You are on page 1of 60

ასოც.

პროფესორი მარინე ფუთურიძე

მახლობელი აღმოსავლეთის არქეოლოგია

(მოკლე სალექციო კურსი)

თბილისი 2014
მესოპოტამიის გეოფიზიკური დახასიათება

მესოპოტამია ფართო გაგებით გულისხმობს უძველესი


მახლობელი აღმოსავლეთის ვრცელ სივრცეს, ხოლო ვიწრო
გაგებით კი მხოლოდ ევფრატ-ტიგროსის შუამდინარეთის
რეგიონს. სახელწოდება მესოპოტამია, რომელიც ზოგი
მკვლევარის მიერ არქაიზმადაც კი არის მიჩნეული,
ტრადიციის მიხედვით უფრო ძველი ისტორიის
მოვლენების არენის აღსანიშნავად იხმარება, ვიდრე
მკვეთრად შემოსაზღვრული გეოგრაფიული რეგიონისა.
ძველი აღთქმის ბერძენი მთარგმნელები მესოპოტამიის
ქვეშ გულისხმობდნენ პატრიარქ აბრაამის სამშობლოს ანუ
რეგიონს, რომელიც ევფრატისა და ტიგროსის შუა წელზე
მდებარეობდა. სტრაბონი მესოპოტამიას უწოდებდა
შუამდინარეთის მხოლოდ ჩრდილო ნაწილს, სამხრეთ
ნაწილს კი მოიხსენიებდა ბაბილონეთად. მხოლოდ
პლინიუსს მიჰყავდა მესოპოტამიის საზღვრები სპარსეთის
ყურემდე. ამდენად, ზოგიერთი ძველი ავტორების
მიხედვით მესოპოტამიას ეკავა დაახლოებით
თანამედროვე ერაყის ტერიტორია.
მესოპოტამიის (მისი ვიწრო გაგებით) განვითარება
მთლიანად იყო დამოკიდებული იმ ორ წყალუხვ
მდინარეზე, რომელმაც ეს რეგიონი ოაზისად და
არნახული მოსავლიანობის მქონე სივრცედ აქცია მთელს
ძველ სამყაროში. სწორედ ამ ორ მდინარესა და მის
შენაკადებზე იყო დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა. მის
მნიშვნელობას მით უფრო ზრდიდა შუამდინარეთის
რაიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი რესურსების
განსაკუთრებული სიმწირე. მას არ გააჩნდა სამშენებლო
საქმის განვითარებისათვის აუცილებელი არც ქვის და არც
ხის რაიმე რესურსი, ამიტომ შუამდეინარეთის
არქიტექტურული ტრადიცია მთლიანად ალიზ-აგურის
გამოყენებით აღმოჩნდა განსაზღვრული. ასეთივე
დეფიციტი ჰქონდა მას ლითონების არსებობის მხრივაც.
მთელი ამ ვითარების გათვალისწინებით ცხადია, რომ
შუამდინარეთი ყველაზე ხელსაყრელი რაიონი იყო
მიწათმოქმედების განვითარებისათვის, სადაც
განსაკუთრებით უხვ მოსავლიანობას მაღალი
ტემპერატურის (50 გრადუსი და მეტი) პირობებში
განაპირობებდა ევფრატ-ტიგროსის შუაწელზე
ორგანიზებული სარწყავი არხების რთული სისტემა.
სწორედ ამგვარი პირობები გამოარჩევს და მკვეთრად
განასხვავებს შუამდინარეთს მახლობელი აღმოსავლეთის
დანარჩენი რაიონების - ანატოლიის (განსაკუთრებით
ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის) და ირანის
მთიანი პლატოს ლანშაფტისაგან. ასევე საპირისპიროდ
განსხვავებულია ამ ორი უკანაკნელი რეგიონის ბუნებრივი
რესურსების სიმდიდრე ევფრატ-ტიგროსის
შუამდინარეთის ზემოთდასახელებული ვითარებისაგან.
ანატოლიაც და ირანიც განსაკუთრებით მდიდარია
სამშენებლო რესურსებით (ქვა და ხე) და ეს კარგად აისახა
მათი არქიტექტურის განვითარებაზეც.
საგრძნობლად სპეციფიკური ლანდშატურ-კლიმატური
პირობებით გამოირჩეოდა მახლობელი აღმოსავლეთის
კიდევ ერთი სივრცე: სირია-პალესტინა. ის ხასიათდებოდა
მაღალი ტემპერატურით, წყლის რესურსების სიმცირით
და დაბლობის რაიონის ძალიან ვიწრო ზოლით, რომელიც
არასაკმარისი იყო მიწათმოქმედების ფართოდ
განვითარებისა და ეკონომიკის ამ დარგის
პროფილირებისათვის. რაც შეეხება, ქვისა და ხის რესურსს,
ის აქ გაცილებით ჩამოუვარდებოდა იმას, რაც ანატოლიის
და ირანის მაღალი და საშუალო სიმაღლის პლატოების
რეგიონში არსებობდა. ამდენად, სირია-პალესტინასაც
საკმაოდ ლიმიტირებული შესაძლებლობები გააჩნდა
(ლანდშაფტის და ბუნებრივი რესურსების
თვალსაზრისით) ეკონომიკის სწრაფი აღმავლობისათვის.
მახლობელი აღმოსავლეთის სხვადასახვა რეგიონების
(ევფრატ-ტიგროსის შუამდინარეთის, ირანის, ანატოლიის
და სირია-პალესტინის) შედარებითი დახასიათება
ნათელს ხდის, რომ მთელი ეს სივრცე ბუნებრივი
რესურსების ძალზე არათანაბარი განაწილებით და ამავე
დროს უაღრესად განსხვავებული ლანდშატურ-
კლიმატური პირობებით ხასიათდებოდა. ეს კი თავის
მხრივ მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა მახლობელი
აღმოსავლეთის ცალკეული ზემოაღნიშნული რეგიონების
არათანაბარ პირობებს და იქ განსხვავებული
კულტურული ტრადიციების ჩამოყალიბებას
პრეისტორიის ადრეული საფეხურიდანვე.

ევფრატ-ტიგროსის შუამდინარეთის გეოფიზიკური ნიში

შუამდინარეთს მთელს მახლობელი აღმოსავლეთის


სივრცეში გამორჩეული და საკმაოდ რთული
გეოფიზიკური და გეოკლომატური ნიში გააჩნდა. ეს
შეეხება განსაკუთრებით რთულ კლიმატს (მაღალ
ტემპერატურას), რელიეფის ზღვის დონეზე დაბალ
ატიტუდს და ბუნებრივი რესურსების განსაკუთრებულ
სიმწირეს. ერთადერთი, რაც შუამდინარეთს ასაზრდოებდა
და მის მაღალ ეკონომუიკურ ეფექტს განაპირობებდა, ეს
იყო ორი წყალუხვი მდინარე - ევფრატი და ტიგროსი. რომ
არა ეს რესურსი, მესოპოტამია (ვიწრო გაგებით),
ადამიანისაგან აუთვისებელი ისეთივე უდაბნო იქნებოდა,
როგორიც სირიის უდაბნო იყო. სწორედ ევფრატი ( სიგრძე
- 2, 700 კმ.) და ტიგროსი (სიგრძე - 1, 900 კმ.) და მისი
წყალუხვი შენაკადები ( ევფრატის შენაკადებია მდ. ბალიქი
და ხაბური, ხოლო ტიგროსისა - მდინარეები დიდი და
პატარა ზაბი და დიალა) განაპირობებდა აქ სიცოცხლის და
ასევე არნახული მოსავლიანობის მიღწევას.
მესოპოტამიის მიწა მუდმივად, მთელი წლის მანძილზე
მოითხოვს ირიგაციას, მელიორაციასა და დრენაჟს, რათა
კარგი მოსავალი (ზოგჯერ წელიწადში 4 -5 ჯერაც) იყოს
უზრუნველყოფილი. ევფრატისა და ტიგროსის შუაწელზე.
რომელიც ბაბილონეთად იწოდებოდა, განსაკუთრებით
ფართოდ იყო ორგანიზებული სარწყავი არხების სისტემა.
ირიგაციის არსებობამ ადრეული ეპოქიდანვე
განაპირობა დამონებული მოსახლეობის შრომის ფართოდ
გამოყენება, რომლის გარეშეც არხების ქსელის მშენებლობა
და მისი მუდმივად გაწმენდა შლამისაგან, შეუძლბელი
იქნებოდა.
საირიგაციო სისტემა, მესოპოტამიის მაღალი
ტემპერატურის პირობებში უზრუნველყოფდა ეკონომიკის
სწრაფ განვითარებას და ამავე დროს რთული სოციალური
ინსტიტუტების ფორმირებას, რამაც საბოლოო ჯამში
განაპირობა სწორედ ამ რეგიონში პირველი
სახელწიფოების გაჩენა.
შუამდინარეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილი
გარკვეულად განსხვავებულია ლანდშატური და
კლიმატური, ასევე რესურსების, თვალსაზრისითაც. ამ
მდინარეების ზუსტად შუაწელზე, სადაც ევფრატი და
ტიგროსი ყველაზე უფრო უახლოვდება ერთმანეთს, გადის
ე.წ. ხიტ-სამარას ხაზი, რომლის ჩრდიოეთითაც
ჩამოყალიბდა აქადის, ხოლო სამხრეთით კი - შუმერის
სახელმწიფოები. ჩვეულებრივ რუკაზე ძნელი
შესამჩნევიცაა ის ჰორიზონტალური გამყოფი ხაზი,
რომელიც გადის მდ. ევფრატზე, დაახლოებით ქალაქ
ხიტსა და მდ. ტიგროსზე - ქალაქ სამარაზე. ამ ნიშნის
ჩრდილოეთით შუამდინარეთი უკავია მთლიან კირქვიან
ელ-ჯეზირას პლატოს, რომელიც მდ. ევფრატს ვიწრო
დაბლობში კეტავს. ტიგროსი კი თავისი აღმოსავლეთის
შენაკადების წყალობით მიედინება ფართო მთისწინეთში,
რომლის ბორცვებზეც მშვენიერი სახნავი და საძოვარი
მიწებია. ეს ნაყოფიერი მხარე უძველეს დროს ასირიად
იწოდებოდა. ხიტისა და სამარას ხაზის სამხრეთით
ლანდშაფტი საგრძნობლად განსხვავებულია. ტიგროსისა
და ევფრატის დანალექების წყალობით აქ შექმნილია
სრულიად სწორი დაბლობი, რომელსაც თავისი
ნაყოფიერებით ბადალი არ ჰყავს მთელს მახლობელ
აღმოსავლეთში. განსხვავება მესოპოტამიის ამ ორ მხარეს -
აქადსა და შუმერს შორის დასტურდება კლიმატში და,
შესაბამისად, მცენარეულობაშიც. აქადში კლიმატი
მკვეთრად კონტინენტურია, ხოლო შუმერში კი მშრალი და
განსაკუთრებით ცხელი. შუმერში ზამთარი შედარებით
რბილია და ამიტომ აქ თავისუფლად იზრდება ფინიკის
პალმა (თუმცა, ის სამშენებლოდ არ გამოდგება), ხოლო
აქადში ზამთარი ცივია და ზოგჯერ თოვლიც მოდის. აქ
უკვე ფინიკის პალმა ვერ ხარობს, მაგრამ, სამაგიეროდ, აქ
ვხვდებით ყურძენს და ხილის ხეებს, რაც არანაკლებ
აბამდა ადამინს მიწასთან. აქადში ორივე ამ მდინარეს
ოდნავი დაქანება აქვს და ამიტომ აქ წყალდიდობები
ნაკლებადაა, ხოლო შუმერში, რომელიც სრულიად სწორი
რელიეფისაა, წყალდიდობები, განსაკუთრებით
აპრილიდან ივნისამდე დროის მონაკვეთში, ფაქტიურად
გარდაუვალია.
ეს არაკონტროლირებადი მოვლენა აშინებდა
მესოპოტამიის უძველეს მოსახლეობას და ერთდროულად
აიძულებდა კიდეც ეზრუნა შუმერის მიწის წყლით
მომარაგებისათვის (რადგან შუმერი ბუნებრივი ნალექების
(წვიმა, თოვლი) სიმცირით ხასიათდება და ამავე დროს
მდინარეეებში წყლის სიუხვე სწორედ იმ დროს
კლებულობს, როცა ეს მარცვლეული ნათესების
მოსარწყავადაა საჭირო).
არანაკლებ პრობლემას შუმერელებს უქმნიდა, ასირიის
მთისწინეთში თოვლის დნობის სეზონზე ევფრატისა და
ტიგროსოს მდინარეების წყლით განსაკუთრებული
ავსებაც. სწორი რელიეფისა და დაქანების არქონის გამო,
ეს მდინარეები სწორედ შუმერის ტერიტორიაზე
გადმოლახავდნენ კალაპოტს და საშიშროებას უქმნიდნენ
ნათესებს. ამიტომ აუცილებელი იყო ირიგაციისათვის
გაყვანილი არხების ქსელის და მდინარეების კალპოტის
რეგულირება და შლამისაგან მუდმივად გაწმენდა, რათა
წყალდიდობის გამო არ განადგურებულიყო მოსავალი.
ამდენად, ერთის მხრივ, მორწყვისათვის აუცილებელი
სეზონისათვის საირიგაციო ქსელის ორგანიზება, ხოლო
მეორეს მხრივ კი, ასირიაში თოვლის დნობის გამო
გამოწვეული წყალდიდობების გამო მდინარეთა
კალაპოტების მუდმივად გაწმენდა შუმერის მოსახლეობას
აიძულებდა გამომგონებლობისაკენ და მოსავლიანობის
უზრუნველყოფისათვის აუცილებელი არხების რთული
ქსელის, წყალსაცავების და წყლის მარეგულირებელი
საშუალებების მშენებლობისაკენ. სწორედ ამ საქმიანობის
აუცილებლობამ გამოიწვია ეკონომიკის განვითარება და
შუმერის მიწის პოლიტიკურად დაწინაურებაც.
შუამდინარეთის გაშლილი ლანდშაფტი და მისი
განსაკუთრებული სიმდიდე ყოველთვის იზიდავდა
მეზობელ ტომთა ყურადღებას და ამიტომ მესოპოტამია
მტრის მუდმივი საფრთხის ქვეშ იყო. მას სამიწათმოქმედო-
საირიგაციო საქმიანობასთან ერთად, მუდმივად
უხდებოდა უცხოტომელთა შემოსევებისაგან თავდაცვაზე
ზრუნვაც. ამან განაპირობა ყოველი ქალაქის ირგვლივ
თავდაცვითი კედლებისა და თავდაცვითი თხრილების
ორგანიზება, რაც დინასტიის ყოველი მეფის აუცილებელ
საქმიანობას წარმოადგენდა.
ტიგროსისა და ევფრატის ველებზე უადრეს
ცივილიზაციათა განვითარების ცენტრი მდებარეობდა
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რომელიც უძველეს ხანაში
ცნობილი იყო ბაბილონეთად. ბაბილონეთის
ჩრდილოეთით მდებარე მიწები იწოდებოდა აქადად,
ხოლო სამხრეთით კი შუმერად. ამ უკანასკნელის ყოფას,
ეკონომიკურ და პოლიტიკურ დაწინაურებას
მნიშვნელოვნად განაპირობებდა მისი კონტროლი
სპარსეთის ყურეზე და ამ საზღვაო - სავაჭრო
მაგისტრალზე. ყველაფერმა ზემოაღნიშნულმა ერთად,
დიდწილად განაპირობა შუმერის აღზევება, დაწინაურება
და ბატონობა მთელს მესოპოტამიაზე ამ რეგიონის
ისტორიის უადრეს საფეხურზე.
წინა აზიის ურბანული განაშენიანების პრინციპები და
მოდელი

