You are on page 1of 5

საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული

დახასიათება

ადამიანთა საზოგადოების ისტორიის მთელ რიგ საკითხთა გასაგებად აუცილებელია


გათვალისწინებულ იქნას კონკრეტული გეოგრაფიული გარემო, რომელიც ბუნებრივ
პირობათა - რელიეფის, კლიმატის, წყლების, ნიადაგების ერთობლიობას წარმოადგენს.
რადგან გეოგრაფიული გარემო ადამიანთა საზოგადოების ცხოვრების ბუნებრივი
საფუძველია, ამიტომ ისტორიული მეცნიერება ამ ბუნებრივ საფუძვლებსა და იმ
სახეცვლილებებს უნდა ითვალისწინებდეს, რომლებსაც იგი ისტორიის მსვლელობაში
ადამიანთა მოღვაწეობის შედეგად განიცდის.
ქართველი ხალხის, ისევე როგორც ყველა სხვა ხალხის განვითარებაზე,
მნიშვნელოვან გავლენას ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო ახდენდა, რომელშიც მას
ათასწლეულთა განმავლობაში უხდებოდა ცხოვრება.
საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე, კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში
მდებარეობს. ერთ დროს კავკასიის მთელი ტერიტორია ზღვით იყო დაფარული.
გეოგრაფიული მოვლენების შედეგად ხმელეთი რამდენჯერმე ამოიზიდა. იყო მძლავრი
ვულკანური ამოფრქვევები. შემდეგ კი ტერიტორიის დიდ ნაწილს ისევ ზღვა ფარავდა.
დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ მთათა წარმომქმნელმა ძალამ კვლავ ხმელეთი
ამოსწია, კასპიის ზღვა შავ ზღვას მოწყდა და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა. როგორც
ევროპაში, ისე აქაც დროდადრო ადგილი ჰქონდა გამყინვარებას, როდესაც კავკასიონის
ქედიდან ბარისაკენ მყინვართა უზარმაზარი მასები მოემართებოდა, რასაც აცივება და
ბუნებრივი პირობების შეცვლა მოჰყვებოდა ხოლმე. საბოლოოდ, რამდენიმე ათეული
ათასი წლის წინ საქართველოში ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო ჩამოყალიბდა,
რომელმაც ადამიანის ზემოქმედების შედეგად, რამდენადმე ცვლილებები განიცადა.
ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით, საქართველოს ტერიტორიას ჰყოფენ სამ
მკვეთრად განსხვავებულ რეგიონად - ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონის ქედის
მაღალმთიან მასივად, სამხრეთით - მცირე კავკასიონის მთიანეთად და მთათა მასივებს
შორის მოქცეულ რიონისა და მტკვრის დაბლობებად. კავკასიონიდან სამხრეთისაკენ
რამდენიმე შედარებით მცირე სიმაღლის ქედი ეშვება, რომელთაგან ლიხის, ანუ სურამის
ქედი საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ჰყოფს.
კოლხეთის დაბლობი სამკუთხედის ფორმისაა. მისი ფუძე შავი ზღვისკენაა
მიქცეული. ზღვისპირა ზოლი ძველად გაუვალი ჭაობით იყო დაფარული. ასე აღწერს
მეცნიერული მედიცინის ფუძემდებელი ჰიპოკრატე (ძვ.წ. V-IV სს.) კოლხეთის დაბლობს:
“ეს ქვეყანა ჭაობიანია, თბილი, წყლით მდიდარი და ხშირი ტყეებით დაფარული. წლის
ყოველ დროს იქ ხშირი და ძლიერი წვიმები მოდის. ადამიანებს საცხოვრებელი ჭაობებში
აქვთ და მათი ხისა და ლერწმის სახლები წყალზეა გამართული. ისინი იშვიათად დადიან
ფეხით ქალაქებსა და ნავსადგურებში (სავაჭრო ადგილებში), სამაგიეროდ დაცურავენ

