You are on page 1of 4

როგორ განისაზღვრება Homo -ს გვარი? როდის გაჩნდა ის?

რა ანატომიური ნიშან-თვისებები
ახასიათებთ ადამიანის გვარის პირველ წარმომადგენლებს? რა ადგილი უჭირავთ მის
განსაზღვრაში კულტურულ, ქცევით და ფსიქომოტორულ მონაცემებს? ბიოლოგიურ
ანთროპოლოგიაში, ადამიანის გვარის დახასიათებისას ჩვენ ძირითადად ანატომიურ და
ბიოლოგიურ მახასიათებლებს დავეყრდნობით, რომელიც შედარებითი და ცვალებადია. ჩვენ
ასევე ვისაუბრებთ პირველ ადამიანებზე, რომელთაც აფრიკაში 2.8 – 1.6 მლნ წლებში
იცხოვრეს. Homo-ს გვარის დახასიათებაზე მსჯელობა, მის გაჩენასთან დაკავშირებული
საკითხებისგან დამოუკიდებლად ძალიან რთულია. ადამიანის ევოლუციის ისტორია
მნიშვნელოვნად შეიცვალა და გართულდა ბოლო ათეული წლების მანძილზე. მისი
განვითარების ადრინდელი სწორხაზოვანი ხედვა დღეს ბუჩქისმაგვარ მოდელებთან
ასოცირდება, სადაც ჰიბრიდაცია შესაძლო ვარიანტებად განიხილება.

ანთროპოლოგიური და არქეოლოგიური აღმოჩენები ჰომინინების (იგულისხმება


თანამედროვე ადამიანი და ადამიანის ევოლუციის ხაზე არსებული მისი მონათესავე
სახეობები) გეოგრაფიული გავრცელების მხოლოდ ნაწილობრივ სურათს იძლევა. მათი
არსებობა განსხვავებულ ფაქტორებზეა დამყარებული (ანატომიური ელემენტების გადატანა
სხვა ცხოველების მიერ, განამარხების და დალექვის პირობები და სხვ.) განამარხების
პროცესის დაწყებიდან მის აღმოჩენამდე, რომლის დიდი ნაწილიც შემთხვევითაა
აღმოჩენილი. აღსანიშნავია, რომ ყოველ ახალ აღმოჩენას შეუძლია სახეობების ვარიაციებთან
და მათ გავრცელებასთან დაკავშირებული ქრონოლოგიური, გეოგრაფიული თეორიების
თავდაყირა დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენების დიდი ნაწილი შემთხვევით
ხდება, ფიზიკური ანთროპოლოგია თავის არსით დაგროვებითი მეცნიერებაა.
განსხვავებული მეთოდებისა და ახალი ტექნიკების დახმარებით, მაგალითად კლადისტიკა
(ბიოლოგიური კლასიფიკაციის მეთოდი, რომელიც სახეობებს შორის ნათესაურ ავშირებს
ადგენს) და განამარხებული ძვლების ვირტუალური რეკონსქტრუქცია, Homo-ს გვარის
გაჩენასთან დაკავშირებული ახალი თეორიების შექმნის საფუძველს იძლევა.

გვარ Homo-ს განსაზღვრების ისტორია

Homo-ს გვარი პირველად 1758 წელს, შვედმა ნატურალისტმა კარლ ლინეუსმა განსაზღვრა,
ისევე როგორც თანამედროვე ადამიანის სახეობა: Homo sapiens. ლინეუსის მიხედვით
ადამიანი ეს არის „animale, rationale, loquens, bimanum, erectum”. გვარ Homo -ს
მიკუთვნებასთან არსებული პროცესები, მჭიდროდაა დაკავშირებული ახალ განამარხებული
ფორმების აღმოჩენებთან, რომელიც სახეობისათვის ახალი ანატომიური ნიშან-თვისებების
დადგენას ან/და მორფოლოგიური ატრიბუტების ახალი ინტერპრეტაციის საშუალებას
იძლეოდა. ცვლილებები 1864 წელს იწყება, როცა ბრიტანელმა გეოლოგმა უილიამ კინგმა
ნეანდერტალელის სახეობა Homo-ს გვარს მიაკუთვნა. ადამიანის გვარში ახალი მონაცემების
შეტანამ Homo-ს გვარის თავის ქალისა და სხვა ანატომიური ნაწილების მორფოლოგიური
მრავალფეროვნება გამოიწვია, რომელსაც მოგვიანებით Homo heidelbergensis (1908) და
Pithecanthropus erectus (1944) სახეობები მიემატა. 1955 წელს ბრიტანელი ანატომისტი
უილიამ კლარკი Homo-ს გვარის ახალ დახასიათებას გვთავაზობს: „ჰომინიდების ოჯახში
შემავალი გვარი, რომლის წარმომადგენლებს ახასიათებთ დიდი თავის ტვინის მოცულობა
1100 სმ3 საშუალოდ, დაახლოებით 900-დან 2000 სმ3 ინტერვალით“.

