You are on page 1of 7

ესქილე

ორესტეა
კითხვის დრო:
ორიგინალი: 4,5 სთ
მოკლე შინაარსი: 15 წუთი

ბერძენი გმირების უკანასკნელი თაობის ყველაზე მძლავრი მეფე იყო არგოსის მბრძანებელი
აგამემნონი. სწორედ მან უხელმძღვანელა გაერთიანებულ ბერძნულ ლაშქარს ტროის ომში, სწორედ
იგი დაუპირისპირდა და ბოლოს შეურიგდა აქილევსს „ილიადაში“, ხოლო შემდეგ შეიქმნა ომში
გამარჯვებულ მხედართმთავრად, რომელმაც გააცამტვერა ტროა; მაგრამ მისი ხვედრი საზარელი
აღმოჩნდა, ხოლო მისი ვაჟის, ორესტეს ხვედრი — კიდევ უფრო შემზარავი. ორივემ ჩაიდინა
სისხლიანი დანაშაული და პასუხიც აგო საკუთარი თუ სხვისი ბოროტმოქმედებისთვის.

აგამემნონის მამა ატრევსი მთელი სისასტიკით ებრძოდა ძალაუფლებისთვის თავის ძმა თიესტეს. ამ
ბრძოლაში თიესტემ შეაცდინა ატრევსის მეუღლე, ხოლო ატრევსმა ორი მცირეწლოვანი შვილი
მოუკლა თიესტეს და მამას, რომელიც ვერაფერს ხვდებოდა, საკუთარი შვილების ხორცი აჭამა (ამ
კაციჭამია ნადიმზე მომავალში სენეკა დაწერს ტრაგედია „თიესტეს“). ამის გამო ატრევსიც და მისი
მოდგმაც საშვილიშვილოდ დაიწყევლა. თიესტეს მესამე ვაჟი, სახელად ეგისთე, გადარჩა და
უცხოეთში მხოლოდ ერთი ფიქრით გაიზარდა, როგორმე შური ეძია მამისა და ძმების გამო.

ატრევსს ორი ვაჟი ჰყავდა, ტროის ომის მომავალი გმირები, აგამემნონი და მენელაოსი. ძმები დებზე
დაქორწინდნენ, მენელაოსი ელენეზე და აგამემნონი — კლიტემნესტრაზე. როდესაც ელენეს გამო
ტროის ომი დაიწყო, ბერძნულმა ლაშქარმა, აგამემნონის მეთაურობით, ტროისკენ ხომალდებით
გასაცურად თავი მოიყარა ავლისის ნავსადგურში. აქ მათ არაორაზროვანი სასწაულებრივი ნიშანი
მიეცათ: ორმა არწივმა დაგლიჯა ორსული კურდღელი. მისანმა ეს ასე ახსნა: ორი მეფე (ორი არწივი)
აიღებს საგანძურით სავსე ტროას (ორსულ კურდღელს), მაგრამ ისინი ვერ გადაურჩებიან ორსულებისა
და მშობიარეთა მფარველი ქალღმერთის, არტემისის რისხვას. და მართლაც, არტემისმა ბერძნულ
ხომალდებს თავს პირქარი დაატეხა, ტროისკენ ხომალდების დაძვრა შეუძლებელი გახდა და
ქალღმერთის გულის მოსაგებად საჭირო აღმოჩნდა ადამიანის, კერძოდ, აგამემნონისა და
კლიტემნესტრას ნორჩი ასულის, იფიგენიას, მსხვერპლი. ბელადის მოვალეობამ აგამემნონში
მამაშვილობის გრძნობა დაამარცხა და მან საკუთარი ქალიშვილი, იფიგენია, სასიკვდილოდ გაიმეტა
(თუ რა მოუვიდა იფიგენიას, ამაზე შემდგომში ტრაგედიას დაწერს ევრიპიდე). ბერძნები
ხომალდებით დაიძრნენ ტროისკენ, ხოლო არგოსში დარჩა კლიტემნესტრა, იფიგენიას დედა,
რომელსაც მხოლოდ ერთი საფიქრალი და სადარდებელი დარჩა: შური ეძია მსხვერპლად შეწირული
ქალიშვილის სახელით.