წინა აზიის მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრები


ხასიათდებიან ამ რეგიონისათვის სპეციფიკურად
დამახასიათებელი არქიტექტურული სახის არსებობით. ეს
არქიტექტურული მოდელი ეფუძნება
ქალაქთმშენებლობის აუცილებელ პრინციპებს და
გულისხმობს ქალაქის ნაგებობების განთავსებას
თავდაცვითი კედლის, ციტადელის შიგნით. ქალაქის
ეკონომიკური განვითარებისა და სამეურნეო საქმიანობის
წარმართვისათვის აუცილებელი სამიწათმოქმედო
სავარგულები კი, როგორც წესი, ციტადელს გარეთ
მდებარეობდა.
ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს განაპირობებდა ძვ.წ.
მე-4 და მე-3 ათასწლეულების ურბანული
ცენტრებისათვის შემუშავებული პრინციპები. ის
გულისხმობდა ყველა საკულტო და საერო ნაგებობის,
მრავალგვარი სახელოსნოების, საცავების, სამაროვნების,
დინასტიის მმართველთა სასახლეების და საზოგადოების
ელიტური ფენისთვის განკუთვნილი სახლების, ასევე მათი
მომსახურე პერსონალისათვის აუცილებელი ნაგებობების
და ზოგი სხვა სახის შენობების განთავსებას ციტადელის
შიგნით არსებულ სივრცეში.
ყველა ამ ნაგებობათა ნაშთები კარგადაა გამოვლენილი
წინა აზიის ურბანული ცენტრების გათხრების დროს და
სწორედ ამის საფუველზე იქნა შემუშავებული იმ
არქიტექტურული იერსახის მოდელი, რომლითაც ამ
უძველესი ცივილიზაციებისათვის იყო დამახასიათებელი.
წინააზიური ქალაქი წარმოადგენდა თეოკრატიულად
ორგანიზებულ ერთეულს და მისი მოსახლეობის
საცხოვრებელ სივრცეს. შესაბამისად, ის გულისხმობდა
საკულტო ნაგებობათა მრავალფეროვანი კომპლექსების
სავალდებულო მშენებლობას მხოლოდ ციტადელის
შიგნით მდებარე სივრცის ფარგლებში. ეს იყო ქალაქის
მფარველი მთავარი ღვთაების სახელზე აგებული სატაძრო
ნაგებობა - ზიგურატი ანუ ტაძარ-კოშკი და ასევე
მეორეხარისხოვან, სხვადასხვა ღვთაებათა სახელზე
აგებული ტაძრები, რომელთა შორის ზომით,
მნიშვნელობითა და მდებარეობით ცენტრალური ადგილი
ეკავა სწორედ ზიგურატს. ის იყო სილუეტით ტრაპეციის
ფორმის ნაგებობა, დაახლოებით თანამედროვე
ხუთსართულიანი სახლის სიმაღლის, რომელიც სამი
ნაწილისაგან შედგებოდა. ზიგურატის თითოეულ
სართულს გააჩნდა მისთვის მკაცრად განსაზღვრული
ფუნქცია და ხასიათდებოდა ზედმიწევნით ზუსტად
მოდელირებით (ტრაპეციისებური ფუნდამენტი შიდა
სივრცის გარეშე, ცენტრალი კიბეები და გვერდითი
კიბეები, რომელიც მეორე სართულს უკავშირდებოდა და
მესამე სართული ანუ თეთრი ტაძარი) .
ასევე კარგად შემუშავებული პრინციპების
გათვალისწინებით შენდებოდა ყველა სხვა საკულტო
ნაგებობებიც.
შუმერისა და აქადის ქალაქების ძველეგვიპტურ
ქალაქებთან შედარებისას, უნდა აღინიშნოს მათ შორის
არსებული არსებითი ხასიათის განსხვავებანი. იგი
მდგომარეობდა ქალაქის საერთო სილუეტსა და ზომებს
შორის განსხვავებაში, მათ კეთილმოწყობაში, ნაგებობათა
სიმჭიდროვეში, ქალაქის გამწვანებაში, სასახლეთა და
ტაძრების არქიტექტურულ იერსახეში და ბოლოს,
მთლიანად ქალაქის მასშტაბებში. შუამდინარეთის
უძველესი ქალაქების განმასხვავებელ ნიშანს
წარმოადგენდა მათი წრიული ფორმა, იმ დროს, როცა
ეგვიპტის ქალაქთმშენებლობაში უკვე სწორკუთხა გეგმა
გამოიყენებოდა.
ეგვიპტისაგან განსხვავებით, შუმერულ-აქადური
ქალაქების სასახლეები და ტაძრები აღმოცენდებოდა და
გადაკეთდებოდა ხოლმე ძველ ადგილებზე, რაც ძალიან
ნათლად დაადასტურა ქალაქ ურის სხვადასხვა ფენების
არქეოლოგიურმა შესწავლამ. ასე რომ, შუამდინარეთის
უძველესი ქალაქები არ იცვლიან თავიანთ ადგილს
სასახლესთან ერთად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა
ეგვიპტეში.
შუამდინარეთის ქალაქების განაშენიანების
შემჭიდროვებას განაპირობებდა სასიმაგრო კედლების წრე,
რომელიც გარს ერტყა ქალაქს. ამიტომაც ამ ქალაქთა
მასშტაბები ბევრად პატარაა და განაშენიანებაც უფრო
მჭიდროა, ვიდრე ეგვიპტეში. ეგვიპტური ქალაქების
ფართო ქუჩების და ალეების საწინააღმდეგოდ,
შუამდინარეთში გვხვდება ვიწრო ქუჩები, სადაც
სატრანსპორტო საშუალებების ურთერთსაწინააღმდეგო
მიმართულებებით მოძრაობაც კი პრობლემაას ქმნიდა და
ქუჩის ჩაკეტვას იწვევდა.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შუამდინარეთის
ქალაქებს, გამონაკლისების გარდა არ ახასიათებდათ
ხეების და გამწვანების სისტემა და ამიტომ ისინი
გარემომცველი გამწვანებული ველების და პალმების
ტყეების ფონზე გამოიყურებოდნენ როგორც
ერთფეროვანი, მუქი სივრცე. ამის მიზეზიც, ალბათ,
შუამდინარული ქალაქების ლიმიტირებული მასშტაბიც
იყო, რომელიც არ ტოვებდა ადგილს გამწვანებისათვის.
შუამდინარეთის ქალაქებისათვის დამახასიათებელი
იყო ტერასებზე მშენებლობა, რათა თავიდან აცილებული
ყოფილიყო ზამთრის წვიმების დროს წყალდიდობების
გამო დატბორვები. ამის გამო, არა მარტო ტაძრები, არამედ
რიგითი სახლებიც აღმართული იყო ხელოვნურ
პლატფორმებზე, რომელიც საგანგებოდ აღიმართებოდა
მიწის ზედაპირზე.
შუამდინარეთის ქალაქები და მისი მთავარი სატაძრო და
საერო ნაგებობები მოკლებულნი იყვნენ იმ
მონუმენტურობას, არქიტექტურული ფორმების
დიდებულებას და რიტმულობას, რომელიც
დამახასიათებელი იყო ეგვიპტის ნაგებობებისათვის.
ფორმით, მონუმენტურობით და საერთო იერითაც
შუამდინარეთის ზიგურატები ვერ შეედრებოდნენ
ეგვიპტის პირამიდებს.
ეგვიპტური და შუმერულ-აქადური არქიტექტურული
ანსამბლების შედარებისას თვალში საცემია ამ
უკანასკნელთა არქიტექტურული ფორმების
ელემენტარულობა, პროპორციების არასრულყოფილება,
მძიმეწონადობა, ნაგებობის მონახაზის სიუხეშე და
ამასთანავე ორნამენტული შემკულობისა და
მოპირკეთების პრიმიტიული სისადავე. ზემოაღნიშნული
განსხვავება შუამდინარეთისა და ეგვიპტის
არქიტექტურულ ანსამბლებს შორის, უპირველეს ყოვლისა,
განპირობებული იყო სამშენებლო მასალის სხვაობით
(პირველი მათგანი შენდებოდა ქვით, მეორე კი ალიზ-
აგურით). გარდა ამისა, ამის გარკვეულ ფაქტორად
ასახელებენ იმასაც, რომ ეგვიპტე ვითარდებოდა მაინც
უფრო სწრაფად, ვიდრე ეკონომიკურად უფრო სუსტი და
პოლიტიკურად უმეტესწილად გათიშული და
დანაწევრებული შუამდინარეთის ქალაქ-სახელმწიფოები.
მხოლოდ ასირიისა და ბაბილონის მონარქიების
წარმოშობით, შუამდინარეთის ქალაქთმშენებლობის
ხელოვნებამ იწყო დაჩქარებული ტემპით განვითარება და
დაწინაურება.

ნეოლითური ეპოქა წინა აზიაში

ძვ.წ. მე-7 - 6 ათასწლეულებში მესოპოტამიაში მოსახლეობდნენ


ტომები, რომლებიც ძალიან ახლოს იდგნენ და შეიძლება ითქვას
მსგავსნიც კი მათი, რომელთაც ნატუფიის კულტურა შექმნეს
პალესტინაში. ამ კულტურის მატარებელ ხალხს, მართალია, ჯერ
კიდევ მოშინაურებული არ ჰყავდათ ცხოველები გარდა ძაღლისა,
მაგრამ სამიწათმოქმედო საკვების საწარმოებლად კაჟის
ჩასართავიანი, დაკბილული ნამგლებით ირებდნენ მოსავალს და
შესაძლებელია, რომ თესვის ადრეული ჩვევებიც გააჩნდათ. ისინი
ძვლისაგან და რბილი ჯიშის ქვისაგან საკმაოდ დახვეწილად
აქანდაკებდნენ ადამიანისა და გარეულ ცხოველთა ფიგურებს.
საგნებს ხშირად უკეთებდნენ ორნამენტულ შტრიხებს და ამით მეტ
ესთეტიურობას სძენდნენ მას. თავსამკაულად ხმარობდნენ
დიადემებს და ნიჟარებისაგან ასხმულ მძივებს. ნიჟარებს
ტანსაცმლის მისაკერებლებადაც კი ხმარობდნენ. ამ დროის
ადამიანს ყველგან ჯერ კიდევ არ ჰქონდა დატოვებული
გამოქვაბული-საცხოვრისი, თუმცა მათ უკვე იცოდნენ ფაცხის
ტიპის სახლების დაწვნაც.
ძვ.წ. მე- 6 ათასწლეულიდან მესოპოტამიის დაბლობთან
მიმდებარე მთისწინეთში უკვე იწყებენ თიხალესილი შენობების
აგებას. ძვ.წ. მე-5 ათასწლეულის გარიჟრაჟზე ჩნდება
მიწათმოქმედთა პირველი დასახლება - ჯარმოს კულტურა
(ზოგჯერ იხსენიება კალაატ-ჯარმოს სახელითაც). თიხაზე
შერჩენილი მარცვლის ანაბეჭდების მიხედვით ჩანს, რომ აქ
მისდევდნენ ქერის, ხორბლის და ემერის (პოლბუ) თესვას.
ხორბლის მარცვალს იღებდნენ კაჟის ბასრპირიანი ჩანართის მქონე
ნამგლის საშუალებით. გვაროვნულ საფეხურზე მყოფი ამ
საზოგადოების ნამოსახლარი წარმოადგენდა თიხატკეპნილი
საცხოვრებლების ჯგუფს, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში ქვის
ფუნდამენტზეც კი იყო აღმართული. ჯარმოს კულტურის
ნამოსახლარებზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა დიდი
რაოდენობით თხის, ცხვრის და ღორის ძვლები. ჩანს, რომ ეს
ცხოველები მათ უკვე მოშინაურებული ჰყავდათ. აქ
დადასტურებული მცირე ზომის, უხეშად ნაკეთები ადამიანისა და
ცხოველის თიხის ფიგურები, განსაკუთრებით კი დიდი დედისა,
მიუთითებს ამ მიწათმოქმედ ტომთა რწმენა-წარმოდგენების
შესახებ. ჯარმოს კულტურის ტომებმა თავდაპირველად კერამიკის
წარმოებოება არ იცოდნენ. არქეოლოგიური პერიოდიზაციით ეს
ხანა ე.წ. ა-კერამიკულ ანუ წინარეკერამიკულ ნეოლითს
განეკუთვნება. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ თიხით ლესავდნენ
მიწაში ამოჭრილ ორმოს და შიგ ცეცხლს ანთებდნენ, რათა თიხა
გამომწვარიყო, მეტი სიმტკიცე შეეძინა და შესაძლებელი
ყოფილიყო ორმოში წყლის შენახვა. უფრო მოგვიანებით კი ჯარმოს
კულტურის ტომები იწყებენ უკვე ნამდვილი თიხის ჭურჭლის
დამზადებას. ძვ.წ. მე- 5 ათასწლეულის შუა ხანებისათვის კალაატ-
ჯარმოს პერიოდის კულტურა იცვლება ახლით - ჰასუნას
კულტურით. ამ დროისათვის, ჰასუნა, პირველი სამიწათმოქმედო
კულტურის ანუ ადრეული კალაატ-ჯარმოს მიღწევების შემდგომ
განვითარებას აგრძელებს.

ჰასუნას კულტურა

ჩრდილო მესოპოტამიის ერთ-ერთ წამყვან, ჰასუნას კულტურას


ეს სახელი ქ. მოსულის მახლობლად მდებარე ტელ-ჰასუნას
ნამოსახლარის მიხედვით ეწოდა. როგორც ამ კულტურის ყველაზე
ტიპიურ ძეგლს, სწორედ მას იღებენ ხოლმე საილუსტრაციოდ
ჰასუნას კულტურის წამყვანი ნიშნების დასახასიათებლად.
ჰასუნას ნამოსახლარი ითხრებოდა 1943-44 წლებში
არქეოლოგების სეტონ ლოიდის და ფუად საფარის მიერ. ის
მდებარეობს ჩრდილო მესოპოტამიაში მდ. ტიგროსის
დასავლეთით, დაახლოებით 35 კმ დაშორებით სამხრეთ-
დასავლეთის მიმართულებით ქ. ნინევიისგან.
ჰასუნას ნამოსახლარი მდებარეობს ჩრდილო მესოპოტამიის
ურწყავი მიწათმოქმედების ზონის გადაჭიმულ დაბლობზე.
ბორცვს უკავია 3 ჰექტარი და ის მრავალფენიანი ძეგლია.
გათხრებმა გამოავლინა დასახლების 7 ძირითადი ფენა. მისი
არქიტექტურა წარმოადგენს ძირითადად სწორკუთხა ფორმის
გეგმარების ნაგებობებს, რომლებიც ალიზითაა ნაგები და არა
ალიზ-აგურით. ნაგებობებს გააჩნდათ მის მოსაზღვრედ
ორგანიზებული ეზოები. ნამოსახლარზე გათხრილ მთავარ
ოთახებს ხშირად გააჩნდათ მასთან დაკავშირებული სხვა მომცრო
ოთახების მთელი რიგიც, რომლებსაც გამთხრელები საცავებად
მიიჩნევდნენ.
ჰასუნას ბორცვის შესწავლამ აქ 3 ძირითადი ქრონოლოგიური
ფაზის გამოყოფის საშუალება მისცა მკვლევარებს.
ადრეული ფაზა, რომელიც ზოგჯერ ხასიათდება როგორც
პროტო-ჰასუნა. მის სამეთუნეო ნაწარმს მსგავსება აქვს იმ ადრეულ
კერამიკასთან, რომელიც ტიპობრივად უმ დაბაჰიას განეკუთვნება.
არქაული ფაზის ჰასუნაში (ჰასუნა I b – II ფენები)
დამახასიათებელი იყო კარგად გამომწვარი წითლად მოხატული
კერამიკა.
გვიან ჰასუნას პერიოდისათვის კი ძირითადად ნაკაწრი
ტექნიკით შემკული ნატიფი კერამიკაა უფრო მეტად
დამახასიათებელი. ზემოთ წარმოდგენილი ქრონოლოგიური
თანამომდევნოება ნათლად დგინდება ჰასუნის გვიან პერიოდში
სამარიის კულტურის მასთან თანადროულობითაც ცენტრალური
ტიგროსისა და ევფრატის რეგიონის სამხრეთით. ნატიფად
ორნამენტირებული სამარიული კერამიკა ჰასუნას ნამოსახლარის
მე - 3 - 6 ფენებისათვის, სადაც ის აშკარადაა წარმოდგენილი,
მკვლევარების კვლევის თანახმად მხოლოდ იმპორტს შეიძლება
წარმოადგენდეს.
ჰასუნას კულტურისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა,
კერამიკა და სხვა ნიშნები, რომელიც განმსაზღვრელია ამ ტიპიური
ძეგლებისათვის ვრცელდებოდა ჩრდილო მესოპოტამიაში
დაახლოებით ძვ.წ. 7000-6000 წწ. ფარგლებში და ის
ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა ჰალაფის კულტურულ
ტრადიციას.

