You are on page 1of 11

აჭარის ტურისტულ-რეკრეაციული რაიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,


შავი ზღვის სანაპიროზე. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო
საზღვარს და მიჰყვება შავშეთის ქედს; ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება მესხეთის ქედი და
მდ.ჩოლოქი, აღმოსავლეთით – არსიანის ქედი, დასავლეთით – შავი ზღვა, რომლის სანაპირო
ზოლის სიგრძე 57 კმ-ია. აჭარის ფართობი 2,9 ათასი კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის
4,2% შეადგენს.

აჭარის მოსახლეობა 334 ათას კაცს შეადგენს, ამათგან 153 ათასი ცხოვრობს აჭარის
ადმინისტრაციულ ცენტრში, ქ. ბათუმში, ურბანიზაციის მაჩვენებელი 55%-ია (2014). აჭარა
მოიცავს ხუთ მუნიციპალიტეტს (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს).

ტურისტულ-რეკრეაციულ რაიონს მრავალფუნქციური სპქციალიზაცია გააჩნია: სამკურნალო,


ზოგადგამაჯანსაღებელი, საქმიანი, აზარტული თამაშების...

რელიეფი. აჭარის დიდი ნაწილი საშუალო და დაბალ მთებს უკავია. რეგიონის ზღვისპირა
ზოლზე გორაკ-ბორცვები და ვაკე-დაბლობებია გავრცელებული. აჭარის ერთ-ერთ მთავარ
ოროგრაფიულ ერთეულს აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედი წარმოადგენს. მესხეთის ქედის
განშტოებებიდან აღსანიშნავია ჩაქვისა და ქობულეთის პატარა ქედები, რომლებიც აჭარას ორ
− ზღვისპირა ვაკე-დაბლობ და მთიან ნაწილებად ყოფენ. აჭარის უკიდურესი სამხრეთი
ნაწილი შავშეთის ქედს უკავია, უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა (3007 მ). რეგიონის
უკიდურეს აღმოსავლური პერიფერია არსიანის ქედის ჩრდილო დაბოლოებას უკავია,
რომელსაც მერედიანული გავრცელება ახასიათებს. აღნიშნული მთათა სისტემები აქტიურად
გამოიყენება ქვეითი, საცხენოსნო, სამთო-ველო და სათავგადასავლო ტურებისათვის.

ჰავა. აჭარის კლიმატი ზონალური ხასიათისაა. ამ მხრივ გამოყოფენ ზღვისპირა (500-600 მ-


მდე) და მთიან (500-600 მ ზემოთ) აჭარას. ზღვისპირა აჭარის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ის
ხასიათდება რბილი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური
ტემპერატურა +140 (ბათუმი) აღემატება. მთიან აჭარში ჰავა შედარებით მკაცრია. ჰაერის
საშუალო წლიური ტემპერატურა +10–+110-მდე ეცემა. ატმოსფერული ნალექების წლიური
რაოდენობა აჭარის ქვაბულში 1300-1500 მმ-ის ტოლია. სიმაღლის ზრდასთან ერთად
2

მატულობს და გოდერძის უღელტეხილზე 2500 მმ აღწევს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მთა


მტირალა ნალექების სიუხვით გამოირჩევა და იქ ყოველწლიურად საშუალოდ 4000 მმ
ფიქსირდება. 2007 წელს აღნიშნული ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა.

ნალექები აჭარის მაღალმთიანეთში მყარი სახითაც მოდის და ხშირად 3 თვეზე მეტ ხანს
ნარჩუნდება. შესაბამისად ზოგიერთ უბნებზე (გოდერძი, გომარდული, ქედლები) იქმნება
სამთო-სათხილამურო ქმედებების განხორციელების საშუალება.

ჰიდროგრაფია. აჭარა ჰიდროქსელის სიხშირითა და სიუხვით გამორჩეული რეგიონია. მისი


მდინარეები შავი ზღვის აუზს მიეკუთნება. აჭარის ჰიდროგრაფიულ არტერიას მდ.
აჭარისწყალი წარმოდგენს, მისი შენაკადებია აკაურთა, აგარისწყალი, სხალთა და სხვა. აჭარის
ზღვისპირა დაბლობის მცირე მონაკვეთზე (26 კმ) გაედინება ყველაზე წყალუხვი მდ. ჭოროხი.
მისი სათავე და მდინარის ძირითადი ნაწილი თურქეთშია.