ორმა შურისმაძიებელმა ერთმანეთი იპოვა: ეგისთე და კლიტემნესტრა საყვარლები გახდნენ და ათი


წლის განმავლობაში, რაც ტროის ომი მიმდინარეობდა, ელოდნენ აგამემნონის დაბრუნებას. ბოლოს და
ბოლოს აგამემნონი გამარჯვებული და მოზეიმე დაბრუნდა და სწორედ აქ, დიდების ზენიტში უწია
შურისძიებამ. როდესაც შინ მობრუნებული აგამემნონი აბანოში განიბანებოდა, კლიტემნესტრამ და
ეგისთემ ზეწარი გადააფარეს და ნაჯახით აკუწეს. ამის შემდეგ ისინი არგოსს მართავდნენ როგორც
მეფე და დედოფალი; მაგრამ ცოცხალი დარჩა აგამემნონისა და კლიტემნესტრას პატარა ვაჟი ორესტე:
დედაშვილობის გრძნობამ კლიტემნესტრაში შურისმაძიებლის გათვლა დაამარცხა და შვილი
უცხოეთში გახიზნა, რომ ეგისთეს აგამემნონთან ერთად ისიც არ მოეკლა. ორესტე გაიზარდა შორეულ
ფოკისში მხოლოდ ერთი ფიქრით — შური ეძია მამისთვის, აგამემნონისთვის. მამის გამო მან უნდა
მოკლას დედა; ეს მას თავზარს სცემს, მაგრამ მისანი ღმერთი აპოლონი მას პირდაპირ უბრძანებს, ეს
შენი ვალიაო. ორესტე გაიზარდა და ჩამოვიდა შურის საძიებლად. მას ახლავს ფოკისელი მეგობარი
პილადე, ეს ორი სახელები მითოსში განუყრელი გახდა. მეგობრებმა თავი მგზავრებად გაასაღეს,
რომელთაც უცხოეთში ორესტეს ვითომდა სიკვდილის ერთდროულად სამწუხარო და სასიხარულო
ამბავი ჩამოუტანიათ, რის გამოც ეგისთესა და კლიტემნესტრას უკვე არანაირი შურისძიების შიში აღარ
უნდა ჰქონოდათ. მათ შეუშვებენ მეფე-დედოფალთან და ორესტე აღასრულებს თავის საზარელ
მოვალეობას: კლავს ჯერ მამინაცვალს და შემდეგ მშობელ დედასაც.

ვინ იქნება შემდეგი რგოლი სიკვდილის ჯაჭვში, ვინ იძიებს შურს ორესტეზე? ეგისთესა და
კლიტემნესტრას შურისმაძიებელი შვილები არ დარჩათ. და მაშინ ორესტეს აუმხედრდებიან თავად
შურისძიების ქალღმერთები, საზარელი ერინიები; ისინი მას გონებას წაართმევენ და შეშლილი
ორესტე სასოწარკვეთილი დაძრწის მთელ საბერძნეთში და ბოლოს ღმერთ აპოლონს მიადგება: „შენ
გამაგზავნე შურის საძიებლად, ახლა კი შენვე უნდა დამიხსნა შურისგებისგან.“ სხივოსანი ღმერთი
ქალღმერთებს უპირისპირდება: ისინი ძველ წარმოდგენას განასახიერებენ, რომ დედისეული
ნათესაობა მამისეულზე მნიშვნელოვანია, ხოლო აპოლონი იმ ახალ რწმენას ეფუძნება, რომ
მამისეული ნათესაობა დედისეულზე უფრო მნიშვნელოვანია. ვინ განსჯის ერთმანეთთან
დაპირისპირებულ ღმერთებს? ადამიანები. ათენში, ქალღმერთ ათენას მეთაურობით იკრიბება
უხუცესთა სასამართლო. შემთხვევითი არ არის, რომ ეს როლი სწორედ ზევსის ამ ქალიშვილს ერგო.
ათენა ქალია, როგორც ერინიები, მაგრამ ვაჟკაცია, როგორც აპოლონი. ათენელ უხუცესთა სამსჯავრო
გადაწყვეტს: ორესტე მართალია, იგი უნდა განიწმინდოს ცოდვისაგან, ხოლო ერინიებს
დასაწყნარებლად და გულის მოსაგებად უნდა ავუგოთ ტაძარი ათენში, სადაც მათ თაყვანს სცემენ,
როგორც ევმენიდებს ანუ „კეთილ ქალღმერთებს“.

