუთხედებს იძენდა, ორმაგი შანსი
ეძლეოდათ: შეიძლებოდა ფული მოეგოთ ან, პირიქით, იქით ჰქონოდათ გადასახდელი
გარკვეული, ხანდახან კარგა გვარიანი თანხა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პატარა რისკმა
(ყოველ ოცდაათ „კარგ“ ნომერზე ერთი ავის მომასწავებელი მოდიოდა) ხალხს ინტერესი
გაუღვივა. ბაბილონელთა რიგები ბილეთების გასაყიდ წერტილებთან არ წყდებოდა. მას, ვინც
არაფერს ყიდულობდა, მხდალ არამზადად ნათლავდნენ, ანუ იმად, ვის სულშიც თავგადასავლის
ნიშანწყალი არ იყო. დროთა განმავლობაში, ამ გამართლებულ ზიზღს მეორე სამიზნეც გაუჩნდა:
არა მხოლოდ ის, ვინც არ თამაშობდა, არამედ ისიც, ვინც აგებდა და ჯარიმას იხდიდა. კომპანიას
(ასე იწყებდა პუბლიკა მის გაცნობას) უნდა დაეცვა მოგებულთა ინტერესები, - იმათი, ვისაც ვერ
გადაუხდიდნენ მონაგებს, სანამ თითქმის მთლიანად არ დაგროვდებოდა ჯარიმების თანხა.
წაგებულთადმი აღძრული სასამართლო პროცესი მათ თავდაპირველი ჯარიმის გადახდასაც
უწესებდა და, ამასთანავე, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებასაც, ან კიდევ - რამდენიმე დღის
გატარებას ციხეში. ამ კომპანიის შეფერხების მიზნით, ყველა წაგებულს საკანში ჩამწყვდევა
ერჩივნა. მაგრამ რამდენიმე კაცის მიერ ნასროლმა ხელთათმანმა სათავე დაუდო კომპანიის
ყოვლისშემძლეობას, მის ზეციურ, მეტაფიზიკურ ძალას.

20
მიუხედავად მოლოდინისა, ლატარიაში ამოსული რიცხვების პარალელურად აღარ გამოქვეყნდა
ჯარიმების სიები. ამიერიდან ქვეყნდებოდა მხოლოდ წაგებულთა დატუსაღების დღეები. ეს
ერთგვარი სტენოგრაფია, რომელმაც მაშინ შეუმჩნევლად ჩაიარა, უკიდურესად მნიშვნელოვან
მომენტს წარმოადგენდა: ამ დროს პირველად გამოჩნდა არაფულადი ელემენტები ლატარიაში. და
ამას დიდი წარმატება ხვდა წილად: მოთამაშეებმა, მართლაცდა, აიძულეს კომპანია, გაეზარდა
უიღბლო ნომრების რაოდენობა.
როგორც ყველასთვის ცნობილია, ბაბილონელები დიდად ეთაყვანებიან ლოგიკას და თვით
სიმეტრიასაც. შეუსაბამო იყო, რომ იღბლიან რიცხვებს ვერცხლის მრგვალი მონეტები რგებოდა,
უიღბლო კი ციხის საკანში გატარებული დღე-ღამეებით გაეზომათ. იყვნენ მორალისტები, ვინც
სადავოდ ხდიდა, ყოველთვის მოჰქონდა თუ არა ბედნიერება მონეტების ფლობას, და ვისთვისაც
არსებობდა ბედნიერების სხვა ფორმები, შესაძლოა - უფრო პირდაპირი და უშუალო.
ქალაქის ახლომახლო მობინადრე დაბალ კასტებს სხვა საჩივარი ჰქონდათ. ქურუმთა კლასის
წარმომადგენლები მძიმედ რისკავდნენ და ასე შეჰხაროდნენ შიშისა და იმედის მონაცვლეობას.
ღარიბები (გასაგები ან გარდაუვალი შურით) ხედავდნენ, რომ გზა მოჭრილი ჰქონდათ იმ
საყოველთაოდ საამური ბორბლისკენ, რომელსაც სენსუალურსაც კი დაარქმევდი. მშვენიერმა და
კეთილგონივრულმა სურვილმა, რომ ყველა კაცს და ქალს, მდიდარს თუ ღარიბს, ერთნაირად
შესძლებოდა მონაწილეობის მიღება ლატარიაში, თან მოიყოლა აღშფოთების გამოვლინებები,
რომლებიც დრომ ვერ დაბინდა. ზოგიერთი ჯიუტი სული ვერ მიხვდა (ან ვითომ ვერ მიხვდა), რომ
ეს იყო novus ordo seclorum[34], ისტორიის აუცილებელი საფეხური... მონამ ალისფერი ბილეთი
მოიპარა. კენჭისყრამ გადაწყვიტა, რომ ამ ბილეთის მფლობელისთვის ენა უნდა ამოეწვათ.
კანონთა კოდექსი იმავე განაჩენს ითვალისწინებდა ლატარიის ბილეთის ქურდისთვის.
ზოგიერთი ბაბილონელის აზრით, ჩადენილი ქურდობისთვის მონამ გავარვარებული რკინა
დაიმსახურა. სხვები - უფრო დიდსულოვანნი - მიიჩნევდნენ, რომ ჯალათს რკინა იმიტომ უნდა
გამოეყენებინა, რომ ასე გადაწყვიტა ბედმა... იყო მღელვარებები, იყო სისხლის ღვრის დასანანი
შემთხვევები, მაგრამ ბაბილონელთა მასებმა, მდიდართა და შეძლებულთა წინააღმდეგობის
მიუხედავად, გაიტანეს თავიანთი ნება და, შესაბამისად, თავიანთი სულგრძელი მიზნებიც
ბოლომდე მიღწეული იხილეს. პირველი: კომპანია იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ხალხის
ძალმოსილებისთვის (კონსოლიდაცია გარდაუვალი იყო ახალი ოპერაციების მასშტაბურობისა და
სირთულის გამო). მეორე: ლატარია გახდა ფარული, უფასო, ყველასთვის მისაწვდომი; გაუქმდა
წილების ქორვაჭრული გაყიდვა. ბაალის მისტერიებთან ზიარების შემდეგ ყოველი მოქალაქე
ავტომატურად ერთვებოდა საკრალურ ლატარიაში, რომელიც ტარდებოდა ღვთის ლაბირინთებში
ყოველ მესამოცე დღეს და განსაზღვრავდა თითოეული ბაბილონელის ბედს მომდევნო
გათამაშებამდე. ამან უთვალავი შედეგი გამოიღო. იღბლიან ლატარიას შეიძლებოდა კაცი
მოგვების საბჭომდე აემაღლებინა, ან მისი მტრის დაპატიმრება გამოეწვია (ფარულად ან
ყველასთვის თვალსაჩინოდ), ან საშუალება მიეცა მისთვის, თავისი ოთახის მშვიდობიან
ბინდბუნდში ეპოვა ქალი, რომელიც მას ააღელვებდა ან რომლის ნახვის იმედი აღარც კი ჰქონდა.
უიღბლო გათამაშებას კი შეიძლებოდა მოეტანა დასახიჩრება, პატივის აყრა, თვით სიკვდილი.
ზოგჯერ ერთადერთი ცდომილება: მავანის მკვლელობა ტავერნაში, მავანის იდუმალი აპოთეოზი -
შეიძლებოდა ყოფილიყო ოცდაათი თუ ორმოცი ლატარიის შთაგონებული შედეგი. სანაძლეოთა
კომბინირება ძნელი საქმე იყო, მაგრამ უნდა გავიხსენოთ კომპანიის ყოვლისშემძლეობა და
გონიერება (მაშინაც და ახლაც). ბევრ შემთხვევაში, იმის ცოდნა, რომ ზოგიერთი ბედნიერი
დასასრული, უბრალოდ, იღბლის ამბავი იყო, ამცირებდა ასეთი შედეგების ძალას. ამ პრობლემის
აღკვეთის მიზნით, კომპანიის აგენტები მიმართავდნენ ჩაგონებას, თვით მაგიასაც კი. ბილიკები,
რომლებსაც ისინი მისდევდნენ, ინტრიგები, რომლებსაც ხლართავდნენ, მუდამ დაფარული
რჩებოდა. თითოეული ადამიანის უშინაგანეს იმედებსა თუ შიშებში შესაღწევად ისინი
ასტროლოგებსა და ჯაშუშებს მიმართავდნენ. იყო ერთგვარი ქვის ლომები, საკრალური
საპირფარეშო სახელად ქაპქა, ნაპრალები მტვრიან აკვედუკში: ამ ადგილებიდან, საყოველთაო
რწმენით, შესაძლებელი იყო კომპანიამდე მიღწევა, და კარგისა თუ ცუდის მსურველი ადამიანები
სწორედ მსგავს წერტილებში ტოვებდნენ კონფიდენციალურ შეტყობინებებს. ანბანური
თანმიმდევრობით შედგენილ საქაღალდეში ცვლადი უტყუარობით შედგენილი ეს დოსიეები
ეწყო.
დაუჯერებელია, მაგრამ იქ ლაპარაკობდნენ ფავორიტიზმზე, კორუფციაზე. მისთვის ჩვეული
სიფრთხილიდან გამომდინარე, კომპანია პირდაპირ პასუხს არ იძლეოდა. ამის სანაცვლოდ, თავის
მოკლე არგუმენტს ნიღბების ქარხნის ყორის ქვას მიაჯღაბნიდა ხოლმე. ეს თავის მართლება
ამჟამად წმინდა წერილებში შედის. ის დოგმატურად აღნიშნავდა: ლატარია იღბლის ჩართვაა
სამყაროს წესრიგში და ცდომილებათა მიღება შანსის გაძლიერებას ნიშნავს და არა მის
შეწინააღმდეგებასო. ასევე აღნიშნავდა იმასაც, რომ ის ქვის ლომები თუ საიდუმლო
საპირფარეშოები - თუნდაც არცთუ კანონგარეშედ გამოცხადებული კომპანიის მიერ - მაინც ვერ
მოქმედებდნენ ოფიციალური გარანტიებით.

21
ამ განაცხადმა ხალხი ჩააწყნარა. თუმცა სხვა შედეგებიც მოიყოლა, იქნებ გაუთვალისწინებელიც
მისი ავტორისთვის. ამან სიღრმისეულად შეცვალა კომპანიის სულიცა და მოქმედებებიც...
ცოტა დრო დამრჩა. გემი მალე გავაო, გვითხრეს. მაგრამ შევეცდები, აგიხსნათ.
რაოდენ ნაკლებად სარწმუნოც უნდა ჩანდეს, იმ მომენტამდე არავის შეემუშავებინა თამაშის
ზოგადი თეორია. ბაბილონელები სპეკულაციური ხალხი არ გახლავთ, ისინი შემთხვევის კარნახს
ემორჩილებიან, მას უქვემდებარებენ თავიანთ ცხოვრებას, იმედებს, უსახელო ზაფრას, თუმცა
აზრადაც არასოდეს მოსდით, ჩაეძიონ შემთხვევის ლაბირინთულ კანონებს ან განმეორებად
სფეროებს, რომლებშიც მისი მუშაობა მჟღავნდება. მიუხედავად ამისა, ჩემ მიერ ნახსენებმა
ნახევრად ოფიციალურმა განაცხადმა სამართლებრივი და მათემატიკური ხასიათის უამრავი
დებატი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანიდან წარმოიშვა შემდეგი ვარაუდი: თუ ლატარია შანსის
გაინტენსიურებაა, ქაოსის პერიოდული შესხურება კოსმოსში, მაშინ იქნებ უპრიანია, რომ შანსი
ლატარიის ყველა ასპექტში შემოიჭრას და არა მხოლოდ ერთში? განა შეუსაბამო არ არის, რომ
შემთხვევამ განსაზღვროს ადამიანის სიკვდილი, ხოლო სიკვდილის გარემოებები - განმარტოებით
მოდის ის თუ საჯაროდ, ერთ საათს გრძელდება თუ მთელ საუკუნეს - შემთხვევას არ
ექვემდებარებოდეს? ამ სავსებით კეთილგონივრულ შესიტყვებებს, საბოლოოდ, ძირფესვიანი
რეფორმა მოჰყვა. ახალი სისტემის სირთულეები (კიდევ უფრო გართულებული საუკუნეების
განმავლობაში) მხოლოდ ერთ მუჭა სპეციალისტებს ესმით, თუმცა მაინც ვეცდები, შევაჯამო
ისინი, თუნდაც სიმბოლურად.
წარმოვიდგინოთ პირველი ლატარია, რომელიც მავანს სასიკვდილოდ გაწირავს. ამ
გადაწყვეტილების შესრულებისას თამაშდება მომდევნო ლატარია, რომლიდანაც გამოდის,
ვთქვათ, ცხრა შესაძლებელი სასამართლოს აღმასრულებელი. მათგან ოთხს შეეძლო წამოეწყო
მესამე ლატარია, რათა განესაზღვრა ჯალათის სახელი, ორს შეეძლო შეეცვალა უიღბლო შედეგი
იღბლიანით (ვთქვათ, განძის აღმოჩენით), კიდევ ერთი გადაწყვეტდა, რომ სიკვდილი უნდა
გამძაფრდეს (ვთქვათ, პატივის აყრის დამატებით ან წამების საშუალებათა გაუმჯობესებით),
სხვებს შეიძლება, უბრალოდ, უარი ეთქვათ განაჩენის აღსრულებაზე... ასეთია - სიმბოლურად თუ
გამოვთქვამთ - ლატარიის სქემა. რეალურად, წილისყრის რიცხვი უსასრულოა. არც ერთი
გადაწყვეტილება არ არის საბოლოო: ყველა გადაწყვეტილება სხვებში გადადის. უმეცარი ასკვნის,
რომ უსასრულო გათამაშებას უსასრულო დრო სჭირდება, არადა, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დრო
უსასრულოდ დაყოფადი იყოს, როგორც კუსა და აქილევსის სახელგანთქმულ პარაბოლაშია.
უსასრულობა თვალში საცემად კარგად უთავსდება შემთხვევის რთულ რიცხვს და
პლატონიკოსთა საყვარელ ლატარიის ზეციურ არქეტიპს... ჩვენი ჩვეულების რომელიღაც
დეფორმირებული ექო, როგორც ჩანს, ტიბროსამდე მივიდა. თავის წიგნში „ანტონიუს
ჰელიოგაბალუსი“ ალიუს ლამპრიდიუსი გვეუბნება, რომ იმპერატორმა ნიჟარებს დააწერა
ხვედრი, რომელსაც სადილზე მოწვეულ სტუმრებს უმზადებდა: ზოგი მიიღებდა ათ ფუნტ
ოქროს, სხვები - ათ შინაურ ბუზს, ათ ძილგუდას, ათ დათვს. ცუდი არ იქნებოდა გაგვეხსენებინა,
რომ ჰელიოგაბალუსი აღიზარდა მცირე აზიაში, თავისი თანამოსახელე ღმერთის ქურუმებთან.
არსებობს აგრეთვე უპიროვნო ლატარიები, რომელთა მიზანი ბუნდოვანია. ერთი ლატარია
გადაწყვეტს, რომ ტაპრობანის საფირონი ევფრატის წყლებში ჩავარდეს; მეორის მიხედვით,
რომელიმე კოშკის წვერიდან ჩიტი უნდა გაუშვან; კიდევ ერთი ამბობს: ყოველ ას წელიწადში
ერთხელ ერთ-ერთი ზღვის სანაპიროს უთვალავ ქვიშას კიდევ უნდა დაემატოს (ან გამოაკლდეს)
ქვიშის ერთი მარცვალიო. ზოგჯერ ამას საშინელი შედეგები მოჰყვება.
კომპანიის კეთილისმქმნელი გავლენით, ჩვენი წეს-ჩვეულებები შემთხვევითობაში არ დაინთქა.
თორმეტი ამფორა დამასკური ღვინის მყიდველი არ გაოცდება, თუ რომელიმე მათგანში
თილისმას ან გველგესლას აღმოაჩენს. კანცელარიის მწერალი, რომელიც კონტრაქტს ადგენს,
ყოველთვის ჩაიდენს რაღაც შეცდომას. მე თვითონ ამ სიჩქარეში გავამრუდე რაღაც მშვენიერება,
რაღაც სისასტიკე, შესაძლოა - რაღაც იდუმალი მონოტონურობა... ჩვენმა ისტორიკოსებმა,
ყველაზე გამჭრიახმა მთელ პლანეტაზე, შემთხვევის შესწორების მეთოდი გამოიგონეს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ მეთოდის შედეგები (მთლიანობაში) ნდობას იმსახურებს,
თუმცა, რაღა თქმა უნდა, ისინი არასოდეს ქვეყნდება სიცრუის გარეშე. გარდა ამისა, არაფერია ისე
აჭრელებული გამონაგონით, როგორც კომპანიის ისტორია... რომელიღაც ტაძარში გათხრების
შედეგად ნაპოვნი პალეოგრაფიული დოკუმენტი შეიძლება მოდიოდეს გუშინდელი ან რამდენიმე
საუკუნის წინანდელი ლატარიიდან. არც ერთი წიგნი არ ქვეყნდება ისე, რომ რაღაც სხვაობა არ
იყოს რედაქტორის თითოეულ ეგზემპლარს შორის. მწერლები დებენ საიდუმლო აღთქმას -
გამოტოვონ, ჩართონ, შეცვალონ. მიღებულია აგრეთვე არაპირდაპირი სიყალბე.
თავის ღვთაებრივ თავმდაბლობაში, კომპანია თავს არიდებს ყოველგვარ საჯაროობას. მისი
აგენტები, რასაკვირველია, ფარულად მოქმედებენ. მის მიერ მუდმივად (იქნებ
ყოველწუთიერადაც) გაცემული განკარგულებები არაფრით განსხვავდება იმათგან, რასაც

22
მასობრივად ავრცელებენ ყალთაბანდები. გარდა ამისა, ვინ იტრაბახებს იმით, რომ მხოლოდ
ყალთაბანდია? მთვრალი კაცი, რომელიც აბსურდულ ბრძანებას ბლუკუნებს; მძინარე, რომელიც
უეცრად იღვიძებს, გადმობრუნდება და ახრჩობს გვერდით მწოლიარე ქალს: - იქნებ ისინი
კომპანიის ერთ-ერთ საიდუმლო დავალებას ასრულებენ? ეს უჩუმარი ფუნქციონირება (ღმერთის
მოქმედებასავით) არც ერთ ვარაუდს არ გამორიცხავს. ერთი უხამსად აცხადებს: კომპანიამ
ასეულობით წლის წინ შეწყვიტა არსებობა და რომ ჩვენი ცხოვრების საკრალური უწესრიგობა
მემკვიდრეობითია და ტრადიციულიო; მეორეს სჯერა: კომპანია მარადიულია და იარსებებს ბოლო
ღამემდე, როცა უკანასკნელი ღმერთი დედამიწას მოსპობსო; მესამის აზრით, კომპანია
ყოვლისშემძლეა, თუმცა მხოლოდ პატარა რამეებს ეხება: ფრინველის ძახილს, მტვრისა და ჟანგის
ჩრდილებს, განთიადის ნახევარსიზმრებს... მავანი შენიღბული ერეტიკოსი ჩურჩულებს:
კომპანიას არასოდეს უარსებია და არც არასდროს იარსებებსო. კიდევ სხვა, არანაკლებ საბრალო,
ამტკიცებს: არავითარი განსხვავება არ არის იმაში, ვამტკიცებთ თუ უარვყოფთ ჩრდილოვანი
კორპორაციის არსებობას, რადგან ბაბილონი სხვა არაფერია, თუ არა შემთხვევითობის უსასრულო
თამაშიო.

ჰერბერტ ქვეინის თხზულებათა მიმოხილვა


ჰერბერტ ქვეინი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა როსკომონში. დიდად არ გამკვირვებია, როცა
„ტაიმსის“ ლიტერატურულ დამატებაში დაიბეჭდა სულ ნახევარი სვეტი ნეკროლოგიური
ფორმალობა, რომელშიც არ წერია არც ერთი ხოტბის სიტყვა ზმნიზედის გარეშე. „სპექტატორი“
უდავოდ ნაკლებად მომჭირნედ წერს და, შესაძლოა, რამდენადმე უფრო გულითადადაც. თუმცა
ქვეინის პირველ წიგნს, „ლაბირინთის ღმერთი“, იგი ადარებს აგატა კრისტის წიგნს, სხვებს -
ჰერტრუდა სტაინის თხზულებებს. ამ წერილში არის შედარებები, რომლებიც არავისთვის არ ჩანს
გარდაუვალი და რომლებიც არანაირ სიამოვნებას არ მიანიჭებდნენ გარდაცვლილს. ქვეინს თავი
არასოდეს მიუჩნევია „გენიოსად“, - თვით ლიტერატურული საუბრების იმ მოხეტიალე ღამეებში,
როდესაც კაცი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე მრავალი საბეჭდი მანქანა ჰქონდა გაცვეთილი,
უცვლელად თამაშობდა ბატონი ტესტის ან დოქტორ სემუელ ჯონსონის როლს... მართლაც, ის
სრული სიცხადით ხედავდა საკუთარ თხზულებათა ექსპერიმენტულ ბუნებას. ისინი
შეიძლებოდა ყოფილიყო მომხიბლავი თავისი ინოვაციური ხასიათით და ერთგვარი ლაკონიური
ერთიანობით, თუმცა აშკარად არა ვნების ძალმოსილებით. „კოულის ოდებივით ვარ, - მწერდა
ლონგფორდიდან 1939 წლის 3 მარტს, - ვეკუთვნი არა ხელოვნებას, არამედ ხელოვნების
ისტორიას“ (მისთვის არ არსებობდა ისტორიაზე უფრო დაბალი დისციპლინა).
მე მოვიყვანე ქვეინის თავმდაბლური შეხედულება საკუთარ თავზე. ბუნებრივია, ეს
თავმდაბლობა არ განსაზღვრავდა მისი აზროვნების მიჯნებს. ფლობერმა და ჰენრი ჯეიმსმა
მოახერხეს დავერწმუნებინეთ, რომ ხელოვნების ქმნილებები ცოტაა და კანტიკუნტად
მიმოფანტული და რომ ჭკუიდან გადამყვანად რთული საქმეა თხზვა. მაგრამ XVI საუკუნე არ
იზიარებდა უნუგეშო შეხედულებას (გავიხსენოთ „მოგზაურობა პარნასისკენ“, გავიხსენოთ
შექსპირის კარიერა), რომელსაც არც ჰერბერტ ქვეინი იზიარებდა. მისი რწმენით, „დიდი
ლიტერატურა“ ყველაზე საყოველთაო რამ არის ამქვეყნად და რომ თვით ქუჩაშიც ვერ
წააწყდებოდი საუბარს, რომელიც იმ „სიმაღლეებს“ ვერ სწვდებოდა. ისიც სწამდა, რომ
ესთეტიკურ აქტში მოულოდნელობის, შოკის, გაოგნების ელემენტები უნდა ყოფილიყო. და რაკი
მოქცევის ხმა ძნელად თუ გააოგნებს ვინმეს, ქვეინი მოღიმარი გულითადობით უჩიოდა „მონურ,
ჯიუტ მიბმულობას წარსულზე და გარდასულ წიგნებზე...“. არ ვიცი, გამართლებულია თუ არა
მისი ბუნდოვანი თეორია. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მისი წიგნები ერთობ ლამობენ მკითხველის
გაოგნებას.
ძალიან ვნანობ, რომ ერთ ქალბატონს უკანდაუბრუნებლად ვათხოვე ქვეინის მიერ გამოცემული
პირველი წიგნი. უკვე ვთქვი, რომ ეს დეტექტიური ამბავია სახელად „ლაბირინთის ღმერთი“. რა
შესანიშნავი იდეა მოუვიდა გამომცემელს, რომ ეს წიგნი გვიან ნოემბერში გამოსცა 1933 წელს!
დეკემბრის დასაწყისში, „სიამის ტყუპების საიდუმლოს“ სასიამოვნო და რთულმა ხვეულებმა
ლონდონს და ნიუ-იორკს გვარიანი „სადეტექტივო“ სამუშაო მისცა. ჩემს თვალთახედვაში, ჩვენი
მეგობრის ქმნილების ჩავარდნა შეიძლება ამ დამღუპველ დამთხვევას დაბრალდეს. თუმცა
არსებობს (მსურს, ბოლომდე გულწრფელი ვიყო) თხზულების რამდენადმე დაუდევარი
სტრუქტურირებისა და ზღვის დასურათხატების ცარიელი და ცივი მაღალფარდოვნების
მომენტიც. შვიდი წლის შემდეგ ვერასდიდებით ვერ ვიხსენებ სიუჟეტის დეტალებს, მაგრამ ჩემი
გულმავიწყობით გაღარიბებული (ან განწმენდილი) ძირითადი სქემა ასეთია: დასაწყისში ხდება
აუხსნელი მკვლელობა, შუაში - ნელი განსჯა, ბოლოში - დანაშაულის ახსნა. საიდუმლოს
გამჟღავნებას მოჰყვება აბზაცი, რომელშიც ვკითხულობთ ფრაზას: „ყველას სჯეროდა, რომ
მოჭადრაკეები ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ“. ეს ფრაზა მკითხველს უფლებას აძლევს,
დაასკვნას, რომ საიდუმლო არასწორად არის ახსნილი, ის უხერხულად იყურება უკან, წიგნის
შესაბამისი თავებისკენ, და აღმოაჩენს სხვა ახსნას, ამჯერად მართებულს. ასე რომ, ამ

23
ღირსშესანიშნავი წიგნის მკითხველი თვით დეტექტივზე უფრო გამჭრიახი გამოდის.
კიდევ უფრო არაორთოდოქსული თხზულებაა „რეგრესიული, განშტოებული ფიქცია“, „აპრილი
მარტი“, რომლის მესამე (და ერთადერთი) ნაწილი დათარიღებულია 1936 წლით. ამ რომანის ვერც
ერთი მკითხველი ვერ აუვლის გვერდს იმის აღმოჩენას, რომ საქმე აქვს ერთგვარ თამაშთან.
ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება გავიხსენოთ, რომ თვით ავტორს არასოდეს შეუხედავს ამ
წიგნისთვის სხვა თვალით. გავიგონე, როგორ თქვა ერთხელ: „ამ რომანისთვის გამოვიხმე
ნებისმიერი თამაშის არსებითი შტრიხები: სიმეტრია, თვითნებური წესები, დამქანცველობა“.
თვით სათაურიც კი მსუბუქი კალამბურია: არავისი სახელი არ არის, არ ნიშნავს „მარტს
(გადატანილს) აპრილში“, არამედ სიტყვასიტყვით „აპრილ-მარტს“. ერთხელ ვიღაცამ აღნიშნა, ამ
წიგნის გვერდებზე დუნის მოძღვრებათა ექო ისმისო. ამის სანაცვლოდ, ქვეინის პროლოგი
ამჯობინებს მიუთითოს ბრედლის უკუმოძრავი სამყარო, სადაც სიკვდილი წინ უსწრებს
დაბადებას, ნაიარევი - ჭრილობას, ჭრილობა - დარტყმას („მოჩვენებითობა და რეალობა“, 1897, გვ.
215). თუმცა საკუთრივ „აპრილი მარტის“ სამყაროები კი არ მიდის უკუსვლით, არამედ თვით
ამბებია ასე მოთხრობილი: რეგრესულად და განშტოებულად. წიგნი ცამეტი თავისგან შედგება.
პირველში გადმოცემულია უცნობი პირების ორაზროვანი საუბარი რკინიგზის სადგურის ბაქანზე.
მეორეში მოთხრობილია ამ დღის წინმსწრებ საღამოს მომხდარი ამბები. მესამე თავი გვიყვება
პირველ საღამომდე მომხდარ კიდევ სხვა, განსხვავებულ, შესაძლო საღამოს ცდომილებათა
შესახებ. მეოთხე თავი - მესამე განსხვავებული, შესაძლებელი საღამოს ამბებს. ამ გარდასულ (და
ურთიერთგამომრიცხველ) საღამოთაგან თითოეული განიტოტება სამ მანამდელ, ერთმანეთისგან
სრულებით განსხვავებულ საღამოდ. ამიტომაც მთელი თხზულება შედგება ცხრა ნოველისგან,
რომელთაგან თითოეული, თავის მხრივ, სამი გრძელი თავისგან შედგება (პირველი თავი,
რასაკვირველია, საერთოა ყველა დანარჩენისთვის). ამ ნოველებიდან ერთი სიმბოლურია, მეორე -
ზებუნებრივი, მესამე - დეტექტიური, მეოთხე - ფსიქოლოგიური, მეხუთე -კომუნისტური, მეექვსე
- ანტიკომუნისტური და ა.შ. იქნებ ეს სქემა დაეხმაროს მკითხველს რომანის სტრუქტურის
გაგებაში: ამ სტრუქტურასთან დაკავშირებით შეიძლება უადგილო არ იყოს იმავეს თქმა, რაც
შოპენჰაუერმა თქვა კანტის თორმეტი კატეგორიის შესახებ: „იგი ყველაფერს უმსხვერპლებს
თავის ვნებას სიმეტრიისადმი“. როგორც მოსალოდნელი იყო, ცხრა ამბიდან ერთი-ორი ქვეინის
დონეზე დაბლა დგას და არც საუკეთესოა ის, რომელიც მან თავდაპირველად ჩაიფიქრა, ანუ X4,
არამედ უფრო X9 - ფანტასტიკური ამბავი. სხვებს აფუჭებს სუსტი ხუმრობები და უაზრო
ფსევდოსიზუსტის მაგალითები. ვინც ამ ამბებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წაიკითხავს
(ვთქვათ, X3, Y1, Z), უცნაური წიგნის საგანგებო არომატს გამოტოვებს. ორ ამბავს - X7 და X8 - არ
გააჩნია რაიმე ინდივიდუალური ღირებულება, არამედ ეფექტს მხოლოდ მათი გვერდიგვერდ
ყოფნა ქმნის... არ ვიცი, უნდა შევახსენო თუ არა მკითხველს, რომ მას შემდეგ, რაც გამოიცა
„აპრილი მარტი“, ქვეინმა გადასინჯა თავისი ქმნილების სამსახოვან-ერთსახოვანი წესრიგი და
იწინასწარმეტყველა, რომ მოკვდავთაგან ის, ვინც ამ წიგნს ეზიარებოდა, ორსახოვან სქემას
ამჯობინებდა: ხოლო ღმერთებს და დემიურგებს უკვე არჩეული ჰქონდათ უსასრულო სქემა:
უსასრულოდ განშტოებული უსასრულო ამბები.
„აპრილი მარტის“ სრულებით არამსგავსი, თუმცა მისნაირად რეტროსპექტიულია
ორმოქმედებიანი ჰეროიკული კომედია „საიდუმლო სარკე“. აქამდე ჩვენ მიერ ნახსენებ
თხზულებებში გარეგნული სირთულე აკოჭლებდა ავტორის წარმოსახვას, „საიდუმლო სარკეში“
კი წარმოსახვის სადავე უფრო თავისუფლადაა მიშვებული. პიესის პირველი (და უფრო გრძელი)
მოქმედება ხდება გენერალ თრალის სამშობლოში, მელტონ მოუბრეის ახლოს. უხილავი ცენტრი,
რომლის გარშემო ვითარდება მოქმედება, არის მის ულრიკა თრალი, გენერლის უფროსი
ქალიშვილი. დიალოგის ნაწყვეტები გვახელთებინებს ამ ახალგაზრდა ქალს - მედიდური
ამორძალის მსგავს არსებას. თხრობა გვიბადებს ეჭვს, რომ ის იშვიათად სტუმრობს
ლიტერატურის საუფლოებს. გაზეთები იუწყებიან ულრიკას და რუტლანდის ჰერცოგის ნიშნობას,
შემდეგ კი იმას, რომ ეს ნიშნობა ჩაიშალა. მის თრალს აღმერთებს დრამატურგი, მავანი უილფრედ
ქარლესი. წარსულში ულრიკამ ერთი თუ ორი გაფანტული კოცნა აღირსა ამ ახალგაზრდას. ისინი
დიდი ქონების მფლობელები და ძველი გვარის ჩამომავლები არიან. მათი გრძნობები
კეთილშობილია, თუმცა აულაგმავი. დიალოგი თითქოს ქანაობს ორ უკიდურესობას - ბულვერ-
ლიტონის ფუტურო მაღალფარდოვნებასა და უაილდის თუ ფილიპ გუედალას ეპიგრამებს შორის.
არის ბულბული, არის ღამე, არის საიდუმლო დუელი ტერასაზე (თითქმის ყოვლად შეუმჩნევლად,
დროდადრო თავს იჩენს საგულისხმო წინააღმდეგობები და საძაგელი დეტალები). პირველი
მოქმედების პერსონაჟები ისევ ჩნდებიან მეორეში განსხვავებული სახელებით. დრამატურგი
ქარლესი მოგზაური ვაჭარია ლივერპულიდან, მისი ნამდვილი სახელია ჯონ უილიამ ქუიგლი. მის
თრალი არსებობს, თუმცა ქუიგლის ის არასოდეს უნახავს და პათოლოგიურად ჭრის მის
სურათებს „ტატლერიდან“ და „სკეჩიდან“. ქუიგლი პირველი მოქმედების ავტორია, შეუძლებელი
და წარმოუდგენელი „სოფლის სახლი“ კი - ებრაულ-ირლანდიური სახლი, რომელშიც ის
ცხოვრობს და რომელიც მისივე წარმოსახვით არის გადასხვაფერებულ-გადიდებული... ორი

24
მოქმედების სიუჟეტი პარალელურად ვითარდება, თუმცა მეორე ოდნავ მუქარიანია, ყველაფერი
გამორთული ან მოშლილია. როცა „საიდუმლო სარკე“ პირველად გაიღო, კრიტიკოსები
ახსენებდნენ სახელებს „ფროიდი“ და „ჯულიან გრინი“. ჩემი აზრით, მათგან პირველის ხსენება
სრულებით გაუმართლებელია.
გავრცელდა ხმები, რომ „საიდუმლო სარკე“ ფროიდისტული კომედიაა. კეთილგანწყობილმა
(თუმცა არასწორმა) წაკითხვამ პიესას წარმატება მოუტანა. სამწუხაროდ, უკვე ორმოცს
გადაცილებული ქვეინი მიჩვეული იყო წარუმატებლობას და ამიტომაც მდგომარეობის შეცვლას
მსუბუქად ვერ შეხვდა. გადაწყვიტა, შური ეძია. 1939 წლის მიწურულს გამოაქვეყნა „უწყებები“,
ალბათ ყველაზე ორიგინალური მის თხზულებებში და, რაღა თქმა უნდა, მათ შორის ყველაზე
საიდუმლო და ყველაზე ნაკლებად ხოტბაშესხმული. ქვეინი ხშირად ამტკიცებდა, მკითხველები
გადაშენებული სახეობააო. „არ არსებობს ევროპელი კაცი ან ქალი, რომელიც მწერალი არ იყოს,
პოტენციურად ან ფაქტობრივად“, იფურთხებოდა ქვეინი. იმასაც ამბობდა, ლიტერატურის მიერ
მონიჭებული მრავალგვარი სიამოვნებიდან უმაღლესი მაინც წარმოსახვის სიამოვნებააო. რაკი
ყველას არ ძალუძს განიცადოს ეს სიამოვნება, ბევრი იძულებული იქნება დაკმაყოფილდეს
მოჩვენებითობით. ამ „manquй[35] მწერლებისთვის“ ქვეინმა დაწერა „უწყებების“ რვა ამბავი,
რომელთაგან თითოეული შეიცავს (ან ჰპირდება) კარგ სიუჟეტს, რომელსაც შემდეგ ავტორი
განზრახ აღარ ავითარებს. ერთ-ერთი ამბავი (არა საუკეთესო) მიანიშნებს ორ სიუჟეტზე,
რომლებამდეც პატივმოყვარეობით დაბრმავებულ მკითხველს სჯერა, რომ თვითონ მივიდა.
მესამე ამბიდან, რომელსაც ჰქვია „გუშინდელი ვარდი“, მე მოხერხებულად ამოვიღე „წრიული
ნანგრევები“ - ერთ-ერთი ამბავი ჩემს წიგნში „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“.

ბაბილონის ბიბლიოთეკა
ამ ხელოვნებით შენ შეგიძლია ჭვრიტო 23 ასოს ცვალება...
„მელანქოლიის ანატომია“, ნაწ. 2, სექ. II, მემ. IV
სამყარო (რომელსაც სხვები უწოდებენ ბიბლიოთეკას) შედგება განუსაზღვრელი, შესაძლოა -
უსასრულო რაოდენობის ექვსკუთხა გალერეებისგან. თითოეულის ცენტრში
დაბალმოაჯირშემოვლებული სავენტილაციო ჭაა. ნებისმიერი ექვსკუთხედიდან შეიძლება
დანახვა ზედა და ქვედა სართულების, ერთიმეორის მიყოლებით - უსასრულოდ. გალერეათა შიდა
წყობა მუდამ ერთი და იგივეა. ოცი თარო - ხუთ-ხუთი თითო წახნაგზე - მიჰყვება ექვსკუთხედის
ექვსი წახნაგიდან ოთხს, ხოლო ამ თაროების სიმაღლე, იატაკიდან ჭერამდე, არ აღემატება
ნორმალური ბიბლიოთეკარის სიმაღლეს. ექვსკუთხედის ერთ-ერთი თავისუფალი წახნაგი გადის
ერთგვარ ვიწრო ვესტიბიულში, რომელიც, თავის მხრივ, სხვა გალერეაში გადის, პირველის
იდენტურში, არსებითად - ყველა დანარჩენის იდენტურში. ვესტიბიულის მარცხნივ და მარჯვნივ
ორი პატარა განყოფილებაა, ერთი ფეხდგომელა ძილისთვის, მეორე - ფიზიკურ მოთხოვნილებათა
დასაკმაყოფილებლად. ამ სივრცეშიც არის სპირალური კიბე, რომელიც შორზე შორს მიიკლაკნება
მაღლა და დაბლა. ვესტიბიულში სარკეა, რომელიც ერთგულად აირეკლავს გამოსახულებებს. ამ
სარკიდან კაცები ხშირად ასკვნიან, რომ ბიბლიოთეკა უსასრულო არ არის. ასე რომ ყოფილიყო,
რაღა საჭირო იქნებოდა ეს ილუზორული დუბლირება? ვამჯობინებ, ვიფიქრო, რომ
გაპრიალებული ზედაპირები უსასრულოს ხატება და პერსპექტივაა... სინათლე შემოდის
საგანგებო ხილისგან, სახელად „ბოლქვები“. თითოეულ ექვსკუთხედში ჯვრისებრად
განლაგებული ორი ასეთი ბოლქვია. მათ მიერ მოცემული შუქი არასაკმარისია, თუმცა - უწყვეტი.
ბიბლიოთეკის ყველა სხვა კაცივით, მეც ვმოგზაურობდი ახალგაზრდობაში. მიმოგზაურია
რომელიმე წიგნის ძიებაში, შეიძლება კატალოგების კატალოგში. ახლა, როდესაც ჩემი თვალები
ჩემსავე ნაწერს ვერ არჩევენ, მე ვემზადები სიკვდილისთვის რამდენიმე ლიეს მოშორებით იმ
ექვსკუთხედიდან, სადაც დავიბადე. როცა გარდავიცვლები, თანამგრძნობელი ხელები მოაჯირს
მიღმა მომისვრიან და ჩემი საფლავი იქნება უძირო სივრცე, რომელშიც ჩემი სხეული საუკუნეების
განმავლობაში განაგრძობს ფრენას, გაიხრწნება და დაიშლება თვით ჩემივე უსასრულო
ვარდნისგან გამოწვეულ ქარში. ვაცხადებ, რომ ბიბლიოთეკა უსასრულოა. იდეალისტების აზრით,
ექვსკუთხა ფორმა აუცილებელია აბსოლუტური სივრცისთვის ან, ყოველ შემთხვევაში, სივრცის
ჩვენეული აღქმისთვის. ამბობენ: სამკუთხა ან ხუთკუთხა ოთახი წარმოუდგენელიაო
(მისტიკოსები ამბობენ: ჩვენს ექსტაზებში ვხედავთ მრგვალ ოთახს, ოთახში - ვეებერთელა წიგნს,
რომლის ყუა მთელ სიგრძეზე მიჰყვება კედლებსო. მაგრამ მათი ჩვენება საეჭვოა, მათი სიტყვები -
ბუნდოვანი. ის მრგვალი წიგნი ღმერთია). ამჯერად ვიკმაროთ, რომ გავიმეორებ კლასიკურ
გამონათქვამს: „ბიბლიოთეკა არის სფერო, რომლის ზუსტი ცენტრი ნებისმიერი ექვსკუთხედია,
სფერული ზედაპირი კი - მიუწვდომელი“.
თითოეული ექვსკუთხედის თითოეულ კედელს ხუთი თარო მიუყვება, თითოეულ თაროზე
ერთნაირი ფორმატის ოცდათორმეტი წიგნი დევს, თითოეული წიგნი შეიცავს ოთხას ათ გვერდს,

25
თითოეული გვერდი - ორმოც სტრიქონს, თითოეული სტრიქონი - ოთხმოცამდე შავ ასოს. ასოებია
აგრეთვე თითოეული წიგნის ყდაზე, თუმცა ეს ასოები არც მიუთითებს და არც წარმოადგენს იმას,
რაც შიგნით წერია. ვიცი, ამ შესატყვისობის არარსებობა ოდესღაც ადამიანებს იდუმალი ეჩვენათ.
სანამ შევაჯამებდე საიდუმლოს ახსნას (მისი აღმოჩენა, ტრაგიკული შედეგების მიუხედავად,
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ისტორიაში), მსურს, გავიხსენო რამდენიმე
აქსიომა.
პირველი: ბიბლიოთეკა არსებობდა ab æternintate[36].
ამ ჭეშმარიტებაში, რომლიდანაც უშუალოდ გამომდინარეობს ქვეყნიერების მომავალი
მარადიულობა, ვერც ერთი რაციონალური გონება ვერ დაეჭვდება. ადამიანი - არასრულყოფილი
ბიბლიოთეკარი - შეიძლება იყოს შემთხვევის ან ავისმოსურნე დემიურგების ნახელავი. სამყარო
ამ თავისი ელეგანტური ავეჯითა და მოწყობილობებით - თაროებით, გამოუცნობი წიგნებით,
დაუღალავი კიბეებით (მოგზაურისთვის) და საპირფარეშოებით (დამჯდარი
ბიბლიოთეკარისთვის) - შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მავანი ღმერთის ხელსაქმეა. იმ
მანძილის მოსახელთებლად, ერთმანეთისგან რომ აშორებს ადამიანურსა და ღვთაებრივს,
მხოლოდ ის მმართებს, რომ შევადარო ეს ნედლი, მოცახცახე სიმბოლოები, ჩემს ხელს რომ
გამოჰყავს წიგნის ყდაზე, ამავე წიგნის შიგთავსის ორგანულ ასოებს - სუფთას, ფაქიზს,
გიშერივით შავსა და მიუბაძველად სიმეტრიულს.
მეორე: არსებობს ოცდახუთი ორთოგრაფიული სიმბოლო.[37]
ამ აღმოჩენამ კაცობრიობას შეაძლებინა სამასი წლის წინ ჩამოეყალიბებინა ბიბლიოთეკის ზოგადი
თეორია და ამით დამაკმაყოფილებლად ამოეხსნა გამოცანა, რომლის გამოცნობა ვერც ერთმა
ჰიპოთეზამ ვერ შეძლო: ფაქტობრივად, ყველა წიგნის უფორმო და ქაოსური ბუნება. ერთი წიგნი,
რომელიც მამაჩემმა ნახა ერთ-ერთი ექვსკუთხედის წრეში 15-94, შედგებოდა ასოებისგან M C V,
რომლებიც ჯიუტად მეორდებოდა პირველიდან ბოლო სტრიქონამდე. მეორე (რომელსაც აქ
ხშირად იყენებენ), უბრალოდ, ასოების ლაბირინთია, მის ბოლოსწინა გვერდზე კი წერია ფრაზა:
„ო, დრო აშრობს პირამიდებს“. ცნობილი ამბავია: ყოველ რაციონალურ თუ გულღია განაცხადზე
ათასობით კაკაფონია, სიტყვიერი უაზრობა და არათანმიმდევრულობა მოდის (ვიცი ერთი
ნახევრად ბარბაროსული ზონა, რომლის ბიბლიოთეკარები უკუაგდებენ წიგნებში აზრის პოვნის
„ამაო და ცრუმორწმუნე ჩვევას“ და ასეთ ძიებას სიზმრებში ან ხელისგულის ქაოსურ ხაზებში
აზრის ამოკითხვის მცდელობას უიგივებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ დამწერლობის
შემქმნელებმა მიჰბაძეს ოცდახუთ ბუნებრივ სიმბოლოს, თუმცა ამტკიცებენ, რომ ეს ათვისება
იყო შემთხვევითი და რომ წიგნებს, თავისთავად, არავითარი აზრი არ აქვს. როგორც დავინახავთ,
ეს არგუმენტი სავსებით მცდარი არ არის).
მრავალი წლის განმავლობაში სწამდათ, რომ ეს ჰერმეტული წიგნები ძველ ან შორეულ ენებზე
იყო დაწერილი. სიმართლეა, რომ უძველეს ხალხთა, პირველ ბიბლიოთეკართა ენა სრულებით
განსხვავდებოდა ჩვენი დღევანდელი ენისგან. ისიც სიმართლეა, რომ რამდენიმე მილით
მარჯვნივ ეს ენა დიალექტში გადადის, ხოლო ოთხმოცდაათი სართულით ზემოთ გაუგებარი
ხდება. ეს ყველაფერი, ვიმეორებ, სიმართლეა. მაგრამ ოთხას ათი გვერდი, უცვლელი M C V-ები, არ
შეიძლება ეკუთვნოდეს რომელიმე ენას, რაოდენ დიალექტური ან პრიმიტიულიც უნდა იყოს.
ვიღაცამ ჩაგვაგონა: თითოეული ასო ზემოქმედებს მომდევნოზე და M C V-ის ღირებულება 71-ე
გვერდის მე-3 სტრიქონში განსხვავდება ამავე M C V მწკრივის ღირებულებისგან სხვა გვერდის
სხვა სტრიქონშიო. მაგრამ ეს ბუნდოვანი თეზისი მაინცდამაინც არავის ჩაუკრავს გულში. სხვებმა
ახსენეს კოდების არსებობის შესაძლებლობა და ეს ვარაუდი საყოველთაოდ მიიღეს, თუმცა არა იმ
აზრით, რაც მისმა მომწოდებლებმა ჩადეს.
ხუთასიოდე წლით ადრე ერთ-ერთი ზედა ექვსკუთხედის[38] ხელმძღვანელი წააწყდა წიგნს
ყველა სხვა წიგნივით არეულ-დარეულს, თუმცა კიდევ ორი ერთგვაროვანი სტრიქონის შემცველს.
ეს ნაპოვნი მან მოგზაურ გამშიფრავს უჩვენა, მან კი უთხრა, პორტუგალიურ ენაზე წერიაო.
სხვების აზრით, ეს ორი სტრიქონი იდიშურად ეწერა. ერთი საუკუნის განმავლობაში ექსპერტებმა
დაასკვნეს, რომელ ენასთან ჰქონდათ საქმე სინამდვილეში: ეს იყო გუარანის სამოიედ-ლიტვური
დიალექტი კლასიკური არაბული ენის ფლექსიებით. დადგინდა ამ ორი სტრიქონის შინაარსიც:
კომბინატორული ანალიზის საფუძვლები, ილუსტრირებული დაუსრულებლად განმეორებადი
ვარიაციების მაგალითებით. ამ მაგალითებმა გენიალურ ბიბლიოთეკარს საშუალება მისცა,
დაედგინა ბიბლიოთეკის ფუნდამენტური კანონი. ამ ფილოსოფოსმა შენიშნა, რომ რაოდენ
განსხვავებულიც უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან, ყველა წიგნის შემადგენელი ელემენტები
ერთი და იგივე იყო: ინტერვალი, წერტილი, მძიმე და ანბანის ოცდაორი ასო. გარდა ამისა, აღნიშნა
ფაქტი, რომელიც შემდეგ ყველა მოგზაურმა დაადასტურა: მთელ ბიბლიოთეკაში არ არსებობს
ორი ერთნაირი წიგნი. ამ შეუდავებელი წინა პირობებიდან ბიბლიოთეკარმა დაასკვნა, რომ
ბიბლიოთეკა „ტოტალურია“, ანუ სრულყოფილი, დასრულებული, მთლიანი, და რომ მისი

26
თაროები შეიცავს ოცდაორი ორთოგრაფიული სიმბოლოს ყველა შესაძლებელ კომბინაციას
(რომელთა რაოდენობა, თავისი გაუგონარი სიდიდის მიუხედავად, მაინც არ არის უსასრულო),
ანუ ყველაფერს, რაც შეიძლება გამოითქვას ყველა ენაზე, ყველაფერს: მომავლის დეტალურ
ისტორიას, არქანგელოზების ავტობიოგრაფიებს, ბიბლიოთეკის ზუსტ და სრულ კატალოგს,
ათასობით ყალბ კატალოგს, ამ სიყალბის მტკიცებულებას, ჭეშმარიტი კატალოგის სიყალბის
მტკიცებულებას, ბასილიდების[39] გნოსტიკურ სახარებას, ამ სახარების კომენტარებს და
კომენტარების კომენტარებს, შენი სიკვდილის ჭეშმარიტ ისტორიას, ყველა წიგნის თარგმანს
ყველა ენაზე, თითოეული წიგნის ინტერპოლაციას ყველა სხვა წიგნში, ტრაქტატს, რომელსაც
ბიდი[40] დაწერდა (მაგრამ არ დაუწერია) საქსონელი ხალხის მითოლოგიაზე, ტაციტუსის
დაკარგულ წიგნებს...
როდესაც გამოცხადდა, ბიბლიოთეკა ყველა წიგნს შეიცავსო, პირველ რეაქციად ამას უზომო
სიხარული მოჰყვა. არ არსებობდა რაიმე ინდივიდუალური პრობლემა, არ არსებობდა რაიმე
მსოფლიო პრობლემა, რომლის დამაჯერებელი გადაწყვეტაც ბიბლიოთეკის რომელიმე
ექვსკუთხედში არ დებულიყო. სამყარომ გამართლება იპოვა. სამყარო უეცრად შეეხიდა
კაცობრიობის უკიდეგანო იმედს. მთელი ის პერიოდი ბევრს ლაპარაკობდნენ რეაბილიტაციებზე:
აპოლოგიურ და წინასწარმეტყველურ წიგნებზე, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ
გაამართლებდნენ თითოეული ადამიანის მოქმედებებს სამყაროში და რომლებიც შეიცავდნენ
თითოეული ადამიანის მომავალთან დაკავშირებულ საკვირველ საიდუმლოებს. ათასობით
დახარბებულმა კაცმა მიატოვა თავისი ტკბილი ექვსკუთხედი და აღმა-დაღმა დაიწყო რბენა თავ-
თავისი რეაბილიტაციის პოვნის ამაო სურვილით ატანილმა. ეს მომლოცველები ვიწრო
დერეფნებს ავსებდნენ, ბნელ წყევლა-კრულვებს ისროდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და
სრესდნენ ღვთაებრივ კიბეებზე, მატყუარა წიგნებს სავენტილაციო ჭებში ისროდნენ, თვითონვე
ცვიოდნენ ამ ჭებში შორეული რეგიონების კაცების ხელით. სხვები შეშლილები იყვნენ...
რეაბილიტაცია ნამდვილად არსებობს (შევხვედრივარ ორ კაცს, მომავალში მცხოვრებ პირებს რომ
მიმართავენ, შესაძლოა - არა წარმოსახვითს), მაგრამ ვინც მის საძებნელად წავიდა, დაავიწყდა,
რომ თავისი რეაბილიტაციის ან მის მიერვე შეთხზული რომელიმე მზაკვრული ვერსიის პოვნის
შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
იმავე პერიოდში ღვიოდა იმედებიც, რომ შეიძლებოდა ბეჭედი ახსნოდა კაცობრიობის
ფუნდამენტურ საიდუმლოებს: ბიბლიოთეკისა და დროის საწყისს. სავარაუდოდ, ყოვლად
შესაძლებელია ამ ღრმა საიდუმლოთა გამოხატვა სიტყვებში. თუ ფილოსოფოსთა ენა
არასაკმარისია, მაშინ მრავალსახოვან ბიბლიოთეკას უდავოდ შექმნილი ექნება არაჩვეულებივი
და გამოსადეგი ენა თავისი სიტყვებითა და გრამატიკით. ოთხასი წლის განმავლობაში ადამიანები
აწკრიალებდნენ ექვსკუთხედებს... არსებობენ ოფიციალური მაძიებლები, „გამომძიებლები“.
მინახავს მათი მუშაობა: დაქანცულები აღწევენ რომელიმე ექვსკუთხედამდე, ლაპარაკობენ
კიბეზე, რომელსაც რამდენიმე საფეხური აკლდა და ლამის მათი სიცოცხლე შეიწირა, ესაუბრებიან
ბიბლიოთეკარს გალერეებსა და კიბეებზე, შიგადაშიგ უახლოეს წიგნს იღებენ და ფურცლავენ:
სამარცხვინო და საძაგელ სიტყვებს ეძებენ. რასაკვირველია, არავინ ელოდება, რომ რაიმეს
აღმოაჩენს.
თავშეუკავებელი იმედი საკმაოდ ბუნებრივად შეცვალა ასეთივე წრეგადასულმა დეპრესიამ. ის
ფაქტი, რომ რომელიღაც თაროზე რომელიღაც ექვსკუთხედში ძვირფასი წიგნები ეწყო, მაგრამ
სამუდამოდ მიუწვდომელი რჩებოდა, თითქმის აუტანელი იყო. ერთმა მკრეხელურმა სექტამ
წინადადება შემოიტანა, შეეწყვიტათ ძიება და ყველას ერთმანეთში აერია ასოები და სიმბოლოები,
სანამ - იღბლის დაუჯერებელი გამონათების შედეგად - ის კანონიკური წიგნები ხელახლა
შეიქმნებოდა. ხელისუფლება იძულებული იყო გამოეცა მკაცრი ბრძანებები. სექტა გაუჩინარდა,
თუმცა ჩემს ბავშვობაში მინახავს მოხუცები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდებით იმალებოდნენ
საპირფარეშოებში ლითონის დისკებითა და აკრძალული კამათლების თასით და უძლურად
პაროდირებდნენ ღვთაებრივ არეულობას.
სხვები საპირისპირო გზას გაჰყვნენ. ფიქრობდნენ: უპირველეს ყოვლისა, ყველა უვარგისი წიგნი
უნდა მოისპოსო. შეიჭრებოდნენ ექვსკუთხედებში, წარუდგენდნენ მანდატებს, სიძულვილით
გადაფურცლავდნენ ამა თუ იმ ტომს და წიგნების მთელ კედელს გამოუტანდნენ განაჩენს.
სწორედ მათი ჰიგიენურ-ასკეტური სიშმაგის გამო დავკარგეთ ასე უაზროდ მილიონობით წიგნი.
მათი სახელები ახლა შეჩვენებულია, თუმცა ის, ვინც იმ სიგიჟეში განადგურებულ
„საგანძურებზე“ ვალალებს, მხედველობიდან უშვებს ორ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს:
ერთი, რომ ბიბლიოთეკა იმდენად დიდია, ადამიანის ხელით ჩატარებული ვერანაირი შემცირება
ვერაფერს დააკლებს; მეორე: მართალია, თითოეული წიგნი უნიკალურია და შეუცვლელი, მაგრამ
რამდენადაც ბიბლიოთეკა ტოტალურია, ამდენად ყოველთვის არსებობს რამდენიმე ასეულ ათასი
არასრულყოფილი ფაქსიმილე-წიგნები, რომლებიც ერთმანეთისგან სულ ერთი ასოთი თუ მძიმით
განსხვავდება. საერთო თვალსაზრისის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ განმწმენდთა მიერ

27
ჩატარებული განადგურებათა შედეგები გაზვიადებულად წარმოაჩინა მათივე ტერორმა. მათ
აქეზებდათ წმინდა ლტოლვა, რომ ერთ დღესაც, მოუდუნებელი ძალისხმევის წყალობით,
მიაღწევდნენ ალისფერი ექვსკუთხედის წიგნებამდე, - ჩვეულებრივზე უფრო პატარა ზომის,
ყოვლისშემძლე, ილუსტრირებულ და მაგიურ წიგნებამდე.
ვიცნობთ იმ პერიოდის კიდევ ერთ ცრურწმენას: რწმენას ეგრეთ წოდებულ „წიგნ-ადამიანში“.
დამტკიცდა, რომ ერთ-ერთი ექვსკუთხედის ერთ-ერთ თაროზე უნდა არსებობდეს წიგნი, - კოდი
და მოკლე სახელმძღვანელო ყველა სხვა წიგნისა, - რომელიც მავან ბიბლიოთეკარს ნანახი უნდა
ჰქონდეს. ეს ბიბლიოთეკარი ღმერთის მსგავსია. ამ ზონის ენაში ჯერ კიდევ მოიპოვება ნაშთები
სექტისა, რომელიც ეთაყვანებოდა იმ შორეულ ბიბლიოთეკარს. მრავალნი წასულან მის
მოსაძებნად. ასი წელია, ადამიანები ყველა შესაძლებელ ბილიკს მიჰყვებიან და ყველას - ამაოდ.
როგორ მოძებნა ვიღაცამ ის სათაყვანებელი საიდუმლო ექვსკუთხედი, რომელიც იმ ღმერთ-
ბიბლიოთეკარს მალავდა? ვიღაცამ წინადადება შემოიტანა, უკუსვლით ვეძებოთო. რათა A წიგნის
ადგილმდებარეობა განვსაზღვროთ, ჯერ ჩავიხედოთ B წიგნში, რომელიც გვეუბნება, სად
ვიპოვით A-ს. მაგრამ თვით B-ს მოსაძებნად, ჯერ C მოვძებნოთ და ა.შ. უსასრულობამდე. ასეთ
სარისკო წამოწყებებში გავფლანგე და დავხარჯე ჩემი წლები. არა მგონია, შეუძლებელი იყოს
ასეთი ტოტალური წიგნის არსებობა[41] სამყაროს რომელიღაც თაროზე. შევთხოვ უცნობ
ღმერთებს, რომ ვინმეს - თუნდაც ერთადერთს ათობით საუკუნის წინ - ყურადღებით
დაეთვალიერებინოს და წაეკითხოს ეს წიგნი. თუ მისი წაკითხვის პატივი, სიბრძნე და სიხარული
მე არ მერგება, მაშინ სხვებისა იყოს. დე, იარსებოს ზეცამ, თუნდაც პირადად ჩემი ადგილი
ჯოჯოხეთში იყოს. დე, ვიცემო, ვეწამო და გავნადგურდე, მაგრამ იყოს ერთი წამი, ერთი არსება,
როდესაც ეს უკიდეგანო ბიბლიოთეკა თავის გამართლებას პოულობს.
სკეპტიკოსები ამტკიცებენ, ბიბლიოთეკის წესი „აზრი“ კი არ არის, „უაზრობაა“ და რომ
რაციონალობა (თუნდაც ერთი უბრალო თანმიმდევრობა) უკვე საოცარი გამონაკლისიაო. ვიცი,
ლაპარაკობენ „ციებცხელებიან ბიბლიოთეკაზე, რომლის შემთხვევითი წიგნები მუდმივად
იმუქრებიან, რომ სხვებად გადაიქცევიან, ისე, რომ ისინი ყველაფერს ამტკიცებენ, ყველაფერს
უარყოფენ, ყველაფერს შლიან და ერთმანეთში ურევენ რომელიღაც შეშლილი, ჰალუცინაციებში
მბორგავ ღვთაებასავით“. ეს სიტყვები, რომლებიც არათუ მხოლოდ ქადაგებს უწესრიგობას,
არამედ ნიმუშადაც მოჰყავს ის, ყველას დასანახად ამტკიცებს სკეპტიკოსთა სავალალო
გემოვნებასა და გამოუვალ უმეცრებას. რადგანაც სანამ ბიბლიოთეკა შეიცავს ყველა ვერბალურ
სტრუქტურას, ოცდახუთი ორთოგრაფიული სიმბოლოთი წარმოდგენილ ყველა ვარიაციას,
მანამდე ის არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე აბსოლუტურ უაზრობას. აზრი არა აქვს იმის ნახვას,
რომ ჩემ მიერ კურირებული ყველა ექვსკუთხედის საუკეთესო წიგნს ჰქვია „დავარცხნილი მეხი“,
მეორეს „შპალერის სპაზმი“, კიდევ სხვას - „აქსაქსაქსას მლო“. ერთი შეხედვით არაკოჰერენტულ
ამ ფრაზებს აშკარად ეტყობა, რომ კრიპტოგრაფიულ ან ალეგორიულ „კითხვას“ საჭიროებს.
სიტყვების წყობისა და არსებობის ეს კითხვა, ეს გამართლება თავისთავად არის ვერბალური და,
ex hypothesi[42], უკვე არსებობს სადღაც ბიბლიოთეკაში. არ არსებობს ასოთა კომბინაცია, რომელიც
შეიძლება გაკეთდეს (მაგალითად, სჰცმრლცჰტდჟ) და, რომელიც ღვთაებრივ ბიბლიოთეკას არ
გაუთვალისწინებია და რომელიც თავის საშინელ მნიშვნელობას ერთ ან მეტ მის საიდუმლო
ენაზე არ მალავდეს. არ არსებობს ადამიანის ბაგით წარმოთქმული მარცვალი, რომელიც
დატვირთული არ იყოს სინაზითა და საშინელებით და რომელიც - ერთ-ერთ ენაზე - რომელიმე
ღმერთის მძლავრ სახელს არ წარმოადგენდეს. ეს უგუნური, სიტყვამრავალი ეპისტოლეც (ისევე,
როგორც მისი უარყოფა) უკვე ჩაწერილია უთვალავ ექვსკუთხედთაგან ერთ-ერთის ხუთ თაროზე
ჩამწკრივებული ოცდაათი ტომიდან რომელიმეში (შესაძლებელ ენათა n რაოდენობა ერთსა და
იმავე სიტყვათა მარაგს იყენებს). ზოგ მათგანში სიმბოლო „ბიბლიოთეკა“ მართებულად არის
ახსნილი: „ექვსკუთხა გალერეების მარადიული, ყველგან მყოფი სისტემა“, მაშინ, როდესაც
ბიბლიოთეკას, როგორც საგანს, პურს ან პირამიდას, ან კიდევ რაღაც სხვას და მის განმსაზღვრელ
ექვს სიტყვასაც სხვა დეფინიციები აქვს. შენ, რომელიც ახლა მკითხულობ, დარწმუნებული ხარ,
რომ გესმის ჩემი ენა?
მეთოდური თხზვა კაცობრიობის დღევანდელ მდგომარეობას მავიწყებს. ის ფაქტი, რომ
ყველაფერი უკვე დაწერილია, გვაუქმებს ან ფანტომებად გვაქცევს. ვიცი რეგიონები, სადაც
ახალგაზრდები პირქვე ემხობიან წიგნების წინაშე და ველურებივით კოცნიან მათ ფურცლებს,
თუმცა ერთი ასოს წაკითხვაც კი არ შეუძლიათ. ეპიდემიებმა, ერეტიკულმა უთანხმოებებმა,
მომლოცველობებმა, რომლებიც გარდაუვლად გადაგვარდება ხოლმე ყაჩაღობად, მოსახლეობა
მოსპო. ვგონებ, თვითმკვლელობები ვახსენე, რომლებიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო
ხშირდება. შეიძლება ჩემი ხანდაზმულობა და შიში მაბნევს, მაგრამ მგონია, რომ ადამიანთა
მოდგმა - ერთადერთი მოდგმა - გადაშენების კიდეზე ქანაობს, მაგრამ ბიბლიოთეკა -
განათლებული, მარტოხელა, უსასრულო, სრულყოფლად უძრავი, ძვირფასი წიგნებით
აღჭურვილი, უმიზნო, მარადიული და იდუმალი - მარად იარსებებს.

28
წამის წინ დავწერე სიტყვა „უსასრულო“. ეს ზედსართავი უბრალო რიტორიკული ჩვევისგან არ
მიმიყოლებია სხვებისთვის. ამ გზით ვაცხადებ, რომ ქვეყნიერების მიჩნევა უსასრულოდ
ალოგიკური არ არის. ისინი, ვისაც სჯერა, რომ მას საზღვრები აქვს, ვარაუდობს, რომ რომელიღაც
შორეულ წერტილში ან წერტილებში დერეფნები, კიბეები და ექვსკუთხედები ყოვლად
წარმოუდგენლად მთავრდება... რაც, უბრალოდ, აბსურდია. და მაინც: იმას, ვინც ფიქრობს, რომ
ქვეყნიერება უსასრულოა, ავიწყდება, რომ შესაძლებელ წიგნთა რაოდენობა სასრულია.
გავთამამდები და ძველი პრობლემის ასეთ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ: ბიბლიოთეკა
დაუსაზღვრავია, მაგრამ პერიოდული. თუ ვინმე მარადიულად იმოგზაურებდა ნებისმიერი
მიმართულებით, უთვალავი საუკუნის შემდეგ აღმოაჩენდა, რომ იგივე წიგნები მეორდება იმავე
უწესრიგობით, რომელიც - გამეორებული - უკვე წესრიგი ხდება: წესრიგი. ჩემს სიმარტოვეს
ამხნევებს ეს ელეგანტური იმედი.[43]
მარ დელ პლაცა, 1941

განშტოებულ ბილიკთა ბაღი


ვიქტორია ოკამპოს
„მსოფლიო ომის ისტორიის“ 242-ე გვერდზე ლიდელ ჰარტი გვიამბობს, რომ მოკავშირეთა შეტევა
სერე-მონტობანის ფრონტზე (ეს უნდა ეთავა ცამეტ ბრიტანულ დივიზიას, რომლებსაც ზურგს
უმაგრებდა ათას ოთხასი საარტილერიო ერთეული) დაგეგმილი იყო 1916 წლის 24 ივლისისთვის,
მაგრამ მოუწიათ გადადებამ 29 ივლისის დილამდე. ამ შეყოვნების მიზეზი იყო კოკისპირული
წვიმები (ჩანაწერები ეკუთვნის კაპიტან ლიდელ ჰარტს), შეყოვნების, რომელმაც, როგორც
აღმოჩნდა, არცთუ დიდი შედეგები მოიყოლა. მომდევნო ანგარიში, რომელიც უკარნახა,
გადაიკითხა და ხელი მოაწერა დოქტორ იუ ცუნმა - ინგლისურის მასწავლებელმა ცინგტაოს
სკოლაში, მოულოდნელ ნათელს ჰფენს ამ ისტორიას. ანგარიშის პირველი ორი გვერდი
დაკარგულია.
„... და მე ყურმილი დავკიდე. მეორე წამს ვიცანი ხმა, რომელმაც გერმანულად მიპასუხა: კაპიტან
რიჩარდ მადენისა იყო. მადენის ყოფნა ვიქტორ რუნებერგის ბინაში ნიშნავდა ჩვენი ძალისხმევისა
და (თუმცა ეს სრულებით მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა ან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი თვალით
უნდა შემეხედა) ჩვენი სიცოცხლის დასასრულს. ეს ნიშნავდა, რომ რუნებერგი უკვე
დაპატიმრებული ან მოკლული იყო[44]. იმ დღეს, მზის ჩასვლამდე, მეც იგივე ხვედრი მელოდა.
მადენი შეუბრალებელი იყო ან, უფრო სწორად, სიტუაცია აიძულებდა ასეთად ყოფნას.
ინგლისელთა დაქვემდებარებაში მყოფი ეს ირლანდიელი, რომელსაც გულმოდგინების
ნაკლებობა ბრალდებოდა, შესაძლოა - თვით ღალატიც კი: როგორ გაუშვებდა იგი ხელიდან
შემთხვევას, მადლობა არ გადაეხადა მისთვის დადებული ამ პატივისთვის - აღმოეჩინა, შეეპყრო
და იქნებ მოეკლა კიდეც გერმანიის იმპერიის ორი აგენტი?
ზემოთ ავედი, ჩემს ოთახში. უაზროდ ჩავკეტე კარი და რკინის ვიწრო საწოლზე გადავწექი.
ფანჯრიდან ჩანდა ჩვეულებრივი სახურავების თხემები და საღამოს ექვსი საათის
ღრუბლებაფარებული მზე. დაუჯერებლად მეჩვენა, რომ ეს დღე - ყოველგვარი ნიშნისა და
წინათგრძნობის გარეშე - ჩემი დაუნდობელი სიკვდილის დღე უნდა ყოფილიყო. გარდაცვლილი
მამაჩემის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ, ჯერ კიდევ ბავშვი, ჰაი ფენგის სიმეტრიულ
ბაღში ვყოფილვარ: ნუთუ დღეს უნდა მოვმკვდარიყავი? მერე ვიფიქრე: ყველაფერი ემართება
საკუთარ თავს და ემართება ზუსტად ახლა-მეთქი. საუკუნე საუკუნეს მისდევს, ცდომილებები კი
მხოლოდ აწმყოში ხდება. უთვალავი კაცია ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე, მაგრამ ყველაფერი, რაც
ჭეშმარიტად ხდება, ჩემს თავს ხდება... მადენის ცხენისებური სახის თითქმის აუტანელმა
ხსოვნამ გამიცამტვერა ეს გონებრივი წანწალი. ამ შუა სიძულვილსა და ზაფრაში აზრად მომივიდა
(ახლა თავისუფლად შემიძლია ვილაპარაკო ზაფრაზე, - ახლა, როდესაც მადენს გეგმები ჩავუშალე,
ახლა, როდესაც ჩემს კისერს თოკი სწყურია), რომ იმ ხმაურიან და უდავოდ ბედნიერ მეომარს არც
კი უეჭვია, რომ მე საიდუმლოს ვფლობდი, ანუ ბრიტანული საარტილერიო პარკის
ადგილსამყოფელს ანკრზე. რუხ ცაზე ფრინველმა გაიფრინა, მე ის ბრმად გადავაქციე
თვითმფრინავად, ხოლო თვითმფრინავი - თვითმფრინავების სიმრავლედ (ფრანგულ ცაში) და
საარტილერიო პარკში ბომბები ჩამოვყარე. ნეტავ შესძლებოდა ჩემს ყელს, სანამ ტყვია გაუვლიდა,
ამოეყვირა ის სახელი ისე, რომ გერმანიაში გაეგონათ. მაგრამ ჩემი ადამიანური ხმა საშინლად
არაადეკვატური იყო. როგორ მიმეწვდინა ლიდერის ყურამდე? - იმ ავადმყოფი და საძულველი
კაცის ყურამდე, რომელმაც არაფერი იცოდა რუნებერგისა და ჩემ შესახებ, გარდა იმისა, რომ
სტაფორდშირში ვიყავით, და რომელიც ამაოდ ელოდა ჩვენს სიტყვას თავის მოსაწყენ ბერლინურ
კაბინეტში, ერთთავად გაზეთებში ცხვირჩარგული?.. „უნდა გავიქცე“, ვთქვი ხმამაღლა.
უხმაუროდ წამოვჯექი იმ არასაჭირო, მაგრამ სრულ მდუმარებაში, თითქოს მადენი უკვე ჩემს
კართან იდგა. რაღაცამ - შეიძლება იმის დამტკიცების სურვილმა, რომ რესურსები აღარ გამაჩნდა -

29
ხელები ჯიბეებში ჩამაყოფინა. ვიპოვე ის, რასაც ვიცოდი, რომ ვიპოვიდი: ამერიკული საათი,
მონიკელებული ძეწკვი და ოთხკუთხა მონეტა, გასაღების რგოლი, რომელზეც რუნებერგის ბინის
მაკომპრომეტირებელი, აწ უსარგებლო გასაღები ეკიდა, ბლოკნოტი, წერილი, რომლის მეყსეული
განადგურება გადავწყვიტე (თუმცა ეს არასოდეს მიქნია), ყალბი პასპორტი, ერთი კრონა, ორი
შილინგი, რამდენიმე პენსი, ლურჯ-წითელი ფანქარი, ცხვირსახოცი და რევოლვერი თავისი
ერთადერთი ტყვიით. სისულელე იყო, მაგრამ რევოლვერი ავიღე და ხელით ავწონ-დავწონე თავის
გასამხნევებლად. ყრუდ გავიფიქრე: გასროლის ხმა გვარიან მანძილზე გაატანს-მეთქი. ათ წუთში
ჩემი გეგმა მომწიფდა. ტელეფონების წიგნში მოვძებნე სახელი ერთადერთი ადამიანის,
რომელსაც შეეძლო მოეწოდებინა ინფორმაცია. ის ფენტონის გარეუბანში ცხოვრობდა. იქამდე
მატარებელს ნახევარ საათზე ნაკლები სჭირდებოდა.
მე მშიშარა ვარ. შემიძლია ეს ვთქვა ახლა, როცა უკვე განვახორციელე გეგმა, რომლის
სახიფათოობას და რისკიანობას ვერავინ უარყოფს. ვიცი, ეს საშინელი ჩასადენი იყო. და ეს
გერმანიისთვის არ მიქნია. რაში მენაღვლება ბარბაროსული ქვეყანა, რომელმაც მაიძულა მეწვნია
ჯაშუშობის სირცხვილი? გარდა ამისა, ვიცნობ ერთ მოკრძალებულ ინგლისელ კაცს, რომელიც
ჩემთვის გოეთეზე ნაკლები გენიოსი არ არის. სულ ერთი საათის განმავლობაში ველაპარაკე,
მაგრამ იმ ერთ საათს ის გოეთე იყო... არა, მე ეს ჩავიდინე, რადგან ვგრძნობდი, რომ ლიდერი ჩემი
მოდგმის ხალხს დაჰყურებდა, - უთვალავ წინაპარს, რომელთა სისხლი ჩემს ვენებში სჩქეფს.
მინდოდა, დამემტკიცებინა მისთვის, რომ ყვითელკანიან კაცს შეუძლია გადაარჩინოს მისი
ჯარები. მერე კი მადენს უნდა გავქცეოდი. მისი ხელები, მისი ხმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება
გახმიანდეს ჩემს კართან.
ჩუმად ჩავიცვი და სარკეში ჩემს თავს დავემშვიდობე. კიბეზე ჩავედი, მშვიდ ქუჩას გავხედე
ორივე ბოლოსკენ და გზას გავუდექი. რკინიგზის სადგური შორს არ იყო ჩემი ბინიდან, მაგრამ
კების აყვანა ვამჯობინე, ვიფიქრე, ასე ნაკლები შანსია, რომ მიცნონ-მეთქი. ფაქტია, რომ
ვგრძნობდი, როგორ ვჩანდი და რა მოწყვლადიც ვიყავი, უსასრულოდ მოწყვლადი ამ უკაცრიელ
ქუჩაზე. მახსოვს, როგორ ვუთხარი კებმენს, სადგურის მთავარ შესასვლელამდე ნუ მიხვალ,
ცოტათი აქეთ გააჩერე-მეთქი. კებიდან ჩამოვედი გამოზომილი და თითქმის მტკივნეული
სინელით. სოფელ აშგროვამდე მინდოდა მისვლა, თუმცა ბილეთი ერთი სადგურით უფრო შორს
შევიძინე. მატარებელი გადიოდა რვაზე და ორმოცდაათზე, ანუ სულ რამდენიმე წუთში. უნდა
მეჩქარა: მომდევნო მატარებელი ათის ნახევარზეღა იქნებოდა. ბაქანზე თითქმის არავინ იყო.
მანქანებს შორის შევაბიჯე. გამახსენდა რამდენიმე მუშა, ძაძებიანი ქალი, ახალგაზრდა კაცი,
გატაცებით რომ კითხულობდა ტაციტუსის „ანალებს“, და ხალისიანი იერის დაჭრილი ჯარისკაცი.
როგორც იქნა, მატარებელი დაიძრა. ბაქნის ბოლოდან სირბილით გამოვარდა კაცი, რომელიც
ვიცანი: კაპიტანი რიჩარდ მადენი. გულმუცელგადატრიალებული და ენაჩავარდნილი სკამის
მეორე ბოლოში მოვიბღუნკე, ფანჯრიდან შორს.
ეს მდგომარეობა თითქმის სულმდაბლური ხალისით შემეცვალა. დუელი დაიწყო-მეთქი,
ვუთხარი ჩემს თავს, და მოწინააღმდეგის დარტყმის აცილებით - თუნდაც ორმოცი წუთით,
თუნდაც ბედის ამ უმცირესი გამონათებით - პირველი რაუნდი მოგებული მქონდა. მჯეროდა, ეს
პატარა მოგება სრულ გამარჯვებას მოასწავებდა. მჯეროდა, რომ ის არც ისე პატარა იყო, რადგან
მატარებლების მიერ ბოძებული ამ მშვენიერი საათის გარეშე მე ან საკანში ვიქნებოდი, ან
მკვდარი. მჯეროდა (არანაკლებ სოფისტურად): ჩემი მხდალი ხალისი ამტკიცებს, რომ მე ვარ კაცი,
რომელსაც შეუძლია გაჰყვეს ფათერაკს მის წარმატებულ დასასრულამდე. ამ სისუსტიდან
ამოვიღე ძალა, რომელსაც აღარასდროს არ უნდა მივეტოვებინე. წინდაწინ ვხედავ: კაცობრიობა
დღიდან დღემდე უფრო და უფრო მეტად იძლევა უფრო და უფრო საშინელ საქმიანობებს და
მალე აღარავინ დარჩება, მეომრებისა და ყაჩაღების გარდა. ვაძლევ მათ ამ პატარა რჩევას: ის, ვინც
უნდა განახორციელოს საშინელი აქტი, უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს უკვე ჩადენილი აქვს, უნდა
მიიღოს მომავალი ისევე შეუცვლელად, როგორი შეუცვლელიც წარსულია. მე ასე მოვიქეცი, როცა
ჩემი თვალები - თვალები იმ კაცისა, რომელიც უკვე მკვდარია - აფიქსირებდნენ დღის სვლას
(იქნებ ჩემთვის უკანასკნელისაც) და შემოღამებას. მატარებელი ტკბილად, მსუბუქად მიქროდა
ტყეებში და იფნის ხეებს შორის. ფაქტობრივად, შუა სოფელში შეჩერდა. არავის დაუყვირია
სადგურის სახელი. „აშგროვია?“ - ვკითხე ვიღაც ბიჭებს ბაქანზე. „აშგროვია“, - თქვეს თავის
კანტურით. მე მატარებლიდან ჩავედი.
ბაქანს სანთურა ანათებდა, მაგრამ ბიჭების სახეები ჩრდილში მოქცეულიყო. „დოქტორ სტეფენ
ალბერტთან მიდიხართ?“, მკითხა ერთ-ერთმა. მეორე ბიჭი ჩემს პასუხს არ დალოდებია: „ის სახლი
შორს არის, მაგრამ არ დაიკარგებით, თუ მარცხნივ მიმავალ გზას გაჰყვებით და ყოველ
გზაჯვარედინზეც მარცხნივ გაუხვევთ“. ფულის მონეტა გადავუგდე (ჩემი უკანასკნელი), ქვის
საფეხურებს ჩავუყევი და უკაცრიელ გზაზე აღმოვჩნდი. მიწის გზა მსუბუქ დაღმართად
ეშვებოდა. ჩემ ზემოთ ტოტები გადახლართულიყო, ჰორიზონტს ამოცილებული მრგვალი მთვარე
კი თითქოს ჩემ გვერდით მოაბიჯებდა.

30
ერთი წამით დამაფრთხო აზრმა, რომ რიჩარდ მადენი ჩანაფიქრს მიმიხვდა. თუმცა მალევე
დავასკვენი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ბიჭის რჩევამ - ერთთავად მარცხნივ გამეხვია, გამახსენა,
რომ ეს იყო განსაზღვრული ტიპის ლაბირინთის ცენტრამდე მისვლის ცნობილი ხერხი. მე
ერთგვარი ლაბირინთების connoisseur[45] ვარ. როგორც ჩანს, ტყუილუბრალოდ არ ვარ
შვილთაშვილი იმ ცუი პენისა, რომელიც იუნანის პროვინციის მმართველი იყო, შემდეგ კი უარი
თქვა ყოველგვარ დროებით ხელისუფლებაზე, რათა დაეწერა რომანი, რომელშიც მეტი ასო
იქნებოდა, ვიდრე „Hung Lu Meng“ -ში[46], და შექმნა ლაბირინთი, სადაც ყველა კაცი დაიკარგებოდა.
ცამეტი წელი შეალია მან ამ უზომო შრომას. მაგრამ უცხოელის ხელმა სიცოცხლეს გამოასალმა,
რის შედეგადაც არც მისი რომანის აზრი შეიკრა და ვერც ლაბირინთი იპოვა ვერავინ. ინგლისური
ხეების ქვეშ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. დაკარგული ლაბირინთი წარმომიდგა - სრულყოფილი
და ხელუხლებელი რომელიღაც მთის საიდუმლო მწვერვალზე, გამქრქალებული კონტურებით, ან
- წყალქვეშ; წარმოვიდგინე უსასრულო, შემდგარი არა რვაკუთხიანი პავილიონებისგან და თავის
თავთან დაბრუნებული ბილიკებისგან, არამედ მდინარეების, პროვინციებისა და სამეფოებისგან...
წარმოვიდგინე ლაბირინთების ლაბირინთი, ხლართების ხლართი, ხვეულები და კლაკნილები,
მარადმზარდი ლაბირინთი, რომელიც მოიცავდა წარსულს, მომავალს და, რაღაცნაირად,
ვარსკვლავებსაც. ამ წარმოსახვით ხატებში დანთქმულს სულ გადამავიწყდა, რომ მომდევდნენ.
რაღაც განუსაზღვრელი დროით თავი სამყაროს აბსტრაქტულ აღმქმელად ვიგრძენი.
ბინდჩამდგარი, ცოცხალი სოფელი, მთვარე, შეღამებული დღის უკანასკნელი ნაშთები თავისას
აკეთებდნენ ჩემში, ისევე, როგორც ოდნავ დაქანებული გზა. ეს ყველაფერი ყოველგვარ
დაღლილობას გამორიცხავდა. საღამო ახლოს იყო, თანაც - უსასრულო.
გზა შეწყდა და განშტოვდა ამჯერად უფორმო მდელოებზე. სიოს ნაზ წამობერვებს მოჰქონდა
ენერგიული, ბუნდოვნად დამარცვლილი სიმღერა, ფოთლებითა და სიშორით გაუხშოებული.
ელდა მეცა იმის გაფიქრებაზე, რომ ადამიანი შეიძლება სხვა ადამიანების მტერი იყოს, სხვა
ადამიანების სხვა მომენტების, ოღონდაც არა საკუთრივ ამა თუ იმ ქვეყნის - მისი ციცინათელების,
სიტყვების, ბაღების, მდინარეების, ნიავების.
ასეთ ფიქრებში ვიყავი, როცა მაღალ, დაჟანგულ კარიბჭეს მივადექი. რკინის ცხაურიდან გავარჩიე
სახლისკენ მიმავალი ალვების ხეივანი და ფანჩატურის მსგავსი შენობა. უეცრად გავაცნობიერე
ორი რამ (პირველი - ტრივიალური, მეორე - თითქმის დაუჯერებელი): მუსიკა, რომელიც გზაში
მომესმა, იმ ფანჩატურიდან თუ პავილიონიდან მოდიოდა და ეს ჩინური მუსიკა იყო! ამიტომაც
მოხდა, რომ ჩემი არსება მთლიანად და გაუცნობიერებლად მიეცა მას. ვერ ვიხსენებ, ზარი დავრეკე
თუ ტაში შემოვკარი, რათა ჩემი მისვლა მეუწყებინა.
მუსიკის ფრქვევა არ შეწყვეტილა, მაგრამ მიმალული სახლის უკნიდან გამოჩნდა და ჩემკენ
წამოვიდა სანთურა - ჯვარედინი ბადით შემოწნული და, დროდადრო, ხეებით დაჩრდილული,
დოლის ფორმისა და მთვარის ფერის ქაღალდის სანთურა. მაღალ კაცს ეჭირა. მის სახეს ვერ
ვხედავდი - სანთურა მაბრმავებდა. კაცმა კარიბჭე გააღო და ნელა დამელაპარაკა ჩემს ენაზე.
- ვხედავ, თანამგრძნობელმა სი პენგმა განიზრახა, ეწამლა ჩემი მარტოობისთვის. ეჭვი არაა, ბაღის
ნახვა გსურთ.
წარმოთქმულ სახელში ერთ-ერთი ჩვენი კონსული ამოვიცანი, თუმცა მხოლოდ ეს ვუპასუხე
დაბნეულად: - ბაღი?
- განშტოებულ ბილიკთა ბაღი.
მეხსიერებაში რაღაც შემერხა.
- ჩემი წინაპრის, ცუი პენის ბაღი, - ვთქვი გაუგებრად გულდაჯერებულმა.
- თქვენი წინაპრის? თქვენი სახელოვანი წინაპრის? მობრძანდით...
ცვრით დანამული ბილიკი ჩემი ბავშვობის ბილიკებივით მიიკლაკნებოდა. შევედით დასავლური
და აღმოსავლური წიგნების ბიბლიოთეკაში. ვიცანი ყვითელაბრეშუმგადაკრული დაკარგული
ენციკლოპედიის რამდენიმე ხელნაწერი ტომი, შედგენილი მანათობელი დინასტიის მიერ, თუმცა
არასოდეს დაბეჭდილი. გრამოფონზე დადებული ფირფიტა ბრინჯაოს ფენიქსის გვერდით
ტრიალებდა. მახსენდება აგრეთვე ჩინური ფაიფურის ვარდისფერი ლარნაკი და კიდევ ერთი,
რამდენიმე საუკუნით უფრო ძველი, ისეთი ლურჯი, ჩვენი ხელოსნები რომ სესხულობდნენ
ძველი სპარსეთის მექოთნეებისგან...
სტეფენ ალბერტი ღიმილით მიყურებდა. როგორც ვთქვი, საკმაოდ მაღალი კაცი იყო, მკვეთრი
ნაკვთებით, ნაცრისფერი თვალებითა და რუხი წვერით. რაღაცით მღვდელს ჰგავდა, თუმცა,
იმავდროულად, მეზღვაურსაც. მოგვიანებით მითხრა, მისიონერი ვიყავი ტიანცინში, სანამ
სინოლოგად[47] გახდომის სწრაფვა აღმეძვრებოდაო.

31
დავსხედით: მე - გრძელ, დაბალ დივანზე, ის - ზურგით ფანჯრისა და მაღალი, მრგვალი
საათისკენ. ჩემი წარმოდგენით, მდევარი რიჩარდ მადენი ალბათ სულ ცოტა ერთ საათს მაინც ვერ
მომაგნებდა. ასე რომ, ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას შეეძლო დაეცადა.
- ცუი პენის ცხოვრება საკვირველია, - თქვა სტეფენ ალბერტმა, - იმ პროვინციის მმართველი,
რომელშიც თვითონ დაიბადა, განსწავლული ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, კანონიკური
წიგნების შეუპოვარი ინტერპრეტატორი, მოჭადრაკე, აღიარებული პოეტი და კალიგრაფისტი...
უცებ ამ ყველაფერს ტოვებს, რათა შექმნას წიგნი და ლაბირინთი. უარს ამბობს ჩაგვრის
სიამოვნებებზე, სამართლიანობაზე, ხშირად განმეორებულ საქორწინო სარეცელზე, ბანკეტებზე
და თვით ერუდიციაზე, რათა მჭვირვალე მარტოობის პავილიონში გაიხიზნოს. მისი სიკვდილის
შემდეგ მემკვიდრეებმა ვერაფერი იპოვეს, ქაოსური ხელნაწერების გარდა. როგორც თქვენთვის
ალბათ ცნობილია, ოჯახი ამ ხელნაწერებს უკვე დაწვას უპირებდა, რომ მისმა მრჩეველმა -
დაოსისტმა თუ ბუდისტმა ბერმა - დაჟინებით მოითხოვა მათი გამოქვეყნება.
- ჩვენ - ცუი პენის შთამომავლები - დღემდე წყევლა-კრულვას ვუთვლით იმ ბერს, - მივუგე მე, -
აზრი არ ჰქონდა იმ ხელნაწერთა დაბეჭდვას. წიგნი მერყევი ესკიზების წინააღმდეგობრივი
ნარევია. ერთხელ მე თვითონ ჩავუჯექი. მესამე თავში პერსონაჟი კვდება, მეოთხეში კი ისევ
ცოცხალია. რაც შეეხება ცუი პენის მეორე გარჯას, მის ლაბირინთს...
- ლაბირინთი აქაა, - თქვა ალბერტმა და ხელით მანიშნა მაღალი, ლაკირებული საწერი მაგიდისკენ.
- სპილოს ძვლის ლაბირინთი, - შევძახე მე, - მინიატიურული...
- სიმბოლოების ლაბირინთი, - შემისწორა ალბერტმა, - დროის უხილავი ლაბირინთი. მე -
ინგლისელი ბარბაროსი - რატომღაც ამირჩიეს, რომ ფარდა ამეხადა გაჭვირვალე საიდუმლოსთვის.
ახლა, ამ ამბიდან ასი წლის შემდეგ, ზუსტი დეტალები აღუდგენელია, თუმცა ძნელი მისახვედრი
არ არის, რა მოხდა. რაღაც მომენტში ცუი პენს უნდა ეთქვა: „განვმარტოვდები, რათა წიგნი
დავწერო“, მეორე მომენტში კი: „განვმარტოვდები და ლაბირინთს ავაშენებ“. ყველამ ორი
პროექტი წარმოიდგინა და არავის მოსვლია აზრად, რომ წიგნი და ლაბირინთი ერთი და იგივეა.
მჭვირვალე მარტოობის პავილიონი აღიმართა იმ ბაღის ცენტრში, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე
ჩახლართულად იყო დაგეგმილი. ამ ფაქტს შეეძლო ფიზიკური ლაბირინთის შექმნაც ჩაეგონებინა.
რომანის უწესრიგობამ (მის დაულაგებლობას ვგულისხობ, რასაკვირველია) მიკარნახა, რომ
სწორედ ეს წიგნი იყო ლაბირინთი. ორმა გარემოებამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე
მიმიყვანა: ერთი იყო საგულისხმო ლეგენდა, რომ ცუი პენი აპირებდა აეგო ლაბირინთი, რომელიც
ნამდვილად უსასრულო იქნებოდა, მეორე კი - ჩემ მიერ აღმოჩენილი წერილის ფრაგმენტი.
ალბერტი წამოდგა, რამდენიმე წამით ზურგი შემაქცია და შავ-ოქროსფერი საწერი მაგიდის უჯრა
გამოსწია. შემობრუნებულს ხელში ეჭირა უწინ ალისფერი, ახლა კი ვარდისფერი, თხელი,
ოთხკუთხა ფურცელი, რომელზეც ცუი პენის ცნობილი კალიგრაფია მოჩანდა. გზნებით, თუმცა
ჩაუწვდომლად წავიკითხე სიტყვები, ჩემს წინაპარს რომ დაეხატა კალმის უდახვეწილესი
მოსმებით. „ვუტოვებ რამდენიმე მომავალს (არა ყველას) განშტოებული ბილიკების ჩემეულ
ბაღს“. ფურცელი უსიტყვოდ დავუბრუნე ალბერტს.
- სანამ ამ წერილს ამოვჩხრეკდი - განაგრძო მან, - ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ეარსება
უსასრულო წიგნს. სხვა არაფერი მომდიოდა აზრად, გარდა წრიული თუ ციკლური წიგნისა,
რომლის ბოლო გვერდი მისივე პირველი გვერდის იდენტური იქნებოდა და, ამდენად, მარად
გაგრძელებადი. ის ღამეც გამახსენდა „ათას ერთი ღამის“ ცენტრში, როდესაც დედოფალი
შაჰრაზადი (გადამწერის რაღაც მაგიური დაბნეულობის წყალობით) სიტყვასიტყვით იწყებს „ათას
ერთი ღამის“ ამბის მოყოლას იმ რისკით, რომ ერთხელაც ისევ დაუბრუნდება იმ ღამეს, როდესაც
ამას გვიყვება, და ა.შ. ad infinitum. ასევე წარმოვიდგინე ერთგვარი პლატონური, მემკვიდრეობითი
თხზულება გადმოსული მამიდან შვილზე, საქმე, რომელსაც თითოეული ახალი ინდივიდუალობა
ახალ თავს დაამატებდა ან მოწიწებული რუდუნებით შეასწორებდა ძველთა ნაწერებს. ამ
წარმოდგენებმა შემიქციეს და გამფანტეს, მაგრამ არც ერთი არ ჩანდა ისეთი, თუნდაც შორეულად
რომ მისადაგებოდა ცუი პენის წინააღმდეგობრივ ნაწერებს. სწორედ ამ დაბნეულობის და
შეცბუნების ჭაობში ვფართხალებდი, როცა ოქსფორდიდან გამომიგზავნეს დოკუმენტი,
რომელსაც თქვენ წეღან გაეცანით. მშვენივრად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შევყოვნდი
ფრაზაზე: „ვუტოვებ რამდენიმე მომავალს (არა ყველას) განშტოებული ბილიკების ჩემეულ ბაღს“.
თითქმის მაშინვე მივხვდი: განშტოებული ბილიკები თვით ეს ქაოსური რომანია. სიტყვებმა
„რამდენიმე მომავალს (არა ყველას)“ თვალწინ დამიყენა ხატება განშტოებისა დროში, არა
სივრცეში. წიგნის განმეორებით წაკითხვამ საბოლოოდ დაადასტურა ჩემი თეორია. ყველა
ფიქციაში ადამიანი ხვდება მრავალგვარ ალტერნატივას, რომელთაგან ერთს ირჩევს, სხვებს კი
უკუაგდებს. ფაქტობრივად, გაუხსნელი ხლართის - ცუი პენის თხზულებაში პერსონაჟი
ერთდროულად ყველა ალტერნატივას ირჩევს. ამით ის ქმნის „რამდენიმე მომავალს“, რამდენიმე

32
დროს, რომლებიც თავად მრავლდებიან და განიტოტებიან. ასე იხსნება რომანის
წინააღმდეგობები. ფანგს, ასე ვთქვათ, საიდუმლო აქვს. უცნობი უკაკუნებს კარზე. ფანგი მის
მოკვლას გადაწყვეტს. ბუნებრივია, არსებობს სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტი: ფანგს
შეუძლია მოკლას დაუპატიჟებელი სტუმარი, შეიძლება მოხდეს პირიქით, შეიძლება ორივე
ცოცხალი დარჩეს ან ორივე მოკვდეს. ცუი პენის რომანში, ფაქტობრივად, ყველა შესაძლებელი
ვარიანტი ხდება და თითოეული გამოსავალი საწყისი წერტილია მომდევნო განშტოებებისთვის.
ხანგამოშვებით, ამ ლაბირინთის ბილიკები კვლავ ერთად იყრის თავს. მაგალითად, თქვენ ამ
სახლში მოხვედით, თუმცა ერთ-ერთ შესაძლებელ წარსულში თქვენ ჩემი მტერი ხართ, მეორეში -
მეგობარი. თუ შეგიძლიათ აიტანოთ ჩემი გამოუსწორებელი დიქცია, შეგვეძლო წაგვეკითხა
რამდენიმე გვერდი.
ლამპისგან დაფენილ სინათლის წრეში მისი სახე აშკარად მოხუცი ადამიანის სახე იყო, თუმცა
ამავე სახეში ჩანდა რაღაც გაუხედნავი, თვით უკვდავიც კი. ნელა, მკაფიოდ წაიკითხა ერთი
ეპიკური თავის ორი ვერსია. პირველში ჯარი გადის საბრძოლველად მთიან უდაბნოში.
კლდეებისა და სიბნელის საშინელება ჯარისკაცებს სიცოცხლისადმი ზიზღით ავსებს და იოლ
გამარჯვებასაც აღწევენ. მეორე ვერსიაში იგივე ჯარი გადის სასახლეში, სადაც მეჯლისია
გამართული. ბრწყინვალე ბრძოლა დღესასწაულის გაგრძელება ჰგონიათ და ისინიც იოლად
იმარჯვებენ.
მოწიწებული პატივისცემით ვუსმენდი ამ ძველ ფიქციებს, რომლებიც, შესაძლოა, არა იმდენად
თავისთავად იყო ღირსშესანიშნავი, რამდენადაც ფაქტი, რომ ისინი ჩემი სისხლის კაცს შეეთხზა,
ხოლო შორეული სახელმწიფოს მოქალაქე მეორე კაცი კი ახლა მათ ჩემთვის აღორძინებდა
დასავლეთის ერთ-ერთ კუნძულზე მიმდინარე უიმედო მისიის დროს. მახსოვს ბოლო სიტყვები,
ფარულ ბრძანებასავით რომ მეორდებოდა ყველა ვერსიაში: „ასე იბრძოდნენ გმირები: მათი
დიდებული გულები მშვიდი იყო, ხმლები - ძალუმი, თავად - კვლასა და სიკვდილს შეგუებულნი“.
ამ მომენტიდან მოყოლებული, ყველგან ჩემ გარშემო და თვით ჩემს ბნელ სხეულში ვიგრძენი
უხილავი, ხელშეუხებელი ფუთფუთი, - არა იმ ჯარების, რომლებიც გაიყვნენ, პარალელურად
იარეს, მერე კი ისევ შეერთდნენ, არამედ უფრო მიუწვდომელმა, უფრო შინაგანმა მღელვარებამ
შემიპყრო. თუმცა იმ ჯარებიდან ერთ-ერთი რაღაცნაირად მაინც პირველსახის როლს ასრულებდა.
ალბერტმა განაგრძო: - არ მჯერა, რომ თქვენი პატივდებული წინაპარი უმიზნო ვარიაციებს
ათამაშებდა. შეუძლებელი მგონია, ცამეტი წელი მსხვერპლად მიეტანა უსასრულო რიტორიკული
ვარჯიშისთვის. თქვენს ქვეყანაში რომანი მეორეხარისხოვანი ჟანრია, იმ დროს კი მისთვის
ზიზღსაც არ იმეტებდნენ. ცუი პენი გენიალური რომანისტი იყო, თუმცა, გარდა ამისა,
ბელეტრისტიც და ნამდვილად არ მიიჩნევდა თავის თავს მხოლოდ რომანისტად. მისი
თანამედროვენი აღნიშნავდნენ მის მეტაფიზიკურ, მისტიკურ მიდრეკილებებს, რასაც
ყოველმხრივ ადასტურებს მისი ცხოვრება. ფილოსოფიურ დებატებს მისი რომანის დიდი ნაწილი
უჭირავს და, ვიცი, პრობლემებიდან არც ერთი ისე არ აწუხებდა, ისე არ ღრღნიდა, როგორც დროის
ამოუწყავი პრობლემა. ჰოდა, რა უცნაურია, რომ ეს პრობლემა ერთადერთია, რომელიც არ
ფიგურირებს „განშტოებულ ბილიკთა ბაღის“ გვერდებზე! თვით სიტყვა „დროსაც“ კი არსად
ახსენებს. როგორ ხსნით ამ შეგნებულ გამოტოვებას?
მე რამდენიმე ახსნა შევთავაზე, ყველა - არადამაკმაყოფილებელი. გავარჩიეთ კიდეც ეს
ვარაუდები, ბოლოს ალბერტმა თქვა: - გამოცანაში, რომლის პასუხია ჭადრაკი, რომელია ის
ერთადერთი სიტყვა, რომელიც არ უნდა გამოიყენო?
ერთი წუთით დავფიქრდი.
- სიტყვა „ჭადრაკი“, - ვუთხარი შემდეგ.
- სწორედაც! - განაგრძო ალბერტმა, - „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“ დიდი გამოცანაა ან პარაბოლა,
რომლის საგანია დრო. ეს საიდუმლო მიზანი უკრძალავს ცუი პენს ამ სიტყვის თუნდაც უბრალო
ხსენებას. ერთი სიტყვის მუდმივი გამოტოვება, მის ნაცვლად - მოუქნელი მეტაფორები და აშკარა
ორჭოფულობები, ალბათ, ყველაზე ემფატური ხერხია ამ სიტყვაზე ყურადღების
გასამახვილებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა განმარტოებული ცუი პენის მიერ ამორჩეული
მიხვეულ-მოხვეული ბილიკი მისი ამოუწურავი რომანის ყოველ და თითოეულ მოსახვევში.
ასობით ხელნაწერი შემიდარებია ერთმანეთისთვის, შემისწორებია გადამწერთა დაუდევრობით
დაშვებული შეცდომები, რის შედეგადაც ჩამომიყალიბდა ჰიპოთეზა ამ ქაოსის გეგმის შესახებ და
კიდევ ერთხელ ჩავუყარე საფუძველი (ან მგონია, რომ ჩავუყარე) მის ფუნდამენტურ წესრიგს.
მთელი თხზულება ვთარგმნე და ვიცი, რომ სიტყვა „დრო“ არც ერთხელ არ არის ნახსენები. ახსნა
ნათელია: „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“ სამყაროს დაუმთავრებელი, მაგრამ არა ცრუ სურათია,
როგორიც ის ცუი პენს წარმოუდგენია. ნიუტონის ან შოპენჰაუერისგან განსხვავებით, თქვენს
წინაპარს არ სწამდა ერთგვაროვანი და აბსოლუტური დროის არსებობა, არამედ სწამდა დროთა

33
უსასრულო სერია, დაშორიშორებული, თანხვედრილი და პარალელური დროთა მზარდი,
თავგზისამბნევი ქსელი. და ეს ქსოვილი დროებისა, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებიან,
იტოტებიან, წყდებიან ან, უბრალოდ, უცნობი რჩებიან საუკუნეთა განმავლობაში, ყველა
შესაძლებლობას შეიცავს. ამ დროთა უმრავლესობაში ჩვენ არ ვარსებობთ, ზოგიერთში თქვენ
ხართ და მე არ ვარ, სხვებში, პირიქით, მე ვარ და თქვენ - არა, კიდევ სხვებში ჩვენ ორივენი ვართ.
აი, ამ დროში კი, როცა შემთხვევამ ხელი შემიწყო, თქვენ შინ მომაკითხეთ. სხვა დროში, როცა ჩემს
ბაღში გაივლით, მკვდარს მიპოვით. კიდევ სხვა დროში მე ამავე სიტყვებს ვამბობ, მაგრამ
მხოლოდ ცდომილება და აჩრდილი ვარ.
- ყველა დროში მადლობელი ვარ და მოწიწებით შევყურებ ცუი პენის ბაღის აღორძინებას თქვენ
მიერ, - ვთქვი უკვე აცახცახებულმა.
- ყველაში არა, - დაიჩურჩულა ალბერტმა ღიმილით, - დრო გამუდმებით იტოტება უთვალავ
მომავლად. ერთ-ერთში მე თქვენი მტერი ვიქნები.
ისევ ვიგრძენი ზემოთ ნახსენები ფუთფუთი. ვგრძნობდი, რომ ცვრიანი ბაღი სახლის გარშემო
უსასრულოდ გაჟღენთილიყო უხილავი პიროვნებებით. ეს პიროვნებები ვიყავით მე და ალბერტი
დროის სხვა განზომილებებში, ორივე - ფარული, სამუშაოში ჩაფლული, მრავალსახოვანი. მზერა
შევმართე და - აბლაბუდა-კოშმარი მიინავლა. შავ-ყვითელ ბაღში ერთადერთი კაცი ჩანდა,
ქანდაკებასავით ძლევამოსილი, და ბილიკს მოჰყვებოდა. ეს იყო კაპიტანი რიჩარდ მადენი.
- მომავალი ჩვენთან არის, - ვუპასუხე ალბერტს, - მაგრამ მე თქვენი მეგობარი ვარ. შეიძლება
კიდევ ერთხელ შევხედო წერილს?
იგი წამოდგა. მაღალი იყო, როცა მაღალი საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო. ერთი წამით შემაქცია
ზურგი. რევოლვერის ჩახმახი უკვე შეყენებული მქონდა და უსაზღვროდ ფრთხილად გამოვკარი
თითი. ალბერტი ისე დაეცა, არ დაუკვნესია, ერთი ბგერაც არ აღმოხდენია: იმ წამს და იქვე. ვფიცავ,
მომენტალურად მოკვდა - მეხის ერთ გავარდნაში.
დანარჩენი არარეალურია და უმნიშვნელო. მადენი ოთახში შემოიჭრა და დამაპატიმრა.
ჩამოხრჩობა მომისაჯეს. ყოვლად გულისამრევად გავიმარჯვე: ბერლინს გადავეცი საიდუმლო
სახელი ქალაქისა, რომელზეც იერიში უნდა მიეტანათ. ჰოდა, გუშინ დაბომბეს. ეს წავიკითხე
იმავე გაზეთში, რომელიც მთელ ინგლისს ამცნობდა ცნობილი სინოლოგის, სტეფენ ალბერტის
მოკვლას უცნობი იუ ცუნის მიერ. ლიდერმა გამოცანა ამოხსნა. იცოდა, რაში მდგომარეობდა ჩემი
პრობლემა: როგორ შემეტყობინებინა (ომის გამაყრუებელ ხმაურში) სახელი ქალაქისა, რომელსაც
ალბერტი ერქვა და რომლის შეტყობინების ერთადერთი გზა იყო იმავე სახელის მქონე კაცის
მოკვლა. მან არ იცოდა (ეს ვერავის ეცოდინება) ჩემი დაუსრულებელი ქენჯნა