აჭარის წყალუხვი მთის მდინარეები ჰიდროენერგიის დიდ მარაგს შეიცავს. მდინარეები


აჭარისწყალი, ჩაქვისწყალი, კინტრიში და ჩოლოქი ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიყენება
საბანაო-რეკრეაციული და საჯომარდო დანიშნულებით.

აჭარაში ტბები იშვიათია. შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე ლაგუნური ტბაა, მაგალითად,
ნურიეს და ორი უსახელო ტბა ბათუმის მიდამოებში, გონიოს ტბა. რამდენიმე ტბა
წარმოდგენილია მთიან აჭარაში: შავი, მწვანე, თითისტარა და ოვალური ტბა. ნურიეს ტბა
ბათუმში დელფინარიუმის ახლოს მდებარეობს და ისეთი რეკრეაციული აქტივობებისათვის
გამოიყენება, როგორიცაა ტბისპირას დასვენება და ნავით გასეირნება. სხვა ტბები კი ეკო- და
სათავგასავლო ტურებისთვისაა მიზანშეწონილი.

აჭარა საკმაოდ მდიდარია მინერალური წყლებით. მათ შორის აღსანიშნავია კოკოტაურისა და


მახინჯაურის წყაროები.

რეგიონის ეფექტური ჩანჩქერები მდინარეების ჭვანისწყლის, ჩაქვისწყლის, ჩირუხისწყლის


ხეობებში, ასევე სოფლების მახუნცეთის, ცხემლის, დღვანის მიდამოებში მდებარეობს.
ჩანჩქერები ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. მათ შორის ყველაზე მაღალი
მახუნცეთის ჩანჩქერი (20 მ). მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საპიკნიკე ადგილები,
სადაც ზაფხულობით მრავალი დამსვენებელი იყრის თავს.
3

მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. აჭარაში მცენარეთა გავრცელების ოთხი ჰიფსომეტრიული


ზონიდან გამოიყოფა: 1. ვაკე-დაბლობის, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთისა და დაბალი მთების
კოლხური ქვეტყით მდიდარი მცენარეულობა. ამ ზონაში ზღვისპირა ფსამოფილური
სახეობები და ჭაობის ლეშამბიანი ტყეები ჭარბობს, რომელშიც წაბლნარ-წიფლნარებია
გაბატონებული; 2. მთის ტყეები, რომლის ქვედა ნაწილი ფართოფოთლოვნებს უჭირავს, ზედა
ფერდობებზე კი წიწვიანებია (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) წარმოდგენილი; 3. სუბალპური
ტანბერცელი ტყის კორომები და მდელოები ნაირბალახოვნებით; 4. ალპური მდელოები
ნაირბალახოვნებითა და ქსეროფიტული კლდის მცენარეულობით.

აჭარაში წარმოდგენილია ბარის, საშუალო და მაღალი მთის ფაუნისტური სახეობები. ალპური,


მაღალი მთის ზონაში ბინადრობს არჩვი, ტყეში მრავლადაა მგელი, მელა, შველი, იშვიათად
გარეული ღორი. თითქმის ყველგანაა მაჩვი, კვერნა და წავი, ზოგან ჭანური და მურა დათვი.
არც თუ იშვიათია ფოცხვერი და ტყის კატა. ფრინველებიდან მაღალ მთაში ბუდობს
კავკასიური შურთხი, როჭო, არწივი, ქორი, მიმინო და სხვა.

სანადირო ტურიზმის განვითარებასთან ერთად, აჭარაში დღითიდღე იზრდება სათევზაო


ტურიზმის პოპულარობა, რაც შავი ზღვის სიახლოვითა და მდიდარი იქთიოფაუნითაა
განპირობებული. აჭარის წყალუხვი მდინარეები მდიდარია კალმახით, ორაგულით, მურწათი,
ქაშაყით, ხოლო ზღვისპირა ზოლში არსებული ტბორები − კეფალით, კობრით, თავად ზღვაში
კი იჭერენ სკუმბრიას, ქაფშიას და ა.შ.

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის


მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი გადამფრენი
მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ ამ ფაქტის გამო, აღნიშნული ადგილები
მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით საინტერესო რეგიონია.
იგი ცნობილია „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელით. აქ შემოდგომის
პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან რამდენიმე
ათეული სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით აფრიკისაკენ.