სწორედ ამ მითების მიხედვით შექმნა დრამატურგმა ესქილემ თავისი ტრილოგია „ორესტეა“ — სამი
ერთმანეთს მიყოლებული ტრაგედია: „აგამემნონი“, „ქოეფორები“, „ევმენიდები“.

„აგამემნონი“ ამ სამიდან ყველაზე უფრო მოცულობითი ტრაგედიაა. იგი უცვეულოდ იწყება. არგოსში,
სამეფო სასახლის ბრტყელ სახურავზე წევს გუშაგი მონა და ჰორიზონტს გასცქერს: როდესაც ტროა
დაეცემა, მის უახლოეს მთაზე კოცონს აანთებენ, მას ზღვის მეორე ნაპირზე დაინახავენ და აანთებენ
მეორე კოცონს, შემდეგ — მესამეს და ასე ცეცხლოვანი ამბავი მოვა არგოსამდე: გამარჯვება
მოპოვებულია, აგამემნონი კი მალე შინ იქნება. მონა ათი წელი, მწველ მზესა და გამთოშავ ყინვაში
ელოდა ამ წამს და აი, ცეცხლი აინთო, გუშაგი წამოხტება და გარბის, რომ სიახლე ახაროს დედოფალ
კლიტემნესტრას, თუმცა გრძნობს, რომ ეს სიახლე სიკეთეს ვერ მოიტანს.

შემოდის არგოსელ უხუცესთა გუნდი: მათ ჯერ არაფერი იციან. გრძელ სიმღერაში იხსენებენ ომის
ყველა განსაცდელს — პარისის მუხთლობას, ელენეს ღალატს, იფიგენიას მსხვერპლშეწირვას და
არგოსის ახლანდელ უსამართლო ხელისუფლებასაც. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? როგორც ჩანს,
ასეთია მსოფლიო კანონი: თუ არ დაიტანჯე, ვერაფერს ისწავლი. იმეორებენ მისამღერს: „აილინოს,
მომძახე, აილინოს, დაე ბოლო იყოს კეთილი!1“ და თითქოს ახდება ეს ლოცვა: სასახლიდან გამოდის
კლიტემნესტრა და აცხადებს: „გადააჭარბა სიხარულმა ყოველ მოლოდინს, / არგოსელებმა პრიამოსის
დასცეს ქალაქი“. — ტროა დაემხო, გმირები ბრუნდებიან; მართლებს კეთილი დახვედრა ელით და
ცოდვილებს — უკეთური.

გუნდი უპასუხებს ახალი სიმღერით: მასში ღმერთებს მადლობას უძღვნიან მოპოვებული


გამარჯვებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, შიშობენ, გამარჯვებული მხედართმთავრის მომავალს
საფრთხე ხომ არ ემუქრება; გამარჯვება ხომ იოლი საქმე არ არის, ზომიერების დაცვა ხომ ძნელია:

1
ტრაგედიის ტექსტი ყველგან მოცემულია გიგლა სარიშვილეული თარგმანში.
ტროა დაეცა ქედმაღლობის გამო, ახლა კი გამარჯვებამ არ დაახვიოს ვინმეს თავბრუ, ვინმე არ
შეეწიროს ახალ ქედმაღლობას: პატარა ბედნიერება დიდზე უფრო ნაღდია. და მართლაც: შემოდის
აგამემნონის შიკრიკი, ადასტურებს გამარჯვებას, ახსენებს ტროის მისადგომებთან ათწლიან ტანჯვა-
წამებას და მოგვითხრობს უკანა გზის ქარიშხალზე, როდესაც ზღვა „ცხედრებით აყვავდა“ — როგორც
ჩანს, ბევრი იყო ცოდვილი; მაგრამ აგამემნონი ცოცხალია, იგი ახლოვდება, იგი ღმერთივით დიადია.
გუნდი მღერის, როგო წარმოშობს დანაშაული დანაშაულს და კიდევ ერთხელ ჰკიცხავს ომის მიზეზს,
ელენეს, კლიტემნესტრას დას.