1964 წელს ახალი Homo habilis -ის სახეობის განსაზღვრასთან ერთად ადამიანის გვარისათვის
აუცილებელი კრიტერიუმები ისევ შეიცვალა. თანამედროვე ადამიანთან მსგავსების გამო
ანთროპოლოგებმა სახეობა Homo-ს გვარში მოათავსეს და მისი ხელების ანატომიის
გათვალისწინებით „მოხერხებული“ ადამიანი უწოდეს. Homo habilis -ის აღწერისას
ყურადღება მახვილდება თანამედროვე ადამიანისათვის დამახასიათებელ მორფოლოგიურ
ნიშან-თვისებებზე და Australopitheque-ების გვარისაგან განსხვავებით დიდი თავის ტვინზე.
Homo habilis -ის ადამიანის გვარში გაერთიანებამ მანამდე არსებული ადამიანის გვარის -
ინდივიდებისაგან შემდგარი ჯგუფის (ტაქსონი) მეცნიერული აღწერის გადახედვა
გამოიწვია. მისი შემდგენლები ადამიანების დახასიათებას ავსტრალოპითეკების გვართან
შედარების გზით გვთავაზობენ. ნიშან-თვისებების დიდი ნაწილი სიარულთან
დაკავშირებული ანატომიური ნაწილებია, სახის პროფილის და საღეჭი აპარატის
დაპატარავება და თავის ტვინის გაზრდაა. ამგვარად ადამიანის თავის ტვინის მოცულობა
აღწერილია როგორც ცვალებადი მოცემულობა, ავსტრალოპითეკზე შესამჩნევად დიდი
მოცულობის და 600 სმ3 დან (ყველაზე ძველ ფორმებში) 1 600 და უფრო მეტ სმ3-მდე.

დღეს ტაქსინომიური ანალიზის მიხედვით გვარი Homo-ს გვარი თერთმეტი განამარხებული


სახეობისგან შედგება: Homo sapiens, Homo neanderthalensis, Homo heidelbergensis, Homo
erectus, Homo habilis, Homo ergaster, Homo rudolfensis, Homo antecessor, Homo georgicus, Homo
floresiensis და Homo naledi.

ვინ, სად და როდის?

ადამიანის გაჩენის ადგილად ჩარლზ დარვინი 1871 წელს აფრიკის კონტინენტს გვთავაზობს.
ბოლო საუკუნე ნახევრის მანძილზე ევრაზიასა და აფრიკაში მიმდინარე
პალეოანთროპოლოგიურმა კვლევებმა ეს ჰიპოთეზა დაადასტურა. დღეს Homo-ს გვარის
პირველი ფორმები ორასამდე განამარხებულ ძვალს მოიცავს. მათo უმრავლესობა დიდი
რიფტის ხეობაში მდებარე ძეგლებზე იქნა ნაპოვნი (Ledi-Geraru, Hadar, Omo-ს ხეობა, Fejej,
ეთიოპია), (Chemeron, ტურკანას ტბის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროები, კენია),
Olduvai (ტანზანია), Malawi (ურაჰა) და (Sterkfontein, Swartkans, Drimelon, სამხრეთ აფრიკა) და
2.8 და 1.6 მილიონი წლებით დათარიღებული. მათგან ყველაზე ძველი Ledi-Geraru-ს ძეგლზე
აღმოჩენილი ფორმაა, მაგრამ მათი ცალკე სახეობად გამოყოფა ამ ეტაპზე არ მომხდარა. 2.4 და
2.3 მილიონი წლებით დათარიღებული ფორმები ეთიოპიაში, Omo-ს და Afar-ის ხეობაში და
კენიაში Malawi -ს ძეგლებიდანაა. 2 მილიონი და უფრო ძველი ასაკის განამარხებული
ფორმების სიიშვიათე და ფრაგმენტულობა (თავის ქალის რამდენიმე ელემენტი და კბილები)
ართულებს მათი სახეობად გამოყოფის და მიკუთვნებულობის საკითხს. სამაგიეროდ 1.8
მილიონი წლის და უფრო გვიანი ფორმების ანატომიური დახასიათება გვარი Homo-ს
ფარგლებში შესაძლებელია: ამ პერიოდიდან მოყოლებული მატულობს განამარხებული
ფორმების რიცხვი რაც ამარტივებს მათ ტაქსინომიურ განსაზღვრებას.