1
აღმა-დაღმა ერთ ხეში ამოღებული ნავებით, რადგან არხები ბევრია. ისინი თბილსა და
დამდგარ წყალს სვამენ”. იგივე ავტორი მიუთითებს ფასისელთა ანუ კოლხთა კანის
ყვითელ ფერზე, რაც ფართოდ გავრცელებული მალარიიის ნიშანი უნდა ყოფილიყო.
კოლხეთის ჭაობთა უდიდესი ნაწილის დაშრობა და მოსახლეობაში მალარიის
ლიკვიდაცია მხოლოდ XX საუკუნეში განხორციელდა.
მთების მიმართულებით კოლხეთის დაბლობი თანდათან მაღლდება და ზეგანში
გადადის. ეს ადგილები დასასახლებლად და მეურნეობის წარმოებისათვის ხელსაყრელი
იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარიდან აღსანიშნავია ტირიფონისა და მუხრანის
ველები, რომელთაც მცხეთიდან ქვემო ქართლის ბარი და ალაზნის ველი ებმის. ალაზანსა
და მტკვარს შორის ივრის უწყლო ზეგანია, რომლის ერთ ბოლოზე სამგორის, ხოლო
მეორეზე – შირაქ-ელდარის ველებია გადაჭიმული.
საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული კომპლექსის მრავალფეროვნება
განსაზღვრულია ვერტიკალური ზონალობით. ეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნის პირველი
ნახევრის დიდმა ისტორიკოსმა და გეოგრაფმა ვახუშტი ბაგრატიონმა შენიშნა. ძველი და
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია მთისა და ბარის ეკონომიკური ურთიერთობის
ნიშნით მიმდინარეობდა. ეს ურთიერთობა, ძირითადად, შემდეგ საფუძველზე მყარდება:
ბარელებს სჭირდებათ მთის საზაფხულო საძოვრები და სათიბები, ხოლო მთიელებს –
ბარის საზამთრო საძოვრები.
საქართველო მდინარეთა ფართო ქსელით ორადაა გაყოფილი. დასავლეთ
საქართველოს მდინარეები: რიონი, ბზიფი, კოდორი, ფსოუ, ენგური, ცხენისწყალი,
ყვირილა, ძირულა, ხობისწყალი, ტეხური, სუფსა, ჭოროხი შავ ზღვას უერთდება, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოს მდინარე მტკვარი და მისი შენაკადები: ფრონეები, დიდი და
პატარა ლიახვი, ქსანი, არაგვი, ფოცხოვი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ხრამი, იორი,
ალაზანი, ვერე – კასპიის ზღვას.
საქართველოს ჰავა, ისევე როგორც რელიეფი, მრავალფეროვნებით ხასიათდება.
სურამისა და არსიანის მთები გზას უღობავს შავი ზღვიდან მომდინარე ტენიანი ჰაერის
ნაკადებს და საქართველოს კლიმატს ორად ჰყოფს: დასავლეთ საქართველოს თბილი,
ტენიანი ჰავისა და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი, კონტინენტური ჰავის
რეგიონებად. ამ მიზეზით, ქართლ-კახეთში სოფლის მეურნეობისათვის მორწყვას დიდი
მნიშვნელობა აქვს.
შუა საუკუენეებში სარწყავად აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარეა
გამოყენებული. ფართოდ გაშლილი სარწყავი მიწათმოქმედება ინტენსიური
მემინდვრეობისა და მებაღეობა-მევენახეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი
წინაპირობა იყო, რაც განსაზღვრავდა კიდეც ქვეყნის ეკონომიკურ სიმძლავრეს.
საქართველოს მდინარეები ირიგაციის გარდა, ძველთაგანვე ხე-ტყის დასაცურებლად
გამოიყენებოდა, ხოლო რიონი, ყვირილა და მტკვარი – სანაოსნოდ.