დაბოლოს, შემოდის აგამემნონი ტყვეებთან ერთად. ის მართლაც ღმერთივით დიადია: „ვით გარეთ,
შინაც გამარჯვება ფეხდაფეხ მდევდეს!“ კლიტემნესტრა დაიხრება და მეწამულ ხალიჩას დაუფენს.
აგამემნონი შეფერხდება, ხალიჩა ღმერთებისთვისაა, „მე კი კაცი ვარ წარმავალი და არა მფერის / არ
მოშიშებით ხავერდოვან გზით სიარული,“ მაგრამ მეუღლე სწრაფად დაიყოლიებს და აგამემნონი
სასახლისკენ მეწამული ხალიჩით დაიძვრება, ხოლო კლიტემნესტრა მასთან ერთად შედის სასახლეში
ორაზროვანი ლოცვით: „ო ზევსო, ზევსო, გევედრები, აღმსრულებელო, / აღასრულებდე ყველაფერსა,
რაიც მწადია.“ უამრავი დანაშაულია უკვე ჩადენილი — შურისძიების დრო ახლოვდება. გუნდი
მღერის უბედურების ბუნდოვან წინათგრძნობაზე. მოულოდნელად გუნდს უპასუხებს აგამემნონის
სცენაზე დარჩენილი ტყვე, ტროელი მეფის ასული კასანდრა, რომელიც ოდესღაც აპოლონს შეუყვარდა
და ამის გამო სხივოსანმა ღმერთმა წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა, მაგრამ ქალიშვილმა
არ გაიზიარა ღმერთის სიყვარული და აპოლონმა დაუნდობლად დასაჯა: წინასწარმეტყველების ნიჭი
შენარჩუნა, მაგრამ დარწმუნების ტალანტი წაართვა — კასანდრას წინასწარმეტყველებისა არავის
სჯერა. ახლა იგი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიძახებს სიტყვებს არგოსული სახლის წარსულსა და მომავალზე:
დახოცილი ხალხი, ბავშვებისგან დამზადებული კერძი, ბადე და ნაჯახი, მთვრალი სისხლი, საკუთარი
სიკვდილი, ერინიების გუნდი და შვილი, რომელიც დედას მოკლავს! გუნდს თავზარი ეცემა. სცენის
მიღმა გაისმის აგამემნონის გოდება:

„ვაგლახ! ლახვარი სასიკვდინე გულს დამეძგერა!..


ვაგლახ მეორედ გამიტარეს გულში ხანჯალი.“

სასახლის დარბაზის სიღრმეში აგამემნონისა და კასანდრას გვამები მოჩანს, გამოჩნდება


კლიტემნესტრა, ხელში სისხლიანი ხანჯალი უჭრავს. აღიარებს, რომ ადრე ცრუობდა, ცბიერებდა,
ახლა კი სიმართლეს ლაპარაკობს. საიდუმლო სიძულვილის ადგილი მოკლული ქალიშვილისა და
ჩამოყვანილი ხარჭის გამო ღია და ცხადმა შურისძიებამ დაიკავა. დიკე და ერინიები მისკენ არიან.
გაოგნებული გუნდი დასტირის მეფეს და წყევლა-კრულვას უთვლის ბოროტმოქმედ ქალს:
შურისძიების დემონი დასახლდა სახლში, უბედურებას ბოლო არ უჩანს. კლიტემნესტრა გვერდით
დგება ეგისთე, ყველას ახსენებს თიესტესა და მისი შვილების ამბავს და თავის შურისძიებაზე
ლაპარაკობს. გუნდის უხუცესები ხმალამოღებული მიიწევენ ეგისთესკენ, ეგისთე ბადრაგს მოუხმობს,
მაგრამ კლიტემნესტრა ჩაერევა და დაპირისპირებულებს გააშველებს: ისედაც ბევრი სისხლი
დაიღვარა, სიკვდილმა დიდი მოსავალი მოიწია და საკმარისია. დაე უძლურებმა იყეფონ, ჩვენ კი
ვიმეფოთო, სთავაზობს ეგისთეს და ამ სიტყვებით გადიან ორივენი. ასე მთავრდება პირველი
ტრაგედია.

