You are on page 1of 6

პირველი გასვლა

ჰომინინების პირველი „გასვლა“ აფრიკიდან უნდა წამოვიდგინოთ პროგრესულად


მიმდინარე, ათეულ ათასობით წლებზე ტალღებად გაწელილი პროცესი, რომელიც
გამოწვეული იყო არა რაიმე განსაკუთრებული მიზეზით, არამედ ახალი ტერიტორიების
ათვისების სურვილით. არასახარბიელო კლიმატის გამო ევროპა მანამდე არ არის
დასახლებული.

ჰომინინების პირველი, აფრიკის კონტინტენტს გარეთ განსახლებასთან დაკავშირებული


დებატები ძირითადად გავრცელების თარიღს ეხება. პირველი გასვლა ჰომო საპიენსის
განსახლებისგან რომ გავარჩიოთ მას Out Africa 1-ს ვუწოდებთ. ამ საკითხის განხილვისას
უამრავი კითხვა ისმის: რომელი რეგიონები იქნა დასახლებული და რა თანმიმდევრობით?
ვის მიერ და რატომ? განსახლების მოდელების ჰიპოტეტურობის მიუხედავად, ახლო
აღმოსავლეთის, კავკასიის და აღმოსავლეთი აზიის რეგიონებზე კონკრეტული სცენების
აგება შეგვიძლია.

რა გზებით მოხდა განსახლება?

ახალი ტერიტორიების ათვისება ოპორტუნისტული ფენომენია. პროცესი ხორციელდება


დროში უწყვეტად გაწელილ ტალღებად, წინასწარ გათვლილი მიზეზების გარეშე და
უკავშირდება გარემო პირობებსა და საკვების არსებობას. აფრიკის გარეთ გავრცელებას ერთი
სპეციფიური თვისება აქვს. განვლილი გზა კვალდაკვალ მიუყვება ძველი განსახლების
ტერიტორიებს. გასვლის ან გადინების ფენომენი განსხვავდება მიგრაციისაგან, რომელიც
ცხოველთა სამყაროში, პოპულაციების ერთი ადგილიდან მეორე გადაადგილებას
გულისხმობს და დიდ მანძილებზე, სეზონურად ხორციელდება.

როცა საქმე აფრიკის კონტინენტს გარეთ პირველ განსახლებას ეხება უნდა გვახსოვდეს ისიც,
რომ თუ ადამიანთა ერთი ჯფუფი ტოვებს აფრიკას, სხვები ადგილზე რჩებიან.
პლეისტოცენის დასაწყისში, 2 მლნ წლამდე მოხდარ გავრცელებას ევრაზიის
მიმართულებით, სპორადული ხასიათი აქვს. გეოგრაფიულად გაბნეულ იშვიათ ძეგლებს
შორის დიდია ქრონოლოგიური სხვაობა. ამ პერიოდის ძეგლების სიიშვიათე მხოლოდ
განამარხების სირთულით ვერ აიხსნება. აფრიკის კონტინენტს გარეთ ჩვენს ხელთ არსებული
ძეგლები ჩრდილოეთის 42e განედამდეა ლოკალიზებული, ლევანტის კორიდორის, ახლო
აღმოსავლეთის, კავკასიის, ჩინეთისა და ინდოეთის ტერიტორიებზე. აფრიკიდან ევრაზიაში
გადასასვლელი ყველა შესაძლო კორიდორი გეოგრაფიულად ხელსაყრელ ადგილას
მდებარეობს, სადაც ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი წყალი, საკვები და სხვა
ხელსაყრელი პირობებია. ჰომოებს მხედველობაში აქვთ მიღებული გეოგრაფიული
ბარიერების არსებობა: ზღვა, მთები, ტროპიკული ტყეები და უდაბნოები. რამდენიმე გზა
შეიძლება განხილული იქნას, როგორც პოტენციურად შერჩეული გზები. ჩრდილოეთიდან;
წითელი ზღვის სანაპირო, აღმოსავლეთ აფრიკის გავლით, სინაის ნახევარკუნძულამდე,
ლევანტის კორიდორი, სირია-იორდანიის რიფტის გავლით, და შემდეგ აღმოსავლეთ
ანატოლიიდან სამხრეთ კავკასიამდე გზა. სამხრეთიდან; წითელი ზღვის გავლით არაბეთის
ნახევარკუნძულამდე; სამხრეთიდან ჩრდილოეთ აფრიკაში გადანაცვლება და გიბრალტარის
სრუტით გადასვლა, რითაც შეიძლება აიხსნას სამხრეთ ევროპის ქვედა პელისტოცენის ასაკის
ძეგლების არსებობა ესპანეთში (Sima del Elefante, Barranco Leon). ჩრდილოეთიდან საhh