„ნეოლითური რევოლუცია“ ანატოლიაში ამ ეპოქის ძეგლები

ცნება „ნეოლითური რევოლუცია“ გამოიყენება იმ უზარმაზარი


ცვლილებების აღსანიშნავად, რომელსაც ამ ეპოქის დაწყებისას
ჰქონდა ადგილი საზოგადოების ცხოვრებაში. უზარმაზარი
თვისობრივი ნახტომი, რაც კაცობრიობამ თავისი განვითარების
გზაზე გააკეთა ნეოლითის ხანის ადრეულ საფეხურზევე
უკავშირდება მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურ
მეურნეობაზე გადასვლას და ცხოვრებისა და სამეურნეო ყოფის
მიზანმიმართულ დაგეგმვას. ეს დაკავშირებული იყო
მიწათმოქმედების განვითარების დაწყებასთან და ადამიანთა
ყოფის სწორედ ამ დარგის შესაბამისად მოწესრიგებასთან.
სამიწათმოქმედო მეურნეობის პრაქტიკა ანატოლიაში თავიდანვე
განსაკუთრებულად აქტიურად წარიმართა და დიდი
მიღწევებითაც აღინიშნა. მათ შორის აღსანიშნავია მიღწევები
დასახლებათა გეგმარებასა და საცხოვრებლის ტიპის
ორგანიზებაში, რომელიც უკვე საკმაოდ ხელსაყრელი გახდა
ადამიანის ცხოვრებისათვის და კარგად მიესადაგებოდა მის
სამეურნეო აქტივობასა და მოთხოვნილებებს.
ნეოლითელების მეორე დიდი მიღწევა და გარდატეხა იყო
კერამიკული კეცის შექმნა და თიხის ჭურჭლის წარმოება. ეს
არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რომელმაც სათავე დაუდო
მეთუნეობის დარგის განვითარებას და შემდგომში მის უდიდეს
როლს ადამიანის ცხოვრებაში. ნეოლითურ ეპოქას ზოგადად ორ
პერიოდად ყოფენ: პირველს ანუ უადრესს კერამიკამდელი ანუ
სხვაგვარად ა-კერამიკული ნეოლითის ფაზა ეწოდება (ეს არის ის
ხანა, როცა ჯერ კიდევ არ იყოგამოგონილი კერამიკული კეცი),
ხოლო მეორე ეტაპს კი კერამიკული ნეოლითი. წინარეკერამიკული
ნეოლითის ეტაპის ბევრად ხანმოკლე იყო და მან ძვ.წ. მე-9
ათასწლეულის დასაწყისიდან თითქმის მე-8 ათასწლეულის შუა
ხანებამდე გასტანა.
ყველაზე არსებითი ძვრები და მიღწევები სწორედ კერამიკული
ნეოლითის ეპოქაშია დადასტურებული და მან არაერთი სიახლე
შემოიტანა სამოსახლოთა სრულყოფის, სამიწათმოქმედო
მეურნეობასთან თანმხლები სამეურნეო ნაგებობისა და ინვენტარის
შექმნის თვალსაზრისით.
ანატოლია ითვლება ყველაზე აყვავებულ და დაწინაურებულ
რეგიონად მთელს წინა აზიაში და გამორჩეულია თავისი მაღალი
დონითა და მიღწევების რაოდებით სოფლის ტიპის დასახლებების
გეგმარებაში, არქიტეტურულ და სამშენებლო სიახლეებში,
მრგვალი ქანდაკებისა, ბარელიეფების და საერთოდ მცირე
პლასტიკის პირველი დახვეწილი ნიმუშების შექმნაში, მეთუნეობის
არნახულ დაწინაურებაში, ძვლისა და ქვის მხატვრულ
დამუსავებაში და სხვა.
ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ნეოლითის ეპოქაში თავისი
განვითარების დონით მრავალი დარგის (მეთუნეობა, კედლის
მხატვრობა, მცირე პლასტიკა, სამშენებლო საქმე და სხვა)
მიმართულების მხრივ ანატოლია პირველობას არ უთმობდა არც
ერთ სხვა რეგიონს მთელი ნეოლითის ეპოქის განმავლობაში.
ანატოლიის ქრესტომათიული ხასიათის ნეოლითური
ძეგლებიდან უპირველესად აღსანიშნავია ჩათალ ჰუიუკის,
ხაჯილარის, ნევალი ჩორის, აშიკლი ჰუიუკის, ჩაიონუ თეფეს და
გობეკლი თეფეს ნამოსახლარები. სწორედ აქედან მომდინარეობს
ის მაღალგანვითარებული, და ზოგჯერ უნიკალურიც, ნიმუშები
სამეთუნეო, ქანდაკებების თუ სამშენებლო კონსტრუქციათა მხრივ,
რაც წინა აზიის სხვა რეგიონებში ამ ეპოქაში ჯერ კიდევ უცნობი
იყო.
ჩათალ ჰუიუკის ითვლება ანატოლიის ერთ-ერთ უდიდესი
ნამოსახლარია, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან
ითხრებოდა ჯ. მელაარტის მიერ და ის დღემდე გრძელდება. ამ
უზარმაზარი ბორცვის მეოთხედიც კი არ არის არქეოლოგიურად
შესწავლილი, მაგრამ რაც გაითხარა მან უზარმაზარი
მნიშვნელობისა და რაოდენობის მასალა მოგვცა ნეოლითური ხანის
ანატოლიის მოსახლეობის ცხოვრების წესის შესახებ.
ჩათალ ჰუიუკის დიდი ნასოფლარი ტერასული დაგეგმარების
პრინციპითაა აგებული და სახლების მჭიდრო, ერთმანეთთან
მიჯრით განლაგება და შიდა ეზოების თითქმის არარსებობა
ცხოვრების გარკვეულ წესს გულისხმობდა. აქ ბანური გადახურვის
პრინციპი და ჭერში დატანილი ღიობი (სინათლისა და
ვენტილაციისათვის) განაპირობებდა ყოველდღიური ყოფის
გარკვეულ ტრადიციას. გათხრებისას ჯ. მელაარტის მიერ რთული
სტრატიგრაფიული სურათი და 13 სამშენებლო ფენა
დადასტურდა.
ამ ნამოსახლარის ზოგიერთი სახლის კედლები უადრესი
კედლის მხატვრობის ნიმუშებს გვთავაზობს. იმ სიუჟეტთა შორის,
რაც ჩათალის საცხოვრებელთა კედლებზეა უნდა არინიშნოს;
ვულკანის ამოფრქვევის სცენა (მიჩნეულია, რომ რეალურად
მომხდარი ეს ბუნებრივი მოვლენა კარგად ჩანდა ჩათალ ჰუიუკის
ბორცვიდან და ეს შთაბეჭდილება გადმოსცეს კიდეც მისმა
მცხოვრებლებმა), ნადირობის სცენა, საკულტო მნიშვნელობის
მქონე სიუჟეტი, რომელიც ადამიანის ხელის მტევნების წითელი
საღებავით შესრულებულ რთულ კომპოზიციას გადმოგვცემს და
სხვა. ყველაფერი ეს სხვადასხვა მკვეთრი ფერთა გამის
გამოყენებითაა შესრულებული და პროპორციული და
ნატურალისტური ფორმებით ხასიათდება.
აღსანიშნავია დიდი ზომის ოთახები, რომლის აღმოსავლეთ
კედელზე ორგანიზებულია ხარის თავებით გაკეთებული
ბარელიეფები და ასევე ხარის რქების ვერტიკალური მწკრივით
გაფორმებული კედლის ნიშა. როგორც ითვლება, ადრეულ
საფეხურზე ადამიანს სამლოცველო ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცალკე
ორგანიზებული და ამისთვის თავისი საცხოვრისის აღმოსავლეთ
კედელს იყენებდა. აქვეა გათხრილი კერა, რომელშიც ნაცრის სქელი
ფენა და მცირე პლასტიკის ცხოველთა შეწირული ფიგურები
აღმოჩნდა. სწორედ ჩათალზე იქნა დადასტურებული კერამიული,
ხის, დაწნული და ქვის ჭურჭლის ტიპობრივად განსხვავებული
ფორმები. მრავალფეროვანია ქვის სამიწათმოქმედო იარაღთა და
სხვადასხვა საჭირო არტეფაქტთა (სანაყები, სასრესები და სხვა)
პროდუქცია. ნეოლითის ეპოქის თითქმის ყველა ნამოსახლარებზე
ანატოლიაში დასტურდება თიხისა და ქვის მცირე პლასტიკის
ნიმუშები (ანთროპომორფული და ზოომორფული). ამ მხრივ
ნაყოფიერების სიმბოლოს მქონე დედა-ღვთაებათა
განსაკუთრებულ კოლექციას სწორედ ჩათალ ჰუიუკის
ნამოსახლარზე ვხვდებით.
ქვის კონსტრუქცია დომინირებს გობეკლი ჰუიუკის და ჩაიონუ
თეფეს ნამოსახლარებზე. პირველ მათგანზე, ნაგებობის შიდა
სივრცერში კედლების გასწვრივ და ცენტრშიც განლაგებული იყო
ქვის დიდი სტელები (ლათინური ტ-სებური ფორმის),
რომლებზედაც სხვადახვა ცხოველთა (გველი, ტახი, მგელი და
სხვა) ბარელიეფები იყო ორნამენტირებული. ისინი საკმაოდ
ნატურალისტური და დინამიური გამოსახულებებია და, როგორც
ფიქრობენ, შესაძლებელია ასევე სარიტუალო ადგილს
წარმოადგენდა. საინტერესო კონსტრუქციასა და დაგეგმარებას
იძლევა ჩაიონუ თეფეს ნამოსახლარი (მ. ოზდოღანის გათხრები),
რომელმაც გამოავლინა არკისებური და სწორკუთხა
კონსტრუქციების სიმბიოზით შექმნილი ნაგებობები. მან ასევე
მოგვცა ქვის ინდუსტრიის არნახულად მრავალფეროვანი
კოლექცია.
ამდენად, ნეოლითური ხანის ნამოსახლარებმა კიდევ ერთხელ
დაადასტურეს სამიწათმოქმედო მეურნეობის და ყოფის მქონე
მოსახლეობის არნახულად მაღალგანვითარებული კულტურა,
რითაც ცხადი ხდება, რომ ანატოლია აშკარად წინ უსწრებდა წინა
აზიის სხვა რეგიონებს ნეოლითის ეპოქის მთელს მანძილზე.