მეორე ტრაგედიაში მოქმედება რვა წლის შემდეგ იწყება: ორესტე გაიზარდა და პილადესთან ერთად
ჩამოდის არგოსში შურის საძიებლად. აგამემნონის საფლავთან დაიხრება და ერთგულების ნიშნად
თავის მოკვეცილ კულულებს აწყობს, შემდეგ კი იმალება, რადგან მოახლოებულ გუნდს დაინახავს.

ეს ქოეფორები არიან, „საღვრელის შემწირველები“ — მათ სახელს ატარებს ტრაგედია. მიცვალებულის


პატივსაცემად მის საფლავზე ღვრიდნენ საღვრევს: წყალს, ღვინოსა და თაფლს. კლიტემნესტრას
აგამემნონის მკვლელობის შემდეგაც არ განელებია ქმრის შიში, საშინელი სიზმრები ესიზმრება,
ამიტომ გამოუგზავნია მის საფლავზე საღვრელის შესაწირავად თავისი მონაქალები თავისი
ქალიშვილის, ელექტრას, ორესტეს დის, მეთაურობით. მათ უყვართ აგამემნონი, ეზიზღებათ
კლიტემნესტრა და ეგისთე, ენატრებათ ორესტე. ელექტრა ლოცულობს, რომ დედას არ დაემსგავსოს,
რომ დაბრუნდეს ორესტე და მამისთვის შური იძიოს. იქნებ უკვე დაბრუნდა კიდეც? საფლავზე
ვიღაცის თმის კულულია, ფერი ზუსტად ემთხვევა ელექტრას თმის ფერს; საფლავზე ნაფეხურია,
ელექტრას ნაფეხურის სრული ასლი. ელექტრამ და ქოეფორებმა არ იციან, რა უნდა იფიქრონ. და
სწორე ამ დროს მათთან გამოდის ორესტე.

ამოცნობა სწრაფად ხდება: რა თქმა უნდა, თავიდან ელექტრას არ სჯერა, მაგრამ ორესტე მას
არწმუნებს:

აბა შეხედე ამ თმის ღერებს, აქ რომ აწყვია,


შენი ძმისაა, შენი თმების მინამსგავსია.
ჩემს სამოსელსაც დააკვირდი, ნახელავს შენსას,
შემორჩენია ლომი, შენგან ამოქსოვილი.