გამოგონებები
წინათქმა
თუნდაც უფრო მოქნილად გადმოცემული, ამ ტომში მოთხრობული ისტორიები არ განსხვავდება
წინა ტომის ისტორიებისგან. ორი მათგანი, შესაძლოა, კომენტარს იმსახურებს. ესაა „სიკვდილი
და ფარგალი“ და „ფუნესის მეხსიერება“. ეს უკანასკნელი ერთი გრძელი მეტაფორაა
უძილობისთვის. პირველი ამბავი კი, მასში გამოყენებული გერმანული და სკანდინავიური
სახელების მიუხედავად, სიზმრის ბუენოს-აირესში ხდება: მიხვეულ-მოხვეული „ტულონის ქუჩა“
პაზეო დე ხულიოა, „ტრისტ-ლე-რუა“ კი ის სასტუმრო, სადაც ჰერბერტ ეშმა მიიღო წამოსახვითი
ენციკლოპედიის მეთერთმეტე ტომი, მაგრამ ალბათ არ წაუკითხავს. ამ ფიქციის დაწერის შემდეგ
თითქოსდა ღირებულად მეჩვენა, განმევრცო მასში მოხაზული დრო და სივრცე. შურისძიება
შეიძლებოდა მეანდერძა სხვებისთვის, დროის პერიოდები კი დათვლილიყო წლებით, იქნებ
საუკუნეებითაც; სახელის პირველი ასო შეიძლებოდა წარმოთქმულიყო ისლანდიაში, მეორე -
მექსიკაში, მესამე - ინდოეთში. ნუთუ საჭიროა ვთქვა, რომ ხასიდთა[48] შორის წმინდანებიც არიან
და მსხვერპლად გაღებული ოთხი სიცოცხლე სახელის ოთხი ასოს მისაღებად თვით ჩემი ამბის
ფორმით ნაკარნახევი ფანტაზიაა?
P.S. (1956). ამ ტომს სამი ამბავი დავუმატე: „სამხრეთი“, „ფენიქსის კულტი“ და „დასასრული“.
გარდა ერთი პერსონაჟის - რეკაბარენის, რომლის უმოძრაობა და პასიურობა კონტრასტის
ფუნქციას ასრულებს, არაფერი (ან თითქმის არაფერი) ამ მოკლე ამბის მსვლელობაში ჩემი
გამოგონილი არ არის, ყველაფერი სახელგანთქმულ წიგნშია ნაგულისხმევი, თუმცა მე ვიყავი
პირველი, ვინც ეს მოიხელთა, ან, ყოველ შემთხვევაში, ღიად განაცხადა. ფენიქსის ალეგორიაში წინ
დავიყენე პრობლემა, ჩამეგონებინა საყოველთაო აქტი - საიდუმლო - ყოყმანით, თანდათანობით
და, საბოლოოდ, მაინც არაორაზროვნად. არ ვიცი, რა დონემდე განვახორციელე ეს განზრახვა. რაც
შეეხება „სამხრეთს“, რომელიც შეიძლება ჩემი საუკეთესო მოთხრობაა, მხოლოდ იმას ვეტყვი

34
მკითხველს, რომ მისი წაკითხვა ორივენაირად შეიძლება: როგორც პირდაპირ მოთხრობილი
ნოველისტური ამბების და სრულებით სხვაგვარადაც.
შოპენჰაუერი, დე ქუინსი, სტივენსონი, მაუსნერი, შოუ, ჩესტერტონი, ლეონ ბლოი: აი,
არაერთგვაროვანი ნუსხა მწერლებისა, რომლებსაც მე გამუდმებით ვუბრუნდები. ვფიქრობ,
მათგან უკანასკნელის შორეული გავლენის კვალი ჩანს ქრისტოლოგიურ ფანტაზიაში სახელად
„იუდას სამი ვერსია“.
ხ. ლ. ბ.
ბუენოს-აირესი
29 აგვისტო, 1944/1956

ფუნესის მეხსიერება
ვიხსენებ მას (თუმცა არ მაქვს ამ წმინდა ზმნის თქმის უფლება. ერთადერთ კაცს ჰქონდა
ამქვეყნად და ის კაცი მკვდარია) ხელში მუქი ვნებისყვავილით[49], რომელსაც ისე უყურებდა,
როგორც არავის უყურებია: მთელი ცხოვრება მისჩერებოდა გარიჟრაჟის რიბირაბოდან საღამოს
უკანასკნელ სხივამდე. ვიხსენებ მას - მის მდუმარე სახეს, ინდიელის ნაკვთებს, ამ სახის
უჩვეულო სიშორეს - სიგარეტის უკან. ვიხსენებ (ვგონებ) ტყავის შემომწვნელის თხელ თითებს.
ვიხსენებ მატეს ფინჯანს იმ ხელების ახლოს ბანდა ორიენტალის[50] გერბით. ვიხსენებ მისი
სახლის ფანჯარაში ყვითელი ნამჯის დარაბას ზედ გამოსახული ტბის ბუნდოვანი ლანდშაფტით.
მკაფიოდ მახსოვს მისი ხმა - იმდროინდელი ხულიგნის ნელი, ნაწყენი, ცხვირისმიერი ხმა
დღევანდელი იტალიური შიშინა ბგერების გარეშე. სულ სამჯერ ვნახე, უკანასკნელად - 1887
წელს... მივესალმები იდეას, რომ ყველა ჩვენგანმა, ვისაც საქმე ჰქონია ამ კაცთან, რაღაც უნდა
დაწეროს მასზე. ჩემი მოგონება, ალბათ, უმოკლესი იქნება (და, რასაკვირველია, უმცირესი) იმ
წიგნში, რომლის გამოცემასაც შენ აპირებ. თუმცა ნამდვილად ვერ იქნება ყველაზე ნაკლებად
სამართლიანი. სამწუხაროდ, მე არგენტინელი ვარ, შინაგანად სრულებით უუნარო დითირამბის
ჟანრში, ესოდენ სავალდებულო რომ არის ურუგვაიში, განსაკუთრებით, როცა ამ დითირამბის
საგანი თვითონაც ურუგვაელია. ინტელექტუალი, დენდი, ქალაქელი ფრანტი - ფუნესი არ
იტყოდა ამ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მისთვის მე ამ
უბედურებებს წარმოვადგენდი. პედრო ლეანდრო იპუჩეს[51] უწერია, ფუნესი ზეადამიანთა
წინამორბედი იყოო, „ინდივიდუალურ-ადგილობრივი ზარატუსტრა“, და მეც არც შევეკამათები ამ
თვალსაზრისს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის აგრეთვე იყო ქუჩის ხულიგანი ფრაი
ბენტოსიდან, თავისი უსაშველო დასაზღვრულობებით.
ჩემი პირველი მოგონება ფუნესზე სრულებით მკაფიოა. ვხედავ მას ერთ ნაშუადღევს 1884 წლის
მარტში თუ თებერვალში. იმ წლის ზაფხულში მამაჩემმა ფრაი ბენტოსში[52] წამიყვანა. რანჩოდან
სან-ფრანცისკოში ვბრუნდებოდი ჩემს ბიძაშვილ ბერნარდო ჰაედოსთან ერთად. ცხენებზე
ვისხედით და მხიარულად მივიმღეროდით. თუმცა ცხენზე ჯდომა არ იყო ჩემი ხალისიანობის
ერთადერთი მიზეზი. მცხუნვარე დღის შემდეგ ცას სამხრეთიდან მორეკილი ვეება რუხი
საქარიშხლე ღრუბლები გადაეფარა. ქარმა ხეები უწყალოდ გაწეწ-გამოწეწა და მეც ამავსო შიშმა
(იმედმა), რომ წყლის სტიქია სოფლის მოღიავებულ შარაზე მოგვისწრებდა. ქარიშხლის
საწინააღმდეგო დოღივით რაღაც მოვაწყვეთ. შევუხვიეთ ვიწრო, ღრმა ქუჩაზე, რომლის აგურის
ტროტუარები დიდად ასცილებოდა მიწის დონეს. უცბად დაბნელდა. ჩემ ზემოთ სწრაფი,
თითქმის ფეხაკრეფით გადადგმული ნაბიჯების ხმა გავიგონე. თავი ავწიე და დავინახე ბიჭი,
რომელიც სირბილით მიუყვებოდა ვიწრო, დანგრეულ ტროტუარს მაღლა, თითქოს ვიწრო
ნაკედლარზე მირბისო. მახსოვს მისი მოკლე, ტომრისებრი შარვალი, გაუჩოს შარვლის მსგავსი,
ნამჯისძირიანი ბამბის ჩუსტები, სიგარეტი მკვრივ სახეზე და ეს ყველაფერი - ქარიშხლის
გოლიათური ღრუბლის ფონზე. მოულოდნელად ბერნარდომ ბიჭს ასძახა: „რომელი საათია,
ირენეო?“ მას არც ცაში აუხედავს, არც წამით დაყოვნებულა, ისე ჩამოსძახა: „რვას აკლია ოთხი
წუთი, ჭაბუკო ბერნარდო ხუან ფრანცისკო“. ხმა მჭახე ჰქონდა და დამცინავი.
იმდენად გონებაგაფანტული ვარ, რომ აღარც კი გამახსენდებოდა ეს მოკლე გადაძახილი, ჩემი
ყურადღება რომ არ მიეპყრო ბიძაშვილს, რომელსაც, ადგილობრივი სიამაყის კარნახით, მოუნდა,
თავი ისე დაეჭირა, თითქოს აინუნშიც არ ჩაუგდია ბიჭის პასუხი. მითხრა: ის ბიჭი ირენეო ფუნესი
იყო, ცნობილი თავისი ექსცენტრიკულობებით, მათ შორის - იმით, რომ ადამიანებს უფრთხის და
ყოველთვის საათივით ზუსტად იცის რა დროაო. შემდეგ დაამატა, რომ ირენეო სოფლის მეუთოვე
ქალის, მარია კლემენტინა ფუნესის შვილია; რომ, ხალხის ერთი ნაწილის თქმით, თუ მამამისი -
ინგლისელი სახელად ო’კონორი - ექიმი იყო დასამარილებელ სახლში, სხვები ამბობდნენ,
საარსებო საშუალებებს ცხენების გახედვნით თუ ხარებიანი ფურგონების ტარებით შოულობს
სალტოს დეპარტამენტშიო. ბიჭი დედამისთან ცხოვრობსო, მითხრა ბიძაშვილმა ვილა ლოს

35
ლაურელესის ქუჩის კუთხეში.
1885-86 წლების ზაფხულები მონტევიდეოში გავატარეთ. ფრაი ბენტოსში მომდევნო წელს, ანუ 87-
ში დავბრუნდი. ბუნებრივია, ყველა მოვიკითხე და, ბოლოს, „ქრონომეტრი ფუნესიც“. მითხრეს,
სან-ფრანცისკოში ნახევრად გახედნილმა ცხენმა გადმოაგდო და სამუდამოდ დახეიბრდაო.
მახსენდება მოუსვენარ-მაგიური განცდა, რომელმაც ამ ამბის გაგონებაზე შემიპყრო. ირენეო
ერთადერთხელ მყავდა ნანახი: როცა ჩვენ სან-ფრანცისკოს რანჩოდან ვბრუნდებოდით, ის კი
შემაღლებაზე მიაბიჯებდა. ბიძაშვილ ბერნარდოს მიერ ნათქვამმა ამბავმა ისე იმოქმედა, როგორც
წარსულის ელემენტებისგან შედგენილმა სიზმარმა. მითხრეს, ფუნესი არასოდეს დგება
საწოლიდან, წევს და მზერა ან ერთთავად სახლის უკან მდგარ ლეღვის ხეზე აქვს მიჯაჭვული, ან
აბლაბუდაზეო. საღამოობით ფანჯარასთან მიყვანის უფლებას იძლევა. ისეთი ამაყი ბიჭუნა იყო,
რომ ეს უბედური გადმოვარდნა ცხენიდან იღბლიან ამბად მიუჩნევია... ორჯერ ვნახე თავის
საწოლზე რკინის ცხაურიანი ფანჯრის მიღმა, თითქოს ტლანქად რომ მიანიშნებდა მის პატიმრულ
ცხოვრებას. პირველ ნახვაზე გაუნძრევლად იწვა, თვალდახუჭული, მეორეზე - ისევ უმოძრაოდ,
აბზინდის სურნელოვანი რტოს ჭვრეტაში დანთქმული.
არცთუ ყოყოჩობის გარეშე ხდებოდა, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში მეთოდურად
ვეუფლებოდი ლათინურს. ჩემოდანში მეწყო ლომონდის „De viris illustribus“[53], კიშერას
„Thesaurus“[54], იულიუს კეისრის კომენტარები და პლინიუსის კენტნომრიანი „Naturalis
historia“[55], რომელიც აღემატებოდა და დღემდე აღემატება ჩემს, როგორც ლათინურის მცოდნის,
შესაძლებლობებს. პატარა ქალაქში საიდუმლოებები არ არსებობს. თავის გარეუბნის სახლში
ირენეომ მალე შეიტყო ამ უცხოქვეყნიური წიგნების არსებობა და გამომიგზავნა ხატოვან-
სენტენციური წერილი, რომელშიც მახსენებდა ჩვენს „სავალალოდ ეფემერულ“ შეხვედრას „1884
წლის 7 თებერვალს“. მოკლედ და ელეგიურად ახსენებდა „დიდებულ სამსახურს“, რომელიც
ბიძაჩემმა, იმავე წელს გარდაცვლილმა გრეგორიო ჰაედომ გაუწია მის ორ სამშობლოს
იტუზაინგოს ვაჟკაცურ ბრძოლაში, მერე კი მთხოვდა, მეთხოვებინა მისთვის ერთ-ერთი ჩემი
წიგნი და ლექსიკონი „ტექსტის სრული გაგებისთვის, რადგანაც უნდა აღვნიშნო, რომ ლათინური
არ ვიცი“. მპირდებოდა, წიგნებს შეულახავად და „წაკითხვისთანავე“ დაგიბრუნებთო.
კალიგრაფია სრულყოფილი ჰქონდა, ასოები - ბრწყინვალედ მოხაზული, მართლწერა - ისეთი,
რომელსაც ანდრე ბელო გვირჩევს: i - y-ს, j - g-ს ნაცვლად. თავიდან ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობად
მივიჩნიე. მაგრამ ბიძაშვილებმა დამარწმუნეს, ხუმრობა არ გეგონოს, „ეს... ეს, უბრალოდ,
ირენეოა“. არ ვიცოდი რა იყო ეს - უტიფარი ახირება, უმეცრება თუ სიბრიყვე, რომ თურმე ძნელად
მოსაპოვებულ ლათინურს სხვა არაფერი სჭირვებია იმის მეტი, რისი მიცემაც ლექსიკონს შეეძლო.
რათა ფუნესი მთლიანად გამეთავისუფლებინა ილუზიებისგან, კიშერატის „Gradus ad
Parnassum“[56] და პლინიუსი გავუგზავნე.
14 თებერვალს ბუენოს-აირესიდან დეპეშა მივიღე. უსიკვდილოდ უნდა დავბრუნებულიყავი შინ:
მამაჩემი „შეუძლოდ იყო“. ღმერთო, შემინდე, მაგრამ დეპეშის მიმღების როლში ყოფნის
პრესტიჟმა, სურვილმა - მთელი ფრაი ბენტოსისთვის მემცნო წინააღმდეგობა მოსული უწყების
ნეგატიურ შინაარსსა და ზმნიზედური ფრაზის აბსოლუტურობას შორის, ცდუნებამ - მომეხდინა
ჩემი მწუხარების დრამატიზება მამაკაცური სტოიციზმის სიმულირებით: - ამ ყველაფერმა,
როგორც ჩანს, დამიკარგა ნამდვილი ტკივილის განცდის უნარი. როდესაც ჩანთა ჩავალაგე,
მივხვდი, რომ ხელთ არ მქონდა არც „Gradus ad Parnassum“ და არც პლინიუსის პირველი ტომი.
„სატურნი“ მომდევნო დილას მიცურავდა, იმ საღამოს კი, სადილის შემდეგ, ფუნესს მივაკითხე
შინ. გაოცებული ვიყავი, რომ საღამო ნაკლებად დამთრგუნველი არ იყო, ვიდრე დღე.
უბრალო პატარა სახლის კარი ფუნესის დედამ გამიღო. ფუნესი უკანა ოთახშიაო, მითხრა. ნუ
გაგიკვირდებათ, თუ ოთახი ბნელი მოგეჩვენათ, რადგან შეუძლოდ ყოფნის საათებში ირენეო
ხშირად სანთელს არ ანთებსო. ფილაქნიანი შიდაეზო გადავჭერი, მერე - პატარა დერეფანი და
მეორე შიდაეზო. იქ ვაზი იყო, თუმცა სიბნელე, ფაქტობრივად, სრული მეჩვენა. მერე კი, უცებ,
ირენეოს მაღალი, დამცინავი ხმა შემომესმა. ლათინურად მეტყველებდა, ჩრდილებიდან
გამოსული ხმა ავადმყოფური სიამოვნებით მოიხმობდა მიმართვას, ლოცვას თუ შელოცვას.
ლათინური მარცვლები დატკეპნილმიწიან შიდაეზოში ხმიანობდა. ჩემი მღელვარების გამო ეს
მარცვლები გაუგებარი და უსასრულო მეჩვენა. მოგვიანებით, იმღამინდელ ვრცელზე უვრცესი
საუბრის დროს, გავიგე, რომ ეს იყო პლინიუსის „ბუნების ისტორიის“ ოცდამეოთხე თავის
პირველი აბზაცი, რომლის შინაარსია მეხსიერება, ხოლო უკანასკნელი სიტყვები „ut nihil non iisdem
verbis redderetur auditum“.[57]
ისე, რომ ხმა ოდნავადაც კი არ შესცვლია, ირენეომ ოთახში შემიპატიჟა. თავის საწოლზე იწვა და
ეწეოდა. არა მგონია, მისი სახე დამენახოს მზის ამოსვლამდე. უკან რომ ვიყურები, ვგონებ, მისი
სიგარეტის მომენტალური გამონათებები მახსენდება. ოთახი ოდნავ დახუთული იყო. დავჯექი.
დეპეშისა და მამაჩემის ავადმყოფობის ამბავი ვუთხარი.

36
მივადექი ჩემი ამბის ყველაზე რთულ მომენტს, ამბისა, რომლის ერთადერთი raison d’кtre[58] (რაკი
ჩემმა მკითხველებმა დასაწყისიდანვე უნდა იცოდნენ) ნახევარი საუკუნის წინანდელი ის
დიალოგია. არ შევეცდები მათში წარმოთქმული და აწ სამუდამოდ წარსულში დარჩენილი
სიტყვების რეპროდუცირებას. ამის სანაცვლოდ, კეთილსინდისიერად შევაჯამებ ბევრ რამეს, რაც
ირენეომ მითხრა. არაპირდაპირი საუბარი შორეულია და სუსტი. ვიცი, რომ მსხვერპლად ვწირავ
ჩემი ნაამბობის ეფექტურობას. მხოლოდ იმის მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი მკითხველები ეცდებიან
და მიაყურადებენ თავიანთ წარმოსახვაში ტეხილ და სტაკატო პერიოდებს, ასე რომ გამაოგნეს იმ
ღამეს.
ირენეომ დაიწყო „ბუნების ისტორიაში“ კატალოგიზებული განსაცვიფრებელი შემთხვევების
ჩამოთვლა ლათინურად და ესპანურად. კიროსი, სპარსეთის მეფე, რომელსაც თავისი ჯარის ყველა
მეომრის სახელი ახსოვდა და ასეც მიმართავდა; მითრიდატე ევპატორი, ვინც ოცდაორ ენაზე
გაავრცელა სამართალი იმ სამეფოში, რომელსაც მართავდა; სიმონიდე, მეხსიერების ხელოვნების
შემქმნელი; მეტროდორუსი, რომელსაც შეეძლო შეუცდომლად გაემეორებინა თუნდაც ერთხელ
გაგონილი რამ. ირენეომ სრული გულწრფელობით თქვა, გაკვირვებული ვარ, ასეთი შემთხვევები
გასაკვირად რომ მიიჩნევაო. მერე მიამბო: იმ წვიმიან ნაშუადღევამდე, როდესაც თრთვილა ცხენმა
გადმოაგდო, ისიც ისეთი იყო, როგორიც ყველა სხვა - ბრმა, ყრუ, გონებადაბინდული და,
ფაქტობრივად, მეხსიერებისგან დაცლილი (ვცადე, შემეხსენებინა, რაოდენ ზუსტად
განსაზღვრავდა დროს, რა კარგად ახსოვდა საკუთარი სახელები, - მან ყური არ მიგდო). ცხრამეტი
წელი ისე იცხოვრა, თითქოს სიზმარში იყო: იყურებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა, ესმოდა, მაგრამ არ
უსმენდა, ყველაფერი ან, არსებითად, ყველაფერი ავიწყდებოდა. ცხენიდან ჩამოვარდნილმა
გონება დაკარგა. როცა გამოერკვა, აწმყო იმდენად მდიდარი და იმდენად ძვირფასი დახვდა, -
თითქმის აუტანელი, ისევე, როგორც თავისი უძველესი და თვით ყველაზე უმნიშვნელო
მოგონებები. ცოტა ხნის შემდეგ შეიტყო, რომ დახეიბრდა, მაგრამ ეს ფაქტი აინუნშიც არ ჩაუგდია.
განსაჯა (ან იგრძნო), რომ უმოძრაობა დიდი არაფერი საფასური იყო იმისთვის, რაც მოიპოვა. ახლა
მისი აღქმა და მისი მეხსიერება უზადოდ მუშაობდა.
ერთი სწრაფი მზერით მე და შენ აღვიქვამთ ღვინის სამ ჭიქას მაგიდაზე, ფუნესი აღიქვამდა
თითოეულ დაწურულ მტევანს და ვენახის თითოეულ ყუნწსა და ულვაშს. იცოდა, როგორი
ფორმა ჰქონდათ ღრუბლებს სამხრეთის ცაზე 1882 წლის 30 აპრილს და შეეძლო შეედარებინა
ისინი წიგნის მარმარილოსებურ დაწინწკლულ-დაქსელილი ყდისთვის ან რიო ნეგროდან
ამოღებული ნიჩბის შხეფებისთვის კებრაჩოს ბრძოლის საღამოს. ამ მოგონებებს მარტივიც არ
ეთქმოდა: თითოეული ვიზუალური სახე უკავშირდებოდა კუნთოვან, სითბურ და ა.შ.
შეგრძნებებს. მას შეეძლო აღედგინა ცხოვრებაში ნანახი თითოეული სიზმარი, თითოეული
ოცნება. ორჯერ თუ სამჯერ მთელი დღე აღიდგინა. ერთხელაც კი არ შემცდარა და არ
წაბორძიკებულა, თუმცა ყოველ ასეთ აღდგენას თვითონაც მთელი დღე მიჰქონდა. „მარტო მე
უფრო მეტი მოგონებები მაქვს, ვიდრე მთელ კაცობრიობას დღიდან ქვეყნიერების გაჩენისა“,
შემდეგ: „ჩემი სიზმრები ისეთია, როგორიც სხვების მღვიძარე საათები“. გათენებამდე ცოტა ხნით
ადრე კი მითხრა: „ჩემი მეხსიერება ნაგვის გროვას ჰგავს, სერ“. დაფაზე დახაზული წრე,
მართკუთხა სამკუთხედი, რომბი - ეს ყველა არის ფორმა, რომელსაც ჩვენ ინტუიციით ვწვდებით.
ირენეოს იგივე შეეძლო ექნა კვიცის ფაფრის, მთის ფერდობზე მობალახე საქონლის პატარა
ჯოგის, მოციმციმე ცეცხლისა და მისი უამრავი ნაცრის, გარდაცვლილი კაცის მრავალი სახისადმი.
წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ ვარსკვლავს ხედავდა ცაში.
ეს ყველაფერი მან მითხრა. არც მაშინ და არც შემდეგ არასოდეს შემიტანია ეჭვი მის სიტყვებში.
იმხანად არ იყვნენ კინემატოგრაფისტები, არც ფონოგრამები არსებობდა. მაინც შეუძლებლად
მეჩვენება, დაუჯერებლადაც კი, რომ არავინ ჩაატარა ფუნესთან ექსპერიმენტი. ისე კი, მთელი
ჩვენი ცხოვრება ყველაფერს ვდებთ, რისი გადადებაც კი შეიძლება. იქნებ არსებობს ჩვენში
გარკვეულობა, რომ უკვდავები ვართ და რომ, ადრე თუ გვიან, თითოეული კაცი მოიმოქმედებს
და გაიგებს ყველაფერს, რაც გასაგებია?
ფუნესის ხმა განაგრძობდა ჟღერას წყვდიადიდან.
მითხრა, როგორ გამოიგონა 1886 წელს ორიგინალური თვლის სისტემა და სულ რამდენიმე დღეში
ოცდაოთხი ათასი ნიშანი გაიარა. ჩაწერით არ ჩაუწერია, რადგან ყველაფერი, რასაც ფიქრობდა,
ამოუძირკვავად რჩებოდა გონებაში. თავდაპირველი მოტივაციის როლი, ვფიქრობ, შეასრულა
გაღიზიანებამ იმით, რომ ოცდაცამეტი ურუგვაელი პატრიოტი[59] ითხოვს ორ ციფრს და სამ
სიტყვას - ერთადერთი ციფრის, ერთადერთი სიტყვის სანაცვლოდ! შემდეგ ეს გიჟური პრინციპი
სხვა რიცხვებსაც მიუსადაგა. მაგალითად, შვიდი ათას ცამეტის ნაცვლად (7013) ამბობდა „მაქსიმო
პერესი“, შვიდი ათას თოთხმეტის (7014) ნაცვლად - „რკინიგზა“. სხვა რიცხვები იყო: „ლუის
მელიან ლაფინური“, „ლიმარი“, „გოგირდი“, „კომბლები“, „ვეშაპი“, „გაზი“, „ქვაბი“, „ნაპოლეონი“,
„ავგუსტინ დე ვედია“. იმის ნაცვლად, რომ ეთქვა ხუთი ათასი (5000), ამბობდა „ცხრა“. თითოეულ

37
რიცხვს მიბმული ჰქონდა საგანგებო სიტყვა, ერთგვარი სანიშნე, რომლებიც ბოლოს უკიდურესად
რთულდებოდა... ვცადე, ამეხსნა ფუნესისთვის, რომ დაუკავშირებელი სიტყვების მისეული
რაფსოდია სწორედაც რომ რიცხობრივი სისტემის საპირისპირო იყო. ვუთხარი: როცა ადამიანი
წარმოთქვამს „363-ს“, მაშინ ამბობს „სამი ასეული, ექვსი ათეული, სამი ერთეული“. შეუძლებელია
დაანაწევრო ნიგერ ტიმოთეო ან ერთი პონჩო ხორცი. ფუნესს ან არ შეეძლო ამის გაგება, ან არ
სურდა.
XVII საუკუნეში ლოკმა თეორიულად დაუშვა (და უკუაგდო) შეუძლებელი ენა, რომელშიც ყოველ
ცალკეულ ნივთს - თითოეულ ქვას, თითოეულ ჩიტს, თითოეულ ტოტს - ინდივიდუალური
სახელი ერქმეოდა. ფუნესმა ერთხელ განჭვრიტა ასეთი ენა, მაგრამ უკუაგდო, როგორც
მეტისმეტად ზოგადი, მეტისმეტად ორაზროვანი. მართლაცდა, ფუნესს ახსოვდა არათუ
თითოეული ფოთოლი თითოეულ ხეზე ტყის თითოეულ ბილიკზე, არამედ თითოეული მომენტი,
როცა ეს ფოთოლი დაუნახავს ან წარმოუდგენია. გადაწყვიტა, წარსულის თითოეული დღე
დაეყვანა რაღაც სამოცდაათი ათას მოგონებაზე და შემდეგ რიცხვებით განესაზღვრა. ეს განზრახვა
ორმა მოსაზრებამ გადააფიქრებინა: რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდებოდა, და რომ
ამას აზრი არ ჰქონდა. დაინახა, რომ მისი სიკვდილის დღისთვის ჯერაც არ ექნებოდა
დამთავრებული ბავშვობის მოგონებათა კლასიფიცირება.
ჩემ მიერ ნახსენები ორი პროექტი (უსასრულო ლექსიკა რიცხვების ბუნებრივი მწკრივისთვის და
ფუნესის მეხსიერებაში არსებული ყველა სახე-ხატის უსაგნო მენტალური კატალოგი)
სულელურია, თვით აბსურდულიც კი, თუმცა ნამდვილად ამხელს ერთგვარ კოჭლ სიდიადეს. ის
საშუალებას გვაძლევს, თვალი შევავლოთ (ან დავასკვნათ მაინც), რა თავბრუდამხვევ სამყაროში
ცხოვრობდა ფუნესი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მთლიანობაში, მას არ ძალუძდა ჰქონოდა
ზოგადი, პლატონური იდეები. არათუ მხოლოდ უჭირდა გაეგო, რომ საერთო-სახეობრივი
სიმბოლო „ძაღლი“ იღებდა ყველა ზომისა და სიდიდის ინდივიდთა სახეს, არამედ ისიც კი
აღიზიანებდა, რომ ოთხის თოთხმეტ წუთზე პროფილიდან ნანახი ძაღლი იმავე სახელით
ეხსენებინა, რომლითაც ოთხის თხუთმეტ წუთზე ანფასში ნანახს ახსენებდა. ყოველ დანახვაზე
აკვირვებდა თავისი სახე სარკეში, თავისი ხელები. სვიფტი წერს, ლილიპუტების მეფე აღიქვამდა
წუთების ისრის მოძრაობას საათზეო. ფუნესი აღიქვამდა ლპობის, კბილების გაფუჭების,
გამოფიტვის ნელ პროცესებს. ხედავდა - ამჩნევდა - სიკვდილის, სინესტის ზრდა-მოახლოებას. ის
იყო მრავალსახოვანი, მომენტალური, თითქმის აუტანლად დეტალიზებული ქვეყნიერების
მარტოხელა, გონებანათელი მაყურებელი. ბაბილონი, ლონდონი და ნიუ-იორკი აბრმავებს
ადამიანთა წარმოსახვას თავისი ძალუმი ბრწყინვალებით. მაგრამ ამ ქალაქების ხალხმრავალ
შენობებსა თუ პროსპექტებზე არავის არასოდეს უგრძნია ისეთი გამასავათებელი სიცხე და წნევა
რეალობის მხრიდან, როგორიც დღედაღამ ურტყამდა ირენეოს თავის საბრალო სამხრეთამერიკულ
სამშობლოში. ძალიან უჭირდა დაძინება. ძილი ნიშნავს გონების გამორთვას სამყაროდან. თავის
საწოლზე გადაწოლილი, ოთახის ბინდბუნდში ჩაფლული ირენეო ხედავდა კედლის თითოეულ
ბზარს, გარემომცველი კოპწია სახლების თითოეულ ორნამენტს (ვიმეორებ: მის მოგონებათაგან
თვით ყველაზე უბრალოც კი უფრო დეტალიზებული, უფრო ცოცხალი იყო, ვიდრე ფიზიკური
სიამოვნებისა თუ ტანჯვის ჩვენეული აღქმა). აღმოსავლეთის მხარეს, იქ, სადაც მიწა ჯერ არ იყო
დაყოფილი ქალაქის კვარტალებად, იდგა ირენეოსთვის უცნობი ახალი სახლები, რომლებიც მას
შავი, შემჭიდროებული, თანაბარი ჩრდილისგან შექმნილად წარმოედგინა. ჩაძინების წინ თავს
იქით მიაბრუნებდა ხოლმე. ასევე წარმოედგინა თავისი თავი მდინარის ფსკერზე, წყლის
ნაკადისგან დარწეული (და უარყოფილი).
ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ისწავლა ინგლისური, ფრანგული, პორტუგალიური,
ლათინური. ყველაფრის მიუხედავად, ვეჭვობ, რაღაც ისე ვერ ჰქონდა აზროვნებაში. აზროვნება
ნიშნავს გვერდი აუარო განსხვავებებს (ან დაივიწყო ისინი), განაზოგადო, მოახდინო
აბსტრაჰირება. ირენეო ფუნესის მოფუთფუთე სამყაროში სხვა არაფერი იყო, ლოკალიზებული
დეტალების გარდა, არსებითად - უშუალო დეტალების.
დატკეპნილმიწიან შიდაეზოში რიჟრაჟის ფრთხილი სინათლე შემოცოცდა.
მაშინღა დავინახე სახე, რომელიც ამ ხმას ეკუთვნოდა, წუხანდლიდან დაუდუმებელ ამ ხმას.
ირენეო ცხრამეტი წლის იყო, 1868 წელს დაიბადა. ბრინჯაოსგან ჩამოსხმულივით მონუმენტური
მომეჩვენა, ეგვიპტეზე უფრო ასაკოვანი, წინასწარმეტყველებებსა და პირამიდებზე უფრო
ხანდაზმული. დამარეტიანა იმის გაფიქრებამ, რომ ჩემი თითოეული სიტყვა, ჩემი სახის
თითოეული გამომეტყველება, ან ჩემი ხელის თითოეული მოძრაობა სამუდამოდ რჩებოდა მის
შეუბრალებელ მეხსიერებაში. მოქნილობა დამიკარგა იმის შიშმა, უაზრო ჟესტები არ გავაკეთო-
მეთქი.
ირენეო ფუნესი გარდაიცვალა 1889 წელს ფილტვების ჰიპერემიით.

38
ხმლის ფორმა
სახეს შურისძიებით მიყენებული ჭრილობის ნაიარევი აჩნდა, - ფერფლისფერი, თითქმის უზადო
რკალი, რომელიც სახეს ერთი ნახევრის საფეთქლიდან მეორე ნახევრის ლოყამდე სერავდა. მის
ნამდვილ სახელს მნიშვნელობა არ აქვს, ტაკუარემბოში ყველა უწოდებდა „ინგლისელს ლა
კოლორადაში“. მიწის მფლობელს, კარდოსოს, არ სურდა ამ მიწის გაყიდვა. გავიგე, ინგლისელმა
ისეთი არგუმენტით შეუტია, ვერავინ რომ ვერ განჭვრეტდა წინდაწინ: თავისი ნაიარევის
ისტორია უამბო. იგი საზღვრიდან - რიო გრანდე დო სულიდან - მოვიდა. ვიღაც-ვიღაცები
ამბობდნენ, ბრაზილიაში კონტრაბანდისტულ საქმიანობას ეწეოდაო. ველები ბალახით დაიფარა,
წყალი წამწარდა. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად და ფეხზე დასაყენებლად ინგლისელი
მხარდამხარ შრომობდა თავის მუშებთან ერთად. ხალხის თქმით, სისასტიკემდე უკმეხი იყო
მათთან ურთიერთობაში, თუმცა სკრუპულოზურად სამართლიანიც. იმასაც ამბობენ, თავისი
სასმელი ჰქონდა და იმის წრუპვა უყვარდაო. წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ ჩაიკეტებოდა
თავის ოთახში, ბელვედერში, და ორი-სამი დღის შემდეგ ისეთი გამოდიოდა იქიდან, როგორც
ომიდან ან თავბრუსხვევის ჯადოდან დაბრუნებული: ფერმკრთალი, მოტორტმანე, გაბრუებული
და მაინც ისეთივე ავტორიტეტული, როგორიც ყოველთვის. ვიხსენებ მის ყინულოვან თვალებს,
დაქვეითებულ ენერგიას, ნაცრისფერ ულვაშს. თავშეკავებული იყო, სიტყვაძვირი. ფაქტია, რომ
ბრაზილიური აქცენტით დაფერილი მისი ესპანური ელემენტარულ დონეს არ გასცდენოდა.
საქმიანი წერილის ან პამფლეტის გარდა, ფოსტას არ იღებდა.
როცა უკანასკნელად ვიმოგზაურე ჩრდილოეთის პროვინციებში, კარაგუატას ადიდებულმა
წყალმა მაიძულა ღამე ლა კოლორადაში გამეტარებინა. რამდენიმე წუთში ვიფიქრე, ჩემი გამოჩენა
ასეთ ფორმაში შეუსაბამო იქნება-მეთქი. ვცადე, თავი მომეწონებინა ინგლისელისთვის და
ამისთვის პატრიოტიზმს „მივაწექი“, ვნებათაგან ყველაზე ნაკლებად შორსმჭვრეტელს. აღვნიშნე:
ქვეყანა, რომელსაც ინგლისური სული აქვს, უძლეველია-მეთქი. ჩემმა თანამოსაუბრემ თავი
დააქნია, თუმცა ღიმილით დაამატა, ირლანდიელი ვარ დანგარვანიდან, არა ინგლისელიო. ეს თქვა
და გაჩუმდა, თითქოს საიდუმლო წამოსცდაო.
სადილის შემდეგ გარეთ გავედით ცის შესახედად. ღრუბლები გაფანტულიყო, თუმცა შორს
აღმართული მწვერვალების მიღმა ელვებით გასერილ-გაფატრული სამხრეთის ცა ახალი
ქარიშხლით იმუქრებოდა. იმავე მუშამ, ვინც სადილი გაგვიწყო, ამჯერად ერთი ბოთლი რომი
შემოგვიტანა კედლებჩამოძენძილ სასადილო ოთახში. დიდხანს უსიტყვოდ ვსვამდით.
დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომელი საათი იყო, როცა მივხვდი, რომ მთვრალი ვარ. არც ის ვიცი,
შთაგონებამ, ეიფორიამ თუ მოწყენილობამ მიბიძგა, რომ ჩემი მასპინძლის ნაიარევი ვახსენე. მას
სახე გაუცივდა. რამდენიმე წამით იმასაც ვფიქრობდი, ახლა სახლიდან გამაგდებს-მეთქი. თუმცა
შემდეგ ყოვლად ჩვეულებრივი ხმით მომმართა: - ერთი პირობით მოგიყვებით ჩემი ნაიარევის
ისტორიას: რომ თავს არ შეიკავებთ არანაირი ზიზღის ან განაჩენისგან; არ მოითხოვთ შერბილებას
არანაირი ბოროტებისთვის.
დავთანხმდი. აი, ისტორია, რომელიც მან მიამბო. ინგლისურში, შიგადაშიგ, ესპანურს ურევდა
ხოლმე, თვით პორტუგალიურსაც კი: 1922 წელს, კონოთის[60] ერთ-ერთ ქალაქში მეც ერთი იმ
შეთქმულ ჭაბუკთაგანი ვიყავი, ვინც ირლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვებას ელტვოდა. ჩემი
მაშინდელი კომპანიონებიდან ზოგიერთი ჯერაც ცოცხალია და მშვიდობისათვის იღვწის. სხვები,
ყოვლად პარადოქსულად, ინგლისის დროშის ქვეშ იბრძვიან ზღვაზე თუ უდაბნოში. ერთი
მათგანი ციხის ეზოში მოკლეს განთიადზე ხილვებით სავსე კაცებმა. სხვები (არცთუ ყველაზე
უიღბლოები) თავიანთ აღსასრულს სამოქალაქო ომის ანონიმურ, ფაქტობრივად, ფარულ
ბრძოლებში შეხვდნენ. ჩვენ რესპუბლიკელები და კათოლიკეები ვიყავით, ვგონებ,
რომანტიკოსებიც. ჩვენთვის ირლანდია მხოლოდ უტოპიური მომავალი და აუტანელი აწმყო კი არ
იყო, არამედ მწარე და მაინც მოსიყვარულე მითოლოგია, მრგვალი კოშკები და წითელი ჭაობები,
დიდი ეპოსი, რომელიც უმღეროდა ხარების მოპარვას, იმ ხარებისა, რომლებიც ძველ
განსხეულებებში გმირები იყვნენ, სხვა განსხეულებებში კი - თევზები და მთები... არასოდეს
დამავიწყდება ერთი საღამო, როდესაც ერთ-ერთი ჩვენიანი შემოგვიერთდა მუნსტერიდან,
სახელად ჯონ ვინსენტ მუნი.
ოცზე მეტის არ იქნებოდა. გამხდარი და კუნთებმომჩვარული იყო, მთლიანობაში უხერხემლოს
შთაბეჭდილებას ტოვებდა. მგზნებარედ და პატივმოყვრულად შეესწავლა ერთ-ერთი
კომუნისტური სახელმძღვანელო პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე. სასწრაფოდ
გამოათრევდა ხოლმე თავის დიალექტიკურ მატერიალიზმს, რათა ნებისმიერი კამათი აღეკვეთა.
უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ კაცს მეორე კაცი უყვარდეს ან სძულდეს. მუნს
მსოფლიო ისტორია ერთ საძაგელ ეკონომიკურ კონფლიქტზე დაჰყავდა. გამოაცხადა: წინდაწინ
განსაზღვრულია, რომ რევოლუცია გაიმარჯვებსო. ვუპასუხე: ჯენტლმენისთვის ინტერესის
საგანს მხოლოდ განწირული საქმეები შეადგენს-მეთქი... დაღამდა. ჩვენს ურთიერთსაპირისპირო

39
ზრახვებს ჯერ გასასვლელში, მერე კიბეზე, მერე დაბინდულ ქუჩებში მივყევით. მუნის
მსჯელობებმა გაცილებით ნაკლებად იმოქმედეს ჩემზე, ვიდრე შეუსიტყვებელი და აბსოლუტური
ჭეშმარიტების განცდაა, რომლითაც ის თავის მსჯელობებს აფრქვევდა. ახალი ამხანაგი არ
დაობდა, არ კამათობდა, არამედ ზიზღითა და, გარკვეულწილად, რისხვით წარმოთქვამდა
განაჩენს.
იმ ღამეს, როცა ქალაქის ბოლო სახლებამდე მივედით, ადგილზე გაგვაქვავა თოფების უეცარმა
გრიალმა (მანამდე ან შემდეგ, ქარხნის თუ ციხის უფანჯრო კედელთან აღმოვჩნდით). გრუნტიან
ქუჩაზე შევუხვიეთ. ცეცხლმოდებული ქოხიდან ჯარისკაცი გამოვარდა - უზარმაზარი ჩანდა
ცეცხლის ფონზე. შეჩერდითო, გვიყვირა. მე ნაბიჯს ავუჩქარე, ამხანაგი არ მომყვა. შემოვბრუნდი:
ჯონ ვინსენტ მუნი პროჟექტორის შუქში მოხვედრილი კურდღელივით გაშტერებული და
თითქოს სამარადისოდ დაზაფრული იდგა. სირბილით დავბრუნდი, ერთი დარტყმით დავაგდე
ჯარისკაცი მიწაზე, ვინსენტ მუნი შევანჯღრიე, არც გინება დავაკელი და, წამოდი-მეთქი,
ვუბრძანე. მკლავში ჩავბღუჯე და ასე წავათრიე, რაკი შიშს მთლიანად განეძარცვა ნებელობისგან.
მერე კი გავიქეცით, - ხანძარმოდებულ ღამეში გავსხლტით. თოფი ჩვენი მიმართულებით გავარდა.
ტყვიამ მუნს მარჯვენა მხარი გაუკაწრა, როცა ფიჭვებში გავრბოდით. მკერდიდან სუსტი ქვითინი
აღმოხდა.
1922 წლის შემოდგომაზე მეტ-ნაკლებად იატაკქვეშეთში ჩავედი და გენერალ ბერკლის სოფლის
სახლში ვცხოვრობდი. გენერალი (რომელიც მე არასოდეს მინახავს) იმ პერიოდში რაღაც
ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშნეს ბენგალიაში. სახლი ას წელზე ნაკლები ხნისა იყო,
თუმცა დაძველებული, ამოღამებული, სავსე ჩახლართული დერეფნებით და უაზრო წინკარებით.
მუზეუმ-კაბინეტსა და ვეება ბიბლიოთეკას მთელი პირველი სართული დაეკავებინა. იქ იყო
საეჭვო და შეუსაბამო წიგნები, რაღაცნაირად რომ წარმოადგენენ XIX საუკუნეს; იქვე - თურქული
ხმლები ნიშაპურიდან, რომელთა მორკალულ და გაყინულ პირებში თითქოს ისევ ცოცხლობდა
ბრძოლის ქარი და ძალადობა.
სახლში უკანა მხრიდან შევედით (როგორც მახსოვს). „საინტერესო“ ამბები შეგვემთხვაო,
ჩაილუღლუღა ვინსენტ მუნმა, მოტორტმანემ და პირგამომშრალმა. ნატყვიარზე რაღაც წავუსვი
და შევუხვიე, მერე ფინჯანი ჩაი მოვუტანე. ჭრილობა ზედაპირული იყო. უცებ ამოიბლუკუნა,
შეფიქრიანებულმა: - შენ საშინლად გარისკე, როცა დაბრუნდი და ასე გადამარჩინე.
არაფერია-მეთქი, ვუთხარი (სამოქალაქო ომის ჩვევამ მაიძულა ამის ჩადენა. გარდა ამისა, ერთი
ჩვენგანის დაპატიმრებას შეიძლებოდა საფრთხეში ჩაეგდო საერთო საქმე).
მეორე დღეს მუნმა დაიბრუნა თავისი სიმშვიდე. ჩემგან სიგარეტის შეთავაზება მიიღო და
მკაცრად გამომკითხა „ჩვენი რევოლუციური პარტიის ფინანსური რესურსების“ თაობაზე.
სრულებით ნათელ კითხვებს მისვამდა. ვუთხარი (გულწრფელად), მძიმე სიტუაცია გვაქვს-
მეთქი. სამხრეთის მშვიდობას არტილერიის ცეცხლი ამღვრევდა. ამხანაგები გველოდებიან-მეთქი,
ვუთხარი. პალტო და რევოლვერი ზედა სართულზე მქონდა, ჩემს ოთახში. იქიდან დაბრუნებულს,
მუნი დივანზე მიწოლილი და თვალდახუჭული დამხვდა. ციებ-ცხელება აქვს-მეთქი, ვიფიქრე.
მტკივნეული სპაზმი მაქვს მხარშიო, მითხრა. სწორედ მაშინ მივხვდი, რა უიმედო მშიშარასთან
მქონდა საქმე. „თავს მიხედე“, ვუთხარი უხერხულად და გავედი. დაბნეული ვიყავი ამ ადამიანით
და მისი შიშით, მრცხვენოდა, თითქოს მე თვითონ ვიყავი მხდალი და არა ვინსენტ მუნი. რაც
უნდა მოიმოქმედოს ერთმა, თითქოს ყველა სჩადის იმ რაღაცას. ამიტომაც მოხდა, რომ ედემის
ბაღში ჩადენილი დაუმორჩილებლობის ერთადერთ აქტს მთელი კაცობრიობის მოწამვლა მოჰყვა.
ამიტომაც მოხდა, რომ ერთადერთი ებრაელის ჯვარცმამ მთელი კაცობრიობა იხსნა. შოპენჰაუერი,
შესაძლოა, მართალი იყო: მე სხვა კაცები ვარ, ნებისმიერი კაცი ვარ ყველა კაცში. შექსპირი
რაღაცნაირად უბადრუკი ჯონ ვინსენტ მუნია.
ცხრა დღე გავატარეთ გენერლის დიდ სახლში. არაფერს ვიტყვი ბნელი ომის აგონიებსა და
სინათლის სხივებზე. ჩემი მიზანია მოვყვე ამბავს ამ ნაიარევის, ასე რომ მამცირებს. ჩემს
მეხსიერებაში ის ცხრა დღე ერთადერთ დღეს ქმნის, ბოლოსწინა დღის გამოკლებით, როდესაც
ჩვენებმა შეუტიეს ბარაკებს და სათითაოდ იძიეს შური ელპინთან ტყვიამფრქვევებით ჩახოცილ
ჩვენს თექვსმეტ ამხანაგზე. თენებისას, პირველი სინათლის ბინდში, სახლიდან გავდიოდი, უკან
კი შეღამებისას ვბრუნდებოდი. ჩემი ამხანაგი ზემოთ მელოდებოდა, ჭრილობა არ ანებებდა
ქვემოთ ჩამოსვლას. როცა უკან ვიყურები, ვხედავ ვინსენტ მუნს სტრატეგიის რომელიღაც
წიგნით ხელში - ფ. ნ. მოდით თუ კლაუსვიცით. „ჩემი რჩეული იარაღი არტილერიაა“, გამანდო
ერთ ღამეს. მეკითხებოდა ჩვენს გეგმებზე, მოსწონდა მათი გაკრიტიკება ან გადასინჯვა გონებაში.
გარდა ამისა, ბევრს ჩიოდა „ჩვენს სავალალო ფინანსურ მდგომარეობაზე“. დოგმატურად და
პირქუშად წინასწარმეტყველებდა კატასტროფულ დასასრულს. „C’est une affaire flambйe“[61],
ბუტბუტებდა თავისთვის. ვრცლად წარმოაჩენდა გონებრივ სიზვიადეს, ვინძლო ეჩვენებინა, ჩემი
ფიზიკური სიმხდალე ბევრს არაფერს ნიშნავსო. ასე კარგად თუ არც ისე კარგად ჩაიარა იმ ცხრა

40
დღემ.
მეათე დღეს ქალაქი ერთხელ და სამუდამოდ ჩაუვარდათ ხელში დამსჯელ რაზმებს. ჩუმი
მხედრები აკონტროლებდნენ თავ-თავიანთ რაიონს. ჰაერში ფერფლი და კვამლი ტრიალებდა.
ერთი ქუჩის კუთხეში მკვდარი სხეული ვნახე გაშხლართული. თუმცა ეს სურათი ნაკლებად
ცოცხლად შემომენახა ხსოვნაში, ვიდრე ტიკინა, ჯარისკაცებს ქალაქის შუა სკვერში რომ დაედგათ
და დაუსრულებლად ახდენდნენ სროლის ხელოვნების დემონსტრირებას... სახლიდან
გარიჟრაჟის პირველ სხივებზე გავედი და შუადღის დადგომამდე დავბრუნდი. მუნი
ბიბლიოთეკაში იყო და ვიღაცას ესაუბრებოდა. მისი ტონით მივხვდი, რომ ტელეფონში
ლაპარაკობდა. მერე გავიგონე ჩემი სახელი, ისიც, რომ შვიდისთვის დავბრუნდებოდი და რომ
გაზონის გადმოჭრისას დამაპატიმრებდნენ. ჩემი რაციონალური მეგობარი რაციონალურად
მყიდდა. ისიც გავიგონე, როგორ ითხოვდა თავისი უსაფრთხოების გარანტიებს.
აქ ჩემი ამბავი რამდენადმე უფრო მწირდება. ვიცი, რომ ჩემს ჩამშვებ მაბეზღარას კოშმარის შავ
დერეფნებში და თავბრუსხვევის ციცაბო კიბეებზე მივდევდი. მუნი კარგად იცნობდა სახლს,
ჩემსავით კარგად. ერთხელ თუ ორჯერ მხედველობიდან დავკარგე, მაგრამ მოვახერხე და ვუყელე,
სანამ ჯარისკაცები დამიჭერდნენ. გენერლის საჭურვლიდან ერთ-ერთი მოღუნული ხმალი
ამოვაძვრე და ფოლადის ამ ნახევარმთვარით სამარადისოდ ამოვუტვიფრე სახეზე სისხლის
ნახევარმთვარე. მხოლოდ თქვენ, ბორხეს, თქვენ, რომელიც უცხოელი ხართ, გაგანდეთ ეს. თქვენი
ზიზღი, ალბათ, არც ისე მტკივნეულია.
აქ მთხრობელი შეჩერდა. დავინახე, როგორ უკანკალებდა ხელები.
- მუნს? - ვკითხე მე, - რა დაემართა მუნს?
- მას გადაუხადეს თავისი ოცდაათი ვერცხლი, რის შემდეგაც ბრაზილიაში გაიქცა. იმ საღამოს
ქალაქის სკვერში ვნახე, როგორ ცხრილავდა ტიკინას მთვრალი ჯარისკაცების ჯგრო.
ამაოდ ველოდი დარჩენილი ამბის გაგონებას. ბოლოს ვთხოვე, განაგრძეთ-მეთქი.
ისე ამოიგმინა, მთელ სხეულში გააცახცახა. ოდნავ და მსუბუქად მიმითითა რკალად მოხაზულ
თავის მოთეთრო ნაიარევზე: - არ გჯერათ ჩემი? ვერ ხედავთ ამ სახეზე ჩემი ბოროტების ნიშანს?
ისე გიამბეთ ეს ისტორია, რომ შეგძლებოდათ მოსმენა. ეს მე ვუღალატე კაცს, რომელმაც
გადამარჩინა და თავშესაფარი მომცა. მე ვარ ვინსენტ მუნი. ახლა შემიზიზღეთ.

მოღალატისა და გმირის თემა


ასე პლატონურ წელიწადს
გამოაქვს ახალ ტყუილ-მართალი, ამის სანაცვლოდ მას ძველი შეაქვს.
ნაბიჯი მათი - სუყველა ცეკვავს -
გონგის ველური არის დგანდგარი.
უ. ბ. იეიტსი, „კოშკი“
ჩესტერტონის (დახვეწილ საიდუმლოთა გამომგონებლისა და შემლამაზებლის) და სამეფო
მრჩეველ ლაიბნიცის (წინდაწინ დადგენილი ჰარმონიის შემთხზველის) მავნე გავლენით, ჩემს
თავისუფალ საღამოებში ჩავიფიქრე ეს სიუჟეტი, რომელსაც ალბათ ფურცელზე გადმოვიტან,
მაგრამ რომელიც უკვე რამდენადმე მამართლებს. საჭიროა დეტალები, შესწორებები, დაზუსტება.
არის ამ ისტორიაში ისეთი ადგილები, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა. დღეს, 1944 წლის 3
იანვარს, ყველაფერს ასე ვხედავ: მოქმედება ხდება დაჩაგრულ, მაგრამ მაინც შეუპოვარ ქვეყანაში
- პოლონეთში, ირლანდიაში, ვენეციის რესპუბლიკაში, რომელიმე სამხრეთამერიკულ ან
ბალკანურ სახელმწიფოში... ან, უფრო სწორად, მოხდა, რადგან, მართალია, მთხრობელი აწმყო
დროშია, მის მიერ გადმოცემული ამბავი XIX საუკუნის შუა წლებში ან დასაწყისში მოხდა,
ვთქვათ, 1824 წელს (ასე უფრო მოსახერხებელია), ირლანდიაში (ესეც ვთქვათ). მთხრობელი
მამაკაცია, სახელად რაიანი - შვილთაშვილი პირმშვენიერი გმირის, სიჭაბუკეში მოკლული
ფერგიუს კილპატრიკის, რომლის საფლავის შელანძღვის ფაქტი იდუმალებით არის მოცული.
მისი სახელი ბრაუნინგისა და ჰიუგოს ლექსებს აბრწყინებს, მისი ქანდაკება კი რუხი ბორცვის
თხემზე აღმართულა წითელ ჭაობებში.
კილპატრიკი იყო შეთქმული, სხვა შეთქმულთა საიდუმლო და სახელოვანი კაპიტანი. როგორც
მოსე, რომელმაც მოჰაბიდან თვალი მოჰკრა, მაგრამ ვერ მიაღწია აღთქმულ მიწამდე,
კილპატრიკიც მის მიერ ნაოცნებარ-დაგეგმილი ძლევამოსილი აჯანყების წინა საღამოს დაიღუპა.
მისი სიკვდილის ასი წლისთავის დღე ახლოვდება, ხოლო ბოროტმოქმედების გარემოებები ისევ

41
იდუმალებით არის მოცული. რაიანი, რომელიც გმირის ბიოგრაფიას წერს, აღმოაჩენს, რომ
გამოცანა უფრო ღრმად მიდის, ვიდრე მხოლოდ დეტექტიურ თხზულებას შეუძლია გაზომოს.
კილპატრიკი მოკლეს თეატრში. ინგლისურმა პოლიციამ ვერასოდეს შეიპყრო მკვლელი.
ისტორიკოსები აცხადებენ, ეს ჩავარდნა იმ პოლიციის კარგ სახელს ვერ ბღალავს, რადგან
შესაძლებელია მან თვითონ მოკლა კილპატრიკიო. რაიანს ამ საიდუმლოს სხვა ასპექტებიც
აწუხებს. ზოგიერთი რამ თითქოს ციკლური ჩანს, თითქოს იმეორებს ან თავს უყრის შორეულ
ადგილებში, შორეულ დროში მომხდარ ამბებს. მაგალითად, ყველამ იცის, რომ კონსტებლებმა,
რომლებმაც დაათვალიერეს გმირის სხეული, იპოვეს გაუხსნელი წერილი, რომელიც
აფრთხილებდა კილპატრიკს, არ წასულიყო თეატრში იმ ღამეს. იულიუს კეისარმაც, როდესაც
იქითკენ მიდიოდა, სადაც მეგობართა ხანჯლები ელოდა, მიიღო ბარათი, რომელიც არასოდეს
წაუკითხავს და რომელიც უმხელდა მოსალოდნელ ღალატს და მოღალატეთა სახელებს. კეისრის
ცოლს, კალპურნიას, სიზმრებში ენახა სენატის ბრძანებით შუაზე გახლეჩილი კოშკი.
კილპატრიკის სიკვდილის დღეს ქვეყანაში გავრცელდა ცრუ ხმები კილგარვანის მრგვალი კოშკის
დაწვის თაობაზე, რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო მოახლოებული ტრაგედიის წინამაუწყებლად,
რადგანაც კილპატრიკი კილგარვანში დაიბადა. ეს (და კიდევ სხვა) პარალელები იულიუს კეისრის
ამბავსა და ირლანდიელი შეთქმულის ამბავს შორის აგულიანებს რაიანს, წარმოიდგინოს დროის
რაღაც იდუმალი ფორმა, განმეორებადი ხაზების თარგი. მისი აზრები მიიმართება კონდორსეტის
მიერ ჩაფიქრებული ათწილადებისკენ, ჰეგელის, შპენგლერისა და ვიკოს მიერ შემოთავაზებული
მორფოლოგიებისკენ, ჰესიოდეს მიერ წარმოდგენილი, ოქროდან რკინამდე დეგრადირებული
კაცობრიობისკენ. რაიანი ფიქრობს სულთა ტრანსმიგრაციაზე, მოძღვრებაზე, რომელიც
საშინელებით მოსავს კელტურ ლიტერატურას და რომელსაც თვით კეისარი მიაკუთვნებდა
ბრიტანეთის დრუიდებს. რაიანი ეთამაშება იდეას, რომ სანამ ფერგიუს კილპატრიკი ფერგიუს
კილპატრიკი იქნებოდა, მანამდე იულიუს კეისარი იყო. ამ წრიული ლაბირინთებიდან რაიანი
გამოჰყავს საგულისხმო აღმოჩენას, რომელიც, მიუხედავად ამისა, მას კიდევ უფრო ჩახლართულ,
მრავალსახოვან ლაბირინთებში იტყუებს. თითქოს ზოგიერთი სიტყვა, რომლებიც მათხოვარმა
უთხრა ფერგიუს კილპატრიკს ამ უკანასკნელის სიკვდილის დღეს, უკვე შექსპირის „მაკბეტშია“
მოსწავებული. იდეა, რომ ისტორიას შეეძლო მოეხდინა ისტორიის კოპირება, საკმაოდ
დაუჯერებელია. და წარმოუდგენელია, რომ ისტორია უნდა ახდენდეს ლიტერატურის
კოპირებას... რაიანი უფრო ღრმად მიდის. აღმოაჩენს ფაქტს, რომ 1814 წელს ჯეიმს ალექსანდერ
ნოლანს - კილპატრიკის უმსხემეს მეგობარს - გალურ ენაზე უთარგმნია შექსპირის დიდი დრამები
და, მათ შორის, „იულიუს კეისარიც“. გარდა ამისა, არქივებში პოულობს ნოლანის ხელნაწერ
სტატიას, რომელიც ეძღვნება შვეიცარიულ „Festspiele“-ს - დიდ მოხეტიალე თეატრალურ
წარმოდგენებს, რომლებსაც ათასობით მსახიობი სჭირდება და რომლებიც იმეორებს ისტორიულ
ეპიზოდებს იმავე ქალაქებში, იმავე მთებში, სადაც ეს ამბები მოხდა. სხვა გამოუცემელი
დოკუმენტი რაიანს უმხელს, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კილპატრიკმა, რომელიც
თავმჯდომარეობდა ხელმძღვანელთა ბოლო სხდომას, ხელი მოაწერა სასიკვდილო განაჩენს
მოღალატისთვის, რომლის სახელი შემდეგ ამოშალეს. ეს განაჩენი არ შეესატყვისება
კილპატრიკის ჩვეულ გულმოწყალებას. რაიანი იკვლევს ამ ამბავს (მისი კვლევა ერთ-ერთი
გამოტოვებული ადგილია წიგნის თხრობაში) და ახერხებს საიდუმლოების ამოხსნას.
კილპატრიკი თეატრში მოკლეს, თუმცა მთელი ქალაქიც თეატრის როლს ასრულებდა,
მსახიობებიც ლეგიონი იყო და წარმოდგენაც, რომელიც კილპატრიკის სიკვდილით
დაგვირგვინდა, მრავალ დღეს და მრავალ ღამეს მიმდინარეობდა. აი, რა მოხდა რეალურად: 1824
წლის 2 აგვისტოს შეთქმულები შეიკრიბნენ. ქვეყანა მზად იყო ასაჯანყებლად, თუმცა ბოლო
მომენტში რაღაც ყოველთვის მრუდდებოდა. უნდა ყოფილიყო მოღალატე თვით შიდა წრეში.
ფერგიუს კილპატრიკმა დაავალა ჯეიმს ნოლანს, მიმხვდარიყო, ვინ არის ეს ადამიანი. და იმანაც
თავი გაართვა დაკისრებულ მისიას. შეკრებილ ამხანაგებს აუწყა, მოღალატე თვით
კილპატრიკიაო, და ყოვლად ეჭვმიუტანლად დაამტკიცა თავისი ბრალდების სიმართლე. და
კაცების საბჭომაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის ლიდერს. კილპატრიკმა განაჩენს ხელი
მოაწერა, თუმცა ითხოვა, ამ სასჯელმა ჩვენს საქმეს არ ავნოსო.
ჰოდა, ნოლანმაც უცნაური გეგმა მოიფიქრა. ირლანდია აიდეალებდა კილპატრიკს. უმცირესი ეჭვი
მის უპატიოსნობაში ძირს გამოუთხრიდა აჯანყებას. ნოლანმა შესთავაზა ხერხი, რომელიც
მოღალატის დასჯას ქვეყნის განთავისუფლების იარაღად გადააქცევდა: აჯობებს,
მსჯავრდადებული კაცი განზრახ მოწყობილ დრამატულ გარემოებებში მოკვდეს უცნობი
მკვლელის ხელითო. ეს გარემოებები ხალხის წარმოსახვაში ჩაიბეჭდებოდა და აჯანყებას
დააჩქარებდა. კილპატრიკმა დაიფიცა, რომ ითანამშრომლებდა დანარჩენებთან ამ გეგმის
განხორციელებაში, რაც მას საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობას მისცემდა და
რაც, საბოლოოდ, მისი სიკვდილით დაგვირგვინდებოდა.
ნოლანს არ ჰქონდა იმის დრო, რომ ცარიელ ადგილას განაჩენის სისრულეში მოყვანის
მრავალფეროვანი გარემოებები შეექმნა. ამიტომაც ისესხა სცენა სხვა დრამატურგის - ინგლისელი

42
მტრის - უილიამ შექსპირისგან: გაიმეორა „მაკბეტის“ და „იულიუს კეისრის“ სცენები. საჯარო და
მაინც საიდუმლო წარმოდგენა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. მსჯავრდადებული ჩავიდა
დუბლინში, მუშაობდა, კამათობდა, ლოცულობდა, საყვედურობდა, ამბობდა პათეტიკურ
სიტყვებს, ხოლო დიდებით გამოსაბრწყინებელი ყველა ეს მოქმედება გათვლილი და
ინსცენირებული იყო ნოლანის მიერ. მთავარ გმირთან ასობით მსახიობი თანამშრომლობდა,
რომელთაგან ზოგს რთული როლი ჰქონდა, სხვებს - მხოლოდ სასცენო ეპიზოდები. რასაც ისინი
შვრებოდნენ და ამბობდნენ, ირლანდიის ისტორიის წიგნებში და მის ცეცხლოვან მეხსიერებაში
რჩება. კილპატრიკმა, თითქმის ექსტაზში ჩავარდნილმა თავისი სკრუპულოზურად დაგეგმილი
ხვედრით, რომელიც გამოისყიდდა მის დანაშაულს და დაუგვირგვინებდა ცხოვრებას,
არაერთგზის გაამდიდრა მისი მოსამართლის ტექსტი იმპროვიზებული სიტყვებითა და აქტებით.
ასე რომ, მოთუხთუხე დრამა დროულად თამაშდებოდა, სანამ 1824 წლის იმ 6 აგვისტოს,
სამგლოვიარო ფარდებით დრაპირებულ ლოჟაში (თითქოსდა ლინკოლნის ლოჟის პირველსახეში)
ნანინანატრმა ტყვიამ, ბოლოს და ბოლოს, განწონა გმირ-მოღალატის მკერდი. ნახუვლები
სისხლის ორ ჭავლს შორის კილპატრიკი ვერ იტყოდა იმ რამდენიმე სიტყვას, სათქმელად რომ
მისცეს ბოლო ამოსუნთქვის წინ.
ნოლანის სპექტაკლში შექსპირიდან ამოღებული პასაჟები ყველაზე ნაკლებად დრამატულია.
რაიანის აზრით, ავტორმა ეს პასაჟები იმნაირად გაანაწილა, რომ მომავალში ვინმე „წასწყდომოდა“
დაშიფრულ ჭეშმარიტებას. რაიანმა გააცნობიერა, რომ თვითონაც ნოლანის ჩანაფიქრის ნაწილი
იყო... ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა თავის აღმოჩენაზე. გამოაქვეყნა
წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა გმირი პატრიოტის დიდებას, რაც, ალბათ, ასევე წინდაწინ იყო
გათვლილი.

სიკვდილი და ფარგალი
მანდი მოლინა ვედიას
მრავალი პრობლემიდან, რომლებისკენაც ლონროტს თავისი აწყვეტილი გამჭრიახობა
მიუმართავს, არც ერთი არ ყოფილა ისეთი უცნაური (შეიძლება ითქვას - იმდენად მკაცრად
უცნაური), როგორიც სისხლიანი ცდომილებების განმეორებადი სერია, რომელმაც აპოგეას მიაღწია
ვილა ტრისტ-ლე-რუას ევკალიპტების მარადიულ სურნელებაში. მართალია, ერიკ ლონროტმა
ბოლო დანაშაულის აღკვეთა ვერ მოახერხა, მაგრამ ნამდვილად წინდაწინ განჭვრიტა ის. ვერც
იარმოლინსკის უიღბლო მკვლელის ვინაობა გამოიცნო, მაგრამ ჩასწვდა ბოროტმოქმედებათა
სერიის იდუმალ ფორმას და რედ შარლაჩის მიერ შესრულებულ როლს ამ სერიაში (მისი მეორე
მეტსახელი დენდი შარლაჩია). ამ კრიმინალს, ბევრ სხვასავით, დაფიცებული ჰქონდა, ლონროტი
უნდა გავასაღოო. მაგრამ ამ უკანასკნელს არასოდეს მიუცია თავისი თავისთვის რამით შეშინების
უფლება. საკუთარ თავს მოაზროვნე მანქანად მიიჩნევდა, ერთგვარ ოგიუსტ დიუპენად. თუმცა
ცხოვრობდა მასში ფათერაკის მაძიებელი, თვით აზარტული თამაშების მოთამაშეც კი.
პირველი დანაშაული მოხდა „ოტელ-დიუ-ნორში“, - მაღალ პრიზმაში, ქვიშისფერწყლებიანი
მდინარის შესართავის ზემოთ რომ დასკუპებულა. ამ კოშკში (რომელიც ცნობილია იმით, რომ
თავის თავში აერთიანებს სანატორიუმის გულისწამსვლელ სითეთრეს, ციხის დანომრილ
დაყოფილობას და ცუდი რეპუტაციის სახლის საერთო შესახედაობას) 3 დეკემბერს დანიშნულ
მესამე თალმუდურ კონგრესზე ჩამოვიდა დელეგატი პოდოლსკიდან, დოქტორი მარჩელო
იარმოლინსკი, რუხწვერიანი და რუხთვალებიანი კაცი. ვერასოდეს შევიტყობთ, „ოტელ-დიუ-
ნორი“ თავისი გემოვნებით შეარჩია თუ მიიღო ოდინდელი შეგუებით, რომელმაც გადაატანინა
სამწლიანი ომი კარპატებში და სამიათასწლიანი პოგრომები და ჩაგვრა დედამიწაზე. ოთახი
მისცეს მარჯვენა იარუსზე, გალილეის ტეტრარხის მიერ დაკავებული მრავალოთახიანი ნომრის
პირდაპირ. იარმოლინსკიმ ისადილა, მეორე დღისთვის გადადო მისთვის უცნობი ქალაქის
დათვალიერება, მაგიდაზე დააწყო თავისი ბევრი წიგნი და ცოტაოდენი ძვირფასეულობა და
შუაღამის დადგომამდე სინათლე გამორთო (ასე დაამოწმა ტეტრარხის მძღოლმა, რომელსაც
მეზობელ ოთახში ეძინა). 4 დეკემბერს, დღის თორმეტის ნახევარზე, „იდიშ ცაიტუნგის“
ჟურნალისტმა დაურეკა იარმოლინსკის, მაგრამ იმან არ უპასუხა.
თავისი ნომრის იატაკზე იპოვეს, რამდენადმე ფერმკრთალი სახით და თითქმის გაშიშვლებული
სხეულით, რომელსაც რაღაც ანაქრონისტული ლაბადა ეფარა. დერეფანში გამსვლელი კარიდან
არცთუ შორს იწვა. მკერდზე დანით მიყენებული ღრმა ჭრილობა აჩნდა. ორიოდე საათის შემდეგ,
იმავე ოთახში, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა, ჟანდარმებს შორის იდგნენ ლონროტი და
პოლიციის კომისარი ტრევირანუსი და მშვიდად განიხილავდნენ პრობლემას.
- აზრი არა აქვს აჩრდილთა დევნას, - ამბობდა ტრევირანუსი და მბრძანებლურ სიგარას იქნევდა, -
ყველამ ვიცით, რომ გალილეველ ტეტრარხს მსოფლიოში საუკეთესო საფირონები აქვს. ვიღაცას
მათი მოპარვა სურდა და შეცდომით შემოვიდა აქ. იარმოლინსკის გაეღვიძა და მძარცველს მისი

43
მოკვლის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. თქვენ რას ფიქრობთ?
- შესაძლებელი ვერსიაა, მაგრამ უინტერესო, - მიუგო ლონროტმა, - თქვენ მიპასუხებთ, რეალობა
ოდნავადაც არ არის ვალდებული, საინტერესო იყოსო. ჩემი მხრივ, გეტყვით: რეალობა შეიძლება
იოლას გავიდეს ამ ვალდებულების გარეშე, მაგრამ ვარაუდები - ვერა. თქვენ მიერ
შემოთავაზებულ ჰიპოთეზაში, აქ და ამ წამს, შანსი უკუპროპორციულ როლს თამაშობს. ჩვენ წინ
მკვდარი რაბინი წევს. ვამჯობინებდი, მქონოდა პირწმინდად რაბინული ახსნა, არა წარმოსახვითი
მძარცველის წარმოსახვითი ნახელავი.
ტრევირანუსს განწყობა წაუხდა.
- მე არ მაინტერესებს „რაბინული ახსნა“, როგორც თქვენ უწოდებთ. მე მინდა შევიპყრო ის
არამზადა, რომელმაც უცნობ კაცს დანა აძგერა.
- უცნობს? - ჰკითხა ლონროტმა, - აი, მის თხზულებათა სრული კრებული.
და მიუთითა საწერ მაგიდაზე, სადაც მაღალი წიგნები ეწყო: „კაბალას გამართლება“, „რობერტ
ფლუდის ფილოსოფია“, „სეფერ იეცირახის“ სიტყვასიტყვითი თარგმანი, „ბაალ შემის ბიოგრაფია“,
„ჰასიდიმის ისტორია“, ტეტრაგრამატონის[62] მონოგრაფია გერმანულად, კიდევ ერთი წიგნი
ხუთწიგნეულის ღვთაებრივ ტერმინოლოგიაზე.
კომისარმა წიგნებს შიშით - თითქმის ზიზღითაც კი - გახედა.
- მე ერთი საბრალო ქრისტიანი ჯეელი ვარ, - თქვა შემდეგ, - შეგიძლიათ ეგ საგნები შინ წაიღოთ,
თუ გამოგადგებათ. ჩემს დროს ებრაული ცრურწმენებისთვის ვერ დავხარჯავ.
- მიუხედავად ამისა, ეს დანაშაული შეიძლება ეკუთვნოდეს ებრაულ ცრურწმენებს, -
ჩაიბუტბუტა ლონროტმა.
- ქრისტიანობის არ იყოს, - გესლიანად დაუმატა „იდიშ ცაიტუნგის“ ჟურნალისტმა.
ახლომხედველი იყო, გაუბედავი, ათეისტი.
მის შენიშვნაზე არავის არაფერი უთქვამს. ერთ-ერთმა აგენტმა პატარა საბეჭდ მანქანაში იპოვა
ფურცელი დაუმთავრებელი განაცხადით: სახელის პირველი ასო დაიწერა.
ლონროტმა ღიმილი შეიკავა. უეცრად ქცეულმა ბიბლიოფილად თუ ებრაისტად, მან ერთ-ერთ
ოფიცერს გარდაცვლილი კაცის წიგნები შეაფუთვინა და შინ წაიღო. მერე კი, გულგრილი
პოლიციური გამოძიებისადმი, ლონროტი წიგნებს ჩაუჯდა. თაბახის მერვედი ფორმატის ერთმა
წიგნმა მას გაუმჟღავნა გულმოწყალეთა სექტის დამფუძნებლის, იზრაელ ბაალ შემ ტოვის
სწავლება. მეორე წიგნში გადმოცემული იყო ტეტრაგრამატონის - ღმერთის გამოუთქმელი
სახელის - სათნოებები და რისხვა-თავზარი. მესამეში - ის, რომ ღმერთს აქვს საიდუმლო სახელი,
რომელიც (იმ ბროლის სფეროს მთლად მსგავსად, სპარსელები რომ მიაწერდნენ ალექსანდრე
მაკედონელს) შეიცავს მის მეცხრე ატრიბუტს, მარადისობას - ანუ მეყსეულ ცოდნას - ყველა
საგნისა, რაც იქნება, არის და იყო სამყაროში. ტრადიციის მიხედვით, ღმერთს
ოთხმოცდათერთმეტი სახელი აქვს, თუმცა ებრაისტები ამ არასრულყოფილ რიცხვს ლუწი
რიცხვების მაგიური შიშით ხსნიან. ჰასიდიმი აცხადებს, ტექსტში დარჩენილი სიცარიელე მეასე -
და აბსოლუტურ - სახელზე მიუთითებსო.
რამდენიმე დღის შემდეგ ლონროტი მოსწყვიტეს ამ შტუდირებას: „იდიშ ცაიტუნგის“
ჟურნალისტს მასთან საუბარი სურდა მკვლელობასთან დაკავშირებით. ლონროტი კი ღმერთის
მრავალ სახელზე საუბარს ამჯობინებდა. ჟურნალისტმა სამი სვეტი მიუძღვნა იმ ამბავს, რომ
სახელგანთქმული დეტექტივი ლონროტი ღვთის სახელების შესწავლას შეუდგა მკვლელის
სახელის დასადგენად. ჟურნალისტურ გამარტივებებს მიჩვეულ ლონროტს არაფერი სწყენია.
ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ნებისმიერი კაცი შეიძლება
დაარწმუნო - იყიდოს ნებისმიერი წიგნი, გამოსცა პოპულარული გამოცემა „ჰასიდიმის ისტორია“.
მეორე დანაშაული მოხდა 3 იანვარს, დედაქალაქის ყველაზე უკაცრიელ და ყველაზე ღვთით
დავიწყებულ გარეუბანში. თენების დრო იქნებოდა, რომ ერთ-ერთმა ცხენიანმა ჟანდარმმა, იმ
კვარტალების უდაბურების მეთვალყურემ, საღებავების ძველი ფაბრიკის შესასვლელში
მწოლიარე პონჩოში გახვეული კაცი დაინახა. მისი მკაცრი სახე ისე გამოიყურებოდა, თითქოს
სისხლის ნიღაბი ეკეთა, მკერდზე კი ღრმა ჭრილობას დაეღო პირი. კედლის წითელ და ყვითელ
რომბებზე ვიღაცას ცარცით მიეწერა სიტყვები, რომლებიც ჟანდარმმა დამარცვლით წაუკითხა
თავის თავს... იმ ნაშუადღევს ტრევინარუსი და ლონროტი დანაშაულის შორეული ადგილისკენ
დაიძრნენ. მათი მანქანის მარჯვნივ და მარცხნივ ქალაქის სახლები და უბნები ერთმანეთს
ენაცვლებოდა. თანდათანობით ცამ მეტი სივრცე დაიკავა, სახლებმა - უფრო და უფრო ნაკლები,
აგურის გამოსაწვავმა ღუმელმა და ალვის ხემ - მეტი და მეტი. აი, ის შესაბრალისი ადგილიც:

44
ბოლო გასასვლელი ვარდისფერ კედლებს შორის, თითქოს რაღაცნაირად რომ ირეკლავდა
შეუჩერებელ დაისს. ამ მომენტისთვის გარდაცვლილის ვინაობა უკვე დადგინდა: დანიელ სიმონ
აზევედო, შესაბამისი რეპუტაციის კაცი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის ძველ ჯურღმულებში,
სადაც ვაგონის მძღოლიდან არჩევნების დღის ყაჩაღამდე ამაღლდა მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ
დაცემულიყო ქურდობამდე და თვით ჯაშუშობამდეც კი (მისი სიკვდილის საგანგებო მანერა
თითქოს შესატყვისიც იყო: აზევედო იყო დამნაშავეთა იმ თაობის უკანასკნელი წარმომადგენელი,
რომელიც იყენებდა დანას და არა რევოლვერს). აი, რა ეწერა იქ ცარცით: სახელის მეორე ასო
დაიწერა.
მესამე დანაშაული მოხდა 3 თებერვლის ღამეს. პირველს რამდენიმე წუთი აკლდა, რომ კომისარ
ტრევირანუსის კაბინეტში ტელეფონი აწკრიალდა. გაისმა კაცის ხორხისმიერი, მძაფრად
გასაიდუმლოებული ხმა. უცნობმა კომისარს თავი გინზბერგად (თუ გინზბურგად) წარუდგინა და
უთხრა: გარკვეული ანაზღაურების შემთხვევაში ზოგიერთ დეტალს გაგიმხელთ ორ
მსხვერპლთან - აზევედოსა და იარმოლინსკისთან დაკავშირებითო. სტვენისა და სამეჯლისო
საყვირთა ღრიანცელმა ინფორმატორის ხმა გადაფარა და საუბარი შეწყდა. ისე, რომ ეშმაკობის
შესაძლებლობაც არ გამოურიცხავს (ყოველივეს შემდეგ, კარნავალის პერიოდი იდგა),
ტრევირანუსმა გამოიძია და მიაგნო, რომ ზარი ლივერპულის სახლიდან იყო, ტულონის ქუჩაზე
მდებარე ტავერნიდან. ამ გულისამრევ ქუჩაზე ყველაფერს ერთად მოეყარა თავი: საოცრებათა
პოპულარულ მუზეუმსა და რძის მაღაზიას, საროსკიპოსა და ბიბლიის გამყიდველთა კომპანიას.
ტრევირანუსმა დაურეკა იმ ადგილის მფლობელს - ბლეკ ფინეგანს, წარსულში ირლანდიელ
კრიმინალს, სადღეისოდ - პატიოსნებით იმდენად სავსეს, რომ ლამის წალეკილს. მან
ტრევირანუსს უთხრა: უკანასკნელი, ვინც ტელეფონით ისარგებლა, ჩემი მდგმური გრიფიუსია,
რომელიც წუთის წინ გავიდა თავის მეგობრებთან ერთადო. კომისარი მომენტალურად გაჩნდა
„ლივერპულის სახლთან“. მფლობელმა ესეც უთხრა: რვა დღის წინ გრიფიუსმა -
მკვეთრნაკვთებიანმა კაცმა ღრუბლოვან-რუხი წვერითა და აუწერელი შავი კოსტიუმით - იქირავა
ოთახი უშუალოდ ბარის თავზე. ფინეგანმა (რომელიც, ჩვეულებრივ, იმ ოთახს აქირავებდა ისეთი
მიზნით, რომლის გამოცნობა ტრევირანუსს არ გასჭირვებია) დაუსახელა ფრიად მსუყე ქირა,
რომელიც გრიფიუსს უყოყმანოდ გადაუხდია. თითქმის არასოდეს გამოდიოდა თავისი ოთახიდან.
ლანჩსაც და სადილსაც იქ მიირთმევდა და ერთხელაც კი არ გამოჩენილა ბარში. იმ ღამეს
ფინეგანის კაბინეტში ჩასულა დასარეკად. შემდეგ ტავერნასთან დახურული ავტომანქანა
გაჩერდა. მძღოლი არ გადმოსულა. ზოგიერთმა კლიენტმა გაიხსენა, რომ მძღოლს ხელოვნური
წვერი ეკეთა. მანქანიდან ორი ჯამბაზური ფიგურა გადმოვიდა: ჩია ტანისა იყვნენ და, როგორც
უკლებლივ ყველამ შენიშნა, მთვრალები. ფინეგანის კაბინეტში შეცვივდნენ სამეჯლისო
საყვირების ჭყვიტინით და მკლავები შემოხვიეს გრიფიუსს, რომელმაც აშკარად იცნო ისინი,
თუმცა რამდენადმე ცივად მიესალმა. მათ რამდენიმე იდიშური სიტყვა გაცვალეს: გრიფიუსმა -
დაბალი, ხორხისმიერი ხმით, იმათ - ერთგვარი ფალცეტით, რის შემდეგაც ყველანი გრიფიუსის
ოთახში ავიდნენ. თხუთმეტი წუთის შემდეგ სამი კაცი ისევ ქვემოთ ჩამოვიდა. სავსებით
ბედნიერად გამოიყურებოდნენ. გრიფიუსი ტორტმანებდა, დანარჩენი ორივით მთვრალი ჩანდა.
მაღალი და ნაბიჯარეული, ორ ნიღბიან ჯამბაზს შუაში მოექცია (ბარში მჯდომ ერთ ქალს ახსოვს
ყვითელი, წითელი და მწვანე რომბები). ორჯერ წაიბორძიკა, ორჯერვე ჯამბაზებმა შეაკავეს.
სამივენი დახურულ მანქანაში ჩასხდნენ და უახლოესი პირსისა და მისი მართკუთხა წყლის
მიმართულებით წავიდნენ. უკვე დაძრულ მანქანაში ჩაჯდომის წინ მეორე ჯამბაზმა ბარის
შემოსასვლელთან მდგარ ერთ-ერთ დაფას უხამსი ფიგურა მიახატა და ფრაზაც მიაწერა.
ტრევირანუსმა ფრაზას შეხედა, თუმცა თითქოს უკვე წინდაწინ იცოდა: სახელის უკანასკნელი
ასო დაიწერა.
შემდეგ გრიფიუს-გინზბურგის პატარა ოთახი დაათვალიერა. იატაკზე სისხლის ლაქა იყო,
კუთხეებში უნგრული სიგარეტის ნამწვავები ეყარა. მაგიდაზე იდო ლათინური წიგნი: ლესდენის
„Philologus hebrњgrњcus“[63] (1739), რომელშიც ხელით ნაწერი რამდენიმე შენიშვნაც აღმოჩნდა.
ტრევირანუსმა წიგნს აღშფოთებით შეხედა და კაცი გაგზავნა ლონროტის მოსაყვანად. ეს
უკანასკნელი მოსვლისთანავე ჩაეფლო წიგნში, ქუდიც კი არ მოუხდია. ამასობაში კომისარი
თვითმხილველებს კითხვებს უსვამდა შესაძლებელ მოტაცებასთან დაკავშირებით. ისინი
ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იძლეოდნენ. ოთხ საათზე კომისარი და ლონროტი ბარიდან
გავიდნენ. ტულონის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩაზე, განთიადის მკვდარ ტრანსპარანტებსა და
ფერად ქაღალდებს შორის რომ მიაბიჯებდნენ, ტრევირანუსმა იკითხა: - თუკი ეს ამღამინდელი
ამბავი თვალთმაქცობა და სიმულაციაა, მაშინ?
ერიკ ლონროტმა გაიღიმა და კომისარს სერიოზული ტონით წაუკითხა ფრაზა (რომელსაც ხაზი
ჰქონდა გასმული) Philologus-ის ოცდამეცამეტე ტრაქტატიდან: „Dies Judњorum incipit a solis occasu
usque ad solis occasum diei sequentis“, რაც ნიშნავს: „ებრაული დღე იწყება დაისის დროს და
გრძელდება მეორე დღის დაისამდე“.

45
კომისარმა სცადა ირონიით ეპასუხა: - და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც
ამ ღამეს მოიძიეთ?
- არა, ყველაზე მნიშვნელოვანია სიტყვა, რომელიც გინზბურგმა გამოიყენა.
ნაშუადღევის გაზეთები არაფერს იუწყებოდნენ ერთმანეთს მიყოლებულ მკვლელობებსა და
გაუჩინარებებზე. „ჯვარი და მახვილი“ ასეთ ამბებს უპირისპირდებოდა საუცხოო დისციპლინითა
და წესრიგით, რომელიც სუფევდა ბოლო ჰერმეტულ კონგრესზე; „მარტვილში“ ერნსტ პალასტი
ადანაშაულებდა „აუტანელ შეყოვნებებს ფარულ და მწირ პოგრომში, რომელსაც სამი თვე
დასჭირდა სამი ებრაელის გასაქრობად“; „იდიშ ცაიტუნგი“ უკუაგდებდა ანტისემიტური
შეთქმულების თავზარდამცემ თეორიას, „თუმცა არაერთი გამჭრიახი გონება სხვას ვერაფერს
შეიტყობს ამ სამმაგი საიდუმლოს შესახებ. ქალაქის სამხრეთი ნაწილის ყველაზე
სახელგანთქმულმა ბანდიტმა, დენდი რედ შარლაჩმა, დაიფიცა, ჩემს ტერიტორიაზე მსგავსი
დანაშაული არასოდეს მომხდარაო, და პოლიციის კომისარი ფრანც ტრევირანუსი კრიმინალურ
დაუდევრობაში დაადანაშაულა“.
პირველ მარტს იმავე ტრევირანუსმა მიიღო შთამბეჭდავი შესახედაობის დაბეჭდილი კონვერტი.
მასში აღმოჩნდა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა „ბარუხ სპინოზა“, და აშკარად ბეიდიკერის[64]
გზამკვლევიდან ამოგლეჯილი დეტალური რუკა. წერილი წინასწარმეტყველებდა, რომ 3 მარტს
არ მოხდებოდა მეოთხე დანაშაული, რადგან საღებავის ფაბრიკა ქალაქის დასავლეთ ნაწილში,
ტავერნა ტულონის ქუჩაზე და „ოტელ-დიუ-ნორი“ „მისტიკური, ტოლფერდა სამკუთხედის
სრულყოფილი წერტილები“ იყო. წითელი მელანი რუკაზე უჩვენებდა ამ განაცხადის
მართებულებას. ტრევირანუსმა მორჩილად შეისწავლა ეს გეომეტრიული არგუმენტი, მერე კი
წერილიცა და რუკაც შინ გაუგზავნა ლონროტს: ის ნამდვილად იმსახურებდა ასეთ აბდაუბდას.
ერიკ ლონროტმა შეისწავლა რუკა და წერილი. სამი ადგილი მართლაცდა თანაბრად იყო
დაშორებული ერთმანეთისგან. სიმეტრია დროში (3 დეკემბერი, 3 იანვარი, 3 მარტი), სიმეტრია
სივრცეშიც... ლონროტმა უეცრად იგრძნო, რომ საიდუმლოს გახსნამდე აღარაფერი უკლდა.
სახაზავმა, ფარგალმაც და სანავიგაციომაც დაასრულა ეს უეცარი მიგნება. ლონროტმა გაიღიმა,
წარმოთქვა ტეტრაგრამატონ (ცოტა ხნის წინ ათვისებული სიტყვა) და კომისარს დაურეკა.
- მადლობა წუხელ გამოგზავნილი ტოლფერდა სამკუთხედისთვის. ზუსტად ეგ მჭირდებოდა
თავსატეხის ამოსახსნელად. ხვალ, პარასკევს, ბოროტმოქმედები ციხეში ისხდებიან. შეგვიძლია
მოვისვენოთ.
- ესე იგი, მეოთხე დანაშაულს არ გეგმავენ?
- სწორედ იმიტომაც უნდა მოვისვენოთ, რომ გეგმავენ, - თქვა ლონროტმა ყურმილის დაკიდების
წინ.
ერთი საათის შემდეგ სამხრეთის რკინიგზის მატარებელში იჯდა და მიტოვებულ ვილა ტრისტ-
ლე-რუასკენ მიქროდა. ჩემი ამბის ქალაქის სამხრეთში ტალახიანი, ნაგვითა და ტყავის ქარხნების
ჩამონადენით სავსე ნაკადი მიედინება. მის მეორე მხარეს ფაბრიკებით სავსე გარეუბანია, სადაც
ბარსელონელი განგსტერის მფარველობის ქვეშ ბანდიტები ლაღობენ. ლონროტს გაეღიმა: ამ
კრიმინალთა შორის ყველაზე სახელოვანი - რედ შარლაჩი - ყველაფერს მისცემდა, ოღონდაც
სცოდნოდა მისი ფარული ვიზიტის ამბავი დღეს. აზევედო შარლაჩის ბანდის ერთ-ერთი წევრი
იყო. ლონროტმა ერთი წუთით დაუშვა, მეოთხე მსხვერპლი შეიძლება თვითონ შარლაჩი იყოსო...
მაგრამ უკუაგდო ეს შესაძლებლობა. არსობრივად, პრობლემა გადაჭრილი ჰქონდა. რაც შეეხება
უბრალო გარემოებებს, გარეგან რეალობას (სახელებს, სახეებს, ეჭვმიტანილთა დაჭერას,
სასამართლო პროცესსა და ციხეში ჩასმას), ეს მაინცდამაინც არ აინტერესებდა. ახლა ლონროტს
გასეირნება უნდოდა, უნდოდა ცოტა ამოესუნთქა სამთვიანი მჯდომარე გამოძიების შემდეგ. მისი
აზრით, ჩადენილ დანაშაულთა გასაღები ანონიმურ სამკუთხედში და დამტვერილ ბერძნულ
სიტყვაში იდო. ახლა საიდუმლოს იმდენად გამჭვირვალედ ხედავდა, რომ შეცბუნებული
ფიქრობდა: ასი დღე დავხარჯე ამის ამოსაცნობადო.
მატარებელი უხმაურო სატვირთო ბაქანთან შეჩერდა. ლონროტი ჩამოვიდა. ერთ-ერთი იმ
უკაცრიელ საღამოთაგანი იყო, განთიადს რომ წააგავს. ბინდჩამდგარ ველთა ჰაერი ცივი და ნოტიო
იყო. ლონროტი პირდაპირ შეუყვა მინდვრებს. დაინახა ძაღლები, დაინახა ფურგონი თუ
სატვირთო მანქანა გასასვლელში, რომელიც ჩიხით მთავრდებოდა, დაინახა ჰორიზონტი, დაინახა
ვერცხლისფერი ცხენი, რომელიც ბალახმოდებულ გუბეში იდგა და წყალს სვამდა. უკვე
ბნელდებოდა, როცა დაინახა ვილა ტრისტ-ლე-რუას მართკუთხა ბელვედერი, რომელიც თითქმის
ისევე მაღლა იდგა, როგორც შავი ევკალიპტები მის ირგვლივ. ლონროტს აზრად მოუვიდა, რომ
მხოლოდ ერთი ალიონი და ერთი დაისი (ერთი ძველი ნათება აღმოსავლეთით და მეორე ნათება
დასავლეთით) აშორებდა იმ ჟამისგან, რომელსაც სახელის მაძიებლები მიელტვოდნენ. ვილის

46
ტერიტორიის არასწორ პერიმეტრს დაჟანგული მესერი ერტყა. მთავარი კარიბჭე დაკეტილი იყო.
დიდი მოლოდინის გარეშე, შესასვლელს ვიპოვიო, ლონროტმა მთელ მესერს შემოუარა. შეუღწევ
კარიბჭესთან დაბრუნებულმა თითქმის მექანიკურად შეყო ხელი ცხაურში და საკეტს მიაგნო.
რკინის ჭრიალმა შეაკრთო: მძიმე-მძიმედ და პასიურად, მთელი კარიბჭე დაიძრა.
ლონროტმა გზა განაგრძო ევკალიპტებს შორის. წლების ფენებად დაფენილ მკვრივ წითელ
ფოთლებზე მიაბიჯებდა. ვილა ტრისტ-ლე-რუას კუთვნილ სახლს მრავალი უმიზნო სიმეტრია და
აკვიატებული გამეორება ჰქონდა. ბნელ ნიშაში მდგარ ყინულოვან დიანას მოპირდაპრე ნიშიდან
მეორე დიანა ეხმიანებოდა. ერთი აივანი მეორეში ირეკლებოდა. ორმაგი კიბე ორმაგ
ბალუსტრადაზე ადიოდა. ორსახოვანი იანუსი ურჩხულისებურ ჩრდილს აფენდა. ლონროტმა
სახლს მთლიანად შემოუარა, ისევე, როგორც მთელ ვილას გარედან. ყველაფერი დაათვალიერა.
ტერასის ქვეშ ვიწრო კარი შენიშნა და მიაწვა. ორი თუ სამი მარმარილოს კიბე ჩადიოდა სარდაფში.
ლონროტმა, რომელსაც ამასობაში უკვე გასჩენოდა არქიტექტორის ყნოსვა, იგრძნო, რომ
მოპირდაპირე კედელშიც იქნებოდა ასეთივე საფეხურები. იპოვა კიდეც, აუყვა, ხელები ასწია და
კარ-სარქველი ახადა.
მანათობელმა სინათლემ ფანჯრისკენ წაიყვანა და ესეც გააღო. მრგვალი ყვითელი მთვარე
ფოთლებით ამოვსებულ ორ უწყლო შადრევანს აჩენდა ნაღვლიან ბაღში. ლონროტმა სახლი
გამოიკვლია. ფოიეები სასადილო ოთახებში გადიოდა, იქიდან - გალერეებში, ბოლოს - ორ
ერთნაირ შიდაეზოში. მტვრიანი კიბეები მრგვალ ვესტიბიულებში ადიოდა. უსასრულოდ შეეძლო
უკან დახევა ერთმანეთის მოპირდაპირე სარკიან კედლებში. დაიღალა გზადაგზა შეხვედრილი
ფანჯრების გაღებით ან ნახევრად გაღებით. გარეთ, სხვადასხვა სიმაღლიდან და კუთხიდან, იგივე
მიტოვებული ბაღი ჩანდა. შიგნით - სიყვითლეშეპარულ თეთრ შალითებში გახვეული
ავეჯეულობა, მუსლინში შეფუთული შანდლები. საწოლ ოთახში შეჩერდა. ერთადერთი ყვავილი
იდო ფაიფურის ლარნაკში. თითის წვერების პირველივე შეხებაზე ყვავილის გამომშრალი
ფურცლები დაიფშვნა. მეორე სართულზე, ბოლო სართულზე, სახლი უსასრულო ჩანდა და
კიდევაც მზარდი. „არც ისე დიდი სახლია, - ფიქრობდა ლონროტი, - დიდის შთაბეჭდილებას
ტოვებს თავისი ბუნდოვანების, სიმეტრიების, სარკეების, სიძველის, ჩემი გაუშინაურებლობისა
და თავისი მიტოვებულობის გამო“.
კიბემ ბელვედერზე გაიყვანა. საღამოს მთვარე ფანჯრების რომბებიდან შემოდიოდა. ყვითელი,
წითელი და მწვანე რომბები იყო. ლონროტი ადგილზე გააშეშა გამაოგნებელმა, თავბრუდამხვევმა
მოგონებამ.
ორი ღონიერი, ჯმუხი კაცი მეყსეულად ეცა და განაიარაღა. მესამე - საკმაოდ მაღალი -
სერიოზულად მიესალმა.
- ძალიან კეთილი ხარ: ერთი ღამე და ერთი დღე დაგვაზოგვინე.
ეს რედ შარლაჩი იყო. კაცებმა ლონროტს ხელები შეუკრეს.
- შარლაჩ... შენ საიდუმლო სახელს ეძებ? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო მან.
შარლაჩი უდრტვინველად იდგა. წამიერ გაბრძოლებაში მონაწილეობა არ მიუღია და ახლა
მხოლოდ ხელი გაიშვირა ლონროტის რევოლვერისკენ. მერე ალაპარაკდა და მის ხმაში ლონროტმა
ამოიკითხა დაღლილი გამარჯვება, სამყაროსავით უკიდეგანო სიძულვილი და ამ სიძულვილზე
არანაკლები სევდა.
- არა, რაღაც უფრო წარმავალსა და ხრწნადს ვეძებ, ანუ - ერიკ ლონროტს. სამი წლის წინ,
ტულონის ქუჩის სათამაშო ბუნაგში, შენ ჩემი ძმა დაიჭირე და შეესწარი, როგორ გაგზავნეს
ციხეში. ჩემმა კაცებმა გადმომიყვანეს მანქანიდან და გადამარჩინეს ორმხრივი სროლის დროს,
მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მუცელში პოლიციელის ტყვია მომხვდა. ცხრა დღე და ცხრა ღამე
ვიწექი ციებცხელებიანი და სიკვდილს ვებრძოდი ამ მიტოვებულ, სიმეტრიულ ვილაში. ეს
საძაგელი ორთავიანი იანუსი, რომელიც დაისსაც უყურებს და აისსაც, თავზარს სცემდა ჩემს
ბოდვას და უძილობას. იქამდე მივედი, რომ ჩემსავე სხეულზე გული მერეოდა. ისეთი განცდა
მქონდა, თითქოს ორი თვალი, ორი ხელი, ორი ფილტვი ისეთივე საშინელებაა, როგორიც ორი სახე
ერთ თავზე. ერთმა ირლანდიელმა სცადა ქრისტეს რწმენაზე მოვექციე. კიდევ და კიდევ
იმეორებდა გოიმის[65] სიტყვებს: ყველა გზა რომში მიდის. ღამღამობით, ბოდვა კიდევ უფრო
მეძალებოდა ამ მეტაფორაზე: ვგრძნობდი, რომ ქვეყნიერება ლაბირინთია, რომლიდანაც გამოსვლა
შეუძლებელია, რადგან ყველა გზა, თუნდაც ვითომდა ჩრდილოეთით ან სამხრეთით მიჰყავდი,
ბოლოს მაინც რომში ბრუნდებოდა. ქვეყნიერება იყო ის მართკუთხა ციხეც, სადაც ჩემი ძმა
კვდებოდა, და ეს ვილა ტრისტ-ლე-რუაც. იმ ღამეებში შევფიცე ღმერთს, ორი სახით რომ ხედავს,
შევფიცე ციებ-ცხელებისა და სარკეების ყველა ღმერთს - მომექსოვა ლაბირინთი იმ კაცის გარშემო,
რომელმაც ძმა დამიპატიმრა. ჰოდა, მოვქსოვე და კარგადაც გაუძლო: მისი მასალებია მკვდარი

47
ერესიოლოგი, ფარგალი, VIII საუკუნის კულტი, ბერძნული სიტყვა, ხანჯალი, საღებავების
ფაბრიკის რომბები...
პირველი პუნქტი სრულებით შემთხვევით მომეცა. ზოგიერთ მეგობართან ერთად - მათ შორის
იყო დანიელ აზევედოც - დაგეგმა, როგორ მოგვეპარა ტეტრარქის საფირონები. თუმცა აზევედომ
გვიმტყუნა. მისთვის წინდაწინ გადახდილი ფული სასმელს მიახარჯა და საქმეს ერთი დღით
ადრე შეუდგა. მაგრამ იმ ვეებერთელა სასტუმროში გზა დაებნა და დილის ორ საათზე
იარმოლინსკის ოთახში შევარდა. უძილობით გატანჯული იარმოლინსკი თავის საბეჭდ
მანქანასთან იჯდა და ბეჭდავდა. შემთხვევამ ინება, რომ რაღაც შენიშვნებს იწერდა ან სულაც
სტატიას წერდა ღმერთის სახელზე. იმ მომენტისთვის სულ ახალი დაბეჭდილი ჰქონდა სიტყვები
სახელის პირველი ასო დაიწერა. აზევედომ უთხრა, ჩუმად იყავიო. იარმოლინსკის ხელი წაუღია
ზარისკენ, რომელიც მთელ სასტუმროს ფეხზე დააყენებდა, და აზევედომაც მკერდში ჩაარტყა
დანა. ეს მოძრაობა თითქმის რეფლექსური იყო: ძალადობის ნახევარსაუკუნოვანმა პრაქტიკამ
აზევედოს ასწავლა, რომ ყველაზე იოლი და უსაფრთხო საშუალება, არც მეტი, არც ნაკლები,
ადამიანის მოკვლაა... ათი დღის შემდეგ „იდიშ ცაიტუნგიდან“ შევიტყვე, რომ შენ ცდილობდი
იარმოლინსკის სიკვდილის გასაღები თვით მისსავე ნაწერებში გეპოვა. მე „ჰასიდიმის ისტორია“
წავიკითხე და შევიტყვე, რომ ღმერთის სახელის წარმოთქმის მოწიწებულ შიშს სათავე დაუდვია
მოძღვრებისთვის, რომლის მიხედვითაც ღმერთის სახელი ყოვლისშემძლეა და ოკულტური.
შევიტყვე, რომ მავანი ჰასიდიმი ამ დაფარული სახელის ძიებაში იმდენად შორს წასულა, რომ
ადამიანიც კი შეუწირავს მსხვერპლად... მივხვდი, რომ შენ ივარაუდებდი: რაბინი ჰასიდიმმა
იმსხვერპლაო, და ამ ვარაუდის დადასტურებით დავიწყე.
მარჩელო იარმოლინსკი 3 დეკემბრის ღამეს გარდაიცვალა. მეორე „მსხვერპლისთვის“ 3 იანვარი
შევარჩიე. იარმოლინსკი ჩრდილოეთ ნაწილში მოკვდა, მეორე „მსხვერპლს“ სიკვდილი დასავლეთ
ნაწილში უნდა სწვეოდა. დანიელ აზევედო აუცილებელი მსხვერპლი იყო. მან ეს დაიმსახურა -
იმპულსურად მოქმედმა და მოღალატემ. თუ დაიჭერდნენ, გეგმას ჩამიგდებდა. ერთ-ერთმა ჩემმა
კაცმა ხანჯალი დაჰკრა, ვინძლო პირველი სხეული მეორეს გადაჰბმოდა. და მეც საღებავების
ფაბრიკის რომბებს დავაწერე: სახელის მეორე ასო დაიწერა.
მესამე „ბოროტმოქმედება“ მოხდა 3 თებერვალს. ეს, როგორც ტრევირანუსი მიხვდა, მხოლოდ
თვალთმაქცობა და სიმულაცია იყო. მე ვარ გრიფიუს-გინზბერგ-გინზბურგი და მე დავყავი
(ქსოვილივით თხელი ყალბი წვერით) ერთი დაუსრულებელი კვირა იმ საძაგელ ბუნაგში
ტულონის ქუჩაზე, სანამ ჩემი მეგობრები მომიტაცებდნენ. ერთმა მათგანმა პირდაპირ მანქანის
საფეხურიდან მიაწერა დაფას შენთვის ნაცნობი სიტყვები: სახელის ბოლო ასო დაიწერა. ფრაზა
ამხელდა, რომ ეს სერია სამი დანაშაულისგან შედგებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გაიგო ეს
ქუჩიდან წამკითხავმა. მაგრამ გზადაგზა მე ისევ ვტოვებდი სამხილებს, რათა შენ - დასკვნების
გამომტანი ერიკ ლონროტი - მიხვედრილიყავი, რომ სერია, რეალურად, ოთხი
ბოროტმოქმედებისგან შედგებოდა. ერთი ნიშანი ჩრდილოეთში, კიდევ ორი - აღმოსავლეთსა და
დასავლეთში მოითხოვს მეოთხე ნიშანს სამხრეთში. ყოველივეს შემდეგ, ტეტრაგრამატონ,
ღმერთის სახელი, იჰვჰ, ოთხი ასოსგან შედგება. ჯამბაზები და საღებავების მანუფაქტურისტის
ემბლემა ოთხ პუნქტს მიანიშნებს. მე თვითონ გავხაზე ფრაზა ლესდენის წიგნში. ეს ფრაზა
ამბობს: ებრაელები დღეს ითვლიან დაისიდან დაისამდე, და ამით აგებინებს მის წამკითხველს,
რომ სიკვდილი ყოველი თვის მეოთხე რიცხვში მოდიოდა. ეს მე გავუგზავნე ტოლფერდა
სამკუთხედი ტრევირანუსს. ვიცოდი, რომ შენ გამოტოვებულ წერტილს დაუმატებდი, წერტილს,
რომელიც სრულყოფილ რომბს ქმნის, წერტილს, რომელიც აფიქსირებს ადგილს, სადაც ცალსახად
გელოდება სიკვდილი. მე დავგეგმე და მოვიმოქმედე ეს ყველაფერი, ერიკ ლონროტ, რათა შენ
ტრისტ-ლე-რუას სიმარტოვეში მომეზიდე.
ლონროტმა მზერა აარიდა შარლაჩის თვალებს. დაბინდული წითელი, მწვანე, ყვითელი რომბების
მიღმა ხეებს და ცას გახედა. სხეულში სუსხი და რაღაც უპიროვნო, თითქმის ანონიმური სევდა
შეიგრძნო. გარეთ სიბნელე იდგა, მიტოვებული ბაღიდან რომელიღაც ფრინველის უმიზნო ძახილი
ამოდიოდა. უკანასკნელად დაუფიქრდა სიმეტრიული, თანაბარი ინტერვალებით დაშორებული
მკვლელობების პრობლემას.
- სამი ხაზი ზედმეტია შენს ლაბირინთში, - თქვა ბოლოს, - ვიცი, რომ ბერძნული ლაბირინთი ერთი
სწორი ხაზია. იმდენი ფილოსოფოსი დაიკარგა ამ ხაზზე, რომ უბრალო დეტექტივს ეს შეიძლება
ეპატიოს. როცა მომდევნო განსხეულებაში დამიჭერ, შარლაჩ, გირჩევ მხოლოდ გაითამაშო (ან
ჩაიდინო) ერთი დანაშაული A წერტილში, მეორე B-ში, რვა კილომეტრზე A-დან, მესამე C-ში, ოთხ
კილომეტრზე A-დან და B-დან, ნახევარ გზაზე მათ შორის. მერე კი D წერტილში დამელოდე, ორ
კილომეტრზე A-დან და C-დან, კიდევ ერთხელ - შუა გზაზე მათ შორის. D-ში მომკალი, როგორც
ახლა მკლავ ტრისტ-ლე-რუაში.
- მომდევნო ჯერზე, როცა მოგკლავ, გპირდები ლაბირინთს, რომელიც ერთი უხილავი და