ჰალაფის კულტურა

ანატოლიის საზღვრებს მიღმა არსებული


კულტურებიდან ყველაზე სრულყოფილი მონაცემები
მოგვეპოვება ჰალაფის კულტურის შესახებ.
ჰალაფის კულტურის საზღვრები მოიცავს რკალს
მდინარე ევფრატსა და დიდ ზაბს შორის. ამ კულტურის
სამხრეთ საზღვარი საკმაოდ კარგადაა განსაზღვრული,
ხოლო ჩრდილო კი, შესაძლოა, თავრიზის მთებამდე და
ზოგან უფრო ჩრდილოეთითაც კი აღწევდეს. ამ ეპოქის
ერთ-ერთი დიდი ავტორიტეტის ჯ. მელაარტის მიერ მე-20
ს. 80-იან წლებში გამოთქმული ეს თვალსაზრისი ამჟამად
ახალი აღმოჩენების შედეგად კიდევ უფრო დაზუსტდა და
უდავოდ გადაიწია ჩრდილოეთის მიმართულებით.
ჰალაფი განსაკუთრებით მძლავრი კულტურული
წარმონაქმნი იყო, რომელსაც არავითარი საერთო არ
ჰქონდა არც ხასუნის და არც სამარიის კულტურებთან. ჯ.
მელაარტი ფიქრობს, რომ შესაძლოა ჰალაფის კულტურა
შექმნილი იყოს ჩრდილოეთიდან მოსული ხალხის მიერ
და მისი თავდაპირველი სამშობლო „თურქეთის
მესოპოტამიაში“ მდებარეობდა.
კერამიკული პროდუქციის მიხედვით განირჩევა ამ
კულტურის სულ მცირე ორი ძირითადი ვარიანტი:
ჰალაფის კულტურის აღმოსავლური ვარიანტი, რომელიც
ყველაზე უკეთ არპაჩიასა და თეფე გავრაშია (ქ. მოსულთან
ახლოს) ცნობილი და დასავლური ვარიანტი, რომლის
ყველაზე სახასიათო ძეგლებია ჩაგარ ბაზარი, ტელ ჰალაფი
და იუნუს კარხემიში - სირიაში. თითოეულ მათგანს აქვს
თავისებურებები როგორც კერამიკული ფორმების და
ორნამენტაციის მხრივ, რაც მისი განვითარების სამი
პერიოდის და მზარდი დახვეწილობის მაუწყებელია.
უძველეს ჰალაფურ კერამიკას შედარებით მარტივი
ფორმები აქვს, რომელთა შორის უკვე გვაქვს ჯ.
მელაარტისეული განსაზღვრით „თეფშები კრემისათვის“.
მის ორნამენტაციაში ჭარბობს ნატურალისტური სახეები:
ხარებისა და მუფლონების თავები ან ლეოპარდების,
ირმების, გველის, კობორჩხალის, ჩიტების, ონაგრის
სრული ფიგურები, ასევე ადამიანებისაც.
სქემატიზებურადაა გადმოცემული ხეები, მცენარეები და
ყვავილები. ამ კულტურის ჭურჭლის ორნამენტაციაში
ასევე დასტურდება ფრიზები, შექმნილი სწორი და
ტალღოვანი ხაზების ვიწრო სარტყლებისაგან და
წერტილებისა და რგოლების ნაკრებისაგან, რაც
მოგვაგონებს წინა პერიოდის ნაპრიალები კერამიკის
ორნამენაციასაც.
აღნიშნავენ იმასაც, რომ ჰალაფის კერამიკის ბევრი
ფორმა წარმოადგენს ლითონის ჭურჭლის მიბაძვას. ამის
საფუძველზე ჯ. მელაარტი უშვებდა ამ შესანიშნავ
ცივილიზაციაში ამგვარივე უძველესი ლითონის ჭურჭლის
არსებობის ვარაუდს.
ჰალაფის ადრეული კერამიკა დაფარულია ჩალისფერ
(ჯ.მელაარტი მას გარგარისფერს უწოდებს) ფონზე
წითელი და შავი საღებავით მოხატვით და შესანიშნავადაა
გაპრიალებული. შუა პერიოდში მზადდებოდა უფრო
რთული ფორმის კერამიკა კრემისფერი საღებავითა და
წაწვეტებული გადმოშლილი გვირგვინით.
ნატურალისტური მოტივები აქ ქრება გარდა
საყოველთაოდ არსებული რქებისა, რომელიც უფრო
სტილიზებულადაა გადმოცემული. ამ პერიოდის ტიპიური
ორნამენტი მოიცავს გეომეტრიულ კომპოზიციას,
რომელიც გულდასმითაა დამუშავებული და ძალიან
მოგვაგონებს ქსოვილს და წარმოდგენილია მოხრილი
ხაზებით, წერტილებით, მზითა და ვარსკვლავებით.
დასასრულ პერიოდში აღმოსავლეთ ნაწილში
ამზადებდნენ დიდი ზომის, პოლიქრომულ „თეფშებს“,
კარგად ორნამენტირებული ცენტრალური ნაწილით,
რომელიც გამოსახავდა როზეტს და მალტურ ჯვარს. ეს
ნაწარმი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქციაა
მახლობელი აღმოსავლეთის კერამიკის ხელოვნებისა.
მას ახასიათებს მუქი ყავისფერით, მუქი მოწითალო-
ღვინისფერით, კრემისფერით და ღია მოყვითალო ან
მოყვითალო-მონაცფრისფრო გამით დატანილი სხვადასხვა
გეომეტრიული ფიგურები (გადაბმილი რომბების რიგები,
მსხვილი წერიტლები, ჭადრაკული მოტივი და ზოგჯერ
მცენარეული ორნამენტით მდიდრულად გაფორმებაც). ეს
ნიმუშები მოხატული კერამიკის სახელითაა ცნობილი.
მოვიტანთ ხალაფური ჭურჭლის რამოდენიმე, ძალზე
სახასიათო ნიმუშების აღწერას. ერთ მოხატულ
ფრაგმენტზე მოცემულია თხების გამოსახულება,
რომელიც საკმაოდ რეალისტურადაა გადმოცემული თასის
შიდა მხარეზე რიგად დატანილი ორნამენტის სახით. მისი
ფონი კი წერტილოვანი ორნამენტითაა შევსებული. ტელ-
არპაჩიაში აღმოჩენილი კერამიკა, რომელიც ფორმით
პირგადაშლილ თეფშს წარმოადგენს, შიდა მხრიდად
ორნამენტირებულია კონცენტრულ წრეებად
განლაგებული სახეებით. მოხატვის ცენტრალურ ადგილს
იკავებს ვარდულა, რომლის შინაარსის შესახებაც, თუ რას
წარმოადგენდა იგი, ვარსკვლავს თუ გვირილის ყვავილს,
არაერთხელ დაუსვამთ საკითხი მკვლევარებს. შუმერული
ცივილიზაციის ცნობილი სპეციალისტი ნ. ფლიტნერი
უსვებდა იმ ვარაუდს, რომ „ყვავილი“ შეიძლება
უკავშირდებოდა ვარსკვლავის მაგიურ სიმბოლოს და
მასთან დაკავშირებულ ღვთაება იშთარს, მით უმეტეს, რომ
ამ ჭურჭელს საყოფაცხოვრება დანიშნულება არ ჰქონია.
გვაქვს ასევე ამ მოტივის სხვა ნაირსახეობაც:
ცენტრალურ ვარდულაზე, ფართო, წრიულ სარტყლებად
გარშემორტყმული ღია და მუქი სწორკუთხედების
მონაცვლეობა, რომლებშიც თავის მხრივ ღია ფერის
ვარსკვლავებია (თუ ყვავილები ?) ჩახაზული. ორნამენტის
ამ მკაცრ წესრიგში იგრძნობა ნახატის დამორჩილება
ჭურჭლის მრგვალი ფორმისადმი და ერთდროულად
თითქოს მისი ხაზგასმაც. სახასიათოა კიდევ ერთი,
ანალოგიური ფორმის ჭურჭლის ორნამენტი: ღრმა თეფშის
შიდა ზედაპირის ცენტრალურ მონაკვეთს ამკობს ე.წ.
მალტური ჯვრის მსგავსი ორნამენტი, რომელიც
შესაძლებლადაა მიჩნეული, რომ მზის სიმბოლოც ასახვაც
ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ კერამიკა, ჰალაფის
ცივილიზაციის ყველაზე შესანიშნავ და არსებით მიღწევად
ითვლება, მისთვის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი
მასალები და დარგებიცაა დამახასიათებელი:
არქიტექტურა, რელიგია, ქვაზე ჭრა, ქსოვილის დამზადება,
ვაჭრობა და სხვა.
კარგადაა ცნობილი ჰალაფის პერიოდის არქიტექტურის
თავისებურებანი. ეს იყო ნამოსახლარები, რომლებიც
შედგებოდა ოროთახიანი სახლებისაგან და ისინი
მოკირწყლული ქუჩების სიგრძეზე იყო განლაგებული.
თითოეულ სახლში აუცილებლად იყო მრგვალი,
თაღოვანი ნაგებობა და სწორკუთხა გეგმარების გრძელი
ვესტიბული. ეს უკანასკნელი შესაძლებელია ორდონიანი
სახურავის მქონეც ყოფილიყო. ამგვარი ფორმის ხის
სახლის ფორმა აქვს მიცემული ქვის ერთ-ერთ საკიდს,
რომელიც მის მოდელად მიიჩნევა.
ჰალაფის კულტურის ეს სახლები ქვის ფუნდამენტზე
იგებოდა და მას უფრმო აგურის კედლები ჰქონდა, რადგან
ფორმამიცემული აგური ამ პერიოდის მესოპოტამიაში ჯერ
კიდევ არ იყო ცნობილი.
ტელ ტურლუს ნამოსახლარის (მდ. ევფრატის
დასავლეთით) სახლებში აღმოჩენილი იქნა პურის საცხობი
ქურები, კერები და ზარისებური ფორმის ორმოები,
რომლებიც საცავად გამოიყენებოდა. ყველაფერი ეს
მიუთითებს, რომ აქ აღწერილი ნაგებობები უდავოდ
საცხოვრებელი სახლები უნდა ყოფილიყო და არა
სამლოცველოები, როგორც ეს ივარაუდებოდა არპაჩიის
ანალოგიური ნაგებობეის შემთხვევაში. მათგან ყველაზე
დიდი სახლის კედლის სისქე 2-დან 2.5 მეტრამდე იყო.
თაღისებური ნაგებობა 10 მ დიამეტრისა იყო. სწორკუთხა
გეგმარების ვესტიბულის სიგრძე კი 19 მეტრამდე იყო.
არპაჩიის ერთადერთ „სუფთა“ სწორკუთხა
ნაგებობასწარმოადგენდა კერამიკული სახელოსნო,
რომელიც მის ზედა ფენაში დადასტურდა.

არპაჩიის ნამოსახლარზე დადასტურებულ ჰალაფის


ფენებში არქიტექტურულ სიახლეს წარმოადგენდა
მრგვალი ნაგებობები, რომელსაც არქეოლოგები
თოლოსებს უწოდებენ. ამ ნამოსახლარის სხვადასხვა
ფენებში და თვით ამ ბორცვის მიმდებარე
ტერიტორიაზე სულ 10 თოლოსია აღმოჩენილი.
ამათგან მხოლოდ ორია აგებული ერთსა და იმავე
დროს. ამ თოლოსებიდან უძველესი წარმოადგენს
ცალკე მდგარ, დაახლოებით 4 მ. დიამეტრის მქონე
მრგვალ ნაგებობას. შემდგომში ნაგებობათა დიამეტრი
იზრდება და აღწევს 6 მ-ს, ხოლო კედლის სისქე - 1.65
მეტრამდეა. ნაგებობაში სესვლა ხდება სწორკუთხა
დრომოსის საშუალებით, ისევე როგორც მიკენის
„ფუტკრის სკისებურ„ სამარხებში, ერთ შემთხვევაში
კი მას პერპენდიკულარულად გაკეთებული წინკარიც
ჰქონდა. ამ ნაგებობედინა, როგორც წესი, მხოლოდ
ფუნდამენტიღააა შემორჩენილი, თუმცა მხოლოდ
ერთ შემთხვევაში გადარჩენილი იყო მასზე
აღმართული თიხატკეპნილი ზედნაშენი, რომელსაც
შესაძლოა დაბალი თაღის ფორმა ჰქონოდა.
უშუალოდ მის მახლობლად აღმოჩენილი
მრავალი სამარხის და საკულტო ფიგურების გამო,
მაქს მალოვანი შესაძლოდ თვლიდა მის საკულტო
დანიშნულების ნაგებობად მიჩნევას.
სეტონ ლოიდის მიხედვით კი, იმის გამო, რომ
შემდგომმა აღმოჩენებმა სირიასა და ირანში ნათელყო
სამოსახლოების არსებობა მრგვალი ფორმის
საცხოვრებელი ნაგებობებით, ამით გამოირიცხა
არპაჩიის ამ ნაგებობების საკულტო ხასიათად მიჩნევა.
საკუთრივ ერაყის ტერიტორიაზე არპაჩიის
თოლოსების ანალოგებად მიჩნეულია იმავე
პერიოდის ნაგებობები თეფე გავრას ნამოსახლარზე
(მე-20 ფენა) და უფრო ადრეული ნიმუშები იარიმ
თეფეს ნამოსახლარზე.

ურუქის კულტურა

ქალაქი ურუქი მესოპოტამიის ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც მდ. ევფრატის
ძველი კალაპოტის გასწვრივ მდებარეობს სამხრეთ ერაყში.
ამ უძველესი ქალაქის ნანგრევები ალუვიური დაბლობის
უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ეს ქალაქი
დღეისათვის ცნობილია როგორც ვარკა, ხოლო ბიბლიაში
ის ერეჩად ( Erech ) არის მოხსენიებული. ხშირად მის
აღსანიშნავად ურუქ-ვარკასაც გამოიყენებენ.
არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ურუქი
დასახლებული ჩანს ძვ.წ. გვიან მე-5 ათასწლეულიდან
ვიდრე დაახლოებით არაბთა შემოსევებამდე ანუ ახ. წ. მე-7
საუკუნემდე.
პირველი გათხრები ურუქში ჩაატარა უილიამ
ლოფტურმა მე-19 საუკუნის შუა ხანებში. შემდგომ კი,
ხანგრძლივი სტაციონარული გათხრები გერმანელების
მიერ დაიწყო 1912 წელს და ის დღემდე გრძელდება
რაინერ მარია ბოემერის ხელმძღვანელობით.
ურუქი, როგორც ჩანს, პირველად დასახლდა გვიან
უბეიდურ პერიოდშუ, ძვ.წ. მე-5 ათასწლ. ბოლოსაკენ. აქ
აღმოჩენილი ალიზ-აგურის ნაგებობათა ნაშთები,
შესაძლოა ზოგი ტაძრის ნანგრევები, რომელიც საკულტო
კვარტალში გაითხარა ღვთაება ეანას ეძღვნებოდა. ურუქი
თავდაპირველად შედგებოდა 2 ნამოსახლარისაგან,
რომელიც მამრობით და მდედრობით ღვთაებათა - ანუს
და ინანას სამლოცველოებს ეკვროდა უშუალოდ. ათასი
წლის მანძილზე, ძვ.წ. მე-4 ათასწლეულში ურუქი იქცა
უმნიშვნელოვანეს ქალაქ-სახელმწიფოდ, საკულტო და
ადმინისტრაციული კოლონიური ძალაუფლების ცენტრად
მთელს მესოპოტამიაში.
ურუქის პერიოდი არქიტექტურულად ყველაზე
უკეთაა ცნობილი სწორედ ქალაქ ურუქში მთელი რიგი
რელიგიური ხასიათის ნაგებობების მიხედვით, რომლებიც
ქალაქის ორ საკულტო კვარტალშია გათხრილი. ეს არიდ
ღვთაება ეანას ტაძარი და ანუს ზიგურატი, რომელიც ასევე
ქულაბის (Kullab) სახელითაცაა ცნობილი. ზოგიერთი ამ
ნაგებობათაგანი, მათ შორის თეთრი კირქვით ნაგები
ტაძარი, ქვის ნაგებობა და ქვის კონუსური ტაძარი ძვ.წ.
3600 წ. უნდა თარიღდებოდეს.
რაც შეეხება მის შემდგომ მონუმენტურ ნაგებობათა
დიდ ნაწილს, ისინი გვიან ურუქის პერიოდში ანუ ძვ.წ.
გვიან მე-4 ათასწლეულში უნდა იყოს აგებული, მათ შორის
რაიემხენის ნაგებობა, A – E ნაგებობები და ე.წ. დიდი ეზო.
ქ. ურუქის ნაგებობათა არქიტექტურული დეკორაცია
გულისხმობს კედლის ფერადი სოლების
(მოჭიქულთავიანი თიხის ლურსმნები) გამოყენებას
მოზაიკური შემკობისათვის და ასევე პილარების წყობას.
ასეა ნაგები ქალაქის ციტადელი. ამ პერიოდისათვის
ურუქს ეკავა იმპერიის ეკონომიკური და პოლიტიკური
მთავარი ძალაუფლება, რომელიც ევფრატის ზედა
დინებას, ჩრდ. სირიას, ანატოლიას და აღმოსავლეთით კი
ირანს სწვდებოდა. ურუქი წარმოადგენდა მსოფლიოში
უადრესი დამწერლობის სისტემის მქონე ქვეყანას,
რომელიც ცნობილია როგორც პროტო-ლურსმული. ის
შეიქმნა და ხმარებაში იყო თვით ურუქში ძვ.წ. მე-4
ათასწლ. ბოლოს. მოგვიანებით, მისი გამოყენება
გავრცელდა მესოპოტამიის დიდ ნაწილში.
ადრე დინასტიური პერიოდის მანძილზე (ძვ.წ. 3000 –
2350 წწ) ურუქმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა
ქალაქის ახალი თავდაცვითი კედლის აგებასთან ერთად,
რომლის სიგრძე 10 კმ იყო და უკავშირდებოდა გილგამეშს.
ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის შუა ხანისათვის ურუქის
მმართველი იყო ლუგალ-ზაგესი, რომელმაც დაიპყრო
მთელი სამხრეთ მესოპოტამია და მართავდა მას მანამ,
სანამ იგი დაამარცხა სარგონ აქადელმა. სარგონმა შექმნა
აქადის იმპერია და შემდეგ უკვე ის გაბატონდა მთელი
მესოპოტამიის რეგიონში.
ურუქის შემდგომი სამშენებლო აქტივობა გაგრძელდა
აქადური და ურის მე-3 დინასტიის პერიოდებში ვიდრე
ძვ.წ. 2000 წლამდე, რომლის შემდეგაც იწყება მრავალი
საუკუნის მანძილზე გაგრძელებული ურუქის დაკნინების
პერიოდი.
ძვ.წ. მე-2 -სა და 1 ათასწლეულშიც მან განაახლა
სამშენებლობა აქტივობა და ურუქმა კვლავ მოიპოვა და
განავრცო თავისი როლი როგორც მთავარმა ქალაქმა. მან
განაახლა საკულტო ხასიათის მასიური ნაგებობების
მშენებლობა.
მთელი ამ დასახელებული ეპოქების მატერიალური
კულტურის ნაშთები დადასტურებულია ურუქის
ნამოსახლარ ბორცვზე და ის სხვადასხვა
სტრატიგრაფიული ფენების სახითაა წარმოდგენილი.
ურუქის კულტურისათვის დამახასიათებელია ჩარხზე
დამზადებული მოუხატავი კერამიკა, უმეტესად ღია
ჩალისფერი, კრემისფერი ან მოყვითალო ტონებისა.
ამასთან ზოგი ჯგუფი წითელი ანგობითაც არის
დაფარული და შავკეციანია. ურუქისათვის სახასიათოა
ე.წ. ჩაიდნისებური ჭურჭელი სამსხმელო ცხვირით და
სახელურით მის საწინააღმდეგო მხარეს. ისინი
სხვადასხვაგვარ ტიპოლოგიურ ჯგუფებს ქმნიან.
ურუქული კერამიკა გამოირჩევა ფორმათა
გეომეტრიზმით, რაც გულისხმობს მკაცრ გეომეტრიულ
ფორმებსა და ჭურჭლის სხვადასხვა ნაწილების
(გვირგვინი, კორპუსი და ა.შ.) მკაცრ პროპორციულობას.
ჭურჭლის ტიპებს შორის ჭარბობს სფერულმუცლიანი ან
წაგრძელებული მრგვალი კორპუსის მქონე დიდი და
საშუალო ზომის ქოთნები, კუთხოვანი გვირგვინით და
ფართოპირიანი, წაკვეთილი კონუსის ფორმის ღრმა
ჯამები, რომელთაც ფართო ტიპოლოგიური ვარიანტები
გააჩნიათ. ყველა ისინი მოუხატავია და უმეტესწილად
უყურო.
გვიან ურუქული პერიოდის ჭურჭელს შორის
განსაკუთრებულ ნაწარმად არის მიჩნეული ურუქის
სამფრიზიანი, ცილინდრული ფორმის, მაღალი
სარიტუალო ვაზა, რომელიც დღემდე შესანიშნავ
მდგომარეობაშია მოღწეული.
ამ მასალასთან ერთად ფართოდაა წარმოდგენილი
თიხის ბეჭედ-საბეჭდავები, ქვისა და ძვლის მცირე
პლასტიკის ნიმუშები.