და-ძმა ერთმანეთს ჩაეხვევა, ერთდ ვართ, ჩვენთან სიმართლეა და ზემოდან ზევსი დაგვყურებსო, —
ერთმანეთს ეუბნებიან. ზევსის სიმართლე, აპოლონის ბრძანება და შურისძიების წყურვილი
აერთიანებს მათ საერთო მტრების — კლიტემნესტრასა და ეგისთეს წინააღმდეგ. გუნდთან ერთად
ისინი დასახმარებლად ღმერთებს მოუხმობენ. კლიტემნესტრას დასიზმრებია, რომ გველი შვია,
რომელსაც მისთვის მკერდზე უკბენია. დაე, აღსრულდეს ეს სიზმარი! ორესტე უხსნის ელექტრასა და
გუნდს, როგორ შეაღწევს სასახლეში ბოროტ დედოფალთან; გუნდი სიმღერით უპასუხებს და
გაიხსენებს წარსულის ბოროტ დედაკაცებს — ცოლებს, რომლებმაც ეჭვიანობის გამო ამოწყვიტეს
ყველა მამაკაცი კუნძულ ლემნოსზე, სკილაზე, რომელმაც საყვარლის გამო მამა დაღუპა, ალთეაზე,
რომელმაც ძმებისთვის შურისძიებისას საკუთარი შვილი შეიწირა. იწყება ჩანაფიწრის განხორციელეა:
მგზავრებად გადაცმული ორესტე და პილადე სასახლის კარებს უკაკუნებენ. მათთან გამოდის
კლიტემნესტრა. ფოკისი გამოვიარე და მითხრეს, არგოსში გადაეცი, ორესტე მოკვდა და თუ უნდათ,
ცხედრის წასაღებად ვინმე გამოგზავნონო, ეუბნება მგზავრი დედოფალს. კლიტემნესტრა შეჰკივლებს,
შეეცოდება შვილი, მას ხომ ეგისთესგან მისი გადარჩენა უნდოდა, მაგრამ სიკვდილს მანც ვერ
გადაარჩინა. ვერ იცნო ორესტე და პილადესთან ერთად სახლში შეუშვა. ტრაგიზმის ზრდას აფერხებს
თითქმის კომიკური ეპიზოდი: ძველი გადია დასტირის ორესტეს გუნდის თვალწინ, იხსენებს, როგორ
უყვარდა ჩვილი, როგორ აწოვებდა ძუძუს, როგორ აწმევდა და ასმევდა, სახვევებს ურეცხავდა, ახლა კი
მოკვდა. იქნებ არ მომკვდარაო, გუნდის მეთაური ეუბნება. წამი ახლოვდება. გუნდი ზევსს საშველად
მოუხმობს და წინაპრებს თხოვს, მრისხანება შეწყნარებით შეცვალოს, ხოლო ორესტეს არიგებს და
სიმტკიცისკენ მოუწოდებს: „და როცა დედა შემოგბღავლებს, / „ოჰ,შვილო ჩემო!“ / ყელში ჩასჩარე ეს
სიტყვები ყვირილით — „მამა!“

ჩნდება ეგისთე: დაიჯეროს თუ არ დაიჯეროს ახალი ამბავი? შედის სასახლეში, გუნდი გაირინდება —
სასახლიდან მოისმის დარყტმისა და კვნესის ხმა. გამორბის კლიტემნესტრა, მას ხმლით მოსდევენ
ორესტე და პილადე. დედა მკერდს გაიშიშვლებს:

შეჩერდი შვილო, დედაშენის დაინდე მკერდი,


სადაც პაწიას თავი გჰედო, გეძინა მშვიდად
და გიწოვია გამოწვდილი ტკბილი ძუძუნი.

ორესტე დაიბნა, დედის მოკვლა ეძნელება, რა ვქნაო, პილადეს ეკითხება. პილადე, რომელსაც აქამდე
ხმა არ ამოუღია, შეახსენებს, რომ ორესტეს აპოლონისთვის აქვს ფიცი მიცემული, „მოკვდავთ ღალატი
შეიძლება, ღმერთთა კი — არა“. ორესტე მეტად არ ყოვნდება.

„ბედია შვილო და მოირა ყოვლის მიზეზი!“ — თავს იმართლებს კლიტემნესტრა; „შენაც მოირა
გაზღვევინებს სამაგიეროს“, — უპასუხებს ორესტე. „დედაშვილობას, დედის წყევლა თავზარს არ
დაგცემს?!“ — ანამუსებს კლიტემნესტრა; „თუმც კი დედა ხარ, შენ მაგემე მე უდედობა“, — არ ეპუება
ორესტე. „გაფრთხილდი, დედის სისხლს იცავენ ავი ძაღლები“, — ერინიებით დაემუქრება
კლიტემნესტრა; „მაშინ მამის სისხლს სად გავექცე?“ — უპასუხებს ორესტე და დედა მოსაკლავად
სახლში შეჰყავს. გუნდი სასოწარკვეთილი და დაბნეული მღერის აპოლონის ნებაზე, რომელიც კანონია
მოკვდავისთვის.