48
უსასრულო ხაზისგან შედგება, - უპასუხა შარლაჩმა, რამდენიმე ნაბიჯით უკან მიდგა და
რევოლვერის ჩახმახს ძალზე ფრთხილად გამოჰკრა თითი.
1942

ფარული სასწაული
და ღმერთმა ის ასი წლით მოკლა, და შემდეგ
სიცოცხლეში დააბრუნა. და ღმერთმა უთხრა: „რამდენ ხანს ელოდე?“ მან თქვა: „ერთ დღეს
ველოდე ან დღის რაღაც ნაწილს“.
ყურანი, 2, 261
1939 წლის 14 მარტს პრაღის ცელმერგასეს ერთ-ერთ ბინაში, იარომირ ჰლადიკს - ავტორს
დაუმთავრებელი ტრაგედიისა „მტრები“, წიგნისა „მარადისობის გამართლება“ და საკვლევი
ეტიუდისა „იაკობ ბიომეს არაპირდაპირი ებრაული წყაროები“ - ჭადრაკის ხანგრძლივი თამაში
დაესიზმრა. პარტიას თამაშობდა არა ორი ადამიანი, არამედ ორი ცნობილი ოჯახი, და ეს თამაში
მრავალი საუკუნის წინ დაიწყო. ვერავინ იტყოდა, რა ჯილდო - აწ დავიწყებული - უნდა რგებოდა
გამარჯვებულს, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, ეს ჯილდო უზარმაზარი უნდა ყოფილიყო, შესაძლოა
- უსასრულოც. ჭადრაკის დაფა და ფიგურები საიდუმლო კოშკში გაიშალა და განლაგდა.
იარომირი (სიზმარში) ორი მეტოქე ოჯახიდან ერთ-ერთის პირველშობილი ვაჟი იყო. საათებმა
ჩამორეკეს - აუცდენელი თამაშის დრომ დაჰკრა. ის, ვისაც ესიზმრებოდა, იმავდროულად
უდაბნოს ქვიშაზე გარბოდა წვიმაში და ვერც ფიგურებს იხსენებდა, ვერც თამაშის წესებს... და ამ
მომენტში ჰლადიკს გამოეღვიძა. წვიმის შხაპუნი და საშინელი საათების ხმა შეწყდა.
ცელმერგასედან ამოდიოდა რიტმული და ერთსულოვანი ბგერა, შიგადაშიგ შენაცვლებული
მყეფარი ბრძანებებით. ჰორიზონტზე მზე იწვერებოდა და მესამე რაიხის დაჯავშნული ავანგარდი
პრაღაში შედიოდა.
19 მარტს ხელისუფლებამ მიიღო რაპორტი ინფორმატორისგან. იმავე დღეს, საღამო ხანს, იარომირ
ჰლადიკი დააპატიმრეს და ჩასვეს თეთრ, ასეპტიკურ საპყრობილეში ვლტავას გაღმა ნაპირზე.
გესტაპოს მიერ წაყენებული ბრალდებებიდან ერთიც კი ვერ უკუაგდო. დედამისის
ქალიშვილობის გვარი იყო იაროსლავსკი, ანუ ჰლადიკს ძარღვებში ებრაული სისხლი უჩქეფდა;
მისი წერილი ბიომეზე ებრაულ თემას ეხებოდა; მან ერთ-ერთმა მოაწერა ხელი პროტესტს
ანშლუსისადმი[66]; 1828 წელს მან თარგმნა „სეფერ იეცირახი“ „ჰერმან ბარსდორფ
პაბლიშერისთვის“. ამ კომპანიის კატალოგში (როგორც საერთოდ კომერციულ კატალოგებში
ხდება) გაზვიადებულად იყო წარმოჩენილი მთარგმნელის რენომე. კაპიტანმა იულიუს როთმა - იმ
ოფიცერთაგან ერთ-ერთმა, რომელთა ხელშიც ჰლადიკის ბედი იყო - ყურადღებით ჩაიკითხა ეს
კატალოგი. არავინაა ისეთი, ვინც მიმნდობი არ იყოს საკუთარი ცოდნის არეალის გარეთ.
ფრაკტურით მიბეჭდილი ორი-სამი ზედსართავი სახელი საკმარისი იყო იულიუს როთის
დასარწმუნებლად ჰლადიკის აღმატებაში სხვებზე, რის გამოც ის სიკვდილით უნდა დასჯილიყო -
pour encourager les autres[67]. თარიღიც დადგინდა: 29 მარტი. ეს დაყოვნება (რომლის
მნიშვნელობასაც მკითხველი მალე შეიტყობს) გამოიწვია ადმინისტრაციის სურვილმა - ემუშავათ
უპიროვნოდ და აუჩქარებლად, როგორც მცენარეები ან პლანეტები იქცევიან.
თავდაპირველად ჰლადიკს, უბრალოდ, თავზარი დაეცა. ფიქრობდა: ჩამოხრჩობა, თავის დადება
კუნძზე ან ყელის გამოჭრა არ მაშინებს, აუტანელი ისაა, კედელთან მიყენებულს მთელი რაზმი
რომ დამხვრეტსო. ამაოდ ეუბნებოდა თავის თავს: შიში სიკვდილის წმინდა და უნივერსალურმა
აქტმა უნდა დაამარცხოს და არა კონკრეტულმა გარემოებებმაო, - მაინც ერთთავად ამ
გარემოებების წარმოდგენაში იყო. აბსურდულად ცდილობდა ყველა შესაძლებელი ვარიანტის
განჭვრეტას. უსასრულოდ ელოდა პროცესს - უძილო განთიადიდან დაწყებული დამთავრებული
თოფების იდუმალი გავარდნით. იულიუს როთის მიერ დადგენილ დღეზე გაცილებით ადრე
ჰლადიკმა ასეულობით სიკვდილი გაიარა ყველანაირ ეზოში, ფორმებისა და კუთხეების
გეომეტრიის მთელი სპექტრის წარმოდგენით; ასჯერ დაცხრილეს ჯარისკაცებმა, რომელთა
სახეები და რაოდენობა იცვლებოდა და რომლებიც ხან შორიდან უმიზნებდნენ, ხან მთლად
ახლოდან. ამ წარმოსახვით სიკვდილს ის ნამდვილი შიშით ხვდებოდა, შესაძლოა - ნამდვილი
სიმამაცითაც. სასჯელის აღსრულება ყოველ ჯერზე რამდენიმე წამს გრძელდებოდა. წრის შეკვრის
შემდეგ ჰლადიკი ისევ და ისევ უბრუნდებოდა თავისი სიკვდილის მთრთოლვარე წინადღეს. მერე
აზრად მოუვიდა, რომ რეალობა იშვიათად თანხვდება იმას, რასაც ადამიანი წინდაწინ
წარმოიდგენს ხოლმე. საპირისპირო ლოგიკით დაასკვნა: ცდომილების თითოეული დეტალის
წარმოდგენა, არსებითად, მისი მოხდენის აღკვეთას ნიშნავსო. ამ მყიფე მაგიას მინდობილი,
საზარელი დეტალების გამოგონებას შეუდგა, რათა, ყოველივეს შემდეგ, მსგავსი არაფერი
მომხდარიყო. ბუნებრივია, თვითონვე ზრდიდა თავის შიშს, ვაითუ, ეს დეტალები

49
წინასწარმეტყველური აღმოჩნდესო. ღამღამობით ერთობ შესაბრალისი ჰლადიკი ცდილობდა
რამენაირად გაემაგრებინა თავისი სიმამაცე დროის მიმქროლავ არსთან დაკავშირებით. იცოდა:
დრო 29 მარტის დილისკენ მიქროდა, და ხმამაღლა მსჯელობდა: „ახლა ოცდაორი მარტის ღამეა.
ჯერჯერობით ამ და კიდევ ექვს ღამეს მე ხელშეუხებელი და უკვდავი ვარ“. ის ღამეები კი,
როდესაც ეძინა, ჰგავდა ღრმა, ამოღამებულ ცისტერნებს, რომლებშიც იძირებოდა. ზოგჯერ
მოუთმენლად ელოდა სროლას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოუღებდა ბოლოს მის
სიცოცხლეს, ელოდა ცეცხლის ღვარს, რომელიც, ავად თუ კარგად, გაათავისუფლებდა ყოვლად
ამაო წარმოდგენებისგან. ოცდარვა მარტს, როცა მზის უკანასკნელი სხივები მისი ფანჯრის მაღალ
ცხაურზე აციმციმდა, ამ სულმდაბლურ ფიქრებს მისივე პიესამ, „მტრებმა“ მოსწყვიტა.
ჰლადიკი ორმოცს იყო გადაცილებული. რამდენიმე მეგობრისა და ბლომად რუტინის გარდა,
მთელ მის ცხოვრებას ლიტერატურის პრობლემატური დევნა შეადგენდა. ყველა სხვა
მწერალივით, ისიც იმით ზომავდა სხვა ადამიანთა სათნოებებს, თუ რა მიეყვანათ მათ ბოლომდე,
თუმცა ითხოვდა, რომ სხვებს იგი იმით გაეზომათ, რის გაკეთებასაც სამომავლოდ აპირებდა.
ყველა იმ წიგნმა, რომლებიც დასაბეჭდად გაგზავნა, მძიმე სინანული დაუტოვა. თავის წერილებში
ბიომეზე, იბნ ეზრაზე და ფლუდზე ჰლადიკმა ნამდვილი შრომა და გულმოდგინება ჩაღვარა,
„სეფერ იეცირახის“ თარგმნაში - თავისი დაუდევრობა, დაღლილობა და ვარაუდი. „მარადისობის
გამართლებას“ ალბათ უფრო ნაკლებად დამაკმაყოფილებლად მიიჩნევდა. ამ წიგნის პირველი
ტომში მოცემულია სხვადასხვაგვარი მარადისობები, რომლებიც კაცობრიობამ შექმნა: პარმენიდეს
სტატიკური არსებიდან ჰინტონის ცვლად წარსულამდე. მეორე ტომი უარყოფს (ფრენსის
ბრედლისთან ერთად), რომ სამყაროს ყველა მოვლენა დროებით სერიას შეადგენს; აცხადებს:
კაცობრიობის შესაძლებელ გამოცდილებათა რიცხვი უსასრულო არ არის და ერთადერთი
„განმეორებაც“ კი ამტკიცებს, რომ დრო ცდომილებააო... სამწუხაროდ, არანაკლებ მცდარია ამ
ცდომილების დამადასტურებელი არგუმენტები. ჰლადიკს სჩვეოდა მსგავსი არგუმენტების
აღნიშვნა ერთგვარი ზიზღიანი დაბნეულობით. გარდა ამისა, დაწერილი ჰქონდა
ექსპრესიონისტული ლექსების ციკლი. ეს ლექსები, მისდა შესაცბუნებლად, 1924 წლის
ანთოლოგიაში მოხვდა, ისევე, როგორც მას შემდეგ გამოცემულ ყველა ანთოლოგიაში. ლექსად
დაწერილი დრამით, „მტრები“, ჰლადიკს სჯეროდა, რომ თავს გამოისყიდდა მთელი იმ
ორჭოფული და მოდუნებული წარსულისგან (ხიბლავდა ლექსი დრამაში, რადგან ეს არ ანებებდა
მაყურებელს დაევიწყებინა არარეალობა - ხელოვნების აუცილებელი პირობა).
ამ პიესაში განხილული იყო დროის, ადგილისა და მოქმედების ერთიანობა; მოქმედება ხდება
ჰრდაჩანიში, ბარონ რომერსტადის ბიბლიოთეკაში, XIX საუკუნის ერთ-ერთ უკანასკნელ საღამოს.
პირველი მოქმედების პირველ სცენაში რომერსტადს უცნობი ადამიანი ეწვევა (საათი შვიდჯერ
ჩამოჰკრავს, მზის უკანასკნელი სხივები ფანჯრებს აბდღვრიალებს, ნიავს ნაცნობი უნგრული
მელოდიის ექსტაზური ბგერები მოაქვს). ამ ვიზიტს სხვებიც მოსდევს: ადამიანები, რომლებიც
რომერსტადს გულს უწყალებენ, მისთვის უცნობები არიან, თუმცა უხერხული განცდა აქვს: რომ
ეს ხალხი უწინაც უნახავს, შესაძლოა - სიზმარში. ყველა ელაქუცება, თუმცა ცხადია (ჯერ
სპექტაკლის მაყურებლისთვის, შემდეგ თვით ბარონისთვის), რომ ისინი იდუმალი მტრები არიან,
რომლებსაც პირი შეკურავთ მის დასაღუპად. რომერსტადი ახერხებს შეაჩეროს (ან უკუაგდოს)
მათი ჩახლართული ინტრიგები. დიალოგის დროს ისინი ახსენებენ მის დანიშნულს, იულია დე
ვეიდენაუს და მავან იაროსლავ კუბინს, რომელმაც ოდესღაც შეაწუხა ეს ქალი თავისი
სიყვარულით. ამჟამად კუბინი შეშლილია და თავი რომერსტადი ჰგონია... საფრთხეები იზრდება.
მეორე მოქმედების ბოლოს რომერსტადი იძულებულია მოკლას ერთ-ერთი შეთქმული. ამის
შემდეგ იწყება მესამე ანუ ბოლო მოქმედება. ნელ-ნელა არათანმიმდევრული ცდომილებები
მრავლდება. სიუჟეტიდან გასული პერსონაჟები ისევ სცენაზე ბრუნდებიან. ერთ მომენტში
რომერსტადის მიერ მოკლული კაციც გამოჩნდება. ვიღაც აღნიშნავს: დრო დადგა - საათმა
შვიდჯერ ჩამოჰკრაო. მაღალ ფანჯრებზე დასავლეთის მზე ციმციმებს. ამაღელვებელი უნგრული
მელოდია ჰაერში დასრიალებს. სცენაზე ისევ გამოდის პირველი თანამოსაუბრე და იმეორებს
სიტყვებს, რომლებიც პირველი მოქმედების პირველ სცენაში წარმოთქვა. ყოველგვარი
გაკვირვებისა თუ გაოგნების გარეშე, რომერსტადი მას ესაუბრება. მაყურებელს ესმის, რომ
რომერსტადი თვით ის საბრალო კუბინია. სპექტაკლი არ შემდგარა: ესაა წრიული ბოდვა,
დაუსრულებლად რომ განიცდის და განიცდის კუბინი.
ჰლადიკს არასოდეს უკითხავს საკუთარი თავისთვის, ცდომილებათა ეს ტრაგიკომედია
ბანალურია თუ წარმტაცი, საგულდაგულოდ მოფიქრებული თუ შემთხვევითიო. იმ განზრახვაში,
აქ რომ მოვხაზე, მან ინტუიციურად მიაგნო საუკეთესო ხერხს, რომლითაც დამალავდა თავის
დეფექტებს და სრულ გასაქანს მისცემდა თავის ძალას, გადარჩენის შესაძლებლობას (თუნდაც
სიმბოლურად), ესოდენ ფუნდამენტურს მისი სიცოცხლისთვის. პირველი მოქმედება
დამთავრებული ჰქონდა, მესამე მოქმედების ერთი-ორი სცენაც. პიესის რიტმული ხასიათი
საშუალებას აძლევდა გამუდმებით დაჰბრუნებოდა მას, შეესწორებინა ჰეგზამეტრები ხელნაწერი
ტექსტის გარეშე. გაახსენდა, რომ ორი მოქმედება ჯერაც გასავლელი ჰქონდა, არადა, სულ მალე

50
უნდა მომკვდარიყო. ჰოდა, ღმერთს დაელაპარაკა სიბნელეში. ილოცა: „თუ რამენაირად
ნამდვილად ვარსებობ, თუ მხოლოდ შენს გამეორებებს ან ბეჭდვით შეცდომებს არ ვეკუთვნი,
მაშინ ვარსებობ, როგორც „მტრების“ ავტორიც. ამ პიესის დასამთავრებლად, რამაც შეიძლება
გამამართლოს მე და გაგამართლოს შენც, კიდევ ერთი წელი მჭირდება. მაჩუქე ეს დღეები შენ,
რომელიც ხარ საუკუნეები და თავად დრო“. ეს ხდებოდა უკანასკნელ ღამეს - ყველაზე საზარელ
ღამეს. თუმცა ათი წუთის შემდეგ ძილმა ბნელი ოკეანესავით დატბორა ჰლადიკი.
გათენების წინ ესიზმრა, რომ კლემენტინის ბიბლიოთეკაში იმალებოდა. „რას ეძებ? - ჰკითხა
შავსათვალიანმა ბიბლიოთეკარმა. - ღმერთს, - უპასუხა ჰლადიკმა. - ღმერთი კლემენტინის
ბიბლიოთეკის ოთხასი ათასი წიგნის ერთ-ერთი გვერდის ერთ-ერთ ასოშია. ჩემმა მშობლებმა და
ჩემი მშობლების მშობლებმა ეძებეს ის ასო. მე თვითონ მის ძებნაში დავბრმავდი“.
ბიბლიოთეკარმა სათვალე მოიხსნა და ჰლადიკმა დაინახა მისი მკვდარი თვალები. მკითხველი
შემოვიდა ატლასის დასაბრუნებლად. „არც ამას აქვს ფასი, - თქვა და ატლასი ჰლადიკს გადასცა.
მან ალალბედზე გადაფურცლა და დაინახა ინდოეთის რუკა - თავბრუდამხვევი გვერდი. უცებ,
სავსებით დარწმუნებული, ერთ-ერთ პაწაწინა ასოს შეეხო... და ყველგანმყოფი ხმა დაელაპარაკა:
„დრო მოგეცა შენი სამუშაოსთვის“. ჰლადიკს გამოეღვიძა.
გაახსენდა, რომ ადამიანთა სიზმრები ღმერთს ეკუთვნის, ხოლო მაიმონიდს[68] უწერია: სიზმრის
სიტყვები, თუ ისინი ნათლად და გარკვევით გესმის, თუმცა მათი წარმომთქმელი არ ჩანს, წმინდა
სიტყვებიაო. ჰლადიკმა ჩაიცვა. საკანში ორი ჯარისკაცი შემოვიდა. გამოგვყევიო, უბრძანეს
ტუსაღს.
საკანში ყოფნისას ჰლადიკი ფიქრობდა: აქედან გასული - დერეფნების, კიბეებისა და
ფლიგელების მთელ ლაბირინთს დავინახავო. რეალობა ასეთი მდიდარი არ აღმოჩნდა:
ჯარისკაცების თანხლებით რკინის ერთადერთ კიბეს ჩაუყვა და უკანა ეზოში გავიდა. რამდენიმე
სხვა ჯარისკაცი (ზოგიერთი - ღილებჩახსნილი ფარაჯით) მოტოციკლეტს უტრიალებდა და
კამათობდა. სერჟანტმა საათს დახედა: რვა საათი და ორმოცდაოთხი წუთი იყო. ცხრამდე უნდა
მოეცადათ. ჰლადიკი, რომელიც თავს უფრო უმნიშვნელო არსებად გრძნობდა, ვიდრე უბედურად,
შეშის გროვაზე ჩამოჯდა. შეამჩნია, რომ ჯარისკაცების თვალები მის თვალებს გაურბოდნენ.
მოლოდინის შესამსუბუქებლად, სერჟანტმა სიგარეტი გაუწოდა. ჰლადიკი არ ეწეოდა, სიგარეტი
თავაზიანობის ან თავმდაბლობის სახელით გამოართვა. მოკიდებისას შენიშნა, რომ ხელები
უკანკალებდა. ღრუბლიანი დღე იდგა, ჯარისკაცები ხმადაბლა საუბრობდნენ, თითქოს ეს კაცი
უკვე მკვდარიაო. ამაოდ სცადა გაეხსენებინა ქალი, რომელსაც იულია დე ვეიდენაუ
განასახიერებდა...
მსროლელთა რაზმი გამწკრივდა. ჰლადიკი ციხის კედელთან იდგა და თოფების დაცლას ელოდა.
ვიღაცამ გამოხატა შიში იმის თაობაზე, კედელი სისხლით მოითხვრებაო. პატიმარს რამდენიმე
ნაბიჯით წინ გამოსვლა უბრძანეს. ყოვლად აბსურდულად, ჰლადიკს ფოტოგრაფების წინასწარი
მიმორბენა და შეძახილები გაახსენდა. წვიმის მძიმე წვეთი საფეთქელზე დაეცა და ნელა
ჩამოუგორდა ლოყაზე. სერჟანტმა ბოლო ბრძანება გასცა.
ფიზიკური სამყარო შეჩერდა.
თოფები მწყობრად მიშვერილიყო ჰლადიკისკენ, მაგრამ კაცები, რომლებსაც ის უნდა
დაეხვრიტათ, არ ინძრეოდნენ. სერჟანტის მკლავი თითქოს მარადიულად გაიყინა რაღაც
გადაუწყვეტელ ჟესტში. მოკირწყლული ეზოს ერთ-ერთ ქვაზე ფუტკარი უძრავ ჩრდილს აფენდა.
ქარი ისე ჩადგა, როგორც ნახატში. ჰლადიკმა სცადა დაეყვირა, ბგერა აღმოხდენოდა, ხელი
გაენძრია, მაგრამ გააცნობიერა, რომ პარალიზებული იყო. უმცირესი ჩურჩულიც კი არ ესმოდა
შეყოვნებული სამყაროსი. „მე ჯოჯოხეთში ვარ. მე მკვდარი ვარ“, გაიფიქრა ამ დროს. მერე: „დრო
შეჩერდა“. მერე კი: ეს რომ ნამდვილად ასე იყოს, ჩემი აზრებიც შეჩერდებოდაო. სცადა,
შეემოწმებინა თავისი ვარაუდი: ვირგილიუსის იდუმალი მეოთხე ეკლოგა გაიმეორა (ტუჩების
გაუნძრევლად). მისი წარმოდგენით, ამჟამად სადღაც შორს მყოფი ჯარისკაცებიც მასავით
შეწუხებული უნდა ყოფილიყვნენ. ისურვა, მათთან კონტაქტი შესძლებოდა. განცვიფრებული და
საგონებელში ჩავარდნილი იყო, რომ ამ ხანგრძლივი უძრაობისგან არც რაიმე დაღლილობას
გრძნობდა და არც სისუსტეს. რაღაც განუსაზღვრელი დროის შემდეგ, ჰლადიკს უკვე ეძინა.
გაღვიძებულს ქვეყნიერება ისევ უძრავი და გაყუჩებული დახვდა. წყლის წვეთი ისევ ლოყაზე
ჰქონდა, ფუტკრის ჩრდილიც ისევ ეკიდა ეზოში. ჰაერში ისევ იდგა მის მიერ მოწეული სიგარეტის
კვამლი. კიდევ ერთმა ასეთმა „დღემ“ ჩაიარა, სანამ ჰლადიკი მიხვდა, რა ხდებოდა.
მან ღმერთს სთხოვა, ერთი წელიწადი მომეცი ჩემი სამუშაოს დასამთავრებლადო, და იმანაც -
ყოვლისშემძლემ - აჩუქა ეს წელიწადი, ჰლადიკს საიდუმლო სასწაული უჩვენა. გერმანული ტყვია
მას დადგენილ საათზე მოკლავდა, მაგრამ ბრძანების გაცემიდან თოფების გასროლამდე მის
გონებაში ერთი წელიწადი გავიდოდა. დაბნეულობიდან ჰლადიკი დაბუჟებაში გადავიდა,

51
დაბუჟებიდან - შეგუებაში, შეგუებიდან - უეცარ მადლიერებაში.
არავითარი ფურცელი არ ჰქონდა თან, საკუთარი მეხსიერების გარდა. იმ ფაქტმა, რომ უნდა
შეესწავლა თითოეული ჰეკზამეტრი, რომელსაც ამატებდა, ჰლადიკს მიანიჭა პროვიდენციალური
სიმკაცრე, რომელზეც წარმოდგენა არა აქვთ იმათ, ვინც სინჯავს და მერე ავიწყდება ბუნდოვან-
დროებითი აბზაცები. ჰლადიკი არც შთამომავლობისთვის მუშაობდა და არც ღმერთისთვის,
რომლის ლიტერატურული გემოვნება მისთვის ყოვლად უცნობი რჩებოდა. გულმოდგინედ,
ადგილიდან გაუნძრევლად და ფარულად, მან დროულად გამოჭედა თავისი დიდი უხილავი
ლაბირინთი. ორგზის გადააკეთა მესამე მოქმედება. გამორიცხა ერთი და მეორე მეტისმეტად
თვალში საცემი სიმბოლო - საათის განმეორებული ჩამოკვრა, მუსიკა. არც ერთი დეტალი არ
აღიზიანებდა: კვეცდა, ამჭიდროებდა, ავრცობდა. ზოგ შემთხვევაში თავდაპირველი ვერსიის
შენარჩუნება გადაწყვიტა. იქამდე მივიდა, რომ შეუყვარდა ეს ციხე, ეს ეზო; მის პირდაპირ
მდგარმა ერთ-ერთმა სახემ რამდენადმე შეცვალა რომერსტადის ხასიათის მანამდელი ხედვა.
ჰლადიკმა აღმოაჩინა, რომ მძიმედ მოპოვებული კაკაფონიები - ესოდენ ამაფორიაქებელი
ფლობერისთვის - მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური ცრურწმენებია, დაწერილი და არა
გაჟღერებული სიტყვის სისუსტეები და გაღიზიანებები... ჰლადიკმა დაამთავრა პიესა.
ერთადერთი ეპითეტიღა დარჩა მოსაფიქრებელი.
ისიც მოძებნა.
წყლის წვეთი ლოყაზე ჩამოგორდა. ჰლადიკი შეშლილივით ატირდა, თავის ქნევას მოჰყვა და -
ოთხმაგმა ზათქმა იქვე მოცელა, სადაც იდგა.
იარომირ ჰლადიკი მოკვდა 24 მარტს, დილის 9 საათსა და ორ წუთზე.

იუდას სამი ვერსია


თითქოსდა, დეგრადაციაში უეჭველობა იყო.
თ. ე. ლორენსი, „სიბრძნის შვიდი სვეტი“, CIII მცირე აზიაში ან ალექსანდრიაში, ახალი
წელთაღრიცხვის II საუკუნეში, მაშინ, როდესაც ბასილიდები აცხადებდნენ, კოსმოსი უგუნური
და დამღუპველი იმპროვიზაციაა იმ ანგელოზებისა, რომლებსაც სრულქმნილება აკლიათო,
გამორჩეული ინტელექტუალური ვნებით ატანილი ნილს რუნებერგი, ალბათ, რომელიმე
საიდუმლო გნოსტიკურ თავყრილობას უხელმძღვანელებდა. დანტე მას ცეცხლის საფლავში
გაამწესებდა. მისი სახელი გაზრდიდა პატარა ერეტიკოსების სიას: სადღაც სატორნილუსსა და
კარპოკრატეს შორის მოხვდებოდა. ლანძღვით დამშვენებული რომელიმე ფრაგმენტი მისი
სწავლებიდან შთამომავლობისთვის ჩაიწერებოდა არაკანონიკურ ტექსტში „Liber adversus omnes
hњreses“[69] ან დაიწვებოდა, როცა მონასტრის ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძარი „სინტაგმას“
უკანასკნელ ასლსაც მოსპობდა. მაგრამ ღმერთმა ნილსს XX საუკუნე და ლუნდის უნივერსიტეტი
არგუნა. იქ, 1904 წელს, მან გამოსცა პირველი გამოცემა წიგნისა „Kristus och Judas“[70]. შემდეგ, 1909
წელს, თავისი დიდი ოპუსი „Den hemlige Frдlsaren“ (ეს უკანასკნელი 1912 წელს გერმანულად
თარგმნა ემილ შერინგმა და ჰქვია „Den heimliche Heiland“[71]).
სანამ განვიხილავდეთ ზემოთ ნახსენებ თხზულებებს, მნიშვნელოვანია გავიმეოროთ, რომ ნილს
რუნებერგი - ეროვნული ევანგელისტური კავშირის წევრი - ღრმად რელიგიური კაცი გახლდათ.
პარიზში ან თვით ბუენოს-აირესში მოწყობილ საღამოზე მავანი ბელეტრისტი კიდევ ერთხელ
აღმოაჩენდა რუნებერგის თეზისებს, რომლებიც ასეთ საღამოზე გაიჟღერებდა როგორც პატარა,
აზრსმოკლებული სავარჯიშოები დაუდევრობასა თუ მკრეხელობაში. თვით რუნებერგისთვის კი
ეს თეზისები წარმოადგენდა გასაღებს, რომელიც აღებდა თეოლოგიის ერთ-ერთ ცენტრალურ
საიდუმლოს კარს; წარმოადგენდა მასალას შტუდირებისა და მედიტაციისთვის, ისტორიული და
ფილოლოგიური დებატებისთვის, ქედმაღლობის, ზეიმისა და შიშისთვის. ამ თეზისებმა
გაამართლეს და დაანგრიეს მისი ცხოვრება. ვინც ამ წერილს მიჰყვება, ისიც უნდა
გაითვალისწინოს, რომ მასში მოცემულია საკუთრივ რუნებერგის დასკვნები და არა მისი
დიალექტიკა ან მტკიცებულებები. იტყვიან, დასკვნა უეჭველად წინ უსწრებდა
„მტკიცებულებებსო“. მაგრამ რომელი კაცი დაკმაყოფილდება მტკიცებულებათა მოძიებით ისეთი
რამისთვის, რისიც თვითონაც არ სწამს ან რომელი სწავლებაც არაფრად ედარდება?
პირველ გამოცემას წიგნისა „Kristus och Judas“ თან ახლავს ეს კატეგორიული ეპიგრაფი, რომლის
მნიშვნელობაზეც წლების შემდეგ თვით ნილს რუნებერგმა იმსჯელა გააფთრებით: „მხოლოდ
ერთი რამ კი არა, ყველაფერი, რაც იუდა ისკარიოტელს მიეწერება, ყალბია“ (დე ქუინსი, 1857).
უფრო ადრე მცხოვრები ერთი გერმანელივით, დე ქუინსიც ფიქრობდა: იუდამ ქრისტე იმიტომ
გასცა, რომ ეიძულებინა გაემჟღავნებინა თავისი ღვთაებრიობა, და ამით მოძრაობაში მოეყვანა
დიდი ამბოხი რომაული უღლის წინააღმდეგ. რუნებერგი მეტაფიზიკური ხასიათის გამართლებას
გვთავაზობს. ჭკვიანურად იწყებს იმის ხაზგასმით, რაოდენ ზედაპირული იყო ის, რაც იუდამ

52
მოიმოქმედა. აღნიშნავს (როგორც რობერტსონი), რომ იმ მოძღვრის იდენტიფიცირებისთვის,
რომელიც ყოველდღე ქადაგებდა სინაგოგაში და სასწაულებს ახდენდა ათასობით ადამიანის
თვალწინ, არავითარი საჭიროება არ არსებობდა მისივე მოციქულის ღალატისა. თუმცაღა, სწორედ
ეს მოხდა. აუტანელია ცდომილების დაშვება წმინდა წერილებში. თუმცა არანაკლებ აუტანელია
იმის დაშვება, რომ შემთხვევითი აქტი შემოიჭრა ისტორიის უმშვენიერეს მოვლენაში. Ergo[72],
იუდას ღალატი იყო არა ალალბედზე მომხდარი ამბავი, არამედ წინდაწინ დადგენილი იდუმალი
რგოლი გამოსყიდვის მთელ ჯაჭვში. რუნებერგი განაგრძობს: როდესაც ლოგოსი განსხეულდა,
ყველგანმყოფობიდან გადმოვიდა სივრცეში, მარადისობიდან ისტორიაში, დაუსაზღვრავი
სიხარულიდან და ბედნიერებიდან ცვალებადობასა და სიკვდილში, ამ მსხვერპლის
ასანაზღაურებლად საჭირო შეიქნა, რომ ადამიანსაც ასეთივე ღირებულების მსხვერპლი გაეღო. ეს
კაცი იუდა ისკარიოტელი იყო. სხვა მოციქულებს შორის მხოლოდ მან იგრძნო იესოს ფარული
ღვთაებრიობა და საშინელი დანიშნულება. ლოგოსი დამდაბლდა და მოკვდავი გახდა, იუდა კი,
ლოგოსის მოწაფე, იქამდე დაეცა, რომ ინფორმატორად იქცა (ყველაზე საზიზღარი დანაშაული,
რისი ჩადენაც კი სულმდაბლობას ძალუძს) და ამიტომაც დაინთქა ჩაუქრობელ ცეცხლის ენებში.
როგორც დაბლა, ისევე მაღლა, მიწიერი ფორმები შეესატყვისება ზეციურ ფორმებს: კანზე
გამოსული მუწუკები უხრწნელ თანავარსკვლავედთა რუკაა. იუდაც რაღაცნაირად იესოს
ანარეკლია. ამ დასკვნიდან გამომდინარეობს ოცდაათი ვერცხლი და კოცნა, ამ დასკვნიდან
გამომდინარეობს ნებაყოფლობითი სიკვდილი, რათა კიდევაც უფრო მტკიცედ დაიმსახუროს
სამარადისო ტანჯვა. ასე ხსნიდა ნილს რუნებერგი ენიგმას, რომელსაც წარმოადგენს იუდა.
ნებისმიერი რწმენის თეოლოგებმა გამოხატეს თავ-თავიანთი უარყოფა. ლარს პეტერ ენგსტორმმა
ბრალად დასდო რუნებერგს ჰიპოსტატური კავშირის იგნორირება, აქსელ ბორელიუსმა -
დოკეტიზმის[73] აღორძინება, ლუნდის შეუვალმა ეპისკოპოსმა - წინააღმდეგობაში მოსვლა
ლუკას სახარების 22-ე თავთან.
ამ შეჩვენებებს რუნებერგისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. მან ნაწილობრივ გადაწერა გაკიცხული
წიგნი და თავის სწავლებასაც ფერი უცვალა. თეოლოგიური ნიადაგი მოქიშპეებს დაუტოვა და წინ
წამოსწია ზნეობრივი ხასიათის ირიბი არგუმენტები. აღიარა: იესოს, რომელსაც „ყოვლადძლიერის
წყალობით, დიდძალი რესურსების გამოხმობა ძალუძდა“, არავინ სჭირდებოდა კაცობრიობის
გამოსასყიდადო. შემდეგ უკუაგდო ყველა, ვისი თქმითაც ჩვენ არაფერი ვუწყით აუხსნელი
გამცემის შესახებ. რუნებერგის აზრით, „ჩვენ ვიცით, რომ ის იყო ერთ-ერთი მოციქული, ერთ-ერთი
იმათგანი, ვინც ამოირჩიეს მოახლოებული ცათა სასუფევლის საუწყებლად, სნეულთა
განსაკურნად, კეთროვანთა განსაწმენდად, მკვდართა გასაცოცხლებლად და დემონთა
განსადევნად (მათე, 10,7-8; ლუკა, 9,1)“. ცოდვათა გამომსყიდველის მიერ ამნაირად გამორჩეული
კაცის მოქმედებები იმსახურებს ყველაზე ღრმად თანამგრძნობელ ინტერპრეტაციას, როგორიც კი
შეგვიძლია მას მივცეთ. იუდას დანაშაულის მიწერა სიხარბისთვის (როგორც ზოგიერთი აკეთებს
და იოანეს სახარებას ციტირებს: იოანე, 12,6) ყველაზე სულმდაბალი მოტივაციის დაშვებას
ნიშნავს. ნილს რუნებერგი გვთავაზობს დიამეტრულად საპირისპირო მოტივაციას:
გაზვიადებულ, მეტიც - უსაზღვრო ასკეტიზმს. ასკეტის ცხოვრების წესია, ad majorem Dei
gloriam[74], სხეულის დამცრობა და ხორცის მოკვდინება. იუდამ იგივე დამართა სულს: უარი თქვა
ისეთ რამეებზე, როგორიცაა ღირსება, სიკეთე, თავისუფლება, ცათა სასუფეველი, ისევე, როგორც
სხვები უარყოფენ - ნაკლებად ჰეროიკულად - სიამოვნებას (ბორელიუსი სარკასტულად
კითხულობს: „რატომ უარვყოფთ უარყოფას? რატომ არ უნდა უარვყოთ უარყოფის უარყოფა?“).
თავისი ცოდვები მან საშინელი სიცხადით დაგეგმა. ცოლქმრულ ღალატში ხშირად თამაშობს
ერთგვარ როლს სინაზე და თვითგანდგომა, მკვლელობაში - სიმამაცე, ღვთის გმობასა და
პროფანაციაში - ერთგვარი სატანური გულმოდგინება. იუდა ირჩევდა ცოდვებს, რომლებსაც
არასოდეს სწვევია რომელიმე სათნოება: ნდობის ბოროტად გამოყენება (იოანე, 12,6) და ღალატი.
ტიტანური თავმდაბლობით იღვწოდა; თავს არ მიიჩნევდა ღირსად - ყოფილიყო კეთილი. პავლე
წერდა: „რათა, როგორც დაიწერა: ვინც იქადის, უფლით იქადოს“ (კორ. I, 1,31). იუდა ეძებდა
ჯოჯოხეთს, რადგან სიხარული უფალში საკმარისად ჰქონდა. ფიქრობდა, რომ ბედნიერება, ისევე,
როგორც სიკეთე, ღვთის ატრიბუტია და ადამიანებმა არ უნდა მიისაკუთრონ (რუნებერგისთვის
უცნობ წიგნში, ეუკლიდეს და კუნჰა[75] აღნიშნავს, რომ კანუდოსის ერესიარქის, ანტონიო დე
კონსელეიროს[76] შეხედულებით, სათნოება „თითქმის ურწმუნობაა“. არგენტინელი მკითხველი
გაიხსენებს ანალოგიურ პასაჟებს პოეტ ალმაფუერტეს[77] თხზულებიდან. სიმბოლისტურ
ჟურნალში, „Sju insegel“, რუნებერგმა გამოაქვეყნა თავისი გულმოდგინე თხზულება -
აღწერილობითი პოემა „საიდუმლო ტბა“, რომლის პირველ სტროფებში გადმოცემულია
ხმაურიანი დღის ამბები, ბოლოებში კი - ყინულოვანი „ტბორის“ აღმოჩენა. პოეტის მინიშნებით, ამ
ჩუმი წყლების მარადიულობას შესწორება შეაქვს ჩვენს უსარგებლო ძალმომრეობაში და,
რაღაცნაირად, არსებობის ნებას რთავს და კიდევაც მიუტევებს მას. პოეტი ამ სიტყვებით
ამთავრებს: „ტყის წყალი ბედნიერია, ჩვენ ძალგვიძს ვიყოთ ბოროტნი და დატანჯულები“).
მოგვიანებით ბევრმა აღმოაჩინა, რომ რუნებერგის გამამართლებელ საწყისებში მოიძიება მისი

53
ექსტრავაგანტური დასასრული და რომ „Den hemlige Frдlsaren“ მხოლოდ მისივე „Kristus och Judas“ -ს
დეფორმირებული ან გამძაფრებული ვერსიაა. 1907 წლის მიწურულს რუნებერგმა შეავსო და
გადაამოწმა ხელნაწერი ტექსტი. თითქმის ორმა წელმა განვლო, სანამ გამომცემელს მიუტანდა.
1909 წლის ოქტომბერში წიგნი გამოიცა დანიელი ებრაელი სწავლულის, ერიკ ერფიორდის
წინასიტყვაობით (იმდენად ნელთბილით, რომ უკვე ენიგმატურით) და ამ ეპიგრაფით: „ამქვეყნად
იყო, და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ იგი ვერ იცნო“ (იოანე, 1,10). წიგნის მთავარი
არგუმენტი რთული არ არის, აი, საბოლოო დასკვნა კი მონსტრუოზულია. ღმერთი, ნილს
რუნებერგის თქმით, დამდაბლდა და განკაცდა, რათა გამოესყიდა კაცობრიობა. შეგვეძლო
მიგვეჩნია, რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი სრულყოფილი იყო, არა გაუქმებული ან
შესუსტებული რაიმე გამორჩენილი მომენტებით. მისი ტანჯვის შემოსაზღვრა ერთი
ნაშუადღევის აგონიით ჯვარზე მკრეხელობაა (მორის აბრამოვიჩის შენიშვნით, „ამ
სკანდინავიელის მიხედვით, იესო მუდამ მშვენიერ როლშია. მისი ტანჯვა - პოლიგრაფისტთა
მეცნიერების წყალობით - მრავალენოვანი რეპუტაციით სარგებლობს. მისი ოცდაცამეტწლიანი
ყოფნა ადამიანთა შორის, საბოლოოდ, მხოლოდ საკურორტო ცხოვრება იყო“). თავისი
„ქრისტიანული დოგმატიკის“ მესამე დანართში, ერფიორდი უკუაგდებს ამ პასაჟს და აღნიშნავს,
რომ ღმერთის ჯვარცმა არ დამთავრებულა, რადგან ის, რაც ერთხელ მოხდა დროში,
დაუსრულებლად მეორდება მარადისობაში. ამჟამად იუდას ისევ გაწვდილი აქვს ხელი
ვერცხლისთვის, ისევ კოცნის იესოს ლოყაზე, ისევ ფანტავს ვერცხლის მონეტებს ტაძარში, ისევ
წნავს ყულფს სისხლის მდელოზე (ამ განაცხადის გასამართლებლად, ერფიორდი იმოწმებს
იარომირ ჰლადიკის „მარადისობის გამართლების“ პირველი ტომის ბოლო თავს). იმის მტკიცება,
რომ ის იყო ადამიანი, მაგრამ ცოდვის უნარი არ შესწევდა, წინააღმდეგობაში ჩავარდნაა.
ატრიბუტები impeccabilitas[78] და humanitas[79] შეუთავსებელია. კენიცი დაუშვებს, რომ მაცხოვარს
შეეძლო ეგრძნო დაღლილობა, სიცივე, დარდი, შიმშილი და წყურვილი. იმის ნებართვაც
შეიძლებოდა მიგვეცა, რომ ცოდვა ჩაედინა და თავს წყევლა დაეტეხა. ბევრისთვის ისაიას
ცნობილი სიტყვები „ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული
მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ.
საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი,
ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით...“ (ისაია, 53,2-3) არის
წინასწარმეტყველება ჯვარცმული ქრისტესი მისი სიკვდილის ჟამს. ზოგისთვის (მაგალითად,
ჰანს ლასენ მარტენსენისთვის) ისაიას სიტყვები უარყოფაა იმ მომხიბვლელობის, საყოველთაო-
ვულგარული აზრი რომ მიაწერს ქრისტეს. რუნებერგისთვის ეს სიტყვები დეტალური
წინასწარმეტყველებაა არათუ ერთი მომენტის, არამედ მთელი საძაგელი მომავლისა დროსა და
მარადისობაში, ხორცშემოსილი ლოგოსის. ღმერთი მთლიანად კაცად იქცა, ოღონდაც - თვით
ბოროტებამდე და უსამართლობამდე, უფსკრულამდე და მარადიულ სატანჯველამდე. ჩვენს
გადასარჩენად მას შეეძლო ამოერჩია ნებისმიერი იმ ცხოვრებებიდან, რომლებითაც მოქსოვილია
ისტორიის რთული ქსოვილი: შეეძლო ყოფილიყო ალექსანდრე, პითაგორა, რურიკი ან იესო. მან
სულმდაბალი არსებობა ამოირჩია. ის იუდა იყო.
ამაოდ შესთავაზა მკითხველებს სტოკჰოლმმა და ლუნდმა ეს გამოცხადება. უნდობელმა ხალხმა
მასში a priori დაინახა მტკნარი, მოსაწყენი თეოლოგიური თამაში. თვით თეოლოგებმა ზიზღით
შეხედეს. ამ საყოველთაო განურჩევლობაში რუნებერგმა თითქმის სასწაულებრივი დადასტურება
იგრძნო. ეს გულგრილობა თვით ღმერთმა ბრძანა. მან არ ისურვა თავისი საშინელი საიდუმლოს
გავრცელება დედამიწაზე. რუნებერგი მიხვდა, რომ დრო ჯერ არ დამდგარიყო. იგრძნო: ძველმა,
ღვთაებრივმა წყევლებმა მოიყარა თავი მის არსებაში. გაიხსენა ელია და მოსე, რომლებმაც სახე
დაიფარეს, ვინძლო ღმერთი არ დაენახათ; ისაია, რომელსაც თავზარი დაეცა, როცა მისმა თვალებმა
იხილეს ის, ვისი დიდებაც დედამიწას ავსებს; სავლე, რომელიც დაბრმავდა გზად დამასკოსკენ;
რაბინი სიმეონ ბენ აზაი, რომელმაც ედემი დაინახა და მოკვდა; სახელგანთქმული ჯადოქარი
იოანე ვიტერბოელი, რომელიც ჭკუიდან შეიშალა, როცა სამება მოევლინა; იუდაისტური
ქადაგებანი, რომლებშიც მოძულებული არიან ისინი, ვინც წარმოთქვამს Shem Hamephorash-ს -
ღმერთის საიდუმლო სახელს. შავბნელი ცოდვა ხომ არ ჩაიდინა რუნებერგმა? რაღაც ისეთი ხომ არ
შესცოდა სულიწმიდის წინაშე, რაც არ ეპატიებოდა (მათე, 12,31)? ვალერიუს სორანუსი იმიტომ
მოკვდა, რომ რომის ფარული სახელი გაამხილა. რომელ დაუსრულებელ სასჯელს იმსახურებდა
რუნებერგი, რომელმაც აღმოაჩინა და გაამჟღავნა ღვთის საშინელი სახელი?
უძილობითა და თავისი თაბრუდამხვევი დიალექტიკით დარეტიანებული ნილს რუნებერგი
მალმოს ქუჩებში დაეხეტებოდა და ყვირილით ითხოვდა კურთხევას: უფლება მომეცით
მაცხოვრის გვერდით ვიყო ჯოჯოხეთშიო.
გარდაიცვალა პერფორირებული ანევრიზმით 1912 წლის პირველ მარტს. ერესოლოგები მას ალბათ
არ დაივიწყებენ. ძის ცნებას რუნებერგმა დაუმატა ის, რაც დიდი ხნის წინ გახარჯულად
შეიძლებოდა მიჩნეულიყო: უბედურებისა და ბოროტების ხლართები.

54
დასასრული
ზურგზე მწოლიარე რეკაბარენმა თვალები ოდნავ გაახილა და სქელი ლერწმის დაქანებული
სახურავი დალანდა. მეორე ოთახიდან გიტარის ჟღარუნი ისმოდა: არათანმიმდევრული
ლაბირინთივით, რაღაც დაუსრულებლად იხლართებოდა და იხსნებოდა... ნელ-ნელა დაუბრუნდა
რეალობის შეგრძნება - ჩვეულებრივი საგნები, რომლებიც ახლა ყოველთვის ეს ჩვეულებრივი
საგნები იქნებოდა. შეუბრალებლად დახედა თავის დიდ, უსარგებლო სხეულს, ფეხებზე
შემოხვეულ უბრალო მატყლის პონჩოს. გარეთ, ფანჯრის სქელი ცხაურის მიღმა, ვრცელი
დაბლობი და საღამო იშლებოდა. ეძინა, ახლაღა გაიღვიძა, მაგრამ ცა მაინც სინათლით იყო სავსე.
მარცხენა ხელი მოაფათურა, საწოლის ფეხთან დაკიდებული თითბრის ზანზალაკი იპოვა და
ერთხელ თუ ორჯერ გააქნია. კარს მიღმა აკორდები ისევ დაუსრულებლად ენაცვლებოდა
ერთმანეთს.
გიტარას უკრავდა ზანგი, რომელიც ერთ ღამეს გამოჩნდა და თავისი თავი პატივით წარუდგინა
მომღერლად. თურმე სხვა მომღერალი გამოუწვევია სიმღერის შეჯიბრებაში, როგორც, საერთოდ,
მოხეტიალე მომღერლებს სჩვეოდათ ხოლმე. დამარცხებულა და გაუგრძელებია მაღაზია-ბარში
გამოსვლა ღამღამობით. თითქოს ვიღაცას ელოდა. საათობით უკრავდა გიტარას, თუმცა მღერით
აღარასოდეს უმღერია: იქნებ დამარცხებამ გაამწარა. ხალხი შეეჩვია უწყინარ კაცს.
ბარის მფლობელი რეკაბარენი ვერასოდეს დაივიწყებდა იმ შეჯიბრებას. მეორე დღეს, როდესაც
მატეს შეკვრების სწორად დაწყობას ცდილობდა, უცებ სხეულის მარჯვენა ნახევარი წაერთვა.
მერე აღმოაჩინა, რომ მეტყველების უნარიც წართმეოდა. ჩვენი რომანების გმირების
უბედურებათა შებრალებიდან გამომდინარე, მეტისმეტ სიბრალულს ვგრძნობთ ჩვენი საკუთარი
პერსონაჟებისადმი. თუმცა რეკაბარენი ასეთი არ გახლავთ: მან ისევე მიიღო თავისი დამბლა,
როგორც უწინ მიიღო ამერიკის სიმკაცრე და სიმარტოვე. კაცმა, რომელსაც - ცხოველებისა არ იყოს -
ჩვევად ჰქონდა აწმყოში ცხოვრება, ახლა ცას ახედა და გაიფიქრა: წითელი ბაკმი მთვარის გარშემო
მოახლოებული წვიმის ნიშანიაო.
ინდიელის მსგავსი ნაკვთების ბიჭმა (იქნებ რეკაბარენის ვაჟმაც) კარი ჭრიალით შემოაღო. ამან
თვალებით ჰკითხა, ვინმე თუ არის ახლომახლოო. ბიჭმა - არცთუ სიტყვაუხვთაგანმა - ხელის
მოძრაობით ანიშნა, არავინ არ არისო. ზანგი არ ითვლებოდა. ამის შემდეგ საწოლზე გართხმული
კაცი მარტო დატოვეს. მარცხენა ხელით ერთხანს კიდევ ეთამაშა ზანზალაკს, თითქოს რაღაც
ძალას ავარჯიშებდა.
მზის ბოლო სხივებში გახვეული ველები თითქმის აბსტრაქტული ჩანდა და სიზმარში ნანახს
ჰგავდა. ჰორიზონტზე წერტილი შეირხა, გაიზარდა და იქცა ცხენიან კაცად, რომელიც სახლისკენ
მოემართებოდა (ან თვალს ასე ეჩვენებოდა). რეკაბარენი ხედავდა ფართოფარფლებიან ქუდს, მუქ
პონჩოს, ამლაკ ცხენს, ოღონდაც - არა მხედრის სახეს. ბოლოს, ამ უკანასკნელმა სადავეს მოქაჩა და
გზა მსუბუქი ჩორთით გამოაგრძელა. სახლიდან ორასიოდე იარდზე გეზი იცვალა და რეკაბარენის
თვალთახედვიდან გავიდა. შემდეგ მოისმა მისი საუბარი, ცხენიდან ჩამოსვლისა და ბოძზე მიბმის
ბგერები, მტკიცე ნაბიჯებით ბარში შემოსვლის ხმა.
გიტარიდან თავის აუწევლად (თითქოს შიგ რაღაცას ეძებსო) ზანგმა დაილაპარაკა: - ვიცოდი, სერ,
რომ თქვენი იმედი შეიძლებოდა მქონოდა.
- მეც იგივე ვიცოდი შენთან დაკავშირებით, ბებერო ზანგო, - მკვახედ დაუბრუნა მოსულმა, -
ბევრი დღე გალოდინე, მაგრამ ახლა აქ ვარ.
ამას სიჩუმე მოჰყვა. მერე ისევ ზანგი ალაპარაკდა.
- ვეჩვევი ლოდინს. ახლა შვიდ წელიწადს ველოდი.
მოსულმა აუჩქარებლად აუხსნა: - შვიდ წელიწადზე მეტია ჩემი შვილები არ მინახავს. იმ დღეს
ვიპოვე და არ ვისურვებდი, რომ მათ თვალში გამოვჩენილიყავი კაცად, რომელიც დანებით
საჩხუბრად მიდის.
- მესმის, - მიუგო ზანგმა, - იმედია, ყველა ჯანმრთელად დაგხვდა.
უკვე ბართან მიმჯდარმა უცნობმა გულიანად გაიცინა. სასმელი შეუკვეთა და ერთი-ორი ყლუპი
მოსვა, თუმცა ბოლომდე არ გამოუცლია.
- რაღაც რჩევა მივეცი, - თქვა მან, - რაღაც ისეთი, საიდანაც ბევრს ვერაფერს გამოწურავ და ბევრიც
არაფერი ღირს. სხვა რამეებთან ერთად, ისიც ვუთხარი, კაცმა მეორე კაცის სისხლი არ უნდა
დაღვაროს-მეთქი.
სანამ უპასუხებდა, ზანგმა ჯერ ნელი აკორდი აიღო.

55
- ეგეც კარგი რჩევაა. ჩვენნაირები არ გაიზრდებიან.
- ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირი მაინც, - თქვა უცნობმა და ისე განაგრძო, თითქოს ხმამაღლა
ფიქრობსო, - ბედმა ინება, რომ ვკლავდე, და ახლაც ისევ დანა ჩამიდო ხელში.
- შემოდგომა მოდის, - თქვა ზანგმა, თითქოს ვერაფერი გაიგონა, - დღეები მოკლდება.
- დარჩენილი შუქიც მეყოფა, - უპასუხა მოსულმა და წამოდგა.
უშუალოდ წინ ედგა ზანგს, როცა დაღლილი ხმით უთხრა: - გიტარას მოეშვი... სხვა შეჯიბრება
გელოდება, იქნებ იმაში მაინც გაიმარჯვო.
ორივენი კარისკენ დაიძრნენ. გარეთ რომ გავიდნენ, ზანგმა დაიჩურჩულა: - იქნებ ესეც ისევე
ცუდად დამთავრდეს ჩემთვის, როგორც ის.
- პირველი ცუდად არ დამთავრებულა, - სერიოზულად მიუგო იმან, - საქმე ისაა, რომ ვერ
ითმენდი, როდის დაიწყებდი მეორეს.
გვერდიგვერდ იარეს, სანამ სახლებიდან გაიმანძილეს. მინდვრების ერთი ადგილი ძალიან ჰგავდა
მეორეს, მთვარეც კაშკაშებდა. უეცრად ერთმანეთს შეხედეს, შეჩერდნენ და უცნობმაც დეზები
მოიძრო. ორივეს თავ-თავისი პონჩო მკლავებზე ჰქონდა დახვეული, იდაყვიდან ქვემოთ. ზანგმა
ხმა ამოიღო: - სანამ დავიწყებდეთ, ერთი რამ მინდა გთხოვო: მსურს, მთელ შენს სიმამაცესა და
ოსტატობას მოუხმო, როგორც შვიდი წლის წინ, როცა ძმა მომიკალი.
ალბათ პირველად დღევანდელ დიალოგში მარტინ ფიერომ გაიგონა სიძულვილის ხმა. სისხლმა ეს
ბასრი სადგისივით იგრძნო. ისინი წრეზე დატრიალდნენ, ერთმანეთს შეეხალნენ და ბასრმა
ფოლადმა ზანგს სახე გაუკაწრა.
საღამოობით, არის ერთი საათი, როცა ველები თითქოს რაღაცის თქმას აპირებენ. ვერასოდეს
ამბობენ. ან იქნებ ამბობენ კიდეც - მარადიულად - და ჩვენ არ გვესმის. შეიძლება გვესმის კიდეც,
მაგრამ რასაც ამბობენ, ისევე უთარგმნელია, როგორც მუსიკა... თავისი საწოლიდან რეკაბარენმა
დაინახა დასასრული. ერთი ჩხვლეტა და - ზანგი უკან მიდგა, მერე წაიფორხილა, ვითომდა სახე
გაუსერა მოწინააღმდეგეს, უცებ წინ ისკუპა და დანა შეუსრიალა მუცელში. ამას მოჰყვა მეორე
ჩარჭობა, რომელიც მაღაზიის მფლობელმა ვეღარ დაინახა. ფიერო აღარ წამომდგარა. ზანგი
გაუნძრევლად იდგა - თითქოს სიკვდილის აგონიას დასცქეროდა. სისხლიანი დანა ბალახზე
გაწმინდა და ნელა დაბრუნდა სახლებისკენ, ერთხელაც არ მიუხედავს უკან. შურისძიება
დასრულდა და ახლა ის აღარავინ იყო. ან, უფრო სწორად, იყო ვიღაც სხვა, ვისაც დედამიწაზე არც
დანიშნულება ჰქონდა, არც ხვედრი და ვისაც კაცი ჰყავდა მოკლული.

ფენიქსის კულტი
ისინი, ვინც წერენ, რომ ფენიქსის კულტის სათავე ჰელიოპოლისშია, და ამტკიცებენ, რომ ეს
მოდის რელიგიური რეკონსტრუქციიდან, რომელიც მოჰყვა რეფორმატორ ამენჰოტეპ IV
სიკვდილს, ციტირებენ ჰეროდოტეს, ტაციტუსს და წარწერებს ეგვიპტურ მონუმენტებზე, თუმცა
არ იციან (შესაძლოა - შეგნებულადაც), რომ „ფენიქსის კულტის“ კვალს ჰრაბანუს მაურუსზე[80]
უფრო შორს ვერ გავყვებით, და რომ უადრესი წყაროები (ვთქვათ, „სატურნალიები“ ან ფლავიუს
იოზეფუსი) ახსენებენ მხოლოდ „პრაქტიკის ადამიანებს“ ან „საიდუმლოს ადამიანებს“. ფერარას
შეკრებებზე გრეგოროვიუსი[81] ამბობდა: ფენიქსი ძალზე იშვიათად მოიხსენებოდა
ზეპირსიტყვიერებაშიო. ჟენევაში მქონდა საუბრები ხელოსნებთან, რომლებმაც ვერ გამიგეს, როცა
შევეკითხე, ფენიქსის ხალხი ხომ არ ხართ-მეთქი, თუმცა დაუყოვნებლივ დამთანხმდნენ, რომ
საიდუმლოს ადამიანები იყვნენ. თუ არ ვცდები, თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ბუდისტებზეც:
სახელი, რომლითაც მათ ქვეყნიერება იცნობს, არ თანხვდება სახელს, რომლითაც თავად
მოიხსენიებენ საკუთარ თავს.
თავის ერთ ყოვლად სახელგანთქმულ გვერდზე, მოკლოსიჩმა[82] ფენიქსის კულტის წევრები
გაუთანაბრა ბოშებს. ჩილესა და უნგრეთში ცხოვრობენ ორივენი - ბოშებიც და ამ სექტის
წევრებიც, თუმცა, თავიანთი ყველგანმყოფობის გარდა, ბევრი არაფერი აქვთ საერთო. ბოშები
არიან ცხენებით მოვაჭრეები, მექოთნეები, მჭედლები და მარჩიელები, ფენიქსის კულტის წევრები
კი, მთლიანობაში, „თავისუფალი პროფესიების“ კმაყოფილი პრაქტიკოსები. ბოშები გარკვეულ
ფიზიკურ ტიპს ეკუთვნიან და მეტყველებენ (ან მიეჩვივნენ მეტყველებას) საიდუმლო ენაზე.
კულტის წევრებს კი არაფერი განასხვავებთ სხვა ადამიანებისგან და ამის დასტურია, რომ
არასოდეს ყოფილან დევნილები. ბოშებს კოლორიტული გარეგნობა აქვთ და ხშირად შთააგონებენ
ცუდ პოეტებს. ბალადებში, ფოტოებზე თუ ბოლეროებში ვერ ნახავთ ფენიქსის ადამიანებს...
მარტინ ბუბერის თქმით, ებრაელები თავისი არსით ტანჯულები არიან; კულტის წევრები - არა
ყველანი, ზოგიერთს კი საერთოდ სძულს პათოსი. ეს საჯარო და საყოველთაოდ ცნობილი

56
ჭეშმარიტება კმარა იმ უხეში შეცდომის უკუსაგდებად (ასე აბსურდულად დაცულის ურმანის
მიერ), რომლის მიხედვითაც ფენიქსის ფესვები ისრაელშია. ადამიანები მეტ-ნაკლებად ასე
მსჯელობენ: ურმანი მგრძნობიარე კაცი იყო, თანაც ებრაელი, რომელსაც ჩვევად ჰქონდა კულტის
წევრების მონახულება პრაღის ებრაულ გეტოებში. სიახლოვე, რომელსაც ურმანი გრძნობდა,
ნამდვილ ნათესაობას ამტკიცებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ დავეთანხმები ამ დასკვნას. ის,
რომ ებრაულ გარემოში კულტის წევრები ებრაელებს ჰგვანან, თავისთავად არაფერს ამტკიცებს.
რისი უარყოფაც შეუძლებელია, ისაა, რომ - ჰაზლიტის[83] უსასრულო შექსპირისა არ იყოს - ისინი
ყველას ჰგვანან ამ დედამიწაზე; მოციქულისა არ იყოს, ყველასთვის ყველაფერი არიან. რამდენიმე
დღის წინ დოქტორი ხუან ფრანჩესკო ამარო ფიქრობდა იმ სიმსუბუქეზე, რომლითაც ისინი
ასიმილირებენ, იმ უბრალოებაზე, რომლითაც ისინი „აბუნებრივებენ“ თავიანთ თავს.
უკვე ვთქვი, რომ კულტის ისტორია არ იცნობს დევნას. ეს ასეა, მაგრამ რადგანაც არ არსებობს
ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც არ შედიოდნენ ფენიქსის სექტის მიმდევრებიც, მაშინ ისიც
სიმართლეა, რომ არ ყოფილა დევნა თუ სისასტიკე, რომლებიც სექტის წევრებს არ ეწვნიოთ და არ
განეხორციელებინოთ. დასავლური სამყაროს ომებშიც და შორეულ აზიურ ომებშიც მათი სისხლი
საუკუნეების განმავლობაში იღვრებოდა მტრის დროშების ქვეშ. ნამდვილად არ უღირთ თავის
გაიგივება დედამიწის ყველა ეროვნებასთან.
რაკი არ გააჩნიათ წმინდა წიგნი, რომელიც ისევე გააერთიანებდათ, როგორც ისრაელს აერთიანებს
ბიბლია, არ აქვთ საერთო მეხსიერება, არ აქვთ ის მეორე მეხსიერება, რომელიც არის საერთო ენა,
გაფანტულან დედამიწაზე სხვადასხვა ფერითა და ნაკვთებით, რჩება ერთი რამ, რაც მათ
აერთიანებთ დროთა აღსასრულამდე: საიდუმლო. ოდესღაც ამ საიდუმლოს ემატებოდა ლეგენდა
(და ალბათ კოსმოგონიური მითი), მაგრამ ფენიქსის ზედაპირულმა კაცებმა დაივიწყეს ის და
სადღეისოდ შემორჩათ მხოლოდ სასჯელის ბნელი და ბუნდოვანი ამბავი, - სასჯელის, პაქტის თუ
პრივილეგიის (სხვადასხვა ვერსიით). მაგრამ რაც შეიძლება ბუნდოვნად შევამჩნიოთ სექტის
ყველა წევრს, ესაა კონცეფცია ღმერთისა, რომელიც მარადისობას ჰპირდება იმ არსებათა მოდგმას,
რომლის კაცები თაობიდან თაობამდე განსაზღვრულ რიტუალს ასრულებენ. მე შევადარე
ერთმანეთს მოგზაურთა ჩანაწერები. მისაუბრია პატრიარქებთან და თეოლოგებთან. შემიძლია
დავამოწმო, რომ ამ რიტუალის ჩატარება ერთადერთი რელიგიური პრაქტიკაა, რომელსაც კულტის
წევრები მისდევენ. ეს რიტუალი, ფაქტობრივად, საიდუმლოა. საიდუმლო, როგორც ვთქვი,
გადაეცემა თაობიდან თაობას, თუმცა ტრადიცია კრძალავს, რომ დედამ ის შვილებს ასწავლოს,
ისევე, როგორც მღვდლებს ეკრძალებათ ეს. საიდუმლოსთან ზიარება სექტის უდაბლეს
წარმომადგენელთა საქმეა. მისტაგოგის როლს ასრულებს მონა, კეთროვანი ან მათხოვარი.
ბავშვსაც შეუძლია დამოძღვროს მეორე ბავშვი. თვით ეს აქტი ტრივიალურია, მომენტის ამბავი,
რომელსაც აღწერა არ სჭირდება. გამოყენებული მასალებია კორპი, ცვილი ან გუმერაბიკი
(ლიტურგიაში ნახსენებია „ლამი“. ამიტომ ტბორის ლამსაც ხშირად იყენებენ). არ არსებობს
საგანგებოდ კულტის თაყვანისცემისთვის აგებული ტაძრები. ამისთვის შესაფერის ადგილებად
მიჩნეულია ნანგრევები, სარდაფები ან დერეფნები. საიდუმლო საკრალურია. თუმცა ეს ხელს არ
უშლის, იყოს ცოტათი სასაცილოც. ის მალულად ტარდება, გასაიდუმლოებულადაც კი, და მისი
ადეპტებიც არაფერს ამბობენ ხმამაღლა. არ არსებობს შესაფერისი სიტყვები, რომლითაც მას
დაასახელებდი, თუმცა გასაგებია, რომ ყველა სიტყვა რაღაცნაირად მას ასახელებს ან, უფრო
სწორად, გარდაუვალად მიუთითებს მასზე. რაღაც უმნიშვნელო ვთქვი საუბარში და დავინახე,
როგორ გაიღიმეს ადეპტებმა ან უხერხულად შეიშმუშნენ, რადგან იგრძნეს, რომ საიდუმლოს
შევეხე. გერმანულენოვან ლიტერატურაში არის ლექსები, დაწერილი ფენიქსის კულტის წევრების
მიერ, რომელთა ნომინალური თემებია ზღვა და მწუხრი. არაერთგზის მსმენია ხალხის ნათქვამი:
ეს ლექსები რაღაცნაირად საიდუმლო სიმბოლოებიაო. Orbis terrarium est speculum Ludi,[84] ამბობს
აპოკრიფული გამოთქმა კანჟის[85] გლოსარიუმში. ერთგვარი საკრალური შიში აკავებს ზოგიერთ
მორწმუნეს რიტუალთაგან ამ უმარტივესის ჩატარებისგან. სექტის სხვა წევრებს სძაგთ ასეთები,
თუმცა ამ უკანასკნელთ კიდევ უფრო მეტადაც სძაგთ თავიანთი თავი. მეორე მხრივ, ისინი, ვინც
შეგნებულად ამბობს უარს პრაქტიკაზე და გადის პირდაპირ კონტაქტზე ღვთაებასთან, დიდ
პატივისცემას იწვევენ. ასეთები ზემოხსენებულ კონტაქტზე ლაპარაკობენ ლიტურგიული
ფიგურების გამოყენებით. ასე ვიპოვეთ ჯონ რუდელის მიერ დაწერილი სიტყვები: დე, ეთქვას ცის
ცხრავე თაღს, რომ ღმერთი წარმტაცია, როგორც კორპი და ჭაობი.
სამ კონტინენტზე მე ფენიქსის მრავალი თაყვანისმცემლის მეგობრობა დავიმსახურე. ვიცი,
თავდაპირველად საიდუმლო ბანალურად, სამარცხვინოდ, უხამსად და, რაც კიდევ უფრო
უცნაურია, დაუჯერებლად ეჩვენათ. ვერც კი დაიჯერეს, რომ მათი მშობლები ოდესმე მსგავს
აქტებამდე დამდაბლდნენ. უცნაურია, რომ საიდუმლო დიდი ხნის წინ კი არ გადაშენდა, არამედ
ქვეყნიერების უკუღმართობათა მიუხედავად, მიუხედავად ომებისა და მასობრივი
გადასახლებების, მაინც მოდის ყველა მორწმუნესთან მთელი თავისი საშინელებით. ვიღაც იმასაც
კი ამბობს, ამჟამად ის ინსტინქტურიაო.

57
სამხრეთი
კაცი, რომელიც გემიდან ჩამოვიდა ბუენოს-აირესში 1871 წელს, იყო ევანგელისტური ეკლესიის
მღვდელმსახური, სახელად იოჰანეს დალმანი. 1939 წლისთვის, მისი ერთ-ერთი შვილიშვილი,
ხუან დალმანი - მუნიციპალური ბიბლიოთეკის მდივანი კალე კორდობაზე - თავს ღრმა
არგენტინელად მიიჩნევდა. პაპამისი დედის მხრიდან, მეორე ქვეითი არმიის ჯარისკაცი
ფრანჩესკო ფლორესი ბუენოს-აირესის (პროვინციის) საზღვარზე ინდიელის ხელით ნასროლმა
შუბმა იმსხვერპლა. თავისი საგვარეულოს ორი სხვადასხვა ნაკადიდან, ხუან დალმანმა (იქნებ
თავისი გერმანული სისხლით შეგულიანებულმაც) ამოირჩია რომანტიკული წინაპრის ანუ
რომანტიკული სიკვდილის ხაზი. ამ რამდენადმე შეგნებულ, თუმცა არასოდეს მოსაჩვენებელ
„გაარგენტინელებას“ ხელი შეუწყო ძველმა მახვილმა, მედალიონმა, რომელშიც იდო წვერიანი,
არცთუ ექსპრესიული კაცის დაგეროტიპი, ზოგიერთი მელოდიის სიხარულმა და სიმამაცემ,
ზოგიერთი ლექსის ჩვევამ „მარტინ ფიეროდან“, მიმავალმა წლებმა, ენერგიულობის ერთგვარმა
ნაკლებობამ და სიმარტოვემ. თვითუარყოფის ფასად, დალმანმა მოახერხა გადაერჩინა გარდასულ
დროში ფლორესის ოჯახის კუთვნილი დიდი სოფლური სახლის ჩონჩხი სამხრეთში. მისი ხსოვნის
ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო სურათი: ევკალიპტები და გრძელი, ვარდისფერი სახლი, ოდესღაც
ალისფერი. მისმა სამუშაომ ან, შესაძლოა, სიზარმაცემ ქალაქში ჩატოვა. ზაფხულიდან
ზაფხულამდე კმაყოფილდებოდა ფლობის აბსტრაქტული იდეითა და იმ გარკვეულობით, რომ
დაბლობის გარკვეულ წერტილში სახლი ელოდებოდა. 1939 წლის თებერვლის მიწურულს
დალმანს რაღაც შეემთხვა.
ბედი, რომელიც ბრმაა დანაშაულის მიმართ, შეიძლება შეუბრალებელი აღმოჩნდეს ყურადღების
თვით უმცირესი გაფანტვისადმი. იმ ნაშუადღევს დალმანი ქუჩაში წააწყდა ვეილის[86] „არაბულ
ღამეებს“ (შიგ რამდენიმე ფურცელი აკლდა). იმდენად დაინტრიგებული იყო ამ ნაპოვნით, რომ
ლიფტს აღარ დაელოდა და ფეხით აუყვა კიბეს. სადარბაზოს ბინდბუნდში რაღაც გაეხახუნა
შუბლზე: ღამურა? ჩიტი? ქალს, რომელმაც კარი გაუღო, თავზარდაცემული გამომეტყველება
ჰქონდა. დალმანმა შუბლზე ხელი მოისვა და - სისხლით მოეთხვარა. შუბლი ახალშეღებილი
ფანჯრის საგდულზე მიერტყა, - ვიღაცას დახურვა დავიწყებოდა. დალმანმა მოახერხა და ჩაიძინა,
თუმცა დილაადრიანად გაეღვიძა და, იქიდან მოყოლებული, ყოველგვარი სუნი საშინლად
ეჩვენებოდა. ციებ-ცხელებამ შეიპყრო და „არაბული ღამეების“ ილუსტრაციები ღამის კოშმარების
ილუსტრაციებად იქცა. მეგობრები და ოჯახის წევრები მოდიოდნენ და გაზვიადებული ღიმილით
ეუბნებოდნენ, რა კარგად გამოიყურებიო. ერთგვარ უღონოდ გაშეშებულ დალმანს ესმოდა მათი
სიტყვები და უკვირდა: როგორ ვერ ხედავენ, რომ ჯოჯოხეთში ვარო. რვა დღე გავიდა, როგორც
რვაასი წელი. ერთ ნაშუადღევს მისი ჩვეული ექიმი მოვიდა ახალი კაცის თანხლებით. მათ
დალმანი სანატორიუმში წაიყვანეს, კალე ეკუადორზე. რენტგენის სურათი უნდა გადაეღო. იჯდა
დალმანი მათ მიერ დაქირავებულ მანქანაში და ფიქრობდა: იქნებ, ბოლოს და ბოლოს, სხვა - არა
ჩემს - ოთახში მაინც ჩამეძინოსო. თავი ბედნიერად იგრძნო, ლაპარაკი მოუნდა. მაგრამ როცა
ადგილზე მიიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს, თავი გადაპარსეს და ლითონის ღვედებით მიაბეს
მაგიდაზე. კაშკაშა სინათლეებმა დააბრმავა და თავბრუ დაახვია. მოუსმინეს მის გულსა და
ფილტვებს, ქირურგის ნიღბიანმა კაცმა კი მკლავში ნემსი შეურჭო. სახვევებიანს, პირღებინებულს
- ჭის ფსკერის მსგავს საკანში გაეღვიძა. მომდევნო დღეებსა და ღამეებში დალმანი მიხვდა, რომ
აქამდე მხოლოდ ჯოჯოხეთის მისადგომებთან ყოფილა. ყინულმა მხოლოდ უმცირესი სიგრილე
დაუტოვა პირში. ამ დღეებში დალმანს საკუთარი თავის თითოეული დუიმი ეზიზღებოდა; სძულა
თავისი ბედი, თავისი სხეულებრივი საჭიროებები, ეს დამცირება, წვერი, რომელიც სახეს
უწიწკნიდა. სტოიკურად ითმენდა მისთვის გამოწერილ, საკმაოდ მტკივნეულ სამკურნალო
პროცედურებს. მაგრამ როდესაც ქირურგმა უთხრა - სეფსისი გქონდა და სიკვდილს ბეწვზე
გადაურჩიო, დალმანს უეცრად თავი შეებრალა, დაეცა და ატირდა. ფიზიკურმა მისტერიებმა, ავი
ღამეების დაუსრულებელმა მოლოდინმა უფლება არ მისცა, ეფიქრა ესოდენ აბსტრაქტულ
საგანზე, როგორიცაა სიკვდილი. მომდევნო დღეს ქირურგმა უთხრა, მომჯობინების გზაზე ხარ და
მალე შეძლებ სოფლის სახლში გადასვლას საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლადო.
დაუჯერებელია, მაგრამ დაპირებული დღეც დადგა.
რეალობა მიკერძოებულად ემხრობა სიმეტრიებსა და პატარ-პატარა ანაქრონიზმებს.
სანატორიუმში დალმანი ტაქსით მივიდა. ასევე ტაქსიმ მიიყვანა სადგურამდე პლაცა
კონსტიტუსიონეზე. შემოდგომის პირველი გრილი მოლამუნება დამთრგუნველი ზაფხულის
შემდეგ ისე აღიქმებოდა, როგორც ციებ-ცხელებიდან და სიკვდილის ზღურბლიდან
დაბრუნებული მისი სიცოცხლის ბუნებრივი სიმბოლო. დილის შვიდ საათზე ამ ქალაქსაც ისეთივე
ძველი, მოყანყალებული სახლის იერი ჰქონდა, საერთოდ ქალაქები რომ იღებენ ხოლმე
ღამღამობით. ქუჩები გრძელ ვერანდებსა და დერეფნებს ჰგავდა, მოედნები - შიდაეზოებს.
საავადმყოფოში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ, დალმანს ეს ყველაფერი სიამოვნებდა და მსუბუქ
თავბრუს ახვევდა. რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე თვალებით დააფიქსირებდა, უკვე იხსენებდა
კუთხეებს, ჩარდახებს, ბუენოს-აირესის მოკრძალებულ მრავალფეროვნებას. ახალი დღის ყვითელ

58
სინათლეში ეს ყველაფერი ისევ დაბრუნდა.
ყველამ იცის, რომ სამხრეთი იწყება ავენიდა რივადავიას მეორე ნაპირიდან. დალმანს ხშირად
უთქვამს: ეს უბრალო გამონათქვამი არ არის, რივადავიაზე გადასული კაცი უფრო ძველ და
მდგრად სამყაროში ხვდებაო. ტაქსიდან, ახალ შენობებს შორის, მან თვალებით მოძებნა ჭედური
რკინის ცხაურიანი ფანჯარა, კარზე დასაკაკუნებელი რგოლი, შესასვლელი თაღი და
დერეფანივით გრძელი შესასვლელი, თითქმის დამალული შიდაეზო.
სადგურის დიდ დარბაზში დალმანმა დაინახა, რომ მატარებლის გასვლამდე მთელი ოცდაათი
წუთი რჩებოდა. უცებ გაახსენდა ერთი კაფე კალე ბრაზილზე (სულ რამდენიმე იარდზე
ირიგოიენის სახლიდან). იქ იყო ვეება კატა, რომელიც ხალხს მოფერების უფლებას აძლევდა
რომელიღაც ზიზღიან ღვთაებასავით. შევიდა. კატა იქ იყო და ეძინა. ყავა შეუკვეთა, ნელა ჩაუშვა
შაქარი, დააგემოვნა (ეს სიამოვნება საავადმყოფოში აკრძალული ჰქონდა) და გაიფიქრა (თან კატას
ეფერებოდა შავ ბეწვზე): ეს კონტაქტი ილუზორულია, მე და კატას ერთმანეთისგან მინის სივრცე
გვაშორებს, რადგან ადამიანი დროში ცხოვრობს, თანმიმდევრობაში, ხოლო ეს ჯადოსნური
ცხოველი - აწმყოში, წამის მარადიულობაშიო.
ბოლოსწინა ბაქანთან მატარებელი გაჭიმულიყო და მგზავრებს ელოდა. დალმანი ვაგონიდან
ვაგონში გადადიოდა მანამდე, სანამ თითქმის ცარიელში არ მოხვდა. ჩანთა ვაგონის თაროზე
შემოდო. როცა მატარებელი დაიძრა, ჩანთა გახსნა და, მცირე ყოყმანის შემდეგ, „არაბული
ღამეების“ პირველი ტომი ამოიღო. მგზავრობა ამ წიგნთან ერთად, ასე ახლოს რომ
უკავშირდებოდა მის ტანჯვას, იყო მტკიცებულება, რომ ტანჯვამ ჩაიარა და რომ ეს იყო
ბოროტების ხელმოცარული ძალების მხიარული, საიდუმლო გამოწვევა.
მატარებლის ორივე მხარეს დედაქალაქი გარეუბნებად დახურდავდა. ამ ხედმა, მერე კი
მდელოებმა და დიდმა სოფლურმა კარმიდამოებმა დალმანს საკითხავი გვერდზე გადაადებინა.
არსებითად, ძალზე ცოტას კითხულობდა. მაგნიტის მთა და ჯინი, რომელსაც დაფიცებული
ჰქონდა - მოეკლა ადამიანი, რომელიც მას ბოთლიდან ამოუშვებდა, როგორც ყველა დამეთანხმება,
საკვირველი რამეებია, მაგრამ არა გაცილებით საკვირველი, ვიდრე ეს დილა და თვით არსებობის
ფაქტი. ბედნიერების განცდამ დალმანი მოსწყვიტა შაჰრაზადს და მის ჭარბ სასწაულებს. წიგნი
დახურა და თავს, უბრალოდ, ცხოვრების უფლება მისცა.
ლანჩი - მანათობელ ლითონის თასებში მორთმეული ბულიონი, როგორც აწ შორეული ბავშვობის
ზაფხულებში ხდებოდა ხოლმე - კიდევ ერთი ნუგბარი სიამოვნება აღმოჩნდა.
„ხვალ ჩემს რანჩოში გავიღვიძებ“, გაიფიქრა და თავი ერთდროულად ორ კაცად იგრძნო: იმად,
ვინც ახლა შემოდგომის დღეში და თავისი სამშობლოს სანახებში მისრიალებდა, და იმ მეორედ,
ვინც საავადმყოფოში დაამწყვდიეს და მეთოდურ მოვლა-პატრონობას დაუქვემდებარეს.
ხედავდა შეუბათქაშებელ აგურის სახლებს, გრძელს და კუთხოვანს, დაუსრულებლად რომ
შეჰყურებდნენ მატარებლების მიმოსვლას; ხედავდა ცხენიან კაცებს მიწის გზებზე; ხედავდა
არხებს, ტბებსა და საძოვრებს, გრძელ, ანთებულ, თითქოსდა მარმარილოს ღრუბლებს... და ეს
ყველაფერი მოულოდნელი იყო, როგორც გადაჭიმული ტრამალების სიზმარი. თითქოსდა ეცნო
ხეები და მარცვლოვანი კულტურები, რომელთა სახელს ვერ იტყოდა, რაკი სოფლის მეურნეობის
მისეული ცოდნა საგრძნობლად ჩამორჩებოდა მისსავე ნოსტალგიურ-ლიტერატურულ
განსწავლას.
დროდადრო ყვინთავდა და ამ დროს მატარებლის ქროლვა ესიზმრებოდა. შუადღის აუტანელი
თეთრი მზე შეღამებისწინა ყვითელ მზედ ქცეულიყო, მალე კი მეწამულში გადავიდოდა. ახლა
ვაგონიც სხვანაირი იყო, არა ისეთი, როგორიც ბუენოს-აირესიდან დაიძრა: - მინდვრებმა და
საათებმა განწონეს და გადაასხვაფერეს. გარეთ მატარებლის მოძრავი ჩრდილი ჰორიზონტისკენ
იწელებოდა. პირველყოფილ მიწას აქ არ აწუხებდა დაბა ან ადამიანის სხვა რამ ნიშატი. მთელ
ამხელა ტერიტორიებზე ხანდახან სხვა არაფერი ჩანდა, კენტად მავალი ხარის გარდა. სიმარტოვე
სრულყოფილი იყო ან, შესაძლოა, მტრულიც, და დალმარიც თითქმის ეჭვობდა - მხოლოდ
სამხრეთისკენ მივემგზავრები თუ წარსულშიცო. ამ ფანტასტიკური ჰიპოთეზიდან გამცილებელმა
გამოაფხიზლა. მის ბილეთს დახედა და უთხრა: ჩვეულებრივ სადგურზე კი არ ჩამოხვალთ,
არამედ სხვაგან - ოდნავ უფრო ადრეო, და დაუსახელა ადგილი, რომელიც დალმანს მხოლოდ
ყურმოკვრით თუ სმენოდა (გამცილებელმა განაგრძო ახსნა, რომლის გაგება დალმანს არ უცდია,
არც კი უსმენდა, რადგანაც ამის მექანიკას მნიშვნელობა არ ჰქონდა).
მატარებელი ხვნეშითა და ძალისხმევით შეჩერდა, ფაქტობრივად, შუა სოფელში. ამჯერად
სადგური მეორე მხარეს აღმოჩნდა და ბევრით არაფრით სხვაობდა გადაფარებული ბაქნისგან. აქ
არავითარი მანქანა არ ჰქონდათ, თუმცა, სადგურის უფროსის აზრით, დალმანს შეეძლო ეპოვა
რაიმე ტრანსპორტი მაღაზიასთან, რომლისკენაც გზაც მიასწავლა ათი-თორმეტი სახლის იქით.

59
დალმანმა ფეხით გავლის იდეა პატარა თავგადასავალივით მიიღო. მზე უკვე ჰორიზონტს
ჩასცდენოდა, თუმცა სინათლის ნიმბი ჯერ კიდევ დიდებით მოსავდა ცოცხალ, მდუმარე ველებს,
სანამ ღამე ერთიანად წაშლიდა ყველაფერს. არა ძალების დაზოგვის მიზნით, არამედ უფრო
იმიტომ, ეს ყველაფერი ჯერ არ დამთავრდესო, დალმანი ნელა მიაბიჯებდა და ნეტარებით
ისუნთქავდა სამყურას სურნელს.
მაღაზია ოდესღაც ხასხასა წითელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წლებს მძაფრი შეფერილობა
ჩაეცხროთ (მისთვისვე მომგებიანად). იყო რაღაც ამ სახლის საბრალო არქიტექტურაში, რამაც
დალმანს რკინის გრავიურა გაახსენა, შესაძლოა, „პოლი და ვირჟინის“ ძველი გამოცემიდან.
მაღაზიის წინ რამდენიმე ცხენი მიებათ მოაჯირზე. მაღაზიაში შესულ დალმანს თითქოსდა
მეპატრონე ეცნო, მერე კი მიხვდა, რომ შეცდომაში შეიყვანა ამ კაცის მსგავსებამ სანატორიუმის
ერთ თანამშრომელთან. როდესაც მაღაზიის მფლობელმა დალმანის ამბავი მოისმინა, ცხენიანი
ეტლი მაქვსო, უთხრა. ამ დღისთვის კიდევ ერთი ამბის მისამატებლად და დროის გასაყვანად,
დალმანმა გადაწყვიტა იქვე ეჭამა, სოფლის მაღაზიაში.
ერთ მაგიდასთან ტლანქი იერსახის ახალგაზრდები ისხდნენ და ხმაურიანად ჭამდნენ და
სვამდნენ. თავიდან დალმანს დიდი ყურადღება არ მიუქცევია. იატაკზე ნივთივით უძრავად იწვა
დახლს მიყრდნობილი მოხუცი. ცხოვრების მრავალ წელს გაეცვითა და გაეპრიალებინა, როგორც
ქვას აპრიალებს ხოლმე წყლის ნაკადი, ან ანდაზას - თაობები. ჩია იყო, შავტუხა, ქარდაკრული და
თითქოსდა დროის გარეთ, ერთგვარ მარადიულობაში გასული. დალმანს გული გაუთბო ამ კაცის
თავზე შემოხვეული ყაითნის სისწორემ, თივთიკის პონჩომ, გაუჩოს შარვალმა და ცხენის ფეხის
ტყავისგან შეკერილმა ჩექმებმა. გაახსენდა თავისი უსარგებლო კამათი ჩრდილოეთის რეგიონების
მკვიდრებთან ან ენტრერიოსელებთან და თავის თავს უთხრა: მხოლოდ სამხრეთში დარჩნენ
ასეთი გაუჩოებიო.
მყუდროდ მოეწყო ფანჯარასთან. სოფელს ნელ-ნელა წყვდიადი ტბორავდა, თუმცა მინდვრების
ბგერები და სურნელებები ისევ შემოდიოდა ფანჯრის მსხვილძელებიანი ცხაურიდან. მაღაზიის
მეპატრონემ ჯერ სარდინი მოუტანა, მერე შემწვარი ხორცი. ამ ყველაფერს დალმანმა ერთზე მეტი
ჭიქა წითელი ღვინო მიაყოლა. ნელა აჭაშნიკებდა ღვინის არომატს და მზერას მაღაზიის უკვე
რამდენადმე მოდუნებულ ატმოსფეროს ავლებდა. ჭერის ერთ-ერთი კოჭიდან ნავთის ლამპა
ეშვებოდა. მეორე მაგიდასთან სამი მუშტარი იჯდა. ორი მათგანი მუშას ჰგავდა, მესამეს სახე
ინდიელს მიუგავდა, ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა და სვამდა. დალმანმა უეცრად იგრძნო -
რაღაც მსუბუქად გაეხახუნა სახეზე. გაუმჭვირვალე ჭიქის გვერდით, მაგიდის გადასაფარებლის
ერთ-ერთ ზოლზე, პურის პაწია გუნდა ეგდო. სხვა არაფერი. მაგრამ ეს ხომ ვიღაცამ ესროლა?
მეორე მაგიდასთან მჯდომ მსმელებს თითქოს არც შეემჩნიათ მისი იქ ყოფნა. საგონებელში
ჩავარდნილმა დალმანმა გადაწყვიტა, არაფერი მომხდარაო, და „არაბული ღამეები“ გადაშალა,
თითქოსდა რეალობის შესაკავებლად. რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე გუნდა მოხვდა. ამჯერად
მუშებმა გაიცინეს. არ მეშინიაო, უთხრა დალმანმა თავის თავს, თუმცა ნამდვილი სიგიჟე
იქნებოდა მისთვის, - ავადმყოფი კაცისთვის, - რომ ახლა უცნობებს ბარის ქაოსურ ჩხუბში
ჩაეთრიათ. ამიტომაც წასვლა გადაწყვიტა. უკვე წამოდგა კიდეც, მაგრამ ამ დროს მაღაზიის
მეპატრონე მოვიდა და დაბეჯითებით მიმართა ხმაათრთოლებულმა: „მისტერ დალმან,
ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმ ბიჭებს, მხოლოდ ხალისობენ და ეგ არი“.
დალმანს არ ეუცხოვა, რომ ამ კაცმა უკვე იცოდა მისი სახელი, მაგრამ იგრძნო, რომ თითქოსდა
შემრიგებლურმა სიტყვებმა სიტუაცია მხოლოდ გააუარესა. აქამდე კაცების პროვოკაცია
მიმართული იყო შემთხვევითი სახისკენ, თითქმის არავისკენ. ამჯერად უკვე მას
დაუმიზნებდნენ, მის სახელს, რომელიც იმ მაგიდასთან მიმსხდრებმა უკვე იცოდნენ. დალმანმა
მაღაზიის მფლობელი განზე გასწია, მუშებთან მივიდა და ჰკითხა, რამე პრობლემა ხომ არ გაქვთო.
ინდიელისსახიანი ბანდიტი ბორძიკით წამოდგა და, სულ ერთი ნაბიჯის მანძილიდან, ისეთი
ღრიალით მოაყარა შეურაცხმყოფელი სიტყვები (ან ლანძღვა-გინება), თითქოს სადღაც ძალიან
შორს იდგა. ის თვალთმაქცობდა, აზვიადებდა თავის სიმთვრალეს და ეს გაზვიადება ორმაგ -
აგრესიულ და დამცინავ - შთაბეჭდილებას ახდენდა. შუა ლანძღვასა და უხამსობების ფრქვევაში
გრძელი დანაც აიქნია ჰაერში. მაღაზიის მეპატრონემ გაბზარული ხმით გააპტროტესტა, დალმანს
იარაღი არა აქვსო. ამ დროს გაუთვალისწინებელი რამ მოხდა.
იმ კუთხიდან, სადაც იწვა, მოხუცმა გაუჩომ, რომელშიც დალმანმა სამხრეთის განსახიერება
დაინახა (სამხრეთის, რომელიც მას ეკუთვნოდა), გაშიშვლებული ხანჯალი გადაუგდო. ხანჯალი
მის ფეხებთან შეჩერდა. თითქოს სამხრეთმა თვითონ გადაწყვიტა, რომ დალმანს უნდა მიეღო ეს
გამოწვევა. ხანჯლის ასაღებად დაიხარა და ამ დროს ორი რამ იგრძნო. პირველი: არსებითად
ინსტინქტურ ამ მოქმედებას ის უკვე ორთაბრძოლაში შეჰყავდა; მეორე: მის მოუქნელ ხელში
იარაღი იმდენად არ დაიცავდა თვითონ, რამდენადაც გაამართლებდა იმ კაცის ხელით მის

60
მოკვლას. ხანდახან კი უთამაშია დანით, მაგრამ დანებით ჩხუბის მისეული ცოდნა იმ ბუნდოვან
მოგონებაზე შორს არ მიდიოდა, რომ დარტყმები უნდა უმიზნებდეს ქვემოდან ზემოთ შიგნით
მიმართული დანის ფხით. ასეთი რამეების უფლებას არასოდეს იძლეოდნენ სანატორიუმშიო,
გაიფიქრა.
- გვეყოფა დგომა, - უთხრა იმ კაცმა, - გარეთ გავიდეთ.
გავიდნენ კიდეც. და სანამ დალმანს არაფრის იმედი არ ჰქონდა, არც შიშს განიცდიდა. ზღურბლს
რომ გადააბიჯა, იგივე იგრძნო, რაც იგრძნო სანატორიუმში ყოფნის პირველ ღამეს, როდესაც ნემსი
შეურჭვეს: სიკვდილი დანებით ბრძოლაში, ღია ცის ქვეშ, მეტოქის ჩაბღაუჭებისას, იქნებოდა
განთავისუფლება, სიხარული და დღესასწაული. იგრძნო: რომ შეეძლოს, საკუთარი ნებით
ამოირჩიოს ან დაისიზმროს თავისი სიკვდილი ამ ღამეს, მაშინ სწორედ ამნაირ სიკვდილის ირჩევს
ან ისიზმრებს.
დალმანი მტკიცედ ბღუჯავს დანას, რომლის გამოყენებაზე იქნებ წარმოდგენაც არ აქვს, და
მინდვრებზე გადის.

უკვდავი
სოლომონი ამბობს: არაფერია ამქვეყნად ახალი.
თუკი პლატონის წარმოდგენით, ყოველგვარი ცოდნა მხოლოდ გახსენებაა, მაშინ სოლომონის
თქმით, ყოველგვარი სიახლე მხოლოდ დავიწყებაა.
ფრენსის ბეკონი, ესეები, LVIII ლონდონში, 1929 წლის ივნისის დასაწყისში, ბიბლიოგრაფიული
იშვიათობებით მოვაჭრემ, ჯოზეფ კარტაფილუსმა პრინცესა დე ლუსინჟს შესთავაზა რომის
პაპისეული „ილიადის“ ექვსი მცირე ფორმატის ტომი (1715-1720). პრინცესამ შეიძინა ეს ტომები და
ვაჭარს გაესაუბრა. პრინცესას თქმით, ეს იყო გამოფიტული, ქარდაკრული მამაკაცი რუხი
თვალებით, ნაცრისფერი წვერითა და უჩვეულოდ კონტურმორღვეული ნაკვთებით. სათქმელს
გამოხატავდა სწრაფი, თუმცა დაუხვეწავი და არაკორექტული მეტყველებით სხვადასხვა ენაზე.
სულ რამდენიმე წუთში ფრანგულიდან ინგლისურზე გადავიდა, ინგლისურიდან - სალონიკური
ესპანურისა და მაკაოს[87] პორტუგალიურის უცნაურ ნაზავზე. ოქტომბერში პრინცესამ ხომალდ
„ზევსის“ ერთი მგზავრისგან შეიტყო, რომ კარტაფილუსი გემზე გარდაცვლილა სმირნაში
დაბრუნებისას და კუნძულ იოსზე დაუსაფლავებიათ. „ილიადას“ მეექვსე ტომში პრინცესამ
ვრცელი ხელნაწერი იპოვა. აი, ინგლისურად დაწერილი და ლათინიზმებით სავსე ამ ტექსტის
სიტყვასიტყვითი ვერსია: I
რამდენადაც მახსოვს, ჩემი ტანჯვა-წამება დაიწყო თებეს ასკარიბჭიან ბაღში იმპერატორ
დიოკლეტიანეს ზეობისას. წითელი ზღვის სანაპიროზე განთავსებული ლეგიონის ტრიბუნი
ვიყავი ბერენისში და უკვე გამოვლილი მქონდა (ყოვლად წარუმატებლად) მცირე ხნის
წინანდელი ეგვიპტური ომები. იქ ციებ-ცხელებამ და მაგიამ მრავალი კაცი იმსხვერპლა,
კეთილშობილურად რომ მიელტვოდნენ ფოლადისპირიან იარაღს. მავრიტანელები დამარცხდნენ.
მეამბოხე ქალაქების მიწები სამუდამოდ გადავიდა პლუტონური ღმერთების მფლობელობაში;
დამორჩილებული ალექსანდრია ამაოდ ელოდა კეისრის წყალობას. იმ ერთ წელიწადში
ლეგიონებმა გამარჯვება იზეიმეს, მე კი მხოლოდ თვალი თუ მოვკარი მარსის ხატებას. ამ
დანაკარგმა ძალზე დამამწუხრა და, ალბათ სწორედ ამიტომაც გადავეშვი უკვდავთა საიდუმლო
ქალაქის ძიებაში მოძრავქვიშიანი, საშინელი უდაბნოების გავლით.
როგორც ვთქვი, ჩემი ტანჯვა თებეს ბაღებში დაიწყო. იმ ღამით საერთოდ არ მიძინია, რადგან ჩემს
გულში ბრძოლა გაჩაღებულიყო.
ბოლოს ავდექი, განთიადამდე მცირე ხნით ადრე.
ჩემს მონებს ეძინათ, მთვარე უსასრულო ქვიშის ფერისა იყო.
აღმოსავლეთიდან გასისხლიანებული მხედარი მომიახლოვდა. მთლად ილაჯგაწყვეტილი,
ცხენიდან ჩამოხდა და ლათინურად მომმართა. მისუსტებული და, იმავდროულად, დახარბებული
ხმით შემეკითხა სახელს მდინარისა, ამ ქალაქის კედლებს რომ ელამუნებოდა. ეს წვიმებით
ნასაზრდოები ეგვიპტეა-მეთქი, ვუთხარი. „მე სხვა მდინარეს ვეძებ, - წამოიძახა გაგულისებით, -
საიდუმლო მდინარეს, რომელიც ადამიანებს სიკვდილისგან წმენდს“. მკერდიდან შავი სისხლი
სდიოდა. მითხრა, - ჩემი სამშობლო განგის გადაღმა მდებარე მთაშიაო. თურმე იმ მთაზე ხმა
გავარდნილა, რომ ის, ვინც დასავლეთისკენ ივლის ქვეყნიერების კიდემდე, მივა მდინარესთან,
რომელშიც უკვდავების წყალი მიედინება. მერე ისიც თქვა: მდინარის გაღმა ნაპირზე უკვდავთა
ქალაქია, ბასტიონებით, ამფითეატრებითა და ტაძრებით მდიდარიო.

61
სანამ ირიჟრაჟებდა, მოგზაური მოკვდა. მე კი გადავწყვიტე, მომეძებნა ის ქალაქიცა და მისი
მდინარეც. ჯალათის მიერ დაკითხულმა ზოგიერთმა მავრიტანელმა ტყვემ დაადასტურა მხედრის
ნაამბობი: ერთ მათგანს გაახსენდა ელიზიური ველი დედამიწის შორეულ კიდეზე, სადაც
ადამიანთა სიცოცხლე მარადიულად გრძელდება; მეორემ გაიხსენა მწვერვალები, საიდანაც
პაქტოლი მოედინება და სადაც ადამიანთა სიცოცხლე ასობით წელიწადს არ წყდება. რომში
დაველაპარაკე ფილოსოფოსებს, რომელთა აზრით, ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივება
ნიშნავს მისი კვდომის გახანგრძლივებას და მის თავს დატეხილ სიკვდილთა რაოდენობის
ზრდას. არ ვიცი, ოდესმე თუ მჯეროდა უკვდავთა ქალაქის არსებობისა. ვფიქრობ, მისი პოვნის
მცდელობა უკვე საკმარისად ბევრს მავალებდა. გეტულის პროკონსულმა ფლავიუსმა ორასი
ჯარისკაცი გამომიყო ამ სარისკო წამოწყებისთვის. გარდა ამისა, დავიქირავე რამდენიმე კაცი,
რომლებიც აცხადებდნენ, გზა ვიცითო, და რომლებიც შემდეგ პირველები გამექცნენ.
მომდევნო მოვლენებმა იმდენად დაგვიმახინჯა პირველი დღეების ხსოვნა, რომ შეუძლებელია ამ
უკანასკნელთა თანმიმდევრული აღდგენა. არსინოედან დავიძარით და თაკარა უდაბნოში
შევედით. გავიარეთ ტროგლოდიტების[88] ქვეყანა, - იმათი, ვინც გველებს ჭამენ და ერთმანეთს
თითქმის არ ელაპარაკებიან; გავიარეთ გარამანტები, რომელთაც საერთო ქალები ჰყავთ და
რომლებიც ლომებით იკვებებიან; აუგილები, რომლებიც მხოლოდ ქვესკნელს ეთაყვანებიან.
შემოვიარეთ სხვა უდაბნოებიც: შავი ქვიშების უდაბნო, სადაც მოგზაურმა უნდა იმარჯვოს და
ღამით იაროს, რადგანაც დღისით აუტანელი პაპანაქებაა. შორიდან გავარჩიე მთა, რომელიც თავის
სახელს აძლევს ოკეანეს და რომლის ფერდობებზე იზრდება შხამთა გამანეიტრალებელი რძიანა,
ხოლო მწვერვალზე ცხოვრობენ სატირები - ავხორცობას მიძალებული ტლანქი, ველური მოდგმა.
ის, რომ ამ ბარბაროსული ქვეყნების შუაგულში, სადაც დედამიწა ძუძუს აწოვებს ურჩხულებს,
შეიძლებოდა მდგარიყო ასეთი სახელგანთქმული ქალაქი, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. ასე
ვაგრძელებდით გზას, რადგან დაბრუნება ჩვენთვის პატივისამყრელი იქნებოდა. ზოგიერთს,
უაზროდ გაბედულს, მთვარისკენ სახემიქცეულს ეძინა. ისინი სულ მალე ციებ-ცხელებამ მოაშთო.
წყლის ორმოებიდან შესმულმა გაფუჭებულმა წყალმა ბევრს სიგიჟე და სიკვდილი მოუვლინა.
მერე დაიწყო დეზერტირობა, ცოტა ხნის შემდეგ - ამბოხებებიც. მათ ჩასახშობად სისასტიკეს არ
ვერიდებოდი და სამართლიანადაც ვიქცეოდი. მალე ცენტურიონმა[89] გამაფრთხილა, რომ
მეამბოხეები, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის იძიებდნენ შურს ერთ-ერთი მათგანის
ჯვარცმისთვის, ჩემს მოკვდინებას გეგმავდნენ.
რამდენიმე ერთგულ ჯარისკაცთან ერთად ბანაკიდან გავიქეცი.
უდაბნოში, სამუმებსა და უკიდეგანო ღამეებში ერთმანეთს მოვწყდით.
სხეული კრიტულმა ისარმა განმიწონა. რამდენიმე დღეს უწყლოდ ვიხეტიალე, რამდენიმე ან -
ერთ გრძელზე უგრძეს, მზით, წყურვილითა და წყურვილის შიშით გამრავლებულ დღეს. ჩემი
მგზავრობა ცხენს მივანდე. ერთ გამთენიას ჰორიზონტის ხაზი კოშკებმა და პირამიდებმა
დაკბილა. აუტანელი ოცნება ამეკვიატა: ერთი პატარა, მოწესრიგებული ლაბირინთი, რომლის
შუაგულში ჭა იქნებოდა. ჩემი ხელები თითქმის ეხებოდა მას, თვალები ხედავდა, მაგრამ წინ
ისეთი ჩახლართული და თავგზისამბნევი მისახვევ-მოსახვევები იყო, რომ ვიცოდი: სანამ იქამდე
მივაღწევდი, მოვკვდებოდი.