ხმელეთო გზით გადასვლა ალბათ ყველაზე რეალური გზაა. ის გზები, რომელიც ზღვით
გადასვლას გულისხმობს, რთულად წარმოსადგენია, იქ არსებული ძლიერი დინებების და
სახმელეთო ხიდების არარსებობის გამო. ტივის ან სხვ. სატრანსპორტო საშუალების შესახებ
კი არ არსებობს არქეოლოგიური დამამტკიცებელი მასალა.

როდის მოხდა პირველი გადინება?

აფრიკიდან Homo -ს გვარის პირველი განსახლების თარიღად 1990 წლამდე 1 მლნ წელი
მიიჩნეოდა. ახალმა აღმოჩენებმა ეს ფაქტი კითხვის ქვეშ დააყენა. 2 მლნ წლით
დათარიღებული ძეგლები (აფრიკის კონტინეტს გარეთ) იშვიათია. 1983 წელს დმანისში
აღმოჩენილმა ქვედა პელისტოცენით დათარიღებულმა ძეგლმა გადატრიალება მოახდინა
პალეოანთროპოლოგიის სფეროში და შეცვალა იქამდე არსებული განსახლებასთან
დაკავშირებული სცენები. აღმოჩნდა რომ ადამიანებს აფრიკა უფრო ადრე დაუტოვებიათ
ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული. დმანისი აფრიკის კონტინენტს გარეთ არსებული ასაკით
ყველაზე ძველი და მონაპოვრებით უმდიდრესი ძეგლია. 5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა, ასამდე
პოსტ-კრანიალური ჰომოს ანთროპოლოგიური ნამარხები, ათასობით ოლდუვაური
კულტურით განსაზღვრული არტეფაქტი და ფაუნისტური მასალა, 1.77 მლნ წლით
დათარიღებულ ფენებში იქნა აღმოჩენილი. არქეოლოგიური ფენები 1.85 და 1.77 მლნ
წლებით არის დათარიღებული, რაც ჰომოს ევრაზიაში გავრცელების ადრეულ ფაქტზე
მეტყველებს. ჰომინინთა შედარებით გვიანდელი ფორმები აღმოჩენილ იქნა თურქეთსა და
დასავლეთ ევროპაში. განამარხებული ფორმებით მდიდარია აზიაც, თუმცა ნამარხი
ფორმების დიდი ნაწილი შემთხვევით ზედაპირზეა აღმოჩენილი, რაც მათი ზუსტი
დათარიღების პრობლემას ქმნის.

რომელმა სახეობამ დატოვა პირველად აფრიკა?

აფრიკის კონტინენტს გარეთ ჯერჯერობით მხოლოდ ჰომოს გვარის სახეობებია აღმოჩენილი.