აღსანიშანვია, რომ აჭარაში 2012 წელს პირველად გაიმართა ფრინველებზე დაკვირვების


(Birdwatching) ფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის
4

"Batumi Raptor Count"-ის მიერ. ფესტივალის მიზანი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების


ტურიზმის პოპულარიზაცია იყო. ფესტივალს ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე
უცხოელი დაინტერესებული პირები და ექსპერტები. "Batumi Raptor Count"-ის მიერ
გამოქვეყნებული ცნობით, საშემოდგომო მიგრაციის პერიოდში, აღნიშნულ დერეფანში
მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი დაფიქსირდა.

ენდემური ფაუნის დაცვის მიზნით, აჭარაში შექმნილია რამდენიმე დაცული ტერიტორია:


კინტრიშისა და ქობულეთის ნაკრძალები, მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები.

ანთროპოგენური ტრრ. აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა. აქ


მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვაფიქრებინებს, რომ ეს რეგიონი ქვის ხანიდან არის
დასახლებული. ნეოლითის ეპოქიდან მოყოლებული მდინარე ჭოროხის აუზი ჯერ ბრინჯაოს,
შემდგომ კი რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი მძლავრი კერა გახდა.

უნიკალური ბუნებრივი რესურსების გარდა, რეგიონი მდიდარია ანთროპოგენური


ძეგლებითაც. აქ შუა საუკუნეების ტაძრების, ციხე-ქალაქების, უძველესი ხიდებისა და საგზაო
ნაგებობების დათვალიერება შეიძლება.

ქობულეთი-ფიჭვნარი. ქობულეთთან ახლოს ძველ ზღვისპირა ნაქალაქარს არქეოლოგებმა


ფიჭვნარი უწოდეს. ის ბათუმიდან 30 კმ დაშორებით მდებარეობს. ქობულეთი-ფიჭვნარი
საქართველოს ზღვისპირეთის სამეცნიერო ღირებულებით გამორჩეული ერთ-ერთი ძეგლია,
სადაც ვრცელ ტერიტორიაზე შესანიშნავადაა გადარჩენილი ძვ.წ. II-I ათასწლეულების შუა,
გვიან ბრინჯაო−ადრე რკინის, გვიანარქაული, კლასიკური და ელინისტური ხანის მძლავრი
კულტურული ფენები. მიკვლეულია დასახლებასთან უშუალოდ დაკავშირებული ძვ.წ. X-VI
საუკუნეების მეტალურგიის უძველესი კერები, საკულტო ადგილები და სამლოცველოები.

აღსანიშნავია გონიო-აფსაროსის ციხე, რომელიც ბათუმიდან 12 კმ დაშორებით, გონიოში,


მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ციხე-სიმაგრის სიდიდე
განპირობებული იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობით. ის ჭოროხისა და აჭარისწყლის
ხეობების შემოსასვლელებს იცავდა, რომლებიც საქართველოს შიდა რაიონებს აკავშირებდა
შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის
5

იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ


შავიზღვისპირეთში.

თავდაპირველად გონიოს ციხეს 22 კოშკი და 4 შესასვლელი ჰქონდა, რომელთაგანაც დღეს


მხოლოდ 18 კოშკია შემორჩენილი და ერთი (დასავლეთის) კარიბჭე ფუნქციონირებს. გონიოს
ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძალზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიწმიდე, ქრისტეს
მოწაფის მოციქულ მატათას საფლავი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ იგი ცხოვრების
ბოლო წლებში აჭარაში მოღვაწეობდა და აქვეა დაკრძალული.

პეტრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 20 კმ დაშორებით


მდებარეობს და ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს. „პეტრა“ ბიზანტიური
სახელწოდებაა და ბერძნულად „კლდეს“ ნიშნავს. პეტრას აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან
ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი
იცავდა. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს, გარექალაქსა და ნასახლარს.
ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა
საცხოვრებლების ნანგრევები, მათ შორის არის ასევე VI-VII საუკუნეების ბაზილიკის
საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

ბიზანტიელთა მიერ დიდი ციხე-ქალაქის აგებამდე აქ ლაზთა მცირე სიმაგრე იყო.


ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო
ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე 535 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ
ციხე ააშენებინა იოანე სტრატეგოსს, რომელსაც იმპერატორის საპატივცემულოდ მას
„იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა,
რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან
აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ
სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო ნაოსნობას.

ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები 1987 წლიდან დაიწყო. ამჟამად პეტრას ციხე ძირითადად
მისი პანორამული ხედის გამო იქცევს ტურისტების ყურადღებას, თუმცა სათანადო
არქეოლოგიური შესწავლის და რეკონსტრუქციის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, რომ ის
რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად გადაქცევა.
6

მაჭახელას ხეობაში ცნობილი ციხეა გვარას ციხე, რომელიც ხეობაში შესასვლელ მაღლობზე
მდებარეობს. მისი ძველი ფენა აგებულია თარაზული წყობის, ფაქიზად თლილი ქვებით. ციხე
მდებარეობს ასევე სოფ. ქვედა ჩხუტუნეთში, მდ. მაჭახლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ
გორაკზე. ასევე საინტერესოა აჭარის ტერიტორიაზე მიმოფანტული თაღოვანი, ე.წ. „თამარის
ხიდები“: დანდალო, ფურტიო, თამარისი, მახუნცეთი და სხვ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქიდან დაახლოებით 9 კილომეტრითაა დაშორებული. იგი


ზ.დ. 220 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ბოტანიკური ბაღი უნიკალურია მთელს კავკასიაში. მისი
ფართობი 113 ჰა-ია. ადგილს, სადაც ბოტანიკური ბაღია გაშენებული, მწვანე კონცხი ჰქვია.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და
ლანდშაფტური ზონების მცენარეთა სახეობები. აქ წარმოდგენილია განსაცვიფრებელი
სილამაზის მცენარეთა ათასობით სახეობა. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე მისი ცხრა
განყოფილებითაა წარმოდგენილი. ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი
ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და
სამხრეთ კავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. ბაღის მთავარ გზაზე
განალგებულია ქვედა, ზედა და ზღვისპირა პარკები. შთამბეჭდავია ზღვის ხედი, რომელიც
ბოტანიკური ბაღიდან იშლება მოგზაურის წინაშე.

ვაზსა და ღვინოს განუზომელი ადგილი უჭირავს ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში. აჭარაში


ყურძნის ჯიშებიდან ჭარბობს ცოლიკაური, შავშური, კლარჯული, ალიგოტე, იზაბელა,
ჩხავერი, ადესა და სხვა. უნიკალური ჯიშების ბაზაზე შექმნილია რამდენიმე მარანი და ღვინის
ტური, იქ წარმოებული პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის გაცნობითა და
დეგუსტაციით.

აჭარაში სულ 6 კურორტი ფუნქციონირებს, მათგან 5 (ბათუმი, მახინჯაური, მწვანე კონცხი,


ქობულეთი, ციხისძირი) – ზღვისპირა და ერთი (ბეშუმი) – მაღალმთიანი კლიმატური
კურორტია.

აჭარის სანაპირო ზოლის გაყოლებაზე განლაგებულია ულამაზესი ზღვისპირა კურორტები და


საკურორტო ადგილები (ფიჭვნარი, ბობოყვათი, ჩაქვი, გონიო, კვარიათი და სარფი). ზღვას და
ზღვის სანაპირო კლიმატს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის გაჯანსაღებისა
და დასვენებისთვის. ზღვაში ბანაობისათვის კარგი პლაჟებია ბათუმსა და განსაკუთრებით –
7

ქობულეთში. ამ პლაჟების ფასდაუდებელი სიმდიდრეა მწვანე ნარგავთა ზოლი, რომელიც მათ


მთელ სიგრძეზე უწყვეტად გასდევს. აღსანიშნავია ქობულეთის სანაპიროს გასწვრივ
ფიჭვნარის ზოლი, რომელიც გამორჩეულია მიკროკლიმატით, რომელიც წიწვიანთა
ფიტონციდებისა და ზღვის ჰავის განსაკუთრებული ნაზავით ხასიათდება, რაც დადებითად
აისახება ვიზიტორების ჯანმრთელობაზე.