62
II
როცა, ბოლოს და ბოლოს, ღამის კოშმარს გამოვერიდე, აღმოვაჩინე, რომ ხელები ზურგს უკან
მქონდა შეკრული და ვიწექი ჩვეულებრივი საფლავის ზომის წაგრძელებულ, მთის კაუსტიკურ
ფერდობზე ამოჭრილ ქვის ნიშაში. ღრმულის გვერდები ნესტიანი იყო და ისევე გაეპრიალებინა
დროს, როგორც ადამიანის ხელს. გული მტკივნეულად მიფეთქავდა და წყურვილი მშაშრავდა.
თავი ავწიე და მილეული ხმით შევყვირე. მთის ძირში მიედინებოდა უხმაურო, უწმინდური,
ქვიშითა და კაჭრით[90] სავსე ნაკადი. მოპირდაპირე ნაპირზე ღიად და თვალისმომჭრელად
ანათებდა მზის პირველ ან უკანასკნელ სხივებში გახვეული უკვდავთა ქალაქი. ვხედავდი
ფორტიფიკაციებს, თაღებს, ფრონტონებს,[91] ფორუმებსა[92] და ამ ყველაფრის საძირკველს - ქვის
ზეგანს. მთაცა და ხეობაც ერთიანად დაეწინწკლა ას თუ მეტ უსწორმასწორო, ჩემი ნიშის მსგავს
ნიშას. ჩანდა ქვიშაში ამოთხრილი ცარიელი ორმოები, საიდანაც ამოდიოდნენ შიშველი,
ნაცრისფერკანიანი და წვერგაუპარსავი მამაკაცები. რაღაცნაირად მეცნენ: იმ ტროგლოდიტების
ცხოველურ შტოს ეკუთვნოდნენ, სპარსეთის ყურის სანაპიროებსა და ეთიოპიის გამოქვაბულებს
რომ მოსდებიან. არ გამკვირვებია არც ის, რომ არ მეტყველებდნენ, და არც ის, რომ გველებს
სანსლავდნენ.
საშინელმა წყურვილმა უგუნური გამბედაობით ამავსო. ჩემი შეფასებით, სულ ოცდაათიოდე
ნაბიჯი მაშორებდა ქვიშას. თვალები დავხუჭე და, ზურგს უკან ხელებშეკრული, მთის ფერდობზე
დავქანდი. გასისხლიანებული სახე წყალში ჩავყავი და პირუტყვივით დავიწყე წყლის სვლეპა.
სანამ კიდევ ერთხელ დავინთქმებოდი ძილსა და ბოდვაში, ყოვლად გაუგებრად ვიმეორებდი
რამდენიმე ბერძნულ სიტყვას: „ზელეიას მკვიდრნი, მდიდარი ტროელები, ვინც ბნელი აისეპოს
წყალს ეწაფება...“.
ვერ ვიტყვი, რამდენმა დღემ და ღამემ ჩაიარა ამ მდგომარეობაში. ასეთი მოწყვეტილი და უძლური
საიმისოდ, რომ ღრმულების თავშესაფარს დავბრუნებოდი, შიშვლად გაწოლილი უცნობ ქვიშაზე,
მთვარესა და მზეს ვანდობდი ჩემი დაუცველი ბედ-იღბლის გადაწყვეტას. თავიანთ
ბარბაროსობაში ბავშვურად მიამიტი ტროგლოდიტები მშველოდნენ, რომ არც მოვმკვდარიყავი და
არც მეცოცხლა. ამაოდ ვევედრებოდი, მომკალით-მეთქი. ერთ დღესაც, ბოლოს და ბოლოს, ზურგს
უკან გაბაწრული ხელები გავითავისუფლე იმით, რომ თოკი კლდის ბასრ კიდეზე ხახუნით
გადავჭერი. ამის შემდეგ შევძელი წამოვმდგარიყავი, მეთხოვა ან მომეპარა ჩემი პირველი
გულისამრევი ლუკმა: გველის ხორცი! - მე, მარკუს ფლამინიუს რუფუსს! რომის ერთ-ერთი
ლეგიონის სამხედრო ტრიბუნს!
იმ წყურვილით ატანილს, მენახა უკვდავთა ქალაქი, ხელი შემეხო იმისთვის, რაც ადამიანურ
ქალაქზე მეტი იყო, თვით ძილიც კი არ მეკარებოდა. და თითქოს ტროგლოდიტები მიზანს
მიმიხვდნენო - არც მათ ეძინათ. თავდაპირველად მეგონა, მითვალთვალებდნენ, მოგვიანებით კი
ვიფიქრე, ჩემი შეუძლოდ ყოფნა გადაეცა მათ, როგორც ძაღლებს გადაეცემათ ხოლმე განწყობა.
ბარბაროსთა სოფლიდან წასვლისთვის ყველაზე საჯარო მომენტი შევარჩიე: დაისი, როდესაც
თითქმის ყველა მამაკაცი გამოდიოდა თავ-თავისი ღრმულიდან თუ ნაპრალიდან და
მზერადაცარიელებული გაჰყურებდა დასავლეთს. ხმამაღლა ვილოცე, - არა იმდენად
ტროგლოდიტების განწყობის მოსაპოვებლად, რამდენადაც იმისთვის, რომ ისინი ჩემი
დანაწევრებული მეტყველებით დამეფრთხო. ამის შემდეგ ქვიშით ამოვსებული მდინარის
კალაპოტი გადავიარე და გეზი ქალაქისკენ ავიღე. ორი-სამი კაცი შეცბუნებული გამომყვა.
ტანმორჩილები იყვნენ, თავიანთი ტომის სხვა წარმომადგენლებივით, და უფრო ანტიპათიას
იწვევდნენ, ვიდრე შიშს. გვერდი უნდა ამევლო არაერთი უსწორმასწორო ღრმულისთვის,
რომლებიც ძველ კარიერებად მივიჩნიე. ვეებერთელა მასშტაბებით შეცდომაში შეყვანილს, ქალაქი
გაცილებით ახლოს მეგონა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. დაახლოებით შუაღამისას ფეხი
დავადგი ქალაქის კედლის შავ ჩრდილს - ყვითელ ქვიშაზე პროვოცირებულ ბომონურ ფორმებს.
ჩემი სვლა ერთგვარმა საკრალურმა ზაფრამ შეაყოვნა. იმდენად სძულს კაცთა მოდგმას სიახლეცა
და უდაბნოც, რომ მე გამახალისა ერთი ტროგლოდიტის დანახვამ, რომელიც აქამდე
გამომყოლოდა. თვალი დავხუჭე და დაუძინებლად დაველოდე განთიადს.
უკვე ვთქვი, ქალაქი კლდოვან ზეგანზე იდგა-მეთქი. ამ ზეგნის სიდიდე, თავისი ფრიალო
კალთებით, ისეთივე ძნელი გასაზომი იყო, როგორიც თვით ქალაქის კედლები. ამაოდ დავიწყე
მისი შემოვლა დაღლილი ნაბიჯებით - შავ საძირკველს არსად ეტყობოდა თვით უმცირესი
უსწორმასწორობა, ხოლო თანაბრად აზიდულ კედლებს - თუნდ ერთი კარი. დღის სიმძიმემ
მიბიძგა შევყუჟულიყავი ქვაბულში, რომლის უკანა კედელთან ჭა აღმოჩნდა. ჭის წყვდიადიდან
ამოდიოდა კიბე, რომელსაც ქვემოთ ჩავყევი და აღმოვჩნდი ჭუჭყიანი დერეფნების ლაბირინთში,
რომელმაც ვეებერთელა, განუსაზღვრელად მომრგვალებულ დარბაზში გამიყვანა. ცხრა კარი
გადიოდა სარდაფისებრ სივრცეში, აქედან რვა კარით ხვდებოდი ლაბირინთში, რომელიც იმავე
დარბაზში გაბრუნებდა, მეცხრე კარს კი გაჰყავდი სხვა ლაბირინთში, რომელიც, თავის მხრივ,

63
უერთდებოდა მეორე მრგვალ დარბაზს - პირველის იდენტურს. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი
დარბაზი იყო იქ: მათ ჩემი ტანჯვა და მღელვარება ამრავლებდა. გარშემო მტრული სიჩუმე იდგა,
ვირტუალურად - სრული, თუ არ ჩავთვლით მიწისქვეშა ქარს, რომლის გამომწვევი მიზეზი
ვერაფრით აღმოვაჩინე. ქვის ამ ღრმა აბლაბუდაში არავითარი ბგერა არ ისმოდა. თვით წყლის
ფოლადისფერი, თხელი ნაკადებიც კი უხმაუროდ მიედინებოდა ქვის ნაპრალებში. საშინელება
იყო, როგორ მივეჩვიე ამ განუსაზღვრელ სამყაროს. უკვე დაუჯერებელი ჩანდა, რომ კიდევ რაიმეს
შეიძლება ეარსება საერთოდ, ცხრაკარიანი სარდაფისა და გრძელი დერეფნების გარდა. არ ვიცი,
რამდენ ხანს ვიხეტიალე მიწის ქვეშ. მხოლოდ ის ვიცი, რომ დროდადრო, როცა დაბნეულად
ვოცნებობდი სახლზე, ბარბაროსთა საზარელ სოფელს ყურძნის მტევნებში ჩაძირულ ჩემს
მშობლიურ ქალაქთან ვაერთიანებდი.
ერთი დერეფნის ბოლოს გზა გადამიღობა არცთუ გაუთვალისწინებელმა კედელმა და - შორეული
სინათლეც დამეცა. შუქით დატბორილი მზერა ზემოთ შევმართე და იქ, თავბრუდამხვევ
სიმაღლეზე, ცის მრგვალი ნაფლეთი დავინახე - იმდენად ლურჯი, რომ უკვე მეწამულში
გადადიოდა. რკინის საფეხურების მთელი წყება ზემოთ, ჭის თავისკენ მიემართებოდა.
დაქანცულობისგან კუნთები მომდუნებოდა, მაგრამ მაინც ავუყევი კიბეს. მხოლოდ დროდადრო
ვჩერდებოდი, რათა ტლანქად ავქვითინებულიყავი სიხარულისგან. ნელ-ნელა დავიწყე
ფრიზებისა[93] და კაპიტელების,[94] სამკუთხა ფრონტონებისა და თაღების გარჩევა. ასე შემიძღვა
ურთიერთგადახლართული ლაბირინთების შავი საუფლო ბრწყინვალე ქალაქში.
თავდაპირველად აღმოვჩნდი ერთგვარ პატარა მოედანზე, უფრო უკეთ - შიდაეზოში, რომელსაც
ერთი არათანაბარკუთხეებიანი და არათანაბარი სიმაღლის შენობა შემორტყმოდა. სწორედ ამ
ჰეტეროგენურ[95] ნაგებობას ეკუთვნოდა მრავალი სვეტი და გუმბათი. უნიკალურ მონუმენტში
ყველაზე მეტად განმაცვიფრა მისი კონსტრუქციის უკიდურესმა სიძველემ. ვიგრძენი, რომ ის
თვით ადამის მოდგმამდე, თვით ქვეყნიერების გაჩენამდე არსებობდა. მისი თვალში საცემი
სიძველე - თუნდაც რაღაცნაირად საშინელი საყურებელი - თითქოს უკვდავი ოსტატების გარჯის
შედეგი იყო. ჯერ ფრთხილად, მერე უფრო და უფრო განურჩევლად, ბოლოს კი სასოწარკვეთით
დავდიოდი ამ ლაბირინთული სასახლის კიბის უჯრედებსა და მოზაიკურ იატაკზე. მოგვიანებით
შევნიშნე, რომ კიბეების საფეხურთა სიგანე ერთნაირი არ იყო და სწორედ ამით იხსნებოდა ჩემი
უკიდურესი დაქანცვა. „ეს სასახლე ღმერთების ნახელავია“ - აი, ჩემი პირველი აზრი. როდესაც
კიდევ მოვინახულე დაუსახლებელი ადგილები, აზრიც დავაზუსტე: „ღმერთები, რომლებმაც ეს
ყველაფერი ააგეს, დაიხოცნენ“. მერე კი, როცა შენობის თავისებურებებს ჩავუფიქრდი, ჩემს თავს
ვუთხარი: „ღმერთები, რომლებმაც აქაურობა ააგეს, შეშლილები იყვნენ“. ვიცი, ეს იმ გაუგებარი
საყვედურის ტონით ვთქვი, ქენჯნას რომ ესაზღვრებოდა, - უფრო ინტელექტუალური
საშინელების განცდით, ვიდრე გრძნობადი შიშით. დიადი სიძველის განცდას სხვებიც დაემატა:
უსასრულობის, დამთრგუნველობისა და საშინელების, რთული ირაციონალობის განცდები.
ბნელი ლაბირინთი გამოვლილი მქონდა, თუმცა, რეალურად, უკვდავთა ბრწყინვალე ქალაქმა
შემაძრწუნა და უკუმაგდო. ლაბირინთი მიზანმიმართულად აგებული სახლია, რომელმაც უნდა
დააბნიოს იქ მოხვედრილი ადამიანი. ამ მიზანს ემსახურება უკიდურესად სიმეტრიული მისი
არქიტექტურა. ამ სასახლის არქიტექტურას კი, მხოლოდ ნაწილობრივ რომ დავათვალიერე,
არავითარი მიზანი არ ჰქონდა. აქ იყო დერეფნები, რომლებსაც არსად არ მიჰყავდი; მიუწვდომლად
მაღალი ფანჯრები, დრამატულად დიდი კარები, რომლებიც ბერულ სენაკებსა ან ცარიელ
მაღაროებში გადიოდა; არგაგონილი თავდაყირა დაკიდებული კიბეები შესაბამისად
ამოტრიალებული საფეხურებითა და მოაჯირებით. სხვა კიბეები - ჰაერიდან პირდაპირ რომელიმე
მონუმენტურ კედელზე მიბჯენილი - ორი-სამი უჯრედის შემდეგ გუმბათის მაღალ სიბნელეში
წყდებოდა. არ ვიცი, სწორ მაგალითებს ვიძლევი თუ არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ მრავალი წლის
განმავლობაში ისინი სიზმრებს მიწამლავდნენ. აღარც ის ვიცი, ობიექტურად არსებულ რეალობას
აღწერს რომელიმე სახასიათო შტრიხი თუ საკუთრივ ჩემს ღამეებში შობილი ერთ-ერთი ფორმაა.
„ეს ქალაქი იმდენად თავზარდამცემია, რომ თვით მისი არსებობა, თავისთავად ის ფაქტი, რომ მან
თვით საიდუმლო უდაბნოს შუაგულშიც კი გაძლო, ბილწავს წარსულსა და მომავალს და
რაღაცნაირად რეპუტაციას ულახავს ვარსკვლავებსაც. სანამ ეს ქალაქი აქ დგას, არავინ იქნება
ამქვეყნად ბედნიერი ან მამაცი“, - ვფიქრობდი ჩემთვის. არ მსურს მისი აღწერა, ჰეტეროგენური
სიტყვების ქაოსი, ვეფხვის სხეული თუ კბილებით პირამოვსებული ხარი, ორგანოები,
მონსტრუოზულად შეერთებული და მაინც ერთმანეთის მოძულე თავები: ასეთი შეიძლება იყოს
დაახლოებითი აღწერილობა.
ვერ ვიხსენებ ვერც იმ ეტაპებს, რომელთა გამოვლამაც მომიწია უკანა გზაზე, ვერც ჩემს სვლას
მტვრიან, ნესტიან მიწისქვეშეთში. მხოლოდ ის ვიცი: ყველგან მოუშორებლად თან მდევდა შიში
იმისა, რომ როდესაც ბოლო ლაბირინთიდან გავაღწევდი, ისევ გულისამრევ უკვდავთა ქალაქში
ამოვყოფდი თავს. სხვა არაფერი მახსოვს. მეხსიერების ეს დაკარგვა, ახლა უკვე დაუძლეველი,
ალბათ ნებაყოფლობითი იყო. ისიც შესაძლებელია, რომ იქიდან იმდენად უსიამოვნო
გარემოებებში გამოვიქეცი, რომ დავიფიცე, მათ გონებიდან განვდევნი-მეთქი.

64
III
ვინც ყურადღებით წაიკითხა ჩემი ტანჯვის ამბავი, გაიხსენებს, რომ ტროგლოდიტების ტომის
ერთი წარმომადგენელი ძაღლივით ამედევნა კედლების დაკბილულ ჩრდილში. უკანა გზაზე,
როდესაც ბოლო სარდაფიდანაც ამოვედი, ის კაცი ზედ ქვაბულის გამოსასვლელთან დამხვდა.
ქვიშაში იწვა, მოუქნელად ხატავდა და შლიდა სიმბოლოებს, სიზმრის ასოების მსგავსს, ზუსტად
იმ წამს რომ ერწყმიან ერთმანეთს და ბუნდოვანდებიან, როდესაც მათმა მნახველმა ის-ისაა უნდა
გაშიფროს. თავდაპირველად ვიფიქრე, ეს ერთგვარი ბარბაროსული დამწერლობაა-მეთქი. მერე
მივხვდი: აბსურდული იყო იმის დაშვება, რომ დამწერლობას შექმნიდა კაცი, რომელსაც არასოდეს
ესწავლა მეტყველება. თანაც, არც ერთი მოხაზულობა არ ჰგავდა მეორეს, რამაც სავსებით
გამორიცხა (ან ძალზე შორს გადასწია) შესაძლებლობა, რომ იგი სიმბოლოებს ხატავდა. კაცს
ქვიშაზე გამოჰყავდა ისინი, უყურებდა და ასწორებდა, მერე კი, თითქოს თავისივე თამაშით
გაღიზიანებული, ხელისგულით და იდაყვით შლიდა. ქვემოდან ამომხედა, მაგრამ, მგონი, ვერ
მიცნო. მაინც იმდენად დიდი იყო შვება, რომელიც ვიგრძენი (ან, ეგებ, ჩემი მარტოობა იყო ასეთი
უკიდეგანო და შემაძრწუნებელი), რომ ნამდვილად ვიფიქრე: ეს პირველყოფილი ტროგლოდიტი,
გამოქვაბულში რომ წევს და ამომცქერის, მე მელოდება-მეთქი. მზე ველს ათბობდა. როცა
სოფლისკენ მიმავალ გზას დავადექით, პირველი ვარსკვლავების ქვეშ ქვიშა ფეხს წვავდა.
ტროგლოდიტი ჩემ წინ მიაბიჯებდა. იმ ღამეს გადავწყვიტე მესწავლებინა მისთვის სიტყვების
გამოცნობა ან თვით გამეორებაც კი. აქედან პირველის უნარი ძაღლებსა და ცხენებსაც ხომ
შესწევთ-მეთქი, ვფიქრობდი, ხოლო მეორე ბევრ ჩიტს შეუძლია, ვთქვათ, კეისრების ბულბული.
რაოდენ მწირიც უნდა იყოს ადამიანის გაგება, მაინც ყოველთვის აღემატება ამ არამოაზროვნე
არსებებისას.
ტროგლოდიტის მოკრძალებულმა წარმოშობამ და მდგომარეობამ მეხსიერებაში ამომიტივტივა
არგოსი - მოხუცი, მომაკვდავი ძაღლი „ოდისეადან“. ამიტომაც დავარქვი ეს სახელი და ვცადე,
მისთვისაც მესწავლებინა. კიდევ და კიდევ, მაგრამ ამაოდ. ვერ მიშველა ვერანაირმა საშუალებამ,
სიმკაცრემ, შეუპოვრობამ. უმოძრაოს და მზერადაშრეტილს, თითქოს არც კი ესმოდა ბგერები,
რომელთა შესმენინებასაც ვცდილობდი. სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა ჩემგან, მაგრამ
უზარმაზარი მანძილით მოწყვეტილს ჰგავდა. პატარა, ნაცემი, ლავაში გამოჭრილი სფინქსივით
იწვა ქვიშაზე და საშუალებას აძლევდა ცას ეტრიალა მის ზემოთ ცისკრის პირველი სხივიდან
მწუხრის უკანასკნელ ჭიატამდე. უბრალოდ, წარმოუდგენელი ჩანდა, როგორ ვერ მოეხელთებინა
ჩემი განზრახვა! გამახსენდა ეთიოპიელების რწმენა, რომ მაიმუნები შეგნებულად არ
მეტყველებენ, რათა შრომა ვერავინ აიძულოს. მეც არგოსის დუმილი უნდობლობას ან შიშს
მივაწერე. ამ ცოცხალ სურათს სხვები შეენაცვლა, კიდევაც უფრო უჩვეულო. წარმოვიდგინე, რომ
მე და არგოსი სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობდით; წარმოვიდგინე, რომ ერთნაირი აღქმა
გვქონდა, მაგრამ არგოსი განსხვავებულად აწყობდა, სხვანაირ საგნებს აგებდა მათგან;
წარმოვიდგინე, რომ მისთვის, შესაძლოა, საგნები კი არ არსებობდნენ, არამედ სწრაფი
შთაბეჭდილებების მუდმივი, თავბრუდამხვევი თამაში; წარმოვიდგინე სამყარო მეხსიერების,
დროის გარეშე. გავეთამაშე ისეთი ენის შესაძლებლობას, რომელშიც არ არსებობს
ნაცვალსახელები, არის მხოლოდ უპიროვნო ზმნები ან არაუღლებადი ზედსართავები. ბევრმა
დღემ ჩაიარა ამ წარმოდგენებში, დღეებთან ერთად - წლებმაც, სანამ ერთ დღესაც მოხდა რაღაც
ისეთი, რაც ძალიან ჰგავდა სიხარულს: ციდან ნელმა, ძლიერმა წვიმამ დაუშვა.
ღამით უდაბნოში შეიძლება ციოდეს, მაგრამ ის ღამე ნამდვილი გახურებული ქვაბივით იყო.
მესიზმრა, რომ თესალიის ერთ-ერთი მდინარე (რომლის წყლებს მე ოქროს თევზი დავუბრუნე)
ჩემს გადასარჩენად მოდიოდა. მესმოდა, როგორი დგაფუნით მოუყვებოდა წითელ ქვიშას და
როგორ ევლებოდა შავ კლდეს. ჰაერის სიგრილემ და წვიმის შხაპუნმა გამაღვიძა. შიშველი
გავვარდი გარეთ წვიმის მისასალმებლად. ღამე იცრიცებოდა. ჩემი არ იყოს, ყვითელი ღრუბლების
ქვეშ ტროგლოდიტების ტომიც ექსტაზით შეჰხაროდა ციდან მოღვარღვარე ნაკადებს: ღმერთით
ატანილ კორიბანტებს[96] ჰგავდნენ. არგოსს თვალები ცისკენ აღეპყრო და გმინავდა, წყალი
წანწკარით ჩამოსდიოდა სახეზე, - არა მხოლოდ წვიმა, არამედ ცრემლებიც (როგორც მოგვიანებით
შევიტყვე). „არგოს! - ვიყვირე მე, - არგოს!“
მერე კი, თითქოს მრავალი წლის წინ დავიწყებულ-დაკარგულ რამეს იგონებსო, ოდნავ
გაკვირვებულმა არგოსმა ენის ბორძიკით წარმოთქვა: „არგოს, ულისეს ძაღლი“. რამდენიმე წამის
შემდეგ კი ისე განაგრძო, რომ ჩემთვის არ შეუხედავს: „ეს ძაღლი ნეხვის გროვაზე წევს“.
ჩვენ ასეთი მზადყოფნით ვიღებთ რეალობას. იქნებ იმიტომ, რომ ვგრძნობთ: არაფერია რეალური.
არგოსს ვკითხე, რამდენი რამ იცოდა „ოდისეადან“. ბერძნულის გაგება გაუძნელდა და შეკითხვის
გამეორება მომიხდა.
„ძალიან ცოტა. ყველაზე მწირ რაფსოდიაზე[97] უფრო ნაკლები. მას შემდეგ თერთმეტმა

65
ასწლეულმა განვლო, რაც უკანასკნელად დავწერე ეგ“.

66
IV
იმ დღეს ყველაფერს მივხვდი. ტროგლოდიტები უკვდავები იყვნენ, ჩქერალი და მისი ქვიშანარევი
წყლები კი - ის მდინარე, მხედარი რომ ეძებდა. რაც შეეხება ქალაქს, რომლის სახელი განგამდე
მივიდა, უკვდავებმა ის თითქმის ცხრაასი წლის წინ დაანგრიეს, ხოლო დანგრეული ქალაქის
ნამსხვრევებისგან იმავე ადგილზე ააშენეს არეულ-დარეული ქალაქი, რომელშიც მე ვიხეტიალე, -
პაროდია თუ ანტითეზა ქალაქისა, რომელიც, იმავდროულად, იყო ტაძარი, აგებული იმ
ირაციონალური ღმერთებისთვის, ქვეყნიერებას რომ მართავენ, და იმათთვისაც, ვის შესახებაც
ჩვენ არაფერი ვუწყით, გარდა იმისა, რომ ადამიანს არ ჰგვანან. ამ ქალაქის დაფუძნება
წარმოადგენდა უკანასკნელ სიმბოლოს, რომლამდეც უკვდავები დაეშვნენ. იგი აღნიშნავს
წერტილს, რომელზეც - თუ გავითვალისწინებთ მთელ მათ ამაო ძალისხმევას - მათ გადაწყვიტეს
ეცხოვრათ საკუთრივ აზრში, წმინდა სპეკულაციაში. ჯერ ეს ბაკანი ააგეს, შემდეგ მიატოვეს და
გამოქვაბულებში დასახლდნენ. ამ თვითდანთქმაში ისინი ვერც კი ამჩნევდნენ ფიზიკურ
სამყაროს.
ამ ყველაფერს ისე მიხსნიდა ჰომეროსი, როგორც ბავშვს უხსნიან ხოლმე. მიამბო თავის
ხანდაზმულობაზეც და იმ მოგზაურობაზეც, რომელიც განახორციელა, როცა ულისესავით შეიპყრო
განზრახვამ, მოენახულებინა იმ ადამიანთა მოდგმა, რომელმაც არ იცოდა, რა იყო ზღვა, არ ჭამდა
დამარილებულ ხორცს და წარმოდგენა არ ჰქონდა ნიჩბებზე. მან ერთი საუკუნე იცხოვრა
უკვდავთა ქალაქში და როცა ეს უკანასკნელი დაანგრიეს, სწორედ მანვე ურჩია მეორე ქალაქის
აგება. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს: ხმები დადის, რომ მას შემდეგ, რაც ხოტბა შეასხა ილიონის
ომს, ჰომეროსმა ბაყაყებისა და გომბეშოების ომსაც უმღერა. იმ ღმერთივით იყო, რომელმაც ჯერ
კოსმოსი შექმნა, მერე - ქაოსი.
არაფერია ღირსშესანიშნავი უკვდავად ყოფნაში. კაცობრიობის გამოკლებით, ყველა არსება
უკვდავია, რადგან მათ სიკვდილისა არაფერი იციან. ღვთაებრივი, საშინელი და გაუგებარი
სწორედაც იმის ცოდნაა, რომ უკვდავი ხარ. შემჩნეული მაქვს, რომ რელიგიის მიუხედავად,
საკუთარი უკვდავების რწმენა უჩვეულოდ იშვიათია. ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები -
ყველა აცხადებს რწმენას უკვდავებაში, მაგრამ მოწიწება, რომელსაც მიაგებენ სიცოცხლის პირველ
საუკუნეს, ამტკიცებს, რომ მათ ჭეშმარიტად მხოლოდ ამ ასი წლისა სწამთ, რაკი ყოველივე
დანარჩენს სამარადისოდ გადააბარეს დასჯა ან დაჯილდოება, იმისდა მიხედვით, რაც ადამიანმა
მოიმოქმედა, სანამ ცოცხალი იყო. ჩემი აზრით, გაცილებით მისაღებია ბორბალი, რომელიც
ფიგურირებს ინდოეთის ზოგიერთ რელიგიაში. ამ ბორბალზე, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და
არც დასასრული, თითოეული ცხოვრება წინა ცხოვრების შედეგია და, თავის მხრივ, განაპირობებს
მომდევნოს, თუმცა ვერც ერთი ცხოვრება ვერ განსაზღვრავს მთლიანს... საუკუნეობრივი
არსებობით ნასწავლმა უკვდავთა რესპუბლიკამ მიაღწია ტოლერანტობის პიკს, თითქმის
ზიზღისაც კი. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ დროის უსასრულოდ გრძელ პერიოდში ყველას
ყველაფერი ემართება. როგორც დამსახურებულ მისაგებელს თავისი გარდასული და მომავალი
სათნოებებისთვის, ყოველი კაცი იმსახურებდა ყოველგვარ სიკეთეს, თუმცა, იმავდროულად,
ყოველგვარ ღალატსაც მის წარსულში და მომავალში ჩადენილი ყველა ბოროტებისთვის. იღბალზე
დამყარებული თამაშებისა არ იყოს, თავები და კუდები თანაბრდებიან, ასევე გონიერება და
სიჩლუნგეც აბალანსებს ერთმანეთს. შესაძლოა, ელ სიდის უხეში ლექსი არის საპირწონე,
რომელსაც ითხოვს ეკლოგების[98] ერთადერთი ეპითეტი ან რომელიმე მაქსიმა ჰერაკლიტედან.
ყველაზე სწრაფწარმავალი აზრი ემორჩილება უხილავ გეგმას და შეიძლება ასრულებდეს ან
აგვირგვინებდეს ფარულ ჩანაფიქრს. ვიცი ადამიანები, რომლებსაც ჩაუდენიათ ბოროტება
იმისთვის, რომ მისგან სიკეთე გამოსულიყო მომავალ ან, შესაძლოა, უკვე გამოვიდა გარდასულ
საუკუნეებში... ამ კუთხით დანახული ყველა ჩვენი ქმედება სამართლიანია, თუმცა,
იმავდროულად, უმნიშვნელოც. არ არსებობს არავითარი სულიერი ან ინტელექტუალური
ღირსებები. ჰომეროსმა შექმნა „ოდისეა“, მაგრამ უსასრულო დროში, უსასრულო გარემოებებსა და
საგანთა მუდმივ ცვალებაში შეუძლებელია, ეს პოემა ერთხელ მაინც არ შექმნილიყო. არავინ არ
არის ვიღაც. ერთადერთი უკვდავი ადამიანი ყველა ადამიანია. კორნელიუს აგრიპასი არ იყოს, მე
ვარ ღმერთი, გმირი, ფილოსოფოსი, დემონი და ქვეყნიერება, რაც მოიარებითი გზაა იმის
სათქმელად, რომ მე არ ვარ.
ცნებამ ქვეყნიერებისა, როგორც ზედმიწევნით ზუსტი კომპენსირების სისტემისა, უზარმაზარი
გავლენა მოახდინა უკვდავებზე. უპირველეს ყოვლისა, ამან ისინი უგრძნობელი გახადა
შებრალების, როგორც ასეთისადმი. მე ვახსენე ძველი სამტეხლოები, მდინარის გაღმა ნაპირი რომ
დაეწინწკლათ. ერთი ადამიანი ჩავარდა ამ ჭებიდან უღრმესში, თუმცა ტკივილით ვერ
ეტკინებოდა, ვერ მოკვდებოდა, აი, წყურვილი კი ნამდვილად თანგავდა. მხოლოდ სამოცდაათი
წლის შემდეგ ჩაუგდეს თოკი ამოსაყვანად. თვითონაც დიდად არ ანაღვლებდა საკუთარი ბედი.
მთელი მოწყალება, რასაც მისი სხეული - მორჩილი შინაური ცხოველი - ყოველთვიურად

67
ითხოვდა, იყო რამდენიმე საათის ძილი, ცოტაოდენი წყალი და ხორცის ერთი ნაგლეჯი. მაგრამ,
დე, ნურავინ ნუ წარმოიდგენს, რომ ჩვენ უბრალო ასკეტები ვიყავით. არ არსებობს ისეთი
კომპლექსური სიამოვნება, როგორიცაა აზრი, და ჩვენც სწორედ აზრს მივუძღვენით თავი.
დროდადრო, რაღაც უჩვეულო სტიმულს შეიძლებოდა მივებრუნებინეთ ფიზიკური სამყაროსკენ
(როგორც, ვთქვათ, იმ გამთენიას - წვიმის ძველისძველ-სტიქიურ სიამოვნებას). მაგრამ ეს მცირე
გადახრები ძალზე იშვიათი იყო. ყველა უკვდავს ჰქონდა სრული სიმშვიდის უნარი. მახსოვს
ერთი, რომელიც არასოდეს მინახავს ფეხზე მდგარი და რომლის მკერდზე ჩიტმა ბუდე გაიკეთა.
იმ მოძღვრების დასკვნათა შორის, რომლის მიხედვითაც არ არსებობს საგანი, რომელიც არ
წონასწორდებოდეს მეორე საგნით, არის ერთი დასკვნა, რომელსაც დიდი თეორიული
მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ რომელმაც X საუკუნის დასაწყისში თუ ბოლოში ჩვენ მთელს
დედამიწაზე გაგვფანტა. ის შეიძლება შეჯამდეს ამ სიტყვებში: „არსებობს მდინარე, რომელიც
იძლევა უკვდავებას. უნდა არსებობდეს სხვა მდინარეც, რომელიც უკვდავებას წყვეტს“.
მდინარეთა რიცხვი არ არის უსასრულო. უკვდავი მოგზაური, რომელიც ქვეყნიერებას უვლის,
ერთხელაც ყველა მდინარიდან შესვამს წყალს. ჩვენ გადავწყვიტეთ გვეპოვა ის მდინარე.
სიკვდილი - ან მისი ხსენება - ადამიანებს მშვენიერს ან პათეტიკურს ხდის. მათი მოჩვენებითობა
გულისამაჩუყებელია. ნებისმიერი აქტი, რომელსაც განახორციელებენ, შეიძლება უკანასკნელი
აღმოჩნდეს. არ არსებობს სახე, რომელიც გაბუნდოვანების ან ჩაქრობის პირას არ დგას, როგორც
სიზმარეული ხატები. მოკვდავთა სამყაროში ყველაფერს უკანდაუბრუნებელი და შემთხვევითი
ღირებულება ადევს. მეორე მხრივ, უკვდავთა სამყაროში ნებისმიერი მოქმედება თუ აზრი ექოა
გარდასული მოქმედებებისა თუ აზრების ყოველგვარი ხილული საწყისის გარეშე, ისევე როგორც
ერთგული წინამაუწყებელი სხვების, რომლებიც გამეორდება მომავალში, მარად და მარად.
არაფერია ისეთი, რაც თითქოსდა ჩაკარგულია დაუღალავ სარკეებს შორის. ვერაფერი მოხდება
ერთადერთხელ, არაფერს ემუქრება სამუდამოდ დაკარგვის აბსოლუტური საფრთხე. სევდიანი,
პირქუში, ცერემონიული - ასეთი რამეებისადმი უკვდავები მოწიწებას არ ატარებენ. ტანგიერის
ჭიშკრებთან ჰომეროსი და მე ჩვენ-ჩვენს გზებს გავყევით. მგონი, არც კი დავმშვიდობებივართ
ერთმანეთს.

68
V
ახალ საუფლოებში, ახალ იმპერიებში ვიხეტიალე. 1066 წლის შემოდგომაზე სტამფორდ ბრიჯთან
ვიბრძოლე, თუმცა აღარ მახსოვს, ჰაროლდის რიგებში ვიდექი და მალე გავიზიარე მისი ბედი თუ
ბედუკუღმართი ჰარალდ ჰარდრადას, რომელმაც სულ ექვსი ფუტი ან ოდნავ მეტი ინგლისური
მიწა დაიპყრო. ჰიჯრით VII საუკუნეში, ბულაკის გარეუბანში ყოფნისას, მწყობრი კალიგრაფიით
გადავწერე (აწ დავიწყებულ ენაზე და ჩემთვის უცნობი ანბანით) სინდბადის შვიდი მოგზაურობა
და ქალაქ ბრასის ისტორია. სამარყანდის ციხის შიდაეზოში ხშირად ვთამაშობდი ჭადრაკს,
ბიკანირში ასტროლოგიას ვასწავლიდი ისევე, როგორც ბოჰემიაში. 1638 წელს კოლცვარში ვიყავი,
მოგვიანებით - ლაიფციგში. აბერდინში, 1714 წელს, გამოვიწერე რომის პაპისეული „ილიადას“
ექვსი ტომი. ვიცი, რომ ხშირად ვკითხულობდი სიამოვნებით. 1729 წელს თუ დაახლოებით ამ
პერიოდში ვიმსჯელეთ ამ პოემის წარმოშობის შესახებ მე და რიტორიკის პროფესორმა სახელად,
ვგონებ, ჯამბატისტამ. მისი არგუმენტები შეუდავებლად მივიჩნიე. 1921 წლის 4 ოქტომბერს, გემი
„პატნა“, რომელსაც ბომბეიში მივყავდი, ნაპირს შეეჯახა ერიტრეას სანაპიროზე[99]. ნაპირზე
გადავედი. გამახსენდა სხვა დილები დიდი ხნის წარსულიდან, როცა ასევე გადავყურებდი წითელ
ზღვას. მაშინ რომაელი ტრიბუნი ვიყავი, ხოლო ლეგიონერები ციებ-ცხელებას, მაგიასა და
უმოქმედობას გადაჰყვნენ. ქალაქგარეთ წყარო დავლანდე და, როგორც მჩვეოდა, მის ანკარა
წყალს დავეწაფე. მერე კი, როცა ციცაბო ნაპირზე ავდიოდი, ეკლიან ხეზე ხელის ზურგი გავიკაწრე.
მიუჩვეველი ტკივილი უკიდურესად მწვავე აღმოჩნდა. უნდობლად, უსიტყვოდ და სიხარულით
ვუმზერდი სისხლის წვეთის მშვენიერ ფორმირებას გაკაწრულ ადგილზე. „მე ისევ მოკვდავი ვარ,
- ვუმეორებდი ჩემს თავს კიდევ და კიდევ, - ისევ ყველა სხვა ადამიანს ვგავარ“. იმ ღამეს
გათენებამდე მეძინა.
...ერთმა წელიწადმა განვლო და ისევ გადავიკითხე ეს ფურცლები. შემიძლია დავადასტურო, რომ
ისინი ჭეშმარიტების საზღვრებს არ სცილდებიან, თუმცა პირველ თავებში და ზოგიერთ აბზაცშიც,
ვგონებ, ერთგვარი სიყალბე აღმოვაჩინე. ეს, ალბათ, გამოიწვია სიტუაციური დეტალების
ზედმეტმა გამოყენებამ, პოეტებისგან შეძენილმა წერის მანერამ. ამ პროცესში ყველაფერს
სიყალბე ედება, რაკი უამრავი დეტალი შეიძლება იყოს საკუთრივ მოვლენაში და არა ხსოვნაში...
მაინც მჯერა, რომ აღმოვაჩინე უფრო პირადული და შინაგანი მიზეზი, რომელსაც გავამხელ და
არად ჩავაგდებ საფრთხეს, რომ ფანტასტად შემრაცხონ.
ამბავი, რომელიც აქ გადმოვეცი, არარეალური ჩანს, რადგან მასში ურთიერთგადახლართულია
ორი ადამიანის გამოცდილება. პირველ თავში მხედარს სურს შეიტყოს სახელი მდინარისა, თებეს
კედლებთან რომ მიედინება. ფლამინიუს რუფუსი, რომელმაც ქალაქს „ასკარიბჭიანი“ უწოდა,
მხედარს ეუბნება, რომ მდინარეს „ეგვიპტე“ ჰქვია. არადა, ამ განაცხადთაგან არც ერთი არ
ეკუთვნის რუფუსს, არამედ უფრო ჰომეროსს, რომელიც „ილიადაში“ არაორაზროვნად ახსენებს
„თებე ჰეკატომპილოსს“, ხოლო „ოდისეაში“ ნილოსს გამუდმებით მოიხსენიებს „ეგვიპტედ“
პროტევსისა და ოდისევსის პირით. მეორე თავში, როდესაც რომაელი უკვდავების წყალს შესვამს,
რამდენიმე სიტყვას წარმოთქვამს ბერძნულად. ეს სიტყვებიც ჰომეროსისეულია. მათი მოძებნა
გემების სახელგანთქმული კატალოგის ბოლოში შეიძლება. შემდეგ, თავბრუდამხვევ სასახლეში,
იგი ახსენებს „საყვედურს, რომელიც თითქმის ქენჯნა იყო“. ეს სიტყვებიც ჰომეროსისაა,
რომელმაც იწინასწარმეტყველა მსგავსი საშინელება. ასეთი ანომალიები მაწუხებდა, სხვები -
უფრო ესთეტიკური ხასიათის - ჭეშმარიტების პოვნის საშუალებას მაძლევდნენ. ამ უკანასკნელი
ტიპის ძაფები ისინჯება ბოლო თავში, სადაც წერია, რომ სტამფორდ ბრიჯთან ვიბრძოდი,
ბულაკში სინდბად-მეზღვაურის მოგზაურობების ამბავი გადავწერე, ხოლო აბერდინში
პაპისეული „ილიადას“ ტომები გამოვიწერე. ტექსტი ამბობს: „ბიკანირში ასტროლოგიას
ვასწავლიდი ისევე, როგორც ბოჰემიაში“. ამ განაცხადთაგან არც ერთი არ არის ყალბი,
ნიშანდობლივი კი ისაა, რომ სწორედ ეს ამბები ამოვირჩიე ჩასაწერად. მათგან პირველი მეომარს
შეეფერება, თუმცა შემდეგ ჩანს, რომ მთხრობელისთვის ყურადსაღებია არა იმდენად ომი,
რამდენადაც ადამიანთა ბედი. მომდევნო „ფაქტები“ კიდევ უფრო საგულისხმოდ ჟღერს. ისინი
ფურცელზე ბნელმა, თუმცა ელემენტარულმა მიზეზმა გადამატანინა: ვიცოდი, რომ ეს
პათეტიკური ფაქტები იყო. მაშინ კი არ ჟღერს პათეტიკურად, როცა მათ რომაელი ფლამინიუს
რუფუსი ჰყვება, არამედ მაშინ, როდესაც ჰომეროსი გადმოგვცემს. უცნაურია, რომ XIII საუკუნეში
ჰომეროსმა სინდბადის - მეორე ულისეს - თავგადასავლები ჩაწერა, ხოლო მრავალი ასწლეულის
შემდეგ კიდევ ერთხელ აღმოაჩინა ისეთი ფორმები, როგორიცაა მისი საკუთარი „ილიადა“, თანაც -
ჩრდილოეთის სამეფოში და ბარბაროსულ ენაზე. რაც შეეხება ფრაზას, რომელიც შეიცავს სახელს
„ბიკანირ“, მასში ჩანს, რომ იგი შექმნილია ბელეტრისტის მიერ, რომელსაც - გემების კატალოგის
ავტორისა არ იყოს - ბრწყინვალე სიტყვების მფლობელობა სურდა.[100]
რამდენადაც დასასრული ახლოვდება, ხსოვნაში სახეები აღარ ჩანს, ჩანს მხოლოდ სიტყვები.
უცნაური არ არის, რომ დრომ შეიძლება ერთმანეთში არიოს სახეები, რომლებიც ოდესღაც მე

69
გამომხატავდა, და ისინი, რომლებიც იყო სიმბოლოები პიროვნებისა, ამდენი საუკუნის
განმავლობაში რომ მომყვებოდა ყველგან. მე ჰომეროსი ვიყავი, მალე კი, ულისესი არ იყოს,
აღარავინ ვიქნები, მალე ყველა ადამიანად ვიქცევი, ანუ - მოვკვდები.
P.S. (1950): ზემოთ მოყვანილ პუბლიკაციას მოჰყვა კომენტარები, რომელთა შორის ყველაზე
საგულისხმოა (თუ ყველაზე თავაზიანი არა) ის, რომელიც ბიბლიურადაა სახელდებული:
„მრავალფეროვანი საფარველი“ (მანჩესტერი, 1948). ეს კომენტარი ეკუთვნის დოქტორ ნაჰუმ
კორდოვეროს უკიდურესად მდგრად კალამს და ასამდე გვერდს მოიცავს. მასში ლაპარაკია
ბერძნულ ანთოლოგიებზე, გვიან-ლათინური ტექსტების ანთოლოგიებზე, იმ ბენ ჯონსონზე,
რომელმაც თავისი თანამედროვეები განსაზღვრა ამონარიდებით სენეკადან, ალექსანდრ როსის,
ჯორჯ მურისა და ელიოტის ოსტატობიდან, დაბოლოს, იმ „ამბიდან, რომელიც მიეწერება
ბიბლიოგრაფიული იშვიათობებით მოვაჭრე ჯოზეფ კარტაფილუსს“. პირველ თავში იგი
აღნიშნავს მოკლე ჩანართებს პლინიუსიდან; მეორეში - თომას დე კუინსიდან; მესამეში - იმ
წერილიდან, დეკარტმა რომ მისწერა ელჩ პიერ შანუს; დაბოლოს, ბერნარდ შოუდან. ამ
„ჩარევებიდან“ გამომდინარეობს, რომ მთლიანი დოკუმენტი საეჭვოა და არამართლმაგვარი.
ჩემი აზროვნებისთვის ამგვარი დასკვნა მიუღებელია. „რამდენადაც დასასრული ახლოვდება, -
წერდა კატაფილუსი, - ხსოვნაში სახეები აღარ ჩანს, ჩანს მხოლოდ სიტყვები“. სიტყვები,
სიტყვები, სიტყვები - კონტექსტიდან ამოღებული და დამახინჯებული; სხვა ადამიანთა
სიტყვები: აი, განგაშის ის სიგნალები, რომლებიც კარტაფილუსს საათებმა და საუკუნეებმა
დაუტოვა.

მკვდარი კაცი
ის ამბავი, რომ მამაკაცი ბუენოს-აირესის გარეუბნიდან - განსაზღვრული ჯურის ხულიგანი,
რომლის ერთადერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა მისეულ-თავდავიწყებული ლტოლვა
სიმამაცისკენ - უნდა გაჭრილიყო უშენ ადგილებში, ანუ საცხენე იალაღებზე ბრაზილიის
საზღვართან, და გამხდარიყო კონტრაბანდისტების ბანდის ლიდერი, - ასეთი რამ, ერთი
შეხედვით, შეუძლებელი ჩანს. მათ, ვინც ასე ფიქრობს, მსურს, ვუამბო ამბავი ბენჯამინ
ოტალორასი, რომელიც შესაძლოა აღარავის ახსოვს ბალვანერას შემოგარენში, მაგრამ რომელიც
მოკვდა ისევე, როგორც ცხოვრობდა, ანუ ტყვიამ განგმირა რიო გრანდე დო სულის პროვინციაში.
მე არ ვიცნობ მისი თავგადასავლის ყველა დეტალს და, როცა შევიტყობ, დავაზუსტებ და
განვავრცობ ამ ფურცლებს. ამჯერად კი, ეს მოკლე მონათხრობი შეიძლება გამოდგეს ჭკუის
სასწავლებლად.
1891 წელს ბენჯამინ ოტალორა - ღონიერი ჭაბუკი ვიწრო შუბლით, სერიოზული ლურჯი
თვალებითა და ბასკისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის ენერგიით - ცხრამეტი წლისაა. დანის
იღბლიანმა ჩარტყმამ მას გაუმხილა, რომ მამაცი კაცია. არც მოწინააღმდეგის სიკვდილს
დაუღონებია და არც დაუყოვნებლივ გაქცევას ქვეყნიდან. მისი ოლქის მრევლის უფროსი აძლევს
სარეკომენდაციო წერილს, რომელიც უნდა გადაეცეს კაცს, სახელად - აზევედო ბანდეირას
ურუგვაიში. ოტალორა ჯდება გემზე, რომელიც აჭრაჭუნებული მიარღვევს საზღვაო შტორმს.
მეორე დღეს ოტალორა უკვე უმიზნოდ ხეტიალობს მონტევიდეოს ქუჩებში, გულზე
შემოწოლილი, თუმცა არაღიარებული და, შესაძლოა, შეუგნებელი სევდით. აზევედო
ბანდეირასთან შეხვედრა არ უხერხდება. შუაღამისას, პაზო დელ მოლინოს[101] უნივერსალურ
მაღაზია-ბარში, ოტალორა ესწრება ჩხუბს ორ მენახირეს შორის. იელვებს დანა. ოტალორამ არ იცის,
ვის მიემხროს, მაგრამ ისევე იზიდავს ხიფათის სუნი, როგორც სხვებს - აზარტული თამაშები ან
მუსიკა. საერთო არეულობაში დანას უქნევს პონჩოიან კაცს, რომელსაც ფართოფარფლიანი შავი
ქუდი ახურავს. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ეს კაცი აზევედო ბანდეირაა (როცა ოტალორა ამას
შეიტყობს, სარეკომენდაციო წერილს ხევს, რადგან ამჯობინებს თვითონვე წარმოადგენდეს
ერთადერთ ნდობის მანდატს). მართალია, აზევედო კარგად ჩასხმული, ღონიერი მამაკაცია, მაინც
ყალბისა და არანამდვილის გაუმართლებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მის სახეში (რომელიც
მუდამ მეტისმეტად ახლოა) ერთმანეთს შერწყმია ებრაელი, ზანგი და ინდიელი, მის იერში -
მაიმუნი და ვეფხვი. მთელ სახეზე ჩამოყოლებული ნაიარევი კიდევ ერთი დეკორაციაა, ისევე
როგორც შავად აჯაგრული ულვაში.
სასმლით გამოწვეული შეცდომაა თუ ინსცენირება, ჩხუბი ისევე სწრაფად მთავრდება, როგორც
დაიწყო. ოტალორა სვამს სხვა მენახირეებთან ერთად, მათთან ერთად მიდის საქეიფოდ, მერე კი
ძველ ქალაქში მდგარ დიდ სახლამდე მიჰყვება. ამ მომენტისთვის მზე უკვე მაღლაა ასული ცაში.
ღია უკანა ეზოში კაცები თავ-თავიანთ დახვეულ ქვეშაგებს შლიან. ოტალორა ბუნდოვნად
ადარებს ამ ღამეს წუხანდელ ღამესთან. ამჯერად მყარ ნიადაგზე დგას მეგობრების გვერდით.
უნდა აღიაროს, რომ პაწია ჩხვლეტას გრძნობს სინდისის მხრიდან იმის გამო, რომ ბუენოს-აირესი
არ ენატრება. ლოცვების დაწყებამდე სძინავს, მერე კი იგივე ჯეელი აღვიძებს, წინადღეს

70
მთვრალმა რომ შეუტია ბანდეირას (ოტალორა იხსენებს, რომ ეს კაციც მათთან ერთად იყო; რომ
მათ ერთად დალიეს და ქალაქსაც ერთად შემოუარეს; რომ ბანდეირამ მარჯვენა მხარეს დაისვა და
სასმელიც არ მოაკლო). აი, ეს კაცი აღვიძებს და ეუბნება, ბოსს შენი ნახვა უნდაო. სახლის წინ,
ერთგვარ ოფისში, რომელშიც გრძელი წინკარი მიუძღვება (ოტალორას არასოდეს უნახავს
წინკარი, რომლის კარი გარეთ იღებოდეს), აზევედო ბანდეირა მას ელოდება ჩინებულ,
ქედმაღლური იერის ქალთან ერთად. ქება-დიდებას არ იშურებს ოტალორასთვის, ჭიქაში მწარე
ბრენდის უსხამს, კიდევ უმეორებს, მაგარი ვინმე ჩანხარო, და ეკითხება: ჩრდილოეთისკენ ხომ არ
წახვიდოდი ბიჭებთან ერთად ჯოგის წამოსაყვანადო. ოტალორა იღებს ამ შემოთავაზებას. მეორე
დილის განთიადზე უკვე ტაკუარემბოს გზას ადგანან.
ეს ის მომენტია, როცა ოტალორა ახალ ცხოვრებას იწყებს, დიადი განთიადებისა და ცხენის სუნით
გაჟღენთილი დღეების ცხოვრებას. ეს მისთვის სიახლეა, ზოგჯერ - საშინელი, მაგრამ მაინც
სისხლში გამჯდარი, რადგან როგორც სხვა ქვეყნების ადამიანები ეთაყვანებიან ზღვას და გულის
სიღრმეში გრძნობენ, ისე ჩვენებური მამაკაცები (იმ კაცის ჩათვლით, ვინც ამ ნიშან-სიმბოლოებს
ქსოვს) მიელტვიან დაუსრულებელ ველებს, რომელთა ექო ცხენთა ფლოქვებქვეშ ხმიანობს.
ოტალორა გაიზარდა იქ, სადაც ყოველთვის მრავლად იყვნენ მეურმეები და თასმებით ტყავის
გამწყობები. სულ რაღაც ერთ წელიწადში გაუჩოდ[102] იქცევა. სწავლობს ცხენზე ჯდომას, რემის
თავმოყრას, ცხოველის დაკვლას, ცხენის კისერზე ჩამოსაცმელი ლასოსა და ფეხების შემბორკავი
ბოლას გამოყენებას, დაღლილობის, ქარიშხლის, სიცივეებისა და მცხუნვარე მზის გაძლებას,
პირუტყვის მწყემსვას სტვენა-ყვირილით. მოწაფეობის პერიოდში ერთადერთხელ ხვდება
აზევედო ბანდეირას, თუმცა ყოველთვის იცის, რომ სადღაც იქვეა, რადგან „ბანდეირას კაცად“
ყოფნა სახუმარო საქმე არ არის: ასეთის, არსებითად, ეშინიათ. სულერთია, რამდენი ვაჟკაცური
ძალა და სიმამაცე უნახავთ, გაუჩოების თქმით, ბანდეირა მაინც უკეთ აკეთებს. ერთ-ერთი ამბობს:
ჩემი აზრით, ბანდეირა რიო გრანდე დო სულში დაიბადაო. ეს ფაქტი, რომელმაც მათი შეფასება
ერთი-ორი ნიშნულით ქვემოთ უნდა დასწიოს, ბანდეირას აურას სავსე ტყეების, ჭაობების,
შეუღწეველი და თითქმის უსასრულო მანძილთა ბუნდოვან-ახალი სიმდიდრით მოსავს.
თანდათანობით ოტალორა ხვდება, რომ ბანდეირა ბევრ რამესაა მოკიდებული და რომ მისი
მთავარი საქმე კონტრაბანდისტობაა. მენახირეობა მოსამსახურედ ყოფნას ნიშნავს და ოტალორაც
გადაწყვეტს, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, ანუ კონტრაბანდისტი გახდეს. ერთ ღამეს
მისი ორი კომპანიონი საზღვარზე უნდა გადავიდეს და რამდენიმე პარტია ბრენდი უნდა
გადმოიტანოს. ოტალორა ერთ მათგანს ჩხუბში იწვევს, დაჭრის და მის ადგილს იკავებს. ამბიციაც
ამოძრავებს და, იმავდროულად, ბნელი ლოიალობაც: „ერთხელ და სამუდამოდ ბოსს უნდა
ვუჩვენო, რომ მის ყველა ურუგვაელს ერთად აღებულს ვჯობივარ“.
გადის კიდევ ერთი წელი და ოტალორა მონტევიდეოში ბრუნდება. ჯერ გარეუბნებში მოდიან
ცხენებით, მერე ქალაქში, რომელიც ოტალორას უზარმაზარი ეჩვენება. ბოსის სახლის უკანა ეზოში
კაცებს საწოლები გაუშლიათ. დღე დღეს მიჰყვება, ოტაროლა კი ბანდეირას ვერ ხედავს.
შიშნეულად ამბობენ, ავად არისო. ერთი შავი მამაკაცი ჩაიდანს იღებს და ოტაროლასთან ერთად
მატეს[103] სვამს ამ უკანასკნელის ოთახში. ერთ ნაშუადღევს ოტალორას სთხოვენ, რაღაცები
წაუღოს ბანდეირას. ის თავს დამცირებულად გრძნობს, თუმცა თითქოს ეამაყება კიდეც.
საწოლი ოთახი ბნელია და უბადრუკი. აქვს აივანი, რომელიც დასავლეთს გაჰყურებს, გრძელი
მაგიდა, რომელზეც უწესრიგოდ ყრია შოლტები და მათრახები, მოსართავები, რევოლვერები და
დანები, შორეულ კუთხეში - დაბინდულშუშიანი სარკე ჩანს. ბანდეირა ზურგზე წევს, თვლემს და
შიგადაშიგ გმინავს. პირდაპირ ეცემა დაისის მზის უკანასკნელი მცხუნვარება. დიდი თეთრი
საწოლი ბანდეირას უფრო პატარას და რაღაცნაირად მეტად ბუნდოვანს აჩენს. ოტალორა ამჩნევს
მის ჭაღარა თმას, დაქანცულობას, უძლურებას და ასაკის მანიშნებელ ღარებს. უეცრად
აღიზიანებს იმის გაფიქრება, რომ, აი, ეს მოხუცი აძლევს მათ ბრძანებებს. ერთი ჩხვლეტა
საკმარისი იქნება ამ ყველაფრის მოსაგვარებლადო, ფიქრობს ოტალორა. სწორედ ამ დროს ხედავს
სარკეში, რომ ოთახში კიდევ ვიღაც არის. ის წითურთმიანი ქალი შემოსულა - ფეხშიშველი,
სანახევროდ ჩაცმული - და ცივი ცნობისწადილით უყურებს ოტალორას. ბანდეირა წამოჯდება.
სანამ ლაპარაკობს და მატეს მატეზე წრუპავს, თითებით ქალის თმას ეთამაშება. ბოლოს,
ოტალორას წასვლის ნებას რთავს.
რამდენიმე დღის შემდეგ ისინი კვლავ ჩრდილოეთისკენ გამგზავრების ბრძანებას იღებენ. მიდიან
ღვთისგან დავიწყებულ ერთ რანჩომდე (რომელიც ყველგან შეიძლება იყოს) უსასრულო ველების
შუაგულში. ამ ლანდშაფტს არც ხე არბილებს და არც მდინარე. პირველი სხივიდან
უკანასკნელამდე მზე უმოწყალოდ ეღვრება ზედ. არის ქვის ბაკები გრძელრქიანი და ბეჩავი
პირუტყვისთვის. ამ საბრალო ადგილს ჰქვია El Suspiro - ოხვრა. დაქირავებული მუშებისგან
ოტალორას ესმის, რომ ბანდეირა მალე ამოვა მონტევიდეოდან. რა მიზნითო, იკითხავს, და ვიღაც
უხსნის: აქ უცხოელია, ვითომც გაუჩო, მეტისმეტად მაღალი აზრის საკუთარ თავზეო. ოტალორა

71
ამას ხუმრობად იღებს, თუმცა ნასიამოვნებია, რომ ასეთი ხუმრობა შესაძლებელია. მოგვიანებით
შეიტყობს, რომ ბანდეირას ჩხუბი მოსვლია რომელიღაც პოლიტიკოსთან, რომელსაც უკან წაუღია
თავისი მფარველობა. ოტალორას სიამოვნებს ეს სიახლე.
მოაქვთ იარაღიანი ყუთები, ვერცხლის პირსაბანი და დოქი ქალის ოთახისთვის,
დახვეწილორნამენტებიანი ფარდები. ერთ დილას მთიდან სქელწვერა და პონჩოიანი მხედარი
ეშვება. ულპიანო სუარესი ჰქვია და ბანდეირას ბრიგადირია. ძალიან ცოტას ლაპარაკობს და, როცა
ხმას იღებს, მის მეტყველებას რაღაც ბრაზილიური დაჰკრავს. ოტალორა ვერ ხვდება, რას მიაწეროს
ამ კაცის თავშეკავება: მტრულ განწყობას, ზიზღს თუ, უბრალოდ, სიველურეს, თუმცა იცის, რომ
თავისი გეგმის განსახორციელებლად ამ კაცის კეთილგანწყობა სჭირდება.
ამ მომენტში ბენჯამინ ოტალორას ცხოვრებაში იჭრება წაბლა ცხენი შავი ფეხებით, ფაფრითა და
დრუნჩით. აზევედო ბანდეირას ეს ცხენი სამხრეთიდან მოჰყავს. მისი სადავეცა და სხვა
მოსართავებიც ვერცხლით არის დაწინწკლული, ხოლო უნაგირზე იაგუარის ტყავი გადაუკრავთ.
ეს უჩვეულო ცხენი ბოსის აღმატებულობის სიმბოლოა. აი, რატომ უჩნდება ჭაბუკს ლტოლვა ამ
პირუტყვისკენ და, ამასთანავე, შურით აღსავსე ლტოლვა მანათობელთმიანი ქალისადმი. ქალი,
მოსართავები, ცხენი: აი, ატრიბუტები (მახასიათებლები) კაცისა, რომლის განადგურებასაც
ოტალორა აპირებს.
აქ ეს ამბავი უფრო ღრმავდება და უფრო რთულდება. აზევედო ბანდეირა სრულყოფილად ფლობს
მზარდი დამცირების ხელოვნებას, სატანურ უნარს - ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაამციროს
თანამოსაუბრე ჭეშმარიტებათა და თავის დაძვრენების კომბინირებით. ოტალორა გადაწყვეტს
გამოიყენოს იგივე ორაზროვანი მეთოდი იმ მძიმე ამოცანის განსახორციელებლად, თავს რომ
დაუსახა. ფიქრობს, რომ ნელ-ნელა განზე გასწევს აზევედო ბანდეირას. საერთო საშიშროების
დღეებში ახერხებს მოიპოვოს სუარესის ნდობა. მერე თავის გეგმასაც აცნობს და ისიც დახმარებას
აღუთქვამს. მომდევნო ამბებიდან ზოგი რამ ჩემთვის ცნობილია: ოტალორა არ ემორჩილება
ბანდეირას, ივიწყებს ან აუმჯობესებს მის ბრძანებებს, ზოგჯერ კი უკუღმა ასრულებს. სამყარო
თითქოს თანაუგრძნობს მას და მოვლენები სწრაფად ვითარდება. ერთ შუადღეს ატყდება
ორმხრივი სროლა რიო გრანდე დო სულას კაცებთან ტაკუარემბოს მომიჯნავე ველებზე. ოტალორა
ახერხებს ბანდეირას უფლებათა უზურპირებას და თვითონვე აძლევს ბრძანებებს ურუგვაელებს.
თვითონ მხარში იჭრება, თუმცა იმ ნაშუადღევს ელ სუსპიროში ბრუნდება ბოსის წაბლა ცხენით,
იმავე ნაშუადღევს იაგუარის ტყავგადაკრულ უნაგირს რამდენიმე წვეთი სისხლი ეწვეთება, იმ
ღამეს კი თმამოელვარე ქალთანაც წვება. სხვა ვერსიებში შეცვლილია ამ ცდომილებათა
თანმიმდევრობა და ისიც კი უარყოფილია, რომ ეს ყველაფერი ერთსა და იმავე დღეს მოხდა.
მაგრამ სახელით მაინც ბანდეირა რჩება ბოსი: იძლევა ბრძანებებს, რომლებიც არ სრულდება.
ბენჯამინ ოტალორა არასოდეს ეხება მას, თუ არა ჩვევისა და სიბრალულის ერთგვარი ნარევით.
ამ ისტორიის ბოლო სცენა 1894 წლის უკანასკნელ ღამეში თამაშდება. იმ ღამეს ელსუსპიროელი
კაცები ახალდაკლულ ბატკანს ჭამენ და მაგარ ლიქიორს სვამენ. ვიღაც გაუთავებლად აჟღარუნებს
მილონგას[104]. სუფრის თავში მთვრალი ოტალორა ზის, დღესასწაულისგან დღესასწაული
გამოჰყავს, ზეიმს ზეიმზე ახვავებს და ეს თავბრუდამხვევი კოშკი სწორედაც მისი უმოწყალო
ბედის სიმბოლოა. ბანდეირა უსიტყვოდ ზის ამ გაყოყოჩებულ მოტრაბახე კაცებში და არაფრით
აბრკოლებს ღამის ხმაურიან სვლას. როცა, ბოლოს და ბოლოს, საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს,
წამოდგება, როგორც კაცი, რომელსაც წინდაწინ დანიშნული შეხვედრა გაახსენდა. ქალის
ოთახთან მიდის და მსუბუქად აკაკუნებს კარზე. ისიც იმწამსვე აღებს, თითქოს ამ კაკუნს
ელოდაო, და გარეთ გამოდის შიშველი ფეხებითა და ნახევრად შემოსილი სხეულით.
- რაკი შენ და იმ ქალაქელ ფრანტს ერთმანეთი გიყვართ, მიდი და აკოცე ყველას თანდასწრებით! -
უბრძანებს ბოსი ნაზი და შემპარავი ხმით და ამ სიტყვებს უხამს დეტალსაც ამატებს. ქალი
ცდილობს შეეწინააღმდეგოს, მაგრამ ორი კაცი მკლავებით ბღუჯავს, ჰაერში სწევს და ზედ ამხობს
ოტალორას. ცრემლებმოღვარღვარე ქალი მას სახესა და მკერდს უკოცნის, ულპიანო სუარესი კი
თოფს ესვრის. სანამ სულს დალევდეს, ოტალორა ხვდება, რომ პირველივე წამიდან გაყიდეს,
სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, საშუალება მისცეს - ჰყვარებოდა, ეხელმძღვანელა და
გაემარჯვა, რადგანაც, პრაქტიკულად, ის უკვე მკვდარი იყო. ჰო, ბანდეირასთვის, ის მკვდარი იყო.
სუარესი ისვრის - თითქმის ღიმილით.

თეოლოგები
ჰუნებმა ცხენებით გაიარეს აოხრებული ბაღები, შებილწული საკურთხევლები და თას-ბარძიმი.
შევიდნენ მონასტრის ბიბლიოთეკაში, მათთვის გაუგებარი წიგნები დახიეს, შეურაცხყვეს და
ცეცხლს მისცეს. ეგებ შიშობდნენ, რომ წიგნებში დაწერილი ასოები შეინახავდნენ წყევლას მათი
ღმერთის საწინააღმდეგოდ, ღმერთისა, რომელიც იყო რკინის მოღუნული ხმალი. დაწვეს

72
პალიმფსესტები და კოდექსები... მაგრამ შუაგულ ცეცხლში, ფერფლსა და ნაცარში იდო
არსებითად უვნებელი მეთორმეტე ტომი თხზულებისა Civitas Dei,[105] რომლის მიხედვითაც
პლატონი ოდესღაც ასწავლიდა, რომ დროის დასასრულს ყველა საგანი დაბრუნდება იქ, სადაც
თავდაპირველად იყო... რომ ოდესმე თვითონაც ადამიანთა იმავე წრეს იმავე მოძღვრებას
ასწავლიდა ათენში. ცეცხლის ალს გადარჩენილ ტექსტს საგანგებო მოწიწება ელოდა. მათ, ვინც ეს
ტექსტი წაიკითხა და კიდევ გადაიკითხა იმ შორეულ პროვინციაში, დაავიწყდათ, რომ ავტორმა
მხოლოდ იმ მიზნით წამოსწია წინ თავისი მოძღვრება, რომ მერე უფრო მკვეთრად უკუეგდო. ასი
წლის შემდეგ აურელიანმა, აკვილეის ეპისკოპოს-კოადიუტორმა, შეიტყო, რომ დუნაის ნაპირებზე
ახალშექმნილი სექტა სახელად „მონოტონი“ (ან „ანულარი“) ამტკიცებდა: ისტორია წრეზე
მოძრაობს და ყველაფერი, რაც უწინ არსებობდა, ისევ იარსებებსო. მთაში ჯვარს ბორბალი და
გველი შეენაცვლა. ყველას შიში ჩაუდგა გულში, თუმცა ყველა ანუგეშა გავრცელებულმა ხმამ, რომ
იოანე პანონიელი, რომელმაც სახელი გაითქვა ტრაქტატით ღვთის მეშვიდე ატრიბუტზე, ამ
საზარელი ერესის[106] უკუსაგდებად ემზადებოდა.
აურელიანს საგონებელში აგდებდა მთელი სიტუაცია, განსაკუთრებით - უკანასკნელი განაცხადი.
იცოდა, რომ თეოლოგიაში ვერავინ შემოიტანდა სიახლეს უსაფრთხოდ. მერე დაფიქრდა:
წრიულად მბრუნავი დროის ცნება მეტისმეტად უცნაურია, მეტისმეტად შოკში ჩამგდები,
რადგანაც საფრთხე ნამდვილად სერიოზულიაო (ჩვენ ხომ მხოლოდ ისეთი ერესის უნდა
გვეშინოდეს, რომელიც შეიძლება ორთოდოქსიაში აგვერიოს). ყველაზე მეტად დაამწუხრა იოანე
პანონიელის შემოჭრამ. ორი წლით უფრო ადრე იოანეს სიტყვაუხვი ტრაქტატი De septima affectione
Dei sive de aeternitate[107] თვით აურელიანის კომპეტენციაშიც შეიჭრა. ახლა კი, დროის პრობლემა
თითქოს მხოლოდ და მხოლოდ მას ეკუთვნისო, იოანემ პირობა დადო, „ანულარის“ ჭკუას
ვასწავლიო (ეჭვი არ არის, პროკრუსტეს შესატყვისი არგუმენტებით და თვით გველზე უფრო
საშინელი წამლებით...). იმ ღამით, აურელიანი ფურცლავდა პლუტარქეს ძველ დიალოგს,
რომელიც ეხებოდა ორაკულის წინასწარმეტყველებათა შეწყვეტას. ოცდამეცხრე პარაგრაფში
ამოიკითხა ქილიკი სტოიკოსთა წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ სამყაროთა უსასრულო
წრებრუნვის იდეას უსასრულო მზეებით, მთვარეებით, აპოლონებით, არტემიდეებითა და
პოსეიდონებით. ამ პასაჟამდე მისვლა აურელიანისთვის კარგი ნიშანი იყო. გადაწყვიტა,
გადაპარულიყო იოანე პანონიელის ტერიტორიაზე და თვითონვე უკუეგდო ბორბლის
ერეტიკოსები.
არიან ისეთები, ვინც იმისთვის ეძებს ქალის სიყვარულს, რომ აღარ იფიქროს, თავიდან ამოიგდოს
იგი. სწორედ ასევე სურდა აურელიანს, აღმატებოდა იოანე პანონიელს არა იმისთვის, რომ
რაიმეთი ევნო, არამედ იმ მიზნით, რომ თვითონვე განკურნებულიყო ღვარძლისგან, რომელსაც ამ
კაცისადმი ატარებდა. მისი გაფიცხება ჩააცხრო თვით სამუშაომ: სილოგიზმების შეკოწიწებამ და
შეურაცხყოფის შეთხზვამ. ნელ-ნელა აურელიანს ბოღმა ჩაუცხრა, რაკი ააგო ვრცელი
ლაბირინთულ-ფერადოვანი რიტორიკა, რომელიც გაუვალი გახადა ფრაზების დახვავებით
ერთიმეორეზე, ფრაზებისა, რომლებშიც დაუდევრობა და ცუდი გრამატიკა უგულებელყოფის
გამოხატულება იყო. მან კაკაფონიის ინსტრუმენტი შექმნა. წინდაწინ განჭვრიტა, რომ იოანე
წინასწარმეტყველის სიმძიმით დაატყდებოდა თავს „ანულარის“. გადაწყვიტა, პრობლემას სხვა
კუთხიდან მისდგომოდა და სამოქმედო იარაღად ქილიკი აირჩია. ავგუსტინე წერდა: იესო არის
პირდაპირი გზა, რომელსაც ადამიანები გამოჰყავს წრიული ლაბირინთიდან, სადაც ცოდვილნი
დაძრწიანო. აურელიანმა ყოვლად ტრივიალურად შეადარა ცოდვილი ადამიანები იხთიონს,
პრომეთეს ღვიძლს, სიზიფეს, თებეს იმ მეფეს, რომელმაც ორი მზე დაინახა, ენაბრგვილობას,
თუთიყუშებს, სარკეებს, ექოებს, ერთფეროვან სამუშაოზე მიბმულ კამეჩებსა და ორრქიან
სილოგიზმებს (წარმართული ზღაპრები დროს გადაურჩა, თუმცა დეკორაციაზე დავიდა). როგორც
ყველა ის ადამიანი, ვისაც ბიბლიოთეკა აქვს, აურელიანს აწუხებდა დანაშაულის განცდა, რომ არ
იცნობდა თავის ბიბლიოთეკაში თავმოყრილ ყველა წიგნს. ამ პოლემიკის წყალობით წაიკითხა
მრავალი ტომი, რომლებიც თითქოს საყვედურობდნენ ამ უცოდინარობას. ასე მოხდა, რომ
აურელიანმა თავის ტექსტში ჩართო ნაწყვეტი ორიგენეს „პრინციპებიდან“, სადაც ავტორი
უარყოფს იმ აზრს, რომ იუდა ისკარიოტელი კიდევ ერთხელ გაყიდის უფალს და რომ პავლე
კიდევ ერთხელ დაესწრება წმინდა სტეფანეს წამებას იერუსალიმში. ჩართო კიდევ ერთი
ნაწყვეტი ციცერონიდან, სადაც ეს უკანასკნელი დასცინის იმათ, ვისაც ეზმანება, რომ სანამ
ციცერონი ლუცილუსს ელაპარაკება, სხვა ლუცილუსებისა და ციცერონების უსასრულო
რაოდენობა ზუსტად იმავე სიტყვებს ამბობს უსასრულო რაოდენობის ერთნაირ სამყაროებში.
გარდა ამისა, გათათხა „მონოტონი“ პლუტარქესეული ტექსტით, რომელშიც ლაპარაკია
ორაკულების გაქრობაზე, და გაკიცხა სკანდალური ფაქტი, რომ კერპთაყვანისმცემლისთვის
უფრო მეტს ნიშნავს lumen naturж[108], ვიდრე ღვთის სიტყვა - „მონოტონისთვის“. ამ ყველაფრის
თხზვას აურელიანმა ცხრა დღე შეალია, მეათე დღეს კი იოანე პანონიელის მიერ დაწერილი
უარყოფის ასლი მიიღო.
თითქმის სასაცილოდ მოკლე უარყოფა იყო. აურელიანმა ჯერ ზიზღით დახედა, მერე - ცუდი

73
წინათგრძნობითაც. პირველ ნაწილში მოყვანილი იყო ებრაელებისადმი ეპისტოლეს მეცხრე თავის
ბოლო სტრიქონები, სადაც წერია, რომ იესოს მრავალგზის არ უტანჯია მას შემდეგ, რაც
ქვეყნიერება შეიქმნა, არამედ ჯვარს ეცვა ახლა, ერთადერთხელ, „ქვეყნიერების აღსასრულის
ჟამს“. მეორე ნაწილში მოყვანილი იყო ბიბლიური მითითება, რომელიც ეხებოდა წარმართთა „ამაო
გამეორებებს“ (მათე, 6,7), და პლინიუსის მეშვიდე წიგნის ის პასაჟი, რომელიც ხოტბას ასხამს
ფაქტს, რომ ამ ვრცელ სამყაროში არსად მოიპოვება ორი ერთნაირი სახე. იოანე პანონიელი
აცხადებდა: არც ორი ერთნაირი სული არსებობს და თვით უმდაბლესი ცოდვილიც ისეთივე
მშვენიერია, როგორიც იესო ქრისტეს მიერ მისთვის დათხეული სისხლიო. მისი თქმით, ერთი
ადამიანის მოქმედება უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე ცხრა კონცენტრული ცა. ხოლო ცდომილი
ფიქრი, რომ ეს სახე შეიძლება გაქრეს და ისევ დაბრუნდეს, სხვა არაფერია, თუ არა ეფექტური
სიბრიყვე. დრო არ აღადგენს იმას, რასაც ჩვენ ვკარგავთ: მარადისობა მას დიდებისთვისაც ინახავს
და ცეცხლისთვისაც. იოანეს ტრაქტატი იყო ნათელი, უნივერსალური, თითქოსდა დაწერილი არა
რომელიმე კონკრეტული, არამედ ნებისმიერი ან, შესაძლოა, ყველა ადამიანის მიერ.
აურელიანმა თითქმის ფიზიკურად იგრძნო დამცირება. ჯერ იფიქრა: ჩემს ხელნაწერს მოვსპობ ან
გადავწერო, მერე კი, უხალისო კეთილსინდისიერებით, ისე, რომ ერთი ასოც არ შეუცვლია, ეს
ხელნაწერი რომში გაგზავნა. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა პერგამოს საბჭო შეიკრიბა, თეოლოგი,
რომელსაც დაევალა „მონოტონის“ ცდომილებათა უკუგდება, აღმოჩნდა იოანე პანონიელი. მისი
განსწავლული, გამოზომილი უარყოფა შეიქნა სწორედ ის არგუმენტი, რომელმაც განაჩენი
გამოუტანა ერეტიკული მიმდინარეობის დამფუძნებელ ევფორბუსს. „ეს ერთხელ მოხდა და
კიდევ მოხდება, - თქვა ევფორბუსმა, - შენ ერთ სამგლოვიარო კოცონს კი არ ანთებ, არამედ
ცეცხლის მთელ ლაბირინთს. აქ რომ შეგროვებულიყო ყველა ცეცხლი, რომელზეც მე დავიწვი,
დედამიწაზე არ დაეტეოდა და ანგელოზებიც დაბრმავდებოდნენ. ეს სიტყვები მე ბევრგზის
წარმოვთქვი“. მერე აყვირდა, რადგან ცეცხლის ენებმა შთანთქა.
ბორბალი დაემხო ჯვრის წინაშე, მაგრამ ფარული ბრძოლა იოანესა და აურელიანს შორის
გაგრძელდა. ეს ორი კაცი ერთი და იმავე არმიის ჯარისკაცი იყო, ერთ ჯილდოს ესწრაფოდა, ერთსა
და იმავე მტერს ებრძოდა. მაგრამ აურელიანს მაინც არ დაუწერია არც ერთი სიტყვა, რომელიც -
თუნდაც მისგან აუღიარებლად - მიზნად არ ისახავდა აღმატებას იოანეზე. მათი დუელი
უხილავად მიმდინარეობდა. თუ შემიძლია ვენდო მიგნეს „პატროლოგიაში“ მოცემულ ვრცელ
მითითებებს, შთამომავლობისთვის თავმოყრილ აურელიანის მრავალტომეულში არაერთგზის
ფიგურირებს სხვა კაცის სახელი (თვით იოანეს ნაწერებიდან სულ ოცი სიტყვა შემოგვრჩა). ორივე
მისტიროდა კონსტანტინოპოლის მეორე კრების ანათემებს; ორივე სდევნიდა არიელებს,
რომლებიც უარყოფდნენ ძის მარადიულ შთამომავლობას; ორივემ დაადასტურა კოზმას
Topographia christiana[109], რომელიც ასწავლიდა, რომ დედამიწა ებრაული კარავივით
კვადრატულია. მერე კი, სამწუხაროდ, დედამიწის ოთხივე კუთხეს კიდევ ერთი მძაფრი ერესი
მოედო. თავდაპირველად ეგვიპტეში ან აზიაში გაჩენილი სექტა (მოსაზრებები განსხვავდება და
ბუსე არ ცნობს ჰარნაკის არგუმენტებს) სწრაფად გავრცელდა აღმოსავლურ პროვინციებში და
სამლოცველოებიც აიგო მაკედონიაში, კართაგენსა და ტრევში. თითქოს უკვე მთელ ქვეყნიერებას
მოედო. ხალხის თქმით, ბრიტანეთის ეპარქიაში ჯვრები თავდაყირა დაკიდეს, კესარიაში კი
უფლის სახება სარკით შეცვალეს. ამ ახალ ერეტიკოსთა ემბლემებს სარკე და ვერცხლის მონეტა
წარმოადგენდა.
ისტორია მათ ბევრი სახელით იცნობს (სპეკულარები, აბისმალები, კაინიტოები), მაგრამ ყველაზე
ფართოდ გავრცელებულია ჰისტრიონები, - სახელი, რომელიც მათ აურელიანმა მისცა და რომელიც
მათ გამომწვევად მიიღეს კიდეც. ფრიგიაში მათ სიმულაკრებს ეძახდნენ, დარდანიაშიც. იოანე
დამასკელმა ისინი ფორმებად მონათლა. მართებული იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ერფიორდი
მათ არაკანონიკურ მოძრაობად მიიჩნევს. არ არსებობს ერესოლოგი, შოკს რომ არ განიცდიდეს,
როცა გადმოსცემს მათ ველურ ჩვეულებებს. ბევრი ჰისტრიონი აღიარებდა ასკეტიზმს. ზოგმა
თავი დაისახიჩრა, როგორც ორიგენემ. სხვები მიწის ქვეშ, კანალიზაციის მილებში ცხოვრობდნენ.
ზოგმა თვალები დაითხარა. კიდევ სხვები (ნიტრიელი ნაბუქოდონოსორები) „ხარებივით
წიწკნიდნენ ბალახს, თმა კი არწივის ბუმბულივით ეზრდებოდათ“. მათთვის ჩვეული ხორცის
მოკვდინება და სიმკაცრე ზოგჯერ დანაშაულში გადაიზრდებოდა ხოლმე. ჰისტრიონების
ზოგიერთი თემი ქურდობასაც იტანდა, სხვები - მკვლელობას, კიდევ სხვები - სოდომიას, ინცესტს,
სიმხეცეს. ყველა ჰისტრიონი ღვთისმგმობი იყო. წყევლიდნენ არა მხოლოდ ქრისტიანულ ღმერთს,
არამედ თვით საკუთარი პანთეონის იდუმალ ღმერთებსაც. იკრიბებოდნენ, რათა დაეწერათ
საკრალური ტექსტები, რომელთა გაქრობა დიდი დანაკლისია სწავლულთათვის. 1658 წელს სერ
თომას ბრაუნი წერდა: „დრომ გაანადგურა პატივმოყვარე ჰისტრიონების სახარებები, თუმცა ასე
არ მოექცა ლანძღვა-თათხვას, რომლითაც გმობდნენ მათ ბიწიერებას“. ერფიორდის აზრით, ეს
„თავდასხმები“ (შემონახული ბერძნულ ხელნაწერ წიგნებში) თვითონ წარმოადგენს დაკარგულ
სახარებებს. სანამ არ გავიხსენებთ ჰისტრიონულ კოსმოლოგიას, ასეთი მოსაზრებები გაუგებარი
დაგვრჩება.

74
ალქიმიურ წიგნებში წერია, რომ „მიწიერი საგნები აირეკლავს ზეციურ საგნებს და პირიქით“.
ზოჰარი გვეუბნება, მიწიერი სამყარო ზეციურის ანარეკლიაო. ჰისტრიონებმა თავიანთი
მოძღვრება ამ იდეის გაუკუღმართებულ სახეს დააფუძნეს. მათ გამოიხმეს მათესეული სიტყვები
(„და მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა“, მათე, 6, 12,
„ცათა სასუფეველი იიძულების“) იმის დასამტკიცებლად, რომ მიწა ზემოქმედებს ზეცაზე. ისინი
ციტირებდნენ პავლეს სიტყვებს („რამეთუ ვხედავთ აწ, ვითა სარკითა და სახით, ხოლო მაშინ
პირსა პირისპირ“, კორინთ. I, 13, 12), რათა ემტკიცებინათ, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ,
ყალბია. ვინ იცის, იქნებ „მონოტონითაც“ მოწამლულნი, ისინი წარმოიდგენდნენ, რომ ყოველი
კაცი ორი ადამიანია და რომ ამ ორიდან ნამდვილი ისაა, რომელიც ცაშია. ისიც წარმოედგინათ, რომ
ჩვენი მოქმედებები საპირისპირო ანარეკლს ისროდნენ, ანუ როცა ჩვენ გვღვიძავს, ჩვენს ორეულს
სძინავს; თუ ჩვენ ვმრუშობთ, ის ღვთისმოსავად ცხოვრობს; თუ ჩვენ ვიპარავთ, ის - მეორე -
დიდსულოვნად გასცემს. როდესაც ვკვდებით, ჰისტრიონების რწმენით, ჩვენ მას შევხვდებით და
იმად ვიქცევით. სხვა ჰისტრიონებს სწამდათ, რომ ქვეყნიერების აღსასრული მაშინ დადგებოდა,
როცა მისი შესაძლებლობების რიცხვი ამოიწურებოდა. თუ არავითარი გამეორება აღარ მოხდება,
მართალი ადამიანები ვალდებული არიან აღმოფხვრან (ანუ ჩაიდინონ) ყველაზე საზარელი
აქტები, რათა ამ აქტებმა აღარ შესვარონ მომავალი და იესოს საბრძანებლის მოსვლაც დაჩქარდეს.
რწმენის ეს კონკრეტული პუნქტი უარყვეს სხვა სექტებმა, რომლებმაც გაიზიარეს ის, რომ
ქვეყნიერების ისტორია თითოეულ ადამიანში უნდა გათამაშდეს. ადამიანთა დიდი ნაწილი,
როგორც პითაგორა, ბევრ სხეულს გამოიცვლის, სანამ გათავისუფლდება. ზოგიერთები,
პროტევსისა არ იყოს, „ერთი ცხოვრების განმავლობაში არიან ლომები, დრაკონები, ტახები, არიან
წყალი და არიან ხე“. დემოსთენე ლაპარაკობს განწმენდაზე ტალახით, რომელსაც ინიცირებულები
ისვამდნენ, რაც შედიოდა ორფიკულ მისტერიებში. ანალოგიურად, პროტევსელები ეძებდნენ
განწმენდას ბოროტების წიაღ. კარპოკრატელებისა არ იყოს, მათაც სწამდათ, რომ ვერავინ გამოვა
ციხიდან, სანამ უკანასკნელი ვერცხლის მონეტა გადახდილი არ არის („გეუბნები, შენ ვერ გახვალ
იქიდან, ვიდრე უკანასკნელ წვლილსაც არ მისცემ“, ლუკა, 12,59) და ხშირად აბიაბრუებდნენ
ცოდვილებს ამ სიტყვებითაც: „მე მოვედი, რათა ცხოვრება ჰქონდეთ და უფრო მეტი ჰქონდეთ“
(იოანე, 10,10). იმასაც ამბობდნენ, ბოროტების არჩადენა სატანურ ქედმაღლობას ნიშნავსო...
ჰისტრიონებმა შექმნეს ბევრი და სხვადასხვაგვარი მითოლოგია. ზოგი მათგანი ქადაგებდა
ასკეტიზმს, სხვები - მოქმედების თავისუფლებას, ყველა ერთად - ჩახლართულობას. თეოპომპუსი
- ბერენისელი ჰისტრიონი - უარყოფდა ყოველგვარ იგავს და ამბობდა: ყოველი ადამიანი არის
ღვთაების მიერ პროეცირებული ორგანო, რომელმაც ქვეყნიერება უნდა შეიცნოსო.
აურელიანის ეპარქიაში ისინი კი არ იყვნენ ერეტიკოსები, ვინც ამტკიცებდა, თითოეული
მოქმედება ზეცაში ირეკლებაო, არამედ უფრო ისინი, რომლებიც ამბობდნენ, დრო გამეორებებს
ვერ იტანსო. ეს იყო განსაკუთრებული გარემოება, რომელიც რომის ხელისუფალთათვის
დაწერილ ანგარიშში აურელიანმა ახსენა. პრელატი, რომელმაც ეს ანგარიში მიიღო, იმპერატორის
თანამეცხედრის სულიერი მამა იყო და ყველამ იცოდა, რომ ეს მომთხოვნი მინისტრი თავის
სულიერ შვილს უკრძალავდა თვითნებურ ტკბობას სპეკულაციური თეოლოგიით. მის მდივანს -
წარსულში იოანე პანონიელის ერთ-ერთ თანამშრომელს, ამჯერად მასთან უმძრახად მყოფს -
მწვალებელთა ყველაზე გულმოდგინე ინკვიზიტორად იცნობდნენ. თავის ანგარიშს აურელიანმა
დაურთო ჰისტრიონული ერესის განმარტება, როგორც ის ფორმულირებული იყო გენუისა და
აკვილეის ფარულ შეკრებებზე. რამდენიმე აბზაცი რომ დაწერა და სცადა იმ საშინელი თეზისის
ჩაწერაც, რომლის მიხედვითაც არ არსებობს ორი ერთნაირი მომენტი, კალამი შეუჩერდა. საჭირო
სიტყვებს ვერ პოულობდა. ახალი მოძღვრების შეგონებები მეტისმეტად მანერული და
მეტაფორული იყო საიმისოდ, რომ ფურცელზე გადმოეტანა („ნახავდი, რაც არც ერთი ადამიანის
თვალს არ უნახავს? შეხედე მთვარეს. მოისმენდი, რაც არც ერთ ყურს არ სმენია? მიაყურადე
ფრინველის ძახილს. შეეხებოდი, რასაც არც ერთი ხელი არ შეხებია? ხელი დაადე მიწას. ხოლო მე
გეტყვი ჭეშმარიტად, რომ ქვეყნიერების შექმნა ღმერთისგან ჯერ კიდევ წინ არის“). შემდეგ
აურელიანს უეცრად ის ოცსიტყვიანი ფრაზა ამოუტივტივდა და სიხარულით მიანდო ფურცელს.
თუმცა მეორე წამსვე შეაწუხა განცდამ, რომ ეს ფრაზა სხვას ეკუთვნის და მეორე დღესღა
გაახსენდა, რომ ის მრავალი წლის წინ ჰქონდა წაკითხული იოანე პანონიელის თხზულებაში
„Adversus Annulares“[110]. მოიძია და - მიაგნო. აურელიანს გაურკვევლობა ფლეთდა. ამ სიტყვების
შეცვლა ან გამოტოვება მისი ანგარიშის დასუსტებას ნიშნავდა, ხოლო ასე შეუცვლელად ჩასმა -
პლაგიატობას მისგან მოძულებულ კაცთან დაკავშირებით. თუ პირველწყაროს მიუთითებდა, ეს
დაბეზღებას ნიშნავდა. აურელიანი ღვთის შეწევნას ელოდა. მეორე მწუხრის დადგომისას მისმა
მფარველმა ანგელოზმა შუალედური გზა ურჩია. აურელიანმა სიტყვები შეინარჩუნა, თუმცა წინ
ეს უარყოფა წაუმძღვარა: „ის, რასაც დღეს ერესის დამფუძნებლები ყმუიან რწმენის ასამღვრევად,
უკვე ითქვა ამ საუკუნეში - უფრო სულიერი სიმჩატით, ვიდრე ზადით - ეკლესიის ყოვლად
განსწავლული თეოლოგის პირით“.
მერე კი მოხდა რაღაც გარდაუვალი, რისიც მას ეშინოდა და რისი იმედიც ჰქონდა: აურელიანს

75
მოსთხოვეს გაემჟღავნებინა ეკლესიის იმ თეოლოგის სახელი. ამის შედეგად, იოანე პანონიელს
ერეტიკულ შეხედულებათა მიმხრობა დაჰბრალდა.
ოთხი თვის შემდეგ, ჰისტრიონების მცდარი წარმოდგენებით შეცდომაში შეყვანილმა
ავენტინელმა მჭედელმა თავის პატარა ვაჟიშვილს დიდი რკინის ბურთი დაჰკიდა მხრებზე, რათა
მისი ციური ორეული გაფრენილიყო. ბიჭუნა მოკვდა. ამ დანაშაულისგან დაძრულმა საშინელების
ტალღამ იძულებული გახადა იოანეს მსაჯულები სრულებით მიუტევებელნი ყოფილიყვნენ
მისდამი. ბრალდებული უკან არ წაიღებდა თავის სიტყვას. დროდადრო იმეორებდა: ჩემი
მსჯელობის უარყოფა „მონოტონის“ მომწამვლელ ერესში ჩავარდნა იქნებაო. არ ესმოდა (ან არ
სურდა გაეგო), რომ „მონოტონიზე“ საუბარი ნიშნავდა საუბარს რაღაც ისეთზე, რაც ამჟამად უკვე
დავიწყებული იყო. ერთგვარი მიხრწნილი სიჯიუტით, იგი ძველი ჩივილებისგან საუკეთესოებს
აფრქვევდა, მაგრამ ამჯერად მსაჯულები არც კი უსმენდნენ იმას, რამაც ოდესღაც შოკში ჩააგდო.
უფრო იმისთვის, რომ ჰისტრიონიზმის უმცირესი ლაქაც კი ჩამოერეცხა, იოანემ გააორმაგა
ძალისხმევა იმის დასამტკიცებლად, რომ გამონათქვამი, რომლისთვისაც ბრალი დაედო,
პირწმინდად ორთოდოქსული იყო. იგი ეკამათებოდა ადამიანებს, რომელთა ვერდიქტზეც მისი
სიცოცხლე ეკიდა, მან კი უკიდურესად არასწორი ნაბიჯი გადადგა თავისი გენიითა და სარკაზმით.
26 ოქტომბერს, სამდღიანი დებატების შემდეგ, იოანეს კოცონზე დაწვა მიესაჯა.
აურელიანი დაესწრო სასჯელის აღსრულებას, რადგან გვერდის ავლა ამ პროცესისთვის საკუთარი
ბრალეულობის აღიარებაც იქნებოდა. დასჯის ადგილი წარმოადგენდა ბორცვს, რომლის წვერზე
მიწაში ღრმად ჩასობილი ბოძი იდგა, მის გარშემო კი საკოცონე შეშა ეწყო. მღვდელმა წაიკითხა
ტრიბუნალის ვერდიქტი. შუადღის მზის ქვეშ იოანე პანონიელი სახით მიწაში ჩამხობილი იწვა და
ნადირივით ღმუოდა. ფრჩხილებით ფხოჭნიდა მიწას, როცა ჯალათებმა შეიპყრეს, გახადეს და
ბოძზე მიაკრეს. თავზე გოგირდიანი ნამჯის გვირგვინი დაადეს, გვერდით „Adversus Annulares“-ს
ერთი ეგზემპლარი ედო. წინაღამეს ეწვიმა და შეშას უხვი კვამლი სდიოდა. იოანე პანონიელმა
ილოცა ჯერ ბერძნულ, მერე რომელიღაც უცნობ ენაზე. სამგლოვიარო კოცონს უკვე უნდა
შთაენთქა იგი, რომ აურელიანმა გამბედაობა მოიკრიბა და თავი ასწია. ცეცხლის ენები ერთი წამით
მიიწ-მოიწია და აურელიანმა პირველად და უკანასკნელად დაინახა საძულველი ადამიანის სახე.
ამ სახემ ვიღაც გაახსენა, თუმცა ვერ გაიხსენა, ვინ. მერე კი ცეცხლის ენებმა იოანე ჩაყლაპა: ისე
ღრიალებდა, თითქოს თვით ცეცხლი ყვირისო.
პლუტარქე გვამცნობს, იულიუს კეისარი ქვითინით დასტიროდა პომპეუსის სიკვდილსო.
აურელიანი არ დასტიროდა იოანეს, თუმცა გრძნობდა იმას, რაც შეიძლებოდა ეგრძნო ადამიანს
განკურნებულს განუკურნებელი სნეულისგან, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილი გახდა.
აურელიანის წლებმა აკვილეიაში, ეფესში, მაკედონიაში ჩაიარა. ეძებდა იმპერიის შორეულ და
მკაცრ პერიფერიებს, ცვალებად ჭაობებსა და მდუმარე უდაბნოებს, ვინძლო მარტოობა ცხოვრების
გაგებაში დახმარებოდა. მავრიტანულ სენაკში, ლომებით სავსე ღამეში, მან მემილიონედ
გადასინჯა იოანე პანონიელისთვის წაყენებული კომპლექსური ბრალდება და მემილიონედ
გაამართლა ვერდიქტი. უფრო ძნელი გასამართლებელი აღმოჩნდა მისი - აურელიანის - მიკიბულ-
მოკიბული დაბეზღება. რუსადირში იქადაგა ანაქრონისტული ქადაგება „სინათლეთა სინათლე -
ცოდვილის ხორცში ანთებული“. ჰიბერნიაში, ტყით გარემოცული მონასტრის ერთ-ერთ ქოხში,
თენების მოახლოებისას, აურელიანი წვიმის ხმამ გააოცა. გაახსენდა ის ღამე რომში, როდესაც
ასეთივე ნელმა ტკაპუნმა გააკვირვა. შუადღისას ხეებს მეხი დაეცა და აურელიანიც ისევე მოკვდა,
როგორც იოანე.
ამ ამბის დასასრული მხოლოდ მეტაფორულად თუ გადმოიცემა, რაკი ეს ხდება ცათა
სასუფეველში, სადაც დრო არ არსებობს. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ აურელიანი ელაპარაკა
ღმერთს და აღმოაჩინა, რომ მას ეგზომ ნაკლებად აინტერესებს რელიგიური განსხვავებები, რომ
აურელიანი იოანე პანონიელად მიიჩნია. თუმცა, ეს მომენტი ღვთაებრივი გონიერებისთვის
დაულაგებლობის მიწერას ნიშნავს. უფრო კორექტული იქნებოდა გვეთქვა: სამოთხეში
აურელიანმა აღმოაჩინა, რომ ამოუწყავი ღვთაების თვალში ის და იოანე პანონიელი -
მართლმორწმუნე და ერეტიკოსი, მოძულე და მოძულებული, ბრალმდებელი და მსხვერპლი -
ერთადერთ პირს წარმოადგენდა.

