You are on page 1of 3

ელეგია სამშობლოსათვის

-1-

ცაო ფირუზო თუ ალმასო და ისე ღრმაო,


ცაო, რომელიც ეპითეტებს ვეღარ ერევი,
ჩვენ გავიფიქრეთ, რომ როგორღაც გავუძლებთ ამ ომს
მე - ქალი ტყვიის, შენ ცა ტყვიის და ვერტმფრენების.
ცაო ფირუზო თუ ალმასო და ისე ღრმაო...
ცაო ტყვიების, ცაო ჩემო და ვერტმფრენების.
მიწავ ზურმუხტო, მშობლიურო ო ჩემო მიწავ,
მიწავ მსუბუქო აქ და სხვისთვის მიწავ ნაქებო,
ჩვენ დავიჯერეთ, რომ ორივე ერთმანეთს ვიცავთ,
მე ქალი მიწის და შენ - მიწა რკინის ტანკების.
მიწავ ზურმუხტო, მშობლიურო ო ჩემო მიწავ,
მიწავ ხავერდო - ჟანგიანი მძიმე ტანკების.
ზღვაო ლაჟვარდო, ზღვავ, რომელიც ისე შორი ხარ,
ზღვაო ქვიშის და ზღვაო მზის და ზღვაო ბარების,
ჩვენ ვიოცნებეთ, რომ მე მანდ და შენ აქ მოდიხარ,
მე ქალი ტყვიის, შენ ზღვა სისხლის და ყუმბარების,
ზღვაო ლაჟვარდო, ზღვავ რომელიც ასე შორი ხარ,
ზღვაო ტყვიის და ზღვაო სისხლის და ყუმბარების.
მთებო დაბინდულ ქლიავის თუ მთებო სხვა ფერო,
მთებო ნისლებად შემომდგმელო თავზე ფიქრების,
ჩვენ დავიჯერეთ, რომ ერთმანეთს უნდა ვაფეროთ
გულები - ქვები და რკინები - სანამ ვიქნებით,
მთებო დაბინდულ ქლიავის თუ მთებო სხვა ფერო,
მთებო სისხლებად დამდენელო გულზე ფიქრების.
მე საქართველოს მოქალაქე დუმილს ვაცხადებ,
მე საქართველოს მოქალაქე თქვენ ვერ გიმღერებთ,
რადგანაც თქვენი დანახვაც კი არ დამაცადეს,
ისე მანიშნეს კვამლზე, ცეცხლზე და მომიღერეს
ეპითეტები წარსულიდან გადმოტყორცნილი,
ეპითეტები, რომლებსაც თქვენ ვეღარ ერევით,
შენ - ზღვაო სისხლის, მთებო ქვისგან გულგამოცლილნო,
შენ მიწავ ჟანგის, ცაო - ტყვიის და ვერტმფრენების,
მე საქართველოს მოქალაქე ვაცხადებ დუმილს
წინაშე ჩემი პარლამენტის და სხვისი დუმის,
მე საქართველოს მოქალაქე ვაცხადებ ამ ომს,
ცავ ვერტმფრენებით დასერილო და მაინც ღრმაო...
მე საქართველოს მოქალაქე ვაცხადებ ხმაურს,
ზღვაო სისხლის და ყუმბარების და მაინც ზღვაო,
მე საქართველოს მოქალაქე ვაცხადებ დებოშს
მთებო გულ და სისხლგამოცლილნო და მაინც მთებო,
მე საქართველოს მოქალაქე ვაცხადებ ამ ომს -
ვაცხადებ ამ ომს,
პეიზაჟთა გადღაბვნის გამო...

-2-

სამშობლოს ყველა წამართმევს,


მანამ სანამ სამშობლო
მხოლოდ მიწაა, მხოლოდ ცაა, მხოლოდ მთებია,
სანამ ცრემლების სველ აკვნებში სძინავთ ჩუმ ობლებს,
როგორც შიმშილის ანგელოზებს და ვერ თბებიან
ვერცერთი ცეცხლით - ვერც ტყვიების და ვერც სანთლების,
ოქროს ციალში რომ უგებენ ღმერთს მშვიდ სასახლეს,
სანამ სიცრუის მათრახებში ასამართლებენ
საკუთარ პირმშოს და სხვის პირმშოს ღმერთად სახავენ.
სამშობლოს ყველა, ვისაც უნდა, ყველა წამართმევს,
სანამ სამშობლო მხოლოდ ცაა, მხოლოდ მიწაა,
სანამ სიტყვებში ტევენ და მის საყვარელ სახელს
უსიყვარულო აღგზნებათა ფიცში იცავენ.
სამშობლოს, ყველა, ვისაც უნდა ყველა წამართმევს,
სანამ სამშობლო მხოლოდ ცაა, მხოლოდ მთებია,
სანამ საკუთარ სახელს, მხოლოდ სახელს ამართლებს,
რომელსაც შვილებს ახსენებენ, როცა თვრებიან
და ივიწყებენ, ივიწყებენ, როცა ხედავენ
მშიერ წმინდანებს, მაძღარ მლოცველს, მრუშ მქადაგებელს,
რადგან გველეშაპს მორკინალი უცხო მხედარი
და ტბის სიღრმეში მძინარე ყრმა დარდს აქარვებენ.
სამშობლოს ყველა, ვისაც უნდა ყველა წამართმევს,
სანამ სამშობლო მხოლოდ მკვდარი წინაპრებია,
სანამ სიარულს ივიწყებენ, როცა აღმართებს
ხედავენ და სხვის დაღმართებში იპარებიან,
სანამ მხოლოდ თეთრ სიმშვიდეში სცნობენ უწმინდესს,
სანამ მხოლოდ ბნელ მუსიკაში სცნობენ უწმინდურს,
სანამ მოყვარეს ჭრილობები როგორც უწმინდეს,
მტერს თოფებს, თვალებს და სხვას და სხვას ისე უწმენდენ.
სამშობლოს, ყველა, ვისაც უნდა, ყველა წამართმევს,
რადგან სამშობლო შენი არა, მხოლოდ ჩემია,
რადგანაც ჩემი ღმერთია და სხვისი - წარმართი,
რადგანაც ჩემს ღმერთს მახვილი და ცეცხლი სჩვევია
სიყვარულისთვის, რომლის გამოც სხვის თავს გავწირავ,
სიყვარულისთვის, რომლის გამოც გავიღებ სხვის მსხვერპლს..
ჩემო სამშობლოვ, დაიძინე,
სანამ შენ გძინავს,
შენს მცოცავ მიწას ვფიცავ,
ვფიცავ შენს მცოცავ მისხლებს,
უარესი უკვე იყო,
უარესი აღარ მოხდება,
რადგან შენ ახლა მხოლოდ ცა ხარ, მხოლოდ მთები ხარ
და იმ ზეციურ სამშობლოში როცა მოვხვდებით,
შენი მცოცავი ნაწილებიც იქ დაგვხვდებიან.

2020

You might also like