როგორ გამოიყურებოდნენ?

საინტერესოა ვის უფრო ჩამოგავდნენ Homo-ს გვარის პირველი წარმომადგენლები, ჩვენს


უახლოეს ბიძაშვილებს - თანამედროვე დიდ მაიმუნებს (შიმპანზე და გორილა) თუ
ანატომიურად თანამედროვე ადამიანებს? მათი ავსტრალოპითეკებთან შედარებისას,
რომლებიც ასევე აფრიკელები არიან, რამდენიმე სახეობა შეიძლება მოსაზრებულ იქნას
პირველი ადამიანის (ების) წანაპარ ფორმად, ასევე პარანთროპებისა (მათი გვარიც იმავე
პერიოდში არსებობს აფრიკაში) რომელთა სახის პროფილი წინ ნაკლებად არის გამოწეული
და შედარებით სწორია. მათი საღეჭი აპარატი დაპატარავებულია “V”-ს ფორმის ყბასთან
ერთად. საჭრელი კბილები და ეშვები დიდი ზომისაა, მაშინ როცა უკანა კბილები შედარებით
გრძელი და პატარა. მათი შუბლი ამობურცული. თავის ქალა მაღალ პოზიციაზეა
პროფილთან შედარებით. პირველი ჰომოების გადაადგილების ფორმის შესახებ ბევრი
არაფერი ვიცით, რადგან Nariokotome-ს (Homo ergaster/Homo erectus) ბიჭის მთლიან ჩონჩხს
თუ არ ჩავთვლით, განამარხებული ფორმები ძალიან ცოტაა. თუ ამ იშვიათ მასალას
დავეყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანის გვარის პირველი
წამომადგენლების აგებულება შესამჩნევად განსხვავებული იქნებოდა, სიმაღლეასთან ერთად
(1.30 -1.50 სმ საშუალოდ 30-40 კგ). ფეხის კიდურის მუხლის და ბარძაყის ძვლების
მორფოლოგია ჩვენი მსგავსი, რაც მხოლოდ ორფეხზე და შორ მანძილებზე გადაადგილების
და ასევე სირბილის საშუალებას იძლევა. თუმცა ზოგიერთ ნამარხი სახეობის
წაგრძელებული ხელის კიდურების ფორმა, მათი ხეებზე ასვლის შესაძლებლობებზეც
მეტყველებს.