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლებში გვხვდება მრავალფეროვანი და ეგზოტიკური


ლანდშატები, მოლუსკებითა და წყალმცენარეებით მდიდარი მასივები. აქვეა იდუმალებით
მოცული ნაქალაქარები და ჩაძირული ხომალდები. კვარიათი-სარფის სანაპირო ზონაში
შექმნილია თანამედროვე დაივინგ-ცენტრი. ბათუმში ფუნქციონირებს დაივინგის
საერთაშორისო ცენტრი „კუსტო".

ბათუმში დასვენება არა მარტო ზაფხულის ცხელ პერიოდში, არამედ გაზაფხულისა და


შემოდგომის თბილ დღეებშიც არანაკლებ მიმზიდველია. მაისის პირველი რიცხვებიდან უკვე
შესაძლებელია ზღვაში ბანაობა და გარუჯვა. ამ პერიოდში უკვე ყალიბდება მასობრივი
ბანაობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები (როდესაც ზღვის წყლის ტემპერატურა
აღემატება +170C, ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა +150C, ზღვის ღელვა კი 3 ბალი
ან ნაკლებია). საბანაო სეზონის ხანგრძლივობა 116–121 დღეა. ზღვაზე დასვენება
განსაკუთრებით სასიამოვნოა სექტემბერ-ოქტომბერში, ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე“. გარდა
ზღვაზე დასვენებისა, ასევე შეგიძლიათ დატკბეთ მთიანი აჭარის მონახულებით. აქ მთისა და
ზღვის შერწმულ ჰავასთან ერთად ბუნების ლამაზი ხედები და მშვიდი გარემოა.

ბოლო პერიოდში ბათუმი ზამთრის სეზონზეც ბევრ ტურისტს მასპინძლობს, რომლებიც


საქმიანი შეხვედრებისთვის ან სამორინეებში დროის გასატარებლად ჩამოდიან.

ბათუმში ბევრი კეთილმოწყობილი სასტუმრო და განთავსების სხვა საშუალებაა. მათ შორის


არიან ისეთი საერთაშორისო სასტუმრო ჯაჭვების წარმომადხგენლები, როგორიცაა „Sheraton“,
„Radisson“, „Hilton“ და ა.შ. არაჩვეულებრივი სანახავია ღამის ბათუმი. მთელ სანაპირო ზოლში
ფუნქციონირებს გასართობი ღამის კლუბები, უგემრიელესი სამზარეულოთი გამორჩეული
რესტორნები.
8

შავი ზღვის აჭარის პერიმეტრში დელფინები ბინადრობენ, აქ ყოფნის დროს შესაძლოა ზღვაში
მცურავი დელფინების ხილვაც. იგი ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდაც ითვლება, ამიტომაცაა
რომ დელფინების სკულპტურები მრავლადაა ზღვისპირა ბულვარში. ბათუმის
დელფინარიუმი კი ქალაქის ნამდვილი სავიზიტო ბარათია, საუცხოო ნომრებით გამორჩეული
სამენოვანი შოუ თბილ სეზონზე ყოველდღიურად იმართება. ბათუმის დელფინარიუმის ერთ-
ერთ მომსახურებას დელფინებთან ერთად ცურვა წარმოადგენს.

ცალკე უნდა აღინიშნოს 1881 წელს ფრანგი მებაღე-დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის მიერ
გაშენებული, შესანიშნავი მცენარეებით გამორჩეული ბულვარი. 1987 წლიდან ბულვარი
საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლადაა
აღიარებული და ძალზე პოპულარულ სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს. მასში მრავალი
შადრევანი, სკულპტურა, გასართობი ატრაქციონი, კაფე, ბარი, რესტორანია.

აჭარის ზღვის კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა


ქობულეთი (ბათუმიდან 25 კმ). უნიკალურია აქაური ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად
ეშვება ზღვისკენ. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და
ტენიანი კლიმატი ზღვისპირა ფიჭვნარის გამორჩეული შემადგენლობის იონიზებულ ჰაერთან
ერთად. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანა შეთავსებულია
თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.

კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთში მნიშვნელოვანი ტურისტული


ცენტრია. ზოგი პლაჟი კეთილმოწყობილია, გარდა საშხაპეებისა, ქოლგებისა, შეზლონგებისა
და უშუალოდ პლაჟის ინვენტარისა, აქ ფუნქციონირებს გასართობი კაფე-ბარები.