სამეცნიერო წრეებში გავრცელებული აზრის მიხედვით, პირველი ვინც აფრიკის კონტინენტი
დატოვა Homo erectus-ის სახეობა იყო. დმანისის პალეოანთროპოლოგიური მასალა ამის
საწინააღმდეგოზე მეტყველებს. დმანისელ ჰომოებს აფრიკელი Homo erectus-ის სახეობის
მსგავსი ანატომიური ნიშან-თვისებები აქვთ, რომელსაც ადრე Homo ergaster-ის სახეობად
მოვიხსენიებდით. დმანისელი ჰომო ასევე ჰგავს Homo habilis-ის სახეობას, მაგრამ რაც
ყველაზე მთავარია დმანისელ ჰომოებს მხოლოდ მათთვის დამახიასიათებელი ნიშან-
თვისებებიც აქვთ, რომელიც არ გვხვდება არცერთ ზემოთხსენებულ სახეობებში.
ჰომინინების გადინება როგორც ჩანს ჯერ კიდევ Homo habilis-ის დროიდან მოყოლოებული
უნდა მომხდარიყო, 2 მლნ წლამდე. აფრიკის კონტინეტის დატოვების სამი განსხვავებული
სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ: პირველის მიხედვით აფრიკა Homo habilis-თან ახლოს
მყოფ სახეობას უნდა დაეტოვებინა. მეორე სცენარის თანახმად საქმე Homo ergaster-ის
სახეობას ეხება - სახეობას, რომელიც 1.7 და 1.5 მლნ წლებით თარიღდება, თუმცა იშვიათად
მაგრამ გამონაკლისის სახით, გხვდება ინიდივიდები, რომელთა ასაკი 1.8 მლწ წელზე უფრო
ადრეულია და რომელიც მოგვიანებით აზიურ Homo erectus stricto sensu-დ უნდა
განვითარებულიყო. მესამე ჰიპოთეზის მიხედვით დმანისელი ჰომოები არ უნდა
გავაცალკევოდ ძველი აფრიკული და ასევე აზიური ფორმებისაგან, რადგან ყველა მათგანი
ერთ Homo erectus-ის სახეობას ეკუთვნის, რომელსაც 1.9 მლნ წლიდან 50 ათას წლების
ინტერვალში უნდა ეცხოვრა დიდ ფართობზე გადაჭიმულ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და
ჩრდილოეთ აფრიკის, კავკასიის და აზიურ ტერიტორიებზე. ჰომო ერექტუსის ინდივიდებს
შორის არსებული ვარიაციულობა კი განსხვავებული გეოგრაფიული საცხოვრებელი
გარემოთი და მათ შორის არსებული მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური სხვაობით აიხსნება,
რომლის დროსაც სახეობა პალეოდემს, ანუ ლოკალურ პოპულაციას ქმნის. ზოგიერთი
პალეოანთროპოლოგი, დმანისელი ჰომონინების დასახასიათებლად Homo erectus ergaster
georgicus-ს სახეობის შექმნას გვთავაზობს. ამ შემთხვევაში Homo erectus ევრაზიის პირველი
მობინადრე გამოდის.

ანთროპოლოგთა ერთ ნაწილისთვის განსხვავება დიდია აზიურ და აფრიკულ ინდივიდებში,


აზიურ ნამარხებს უფრო ჩაფსკვნილი ფორმები ახასიათებთ. ორივე მათგანს სპეციფიური
მახასითებლები აქვთ, და ამიტომ უნდა განვასხვავოთ Homo ergaster-ის უფრო ძველი
აფრიკული ფორმები Homo georgicus-ის ანუ დმანისელი ჰომინინებისგან და 1 მლნ წელზე
ახალგაზრდა Homo erectus-ის აფრიკული და აზიური ნამარხები. დებატები ჯერ ისევ ღიაა და
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ისინი, ერთი რამ ცხადია, დმანისის აღმოჩენამ
თავდაყირა დააყენა ადრე არსებული განსახლების სქემები, გვიანდელი Homo erectus არ არის
პირველი სახეობა, ვინც ტოვებს აფრიკის კონტინეტს და რომ ევრაზიის „კოლონიზაცია“
ბევრად უფრო ძველი მოვლენაა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით.