სასახლის სიღრმეში მოჩანს ეგისთესა და კლიტემნესტრას ცხედრები, გამოდის ორესტე და გამოაქვს


აგამემნონის სისხლით გაჟღენთილი ზეწარი. უკვე გრძნობს ერინიების მოახლოებას და ხვდება, რომ
ნელ-ნელა გონებაც აემღვრევა:

სანამ გონება არ შემშლია, გაუწყებთ ესრეთ,


მე უსამართლოდ არ მომიკლავს მშობელი ჩემი,
მკვლელი მამისა, თვით ღმერთებმა რომ მოიძულეს.
თავად ლოქსიამ შთამაგონა, მისანმა ღმერთმა,
გაბედულება — თუ ამ საქმეს აღვასრულებდი,
შეცოდებიდან უსათუოდ განმწმენდდა იგი...
ახლა კი დროა, გზას გავუდგე, ვითარცა მსხემი,
ვივლი ყარიბად ზეთისხილის შტოებით შუბლზე,
ვიდრე მივაღწევ, სად ჭიპია დედამიწისა,
სად ხრჩოლავს კვამლი ღვთაებრივი, მივეყუდები
ლოქსიის ტაძარს, შევავედრებ ჩემს მძიმე ცოდვებს.

უკვე ეჩვენება გველისთმებიანი ერინიები და გარბის. გუნდი მღერის მესამე ავდარზე: პირველი მაშინ
დამდგარა, როდესაც თიესტემ თავისი შვილების ხორცი იგემა; მეორე — როდესაც მოკლული
აგამემნონი აბაზანაში დაემხო და მესამე ახლა

და ეს მესამე გაავდრება აღარ ვიცით


რას მოგვიტანს, ხსნას თუ დაღუპვას.
საით დადგება, ან საით გასწევს
უბედურების მძიმე ლოდი აგორებული?

ასე მთავრდება მეორე ტრაგედის.

მესამე ტრაგედია, „ევმენიდები“ იწყება აპოლონის ტაძრის წინ დელფოში, სადაც დედამიწის წრის
შუაგულია; ეს ტაძარი თავდაპირველად დედა გაიას ეკუთვნოდა, შემდეგ თემისს-სამართლიანობას,
ახლა კი მისან აპოლონს. საკურთხეველთან ორესტეა ხმლითა და მავედრებლის ზეთისხილის შტოთი
ხელში; ირგვლივ ღამის ასულის, შავი და ურჩხულისებრი ერინიების გუნდია. მათ ძინავთ: აპოლონმა
მოჰგვარა მათ ძილი, რომ ორესტე გამოიხსნას. აპოლონი ეუბნება მას, ათენში უნდა გაიქცეო:

მიაღწიე პალადის ქალაქს,


უძველეს ქანდაკს ეახლე და მოსჭიდე ხელი,
მართლმსაჯულებას იქა ჰპოვებ, იქ გაიგონებ
ნუგეშის სიტყვებს, საწაღმართოს ვიღონებთ რასმე.