ამბავი მეომრის და ტყვე ქალწულისა


278-ე გვერდზე თავისი წიგნისა „La poesia“ (1842), კროკე - მას შემდეგ, რაც აჯამებს და ამოკლებს
ისტორიკოს პავლე დიაკვანის ლათინურ ტექსტს - გვიამბობს დროკტულფტის ცხოვრებას და
მისი საფლავის ეპიტაფიასაც ციტირებს. მე ორივემ შემძრა - ცხოვრებამაც და ეპიტაფიამაც,
მოგვიანებით კი მივხვდი, რატომაც. დროკტულფტი იყო ლომბარდიელი მეომარი, რომელიც
რავენას ალყის დროს გაიქცა არმიიდან და მოკვდა იმ ქალაქის დაცვისას, რომელსაც უტევდა.
რავენელებმა იგი ეკლესიის საკურთხეველში დაკრძალეს და შეთხზეს ეპიტაფია, რომელშიც

76
გამოხატეს თავიანთი მადლიერება (CONTEMPSIT CAROS DUM NOS AMAT ILLE PARENTS)[111] და
აღნიშნეს უჩვეულო კონტრასტი, ერთი მხრივ, ამ ბარბაროსის დამზაფრავ გარეგნობასა და, მეორე
მხრივ, მის უბრალოებასა და სიკეთეს შორის: TERRIBILIS VISU FACIES SED MENTE BENIGNUS,
LONGAQUE ROBUSTO PECTORE BARBA FUIT.[112]
ასეთია დროკტულფტის ცხოვრების ამბავი, ბარბაროსის, რომის დაცვას რომ ემსხვერპლა. ყოველ
შემთხვევაში, ასეთია მისი ისტორიის ის ნაწილი, რომელიც პავლე დიაკვანმა შემოგვინახა. ისიც კი
არ ვიცი, როდის მოხდა ეს ამბავი: VI საუკუნის შუა პერიოდში, როცა ლანგობარდებმა იტალიური
მინდვრები გააპარტახეს, თუ VIII საუკუნეში, რავენას კაპიტულირების წინ. წარმოვიდგინოთ (ეს
ხომ ისტორიული ნაშრომი არ გახლავთ), რომ ეს იყო VI საუკუნე.
წარმოვიდგინოთ დროკტულფტიDsub specie жternitatis[113], - არა როგორც პიროვნება
დროკტულფტი, რომელიც უთუოდ უნიკალური და ამოუწყავი იყო (ყველა სხვა პიროვნებასავით),
არამედ უფრო როგორც გვაროვნული „ტიპი“, რომლადაც ის და ბევრი მისნაირი ტრადიციამ -
მეხსიერებისა და დავიწყების მუშაობამ - ჩამოაყალიბა. ომები დროკტულფტს ჭაობებისა და
ტყეების ბნელ ლანდშაფტს - დუნაისა და ელბას ნაპირებს წყვეტს და იტალიაში ჩაჰყავს.
შესაძლოა, არც კი იცის, რომ სამხრეთისაკენ მიდის, და არც ის, რომ ეომებოდა ისეთ რამეს, რასაც
რომი ერქვა. შესაძლოა, მისი რწმენა თანხვდება რწმენას არიელთა, რომელთა მიხედვითაც ძის
დიდება მხოლოდ მამის დიდების ანარეკლია. თუმცა გაცილებით იოლი წარმოსადგენია, რომ
დროკტულფტი აღმერთებდეს მიწას, ჰერტას, რომლის რიდეჩამოფარებულ კერპს ქოხიდან
ქოხამდე დაატარებდა საქონელშებმული ურემი. ან აღმერთებდეს ომისა და მეხის ღმერთებს -
ნაქსოვ ნაჭრებში გახვეულ, მონეტებითა და სამაჯურებით შემკულ ხის გამოუმწვარ ფიგურებს.
ტახებისა და პირველყოფილი ხარების ტყიდან მოდის. თეთრია, გაბედული, უმანკო, სასტიკი,
ბელადისა და ტომის ერთგული, - არა სამყაროსი. ომებს მიჰყავთ რავენამდე, სადაც ისეთ რამეს
ხედავს, რაც უწინ არასოდეს უნახავს ან მთლიანად არ უნახავს. ხედავს დღის სინათლეს,
კვიპაროსებსა და მარმარილოს. ხედავს კონსტრუქციას, რომელიც რთულია, თუმცა არა წესრიგს
მოკლებული. ხედავს ქალაქს - ორგანიზმს, რომლის შემადგენლობაში შედის ქანდაკებები,
ტაძრები, ბაღები, ოთახები, ტერასულად განლაგებული ქვის სკამები, კაპიტოლები და
ფრონტონები, თანაზომიერად გახსნილი სივრცეები. ამ ოსტატურ ქმნილებათაგან არც ერთი არ
აოგნებს დროკტულფტს სილამაზით ისე, როგორც ჩვენ გაგვაოგნებდა რომელიმე რთული
მექანიზმი, რომლის დანიშნულებას ვერ მივხვდებოდით, თუმცა რომლის მოხაზულობაში
დავინახავდით უკვდავ გონიერებას მოქმედებაში. შესაძლოა, მისთვის საკმარისია ერთი თაღი და
მასზე ამოკვეთილი მარადიული რომაული ასოები. უეცრად აბრმავებს და აახლებს ეს ქალაქი - ეს
გამოცხადება. იცის, რომ აქ უნდა იყოს ძაღლი ან ბავშვი და რომ ჯერ ამის გაგებასაც კი ვერ
დაიწყებს. თუმცა ისიც იცის, რომ ეს ქალაქი უფრო ღირებულია, ვიდრე მისი საკუთარი ღმერთები,
მათთვის მიცემული აღთქმა და, ამასთან ერთად, გერმანიის ყველა ჭაობიანი ადგილი.
დროკტულფტი გარბის თავისი ტომიდან და რავენას მხარეზე იბრძვის. ამ ბრძოლაში კვდება და
მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ასოები, რომელსაც თვითონ ვერ გაიგებდა: CONTEMPIST
CAROS DUM NOS AMAT ILLE PARENTES, HANC PATRIAM REPUTANS ESSE, RAVENNA, SUAM.[114]
დროკტულფტი მოღალატე არ იყო. მოღალატეები იშვიათად შთააგონებენ ვინმეს მოწიწებით
აღსავსე ეპიტაფიებს. ის იყო თვალახელილი, ახალმოქცეული. მრავალი თაობის შემდეგ იმავეს
იზამენ ლანგობარდები, რომლებსაც იმ მომენტში ლანძღვა-გინება არ დაუკლიათ მტრის ბანაკში
გადასული თანამებრძოლისთვის. მოგვიანებით ისინი გახდნენ იტალიელები, ლომბარდიელები,
ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა - ალდიგერმა - ეგებ დასაბამიც მისცა იმათ, ვისგანაც იშვა ალიგიერი...
მრავალი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას დროკტულფტის მოქმედებასთან დაკავშირებით. ჩემი
ვარაუდი ყველაზე მომჭირნეა: ფაქტივით ჭეშმარიტი თუ არ არის, სიმბოლოსავით მართებული
მაინც იქნება.
კროკის წიგნში ამოკითხულმა ამ მეომრის ამბავმა სიღრმისეულად შემძრა. გამაოგნა იმის
შეგრძნებამ, რომ უკან ვიბრუნებდი რაღაცას (ოღონდ - განსხვავებულად შენიღბულს), რაც
ოდესღაც ჩემი კუთვნილი იყო. გამიელვა სახებამ მონღოლი მხედრებისა, რომლებიც აპირებდნენ
გადაექციათ ჩინეთი თავიანთ ვრცელ საძოვრად და მხოლოდ სიჭარმაგეში დასახლებულიყვნენ იმ
ქალაქებში, რომელთა დანგრევაც სცადეს. მაგრამ არა, ამ მოგონებას არ ვეძებდი.
ბოლოს ვიპოვე: ეს იყო ამბავი, რომელიც ჩემმა ინგლისელმა, აწ გარდაცვლილმა ბებიამ მიამბო.
1872 წელს პაპაჩემი ბორხესი ბუენოს-აირესის ოლქის ჩრდილოეთ და დასავლეთ საზღვრებს
იცავდა, მათთან ერთად - სანტა ფეს სამხრეთ საზღვარსაც. შტაბი ხუნინში ჰქონდათ. იქიდან სამი-
ოთხი ლიეს[115] მანძილზე განლაგებული იყო ფორტების წყება, მის იქით კი ის, რასაც მაშინ
ეწოდებოდა „პამპასები“[116] და კიდევ: „ინტერიერი“. ერთხელ ბებიაჩემმა ნახევრად
გაკვირვებით და ნახევრად ხუმრობით თქვა საკუთარ ბედთან დაკავშირებით: თავის ქვეყანასა და
ხალხს მოწყვეტილი და დედამიწის ამ უშორეს კუთხეში გადმოხვეწილი ინგლისელი ქალიო. იმ

77
ადამიანმა, ვისაც ბებიამ მიმართა, უთხრა: შენ ერთადერთი არ ხარო. თვეების შემდეგ კი დაანახვა
ინდიელი ქალი, ნელა რომ მიაბიჯებდა ქალაქის სკვერში. ფეხშიშველი იყო, ორი წითელი პონჩო
ეცვა, თმის ძირები კი ქერა ჰქონდა. ჯარისკაცმა უთხრა, მეორე ინგლისელ ქალს შენთან
დალაპარაკება სურსო. ქალმა თავი დაუქნია და უშიშრად მივიდა შტაბში, თუმცა - ერთგვარი
უსიამოვნო წინათგრძნობით. სპილენძდაკრულ, კაშკაშა ფერებით შეღებილ სახეში ჩამჯდარი
თვალები ისეთი ნახევრად ლურჯი ფერისა ჰქონდა, რომელსაც ინგლისელები რუხს უწოდებენ,
სხეული - ირმის სხეულივით მსუბუქი, ხელები - ღონიერი და ძვლიანი. უდაბნოდან ანუ
„ინტერიერიდან“ მოდიოდა და ყველაფერი ეპატარავებოდა - კარები, კედლები, ავეჯი.
შესაძლოა, ორმა ქალმა სულ ერთი წამით დაინახა, რომ ისინი დები იყვნენ და თავიანთი
საყვარელი კუნძულიდან ამ გაუგონარ ქვეყანაში გადმოხვეწილიყვნენ. ბებიაჩემი ფრთხილი
გამოთქმებით ეკითხებოდა ხან ამას და ხან იმას, ის ქალი კი შეყოვნებებით პასუხობდა, სიტყვებს
ეძებდა და იმეორებდა, თითქოს გაოგნებული იყო მათი ძველებური გემოთი. ეტყობოდა, მთელი
თხუთმეტი წელი არ ელაპარაკა მშობლიურ ენაზე და იოლი არ იყო დავიწყებულის ამოჩხრეკა.
იორკშირიდან ვარო, თქვა, ჩემი მშობლები ბუენოს-აირესში ემიგრირდნენ და ინდიელების
მოულოდნელ თავდასხმას ემსხვერპლნენო. თვითონაც ინდიელებს წაუყვანიათ და ამჟამად
უმცროსი ბელადის ცოლი ყოფილა. ორი ვაჟიშვილი მიუცია მისთვის - ძალიან მამაცი კაცისთვის.
ეს ყველაფერი მან ნელა წარმოთქვა მოუქნელი ინგლისურით, რომელშიც დროდადრო არაუკანურ
ან პამპასურ სიტყვებს ურევდა, ხოლო მონათხრობის მიღმა მსმენელი ველური და ხაოიანი
ცხოვრების მომენტებს იხელთებდა: ცხენის ტყავის კარვები, ნეხვით დანთებული ცეცხლები,
დღესასწაული, როდესაც ადამიანები შეტრუსული ხორცით ან უმი შიგნეულობით ნადიმობდნენ;
უჩუმარი სვლა განთიადისას; უეცარი თავდასხმა პირუტყვის ბაკზე, ატეხილი განგაში, შიშველი
მხედრები, პოლიგამია, სიმყრალე და მაგია. ასეთ ბარბაროსობაში ჩავარდნილი ინგლისელი ქალი!
რისხვითა და სიბრალულით ატანილმა ბებიაჩემმა წააქეზა, ნუღარ დაბრუნდებიო. დაიფიცა
კიდეც: დაგეხმარები და შვილებსაც გადაგირჩენო. იმან კი უთხრა, იქ მე ბედნიერი ვარო, და იმავე
ღამეს უდაბნოში დაბრუნდა.
ცოტა ხნის შემდეგ, 1874 წლის რევოლუციაში, გარდაიცვალა ფრანჩესკო ბორხესი. შესაძლოა, იმ
პერიოდში ბებიაჩემი კიდევ ერთხელ შეხვდა იმ ქალს, მასავით მოწყვეტილს თავისი ჯილაგიდან
და გადასხვაფერებულს ამ შეუბრალებელი კონტინენტის ჰავისგან. თითქოს ბებია თავისივე
ბედის მონსტრუოზულ სარკეში იყურებოდა...
ის ქერათმიანი ინდიელი ქალი ყოველ წელს მოდიოდა ჯუნინის ან ფორტ ლავალის მაღაზიებში
სამშვენისების ან „გირაგების“ შესაძენად. ბებიაჩემთან საუბრის შემდეგ აღარასოდეს გამოჩენილა.
თუმცა ერთხელ კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს.
ბებია სანადიროდ იყო წასული. ერთი უბადრუკი ქოხის ახლოს, ჭაობიან ადგილებთან, კაცი
ცხვარს ყელს უსერავდა. ამ დროს სიზმარივით გამოჩნდა ცხენზე შემომჯდარი ინდიელი ქალი,
რომელიც ძირს ჩამოხდა და ცხელ სისხლს დაეწაფა. ვერ ვიტყვი, რატომ მოიმოქმედა ეს:
სხვანაირად ვერ მოიქცეოდა თუ გამოწვევა და ნიშანი იყო ბებიაჩემის მისამართით?
ცამეტი საუკუნე და ერთი ოკეანე ჰყოფს ერთმანეთისგან მოტაცებულ ქალიშვილსა და
დროკტულფტის ცხოვრებას. უკვე ორივე წარსულს ეკუთვნის. ბარბაროსის ფიგურა, რომელიც
რავენასთვის დაეცა, და ფიგურა ევროპელი ქალისა, რომელმაც უდაბნო აირჩია, თითქოსდა
ურთიერთსაპირისპირო სახეებია. მაგრამ ორივეს რაღაც საიდუმლო იმპულსი ამოძრავებდა,
გონებაზე უფრო ღრმა იმპულსი, რომელიც ორივემ მიიღო, თუმცა ახსნით ვერ ახსნიდნენ.
შესაძლოა, ჩემ მიერ ნაამბობი ორი ამბავი ერთი და იგივე ისტორიაა. ამ მონეტის წინა და უკანა
მხარე ღმერთისთვის იდენტურია.
ულრიკე ფონ კულმანს

ტადეო ისიდორო კრუზის ბიოგრაფია (1829-1874) ვეძებ იმ სახეს, მაშინ რომ მქონდა, სანამ ქვეყანა
შეიქმნებოდა.
იეიტსი, „კლაკნილი კიბე“
1829 წლის 6 თებერვალს, მონტონეროები[117], რომელთაც იმხანად ლავალი[118] დასდევდა,
მიემართებოდნენ ჩრდილოეთისკენ, რათა ლოპესის დივიზიებს შეერთებოდნენ. შეჩერდნენ
რანჩოში, რომლის სახელი არ იცოდნენ, პერგამინოდან სამი თუ ოთხი ლიეს მანძილზე. თენების
წინ, ამ დიდი ფერმის ჩაწყვდიადებულ ოთახში ერთ-ერთ მათგანს ისევ ესიზმრა მოუშორებელი
კოშმარი და თავგზააბნეული ყვირილით გამოაღვიძა გვერდით მძინარე ქალი. არავინ იცის რა
ესიზმრა, რადგან მეორე დღის ოთხ საათზე მონტონეროები სუარესის კავალერიამ გააქცია და ეს
დევნა ცხრა ლიეს მანძილზე გაგრძელდა ამჟამად ჩაბნელებულ ნამკალ მინდვრებამდე და პერუ-
ბრაზილიის ომების დროს ხმლით თავგაჩეხილ და თხრილში ჩავარდნილ კაცამდე. ქალს ისიდორო

78
კრუზი ერქვა, ხოლო ვაჟს, რომელიც მას შეეძინა - თადეო ისიდორო.
ჩემს მიზანს არ წარმოადგენს მისი ცხოვრების ამბის გამეორება. იმ დღეებიდან და ღამეებიდან,
რომლებმაც ეს ცხოვრება აკინძა, მე ერთადერთი ღამე მაინტერესებს. ყველა დანარჩენზე არაფერს
ვიტყვი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია იმ ერთი ღამის გასაგებად. ეს თავგადასავალი ჩაწერილია
ერთ ფრიად სახელგანთქმულ წიგნში, ანუ წიგნში, რომლის საგანი შეიძლება იყოს ყველაფერი
ყველასთვის (კორინთ. I, 9,22), რადგან, ვირტუალურად, ამოუწურავი განმეორების, ვარაუდისა
თუ დამახინჯების შესაძლებლობას შეიცავს. ისინი, ვისაც კომენტარი გაუკეთებია თადეო
ისიდორო კრუზის ისტორიაზე, - ასეთი კი ბევრია, - ხაზს უსვამენ ვრცელი ტრამალების გავლენას
მისი პიროვნების ფორმირებაში, თუმცაღა, მისი მსგავსი გაუჩოები დაიბადნენ და გარდაიცვალნენ
პარანას ტყიან ნაპირებზე და აღმოსავლეთის მთიანეთში. იგი ცხოვრობდა ერთფეროვანი
ბარბაროსობის სამყაროში. ისე იმსხვერპლა ათაშანგმა 1874 წელს, რომ ჯერაც არ ჰქონდა ნანახი
მთა, გაზის ჭავლი ან წისქვილი. ან, თუნდაც, ქალაქი. 1849 წელს კრუზი ჯოგის ჩამოყვანაში
დაეხმარა ფრანჩესკო ქსავიერ ასევედოს რანჩოდან ბუენოს-აირესამდე. მენახირეები ქალაქში
იყვნენ და თავიანთ ფულებს ანიავებდნენ. რაც შეეხება უნდობელ კრუზს, მას ერთხელაც არ
დაუტოვებია პირუტყვის შესარეკი ბაკების სიახლოვეს მდგარი სასტუმრო. ბევრი დღე გაატარა იქ:
მიწაზე ეძინა, მატეს წრუპავდა, გათენებისას იღვიძებდა და ლოცვების დროს წვებოდა. მიხვდა
(უსიტყვოდ და, ალბათ, გაუცნობიერებლადაც), რომ ქალაქში არაფერი ესაქმებოდა. ერთმა
მთვრალმა მუშამ მასხრადაც კი აიგდო. კრუზმა არაფერი უთხრა, მაგრამ უკანა გზაზე, კოცონთან
ჯდომისას, როცა იმ კაცმა ისევ დასცინა, კრუზმა (რომელიც არასოდეს ამჟღავნებდა ბრაზს ან
თუნდაც იოტისოდენა აღშფოთებას) ის დანის ერთი დარტყმით მოკლა. მერე გაიქცა და თავი
ჭაობებს შეაფარა. რამდენიმე ღამის შემდეგ სირენამ ამცნო, რომ პოლიციას ალყაში ჰყავდა
მომწყვდეული. თავისი დანა ფოთოლზე გასინჯა და დეზები მოიძრო, რათა ვერ მოეძებნათ, როცა
ამის დრო მოვიდოდა. უბრძოლველად კი არ დანებდებოდა. დაიჭრა მხარში და მარცხენა ხელში,
თავის მხრივ კი მძიმე ჭრილობა მიაყენა მის დასაჭერად მოსულ კაცთაგან უმამაცესს. როდესაც
სისხლი თითებში ჩაეღვარა, ისეთი გამბედაობა მიეცა, როგორიც მანამდე არასოდეს უგრძნია.
თენებისას, სისხლის დაკარგვისგან დასუსტებული კრუზი განაიარაღეს. იმ პერიოდში ჯარი ციხის
როლსაც ასრულებდა. კრუზი გაგზავნეს პატარა ფორტში ჩრდილოეთ საზღვარზე. უბრალო
ჯარისკაცად იბრძოდა სამოქალაქო ომებში ხან მშობლიური პროვინციისთვის, ხან - მის
საწინააღმდეგოდ. 1856 წლის 23 ოქტომბერს, კალდოსოს ჭაობებთან, ის იყო ერთ-ერთი იმ
ოცდაათი ქრისტიანისგან, რომლებმაც სერჟანტ ეუსებიო ლაპრიდას ხელმძღვანელობით ორასი
ინდიელი დაამარცხეს. იმ ბრძოლაში კრუზი შუბით დაჭრეს.
ბევრი შეუვსებელი ადგილია დარჩენილი მის ბნელ და ვაჟკაცურ ისტორიაში. დაახლოებით 1868
წელს კრუზს ისევ ვხვდებით პერგამინოში: დაქორწინებულს თუ მოშინაურებულს, ვაჟიშვილის
მამას, მიწის ნაკვეთის მფლობელს. 1869 წელს სოფლის პოლიციის სერჟანტი ხდება. წარსული
მოწესრიგებული ჰქონდა და, მისი ცხოვრების ამ მომენტისთვის, თავი ბედნიერ კაცად უნდა
მიეჩნია. თუმცა, გულის სიღრმეში, ბედნიერი არ იყო (მომავალში იდუმალად ელოდა ერთი
ნათელი, ფუნდამენტური ღამე, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, თავის ნამდვილ სახეს დაინახავდა,
ღამე, როდესაც თავის ნამდვილ სახელს შეიტყობდა. სრულად გაგებული ის ღამე კრუზის
ისტორიას მოიცავს, უფრო სწორად - იმ ღამეში მომხდარი ერთი შემთხვევა, ერთი მოქმედება, რაკი
ჩვენი მოქმედებები ჩვენივე განსახიერებაა). ნებისმიერი ცხოვრება, რაოდენ გრძელი ან რთულიც
უნდა იყოს, არსებითად შედგება ერთადერთი მომენტისგან, როდესაც ადამიანი ხვდება, ვინ არის
სინამდვილეში. ამბობენ, ალექსანდრე მაკედონელმა თავისი რკინის მომავალი აქილევსის
ზღაპრულ ისტორიაში განჭვრიტაო, ხოლო შვედეთის მეფე ჩარლზ XII - თვით ალექსანდრეს
ისტორიაში. ეს ცოდნა თადეო ისიდორო კრუზს წიგნიდან არ შეუტყვია, რადგანაც კითხვა არ
იცოდა, არამედ დაინახა კავალერიის ხელჩართულ ბრძოლასა და ადამიანში. აი, როგორ მოხდა ეს.
1870 წლის ივნისის ბოლო დღეებში მოვიდა ბრძანება: უნდა შეეპყროთ კანონგარეშე
გამოცხადებული კაცი, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა ორი მკვლელობა და რომელიც პოლკოვნიკ
ბენიტო მაჩადოს მიერ მართული სასაზღვრო ჯარიდან გამოქცეული დეზერტირი იყო. ერთი
ქეიფის დროს ზანგი მოკლა საროსკიპოში, მეორე დროს ტარებისას - როხასის ოლქის ბინადარი.
შეტყობინებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ძებნილი დამნაშავე ლაგუნა კოლორადადან მოდიოდა.
სწორედ ლაგუნა კოლორადაში მოხდა ორმოცი წლის წინ, რომ შეკრებილ მონტონეროებს
კატასტროფა დაატყდათ და ძაღლებისა და ფრინველების საჯიჯგნი გახდნენ. ლაგუნა
კოლორადაში დაიწყო მანუელ მესას კარიერაც, სანამ დასჯიდნენ პლაცა დე ლა ვიქტორიაზე,
სადაც სამხედრო ბარაბნების ბრაგუნს ადამიანის გაშმაგებული ღრიალი უნდა ჩაეხშო. ლაგუნა
კოლორადაში დაიბადა უცნობი კაცი, რომელმაც ჩასახა კრუზი, სანამ თვითონ ხაროში
ჩავარდებოდა, ხმლით თავგაჩეხილი. კრუზს დავიწყებული ჰქონდა ამ ადგილის სახელი, თუმცა
კი ეცნო, ოდნავ და გაუგებრად გულდამძიმებულს... ჯარისკაცებისგან დევნილი დამნაშავე
ილაჯგაწყვეტილი აქსოვინებდა თავის ცხენს მიხვეულ-მოხვეული და აღმა-დაღმა გზების
ლაბირინთს. მაინც უყელეს 12 ივლისის ღამით - ნამკალ ველზე ჩამომხდარს თითქოსდა გაუვალ

79
წყვდიადში. კრუზი და მისი კაცები ფრთხილად მიაბიჯებდნენ იმ ბუჩქისკენ, რომლის
მთრთოლავ სიღრმეში ძებნილი კაცი გაფაციცებულიყო ან ეძინა. გაისმა წივილი: თადეო ისიდორო
კრუზს გაუჩნდა შეგრძნება, რომ ეს წამი უწინაც გამოევლო. კანონგარეშედ გამოცხადებული კაცი
ბუჩქიდან გამოხტა, რათა ჯარისკაცებს შებრძოლებოდა, და კრუზმაც თვალი მოჰკრა
შემაძრწუნებელ მოჩვენებას - თმის გრძელ ფაფარსა და ნაცრისფერ წვერში თითქმის მთლიანად
ჩაკარგულ სახეს. კარგად ნაცნობი მიზეზიდან გამომდინარე, აღარ მოვყვები იმ ბრძოლის
ისტორიას. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დეზერტირმა მძიმედ დაჭრა ან მოკლა კრუზის რამდენიმე
თანამებრძოლი. რადგანაც კრუზი სიბნელეში იბრძოდა (რადგანაც მისი სხეული სიბნელეში
იბრძოდა), ამიტომ მალე მიხვედრაც დაიწყო. მიხვდა, რომ ერთი ბედისწერა არაფრით აღემატება
მეორეს და რომ ყოველმა კაცმა უნდა მიიღოს ის ბედისწერა, რომელსაც შიგნით ატარებს;
გააცნობიერა, რომ ხელს უშლის სერჟანტის ფორმაც და სამხრეებიც; გააცნობიერა თავისი ღრმად
ჩაფესვილი ბედისწერა, როგორც მგლის და არა ჯოგური ძაღლის; გააცნობიერა, რომ კაცი,
რომელზეც ნადირობდა, თვითონ იყო. უკანონო ველზე თენება იწყებოდა. კრუზმა ქუდი მოიხადა,
ძირს დაანარცხა და შესძახა: არ მსურს, მამაცი კაცის მოკვდინებაში მონაწილეობის მიღებაო, და
თვითონაც ჯარისკაცებს შეებრძოლა დეზერტირ მარტინ ფიეროს მხარდამხარ.

ემა ცუნცი
1922 წლის იანვარში საქსოვ ფაბრიკა „ტარბუხ და ლევენტალიდან“ დაბრუნებულ ემა ცუნცს
თავისი შენობის შესასვლელის შორეულ ბოლოში წერილი დახვდა. ბრაზილიიდან
ატყობინებდნენ, მამა გარდაგეცვალაო. თავდაპირველად შეცდომაში შეიყვანა კონვერტმა და
მარკამ, მერე კი გული უცნობმა ხელწერამ შეუფრთხიალა. ცხრა თუ ათი გადღაბნილი სტრიქონი
თითქმის მთელ გვერდს ავსებდა. მისტერ მაიერს შემთხვევით ჩაუყლაპავს ჭარბი რაოდენობის
ვერონალი ბაჟეს საავადმყოფოს მესამე ინსტიტუტში. წერილს ხელს აწერდა იმ სახლის ბინადარი,
რომლის ერთ-ერთი ბინა მამას ჰქონდა დაქირავებული რიუ-გრანდეში: მავანი ფეინი თუ ფაინი,
რომელმაც შესაძლოა არ იცოდა, რომ ამ ამბავს გარდაცვლილი კაცის ქალიშვილს ატყობინებდა.
ემას წერილი ხელიდან გაუვარდა. უწინარეს ყოვლისა, მუცელში რაღაც ჩაუწყდა და მუხლები
აუკანკალდა. ამას მოჰყვა ბრმა დანაშაულის, არარეალობის, სიცივის, შიშის შეგრძნებები, ბოლოს
სურვილი: ეს დღე უკვე წარსულს ეკუთვნოდესო. მერე სწრაფად გააცნობიერა, რომ ასეთ
სურვილს აზრი არ ჰქონდა, რადგან მამამისის სიკვდილი იყო ერთადერთი რამ, რაც ქვეყნიერების
ზურგზე მოხდა და რაც მუდმივად და სამუდამოდ განაგრძობდა მოხდენას. ძირს დავარდნილი
ფურცელი აიღო და თავისი ბინისკენ დაიძრა. ოთახში შესულმა ფურცელი ჩუმად ჩააცურა
უჯრაში, თითქოს იცოდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. შეიძლება უკვე დაიწყო კიდეც იმ
საგნების დანახვა, რაც ახლა მოხდებოდა: ემა უკვე ის ადამიანი იყო, რომლადაც უნდა ქცეულიყო.
მზარდ სიბნელეში, სანამ დღე მთავრდებოდა, ემა იჯდა და ქვითინით დასტიროდა მამის
თვითმკვლელობას, მამის, რომელიც უფრო ბედნიერ დღეებში ემანუელ ცუნცი იყო. ემამ გაიხსენა
საზაფხულო პიკნიკები გუალეგუაიას პატარა ფერმაში; გაიხსენა (ან სცადა, გაეხსენებინა) დედა;
გაიხსენა აუქციონზე გაყიდული მათი პატარა სახლი ლანუსში; გაიხსენა ყვითელი ფანჯრის
ყვითელი რომბები; გაიხსენა ციხის ვერდიქტი, პატივის აყრა, ანონიმური წერილები და საგაზეთო
სტატია სახელად „ფონდების დატაცება ბანკის მოხელის მიერ“; გაიხსენა (და ეს არასოდეს
დაავიწყდება), რომ ბოლო ღამეს მამამ დაიფიცა, ქურდი ლევენტალი იყოო, - აარონ ლევენტალი,
ფაბრიკის უწინდელი მმართველი, ამჟამად მისი ერთ-ერთი მფლობელი. ამ საიდუმლოს ემა 1916
წლიდან ინახავდა. არავისთვის გაუმხელია, თვით მისი საუკეთესო მეგობრის - ელზა
ურსტეინისთვისაც კი. იქნებ ჩვეულებრივი უნდობლობის გამო? იქნებ ფიქრობდა, რომ სწორედ
ეს საიდუმლო იყო ბმა მასსა და მამამისს შორის? ლევენტალმა არ იცოდა, რას ინახავდა ემა, და ეს
პაწაწინა ფაქტი ქალიშვილს ძალას აძლევდა.
იმ ღამეს არ უძინია. როდესაც ფანჯრის მართკუთხედი ოდნავ გაიცრიცა, ემას თავისი გეგმა უკვე
მზად ჰქონდა. სცადა, ეს დღეც (დაუსრულებელი რომ ეჩვენებოდა) ყველა სხვა დღეს
დამსგავსებოდა. ფაბრიკაში ხმები დადიოდა გაფიცვასთან დაკავშირებით, ემამ კი, როგორც
ყოველთვის, ახლაც განაცხადა, ძალადობის ყოველგვარი ფორმის წინააღმდეგი ვარო. ექვს საათზე,
როცა სამუშაო დღე დამთავრდა, ემა ელზასთან ერთად წავიდა ქალთა კლუბში, რომელსაც თავისი
სპორტული დარბაზი და საცურაო აუზი ჰქონდა. იქ იძულებული იყო, სხვებისთვის ეთქვა და
დაემარცვლა თავისი სახელი, ტაში დაეკრა უხამსი ხუმრობებისთვის, რომელიც თან ახლავს და
აქეზებს შეჯიბრებას. ელზას და უმცროს კრონფუსს მოეთათბირა, რომელი ფილმით შეეძრათ
გულები კვირა საღამოს. მერე სიტყვა მეგობარ ბიჭებზე ჩამოვარდა, თუმცა არავინ ელოდა, რომ
ემას ეყოლებოდა ვინმე, ვისზეც ილაპარაკებდა. აპრილში ცხრამეტის ხდებოდა, მაგრამ მამაკაცები
ჯერაც თითქმის პათოლოგიურ შიშს აღუძრავდნენ... შინ მოსულმა სუპი მანიოკით და
ცოტაოდენი ბოსტნეულით შეასქელა, ნაადრევად ივახშმა, დაწვა და დაძინება სცადა. ასე ჩაიარა
პარასკევმა, რიცხვით თხუთმეტმა, მუშაობის, გნიასისა და წვრილმანების დღემ, რომლის შემდეგ

80
ის დღე დგებოდა.
შაბათს გააღვიძა მოუთმენლობამ (არა ნერვიულობამ ან ყოყმანმა) და შვების არაჩვეულებრივმა
განცდამ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს დღეც ჩამოდგა. აღარაფერი ჰქონდა დასაგეგმი ან
წარმოსადგენი: სულ რამდენიმე საათში, უბრალოდ, აღსრულებული ფაქტის წინაშე იდგებოდა.
„ლა პრენსაში“ ამოიკითხა, რომ იმ ღამეს, მალმოში, მესამე ნავსაბმლიდან ღუზას იღებდა
„ნორდსტიერნან“. ლევენტალს დაურეკა და მიანიშნა: გაფიცვასთან დაკავშირებით რაღაც
კონფიდენციალური სათქმელი მაქვსო და შეჰპირდა, შეღამებისას თქვენს ოფისთან
დაგელოდებითო. ლაპარაკის დროს ხმა უთრთოდა, თრთოლვა კი ინფორმატორს უხდება. იმ
დილით სამახსოვრო აღარაფერი მომხდარა. ემა შუადღემდე მუშაობდა, მერე კი ელზასა და პერლა
კრონფუსთან ერთად მოიკალათა კვირადღის პიკნიკის დეტალებზე სალაპარაკოდ. ლანჩის
შემდეგ მიწვა და ჩაფიქრებულ გეგმას დახუჭული თვალებით გადახედა. ბოლო საფეხური
ნაკლებად საზარელი იქნება, ვიდრე პირველიო, - ფიქრობდა. ეჭვი არ ეპარებოდა ყველაფრის
კეთილად დაგვირგვინებაში, გამარჯვებისა და სამართლიანობის გემოში.
უცებ აფორიაქდა, საწოლიდან წამოხტა, ტუალეტის მაგიდასთან მიირბინა და უჯრა გამოსწია.
ფაინის წერილი იქვე იპოვა, სადაც გუშინწინ ღამით დატოვა: მილტონ სილსის პორტრეტის ქვეშ.
არა, აქ ვერავინ ნახავდა. ჯერ კითხვას შეუდგა, მერე დახია.
ადვილი არ არის, შესაძლოა - შეუფერებელიც, იმ საღამოს მომხდარი ამბების გადმოცემა რაღაც
დონემდე მაინც რეალისტურად. ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მახასიათებელი მისი არარეალობაა, რამაც
თითქოს უნდა შეამსუბუქოს იქაური საშინელებები, თუმცა, საბოლოოდ, უფრო ამძიმებს. როგორ
მისცემოდა მართლმაგვარი სახე იმას, რაც არ სწამდა თვით ემას, ვისაც ეს უნდა ჩაედინა? როგორ
მოეშორებინა ქაოსის ის ხანმოკლე საათები, რომელთა ხსოვნასაც დღეს ემა ცუნცის მეხსიერება
უარყოფს და ხლართავს? იგი ამალგროში ცხოვრობდა, კალე ლინიერსზე. ვიცით, რომ იმ საღამოს
დოკებთან ჩავიდა. სახელგატეხილ პასეო დე ხულიოს ქუჩაზე შეეძლო თავისი თავი დაენახა
სარკეებში გამრავლებული, სინათლეებისგან საჯაროდ გამოფენილი, დამშეული მზერებისგან
გაშიშვლებული... თუმცა უფრო მიზანშეწონილია ვიფიქროთ, რომ თავიდან შეუმჩნევლად
იხეტიალა სხვადასხვა ქუჩაზე, ორ-სამ ბარში შევიდა, თვალი შეავლო რუტინას ან სხვა ქალების
ქცევას. ბოლოს ნორდსტიერნანიდან ჩამოსულ რამდენიმე კაცს გადაეყარა. ერთი მათგანის -
სრულებით ახალგაზრდას - შემხედვარე შეკრთა: მას შეიძლებოდა ერთგვარი სინაზე
შთაეგონებინა ემასთვის. ამიტომაც სხვა შეარჩია, ალბათ ემაზე ცოტათი უფრო დაბალი და
პირგამოტენილი, რათა გოგონას არანაირად არ შერბილებოდა უზადო საშინელების შეგრძნება.
კაცმა ემა გაიყვანა კართან, მერე ბნელ გასასვლელში, იქიდან მიხვეულ-მოხვეულ კიბეს აუყვნენ
და გავიდნენ ვესტიბიულში (ისეთივე რომბისებურ ფანჯრებიანში, ლანუსში რომ ჰქონდათ),
საიდანაც დერეფანში მოხვდნენ და მიადგნენ კარს, რომელიც ზურგს უკან მიიხურა.
უდიდესი ცდომილებები დროის გარეთ დგას. იქნებ იმიტომ, რომ ასეთები წყდება უშუალოდ მათ
წინმსწრებ წარსულს, ისევე, როგორც მომავალს? ან იმიტომ, რომ ამ ცდომილებათა შემადგენელი
ელემენტები თითქოსდა არათანმიმდევრულად ებმის ერთმანეთს?
დროის მიღმა მდგარ ამ მომენტში, საზარელი და დანაწევრებული შეგრძნებების ამ ხლართში
ერთხელ მაინც თუ გაიფიქრა ემა ცუნცმა სიკვდილზე, რომელმაც შთააგონა ეს მსხვერპლი? ჩემი
აზრით, ერთხელ გაიფიქრა და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მისი სასოწარკვეთილი მიზანი
საფრთხეში აღმოჩენილიყო. გაიფიქრა (ფიქრს ვერაფრით წყვეტდა): მამაჩემმა დედაჩემს
საშინელი რამ დამართა, რაც ახლა მე მემართებაო. ეს ემამ კიდურებმოდუნებული გაოგნებით
გაიფიქრა და მაშინვე საკუთარ თავბრუსხვევაში შეიყუჟა. კაცი - შვედი თუ ფინელი - ესპანურად
არ ლაპარაკობდა. ის ემასთვის იარაღი იყო, ისევე, როგორც ემა - მისთვის. თუმცა ემას
სიამოვნებისთვის გამოიყენებდნენ, ამ კაცს კი იმისთვის, რომ სამართალს პური ეჭამა.
როდესაც მარტო დარჩა, თვალები მაშინვე არ გაუხელია. ღამის მაგიდაზე იდო ქაღალდის ფული,
რომელიც კაცმა დაუტოვა. ემა წამოჯდა და ფული ნაკუწებად აქცია, როგორც ცოტა ხნის წინ - ის
წერილი. ფულის დახევა უპატივცემულობის აქტია, ისევე, როგორც პურის გადაგდება. მეორე
წამსვე იფიქრა, ეს არ უნდა მექნაო... - სიამაყის აქტი ამ დღეს... ცუდი წინათგრძნობა სხეულის
სევდაში, ზიზღში გადადნა. სევდა და ზიზღი ჯაჭვებივით ეკიდა ემას. მაინც ნელა წამოდგა და
ჩაცმა დაიწყო. ოთახს არსად უჩანდა ნათელი შეფერილობა, დღის ბოლო სხივები კი უფრო
დაღვრემილსაც ხდიდა. ემამ მოახერხა და შეუმჩნევლად გასხლტა გარეთ. ქუჩის კუთხეში
დასავლეთისკენ მიმავალ ტრამვაიში ავიდა, იქ კი, გეგმის მიხედვით, მთლად წინა სკამზე დაჯდა,
რომ ვერავის შეემჩნია მისი სახე. იქნებ ქუჩების ამ ყოველდღიურ ალიაქოთში მოხვედრილმა
ნუგეში იგრძნო იმის გამო, რომ წეღანდელ ამბავს ყველაფერი არ მოეწამლა. ბნელ,
შემჭიდროებულ კვარტალებს გადიოდა, ხედავდა და მეყსეულად ავიწყდებოდა, ბოლოს, ერთ
გაჩერებაზე ჩავიდა ვარნესში. პარადოქსია, მაგრამ დაღლილობა ძალმოსილებად ექცა: აიძულა,
კონცენტრირება მოეხდინა თავისი მისიის დეტალებზე, ხოლო ამ უკანასკნელის ჭეშმარიტი

81
ბუნება და საბოლოო მიზანი დროებით შეუნიღბა.
აარონ ლევენტალი ყველას თვალში კეთილსინდისიერი კაცი იყო, რამდენიმე უახლოესისთვის კი -
ძუნწების ერთი. მარტო ცხოვრობდა ფაბრიკის ზემოთ, მორყეულ ჯურღმულში, და ქურდების
ეშინოდა. ფაბრიკის უკანა ეზოში დიდი ძაღლი ჰყავდა, მაგიდის უჯრაში კი, როგორც ყველამ
იცოდა, რევოლვერი ედო. ერთი წლის წინ ზნეკეთილად გამოიტირა მოულოდნელად
გარდაცვლილი მეუღლე, რომლისგანაც, სხვათა შორის, დიდებული მზითევი ერგო. ისე კი, მის
ჭეშმარიტ ვნებას ფული შეადგენდა. ფარული დარცხვენით იცოდა: ისე მაგარი არ იყო შოვნაში,
როგორც ჩაბღაუჭებაში. ყოვლად რელიგიურ კაცს, სჯეროდა, რომ იდუმალი ხელშეკრულება
ჰქონდა უფალთან: მისი ლოცვებისა და მსახურების სანაცვლოდ, ეს უკანასკნელი კეთილი
საქმეების კეთებისგან ათავისუფლებდა. ზორბა, მელოტი, თალხად შემოსილი, შავლინზებიანი
პენსნეთი და ქერა წვერით - ახლა ფანჯარასთან იდგა და ელოდებოდა კონფიდენციალურ
შეტყობინებას ოპერატორ ცუნცისგან. დაინახა, როგორ შემოაღო კარიბჭე (რომელიც მან განზრახ
დატოვა ოდნავ გაღებული). დაინახა, როგორ გაიმრუდა ემამ გზა ოდნავ, როდესაც (განზრახ)
დაბმული ძაღლი აყეფდა. ემას ტუჩები უმოძრავებდა, როგორც იმას, ვინც თავისთვის
ლოცულობს: ეს დაღლილი ტუჩები ისევ და ისევ იმეორებდნენ ფრაზებს, სიკვდილის წინ რომ
მოისმენდა ბატონი ლევენტალი.
ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ემა ცუნცი ელოდა. წინადღის დილიდან მოყოლებული,
ბევრჯერ წარმოუდგა სურათი, როგორ აუკანკალებლად უმიზნებს რევოლვერს უბადრუკ
არამზადას და აღიარებინებს თავის დანაშაულს, მერე კი უხსნის გაბედულ ეშმაკობას, რომლითაც
ღვთიური სამართალი იზეიმებს ადამიანურზე (არა შიში, არამედ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ
იარაღი იყო ამ სამართლის ხელში, აფიქრებინებდა, მე არ დავისჯებიო). დაბოლოს, შუა მკერდში
დახლილი ერთადერთი ტყვია წერტილს დაუსვამდა ლევენტალის სიცოცხლეს. მაგრამ ყველაფერი
სხვანაირად მოხდა.
აარონ ლევენტალის წინ მჯდარმა ემამ მამისთვის შურისძიების მოთხოვნილებაზე უფრო
მძაფრად შეიგრძნო სხვა მოთხოვნილება - დაესაჯა ის ძალადობა, რომელიც თვითონ იწვნია. არა,
ემას არ შეეძლო არ მოეკლა ეს კაცი წარსულში მომხდარი სრული დამცირებისა და პატივაყრის
შემდეგ. არც ზედმეტი მსახიობობისთვის ეცალა. მორიდებულად იჯდა ფაბრიკანტის ოფისში და
მიტევებას სთხოვდა, მოუხმო (ინფორმატორის ნიღაბქვეშ) ლოიალობით ნაკარნახევ რამდენიმე
ვალდებულებას, ახსენა რამდენიმე სახელი, მიანიშნა კიდევ რამდენიმე და უცებ გაჩუმდა,
თითქოსდა შიშით ატანილი. ამ სპექტაკლმა გაჭრა: ლევენტალი წამოდგა და ემასთვის ჭიქა წლის
შემოსატანად გავიდა. იმ მომენტისთვის, როცა სასადილო ოთახიდან დაბრუნდა, უნდობლად
განწყობილი ქალის მთრთოლავი მღელვარებისადმი, თუმცა მაინც ზრუნვით აღვსილი, ემას უკვე
ამოღებული ჰქონდა რევოლვერი, რომლის ჩახმახს ორჯერ გამოჰკრა. ლევენტალის ზორბა სხეული
აფეთქებებითა და კვამლით მოცელილივით დაასკდა იატაკს. წყლიანი ჭიქა ნამსხვრევებად იქცა.
კაცი გაოგნებული და გაშმაგებული შეჰყურებდა. მისი პირი ესპანურად და იდიშურად
ლანძღავდა ემას. ბინძური სიტყვების ნაკადი არა და არ წყდებოდა და ემაც იძულებული იყო
კიდევ ესროლა. ქვემოთ, ეზოში, თავის პოსტზე მიბმული ძაღლი გააფთრებით აყეფდა იმ
მომენტში, როცა უხამსი ბაგეებიდან სისხლმა იხუვლა და წვერი და სამოსი მოთხვარა. ემამ პირი
მოხსნა ბრალდებების გუდას („მე შური ვიძიე მამაჩემისთვის... მე არ დავისჯები...“). თუმცა არ
დაუმთავრებია, რადგან ბატონი ლევენტალი მკვდარი იყო. ემამ ვერასოდეს შეიტყო, გაიგონა თუ
არა მან, რატომ კლავდნენ.
ძაღლის ტირანულმა ყეფამ ემას გაახსენა, რომ აქ ვეღარ დარჩებოდა. დივანი აფუნგნა, მკვდარს
პიჯაკზე ღილები შეუხსნა, სისხლით მოთხვრილი პენსნე მოაშორა და დოკუმენტების შესანახ
კარადაზე დადო. მერე ტელეფონი აიღო და გაიმეორა სიტყვები, რომლებიც უკვე ამდენჯერ
ჰქონდა გამეორებული ამა თუ იმ ფორმით: „რაღაც მოხდა, რაღაც დაუჯერებელი... სერ
ლევენტალმა დამიბარა გაფიცვის საბაბით და გამაუპატიურა... ამიტომაც მოვკალი...“.
ჰო, დაუჯერებელი ამბავი იყო... და მაინც ყველამ დაიჯერა, რადგან, არსებითად, ეს სიმართლეს
შეეფერებოდა. ემა ცუნცის ხმის ტონი რეალური იყო, მისი სირცხვილი - რეალური, მისი
სიძულვილი - რეალური. რეალური იყო სასტიკი უკანონობა, რომელიც მის ოჯახს დაატყდა. ცრუ
იყო მხოლოდ გარემოებები, დრო და ერთი-ორი საკუთარი სახელი.

ასტერიონის სახლი
და დედოფალმა შვა ბავშვი სახელად ასტერიონ.
აპოლოდორუსი, „ბიბლიოთეკა“
ვიცი, რომ მბრალდება ქედმაღლობა, შესაძლოა მიზანთროპია და თვით სიგიჟეც კი. ეს
ბრალდებები (რომლებსაც დავსჯი, როცა დრო მოვა) სასაცილოა. კი, სახლიდან ნამდვილად

82
არასოდეს გავდივარ. მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ჩემი სახლის კარები (უსასრულო
რაოდენობის) დღედაღამ ღიაა ადამიანებისთვის და თვით ცხოველებისთვისაც. ვისაც სურს,
ყველა შემოდის. აქ ვერ ნახავთ ვერც ქალურ მშვენიერებებს და ვერც სამეფო კარის
ბრწყინვალებას, მხოლოდ სიმშვიდეა და სიმარტოვე. აქ იპოვით სახლს, რომლის მსგავსი არსადაა
მთელს დედამიწაზე (ცრუობენ ისინი, ვინც ამბობს, ასეთი სახლი ეგვიპტეშიც დგასო). თვით ჩემი
ცილისმწამებლებიც კი აღიარებენ, რომ მთელ სახლში ერთი ავეჯიც კი არ მოიპოვება. მეორე
აბსურდია, რომ მე, ასტერიონ, ტყვე ვარ. ნუთუ საჭიროა გავიმეორო, რომ ჩემი სახლის კარი ღიაა?
ნუთუ უნდა დავამატო, რომ კარს კლიტე არ ადევს? ერთ ნაშუადღევს, ქუჩაში გავედი და თუკი
დაღამებამდე დავბრუნდი, ეს იმიტომ, რომ ადამიანთა სახეებმა შემზარა, უფერულმა,
ხელისგულივით ბრტყელმა სახეებმა. მზე უკვე ჩასული იყო, მაგრამ ბავშვის უმწეო წივილმა და
მასების უმწიფარმა თხოვნებმა მიმახვედრა, რომ მიცნეს. ადამიანები ლოცულობდნენ,
გარბოდნენ, პირქვე ერთხმოდნენ ჩემ წინ. ზოგიერთები ტაძრის საფეხურებზე ადიოდნენ, სხვები
ქვებს აგროვებდნენ. ერთი ნამდვილად ზღვაში ჩაიმალა. დედაჩემის დედოფლობას უკვალოდ არ
ჩაუვლია. ჩვეულებრივ ადამიანებში ვერ გავერევი, თუნდაც ჩემს მოკრძალებას ეს სურდეს.
ფაქტია, რომ ერთადერთი ვარ. არ მაინტერესებს, რა შეიძლება გაანდოს ადამიანმა სხვა
ადამიანებს საჯაროდ. ფილოსოფოსივით ვფიქრობ, რომ ვერაფერს იტყვი წერის ხელოვნებით.
გაღიზიანებები და ტრივიალური წუთები თავშესაფარს ვერ პოულობენ ჩემს სულში, რომელიც
შობილია სიდიადისთვის. ვერასდროს დიდი ხნით ვერ მომიხელთებია სხვაობა ანბანის ორ ასოს
შორის. ერთგვარი დიდსულოვანი მოუთმენლობა მაკავებდა იმისგან, რომ კითხვა მესწავლა.
ხანდახან ვნანობ, რომ ასე მოხდა, რადგან დღე-ღამეები გრძელია.
რასაკვირველია, გართობა არ მაკლია. ზოგჯერ ყოჩივით დავრბივარ ქვის დარბაზებში, მერე კი,
თავბრუდახვეული, ძირს ვეცემი. ზოგჯერ ჩრდილში ვიყუჟები, შადრევანთან, ან ერთ-ერთი
დერეფნის კუთხეში, თითქოს ვიღაც მომდევს. არის სახურავები, საიდანაც შემიძლია თავდაყირა
გადმოვეშვა და გავსისხლიანდე. ყოველთვის შემიძლია ვითვალთმაქცო, ვითომ მძინავს,
თვალდახუჭული ვიწვე და მძიმედ ვისუნთქო (ზოგჯერ ნამდვილად ჩამეძინება ხოლმე, ზოგჯერ
კი იმდენ ხანს მაქვს თვალები დახუჭული, რომ გახელის შემდეგ დღეს უკვე სხვა ფერი ადევს).
მაგრამ ყველა სხვა თამაშს მირჩევნია ის თამაში, რომელშიც თავს ვიკატუნებ, ვითომ მეორე
ასტერიონიც არსებობს, სტუმრად არის მოსული და ახლა მიდამოს ვათვალიერებინებ სახლის
გარშემო. მეფურად ვუხრი ქედს და ვეუბნები: „ახლა კი ჩვენს წინა გზაჯვარედინზე
დავბრუნდეთ“, ან „ახლა ამ გზით წავიდეთ მეორე ეზოში“, ან „ვიცოდი, რომ ეს წყლის მილი
მოგეწონებოდა“, ან „ახლა შენ ნახავ ქვიშით სავსე ცისტერნას“, ან „ახლა ნახავ სარდაფის
განშტოებას“. ზოგჯერ შეცდომას ვუშვებ და ორივენი გულიანად ვხარხარებთ.
მხოლოდ ეს თამაშები არ მომიფიქრებია - ბევრი ვიფიქრე თვით სახლზეც. სახლის თითოეულ
ნაწილში ხშირად ვხვდები ხოლმე და ყოველი მათგანი სხვა ადგილია. არ არსებობს ერთი
შადრევანი, ერთი შიდაეზო, ერთი წყლის ჭურჭელი, ერთი ბაგა, არამედ მათი უსასრულო
რაოდენობა. სახლი ქვეყნიერებასავით ვრცელია, უფრო სწორად - თვითონაა ქვეყნიერება.
მიუხედავად ამისა, ყოველ შიდაეზოს და რუხი ქვის თითოეულ მტვრიან გალერეას გავყავდი
ქუჩაში, სადაც ვხედავდი ტაძარსა და ზღვას. არ მესმოდა ეს სანახაობა, სანამ ღამეულმა ხილვამ არ
გამიმხილა, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობის ზღვები და ტაძრები. ყველაფერი მრავალგზის
არსებობს, უთვალავჯერ, მხოლოდ ორი რამეა ამქვეყნად ისეთი, რაც აშკარად ერთადერთხელ
არსებობს: ზემოთ - ჩახლართული მზე, ქვემოთ - ასტერიონ. იქნებ მე შევქმენი ვარსკვლავები, მზე,
ეს ვეებერთელა სახლი და - აღარ მახსოვს.
ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ ცხრა კაცი მაკითხავს, რათა ყოველგვარი ბოროტებისგან
გავათავისუფლო. შორს, ქვის დერეფნებში, მათი ხმები ან ნაბიჯების ხმა მესმის და სიხარულით
მივრბივარ შესაგებებლად. ცერემონია სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. ისინი ერთიმეორის
მიყოლებით ცვივიან ძირს, თუმცა ხელები არასოდეს მომთხვრია სისხლში. იქვე რჩებიან, სადაც
ცვივიან, და ერთი გალერეა ყველა დანარჩენისგან სწორედ მათი სხეულებით განსხვავდება. არ
ვიცი, რამდენი ყოფილან აქ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ერთ-ერთმა მათგანმა სიკვდილის მომენტში
მიწინასწარმეტყველა, ერთ დღესაც შენი მხსნელი მოვაო. მას შემდეგ სრულებით აღარ მიჭირს
მარტოობა, რადგანაც ვიცი, რომ ჩემი მხსნელი ცოცხალია და ერთხელაც აღდგება და მტვერს
თავზე მოექცევა. თუ ჩემს ყურს ქვეყნიერების ყველა ბგერა ესმის, მაშინ მისი ნაბიჯების ხმასაც
გავიგონებ. ვიმედოვნებ, წამიყვანს ისეთ ადგილას, სადაც უფრო ნაკლები დერეფანი და ნაკლები
კარია. „ნეტავ რანაირი იქნება ჩემი მხსნელი, - ვფიქრობ, - ხარი იქნება თუ კაცი? იქნებ ხარი იყოს
კაცის სახით? იქნებ ჩემნაირია?“
დილის მზემ ბრინჯაოს ხმალზე გაიბრწყინა. ამჯერად მასზე სისხლის კვალი არ ჩანს.
„ამას თუ დაიჯერებ, არიადნე? - თქვა თეზევსმა, - მინოტავრმა თავიც კი ვერ დაიცვა“.

83
მარია მოსკერა ისტმანს

სხვა სიკვდილი
დაახლოებით ორი წლის წინ (მე მგონი, ასე იყო, წერილი დაკარგული მაქვს), განონმა
გუალეგუაიჩუდან მომწერა, რომ მიგზავნიდა თარგმანს (შესაძლოა - პირველს ესპანურ ენაზე)
რალფ უოლდო ემერსონის ლექსისა „წარსული“. პოსტსკრიპტუმში ამატებდა, რომ პედრო
დამიანი - კაცი, რომელიც, მისი თქმით, მე უნდა მხსომებოდა - რამდენიმე დღის წინ
გარდაცვლილა ფილტვის ჰიპერემიით. განონის თქმით, დამიანს ბოლო მოუღო ციებ-ცხელებამ,
თავის გონდაკარგულ ბოდვაში კი ისევ იმ სისხლიან დღეს გადიოდა მასოლერში. ახალი ამბავი ისე
მივიღე, როგორც მოსალოდნელი, თითქმის ბანალურიც კი, რადგან ცხრამეტი თუ ოცი წლის ასაკში
პედრო დამიანი აპარიციო სარავიას დროშებს მისდევდა. 1904 წლის ამბოხებამ მოულოდნელად
მოუსწრო რიო ნეგროს თუ პაისანდუს რანჩოში, სადაც ის მრავალმხრივი მუშის ფუნქციას
ასრულებდა. წარმოშობით დამიანი ენტრე რიოსიდან იყო, უფრო ზუსტად - გუალეგუაიდან.
მაგრამ ისიც იქ წავიდა, სადაც მისი მეგობრები წავიდნენ, ისეთი ენერგიულები და მოყვასის
არმცოდნენი, როგორებიც იყვნენ. მონაწილეობდა აქა-იქ გამართულ ორმხრივ სროლებში და
უკანასკნელ ბრძოლაში. 1905 წელს მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და თავმდაბლური
შეუპოვრობით განაგრძო შრომა მინდვრებზე. რამდენადაც ვიცი, თავისი პროვინციიდან აღარ
გასულა. ბოლო ოცდაათი წელი საკმაოდ განმარტოებულ პატარა ფერმაში გაატარა, ნანკაიდან
ორიოდე ლიეს მოშორებით. სწორედ ღმერთისგან დავიწყებულ იმ ადგილას ვესაუბრე - ან ვცადე,
მესაუბრა - 1942 წლის ერთ საღამოს. სიტყვაძუნწი კაცი იყო, არცთუ განათლებული. მასოლერის
ბრძოლა და ქარტეხილი მთლიანად მოიცავდა მის ისტორიას. ამიტომაც არ მიკვირს, რომ
სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ისევ იმ ქარცეცხლიან დღეებს დაჰბრუნებია... რაკი შევიტყვე, რომ
ვეღარასოდეს ვნახავდი ცოცხალ დამიანს, ვცადე, გამეხსენებინა. თუმცა იმდენად ცუდი
ვიზუალური მეხსიერება მაქვს, რომ მხოლოდ ის ფოტო გამახსენდა, რომელიც განონმა გადაუღო.
არც ესაა ბევრი არაფერი, თუ ვიცი, რომ ეს ადამიანი ერთადერთხელ მყავს ნანახი 1942 წლის
დასაწყისში. აი, ფოტოსურათი კი უთვალავჯერ მინახავს. განონმა გამომიგზავნა. მერე დავკარგე
კიდეც. თუმცა დღეს აღარ ვეძებ: ვაითუ, ვიპოვო.
მეორე ეპიზოდს ადგილი ჰქონდა მონტევიდეოში, რამდენიმე თვის შემდეგ. ენტრერიოსელი კაცის
ციებ-ცხელებამ და აგონიურმა სიკვდილმა შთამაგონა წარმოსახვითი ამბავი, რომელიც ეყრდნობა
დამარცხებას მასოლერის ბრძოლაში. როცა ამბის სიუჟეტი ემირ როდრიგეს მონეგალს ვუამბე, მან
მომცა სარეკომენდაციო წერილი პოლკოვნიკ დიონისიო ტაბარესთან, რომელსაც ის სამხედრო
კამპანია მიჰყავდა. პოლკოვნიკმა სადილის შემდეგ მიმიღო და სარწეველა სავარძელში
ჩამჯდარმა, საყვარლად და არეულ-დარეულად მიამბო გარდასული დღეების ამბავი. ილაპარაკა
იარაღზე, რომელიც არასდროს ჩამოსულა, ქანცგაწყვეტილ ცხენებზე, ზეზეულად მძინარ პირქუშ
კაცებზე ჭაობების ლაბირინთებში; სარავიაზე, რომელსაც შეეძლო შესულიყო მონტევიდეოში,
მაგრამ განზე გადაუხვია, აქაოდა, გაუჩოებს ქალაქი სძაგთო; კაცებზე ზურგამდე ჩაჭრილ-ჩახეული
ყელით; სამოქალაქო ომზე, რომელიც პირადად ჩემთვის ძებნილი დამნაშავის კოშმარს უფრო
ჰგავდა, ვიდრე შეტაკებას ორ არმიას შორის. ილაპარაკა ილესკაზე, ტუპამბაეზე, მასოლერზე -
იმდენად გამოზომილი ინტერვალებით და ისე ცოცხლად, რომ მივხვდი: ეს ამბები მანამდეც
არაერთგზის მოეთხრო. ნამდვილად შევშინდი: ვაითუ, მეტი მოგონება აღარ დარჩა-მეთქი. სულის
მოსათქმელად რომ შეჩერდა, სახელი დამიანი ვუხსენე.
- დამიანი? პედრო დამიანი? ჩემთან მსახურობდა. ინდიელის მსგავსი პატარა ჯეელი, რომელსაც
ბიჭები დაიმანს ეძახდნენ, - თქვა პოლკოვნიკმა და ხმაურიანად ახარხარდა, თუმცა უცებ
შეწყვიტა ნამდვილი ან გათამაშებული უხერხულობის გამომეტყველებით.
მერე სხვა ხმით განაგრძო: ომიც ისევე, როგორც ქალები, კაცის გამოცდააო. მისი თქმით, ომში
წასვლამდე არც ერთმა კაცმა არ იცის, რას წარმოადგენს რეალურად. მავანს შეიძლება თავი
მხდალად მიაჩნდეს და, სინამდვილეში, მამაცი ვინმე აღმოჩნდეს. ან პირიქით. სწორედ ეს
დაემართა საბრალო დამიანს, რომელიც სერიოზულ-მნიშვნელოვანი იერით შედიოდა მაღაზიებში,
იქ კი, მასოლერში, ნაწილებად დაიშალა. პირველ შეტაკებაში ზუმაკოებთან კაცივით იქცეოდა. აი,
მერე კი, როცა ჯარებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავეს და ისეთი სროლა ატყდა, რომ თითოეულს
ეგონა, ხუთი ათასი კაცი შეგროვდა ჩემს ჩასაცხრილადო, ვეღარ გაუძლო. იმ ნაბიჭვარმა მეტისმა
მთელი ცხოვრება ცხვრების მწყემსვაში გაატარა და უცებ ამ ქარცეცხლში აღმოჩნდა, აქაოდა,
ქვეყანა უნდა დავიცვათო...
სასაცილოა, მაგრამ იმდროინდელი ამბების პოლკოვნიკ ტაბარესისეულმა ვერსიამ თავგზა
ამიბნია. ვამჯობინებდი, ასე არ მომხდარიყო. ხანდაზმული დამიანისგან, რომელსაც
ერთადერთხელ შევხვდი იმ ნაშუადღევს მრავალი წლის წინ, უნებლიეთ შევქმენი ერთგვარი
კერპი, რომელიც ტაბარესის ვერსიამ ნამსხვრევებად აქცია. უეცრად მივხვდი, რას ნიშნავდა

84
დამიანის თავდაჭერილობა და ჯიუტი მარტოობა: თურმე მოკრძალებისგან კი არ იყო ასე, არამედ
სირცხვილისგან. ამაოდ ვუმეორებდი ჩემს თავს: სიმხდალით დევნილი კაცი უფრო რთულია და
საინტერესო, ვიდრე უბრალოდ მამაცი კაცი-მეთქი. გაუჩო მარტინ ფიერო ნაკლებად დაუვიწყარია,
ვიდრე ლორდ ჯიმი ან რაზუმოვი. ჰო, მაგრამ გაუჩო დამიანს ევალებოდა ყოფილიყო მარტინ
ფიერო, მეტადრე - ურუგვაელი გაუჩოების კამპანიაში. ხოლო იმაში, რაც ტაბარესმა თქვა ან ვერ
თქვა, მე მოვიხელთე გაბედული, შესაძლოა შეუდავებელი ცოდნაც, რომ ურუგვაი უფრო
პირველყოფილია, ვიდრე ჩვენი ქვეყანა, და ამიტომაც - უფრო ველური... მახსოვს, იმ ღამით
გადაჭარბებულად მსურვალედ დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
რაკი ორიოდე დეტალი მაკლდა ჩემი წარმოსახვითი ამბისთვის (რომელსაც ჯიუტად არ სურდა
საკუთარი ფორმის მიღება), კიდევ ერთხელ მივაკითხე პოლკოვნიკ ტაბარესს. მის სახლში
რესპექტაბელური ასაკის სხვა ჯენტლმენიც დამხვდა: დოქტორი ხუან ფრანჩესკო ამარო
პაისანდიდან. მასაც ებრძოლა სარავიას ამბოხებაში. როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარი
ეხებოდა მასოლერს. ამარო რამდენიმე ანეკდოტს მოჰყვა, მერე კი ხმამაღლა მოფიქრალი კაცივით
დაამატა: - ღამით სანტა ირენეს რანჩოში დავრჩით. მერე კიდევ რამდენიმე კაცი შემოგვიერთდა.
მათ შორის იყო ფრანგი ვეტერინარი, რომელიც ბრძოლის დაწყების წინადღეს გარდაიცვალა, და
ჭაბუკი ენტრე რიოსიდან, სახელად დამიანი.
იმწამსვე შევაწყვეტინე.
- ვიცი, - ვთქვი, - არგენტინელი ბიჭი, ბრინჯივით რომ დაიბნა, როცა ტყვიების წვიმა წამოვიდა.
ვთქვი და შევჩერდი. ორი კაცი შეცბუნებული მიყურებდა.
- მომიტევეთ, - თქვა ამარომ ბოლოს, - პედრო დამიანი ისე მოკვდა, როგორც ნებისმიერი ვაჟკაცი
ისურვებდა, რომ მომკვდარიყო. ნაშუადღევის ოთხი საათი იყო. ბორცვის თავზე ჩასაფრებულ
წითელ ჯარს ჩვენი მებრძოლები შუბებს ესროდნენ. დამიანი ყვირილით ხელმძღვანელობდა
შეტევას და სწორედ ამ დროს მოხვდა ტყვია შიგ მკერდში. ყვირილი შეწყვიტა, გაშეშდა და დაეცა,
დაცემული კი ცხენების ფლოქვებმა გადათელეს. ის მკვდარი იყო და მასოლერზე გასროლილმა
უკანასკნელმა ტყვიამ ზედ სხეულის ზემოთ გადაუქროლა. ჯერ ოცი წელიც არ შესრულებოდა და
ასეთი უშიშარი იყო!
აშკარად სხვა დამიანზე ლაპარაკობდა, მაგრამ რაღაცამ მაინც მაკითხვინა, რას ყვიროდა
ახალგაზრდა მეტისი-მეთქი.
- ლანძღვა-გინებას, - თქვა პოლკოვნიკმა, - სხვას რას ყვირიან ომში.
- ჰო, შეიძლება, - თქვა ამარომ, - თუმცა ამასაც ყვიროდა: „ვივა ურკიზა!“[119]
ჩვენ გავჩუმდით.
- თითქოს მასოლერთან კი არ იბრძოდა, არამედ კაგანჩასთან ან ინდია მუერტასთან ასი წლის წინ,
- დაიჩურჩულა ბოლოს პოლკოვნიკმა, მერე კი ნამდვილად შეცბუნებულმა განაგრძო: - იმ ჯარებს
მე ვხელმძღვანელობდი და, ვფიცავ, პირველად მესმის ვინმე დამიანის სახელი.
ვერაფრით გავახსენეთ.
ბუენოს-აირესში მომხდარმა ერთმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ განმაცდევინა ის ძრწოლა,
რომელიც მაშინ პოლკოვნიკის გულმავიწყობის შემსწრემ ვიგრძენი. ერთ ნაშუადღევს მიტჩელის
ინგლისური წიგნის მაღაზიის სარდაფში ემერსონის თხზულებათა თორმეტტომეულთან მდგარ
პატრიციო განონს გადავეყარე. ვკითხე, როგორ მიდის „წარსულის“ თარგმნის პროცესი-მეთქი.
აზრადაც არ მაქვს მაგის თარგმნა, ესპანური ლიტერატურა ემერსონის გარეშეც უკვე მოსაწყენიაო,
მითხრა. შევახსენე: ამ თარგმანს ხომ იმავე წერილში შემპირდით, რომელშიც დამიანის
გარდაცვალებაზე მწერდით-მეთქი. ეგ „დამიანი“ ვინ არისო, მკითხა. ვუთხარი, მაგრამ პასუხი არ
მიმიღია. უკვე საშინელების განცდა მეუფლებოდა, როცა შევნიშნე, რომ უცნაურად მიყურებდა.
მეც მეყსეულად შევიცვალე გეზი და გადავეშვი ლიტერატურულ დავაში იმ კაცთან, რომელიც
აკრიტიკებდა ემერსონს, ანუ, ჩემი ღრმა რწმენით, იმ საბრალო ედგარ ალან პოზე ნამდვილად
უფრო რთულ, უფრო დასრულებულ და უეჭველად უფრო თვალსაჩინო პოეტს.
არის კიდევ რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც უნდა ჩავწერო.
აპრილში მივიღე წერილი პოლკოვნიკ დიონისიო ტაბარესისგან. მწერდა: დაბნეული აღარ ვარ,
ამჟამად მშვენივრად მახსოვს ენტრერიოსელი ბიჭი, ბრძოლას რომ ხელმძღვანელობდა
მასოლერში და იმ ღამით ბორცვის ძირში დაკრძალეს ჩემმა კაცებმაო. ივლისში გუალეგუაიჩუში
გავიარე და ვერ მოვძებნე დამიანის ძველი საბინადრო. ის აღარავის ახსოვდა. მინდოდა, რჩევას
დავკითხოდი საწყობის გამგეს, დიეგო აბაროას, რომელიც შეესწრო დამიანის სიკვდილს. მაგრამ

85
აბაროა თვითონ გარდაცვლილიყო შემოდგომაზე. ვცადე, გამეხსენებინა დამიანის ნაკვთები.
რამდენიმე თვის შემდეგ, რაღაც ალბომების თვალიერებისას, მივხვდი, რომ მუქკანიანი სახე
რომელიც მაშინ ამომიტივტივდა, სინამდვილეში, სახელგანთქმული ტენორის, ტამბერლიკის სახე
ყოფილა ოტელოს როლის შესრულებისას.
ახლა გადავდივარ ვარაუდებზე. მათგან ყველაზე მარტივის და, იმავდროულად, ყველაზე
ნაკლებად დამაკმაყოფილებლის მიხედვით, არსებობდა ორი დამიანი: მხდალი, რომელიც 1946
წელს გარდაიცვალა ენტრე რიოსში, და მამაცი, რომელიც გმირულად დაეცა მასოლერში 1904 წელს.
ამ ვარაუდის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ხსნის ამ ამბის ჭეშმარიტად გამოუცნობ
ნაწილს: პოლკოვნიკ ტაბარესის მეხსიერების უცნაურ მიმოქცევას, მის გულმავიწყობას, რომელიც
მთლიანად შლის არა მხოლოდ სახეს, არამედ თვით სახელსაც იმ კაცის, რომელიც ნამდვილად
ახსოვდა სულ ცოტა ხნის წინ (არ ვიღებ, არ შემიძლია მივიღო ყველაზე მარტივი ვარაუდი, რომ
პირველი შეხვედრა პოლკოვნიკთან სათავეს იღებს ჩემივე სიზმრიდან). კიდევ უფრო
საინტერესოა ზებუნებრივი ახსნა, რომელსაც მთავაზობს ულრიკე ფონ კულმანი. მისი აზრით,
პედრო დამიანი ბრძოლაში დაიღუპა და სიკვდილის მომენტში შესთხოვა ღმერთს, ენტრე რიოსში
დამაბრუნეო. ღმერთი ერთი წამით შეყოყმანდა, სანამ ამ პატივით დააჯილდოებდა, ხოლო კაცი,
რომელმაც ეს სთხოვა, უკვე მკვდარი იყო. მოკლული საკუთარი თვალით ნახა რამდენიმე კაცმა.
ღმერთმა, რომელიც წარსულს ვერ შეცვლის, თუმცა წარსულის სახეების შეცვლა კი შეუძლია,
სიკვდილის სახე არაცნობიერის სახით შეცვალა და ენტრერიოსელი კაცის აჩრდილიც მშობლიურ
ადგილებს დაუბრუნდა. დაუბრუნდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ აჩრდილი
იყო. ცხოვრობდა სიმარტოვეში, ცოლის თუ მეგობრების გარეშე. ყველაფერი უყვარდა, ყველაფერს
ფლობდა, ოღონდ - შორიდან, თითქოსდა მინის მეორე მხრიდან. ის „მოკვდა“, მაგრამ ეთერული
სახება დარჩა, როგორც წყალი წყალში.
ეს ჰიპოთეზა მცდარია, თუმცა, შესაძლოა, სწორ ჰიპოთეზასაც შთაგვაგონებს, - იმას, რომელიც მე
სადღეისოდ მწამს და რომელიც ერთდროულად უფრო მარტივიცაა და უფრო უცნაურიც. ის
თითქმის ჯადოსნურად აღმოვაჩინე პიერ დამიანის ტრაქტატში სახელად De omnipotentia,
რომელიც გამოვჩხრიკე დანტეს „სამოთხის“ XXI სიმღერის ორი სტრიქონის გამო. ეს სტრიქონები
ეხება ვინაობის პრობლემას. თავისი ტრაქტატის მეხუთე თავში პიერ დამიანი მიიჩნევს
(არისტოტელესა და ფრედეგარიუს ტურსელის საწინააღმდეგოდ), რომ ის, რაც ოდესღაც
არსებობდა, ღმერთს შეუძლია არასდროს არსებულად აქციოს. წავიკითხე ეს ძველი თეოლოგიური
კამათები და დავიწყე დონ პედრო დამიანის ტრაგიკული ისტორიის გაგება. აი, როგორ
წარმომიდგება დღეს ყველაფერი: მასოლერის ველზე დამიანი ლაჩარივით მოიქცა, მომდევნო
ცხოვრება კი ამ სამარცხვინო სისუსტის გამოსწორებას მიუძღვნა. დაბრუნდა ენტრე რიოსში. ხელი
არ აუწევია არც ერთ კაცზე, არც ხანჯლით „მოუნიშნავს“ არავინ, სახელი არ უძებნია ჩადენილი
მამაცობისთვის, არამედ თავს იწრთობდა ნანსეის ველებზე, ბუჩქებიან უდაბნოში, გიჟმაჟ
ქარაფშუტა საქონელთან. ნელ-ნელა უნებლიეთ ამზადებდა თავს სასწაულისთვის, გულის
სიღრმეში კი ფიქრობდა: „თუ ბედი სხვა ბრძოლას მომივლენს, მეცოდინება, როგორ მოვიქცე“.
ორმოც წელიწადს ელოდებოდა ამ ბრძოლას ყრუ იმედით და ბედმაც სწორედ სიკვდილის ჟამს
მოუვლინა ის ბოდვის სახით. არადა, ბერძნებმა უკვე დიდი ხნის წინ იცოდნენ, რომ ჩვენ ყველანი
სიზმარეული ჩრდილები ვართ. სიკვდილისწინა აგონიაში დამიანმა კიდევ ერთხელ გადაიტანა
ბრძოლა და მოიქცა ისე, როგორც ვაჟკაცს შეჰფერის: თვითონ წარმართა ბრძოლა და მკერდით
შეეგება ტყვიას. ამრიგად, 1946 წელს, თავისი ხანგრძლივი ლტოლვის წყალობით, პედრო დამიანი
დაიღუპა მარცხით დამთავრებულ ბრძოლაში, რომელიც მოხდა მასოლერთან, 1904 წლის
ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
Summa Theologica[120] უარყოფს, რომ ღმერთს ძალუძს გააუქმოს ის, რაც ოდესღაც არსებობდა,
თუმცა არაფერს ამბობს მიზეზებისა და შედეგების ჯაჭვზე, რომელიც იმდენად ვრცელი და
იმდენად დაფარულია, რომ, შესაძლოა, თვით ერთი შორეული ცდომილებაც კი - რაოდენ
უმნიშვნელოც უნდა იყოს - არ გაუქმდეს ისე, რომ ამას აწმყოს გაუქმება არ მოჰყვეს. აწმყოს
შეცვლა, უბრალოდ, ერთი ამბის შეცვლას არ ნიშნავს, არამედ ანულირებას ყველა მისი შედეგისა,
რომლებიც უსასრულობისკენ ისწრაფვის. სხვა სიტყვებით: ეს ქვეყნიერების ორი ისტორიის
შექმნას ნიშნავს. იმ ისტორიაში, რომლისთვისაც შეიძლებოდა პირველი გვეწოდებინა, პედრო
დამიანი გარდაიცვალა ენტრე რიოსში 1946 წელს. მეორე ისტორიაში კი, 1904 წელს დაიღუპა
მასოლერთან. ეს უკანასკნელი არის ისტორია, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. თუმცა დაწოლა წინა
ისტორიის მხრიდან დაუყოვნებლივ არ მომხდარა და წარმოქმნა ის არათანმიმდევრულობები,
რომლებიც უკვე ვახსენე. პოლკოვნიკ დიონისიო ტაბარესში ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის
სხვადასხვა საფეხურს: თავიდან მოაგონდა, რომ დამიანი ლაჩარივით მოიქცა; შემდეგ მთლიანად
ამოეშალა მეხსიერებიდან; მერე კი, პედროს ვაჟკაცური სიკვდილი გაიხსენა. საწყობის გამგე
აბაროას შემთხვევაც ნაკლებად ჭკუის სასწავლი არ გახლავთ: ის, ჩემი აზრით, იმიტომ მოკვდა,
რომ მეტისმეტად ბევრი რამ ახსოვდა დამიანის შესახებ.

86
რაც შემეხება მე, არა მგონია, ასეთი საფრთხე მემუქრებოდეს. მე ამოვიცანი და ჩავწერე
კაცობრიობისთვის მიუწვდომელი პროცესი, ერთგვარი რისხვა რაციონალობისადმი. თუმცა
არსებობს გარემოებები, რომლებიც ამცირებენ ჩემს საშინელ პრივილეგიას. ამ მომენტისთვის
დარწმუნებული არ ვარ, რომ ყოველთვის სიმართლე დამიწერია. ვშიშობ, ჩემს მონათხრობში ცრუ
მოგონებები არ იყოს. ვშიშობ, პედრო დამიანს (თუკი საერთოდ უარსებია ამქვეყნად) პედრო
დამიანი არ ერქვა, მე კი ამ სახელით იმიტომ მახსოვს, იქნებ ოდესმე მაინც დავიჯერო, რომ მისი
ისტორია პიერ დამიანის არგუმენტებმა ჩამაგონა. იგივე ხდება იმ ლექსთან დაკავშირებითაც,
პირველ აბზაცში რომ ვახსენე, ლექსში, რომლის თემაა წარსულის შეუცვლელობა. 1951 წელს ან
დაახლოებით ამ პერიოდში მე გამახსენდება, რომ შევთხზე წარმოსახვითი მოთხრობა, თუმცა
მოყოლილი მექნება ნამდვილი შემთხვევა, ზუსტად ისევე, როგორც ამ ორი ათასი წლის წინ
გულუბრყვილო ვირგილიუსმა იფიქრა, რომ კაცის დაბადებას გვაუწყებდა, თუმცა კი ღმერთის
დაბადება იწინასწარმეტყველა.
საბრალო დამიანი! სიკვდილმა ოცი წლისა წაიყვანა იმ ომში, - ერთგვარ ხელნაკეთ ბრძოლაში, -
რომლისაც არაფერი გაეგებოდა. მართალია, ძალზე დიდი დრო დასჭირდა ამისთვის, ბოლოს მაინც
აისრულა გულის წადილი. ალბათ არც არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება.

გერმანული რეკვიემი
მართალია, მკლავს, მაინც მივენდობი.
იობი, 13:15
ჩემი სახელია ოტო დიტრიხ ცურ ლინდე. ჩემი ერთ-ერთი წინაპარი, ქრისტოფ ცურ ლინდე,
დაიღუპა კავალერიის ბრძოლაში, რომელმაც გამარჯვება მოუტანა ცორნდორფს. 1870 წლის
უკანასკნელ დღეებში ჩემი დიდი პაპა, ულრიხ ფორკელი, ფრანგმა სნაიპერებმა მოკლეს
მარშნუარის ტყეში. მამაჩემმა - კაპიტანმა დიტრიხ ცურ ლინდემ - თავი ისახელა 1914 წელს
ნამურის ალყაშიც და, ორი წლის შემდეგ, დუნაის გადაცურვის დროსაც. რაც შემეხება მე, მე უნდა
დამხვრიტონ, როგორც მკვლელი და ჯალათი. სასამართლომ სწორად განსაჯა. დასაწყისშივე
ვაღიარე ჩემი დანაშაული. ხვალ, იმ დროისთვის, როდესაც ციხის საათი ცხრაჯერ ჩამოჰკრავს, მე
სიკვდილის სამფლობელოში შევაბიჯებ. ბუნებრივია, ვიფიქრო ჩემს წინაპრებზე, რაკი ასე
მივუახლოვდი მათ აჩრდილებს; რაკი, ასე ვთქვათ, მე უკვე ისინი ვარ.
სასამართლო პროცესის დროს (რომელიც, საბედნიეროდ, ცოტა ხანს გაგრძელდა) მე არ
მილაპარაკია. რაიმე ახსნა-განმარტების მიცემა, ჩემი მხრივ, დაბრკოლებებს შეუქმნიდა
ვერდიქტის გამოტანას და მეც მხდალად წარმომაჩენდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩემი დასჯის
წინმსწრებ ამ ღამეს შემიძლია უშიშრად ვილაპარაკო. არავითარი სურვილი არ მაქვს, მაპატიონ,
რადგან არავითარ დანაშაულს არ ვგრძნობ. მსურს მხოლოდ ის, რომ გამიგონ. ისინი, ვინც ჩემს
სიტყვებს მიაყურადებს, გაიგებენ გერმანიის ისტორიასაც და მსოფლიოს მომავალსაც. ვიცი: ასეთი
შემთხვევები, როგორიც ჩემია, ამჟამად გამონაკლისია და შოკში ჩამგდები, ძალიან მალე კი
არაფრით გამორჩეული აღარ იქნება. ხვალ მე მოვკვდები, მაგრამ მე მომავალი თაობების სიმბოლო
ვარ.
მარიენბურგში დავიბადე 1908 წელს. დღესდღეობით თითქმის დავიწყებულმა ორმა ვნებამ -
მუსიკამ და მეტაფიზიკამ მრავალი საზარელი წელი ყოჩაღად და თითქმის ბედნიერად
გადამატანინა. აქ ვერ ჩამოვთვლი ყველა ჩემს კეთილისმქმნელს, მაგრამ არის ორი სახელი,
რომლებსაც ვერანაირად ვერ ავუვლი გვერდს. ესენია ბრამსი და შოპენჰაუერი. ხშირად
მიმიმართავს პოეზიისთვისაც და ამ ორს დავუმატებდი კოლოსალურ ინგლისურ სახელს: უილიამ
შექსპირი. უწინ თეოლოგიაც მაინტერესებდა, გარკვეულწილად. მერე კი სამუდამოდ ვაქციე
ზურგი ამ ფანტასტიკურ დისციპლინასაც და ქრისტიანობასაც, ერთი მხრივ, შოპენჰაუერთან და
მის პირდაპირ არგუმენტებთან, მეორე მხრივ კი, ბრამსთან და შექსპირთან, მათი სამყაროების
უსასრულო მრავალფეროვნებასთან ერთად. მსურს, ყველამ, ვინც განიცდის მოწიწებასა და
გაოცებას, ვინც თრთის სინაზითა და მადლიერებით, ვინც გულგანწონილია ამ კურთხეულ კაცთა
თხზულებებში ამოკითხული რომელიმე ფრაზით, - ყველამ, ვინც ამ დონეზე შეძრულია, იცოდეს,
რომ ოდესღაც მეც მათსავით გულგანწონილი ვიყავი ამ ადამიანებით: მე, საზიზღარი.
ნიცშე და შპენგლერი 1927 წელს შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში. XVIII საუკუნეში მცხოვრები
მავანი მწერლის თქმით, არავის სურს, რომ რამე მართებდეს თავისი თანამედროვეებისა.
დამთრგუნველი გავლენისაგან განთავისუფლების მიზნით, დავწერე წერილი „ანგარიშსწორება
შპენგლერთან“, სადაც აღვნიშნე, რომ ყველაზე არაორაზროვანი მონუმენტი იმ მახასიათებლებისა,
რომლებსაც ავტორმა „ფაუსტური“ უწოდა, გოეთეს მრავალსახოვანი დრამა კი არ არის (გერმანია
უნივერსალური სარკეა, რომელიც ყველა სხვას აირეკლავს, ანუ მსოფლიო ცნობიერება, გოეთე კი -
ამ მსოფლიო გონების პროტოტიპი. არ ვაკრიტიკებ, მაგრამ არ ვუყურებ მას, როგორც შპენგლერის

87
ტრაქტატის ფაუსტურ კაცს), არამედ ოცი საუკუნის წინ დაწერილი პოემა „De rerum nature“[121].
თუმცაღა, მივაგებ მისაგებელს ჩვენს ისტორიის ფილოსოფოსს (იგულისხმება ოსვალდ
შპენგლერი - მთარ.), მის რადიკალურად გერმანულ და სამხედრო სულს. 1929 წელს მე
შევუერთდი ნაცისტებს.
ბევრს არაფერს ვიტყვი მოწაფეობის წლებზე, რომლებიც ჩემთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა,
ვიდრე სხვებისთვის, რადგან, მართალია, არასოდეს მაკლდა გამბედაობა, არც ძალადობის
მოთხოვნილება მქონია ოდესმე. თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ახალი ეპოქის ზღურბლზე
ვიდექით და რომ ეს ახალი ეპოქა, როგორც ისლამის ან ქრისტიანობის პირველი წლები, ახალ
ადამიანებს ითხოვდა. როგორც პიროვნებები, ჩემი ამხანაგები მძაგდა. ამაოდ ვცდილობდი,
დამერწმუნებინა თავი: იმ მაღალი მიზნისთვის, რომელმაც გაგვაერთიანა, ჩვენ პიროვნებები არ
ვართ-მეთქი.
თეოლოგების მტკიცებით, თუ უფალი ერთი წამით მაინც უყურადღებოდ დატოვებს ჩემს
მარჯვენა ხელს, რომელიც ახლა წერს, ეს ხელი არარაობაში დაინთქმება, თითქოსდა უჩინარმა
ცეცხლმა ჩაყლაპაო. ვერავინ იარსებებს, ვამბობ მე, ვერავინ მოსვამს წყალს ან ჩამოჭრის პურს
გამართლების გარეშე. ეს გამართლება კი თითოეული კაცისთვის სხვადასხვაა. ველოდებოდი
უმოწყალო ომს, რომელიც გამოცდიდა ჩვენს რწმენას. ჩემთვის საკმარისი იყო იმის ცოდნა, რომ
ერთი ჯარისკაცი ვიქნებოდი ბრძოლებში. ერთხელ შემეშინდა: გულისაცრუება არ გვეწვნია
ინგლისის ან რუსეთის სიმხდალის გამო. შემთხვევამ (ან ბედისწერამ) განსხვავებული მომავალი
მომიქსოვა. 1939 წლის მარტში, შეღამებისას, ტილსიტში მოხდა არეულობები, რომლებზეც
გაზეთებს არაფერი უთქვამთ. ქუჩაში, სინაგოგის უკან, ორი ტყვია მომხვდა ფეხში და საჭირო
შეიქნა მისი მოკვეთა (როგორც თქვეს, ნატყვიარს უკიდურესად სერიოზული შედეგები მოჰყვა).
რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი არმია ბოჰემიაში შევიდა. როცა სირენებმა ეს ამბავი გვაუწყეს, მე
მჯდომარეთა საავადმყოფოში ვიწექი და ვცდილობდი, თავი დამევიწყებინა და დამეკარგა
შოპენჰაუერის წიგნებში. ფანჯრის რაფაზე მასიური, ფუშფუშა კატა იწვა: ჩემი ამაო ბედის
განსახიერება.
პირველ ტომში წიგნისა „პერეგრა და პარალიპომენა“[122], კიდევ ერთხელ წავიკითხე, რომ
ყველაფერი, რაც ადამიანს შეიძლება გადახდეს დაბადების წამიდან სიკვდილის წამამდე
წინდაწინ განსაზღვრულია მის მიერ. ამდენად, მთელი დაუდევრობა არაშემთხვევითია,
თითოეული უნებლიე შეხვედრა - წინდაწინ დანიშნული, ყოველი დამცირება - მონანიების აქტი,
ყოველი ჩავარდნა - იდუმალი გამარჯვება, ყოველი სიკვდილი - თვითმკვლელობა. არ არსებობს იმ
მოსაზრებაზე უფრო მზაკვრული ნუგეშისცემა, თითქოსდა ჩვენ თვითონ ამოვირჩიეთ ჩვენი
უბედურებები; რომ ინდივიდუალური თეოლოგია ამხელს საიდუმლო წესრიგს და, ყოვლად
განსაცვიფრებლად, ერთმანეთში გვრევს ჩვენ და ღვთაებას. რომელმა უცნობმა მიზანმა
გამომაჩხრეკინა ის საღამო, ის ტყვიები, ეს დასახიჩრება-მეთქი, ვფიქრობდი. არა ომის შიშმა, - ეს
ვიცოდი, - არამედ რაღაც უფრო ღრმამ. ბოლოს, მე მგონი, მივხვდი. რელიგიისთვის სიკვდილი
უფრო იოლია, ვიდრე ამ რელიგიის მთლიანად გატარება საკუთარ თავში. ველურ მხეცებთან
ბრძოლა ეფესში ისე ძნელი არ არის (ათასობით ბნელ მოწამეს უქნია ეს), როგორც პავლედ - იესო
ქრისტეს მსახურად ყოფნა. ერთი მოქმედება უფრო სწრაფია, ვიდრე ადამიანის ყველა საათი.
ბრძოლა და დიდება იოლია. რასკოლნიკოვის ავანტიურა ნაპოლეონისაზე უფრო რთულია. 1941
წლის 7 თებერვალს ტარნოვიჩის საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორის მოადგილედ დამნიშნეს.
არ შევხაროდი მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც ამ თანამდებობაზე მიწევდა, თუმცა
არასოდეს შემიცოდავს იმით, რომ რამე მიმეფუჩეჩებინოს. ხმლებს შორის მოხვედრილი მხდალი
ავლენს თავის სიმხდალეს. გულმოწყალე, თანამგრძნობელი კაცი ეძებს გამოცდას დილეგებითა
და სხვათა ტკივილებით. არსებითად, ნაციზმი ზნეობრივი აქტია, კორუმპირებული მოხუცის
გაშიშვლება მისი ახლით შემოსვის მიზნით. ომში, კაპიტნების გაშმაგებულ შეძახილებსა და
ყვირილში, ასეთი ტრანსფორმაცია ყველას ემართება, - ომში და არა ნესტიან დილეგში, სადაც
მზაკვრული თანაგრძნობა სინაზის ძველებური აქტებით გვაცდუნებს. მსუბუქად არ ვწერ
სიტყვას „თანაგრძნობა“. ზარატუსტრას უმაღლესი კაცისთვის, თანაგრძნობა უკიდურესი ცოდვაა.
მე თვითონ (ვაღიარებ), კინაღამ თანაგრძნობამ შემიპყრო, როცა ცნობილი პოეტი დავიდ
იერუსალემი გამოგვიგზავნეს ბრესლაუდან.
ორმოცდაათი წლის კაცი იყო. ამქვეყნიურად მწირმა, დევნილმა, უარყოფილმა, ცილდაწამებულმა
- თავისი გენია ბედნიერების ჰიმნებს მიუძღვნა. მახსოვს, „დროების პოეზიაში“ ალბერტ
სორგელმა იგი უიტმენს შეადარა. არცთუ იღბლიანი შედარებაა: უიტმენი სამყაროს a priori
ზეიმობს, ზოგადად და, ვირტუალურად, განურჩევლად. იერუსალემი სიხარულს თითოეულ
პაწაწკინტელა საგანში პოულობს სკრუპულოზურ-საგულდაგულო სიყვარულით. არასოდეს
უშინდება ჩამოთვლას, კატალოგებს. ახლაც კი შემიძლია მოვიყვანო არაერთი ჰეგზამეტრი იმ
ღრმა ლექსიდან სახელად „ცე იანგი, ვეფხვების მხატვარი“, რომელსაც მთელ სიგრძე-სიგანეზე

88
ავსებს ერთმანეთის გადამკვეთი ჩუმი ვეფხვები, ყველგან - ვეფხვები. არასოდეს დამავიწყდება
არც მონოლოგი „როზენკრანცი ელაპარაკება ანგელოზს“, რომელშიც XVI საუკუნეში მცხოვრები
მევახშე თავის სასიკვდილო სარეცელზე ამაოდ ცდილობს თავი გაიმართლოს და არც კი ეჭვობს,
რომ მისი ცხოვრების იდუმალი გამართლება იმაში მდგომარეობს, რომ შთააგონა თავის ერთ-ერთ
კლიენტს (რომელსაც ერთადერთხელ შეხვედრია მევახშეს და ისიც კი არ ახსოვს), შაილოკის
ხასიათი მოხაზოს. თავისი დაუვიწყარი თვალებით, მოყვითალო კანითა და თითქმის შავი წვერით
იერუსალემი ტიპურად აღმოსავლური ებრაელი იყო, თუმცა უფლებააყრილ და მოძულებულ
გერმანელ-ევროპელ ებრაელთა შტოს ეკუთვნოდა. მკაცრად ვექცეოდი. არც თანაგრძნობა და არც
მისი გავარდნილი სახელი გულს არ მირბილებდა. დიდი ხნით ადრე, სანამ დავიდ იერუსალემს
შევხვდებოდი, გავაცნობიერე, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეიძლება იქცეს ჯოჯოხეთის
მარცვლად. სახემ, სიტყვამ, კომპასმა, რეკლამამ - ყველაფერმა შეიძლება კაცი ჭკუიდან
გადაიყვანოს, თუკი ვერ მოახერხებს და ვერ ამოიგდებს თავიდან. ნუთუ არ გაგიჟდება ადამიანი,
გონებრივი მზერის წინ გამუდმებით უნგრეთის რუკა რომ ჰქონდეს? გადავწყვიტე,
გამომეყენებინა ეს პრინციპი ჩვენი სახლის დისციპლინარული რეჟიმისთვის, და... 1942 წლის
მიწურულს იერუსალემი გაგიჟდა, მომდევნო წლის პირველ მარტს კი მოახერხა, რომ თავი
მოეკლა.
არ ვიცი, მიხვდა თუ არ ეს კაცი, რომ თუ მე ის მოვსპე, ესეც ჩემივე თანაგრძნობის
გასანადგურებლად. ჩემს თვალში, ის არ იყო კაცი, არც ებრაელი, არამედ ჩემი სულის
მოძულებული რეგიონი. მე მასთან ერთად ვიტანჯებოდი, მასთან ერთად მოვკვდი, რაღაცნაირად
- მასთან ერთად დავიკარგე. ამიტომაც ვიყავი შეუბრალებელი.
ამასობაში შემაძრწუნებელი ომის დიდი დღეები და ღამეები თავზე დაგვტრიალებდა. ჩვენს
ფილტვებში ჩასულ ჰაერში იყო ემოცია, რომელიც ჰგავდა სიყვარულს. თითქოს უეცრად ოკეანე
მოგვიახლოვდა: სისხლის ტონუსმა და აღტყინებამ იმატა. იმ წლებში ყველაფერი სხვანაირი იყო,
თვით ძილის გემოც კი (შესაძლოა, არასოდეს ვყოფილვარ ბედნიერი, მაგრამ ყველამ იცის, რომ
უბედურება დაკარგულ სამოთხეებს ითხოვს). არ არსებობს კაცი, რომელიც სისავსეს არ
ესწრაფოდეს, ანუ იმ გამოცდილებათა ჯამს, რომლის მიღების უნარი მას შესწევს. არ არსებობს
ადამიანი, რომელსაც არ ეშინოდეს, არავინ გამომცინცლოს ეს უსასრულო მემკვიდრეობაო. ჩემმა
თაობამ ყველაფერი გამოიარა, რადგან ჯერ იყო დიდება, მერე - დამარცხება.
1942 წლის ოქტომბერში თუ ნოემბერში ჩემი ძმა ფრიდრიხი დაიღუპა ელ ალამიენის მეორე
ბრძოლაში, ეგვიპტის ტერიტორიაზე. თვეების შემდეგ, საჰაერო ბომბარდირების შედეგად,
დაინგრა სახლი, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ. მეორე ბომბარდირებამ, 1943 წელს, ჩემი
ლაბორატორია შეიწირა. ვრცელ კონტინენტებზე დევნილი მესამე რაიხი სულს ღაფავდა. მისი
ხელი ყველა ადამიანს ებრძოდა, ყველა ადამიანის ხელები - მას. შემდეგ მოხდა რაღაც
ღირსშესანიშნავი, რაც, ვგონებ, ახლაღა მესმის. მეგონა, შევძლებდი რისხვის თასი ბოლომდე
გამომეცალა, მაგრამ როდესაც ნალექამდე მივედი, მოულოდნელმა გემომ შემაჩერა, ბედნიერების
იდუმალმა და თითქმის შემაძრწუნებელმა გემომ. რამდენიმე ახსნა ვსინჯე, მაგრამ ვერც ერთმა
ვერ დამაკმაყოფილა. „მე ვგრძნობ კმაყოფილებას დამარცხებაში, - ვფიქრობდი, - რადგან
ფარულად ვიცი ჩემი დანაშაული, რომელსაც მხოლოდ სასჯელი გამოისყიდის. გარდა ამისა,
ვგრძნობ კმაყოფილებას მარცხში, რადგან დამარცხება უბრალოდ მოვიდა, რადგან ის
უსასრულოდ ებმის ყველა მოქმედებას, რომლებიც არის, იყო და იქნება, და რადგან ერთი
ცალკეული მოქმედების განსჯა ან დატირება მთელი სამყაროს შეურაცხყოფაა“. როგორც ვთქვი, ამ
არგუმენტებს ვცდიდი და, ბოლოს, მართებულ არგუმენტამდე მივედი.
ნათქვამია: ადამიანები ან არისტოტელეს ქარგაზე იჭრებიან, ან პლატონისაზეო. სხვა სიტყვებით:
არ არსებობს აბსტრაქტული დავა, რომელიც არ წარმოადგენდეს დავას არისტოტელესა და
პლატონს შორის. საუკუნეებისა და განედების მიხედვით იცვლება სახელები, სახეები,
დიალექტები, მაგრამ არა მარადიული ანტაგონისტები. ასევე ფარულ უწყვეტობას აფიქსირებს
ერების ისტორიაც. როცა არმინიუსმა ვარიუსის ლეგიონები ჩახოცა ჭაობში და სათითაოდ
გამოსჭრა ყელი მეომრებს, მან არ იცოდა, რომ გერმანული იმპერიის წინამორბედის როლი
შეასრულა. ბიბლიის მთარგმნელ ლუთერს აზრადაც არ მოსვლია, რომ წილად ხვდებოდა ისეთი
ერის გამოჭედვა, სამუდამოდ რომ მოსპობდა ბიბლიას. 1758 წელს რუსული ტყვიით მოკლულმა
ქრისტოფ ცურ ლინდემ ერთგვარი ნიადაგი მოუმზადა 1914 წლის გამარჯვებებს. ჰიტლერი
ფიქრობდა, გერმანელი ერისთვის ვიბრძვიო, თუმცა ყველა ერისთვის იბრძოდა, თვით
იმათთვისაც კი, რომლებსაც ვერ იტანდა და განადგურებას უპირებდა. მნიშვნელობა არა აქვს,
რომ ჰიტლერის ეგომ ეს არ იცოდა, - იცოდა მისმა სისხლმა, მისმა ნებამ. მსოფლიო იხრჩობოდა
იუდაიზმში და იუდაიზმის სნეულებაში - ქრისტეს რწმენაში. ჩვენ ქვეყნიერებას შევთავაზეთ
ძალადობა და რწმენა მახვილში. ამ მახვილმა ბოლო მოგვიღო და ახლა ვგავართ ჯადოქარს,
ლაბირინთს რომ ქსოვს და იძულებულია შიგვე იხეტიალოს სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, ან
დავითს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს უცნობი ადამიანისთვის, მერე კი ესმის

89
გამოცხადება: „ეგ კაცი შენ ხარ“. ბევრი რამ უნდა განადგურდეს, რათა ახალი წესრიგი აშენდეს.
ახლა ვიცით, რომ ერთი ასეთი რამ იყო გერმანია. ჩვენ გავეცით სიცოცხლეზე უფრო მეტი რამ: -
გავეცით ჩვენი საყვარელი ერის სიცოცხლე. დაე, სხვები იწყევლებოდნენ და ქვითინებდნენ: მე
მახარებს ფაქტი, რომ ჩვენეული ნიჭი სფეროსებრია და სრულყოფილი.
ამჟამად მსოფლიოს შეუბრალებელი ეპოქა წამოსდგომია თავს. ის ჩვენ გამოვჭედეთ, ჩვენ,
რომელიც მასვე ვემსხვერპლეთ. მერედა რა, რომ ინგლისი ჩაქუჩია, ჩვენ - გრდემლი? მთავარი ისაა,
რომ მსოფლიოს მართავს ძალადობა, არა სიმორცხვის ქრისტიანულ-მონური აქტები. თუ
გამარჯვება, უსამართლობა და ბედნიერება არ ეკუთვნის გერმანიას, დაე, სხვა ერებს
ეკუთვნოდეს. დაე, არსებობდეს ზეცა, - ჩვენი ადგილი ჯოჯოხეთში იქნება.
სარკეში ვუყურებ ჩემს თავს, რათა ვიცოდე ვინ ვარ, ვიცოდე, როგორ ვანუგეშო ჩემი თავი ამ
რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა აღსასრულის წინაშე ვდგავარ. ჩემს სხეულს შეიძლება
ეშინია, მე თვითონ - არა.