არქეოლოგიური ძეგლები ცოტაა დასავლეთ ევროპაშიც. არსებობს დიდი ქრონოლოგიური


წყვეტა კავკასიის და აზიაში აღმოჩენილ ძეგლებს შორის, რის გამოც მათი ერთმანეთთან
დაკავშირება რთულია. 2002 წელს თურქეთში აღმოჩენილ იქნა 1.6 მლნ წლით
დათარიღებული თავის ქალას ნაწილი, 1.5 მლნ წლით დათარიღებული კბილი ისრაელში, 1.2
მლნ წლის ქვედა ყბა და 1.4 მლნ წლით დათარიღებული სარძევე კბილი ესპანეთში, 1.5 მლნ
და 1,6 მლნ წლის ჰომოს ფორმები ჩინეთსა და ინდოეთში.

ვინ იყვნენ და როგორ გამოიყურებოდნენ დმანისელი ჰომოები?

დმანისში აღმოჩენილი ჰომოებიდან ხუთი ინდივიდის იდენტიფიკაცია მოხერხდა


(მოზარდი, ზრდასრული და ხნიერი). ჰომოს გვარის სხვა ადრეული წარმომადგენლების
მსგავსად, დმანისელ ჰომინინებს ხელის კიდურების განსაკუთრებული მოტორიკა ჰქონდათ.
მათი ფეხის კიდურების მორფოლოგია და ტერფი კი მიანიშნებს რომ თანამედროვე
ადამიანის მსგავსად დიდ მანძილებზე გადაადგილება და სირბილი შეეძლოთ. სხეულის
აგებულება და წონა ჰომოს გვარის ადრეული წარმომადგენლების მსგავსია (Homo habilis),
მოზრდილის საშუალო სიმაღლე 147-166 სმ, ხოლო წონა 48 -50 კგ-ია; 145-161 სმ და 40 კგ კი
მოზარდისათვის. მათი ტვინის მოცულობა დაახლოებით 546 – 761 სმ3-ია. ამ მონაცემით
ისინი ახლოს დგანან ჰომოს გვარის ადრეულ სახეობებთან (Homo habilis: 510-674 სმ3, Homo
rudolfensis: 750 სმ3), და რომელიც ჩამორჩება Homo ergaster (850 სმ3 ზე მეტი) მონაცემებს.
დმანისელი ჰომოების შიგნით არსებობს დიდი მორფოლოგიური ვარიაცია. მსხვილი თავის
ქალას ძვლებით დმანისელი ჰომო აზიურ ჰომო ერექტუსებს ჰგავს, ხოლო ფართო და წინ
წამოწეული სახის პროფილით ჰომო ჰაბილისს, რაც მის ამ სახეობებთან ნათესაობაზე
მიუთითებს.

დმანისელი ჰომინინების კბილების მორფოლოგია და კბილებზე ცვეთის კვალი მიუთითებს,


რომ მათი კვების რაციონი შედებოდა როგორც მცენარეული საკვებისგან; ხილი და
ბოლქვები, ასევე ხორცისაგან. დმანისში აღმოჩენილი ყველაზე ხანდაზმული ინდივიდს,
კბილები სიცოცხლეში დაუკარგავს, როგორც ჩანს ის სხვების დახმარებით გადარჩა. ჯგუფის
სხვა ინდივიდები მას საკვებს უღეჭავდნენ და ისე კვებავდნენ. დმანისელი ჰომოები ღია ცის
ქვეშ სადგომებზე ცხოვრობდნენ. მათ მიერ დამზადებულ ქვის იარაღები პირდაპირი
დარტყმის შედეგად არის მიღებული. ბასრი პირები ხის დასამუშავებლად და ასევე
ბალახისმჭამელი ცხოველების გასატყავებლად გამოიყენებოდა.

რა შეიძლება გამხდარიყო აფრიკიდან გასვლის მიზეზი?