ციხისძირი ბათუმის ჩრდილოეთით 17 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ის გაშენებულია


ზღვის დონიდან 60-90 მეტრის სიმაღლეზე, ციხისძირის მაღლობზე, რომლის კალთებიც
ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ციხისძირის კონცხს ქმნიან. ზღვაში შეჭრილი კონცხი პლაჟს ორ
– სამხრეთ და ჩრდილო ნაწილებად ყოფს. სამხრეთ პლაჟი საკმაოდ ფართო და ქვიშიანია.
ჩრდილოეთ პლაჟის ნაპირები თხელია, მაგრამ ბანაობა შესაძლებელია. კურორტის მთავარი
ფაქტორია ზღვისა და მზის აბაზანები. აქ კურნავენ სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა
და ნერვიულ სისტემის დაავადებებს.
9

ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნაზავს
წარმოადგენს. აქ ზაფხულში უფრო გრილა, ზამთარში კი პირიქით – საგრძნობლად თბილა,
ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში. კურორტი მდიდარია მარადმწვანე წიწვიანი და
სუბტროპიკული მცენარეულობით. კონცხზე რამდენიმე წლის წინ გაიხსნა სასტუმრო
„კასტელო მარე“. ციხისძირის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში განლაგებულია საოჯახო
სასტუმროები და დასასვენებელი სახლები, რესტორნები, კაფე-ბარები და ბუნგალოები.
ფუნქციონირებენ ზღვაზე სასეირნო სატრანსპორტო საშუალებები.

მწვანე კონცხი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია, რომელიც


ბათუმიდან 9 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ზღვის დონიდან 70-92 მეტრის სიმაღლეზეა
განლაგებული. სახელწოდება ”მწვანე კონცხი” მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს
მას. მწვანე კოცნხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის მქონე
ბოტანიკური ბაღი. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ
ცურვისა და მზის აბაზანებისათვის, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.

ზღვისპირა კლიმატური კურორტი მახინჯაური მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით 5 კმ-ის


დაშორებით. მისი სიმაღლე 15-დან 25 მეტრამდეა. აქ კლიმატი ტენიანი სუბტროპიკულია.
მახინჯაური ცნობილია სამედიცინო პლაჟებით. აქ ძირითადი სამკურნალო ფაქტორი
ჰელიოთერაპიაა. ასევე მნიშვნელოვანია აქ არსებული გოგირდოვანი წყლები, რომელიც
სასარგებლოა სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური
დაავადებების მკურნალობისთვის. მახინჯაურში მკურნალობენ სასუნთქი გზებისა და
გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

აჭარაში არსებული კურორტებიდან მხოლოდ ერთია მაღალ მთებში განთავსებული −


ულამაზესი ტყეებით გარშემორტყმული ბეშუმი. ის მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ
ფერდობზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრის დაშორებით, 2000 მ სიმაღლეზე.
კურორტი გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით.
წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია
მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა
აწუხებს. თუმცა საკურორტო სეზონი, ჰავის სიმკაცრის გამო, ძალზე ხანმოკლეა და ივნისის
შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.
10

აჭარის სანაპიროზე რამდენიმე, ბოლო პერიოდში საკმაოდ ეფექტიანად ფუნქციონირებადი,


საკურორტო ადგილია − ჩაქვი, გონიო, კვარიათი და სარფი.

ჩაქვი ბათუმიდან 13 კმ დაშორებით მდებარე საკურორტო ადგილია, რომელიც ისტორიულად


ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა პირველად ჩაი ჩინელმა
მეცნიერმა ლაო ჯინ ჯაომ. დამსვენებლებსა და ტურისტებში დიდი პოპულარობით
სარგებლობენ ჩაქვის სანაპირო ზოლის ხასხასა მწვანეში ჩაფლული სასტუმროები,
რომლებშიც საუკეთესო პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ დაუვიწყარი დრო გაატაროთ
შავი ზღვის სანაპიროზე.