ავეროეს ძიება
[123]
თითქოს ტრაგედია სხვა არაფერია, თუ არა ქების ხელოვნება...
ერნესტ რენანი, „ავეროე“
აბუ-ალ-ვალიდ მუჰამად იბნ-აჰმად იბნ-რუშდი (საჭირო იყო ამსიგრძე სახელი, რომელიც
გამოივლიდა კიდევ სხვა სახელებსაც: „ბენრაისტ“ და „ავენრის“, თვით „აბენ რასად“ და „ფილიუს
როსადის“, რათა ასი წლის შემდეგ „ავეროე“ მიგვეღო) მუშაობდა მეთერთმეტე თავზე თავისი
წიგნისა „ნგრევათა ნგრევა“, რომლის მიხედვითაც (სპარსი ასკეტის, „ფილოსოფოსთა ნგრევის“
ავტორის, ალ-გაზალის საპირისპიროდ) ღვთაებამ მხოლოდ სამყაროს ზოგადი კანონები იცის, ანუ
ის კანონები, რომლებიც მიესადაგება სახეობას და არა ცალკეულ ინდივიდს. ავეროე დინჯი
თავდაჯერებულობით წერდა მარჯვნიდან მარცხნივ. სილოგიზმებისა და ვრცელი აბზაცების
ერთმანეთზე გადაბმა ხელს არ უშლიდა, ისე შეეგრძნო გარშემო გრილი, ღრმა სახლი, როგორც
მართლაცდა საკვირველი კეთილდღეობა. შუადღის მოსვენების სიღრმეში, გამიჯნურებული
გვრიტები გულ-ყელით შეჰღუღუნებდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი შიდაეზოდან ისმოდა
შადრევნის ჩხრიალი და ავეროეს სხეულის რომელიღაც ნაწილი მადლიერებას უცხადებდა წყლის
ამ გამუდმებულ მუნყოფნას, ავეროესი, რომლის წინაპრები არაბეთის უდაბნოებიდან მოვიდნენ.
ქვემოთ ყვავილების და საკვების მომცემი ბაღები იყო, უფრო ქვემოთ გუადალკივირი
მიდგაფუნობდა, მის მოპირდაპირე ნაპირზე კი გადაშლილიყო საყვარელი ქალაქი კორდობა,
ისეთივე კაშკაშა, როგორიც ბაღდადი ან ქაირო, როგორც რომელიღაც რთული, სათუთი
ინსტრუმენტი. ხოლო კორდობას ყველა მხრიდან შემოვლებოდა (ამას ავეროეც გრძნობდა) თვით
საზღვრამდე გადაჭიმული ესპანეთის მიწა, სადაც ბევრი არაფერი იყო, მაგრამ სადაც თითოეული
საგანი თითქოს მატერიალურად და სამუდამოდ არსებობდა.
მისი კალამი - ბატის ფრთა - ფურცელს მიმოჰყვებოდა და შეუდავებელ არგუმენტებს ქსოვდა.
თუმცა პატარა ღრუბელი მაინც ბინდავდა ავეროეს ბედნიერებას. არა „ნგრევისგან“ მოგვრილი
წუხილი, არამედ უფრო ფილოლოგიური პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა მონუმენტურ
ნაშრომს: არისტოტელეს მისეულ კომენტარებს. ეს ბერძენი ბრძენი - ყოველგვარი ფილოსოფიის
სათავე - იმისთვის გამოგზავნეს მიწაზე, რომ ადამიანებისთვის ესწავლებინა ყველაფერი, რისი
სწავლაც შეიძლებოდა. ამიტომაც მისი კომენტირება, მუსლიმი სწავლულების მიერ ყურანის
კომენტირებისა არ იყოს, იყო ფრიად მძიმე და საპასუხისმგებლო საქმე, რომელიც ავეროემ
იტვირთა. ისტორიას ბევრი არაფერი ახსოვს ისეთი საყვარელი და გულისშემძვრელი, როგორიცაა
მისი ერთგულება მრავალი მთითა და ზღვით დაშორებული ბერძენი კაცის აზრებისადმი. ამ
საქმის თანმხლები სირთულეებისთვის შეგვეძლო დაგვემატებინა, რომ ავეროემ არც სირიული
იცოდა, არც ბერძნული და თარგმანის თარგმანიდან მუშაობდა. წინა ღამით ორმა საეჭვო სიტყვამ
შეაყოვნა ზედ არისტოტელეს „პოეტიკის“ დასაწყისში. ეს ორი სიტყვა იყო „ტრაგედია“ და
„კომედია“. წლების წინ გადაეყარა მათ „რიტორიკის“ მესამე წიგნში. მთელ ისლამში ვერავინ
გარისკავდა გამოეცნო მათი მნიშვნელობა. ალექსანდრე აფროდისიელიც ფურცლა, ნესტორიანელი
ჰუნაიან იბნ-იშაკი და აბუ-ბაშარ მატაც, მაგრამ საგულისხმოს ვერაფერს მიაგნო. არადა,
„პოეტიკის“ ამ ორ იდუმალ სიტყვას ვერსად წაუვიდოდა.
ავეროემ ბატის ფრთა დადო და თავის თავს უთხრა (არცთუ თავდაჯერებით): რასაც ჩვენ ვეძებთ,
ხშირად ერთ ხელის გაწვდენაზეა. „ნგრევა“ გვერდზე გადადო და მივიდა თაროსთან, რომელზეც
კოხტად ჩამწკრივებულიყო ბრმა იბნ-სინას მრავალტომეული, გადაწერილი სპარსი გადამწერების
მიერ. რაღა თქმა უნდა, პირველად არ შლიდა ამ წიგნებს, მაგრამ მაინც აცდუნა მათი ფურცვლის
უქმმა სიამოვნებამ. ამ გაფანტულობიდან ავეროე ერთგვარმა სიმღერამ გამოიყვანა და აივნის

90
ცხაურში გაიხედა. იქ, დაბლა, ვიწრო შიდაეზოში ნახევრად შიშველი ბავშვები თამაშობდნენ. ერთი
მათგანი მეორის მხრებზე იდგა და აშკარად მუეძინის მსახურის როლს თამაშობდა: თვალები
მაგრად დაეხუჭა და მონოტონურად იძახდა: „არ არს სხვა ღმერთი, ალაჰის გარდა“. მეორე ბიჭი,
რომლის მხრებზეც „მუეძინი“ იდგა, კოშკის როლს ასრულებდა. მესამე ჩაჩოქებულიყო, წინ
გადახრილს შუბლი მტვერში ჩაედო და მორწმუნე მრევლს განასახიერებდა. თამაში დიდხანს არ
გაგრძელებულა: სამივე ბიჭს მუეძინობა სურდა, მორწმუნის ან მინარეთის როლში ყოფნა კი - არც
ერთს. ავეროე უსმენდა „ვულგარულ“ დიალექტზე, ანუ ესპანეთის ნახევარკუნძულის
მუსლიმურ მასებში ახალაღმოცენებულ ესპანურზე მიმდინარე მათ კინკლაობას, მერე ხალილის
„Kitгb al-Ayn“[124] გადაშალა და ამაყად გაიფიქრა, რომ კორდობაში და, შესაძლოა, მთელ ალ-
ანდალუსშიც, არ არსებობდა ამ სრულყოფილი ნაშრომის სხვა ასლი, გარდა ამ ერთადერთისა,
რომელიც მას ემირ ია’ქუბ ალ-მანსურმა გამოუგზავნა ტანგიერიდან. ამ პორტის სახელმა ავეროეს
გაახსენა სახელი მოგზაურ აბუ-ალ-ჰასან ალ-აშარისა, რომელმაც - მაროკოდან დაბრუნებულმა - იმ
საღამოს მასთან ერთად ისადილა ყურანისტ ფარაჯის სახლში. აცხადებდა: სინას იმპერიამდე
(ჩინეთამდე) მივედიო. სიძულვილის კარნახით შეთხზული საგანგებო ლოგიკით მისი
ცილისმწამებლები ამბობდნენ, ფეხიც არასოდეს დაუდგამს ჩინეთის მიწაზე და ამ ქვეყნის
ტაძრებში ალაჰიც კი შეურაცხყოო. შეხვედრა უთუოდ რამდენიმე საათს გასტანდა. ავეროე
სასწრაფოდ დაუბრუნდა თავის „ნგრევას“ და მწუხრამდე იმუშავა.
ფარაჯის სახლში საუბარი მმართველის შეუდარებელი ღირსებებიდან მისი ძმა-ემირის
სათნოებებზე გადავიდა, მერე კი ბაღში გაგრძელდა ვარდების თემით. აბუ-ალ-ჰასანმა (რომელსაც
არასოდეს ენახა ვარდები) თქვა: არსად მოიპოვება ასეთი ვარდები, ანდალუზიურ ვილებს რომ
ამშვენებსო. ფარაჯს მლიქვნელური სიტყვით ვერავინ მოისყიდდა. იცოდა, რომ სწავლულ იბნ-
კუთაიბას აღწერილი ჰქონდა მარადიული ვარდის ერთი უმაღლესი სახეობა, რომელიც ინდოეთის
ბაღებში ყვავის და რომლის მუქწითელ ფურცლებს ისეთი ასოების მოყვანილობა აქვს, რომ
იკითხება, როგორც ფრაზა „არ არს ღმერთი, ალაჰის გარდა, მუჰამადი კი მისი მოციქულია“. ამას
ისიც დაამატა: აბუ-ალ-ჰასანისთვის უთუოდ ცნობილი იქნება ეს ვარდებიო. იმან აფორიაქებულმა
შეხედა. თუ ჰოს იტყოდა, მაშინ სრულებით სამართლიანად მონათლავდნენ ყველაზე ქვეშქვეშა
და პირმოთნე თვითმარქვიად, ხოლო თუ არას, მაშინ ურწმუნოდ. ამიტომაც არჩია, ჩურჩულით
ეთქვა: ალაჰი ფლობს გასაღებებს, რომლითაც არაერთ დაფარულ კარს აღებს და არ არსებობს
დედამიწაზე ამწვანებული თუ ჩამომხმარი მცენარე, რომელიც მის წიგნში არ ეწეროსო. ეს
სიტყვები ყურანის ერთ-ერთ პირველ სურაში წერია და, შესაბამისად, ფარაჯთან თავშეყრილმა
საზოგადოებამაც მოწიწებული ჩურჩულით მიიღო. დიალექტიკის ამ გამარჯვებით გამხნევებული
აბუ-ალ-ჰასანი უკვე იმის თქმასაც აპირებდა, ალაჰი სრულყოფილია თავის ქმნილებებში და,
თანაც, განუჭვრეტელიო. მაგრამ ავეროემ, რომელმაც დღემდე პრობლემატური ჰიუმის[125]
შორეული არგუმენტები მოასწავა, აღარ დააცალა: - ჩემი აზრით, ისე ძნელი არ არის ცდომილების
დაშვება სწავლულ იბნ-კუთაიბასა თუ გადამწერებში, როგორც იმის მიღება, რომ დედამიწაზე
ვარდები ჩვენს აღმსარებლობას ამოჰყავს.
- სწორედაც! დიდებული და ჭეშმარიტი სიტყვებია!
- მახსოვს, მავანი მოგზაური ახსენებს ერთ ხეს, რომელსაც ტოტებზე მწვანე ჩიტები ეზრდება, -
ჩაფიქრებით წარმოთქვა პოეტმა აბდ-ალ-მალიკმა, - ნაკლებად მიჭირს ასეთი ხის წარმოდგენა,
ვიდრე ვარდის, რომელიც ასოებით ირთვება.
- ჩიტების ფერი ამ სასწაულს თითქოსდა უფრო იოლად ასატანს ხდის, - თქვა ავეროემ, - გარდა
ამისა, ჩიტებიც და ხეთა ნაყოფიც ბუნების სამფლობელოს ეკუთვნის, ხოლო წერა და ასოები
ხელოვნებაა. ფოთლებიდან ჩიტებზე გადასვლა უფრო ადვილია, ვიდრე ვარდებიდან ასოებზე.
კიდევ ერთმა სტუმარმა უარყო ის აზრი, რომ ასოები ხელოვნებაა, რაკი ყურანის თავდაპირველი
ვერსია - წიგნის დედა - შესაქმეზე ადრინდელია და ზეცაში სუფევს. კიდევ ვიღაცამ ახსენა ალ-
ჯაჰიზ ბასრელი, რომლის განცხადებითაც ყურანი ნივთიერებაა და ძალუძს ადამიანის ან
ცხოველის ფორმა მიიღოს. ეს თვალსაზრისი გამოადგება იმათ, ვინც ყურანს ორ სახეს მიაწერს.
ფარაჯმა დიდხანს ილაპარაკა ორთოდოქსულ მოძღვრებაზე. მისი თქმით, ყურანი ალაჰის ერთ-
ერთი ატრიბუტია, როგორც, ვთქვათ, გულმოწყალება, და შესაძლებელია გადავიტანოთ წიგნში,
გამოვთქვათ ენით ან გულში ჩავიბეჭდოთ. მაგრამ ენა, ნიშნები და წერა ადამიანის საქმეა, თავად
ყურანი კი ხელშეუხებელი და მარადიულია. ავეროეს, რომელსაც დაწერილი ჰქონდა კომენტარები
პლატონის „სახელმწიფოსთვის“, ამ მომენტში შეეძლო ეთქვა: გარკვეულწილად, წიგნის დედა
პლატონურ იდეას ჰგავსო. მაგრამ გაჩუმდა, რადგან დაინახა, რომ თეოლოგია სრულებით
მიუწვდომელი სფერო იყო აბუ-ალ-ჰასანისთვის.
სხვებმა, რომლებიც იმავე გაგებისა იყვნენ, ამ უკანასკნელს სთხოვეს, რაიმე საკვირველი ამბავი
მოგვიყევიო. მაშინ, როგორც დღეს, ქვეყნიერება საშინელი იყო. უშიშარი ადამიანებიც
დაიარებოდნენ მის ზურგზე და საძაგლებიც, ქედს რომ უხრიდნენ ყველაფერს. აბუ-ალ-ჰასანის

91
მეხსიერება სიმხდალის ფარული აქტების სარკეს ჰგავდა. რა უნდა მოეყოლა ამ კაცს
სხვებისთვის? გარდა ამისა, სტუმრები ითხოვდნენ საოცრებებს მაშინ, როდესაც კავშირის
დამყარება საკვირველებასთან იქნებ შეუძლებელიც კი იყო. ბენგალიის მთვარე იგივე არ არის, რაც
იემენისა, მაგრამ კეთილს ინებებს, რომ ერთნაირი სიტყვებით აღვწეროთ. აბუ-ალ-ჰასანი
ჩაფიქრდა და შემპარავი ხმით წამოიწყო: - ის, ვინც მოგზაურობს ქვეყნებსა და ქალაქებში, ბევრ
რამეს ხედავს სარწმუნოს. მაგალითად, ამას, რაც აქამდე სულ ერთადერთხელ მომიყოლია
თურქთა მეფისთვის. ეს მოხდა სინ-ის რეგიონში, სადაც სიცოცხლის წყლის მდინარე ზღვას
უერთდება.
ფარაჯმა ჰკითხა: მაგ ქალაქს მრავალი ლიე თუ აშორებს იმ კედლისგან, ისკანდერ დი-ალ-
კარნაიანმა (ანუ ალექსანდრე მაკედონელმა) რომ ააგო, რათა გოგის და მაგოგის გაფართოება
შეეჩერებინაო.
- მათ შორის ვრცელი უდაბნოებია, - თქვა აბუ-ალ-ჰასანმა ანგარიშმიუცემელი ქედმაღლობით, -
ქარავანმა ორმოც დღეს უნდა იაროს, სანამ მის კოშკებს მოჰკრავდეს თვალს, და კიდევ ორმოცი
დღე უნდა გავიდესო, ამბობენ, სანამ ქარავანი მის წინ შეჩერდებაო. არავინ მინახავს სინ-ის
რეგიონში, ვისაც ენახოს ის კედელი ან თუნდაც სხვა კაცი, რომელსაც თავისი თვალით უნახავს.
რომელიღაც წამში რაღაც უსაშველოდ უსასრულოს, უსახელო სივრცის, უსახელო მატერიის შიშმა
ხელი დაადო ავეროეს. მან სიმეტრიულად გაშენებულ ბაღს გახედა და მიხვდა, რომ ერთი
უსარგებლო, არარეალური მოხუცია. აბუ-ალ-ჰასანმა კი განაგრძო: - ერთ საღამოს სინ-ის
მუსლიმმა ვაჭრებმა წამიყვანეს შეღებილ ხის სახლში, რომელშიც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა.
შეუძლებელია ამ სახლის აღწერა. უფრო ერთ ოთახს ჰგავდა, ოთახს, რომელშიც
ჩამწკრივებულიყო კარადის მსგავსი მოწყობილობები ან ერთიმეორის თავზე დადგმული აივნები.
ამ ნიშებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სვამდნენ და ჭამდნენ, ისეთებიც, ვინც იატაკზე ან
შემაღლებულ ტერასაზე იჯდა. ეს უკანასკნელები, ანუ ტერასაზე მსხდომნი, დოლზე ან თარზე
უკრავდნენ, - ყველანი, გარდა თხუთმეტი-ოცი კაცისა, რომლებსაც წითელი ნიღბები ეკეთათ,
ლოცულობდნენ, მღეროდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. ეს ნიღბიანი ადამიანები დილეგში
ჩამწყვდეულებივით იტანჯებოდნენ, თუმცა საკანი არსად ჩანდა. ცხენებზე ისხდნენ, თუმცა
თვით ცხენები არ ჩანდნენ. ომობდნენ, თუმცა ხმლები ბამბუკისა იყო. იხოცებოდნენ, თუმცა ისევ
ცოცხლდებოდნენ.
- შეშლილთა მოქმედებები სცილდება იმას, რისი წარმოდგენაც ჭკუათამყოფელს ძალუძს, - თქვა
ფარაჯმა.
- ისინი შეშლილები არ იყვნენ, - აუხსნა აბუ-ალ-ჰასანმა, - როგორც ერთმა ვაჭარმა მითხრა, ისინი
რაღაც ამბავს განასახიერებდნენ.
ვერავინ გაიგო. თითქოს არც არავის სურდა გაგება. ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა აბუ-ალ-ჰასანმა
უადგილო ახსნა-განმარტებისკენ გადაუხვია, თან ხელებს იშველიებდა: - წარმოვიდგინოთ, რომ
მავანი კი არ გვიყვება, არამედ გვიჩვენებს, ვთქვათ, შვიდი ეფესელი მძინარის ამბავს. ვხედავთ,
როგორ იხიზნებიან ისინი გამოქვაბულში, როგორ ლოცულობენ და იძინებენ გახელილი
თვალებით; ვხედავთ, როგორ იზრდებიან, სანამ სძინავთ, და როგორ იღვიძებენ სამას ცხრა წლის
შემდეგ; ვხედავთ, როგორ აძლევენ ვაჭარს ძველ მონეტას; ვხედავთ მათ - გაღვიძებულებს
სამოთხეში, გაღვიძებულებს ძაღლთან ერთად. რაღაც ამდაგვარს გვიჩვენებდნენ ტერასზე მყოფი
ადამიანები იმ საღამოს.
- მეტყველებდნენ? - ჰკითხა ფარაჯმა.
- ჰო, რა თქმა უნდა, - მიუგო აბუ-ალ-ჰასანმა, რომელიც ახლა ხოტბას ასხამდა წარმოდგენას,
წუთის წინ რომ გაიხსენა და საკმაოდ რომ გააღიზიანა თავის დროზე, - ლაპარაკობდნენ,
მღეროდნენ და გრძელი, მოსაწყენი სიტყვებითაც გამოდიოდნენ.
- ამ შემთხვევაში, რა საჭირო იყო ოცი ადამიანი? ერთი მოლაპარაკეც გასწვდებოდა ყველაფერს,
რაოდენ რთულიც უნდა ყოფილიყო სათქმელი.
ამ ვერდიქტს ყველა თავის კანტურით დაეთანხმა. ხოტბა აღუვლინეს არაბული ენის ღირსებებს -
ენის, რომელსაც, როგორც ყველას ახსოვდა, ალაჰი იყენებდა, როცა ანგელოზებს მოძღვრავდა - და
არაბთა პოეზიას. ამ უკანასკნელისთვის საკადრისი მისაგებლის მიგების შემდეგ აბუ-ალ-ჰასანმა
უკუაგდო ის პოეტები, რომლებიც კორდობაში ან დამასკოში მოღვაწეობდნენ და ისევ
პასტორალურ სახეებსა და ბედუინთა ლექსიკას მიმართავდნენ. ასეთებს აბუ-ალ-ჰასანმა
მოდიდან გადასულები უწოდა.
- კაცისთვის, რომელიც ფართოდ მომდინარ გუადალკივირს უყურებს, აბსურდულია ოდების
შეთხზვა ჭის წყალზე, - თქვა აბუ-ალ-ჰასანმა, - ძველი მეტაფორების განახლების დროა. უწინ,

92
როდესაც ზუჰაირმა ბედი ბრმა აქლემს შეადარა, ეს სახე დამატყვევებლად მოქმედებდა. მაგრამ
ხუთსაუკუნოვანი აღტაცებისგან გაცვდა და ერთობ გასიფრიფანდა.
ამ განსჯას, რომელიც მათ ბევრგზის მოესმინათ, ყველა დაეთანხმა. თუმცა ავეროე დუმილს
ინარჩუნებდა. ბოლოს ალაპარაკდა (უფრო თავისი თავისთვის, ვიდრე სხვების გასაგონად): -
ნაკლებად მჭევრმეტყველურად, თუმცა მსგავსი არგუმენტებით, მე ზოგჯერ დამიცავს ის, რაც
ახლა აბუ-ალ-ჰასანს სადავოდ გაუხდია. ალექსანდრიაში არსებობს გამოთქმა, რომ მხოლოდ იმას,
ვინც დანაშაულს ჩაიდენს და მერე მოინანიებს, აღარ შესწევს მისი ჩადენის უნარი. ჩემი მხრივ
შემეძლო დამემატებინა, რომ მცდარი თვალსაზრისისგან გათავისუფლების მიზნით ადამიანმა
რაღაც მომენტში უნდა აღიაროს ის. ზუჰაირი ამბობს, ჩემი ცხოვრების ოთხმოცწლიანი ტკივილისა
და დიდების გზაზე არაერთგზის შევსწრებივარ, როგორ სრესს ბედისწერა ადამიანებს ბებერი,
ბრმა აქლემივითო. აბუ-ალ-ჰასანის თქმით, ეს სახე აღარ გვაცვიფრებს. ამ შესიტყვებისთვის
მრავალნაირად შეგვეძლო გვეპასუხა. პირველ ყოვლისა, ამ ლექსის მიზანი ადამიანის გაოგნება
რომ იყოს, მაშინ მისი არსებობა საუკუნეებს არ გასტანდა, არამედ დღეებს ან საათებს ან, ეგებ,
სულაც წუთებს. მეორე: დიდი პოეტი უფრო აღმომჩენია, ვიდრე გამომგონებელი. იბნ-შარაფ
ბერკელის საქებრად არაერთგზის თქმულა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა: დილის
ვარსკვლავები ისე ნაზად ცვიოდნენ, როგორც ხეებიდან ფოთლებიო. მართლაც ასე რომ იყოს, ეს
მხოლოდ იმაზე იმეტყველებდა, რომ საქმე გვაქვს ტრივიალურ შედარებასთან. სახება, რომლის
გამოძერწვა მხოლოდ ერთ ადამიანს ძალუძს, ვერავის დააინტერესებს. დედამიწაზე უამრავი
საგანია: ნებისმიერი მათგანი შეიძლება შედარდეს ნებისმიერ სხვას. ვარსკვლავების შედარება
ფოთლებთან უფრო შემთხვევითი არ არის, ვიდრე მათივე შედარება თევზებთან ან ჩიტებთან.
სხვა მხრივ, ნებისმიერ კაცს უგრძნია თავისი ცხოვრების რომელიღაც მომენტში, რომ ბედისწერა
ძალუმია, თუმცა მოუხეშავი, უმანკო, თუმცა არაადამიანური. ზუჰაირის სტრიქონი იმისთვის
დაიწერა, რომ აღნუსხულიყო ეს გრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფწარმავალი ან მუდამ
თანმხლები, მაგრამ რომელსაც ვერავინ აუვლის გვერდს. ვერავინ ვერასოდეს იტყვის უკეთესად
იმას, რაც ზუჰაირმა გამოთქვა ამ სიტყვებით. გარდა ამისა (და ეს ალბათ უარსებითესია ჩემს
განაზრებებში), დრო, რომელიც ანადგურებს ციხესიმაგრეებსა და ქალაქებს, მხოლოდ ამდიდრებს
პოეზიას. იმ დროს, როდესაც ზუჰაირმა ეს სიტყვები დაწერა არაბეთში, მისმა პოეზიამ გააერთიანა
ორი სახე: ბებერი აქლემისა და ბედისწერის. დღეს გამეორებით, ეს სიტყვები იმას ემსახურება,
რომ გაგვახსენოს ზუჰაირი და ჩვენი სევდა-მწუხარება გარდაცვლილი არაბის სევდა-ნაღველს
შევუერთოთ. მისეულ სახე-ხატს ორი წახნაგი ჰქონდა, ახლა ოთხი აქვს. დრო აფართოებს
ლექსების თვალსაწიერს და მეც ვიცნობ ლექსებს, რომლებიც - მუსიკისა არ იყოს - ყველაფერია
ყველასთვის. ასე მოხდა, რომ მრავალი წლის წინ, მარაკეშში, კორდობას მოგონებებით
გატანჯული თავს ვიმშვიდებდი სიტყვებით, რომლითაც აბდ-ალ-რაჰმანმა მიმართა აფრიკულ
პალმას ალ-რუსაიაფის ბაღებში: შენც ხომ აქ დგახარ, პალმის ხეო, ამ უცხო მიწაზე...
პოეზიისგან ნაბოძები შესანიშნავი საჩუქარი - თავის აღმოსავლურ სამშობლოს დანატრული
მეფის სიტყვები - მანუგეშებდა აფრიკაში მყოფსა და ესპანეთმონატრებულს.
შემდეგ ავეროემ ილაპარაკა პირველ პოეტებზე, იმათზე, ვისაც უმეცრების ხანაში - ისლამამდელ
დროში - უკვე ყველაფერი ჰქონდა ნათქვამი უდაბნოთა უსასრულო ენაზე. არცთუ უმიზეზოდ
შეშფოთებულმა იბნ-შარაფის ცარიელი ვერსიფიკაციებით, ავეროემ თქვა, ძველებისა და ყურანის
მთელი პოეზია ახლაც იკითხებაო, ინოვაციის ყოველგვარ სურვილს კი უმეცარი და ამაო უწოდა.
დანარჩენი საზოგადოება სიამოვნებით უსმენდა, რადგან ავეროე ძველს იცავდა.
იმ მომენტში, როცა ავეროე თავის ბიბლიოთეკაში დაბრუნდა, მუეძინები მორწმუნეთ პირველი
სინათლის ლოცვისკენ მოუხმობდნენ. ჰარამხანაში შავთმიან მონა-გოგონებს წითურთმიანი
გოგონა ეწვალებინათ, მაგრამ ამას ავეროე მხოლოდ საღამოს შეიტყობდა. რაღაცამ გაუმხილა ორი
ბუნდოვანი სიტყვის მნიშვნელობა და მტკიცე, დამაჯერებელი კალიგრაფიით ხელნაწერს ეს
სიტყვები დაუმატა: „არისტუ (არისტოტელე) ცნებით „ტრაგედია“ მოიხსენიებს პანეგირიკებს,
ხოლო ცნებით „კომედია“ სატირულ თხზულებებსა და ანათემებს. უამრავი ტრაგედია და
კომედიაა ყურანში და მეჩეთის არაბულ ლიტერატურაში.
იგრძნო, რომ ეძინებოდა, და შეამცივნა. ჩალმა მოიხსნა და ლითონის სარკეში ჩაიხედა. არ ვიცი, რა
დაინახა მისმა თვალებმა, რადგან არც ერთ ისტორიკოსს არ აღუწერია ავეროეს სახე. ვიცი, რომ
უეცრად გაუჩინარდა, თითქოს უხილავმა ცეცხლმა ჩაყლაპა, და რომ მასთან ერთად გაუჩინარდა
სახლი, უხილავი შადრევანი, წიგნები, ხელნაწერები, გვრიტები, ბევრი შავტუხა და ერთი წითური,
აცახცახებული მონა გოგონა, ფარაჯი, აბუ-ალ-ჰასანი, ვარდის ბუჩქები და, ვინ იცის, იქნებ
გუადალკივირიც.
ამ ნაამბობში ვცადე, გადმომეცა ჩავარდნის, დამარცხების პროცესი. ჯერ გავიფიქრე იმ
კენტერბერიის არქიეპისკოპოსზე, რომელმაც თავის თავზე აიღო ღმერთის არსებობის
დამტკიცება. მერე ვფიქრობდი ალქიმიკოსებზე, რომლებიც ეძებდნენ ფილოსოფიურ ქვას. შემდეგ

93
გამახსენდა კუთხის ამაოდ დამყოფები სამ თანაბარ ნაწილად და წრის კვადრატურის ფუჭი
მაძიებლები. მერე აზრად მომივიდა, რომ ამ ყველაფერზე უფრო პოეტური იქნება წარმოვიდგინო
კაცი, რომელიც მიზნად დაისახავს იმას, რაც აკრძალულია მხოლოდ მისთვის, არა სხვებისთვის.
გამახსენდა ავეროე, რომელმაც - ისლამის წრეში მომწყვდეულმა - ვერასოდეს შეიტყო
მნიშვნელობები სიტყვებისა ტრაგედია და კომედია. მე მისი ისტორია გიამბეთ. თანდათანობით
ვიგრძენი, რას განიცდიდა ბარტონის მიერ ნახსენები ღმერთი, რომელმაც მიზნად დაისახა ხარის
შექმნა და, სინამდვილეში, კამეჩი შექმნა. ვიგრძენი, რომ ამ სამუშაომ მასხრად ამიგდო,
დამაბრკოლა, მომშალა. ვიგრძენი, რომ ავეროე, რომელიც ცდილობდა წარმოედგინა სპექტაკლი
ისე, რომ საკუთარი თვალით არასოდეს ენახა თეატრი, ისეთივე აბსურდი იყო, როგორიც მე,
რომელიც ვცდილობდი წარმომედგინა ავეროე, თუმცა არავითარი მასალა არ მქონდა ამ
მიზნისთვის, მხოლოდ რენანთან, ლეინთან და ასინ პალასიოსთან ამოკითხული რამდენიმე
სტრიქონი. ამ ბოლო გვერდზე მივხვდი, რომ ჩემი ნაამბობი სიმბოლოა კაცისა, რომელიც მე
თვითონ ვიყავი, როცა ვწერდი, და იმისთვის, რომ მეწერა, სწორედ ის კაცი უნდა ვყოფილიყავი,
ხოლო იმისთვის, რომ ის ვყოფილიყავი, ეს ისტორია უნდა მეწერა... და ასე შემდეგ, ad
infinitum[126]. და როგორც კი მისი აღარ მჯერა, ავეროე უჩინარდება.

ზაჰირი
ბუენოს-აირესში ზაჰირი ჩვეულებრივი ოცსენტავიანი მონეტაა, რომელზეც სამართებლის თუ
წერილის გამხსნელმა ამოკაწრა ასოები N და T, მათ გვერდით კი - ციფრი 2. ზედ აბეჭდია თარიღი:
1929.
გუჯარატში, XVIII საუკუნის ბოლოს, ზაჰირი იყო ვეფხვი, იავაში - ბრმა კაცი სურაკარტას მეჩეთში,
მორწმუნეთა მიერ ჩაქოლილი; სპარსეთში - ასტროლაბია, ზღვაში რომ ჩააგდებინა ნადირ შაჰმა;
მაჰდის ციხეებში, 1892 წელს, ეს იყო მეზღვაურის პატარა კომპასი გახვეული ჩალმის მონახევში;
კორდობას სინაგოგაში - ზოტენბერგის მიხედვით - ათას ორასი მარმარილოს სვეტიდან ერთ-
ერთის ძარღვი; მაროკოს ქალაქ ტეტუანში - ჭის ფსკერი.
დღეს ცამეტი ნოემბერია. 7 ივნისს, განთიადზე, ზაჰირი ხელში ჩამივარდა. ახლა მე ის კაცი აღარ
ვარ, რომელიც მაშინ ვიყავი, თუმცა მაინც შემიძლია გავიხსენო და ეგებ მოგითხროთ კიდეც რა
მოხდა. მე ჯერ კიდევ ბორხესი ვარ, ნაწილობრივ მაინც.
6 ივნისს თეოდელინა ვილარი გარდაიცვალა. 1930 წელს მისი ფოტოსურათები მსოფლიო
გაზეთებს აჭრელებდნენ და ეს ყველგანმყოფობა, შესაძლოა, უკავშირდებოდა ფაქტს, რომ ვილარი
უმშვენიერეს ქალად მიიჩნეოდა, თუმცა ყველა მისი სურათი უპირობოდ არ ადასტურებდა ამ
მოსაზრებას. მაგრამ ეს უმნიშვნელოა, რადგან თეოდელინა ვილარს სილამაზეზე მეტად
სრულყოფილება აინტერესებდა. ებრაელებსა და ჩინელებს სისტემაში მოჰყავდათ ყველა
ადამიანური სიტუაცია: მიშნა[127] გვეუბნება, რომ შაბათს, დაისის დაწყებისას, თერძი ნემსიანად
არ უნდა გავიდეს ქუჩაში. ჩინური რიტუალების წიგნი კი გვამცნობს, რომ პირველი ჭიქა ღვინის
დამლევ სტუმარს სერიოზული იერი უნდა ჰქონდეს, მეორის დამლევს - რესპექტაბელური და
ბედნიერი. თეოდელინა ვილარის დისციპლინაც ანალოგიური იყო, უფრო გულმოდგინე და უფრო
დეტალიზებულიც კი. თალმუდისტებისა და კონფუციანელების არ იყოს, ისიც ცდილობდა,
თითოეული მოქმედება უმწიკვლოდ კორექტული ჰქონოდა. თუმცა მის წინაშე კიდევაც უფრო
რთული და საკვირველი ამოცანა იდგა, რადგან მისი კრედოს კანონები იყო არა მარადიული,
არამედ გაფაციცებით მიყურადებული პარიზისა და ჰოლივუდის ახირებებისადმი. თეოდელინა
ვილარი გამოდიოდა ორთოდოქსულ ადგილებში, ორთოდოქსულ საათებში, ორთოდოქსული
სამკაულებით მორთული, ორთოდოქსული მსოფლიო სევდით გასენილი. თუმცა ეს ყველაფერი
თითქმის მაშინვე გადადიოდა მოდიდან და, ამდენად, მისივე გამოთქმით, საკუთრივ
„წებოვანების“ გამოხატვას ემსახურებოდა. ფლობერისა არ იყოს, ისიც აბსოლუტურს ეძებდა,
თუმცა აბსოლუტურს - წარმავალში. სანიმუშო ცხოვრებით ცხოვრობდა, და მაინც: მუდმივად
ღრღნიდა შინაგანი სასოწარკვეთა. დაუსრულებელ მეტამორფოზებში იყო, თითქოს თავის თავს
გაურბისო. სახელი ჰქონდა განთქმული თმის ფერისა და ვარცხნილობის, ისევე როგორც ღიმილის,
კანის, გამოხედვის გამუდმებული ცვლით. 1932 წლის შემდეგ საგანგებოდ დაიკლო წონაში. ომმა
კი დიდ საგონებელში ჩააგდო. როგორ მიჰყოლოდა მოდას გერმანელებისგან ოკუპირებულ
საფრანგეთში? უცხოელ კაცს, რომელსაც ვილარი იმთავითვე ეჭვით უყურებდა, ნება მიეცა
ესარგებლა ვილარის კეთილი ნებით და მიეყიდა მისთვის ღუმლის მილის მოყვანილობის
არაერთი ქუდი. სულ რაღაც ერთ წელიწადში გაირკვა, რომ ასეთ სასაცილო ფორმებს არასოდეს
ატარებდნენ პარიზში და, ამდენად, ეს იყო არა ქუდები, არამედ შემთხვევითი და
არაუფლებამოსილი ახირებები. თუმცა ერთ უბედურებას ყოველთვის მოსდევს მეორე. დოქტორ
ვილარს მოუწია გადასვლამ კალე არაოზში[128] და მისი ქალიშვილის სახემაც ავტომობილებისა
და სახის კრემების რეკლამებზე გადაინაცვლა: ავტომობილების, რომლებშიც ვეღარ ჯდებოდა, და
სახის კრემების, რომლებსაც არასოდეს იყენებდა! თეოდელინამ იცოდა, რომ მისი ხელოვნების

94
რიგიანი განხორციელება დიდძალ ფულს საჭიროებდა და დანებებას უკან დახევა ამჯობინა.
გარდა ამისა, გულს სტკენდა შეჯიბრება უბრალო, სიფრიფანა გოგონებთან. აი, შემაძრწუნებელი
ბინა კი, არაოზის ქუჩაზე, ნამდვილად აუტანელი იყო. ჰოდა, 6 ივნისს თეოდელინა ვილარმა
დაარღვია გარეგნული კეთილზნეობის წესები და შუაგულ ბარიო სურში გარდაიცვალა. ვაღიარო
თუ არა, რომ უგულწრფელესი არგენტინული ვნებით - სნობიზმით - ატანილს, მე მიყვარდა
თეოდელინა და მისმა სიკვდილმა ამაცრემლა? ალბათ მკითხველი უკვე ელოდებოდა ამას.
სხეულის დაშლის კვალდაკვალ, მიცვალებული უწინდელ სახეებს იბრუნებს. 6 ივნისის არეული
ღამის ერთ მომენტში თეოდელინა ვილარი მაგიურად იქცა იმად, რაც ოცი წლის წინათ იყო. მისმა
ნაკვთებმა დაიბრუნა ის დონე, რომელსაც იძლევა თავდაჯერებულობა, ფული, ახალგაზრდობა,
ცოდნა იმისა, რომ ნაღების ნაღები ხარ, შეზღუდვები, წარმოსახვის ნაკლებობა და
უდრტვინველობა. ვერც ერთი ვარიანტი იმ სახისა, ასე რომ არ მასვენებდა თავის დროზე, ვერ
იქნება ასეთი დაუვიწყარი. და რაკი ეს, ვინ იცის, იქნებ პირველი სახეც იყო, მაშინ უკანასკნელიც
უნდა ყოფილიყო.
გაშეშებული დავტოვე ყვავილებში თვითონაც და მისი ზიზღიც იმ ქვეყნიერებისადმი, წამიდან
წამამდე უფრო და უფრო მეტ სრულქმნას რომ აღწევს სიკვდილში. როცა ქუჩაში გავედი, ჩემი
შეგრძნებით დაახლოებით ორი საათი უნდა ყოფილიყო. გარეთ ერთ- და ორსართულიანი
სახლების მოსალოდნელ მწკრივებს ისეთივე აბსტრაქტული იერი ედოთ, როგორიც ღამღამობით
აქვთ ხოლმე, სიბნელითა და სიჩუმით გამარტივებულთ. თითქმის უპიროვნო სიბრალულით
შემთვრალი, ქუჩებში დავეხეტებოდი. ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში ღია ბარ-მაღაზია შევნიშნე.
ჩემდა საუბედუროდ, იქ მამაკაცები ტრუკოს[129] თამაშობდნენ.
ოქსიმორონად წოდებულ რიტორიკულ ფორმაში, სახელთან გამოყენებული ზედსართავი
წინააღმდეგობაში მოდის ამ სახელთან. მაგალითად, გნოსტიკოსები ლაპარაკობენ „ბნელ
სინათლეზე“, ალქიმიკოსები - „შავ მზეზე“. თეოდელინა ვილარის დასამშვიდობებელი
მონახულება და მაგარი ვისკის სმა ბარ-მაღაზიაში ერთგვარი ოქსიმორონი იყო. მე ამ პროცესის
ვულგარულობამ და სიიოლემ მაცდუნა. კონტრასტს ის ფაქტიც ზრდიდა, რომ იქ კაცები ბანქოს
თამაშობდნენ. ბარ-მაღაზიის მეპატრონეს ბრენდი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.
დაბრუნებულ ხურდაში ზაჰირიც აღმოჩნდა. ერთი წამით დავხედე და ქუჩაში გავედი, შესაძლოა -
ციებ-ცხელების პირველი ნიშნებითაც. აზრად მომივიდა, რომ არ არსებობს ფულის მონეტა,
რომელიც არ იყოს სიმბოლო ყველა მონეტის, უსასრულოდ რომ ციმციმებს ისტორიაში თუ იგავში.
გამახსენდა შერონის მონეტა; მოწყალება, რომლის სათხოვნელადაც ბელისარიუსი დადიოდა;
იუდას ოცდაათი ვერცხლი; კურტიზანი ლაისის დჰარმები; ერთ-ერთი ეფესელი მძინარის მიერ
შემოთავაზებული ძველებური მონეტა; ჯადოქრის მბრწყინავი მონეტები ათას ერთ ღამეში,
ქაღალდის დისკოებად რომ გადაიქცა; ისაკ ლაკედემის ამოუწურავი დინარი; სამოცი ათასი
მონეტა (თითო - ეპოსის თითო სტრიქონისთვის), რომლებიც ფირდოუსმა უკან დაუბრუნა მეფეს,
რაკი ვერცხლისა იყო და არა ოქროსი; აქაბის მიერ ანძაზე მიჭედებული ოქროს დუბლონი;
ლეოპოლდ ბლუმის დაუბრუნებელი ფლორინი; ოქროს ლუიდორი, რომელმაც გასცა ლუი XVI
ვარენთან ახლოს...
ის აზრი, რომ ყოველ მონეტაში, როგორც სიზმარში, შეგვიძლია ამოვიკითხოთ ესა თუ ის
სახელგანთქმული ქვეტექსტი, ვრცელი და აუხსნელი მნიშვნელობის ამბად მიმაჩნდა. უფრო და
უფრო აჩქარებული ნაბიჯით მივუყვებოდი დაცარიელებულ ქუჩებს და მოედნებს.
დაქანცულობამ ერთ კუთხეში შემაჩერა. ჩემი მზერა რკინის ორნამენტებიან პირქუშმა მესერმა
მიიპყრო. მის მიღმა ლა კონცეპციონის[130] შესასვლელის შავ-თეთრი ფილები შევნიშნე. წრეებზე
მივლია! სულ ერთი კვარტალი მაცილებდა იმ კუთხისგან, სადაც ზაჰირი მომცეს. გავუხვიე
მომდევნო ქუჩაზე, რომლის მეორე ბოლოში წაკვეთილმა კუთხემ დამანახვა, რომ ბარ-მაღაზია
უკვე დაეკეტათ. ბელგრანოზე კები ავიყვანე. შეპყრობილი, ძილ-მოსვენების იოტისოდენადაც
არმსურველი და თითქმის ბედნიერი, ვფიქრობდი, რომ არაფერი იყო ამქვეყნად ფულზე უფრო
ნაკლებად მატერიალური, რაკი ნებისმიერი მონეტა (მაგალითად, ოცსენტავიანი), თავისი არსითა
და მოცემულობით, შესაძლებელ მომავალთა სიმრავლეს წარმოადგენს. „ფული აბსტრაქტული
საგანია, - ვიმეორებდი ჩემთვის, - ფული მომავალი დროა“. ის შეიძლება იყოს თუნდაც საღამო
ქალაქგარეთ, ბრამსის მელოდია, რუკები, ჭადრაკი, ყავა ან ეპიქტეტეს სიტყვები, რომლებიც
ოქროსადმი ზიზღს გვასწავლის; ეს ის პროტევსია, რომელიც უფრო ცვალებადია, ვიდრე კუნძულ
პაროსის პროტევსი. ეს განუჭვრეტელი დროა, ბერგსონის დრო, არა ისლამის ან კიდევ სხვა მძიმე,
შემკვრივებული ჟამი. დეტერმინიზმის მომხრენი უარყოფენ, რომ არსებობს ამქვეყნად რამე
მოვლენა, რომელიც შესაძლებელია, ანუ რომელიც შეიძლება მოხდეს. ფულის მონეტა
განასახიერებს ჩვენს თავისუფალ ნებას (იმ პერიოდში ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს „აზრები“
ზაჰირის საწინააღმდეგო ილეთი და მისი დემონური ზემოქმედების პირველი მხილება იყო).
ხანგრძლივი და დაუთმობელი ფიქრის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ჩამეძინა. თუმცა მესიზმრა,
რომ ვიყავი მონეტების გროვა, რომელსაც მითური გრიფონი იცავდა.

95
მომდევნო დღეს დათრობა გადავწყვიტე. ისიც გადავწყვიტე, გავთავისუფლებულიყავი
მონეტისგან, ასე სავალალოდ რომ ზემოქმედებდა ჩემზე. ზაჰირს დავხედე. არაფერი
განსაკუთრებული არ ჰქონდა, ზედ ამოჩხაპნილი ასოების გარდა. ყველაზე უკეთესი იქნებოდა
მისი ჩაფვლა ეზოში ან დამალვა ბიბლიოთეკის ერთ-ერთ კუთხეში. მაგრამ მე სრული
განთავისუფლება მსურდა ზაჰირისგან და ამიტომაც გადავწყვიტე, „დამკარგვოდა“. იმ დილას
არც ბაზილიკა დელ პილარში წავსულვარ და არც სასაფლაოზე. მეტროს გავყევი
კოსტიტუსიონემდე, იქიდან - სან ხუანამდე და ბოედომდე. იმპულსის კარნახით ჩამოვედი
ურკიზაზე და ჯერ დასავლეთისკენ წავედი, მერე სამხრეთისკენ. რამდენიმე კუთხეში შეგნებული
ალალბედურობით გავუხვიე ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, და მოვხვდი ქუჩაზე, რომელიც ყველა
სხვა ქუჩას ჰგავდა. იქ პირველივე შემხვედრ ტავერნაში შევედი, ბრენდი შევუკვეთე და ზაჰირით
გადავუხადე. თვალები ნახევრად დავხუჭე თვით ჩემი სათვალის შავი ლინზების უკან და
მოვახერხე, რომ არ დამენახა არც სახლების ნომრები და არც თვით ქუჩის სახელი. იმ ღამეს ძილის
ნაყენი დავლიე და ღრმა ძილით ჩავიძინე.
ივნისის ბოლომდე თავი ფანტასტიკური ამბის შეთხზვით შევიქციე. იგი შეიცავს ორ თუ სამ
სახელს გადატანით ენაზე (მაგალითად, წყალ-მახვილს, ნაცვლად სისხლისა, ან დრაკონის
სარეცელს ნაცვლად ოქროსი) და პირველ პირშია დაწერილი. მთხრობელი ასკეტია, რომელმაც
უარყო ყოველგვარი ურთიერთობა კაცობრიობასთან და ერთგვარ ტორფნარში ცხოვრობს (იმ
ადგილს გნიტაჰეიდრი ჰქვია). მისი ცხოვრების უბრალოებისა და უმანკოების გამო, ზოგიერთები
მას ანგელოზად მიიჩნევენ. ეს ერთგვარი ღვთისმოსავი გაზვიადებაა, რადგან არავინაა ამქვეყნად
უცოდველი. თვით ამ ასკეტს (თუკი უახლოეს მაგალითს ავიღებთ) ყელი გამოუჭრია
მამამისისთვის. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ის კაცი ჯადოქარი ყოფილა და აურაცხელი
საგანძური ჰქონია მითვისებული თავისი ჯადოქრობით. ამ საგანძურის დაცვა დამღუპველია
ადამიანური სიხარბისგან: აი, მისია, რომელსაც ჩემი ამბის მთხრობელმა ასკეტმა მიუძღვნა
თავისი ცხოვრება და რომელსაც დღედაღამ დასტრიალებს. მალე, შესაძლოა - ძალიან მალეც, ეს
გუშაგობა დამთავრდება: ვარსკვლავებმა ასკეტს ამცნეს, რომ მახვილი, რომელიც სამუდამო
წერტილს დაუსვამს ამას, უკვე გამოჭედილია (მახვილის სახელია „გრამ“). უფრო და უფრო
მოჩუქურთმებული ენით მთხრობელი ხოტბას ასხამს საკუთარი სხეულის ბრწყინვალებას და
მოქნილობას. ერთ აბზაცში მსუბუქად მოიხსენიება „სასწორი“, მეორეში ნათქვამია, რომ
საგანძური, რომელსაც ასკეტი დარაჯობს, წითელი ბეჭდებისა და მოციმციმე ოქროსგან შედგება.
ბოლოს ვხვდებით, რომ ასკეტი სხვა არავინაა, თუ არა გველი ფაფნირი, ხოლო საგანძური,
რომელსაც იგი რგოლებად დახვეული დარაჯობს, თვით ნიბელუნგების ოქროა. ზიგფრიდის
გამოჩენა მოწყვეტით ამთავრებს ამბავს.
მე ვთქვი, რომ ამ ტრივიალური უაზრობის შეთხზვა (რომლის დროსაც ჩემი ფსევდოერუდიცია
მოვიხმე და ორიოდე ფრაზა ჩავსვი „ფაფნისმალიდან“) დამეხმარა იმაში, რომ მონეტა თავიდან
ამომეგდო. იყო ღამეები, როცა იმდენად დარწმუნებული ვიყავი, მას უთუოდ დავივიწყებ-მეთქი,
რომ ხალისით ვიხსენებდი. საქმეც ისაა, რომ მე ძალა დავატანე ამ მომენტებს. გახსენების დაწყება
გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე შეჩერება. ამაოდ ვეუბნებოდი ჩემს თავს, საზიზღარი მონეტა
არაფრით განსხვავდება უთვალავი ასეთივე უწყინარი მონეტისგან, ყოველდღიურად რომ
გადადის ხელიდან ხელში-მეთქი. ამ რეფლექსიით შეძრულმა ვცადე, სხვა მონეტაზე მეფიქრა,
მაგრამ ვერ შევძელი. გარდა ამისა, გავიხსენე სხვა (არშემდგარი) ექსპერიმენტიც, რომელიც
ჩავუტარე ჩილურ ხუთ- და ათცენტიან და ურუგვაულ ორცენტიან მონეტებს. 16 ივლისს ერთი
გირვანქა სტერლინგი შევიძინე. მთელ დღეს არ შემიხედავს, ღამით კი სხვა მონეტებთან ერთად
მოვათავსე ლუპის ქვეშ და ძლიერი ელექტროლამპის შუქზე დავაკვირდი. მერე გადავხატე.
სინათლის სხივები, დრაკონი და წმინდა გიორგი ვერაფერში წამადგა. ჩემს იდეფიქსს[131] ვერა და
ვერ ვიშორებდი.
აგვისტოს თვეში ფსიქიატრთან მივედი. ოღონდაც, მთელი აბსურდული ისტორია არ გამინდვია,
ვუთხარი მხოლოდ, რომ უძილობა მტანჯავდა და რომ გონებას ვერ ვითავისუფლებდი საგნის -
შემთხვევითი საგნის, ვთქვათ, მონეტის - ხატისგან... ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთ წიგნის
მაღაზიაში წავაწყდი იულიუს ბარლახის წიგნს, „Urkunden zur Geschichte der Zahirsage“[132]
(ბრესლაუ, 1899).
ამ წიგნის ყდებს შორის მოქცეულ ფურცლებში ჩემი სნეულების აღწერილობა აღმოჩნდა.
წინათქმაში ეწერა, რომ ავტორი გვთავაზობს „ერთ წიგნში მოუყაროს თავი ყველა დოკუმენტს,
რომლებიც სადღეისოდ არსებობს ზაჰირის ცრურწმენასთან დაკავშირებით, ჰაბიხტის არქივებში
დაცული ოთხი წერილისა და ფილიპ მიდოვს ტეილორის მოხსენების ხელნაწერი ორიგინალის
ჩათვლით“. რწმენა ზაჰირში ისლამური წარმომავლობისაა და, როგორც ჩანს, XVIII საუკუნით
თარიღდება (ბარლახი ეჭვქვეშ აყენებს ფრაზებს, რომლებსაც ზოტენბერგი აბულ-ფედდაჰს
მიაწერს). არაბულ ენაზე „ზაჰირ“ ნიშნავს ხილულს, გამოვლენილს, თვალსაჩინოს. ამ აზრით, ის
ღვთის ოთხმოცდაცხრამეტი სახელიდან ერთ-ერთია. მუსლიმურ ქვეყნებში მასები ამ სიტყვას

96
იყენებენ ისეთი „არსებების ან საგნებისთვის, რომელთაც აქვთ საშინელი ძალა - იყვნენ
დაუვიწყარი და რომელთა სახებას, საბოლოოდ, ადამიანები ჭკუიდან გადაჰყავს“. ამის პირველი
ეჭვმიუტანელი შემსწრე იყო სპარსი ერუდიტი და დერვიში, ლუფ ალი აზური. „ცეცხლის ტაძრად“
წოდებული ბიოგრაფიული ენციკლოპედიის დამადასტურებელ გვერდებზე ალი აზური
მოგვითხრობს, რომ შირაზის ერთ-ერთ სკოლაში ჰქონდათ „სპილენძის ასტროლაბია, რომლის
კონსტრუქციის თუნდაც ერთხელ მნახველი ნებისმიერი ადამიანი სხვაზე ვეღარაფერზე
ფიქრობდა. ამის შედეგად, მეფემ ბრძანება გასცა, ასტროლაბია ზღვის უღრმეს წიაღში ჩაეგდოთ,
რათა ადამიანებს სამყარო არ დავიწყებოდათ“.
მიდოვს ტეილორის ნაამბობი რამდენადმე უფრო ვრცელია. ავტორი მსახურობდა ნაზიმ
ჰაიდარაბადელთან და დაწერა სახელგანთქმული რომანი „მკვლელის აღსარებები“. 1832 წელს,
ბჰუის გარეუბანში, ტეილორმა გაიგონა უჩვეულო გამოთქმა, რომელიც აღნიშნავდა სიგიჟეს ან
წმინდანობას: „მართლაცდა, ვეფხვისთვის შეუხედავს“. ტეილორს უთხრეს, რომ საქმე ეხებოდა
მაგიურ ვეფხვს, რომელსაც დაღუპვა მოჰქონდა ყველასთვის, ვინც მას შეხედავდა თუნდაც დიდი
მანძილიდან, რადგან იქიდან მოყოლებული ფიქრს ვეღარ წყვეტდა მასზე. ვიღაცამ თქვა, ერთ-
ერთი თვითმხილველი მისორში გაიქცა და იმ ვეფხვის სახება სასახლეში დახატაო. წლების
შემდეგ ტეილორმა იმ რეგიონის ციხეები მოინახულა. ნიგურის ერთ ციხეში გუბერნატორმა
უჩვენა საკანი, რომლის იატაკი, კედლები და მორკალული ჭერი დაფარული იყო გამოსახულებით
უსასრულო ვეფხვისა (პრიმიტიული ფერებით, სანამ დრო გაცვეთდა და წაშლიდა), რომელიც,
თავის მხრივ, უამრავი ვეფხვისგან შედგებოდა და მნახველს თავბრუს ახვევდა. ნახატს მთელ
სიგრძე-სიგანეზე ჰკვეთდნენ ზღვები, ჰიმალაები და ჯარები, რომლებიც სხვა ვეფხვებს ჰგავდნენ.
მხატვარი-ფაკირი დიდი ხნის წინ გარდაცვლილიყო ამავე საკანში. სინდიდან თუ გუჯარატიდან
ჩამოსულს, თავდაპირველად მსოფლიო რუკის დახატვა განუზრახავს და ამ პირვანდელი მიზნის
ნაშთები ჯერ კიდევ მოჩანდა ვეებერთელა ვეფხვის სხეულში. ტეილორს ეს ამბავი მოუყოლია
მუჰამად ალ-იემენისთვის. ამ უკანასკნელის თქმით, არ არსებობს ქვეყნიერების ზურგზე
სულიერი, ვინც ზაჰიირად (ასე წარმოთქვამდა ამ სიტყვას ტეილორი. - ავტ.) ქცევისკენ არ
იხრებოდესო. მაგრამ მრავალმოწყალე ალაჰი არ დაუშვებს, რომ ამქვეყნად ერთდროულად ორი
ზაჰირი იყოს, თუ ერთსაც კი ძალუძს ტრანსში ჩააგდოს უამრავი ვინმე. მისი თქმით, ზაჰირი
ყოველთვის არსებობდა: უმეცრების ეპოქაში ის იყო კერპი სახელად იაჰუკი, შემდეგ ხორასნელი
წინასწარმეტყველი, რომელიც ატარებდა ძვირფასი ქვებით მოოჭვილ რიდეს ან ოქროს ნიღაბს. მან
ისიც თქვა, ალაჰი განუჭვრეტელიაო.
კიდევ და კიდევ ვკითხულობ ბარლახის მონოგრაფიას და ჩემს ემოციებში ვეღარ ვერკვევი.
მახსენდება ჩემი სასოწარკვეთა, როდესაც მივხვდი, რომ უკვე ვეღარაფერი მიხსნიდა; მახსენდება
შვება მოგვრილი ცოდნისგან, რომ ჩემს უიღბლობაში ბრალი არ მიმიძღოდა; შური იმათდამი, ვისი
ზაჰირიც მონეტა კი არ იყო, არამედ მარმარილოს ფილა ან ვეფხვი. რა ადვილია, არ იფიქრო
ვეფხვზე! გამახსენდა ჩემი ფიქრები, გამახსენდა აშკარა უხერხულობაც, რომელიც ვიგრძენი, როცა
ეს ფრაზა წავიკითხე: „ერთი კომენტატორის თქმით, ის, ვისაც ნანახი ჰყავს ზაჰირი, მალე ვარდს
ნახავს, და ციტირებს ლექსის სტრიქონს, ჩასმულს ატარის წიგნში „უცნობ საგანთა წიგნი“: ზაჰირი
არის ვარდის ჩრდილი და რიდის გაფხრეწა“.
თეოდელინას ქელეხის ღამეს გაკვირვებით შევნიშნე, რომ იქ მყოფთა შორის არ იყო აბასკალი -
მისი უმცროსი და. ოქტომბერში შემთხვევით გადავეყარე ამ უკანასკნელის მეგობარს.
- საბრალო ჯულიტა! - მითხრა ქალმა, - ისეთი უცნაური გახდა. ბოშის საავადმყოფოში დააწვინეს.
როგორი დათრგუნვილი იქნება იმ ექთანებით, კოვზით რომ აჭმევენ! ისევ იმ მონეტას
უტრიალებს, ზუსტად ისევე, როგორც მორენა საკმანის მძღოლი.
დრო მოგონებებს არბილებს, ზაჰირის ხსოვნას კი უფრო და უფრო ამძაფრებს. ჯერ მისი წინა
მხარე დავინახე, მერე უკანა, ახლა კი ორივე მხარეს ერთად ვხედავ. ის კი არა, რომ ზაჰირი
შუშისაა, არამედ იმიტომ, რომ თვით ხილვაა სფერული, რომლის ცენტრში ზაჰირი ბობოქრობს.
ყველაფერი, რაც ზაჰირი არ არის, ჩემამდე თითქოს ფილტრგამოვლილი მოდის, თან - რაღაც
მანძილიდან: თეოდელინას ქედმაღლური სახება, ფიზიკური ტკივილი. ტენისონი ამბობს: ერთი
ყვავილის ჩაწვდომა რომ შეგვეძლოს, იმასაც მივხვდებოდით, ვინ ვართ და რას წარმოადგენს
ქვეყნიერებაო. იქნებ იმის თქმა სურდა, რომ რაოდენ პატარა და უმნიშვნელოც უნდა იყოს,
არაფერია ამქვეყნად ისეთი, რაც არ მოიცავს მთელი ქვეყნიერების ისტორიას და მიზეზ-შედეგთა
უსასრულო ჯაჭვს? იქნებ იმის თქმა სურდა, რომ ხილული სამყარო მთლიანად ჩანს თითოეულ
სახე-ხატში და, როგორც შოპენჰაუერი ამბობს, ნება მთლიანად გამოხატავს თავის თავს
თითოეულ კაცსა და ქალში. კაბალისტებს სწამდათ, რომ ადამიანი არის მიკროკოსმოსი, სამყაროს
სიმბოლური სარკე. ტენისონისთვის რომ დაგვეჯერებინა, ყველაფერი... ჰო, ყველაფერი, თვით
ყოვლად აუტანელი ზაჰირიც კი.…
1948 წლამდე ჯულიას ბედი მეწევა: ჩამაცმევენ, მაჭმევენ; არ მეცოდინება, დილაა თუ ღამე; არ

97
მეცოდინება, ვინ იყო კაცი სახელად ბორხესი. ასეთი მომავლისთვის საშინელის დარქმევა
არასწორია, რაკი ვერც ერთი მომავალი გარემოება ვერ მოახდენს ჩემზე ვერანაირ ზემოქმედებას.
ასევე შეგვეძლო „საშინელი“ გვეწოდებინა ანესთეზირებული პაციენტისთვის, რომელსაც თავის
ქალის ტრეპანაციას უკეთებენ. უკვე ვეღარ აღვიქვამ სამყაროს, - აღვიქვამ ზაჰირს. იდეალისტურ
მოძღვრებაში „ცხოვრება“ და „ზმანება“ ყოველ წერტილში სინონიმურია. ჩემთვის, ათასობით
გარეგანი ნიშანი ერთ ნიშნად იქცევა, რთული ზმანება - მარტივად. სხვები იოცნებებენ, რომ მე
შეშლილი ვარ, მე კი ზაჰირზე ვიოცნებებ. როცა ამქვეყნად მცხოვრები თითოეული ადამიანი
დღითა თუ ღამით იფიქრებს ზაჰირზე, მაშინ რომელი იქნება ზმანება და რომელი - სინამდვილე:
დედამიწა თუ ზაჰირი?
ღამის გრძელ და ცარიელ საათებშიც შემიძლია ქუჩებში სიარული. განთიადი არცთუ იშვიათად
მისწრებს სკამზე პლაცა გარაისთან, როცა ვფიქრობ (ან ვცდილობ, ვიფიქრო) „უცნობ საგანთა
წიგნის“ იმ ფრაზაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ზაჰირი ვარდის ჩრდილია და რიდის დაფხრეწა.
ამ გამონათქვამს ვაბამ შემდეგ ფაქტთან: იმისთვის, რომ თავი დაკარგონ ღმერთში, სუფიები ან
საკუთარ სახელს იმეორებენ, ან ღმერთის ოთხმოცდაცხრამეტ სახელს, სანამ სახელები უკვე
აღარაფერს ნიშნავენ. ამ ბილიკის გაყოლას ვესწრაფვი. იქნებ ზაჰირი მასზე განუწყვეტელი
ფიქრით გავცვითო? იქნებ მონეტის უკან ღმერთი დგას?
ვალი ზენერს

ღმერთის წერილი
საკანი ღრმაა და ქვით ნაგები. თითქმის უზადო ნახევარსფეროს ფორმა აქვს, თუმცა იატაკი (ასევე
ქვის) უფრო ნაკლებია, ვიდრე დიდი წრე, და ეს ფაქტი რაღაცნაირად აღრმავებს დათრგუნვისა და
უკიდეგანობის განცდას. კედელი შუაზე ჰყოფს ცენტრს და ძალზე მაღალია, თუმცა ჭერის თაღს
არ ებჯინება. კედლის ერთ მხარეს ვარ მე, ცინაკანი, მღვდელი ქაოლომის პირამიდისა, რომელიც
პედრო დე ალვარადომ გადაწვა. მეორე მხარეს იაგუარია, რომელიც ფრთხილი, უცვლელი
ნაბიჯებით ზომავს თავისი ტყვეობის დროსა და სივრცეს. იატაკის დონეზე კედელში
დატანებულია მსხვილი რკინის ცხაურიანი მაღალი ფანჯარა. უჩრდილო საათებში (შუადღისას)
ჩვენ ზემოთ პატარა კარი იღება, წლებისგან ნაკვთებგადღაბნილი მესაკნე ბორბალს ამოძრავებს
და თოკით უშვებს ჩვენამდე წყლიან დოქებსა და ხორცის დიდ ნაჭრებს. თაღქვეშ სინათლე
შემოდის და ამ დროს მე ვხედავ იაგუარს.
აღარ მახსოვს, რამდენი წელიწადია, რაც ამ სიბნელეში ვწევარ. მე - ოდესღაც ახალგაზრდა,
რომელსაც შემეძლო ამ ციხის შემოვლა - ახლა აღარაფერს ვიქმ, მხოლოდ ჩემი სიკვდილის პოზაში
ველოდები იმ დასასრულს, ღმერთებმა რომ განმიწესეს. პირბასრი კაჟით ვუხსნიდი მსხვერპლს
მკერდს... ახლა კი, მაგიის დაუხმარებლად, აღარ ძალმიძს სხეულის აწევა მტვრიდან.
პირამიდის დაწვის წინადღეს, მაღალი ცხენებიდან ჩამომხდარმა კაცებმა გავარვარებული
რკინებით დამშანთეს, რათა დამარხული განძის ადგილმდებარეობა გამემხილა. ჩემ თვალწინ
ამოაყირავეს ღვთაების კერპი. მაგრამ ღმერთმა მაინც არ მიმატოვა და მეც ხმის ამოუღებლად
გავუძელი ტანჯვა-წამებას. მათ დამისერეს სხეული, დამნაყეს, დამასახიჩრეს, ბოლოს კი
გავიღვიძე საკანში, რომლიდანაც არასოდეს გავალ ცოცხალი.
გამომდინარე იმ გარდაუვალობიდან, რომ რაღაც უნდა მეკეთებინა, რამენაირად გამეყვანა დრო,
ვცადე, ამ სიბნელეში გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ვიცოდი. მთელი ღამეები გავატარე იმის
გახსენებაში, თუ როგორი და რამდენი ქვის გველი იყო, ან რა ფორმა ჰქონდა სამკურნალო ხეს. ასე
ნელ-ნელა გავიმარჯვე წლებზე, ასე ნელ-ნელა დავიბრუნე საგნები, რომლებსაც აღარ ვფლობდი.
ერთ ღამეს ვიგრძენი, რომ რომელიღაც კონკრეტული მოგონება მიახლოვდებოდა. სანამ
მოგზაური ოკეანეს დაინახავს, მანამდე ჯერ სისხლი აუჩქამდება ხოლმე. რამდენიმე საათის
შემდეგ მოგონებას კონტურები გამოეკვეთა. ღმერთის ერთ-ერთი ლეგენდა აღმოჩნდა. რაკი
წინდაწინ განჭვრიტა, რომ დროის დასასრულისთვის უამრავი კატასტროფა და უბედურება
მოხდებოდა, შესაქმის პირველ დღეს ღმერთმა დაწერა მაგიური ფრაზა, რომელსაც შეეძლო შორს
განრიდებოდა ამ ბოროტებებს. ეს ფრაზა ისე იყო დაწერილი, რომ უვნებლად მისწვდენოდა
უშორეს თაობებს. არავინ იცის სად დაწერა ან რომელი ასოებით, მაგრამ ის ვიცით, რომ
საიდუმლო ტექსტი ცოცხალია და რომ ერთ-ერთი რჩეული მას ამოიკითხავს. ვფიქრობდი, რომ
ჩვენ ახლა, როგორც ყოველთვის, დროის მიწურულში ვიმყოფებოდით და რომ სწორედ მე,
როგორც ღვთის უკანასკნელ მღვდელს, მომეცემოდა ღვთაებრივი ტექსტის პოვნის პრივილეგია.
ასეთი იმედის ტარებაში ვერ მაბრკოლებდა ის ფაქტი, რომ საკანში ვიყავი დამწყვდეული. იქნებ
უკვე ათასჯერაც მენახა ქაოლომის ნაწერი და მხოლოდ გაგებაღა მმართებდა.
ამ აზრმა ძალა შემმატა და რაღაცნაირად თავბრუ დამახვია. ქვეყნიერების ვრცელ საუფლოში
არსებობს ძველი ფორმები, უხრწნელი და მარადიული. ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა

98
ყოფილიყო სიმბოლო, რომელსაც მე ვეძებდი. იქნებ ეს მთა იყო ღვთის სიტყვა, ეს მდინარე, ეს
იმპერია ან ვარსკვლავთა ეს განლაგება. და მაინც: საუკუნეთა განმავლობაში მთები
თანდათანობით იშლება, მდინარის კალაპოტი ბევრგზის იცვლის მიმართულებას, იმპერიები
ინგრევა და ვარსკვლავთა წყობაც იცვლება. ცის თაღზე ცვლილებაა. მთაცა და ვარსკვლავიც
ინდივიდები არიან, ინდივიდის ცხოვრება კი ადრე თუ გვიან მთავრდება. მე რაღაც უფრო
გამძლეს, უფრო ხელშეუხებელს ვეძებდი. ვფიქრობდი მარცვლების, ბალახის, ჩიტების,
ადამიანების თაობებზე. ეგებ შელოცვა ზედ სახეზე მეწერა? ეგებ მე თვითონ ვიყავი ჩემი ძიების
ობიექტი? აი, ამ ერთიმეორეზე მძაფრ წარმოდგენებში ვიყავი, როცა გამახსენდა, რომ ღმერთის
ერთ-ერთი სახელია იაგუარი: tigre.
ამის გაფიქრებაზე სული სიწმინდით ამევსო. წარმოვიდგინე პირველი დილა მას შემდეგ, რაც დრო
შეიქმნა, წარმოვიდგინე, როგორ მიანდო ჩემმა ღმერთმა თავისი წერილი ცოცხალ სხეულებს
იაგუარებისა, რომლებიც შეიყვარებდნენ და დაუსრულებლად გააჩენდნენ ერთმანეთს
გამოქვაბულებში, ლერწმის ველებზე, კუნძულებზე, რათა, ბოლოს და ბოლოს, ღვთის წერილი
უკანასკნელ ადამიანებს მისვლოდათ. წარმოვიდგენდი ვეფხვების ამ ქსელს, ვეფხვების ცხელ
ლაბირინთს, შიშის ზარს რომ სცემდა მინდვრებს და საძოვრებს იმისათვის, რომ წერილი
შენახულიყო. მეორე საკანში იაგუარი იჯდა და მის სიახლოვეში ჩემი ჰიპოთეზის დადასტურებას,
იდუმალ დალოცვას შევიგრძნობდი.
მრავალი წელი მივუძღვენი ვეფხვის ტყავზე აღბეჭდილი შავი წერტილების წყობის შესწავლას.
ყოველი ჩაბნელებული დღის განმავლობაში მე მეძლეოდა სინათლის წამი და ასე ვაფიქსირებდი
გონებაში ყვითელი ტყავის დამწინწკლავ შავ ლაქებს. ზოგიერთს წრის ფორმა ჰქონდა, ზოგი
განივ ზოლებად მიჰყვებოდა ფეხების შიდა მხარეს, ზოგიც მრავალგზის მეორდებოდა. ეს იქნებ
იგივე ბგერა ან იგივე სიტყვა იყო? ბევრ ლაქას წითელი კიდეები ჰქონდა.
არაფერს ვიტყვი ჩემი საქმის სირთულეებზე. არაერთგზის შემიძახია საკნის თაღისთვის, ამ
ტექსტის გაშიფვრა შეუძლებელია-მეთქი. უფრო და უფრო ნაკლებად მტანჯავდა ჩემს გონებაში
არსებული კონკრეტული ენიგმა, ვიდრე ღმერთის მიერ დაწერილი ტექსტის საერთო ენიგმა.
„რანაირ ფრაზას ააგებდა აბსოლუტური გონება?“, ვეკითხებოდი ჩემს თავს. თვით ადამიანურ
ენებშიც კი არ არსებობდა წინადადება, რომელიც არ მოიცავდა მთელ სამყაროს. სიტყვა
„იაგუარის“ წარმოთქმა ნიშნავდა მისი წინაპარი ყველა იაგუარის, მის მიერ შეჭმული ყველა
ირმისა და კუს, ირმის გამომკვები ბალახის, ამ ბალახის მშობლის - დედამიწის და ამ
დედამიწისთვის სინათლის მიმცემი ცის წარმოთქმას. ვფიქრობდი, რომ ღვთაების თითოეულ
სიტყვაში იდებოდა მოვლენათა უსასრულო ჯაჭვი, - არა ფარულად, არამედ გამოვლენილად, არა
ლინეარულად, არამედ ერთბაშად. და უცებ ღვთაებრივი გამონათქვამის იდეა ბავშვურად თუ
მკრეხელურად მეჩვენა. ღვთაებამ ერთადერთი სიტყვა უნდა თქვას და ამ სიტყვაში სრული
სისავსე უნდა იყოს-მეთქი, ვფიქრობდი. ღმერთის მიერ ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა ვერ იქნება
სამყაროზე უფრო ნაკლები, ან უფრო მოკლე, ვიდრე ერთად აღებული მთელი დრო. ამბიციები და
სიღატაკე ადამიანური სიტყვებისა - მთელი ქვეყნიერება, სამყარო - მხოლოდ აჩრდილია სიტყვისა,
რომელიც უდრის ენას და ყოველივე იმას, რაც შეიძლება ენამ მოიცვას.
ერთ დღეს თუ ღამეს (რა განსხვავება შეიძლება იყოს ჩემს დღეებსა და ღამეებს შორის?)
დამესიზმრა, რომ ჩემი საკნის იატაკზე ქვიშის მარცვალი იდო. გულგრლად გავაგრძელე ძილი.
მესიზმრა, რომ გავიღვიძე და ქვიშის ორი მარცვალი დამხვდა. ისევ დავიძინე და ამჯერად უკვე
სამი მარცვალი მესიზმრა. ასე გამრავლდა ქვიშა, სანამ საკანი გაავსო და მეც ვიხრჩობოდი, ქვიშის
ნახევარსფეროში ჩაფლული. მივხვდი, რომ სიზმარს ვხედავდი და ძალების დიდი დაძაბვით
გამოვიღვიძე. თუმცა გაღვიძებას აზრი არ ჰქონდა: უთვალავი ქვიშის მარცვლით უკვე
დამხრჩვალი ვიყავი. ვიღაცამ მითხრა: „შენ ძილიდან კი არ გამოფხიზლდი, არამედ წინა სიზმარში
გადახვედი, ის სიზმარიც სხვა სიზმარში ხდება და ა.შ. უსასრულოდ. მათი რიცხვი იგივეა, რაც
ქვიშის მარცვლებისა. ბილიკი, რომელსაც უნდა გაჰყვე, უსასრულოა, და მანამდე მოკვდები, სანამ
ჭეშმარიტად გამოიღვიძებ“.
თავი დაკარგულად ვიგრძენი. პირი ქვიშით მქონდა სავსე, მაგრამ მაინც შევძახე: „მე ვერ
მომკლავს ქვიშა, რომელიც მესიზმრება! და არც ისეთი რამე არსებობს, როგორიცაა სიზმარი
სიზმარში!“ კაშკაშა სინათლემ გამაღვიძა. ჩემ ზემოთ, სიბნელეში, სინათლის წრე ლივლივებდა.
დავინახე მესაკნის სახე და ხელები, ბორბალი, თოკი, ხორცი და წყლის დოქები.
ნელ-ნელა ადამიანი თავისი ბედისწერის სახეს იღებს. ფართო გაგებით, ადამიანი მისივე
გარემოებებია. უფრო მეტად, ვიდრე გამშიფრავი ან შურისმაძიებელი, მეტად, ვიდრე ღვთის
მღვდელმსახური, მე პატიმარი ვიყავი. სიზმრების იმ დაუღალავი ლაბირინთიდან მე ისე
დავბრუნდი ჩემს მძიმე საპყრობილეში, როგორც კაცი, რომელიც შინ ბრუნდება. დავლოცე მისი
სინესტე, დავლოცე მისი ვეფხვი, დავლოცე მისი გაღება ზემოთ და იქიდან შემოსული სინათლე,
დავლოცე ჩემი მოხუცი და მტკივანი სხეული, დავლოცე ქვა და წყვდიადი.

99
და ამ დროს მოხდა რაღაც, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ, თუმცა ვერც გადმოვცემ: მოხდა კავშირი
ღვთაებასთან, კავშირი სამყაროსთან (არ ვიცი, არის თუ არა სხვაობა ამ ორ სიტყვას შორის).
ექსტაზი არასოდეს იყენებს ორჯერ ერთსა და იმავე სიმბოლოს: ერთ კაცს ღმერთი
დამაბრმავებელი სინათლის სახით მოევლინა, მეორემ იგი მახვილში ან ვარდის წრეებში იხილა. მე
ვნახე თვალშეუდგამი სიმაღლის ბორბალი არა ჩემ წინ ან ჩემი თვალების უკან ან გვერდით,
არამედ ყველგან ერთდროულად. ეს ბორბალი წყლისგანაც იყო შექმნილი და ცეცხლისგანაც, და
თუმცა მის კიდეებს ვხედავდი, მაინც უსასრულო იყო. შექმნილი იყო ყველაფრისგან, რაც იყო,
არის და იქნებოდა. ყველაფერი ერთმანეთს ჩაწვნოდა, მე კი მთელი ამ ყოვლისმომცველი
ქსოვილის ერთ-ერთი ძაფი ვიყავი, ხოლო პედრო ალვარადო - ჩემი ჯალათი - მეორე ძაფი.
ბორბალში იყო მიზეზები და შედეგები და მხოლოდ მისმა შეხედვამ ყველაფრის გაგების
უსასრულო უნარი მომანიჭა. ო, სიხარული გაგების - წარმოსახვის სიხარულზე უფრო მეტი,
შეგრძნების სიხარულზე უფრო დიადი! მე დავინახე სამყარო და მისი ფარული ზრახვები;
დავინახე საწყისები, რომელზეც ლაპარაკია ხალხთა წიგნში; დავინახე წყლიდან ამოწვერილი
მთები, პირველი ხის კაცები, მათ წინააღმდეგ მიმართული წყლის დოქები, ძაღლები, სახეებს რომ
უფლეთდნენ ამ კაცებს. ვნახე უსახო ღმერთი - ღმერთების უკან. ვნახე უსასრულო პროცესები,
რომლებიც ერთ ბედნიერებას ქმნიდნენ. და რაკი ყველაფერი მესმოდა, ამიტომ ვეფხვის სხეულზე
გაკეთებული წარწერაც გავიგე.
ესაა ფორმულა შემდგარი თოთხმეტი შემთხვევითი (გარეგნულად შემთხვევითი) სიტყვისგან. და
იმისთვის, რომ ყოვლისშემძლე გავხდე, მხოლოდ ამ ფორმულის ხმამაღლა გამოთქმა მმართებს.
მისი წარმოთქმა ამ ციხეს გააქრობდა, დღეს შემოიყვანდა ჩემს ღამეში, გამაახალგაზრდავებდა და
გამაუკვდავებდა, მიანიჭებდა იაგუარს უნარს - გაენადგურებინა ალვარადო, წმინდა ფხა-პირით
გაესერა ესპანური მკერდები, ისევ აეგო პირამიდა, აეშენებინა იმპერია. ორმოცი მარცვალი,
თოთხმეტი სიტყვა და - მე, ცინაკანი, ვიმეუფებდი მიწებზე, რომლებზეც უწინ მოკტესუმა
მეფობდა.
მაგრამ ვიცი, რომ ვერასოდეს გამოვთქვამ ამ სიტყვებს, რადგან აღარ მახსოვს ცინაკანი.
დე, იაგუარებზე წარწერილი საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდეს. ის, ვინც თვალი მოჰკრა
სამყაროს, ვინც თვალი მოჰკრა მის ზრახვებს, ვერ იფიქრებს ადამიანზე, მის პრიმიტიულ
სიხარულებზე თუ სატკივრებზე, თუნდაც თვითონ იყოს ეს ადამიანი. ის იყო ეს ადამიანი,
რომელიც ახლა აღარაფერს ნიშნავს მისთვის. რაში აინტერესებს იმ მეორე კაცის ბედი, მისი
ეროვნება, თუკი ის ახლა აღარავინ არის? ამიტომაც არ ვამბობ ფორმულას. ამიტომაც ვწევარ
წყვდიადში და უფლებას ვაძლევ დღეებს, დამივიწყონ.
ემა რისო პლატეროს

იბნ-ჰაკამ ალ-ბოკერი, თავის ლაბირინთში მოკლული


...ჰგავს იმ ობობას, რომელიც მას სახლს უშენებს.
ყურანი, XXIX:40
- აი, - თქვა დანრეივენმა ფართო ჟესტით, რომელიც მოიცავდა ღრუბლებაფარებულ
ვარსკვლავებსაც და შავ ტორფნარებსაც, ისევე, როგორც ზღვას და დიდებულ, აწ ჩამონგრეულ
შენობას, რომელიც ძალიან წააგავდა მძიმე პერიოდში წაქცეულ თავლას, - ჩემი წინაპრების მიწა.
ანვინმა - მისმა კომპანიონმა - პირიდან ჩიბუხი გამოიღო და მოწონების მოკრძალებული სიტყვები
წარმოთქვა. 1914 წლის ზაფხულის პირველი საღამო იდგა. დაღლილები იმ ქვეყნიერებისგან, ასე
რომ აკლდა ხიფათი და მისი თანმდევი ღირსება, მეგობრები დიდად აფასებდნენ კორნუოლის ამ
კუთხის მივარდნილობას. დანრეივენი შავ წვერს იზრდიდა და თავის თავს ყოვლად
დასაფასებელი ეპოსის ავტორად აცნობიერებდა. თუმცა მის თანამედროვეებს იმდენიც კი არ
ძალუძდათ, რომ გულდასმით წაეკითხათ ის, რისი საგანიც ჯერ თვით დანრეივენსაც არ
გახსნოდა. ანვინმა გამოაქვეყნა ნარკვევი თეორემაზე, რომელიც ფერმატს არ დაუწერია
დიოფანტუსის ფურცლის არეებზე. ორივე კაცი (საჭიროა კი ამის თქმა?) იყო ახალგაზრდა,
გაფანტული და მგზნებარე.
- ალბათ უკვე მთელი მეოთხედი საუკუნეა, რაც იბნ-ჰაკამ ალ-ბოკერმა - ნილოსის ნაპირებთან
მობინადრე რომელიღაც ტომის მეფემ თუ ბელადმა - სული დალია ამ სახლის ცენტრალურ
ოთახში თავისი ბიძაშვილის, საიდის ხელებში, - თქვა დანრეივენმა, - ამდენი წლის შემდეგაც კი
მისი სიკვდილის გარემოებები ჯერაც ბოლომდე არ გარკვეულა.
რატომო, მორჩილად ჰკითხა ანვინმა.
- რამდენიმე მიზეზის გამო, - მიუგო დანრეივენმა, - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს სახლი

100
ლაბირინთია; მეორეც: მას მონა და ლომი დარაჯობდნენ; მესამე: საიდუმლო საუნჯე გაქრა,
ფაფუუ - აორთქლდა; მეოთხე: მკვლელობის მომენტისთვის მკვლელი უკვე მკვდარი იყო;
მეხუთე...
- საიდუმლოებს ნუ გავამრავლებთ, თუ შეიძლება! - შეაწყვეტინა ცოტა არ იყოს გულმოსულმა
ანვინმა, - საიდუმლოები მარტივი უნდა იყოს. გაიხსენე ედგარ პოს მოპარული წერილი,
ზანგვილის დაკეტილი კარი.
- ან, მთლიანობაში, - ისროლა დანრეივენმა, - გაიხსენე სამყარო.
დამრეც, ქვიშიან ბორცვებს აუყვნენ და ლაბირინთამდე მივიდნენ. ახლოდან ის სწორ,
ვირტუალურად უსასრულო შეუბათქაშებელ აგურის კედელს ჰგავდა, არცთუ ადამიანზე მაღალს.
დანრეივენის თქმით, კედელი წრეს ქმნიდა, თუმცა იმდენად ფართოს, რომ მორკალვა არ
ეტყობოდა. ანვინს გაახსენდა ნიკოლა კუზანელი, ვისთვისაც ყოველგვარი სწორი ხაზი
უსასრულო წრის რკალს წარმოადგენდა... შუაღამეს ბევრი აღარაფერი უკლდა, როცა მიადგნენ
ჩამონგრეულ კარს, რომლის იქითაც იწყებოდა გრძელი, სახიფათო შესასვლელი. მის კედლებს
არავითარი სხვა კარი ან ფანჯარა არ ჰქონდა. დანრეივენის თქმით, შიგნით, გზაჯვარედინებს
ჰკვეთდი და დარბაზებში შედიოდი, მაგრამ თუ მუდამ მარცხნივ გაუხვევდი, ერთ საათზე უფრო
ნაკლებ დროში ლაბირინთის ცენტრში ხვდებოდი. ანვინმა თავი დაუქნია. ფრთხილად
გადადგმულ ნაბიჯებს ქვის იატაკიდან ექო უბრუნდებოდა. ყოველი განტოტების შემდეგ
დერეფანი უფრო და უფრო ვიწროვდებოდა. იგრძნეს, რომ ძალზე დაბალჭერიანი სახლი სულს
უხუთავდა. ჩახლართულ სიბნელეში ერთ მწკრივად უნდა ევლოთ. წინ ანვინი მიაბიჯებდა. მის
თითებქვეშ დაუსრულებლად მისრიალებდა კედლის უსწორმასწორო და ხორკლიანი ზედაპირი.
და ახლა, როცა ნელა მიიწევდა წყვდიადში, მეგობრის პირიდან იბნ-ჰაკამის სიკვდილის ამბავი
მოისმინა.
- ალბათ ჩემი უადრესი მოგონებაა იბნ-ჰაკამი პენტრისის დოკებზე, - დაიწყო დანრეივენმა, - უკან
მიჰყვებოდა ზანგი, რომელსაც ლომი მიჰყავდა. ეს იყო აშკარად პირველი ზანგი და პირველი
ლომი, რომლებსაც ცოცხლად ვხედავდი, თუ არ ჩავთვლით, ვგონებ, ბიბლიური ამბების მიხედვით
შექმნილ ლითოგრაფიებს. მაშინ ერთი პატარა ბიჭი ვიყავი, თუმცა უნდა გითხრა, რომ მზისფერ
ნადირს და ღამისფერ კაცს ისეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ ჩემზე, როგორიც თვითონ იბნ-
ჰაკამს. ძალიან მაღალი ჩანდა. მოყვითალო კანი ჰქონდა, შავი თვალები, ამ თვალებზე ჩამოწეული
ქუთუთოები, ამაყი ცხვირი, სქელი ტუჩები, ზაფრანისფერი წვერი, ფართო მკერდი და ჩუმი,
თავდაჯერებული სიარული. შინ დაბრუნებულმა ვთქვი: „მეფე ჩამოვიდა გემით“. მოგვიანებით,
როცა კალატოზები სამუშაოდ წავიდნენ, ოდნავ განვავრცე სახელი და იბნ-ჰაკამს ბაბილონის მეფე
ვუწოდე.
- პენტრისში ცუდად არ შეხვედრიან ახალ ამბავს, რომ ეს უცხოელი აქ აპირებდა დაბინადრებას.
თუმცა მისი სახლის ზომას და ფორმას გაკვირვებით და ბრაზითაც კი შეხვდნენ. აუტანელი ჩანდა,
რომ სახლი სულ ერთი ოთახისგან იქნებოდა შემდგარი, თუმცა, იმავდროულად, უამრავი
დერეფნისგანაც. „მავრებისთვის ძალიან კარგია, - ამბობდა ხალხი, - მაგრამ ქრისტიანს არასოდეს
აუშენებია ასეთი სახლი“. ჩვენმა პასტორმა, მისტერ ოლაბაიმ, უჩვეულოდ ნაკითხმა კაცმა,
ამოჩხრიკა ამბავი ღვთისგან დასჯილი კაცისა, რომელმაც ლაბირინთი ააშენა, - ამოჩხრიკა და
კათედრიდანაც წაიკითხა. მომდევნო ორშაბათს იბნ-ჰაკამი პასტორს შინ ესტუმრა. მათი მოკლე
საუბრის დეტალები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ამის შემდეგ არც ერთ ქადაგებაში აღარ
ყოფილა მინიშნება ქედმაღლურ მოქმედებაზე და მავრსაც შესაძლებლობა მიეცა, დაექირავებინა
თავისი კალატოზები. წლების შემდეგ, როცა იბნ-ჰაკამი მოკლეს, ოლაბაიმ ხელისუფლებას
წარუდგინა მათი უწინდელი საუბრის ანგარიში.
„სიტყვები, რომლებიც იბნ-ჰაკამმა ფეხზე მდგომარემ მითხრა (მდგომარემ და არა მჯდომარემ!)
და რომლებიც მე ვუთხარი, ასეთი ან ამასთან ძალზე მიახლოებული იყო: - აღარ არსებობს კაცი,
რომელიც უგულებელყოფდა, რასაც მე ვაკეთებ. ცოდვები, რომლებიც პატივს ყრიან ჩემს გვარს,
იმდენად საშინელია, საუკუნიდან საუკუნემდე რომ ვიმეორო ღვთის უზენაესი სახელი, მაინც არ
შემიმსუბუქებს თუნდაც ერთს იმ ტანჯვებიდან, რომლებიც მომელის. ცოდვები, რომლებიც
პატივს ყრის ჩემს გვარს, იმდენად საზარელია, რომ ამწუთასაც რომ დაგახრჩოთ, ეს მოქმედება
მაინც ვერ გაზრდის ტანჯვებს, რომლებიც უსასრულო სამართლიანობამ მომისაჯა. მე ვარ იბნ-
ჰაკამ ალ-ბოხარი. რკინის კვერთხით ვმართავდი უდაბნოს ტომებს. მრავალი წელი ვძარცვავდი ამ
ტომებს ჩემი ბიძაშვილი საიდის დახმარებით, მაგრამ ღმერთმა შეისმინა მათი ყვირილი და
უფლება მისცა, ამჯანყებოდნენ. ჩემი კაცები შეიპყრეს და დახოცეს. მე მოვახერხე, რომ
გავქცეულიყავი და თან წამეღო სიმდიდრე, წლების განმავლობაში რომ ვიპარავდი. საიდმა
მიმიყვანა წმინდანის საფლავთან, კლდოვანი მთის ფერხთით. ჩემს მონას ვუბრძანე,
უდაბნოსთვის ეთვალთვალა, მე და საიდმა კი, გასავათებულებმა, დავიძინეთ. იმ ღამეს მესიზმრა,
რომ დამაპატიმრეს და რომ ჩემი საპყრობილე გველგესლების ბუდის გვერდით აღმოჩნდა.

101
თავზარდაცემულს გამეღვიძა. ჩემ გვერდით, დილის სინათლეში, საიდს ეძინა. ის სიზმარი კანზე
აბლაბუდას შეხებამ დამასიზმრა. მტკივნეული სანახავი იყო, რომ საიდს - მხდალ ადამიანს - ასე
მშვიდად ეძინა. ისიც ვიფიქრე, განძი არცთუ უსასრულოა და ამან შეიძლება თავისი წილი
მომთხოვოს-მეთქი. წელზე შემოკრულ ქსოვილში ვერცხლისტარიანი ხანჯალი მქონდა გაჩრილი.
ქარქაშიდან ამოვაძვრე და ყელზე დავუსვი. სანამ მოკვდებოდა, ჩემთვის გაუგებარი რამდენიმე
სიტყვა ამოიხრიალა. შევხედე: მკვდარი იყო. მაგრამ ვაითუ, მაინც ადგეს-მეთქი, ვიფიქრე, და
მონას ვუბრძანე, საიდისთვის სახე ქვით ჩაეჭეჭყა. ამის შემდეგ იმდენი ვიარეთ, სანამ ზღვა და მის
ტალღებში მოსრიალე მაღალანძიანი გემები დავლანდეთ. აზრად მომივიდა, რომ მკვდარი
ადამიანი წყალზე ვერ იმგზავრებდა და ამიტომაც სხვა ქვეყნების მოძებნა გადავწყვიტე. ოკეანეზე
ყოფნის პირველ ღამეს მესიზმრა, რომ საიდს ვკლავდი. ყველაფერი ისე განმეორდა, როგორც
სინამდვილეში, თუმცა ამჯერად მისი სიტყვებიც გავიგონე: „როგორც შენ მკლავ ახლა, ისე მე
მოგკლავ, სადაც უნდა დაიმალო“. დავიფიცე, ამ მუქარას ჩავშლი-მეთქი, და დავიმალე
ლაბირინთის ცენტრში, ვინძლო მოკლულის სულს ჩემკენ მომავალი გზა დაჰკარგოდა.
ამის შემდეგ იბნ-ჰაკამი პასტორს დამშვიდობებია და წასულა. ოლაბაის უცდია, ეს მავრი
შეშლილად მიეჩნია, ხოლო მისი აბსურდული ლაბირინთი - სიმბოლოდ. მერე აზრად მოუვიდა,
რომ შეშლილობის ცნება იმ ექსტრავაგანტურ სახლსაც მიესადაგებოდა და არანაკლებ
ექსტრავაგანტურ ნაამბობსაც, თუმცა არა ცოცხალ შთაბეჭდილებას, რომელსაც იბნ-ჰაკამად
სახელდებული კაცი ტოვებდა. იქნებ ასეთი ამბები ნიშანდობლივი და სახასიათო იყო ეგვიპტის
თვალუწვდენელი ქვიშებისთვის? იქნებ ასეთი უცნაურობები - პლინიუსის დრაკონებისა არ იყოს
- იმდენად ცალკეულ ადამიანს კი არ მიესადაგებოდა, რამდენადაც მთელ კულტურას...
ლონდონში ოლაბაიმ „ტაიმსის“ ძველი ნომრები გადასინჯა და აღმოაჩინა, რომ ასეთი აჯანყება
ნამდვილად მომხდარიყო და შედეგად ალ-ბოხარისა და მისი ვეზირის დამარცხება მოჰყოლოდა.
იქვე აღნიშნავდნენ, რომ ამ უკანასკნელს მხდალის რეპუტაცია ჰქონდა.
როგორც კი კალატოზები მუშაობას მორჩნენ, იბნ-ჰაკამი თავისი ლაბირინთის ცენტრში
დამკვიდრდა. ქალაქის ხალხი მას ვერასოდეს ხედავდა. დროდადრო ოლაბაის შიში იპყრობდა,
იქნებ საიდმა უკვე მიაგნო და მოკლაო. ღამით ქარს ლომის ღრიალი მოჰქონდა და ოდინდელი
შიშით ატანილი ცხვრებიც ერთმანეთს ეკვროდნენ ბაკში.
აღმოსავლეთის პორტებიდან ჩვენს პატარა ნავსაყუდელში ხშირად შემოდიოდნენ გემები, რათა
აქედან კარდიფში ან ბრისტოლში წასულიყვნენ. ლაბირინთიდან მონა გამოდიოდა (მახსოვს,
იმხანად ლაბირინთი ვარდისფერი კი არ იყო, არამედ კაშკაშა ჟოლოსფერი) და შემოსული გემის
გუნდს რამდენიმე აფრიკულ სიტყვას უცვლიდა, თითქოს მეზღვაურებს შორის ვეზირის
აჩრდილს ეძებსო. ყველამ იცოდა, რომ გემებზე კონტრაბანდა იყო. და თუ უკანონოდ
გადაჰქონდათ სპილოს ძვალი ან ლიქიორი, რატომ ვერ იქნებოდა იქვე მკვდრის სული?
ლაბირინთის აშენებიდან სამი წლის შემდეგ კლდეებთან ღუზა ჩაუშვა „შერონის ვარდმა“. მე არ
ვერიე გემის მნახველთა შორის, ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომ გემის ხატება
რომელიღაც დავიწყებული აბუკირიდან ან ტრაფალგარიდან შემომრჩა. მაგრამ, ჩემს გაგებაში, ის
იყო იმ მეტისმეტად დახვეწილად ნაგებ გემთაგან ერთ-ერთი, რომლებიც დურგლების ნახელავს
უფრო ჰგავს, ვიდრე გემთმშენებლებისას. ეს გემი (თუ სინამდვილეში არა, ჩემს ოცნებებში მაინც),
ეს მუქი, გაპრიალებული, უხმაურო, სწრაფი ხომალდი არაბებით და ინდოჩინელებით იყო
დაკომპლექტებული.
ჩვენს ნაპირთან ღუზა ოქტომბრის ერთ განთიადზე ჩაუშვა. შიშით ჭკუიდან გადასული იბნ-
ჰაკამი შეღამებისას ოლაბაის მიეჭრა სახლში და ძლივს აუხსნა, საიდმა მომაგნო ლაბირინთში და
მონა და ლომი უკვე დახოცაო. ბოლოს მთელი სერიოზულობით ჰკითხა, ხომ ვერაფერს იზამს
ხელისუფლება ჩემს დასაცავადო. სანამ ოლაბაი რამეს უპასუხებდა, იბნ-ჰაკამს მისი სახლი უკვე
დაეტოვებინა, - მეორედ და უკანასკნელად. თითქოს იმავე ზაფრამ გაიტაცა, რომელმაც აქ
მოიყვანა. ოლაბაი მარტო იჯდა თავის კაბინეტში და განცვიფრებული ფიქრობდა: ეს
თავზარდაცემული კაცი რკინის ტომებს მართავდა სუდანში, ბრძოლაც იცის და კაცის კვლაცო.
მეორე დღეს შენიშნა, რომ გემი უკვე გასულიყო პორტიდან (როგორც მოგვიანებით გაირკვა -
წითელ ზღვაში მდებარე სუაკინის მიმართულებით). ოლაბაის აზრად მოუვიდა, ჩემი მოვალეობაა
მონის მკვლელობა დავადასტუროო, და ლაბირინთთან ავიდა. ალ-ბოხარის სულმოუთქმელი
ამბავი ოლაბაის ყურებში შეშლილი ადამიანის ფანტაზიად ჟღერდა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ
გრძელი დერეფნების ერთ-ერთ კუთხეში მკვდარ ლომს წააწყდა, მეორეში - მკვდარ მონას, ხოლო
ცენტრალურ ოთახში თვით ალ-ბოხარი ეგდო სახეჩაჭეჭყილი. ფეხებთან ედგა სადაფით
მოოჭვილი და საკეტმოგლეჯილი სკივრი, რომელშიც ერთი მონეტაც აღარ ჭაჭანებდა.
ორატორული პაუზებით დატვირთული ბოლო მონაკვეთები მჭევრმეტყველებას ითხოვდნენ.
ანვინის განცდით, დანრეივენს არაერთგზის წარმოეთქვა ეს ფრაზები, იმავე შეგნებული
სერიოზულობითა და ეფექტის ასეთივე სიმცირით.

102
- როგორ მოკლეს ლომი და მონა? - ჰკითხა ანვინმა ვითომდა ინტერესით.
- მათი სახეებიც ქვით ჩაჭეჭყილი აღმოჩნდა, - ბნელი კმაყოფილებით უპასუხა გამოუსწორებელმა
ხმამ.
მათი ნაბიჯების ხმას წვიმის ხმა დაემატა. ანვინს აზრად მოუვიდა, ლაბირინთში მოგვიწევს
დაძინება, იმ ცენტრალურ ოთახში, და როცა მომავლიდან გამოვხედავ, ამ გრძელ მღელვარებას
თავგადასავლად აღვიქვამო. თქმით არაფერი უთქვამს. დანრეივენმა თავი ვერ შეიკავა, როგორც
კაცმა, რომელიც ვალს არავის შეარჩენს, და ჰკითხა: - საკმაოდ აუხსნელი ისტორიაა, არა?
ანვინმა ისე უპასუხა, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო: - არ ვიცი, ახსნადია თუ აუხსნელი. ვიცი, რომ
ეს სასტიკი ტყუილია.
დანრეივენმა პირიდან ლანძღვის ნაკადი ამოუშვა და იმ ყველაფრის თვითმხილველი - პასტორის
უფროსი ვაჟიც ახსენა (როგორც ჩანდა, თვითონ ოლაბაი უკვე ცოცხალი აღარ იყო) და პენტრისის
ყველა ბინადარიც. ისევე შეცბუნებულმა, როგორც ალბათ დანრეივენი უნდა ყოფილიყო, ანვინმა
მიტევება სთხოვა. ამ წყვდიადში დრო თითქოს უფრო ნელა გადიოდა, უფრო გრძელდებოდა.
ორივე კაცს ეშინოდა, გზა ხომ არ აგვებნაო, და უკვე ძალიან დაღლილები იყვნენ, როცა ზემოდან
ჩამოჟონილმა ბუნდოვანმა ნათებამ ვიწრო კიბის პირველი საფეხურები დაანახვა. კიბეს აუყვნენ
და მრგვალ, გვარიანად დაძველებულ და დიდი ხნის მიგდებულ ოთახში აღმოჩნდნენ. იქვე იყო
ავბედითი მეფის ორი ნიშანი: ვიწრო ფანჯარა, რომელიც ტორფნარებს და ზღვას გადაჰყურებდა,
და იატაკში ამოჭრილი ტრაპი, რომელიც კიბეზე ჩადიოდა. თვითონ ოთახი, თავისი სიფართოვის
მიუხედავად, ძალიან ჰგავდა ციხის საკანს.
იმდენად არა წვიმისგან თავშესაფრად, არამედ უფრო იმისთვის, რომ გასახსენებლად და
მოსაყოლად ჰქონოდათ, მეგობრებმა ღამე ლაბირინთში გაატარეს. მათემატიკოსს მაგრად ეძინა,
პოეტს - არა. მოსვენებას არ აძლევდა სტრიქონები, რომლებსაც მისი რაციონალური გონება
შემზარავად მიიჩნევდა: უსახურია მგზნებარე და მძლეველი ლომი, უსახურია მოკლული მონა,
მეფეც - უსახო.
ანვინი ფიქრობდა, ალ-ბოხარის მკვლელობის ისტორია ჩემთვის არავითარ ინტერესს არ
წარმოადგენსო. მიუხედავად ამისა, გაიღვიძა დარწმუნებულმა იმაში, რომ თავსატეხი ამოხსნა.
მთელი იმ დღის განმავლობაში ჩაფიქრებული და მდუმარე იყო, ამ ამბავს ნაწილებად შლიდა და
აწყობდა, ორი ღამის შემდეგ კი დანრეივენს დაურეკა და სთხოვა, ლონდონის პაბში შემხვდიო,
სადაც ეს ან ძალიან მსგავსი სიტყვები უთხრა: - იქ, კორნუელში, გითხარი, შენ მიერ ნაამბობი
ისტორია სიცრუეა-მეთქი. აი, რა ვიგულისხმე ამაში: საკუთრივ ფაქტები ნამდვილი იყო, ან
შეიძლებოდა რომ ნამდვილი ყოფილიყო. მაგრამ ისე ნაამბობი, როგორც შენ მიამბე, აშკარად
თაღლითობა გამოვიდა. დავიწყებ ყველაზე დიდი სიცრუით: გაუგონარი ლაბირინთით. გაქცეული
კაცი ლაბირინთში არ იმალება, არ აშენებს მას სანაპიროს უმაღლეს წერტილში, თანაც -
ჟოლოსფერს, რომელსაც მეზღვაურები შორიდანვე დაინახავენ. საჭირო არ არის ლაბირინთის
აგება, როცა მთელი სამყარო ლაბირინთია. იმ კაცისთვის, რომელსაც ნამდვილად სჭირდება
დამალვა, ლონდონი გაცილებით უკეთესი ლაბირინთია, ვიდრე ოთახი ზედ ჭერქვეშ, სადამდეც
შენობის ყველა დერეფანი მიემართება. სიბრძნის ეს ნაწილაკი, რომელსაც ამ საღამოს გიზიარებ,
გუშინწინ ღამით მომაფიქრდა, როცა ლაბირინთის სახურავზე ატკაპუნებულ წვიმას ვუსმენდით
და მორფეუსის[133] მოსვლას ვუცდიდით. მისეული გაფრთხილებისა და შესწორების შემდეგ,
ვამჯობინე გვერდი ამევლო შენი აბსურდული „ფაქტებისთვის“ და რაღაც გონივრულზე მეფიქრა.
- მაგალითად, სიმრავლის თეორიაზე ან სივრცის მეოთხე განზომილებაზე, - შენიშნა დანრეივენმა.
- არა, - დაუბრუნა იმან გაუღიმებლად, - კრეტის ლაბირინთზე ვფიქრობდი, იმაზე, რომლის
ცენტრში ხარისთავიანი კაცი იყო.
დანრეივენი, რომელსაც უამრავი დეტექტიური რომანი ჰქონდა წაკითხული, ფიქრობდა,
საიდუმლოს ამოხსნა ყოველთვის გაცილებით ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე თვითონ
საიდუმლოო. ამ უკანასკნელს ზებუნებრივი ან თვით ღვთაებრივი ელფერიც კი დაჰკრავდა,
მაშინ, როდესაც ამოხსნა ჟონგლიორობა იყო.
- მედლებზე ან სკულპტურებში მინოტავრი ხარის თავით გამოიხატება, - თქვა დანრეივენმა,
ვინძლო ცოტა ხნით კიდევ გადაედო გარდაუვალი, - დანტე საპირისპიროდ წარმოიდგენდა: ხარის
ტანით და კაცის თავით.
- ეგ ვერსიაც მუშაობს, - დაეთანხმა ანვინი, - მნიშვნელოვანი ისაა, რა შეფარდებაშია საშინელი
სახლი მასში მცხოვრებ საშინელ არსებასთან. მინოტავრი ჰაი-ჰაი რომ ამართლებს ლაბირინთის
არსებობას, მაგრამ ვერავინ იტყვის იმავეს დასიზმრებულ მუქარაზე. როგორც კი მინოტავრის
სახეს გადაეყრები (ეს სახე გარდაუვალია, როცა საქმე ეხება მსგავს ლაბირინთს), პრობლემა

103
თითქმის გადაწყვეტილია. თუმცაღა, უნდა გამოვტყდე: არ მეგონა, რომ ეს ძველი სახე
ითამაშებდა გასაღების როლს, რისთვისაც შენი ამბისთვის უთუოდ უნდა ამოგერჩია უფრო კარგი,
უფრო ზუსტი სიმბოლო - აბლაბუდა.
- აბლაბუდა? - გაიმეორა დაბნეულმა დანრეივენმა.
- ჰო. არ გამიკვირდებოდა, თუკი აბლაბუდა (აბლაბუდას უნივერსალური, ანუ პლატონური
ფორმა) მკვლელს დანაშაულს ჩააგონებდა (რადგან მკვლელი არსებობს). ალბათ გახსოვს, რომ ალ-
ბოხარს საფლავში გველგესლები ესიზმრა, გაღვიძებულმა კი აღმოაჩინა, რომ ეს სიზმარი
აბლაბუდასთან ხახუნმა გამოიწვია. დავუბრუნდეთ იმ ღამეს, როცა ალ-ბოხარს გველების
ხლართი ესიზმრა. ჩამოგდებული მეფე, ვაზირი და მონა უდაბნოში გარბიან და საგანძურიც თან
მიაქვთ. მერე საფლავს აფარებენ თავს. ვეზირს (რომელიც ვიცით, რომ მშიშარაა) სძინავს, მეფე
(რომელიც ვიცით, რომ უშიშარია) ფხიზლობს, რათა არ უწილადოს განძი თავის ვეზირს, მეფე მას
ხანჯლით კლავს. რამდენიმე ღამის შემდეგ მოკლულის აჩრდილი მეფეს ემუქრება ამ
უკანასკნელის სიზმარში.
არაფერია ამაში სარწმუნო!
ჩემი აზრით, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. იმ ღამეს სწორედ მეფეს - უშიშარ კაცს - ეძინა,
ხოლო მშიშარა ვეზირს ეღვიძა. ძილი ნიშნავს ცოტა ხნით სამყაროს გატანას შენი ცნობიერებიდან
გარეთ, ასეთი უდარდელობა კი იოლი საქმე არ გახლავს იმ კაცისთვის, ვინც იცის, რომ კვალში
გაშიშვლებული ხმლები უდგანან. სიმდიდრეს დახარბებული საიდი მეფის ძილს
უთვალთვალებდა. აზრად მოუვიდა მისი მოკვლა, იქნებ დანაც კი ამოიღო, მაგრამ საჭირო
გამბედაობა არ აღმოაჩნდა და მონას დაუძახა. მათ შიგ საფლავშივე გაინაწილეს განძი და ჯერ
სუაკინში გაიქცნენ, სუაკინიდან - ინგლისში. გესმის? - არა ალ-ბოხარისგან დასამალად, არამედ,
არსებითად, მის მისატყუებლად და მოსაკლავად: აი, რამ ააშენებინა ვეზირს მაღალი,
წითელკედლებიანი ლაბირინთი ზედ ზღვის გადასახედზე. იცოდა: გემები წაიღებდნენ მონის,
ლომის, მეწამული კაცის ამბავს ისევ ნუბიის პორტებში და მალე ალ-ბოხარი მოსაკლავად
მოაკითხავდა ლაბირინთში. ხაფანგი ბოლო დერეფანში დაელოდებოდა. ალ-ბოხარს უსაზღვროდ
სძაგდა საიდი და არ შეჩერდებოდა თუნდაც სიფრთხილის ელემენტარული ზომების მისაღებად.
ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის ნალოდინარი დღეც დგება. იბნ-ჰაკამი ფეხს დგამს ინგლისის
ნაპირზე, ლაბირინთის კართან ადის, ყრუ დერეფნებს მიჰყვება და იქნებ იწყებს კიდევაც ზემოთ
ამავალ კიბეზე ასვლას, რომ ამ დროს ვეზირი კლავს ზემოთ ამავალი ტრაპიდან (შეიძლება
ტყვიით, არ ვიცი). შემდეგ, ეჭვი არაა, მონა კლავს ლომს, ხოლო მეორე ტყვია - მონას. ბოლოს
საიდი დიდ ქვას იღებს და სამ არსებას სათითაოდ უჭეჭყავს სახეს. ნამდვილად ასე უნდა
მოქცეულიყო: მხოლოდ ერთი სახეჩაჭეჭყილი კაცი მისი იდენტიფიცირების პრობლემას აღძრავდა,
მაგრამ ლომი, ზანგი და მეფე იყვნენ ელემენტები სერიაში, რომლის პირველ ელემენტს
გარდაუვალად მივყავართ უკანასკნელამდე. არაფერია უცნაური იმ ფაქტში, რომ ოლაბაისთან
მისული კაცი თავზარდაცემული იყო: მან ხომ სულ ახლახან საზარელი რამ ჩაიდინა და მალე
ინგლისში უნდა გაქცეულიყო თავისი განძის უკანვე მისაღებად.
ანვინის ვერსიას ფიქრიანი და უნდობელი სიჩუმე მოჰყვა. სანამ თავის მოსაზრებას იტყოდა,
დანრეივენმა კიდევ ერთი კათხა ლუდი შეუკვეთა.
- ვიღებ იმას, რომ ჩემი იბნ-ჰაკამი შეიძლებოდა ყოფილიყო საიდი. ასეთი მეტამორფოზები, შენ
მეტყვი, ამ ჟანრის კლასიკური ფანდებიაო, ანუ პირობები, რომლებიც მკითხველის დაჟინებით
უნდა დავიცვათ. მე მხოლოდ იმ ჰიპოთეზის მიღებაზე ვყოყმანობ, რომლის მიხედვითაც
საგანძურის ნაწილი სუდანში დარჩა. გაიხსენე, რომ საიდი გაურბოდა არა მარტო მეფეს, არამედ
მის მტრებსაც. ვგონებ, უფრო ადვილი წარმოსადგენია, რომ მან მთელი განძი მოიპარა და დრო არ
დარჩა ნაწილის ჩასამარხად. შესაძლოა, არავითარი უცნაური მონეტები არ ეყარა გარშემო, რადგან
არავის დაუტოვებია. შესაძლოა, კალატოზებმა შთანთქეს მთელი განძი, რომელიც, ნიბელუნგების
ოქროსგან განსხვავებით, აურაცხელი არ იყო. ასე მივიღებთ იბნ-ჰაკამს, რომელიც ზღვაზე
მიცურავს, რათა უკან დაიბრუნოს თავისი გაფლანგული საუნჯე.
- გაფლანგული კი არა, ჩადებული, - თქვა ანვინმა, - ჩადებული იმაში, რომ ურწმუნოთა მიწაზე
აიგოს აგურის დიდი წრიული ხაფანგი, რომელსაც უნდა გაება და გაენადგურებინა მეფე. თუ შენი
ვარაუდი სწორია, საიდის მოქმედებები მოტივირებული იყო არა სიხარბით, არამედ
სიძულვილითა და შიშით. მან განძი მოიპარა, მერე კი მიხვდა, რომ მისთვის ეს არსებითი არ იყო.
არსებითი ის იყო, რომ იბნ-ჰაკამი მოკვდა. მან თავი იბნ-ჰაკამად გაასაღა, იბნ-ჰაკამი მოკლა,
დაბოლოს, თვითონ იყო იბნ-ჰაკამი.
- ჰო, - დაეთანხმა დანრეივენი, - ის იყო მოხეტიალე მწირი, რომელიც - სანამ სიკვდილი საერთოდ
დაუკარგავდა ვინაობას - იხსენებდა, რომ უწინ მეფე იყო ან მეფედ ყოფნას თამაშობდა.

104
ორი მეფე და ორი ლაბირინთი
[134]
კაცებს, რომლებიც ნდობას იმსახურებენ (თუმცაღა, ალაჰს მეტი ცოდნა აქვს), უთქვამთ: პირველ
დღეებში ბაბილონიის კუნძულებზე ცხოვრობდა მეფე, რომელმაც შეკრიბა თავისი
ხუროთმოძღვრები და მღვდლები და უბრძანა, აეგოთ მისთვის ლაბირინთი - იმდენად ეშმაკური
და ჩახლართული, რომ თვით უგონიერეს ადამიანებსაც კი ვერ გაერისკათ იქ შესვლა, ხოლო ვინც
მაინც გაბედავდა, გზა დაჰკარგოდა. აგებული შენობა ყოვლად უშნო გამოდგა, რადგან ღმერთის
პრეროგატივაა, არა ადამიანის, ჩვენი დაბნევაცა და გაკვირვებაც. იმხანად ბაბილონიას ესტუმრა
არაბთა მეფე და მასპინძელმაც (სტუმრის მიამიტობის გასატრიზავებლად) ლაბირინთში შესვლა
შესთავაზა. იქ მოხვედრილმა არაბთა მეფემ ბევრი იხეტიალა, პატივი აეყარა და გზა აერია.
შეღამებისას, ღმერთს შველა სთხოვა და, ბოლოს და ბოლოს, გამოსასვლელი იპოვა. მის ბაგეებს
ჩივილი არ დასცდენია, თუმცა ბაბილონიის მეფისთვის უთქვამს, ჩემს ქვეყანაში სხვა ლაბირინთი
მაქვს და, თუ ალაჰმა ისურვა, იქნებ მოინახულოო. შემდეგ არაბეთში დაბრუნდა თავის
კაპიტნებთან და მცველებთან ერთად, მერე კი ისეთი დღე დააწია ბაბილონიის სამთავროებს და
თან ისეთი იღბალი სდევდა ამ გალაშქრებაში, რომ მიწასთან გაასწორა ბაბილონიის
ციხესიმაგრეები, ხალხი მოსრა, თვით მეფე კი ტყვედ წაიყვანა, - ზურგზე დააკრა ფეხმარდ აქლემს
და ასე ატარა უდაბნოში. ბოლოს, სამდღიანი სვლის შემდეგ, ასეთი სიტყვებით მიმართა: „ო,
დროის, მატერიისა და საუკუნის მეუფევ! ბაბილონიაში შენ სცადე, დაგეკარგე ლაბირინთში,
რომელიც შედგებოდა მრავალი კიბის, კარისა და კედლისგან. ახლა ყოვლადძლიერმა უპრიანად
მიიჩნია და ნება მომცა, მეჩვენებინა ჩემი ლაბირინთი, რომელსაც არც კიბეები აქვს საძრომიალოდ,
არც ძალდატანებით შესანგრევი კარები, არც გამასავათებელი დერეფნები, არც კედლები,
რომლებიც დააბრკოლებდნენ შენს სვლას“.
ამის შემდეგ არაბთა მეფემ ბაბილონიის მეფეს ხუნდები შეხსნა და დატოვა შუა უდაბნოში, სადაც
ის შიმშილითა და წყურვილით მოკვდა.
დიდება იმას, ვინც არ კვდება!