კულტურული ტრადიციის მიხედვით Homo-ს გვარის სახეობები ოლდუვაური ტექნიკის


(Olduvai, ტანზანია) ქვის იარაღებთან ასოცირდებიან, რომლიც დამზადების ტექნიკას,
ქვარგვალებიდან და ბლოკებიდან ერთ ან ორი მხარეზე ანატკეცის აცლაა და შემდეგ მათი
გამოყენება. Homo-ს პირველი წარმომადგენლები ხშირად მშრალ და უტყეო პეიზაჟებთან
ასოცორდებოდნენ, თუმცა დღეს ვიცით რომ ნესტიან ადგილებშიც ცხოვრობდნენ,
შესაბამისად მათი არსებობისათვის განსაკუთრებული პირობებით გამორჩეული გარემო არ
არის საჭირო. მათი კვების რაციონი, რომელიც ძალიან ოპორტუნისტული და
მრავალფეროვანია, ხორცისა და მცენარეული საკვებისგან შედგება. მათ შეეძლოთ
განსხვავებული და ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. სწორედ ამის გამო ისინი
შეძლებდნენ მორგებოდნენ 2.8 მილიონი წლიდან დაწყებულ კლიმატურ და გარემო
ცვლილებებს, რომელიც პეიზაჟების არიდიზაციით და ტყის ზონის გაქრობით გამოირჩეოდა.
პირველი ადამიანების შესახებ წარმოდგენა ორასიოდე განამარხებული ძვლის მეშვეობით
გვაქვს, ამ კოლექციის დიდი ნაწილი, კი კბილებით არის წარმოდგენილი. კარგად შენახული
თხუთმეტიოდე თავის ქალა და ყბა საშუალებას იძლევა ერთი მხრივ, ჩვენ გვარში
გაერთიანებულ სახეობათა შორის არსებულ მრავალფეროვნებასა და მრავალხაზოვნებაზე
ვისაუბროთ და მეორე მხრივ, მათი ჰომოს გვარში გაერთიანების
შესაძლებლობა/შეუძლებლობის საკითხებზე ვიმსჯელოთ. ერთ გვარში არსებული
სახეობების მიკუთვნებულობის (ერთი თუ მრავალი) საკითხები პალეოანთროპოლოგებს
შორის მუდმივი დებატების წყაროა. ორი განსხვავებული სკოლა არსებობს. პირველი ე.წ.
“splitting” (დაყოფა) აღმოჩენილი ჰომინინების დაყოფაზეა ორიენტირებული; თითქმის ყველა
ახალი აღმოჩენილი განამარხებული ფორმა ახალი სახეობის შექმნის პირობას იძლევა.
სამაგიეროდ, მეორე ე. წ. “lumping” (დაჯგუფება) სკოლის წარმომადგენლებს მინიმუმამდე
დაყავთ განამარხებული სახეობების რიცხვი, მათ შორის არის მილფორდ ვოლპოფი,
რომლისთვისად ყველა ძველი ჰომინინი Homo sapiens-ის სახეობაში უნდა გაერთიანდეს.
სტატისტიკური მეთოდების გამოყენებამ პალეოანთროპოლოგიაში სახეობა Homo habilis
ერთგვაროვნება ეჭვის ქვეშ დააყენა. ყურადღების ცენტრში მოექცა ტაქსონს შიგნით
არსებული განსხვავებები. ერთ თუ ორ სახეობას ეხება საქმე? პირველ შემთხვევაში საქმე
გვაქვს Homo habilis სახეობასთან და მასში შემავალი ინდივიდები ძალიან განსხვავდებიან
ერთმანეთისგან. მეორე შემთხვევაში განსხვავება იმდენად დიდია მორფომეტრული
თვალსაზრისით, რომ მკვლევარები ორი განსხვავებული სახეობის არსებობას გვთავაზობენ:
habilis და rudolfensis. ინდივიდები, რომლებიც Rudolfensis სახეობას მიაკუთვნეს,
ხასიათდებიან შედარებით უფრო სწორი და ნაკლებად გამოზნექილი პროფილით, კეფის
მხრის ნაკლები დახრილობით და დიდი თავის ტვინით. 1999 წლიდან ჰომოს გვარი კიდევ
ერთხელ გახდა დებატების საგანი. პალეოანთროპოლოგ ბერნარ ვუდისა და მარკ კოლარის
მიხედვით გვარი სახეობებისაგან შემდგარი ჯგუფია, რომელსაც ყავს ერთი საერთო წინაპარი
და მისი შთამომავლები, რომლებსაც უკავიათ სხვა გვარის სახეობებისაგან განსხვავბეული
ეკოლოგიური ნიშები. ავტორთა მიხედვით ჰაბილისსა და რუდოლფენსის არ ყავთ საერთო
წინაპარი და მათი ადაპტაციური სტრატეგიები ავსტრალიოპითეკების მსგავსი უფრო ვიდრე
თანამედროვე ადამიანის. შესაბამისად ეს ორი სახეობა უნდა გადავიტანოთ
ავსტრალოპითეკების გვარში. ჰომოს გვარის პირველ წარმომადგენლებად კი Homo ergaster
უნდა მოვიაზროთ, რადგან მათ თანამედროვე ადამიანის მსგავსი მორფოლოგია აქვთ, მაშინ
როცა რუდოლფენსის და ჰაბილისს ავსტრალოპითეკებისათვის და ჰომოს გვარის პირველი
წარმომადგენლებისათვის (Homo ergaster, Homo erectus) დამახასიათებელი მოზაიკური
მახასიათებლები აქვთ. Homo rudolfensis და Homo habilis ნამდვილად გვანან
ავსტრალოპითეკებს პოსტ-კრანიალური ნაწილით და სხეულის პროპორციებით (ხელის და
ფეხის კიდურები), მაგრამ აქვთ უკვე Homo erectus და Homo sapiens დამახასიათებელი თავის
ქალას მორფოლოგიური ნიშან-თვისებები.

You might also like