2
ანტიკურ ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, ე.წ.
“აბრეშუმის გზა” გადიოდა. ეს გზა ინდოეთიდან კასპიის ზღვამდე მიემართებოდა, იქედან
სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გავლით - მდინარე მტკვრით - სურამის
გადასასვლელით - მდინარე ფასისით (რიონ-ყვირილას მაგისტრალი) შავი ზღვის
სანაპიროებს აღწევდა ქალაქ ფასისთან და შემდეგ ზღვით მცირე აზიისა და ჩრდილოეთ
შავიზღვისპირეთის ქალაქებს უკავშირდებოდა.
შავ ზღვაზე ფასისის (დღევანდელი ფოთი) გარდა, ნავსადგურებად გამოყენებული
იყო, აგრეთვე, დიოსკურია (იგივე სებასტოპოლისი, ცხუმი, სოხუმი) და პიტიუნტი
(ბიჭვინთა). შავი ზღვის ყურეები და მდინარეთა შესართავები ოდითგანვე თევზის სარეწ
ადგილებს წარმოადგენდა.
დიდი სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ტბებსაც: ფარავანს,
ტაბაწყურს, საღამოს, ჯანდარას, კუმისს, ბაზალეთს, პალიასტომს, რიწას.
კავკასიონის ქედზე, საქართველოს ფარგლებში უძველესი დროიდან
საუღელტეხილო გზები: ქლუხორზე, მამისონზე, როკზე, სბაზე, ჯვარზე გადადიოდა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ უკანასკნელზე გამავალ დარიალის ანუ
არაგვის გზას, რომელიც ჩრდილო კავკასიასა და სამხრეთ რუსეთს სამხრეთ კავკასიასა და
მახლობელ აღმოსავლეთთან აკავშირებდა.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო საძოვრების სიუხვე და სივრცე უმთავრესად
საქართველოს სამხრეთ ნაწილისთვისაა დამახასიათებელი. ჩრდილოეთით მდებარე
საზაფხულო საძოვრებს კი, მიწისა და ფართო ვაკე ადგილების სიმცირის გამო, შედარებით
ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა.
სწორედ ამ ეკონომიკურ თავისებურებაშია იმის გასაღები, თუ მცხეთელ-მუხრანელნი
და კახელნი რატომ სარგებლობდნენ ჯავახეთ-თრიალეთის მდიდარი საზაფხულო
საძოვრებით.
მცენარეულ საფარს საქართველოს ტერიტორიის ერთ მესამედამდე უჭირავს. წინათ
ტუფიან მასივებს გაცილებით მეტი ფართობი ეკავა. წერილობითი წყაროები ასახელებს
გაუვალ ტყეებს კოლხეთში, აგრეთვე ტყეებს თბილისის შემოგარენსა და მუხრანში.
მდიდარი იყო საქართველოს ფაუნაც.
საქართველოს რელიეფი, ნიადაგები, ჰავა, წყალი, მდიდარი ფლორა და ფაუნა
დიდად უწყობდა ხელს მეურნეობის ინტენსიურ სახეობათა ადრე ჩასახვასა და
განვითარებას. საქართველოს მიწა-წყალი ხორბლეულისა და ვაზის ერთ-ერთ პირველ
სამშობლოდ ითვლება, რაც ჩვენში დღემდე მრავლად შემორჩენილი სათანადო ველური
მცენარეების არსებობით სავსებით დასტურდება.
საქართველო მდიდარია მადნეულითა და საშენი მასალით. სპილენძის, ანთიმონისა
და რკინის საბადოებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიის
ადრევე წარმოქმნისა და განვითარებისათვის. საქართველოში ბევრია ქვის ისეთი ჯიში,

3
მაგ., კაჟი და ოფსიდიანი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა უმარტივესი იარაღის
დასამზადებლად.
საქართველო სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების ან მხარეებისაგან,
ძველი ქართული ტერმინოლოგიით - “ქვეყნებისაგან” შედგებოდა, რომელთა საზღვრები
ისტორიულად იცვლებოდა: უფრო ვრცელი ხდებოდა ან პირიქით, მცირდებოდა.
იცვლებოდა მათი სახელწოდებები და ცენტრები.
საქართველოს ისტორიაში მის ცენტრალურ მხარეს - ქართლს განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ,,ქართლს” უკავშირდება ტერმინები: “ქართველი” და
“საქართველო”. ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი
მდინარის - მტკვრის დინების მიხედვით ზემო, შუა (შიდა) და ქვემო ქართლად იყო
დანაწილებული.
ზემო ქართლი, ანუ მესხეთი მოიცავდა მტკვრის ხეობას სათავიდან ტაშისკარამდე და
ჭოროხის ხეობის ზემო წელს. მდ. მტკვრის ზემო წელზე მდებარეობს სამცხე, ჯავახეთი,
კოლა, არტაანი, ერუშეთი, ხოლო მდ. ჭოროხის აუზში - ტაო, კლარჯეთი, ოლთისი,
შავშეთი და სპერი. საუკუნეთა მანძილზე საქართველოს საზღვრებში მდინარე არაქსის
ხეობის მიმდებარე მხარეები - ბასიანი და კარი შედიოდა. ყველა მათგანი, სამცხის და
ჯავახეთის გამოკლებით, ამჟამად თურქეთის საზღვრებშია.
შიდა ქართლის აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე არაგვი და არმაზის ციხე იყო,
ჩრდილოეთი - კავკასიონის ქედი, დასავლეთი - ლიხის ანუ სურამის ქედი, ხოლო
სამხრეთი - ფარავნის ტბა. შიდა ქართლის უფრო ძველი სახელწოდებაა „ზენა სოფელი”.
„სოფელი” ძველქართულში მხარეს, ქვეყანას აღნიშნავდა. ეს მნიშვნელობა დაცულია VII
საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში, რომელიც „ზენა სოფელს” ანუ „შიდა ქართლს”
„ქართველთა ზემო ქვეყანას” უწოდებს.
მას შემდეგ, რაც XVI საუკუნეში ოსმალეთმა ისტორიული ზემო ქართლი (გვიანდელი
სამცხე-საათაბაგო) დაიპყრო, მისი სახელწოდება ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე
გადავიდა და მას „ზემო ქართლიც” ეწოდებოდა.
ქვემო ქართლი თრიალეთის ქედის სამხრეთით მდებარეობდა და ალგეთისა და
ხრამის ხეობებს მოიცავდა. იგი დასავლეთით ჯავახეთის, ხოლო სამხრეთით ერევან-
ბამბაკის ქედით იყო შემოსაზღვრული.
ქართლს აღმოსავლეთით კახეთი ესაზღვრება. მათ შორის საზღვარი ტრადიციულად
არაგვზე გადიოდა, თუმცა პოლიტიკური საზღვარი ზოგჯერ იცვლებოდა. გვიან
შუასაუკუნეების კახეთში საკუთრივ კახეთი, ჰერეთი და კუხეთი გაერთიანდა. კუხეთი
ტერიტორიულად მდინარეების – არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავდა
ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. ცენტრი ქალაქი რუსთავი იყო. VIII საუკუნეში კუხეთი,
როგორც საერისთავო, კახეთის სამთავროში შევიდა. კუხეთს, როგორც გეოგრაფიულ
ცნებას, უკანასკნელად XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის უცნობი ისტორიკოსი
იხსენიებს.