ლოდინი
ეტლმა №4004-თან ჩამოსვა იმ ქუჩაზე, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჯერ დილის 9
საათიც არ იყო. კაცმა მოწონებით გახედა აჭრელებულ ჭადრებს, სველი მიწის კვადრატს
თითოეული მათგანის ძირში, მომცრო სახლებს პატარ-პატარა აივნებით, მეზობელ შენობაში
განთავსებულ აფთიაქს, საღებავებისა და ლითონის ნაკეთობათა მაღაზიების ჩამქრალ ნათურებს.
ტროტუარს საავადმყოფოს გრძელი, უფანჯრო კედელი მიუყვებოდა. მოშორებით სათბურებზე
მზე ირეკლებოდა. კაცს აზრად მოუვიდა, რომ ერთხელაც, თუ ღმერთი ინებებს, ეს საგნები
(ამჟამად შემთხვევითი თანმიმდევრობით განლაგებული - სიზმარში ნანახივით - ყოველგვარი
საგანგებო წყობის გარეშე) შეუცვლელ, აუცილებელ და ნაცნობ სახეს მიიღებს. აფთიაქის
ვიტრინაში ფაიფურის ასოებით ეწერა „ბრესლაუერი“: ებრაელებმა გააძევეს იტალიელები,
რომლებსაც მანამდე ადგილობრივები გაუძევებიათ. ძალიანაც კარგი: ჩამოსულმა კაცმა ამჯობინა,
არ შერეოდა სისხლით მონათესავე ხალხს.
მეეტლე საგზაო ჩემოდნის ჩამოღებაში დაეხმარა. დაბნეულმა თუ დაღლილმა ქალმა, როგორც
იქნა, კარი გაუღო. კოფოდან მეეტლემ ერთი მონეტა უკან დაუბრუნა: ურუგვაული
ორსენტავოიანი, რომელიც კაცს ჯიბეში ედო მელოს სასტუმროში გატარებული ღამის შემდეგ.
მეეტლეს ორმოცი სენტავო მისცა და მაშინვე ინანა: „ისე უნდა ვიქცეოდე, რომ ყველას
დავავიწყდე, მე კი ორი შეცდომა ჩავიდინე: ამ კაცს სხვა ქვეყნის ფულით გადავუხადე და ისიც
დავანახვე, რომ ამით ჩემთვის მნიშვნელოვანი შეცდომა ჩავიდინე“.
წინ მიმავალ ქალს კაცი ჯერ გრძელ შესასვლელში შეჰყვა, მერე - შიდაეზოში. წინდაწინ
დაჯავშნილი ოთახი - თითქოსდა რაღაც კეთილი იღბლით - მეორე ეზოს ბოლოში იყო. რკინის
საწოლი, ოსტატურად მორთული ყურძნის მტევნებითა და რტოების მსგავსი ფანტასტიკური
ფორმებით, ტანსაცმლის კამოდი, ღამის მაგიდა, წიგნების კარადა მხოლოდ ქვედა თაროზე
ჩამწკრივებული წიგნებით, ორი სხვადასხვაგვარი სკამი და პირსაბანი თავისი ნიჟარით, სასაპნით
და დაბინდულშუშიანი გრაფინით: აი, ოთახის მთელი ავეჯი. კედლებს ამშვენებდა ჯვარცმა და
ბუენოს-აირესის რუკა. ჟოლოსფერი შპალერის ორნამენტს კუდგაშლილი ფარშავანგები
წარმოადგენდა. ოთახის ერთადერთი კარი შიდაეზოში გადიოდა. სამგზავრო ჩემოდნის შემოტანას
სკამების გადაწყობა მოჰყვა. ახალმოსული ყველაფერზე თავს აკანტურებდა. როდესაც ქალმა
სახელი ჰკითხა, ვილარი მქვიაო, უპასუხა. ეს არ იყო გამოწვევის ფარული აქტი, არც შერბილება იმ
დამცირებისა, რომელიც, გულწრფელად ითქვას, კაცს არ უგრძნია, არამედ უფრო იმით
ნაკარნახევი, რომ ეს სახელი ყველგან თან სდევდა, სხვას ვერც ერთს ვერ ეგუებოდა. რაღა თქმა

105
უნდა, არ უცდუნებია ლიტერატურულ ცდომილებას: აქაოდა, მტრის სახელის მიღება ეშმაკური
ფანდი იქნებაო.
თავიდან სერ ვილარი არასდროს გადიოდა სახლიდან. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ
ხანმოკლე გასვლები დაიწყო შებინდებისას. ზოგჯერ, საღამოობით, კინოთეატრში მიდიოდა სამი
კვარტალის იქით. არასოდეს ჯდებოდა სულ ბოლო რიგზე უფრო ახლოს ეკრანთან და
დარბაზიდან ფილმის დამთავრებამდე ოდნავ ადრე გადიოდა. უყურებდა ცხოვრების ყველაზე
ჩაძირული ფენების ტრაგიკულ ისტორიებს. რასაკვირველია, მათაც ჰქონდათ თავიანთი
ცდომილებები. რასაკვირველია, დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე სახეები, რომლებიც სერ
ვილარის უწინდელ ცხოვრებას ეკუთვნოდა. მაგრამ ვერასოდეს ამჩნევდა ცდომილებებს, რადგან
არასოდეს მოსვლოდა აზრად, რომ შეიძლებოდა გავლებულიყო პარალელი ცხოვრებასა და
ხელოვნებას შორის. მორჩილად ცდილობდა, მოსწონებოდა რაც ეძლეოდა; ცდილობდა, ისე მიეღო
ყველაფერი, როგორც აწვდიდნენ. რომანების მკითხველი ადამიანებისგან განსხვავებით,
არასდროს უყურებდა თავის თავს, როგორც წიგნის პერსონაჟს.
არასდროს მიუღია წერილი, თვით სარეკლამო ფურცელიც კი. თუმცა ბუნდოვანი იმედით
კითხულობდა ხოლმე გაზეთის ერთ სექციას. ნაშუადღევს ერთ-ერთ სკამს კართან მისწევდა,
ჯდებოდა და სერიოზული გამომეტყველებით წრუპავდა თავის მატეს, იმ სუროზე
თვალმიშტერებული, მეზობლად მდგარი ორსართულიანი სახლის კედელზე რომ აცოცებულიყო.
მარტოობის წლებმა ასწავლა, რომ თუნდაც მეხსიერებაში დღეები ერთმანეთის მსგავსი
ყოფილიყო, მაინც არ უარსებია დღეს, - თვით ციხეში ან საავადმყოფოშიც კი, - რომელსაც თავისი
სიურპრიზები არ მოეტანოს. განმარტოების სხვა პერიოდებში მინებებია დღეების ან თვით
საათების თვლის ცდუნებას. მაგრამ ეს განმარტოება სხვანაირი იყო, რადგან დასასრული არ
ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთ დილასაც გაზეთი ალეხანდრო ვილარის
გარდაცვალებას ამცნობდა. ისიც შესაძლებელი იყო, რომ ვილარი უკვე გარდაიცვალა და მისი
ახლანდელი ცხოვრება სიზმარი იყო. ეს შესაძლებლობა აფორიაქებდა, რადგან ბოლომდე ვერ
გაერკვია, შვებად აღექვა ეს თუ უბედურებად. „აბსურდია“, უთხრა თავის თავს და უკუაგდო.
შორს დარჩენილ დღეებში (არა იმდენად განვლილი დროის მიხედვით, რამდენადაც ამასობაში
მომხდარი ორი თუ სამი შეუქცევადი ამბის გამო) ბევრი რამ მოსურვებია ისეთი სურვილით,
რომელსაც არავითარი ქენჯნა არ ახლდა. ფლობის იმ ძალუმ იმპულსს, რომელსაც მისთვის
კაცების სიძულვილი და შემთხვევითი ქალების სიყვარული შთაუგონებია, აღარ სურდა რაღაცები,
სურდა მხოლოდ გაძლება, არა დამთავრება. მატეს გემო, შავი ბურნუთის არომატი, ეზოში
გამოცოცებული ჩრდილის მზარდი ზოლი: აი, საკმარისი მიზეზი სიცოცხლისათვის.
ამ სახლში ცხოვრობდა უკვე საკმაოდ მობერებული ნაგაზი, რომელსაც ვილარი დაუმეგობრდა.
მიმართავდა ესპანურად, იტალიურად და იმ რამდენიმე სიტყვითაც, ბავშვობის დროინდელი
სოფლური დიალექტიდან რომ შემორჩენოდა. ვილარი ცდილობდა მხოლოდ აწმყოში ეცხოვრა, არც
უკან ეცქირა, არც წინ. მოგონებები ნაკლებს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე მომავლის ხილვები.
რაღაცნაირად ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ წარსული მასალაა, რისგანაც დრო შედგება და რის
გამოც ეს დრო ასე სწრაფად იქცეოდა წარსულად. ერთხელ, რაღაც მომენტში, თავისი დაღლილობა
ბედნიერებად შეიგრძნო და, ასეთ მომენტებში, არც თვითონ იყო ამ ძაღლზე ბევრად უფრო
რთული არსება.
ერთ ღამეს შოკში ჩააგდო, ხმის ამოღების უნარი წაართვა და ერთიანად ააცახცახა თითქმის
გულამდე ჩასულმა ტკივილის აფეთქებამ პირის ღრუში. რამდენიმე წუთის შემდეგ ეს საზარელი
საკვირველება განმეორდა, მერე - დილაუთენიას - კიდევ ერთხელ. მეორე დღეს ვილარიმ
გამოიძახა კები, რომელმაც დანტისტის კაბინეტამდე მიიყვანა პლაცა დელ ონსეს სიახლოვეში. იქ
ამოუღეს კბილი. „ჭეშმარიტების მომენტში“ ვილარის არც სხვაზე მეტად შეშინებია და არც სხვაზე
უფრო უდრტვინველი ყოფილა.
სხვა ღამეს, კინოთეატრიდან დაბრუნებულმა იგრძნო, რომ ვიღაც დაეჯახა. აღშფოთებულ-
გაშმაგებული, ფარული შვების განცდით მიუბრუნდა თავხედ დამნაშავეს და კბილებიდან
უხამსი ლანძღვა გამოცრა. იმ კაცმა - მოულოდნელობისგან გაშტერებულმა - ენის ბორძიკით
მოუბოდიშა. მაღალი, შავტუხა ახალგაზრდა იყო, მკლავი გერმანული შესახედაობის ქალისთვის
შემოეხვია. იმ ღამეს ვილარიმ ბევრგზის უთხრა თავის თავს, იმათ არ ვიცნობდიო. მაინც ოთხი თუ
ხუთი დღის შემდეგღა გავიდა სახლიდან.
სხვა წიგნებს შორის თაროზე „ღვთაებრივი კომედიაც“ იდო ანდრეოლის ძველი კომენტარებით.
აღძრული უფრო მოვალეობის განცდით, ვიდრე ცნობისწადილით, ვილარიმ წაიკითხა ეს შედევრი.
ერთ კანტოს კითხულობდა სადილის წინ, მერე კი, მკაცრად და მეთოდურად, შესატყვის
კომენტარებს. შეუძლებლად თუ გადაჭარბებულად არ მიაჩნდა იქ აღწერილი ჯოჯოხეთის
ტანჯვები. არც ის მოსვლია აზრად: დანტე მე, ვილარის, ქვესკნელის უღრმეს წრეში მოსახვედრად
გამწირავსო, - იქ, სადაც უგოლინოს კბილები დაუსრულებლად ღრღნიდნენ რუგიერის ყელს.

106
ჟოლოსფერ შპალერზე გამოსახული ფარშავანგები თითქოს საუკეთესო შთამაგონებელი იყო სერ
ვილარის ღამეული კოშმარებისთვის, თუმცა არასოდეს დასიზმრებია ერთმანეთში
გადახლართული ცოცხალი ჩიტების ავბედითი ქსოვილი. ადრეული დილის საათებში
ესიზმრებოდა ერთი და იგივე უკანა ფარდა, ოღონდაც - ცვლადი დეტალებით. ის და კიდევ ორი
კაცი ამოღებული რევოლვერებით შედიოდნენ ოთახში, ან ისინი გაუსწრებდნენ ხოლმე
კინოთეატრიდან გამოსულს, ან სამივენი ერთად გადაიქცეოდნენ იმ უცნობად, ვილარის რომ
დაეჯახა, ან სევდიანი სახით ელოდებოდნენ მას შიდაეზოში და თავი ისე ეჭირათ, ვითომ ვერ
ცნობდნენ. სიზმრის ბოლოს, საწოლის გვერდით ღამის კამოდიდან ვილარი რევოლვერს იღებდა
(იქ ნამდვილად იდო იარაღი) და იმ კაცებს ესროდა. სროლის ხმაზე ეღვიძებოდა, მაგრამ ეს
ყოველთვის სიზმარი იყო. მომდევნო სიზმარში შეტევა მეორდებოდა, კიდევ მომდევნოში - ისევ
უხდებოდა მათი დახოცვა.
ივლისის ერთ ბნელ დილას უცხო ადამიანების მუნყოფნამ გააღვიძა (არა მათ მიერ გაღებული
კარის ხმამ). ოთახის ჩრდილოვან ბუნდოვანებაში, ამ ბუნდოვანებით უცნაურად გამარტივებული
ფიგურები (შემზარავ სიზმრებში ისინი ყოველთვის უფრო ნათლად გამოიყურებოდნენ)
გაუნძრევლად, მოთმინებით იდგნენ და ისე დაეხარათ თვალები, თითქოს იარაღის სიმძიმისგან
მხრები ჩამოჰყრიათო. ჰო, ბოლოს და ბოლოს, ალეხანდრო ვილარმა და უცნობმა კაცმა უყელეს!
მან ანიშნა, დამიცადეთო, და ისე შეტრიალდა კედლისკენ, თითქოს ძილის გაგრძელებას
აპირებდა. იმიტომ ხომ არ მოიმოქმედა ეს, სიბრალული რომ გაეღვიძებინა კაცებში, რომლებმაც
მოკლეს? თუ იმიტომ, რომ უფრო ადვილია შემაძრწუნებელი ხდომილების მიღება, ვიდრე მისი
წარმოდგენა, მისი დაუსრულებელი ლოდინი? ან ეგებ იმისთვის, რომ მისი მკვლელები (ეს,
ალბათ, ყველაზე სარწმუნო ვერსიაა) სიზმრად იქცნენ, როგორც ასე ხშირად ყოფილან ამავე
ადგილას დღის ამავე დროს?
სწორედ ამ მოხიბვლის მომენტში განადგურდა ის რევოლვერებიდან გამოტყორცნილი ცეცხლით.

კაცი ზღურბლზე
ბიოი კასარესმა უჩვეულო დანა ჩამოიტანა ლონდონიდან: სამკუთხა პირი ჰქონდა და H-ის
ფორმის ტარი. ჩვენი მეგობრის, ბრიტანული საბჭოს წევრის, ქრისტოფერ დიუის თქმით, ასეთ
იარაღს ყველა იყენებდა ინდოეთში. ამ მოსაზრებამ მას ისიც ათქმევინა, ოდესღაც, ორ ომს შორის
პერიოდში, მეც ვმუშაობდი ინდოეთშიო (მახსოვს მისეულ-არასწორი ციტირება იუვენალის[135]
ლექსისა: „Ultra aurorem et Gangem“[136]. იმ ისტორიებს შორის, რომლებიც მან იმ ღამეს გვიამბო,
გავბედავ და ერთს აღვადგენ. რასაკვირველია, მის მონათხრობს ვუერთგულებ. დაე, ალაჰმა
დამიფაროს პატარ-პატარა გარემოებების დამატებისგან ან ეგზოტიკური შტრიხების
გამსხვილებისგან კიპლინგის ციტირებით. გარდა ამისა, ამ ამბავს ანტიკურად უბრალო არომატი
დაჰკრავს - რაღაც ისეთი, როგორიც „ათას ერთ ღამეს“ - და სირცხვილი იქნებოდა მისი წახდენა.
ბევრს არაფერს ნიშნავს აქ საამბობი ფაქტების ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები. გარდა ამისა,
მაინც რანაირ სიზუსტეს შეიძლება ელოდოს ბუენოს-აირესი ისეთი სახელებისგან, როგორიცაა
ამრისტარი ან უდჰი? ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იმხანად ერთ მუსლიმურ ქალაქში ამბოხებები
ხდებოდა და ცენტრალურმა მთავრობამ ერთი მაგარი ჯეელი გაგზავნა წესრიგის დასამყარებლად.
ეს კაცი შოტლანდიელი იყო, მეომართა ცნობილი საგვარეულოს ჩამომავალი, და მის სისხლში
ძალისმიერი შერკინებების ისტორია მოსჩქეფდა. ერთადერთხელ ვნახე ჩემი თვალით და
აღარასდროს დამავიწყდება მისი გიშრისფერი თმა, წინ წამოწეული ყვრიმალები, ხარბი ცხვირ-
პირი, ფართო მხრები და მსხვილი ვიკინგური ძვლები. ჩემს ამღამინდელ ისტორიაში მას დეივიდ
ალექსანდერ გლენკერნად მოვიხსენიებ. ამ სახელში ორი ქრისტიანი მეფის სახელი შედის და
შეჰფერის კიდეც ამ კაცს, რადგან ერთიცა და მეორეც რკინის კვერთხით მმართველ მეფეებს
ეკუთვნის. ვფიქრობ, დეივიდ ალექსანდერ გლენკერნი (უნდა მივეჩვიო მის მოხსენიებას ამ
სახელით) იყო კაცი, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას. მისი უბრალო ხსენებაც კი საკმარისი
აღმოჩნდა, რათა ქალაქში მშვიდობა დამყარებულიყო. თუმცა ამან მაინც ვერ ააღებინა ხელი
ზოგიერთი ძალისმიერი ზომის გატარებისგან. ამის შემდეგ განვლო რამდენიმე წელმა. ქალაქშიც
და რეგიონშიც მშვიდობა სუფევდა. სიკჰებს და მუსლიმებს გვერდზე გადაედოთ თავიანთი
ოდინდელი უთანხმოება.
მერე კი, უეცრად, გლენკერნი გაქრა. ბუნებრივია, უამრავი ხმა გავრცელდა მის მოტაცებასა თუ
მოკვლასთან დაკავშირებით. ეს ამბები ჩემი ხელმძღვანელისგან შევიტყვე, რადგან იმ მკაცრი
ცენზურის პირობებში გაზეთები არაფერს ამბობდნენ. რამდენადაც მახსოვს, არც კი ახსენებდნენ
მისი გაქრობის ამბავს. იცით, არსებობს გამოთქმა: ინდოეთი ქვეყნიერებაზე უფრო ვრცელია.
გლენკერნისგან, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე იმ ქალაქშიც, სადაც ის
განსაზღვრული დოკუმენტის ხელმოწერის შედეგად გაამწესეს, ახლა მხოლოდ ციფრიღა
დარჩენილიყო იმპერიის რგოლებში, ზამბარებსა და გვირაბებში. ადგილობრივი პოლიციის მიერ

107
ჩატარებულმა ძიებამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ჩემი ხელმძღვანელის აზრით, ვერც ერთი
ცალკეული პირი ვერ აღძრავდა გლენკერნზე უფრო ნაკლებ აღშფოთებას და ვერ მიაღწევდა მეტ
შედეგებს. სამი-ოთხი დღის შემდეგ (ინდოეთის მანძილებისთვის შეიძლებოდა დიდებული
გვეწოდებინა) მე მაინცდამაინც დიდი იმედით არ ვმუშაობდი იმ დაბინდული ქალაქის ქუჩებში,
სადაც ასე თვალსა და ხელშუა გაქრა ადამიანი.
თითქმის მაშინვე ვიგრძენი უსასრულო შელოცვა, გლენკერნის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს
რომ გადაჰფარებოდა. „ერთი კაციც არ მოიპოვება აქ ქალაქში, რომელმაც არ იცოდეს საიდუმლო და
არ დაეფიცოს მისი შენახვა“, დავასკვენი ჩემთვის. გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა სრულ
უმეცრებას ამჟღავნებდა: არ იცოდნენ, ვინ იყო გლენკერნი, არც კი სმენოდათ ეს სახელი. სხვებს,
პირიქით, სულ თხუთმეტიოდე წუთის წინ ენახათ, როგორ ელაპარაკებოდა მავანს; იმ სახლსაც კი
მიჩვენებდნენ, სადაც ორივე კაცი შევიდა და სადაც, რაღა თქმა უნდა, ან არავინ არაფერი იცოდა
მათ შესახებ, ან სულ ერთი წუთით გამასწრეს იქიდან. არაერთგზის შემიკრავს მუშტი და შიგ
სახეში მითხლეშია ერთ-ერთი ასეთი დეტალიზებული ტყუილების მთქმელისთვის. გვერდით
მყოფები ტაშით ხვდებოდნენ ამ ჩემს მკერდისმიერ განმუხტვებს, მერე კი ახალ სიცრუეებს
თხზავდნენ. არ მჯეროდა მათი, თუმცა ვერც სრულ იგნორირებას ვბედავდი. ერთ საღამოს
ვიღაცამ დამიტოვა კონვერტი, რომელშიც იდო ფურცელი ზედ დაწერილი რაღაც მითითებებით...
ჩემი ჩასვლის მომენტისთვის მზე უკვე გვარიანად მიახლოებოდა ჰორიზონტს. ერთ-ერთი
ჩვეულებრივი სოფლური გარემო იყო, დედამიწის ერთი მოკრძალებული კუნჭული, სადაც ის
დაბალი, განიერი სახლი იდგა. ქუჩიდან გავარჩიე დატკეპნილმიწიანი შიდაეზოების მწკრივი,
მერე კი - უკან ჩამდგარი სინათლე. ბოლო ეზოს უკანა ნაწილში რაღაც მუსლიმური ზეიმი
გაემართათ. შემოვიდა ბრმა კაცი, რომელსაც მოწითალო ხისგან დამზადებული თარი ეჭირა.
ჩემ წინ, ამ სახლის ზღურბლთან, მიწაზე, უსულო საგანივით გაუნძრევლად მოკრუნჩხულიყო
ძალზე ხანდაზმული კაცი. უნდა აღვწერო, რადგან იგი ამ ამბის მნიშვნელოვანი ნაწილია.
გამოვლილ წლებს იმდენად მოეცუცქნა და გაექლიტა, როგორც წყალი აგლუვებს ქვას, ან
ადამიანთა თაობები - ანდაზას. გრძელ ძონძებში გახვეულიყო, ყოველ შემთხვევაში - მე ასე
მომეჩვენა, და თავზე დადებული ჩალმაც, რაღა დასამალია, ერთ-ერთ ძონძს მიუგავდა. საღამოს
მომაკვდავ სინათლეზე მან ქათქათა თეთრწვერშემოვლებული მუქკანიანი სახე ასწია და
შემომხედა. შესავლის გარეშე დავუწყე ლაპარაკი (მე ხომ არავითარი იმედი აღარ მქონდა) დეივიდ
ალექსანდერ გლენკერნის შესახებ. მან ვერ გამიგო (ან, შესაძლოა, ვერ გაიგონა) და მეც უნდა
ამეხსნა, გლენკერნი მოსამართლეა და ვეძებ-მეთქი. როცა ეს სიტყვები წარმოვთქვი, ვიგრძენი,
რაოდენ აბსურდული იყო კითხვების დასმა ამ ჩია მოხუცისთვის, ვისთვისაც აწმყო სხვა არაფერი
იყო, თუ არა ერთი განუსაზღვრელი ხმაური. „ამ კაცმა შეიძლება იცოდეს ამბოხების ბოლო ამბები
ან აკბარის უკანასკნელი სიტყვა, ოღონდაც არა გლენკერნის ასავალ-დასავალი“, ვიფიქრე
ჩემთვის. ეს მოსაზრება მისმა ნათქვამმაც დამიდასტურა: - მოსამართლე! - წარმოთქვა მყიფე
გაოგნებით, - მოსამართლე, რომელიც დაიკარგა და ეძებენ. ეს ამბავი ჩემს ბავშვობაში მოხდა.
თარიღებისა არაფერი ვიცი, მაგრამ იმ მომენტისთვის ნიკალ სეინი ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო
დელიში (ნიკოლსონს გულისხმობდა, ხომ გესმით). წარსული ისევ ცოცხლობს ხსოვნაში.
რასაკვირველია, გავიხსენებ რა მოხდა მაშინ. რისხვამორეულმა ალაჰმა დაუშვა კაცობრიობის
დაცემა. კაცთა ბაგიდან წყევლა, სიცრუე და თაღლითობა გადმოდიოდა. თუმცაღა, ყველა არ
გადაგვარებულა და როცა გამოცხადდა, დედოფალი აპირებს კაცის გაგზავნას, რათა ამ ქვეყანაში
ინგლისის კანონები დაამკვიდროსო, თვით კაცთაგან ყველაზე ბოროტიც კი ნაამები დარჩა,
რადგან გრძნობდა, რომ კანონი უკეთესია, ვიდრე განუკითხაობა. ქრისტიანი კაცი კი მოვიდა,
მაგრამ არ დაუხანებია, რათა ეეშმაკა და ჩაეხშო, შეერბილებინა საზარელი დანაშაულები და
გაეყიდა თავისი ვერდიქტები. თავიდან არ ვსაყვედურობდით. არც ერთი ჩვენგანი არ იცნობდა
ინგლისურ სამართალს, რომელსაც ის ამკვიდრებდა. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ მოსამართლის
მოჩვენებითი ბრალდებები ნაკარნახევი იყო რაღაც ღირებული, თუმცა ფარული მიზეზებით.
ვცდილობდით გვეფიქრა, რომ „მის წიგნში უდავოდ ყველაფერს თავისი გამართლება აქვს“.
არადა, ერთობ თვალში საცემი იყო მისი არაერთი მსგავსება მსოფლიოს სხვა ბოროტ
მსაჯულებთან. ამიტომაც, ბოლოს და ბოლოს, დავასკვენით, რომ საქმე, უბრალოდ, ავსულ
ადამიანთან გვქონდა. მალე საერთოდ ტირანად იქცა და ჩემს საბრალო ხალხსაც (რათა მიეზღო
თავისი გაცრუებული იმედისთვის, რომელსაც უწინ ამ კაცისადმი ატარებდა) აზრად მოუვიდა,
მოეტაცებინა მოსამართლე და თვითონვე დაეყენებინა სასამართლოს წინაშე. ლაპარაკი არ
კმაროდა: კარგი სიტყვებიდან უთუოდ უნდა გადავსულიყავით კარგ საქმეებზე. ყველაზე
ახალგაზრდებისა და მიამიტების გარდა, არავის სჯეროდა, რომ ასეთ თავზარდამცემ განზრახვას
ოდესმე აღსრულება ეწერა. მაგრამ ათასობით სიკჰმა და მუსლიმმა აღთქმული სიტყვა შეასრულა
და ერთ გაუგონარ დღეს მოიმოქმედა ის, რაც მანამდე შეუძლებლად მიაჩნდათ. მათ მოიტაცეს
მოსამართლე, საპყრობილედ კი ფერმა შეარჩიეს ქალაქის შორეულ გარეუბანში. ამის შემდეგ
მოეთათბირნენ ამ კაცის მიერ ვნებულ-დაზარალებულ პირებს, ზოგ შემთხვევაში კი - მათ
ობლებსა და ქვრივებს. ჯალათის მახვილს ხომ ერთხელაც არ დაუსვენია მთელი იმ წლების

108
განმავლობაში! ბოლოს იპოვეს მოსამართლე (ეს ალბათ ყველაზე რთული გასაკეთებელი
აღმოჩნდა), რომელიც განსჯიდა მოსამართლეს.
აქ მოხუცს თხრობა შეაწყვეტინა რამდენიმე ქალმა. შემდეგ ისინი სახლში შევიდნენ. მოხუცმა
დინჯად განაგრძო: - ნათქვამია, რომ კაცობრიობის ყოველ თაობას ჰყავს თავისი
კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ფარულად ზიდავს სამყაროს და ამართლებს მას უფლის
თვალში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კაცი უნდა ყოფილიყო ყველაზე შესაფერისი მსაჯული. მაგრამ
სად მოეძებნათ ეს დაკარგულები და ანონიმურები, თუკი ამქვეყნად დაეხეტებიან და ვერც კი
ცნობ, როცა სადმე გადაეყრები და როცა თვითონაც კი არ უწყიან იმ მაღალი მისიის შესახებ,
რომელსაც ასრულებენ? ამიტომაც ვიღაცამ მოისაზრა: თუ ბედმა ბრძენკაცები აგვიკრძალა,
სულელები უნდა მოვიძიოთო. ამ მოსაზრებამ გაიმარჯვა. ტრიბუნალის შემადგენლობაში
შევიდნენ ყურანის ადეპტები, სამართლის დოქტორები, სიკჰები, რომლებიც ლომის სახელს
ატარებენ, თუმცა ღმერთს ადიდებენ, მრავალღმერთიანობის ამღიარებელი ინდოელები, მაჰავირას
ბერები (რომელთა მოძღვარი ქადაგებს, რომ სამყაროს ფორმა ფართოდ ფეხებგაშლილი ადამიანის
ფორმაა), ცეცხლთაყვანისმცემლები და შავი ებრაელები. მაგრამ საბოლოო განაჩენი შეშლილს
უნდა გამოეტანა.
აქ მოხუცს თხრობა ისევ შეაწყვეტინა დღესასწაულიდან გამოსულმა რამდენიმე ადამიანმა.
- ჰო, შეშლილს, - გაიმეორა მან, როცა ისინი წავიდნენ, - ვინძლო ღვთის სიბრძნეს გიჟის ბაგიდან
ემეტყველა და შეერცხვინა ადამიანური სიამაყე და მეტისმეტი თავდაჯერებულობა. ამ კაცის
სახელმა ჩვენამდე ვერ მოაღწია ან, ეგებ, არც არავის სცოდნია. ის კი ფაქტია, რომ შიშველი ან
ჩამოძონძილი დაიარებოდა ქუჩებში, თავის თითებს თავისივე ცერით ითვლიდა და ხეებს
დასცინოდა.
ჩემი კეთილგონიერება აჯანყდა: საბოლოო გადაწყვეტილების მინდობა სულით ავადმყოფისთვის
დაცინვა იქნება-მეთქი.
- ბრალდებულმა მიიღო მოსამართლე, - მიპასუხა მოხუცმა, - შესაძლოა, მიხვდა, რომ მხოლოდ
გიჟისგან შეიძლებოდა ჰქონოდა ყველანაირი განაჩენის იმედი, გარდა სასიკვდილოსი. გავიგე,
სიცილი დაუწყია, როცა შეუტყვია, ვინ იქნებოდა მისი მოსამართლე. დიდძალი მოწმეების გამო,
სასამართლო პროცესი მრავალ დღესა და ღამეს გაგრძელდა.
მოხუცი გაჩუმდა. აშკარად რაღაც აწუხებდა.
- რამდენ დღეს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი? - ვკითხე სიჩუმის დარღვევის მიზნით.
- სულ ცოტა ცხრამეტ დღეს, - მიპასუხა. ისევ ზეიმიდან გამომავალმა ხალხმა შეაწყვეტინა
ლაპარაკი. მუსლიმებს ღვინო ეკრძალებათ, თუმცა ამ ადამიანებს სახეებიცა და ხმებიც ლოთისას
მიუგავდათ. ერთ-ერთმა კაცმა ჩავლისას რაღაც გამოსძახა მოხუცს.
- ზუსტად ცხრამეტ დღეს, - დამიზუსტა მან, - ურწმუნო ძაღლმა მოისმინა განაჩენი, მერე კი დანაც
გამოუსვეს ყელში.
მხიარული სისასტიკით ლაპარაკობდა, თუმცა თხრობა სხვა ხმით დაასრულა.
- უშიშრად მოკვდა. თვით ყველაზე სულმდაბალ კაცშიც არსებობს რაღაც ღირსება.
- სად მოხდა ეგ ისტორია, რომელიც მიამბეთ? - ვკითხე, - ფერმაში?
პირველად შემომხედა თვალებში. მერე სიტყვების დინჯი აწონით მომიგო: - მე ვთქვი, რომ ფერმა
მისი საპყრობილე იყო, და არა ის, რომ იქ განხორციელდა სასჯელის აღსრულება. დასჯით ამ
ქალაქში დასაჯეს, სახლში, რომელიც ნებისმიერ სხვა სახლს ჰგავდა, მაგალითად - ამას... ერთი
სახლი მეორეს ჰგავს: მთავარი იმის ცოდნაა, ზეცაში აშენდა ის თუ ქვესკნელში.
შეთქმულებს რა დაემართათ-მეთქი, ვკითხე.
- აი, ეგ კი არ ვიცი, - თქვა მოთმინებით, - ეს ყველაფერი მრავალი წლის წინ მოხდა და სადღეისოდ
უკვე დიდი ხნის დავიწყებულია. ისინი, ალბათ, ადამიანებმა გაწირეს, არა ღმერთმა.
თქვა და წამოდგა. ვიგრძენი, რომ მოხუცის ბოლო სიტყვებმა მე იქაურობიდან დამითხოვა და რომ
ამ წამიდან მისთვის აღარ ვარსებობდი. პუნჯაბის ყველა კუთხის მომღერალ-მოცეკვავე კაცებისა
და ქალების ჯგრო ზედ მოგვაწყდა და კინაღამ წაგვლეკა. გაოგნებული ვიყავი, რომ ასეთ ვიწრო
შიდაეზოებს, სახლის მისასვლელზე ოდნავ უფრო განიერს, ამდენი ხალხის დატევა შეეძლო.
სხვები მეზობელი სახლებიდან გამოდიოდნენ: აშკარად კედლებს გადმოვლებოდნენ... გზა
ჯიკავითა და ლანძღვით გავიკვლიე. ყველაზე დაშორებულ ეზოში გადავეყარე შიშველ კაცს,
რომელსაც თავზე ყვითელი ყვავილების გვირგვინი ედო და რომელსაც ყველა კოცნიდა და

109
მორჩილებას უცხადებდა. ხელში სისხლიანი ხმალი ეჭირა, რადგან მას გლენკერნი მოეკლა. ამ
უკანასკნელის დასახიჩრებულ სხეულს თავლაში გადავაწყდი, ეზოს უკანა მხარეს.

ალეფი
თხილის ნაჭუჭში გამომწყვდეულს, მე ძალმიძს, ღმერთო, წარმოვიდგინო თავი მეფედ უსაზღვრო
სივრცის...
ჰამლეტი, II, 2
მაგრამ ისინი გვასწავლიან, რომ მარადისობა შეჩერებული აწმყოა, „ახლა მდგარი“ (როგორც
სკოლებში უწოდებენ); არადა, ეს არც მათ ესმით და არც არავის, -
არა უფრო მეტი, ვიდრე გაიგებდნენ „აქ მდგარს“ უსასრულო სიდიადისთვის ადგილისა.
ლევიათანი, IV, 46.
იმავე ხვატიან დილას, როცა ბეატრიჩე ვიტერბო გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დიდი
წინააღმდეგობა გაუწია თავის სნეულებას, რომლის დროსაც ერთი წამითაც არ მისცემია
სენტიმენტალობას ან შიშს, - იმავე დილას შევნიშნე, რომ პლაცა კონსტიტუციონეზე დაკიდებულ
რკინის ბილბორდზე სიგარეტის (მე მგონი, „ბლონდის“) ახალი რეკლამა მიეკრათ. ამ ფაქტმა
ღრმად დამამწუხრა, რადგან გავაცნობიერე, რომ ვრცელზე უვრცესი და შეუჩერებელი სამყარო
უკვე შორდებოდა ბეატრიჩეს და რომ ეს იყო პირველი ცვლილება ცვლილებათა დაუსრულებელ
ჯაჭვში. „სამყარო შეიძლება შეიცვალოს, მე - არა“, გავიფიქრე მელანქოლიური ქედმაღლობით.
ვიცოდი: არაერთგზის გაუღიზიანებია ბეატრიჩე ჩემს ამაო ერთგულებას. ახლა, როცა ის მკვდარი
იყო, შემეძლო თავი მისი ხსოვნისთვის მიმეძღვნა, - უიმედოდ, თუმცა დამცირების გარეშეც.
გავიაზრე, რომ 30 აპრილი მისი დაბადების დღეა. ამ დღეს მის სახლში მისვლა კალე გარაიზე და
ჩემი პატივისცემის გამოხატვა მამამისის და მისი ბიძაშვილის, კარლოს არგენტინო დანერისადმი,
წარმოადგენდა თავაზიანობის სიტყვაშეუბრუნებელ და, შესაძლოა, ყოვლად არსებით აქტსაც.
კიდევ ერთხელ დაველოდებოდი პატარა სასტუმროში, მთლად გადავსებულში ავეჯით,
ფარდებითა და ძველებური ნივთებით. კიდევ ერთხელ შევისწავლიდი მისი ფოტოსურათებისა
და პორტრეტების დეტალებს: ბეატრიჩე ვიტერბო პროფილში, ფერადად; ბეატრიჩე ნიღაბში 1921
წლის კარნავალზე; ბეატრიჩეს პირველი ზიარება; ბეატრიჩე მისი ქორწინების დღეს რობერტო
ალესანდრისთან ერთად; ბეატრიჩე განქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ: ლანჩი ჟოკეი-კლუბში;
ბეატრიჩე ქუილმსში დელია სან არიო პორცელთან და კარლოს არგენტინოსთან ერთად; ბეატრიჩე
და მისი ბეკინესი[137], ვილგას ჰაედოს ნაჩუქარი; ბეატრიჩე ანფასში და სამ მეოთხედში,
მოღიმარი, ნიკაპზე მიდებული ხელით... წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ვალდებული არ
ვიქნებოდი გამემართლებინა ჩემი იქ ყოფნა წიგნების თავმდაბლური შეთავაზებით, წიგნების,
რომელთა ფურცლების ჩაჭრა როგორც იქნა ვისწავლე, რათა თვეების შემდეგ არ აღმომეჩინა, რომ
ისევ გადაუფურცლავი იდო.
ბეატრიჩე ვიტერბო 1929 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ არ გამიცდენია არც ერთი 30 აპრილი, რომ
მის სახლში არ შემევლო. პირველად რვის თხუთმეტ წუთზე მივედი და დაახლოებით ოცდახუთ
წუთს დავრჩი. წლიდან წლამდე ოდნავ უფრო გვიან მივდივარ და ოდნავ უფრო მეტხანს ვრჩები.
1933 წელს კოკისპირული წვიმა წამომეშველა: იძულებული იყვნენ სადილზეც დავეტოვებინეთ.
რაღა თქმა უნდა, ხელიდან არ გავუშვი მშვენიერი შანსი. 1934-ში უკვე ცხრა იყო დაწყებული, როცა
შევედი და სანტა ფეს შესანიშნავი ტკბილეულიც მივიტანე. სავსებით ბუნებრივი ჩანდა, რომ
სადილზეც დავრჩენილიყავი. აი, ასე მოხდა, რომ ამ მელანქოლიურ და ამაოდ ეროტიკულ
წლისთავებზე ნელ-ნელა მოვიპოვე კარლოს არგენტინო დანერის ნდობა.
ბეატრიჩე იყო მაღალი, მყიფე, სულ ოდნავ მხრებჩამოყრილი. მის სიარულში იყო რაღაც
მოხდენილი მოუქნელობა (თუკი მომეტევება ეს ოქსიმორონი), ერთგვარი ყოყმანი თუ
შებოჭილობა. რაც შეეხება კარლოს არგენტინოს, ესაა მსხვილი, ვარდისფერი, ჭაღარათმიანი,
დახვეწილნაკვთებიანი კაცი. უჭირავს რაღაც დაქვემდებარებული პოსტი რომელიღაც უკითხვად
ბიბლიოთეკაში ქალაქის სამხრეთ გარეუბანში. ავტორიტარულია, თუმცა უშედეგოც. სულ ცოტა
ხნის წინ სარგებლობდა ღამეებითა და უქმეებით, რათა შინ დარჩენილიყო. ორი თაობის შემდეგაც
კი არ გამქრალა იტალიური „s“ და თავისუფალი იტალიური ჟესტიკულაცია. მისი გონებრივი
აქტივობა მუდმივი, მგზნებარე, მრავალფეროვანია და უკიდურესად უმნიშვნელო. სავსეა უსაგნო
ანალოგიებით და ამაო ქენჯნით. მასაც (ბეატრიჩესავით) დიდი, ლამაზი, თხელი ხელები აქვს.
თვეების განმავლობაში ატანილი იყო პოლ ფორტით, - არა იმდენად მისი ბალადებით,
რამდენადაც მისეულ-დაუბინდავი დიდების წყურვილით. „იგი მშვენიერი საფრანგეთის
პოეტების პრინცია, - იტყოდა ხოლმე ბრიყვულად, - ამაოდ შეუტევ, მაინც ვერასდროს შეეხები.
თვით ყველაზე შხამიანი ისარიც კი ვერასოდეს მისწვდება“.

110
1941 წლის 30 აპრილს მე თავს უფლება მივეცი, გამემდიდრებინა ჩემი ტკბილი ძღვენი ერთი
ბოთლი შინაური ბრენდით. კარლოს არგენტინომ დააჭაშნიკა, „საინტერესოა“, თქვა, რამდენიმე
ყლუპის შემდეგ კი თანამედროვე ადამიანის გამართლებას მოჰყვა.
- თანამედროვე კაცი ისე წარმომიდგენია თავის სამუშაო კაბინეტში, როგორც დიდი ქალაქის
საგუშაგო კოშკში, - თქვა ანგარიშმიუცემელი გზნებით, - ირგვლივ შემოწყობილი ტელეფონებით,
ტელეგრაფებით, ფონოგრამებით, უფრო გვიან - რადიო-ტელეფონში, კინოში, მოსრიალე
პროჟექტორებში, ლექსიკონებში, განრიგებში...
მისი აზრით, ესოდენ ეკიპირებული ადამიანისთვის მოგზაურობის აქტი საჭირო აღარ იყო. ამ
ჩვენმა XX საუკუნემ ამოაყირავა მთისა და მუჰამადის იგავი: დღესდღეობით მთები,
ფაქტობრივად, თვითონ მოდიოდნენ თანამედროვე მუჰამადთან.
იმდენად უგუნური მეჩვენა ეს იდეები, ასე ფართოდ და პომპეზურად გამოხატული, რომ მაშინვე
ლიტერატურას დავუკავშირე. „რატომ არ ჩაწერთ თქვენს იდეებს?“, ვკითხე. მოსალოდნელი
პასუხი გამცა: „უკვე ჩავწერე ესენიც და სხვებიც, არანაკლებ ორიგინალურები, ვრცლად
ფიგურირებს წინამაუწყებელ კანტოში, პროლოგის კანტოში ან, უბრალოდ, კანტო-პროლოგში იმ
პოემისა, რომელზეც წლების განმავლობაში ვმუშაობდი გაუხმაურებლად, მუდმივად იმ ტყუპზე
დაყრდნობით, რომლებსაც ჰქვია „შრომა და მარტოობა“. ჯერ წარმოსახვის რაბები უნდა გამეღო,
მერე გამპრიალებელი ბორბლისკენ წავსულიყავიო. პოემას ერქვა „დედამიწა“, რომლის ფოკუსში
იყო წყლისა და მიწისგან შემდგარი ამ ჩვენი პლანეტის აღწერილობა. იქ, რაღა თქმა უნდა, თავისი
ადგილი უჭირავს ხატოვან გადახრასა და დახვეწილ დეკლამაციას.
ვთხოვე, რომელიმე პასაჟი წამიკითხეთ, თუნდაც ყველაზე პატარა-მეთქი. მან მაგიდის უჯრა
გამოსწია, ფურცლების მთელი დასტა გამოიღო (ზედ ხუან კრიზოსტომო ლაფინურ ლიბრარის
სატიტულო ნიშნით) და თვითკმაყოფილებისგან მოწკრიალე ხმით წამიკითხა: მინახავს, როგორც
ბერძნებს, ადამიანის ქალაქები, მისი დიდება, ნამოღვაწარი, სხვადასხვაგვარად განათებული
დღეები, შიმშილი, არ ვალამაზებ არც ერთ ფაქტს, არ ვაყალბებ არც ერთ სახელს, რადგან voyage,
რომელსაც ვყვები, არის... autour de ma chambre[138].
- ეს სტროფი ყოველმხრივ საინტერესოა, - თქვა მან, - პირველი სტრიქონი იმსახურებს მოწონებას
მცოდნის, აკადემიკოსის, ჰელენისტის მხრიდან, თუმცა, შესაძლოა, არა იმ ეგრეთ წოდებულ
სწავლულთა კეთილგანწყობას, საყოველთაო თვალსაზრისის არსებით ნაწილს რომ ქმნიან. მეორე
სტრიქონი მიდის ჰომეროსიდან ჰესიოდესკენ (ფარულ პატივს მიაგებს დიდაქტიკური პოეზიის
მამას თვალისმომჭრელი შენობის ზედ ზღურბლზე), იმ ტექნიკის არცთუ აუღორძინებლად,
რომელიც ბიბლიიდან მოდის, ანუ - აღწერის, სიმრავლისა თუ სფერული ფორმის მიცემის. მესამე
სტრიქონი - ბაროკო? დეკადანსი? ფორმის განწმენდილი და ფანატიკური კულტი? - ტყუპი
ნახევარსტრიქონებისგან შედგება. მეოთხე სტრიქონი - გაბედულად ორენოვანი - მარწმუნებს
უპირობო თანადგომაში თითოეული სულისა, რომელსაც ძალუძს იგრძნოს თამაშის დიდი ხიბლი
და მიმზიდველობა. არაფერს ვიტყვი უჩვეულო რიტმზე, არც ერუდიციაზე, რომელიც საშუალებას
მაძლევს (პედანტობისა და სიტლანქის მიღმა!) ოთხად ოთხ სტრიქონში ჩავატიო ეს
ერუდირებული მინიშნებები, რომლებიც აგრძელებენ ინტენსიურ ოცდაათსაუკუნოვან
ლიტერატურას: პირველი სტრიქონი - „ოდისეას“, მეორე - „შრომებს და დღეებს“, მესამე - იმ
უკვდავ ბაგატელს, სავოიური ბუმბულის გართობებით რომ გვიმასპინძლდება... კიდევ ერთხელ
ვამჟღავნებ ცოდნას, რომ ჭეშმარიტად თანამედროვე ხელოვნება მოითხოვს სიცილის ბალზამს,
სკერცოს. უდავოდ და უეჭველად: გოლდონი მართალი იყო!
კარლოს არგენტინომ ბევრი სხვა სტროფიც წამიკითხა, ყველა - ასეთივე უხვი ქებითა და
კომენტარებით. არაფერი იყო მათში დასახსომებელი. იმასაც კი ვერ ვიტყვი, დანარჩენები
პირველზე გაცილებით უარესი იყო-მეთქი. მათ შეთხზვაში თავ-თავისი წვლილი შეიტანა
აპლიკაციამ, რეზინაციამ და შემთხვევითობამ, ხოლო ღირსებები, რომლებსაც დანერი მიაწერდა,
მხოლოდ ნაგვიანევი აზრები იყო. გავაცნობიერე, რომ ამ პოეტის საქმე საკუთრივ პოეზიის შექმნა
კი არ იყო, არამედ იმ მიზეზთა გამოგონება, რომელთა გამოც პოეზიას დიდებულება მიეწერებოდა.
ბუნებრივია, მოგვიანებით ჩატარებულმა სამუშაომ ლექსი თვით დანერისთვის შეცვალა, ოღონდ
სხვა არავისთვის. მისი ზეპირი ექსპრესია ექსტრავაგანტური იყო, მეტრიკული მოუქნელობა კი
აბრკოლებდა (სულ რამდენიმე შემთხვევის გარდა), რომ ეს ექსტრავაგანტურობა ლექსად
ექცია[139].
ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მომეცა საშუალება, ჩავძიებოდი „პოლიალბიონის“ - ამ
ტოპოგრაფიული ეპოსის - თხუთმეტი ათას თორმეტმარცვლიან სტრიქონს, სადაც მაიკლ
დრაიტონმა მოათავსა ფლორა, ფაუნა, ჰიდროგრაფია, რელიეფის აღწერილობა, ინგლისის
სამხედრო და სამონასტრო ცხოვრება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დრაიტონის მასიური და მაინც
დასაზღვრული ქმნილება ნაკლებად მოსაწყენია, ვიდრე ეს ვრცელი წარმონაქმნი ჩაფიქრებულ-

111
გადმოცემული კარლოს არგენტინოს მიერ. მან მთელი პლანეტის გარითმვა შემოგვთავაზა. ამ
მიზნით, 1941 წლისთვის უკვე გამოიყენა ქუინსლენდის რამდენიმე ჰექტარი, მდინარე ობის ერთ
კილომეტრზე უფრო გრძელი მონაკვეთი, გაზის ქარხანა ვერაკრუზის ჩრდილოეთით,
კონსეპსიონის ოლქის წამყვანი სავაჭრო ორგანიზაციები, მარიანა კამბასერეს დე ალევარის ვილა
კალე ონსეზე და ცნობილ ბრაიტონის აკვარიუმიდან არცთუ ძალზე შორს მდებარე თურქული
აბანო. წამიკითხა რამდენიმე მძიმე პასაჟი თავისი პოემის ავსტრალიური ნაწილიდან, რომლის
გრძელ ალექსანდრიულ ლექსებს აკლდა პროლოგის შედარებითი მღელვარება. აი, ერთი სტროფი:
ისმინე ეს: რუტინული მაჩვენებელი ბოძის მარჯვნივ
(რომელიც მოდის - საჭიროა კი ამის თქმა? - ჩრდილო-დასავლეთიდან) მოწყენილი ჩონჩხი
ამთქნარებს. - ფერი? ციურ-მარგალიტოვანი. - ცხვრის ბაკის გარეთ, საძვალეს რომ მოგაგონებს.
- ორი გაბედული ნაბიჯი, უბედურების ყბებიდან გამოტაცებული! - შესძახა დანერიმ
ეგზალტირებულად, - მესმის მათი წარმატებული ლუღლუღი! მე ვაღიარებ ამას, ვაღიარებ. ერთი
მათგანი - ეპითეტი რუტინული - ქმნის ზედსართავს „ტრასის“ სინონიმისთვის და, თანაც, თავს
უქნევს იმ პასტორალური და სოფლური საქმეებისთვის ესოდენ ნიშნეულ გარდაუვალ
მოწყენილობას, რომლის აღიარება ვერც გეორგიკებს და ვერც ჩვენს დაფნისგვირგვინოსან დონ
სეგუნდოს ვერასდროს გაუბედავს ასე პირდაპირ და მიუკიბ-მოუკიბავად. მეორე კი,
დელიკატურად რომ უკავშირდება პირველს, ხაზგასმით პროზაული ფრაზაა: „მოწყენილი ჩონჩხი
ამთქნარებს“. მას პედანტები ამოღებას დაუპირებენ სამღვდელოების თანადგომის გარეშე, ხოლო
უფრო კაცური გემოვნების კრიტიკოსი ისევე ჩაიხუტებს, როგორც თავის საკუთარ ცხოვრებას.
მთელი ეს სტრიქონი ერთი კარგი 24 კარატის ტოლფასია. მეორე ნახევარსტრიქონი გვთავაზობს
ყოვლად გაცხოველებულ საუბარს მკითხველთან, ამ უკანასკნელის ცოცხალი ცნობისწადილის
მოლოდინშია, შეკითხვას აღუძრავს ბაგეებზე და მერე... voilа, თვითონ პასუხობს დაუყოვნებლივ.
ან ამ მანევრზე რას ფიქრობთ: ციურ-მარგალიტოვანი? ეს ხატოვანი ნეოლოგიზმი მხოლოდ
მიანიშნებს ცაზე, ავსტრალიური პეიზაჟის ეგზომ არსებით შტრიხზე. ამ ალუზიის გარეშე
ჩანახატის ფერები მეტისმეტად ჩამუქებული იქნებოდა და მკითხველს აიძულებდა, წიგნი
დაეხურა შავი, უკურნებელი მელანქოლიისგან ღრმად დაკოდილი სულით.
შუაღამისას დავემშვიდობე და წამოვედი.
ორი კვირის შემდეგ დანერიმ დამირეკა. ეს პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაშიც და ჩემსაშიც.
ოთხზე შევხვდეთო, მითხრა, „რათა ერთად შევისრუტოთ ღმერთების რძე რომელიმე
ახლომდებარე ბარ-სალონში, რომლის გახსნას ქუჩის კუთხეში ჩემი საპატიო მემამულეების,
ბატონი ზუნინოსა და ბატონი ზუნგრის იშვიათ კომერციულ ალღოს უნდა ვუმადლოდეთ. ამ
კაფეს გაცნობას თქვენ არ ინანებთ“. დავთანხმდი ამ შეხვედრაზე (უფრო ბედს შერიგებული,
ვიდრე ენთუზიაზმით აღვსილი). გაგვიჭირდა საჩვენო მაგიდის მოძებნა. უმოწყალოდ
თანამედროვე „ბარ-სალონი“ ოდნავ ნაკლებად საზარელი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მეზობელ
მაგიდებზე აგზნებული კლიენტები ზუნინოსა და ზუნგრის მიერ უყოყმანოდ ინვესტირებულ
თანხებს განიხილავდნენ. კარლოს არგენტინოს ვითომ გაუკვირდა სიახლეები ამ დაწესებულების
განათებაში (რომლის შესახებაც უეჭველად წინდაწინ შეატყობინებდნენ), მერე კი რამდენადმე
მკაცრად მითხრა: - ერთობ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს მიდრეკილებებს ის ამბავი, რომ,
როგორც თავად ამჩნევთ, ეს ადგილი არაფრით ჩამოუვარდება ფლორესის ყველაზე შემაღლებულ
ადგილებს.
შემდეგ კიდევ ერთხელ წამიკითხა თავისი პოემის ოთხი თუ ხუთი გვერდი. ცვლილებები
სიტყვიერი ყოყლოჩინობის მიმართულებით მოეხდინა: იქ, სადაც უწინ ეწერა „ლურჯი“, ახლა იყო
„ლაჟვარდოვანი“, „ლაზურული“, თვით „მოცისფროც“ კი. სიტყვა „რძისებრი“ მისთვის
არასაკმარისად საძაგელი აღმოჩნდა და მხურვალე აღწერაში იმ ადგილისა, სადაც მატყლს
რეცხავენ, შეცვალა სიტყვებით „მორძეო“, „რძოვანი“, „ლაქტატური“... მწარედ ლანძღავდა თავის
კრიტიკოსებს, მერე კი, უფრო კეთილმოწყალე ტონით ადარებდა მათ იმ პირებს, „ვისაც საქმე არა
აქვს არც ძვირფას ლითონებთან და არც ორთქლის პრესებთან, ლამინატორებთან ან
გოგირდმჟავასთან, რომელსაც იყენებენ ძვირფასეულობის გამოსაჭედად, მაგრამ ვისაც შესწევს
უნარი მიუთითოს სხვებს საუნჯის ზუსტი ადგილსამყოფელი“. შემდეგ მიმართულება შეცვალა,
სასტიკად გაილაშქრა წინასიტყვაობების წინააღმდეგ, რასაც „პროლოგომანია“ უწოდა. ეს ხომ
უკვე გაბიაბრუებული ჰქონდა გონიერების პრინცს „დონ კიხოტის“ ელეგანტურ წინათქმაში.
თუმცა დანერიმ თვითონვე აღიარა, რომ მისი ახალი ნაშრომის შესავალში ცუდი არ იქნებოდა
ყურადსაღები რეკომენდაცია: „ქების სიტყვა ნათქვამი ნამდვილად მნიშვნელოვანი მწერლის,
პატივდებული კაცის მიერ“. მერე დაამატა, ჩემი პოემის პირველი რამდენიმე კანტოს
გამოქვეყნებას ვაპირებო. და, აი, ამ მომენტში მივხვდი უპრეცედენტო სატელეფონო ზარისა და აქ
მოპატიჟების აზრს: ეს კაცი აპირებდა ეთხოვა, წინათქმა დამიწერე ჩემი პედანტური
დომხალისთვისო. თუმცა ჩემი შიში არ გამართლდა. კარლოს არგენტინომ უხალისო აღტაცებით

112
აღნიშნა: მჯერა, ბელეტრისტ ალვარო მელიან ლაფინურის მიერ ყველა სფეროში მოპოვებული
პრესტიჟი „მტკიცეა“, და თუ მე დავიჯერებდი, რომ ალვარო დამერწმუნებინა, მას ნამდვილად
„გაიტაცებდა აზრი ზემოხსენებული წინასიტყვაობის დაწერის თაობაზე“. ჩემი მხრიდან ყოვლად
უპატიებელი ჩავარდნის აღსაკვეთად, სიტყვა უნდა დამეძრა პოემის ორ შეუდავებელ ღირსებაზე:
მის გარეგნულ სრულქმნილებასა და მეცნიერულ სიზუსტეზე. „რადგან რიტორიკული
მეთოდების, ფიგურების, ხიბლისა და გრაციის ეს ვრცელი ბაღნარი ვერ აიტანს თუნდაც ერთ
დეტალს, რომელიც არ შეეხამებოდა მის მკაცრ სიმართლეს“. დანერიმ ისიც აღნიშნა, ბეატრიჩეს
ყოველთვის სიამოვნებდა ალვაროს საზოგადოებაში ყოფნაო.
დავეთანხმე. გულუხვად დავეთანხმე. თუმცა, დამატებითი მართლმაგვარობის სახელით,
ვუთხარი, რომ ალვაროს დაველაპარაკებოდი არა ორშაბათს, არამედ ხუთშაბათს პატარა ვახშამზე,
რომლითაც მთავრდებოდა ხოლმე მწერალთა წრის ყოველი შეხვედრა (არავითარი ასეთი ვახშამი
არ არსებობს, თუმცა ხუთშაბათობით ნამდვილად იმართება მწერლების შეხვედრები. ეს იყო
ფაქტი, რომელიც კარლოს არგენტინოს შეეძლო გადაემოწმებინა გაზეთებში და რომელიც ჩემს
თვალსაზრისს ერთგვარ დამაჯერებლობას სძენდა). დანერის ვუთხარი (ნახევრად პროფეტულად,
ნახევრად შორს გათვლით), პროლოგის საკითხის განსჯამდე მე ჯერ პოემის საინტერესო
ჩანაფიქრზე ვილაპარაკებდი-მეთქი.
როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მე კალე ბერნარდო დე ირიგოიენის ქუჩას ჩავუყევი,
შეძლებისდაგვარად მიუკერძოებლად ვჭვრეტდი პერსპექტივებს, რომლებიც მელოდა: 1) საუბარი
ალვაროსთან; თქმა, რომ ბეატრიჩეს ბიძაშვილს (შეხვედრის განმარტებითი ხასიათი უფლებას
მომცემდა გარდაცვლილი ქალი სახელით მომეხსენიებინა) დაწერილი ჰქონდა პოემა, რომელიც
თითქოს უსასრულობამდე განავრცობდა კაკაფონიისა და ქაოსის შესაძლებლობებს; 2) საერთოდ
არ დავლაპარაკებოდი ალვაროს.
რაკი ჩემს თავს საკმაოდ კარგად ვიცნობდი, წინასწარ განვჭვრიტე, რომ ჩემი სიზანტე მეორე გზას
აირჩევდა.
პარასკევის დილიდან დაწყებული, ჩემი ტელეფონი მუდმივი ფორიაქის მიზეზად იქცა.
აღშფოთებული ვიყავი, რომ ეს მოწყობილობა, რომლიდანაც უწინ თვით ბეატრიჩეს ხმა მესმოდა
ხოლმე, ახლა იქამდე შეიძლებოდა დაცემულიყო, რომ გიჟპოეტა კარლოს არგენტინო დანერისგან
ფუჭი და, შესაძლოა, განრისხებული ჩივილებიც მესმინა. საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი
მომხდარა, გარდა აუცდენელი გაღიზიანებისა, რომელიც მივიღე კაცისგან, დელიკატური მისიით
რომ დამტვირთა, მერე კი სრულებით ამომიგდო მეხსიერებიდან.
საბოლოოდ, ტელეფონით ტერორი შეწყდა, ოქტომბრის ბოლოს კი კარლოს არგენტინომ
დამირეკა. ძალიან აღელვებული იყო. თავიდან ვერც კი ვიცანი ვინ მირეკავდა. დაღვრემილად,
ბრაზიანად და ენის ბორძიკით თქვა: ამჯერად ზუნინო და ზუნგრი - ეს დაუოკებელი წყვილი -
ჩემი სახლის დანგრევას აპირებენ უამისოდაც ვეებერთელა თავიანთი „კაფეს“ გაფართოების
საბაბითო.
- ჩემი მშობლების სახლი, სახლი, რომელშიც მე დავიბადე, ძველი და ღრმად ჩაფესვილი სახლი
კალე გარაიზე! - გაიმეორა მან და, ვინ იცის, ეგებ თავისი ნაღველი ამ ფრაზის მელოდიურობით
მოალბო.
ჩემთვის რთული საქმე არ აღმოჩნდა მისი მწუხარების გაზიარება. მას შემდეგ, რაც ადამიანი
ორმოც წელს გადასცდება, ყოველი ცვლილება დროის სვლის საძულველ სიმბოლოდ იქცევა
ხოლმე. გარდა ამისა, ეს იყო სახლი, რომელიც უსასრულოდ მიმანიშნებდა ბეატრიჩეზე. ვცადე,
ნათლად გამომეხატა ეს უკიდურესად დელიკატური მომენტი. ჩემმა თანამოსაუბრემ
შემაწყვეტინა. თუ ზუნინო და ზუნგრი თავიანთ აბსურდულ გეგმას არ გადაიფიქრებენ, მაშინ
ზუნი - დანერის ადვოკატი - თვით ამ ფაქტის საფუძველზე აღძრავს საქმეს ჩემთვის მოყენებული
ზარალისთვის და კარგად დამრგვალებულ ასი ათასსაც გადაახდევინებს.
ზუნის ხსენებამ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მისი საადვოკატო ბიურო კასეროსის და
ტაკუარის კუთხეში საარაკოდ კეთილგონივრული დაწესებულებაა. დანერის ვკითხე, უკვე
მოჰკიდა თუ არა ზუნიმ ამ საქმეს ხელი. ამ ნაშუადღევს უნდა დაველაპარაკოო, მიპასუხა. მერე
შეყოყმანდა... და ყრუ, უპიროვნო ხმით ჩვენ შევეხეთ საკითხს, თუ როდის ვისურვებდით,
გაგვენდო ერთმანეთისთვის რაღაც ღრმად პირადული. პოემა რომ დავამთავრო, ამისთვის სახლი
მჭირდებაო, რადგან სარდაფის ერთ კუთხეში ალეფიაო, მითხრა დანერიმ და ახსნაც მოაყოლა:
ალეფი არის სივრცის ერთ-ერთი წერტილი, რომელიც ყველა სხვა წერტილს მოიცავსო.
- ზუსტად სასადილო მაგიდის ქვეშ არის, - მწუხარე კაცის ბაგეებს ეს სიტყვები მკაფიოდ
მოსწყდა, - ის ჩემია, ჩემი! ბავშვობაში აღმოვაჩინე, სანამ სკოლაში წავიდოდი. სარდაფში
დაქანებული კიბე ჩადის, ბიძამ და დეიდამ ამიკრძალეს იქ ჩასვლა. მაგრამ ვიღაცამ თქვა, ყველგან

113
წახვალ, თუ საძირკველში ის გაქვსო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამის მთქმელი (ვინც უნდა
ყოფილიყო ის) გულისხმობდა დიდ, დაბალ, კვადრატულ სკივრს, მე კი ვიფიქრე: იქ, ქვემოთ,
რაღაც ჯადოსნური გამოგონება იმალება-მეთქი. ვცადე, ჩავპარულიყავი კიბეზე და... პირდაპირ
თავდაყირა ჩავვარდი სარდაფში. როცა თვალი გავახილე, ალეფი დავინახე.
- ალეფი? - გავიმეორე მე.
- ჰო, ადგილი, სადაც მინარევისა თუ ურთიერთშერევის გარეშე თანაარსებობს და ყველა
კუთხიდან მოჩანს ქვეყნიერების ყველა ადგილი. ეს აღმოჩენა არავისთვის გამიმხელია, მაგრამ
სარდაფში ისევ ჩავედი. ბავშვი ვერ მიხვდა, რომ მიეცა პრივილეგია - პოემა შეექმნა უკვე
ზრდასრულს! ზუნინო დ ზუნგრი ვერასოდეს წამართმევენ მას... ვერასოდეს, ვერასოდეს!
კანონების წიგნმომარჯვებული ზუნი დაამტკიცებს, რომ ალეფი ჩემი განუყოფელი ნაწილია.
ვცადე, წარმომედგინა ეს ყველაფერი.
- მაგრამ სარდაფში ხომ სრულებით ბნელა?
- ურჩ ცნობიერებაში ჭეშმარიტება არ შევა. თუ ქვეყნიერების ყველა ადგილი ალეფშია, მაშინ იქვე
იქნება ყველა ვარსკვლავი, ყველა ლამპა, სინათლის ყველა წყარო.
- ახლავე მოვალ. მსურს, ვნახო.
მანამდე დავკიდე ყურმილი, სანამ უარს მეტყოდა ჩემს მიღებაზე. ზოგჯერ რაიმე ფაქტის გაგება
საკმარისია იმისთვის, რომ მანამდე შეუმჩნეველი დამადასტურებელი დეტალების მთელი
მწკრივი თავის ადგილზე ჩაჯდეს. განცვიფრებული ვიყავი, როგორ ვერ მივხვდი ამ მომენტამდე,
რომ კარლოს არგენტინო შეშლილია. ყველა ვიტერბო, ფაქტობრივად... ბეატრიჩე (ეს მე თვითონ
მითქვამს არაერთგზის) იყო ქალი, შეუბრალებლად ნათლადმხედველი გოგონა. თუმცა ჰქონდა
სხვა რამეებიც: უყურადღებობა, გაფანტულობები, ზიზღის მომენტები, სრული სისასტიკისაც,
რასაც შეიძლებოდა პათოლოგიური ახსნა ჰქონოდა. კარლოს არგენტინოს სიგიჟემ მავნე
სიხარულით ამავსო. გულის სიღრმეში ხომ ყოველთვის გვძაგდა ერთმანეთი.
კალე გარაიზე მოახლემ მთხოვა: თუ შეიძლება, დაელოდეთ, სერ დანერი სარდაფშია, როგორც
ყოველთვის, ფოტოსურათებს ამჟღავნებსო. გამოუყენებელ პიანინოზე დადგმული უყვავილო
ლარნაკის გვერდით იღიმოდა ბეატრიჩეს დიდი, გახუნებული ფოტოსურათი, - არა იმდენად
მოძველებული, რამდენადაც დროის მიღმა დარჩენილი. ახლა ჩვენ ვერავინ გვხედავდა.
სასოწარკვეთილი სინაზის ტალღამ სურათთან მიმაახლოვა.
„ბეატრიჩე... ბეატრიჩე ელენა, ბეატრიჩე ელენა ვიტერბო... საყვარელო ბეატრიჩე, სამუდამოდ
დაკარგულო ბეატრიჩე... ეს მე ვარ, მე ვარ, ბორხესი“.
მალე კარლოსიც შემოვიდა. სიტყვები ლაკონიური ჰქონდა, ტონი - გულგრილი. მივხვდი, რომ
სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, ალეფის დაკარგვის გარდა.
- ერთი ჭიქა ფსევდოკონიაკი და პირდაპირ სარდაფში ჩავალთ. წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ:
არსებითია მწოლიარე მდგომარეობა, ისევე, როგორც სიბნელე, უძრაობა და ერთგვარი
მხედველობითი მისადაგება. კაფელის იატაკზე დაწვებით და სათანადო კიბის მეცხრამეტე
საფეხურს მიაჩერდებით. მე ისევ ზემოთ ავალ, ტრაპს ჩამოვაღებ, თქვენ კი მარტო დარჩებით.
რომელიღაც მღრღნელი შეგაშინებთ. ეს ძნელი საქმე არ არის! რამდენიმე წუთში დაინახავთ
ალეფს: ალქიმიკოსებისა და კაბალისტების ხორცშესხმულ მიკროკოსმოსს, ჩვენს ანდაზურ
მეგობარს: multum in parvo![140]
- თუ თქვენ ვერაფერს ხედავთ, ეს, რასაკვირველია, ჩემი ნაამბობიდან არაფერს აუფასურებს, -
განაგრძო სასადილო ოთახში, - ჩადით ქვემოთ. სულ მალე შეძლებთ დიალოგში შესვლას
ბეატრიჩეს ყველა სახებასთან.
სწრაფად ჩავყევი კიბეს. აღარ შემეძლო მისი ცარიელი ყბედობის მოსმენა. კიბეზე ოდნავ უფრო
ფართო სარდაფი ჭას ან ცისტერნას უფრო ჰგავდა. ამაოდ ვეძებე კარლოს არგენტინოს მიერ
ნახსენები საგზაო სკივრი, მხოლოდ ჯუთის რამდენიმე ტომარა და ბოთლებით სავსე რამდენიმე
ყუთი ეწყო კუთხეში. კარლოსმა ერთი ტომარა აიღო, დაკეცა და ძალზე აკურატულად დადო.
- მოკრძალებული ქვეშაგია, - ამიხსნა, - მაგრამ ერთი დუიმითაც რომ ავწიო, ვერაფერს დაინახავთ,
დამწუხრდებით და დაითრგუნებით. გაჭიმეთ იატაკზე თქვენი დიდი და მოუქნელი სხეული და
ცხრამეტამდე დაითვალეთ.
მივყევი მის სასაცილო ინსტრუქციებს. ბოლოს დანერი წავიდა და ფრთხილად ჩამოაღო ტრაპი.
მოგვიანებით გავარჩიე სინათლის სხივი, მაგრამ ირგვლივ მაინც სრული სიბნელე იდგა. უცებ
გავაცნობიერე რა საფრთხეში აღმოვჩნდი: შეშლილ ადამიანს თავი მიწის ქვეშ ჩავამწყვდევინე მას

114
შემდეგ, რაც ერთი ჭიქა შხამი გამოვცალე. კარლოსის ტრაბახი აშკარად მალავდა ღრმად ჩაჯდარ
შიშს, რომ მის „სასწაულს“ ვერ დავინახავდი. და იმისთვის, რომ თავისი ბოდვა დაეცვა და
საკუთარი თავისთვის თავისი სიგიჟე დაემალა, მე უნდა მოვეკალი. ვიგრძენი ყრუ
დისკომფორტი, რომელიც, ვცადე, ჩემივე მოუქნელობისთვის მიმეწერა, არა ნარკოტიკის
ზემოქმედებისთვის. თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე.
მაშინ დავინახე ალეფი.
ამჯერად ჩემი ამბის გამოუთქმელ ცენტრს ვუახლოვდები. აქ იწყება მწერლის უიმედობა.
თითოეული ენა სიმბოლოების ანბანია, რომლის გამოყენება გულისხმობს ამ ენაზე მოსაუბრე
ადამიანთა ერთობლივ წარსულს. როგორ გადავცე სხვებს უსასრულო ალეფი, რომელსაც ჩემი
მფრთხალი მეხსიერება ვერც კი იტევს? მსგავს ვითარებაში მისტიკოსები მიმართავენ
სიმბოლოების მთელ სპექტრს: ღვთაების აღსანიშნავად სპარსი მისტიკოსი ლაპარაკობს
ფრინველზე, რომელიც რაღაცნაირად ყველა ფრინველია; ალენ დე ლილი ასახელებს სფეროს,
რომლის ცენტრი ყველგანაა, გარშემოწერილობა - არსად; ეზეკიელი ახსენებს ოთხსახიან
ანგელოზს, ერთდროულად რომ გაჰყურებს ქვეყნიერების ოთხ მხარეს. შემთხვევით არ ხდება,
რომ ასეთ გაუგონარ ანალოგიებს მოვუხმობ: მათ კავშირი აქვთ ალეფთან. იქნებ ღმერთებმა უარი
არ მითხრან, რომ ეკვივალენტური სახე-ხატი ვიპოვო. თუმცა ამგვარი რამის გადმოცემა
ლიტერატურით, სიყალბით შეირყვნება. გარდა ამისა, ცენტრალური პრობლემა - უსასრულობის
აღწერა, თუნდაც ნაწილობრივი - გადაუწყვეტელი რჩება. იმ დაუსაზღვრავ წამში მე დავინახე
მილიონობით საამური და საზარელი ქმედება, მაგრამ არც ერთს არ გავუკვირვებივარ ისე, როგორც
იმ ფაქტს, რომ ყველა ერთსა და იმავე წერტილში ხდებოდა, თან არც ერთმანეთს ფარავდა და არც
გამჭვირვალე იყო. ის, რასაც ჩემი მზერა ხედავდა, ერთდროულად ხდებოდა. ხოლო ის, რასაც
დავწერ, ერთმანეთს მიყოლებული იქნება, რადგან, როგორც ასეთი, თვით ენაა თანმიმდევრული.
სხვა თუ არაფერი, რაღაცას მაინც მოვიხელთებ.
საფეხურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს, დავინახე თითქმის აუტანლად კაშკაშა, ცისრტყელასებრი
ნათება. ჯერ ვიფიქრე, რომ ბრუნავდა, მერე მივხვდი, რომ მოძრაობის ილუზიას მის შიგნით
მიმდინარე სანახაობები ქმნიდნენ. ალეფი, ალბათ, ორი თუ სამი სანტიმეტრის სიგანის იქნებოდა,
მაგრამ მის შიგნით სამყაროული სივრცე ეტეოდა სრულებით დაუპატარავებლად. თითოეული
საგანი (სარკის მინის ზედაპირი, ასე ვთქვათ) წარმოადგენდა უსასრულო საგნებს, რადგან
მკაფიოდ ვხედავდი მას კოსმოსის ყოველი წერტილიდან. დავინახე ცოცხალი არსებებით სავსე
ზღვა, განთიადი და მწუხრი, უამრავი ამერიკა, ვერცხლისფერი აბლაბუდა შავი პირამიდის
ცენტრში, დამსხვრეული ლაბირინთი (ეს ლონდონი იყო), აურაცხელი თვალი, ყველა - ძალზე
მოახლოებული, ისე რომ უკვირდებოდნენ თავიანთ თავს ჩემში, როგორც სარკეში; დავინახე
პლანეტის ყველა სარკე (მე არც ერთში არ ვირეკლებოდი); კალე სოლერის უკანა ეზოში დავინახე
იგივე კაფელი, ოცი წლის წინ რომ ვნახე ფრაი ბენტოსის ერთი სახლის შესასვლელში; დავინახე
ყურძნის მტევნები, თოვლი, თამბაქო, ლითონის ძარღვები, წყლის ორთქლი, ეკვატორის
ამობურცული უდაბნოები და თითოეული ქვიშის მარცვალი, ქალი ინვერნესში[141] და არასოდეს
დამავიწყდება მისი ინტენსიური თმა, მისი ქედმაღალი სხეული, მის მკერდში განტოტვილი კიბო;
დავინახე მშრალი მიწის წრე ტროტუარზე, სადაც უწინ ხე იდგა; დავინახე სოფლური სახლი
ადროგეში; პლინიუსის (ფილემონ ჰოლანდიელის) პირველი ინგლისური თარგმანის ასლი, ყველა
გვერდის ყველა ასო - ერთდროულად (ჩემს ბიჭობაში პირს დავაღებდი: როგორ არ აითქვიფა
ყველა ეს ასო ერთმანეთში მთელი ღამის განმავლობაშიო); დავინახე დღე და ღამე ერთდროულად;
დაისი კენეტაროში, რომელიც თითქოს ირეკლავდა ბენგალიაში გაშლილი ვარდის ელფერს;
დავინახე ჩემი საძინებელი (არავინ იყო შიგ); დავინახე წყალმიწიანი დედამიწის გლობუსი
ალკმაარის კაბინეტში, ორ სარკეს შორის მდგარი და ამის გამო უსასრულოდ გამრავლებული;
დავინახე ქარისგან ფაფარაფრიალებული ცხენები კასპიის ზღვის სანაპიროზე განთიადისას;
დავინახე ხელის დახვეწილი ძვლები; შეტაკების შემდეგ გადარჩენილი მებრძოლები, ღია
ბარათებს რომ უგზავნიდნენ თავისიანებს; ტაროს ბანქოს ქაღალდი და მაღაზიის ვიტრინა
მირზაპურში; გვიმრების გადახრილი ჩრდილები სათბურის იატაკზე; ვეფხვები, კლავიშები,
ბიზონები, ტალღების მიმოქცევა, ჯარები, დედამიწის ყველა ჭიანჭველა, სპარსული ასტროლაბია;
დავინახე მაგიდის უჯრაში (ამ ხელნაწერის დანახვაზე ცახცახმა ამიტანა) უხამსი, დაუჯერებელი,
დეტალებში დაზუსტებული წერილები, რომლებიც ბეატრიჩეს გაეგზავნა კარლოს
არგენტინოსთვის; დავინახე ლამაზი მონუმენტი ჩაკარიტაზე[142]; ოდესღაც მშვენიერი ბეატრიჩე
ვიტერბოს საზარელი ნაშთები; ჩემი შავი სისხლის ცირკულაცია ძარღვებში; სიყვარულის
რგოლები და ზამბარები, სიკვდილისეული დეფორმაციები; დავინახე ალეფი ერთდროულად
ყველა მხრიდან, ალეფში - დედამიწა, დედამიწაში - ისევ ალეფი, ალეფში კი - ისევ დედამიწა;
დავინახე ჩემი სახე და შიგნეულობა, შენი სახე... თავბრუ დამესხა და ავქვითინდი, რადგან ჩემმა
თვალებმა დაინახა ის საიდუმლო, ჰიპოთეტური საგანი, რომლის სახელი ადამიანებმა მიითვისეს,
მაგრამ რომლისთვისაც არავის არასდროს ჭეშმარიტად არ შეუხედავს: წარმოუდგენელი სამყარო.

115
უსასრულო მოწიწების, უსასრულო დანანების განცდამ მომიცვა.
- ეგრე მოგიხდება, ჭკუიდან რომ გადახვედი და იქ ჩარგე ცხვირი, სადაც არავინ გიხმობდა, - თქვა
მხნე და მოწყენილმა ხმამ, - შეგიძლია ტვინი იჭყლიტო, მაგრამ ვერასოდეს გადამიხდი იმისთვის,
რაც დღეს გაგიმხილე, თუნდაც ას წელიწადში. ხედავ, რა დიდებული ობსერვატორიაა, ჰა,
ბორხეს?!
კარლოს არგენტინოს ფეხსაცმელები კიბის ზედა საფეხურზე შემოდგნენ. ამ უეცარ
ნახევარსინათლეში მოვახერხე და წამოვდექი.
- დიდებული... ჰო, სრულებით... - ვთქვი ენის ბორძიკით და განმაცვიფრა ჩემივე ტონის
გულგრილობამ.
- ნახე? - აღელვებით ჩამეკითხა კარლოსი, - მკაფიოდ დაინახე? ფერადად და ასე შემდეგ?
მეყსეულად ჩავიფიქრე ჩემი შურისძიება. შეძლებისდაგვარად გულთბილად - თვალში საცემი
გულდაწყვეტით, ნერვიულად და ეშმაკურად - მადლობა გადავუხადე კარლოს არგენტინო
დანერის მისი სტუმართმოყვრული სარდაფისთვის და ვურჩიე, - გაეცალე მეტროპოლისის
დამღუპველ გავლენას, რომელსაც ვერავინ - მერწმუნე, ვერავინ - ასცდება-მეთქი. რბილი
სიმტკიცით უარვყავი ჩემი მოსაზრებების გამოთქმა ალეფთან დაკავშირებით. გასვლის წინ ორივე
მხარში ჩავბღუჯე და გავუმეორე: სოფელი (სიმშვიდე და თავისუფლება, ხომ გესმის) საუკეთესო
თერაპიაა, რომელსაც შეიძლება მიმართო-მეთქი.
ქუჩაში, მეტროს სადგურ „კონსტიტუსიონის“ საფეხურებზე, ყველა სახე ნაცნობი ჩანდა.
მეშინოდა, რომ ამიერიდან აღარაფერი გამაოცებდა; რომ ვეღარასდროს მოვიცილებდი dejа vu-ს
შეგრძნებას. საბედნიეროდ, რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ ჩემში კვლავ ამუშავდა
გულმავიწყობა.
P.S. (მარტი, 1, 1943): კალე გარაიზე სახლის დანგრევიდან ექვსი თვის შემდეგ „პროკრუსტეს
პუბლიშერმა“, რომელიც არ შეუშინდა დანერის პოემის სიგრძეს, პირველად გამოაქვეყნა ის
სერიაში „არგენტინული თხზულებები“. სხვა რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას, თუ არა ის, რომ
კარლოს არგენტინომ აიღო მეორე ადგილი ლიტერატურის ეროვნულ კონკურსზე. პირველი პრიზი
ერგო დოქტორ აიტას, მესამე - დოქტორ მარიო ბონფანტის. განსაცვიფრებელია, მაგრამ ჩემს
თხზულებას „მწყემსის ბანქო“ სრულებით არაფერი ერგო. კიდევ ერთხელ იზეიმა გაუგებრობამ
და შურმა! დიდხანს ვეღარ მომიხერხდა კარლოს არგენტინოს ნახვა. გაზეთები გვამცნობდნენ,
მალე მეორე ტომსაც გამოსცემსო. მისი ბედნიერი კალამი (რომელსაც აღარ ურახუნებს ალეფი)
დოქტორ ასევედო დიასის კრებულის გალექსვას მიეძღვნა.[143]
აქ, მსურს, დავამატო ორი დაკვირვება: ერთი უკავშირდება ალეფის ბუნებას, მეორე - მის სახელს.
დავიწყებ მეორით. ალეფ, როგორც ყველამ იცის, საკრალური ანბანის პირველი ასოა. მისი
გამოყენება ჩემი ამბის სათაურად შემთხვევითი ვერ იქნებოდა. კაბალაში ეს ასო ნიშნავს ენ სოფს -
წმინდა, დაუსაზღვრავ ღვთაებას. ისიც უთქვამთ, რომ მას აქვს ფორმა ადამიანის, რომელიც ცაზე
და მიწაზე მიუთითებს და ასე აღნიშნავს, რომ ქვედა სამყარო ზედას რუკა და სარკეა.
სიმრავლეთა თეორიაში ალეფ არის არასასრული რიცხვების სიმბოლო, რომელშიც მთლიანობა არ
აღემატება ნებისმიერ შემადგენელ ნაწილს. მსურს, ვიცოდე: კარლოს არგენტინომ ეს სახელი
აირჩია თუ ამოიკითხა - მისადაგებული ერთ წერტილთან, რომელშიც თავს იყრის ყველა სხვა
წერტილი - ერთ-ერთ იმ აურაცხელ ტექსტთაგანში, ალეფმა რომ გაუმხილა მისივე სახლში?
რაოდენ საკვირველიც უნდა ჩანდეს, მწამს, რომ არსებობს (ან არსებობდა) მეორე ალეფი; რომ
კალე გარაის ალეფი ცრუ ალეფი იყო.
ჩემს მიზეზებს მოვიყვან.
1867 წელს კაპიტანი ბარტონი ინგლისის კონსული იყო ბრაზილიაში. 1942 წლის ივლისში,
სანტოსის ბიბლიოთეკაში, პედრო ჰენრიკეს ურენამ აღმოაჩინა ბარტონის ხელნაწერი, რომელშიც
ეს უკანასკნელი განიხილავს ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლურ სარკეს. ამ სარკეში,
ბარტონის თქმით, მთელი სამყარო ირეკლებოდა. ბარტონი ახსენებს სხვა ამდაგვარ
მექანიზმებსაც: ქაიხოსროს შვიდმაგ თასს; ტარაქ იბნ-ზიადის სარკეს, კოშკში ნაპოვნს („ათას
ერთი ღამე“, 272); ლუციან სამოსატელის სარკეს, მთვარეზე შემოწმებულს („ჭეშმარიტი ისტორია“,
1:26); სარკოვან შუბს - იუპიტერისთვის მიკუთვნებულს კაპელას „სატირიკონის“ პირველ წიგნში;
მერლინის უნივერსალურ სარკეს: „მრგვალს და ჩაზნექილს... (რომელიც) მინის სამყაროს ჰგავდა“
(„ჯადოსნური დედოფალი“, III:2,19), და შემდეგ ამატებს საგულისხმო სიტყვებს: „მაგრამ ეს
ყველაფერი (გარდა იმისა, რომ აღარ არსებობს) მხოლოდ ოპტიკური ხელსაწყოებია.
მორწმუნეებმა, რომლებიც ამრის მეჩეთში მოდიან (ქაირო), იციან, რომ სამყარო მოთავსებულია იმ
ქვის სვეტებიდან ერთ-ერთში, გარს რომ ერტყმის ცენტრალურ ეზოს. რასაკვირველია, მას ვერავინ

116
ხედავს, მაგრამ ვინც სვეტს ყურს მიადებს, მალე გაიგონებს მის გნიას-გუგუნს... მეჩეთი VII
საუკუნით თარიღდება, ხოლო სვეტები სხვა, პრეისლამური ტაძრებიდან მოდის, რადგან როგორც
იბნ-ხალდუნმა დაწერა: „მომთაბარე ტომების მიერ დაარსებულ სახელმწიფოებში არსებითი
ფაქტორია უცხოელთა ყოფნა ყოველივე იმისთვის, რაც ქვის წყობას უკავშირდება“.
არსებობს თუ არა ალეფი ქვის გულში? ვნახე თუ არა ის, როცა ყველაფერი ვნახე, მერე კი
დავივიწყე? ჩვენი გონება დავიწყებისკენაა მიდრეკილი. წლების ტრაგიკულ ეროზიაში, მე
თვითონ ვამრუდებ და ვკარგავ ბეატრიჩეს ნაკვთებს.
ესტელა კანტოს

შემქმნელი (1960)
წინათქმა
ლეოპოლდო ლუგონესს[144]
მოედნის ხმები უკან რჩება, მე ბიბლიოთეკაში შევდივარ. თითქმის ფიზიკურად ვგრძნობ
წიგნების გრავიტაციას, საყოველთაო დალაგებულობის მშვიდ ატმოსფეროს, მაგიურად
შემართულ და შენახულ დროს. მარჯვნივ და მარცხნივ, მოჩანს თავიანთ ფხიზელ ძილში
დანთქმული, „სწავლული ლამპებით“ განათებულ მკითხველთა მომენტალური კონტურები,
როგორც ამას გამოხატავდა ზედსართავების მილტონისეული გადანაცვლება. ვიხსენებ, როგორ
გავიხსენე ერთხელ ის ტროპი ამ ბიბლიოთეკაში, მერე კი მეორე გარემოებითი ზედსართავი -
ლუნარიოს „მშრალი აქლემი“, დაბოლოს, ჰეკზამეტრი „ენეიდებიდან“, რომელიც იყენებს და
აღემატება კიდეც იმავე ფანდს: Ibant obscuri sola sub nocte per umbram.[145]
ამ რეფლექსიას მოვყავარ შენი კაბინეტის კართან. შემოვდივარ. ჩვენ ვცვლით რამდენიმე
პირობით და გულითად სიტყვას. მერე ამ წიგნს გაძლევ. თუ არ ვცდები, ლუგონეს, შენ მწყრალი
თვალით არ მიყურებ და იქნებ ზოგიერთი ჩემი თხზულებაც მოგწონებოდა. ეს არასოდეს
მომხდარა, ახლა კი წიგნს ფურცლავ და მოწონებით კითხულობ ერთ-ორ სტრიქონს. შესაძლოა,
იმიტომ, რომ იქ შენსავე ხმას ცნობ, ან იმიტომ, რომ კოჭლი პოეზია ნაკლებად მნიშვნელოვანია,
ვიდრე მწყობრი თეორია.
ამ მომენტში ჩემი ოცნება ჭკნება და უჩინარდება, როგორც წყალი წყალში. ეს ვეებერთელა
ბიბლიოთეკა, სადაც ახლა ვარ, კალე მექსიკოშია, არა როდრიგეს რენაში. შენ კი, ლუგონეს, თავი
მოიკალი 1938-ის დასაწყისში. ჩემმა პატივმოყვარეობამ და ნოსტალგიამ შეუძლებელი სურათი
დახატა. „ჰო, შესაძლოა ასეა, - ვეუბნები ჩემს თავს, - მაგრამ ხვალ მეც მკვდარი ვიქნები, ჩვენი
დროები ერთად იდინებს, ქრონოლოგია სიმბოლოების ბურთად გადადნება და რაღაცნაირად
სიმართლე იქნება იმის თქმა, რომ მე შენ ეს წიგნი მოგიტანე და შენ ის მიიღე“.
ხორხე ლუის ბორხესი
ბუენოს-აირესი, 9 აგვისტო, 1960

შემქმნელი
არასოდეს შეყოვნებულა ხსოვნის სიამეებზე. თავზე მეყსეული და ცოცხალი შთაბეჭდილებები
ეღვრებოდა: მოწითალო ჭიქური მექოთნის ხელებში; ცის თაღი მოჭედილი ვარსკვლავებით, ანუ
ისევ და ისევ ღმერთებით; მთვარე, რომლიდანაც ლომი ჩამოვარდა; მარმარილოს სიგლუვე მისი
მგრძნობიარე თითების ლებნებქვეშ; ტახის ხორცის გემო, რომლის ჭამა მკვირცხლი, თეთრი
ჩაკბეჩებით უყვარდა; ფინიკიური სიტყვა; ყვითელ ქვიშაზე დაცემული შუბის მრუმე ჩრდილი;
ზღვის ან ქალების სიახლოვე; მძიმე ღვინო და თაფლით შერბილებული მისი სიმწკლარტე... ამ
ყველაფერს შეეძლო დაეტბორა მისი სულის მთელი წრე. ზაფრაც განუცდია, თუმცა მრისხანებაც
და გაბედულებაც, ერთხელ კი პირველი აცოცდა მტრის კედელზე. მძაფრი, ცნობისმოყვარე,
სიფრთხილეს მოკლებული, კანონის არმცნობელი, მხოლოდ კმაყოფილების მიმღები და მეორე
წამსვე გულგრილი - დაიარებოდა ქვეყნიერების ხან ამ და ხან იმ ნაპირზე, უყურებდა ადამიანთა
ქალაქებს და სასახლეებს, აფუთფუთებულ ბაზრებში თუ მთის ძირას, რომლის დანისლულ
მწვერვალზე იქნებ სატირებიც ისხდნენ. უსმენდა ჩახლართულ ისტორიებს, რომლებსაც ისე
იღებდა, როგორც რეალობას, და არ კითხულობდა, ნამდვილია თუ გამოგონილიო.
ნელ-ნელა მშვენიერმა სამყარომ მისგან დაშორება იწყო. შეუპოვარი ბურუსი მოდიოდა და
ხელებზე ხაზებს უბინდავდა. ღამემ დაკარგა თავისი ვარსკვლავები, მიწამ - უწინდებური
სიმყარე. ყველაფერი შორს წავიდა და გაბუნდოვანდა. როცა შეიტყო, რომ ბრმავდებოდა, შესძახა
(„სტოიციზმი“ ჯერ არ არსებობდა, ხოლო ჰექტორს შეეძლო დაუმცირებლად გაქცეულიყო): „უკვე

117
ვეღარ ვნახავ მითოლოგიური ზაფრით აღსავსე ცას ან ამ სახეს, რომელსაც წლები
გადაასხვაფერებს“. დღეები და ღამეები სხეულის ამ სასოწარკვეთაში გადიოდა. მაგრამ ერთ
დღესაც გაიღვიძა, შეხედა (ამჯერად უკვე მშვიდად) გაბუნდოვანებულ საგნებს თავის გარშემო და
აუხსნელად იგრძნო, რა შეიძლებოდა ადამიანს ეგრძნო ხმის ან მელოდიის ამოცნობისას, იგრძნო,
რომ ეს მას უწინაც დამართნია და რომ შიშით უყურებდა ამას, თუმცა, იმავდროულად,
სიხარულით, იმედით და ცნობისწადილითაც. მერე თავის მეხსიერებაში ჩაიძირა, რომელიც
უსასრულო ეჩვენა, და მოახერხა, რომ იმ თავბრუსხვევიდან დაკარგული მოგონება ამოეზიდა,
როგორც მონეტა - წვიმიდან. იქნებ იმიტომ, რომ არასდროს რეალურად არ შეუხედავს მისთვის,
თუ არა მხოლოდ (შეიძლება) სიზმარში.
აი, ის ხსოვნა: მავანმა ბიჭმა შეურაცხყო, ის კი მამასთან გაიქცა და ეს ეპიზოდი უამბო. სანამ
ლაპარაკობდა, მამა ხმას არ იღებდა, თითქოს ყურადღებას არ აქცევს ან არ ესმისო. მერე
კედლიდან ბრინჯაოს დანა ჩამოხსნა, ლამაზი, ძალმოსილებით დამუხტული დანა, რომელსაც
ბიჭი უჩუმრად მიელტვოდა. ახლა ის ხელში ეჭირა და მისი ფლობის მოულოდნელმა სიხარულმა
იმდღევანდელი შეურაცხყოფაც გადარეცხა. თუმცა ამ დროს მამის ხმა მოესმა: „დე, გაიგონ, რომ
შენ კაცი ხარ“. მის ხმაში ბრძანება გაისმა. გზებს უსინათლო ღამე გადაეფარა. სხეულზე
დანამიხუტებული ბიჭი ამ იარაღში ჯადოსნურ ძალას გრძნობდა. ციცაბო, ოკრობოკრო ფერდობს
ჩაუყვა, რომელზეც მისი სახლი იდგა, და ზღვის ნაპირისკენ გაიქცა. ოცნებობდა: აიაქსი და
პერსევსი ვარ და ბნელ, მარილიან ჰაერს ბრძოლებითა და ჭრილობებით ვავსებო. ახლა სწორედ ამ
მომენტის სურნელს ეძებდა, დანარჩენი არაფერი იყო: გამოწვევის შეურაცხმყოფელი სიტყვები
მისი მხრიდან, მოუქნელი შეტაკება, გასისხლული დანა.
იყო მეორე მოგონებაც, იმ პირველიდან ამოზრდილი, ისევ ღამითა და ფათერაკის ჭაშნიკით
აღბეჭდილი. ქალი, პირველი ქალი, რომელიც ღმერთებმა მისცეს, რომელიც მიწისქვეშა აკლდამაში
ელოდა და რომელიც მან ქვის ლაბირინთების მსგავს დერეფნებში და წყვდიადში ჩამავალ
ფერდობებზე ეძება. რატომ მოაკითხეს ამ მოგონებებმა? ან თუ მოაკითხეს, რატომ არა მწარედ და
სინანულით, არამედ როგორც მხოლოდ აწმყოს წინმსწრებმა აჩრდილებმა?
და მიხვდა, სერიოზულად გაკვირვებული. მისი მოკვდავი თვალების ამ ღამეში, სადაც ნელ-ნელა
ეშვებოდა, სიყვარული და თავგადასავალიც ელოდა. არესი და აფროდიტა... რადგან ახლა უფრო
და უფრო გრძნობდა ყველა მხრიდან მოახლოებულ დიდების მაუწყებელ ხმებსა და
ჰეკზამეტრებს; ხმებს იმ ადამიანთა, რომლებიც იცავენ ტაძარს, ღმერთები რომ არ დაინდობენ;
ხმას შავი გემების, სანატრელი კუნძულის მოსაძებნად რომ მიეშურებიან; ხმას „ოდისეასი“ და
„ილიადასი“, რადგანაც მას ხვედრად ერგო ამ უკანასკნელთა დამღერება და ექოებად გავრცობა
ადამიანური ხსოვნის პეშვებში. ჩვენ ვიცით ეს ამბები, ოღონდ არა ის, თუ რა იგრძნო მან თავის
უკანასკნელ წყვდიადში ჩაშვებისას.

შემქმნელი
არასოდეს შეყოვნებულა ხსოვნის სიამეებზე. თავზე მეყსეული და ცოცხალი შთაბეჭდილებები
ეღვრებოდა: მოწითალო ჭიქური მექოთნის ხელებში; ცის თაღი მოჭედილი ვარსკვლავებით, ანუ
ისევ და ისევ ღმერთებით; მთვარე, რომლიდანაც ლომი ჩამოვარდა; მარმარილოს სიგლუვე მისი
მგრძნობიარე თითების ლებნებქვეშ; ტახის ხორცის გემო, რომლის ჭამა მკვირცხლი, თეთრი
ჩაკბეჩებით უყვარდა; ფინიკიური სიტყვა; ყვითელ ქვიშაზე დაცემული შუბის მრუმე ჩრდილი;
ზღვის ან ქალების სიახლოვე; მძიმე ღვინო და თაფლით შერბილებული მისი სიმწკლარტე... ამ
ყველაფერს შეეძლო დაეტბორა მისი სულის მთელი წრე. ზაფრაც განუცდია, თუმცა მრისხანებაც
და გაბედულებაც, ერთხელ კი პირველი აცოცდა მტრის კედელზე. მძაფრი, ცნობისმოყვარე,
სიფრთხილეს მოკლებული, კანონის არმცნობელი, მხოლოდ კმაყოფილების მიმღები და მეორე
წამსვე გულგრილი - დაიარებოდა ქვეყნიერების ხან ამ და ხან იმ ნაპირზე, უყურებდა ადამიანთა
ქალაქებს და სასახლეებს, აფუთფუთებულ ბაზრებში თუ მთის ძირას, რომლის დანისლულ
მწვერვალზე იქნებ სატირებიც ისხდნენ. უსმენდა ჩახლართულ ისტორიებს, რომლებსაც ისე
იღებდა, როგორც რეალობას, და არ კითხულობდა, ნამდვილია თუ გამოგონილიო.
ნელ-ნელა მშვენიერმა სამყარომ მისგან დაშორება იწყო. შეუპოვარი ბურუსი მოდიოდა და
ხელებზე ხაზებს უბინდავდა. ღამემ დაკარგა თავისი ვარსკვლავები, მიწამ - უწინდებური
სიმყარე. ყველაფერი შორს წავიდა და გაბუნდოვანდა. როცა შეიტყო, რომ ბრმავდებოდა, შესძახა
(„სტოიციზმი“ ჯერ არ არსებობდა, ხოლო ჰექტორს შეეძლო დაუმცირებლად გაქცეულიყო): „უკვე
ვეღარ ვნახავ მითოლოგიური ზაფრით აღსავსე ცას ან ამ სახეს, რომელსაც წლები
გადაასხვაფერებს“. დღეები და ღამეები სხეულის ამ სასოწარკვეთაში გადიოდა. მაგრამ ერთ
დღესაც გაიღვიძა, შეხედა (ამჯერად უკვე მშვიდად) გაბუნდოვანებულ საგნებს თავის გარშემო და
აუხსნელად იგრძნო, რა შეიძლებოდა ადამიანს ეგრძნო ხმის ან მელოდიის ამოცნობისას, იგრძნო,
რომ ეს მას უწინაც დამართნია და რომ შიშით უყურებდა ამას, თუმცა, იმავდროულად,

118
სიხარულით, იმედით და ცნობისწადილითაც. მერე თავის მეხსიერებაში ჩაიძირა, რომელიც
უსასრულო ეჩვენა, და მოახერხა, რომ იმ თავბრუსხვევიდან დაკარგული მოგონება ამოეზიდა,
როგორც მონეტა - წვიმიდან. იქნებ იმიტომ, რომ არასდროს რეალურად არ შეუხედავს მისთვის,
თუ არა მხოლოდ (შეიძლება) სიზმარში.
აი, ის ხსოვნა: მავანმა ბიჭმა შეურაცხყო, ის კი მამასთან გაიქცა და ეს ეპიზოდი უამბო. სანამ
ლაპარაკობდა, მამა ხმას არ იღებდა, თითქოს ყურადღებას არ აქცევს ან არ ესმისო. მერე
კედლიდან ბრინჯაოს დანა ჩამოხსნა, ლამაზი, ძალმოსილებით დამუხტული დანა, რომელსაც
ბიჭი უჩუმრად მიელტვოდა. ახლა ის ხელში ეჭირა და მისი ფლობის მოულოდნელმა სიხარულმა
იმდღევანდელი შეურაცხყოფაც გადარეცხა. თუმცა ამ დროს მამის ხმა მოესმა: „დე, გაიგონ, რომ
შენ კაცი ხარ“. მის ხმაში ბრძანება გაისმა. გზებს უსინათლო ღამე გადაეფარა. სხეულზე
დანამიხუტებული ბიჭი ამ იარაღში ჯადოსნურ ძალას გრძნობდა. ციცაბო, ოკრობოკრო ფერდობს
ჩაუყვა, რომელზეც მისი სახლი იდგა, და ზღვის ნაპირისკენ გაიქცა. ოცნებობდა: აიაქსი და
პერსევსი ვარ და ბნელ, მარილიან ჰაერს ბრძოლებითა და ჭრილობებით ვავსებო. ახლა სწორედ ამ
მომენტის სურნელს ეძებდა, დანარჩენი არაფერი იყო: გამოწვევის შეურაცხმყოფელი სიტყვები
მისი მხრიდან, მოუქნელი შეტაკება, გასისხლული დანა.
იყო მეორე მოგონებაც, იმ პირველიდან ამოზრდილი, ისევ ღამითა და ფათერაკის ჭაშნიკით
აღბეჭდილი. ქალი, პირველი ქალი, რომელიც ღმერთებმა მისცეს, რომელიც მიწისქვეშა აკლდამაში
ელოდა და რომელიც მან ქვის ლაბირინთების მსგავს დერეფნებში და წყვდიადში ჩამავალ
ფერდობებზე ეძება. რატომ მოაკითხეს ამ მოგონებებმა? ან თუ მოაკითხეს, რატომ არა მწარედ და
სინანულით, არამედ როგორც მხოლოდ აწმყოს წინმსწრებმა აჩრდილებმა?
და მიხვდა, სერიოზულად გაკვირვებული. მისი მოკვდავი თვალების ამ ღამეში, სადაც ნელ-ნელა
ეშვებოდა, სიყვარული და თავგადასავალიც ელოდა. არესი და აფროდიტა... რადგან ახლა უფრო
და უფრო გრძნობდა ყველა მხრიდან მოახლოებულ დიდების მაუწყებელ ხმებსა და
ჰეკზამეტრებს; ხმებს იმ ადამიანთა, რომლებიც იცავენ ტაძარს, ღმერთები რომ არ დაინდობენ;
ხმას შავი გემების, სანატრელი კუნძულის მოსაძებნად რომ მიეშურებიან; ხმას „ოდისეასი“ და
„ილიადასი“, რადგანაც მას ხვედრად ერგო ამ უკანასკნელთა დამღერება და ექოებად გავრცობა
ადამიანური ხსოვნის პეშვებში. ჩვენ ვიცით ეს ამბები, ოღონდ არა ის, თუ რა იგრძნო მან თავის
უკანასკნელ წყვდიადში ჩაშვებისას.

სიზმრის ვეფხვები
ბავშვობაში ვეფხვის მხურვალე თაყვანისმცემელი ვიყავი, - არა იაგუარის, ამ დაწინწკლული
„ვეფხვის“, წყლის სუმბულებიან მცურავ კუნძულებზე რომ ბინადრობს პარანას გაყოლებაზე თუ
ამაზონის ჩახლართულ ტროპიკებში, არამედ ნამდვილი ვეფხვის, ზოლებიანი აზიური ჯიშის,
რომელსაც მხოლოდ სპილოზე შემჯდარი მეომარი კაცები თუ ხვდებიან პირისპირ. საათობით
შემეძლო ვმდგარიყავი ზოოპარკის რომელიმე გალიის წინ. ვრცელ ენციკლოპედიებს და
საბუნებისმეტყველო წიგნებს მათში გამოსახული ვეფხვების სილამაზით ვაფასებდი (აქამდე
მახსოვს ის სურათები მე, რომელსაც უცდომლად ვერ გამიხსენებია ქალის შუბლი თუ ღიმილი).
ბავშვობიდან გამოსვლის შემდეგ ვეფხვებიცა და ჩემი ვნებაც მათდამი მიინავლა, მაგრამ მაინც
მევლინებიან სიზმრებში. ისევ არიან იმ მიწისქვეშა ზღვაში თუ ქაოსში. ძილის დროს რომელიმე
სიზმარი ჩამითრევს და უცებ ვხვდები, რომ ეს სიზმარია. ასეთ მომენტებში ხშირად ვფიქრობ: „ეს
სიზმარია, ჩემი ნების შეუზღუდავი განავარდება, და რაკი დაუსაზღვრავ ძალმოსილებას ვფლობ,
ამიტომ ახლა ვეფხვს გამოვუხმობ“.
ოჰ, უძლურება! ჩემი სიზმრები თითქოს ვერასოდეს ჩასახავენ არსებას, რომელსაც ასე ვესწრაფვი.
კი, ვეფხვი ჩნდება, მაგრამ მთლად გამომშრალი და სიფრიფანა. ან კიდევ, რაღაც უხამსი
გამოხდომები აქვს, ან მიუღებელი ზომა, ან ძალიან სწრაფად გაიელვებს ხოლმე, ან ძაღლს თუ
ჩიტს უფრო ჰგავს, ვიდრე ვეფხვს.

დიალოგი დიალოგის შესახებ


ა: უკვდავებაზე საუბრით გატაცებულებს ისე დაგვიღამდა, ლამპაც არ აგვინთია და ერთმანეთის
სახეს ვეღარ ვხედავდით. უცერემონიოდ და რბილად, - ვნებაზე უფრო დამაჯერებლად, -
მასედონიო ფერნანდესის ხმამ კიდევ ერთხელ თქვა, სული უკვდავიაო. მარწმუნებდა: სხეულის
სიკვდილი არაფერს ნიშნავს და სიკვდილს ისე უნდა შევხედოთ, როგორც ყველაზე უმნიშვნელო
რამეს, რაც ადამიანს შეიძლება შეემთხვესო. მე მისი ჯიბის დანას ვათამაშებდი, ვხსნიდი და
ვხურავდი. სადღაც ახლოს აკორდეონი დაუსრულებლად უკრავდა La Comparsita-ს - ამ საზარელ
სისულელეს, რომელიც ამდენ ადამიანს უყვარდა, რადგან არასწორად გააცნეს, როგორც ძველი
თხზულება... მასედონიოს ვუთხარი, ჩვენ თვითონ ვიკლავთ თავს და შეგვეძლო ჩვენი საუბარი
მთელი ამ თაღლითობის გარეშე წაგვეყვანა-მეთქი.

119
ზ (დამცინავად): მაგრამ, ვფიქრობ, ბოლო მომენტში შენ გადასინჯე შენი თვალსაზრისი.
ა (ღრმად მისტიკურად): სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, ჩავიდინეთ თუ არა თვითმკვლელობა იმ
ღამეს.

ფეხის ფრჩხილები
დღისით რბილი წინდები ანებივრებენ, ტყავის ფეხსაცმელები ამაგრებენ, მაგრამ ჩემი ფეხის
თითები მაინც ვერ გრძნობენ ამას. მხოლოდ ის აინტერესებთ, რომ გამოეზარდოთ ფრჩხილები -
ნახევრად გამჭვირვალე, დრეკადი, ხრტილოვანი ფირფიტები, როგორც თავდაცვა... ვის
წინააღმდეგ? ტლანქი და უნდობელი, როგორიც მხოლოდ მათ შეუძლიათ იყვნენ, ჩემი ფეხის
ფრჩხილები შეუჩერებლად აწარმოებენ ამ მყიფე იარაღს. ზურგს აქცევენ სამყაროსა და მისეულ
ექსტაზებს, რათა დაუსრულებლად გამოზარდონ ეს ათი უწვეტი ყუმბარა, დროდადრო რომ
გადაჭრის ხოლმე სოლინგენური მაკრატელი. ჯერ კიდევ მუცლის ბინდბუნდში ყოფნის
ოთხმოცდამეათე დღეს აამუშავეს ჩემმა ფეხის ფრჩხილებმა ეს ქარხანა. და როცა - საიმედოდ
შეფუთული - რეკოლეტაზე დავსახლდები[146] გამხმარი ყვავილებითა და ამულეტებით
მორთულ ფერფლისფერ სახლში, ისინი ისევ ჯიუტად გააგრძელებენ თავიანთ საქმეს, სანამ,
ბოლოს და ბოლოს, ხრწნის პროცესი ზრდას შეუნელებს, - მათაც და ჩემს ლოყებზე ამოსულ
წვერსაც.