აქადის დინასტიის არქეოლოგია და ხელოვნება

ტერმინი „სარგონამდელი“, რომელიც ზოგჯერ


გამოიყენება ადრედინასტიური პერიოდის აღსანიშნავად,
ხაზს უსვამს იმ მოვლენების მნიშვნელობას, რომლებმაც
დაასრულეს ეს პერიოდი. დაახლოებით ძვ.წ. 2370 წელს
(მისი მეფობა 55 წელს გაგრძელდა) სარგონ აქადელის
ძალაუფლებაში მოსვლით მოხდა შუმერის ძველი ქალაქ-
სახელმწიფოების სწრაფი დამორჩილება მისადმი, რამაც
პირველად გამოიწვია სემიტური ელემენტის დროებით
უპირატესობა და გაძლიერება მესოპოტამიის
მოსახლეობაში. მესოპოტამიუაში შუმერული
მმართველობის აქადურით შეცვლას თან ახლდა
„რევოლუციური“ ცვლილებები პოლიტიკურ იდეებში,
რაც შესაბამისად აისახა კიდეც ხელოვნების ნიმუშებში.
მისი მნიშვნელობა ცხადი გახდება თუკი გავიხსენებთ
შუმერის ისტორიის სტატიკურ და უცვლელ ხასიათს
მთელი წინამორბედი ასწლეულების მანძილზე და იმ
განსაკუთრებულ გარემოებებს, რომლებმაც განსაზღვრეს
მთელი მისი განვითარება. მოკლედ იგი შემდეგში
მდგომარეობდა: შუმერის მიწა წარმოადგენდა რიგი ქალაქ-
სახელმწიფოების ერთობას. ამასთან, თითოეული მათგანი
ისტორიის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში ბატონობდა
მეორეზე. ერთი ქალაქის ჰეგემონია გრძელდებოდა მანამ,
სანამ იარაღის ძალით ძალაუფლებას არ ჩაიგდებდა მეორე.
თითოეულ ქალაქს ჰყავდა თავისი მფარველი ღვთაება (ეს
წინა აზიური ქალაქების ზოგადი დამახასიათებელი
ნიშანია), რომელსაც ეკუთვნოდა ქალაქი.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქები მუდმივად
იბრძოდნენ ჰეგემონობისათვის ერთმანეთის წინააღმდეგ
ან თავისი საზღვრების გაფართოებისათვის, მათი
მმართველები ყოველთვის გრძნობდნენ სიამაყეს თავისი
„შუმერული მიწის“ ერთიანობის გამო. აუცილებელია
გვახსოვდეს, რომ შუმერი განიხილებოდა როგორც
ერთიანი ორგანიზმი. მთელ რიგ ქალაქ-სახელმწიფოებს,
რომლებიც მთლიანობაში შეადგენდნენ შუმერს, ეკავათ
საკმაოდ შეზღუდული ტერიტორია (ოდნავ მეტი, ვიდრე
თანამედროვე ირლანდიის რესპუბლიკაა), რომლის
ჩრდილო საზღვარი აღწევდა ქალაქებს მარსა და აშურს,
სადაც იგივე კულტურა არსებობდა. ჩრდილოეთის
მიმართულებით, დანარჩენი ტერიტორიის მოპოვების
თვალსაზრისით, შუმერების მისწრაფება არ მიდიოდა ამ
აღნიშნული საზღვრის მიღმა. შუმერები ინტერესს
ავლენდნენ მხოლოდ იმ შორეული მიწების მიმართ, სადაც
სავაჭრო გზები გადიოდა, რადგან სავაჭრო პუნქტებისა და
გზების ხელში ჩაგდება იყო იყო მათი აყვავებისა და
პოლიტიკურ-ეკონომიკური დაწინაურების საწინდარი და
ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორთაგანი.
მის ჩრდილოეთით, აქადის სახელმწიფოს წარმოქმნით
კი ყველაფერი შეიცვალა. მისი პირველი ხელისუფალი
სარგონ აქადელი, სახელმწიფოს მმართველობის
ხელოვნებაში ხელმძღვანელობდა ახალი პრინციპებით.
განსხვავებით შუმერული ტრადიციისაგან, რომელიც
შუმერთა ადრეულ მეფეებს შეზღუდვებს უწესებდა,
სარგონ აქადელს ჰქონდა აბსოლუტური მონარქიის
კონცეფცია და მისი მისწრაფებები უკვე ვრცელდებოდა
შუმერისა და აქადის მიწებისაგან ბევრად დაშორებულ
რაიონშიც. სარგონის ძალაუფლებაში მოსვლის
დროისათვის, მესოპოტამიის ცენტრალური ნაწილი,
ნიფურის რაიონიდან ჩრდილოეთით ხიტ-სამარას ხაზამდე
მდინარე დიალას რაიონის ჩათვლით, დიდხანს
იწოდებოდა „აქადელების ქვეყნად“. აქადელები,
რომლებიც ხშირად სარგონის ხალხადაც მოიხსენიება,
გარდა ენობრივი განსხვავებისა, ყველა დანარჩენში
შუმერების რელიგიურ და საზოგადოებრივ წეს-
ჩვეულებებს მისდევდნენ. სარგონის მმართველობის ხანაში
ბევრი დრო და ენერგია იხარჯებოდა ძველი შუმერული
რელიგიური ძეგლების რესტავრაციისა და
გადაკეთებისათვის. თვით სარგონის ქალიშვილი გახდა
ნანარის - ქალაქ ურის მთავარი მფარველი ღვთაების
ქურუმი.
სარგონ აქადელის არაერთი სისხლისმღვრელი და
რთული საომარი ექსპედიციების წარმატებით
დასრულების შედეგად თანდათან შეიქმნა ისტორიაში
პირველი მესოპოტამიის იმპერია. აქადის დინასტიის
ხანაში ყველაზე დამახასიათებელია მეფის გაღმერთების
იდეა, რომელიც თავდაპირველად თავს იჩენს
ტიტულატურაში, შემდეგ კი იდეოლოგიასა და
ხელოვნებაში. პირველად, ისტორიის და ლეგენდების
გმირი ხდება არასამეფო წარმომავლობის და გვარის
ადამიანი, რომლმაც მიაღწია ძალაუფლებას, შექმნა
უზარმაზარი არმია და პირველად შუამდინარეთში,
სახელმწიფო „ნომების“ მთელი არსებობის მანძილზე
„ღვთის ნებით“ დაიმორჩილა მთელი შუმერი და აქადი.
ხელოვნების ძეგლებში ეს გმირი წარმოსახულია როგორც
მამაცი ადამიანი, მკაცრი სახის, ხაზგასმული ენერგიული
ნიშნებით. მიჩნეულია, რომ ეს არის იდეალიზებული და
რამდენადმე განზოგადებული პორტრეტი, გარკვეულად
კი საკმაოდ ზუსტად გადმომცემიც იმ ეთნიკური ტიპისა,
რომელიც აქადელად მოიაზრებოდა. ეს გამოსახულება,
რომელიც ფართოდაა ცნობილი და საკმაოდ კარგ
მდგომარეობაშია მოღწეული დღევანდლამდე
გაიგივებულია სარგონ აქადელის პიროვნებასთან და ის
ზუსტად წარმოაჩენს იმდროინდელი დესპოტი
ხელისუფალის იერსა და ნიშან-თავისებურებებს
(ვ.აფანასიევა და სხვ.,1986:68). ეს არის გაღმერთებული
მეფე, რომელიც სათავეში უდგას არმიის მრავალ
გამარჯვებულ ლაშქრობებს.
აქადის პერიოდის ხელოვნებაში მომხდარი
ზოგიერთი ცვლილებები დაკავშირებულია ქვეყნის
ჩრდილო ნაწილის ცენტრებისათვის დამახასიათებელ
ტრადიციებთან. ჯერ კიდევ ადრედინასტიურ პერიოდში,
სამხრეთ მესოპოტამიის ჩრდილო ნაწილში გავრცელებულ
კუთხოვანი სტილის ქანდაკებებში უკვე იგრძნობა
ფიგურის უფრო ნაკლები შებოჭილობა, ვიდრე სამხრეთის
დაბალტანიან და უფრო უხეშ ქანდაკებებში. ჩრდილოეთში
იგრძნობა, რომ გააჩნდათ მეტი ჩვევა ქვაზე მუშაობისა ანუ
იმ მასალაზე, რომელიც უიშვიათესი იყო სამხრეთში.
ბუნებრივია, რომ აქადელები, რომლებიც სარგონის
თაოსნობით შეესივნენ სამხრეთს, იქ მიიტანეს ქვის
ქანდაკებებისათვის დამახასიათებელი ეს ნიშნებიც, ისევე
როგორც სხვა ადგილობრივი სიუჟეტები და სტილისტური
ხერხები, რამაც განსაკუთრებით იჩინა თავი საბეჭდავებზე
კვეთის ხელოვნებაში.
აქადის დინასტიის პერიოდის საბეჭდავები ხასიათდება იმ
თავისებურებით, რომ ხელოსნები უკვე აღარ მიისწრაფიან
საბეჭდავის მთელი სივრცის შევსებისაკენ, არამედ მისი
ლიმიტირებული ზედაპირის ნაწილს თავისუფალს,
უორნამენტოს ტოვებენ. ამის გამო ზედაპირზე ფიგურები
თავისუფლად არის განთავსებული,რაც ხელოსნებში
ბადებდა სურვილს, რომ უკვე სხვაგვარად აეგოთ
საბეჭდავის კომპოზიცია. ამასთანავე სახასიათოა ისიც,
რომ საბეჭდავის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა წარწერას.
საერთოდ აღსანიშნავია, რომ საბეჭდავებზე წარწერები
გვხვდება ადრედინასტიურ ხანაშიც, მაგრამ, ჩვეულებრივ,
ისინი ყოველთვის იკარგებოდნენ ორნამენტის სიჭრელეში
და ქმნიდნენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს
თვითონაც სივრცის შევსების საშუალებას
წარმოადგენდნენ. განსხვავებით მათგან, აქადურ
საბეჭდავებზე წარწერა უკვე თავისუფლად შედის
კომპოზიციაში და მისი ცენტრი ხდება. სიმპოტომატურია
ასევე კიდევ რამოდენიმე სახასიათო განსხვავება ამ ორი
პერიოდის აღნიშნულ არტეფაქტთა შორის. კერძოდ,
ადრედინასტიური ხანის საბეჭდავებისათვის
დამახასიათებელ სულ მუდამ მოძრავ, წინმსწრაფ
გამოსახულებებთან შედარებით აქადური პერიოდის
ნიმუშებზე გამოსახულებები რამდენადმე სტატიკურია.
გლიპტიკის სპეციალისტთა მიერ აღნიშნულია, რომ ეს
მომენტი გამოსყიდულია გამოსახულებების მეტი
სიზუსტით გადმოცემით, რის საფუზველზეც ლაპარაკობენ
აქადური პერიოდის ხელოვნებაში თვით რეალიზმის
არსებობის შესახებ.
ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულის შუამდინარეთის
ხელოვნებაში ერთ-ერთ მთავარ რგოლად რჩება ლაგაშის II
დინასტიის დროის ხელოვნება, რომლის მიხედვითაც
შესაძლებელია ვიმსჯელოთ ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლო
ხანის ხელოვნების სხვა დარგების შესახებაც.
განსაკუთრებით მრავლადაა შემორჩენილი გუდეას
სკულპტურული პორტრეტები, ასევე მისი ცოლის და ვაჟის
გამოსახულებები.
ადრედინასტიური ხანის შუმერის პატარა ზომის
სკულპტურებისაგან განსხვავებით, ის ჭეშმარიტად
მონუმენტურ ფიგურას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის
სიმაღლისა ან ზოგჯერ უფრო დიდიც კია. ეს ქანდაკებები
დამზადებულია შემოტანილი ქვისაგან -
დიოდორიტისაგან. გუდეას სკულპტურულ პორტრეტებში
შეინიშნება ორი ძირითადი ტიპი: ერთი - ესაა დაბალი
ქანდაკებები, რამდენადმე დაპატარავებული
პროპორციებით, ანუ ისინი შესრულებულია სამხრეთ,
შუმერული ტრადიციის მიხედვით. მეორე ჯგუფის
ქანდაკებები კი ბევრად უფრო მაღალი და მოხდენილი.
ისინი „აქადური“ ტიპისაა. ორივე ტიპის ფიგურები
საგულდაგულოდაა ნაკეთები და ყველა დეტალი
ხაზგასმულადაა დამუშავებული, მაგრამ „აქადური“
ფიგურების პოზაშიც და მუსკულატურის გადმოცემაშიც
იგრძნობა გაცილებით მეტი სითამამე და თავისუფლება,
მაშინ როცა „შუმერული“ ტიპის გუდეას ქანდაკებები
უფრო შებოჭილი პოზისაა, ხელები უფრო მეტად ტანზეა
მიკრული და შესრულებაში იგრძნობა გარკვეული
სიმშრალე და პრიმიტიულობა.
„აქადური“ ხელოვნების პრინციპები, როგორც
ვხედავთ, აქადის დინასტიის გაქრობასთან ერთად
უკვალოდ არ გამქრალა. მისმა ხელოვნებამ საგრძნობი
გავლენა იქონია შემდგომ ეპოქაზე და იგი შესამჩნევი იყო
თვით ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანების ჩათვლითაც კი.
სხეულის პროპორციების სწორად გადმოცემა, მასალის
შეგრძნება, ინდივიდუალურის გადმოცემის ტენდენცია,
კომპოზიციის თავისუფლება და ჰარმონიულობა -
ყველაფერი ეს არის აქადის პერიოდის ხელოვნების
მემკვიდრეობა, რომელიც შესამჩნევია როგორ შუმერის
ისტორიის უკანასკნელი პერიოდის - ურის III დინასტიის
ძეგლებში, ისე უფრო გვიანდელ, ძველბაბილონურ
ხელოვნებაშიც. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აქადელ
ოსტატთა საუკეთესო ნაწარმოებებისათვის
დამახასიათებელი ის შინაგანი ექსპრესია და
დინამიურობა, ზოგადად, აქადური ხელოვნების ძალზე
ძლიერი ზეგავლენა, გვიანშუმერული ხელოვნების
ძეგლებზე უკვე აღარ გვაქვს. ამ უკანასკნელის მიერ
აქადური ხელოვნების ბევრი დამახასიათებელი ნიშანი
აღებული აღმოჩნდა სრულიად ფორმალურად.
რაც შეეხება აქადური ეპოქის სკულპტურის იმ
ნიმუშებს, რომლებიც ქვის მასალისაგან არ არის
დამზადებული, მისი კარგად შემონახული
ეგზემპლიარების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა.
ჩვენამდე მოაღწეულ ასეთ მნიშვნელოვან ნიმუშს
წარმოადგენს ნატურალური ზომის აქადის მმართველის
ბრინჯაოს თავი, რომელიც კომპლექსის გარეთ იქნა
აღმოჩენილი იშთარის ტაძრის ასირიულ ნანგრევებში
ნინევიაში და ახლა ერაყის მუზეუმში ინახება. არქეოლოგი
მაქს მელოუნი, რომელმაც ის აღმოაჩინა, სავარაუდოდ, მის
იდენტიფიცირებას ახდენდა სარგონ აქადელის
გამოსახულებასთან, რომელიც შესაძლებელია,
შესრულებული იქნა მისი ვაჟის მანიშტუშუს შეკვეთით. ამ
სკულპტურაში, კერძოდ, სახის, ულვაშების და გაყოფილი
წვერის გამოსახვაში იგრძნობა ახალი ტრადიციის
დამკვიდრება, რომელიც თვალსაჩინოს ხდის აქადელი
ოსტატების მნიშვნელოვან მიღწევებს შუმერებთან
შედარებით.
ამ ეპოქის კიდევ ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ნარამ-
სუენის სტელა, აღმოჩენილი მორგანის მიერ სუზაში,
სადაც იგი მიტანილი იქნა ელამის მმართველის შუტრუკ-
ნახუნტეს მიერ ქ. სიფარიდან როგორც სამხედრო
ნადავლი. ეს არის 2 მეტრი სიმაღლის სტელა, რომელიც
მოწითალო ქვიშაქვისაგან იქნა დამზადებული. ის
მოგვითხრობს ნარამსინის (ნარამ-სუენის) გამარჯვებაზე
და დამზადებული იქნა აქადის ლულუბეების ტომზე
გამარჯვების აღსანიშნავად. ამ ძეგლისათვის
დამახასიათებელ ინოვაციურ ნიშანს და მნიშვნელოვან
სტილისტურ განსხვავებას უფრო ადრეული
ნიმუშებისაგან, წარმოადგენს კომპოზიციის ერთიანობა და
გარკვეულობა, რაც განსაკუთრებით ნათლად იგრძნობა
მისი შედარებისას ანალოგიურ თემაზე შექმნილ
ეანატუმის სტელასთან. აქ უკვე აღარ გვაქვს „სარტყლები“,
რომლებიც ერთმანეთისაგან აცალკევებენ
გამოსახულებებს. ძალზე წარმატებით გამოიყენება
შინაარსის გადმოცემის დიაგონალური აგების პრინციპი.
კომპოზიციაში, რომელიც ოსტატუტარად გადმოგვცემს
მთის ტყეებში ბრძოლის სცენას, გამოიყოფა მეფის
დომინირებული ფიგურა, რომელიც ჯარის ზემოთ დგას.
რაც შეეხება სამშენებლლო საქმესა და არქიტექტურას,
უპირველესად აღსანიშნავია ის, რომ შუამდინარეთის
სამშენებლო მასალას ალიზ-აგური წარმოადგენდა, უფრო
იშვიათად კი გამოიყენებოდა გამოუწვავი აგური. ძვ.წ. მე-4
და მე-3 ათასწლეულების მონუმენტური არქიტექტურის
კონსტრუქციულ თავისებურებას წარმოადგენდა
ხელოვნურად აღმართული პლატფორმები, რაც
გარკვეულად იმითაც იქნა ახსნილი, რომ შესაძლებელია
აუცილებელი იყო შენობის იზოლირება ნიადაგის
ნესტისაგან და, ალბათ, ასევე იმ სურვილითაც, რომ შენობა
კარგად შესამჩნევი ყოფილიყო ყველა მხრიდან. მეორე
დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ძველ ტრადიციას
ეფუძნებოდა იყო კედლის ტეხილი ხაზი, რომელიც ნიშა-
შვერილის მონაცვლეობით იქმნებოდა და გარკვეულ
დეკორატიულობას სძენდა საკმაოდ ერთფეროვან შენობას.
შენობათა გადახურვა ძირითადად იყო ბრტყელი.
სამხრეთ მესოპოტამიაში გათხრილ საცხოვრებელ
ნაგებობებს ჰქონდათ შიდა ღია ეზოები, რომლის
ირგვლივაც ჯგუფდებოდა „ყრუ“ კედლის მქონე შენობები
ანუ ღიობის გარეშე. ასეთი გეგმარება შესაბამებოდა
ქვეყნის კლიმატურ პირობებს და ის დამახასიათებელი იყო
სამხრეთ შუამდინარეთის ზიგურატების
ნაგებობისთვისაც.
ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის შუმერული ქალაქების ძველი
სატაძრო არქიტექტურის ერთ-ერთ დამახასიათებელ და
გამორჩეულ ძეგლს წარმოადგენდა ელ-უბეიდის ძვ.წ. 2600
წლით დათარიღებული ტაძარი, რომელიც ნაყოფიერების
ღვთაება ნინ-ხურსაგისადმია მიძღვნილი.
რეკონსტრუქციის მიხევით ტაძარი იდგა მაღალ
პლატფორმაზე (32 x 25 მეტრი). პლატფორმისა და თვით
ტაძრის კედლები, ძველი შუმერული ტრადიციის
შესაბამისად გაფორმებული იყო ვერტიკალური
შვერილებით, მაგრამ ამავე დროს პლატფორმის საყრდენი
კედლები შეღებილი იყო ქვედა ნაწილი შავი ბიტუმით,
ხოლო ზედა ნაწილი კი თეთრად. ამგვარად, ვიზუალურად
ის ჰორიზონტალური მიმართულებითაც იყოფოდა და
საერთო ჯამში იქმნებოდა ვერტიკალური და
ჰორიზონტალური კვეთის რიტმი, რომელიც ტაძრის
კედლებზეც მეორდებოდა, თუმცა, რამდენადმე სხვა
ინტერპრეტაციით: კედლის ვერტიკალური ხაზები
იკვეთებოდა ჰორიზონტალურად, ფრიზების
სარტყლებით.
რაც შეეხება შუმერული კულტურის უაღრესად
დამახასიათებელ ნაგებობას - ზიგურატს, ეს იყო საკულტო
ნაგებობის თავისებური ტიპი, რომელსაც ათასწლეულების
განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წინა აზიის
არქიტექტურაში და მის აუცილებელ ძეგლს
წარმოადგენდა. ზიგურატი, როგორც წესი, იგებოდა
ადგილობრივი მთავარი ღვთაების ტაძართან და
წარმოადგენდა მაღალ, საფეხურებიან კოშკს, აგებულს
ალიზ-აგურისაგან. ზიგურატი წარმოადგენდა სამ
სართულიან ნაგებობას, რომლის მესამე, მოცულობით
ყველაზე პატარა სართული, ე.წ. „ღვთაების საცხოვრისი“
აგვირგვინებდა მთელ ამ უზარმაზარ შენობას.
შუამდინარეთის არაერთ ქალაქში გათხრილი ძეგლების
და მათი შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ აქადშიც და
შუმერშიც ამ დროს ყალიბდება საკულტო ნაგებობის
გარკვეული ტიპი, რომელშიც მკვიდრდება და
ტრადიციული ხდება მთელი გვიანდელი ხანის
მესოპოტამიის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი
საერთო, ზოგადი პრინციპები. მათგან ყველაზე არსებითია:
1. ტაძრის აგება ერთსა და იმავე ადგილას. ასევე, ყველაზე
უფრო გვიანდელი გადაკეთებები თავის თავში მოიცავენ
ადრეულ ელემენტებსაც და ამგვარად, შენობა არასდროს
არ გადაიტანება სხვა ადგილას; 2. შენობისათვის მაღალი,
ხელოვნური პლატფორმის ორგანიზება, რომელზედაც
დგას ცენტრალური ტაძარი და რომლისკენაც მივყავართ
კიბეებს ორივე მხრიდან. ეს არის ზიგურატისთვის
დამახასიათებელი სავალდებულო პრინციპი. შემდგომ
პერიოდში, შესაძლებელია იმ ჩვეულების გამო, რომ
ტაძარი ყოველთვის ერთ ადგილზე იგებოდა,
არქეოლოგები უკვე ერთი პლატფორმის მაგივრად
ხვდებოდნენ სამ, ხუთ და ბოლოს, შვიდ პლატფორმასაც კი
ერთმანეთზე დადგმულს.
ითვლება, რომ მესოპოტამიის მკვიდრთა მისწრაფება,
აეგოთ მაღალი ტაძრები, ხაზს უსვამს სამლოცველოს
კავშირს ღვთაებათა ციურ სამყოფელთან; 3. სამნაწილიანი
ტაძარ-კოშკი წარმოადგენდა ქალაქის მფარველი
ღვთაებისადმი მიძღვნილ მთავარ და ყველაზე
მონუმენტურ ნაგებობას, დადგმულს ცენტრალურ
ადგილას; 4. ტაძრის გარეთა კედლების და ასევე
პლატფორმის (პლატფორმების) დანაწევრება ნიშა-
შვერილების ურთუერთმონაცვლეობად წყებად,
რიტმულობას და დეკორატიულობას სძენდა ნაგებობას.
მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ამავე პერიოდში უნდა
ჩამოყალიბებულიყო ქალაქის მთავარი ღვთაების სახელზე
აგებული ზიგურატის მრავალსაფეხურიანობაც.
მესოპოტამიის ყველა ქალაქში ზიგურატტან
ერთდროულად არსებობდა მეორეხარისხოვან ღვთაებათა
ტაძრევიც, რომელტაც ნაკლები მასშტაბები ჰქონდათ და
უმეტესად უპლატფორმოდ იგებოდნენ. ჩვეულებრივ,
ისინიც სატაძრო ტერიტორიის საზღვრებში იდგა.