ადაპტაციის რა ბიოლოგიური და ქცევითი უნარები უნდა ჰქონოდათ ამ ჰომინინთა ჯგუფს,


რომელმაც ახალი ეკოლოგიური ნიშების ათვისება მოახერხა? როგორ შეიძლება მათი ახსნა?
ორი ჰიპოთეზა არსებობს დაფუძნებული ბიოკულტურულ ცვლილებებზე: უკეთესი
სოციალური წყობა, განვითარებული ფიზიკური და კოგნიტური უნარები, ბუნებრივი
გარემოს ცოდნა და ფლობა, მრავალფეროვან საკვებზე წვდომა, პროპორციული სხეული,
რომელიც უკეთესად ახერხებდა თერმორეგულაციას, სიარულის მოხერხებული ტიპი,
რომელიც დიდ მანძილებზე გადაადაგილების საშუალებას იძლეოდა, მინიმალური
ენერგეტიკული დანახარჯებით, პროტეინებით და სხვა ცხიმებით გამდიდრებული კვების
რაციონი და სხვ.

ამ ჰიპოთეზებიდან რამდენიმე შეიძლება ახსნილი იქნას სხეულის და თავის ტვინის


გაზრდით ან/და ტექნოლოგიური ინოვაციით. პირველი მათგანი ტრადიციულად
ასოცირდება ევრაზიის პირველ „კოლონიზაციასთან“. არადა 2015 წელს გამოქვეყნებულმა
კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ტვინის თვალშისაცემი ზრდა ძირითადად 1.7 მლნ წლის შემდეგ
პერიოდში შეიმჩნევა, მაშინ როცა პირველი გასვლა აფრიკიდან უკვე მომხდარია და არც
სხეულის და არც თავის ტვინის მოცულობით დმანისელი ჰომოები დიდად არ
განსხვავდებიან აფრიკელი ადრეული ჰომოებისაგან. 2000 წლამდე, თავის ტვინის მოცულობა
ერთხმად აღიარებული კრიტერიუმი იყო, რომელიც ხელს შეუწყობდა და გამოიწვევდა
აფრიკიდან განსახლებას. თავის ტვინის თვალსაჩინო ზრდა ნამდვილად შეიმჩნევა ბევრ
სახეობაში 1,8 მლნ წლის შემდეგ პერიოდში, როგორც პირველ ჰომოებში ასევე
პარანთროპებში. აფრიკიდან პირველი განსახლება და ევრაზიის ათვისება კი მანამდე მოხდა
ვიდრე თავის ტვინის ზრდის პროცესი დაიწყებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს თავის ტვინის
დიდი ვარიაციულობა დმანისელ ჰომინინებში. შესაბამისად, თავის ტვინის ზომა ვეღარ
იქნება ურყევი კრიტერიუმი ვერც განსახლების მიზეზების ასახსნელად და ვერც გვარისა და
სახეობის განსაზღვრისას.

ქვის დამუშავების კულტურა და ტექნიკა აფრიკიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზად ხშირად


იყო დასახელებული. „განვითარებული“ და მრავალფეროვანი იარაღების კულტურის
მქონდე პოპულაციები ლოგიკურად რეალური „კოლონიზატორები“ უნდა ყოფილიყვენ.
არადა დმანისის, დასავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აზიურ ძეგლებზე
დაფიქსირებული ქვის დამუშავების ტექნიკა ძალიან ჰგავს აფრიკული იმავე ასაკის ე.წ.
ოლდუვაურ კულტურას და მისგან დიდად არ განსხვავდება.

აფრიკიდან გასვლის მიზეზად ასევე ხშირად სახელდებოდა კლიმატური ცვლილებები,


რომელიც ორ ფაზად 2.8 და 2.6 მლნ წლებსა და 1.8 და 1.7 მლნ წლებს შორის მოხდა.
არიდიფიკაცია, ტექტონიკური ძვრები და ცხოველთა დიდი მიგრაციაც ხშირად იყო
დასახელებული აფრიკიდან გასვლის ერთ-ერთ მიზეზად.მაგრამ ცხოველთა დიდი მიგრაცია
პირველად 3 მლნ წლის ხოლო შემდეგ 1.8 და 1.3 მლნ წლებში მოხდა და ის არ ემთხვევა
ადამიანების პირველად გასვლის თარიღს.