4
ადრე კახეთი მდინარე ივრისა და ალაზნის ზემო წელს მოიცავდა, ჰერეთი კი, ამ
მდინარეების შუა და ქვემო წელს. XV საუკუნიდან კახეთი, კუხეთი და ჰერეთი ერთიანად
“კახეთად” იწოდება. კახეთის აღმოსავლეთი საზღვარი ხშირად იცვლებოდა. დღევანდელი
აზერბაიჯანის დასავლეთი ნაწილი გაღმა მხარე და ენისელი (გვიანდელი “საინგილო”)
ისტორიული კახეთის ფარგლებში შედიოდა, მაგრამ XVII-XVIII საუკუნეების
ძნელბედობის დროს, აქ დაღესტნელი მთიელები (“ლეკები”) ჩამოსახლდნენ და ეს
ძირძველი ქართული მხარე საქართველოსაგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. აღმოსავლეთ
საქართველოში ძველთაგანვე შემავალი - კახის, ბელაქანისა და ზაქათალას ტერიტორიები
დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებშია მოქცეული.
აღმოსავლეთ საქართლოს მთიანეთში ქართლის და კახეთის მთიანი კუთხეები
მდებარეობს. ქართლის მთიანეთს შეადგენს - დვალეთი, მთიულეთი და ხევი, ხოლო
კახეთის მთიანეთს - თუშეთი და ფშავ-ხევსურეთი, რომელსაც XV საუკუნემდე ერთიანი
სახელი - “ფხოვი” ეწოდებოდა.
დასავლეთ საქართველოს უძველეს ხანაში “ეგრისი” ერქვა, რომელსაც ბერძენი და
რომაელი მწერლები “კოლხიდასა” და “ლაზიკას” უწოდებდნენ. VIII საუკუნიდან მთელ
დასავლეთ საქართველოს აფხაზეთი დაერქვა, ხოლო XI-XIII საუკუნეებში “იმერეთი”.
შემდგომში ეს სახელწოდება დასავლეთ საქართველოს ერთ ნაწილს ეწოდა. იმერეთი
მესხეთის, რაჭის, სურამის ქედებსა და მდინარე ცხენისწყალს შორის იყო მოქცეული.
ცხენისწყლიდან ანაკოფიამდე ოდიში (სამეგრელო) მდებარეობდა, ხოლო ანაკოფიის
ჩრდილო-დასავლეთით - აფხაზეთი. ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი ხშირად იცვლებოდა.
XVIII საუკუნის დამდეგს მან მდინარე ენგურამდე გადაიწია.
შავ ზღვას, მესხეთის ქედსა და მდინარე რიონს შორის მდებარეობს დასავლეთ
საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული რეგიონი - გურია.
საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული მხარეებია: აჭარა და
ლაზეთი, ანუ ჭანეთი. ლაზეთ-ჭანეთი ამჟამად თურქეთის საზღვრებშია. ლაზებმა დღემდე
შემოინახეს საკუთარი სასაუბრო ენა, რომელიც მეგრულის მონათესავეა. ლაზურ-ჭანური
ენა - ქართულთან, სვანურთან და მეგრულთან ერთად ქართველური ენების ოჯახშია
გაერთიანებული.
დასავლეთ საქართველოს მთიანეთი სვანეთს, ლეჩხუმსა და რაჭას უკავია. უძველეს
ხანაში სვანეთი ლეჩხუმისა და მთიანი რაჭის ტერიტორიასაც მოიცავდა. ძველი ქართული
საისტორიო წყაროებით, რაჭას თავდაპირველად “თაკვერი” ეწოდებოდა, რომლის
სახელწოდება შემდეგში ლეჩხუმზეც გავრცელდა (ბერძენი ავტორების “სკვიმნია”).

You might also like