ხათური კულტურა

ალაჯა ჰუიუკის სამარხების კონსტრუქცია, დაკრძალვის


წესი და სამარხეული ინვენტარი

ალაჯა ჰუიუკის ბორცვი მდენარეობს ქ. იოზგატიდან


(Yozgat) ჩრდილოეთით, დედაქალაქ ანკარიდან 180 კმ
აღმოსავლეთით, რომელიც ანატოლიის ჩრდილო-
ცენტრალურ რეგიონს წარმოადგენს. ამ ძეგლის გათხრები
1930-იან წლებში დაიწყო ჰამიტ კოშაიმ. ალაჯა ყველაზე
უკეთაა ცნობილი ადრე ბრინჯაოს ხანის განსაკუთრებით
მდიდრული სამარხებისა და ხეთური პერიოდის
შთამბეჭდავი არქიტექტურის მიხედვით.
ეს ძეგლი პირველად ათვისებული იქნა ხალკოლითურ
პერიოდში, ძვ.წ. გვიან მე-4 ათასწლეულში. ადრე
ბრინჯაოს ხანაში, ძვ.წ. გვიან მე-3 ათასწლეულში
განსაკუთრებით მდიდრული სამარხები კეთდებოდა.
სამარხი წარმოადგენდა ქვისაგან ნაგებ კამერას,
რომელიც ორმოს ძირზე კეთდებოდა და ჰქონდა ხის
ძელური გადახურვა. აქ გათხრილი 13-ივე სამარხი
ეკუთვნოდა ცალკე ინდივიდს, ქალს ან კაცს,
რომელშიც თავმოყრილი იყო მდიდრული ნივთები,
განსაკუთრებით კი ძვირფასი ლითონისა და
ბრინჯაოსაგან დამზადებული სამკაული, ტორევტიკა,
იარაღი, სარიტუალო არტეფაქტები და სხვა. მას
შემდეგ, რაც სამარხი კონსერვდებოდა ხისა და თიხის
სახურავით, იმართებოდა რიტუალი, რომლის
ნარჩენებიც ლაგდებოდა თითოეული სამარხის
ზემოთ გაკეთებულ ორმოში. აქ აღმოჩენილი
ლითონის ნაწარმი უკავშირდება და საერთოს
პოულობს კავკასიის ლითონით მდიდარ
კულტურასთან, რაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით,
უნდა მიუთითებდეს ინდოევროპულ ენაზე
მოლაპარაკე მასის ინფილტრაციაზე ანატოლიაში.
შუა და გვიან ბრინჯაოს ხანებში (ძვ.წ. 2000- 1200
წწ) ალაჯა ჰუიუკი გახდა წამყვანი ხეთური ქალაქი,
რომელიც მხოლოდ 30 კმ-იის დაშორებით, ჩრდ-
აღმოსავლეთით მდებარეობდა ხეთების დედაქალაქ
ხათუსადან. ალაჯას გარს ერტყა ქალაქის კედელი
კოშკებით და მონუმენტური სფინქსებიანი კარიბჭით.
ქალაქის კედლის შიგნით იყო აგებული ფართო
სასახლე,ღია შიდა ეზოთი და ოთახების რიგებით. ის
განკუთვნილი იყო საზოგადოების ელიტური
ნაწილის საცხოვრებლად და ასევე მათი მომსახურე
ფენისათვის.
ალაჯა ჰუიუკის ნამოსახლარის დახასიათებისას
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაქალაქარიც
ციტადელი და მისი მთავარი კარიბჭის მდიდრული
არქიტექტურულ-სკულპტურული გაფორმება.
ალაჯას მთავარი კარიბჭე ხეთურ პერიოდში
გამოირჩეოდა ქვის ორი სფინქსის სკულპტურით და
რელიეფური ტექნიკით შესრულებული პროცესიისა
და ნადირობის სცენებით, რომელიც ერთმანეთთან
მწყობრად განლაგებულ ქვის ბლოკებზე იყო
ამოკვეთილი. ალაჯაში ასევე გაითხარა სახლები და
ქუჩები, რომლებიც სავაჭროებს/მაღაზიებს
ესაზღვრებოდათ.
ციტადელს შიგნით მდებარეობდა სამეფო
სამაროვანი, სადაც 13 მდიდრული სამარხი გაითხარა.
გასაკუთრებით საყურადღებოა აქ აღმოჩენილი
ოქრომჭედლობისა და მხატვრული ბრინჯაოს
ნიმუშები, რომელიც ცხადად მიუთითებს
ცენტრალურ ანატოლიაში ამ დარგების ჩასახვასა და
ადრეულ ხანაშივე დაწინაურებაზე.
ხათური კულტურა გამოირჩევა ოქრომჭედლობის
მრავალფეროვანი ნიმუშების დიდი რაოდენობით.
მათ შორის ერთნაირად მრავლადაა წარმოდგენილი
სამკაული და ტორევტიკა.
ოქროს სამკაულთა ტიპოლოგიურ ნიმუშებს შორის
გამოიყოფა: სხმული სამაჯურები, დიადემები,
საკინძები, სასაფეთქლე რგოლები, მრავალფეროვანი
სტილის ყელსაბამები და ოქროს მისამაგრებლები.
ისინი საკმაოდ განსხვავებულია დამზადების
ტექნოლოგიური ხერხების და მხატვრული
დამუშავების მხრივაც. მაგალითად, გვაქვს ჭვირული
ტექნიკით დამზადებული დიადება ოქროს ერთიანი,
ფართო და სქელი ფურცლისაგან და ასევე ოქროს
თხელი ფურცლისაგან დამზადებული,
ბოლოებშევიწროვებული ფორმის დიადემა, რომელიც
ზოგჯერ პუნსონის ტექნიკითაა შემკული ფურცლის
ნაპირებისაკენ, ზოგჯერ კი სრულიად სადაა. ყველაზე
მასიურია სამაჯურები, რომლების პატარა
წაწვეტებული ბოლოების მქონე რელიეფური
დეტალებითაა შემკული. ისინი მთელს ზედაპირზე
ძალზე პროპორციულადაა დატანილი. ყველაზე მეტი
მრავალფეროვნებით და პოლიქრომიული სტილით
ხასიათება ყელსაბამები, რომლების სხვადასხვა
გეომეტრიული ფორმის ოქროს დეტალებისა და
სარდიონის მძივების თანამონაწილეობითაა
შექმნილი. ოქროს მისამაგრებლებს (?) შორის
აღსანიშბავი ერთ დეტალად მოცემული ქალების
ტყუპი ფიგურის გამოსახულება. ის ჭვირული
ტექნიკისა და პუნსონის გამოყენებით შესრულებული
ოქროს თხელი ფირფიტის დამუსავებიტ შექმნილი
ნიმუშია.
ალაჯას სამეფო სამარხებიდან მომდინარეობს
ოქროსაგან დამზადებული მრავალფეროვანი
ჭურჭელი, რომელთა შორის განსაკუთრებით
დამახასიათებელია ხელადები და თასები. ასევე,
დაბალყელიანი და პარალელური რელიეფური
ორნამენტით შემკული ქოთნის ფორმის
მრგვალმუცლიანი ჭურჭელი.
ალაჯას ჰუიუკი განსაკუთრებით ცნობილია
მხატვრული ბრინჯაოს ნიმუშებით. ეს არის
სხვადასხვა ფორმის და მხატვრული სტილით
შექმნილი შტანდარტის თავები. ისინი გვხვდება;
მრგვალი, რომბისებური და ზოომორფული სტილისა,
რომლებიც მდიდრულად შემკული გეომეტრიული
სახეებითაა გაფორმებული (ირმის მრგვალი
ფიგურები, დატოტვილი რქებით, ზოგჯერ
ინკრუსტირებული ტანით; ხარის ფიგურებით
შექმნილი ტრიადის სტილის შტანდარტი და მზის
დისკოს სტილიზებული ფორემები; რომბისებური და
მრგვალი ფორმის შტანდარტები და სხვა).
რაც შეეხება, ამ კულტურის კერამიკულ ნაწარმს, ის
შედარებით უბრალო, ნაკლებად მდიდრული სტილის
და რამდენადმე უხეშკეციანია. ფორმათა შორის
ძირითადად ყელდაბალი ქოთნები და თასებია
წარმოდგენილი.
ალაჯას ნამოსახლარი, როგორც ჩანს,
გაუკაცრიელდა ძვ.წ. მე-2 ათასწლ. ბოლოს, მაშინ
როცა ადგილი ჰქონდა ხეთური იმპერიის კოლაფსს
ზოგადად.