პლეისტოცენში მომხდარი კლიმატური ცვლილების მეორე ფაზა, მარცვლოვანი და


ბალახოვანი მცენარეების გავრცელებით და ნესტიანი პეიზაჟების არიდული ზონებად
გადაქცევით გამოიხატა, რამაც ტყის ფაუნის მასობრივი გაქრობა და ბალახისმჭამელი
სახეობების გავრცელება გამოიწვია. ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის
არიდიფიკაციას 1.8 მლნ წლის შემდეგ, ლევანტის კორიდორით ფაუნის გადინების შემცირება
მოჰყვა. პარანთროპების მსგავსად, ჰომოს გვარის პირველმა სახეობებმა ღია და მშრალ, ასევე
ტყიან და ნესტიან ადგილებში იცხოვრეს. ჰომინინების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი ალბათ მათთვის დამახიასიათებელი თვისებაა შეგუებოდნენ და მორგებოდნენ
განსხვავებული და სწრაფად ცვალებად ეკოლოგიურ ნიშებს.

დმანისელ ჰომინინებს 1.85 -1.77 მლნ წლებში, ცხოვრება ცხელ და ნესტიან კლიმატურ
პირობებსა და მოზაიკური ტიპის (ღია და ამავდროულად ტყიანი) პეიზაჟებში მოუხდათ. 1.77
მლნ წლის წინ შემდეგ ევრაზიის მაცხოვრებელ ჰომინინებს დახვდათ ნახევრად-
არიდულიდან ნოტიოში გარდამავალი, ხმელთაშუაზღვისპირული ჰავა, რომელიც
განსხვავდება იმავე პერიოდის აფრიკული კლიმატისაგან. სამაგიეროდ საკვების ტიპი
აფრიკულის მსგავსი უნდა ყოფილიყო, რადგან ჰომინინები მცენარეული საფარით დაფარულ
ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდა დიდი ტანის ბალახისმჭამელ
სახეობებზე ენადირათ. წყალი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ჰქონდათ, პეიზაჟები კი ღია
პრერიებისაგან და ტყის ჩართული ზონებისგან შედგებოდა. ჰომინინების ევრაზიაში
გავრცელება ქვედა პლეისტოცენის პერიოდში, რომლის ჰავაც ძალიან გავდა თანამედროვე
ხმელთაშუაზღვისპირეთისას, კარგად ერგება მრავალფეროვან გარემოსთან წინასაადაპტაციო
პერიოდის ჰიპოთეზას.

შესაბამისად, აუცილებლობას არ წარმოადგენს აფრიკიდან გასვლის განსაკუთრებული


მიზეზი არსებობდეს. წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი ჰიპოთეზა: ა) ერთ კონკრეტულ x
ზონაში იზრდება ინდივიდთა რიცხვი; ბ) ამ ზონაში იზრდება კვების წყაროზე კომპეტენცია;
გ) ეს იწვევს ზონა x-ის მიმდებარე ტერიტორიების ათვისებას თუ ეს უკანასკნელი
ხელსაყრელია მათი „კოლონიზატორებისათვის“; დ) ეს კი გამოიწვევს პოპულაციათა
გაზრდას y ზონაში და ა.შ.

საქართველო აღმოსავლეთ აფრიკის ძეგლებიდან 5000 კმ-ით არის დაშორებული. ლევანტის


კორიდორის გავლით ამ მანძილის გავლას დაახლოებით 12 500 დან 100 ათასი წელი
სჭირდება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ერთი თაობა დაახლოებით 1 დან 10
კილომეტრამდე მანძილზე გადაადგილდება, ხოლო თაობებს შორის 20-25 წლიანი
ასაკობრივი სხვაობაა. გადაადგილება შეიძლება ძალიან სწრაფადაც მომხდარიყო, თუ
ჩავთვლით, რომ ის 2 მლნ წლამდე მოხდა. გასვლა თანანმიმდევრული და შეუჩერებელი
პროცესი უნდა ყოფილიყო. ადამიანის გვარში დაგროვებული გენეტიკური და ქცევითი
ვარიაციები ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციის და შეგუების შანს გაზრდიდა.

You might also like