დაფარული სარკეები
ისლამი გვეუბნება, საშინელი სამსჯავროს საბოლოო და სიტყვაშეუბრუნებელ დღეს, ყველას,
ვინც ცოცხალ საგანთა სახეები შექმნა, გააღვიძებენ თავ-თავიანთ შექმნილ-შეთხზულთან ერთად
და უბრძანებენ, სული შთაბერონ ამ ქმნილებებს. ისინი ვერ მოახერხებენ ამას და ისინიცა და მათი
ნამოღვაწარიც სამსჯავროს ცეცხლს მიეცემიან. ბავშვობაში ვიცნობდი რეალობის მოჩვენებითი
გაორებისა თუ გამრავლების ამ ზაფრას, თუმცა მე თვითონ ეს მემართებოდა მაშინ, როცა დიდი
სარკეების წინ ვიდექი. როდესაც გარეთ შებინდება იწყებოდა, ჩემთვის ძრწოლის მომგვრელი იყო
სარკეების კოსმოსური პანტომიმა, მათი მუდმივი, შეუჩერებელი მოქმედება, ის, თუ როგორ
მიჰყვებოდნენ ჩემს ყველა მოძრაობას. ჩემი ერთ-ერთი დაჟინებული მიმართვა ღმერთისა და ჩემი
მფარველი ანგელოზისადმი ის იყო, რომ სარკეები არ დამსიზმრებოდა. ნათლად მახსოვს, რომ
ცალი თვალი შიშნეულად მეჭირა მათკენ. ხან ის მაშინებდა, რეალობიდან სადღაც არ გადაუხვიონ,
ხან კი ის, ერთხელაც შიგნით უცნობი უბედურებებისგან დამახინჯებული ჩემივე სახე არ
დავინახო-მეთქი. როგორც შევიტყვე, ეს შიში ისევ საშინლად დაძრწის მსოფლიოში.
ეს ამბავი სავსებით მარტივია და საშინლად უსიამოვნო.
1927 წელს შევხვდი სერიოზულ ახალგაზრდა ქალს, ჯერ ტელეფონში (რადგანაც ჯულიას
პიროვნება თავდაპირველად უსახელო და უსახო ხმა იყო), შემდეგ - ქუჩის კუთხეში,
შებინდებისას. ამაფორიაქებლად ფართო თვალები ჰქონდა, თმა - გიშერივით შავი და სწორი,
ფიგურა - მკაცრი. ფედერალისტების შვილიშვილი და შვილთაშვილი იყო, როგორც მე -
უნიტარების შვილიშვილი და შვილთაშვილი. თუმცაღა, ჩვენთვის, ძველი უთანხმოება ჩვენს
წინაპრებს შორის წარმოადგენდა ერთმანეთთან დამაკავშირებელ ჯაჭვს, ჩვენი სამშობლოს უფრო
სრულ ფლობას. ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა დიდ, მორყეულ, მაღალჭერიან სახლში,
კეთილშობილი სიღარიბის გულდაწყვეტასა და მოწყენილობაში. საღამოობით (ძალზე იშვიათად -
ღამით) დავსეირნობდით მის შემოგარენში, ბალვანერაზე. რკინიგზის ეზოს მაღალ, ცარიელ
კედელს გავუყვებოდით ხოლმე. ერთხელ სარმიენტოს ჩავყევით სენტენარიოს პარკის
გასუფთავებულ მიწებამდე. ჩვენ შორის არც სიყვარული იყო, არც სიყვარულის აჩრდილი. მასში
ვიგრძენი ისეთი მუხტი, რომელიც არაფრით ჰგავდა ეროტიკულობის მუხტს, და შევშინდი.
ქალთან დასაახლოებლად კაცი ხშირად გამოუხმობს ხოლმე სიჭაბუკის დროინდელ ნამდვილ ან
წარმოსახვით ამბებს. ალბათ მოვუყევი სარკეებისადმი განცდილი ჩემი ზაფრის შესახებ და,
როგორც ჩანს, 1928 წელს დავთესე ჰალუცინაცია, რომელსაც სამი წლის შემდეგ ეწერა აღმოცენება.
სულ ახლახან შევიტყვე, რომ ის ქალიშვილი გაგიჟებულა და რომ მის სახლში ყველა სარკეს
ქსოვილი აქვს ჩამოფარებული, რადგან მე მხედავს მათში თავისი ანარეკლის სანაცვლოდ.
კანკალებს, ხმას ვერ იღებს და, როცა იღებს, ამბობს, რომ მაგიურად დავყვები უკან და
ვუთვალთვალებ.
რა საზარელი მონობაა ჩემი სახის მონობა, - ამჟამინდელის ან რომელიმე უწინდელის. მისი
ოდიოზური ბედი მეც ოდიოზურს მხდის. მაგრამ ეს ახლა აღარ მენაღვლება.

Argumrnetum Ornithologicum [147]


ვხუჭავ თვალებს და ფრინველთა გუნდს ვხედავ. ხილვა ერთ წამს გრძელდება, შეიძლება უფრო

120
ნაკლებსაც. ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი ფრინველი ვნახე. განსაზღვრული იყო მათი რიცხვი თუ
განუსაზღვრელი? ეს პრობლემა ღმერთის არსებობის საკითხს უკავშირდება. თუ ღმერთი
არსებობს, მაშინ ფრინველთა რიცხვი დასაზღვრულია, რადგან მან იცის რამდენი ფრინველი ვნახე.
თუ არ არსებობს, მაშინ ფრინველთა რიცხვი განუსაზღვრელია, რადგან ამას ვერავინ დათვლიდა.
ასეთ შემთხვევაში ათზე ნაკლები (ასე ვთქვათ) და ერთზე მეტი ფრინველი დავინახე, ოღონდაც
არა ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი ან ორი. დავინახე რაოდენობა ათიდან ერთამდე,
რომელიც არ უდრიდა ცხრას, რვას, შვიდს, ექვსს და ა.შ. ეს მთელი რიცხვი - არა-ცხრა, არა-რვა, არა-
შვიდი, არა-ექვსი, არა-ხუთი და ა.შ. - წარმოუდგენელია. ღმერთი არსებობს.

ტყვე
ხუნინში თუ ტაპალკენში ამბავს ჰყვებიან. ინდიელების თავდასხმის დროს ბიჭუნა გაქრა. ხალხი
ამბობდა, ინდიელებმა მოიტაცესო. მშობლებმა ეძებეს, მაგრამ წარუმატებლად. მრავალმა წელმა
ჩაიარა. ჯარისკაცი მოვიდა ქვეყნის შიდა რეგიონებიდან და იქაურებს უამბო ცასავით
ლურჯთვალებიან ინდიელ კაცზე, რომელიც მათი შვილიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს და
ბოლოს, მშობლებმა იპოვეს ის ინდიელი (ამ ამბის ბევრი დეტალი დაკარგულია, მე კი არ მინდა
გამოვიგონო რაც არ ვიცი) და იფიქრეს, რომ ამოიცნეს. უდაბნოთი და ბარბაროსული ცხოვრებით
გამოძერწილ კაცს აღარ ესმოდა თავისი მშობლიური ენა, თუმცა მაინც გაჰყვა დედ-მამას, გაჰყვა
მორჩილად და განურჩევლად. სახლს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა (იქნებ იმიტომ, რომ სხვები
შეჩერდნენ) და კარს თითქმის გაუგებარი მზერით შეხედა. მერე უეცრად დაიხარა, უცნაურად
შეჰყვირა, დერეფანში შეხტა, ორი შიდაეზო გადაირბინა და სამზარეულოში შევარდა.
შეუყოყმანებლად შეყო ხელი ბუხრის გამჭვარტლულ მილში და იქიდან პატარა, რქისტარიანი
დანა გამოიღო. თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, მშობლები კი ქვითინებდნენ, რაკი
ვაჟიშვილი იპოვეს.
ამ მოგონებას შეიძლებოდა სხვებიც მოჰყოლოდა, მაგრამ ინდიელი ვერ იცხოვრებდა კედლებით
შემოსაზღვრულ სივრცეში და ერთ დღესაც თავისი უდაბნოს მოსაძებნად წავიდა. მსურს, ვიცოდე,
რას გრძნობდა იმ მომენტში, როცა წარსული და აწმყო ერთმანეთში გადაიხლართა. მსურს,
ვიცოდე, ხელმეორედ დაიბადა თუ არა დაკარგული შვილი, მოკვდა თუ არა იმ ექსტაზურ
მომენტში და ოდესმე თუ ამოიცნო თავისი მშობლები და სახლი, თუნდაც იმდენად, რამდენადაც
პატარა ბავშვი ან ძაღლი ამოიცნობდა.

ხუმარა
1952 წლის ივლისის ერთ დღეს, იმ პატარა სოფელში, ჩაკო რივერთან, სამგლოვიარო ჭინჭრებში
გახვეული კაცი გამოჩნდა. მაღალი იყო, გამხდარი, ბუნდოვნად ინდიელის ნაკვთებით, ჩლუნგი
ადამიანისა თუ ნიღბის არაექსპრესიული სახით. ხალხმა ის ერთგვარი მოწიწებით მიიღო, - არა
მისი ვინაობის გამო, არამედ იმ პერსონაჟის, რომელსაც ის გამოხატავდა ან რომლადაც ამ
მომენტისთვის ქცეულიყო. სახლი მდინარის პირას ამოირჩია. მეზობელი ქალების დახმარებით ორ
ხარიხაზე დაფა დადო, დაფაზე - მუყაოს კუბო, რომელშიც ქერათმიანი მანეკენი იწვა. გარდა ამისა,
ოთხი სანთელი აანთეს შანდლებში და კუბოს ყვავილები შემოუწყვეს. მალე სოფლის ბინადრებიც
გამოჩნდნენ: იმედდაშრეტილი მოხუცი ქალები, ენაჩავარდნილი, თვალებგაფართოებული ბიჭები,
შავი მუშები, რომლებიც მოწიწებით იხდიდნენ მოწნულ ქუდებს, კუბოს ჩაუვლიდნენ და
ამბობდნენ: „ვიზიარებ, გენერალო“. მგლოვიარე კაცი კუბოს თავში იჯდა და ხელები მუცელზე
გადაეჯვარედინებინა ორსული ქალივით. მარჯვენა ხელს იწვდიდა, მისკენ გამოწვდილ ხელს
ართმევდა და მხნე შეგუებით წარმოთქვამდა: „ასეთი ბედი ხვდა. ჩვენ რაც შეგვეძლო,
გავაკეთეთ“. კალის ყუთში ცვიოდა შესვლის საფასური - ორპესოიანი მონეტები, ბევრი
მომსვლელი კი ერთი მოსვლით არ კმაყოფილდებოდა.
„ვინ არის ის, ვინც ეს ცრუ პანაშვიდი ჯერ მოიფიქრა, მერე კი გაითამაშა: ფანატიკოსი? - ვკითხე
ჩემს თავს, - მწუხარებაში დანთქმული ჭირისუფალი? გიჟი? ცინიკოსი თვითმარქვია? მგლოვიარე
ქვრივის როლში მყოფს, თვითონ თუ სჯეროდა საკუთარი პერონობა?[148] ეს განსაცვიფრებელი
ამბავია, რომელიც ნამდვილად მოხდა და არა მხოლოდ ერთხელ, არამედ მრავალგზის, სხვადასხვა
მსახიობითა და ლოკალური ვარიანტით. აქ ვხედავთ არარეალური დროის სრულყოფილ
განსახიერებას, რომელიც ჰგავს სიზმრის ანარეკლს ან „ჰამლეტის“ თამაშს თამაშში. მგლოვიარე
კაცი პერონი არ გახლდათ და არც ქერათმიანი მანეკენი იყო ევა დუარტე. მაგრამ მაშინ არც პერონი
იყო პერონი, და არც ევა იყო ევა, არამედ უცნობი და ანონიმური პირები (რომელთა ნამდვილ
სახელებს ვერასოდეს შევიტყობთ), ტლანქი და უნამუსო მითოლოგია რომ გაითამაშეს
მიამიტურად მიმნდობი მუშათა კლასისთვის.

დელია ლენა სან მარკო

121
ერთმანეთს პლაცა დელ ონსეს ერთ კუთხეში დავემშვიდობეთ.
ქუჩის მეორე მხარეს გადავედი, ტროტუარზე შემოვტრიალდი და უკან გამოვიხედე. შენ უკვე
მობრუნებული იყავი და ხელიც დამიქნიე.
ჩვენ შორის მანქანებისა და ადამიანების მდინარე მიედინებოდა. ერთი არცთუ უჩვეულო
ნაშუადღევის 5 საათი იდგა. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს მდინარე სევდიანი აქერონია,
რომელსაც ვერავინ გადაკვეთს ორჯერ?
მერე ერთმანეთი მხედველობიდან დავკარგეთ, ხოლო ერთი წლის შემდეგ შენ მკვდარი იყავი.
ახლა მეხსიერებას ვჩხრეკ, ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ის ეპიზოდი ყალბი იყო და რომ
ჩვეულებრივი დამშვიდობების მიღმა უსასრულო განშორება იდგა.
წუხელ, სადილის შემდეგ, გარეთ აღარ გავსულვარ. ვცადე, გამეცნობიერებინა ეს ყველაფერი და ამ
მიზნით გადავიკითხე ბოლო გაკვეთილი, პლატონმა რომ ათქმევინა თავის მასწავლებელს.
წავიკითხე: როცა სხეული კვდება, სულს შეუძლია გაფრინდესო.
ახლა დარწმუნებული არ ვარ, რომ ჭეშმარიტება ან ამ ავბედით ინტერპრეტაციაშია, ან უმანკო
დამშვიდობებაში.
რადგან თუ სული არ კვდება, მაშინ არც ჩვენი „ნახვამდის“ უნდა იყოს დრამატული. ამ სიტყვის
თქმა განშორების უარყოფაა. ის ამბობს: „დღეს ჩვენ-ჩვენს გზას მივყვებით, ხვალ კი ისევ ვნახავთ
ერთმანეთს“. ადამიანებმა გამოიგონეს დამშვიდობებები, რადგან რაღაცნაირად იცოდნენ, რომ
უკვდავები იყვნენ, თუნდაც ერთმანეთს გარემოებებზე დამოკიდებულსა და სწრაფწარმავალს
ხედავდნენ.
ერთ დღესაც, დელია, ისევ წამოვიწყებთ ამ გაურკვეველ საუბარს (რომელი მდინარის პირას?) და
ჩვენს თავს ვკითხავთ: ნამდვილად ვიყავით თუ არა ჩვენ, დელია და ბორხესი, აწ მინდვრებად
ქცეულ რომელიღაც ქალაქში?

დიალოგი მკვდარ კაცებს შორის


1877 წლის ზამთრის ერთ დღეს კაცი მოვიდა სამხრეთ ინგლისიდან: ზორბა, ათლეტური,
ჭარბწონიანი. თითქმის გარდაუვალი იყო, რომ ყველას დაენახა მისი ინგლისელობა. მართლაცდა,
თვალში საცემად არქეტიპულ ჯონ ბულს ჰგავდა. ქვაბქუდა ეხურა და შალის უცნაური,
შუაგულში ჩახსნილი მოსასხამი მოესხა. კაცების, ქალებისა და ბავშვების ჯგუფი მღელვარებით
ელოდებოდა. ბევრ მათგანს ყელზე წითელი ნაჭდევი აჩნდა, სხვებს მხრებზე თავი არ ებათ და
მერყევ, შიშნეულ ნაბიჯებს დგამდნენ, თითქოს წყვდიადში მიიკვლევდნენ გზას. ნელ-ნელა
უცნობს შემოეხვივნენ, ჯგუფის უკანა რიგებში ვიღაცამ ლანძღვა გამოცრა. მაგრამ ძველისძველმა
ზაფრამ ისინი შეაჩერა და უფრო შორს წასვლა ვეღარ გაბედეს. შუა ჯგუფიდან ჯარისკაცი
გამოვიდა. მოყვითალო კანი ჰქონდა, თვალები მუგუზლებივით უელავდა. გრძელი, აწეწილი თმა
და შავბნელი წვერი თითქოს სადაცაა მთელ სახეს დაუფარავდა. სხეულზე ვეფხვის ზოლებივით
აჩნდა ათი-თორმეტი სასიკვდილო ჭრილობა. როცა ახალმოსულმა შეხედა, გაფითრდა, მერე წინ
გამოვიდა და ხელი გამოიშვირა.
- რაოდენ სამწუხაროა გამორჩეული ჯარისკაცის ნახვა, ესოდენ დამცირებულის მზაკვრული
მანქანებით! - თქვა მაღალფარდოვნად, - და მაინც, რაოდენ ღრმად საამურია, როცა ნაბრძანებია,
რომ წამებამ და მოკვდინებამ უნდა აანაზღაუროს მათი დანაშაულები პლაცა დე ლა ვიქტორიაზე
აღმართულ ეშაფოტზე!
- თუ სანტოს პერესს და ძმებ რეინაფეებს გულისხმობ, დარწმუნებული იყავი, რომ უკვე
გადავუხადე მადლობა, - თქვა გასისხლულმა კაცმა ნელა და საზეიმოდ.
მეორემ ისე შეხედა, თითქოს დაცინვა თუ მუქარა იყნოსაო. თუმცა კიროგამ[149] განაგრძო: - შენ
არასოდეს გესმოდა ჩემი, როსას![150] მაგრამ როგორ გამიგებდი, თუ ჩვენ სრულებით სხვადასხვა
ცხოვრებით ვცხოვრობდით? შენ ხვედრად გერგო მმართველობა ქალაქში, რომელიც ევროპისკენ
იყურება და რომელიც ერთ დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთ უცნობილეს ქალაქად იქცევა. მე კი
ბედად მერგო მებრძოლა ამერიკის უდაბურ ადგილებში, ღატაკი გაუჩოებით დასახლებულ ღატაკ
ადგილებში. ჩემი იმპერია შუბების, ყვირილის, ქვიშიანი უდაბნოებისა და ღვთისგან
დავიწყებულ, პოტენციურად საიდუმლო ადგილებში მოპოვებული გამარჯვებების იმპერია იყო.
რანაირი განაცხადია ეს დიდებისა და სახელისთვის? მე ადამიანთა მეხსიერებაში ვცოცხლობ და
კიდევ მრავალ წელს ვიცოცხლებ, რადგან საფოსტო კარეტაში ამჩეხა ხმლებიანი და ცხენებიანი
კაცების გუნდმა. მე შენ გიმადლი მამაცურ სიკვდილს, რომლისთვისაც უშუალოდ იმ მომენტში
მადლობელი არ დაგრჩი, მაგრამ რომელსაც მომდევნო თაობები არ დაივიწყებენ. ეჭვი არაა, იცნობ

122
ზოგიერთ სადა ლითოგრაფიას და იმ საინტერესო ლიტერატურულ თხზულებას, ღირსეული
სანხუანელი კაცის ნახელავს?
როსასმა, რომელმაც ამასობაში სიმშვიდე დაიბრუნა, ზიზღით შეხედა კიროგას.
- რომანტიკოსი ხარ, - უთხრა ჩაღიმებით, - შთამომავლობის ქათინაური ბევრად მეტი არ ღირს,
ვიდრე თანამედროვეებისა, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს და ერთი მუჭა ხურდით შეგიძლია
იყიდო.
- ვიცი, რას ფიქრობ, - დაუბრუნა კიროგამ, - 1852 წელს, ბედმა (ძალზე დიდსულოვანმა ან ისეთმა,
რომელსაც სურდა სულის ფსკერამდე გაეზომე) კაცის სიკვდილი შემოგთავაზა ბრძოლაში.
აღმოჩნდა, რომ არ იმსახურებდი ამ საჩუქარს, რადგან ბრძოლამ, სისხლის ღვრამ შეგაშინა.
- მე შემაშინა? - გაიმეორა როსასმა, - მე, რომელიც ცხენებს ვხედნიდი სამხრეთში, მერე კი მთელი
ქვეყანა ავლაგმე?
მთელი საუბრის განმავლობაში კიროგამ პირველად გაიღიმა.
- ვიცი, - თქვა ნელა, - შენი დენშჩიკებისა და ხელქვეითების მიუკერძოებელი ჩვენებებიდან ვიცი,
რომ შენ უფრო მეტი გააკეთე, ვიდრე ერთი მოხდენილი განავარდებაა ცხენის ზურგზე. მაგრამ
იმხანად სხვა განავარდებებიც მოხდა ჩაკაბუკოდ, ხუნინად, პალმა რედონდოდ თუ კასეროსად
წოდებულ ადგილებში.
როსასის არაფრისმეტყველი სახით უსმენდა, მერე უპასუხა: - არ მჭირდებოდა მამაცად ყოფნა.
ერთ-ერთი ჩემი „განავარდება“ (როგორც შენ ამბობ) იმაში მდგომარეობდა, რომ დამერწმუნებინა
ჩემზე უფრო მამაცი ადამიანები, ებრძოლათ და მომკვდარიყვნენ ჩემთვის. მაგალითად, სანტოს
პერესი, შენი მოქიშპე. სიმამაცეს სულიერი სიმხნევე განსაზღვრავს. ზოგს სხვებზე მეტი მხნეობა
აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა ნებდება.
- შეიძლება, - თქვა კიროგამ, - მაგრამ მე ვიცხოვრე და მოვკვდი ისე, რომ დღემდე არ ვიცი, რა არის
შიში. ახლა კი მივდივარ იმ ადგილას, სადაც ახალ სახეს და ახალ ბედისწერას მომცემენ, რადგან
ისტორია დაიღალა ძლიერი ადამიანებისგან. არ ვიცი ვინ იქნება ის, ვინც მე შემცვლის, არ ვიცი რა
დამემართება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ არ შემეშინდება.
- მე კმაყოფილი ვარ იმით, ვინც ვარ, - თქვა როსასმა, - არ მსურს ვინმე სხვად ყოფნა.
- ქვებსაც სურთ ქვებად დარჩენა, სულ და მარადის, - თქვა კიროგამ, - ასეც რჩებიან საუკუნიდან
საუკუნემდე, სანამ მტვრად იქცევიან. როცა პირველად შემოვედი სიკვდილში, მეც შენსავით
ვფიქრობდი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. თუ შეამჩნიე, უკვე ვიცვლებით ორივენი.
მაგრამ როსასს ყურადღება არ მიუქცევია. ისე განაგრძო, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო: - შეიძლება
მკვდარი არც კი ვარ, მაგრამ ეს ადგილი და ეს საუბარი ჩემთვის სიზმარივითაა. თუმცა არა იმ
სიზმარივით, რომელიც მე მესიზმრება, არამედ ვიღაც სხვას, ვინც ჯერ არ დაბადებულა.
მერე მათი საუბარი შეწყდა, რადგან სწორედ ამ დროს ვიღაცამ დაუძახა ორივეს.

შეთქმულება
სრული თავზარდაცემისთვის, ქანდაკების ძირას თავისი მეგობრების მოუთმენელი დანებით
გარშემორტყმული კეისარი მათ სახეებსა და ალესილ ფხებს შორის აღმოაჩენს მისი მცველის,
შესაძლოა თვით მისი ვაჟიშვილის მარკუს ჯუნიუს ბრუტუსის სახესაც, თავდაცვას წყვეტს და
შესძახებს: „შენცა, ბრუტუს?!“ შექსპირს და კევედოს ჩაწერილი აქვთ ეს პათეტიკური შეძახილი.
ბედი მიკერძოებით უდგება გამეორებებს, ვარიაციებს, სიმეტრიებს. ცხრამეტი საუკუნის შემდეგ,
ბუენოს-აირესის სამხრეთ ნაწილში, ერთი გაუჩო შეებრძოლება სხვა გაუჩოებს და დაცემის
მომენტში ცნობს თავის ნათლულს, რომელსაც რბილი საყვედურითა და ნელი გაკვირვებით
მიმართავს (ამ სიტყვებს არ უნდა ვკითხულობდეთ, უნდა გვესმოდეს): „Pero, iche!“[151] ის
კვდება, თუმცა არ იცის: მოკვდა, რათა კიდევ შეიძლებოდეს ამ სცენის გათამაშება.

პრობლემა
წარმოვიდგინოთ, რომ ტოლედოში აღმოაჩინეს ფურცელი არაბული ნაწერით და რომ
პალეოგრაფებმა განაცხადეს: ეს ტექსტიც იმავე სიდე ჰამეტე ბენენგელის დაწერილია, ვისგანაც
სერვანტესის „დონ კიხოტი“ მოდისო. ტექსტში ვკითხულობთ: გმირი (რომელიც, როგორც ვიცით,
ესპანეთის გზებზე დაეხეტებოდა თავის ხმალშუბიანად და ნებისმიერ შემხვედრს ნებისმიერი
მიზეზით იწვევდა ბრძოლაში) ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ კაცი მოუკლავს. ამ
მომენტში ფრაგმენტი წყდება და პრობლემა იმაშია, რომ მივხვდეთ ან ვივარაუდოთ, როგორ

123
რეაგირებს ამაზე დონ კიხოტი.
ჩემი აზრით, არსებობს სამი შესაძლებლობა.
პირველი ნეგატიურია: ამ აღმოჩენას, არსებითად, არაფერი მოჰყვება, რადგან დონ კიხოტის
ჰალუცინაციურ სამყაროში სიკვდილი მაგიაზე უჩვეულო რამ არ გახლავთ და არ არსებობს
მიზეზი, რის გამოც მავანი კაცის მოკვდინებამ უნდა შეაწუხოს ადამიანი, ვინც ებრძვის (ან
ფიქრობს, რომ ებრძვის) ზღაპრულ მხეცებსა და ჯადოქრებს.
მეორე შესაძლებლობა პათეტიკურია: რეალურად, დონ კიხოტს არასოდეს დავიწყებია, რომ იგი
რაინდული ამბების მკითხველის, ალფონსო კიხანოს, ქმნილება და პროექციაა. სიკვდილის
დანახვას, იმის გაცნობიერებას, რომ ილუზიამ და ტყუილმა კაენის ცოდვამდე მიიყვანა, იგი
გამოჰყავს ამ ნებაყოფლობითი სიგიჟიდან, შესაძლოა - ერთხელ და სამუდამოდ.
მესამე შესაძლებლობა ალბათ ყველაზე მართლმაგვარია: კაცის მოკვლის შემდეგ დონ კიხოტი
თავს უფლებას ვერ აძლევს იფიქროს, რომ ეს საზარელი აქტი ბოდვის შედეგია, შედეგის რეალობა
მას თავის თავზე აღებინებს მიზეზის რეალობას და დონ კიხოტი ვეღარასოდეს გამოდის
სიგიჟიდან.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომელიც უცხოა ესპანური გონებისთვის (თვით
დასავლური გონებისთვისაც) და რომელიც ითხოვს უფრო ძველ, უფრო რთულ და უფრო
ჟამგამოვლილ გარემოს: დონ კიხოტი, რომელიც დონ კიხოტი კი აღარ არის, არამედ ინდური
ციკლების მეფე, თავისი მტრის მკვდარი სხეულის წინაშე გრძნობს, რომ კვლა და ჩასახვა ღვთის
ან მაგიის აქტებია და, როგორც ყველას მოეხსენება, აღემატება ადამიანის მდგომარეობას. იცის,
რომ სიკვდილი ილუზორულია, ისევე, როგორც სისხლიანი ხმალი, მკლავს რომ უმძიმებს,
თვითონ მისი პერსონა, მთელი გამოვლილი ცხოვრება, დიადი ღმერთები და გარშემოუწერელი
სამყარო.

ყვითელი ვარდი
არც ამ ნაშუადღევს მომხდარა და არც მომდევნოზე, რომ ჯამბატისტა მარინო გარდაიცვალა, - ეს
გამოჩენილი, დიდების ერთსულოვანი ბაგეებით აღიარებული კაცი (თუ ვისარგებლებთ მისთვის
ძვირფასი სახე-ხატით), როგორც ახალი ჰომეროსი ან ახალი დანტე. და მაინც: ჩუმი და უძრავი
აქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ ნაშუადღევს, იყო მის ცხოვრებაში მომხდარი უკანასკნელი
ხდომილება. წლებისა და დიდების დაფნით დამშვენებული კაცი მოჩუქურთმებულფეხებიან
ფართო ესპანურ საწოლში გარდაიცვალა. იოლზე იოლი აღსაწერია რამდენიმე ნაბიჯით
დაშორებული მშვიდი აივანი, რომელიც გადის დასავლეთისკენ, ქვემოთ - მარმარილო, დაფნის
ბუჩქები და ბაღი, რომლის ტერასები მართკუთხა გუბეში ირეკლება. ლარნაკში ქალს ყვითელი
ვარდი ჩაუდვია. კაცი ჩურჩულით ამბობს გარდაუვალ სტრიქონებს პოეზიიდან, რომლითაც,
სიმართლე ითქვას, თვით ისიც კი ცოტა არ იყოს დაქანცულა: Pompora de’ giardin, pompa de’ prato,
Demma di primavera, occhio d’aprile...[152]
შემდეგ მოხდა გამოცხადება: მარინომ დაინახა ვარდი, როგორც ადამს ჰქონდა ნანახი სამოთხეში,
და მიხვდა, რომ ის მისი საკუთარი მარადისობის ფარგლებში იდო და არა მისი სიტყვების; მიხვდა,
რომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ვარდზე, მივანიშნოთ ის, მაგრამ ვერასდროს ვერ გამოვხატოთ
ჭეშმარიტად, და რომ მაღალი, ამაყი ტომები, ოქროს ბინდბუნდს რომ ქმნიდნენ მისი ოთახის
კუთხეში (როგორც მარინოს პატივმოყვარეობას ეოცნება მათზე), წარმოადგენდა არა ქვეყნიერების
სარკეს, არამედ მისი შინაარსისთვის დამატებულ კიდევ ერთ საგანს.
მარინო თავისი სიკვდილის საღამოს მივიდა ამ გამოცხადებამდე, რომლამდეც, შესაძლოა,
ჰომეროსი და დანტეც მისულები იყვნენ.

მოწმე
ქვით ნაშენები ახალი ეკლესიის თითქმის ჩრდილში მოქცეულ თავლაში წევს პირუტყვის სუნში
გახვეული რუხთვალებიანი და რუხწვერიანი კაცი და მორიდებით ცდილობს გარდაიცვალოს
თითქმის ისევე, როგორც ადამიანი ცდილობს ხოლმე ჩაძინებას. დიდი და ფარული კანონებს
მორჩილი დღე ნელა გადაადგილდება და ჩრდილს ჩრდილში ურევს ამ მოკრძალებულ ადგილას.
გარეთ მოხნული მინდვრებია, ხმელი ფოთლებით ამოვსებული ხარო და ტყისპირის შავ მიწაზე
ოდნავ დამჩნეული მგლის ნაკვალევი. დავიწყებულ კაცს სძინავს და ესიზმრება. მერე ლოცვების
თანმხლები ზარი აღვიძებს. ახლა ზარები საღამოს ერთ-ერთი ჩვეულებაა ინგლისის საგრაფოებში.
თუმცა, ბიჭობაში, ამ კაცს ნანახი აქვს ვოდენის სახე, საკრალური ზაფრა და დღესასწაული,
უნახავს ხისგან გამოჩორკნილი კერპი ზედ დაკიდებული რომაული მონეტებითა და მძიმე
სამოსით, დასწრებია ცხენების, ძაღლებისა და ტუსაღების შეწირვას. გათენებამდე კაცი მოკვდება,

124
მასთან ერთად კი - უკანასკნელი თვითმხილველი წარმართული რიტუალებისა, რომლებსაც
ვეღარავინ ნახავს. ამ საქსონელის სიკვდილი ქვეყნიერებას ცოტათი გააღარიბებს.
გაოცებისგან გვარინდებს საგნები და მოვლენები, რომლებიც სივრცეს ავსებენ, მაგრამ მავანის
სიკვდილისთანავე მთავრდებიან. თითოეული კაცის ან ქალის სიკვდილთან ერთად კვდება ერთი
ან უსასრულო რაოდენობის საგნები, თუ, რასაკვირველია, სამყაროს თვითონვე არ აქვს
მეხსიერება, როგორც თეოსოფოსები გვარწმუნებენ. დროის სვლასთან ერთად მოვიდა და წავიდა
ის დღე, როცა თვალები დახუჭა ადამიანმა, რომელმაც უკანასკნელმა იხილა ქრისტე. ხუნინის
ბრძოლა თუ ელენეს სიყვარული მოკვდა მათი მხილველი ბოლო ადამიანის სიკვდილთან ერთად.
რა გარდაიცვლება ჩემთან ერთად ჩემი სიკვდილის დღეს? რომელი პათეტიკური ან მყიფე სახება
დაეკარგება მსოფლიოს? - მასედონიო ფერნანდესის ხმა? წაბლა ცხენის სახება სარანოსა და
ჩარკასის კუთხეში? გოგირდის ფილა წითელი ხის მაგიდის უჯრაში?..

მარტინ ფიერო
ქალაქიდან გამოდიოდა ჯარები, რომლებიც მრავალრიცხოვანი ჩანდა და რომლებიც გვიანდელ
პერიოდში ნამდვილად მრავალრიცხოვანი იყო დიდების გამადიდებელი ეფექტის წყალობით.
მრავალი წლის შემდეგ ერთ-ერთი ჯარისკაცი დაბრუნდა და უცხოური აქცენტით მოჰყვა
ისტორიებს, რაც თავს გადახდენოდა იტუსაინგოდ თუ აიაკუჩოდ[153] წოდებულ ადგილებში.
დღევანდელი გადასახედიდან, ეს ყველაფერი თითქოს არასოდეს მომხდარა.
ამ ქვეყნის წარსული იცნობს ორ ტირანიას. პირველის დროს მოხდა, რომ ვაგონი გავიდა ლა
პლატას ბაზრიდან. ქუჩებში სვლისას, ვატმანის გვერდით მსხდომი კაცები ყვირილით
ამცნობდნენ ხალხს გასაყიდ პროდუქტს - თეთრ და ყვითელ ატამს. ვიღაც ბიჭს ზედ
გადაფარებული ტილო აუწევია და უნიტარების წვერგასისხლული თავები დაუნახავს. ეს წამი
ბევრისთვის ციხეს და სიკვდილს ნიშნავდა, ყველასთვის - უხერხულობას, უსასრულო
დამცირებას, სირცხვილის გემოს ყოველდღიურ მოქმედებებში. დღევანდელი გადასახედიდან, ეს
ყველაფერი თითქოს არასოდეს მომხდარა.
კაცი, რომელმაც ყველა სიტყვა იცოდა[154], გაფაციცებული სიყვარულით უყურებდა ამ ქვეყნის
ჩიტებს და მცენარეებს, აღწერა ისინი, შესაძლოა - სამარადჟამოდაც, და მეტალის მეტაფორებში
ჩამოასხა აქაური დაისები და მთვარის ფორმები. დღევანდელი გადასახედიდან, ეს ყველაფერი
თითქოს არასოდეს მომხდარა.
გარდა ამისა, ამ ქვეყანაში თაობები იცნობდნენ იმ საერთო და, თანაც, მარადიულ
უკუღმართობებს, როგორიცაა ხელოვნება. დღევანდელი გადასახედიდან, ეს ყველაფერი თითქოს
არასოდეს მომხდარა, მაგრამ ათას რვაას სამოცდა რომელიღაც წელს სასტუმროს ოთახში კაცს
დანებით ბრძოლა ესიზმრა. გაუჩო დანის ჩაცემით აიტაცებს ჰაერში შავკანიან კაცს, ძვლების
ტომარასავით ანარცხებს ძირს, დაჰყურებს ტკივილისგან დაკლაკნილსა და მომაკვდავს, დანის
გასაწმენდად ჩაიმუხლავს, აღვირს ხსნის ცხენს და ნელა ჯდება უნაგირზე, ისე, რომ ვერავინ
იფიქრებს - თავისივე ჩადენილს გაურბისო. ეს ერთხელ იყო და უსასრულოდ მეორდება. ხილული
ჯარები წავიდნენ და, რაც დარჩა, ის ერთი ჩვეულებრივი დანების ბრძოლაა. ერთი კაცის სიზმარი
ყველა კაცის მეხსიერების ნაწილია.

მუტაციები
დერეფანში დავინახე ისრიანი ნიშანი, რომელიც გზას მიუთითებდა, და გამაოგნა აზრმა, რომ ეს
უწყინარი სიმბოლო ოდესღაც რკინის საგანი იყო, - შეუბრალებელი, მომაკვდინებელი იარაღი,
რომელიც განწონიდა ადამიანებისა და ლომების სხეულებს, აბნელებდა თერმოპილის მზეს,
ჰარალდ სიგურსონს კი ექვსი ფუტი ინგლისური მიწა უანდერძა.
რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაცამ მაგიარელი მხედრის ფოტოსურათი მიჩვენა: უნაგირზე ეკიდა
რგოლად დახვეული თოკი, რომელიც უწინ არაერთგზის გატყორცნილა ჰაერში და ხარი დაუჭერია
საძოვარზე, ამჯერად კი მხედრის მყვირალა საკვირაო მორთულობად იყო ქცეული.
დასავლეთის სასაფლაოზე ვნახე წითელ მარმარილოში გამოკვეთილი რუნული ჯვარი, რომლის
ჰორიზონტალური განტოტებები ბოლოებისკენ იხრებოდა და ფართოვდებოდა, ირგვლივ კი წრე
ერტყმოდა. ეს წრეშემოვლებული, დასაზღვრული ჯვარი არის სახება დაუსაზღვრავმკლავებიანი
ჯვრის, რომელიც, თავის მხრივ, სიმბოლოა სახრჩობელის, - ლუკიანე სამოსატელის მიერ
აღწერილი „საზიზღარი მანქანის“, - რომელზეც ღმერთი აწამეს.
ჯვარი, თოკი და ისარი - კაცობრიობის ძველი ინსტრუმენტები - დღესდღეობით სიმბოლოებამდეა
დასული ან აყვანილი. არ ვიცი, რატომ მაცვიფრებენ ისინი, როცა არაფერია ამქვეყნად ისეთი, რასაც
დავიწყება არ აჭკნობს, ხსოვნა არ ცვლის, და როცა არავინ იცის, რა სახედ გადათარგმნის მას

125
მომავალი.

სერვანტესისა და კიხოტის იგავი


სამეფო ჯარის ძველი ჯარისკაცი, თავისი ესპანეთით დაღლილი, ნუგეშს არიოსტოს ვრცელ
ტერიტორიებზე - მთვარის იმ ხეობაში, სადაც დრო სიზმრებში იფლანგება - და მოტალბანის მიერ
მოპარულ მუჰამადის ოქროს კერპში ეძებდა.
საკუთარი თავის მსუბუქად გამტრიზავებელმა ძველმა ჯარისკაცმა წარმოიდგინა ამ საოცრებების
კითხვით წყობიდან გამოსული მიმნდობი კაცი, რომელმაც თავში ჩაიჭედა: უნდა წავიდე და
თავგადასავლები ვეძიო ისეთ პროზაულ ადგილებში, როგორიცაა ელ ტობასო და მონტიელიო.
რეალობისგან, ესპანეთისგან დამარცხებული დონ კიხოტი გარდაიცვალა 1614 წელს თავის
მშობლიურ ქალაქში. მიგელ დე სერვანტესმა ოდნავ მეტხანს იცოცხლა.
ორივესთვის - მეოცნებესთვის და მისი ოცნების ობიექტისთვისაც - მთელი ეს თავგადასავალი
წარმოადგენდა ორი ქვეყნიერების შეჯახებას: რომანების არარეალური სამყაროსი და XVII
საუკუნის საყოველთაო-ყოველდღიური ცხოვრების. არასოდეს მოსვლიათ აზრად, რომ, ბოლოს და
ბოლოს, წლები გადაასწორებდნენ უთანხმოებას; არასოდეს მოსვლიათ აზრად, რომ მომავლის
თვალში ლა მანჩა, მონტიელი და მწუხარე სახის რაინდი ნაკლებად პოეტური არ იქნებოდა, ვიდრე
სინდბადის მოგზაურობები ან არიოსტოს ვრცელი ტერიტორიები.
რადგან ლიტერატურის დასაწყისში მითი დგას, ისევე, როგორც მის ბოლოში.
დევოტოს კლინიკა
იანვარი, 1955

პარადიზო, XXXI, 108


დიოდორუს სიკულუსი გვიამბობს ამბავს დანაკუწებული და დედამიწაზე მიმოფანტული
ღვთაების. მწუხრში ხეტიალის ან წარსულში დარჩენილი რომელიღაც დღის ხელახლა გავლის
მომენტში, რომელ ჩვენგანს არ უგრძნია, რომ რაღაც უსასრულო აქვს დაკარგული?
კაცობრიობას დაკარგული აქვს სახე, უკანდაუბრუნებელი სახე, და ყველას სურს, იყოს ის
მომლოცველი, რომელიც მიდის რომში, წმინდა ვერონიკას რიდეს უყურებს და რწმენით
ჩურჩულებს: „უფალო ჩემო, იესო ქრისტე, ჭეშმარიტო ღმერთო, მართლაც ესაა შენი მსგავსება ასე
ამოკვეთილი?“
ბილიკთან ქვაში გამოთლილი სახეა, იქვე წარწერა: „ხაენის[155] იესოს წმინდა სახის ჭეშმარიტი
ხატება“. ნამდვილად რომ გვცოდნოდა, როგორ გამოიყურებოდა მისი სახე, მაშინ გასაღებიც
გვექნებოდა იგავებისთვის და გვეცოდინებოდა, იყო თუ არა დურგლის ვაჟიშვილი
იმავდროულად ღვთის შვილიც.
პავლემ ეს სახე დაინახა, როგორც სინათლე, რომელმაც მიწაზე დასცა იგი; იოანემ, როგორც მზე,
რომელიც მთელი ძალმოსილებით ასხივებს; ტერეზა ქრისტეს აღმსარებელი მრავალგზის განიბანა
მშვიდ სინათლეში, თუმცა მაინც ვერ თქვა გადაწყვეტით, რა ფერის თვალები ჰქონდა მისი
ხილვის ობიექტს.
ეს ნაკვთები დაკარგულია ჩვენთვის, როგორც შეიძლება დაიკარგოს ჩვეულებრივი ციფრებისგან
შექმნილი მაგიური რიცხვი, როგორც კალეიდოსკოპში გაელვებული სახე იკარგება სამარადისოდ.
შეგვიძლია თვალი მოვკრათ ამ სახე-ხატებს, მაგრამ ვერ მოვიხელთოთ. მეტროში შეხვედრილი
ებრაელის პროფილი შეიძლება ქრისტეს პროფილი იყოს. ხელები, ხურდას რომ გვიბრუნებენ
ბილეთების კიოსკთან, შეიძლება ირეკლავდეს იმ ხელებს, ჯარისკაცებმა რომ მიალურსმეს
ჯვარზე ოდესღაც.
ყოველ სარკეში შეიძლება იმალებოდეს ჯვარცმული სახის რომელიღაც ნაკვთი. შესაძლოა, სახე
მოკვდა, გაიმქრა, რათა ღმერთი ყველა სახე იყოს.
ვინ იცის, იქნებ ამაღამ სიზმრის ლაბირინთებში შემოგვხვდეს, ხვალ კი არ ვუწყოდეთ, რომ
თვითონ ის ვნახეთ.

სასახლის იგავი
იმ დღეს ყვითელმა იმპერატორმა პოეტს თავისი სასახლე უჩვენა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ,
გრძელი პროცესიის თანხლებით, მათ უკან ჩამოიტოვეს დასავლეთისკენ მიმართული პირველი
ტერასები, რომლებიც თითქმის დაუსაზღვრავი ამფითეატრის დაკბილული ნახევარწრეებივით

126
ჩადიოდა ედემში - ბაღში, სადაც ლითონის სარკეები და ღვიის ურთიერთგადახლართული
მესრები ლაბირინთის პირველსახეს ქმნიდა. ისინი ხალისით ჩაიკარგნენ ამ ხლართში: თავიდან
თითქოს თამაშს დანებდნენ, მერე კი რაღაც მოუსვენრობა შემოეპარათ, რადგან ეს სწორი სავალი
მუდმივად ოდნავ მრუდდებოდა და ამ ხეივნებს იდუმალად აქცევდა წრეებად. შუაღამისთვის,
პლანეტების დაკვირვებამ და კუს მოხერხებულმა შეწირვამ საშუალება მისცა თავი დაეხსნათ ამ
თითქოსდა მოჯადოებული რეგიონის ტყვეობიდან, თუმცა არა დაკარგულობის განცდისგან,
რომელიც ბოლომდე გაჰყვათ. შემდეგ იხეტიალეს შესასვლელებში, შიდაეზოებსა და
ბიბლიოთეკებში. ამას მოჰყვა ექვსკუთხა ოთახი და იქ მოთავსებული წყლის საათი. ერთ დილას,
კოშკის ფანჯრიდან დაინახეს ქვის კაცი, რომელიც შემდეგ სამუდამოდ დაკარგეს
მხედველობიდან. სანდალოზის ხისგან გაკეთებული კანოეებით მრავალი მოციმციმე მდინარე
გადაცურეს, ან, შესაძლოა, ერთი და იგივე მდინარე - მრავალჯერ. სამეფო ანტურაჟის ჩავლის
შემდეგ ხალხი მუხლებზე იჩოქებდა და თავს მიწამდე ხრიდა. მაგრამ ერთ დღესაც მეფე და
დიდებულები მოხვდნენ კუნძულზე, სადაც ერთმა კაცმა არ დაიჩოქა და არც თავი დაადო მიწას,
რადგანაც უწინ არასოდეს ენახა ღვთაებრივი ძე. ამიტომაც ჯალათს ებრძანა, თავი მოეკვეთა
მისთვის. იმპერატორისა და პოეტის თვალები გულგრილად უყურებდნენ შავ დალალებს, შავ
ცეკვებსა და ოქროს ნიღბებს. რეალობა ერწყმოდა და ითქვიფებოდა ზმანებაში. ან კიდევ, რეალობა
იყო ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ზმანება იღებდა. შეუძლებელი ჩანდა, რომ დედამიწა
ყოფილიყო რაღაც სხვა და არა ბაღები, შადრევნები, არქიტექტურა და მშვენიერების სახეები.
ყოველ ას მეტრში კოშკის წვეტურა აჭრილიყო სივრცეში. თვალისთვის ყველა კოშკი ერთი ფერისა
იყო, მაგრამ პირველი ყვითელი აღმოჩნდა, ბოლო - ალისფერი. ეს მიანიშნებდა, რაოდენ
დელიკატური გრადაცია შეექმნათ და რაოდენ გრძელი მწკრივი.
ბოლოსწინა კოშკთან მოხდა, რომ პოეტმა (მას ვერ შეხებოდა ის სანახაობები, რომლებსაც სხვა
ყველა მონუსხულიყო) წარმოთქვა მოკლე ქმნილება, რომელსაც განუყოფლად ვუკავშირებთ მის
სახელს დღეს, - სიტყვები, რომლებმაც - როგორც დღემდე იმეორებენ საუკეთესო ისტორიკოსები -
უზრუნველყო პოეტის უკვდავებაცა და სიკვდილიც. ტექსტი დაკარგულია. არიან ისინი, ვისაც
სჯერა, რომ ის შედგებოდა ერთი სტრიქონისგან, და ისეთებიც, ვისი რწმენითაც ეს ერთადერთი
სიტყვა იყო.
დანამდვილებით ვიცით, რომ - რაოდენ წარმოუდგენელიც უნდა ჩანდეს - ლექსი იტევდა მთელ
სასახლეს, მთლიანობაშიც და უმცირეს დეტალებშიც, თითოეულ განსაცვიფრებელ ფაიფურს და
ამ ფაიფურისთვის შექმნილ დეკორაციას, იქაურ მწუხრთა ყველა შუქჩრდილს, უხსოვარი
დროიდან აქ მობინადრე ყველა მოკვდავის, ღმერთისა თუ დრაკონის თითოეულ მწუხარე თუ
ბედნიერ მომენტს... ამის გაგონებაზე ყველა დადუმდა. „შენ მე სასახლე მომპარე!“, შესძახა
იმპერატორმა. და ჯალათის ჩუგლუგმა პოეტს სიცოცხლე მოუსწრაფა.
სხვები ამ ამბავს განსხვავებულად ჰყვებიან. ქვეყნიერება ვერ იტანს ორ იდენტურ საგანს. მათი
თქმით, როგორც კი პოეტმა თავისი ლექსი თქვა, სასახლე გაქრა, უკანასკნელი მარცვლის
წარმოთქმისთანავე კვამლის ბოლქვივით აღიგავა პირისაგან მიწისა.
ასეთი ლეგენდები, რასაკვირველია, მხოლოდ ლიტერატურული ფიქციებია. პოეტი იმპერატორის
მონა იყო და მონადვე მოკვდა. მისი ქმნილება დავიწყებას მიეცა, რადგან დაიმსახურა დავიწყება,
მისი შთამომავლები კი ჯერაც ეძებენ და ვერასოდეს პოვებენ სიტყვას, სამყაროს რომ დაიტევს.

ყველაფერი და არაფერი
მის არსებაში არავინ იყო. მისი სახის (რომელიც თვით იმ დროის ცუდ მხატვრობაშიც კი სხვას
არავის ჰგავს) და მისი სიტყვების (მრავალფეროვანის, ფანტასტიკურისა და მღელვარის) მიღმა
სხვა არაფერი იდგა, თუ არა მცირეოდენი სიგრილე, ვიღაცის მიერ ვერდასიზმრებული სიზმარი.
თავდაპირველად ყველა თავისნაირი ეგონა. მაგრამ გაკვირვებამ და შეცბუნებამ იმ ნაცნობთა
მხრიდან, ვისაც აღუწერდა თავის სიცარიელეს, დაანახვა საკუთარი შეცდომა და სამუდამოდ
ჩააგონა, რომ ცალკეული ინდივიდი არ უნდა გამოეყოს თავის სახეობას. რაღაც მომენტში იფიქრა,
იქნებ წიგნებმა მიწამლონ რამეო. ამ მიზნით შეისწავლა „ცოტაოდენი ლათინური და უფრო
ნაკლები ბერძნული“ (როგორც ერთ-ერთი მისი თანამედროვე ახსენებდა მოგვიანებით). მერე
იფიქრა, რასაც მე ვეძებ, შეიძლება კაცობრიობის სტიქიურ რიტუალში ვიპოვოო. ასე მისცა თავის
თავს უფლება, რომ ივნისის ერთ გრძელ ღამეს ზიარებოდა საიდუმლოს ანა ჰასევეის მეშვეობით.
ცხრის რაღაც წუთებზე ლონდონს გაემგზავრა. უკვე ინსტინქტურ ჩვევად ჰქცეოდა თავი ვიღაცად
წარმოედგინა, რათა მისი „არავინობა“ ვერავის აღმოეჩინა. ლონდონში იპოვა საქმე,
რომლისთვისაც მოწოდებული იყო: გახდა მსახიობი, ანუ ადამიანი, რომელიც სცენაზე დგას და
ვიღაც სხვად ყოფნას თამაშობს იმ აუდიტორიისთვის, ვინც თამაშობს, რომ მას ამ სხვად იღებს.
მსახიობობამ ბედნიერება მოუტანა, ალბათ ცხოვრებაში პირველად. მაგრამ როდესაც
უკანასკნელი სტრიქონი ითქვა და უკანასკნელი მოკლულიც აპლოდისმენტების თანხლებით

127
გავიდა სცენიდან, არარეალობის საძაგელმა გემომ წალეკა. აღარ უნდოდა ფერექსად ან
ტამბერლენად ყოფნა და ისევ „არავინობას“ დაუბრუნდა. შეშინებულმა, დევნილმა, სხვა
გმირების, სხვა ტრაგიკული ზღაპრების განსახიერება დაიწყო. ამრიგად, სანამ მისი სხეული
თავისი სხეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა ლონდონის საროსკიპოებსა და ტავერნებში, მის
შიგნით მყოფი სული ხან კეისარი იყო და არად აგდებდა სიბილას შეგონებას, ხან ჯულიეტა,
რომელსაც სძულდა ტოროლა, ხან მაკბეტი, ტორფნარში რომ ელაპარაკებოდა კუდიანებს, ანუ
ბედისწერის მქსოველ სამ დას. არავინ იყო ამდენი ადამიანი, რამდენიც ეს კაცი, რომლის
რეპერტუარი, ეგვიპტელი პროტევსისა არ იყოს, ყოფიერების ყველა სახეს შეადგენდა.
დროდადრო, ხან აქ და ხან იქ თავის ქმნილებებში, აღსარებას ამბობდა, დარწმუნებული, რომ
ვერავინ მიუხვდებოდა. რიჩარდი ამბობს, ჩემ შიგნით მრავალი ადამიანის როლს ვთამაშობო,
ხოლო იაგო საგულისხმოდ გამოთქვამს: „მე არ ვარ ის, რაც ვარ“. სიცოცხლის, ოცნებისა და
პერფორმანსის ძირეული იგივეობა ცნობილ პასაჟებს შთააგონებდა.
ოცი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიზანმიმართულ ჰალუცინაციაში. ერთ დილას კი
დაარეტიანა ყოფიერების მოყირჭებამ და ზაფრამ, ამდენმა მეფემ, რომლებსაც ხმალი კლავს, და
ამდენმა უპასუხოდ დარჩენილმა მიჯნურმა, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, შორდებიან და
მელოდიურად ღაფავენ სულს. იმ დღეს გადაწყვიტა გაეყიდა თავისი თეატრი. ერთ კვირაში
დაუბრუნდა მშობლიურ ადგილს, სადაც კვლავ შეუერთდა ბავშვობის დროინდელ ხეებს და
მდინარეს, რომლებსაც აღარ უიგივებდა მითოლოგიური ალუზიებითა და ლათინური სიტყვებით
გაზღაპრებულ ხეებსა და მდინარეებს, მანამდე რომ განედიდებინა მის მუზას. და რაკი ვიღაც
მაინც უნდა ყოფილიყო, ამიტომაც გახდა გადამდგარი ბიზნესმენი, რომელსაც ფული ეშოვა და
ახლა სესხები, სასამართლო პროცესები და წვრილმანი მევახშეობა აინტერესებდა. სწორედ ამ
როლში იყო, როდესაც შექმნა თავისი მოსაწყენი, სადღეისოდ ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი
ნება და ანდერძი, რომლიდანაც შეგნებულად გააქრო გრძნობისა თუ ლიტერატურის უმცირესი
ნიშატი. ლონდონელი მეგობრები აკითხავდნენ განმარტოებულს და ისიც ერთხელ კიდევ
თამაშობდა მათთვის პოეტის როლს.
ისტორია ამატებს: თურმე სიკვდილის წინ ან შემდეგ მას აღმოუჩენია, რომ ღმერთის წინაშე დგას
და ეუბნება: „მე, რომელიც ამდენი კაცი ვიყავი და ასე ამაოდ, მსურს, ვიყო ერთი, ვიყო ჩემივე
თავი“. ღმერთის ხმამ ქარაშოტიდან გამოსძახა: „არც მე ვარ მე. მეც ისევე მესიზმრა ქვეყნიერება,
როგორც შენ - შენი საქმე, შექსპირო, და ჩემი სიზმრის ფორმებს შორის მოიპოვები შენც, რომელიც,
ჩემსავით, ბევრი ხარ და, იმავდროულად, არავინ“.

რაგნაროკი
[156]
„სიზმრის სახე-ხატები განასახიერებენ შთაბეჭდილებებს, რომელსაც ჩვენი ინტელექტი მიზეზებს
დაარქმევდა, - წერს კოლრიჯი, - ჩვენ არ განვიცდით შიშს, თუ სფინქსი მოგვდევს, არამედ
გვესიზმრება სფინქსი, რათა ავხსნათ შიში, რომელსაც ვგრძნობთ“. თუ ეს სიმართლეა, მაშინ
როგორ გადმოვცე სიზმარეული ფორმების უბრალო ჩამოთვლით ის გაშეშება, ზეიმი, განგაში,
საშინელება და სიხარული, ერთობლივად რომ მოქსოვა იმღამინდელი სიზმარი? მიუხედავად
ამისა, მაინც ვეცდები. იქნებ ფაქტმა, რომ ეს სიზმარი ერთადერთი სცენისგან შედგებოდა,
აღმოფხვრას ან შეარბილოს მაინც არსებითი სირთულე.
ადგილი: ფილოსოფიისა და ბელეტრისტიკის კოლეჯი, დრო: შებინდება. ყველაფერი (როგორც
ხშირად ხდება სიზმრებში) რამდენადმე განსხვავებული იყო, მცირედმა გადიდებამ საგნებს სახე
უცვალა. მმართველობას ვირჩევდით. მე ვესაუბრებოდი პედრო ჰენრიკეს ურენას[157], დიდი ხნის
წინ გარდაცვლილს ღვიძილის სამყაროში. უეცრად ჩვენ დაგვამუნჯა დემონსტრანტების თუ
ქუჩის მუსიკოსების ღრიანცელმა. ქვესკნელში ჩამოგვესმა ადამიანების და ცხოველების გნიასი.
ხმამ ჯერ დაიძახა: „მოდიან!“, შემდეგ: „ღმერთები! ღმერთები!“ ბრბოს ოთხი თუ ხუთი ადამიანი
გამოეყო და აუდიტორიის კათედრაზე ავიდა. ყველა ტაშისცემით და ქვითინით შეეგება:
ღმერთები ბრუნდებოდნენ მრავალსაუკუნოვანი გაძევების შემდეგ! კათედრაზე მდგარნი, უფრო
დიდები ჩანდნენ, ვიდრე ცხოვრებაში გამოჩნდებოდნენ. თავები უკან გადაეგდოთ, მკერდები წინ
გამოეზნიქათ და ზვიადად იღებდნენ ჩვენს თაყვანსა და მისალმებას. ერთ მათგანს ტოტი ეჭირა
(რომელიც, ეჭვი არ არის, სიზმრების ბოტანიკას ეკუთვნოდა). მეორემ სწრაფი მოძრაობით
გამოიშვირა ხელი, რომელიც კლანჭი აღმოჩნდა. ორსახიანი იანუსის ერთ-ერთი სახე უნდობლად
შეჰყურებდა თოთის[158] მოკაუჭებულ ნისკარტს. ერთ მათგანს (უკვე აღარ მახსოვს რომელს),
შესაძლოა ჩვენი აპლოდისმენტებით აგზნებულს, უცებ ტრიუმფალური, წარმოუდგენლად მწარე
კაკანი აუტყდა, - ნახევრად სტვენა, ნახევრად ბუყბუყი. იმ მომენტიდან ყველაფერი შეიცვალა.
ეს დაიწყო ეჭვით (იქნებ გადაჭარბებულითაც), რომ ღმერთებს მეტყველების უნარი არ ჰქონდათ.
ველურმა ფრენამ საუკუნეების განმავლობაში მათ ადამიანური ნაწილი გადაუგვარა. ისლამის

128
მთვარე და რომის ჯვარი შეუბრალებელი იყო ამ მოხეტიალეებისადმი. გადმოკიდებული წარბები,
შეყვითლებული კბილები, მულატის თუ ჩინელის მეჩხერი წვერი და ცხოველური ღაბაბი: - აი,
ოლიმპიური ხაზის დეგრადირების არაორაზროვანი ნიშნები. მათი სამოსიც მეტყველებდა არა
კეთილსინდისიერ სიღატაკეზე, არამედ ქვესკნელის ცუდი რეპუტაციის მქონე აზარტული
თამაშების ბუნაგებისა და სახლების კრიმინალურ ფუფუნებაზე. ღილის ნახვრეტიდან სხეულის
ფერი უჩანდათ. მჭიდროდ შემოკრული კოსტიუმის შიგნით დანის კონტურები ილანდებოდა.
უცებ ვიგრძენით, რომ ისინი თავიანთ უკანასკნელ კოზირს ათამაშებდნენ, ეშმაკობდნენ,
დაბერებული მტაცებლებივით უმეცრები და სასტიკები. და თუ თავს შიშის ან სიბრალულის
უფლებას მივცემდით, ისინი, ბოლოს და ბოლოს, მოგვსპობდნენ.
ჩვენ მძიმე რევოლვერები ამოვიღეთ (უცებ სიზმარში რევოლვერები გაჩნდა) და საზეიმოდ
დავხოცეთ ღმერთები.

ჯოჯოხეთი, I, 32
XVII საუკუნის მიწურულს, რიჟრაჟის ბინდბუნდიდან მწუხრის ბინდბუნდამდე, ლეოპარდი
შეჰყურებდა ხის რამდენიმე დაფას, რკინის ვერტიკალურ ძელებს, მიმომსვლელ კაცებსა და
ქალებს, ცარიელ კედელს, შესაძლოა - ხმელი ფოთლებით ამოვსებულ ქვის წყალსადინარსაც და არ
იცოდა, ვერ ეცოდინებოდა, რომ ესწრაფოდა სიყვარულს, სისასტიკეს, ხორცის ფლეთა-გლეჯვის
მხურვალე სიამოვნებასა და ნიავით მოტანილ ირმის სუნს. მაგრამ რაღაცას მის არსებაში ჯანყი
ახრჩობდა და აყმუვლებდა. და ღმერთი დაელაპარაკა სიზმარში: „შენ იცოცხლებ და მოკვდები
ციხეში, რათა კაცმა, რომელსაც მე ვიცნობ, რამდენჯერმე გნახოს, არასდროს დაავიწყდე, შენი სახე
და შენი სიმბოლო აქციოს ლექსად, რომელსაც თავისი ზუსტი ადგილი აქვს სამყაროს ქსოვილში.
შენ იტანჯები ტყვეობაში, მაგრამ შენ სიტყვას უბოძებ ლექსს“. სიზმარში ღმერთმა გააცისკროვნა
ცხოველის მოუქნელი ტვინი, ლეოპარდი მიხვდა მიზეზებს და მიიღო საკუთარი ხვედრი, თუმცა,
გაღვიძებულმა, თავის თავში მხოლოდ ბნელი შეგუება, მხოლოდ ძალუმი უმეცრება დაინახა,
რადგანაც სამყაროს მექანიზმი მეტისმეტად რთულია ველური ნადირის სიმარტივისთვის.
რამდენიმე წლის შემდეგ დანტე რავენაში გარდაიცვლებოდა, ისევე მარტოდ და უპატიებლად,
როგორც ნებისმიერი სხვა კაცი. სიზმარში ღმერთმა გაანდო მისი ცხოვრებისა და შემოქმედების
ფარული მიზანი. გაოგნებულმა დანტემ, ბოლოს და ბოლოს, შეიტყო, ვინ იყო და რას
წარმოადგენდა, და დალოცა სიმწარე თავისი ცხოვრებისა. ლეგენდა ამბობს: გაღვიძებულ დანტეს
უგრძნია, რომ მიუღია და დაუკარგავს რაღაც უსასრულო, რაღაც ისეთი, რასაც ვერასდროს
დაიბრუნებდა, შორიდანაც კი ვეღარ მოჰკრავდა თვალს, რადგანაც სამყაროს მექანიზმი
მეტისმეტად რთულია ადამიანთა სიმარტივისთვის.

ბორხესი და მე
ის - მეორე ვიღაც, რაღაცები რომ ემართება - ბორხესია. მივაბიჯებ ბუენოს-აირესში, ვჩერდები
(ამჯერად, შესაძლოა, მექანიკურად) და შესასვლელის თაღსა და შიდა კარს ვუყურებ. ბორხესის
ამბები ფოსტით მომდის, ან კიდევ მის სახელს სასწავლო სესიებზე თუ რომელიმე ბიოგრაფიულ
ლექსიკონში ვხედავ. ჩემი გემოვნება იხრება ქვიშის საათების, რუკების, XVIII საუკუნის
შრიფტების, ყავის გემოს, ეტიმოლოგიებისა და რობერტ ლუის სტივენსონის პროზისკენ. ბორხესი
იზიარებს ამ სიმპათიებს, თუმცა - ამაოდ, რაც ამ ყველაფერს მსახიობის აქსესუარებად აქცევს.
გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ მტრული ურთიერთობა გვაქვს. მე ვცხოვრობ, თავს
უფლებას ვაძლევ ვიცხოვრო, რათა ბორხესმა ქსოვოს თავისი ლიტერატურა, რომელიც ჩემი
გამართლებაა. ხალისით ვაღიარებ, რომ მან არაერთი გვარიანი რამ დაწერა, მაგრამ ეს ნაწერები მე
ვერ მიშველის. იქნებ იმიტომ, რომ მათი სიკეთე არც ერთ ცალკეულ პირს აღარ ეკუთვნის, თვით
იმ მეორე კაცსაც კი, არამედ უფრო თვით ენას ან ტრადიციას. ამის მიღმა მე განწირული ვარ -
სრულებით და გარდაუვალად - დავიწყებაზე და მხოლოდ სწრაფწარმავალი მომენტებია, რაც იმ
მეორეს დარჩება ჩემგან. ნელ-ნელა ყველაფერს მას გადავცემდი ხოლმე, თუმცა ვიცოდი, როგორ
შეეძლო გაებერა და დაემახინჯებინა ყველაფერი. სპინოზას რწმენით, ყველა საგანს სურს,
განაგრძოს ყოფნა იმად, რაც არის: ქვას მარადიულად ქვად დარჩენა უნდა, ვეფხვს ვეფხვად. მე
გავძლებ ბორხესში, არა ჩემს თავში (თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ვარ საერთოდ), თუმცა ჩემს თავს
მის წიგნებში უფრო ნაკლებად ვპოულობ, ვიდრე მრავალ სხვაში ან, თუნდაც, გიტარის მოსაწყენ
ჟღარუნში. წლების წინ ვცადე, გავთავისუფლებულიყავი მისგან და ქალაქის ჯურღმულებისა და
გარეუბნების მითოლოგიებიდან გადამენაცვლა თამაშებში დროსა და უსასრულობასთან. მაგრამ
ეს თამაშები ახლა ბორხესს ეკუთვნის და მეც სხვა რამე უნდა მოვიფიქრო. ამდენად, ჩემი
ცხოვრება პუნქტი-კონტრაპუნქტია, ერთგვარი ფუგა, წასვლა-მინავლება. და, საბოლოოდ,
ყველაფერი მეკარგება, ყველაფერი დავიწყებაში ცვივა, ან - იმ მეორე კაცის ხელებში.
ზუსტად ვერც კი ვიტყვი, რომელი ჩვენგანი ავსებს ამ ფურცელს ახლა.

129
მუზეუმი

სიზუსტე მეცნიერებაში
იმ იმპერიაში კარტოგრაფიის ხელოვნებამ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ერთი
პროვინციის რუკა მთელი ქალაქის სივრცეს იჭერდა. თანდათანობით ის არაკეთილსინდისიერად
შედგენილი რუკები აღარავის აკმაყოფილებდა. კარტოგრაფმა გილდებმა შექმნეს იმპერიის რუკა,
რომელიც თვით იმპერიის ზომისა იყო და ყოველი გოჯით თანხვდებოდა ამ უკანასკნელს.
მომდევნო თაობებმა, არცთუ თავიანთი წინაპრებივით გატაცებულებმა კარტოგრაფიით,
დაინახეს, რომ ეს ვეებერთელა რუკა უსარგებლოა, და შეუბრალებლად მიანებეს მზისა და
ზამთრის გამომფიტავ ზემოქმედებას. დასავლეთის უდაბნოებში დღემდე შემორჩენილია იმ
რუკის ნაფლეთები - ნადირებისა და მათხოვრების თავშესაფარი. მთელ დუნიაზე სხვაგან არსად
მოიპოვება გეოგრაფიული დისციპლინების რაიმე სხვა ნაშთი.
სუარეს მირანდა, „გონიერ კაცთა მოგზაურობები“, წიგნი IV, თავი XLV, ლერიდა, 1658

In Memoriam, J.F.K.
[159]
ეს ძველი ტყვიაა.
1897 წელს ის ურუგვაის პრეზიდენტს ესროლა ახალგაზრდა კაცმა მონტევიდეოდან, აველინო
არედონდომ, რომელმაც გრძელი კვირები გაატარა ისე, რომ არავინ მოხვედრია თვალში, და
ამიტომაც ქვეყნიერებას შეეძლო ეთქვა, მარტოკა მოქმედებდაო. ოცდაათი წლის წინ იმავე
ტყვიით მოკლა ლინკოლნი კრიმინალურმა ან მაგიურმა ხელმა მსახიობისა, რომელიც შექსპირის
სიტყვებმა მარკუს ბრუტუსად - კეისრის მკვლელად - აქცია. შუა XVII საუკუნეში შურისძიებამ ეს
ტყვია გამოიყენა შვედეთის გუსტავუს ადოლფუსის მკვლელობისთვის შუა სახალხო შეტაკებაში.
უფრო ადრეულ საუკუნეებში ტყვიის როლს სხვა რამეები ასრულებდა, რაკი პითაგორული
მეტამფსიქოზი მხოლოდ კაცობრიობისთვის არ შექმნილა. აღმოსავლეთში ეს იყო აბრეშუმის
თოკი ვეზირებისთვის; თოფები და ხიშტები, რომლებმაც მოცელეს ლამოს დამცველები; სამკუთხა
ფხა-პირი, რომელმაც ყელი გამოსჭრა დედოფალს; ხის ჯვარი და შავი ლურსმნები, რომლებმაც
გამსჭვალეს მაცხოვრის სხეული; კართაგენის მეთაურის მიერ თითზე გაკეთებულ ბეჭედში
შენახული შხამი; თასი აუმღვრეველი საწამლავით, სოკრატემ რომ გამოცალა ერთ საღამოს.
დროების გარიჟრაჟზე ეს იყო კაენის მიერ აბელისთვის ნასროლი ქვა, მომავალში კი იქნება
მრავალი ისეთი რამ, რასაც სადღეისოდ ვერც კი წარმოვიდგენთ, მაგრამ რასაც შეეძლება, ბოლო
მოუღოს ადამიანებს და მათ საოცარ, მყიფე ცხოვრებას.

ბოლოთქმა
ღმერთმა ინება, რომ წინამდებარე ნარევის შინაგანი ერთფეროვნება (რომელიც დრომ შეადგინა,
არა მე, და რომელშიც თავი მოიყარა ძველმა ნაწერებმა, რომელთა გადასახედად გამბედაობა აღარ
მეყო, რადგან სხვადასხვა ლიტერატურული კონცეფციით შეიქმნა) ნაკლებად თვალში საცემია,
ვიდრე მისი სუბიექტების გეოგრაფიულ-ისტორიული მრავალფეროვნება. ყველა იმ წიგნში,
რომლებიც დასაბეჭდად გამიგზავნია, არც ერთი არ არის იმდენად პირადული, რამდენადაც ეს
ჭრელი, არაორგანიზებული ანთოლოგია. სწორედ იმიტომ, რომ აქ უხვად გხვდება რეფლექსიები
და ჩანართები. ცოტაოდენი რამ მე თვითონ გადამხდა, ბევრი კი სადღაც-სადღაც ამოვიკითხე.
მაგრამ ცოტა რამ შემხვედრია უფრო მეტად სამახსოვრო, ვიდრე შოპენჰაუერის ფილოსოფია ან
ინგლისის ვერბალური მუსიკა.
ადამიანი იწყებს ქვეყნიერების ხატვას. გადის წლები, ის სივრცეს ავსებს პროვინციებით,
სამეფოებით, მთებით, ყურეებით, გემებით, კუნძულებით, თევზებით, ოთახებით, ცხენებით,
ვარსკვლავებითა და ადამიანებით, ხოლო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აღმოაჩენს, რომ
ხაზების ეს მრავლისდამთმენი ლაბირინთი მისივე სახის ნაკვთებია.
ხ.ლ.ბ.
ბუენოს-აირესი, 31 ოქტომბერი, 1960

სქოლიო

[1] ფიქცია (ლათ.) - 1. მოგონილი, შეთხზული რამ. 2. სინამდვილის შეუფერებელი, გამოგონილი

130
მდგომარეობა, რომელსაც რაიმე მიზნით იყენებენ, როგორც ნამდვილს.
[2] „სური“ - ლათინური ამერიკის ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ჟურნალი, რომელშიც
დაიბეჭდა ბორხესის არაერთი თხზულება, ლექსი და ესე.
[3] პროტაგონისტი (ბერძნ.) - ძველ ბერძნულ ტრაგედიაში მთავარი როლის შემსრულებელი
მსახიობი.
[4] რამოს მეია - ბუენოს-აირესის კვარტალი, სადაც განთავსებული იყო მდიდართა საკვირაო
სახლები. ამჟამად - ინდუსტრიული რაიონი.
[5] ადოლფო ბიოი კასარესი (დაბ. 1914 წ.) - არგენტინელი ნოველისტი, ბორხესის უახლოესი
მეგობარი. მათ მწერლურ ურთიერთგავლენას, სულ ცოტა, ერთი მთელი წიგნი უნდა მიეძღვნას.
[6] კოპულაცია (ბიოლ.) - ორი ინდივიდის თანაყოფა სქესობრივი აქტის დროს.
[7] მასტრონარდი, კარლოს (1901-1976) - პოეტი, ესეისტი და ჟურნალისტი, ბორხესის მეგობარი.
[8] იბარა, ნესტორ (დაიბ. 1908 წ.) - არგენტინელი მამის ვაჟიშვილმა (მამამისი, თავის მხრივ,
ფრანგი ბასკის ძე იყო) ფრანგულად თარგმნა ბორხესის ლექსები, რითაც დიდად შეუწყო ხელი ამ
უკანასკნელის მსოფლიო აღიარებას.
[9] ეზეკიელ მარტინეს ესტრადა (1895-1964) - XX საუკუნის 30-იანი წლების გავლენიანი მწერალი.
[10] პიერ-ეჟენ დრიე ლა როშელი (1893-1945) - საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული
ჟურნალის „ნუველ რევიუ ფრანსეზის“ რედაქტორი განსაზღვრულ პერიოდში. ამ ჟურნალში
იბეჭდებოდა XX საუკუნის პირველი სამი ათწლეულის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი
ავტორი. 1933 წელს ლა როშელი ეწვია არგენტინას და აღიარა ბორხესის გენია.
[11] რეიესი, ალფონსო (1889-1959) - მექსიკელი პოეტი და ესეისტი, მექსიკის ელჩი არგენტინაში,
თავისი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანისტი ამერიკაში და ბორხესის მეგობარი.
[12] ex urgu leonem (ლათ.) - ლომი ბრჭყალებით ამოიცნობა.
[13] „ქსულ სოლარი“ - ფსევდონიმია ალეხანდრო შულცისა (1887-1963), ბორხესის განუყრელი
მეგობრის, მხატვრისა და ერთგვარი „შემოქმედებითი ლინგვისტისა“.
[14] მორფეუსი - ძილის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.
[15] reduction ad absurdum (ლათ.) - აბსურდამდე დაყვანა.
[16] homme des letters (ფრანგ.) - ბელეტრისტი.
[17] ამფორა (ლათ.) - ძველ საბერძნეთსა და რომში: თიხის ვიწროყელიანი ორყურა დიდი ჭურჭელი
ღვინის, ზეთისა და სხვა სითხის შესანახავად.
[18] ამორიმი, ენრიკე (1900-1960) - ურუგვაელი რომანისტი, ბორხესის ნათესავი მეუღლის
მხრიდან.
[19] მილონგა - ესპანური წარმოშობის სიმღერა, მუსიკა, ცეკვა.
[20] პარსია - ზოროასტრული რელიგიის აღმსარებელი ინდოეთსა და პაკისტანში.
[21] ამ წერილის წერის დროს მე მივმართე „ფრინველთა საბჭოს (პარლამენტი ხომ არ
აჯობებდა?)“, დაწერილს სპარსი მისტიკოსი პოეტის, ფარიდ ალ-დინ აბი ჰამიდ მუჰამად ბენ
იბრაჰიმის მიერ (ცნობილია ატარის, ანუ „პარფიუმერის“ სახელით), რომელიც მოკლეს ტულუის -
ჩინგიზ ხანის ვაჟის - ჯარისკაცებმა ნიშაპურის გაძარცვის დროს. ალბათ უპრიანი იქნება,
შევაჯამო ეს პოემა. ფრინველთა შორეული მეფის, სიმურგის, ერთი ულამაზესი ბუმბული
ჩინეთის ცენტრში ვარდება. იმჟამინდელი ანარქიით დაღლილი სხვა ფრინველები გადაწყვეტენ,
იპოვონ ეს მეფე. იციან, რომ მისი სახელი ნიშნავს „ოცდაათ ფრინველს“ და რომ მისი სასახლე
კაფის მთებში დგას, მთებში, რომლებიც გარს ევლებიან დედამიწას. ფრინველები თითქმის
უსასრულო თავგადასავალს იწყებენ: გადაივლიან შვიდ wadis-ს ანუ შვიდ ზღვას. ბოლოსწინა
ადგილს ჰქვია თავბრუსხვევა, უკანასკნელს - განადგურება. მრავალი მომლოცველი უარს ამბობს
ძებნაზე, სხვები მოგზაურობის დროს იღუპებიან. ბოლოს და ბოლოს, დიდი ძალისხმევისგან
განწმენდილი ოცდაათი ფრინველი მიაღწევს იმ მთას, რომელზეც ცხოვრობს სიმურგი.
ფრინველები პირველად ხედავენ მას, ხედავენ, რომ თვითონ არიან სიმურგი, სიმურგი კი -
თითოეული მათგანი და ყველა ერთად („ენეადებში“ პლოტინიც აღნიშნავს იდენტობის
პრინციპის სამოთხისებურ გაფართოებაზე: „ყველაფერი ნათელ ზეცაში არის ყველგან.
თითოეული საგანი ყველა საგანია. მზე ყველა ვარსკვლავია, თითოეული ვარსკვლავი - ყველა

131
ვარსკვლავი და მზე“). „ფრინველთა საბჭო“ ფრანგულად თარგმნა გარსინ დე ტასიმ, ინგლისურად
- ედვარდ ფიცჯერალდმა. ამ შენიშვნისთვის რჩევა ვკითხე რიჩარდ ბარტონის „1001 ღამეს“ და
მარგარეტ სმიტის ნაშრომს „სპარსი მისტიკოსები. ატარი“ (1932).
პარალელები ამ პოემასა და მირ ბაჰადურ ალის რომანს შორის გადაჭარბებული არ არის. XX
თავში, სპარსი წიგნითმოვაჭრის მიერ ალ-მუ’ტასიმისთვის მიკუთვნებული რამდენიმე სიტყვა,
შესაძლოა, მთავარი პერსონაჟის მიერ ნათქვამი სიტყვების გავრცობაა. ეს და სხვა ორაზროვანი
მსგავსებები, შესაძლოა, მიანიშნებენ მძებნელისა და ძებნილის იდენტობას, ისევე, როგორც იმას,
რომ ძებნილი უკვე ზემოქმედებს მძებნელზე. სხვა თავი მიგვანიშნებს, რომ ალ-მუ’ტასიმი ის
„ინდოელია“, რომელიც სტუდენტ-იურისტს ჰგონია, რომ მოკლა.
[22] Oeuvre nonpareil (ფრანგ.). - შეუდარებელი ნაშრომი.
[23] ლა კანაბიერი - მარსელის ერთ-ერთი ცენტრალური პროსპექტი.
[24] comment dirai-je (ფრანგ.) - როგორ გამოვთქვა.
[25] а la diable (ფრანგ.) - ჰაიჰარად ნაკეთები, „მისამშაბათებული“.
[26] ბარესი, მორის (1862-1923) - ფრანგი მწერალი. თავის ერთ-ერთ წიგნში აღწერილი აქვს კორიდა.
[27] ლარეტა, ენრიკე როდრიგეს (1875-1962) - ფრანგი მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი.
[28] კონკისტადორები (ესპ.) - 1. XV-XVI საუკუნეებში ესპანელი და პორტუგალიელი დამპყრობნი
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკისა. იმონებდნენ და მუსრს ავლებდნენ ადგილობრივ ინდიელ
ტომებს. 2. იტყვიან საერთოდ დამპყრობლებზე, მოძალადეებზე.
[29] აუტოდაფე (პორტუგ.) - შუა საუკუნეებში ესპანეთსა და პორტუგალიაში: ერეტიკოსებისა და
მათ თხზულებათა საჯარო დაწვა ინკვიზიციის განაჩენის მიხედვით.
[30] „სალამბო“ - გუსტავ ფლობერის ისტორიული რომანი.
[31] „Imitatio Christi“ - „ქრისტეს მიბაძვა“ - დასავლური სულიერების ერთ-ერთ კლასიკური ტექსტი
(ვრცელდებოდა 1425-1640 წლებში 800 ხელნაწერ და 740 სხვადასხვა ნაბეჭდ ეგზემპლარად).
[32] გიმელის ნიშანი - Gymel - ებრაული ანბანის მესამე ასო.
[33] ალეფის ნიშანი - Aleph - ებრაული ანბანის პირველი ასო.
[34] novus ordo seclorum (ლათ.) - საუკუნეთა ახალი წესრიგი.
[35] manqu (ფრანგ.) - ვერშემდგარი.
[36] ab èternintate (ლათ.) - მარადიულად.
[37] არსებობს ოცდახუთი ორთოგრაფიული სიმბოლო - თავდაპირველ ხელნაწერში არც ციფრებია
და არც ასომთავრულები. პუნქტუაცია შემოიფარგლება მძიმით და წერტილით. ეს ორი სასვენი
ნიშანი, სიტყვათშორისი ინტერვალი და ანბანის ოცდაორი ასო წარმოადგენს ოცდახუთ საკმარის
სიმბოლოს, რომლებსაც გულისხმობს უცნობი ავტორი.
[38] ზედა ექვსკუთხედის - უწინდელ დროში ყოველ სამ ექვსკუთხედს ერთი კაცი
ხელმძღვანელობდა. თვითმკვლელობებმა და ფილტვების სნეულებებმა დაარღვია ეს პროპორცია.
ენითუთქმელად მელანქოლიური მოგონება: ზოგჯერ ზედიზედ რამდენიმე ღამის განმავლობაში
მიმოგზაურია დერეფნებში და გაპრიალებულ კიბეებზე და ერთ ბიბლიოთეკარსაც არსად
გადავყრივარ.
[39] ბასილიდები - ადრეულქრისტიანული გნოსტიკური მიმდინარეობის წევრები.
[40] წმინდა ბიდი ან ღირსი ბიდი (ძველინგლისურად ბედა) (673-735), - ინგლისელი ბერი,
რომელსაც უწოდებენ ინგლისის ისტორიის მამას, იყო წმინდა პეტრეს ნორთუმბრიის მონასტრის
ბერი, დახვეწილი ლინგვისტი და ეკლესიის მამების წმინდა ტექსტების მთარგმნელი
ლათინურიდან და ბერძნულიდან.
[41] ვიმეორებ: იმისათვის, რომ ასეთმა წიგნმა იარსებოს, საკმარისია, ეს შესაძლებელი იყოს.
გამორიცხულია მხოლოდ შეუძლებელი. მაგალითად, არც ერთი წიგნი არ არის იმავდროულად
კიბე, თუმცა უეჭველად არსებობს წიგნები, რომლებიც განიხილავს, უარყოფს ან ამტკიცებს ამ
შესაძლებლობას, და ისეთებიც, რომელთა სტრუქტურა შეესატყვისება კიბისას.
[42] ex hypothesi (ლათ.) - ჰიპოთეზის მიხედვით.

132
[43] ლეტიცია ალვარეს დე ტოლედოს დაკვირვებით, დიდი ბიბლიოთეკა აზრს მოკლებულია.
მკაცრად თუ ვიტყვით, საჭიროა ჩვეულებრივი ზომის ერთადერთი წიგნი, ცხრა ან ათიანი ზომის
შრიფტით დაბეჭდილი, შემდგარი უსასრულო რაოდენობის უსასრულოდ თხელი ფურცლებისგან
(XVII საუკუნის დასაწყისში კავალიერიმ განაცხადა: ნებისმიერი მყარი სხეული ურიცხვი
რაოდენობის სიბრტყეთა ზედდებას წარმოადგენსო). ამ აბრეშუმის გზამკვლევის გამოყენება
ადვილი არ იქნება: ყოველი ხილული ფურცელი ასეთივე ფურცლებს გადაშლის, ხოლო
წარმოუდგენელ შუა ფურცელს უკანა მხარე არ ექნება.
[44] უცნაური და საძაგელი ვარაუდია. პრუსიელმა ჯაშუშმა ჰანს რაბენერმა, მეტსახელად ვიქტორ
რუნებერგმა, ავტომატური პისტოლეტი მიუშვირა თავის დამპატიმრებელ ოფიცერს, კაპიტან
რიჩარდ მადენს. ამ უკანასკნელმა თავდაცვის მომენტში რაბენერს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა,
რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა.
[45] connoisseur (ფრანგ.) - მცოდნე.
[46] „Hung Lu Meng“ - „წითელი ოთახის სიზმარი“, შეიქმნა XVIII საუკუნის შუა წლებში და
მიჩნეულია ჩინური კლასიკის ოთხი დიდი რომანიდან ერთ-ერთად.
[47] სინოლოგია - ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ენებისა და კულტურის შემსწავლელ
მეცნიერებათა ერთობლიობა; ჩინეთმცოდნეობა.
[48] ხასიდები, ანუ ებრაულად „ღვთისმოსავები“ - მიეკუთვნებიან განსაკუთრებულ მოძრაობას
ორთოდოქსულ იუდაიზმში. მოძრაობამ, დაფუძნებულმა ებრაელ მისტიკოსთა მიერ XVIII
საუკუნის შუა პერიოდში, სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა საზოგადოების ყველა ფენაში.
ხასიდებს იზიდავდათ ამ მოძრაობისთვის ნიშანდობლივი სიხარული, რწმენა და ექსტაზური
ლოცვა, თანხლებული სიმღერითა და ცეკვით.
[49] ვნებისყვავილი (Passiflora) - თბილი რეგიონების მარადმწვანე, მცოცავი მცენარე, რომლის
დამახასიათებელ ყვავილებს ჯვარცმის ინსტრუმენტების ფორმები აქვს.
[50] ბანდა ორიენტალი - რივერ-პლეიტის „აღმოსავლეთი მხარე“ - ურუგვაის ძველი სახელი, სანამ
ის დამოუკიდებელი ქვეყანა გახდებოდა.
[51] პედრო ლეანდრო იპუჩე - ახალგაზრდა ბორხეს-ულტრაისტის მეგობარი, რომელთან ერთადაც
იგი გამოსცემდა ლიტერატურულ ჟურნალს „პრივა“.
[52] ფრაი ბენტოსი - პატარა ქალაქი მდინარე ურუგვაიზე.
[53] „De viris illustribus“ (ლათ.) - „გამოჩენილ კაცთა შესახებ“.
[54] „Thesaurus“ (ლათ.) - „საგანძური“.
[55] „Naturalis historia“ (ლათ.) - „ბუნების ისტორია“.
[56] „Gradus ad Parnassum“ (ლათ.) - „ასვლა პარნასზე“.
[57] ut nihil non iisdem verbis redderetur auditum (ლათ.) - რათა ყველაფერი ხელახლა მოისმინოს ამ
სიტყვებიდან.
[58] raison d’кtre (ფრანგ.) - არსებობის უფლება.
[59] ოცდაცამეტი ურუგვაელი პატრიოტი - შეფიცულ პატრიოტთა ჯგუფი, რომლებმაც, ხუან
ანტონიო ლავალეიას მეთაურობით, გადაცურეს რივერ პლეიტი, რათა „ბანდა ორიენტალი“ (ანუ
ურუგვაი) გაეთავისუფლებინათ ესპანელებისგან. სიმამაცის ამ გმირობამ ყოვლად
წარმოუდგენელ პირობებში უკვდავყო მათი სახელი და დაუმკვიდრა საპატიო ადგილი სამხრეთ
ამერიკის მითოლოგიაში.
[60] კონოთი - პროვინცია ირლანდიაში.
[61] „C’est une affaire flambйe“ (ფრანგ.) - „დაღუპული საქმეა“.
[62] ტეტრაგრამატონ - იმ ღმერთის სახელი ებრაულად, რომელიც მოსეს მოევლინა სინაის მთაზე,
ებრაელთათვის - მეტისმეტად წმინდა სიტყვა საიმისოდ, რომ ბაგეებით გამოითქვას. მას,
ჩვეულებრივ, ენაცვლება იეღოვ ან იაჰყვე. არსებობს მისი შემოკლებული ფორმაც: ტეტრაგრამ.
[63] Philologus hebrњgrњcus (ლათ.) - ებრაულ-ბერძნული ფილოლოგიის სპეციალისტი.
[64] ბეიდიკერი, კარლ - ისტორიული ადგილების გზამკვლევთა გამომცემელი.

133
[65] გოიმი (Goym) - მრავლობითი ფორმა სიტყვა-სახელისა Gოყ - ებრაულ-ბიბლიური ტერმინის,
რომელიც ნიშნავს „ერს“. რომაელებთან მიიღო აგრეთვე არაებრაელის მნიშვნელობა, უფრო
მოგვიანებით კი იდიშის - გერმანული ჯგუფის ერთ-ერთი ენისა.
[66] ანშლუსი - პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება, სახელდობრ - ავსტრიის ანექსია
ნაცისტური გერმანიის მიერ 1938 წელს.
[67] rencourager les autres (ფრანგ.) - სხვების (დანარჩენების) გასამხნევებლად.
[68] მაიმონიდი, მოშე ბენ მაიმონ, იგივე მოსე მაიმონიდი (1135-1204) - შუა საუკუნეების ერთ-ერთი
უდიდესი ებრაელი ფილოსოფოსი, თორას აღიარებული მცოდნე და მკურნალი-ფიზიოლოგი.
[69] Liber adversus omnes hњreses (ლათ.) - წიგნი ყველა ერესის საწინააღმდეგოდ.
[70] „Kristus och Judas“ (შვედ.) - „ქრისტე და იუდა“.
[71] „Den heimliche Heiland“ (გერმ.) - „ფარული მაცხოვარი“.
[72] Ergo (ლათ.) - აქედან გამომდინარე.
[73] დოკეტიზმი - ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში გავრცელებული ერესი, რომლის მიხედვითაც
ქრისტეს ადამიანური ბუნება, მისი ტანჯვა და სიკვდილი უფრო მოჩვენებითი იყო, ვიდრე
რეალური.
[74] ad majorem Dei gloriam (ლათ.) - ღვთის უმეტესი დიდებისთვის.
[75] ეუკლიდეს და კუნჰა (1866-1909) - სახელგანთქმული ბრაზილიელი მწერალი.
[76] ანტონიო დე კონსელეირო (1828-1897) - ბრაზილიელი რელიგიური დისიდენტი.
[77] ალმაფუერტე -პედრო ბონიფაციო პალაციოს (1854-1917), არგენტინის ერთ-ერთი უსაყვარლესი
პოეტის ფსევდონიმი.
[78] impeccabilitas (ლათ.) - უზადო (უცოდველი).
[79] humanitas (ლათ.) - ადამიანური.
[80] მაურუსი, ჰრაბანუს (780-856) - ფრანკული წარმოშობის ბენედიქტელი ბერი, მაინცის
არქიეპისკოპოსი და თეოლოგი.
[81] გრეგოროვიუსი, ფერდინანდ (1821-1891) - გერმანელი ისტორიკოსი, შუა საუკუნეების რომის
ისტორიის სპეციალისტი.
[82] მოკლოსიჩი, ფრანც რიტერ ფონ (1813-1891) - გერმანელი ლინგვისტი.
[83] ჰაზლიტი, უილიამ (1778-1830) - ინგლისელი მწერალი, ცნობილი ჰუმანისტური ესეებითა და
ლიტერატურული კრიტიკით. იყო აგრეთვე ხელოვნების კრიტიკოსიც.
[84] Orbis terrarium est speculum Ludi (ლათ.) - დედამიწა თამაშის სარკეა.
[85] შარლ დიუ ფრესნი, ანუ მუსიე დუკანჟი (1610-1688) - გამოჩენილი ფილოლოგი, შუა
საუკუნეებისა და ბიზანტიის ისტორიკოსი.
[86] სიმონე ვეილი, ფრანგული გამოთქმით სიმონ ვეი (1909-1943) - ფრანგი ფილოსოფოსი,
ქრისტიანი მისტიკოსი და სოციალური აქტივისტი.
[87] მაკაო - აომინის (ტერიტორია ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე) პორტუგალიური
სახელწოდება.
[88] ტრიგლოდიტი (ბერძნ.) - 1. (ანთროპ.) - პირველყოფილი ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში
ცხოვრობდა; 2. იტყვიან ველურ, უკულტურო ადამიანზე ანდა ბნელეთის მოციქულზე.
[89] ცენტურიონი (ლათ.) - ძველ რომში ცენტურიის უფროსი, მეთაური. ცენტურია (ლათ.) - 1.
ლეგიონის ნაწილი, სამხედრო ქვეგანაყოფი, რომელიც პირველ ხანებში 100 კაცისგან შედგებოდა.
2. მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც იქმნებოდა მოსახლეობის დაყოფისას ქონებრივი ცენზის
მიხედვით.
[90] კაჭარი - ქანის მონატეხი დიდი ქვა, ოდნავ მომრგვალებული და გახეხილი.
[91] ფრონტონი (ფრანგ.) - (არქიტ.) შენობის ფასადის ზემოთა, ჩვეულებრივ სამკუთხა ნაწილი,
რომელიც შემოსაზღვრულია ორმხრივ დაქანებული სახურავითა და კარნიზით.

134
[92] ფორუმი (ლათ.) - ძველ რომში: მოედანი, სადაც იმართებოდა სახალხო კრებები და სხვა
თავყრილობანი.
[93] ფრიზი (ფრანგ.) - (არქიტ.) ანტაბლემენტის შუა ნაწილი. ანტაბლემენტი (ფრანგ.) - შენობის
ზედა ჰორიზონტალური ნაწილი.
[94] კაპიტელი (ლათ.) - (არქიტ.) - კოლონის ზედა ნაწილი, თავი.
[95] ჰეტეროგენური (ბერძნ.) - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით სხვადასხვანაირი
(საპირისპირო).
[96] კორიბანტები - ქალღმერთ კიბელას ექსტაზური მროკავები.
[97] რაფსოდია (ბერძნ.) - 1. ინსტრუმენტული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია ხალხური
სიმღერებისა და ცეკვების თემებზე. 2. ძველ საბერძნეთში ეპიკური ნაწარმოების ნაწყვეტი,
რომელსაც რაფსოდი (მოხეტიალე მომღერალი) ასრულებს.
[98] ეკლოგა (ბერძნ.) - ანტიკურ და შემდეგ ევროპულ პოეზიაში: ლექსი მწყემსების ცხოვრების
თემაზე, იდილიის მსგავსი.
[99] ერიტრეას სანაპირო - ამ ადგილას ხელნაწერი ნაწილობრივ წაშლილია და, შესაძლოა, პორტის
სახელი არ ჩანს.
[100] ერნესტო საბატო გვეუბნება, რომ „ჯამბატისტა“, რომელიც „ილიადას“ პირველწყაროებს
განიხილავს ბიბლიოგრაფიული იშვიათობებით მოვაჭრე ჯოზეფ კარტაფილუსთან საუბარში,
არის ჯამბატისტა ვიკო - იტალიელი, რომელიც ემხრობოდა თვალსაზრისს, რომ ჰომეროსიც
ისეთივე სიმბოლური ფიგურაა, როგორიც პლუტონი ან აქილევსი.
[101] პაზო დელ მოლინო - დაბალი და საშუალო კლასისთვის განკუთვნილი რაიონი
მონტევიდეოს გარეთ.
[102] გაუჩო (ესპ.) - არგენტინასა და ურუგვაიში: ეთნიკური ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნა XVI-
XVII საუკუნეებში ესპანელთა შეუღლებით ინდიელ ქალებთან. აქ: პამპაში (ველი ამერიკის
ზომიერ სარტყელში) მცხოვრები მწყემსი, კოვბოი.
[103] მატე (ესპ.) - სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მარადმწვანე ხე (სხვანაირად, პარაგვაის
ჩაი); ამ ხის გამხმარი ფოთლები, რომლებისგანაც სამხრეთ ამერიკაში ჩაის მსგავს სასმელს
აყენებენ; თვით ეს სასმელი; გოგრისგან დამზადებული პატარა ჭურჭელი ამ სასმლის დასალევად.
[104] მილონგა - სამხრეთამერიკული სიმღერა, ცეკვა, მუსიკა.
[105] Civitas Dei - „უფლის ქალაქი“ (ნეტარი ავგუსტინეს ტრაქტატი).
[106] ერესი (ბერძნ.) - 1. რელიგიური მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგება გაბატონებული
რელიგიის საეკლესიო დოგმატებს; მწვალებლობა. 2. (გადატან.) გაბატონებული ან საყოველთაოდ
მიღებული შეხედულებისგან, წესისგან გადახვევა, განდგომა; ცდომილება.
[107] De septima affectione Dei sive de aeternitate (ლათ.). - ღვთის მეშვიდე გულმოწყალების ანუ
მარადისობისთვის.
[108] lumen naturæ (ლათ.) - ბუნების სინათლე.
[109] Topographia christiana - ქრისტიანული ტოპოგრაფია.
[110] „Adversus Annulares“ (ლათ.) - „ანულარების წინააღმდეგ“.
[111] CONTEMPSIT CAROS DUM NOS AMAT ILLE PARENTS (ლათ.) - სანამ ჩვენ ვუყვარვართ, ის
ძვირფას მშობლებს არად აგდებს.
[112] TERRIBILIS VISU FACIES SED MENTE BENIGNUS, / LONGAQUE ROBUSTO PECTORE BARBA
FUIT (ლათ.) - შესახედავად საზარელი, მაგრამ გონებით ღირსეული და გრძელი წვერით მტკიცე
მკერდზე.
[113] sub specie жternitatis (ლათ.) - მარადისობის სახით.
[114] CONTEMPIST CAROS DUM NOS AMAT ILLE PARENTES, / HANC PATRIAM REPUTANS ESSE,
RAVENNA, SUAM (ლათ.) - სანამ ჩვენ ვუყვარვართ, ის ძვირფას მშობლებს არად აგდებს, და
მიაჩნია, რომ ესაა რავენა, მისი სამშობლო.
[115] ლიე (ფრანგ.) - სიგრძის ძველებური ფრანგული საზომი. უდრის დაახლოებით 4,5

135
კილომეტრს.
[116] პამპასები - ბალახიანი ტრამალები სამხრეთ ამერიკაში.
[117] მონტონეროები - იმდროინდელ სამოქალაქო ომებში მებრძოლი პარტიზანები (ძირითადად
გაუჩოები).
[118] ლავალი, ხუან გალო (1797-1841) - უნიტარების მხარეზე მებრძოლი არგენტინელი გმირი.
[119] ურკიზა, ხუსტო ხოზე (1801-1870) - არგენტინული კონფედერაციის პრეზიდენტი (1854-1860),
რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის თანამედროვე არგენტინელი ერის ჩამოყალიბების პროცესში.
[120] „Summa Theologica“ (ლათ.) - „უმაღლესი თეოლოგია“ თომა აქვინელის მთავარი ნაშრომის
სახელწოდება.
[121] „De rerum nature“ - „საგანთა ბუნებისათვის“, რომაელი პოეტისა და ფილოსოფოსის,
ლუკრეციუსის თხზულება.
[122] „პერეგრა და პარალიპომენა“ - ართურ შოპენჰაუერის თხზულება.
[123] ავეროე (1126-1288) - ესპანეთში მცხოვრები არაბი ფილოსოფოსი და ექიმი.
[124] „Kitгb al-Ayn“ - მიჩნეულია არაბული ენის პირველ განმარტებით ლექსიკონად.
[125] ჰიუმი, დეივიდ (1711-1776) - შოტლანდიელი ფილოსოფოსი.
[126] ad infinitum (ლათ.) - უსასრულოდ.
[127] მიშნა - თალმუდის უძველესი ნაწილი.
[128] კალე არაოზი - ქუჩა, რომელზეც სახლდებოდნენ გაღატაკებული საშუალო კლასის
წარმომადგენლები.
[129] ტრუკო - ადგილობრივი წარმოშობის ბანქოს თამაში.
[130] ლა კონცეპციონი - დიდი ეკლესია ბარიო სურზე.
[131] იდეფიქსი (ფრანგ.) - აკვიატებული აზრი, იდეა.
[132] „Urkunden zur Geschichte der Zahirsage“ (გერმ.) - „ცნობები ზაჰირის თქმულების ისტორიის
შესახებ“.
[133] მორფეუსი - ძილის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.
[134] პასტორის მიერ ნაამბობი თავისი კათედრიდან (ავტ.).
[135] იუვენალი - I-II საუკუნის რომაელი პოეტი.
[136] „Ultra aurorem et Gangem“ - „განთიადის და განგის გადაღმა“.
[137] ბეკინესი - ძაღლის ჯიში.
[138] „autour... de ma chambre“ (ფრანგ.) - „მოგზაურობა... ჩემი ოთახის გარშემო“.
[139] თუმცა ვიხსენებ ამ სტრიქონებს სატირული ლექსიდან, რომელშიც ის თავს ესხმის ცუდ
პოეტებს: ეს პოეტი ლექსს ქურთუკს აცმევს ერუდიციის, ის - საზეიმო სიუხვის და გარემოების.
ორივე იქნევს უსარგებლოდ თვის ფრთებს უგუნურს, ვერ ჭვრეტს, საბრალო, დიად ფაქტორს:
ლექსის მშვენებას!
მხოლოდ იმაზე ფიქრით, ძლიერი და უმოწყალო მტრების მთელი არმია არ ავიმხედრო, ლექსს
უშიშრად ვერ ვაქვეყნებო, - მითხრა (ავტ.).
[140] multum in parvo (ლათ.) - მრავალი მცირეში.
[141] ინვერნესი - ქალაქი შოტლანდიაში.
[142] ბუენოს-აირესის ორი ვეებერთელა სასაფლაოთაგან ერთ-ერთი.
[143] „მივიღე შენი მგლოვიარე მოლოცვა, - მომწერა მან, - შურით დამცინი, ჩემო საბრალო
მეგობარო, მაგრამ მოგიწევს აღიარება (თუმცა სიტყვები ყელში გეჩხირება!), რომ ამჯერად მე ჩემი
ქუდი ყველაზე მეწამული ბუმბულებით შევამკე, ჩემი ჩალმა - ყველაზე ხალიფური ლალებით“.

136
[144] ლეოპოლდო ლუგონესი (1874-1938) - არგენტინელი პოეტი.
[145] Ibant obscuri sola sub nocte per umbram - ეულად მიდიოდნენ ღამეში გახვეული ჩრდილები
(ჰეკზამეტრი „ენეიდებიდან“).
[146] რეკოლეტა - ელიტარული სასაფლაო ბუენოს-აირესის ცენტრთან ახლოს.
[147] Agumrnetum Ornithologicum (ლათ.) - ორნითოლოგიური არგუმენტი.
[148] პერონი, ხუან დომინგო (1895–1974) - არგენტინის პრეზიდენტი, რომელსაც ნაადრევად
გარდაეცვალა მეუღლე, მარია ევა დუარტე დე პერონი.
[149] კიროგა, ხუან ფაკუნდო (1793-835) - სისასტიკით ცნობილი ფედერალისტი გენერალი.
[150] ხუან მანუელ დე როსასი (1793-1877) - არგენტინის დიქტატორი თვრამეტი წლის
განმავლობაში.
[151] „Pero, iche!“ (ესპ.) - დაახლ.. „ეი, მეგობარო!“
[152] Pompora de’ giardin, pompa de’ prato, / Demma di primavera, occhio d’aprile... - ბაღთა მშვენება,
მდელოს ზეიმი, / გაზაფხულის ძვირფასი მარგალიტი, აპრილის თვალი... - ეს სტრიქონები
ეკუთვნის თვით მარინოს (1569-1625).
[153] იტუსაინგო, აიაკუჩო - ადგილები, სადაც XIX საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა
განმათავისუფლებელი ბრძოლები (ესპანეთის დაქვემდებარებისგან).
[154] როგორც ჩანს, იგულისხმება ლეოპოლდო ლუგონესი.
[155] ხაენი - ქალაქი ესპანეთში.
[156] რაგნაროკი (სკანდინავიური მითოლოგია) - ღმერთების საბოლოო განადგურება
კატაკლიზმურ ომში ბოროტებასთან, ახალი წესრიგის დამყარების წინ.
[157] ურენა, პედრო ჰენრიკე - ბორხესის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ვისთან ერთადაც მან
შეადგინა „არგენტინული ლიტერატურის ანთოლოგია“ (1937).
[158] თოთი - მთვარის ღვთაება ეგვიპტურ მითოლოგიაში, ღმერთების მწერალი, განათლებისა და
ხელოვნების მფარველი.
[159] In Memoriam, J.F.K. (ლათ.) - ხ.ფ.კ.-ს ხსოვნას.

137

You might also like