ალაჯა ჰუიუკის ოქრომჭედლობა

ადრე ბრინჯაოს ხანის ხათური კულტურა სხვა მრავალ


საყურადღებო მასალებთან ერთად გამორჩეულია
ოქრომჭედლობის მაღალმხატვრული ნიმუშებით. მთელი
მასალა, რაც ოქრომჭედლობის განსაკუთრებულ
დაწინაურებაზე მეტყველებს, ხათური კულტურის
აყვავების დროს ძირითადად ალაჯა ჰუიუკის სამეფო
სამაროვნის სამარხეული ინვენტარიდან და
ჰოროზთეფედან მომდინარეობს. ის უდავოდ მეტყველებს
ოქრომჭედლობის როგორც დარგის წინ წამოწევასა და მისი
განვითარების მაღალ საფეხურზე, რასაც ხათმა
ხელოსნებმა მიაღწიეს ძვ.წ. 2600 – 2200 წლებში.
ალაჯა ჰუიუკის ოქრომჭედლობის მრავალფეროვანი
ნიმუშები შესაძლებელია ორ ძირითად კატეგორიად
დაიყოს: ერთი - ესაა ოქროს სამკაული, ხოლო მეორე კი,
ტორევტიკის მრავალფეროვანი ნიმუშები. აღსანიშნავია,
რომ ორივე მათგანი ერთნაირად მრავლად არის
წარმოდგენილი სამეფო სამარხებში და ამიტომ ისინი
ერთნაირად პრიორიტეტულად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
ალაჯა ჰუიუკის ოქრომჭედლობა არაერთი სახასიათო
თავისებურებით გამოირჩევა, რომელთაგან
განსაკუთრებით თვალში საცემია პოლიქრომია. ეს არის
ოქროს არტეფაქტების გაფორმება სხვადასხვა ფერის
ნახევრადძვირფასი ქვებით, რაც ამა თუ იმ ნიმუშს მეტი
მდიდრულობის და ფერთა გამაზე აქცენტირების ელფერს
სძენს. ფერადი ქვებით შემკობა ერთნაირად
დამახასიათებელია სამკაულისთვისაც და ტორევტიკის
ნიმუშებისთვისაც. ამდენად, პოლიქრომიულობა ხათური
ოქრომჭედლობის ერთ-ერთ თავისებურებად უნდა
ჩაითვალოს. გარდა ამისა, ოქრომჭედლობის ნიმუშების
მოდელირებისას გამოყენებულია გრავირება, ჭვირვა,
მსხვილი ცვარა და ინკრისტაცია. ამ ტექნოლოგიური
ხერხების გამოყენებით ოქრომჭედლობის ნიმუშები
განსაკუთრებული ორნამენტული გაფორმებით
გამოირჩევიან. ამასთან იშვიათია, როცა სხვადასხვა
ტექნოლოგიური ხერხი ერთი და იგივე არტეფაქტზეა
გამოყენებული ერთდროულად ანუ ოქრომჭედელი ამა თუ
იმ სამკაულის გასაფორმებლად ირჩევს ხოლმე რომელიმე
ერთ (მაქსიმუმ ორ) ტექნოლოგიას მისი
დეკორირებისათვის. ეს მომენტიც ხათური
ოქრომჭედლობის დამახასიათებელ თავისებურებადაა
ჩათვლილი.
ოქრომჭედლობის ნიმუშებიდან განსაკუთრებული
ტიპობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა სამკაული,
რომელიც მრავლად აღმოჩნდა ალაჯა ჰუიუკის სამეფო
სამარხებში. სამკაულთა შორის ყველაზე მეტი
რაოდენობითაა წარმოდგენილი მძივები, ყელსაბამები და
საკინძები. გარდა ამისა, დამახასიათებელია დიადემები,
საკიდები, ტანსაცმლის გასაფორმებელი დეტალები,
სამაჯურები და ხვიები.
ყველაზე მასიური ნივთი ალაჯა ჰუიუკის სამკაულთა
შორის არის ჭვირული ტექნიკით შექმნილი მართკუთხა
ფორმის დიადემა. მის ორნამენტს ქმნის დიაგონალებით
გაყოფილი კვადრატებისაგან შექმნილი 4
ფორიზონტალურ რიგად გაკეთებული სარტყელი,
რომელიც მთლიანად ჭვირული ტექნიკითაა გაკეთებული
და ეს მას განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას
სძენს. ჭვირვასთან ერთად ოქრომჭედლის მიერ
ორნამენტირებისას ნახმარია მსხვილი პუნსონები ყოველი
კვადრატის კუთხეებში, ხოლო წვრილი, ჰორიზანტულ,
ერთ რიგად გაკეთებული პუნსონი დიადემის თავისა და
ბოლოს ნაპირზე. ეს საკმაოდ ორგინალურად
მოფიქრებული ორნამენტული სახე ჯერჯერობით
ერთადერთია და არც ერთ სხვა ძეგლზე არ დასტურდება.
ალაჯას ეს დიადემა გამოირჩევა მასიურობით და ის ერთი
მთლიანი ოქროს ბრტყელი ფურცლისგანაა ნაკეთები
ყოველგვარი გადაბმის გარეშე.
ხათურ კულტურაში აღმოჩენილია ერთიანი ოქროს
ფურცლისაგან დამზადებული სადაზედაპირიანი, ფართო
სარტყლისებური ფორმის დიადემაც.
რაც შეეხება, ყელსაბამებს, ისინი გაცილებით
მრავალფეროვანია და ხშირად რთული დეტალებითაა
გაფორმებული. ყელსაბამი, რომელიც მილაკისებური ან
მრგვალი ფორმის ოქროს მძივებითაა შედგენილი,
სტილისტურად სხვადასხვა ფორმის (სამკუთხა,
დისკოსებური ჭვირული) საკიდებითაა წარმოდგენილი.
მასთან ერთად, მხატვრულად ასევე ძალზე მდიდრულ
შთაბეჭდილებას ტოვებს მეორე ყელსაბამი, რომელიც
მრგვალი და დაწახნაგებული ოქროსა და სარდიონის
მძივების მონაცვლეობითაა შექმნილი. პოლიქრომია
სამკაულის გაფორმების ერთ-ერთი გავრცელებული
ტრადიცია ჩანს ხათური კულტურისათვის. ასეთივე
მეთოდი გამოყენებულია ოქროს საკინძის თავების
შემკობის დროსაც. საკინძები ტიპობრივად
მრავალფეროვანია.
სამკაულთა შორის ერთადერთია ალაჯას სამეფო
სამარხიდან მომდინარე, რომბისებური პატარა ზომის
რელიეფური ორნამეტით გაფორმებული
მრგვალგანივკვეთიანი სამაჯურები, რომელიც სხმული
ტექნიკითაა გაკეთებული. მათი ანალოგი ხათური
კულტურის არც სხვა ძეგლზე არ დადასტურებულა.
ოქრო გამოყენებულია ასევე ტორევტიკის
მრავალფეროვანი ნიმუშების მასალაც. ხათური
კულტურის ერთ-ერთი სახასიათო არტეფაქტებია ოქროს
ტყუპები, რომელიც წარმოადგენს ქალის ორ ფიგურას,
დამზადებულს ჭვირული ტექნიკით და
ორნამენტირებულს პუნსონებით.
ძვირფასი ლითონისაგან დამზადებულ ჭურჭელს შორის
წარმოდგენილია ოქროს ცალყურა დოქები, ოქროს
მაღალფეხიანი თასი, ინკრუსტირებული ქოთანი და სხვა.
ყველა ისინი ორნამენტირებულია რელიეფური, ნაჭდევი
და ერთ შემთხვევაში ინკრუსტირებული ორნამენტით.
ხათური ტრადიციისთვის ოქროს ჭურჭელი ერთ-ერთი
ყველაზე დამახასიათებელი თავისებურებაა.

ალაჯა ჰუიუკის მხატვრული ბრინჯაო

ხათური კულტურული ტრადიცია ცენტრალურ


ანატოლიაში ფაქტობრივად იწყებს და საფუძველს უყრის
სრულიად ახალ დარგს - მხატვრულ ბრინჯაოს, რომელიც
სხვა რეგიონების კულტურებისათვის არ ყოფილა
დამახასიათებელი. ეს არის ბრინჯაოს გამოყენება არა
შრომის ან საბრძოლო იარაღის დასამზადებლად, არამედ
მხოლოდ და მხოლოდ საკულტო-სარიტუალო
ნივთებისათვის. ალაჯას სამეფო სამარხები
წარმოგვიდგენს მანამდე უცნობ არტეფაქტებს -
შტანდარტებს, რომელიც მხატვრული ბრინჯაოს
საუკეთესო ნიმუშების მაგალითად რჩება დღემდე.
შტანდარტი ანუ ძალაუფლების ინსიგნია, რომლის
ფლობის პრივილეგიაც მხოლოდ სოციალურად
გამორჩეულ, მმართველ ან ქურუმთა ფენას ჰქონდა,
წარმოადგენდა ხის გრძელ ტარზე საგანგებოდ
მიმაგრებულ ბრინჯაოს მხატვრულად დამუშავებულ
თავს, რომელიც განსხვაებული ფორმისა და სტილის
ფიგურებს წარმოგვიდგენს. თითოეულ მათგანში
დახვეწილი მხატვრული ნიმუშის გარდა, რომელის
გაფორმებაზეც საგანგებოდ მუშაობდა ხელოსანი, როგორც
ჩანს, ჩადებული იყო გარკვეული სიმბოლო-ნიშნებიც.
შტანდარტები, უფრო ზუსტად, შტანდარტის თავები
ტიპობრივად დიდ მრავალფეროვნებას ქმნის და არც ერთი
მათგანი ზუსტად არ მეორდება. აღსანიშნავია, რომ
ანატოლიის ცივილიზაციის მუზეუმში და ნაწილობრივ
ალაჯას რეგიონულ მუზეუმში თავმოყრილი
შტანდარტების მთელი კოლექცია განუმეორებელ
შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე როგორც მხატვრული,
ისე ტექნოლოგიური დამუშავების მხრივ.
შტანდარტის თავებად განსაზღვრული ბრინჯაოს ეს
ფიგურები სრულიად სხვადასხვა ფორმისაა:
რომბისებური, დისკოსებური, წრეში ჩაწერილი
ცხოველების ფიგურები, ცხოველის ფიგურა -
დამოუკიდებლად, მზის ფორმის დისკოები ფრინველთა
ფიგურებით და სხვა. მთელი ეს ნაირსახეობა
შტანდარტებისა სამ სხვადასახვა ტიპოლოგიურ ჯგუფად
იყოფა: 1. გეომეტრიული ფორმის, 2. ზოომორფული და 3.
კომბინირებული - ზოომორფული და გეომეტრიული
ფიგურების თანამონაწილეობით შექმნილი შტანდარტის
თავები. მათი დამზადების ტექნოლოგიური ხერხებიც
განსხვავებულია: გვაქვს სხმული ფიგურები, ჭვირული
ტექნოლოგია და ზოგ შემთხვევებში ლითონზე ლითონით
ინკრუსტაციის შემთხვევაც. ბრინჯაოს შტანდარტთა
მრავალფეროვნებაში გამოირჩევა: რომბისებური ფიგურა
გაფორმებული სვასტიკის ჭვირული სახეებით, მზის
დისკოს ფორმის ჭვირული შტანდარტი, მის თავსა და
გვერდებზე მიმაგრებული ფრინველთა ფიგურებით,
რომელიც ზესკნელის უნდა გადმოსცემდეს, ე.წ.
„ტრიადის“ ფიგურა, ირმის ფიგურა ჩადგმული მსხვილი,
გრეხილი მავთულისაგან შედგენილ წერეში, მართკუთხა
ფორმის შტანდართი, რომლის ნაპირსაც შემოსდევს
ირმების დიდი და პატარა ფიგურები, დატოტვილრქებიანი
ირმის ფიგურა და სხვა. ყველა ეს ფორმები სტილისტური
და ტიპობრივი მრავალფეროვნების გარდა განირჩევიან
მათში ჩადებული სიბოლური მნისვნელობების მხრივაც
და მკაფიოდ ასახავებ ხათურ რწმენა-წარმოდგენებსა და
რელიგიურ პანთეონს.