გონიო, კვარიათი და სარფი ბათუმის სამხრეთით, 10-20 კმ-ის დაშორებით განლაგებული


საკურორტო ადგილებია. ისინი დღევანდელი საქართველოს საუკეთესო დასასვენებელ
ადგილებს წარმოადგენენ. აქ კარგი პლაჟები, სასტუმროები და უამრავი ბუნგალოა
წარმოდგენილი. სარფი განთქმულია თავისი სუფთა წყლით. ის საქართველო-თურქეთის
საზღვარზე მდებარეობს. ზღვის ამ შესანიშნავ საკურორტო ადგილს იტალიასაც კი
ამსგავსებენ. სანაპირო ზოლში ზღვის წყალი განსაკუთრებულად გამჭირვალეა. მიმზიდველია
აქაური წყალქვეშა სამყაროც. ზღვასთან უშუალო სიახლოვეს მთებია გადაჭიმული, რაც მის
მომხიბვლელობას ერთი-ორად ზრდის. სარფი საზღვრით პრაქტიკულად ორად გაყოფილი
დასახლებაა. ამრიგად, არსებობს გაღმა და გამოღმა სარფი, რომელთაგან ერთი საქართველოს
ტერიტორიაზეა, მეორე კი − თურქეთში.

გონიო საქართველო−თურქეთის საზღვრისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე სოფელია ბათუმიდან


15 წუთის სავალ მანძილზე. ის ძალზე პოპულარულია გონიო-აფსაროსის ისტორიული ციხით.

აჭარის ტრრ-ს ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების შესაძლებლობები გააჩნია:


ზღვაზე დასვენება, საკრუიზო და აზარტული თამაშების ტურიზმი, ისტორიულ-
კულტურული ძეგლების მონახულება, ეკოტურიზმი (მ.შ. ფრინველებზე დაკვირვება),
ნადირობა და თევზაობა, გასტრონომიული ტურიზმი (ღვინისა და ადგილობრივი
სამზარეულოს გაცნობით), სამთო-სათხილამურო და კულტურული ტურები, დაივინგი,
სამკურნალო და სასოფლო ტურიზმი, ტურები ეთნოგრაფიის გაცნობის მიზნით და ა.შ.
11

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ტურიზმის ის სახეობები, რომლებიც რეგიონში


ტურიზმის სეზონურობის აღმოფხვრას შეუწყობენ ხელს და ზამთრის სეზონზეც მოიზიდავენ
სტყუმრებს. ამ მხრივ საქმიან და აზარტული თამაშების ტურიზმთან ერთად, მნიშვნელოვანია
სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარება.

მთიან აჭარაში არის ადგილები, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე მნიშვნელოვანი თოვლის
საფარი და დარგისთვის ხელშემწყობი სხვა ბუნებრივი პირობები შეინიშნება.

ასეთი ადგილებია: გოდერძი (2200 მ) იმავე სახელწოდების უღელტეხილზე, რომელსაც


რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგიროს ყველაზე მაღალი ადგილი
აქ ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს. აქ უკვე იქმნება მთაში დასვენებისდთვის
შესაფერისი ტურისტული ინფრასტრუქტურა.

სოფელი გომარდული შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ბათუმიდან 74 კმ


დაშორებით, ზ.დ. 1250 მ სიმაღლეზე, სადაც თოვლი ნოემბრიდან აპრილამდე დევს და მისი
საფარი ზოგჯერ 2-3 მეტრს აღწევს.

ბათუმიდან 90 კმ დაშორებით მდებარეობს თოვლის სიუხვით გამორჩეული ქედლები (1500


მ). აქ მოწყობილია სათხილამურო ბაზა და მოთხილამურეთათვის 300 და 150 მ სიგრძის 2
საბაგირო გზა. ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები.

სოფელი დანისპარაული ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე,


ბათუმიდან 110 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ზ.დ. 1600 მ სიმაღლეზე
ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლა. აქვე გაკეთებულია 200 მ-ანი საბაგირო გზა.
სათხილამურო ბაზა აღჭურვილია მოთხილამურეთათვის საჭირო ინვენტარით.

ღომას მთა (1800-2000 მ) ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კმ მდებარეობს. გარდა


სამკურნალო-მინერალური წყლებისა, ღომა ზამთრის კურორტის მოწყობის შესაძლებლობას
იძლევა. თოვლი აქ ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდეა, რაც, რელიეფთან ერთად,
ხელსაყრელ პირობებს ქმნის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისათვის. თუმცა
გზის ხარისხის გამო, აქ ასვლა ზაფხულშიც ჭირს, ამიტომ იგი ჯერ ვერ შეძლებს ზამთრის
ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას.

You might also like