ხათური კულტურის კერამიკული ნაწარმი

ხათური კულტურის მრავალფეროვან და მდიდარ


არტეფაქტთა შორის საგანგებო ყურადღებას იმსახურებს
მისი კერამიკული და ბრინჯაოს მასალა.
ხათურმა კულტურამ, როგორც ცნობილია,
განსაკუთრებულ დაწინაურებას მიაღწია არქიტექტურაში,
ქანდაკებაში, ოქრომჭედლობასა და მხატვრული ბრინჯაოს
დამუშავების მხრივ. ეს ის დარგებია, რომელიც მაღალ
დონეზე განავითარა ადრე ბრინჯაოს ხანის ამ კულტურამ
და შემდეგ, საფუძველიც მისცა მომდევნო პერიოდის
ხეთურ კულტურას ამ მიმართულებების კიდევ უფრო
დაწინაურებისათვის. ამ თვალსაზრისით სრულიად
განსხვავებული ვითარებაა ხათური კერამიკული ნაწარმის
კუთხით. როგორც ჩანს, მეთუნეობა ის დარგია, რომელიც
საგრძნობლად დაბალ დონეზეა განვიტარებული
ხათებთან და ბევრად ჩამოუვარდება სხვა, მათ შორის
ზემოაღნიშნულ დარგებს.
თუ რა იყო მიზეზი სამეთუნეო ნაწარმის განვითარების
ნაკლები პროგრესისა, მკვლევარები გარკვევით ვერაფერს
ამბობენ, მაგრამ აშკარაა ის, რომ ეს დარგი ნაკლებ
პრივილეგირებული და ნაკლები ყურადღების ობიექტი
იყო ხათური ეთნიკური ჯგუფისაგან. ალბათ, ამიტომაც
ნაკლებად ზრუნავდნენ სამეთუნეო პროდუქციის
სრულყოფისათვის, მისი ფორმისა და დეკორის
დახვეწისათვის. ამიტომაცაა, რომ ხათური მატერიალური
კულტურის მთელი მრავალფეროვნების გაცნობისას
აშკარად თვალში საცემი ფაქტია კერამიკული მასალის
დაბალგანვითარებული დონე სხვა დარგების
არტეფაქტებთან შედარებით, რაც სპეციალისტთა
გარკვეულ გაოცებასაც იწვევს.
ხატური კერამიკული ნაწარმი ფორმის მხრივ
რამოდენიმე ტიპს წარმოაგენს, ესენია: დაბალტანიანი
ქოთნები, ღრმა ჯამები დაცალყურა კათხები, ე.წ.
ჩაიდნისებური და დოქის ტიპის ჭურჭელი. ხათური
კერამიკული ნაწარმის კეცი ძირითადად ერთგვარია და
მისი შიდაპირი და ზედაპირი ერთნაირი რუხი-
კვამლისფერი ან მოყვითალო-მორუხო ფერისაა. კეცის
ფაქტურა საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და მინარევებიანია.
ასევე უხეში და ხორკლიანია ჭურჭლის ზედაპირი.
ცხადია, რომ ხელოსნები საგანგებოდ არ ცდილობენ
ზედაპირის ნატიფად მოგლუვებას, რაც ჭურჭელს
ნაკლებად ესთეტიკურ იერს აძლევს.
კერამიკულ პროდუქციაში სჭარბობს დაბალტანიანი,
უყურო ქოთნები და ღრმა ჯამები, განიერი მხრებითა და
ოდნავ გადმოშლილი გვირგვინით, რომლის ზედაპირიც
ძირითადად ერთი და იგივე ორნამენტის გამოყენებით
არის დეკორირებული. ეს ორნამენტული სახე საკმაოდ
მარტივია და იგი წარმოადგენს ჭურჭლის მხარსა და ტანის
ზედა ნაწილზე დატანილ კონცენტრულ ნახევარწრეებს.
იფი ნაჭდევი ან დაბალრელიეფური ტექნიკითაა
შესრულებული და კერამიკის უხეშზედაპირიან კეცს
განსაკუთრებულ სილამაზეს ვერ ანიჭებს. ზოგჯერ კი
ჭურჭელი საერთოდ სადაზედაპირიანია. კერამიკის კეცი
ძირითადად მონაცრისფრო-მოყვითალო ან ნაცრისფერია
და ის არ გამოირჩევა დახვეწილი ფორმითა და
ორნამენტაციით. ხათური კერამიკა სხვა პროდუქციის
ფონზე (ოქრომჭედლობა, მხატვრული ბრინჯაო) საკმაოდ
დაუხვეწელ და ნაკლებგანვითარებულ ნაწარმად არის
მიჩნეული. ამით ის მკვეთრად უპირისპირდება ხათური
კულტურის მაღალი სტანდარტის ცნობილ ნიმუშებს
ლითონწარმოებაში, ქანდაკებასა თუ არქიტექტურაში.

ხათური და ხეთური კულტურების შედარებითი


დახასიათება: საერთო და განმასხვავებელი ნიშნები
ხეთები ინდოევროპული წარმომავლობის
ხალხია, რომლებიც თავდაპირველად ანატოლიაში
შევიდნენ, შესაძლოა, ძვ.წ. 2000 წლისთვის (ეს თარიღი
ჯერ კიდევ საკამთოდ რჩება) და შემდგომ
საუკუნეებში უდიდეს ძალას წარმოადგენდნენ
მთელს წინა აზიაში. პირველი, გარკვეული მონაცემი
მათი არსებობის შესახებ არის ხეთური სახელები იმ
ტექსტებში, რომლებიც ანატოლიაში ძველი
ასირიული კოლონიების ხანას ეკუთვნის და
თარიღდება ძვ.წ. 1920-1740 წწ-ით. სახელი ხეთები
მომდინარეობს ცენტრალური ანატოლიისათვის
განკუთვნილი მათი საკუთარი გეოგრაფიული
სახელიდან - ხათი და უკავშირდება მათ წინამორბედ
ხალხს - ხათებს.
უმეტესი მონაცემები ხეთური საზოგადოების და
ისტორიის შესახებ მომდინარეობს ათასობის თიხის
ფირფიტებზე დაწერილი ტექსტებიდან, რომლებიც
დედაქალაქ ხათუსაში აღმოჩნდა. ხეთური
მოსახლეობა იყენებდა ლურსმული და
იეროგლიფური დამწერლობით გადმოცემულ 3
განსხვავებულ ენებს: ხეთურს (რომელსაც ნესიტურს
უწოდებდნენ), ლუვიურს და ფალაურს. გარდა ამისა,
ხეთების მიერ ბევრი სიტყვა იყო ნასესხები და
აღებული მათი წინამორბედი ადგილობრივი
მოსახლეობისაგან და მათი გარემომცველი,
მეზობელი ხალხებისაგან.
ხეთების ისტორია იწყება მათ მიერ ძველი
სამეფოს ჩამოყალიბებიდან (ძვ.წ. 1700-1400 წწ) და
პირველად ქალაქ კუსსარად, ხოლო შემდეგ ხათუსად
იწოდებოდა.
ხეთების დედაქალაქი ბოღაზქოი (ხათუსა) ქ.
ანკარიდან გზატკეცილის გავლით 3 საათის სავალზეა.
თანამედროვე თურქული სოფელი უშუალოდ მთავარი
ძეგლის მისადგომებთან მდებარეობს, საიდანაც 1, 200
მეტრის დაშორებით ჩრდილო-აღმოსავლეთით კლდეში
ნაკვეთი განთავსებული იაზილიყაიას უძველესი
სამლოცველოა. ამ ქალაქის გარშემოწერილობა, რომელიც
ხეთების სამეფოს მთავარ რეზიდენციად ითვლება, 5 კმ-ზე
მეტ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული.
ხათუსას ნანგრევების აღმოჩენა და პირველი,
მცირემასშტაბიანი შესწავლა რამდენიმე სხვასახვა
ქვეყნების სიძველეების მოყვარულთა სახელებს
უკავშირდება (ჩარლზ ტერქსიერი, არჩიბალდ ჰენრი
სეისი,
ჯ. კუდცონი).
ბოღაზქოი-ხათუსას სისტემატური კვლევები
გერმანელი მკვლევარის ჰუგო ვინკლერის (1863-1913)
ინიციატივით დაიწყო და მის სახელს უკავშირდება ამ
უძველესი ცივილიზაციის მეცნიერული შესწავლის
დასაწყისიც.
ხეთური კულტურა ძალზე ბევრი რამით არის
დავალებული მისი წინამორბედი ხათური კულტურული
ტრადიციისაგან. ხათებმა ბევრ სფეროში მიაღწიეს დიდ
წარმატებას და მყარი საფუძველი შექმნეს მისი შემდგომი
დაწინაურებისათვის მომდევნო, ხეთური ცივილიზაციის
დროს.
ხათების ერთ-ერთ უპირველეს დამსახურებად
ითვლება მიღწევები არქიტექტურასა და სამშენებლო
საქმეში, რაზეც ნათლად მეტყველებს ადრე ბრინჯაოს
ხანის ალაჯა ჰუიუკის ურბანული ცენტრის ნაგებობანი და
ქალაქის გეგმარება. მათ შორის საგანგებოდაა აღსანიშნავი
ქალაქის ციტადელი, სფინქსებიანი კარიბჭე, საკულტო
ნაგებობა და სხვა. ასევე რთული ბარელიეფიანი საკულტო
სიუჟეტით გაფორმებული ციტადელი ძირითადი კარიბჭის
გვერდითი ფასადები. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ
ხეთურ ცივილიზაციას არქიტექტურასა და ქანდაკებაში
საფუძვლად დაედო სწორედ ხათური კულტურის ეპოქაში
შექმნილი და ჩამოყალიბებული ტრადიცია ამ დარგში.
ზოგადად, ხეთებმა გაიზიარეს ქალაქგეგმარების ის
პრინციპებიც, რასაც საფუძველი ჩაეყარა ხათური
ცივილიზაციის დროს.
ხეთებმა წინამორბედი ხათებისაგან ისესხეს
რელიგიური პანთეონი, მრავალი ღვთაების
თაყვანისცემით და ძირითადად მხოლოდ მცირედი
ცვლილება თუ შემატეს მას.
ხეთური კულტურა დიდად აღმოჩნდა დავალებული
ხათების მიერ დაწყებული ბრინჯაოს მხატვრული
დამუშავების ტრადიციით. მართალია, ხეთებს არ
გადაუღიათ ალაჯა ჰუიუკის ბრინჯაოს რთულსახოვანი
შტანდარტების სტილი და ტიპები კონკრეტულად, მაგრამ
ზოგადად, ამ დარგში მიღწეული დონე მათთვის ის
საფუძველი აღმოჩნდა, რომლითაც საკუთარი მხატვრული
ბრინჯაოს ნაწარმის შექმნისას ისარგებლეს.
იგივე შეიძლება ითქვას ოქრომჭედლობაზეც, რომელიც
ხათური ცივილიზაციის დროს საგრძნობლად უფრო
დაწინაურებული და წინ წასული ჩანს, ვიდრე ეს შემდგომ
პერიოდში ხეთებმა მოახერხეს, განსაკუთრებით ეს ითქმის
ძვირფასი ლითონის ტორევტიკასა და სამკაულზე.
ყველა ზემოხსენებულ დარგებში მიღწეული
წარმატებებითა და საფუძვლის შექმნით, ხათებმა დასაბამი
მისცეს იმ ტრადიციას, რაზედაც შემდგომ ხანაში ხეთებმა
დააფუძნეს თავიანთი მიღწევები და კიდევ უფრო
განავითარეს იგი. ამდენად, ხეთური ცივილიზაცია
არაერთ სფეროში დიდად აღმოჩნდა დავალებული
წინამორბედი, ხათური კულტურის ტრადიციისაგან.

ბაბილონის იშთარის ტაძარი

(არქტიტექტურა და გაფორმება)

ბაბილონის არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის


მანძილზე მისი ქცევა მთელი შუამდინარეთის ცენტრად
და დედაქალაქად, ასევე მესოპოტამიის ყველაზე
აყვავებულ და დაწინაურებულ ქალაქად უკავშირდება
ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის მეორე ნახევარს. ამ დროს უკვე
დასრულებულ სახეს იღებს ქალაქის გეგმარება და ასევე
მთავრდება მისი უპირველესი საკულტო ნაგებობის -
იშთარის ტაძრის მშენებლობა და გაფორმება და ქალაქის
ორი ნაწილის დაკავსირება მონუმენტური ხიდით,
რომლის აგებაც მეფე ნაბუქოდონოსორს უკავშირდება.
იშთარის ტაძარი, მიძღვნილი ქალაქის მთავარი
მფარველი ღვთაებისადმი, წარმოადგენს არა ერთ
ნაგებობას, არამედ რამოდენიმე ნაგებობათა კომპლექსს,
რომელიც ბაბილონის მთავარ უბანში იქნა აგებული. ამ
კომპლექსის შემკვრელ ცენტრს და მთელი
არქტიტექტურული ნაგებობის იდეურ ღერძს
წარმოადგენდა იშთარის კარიბჭე ანუ ცენტრალური
შესასვლელი, რომელიც საახალწლო სადღესასწაულო
ცერემონიების დროს ყოველწლიურად უნდა გაევლო
ბაბილონის მეფეს. კარიბჭე წარმოადგენს უზარმაზარ
თაღოვან ნაგებობას, რომელიც მკაცრი კუთხოვანი და
ხაზოვანი სტილითაა ნაგები ალიზ-აგურის
კონსტრუქციისაგან. ის უშუალოდ უკავშირდება ე.წ.
„პროცესიის გზას“ და ფაქტობრივად მას ასრულებს.
ძირითადი მხატვრული ღირებულება ამ საკულტო
ცერემონიების ნაგებობისა არის მისი მხატვრული
გაფორმება მოჭიქული აგურით შექმნილი რთული
კომპოზიციით. მის მხატვრულ გაფორმებაში სამი
ძირითადი თემა დომინირებს: ზოომორფული,
გეომეტრიული და მცენარეული მოტივები.
იშთარის კარიბჭის შემკულობა ეფუძნება ვერტიკალურ
ღერძზე აგებულ რთულ კომპოზიციას, რომელიც
სიმეტრიის და პროპორციულობის მკაცრი დაცვითაა
აგებული. ეს არის თანაბარი ინტერვალებით
ერთმანეთისაგან დაცილებული დრაკონისა და ხარის
დაბალბარელიეფური გამოსახულებები, რომელის ღია
მოყვითალო-მოკრემისფერო ტონი ძალიან მკაფიოდ
იკვეთება მუქ ლურჯ ფონზე და კონტრასტულობასთან
ერთად იძლევა დიდებულ მხატვრული პანოს.
ვერტიკალურ ღერძზე, ამ ორი, მითოლოგიური და
რეალური ცხოველის მკაცრი მონაცვლეობაა დაცული და
ის როგორც ფასადურ, ისე ნაგებობის გვერდით
მონაკვეთებზეა გამოსახული. კარიბჭე ყველაზე
მდიდრულ და ძლიერ შთაბედილებას ახდენს მნახველზე
ბაბილონის სხვა ნაგებობებთან შედარებით.
გაფორმებისათვის დამახასიათებელია მთელი
კომპოზიციის შემოფარგვლა გეომეტრიული და
მცენარეული ფართო სარტყლის ჩარჩოთი, რაც კიდევ
უფრო აძლიერებს მის მონუმენტურობას და ესთეტიკურ
იერსაც.
კარიბჭის კომპოზიციისაგან რადიკალურად
განსხვავებული სტილითაა აგებული „პროცესიის გზის“
მხატვრული გაფორმება, რომელზედაც აგრესიული,
ხახადაღებული ლომების მსვლელობაა გადმოცემული და
ის მთლიანად ჰორიზანტულ ღერძზეა განვითარებული.
აქაც, დაბალრელიეფური გამოსახულებები მუქი
მოკრემისფერო-მოყვითალო ტონალობისაა და მუქ
ლაჟვარდისფერ ფონზეა მოცემული. ამ ჰორიზონტალურ
ღერძზე განთავსებულ მსვლელობას აჩარჩოებს
მცენარეებისა და გეომეტრიული ფიგურებისაგან შექმნილი
სარტყელი, კომპოზიის ზედა და ქვედა მხარეს. ის კიდევ
უფრო ამძაფრებს ამ დინამიური, მოძრაობაში
გადმოცემული აგრესიული ლომების მსვლელობის
შთაბეჭდილებას.
ცალკე პანოს წარმოადგენს მცენარეულ მოტივზე
აგებული და გეომეტრიული ჩარჩოთი გაფორმებული ე.წ.
პალმების კედელი, რომელიც იგივე ფერთა გამის
გამოყენებითაა შესრულებული. მიჩნეულია, რომ მასზე
ბაბილონის იმდროინდელი ლანდშაფტია ასახული.
პროცესიის გზა და კარიბჭე იშთარის ტაძრის მთავარი
სარიტუალო დატვირთვის მქონე ნაგებობაა მთელი ამ
რთული და რამოდენიმე კილომეტრზე გაჭიმული
კომპლექსისა და ამიტომაც ის საგანგებო მხატვრული
გემოვნებითაა გაფორმებული. მის აგებასა და გაფორმებაზე
უზარმაზარი შრომა და რესურსები იქნა დახარჯული, რაც
ბაბილონის სიმდიდრესა და მის, როგორც მესოპოტამიის
იმ ხანის უპირველესი ქალაქის, უზარმაზარ
შესაძლებლობებზეც მეტყველებს. დღეს იშთარის ტაძრის
ეს მთავარი ნაგებობა ბერლინის მუზეუმის წინა აზიის
არქეოლოგიის ნაწილშია დაცული.

You might also like