ღმერთის პირობას მინდობილი ორესტე გარბის. ჩნდება კლიტემნესტრას აჩრდილი, რომელიც


ერინიებს მიმართავს: „მო, ნახე გული, დაფლეთილი სატევრისაგან... / თქვენ გძინავთ, გძინავთ, გულს
ვარამი არ გეკარებათ, / ხოლო ორესტე, დედისმკვლელი, გაიქცა, გაქრა!“ ერინიები იღვიძებენ და თავს
ესხმიან აპოლონს, რომელიც ცოდვილს, დედისმკვლელს, მფარველობს, ანგრევს მარადიულ
სიმართლეს და ჭაბუკი ღმერთი ჭაღარა ქალღმერთებს ფეხით თელავს. აპოლონი იღებს ამ გამოწვევას
და ხდება პირველი, ჯერ კიდევ მოკლე კამათი. „თვით შთააგონე უცხოქვეყნელს დედის მკვლელობა“
— „თვით შთავაგონე შურისგება მამისთვის.“ ერინიები შეუვალი არიან თავიანთ რწმენაში: ქმარი
ცოლისთვის სისხლით ნათესავი არ არის და ამდენად, დედის მკვლელობა უფრო დიდი უბედურებაა,
ვიდრე ქმრის მკვლელობა. აპოლონს თავისი სიმართლე აქვს: ცოლ-ქმარი ნათესავია კანონით, დედა-
შვილი კი — ბუნებით. კანონი კი ყველგან ერთია და ბუნებაში უფრო წმინდა არ არის, ვიდრე ოჯახსა
და საზოგადოებაში; ასე დაადგინა ზევსმა, რპოდესაც კანონიერად დაქორწინდა თავის ჰერაზე. შენ
ახალი ღმერთების მხარეს ხარ, ჩვენ კი ძველებისა, ეუბნებია ერინიები. ბოლოს ყველანი ათენისკენ
მიეშურებიან: ერინიები, რომ დაღუპონ ორესტე და აპოლონი, რომ იხსნას ორესტე.

მოქმედება გადადის ათენში. ორესტე ზის ქალღმერთის ტაძრის წინ, ეხვევა ათენას კერპს, მოუხმობს
მის სამართალს. ერინიები ფერხულში არიან ჩართული მის ირგვლივ და მღერიან სახელგანთქმულ
„მქსოველ სიმღერას“: ისინი იცავენ სისხლიან კანონს, ვინც მშობლიურ სისხლს დაღვეიწს, საკუთარი
სისხლით ზღავს სამაგიეროს, სხვაგვარად გვარი ვერ გადარჩება. თუ გაიქცა, ერინიები დაედევნებიან;
ჰადესში ჩავა? — იქაც ჩააკითხავენ, ესაა ძველი სიმართლის ხმა. ტაძრიდან გამოდის ათენა და
აცხადებს, მე არ განგსჯით თქვენ, ვისაც მე დამნაშავედ მივიჩნევ, იგი ათენელთა მტერი გახდება, მე კი
ეს არ მსურს, ამიტომ უმჯობესია, ათენელებმა თავად განსაჯონ და თავად გააკეთონ არჩევანიიო.
გუნდი დრტვინავს: რას გადაწყვეტენ ადამიანები? ხომ არ დაემხობა ძველი წესრიგი?

გამოდიან მსაჯულები — ათენელი უხუცესები; მათ მოჰყვებათ ათენა, მათ წინაშე კი არიან, ერთ
მხარეს ერინიები, მეორე მხარეს კი ორესტე და მისი მრჩეველი აპოლონი. იწყება მეორე, მთავარი
კამათი. ერინიები ორესტეს ბრალს სდენ, დედა მოჰკალიო; მან ქმარი მოჰკლაო, — თავს იცავს ორესტე.
ქმარი ცოლისთვის სისხლით ნათესავი არ არისო, — უკან არ იხევენ ერინიები. ასეთი დედაც არ არის
სისხლით ნათესავიო, — ამტკიცებს ორესტე. მართალი არისო, — ჩაერევა აპოლონი, მამა უფრო
ღვიძლია, ვიდრე დედაო, მამა წარმოშობს ნაყოფს, დედა კი მას მხოლოდ ზრდის საშოშიო. მამას
დედის გარეშეც შეუძლია შვას, თქვენს წინაშეა ათენა, ზევსის თავიდან უდედოდ შობილიო.
ქალღმერთი ათენელ უხუცესებს მოუწოდებს, სამართალი აღასრულეთო. ისინი ერთმანეთის
მონაცვლეობით აძლევენ ხმას — კენჭებს ჰყრიან თასებში: განკითხვის თასსა და გამართლების თასში.
ითვლიან: ხმები თანაბრად გაიყო. მაშინ მეც ვაძლევ ხმასო, — ამბობს ათენა და ხმას ვაძლევ
გამართლებას, რადგან მოწყალება გაბოროტებაზე მაღლა დგას, ხოლო მამრობითი ნათესაობა —
მდედრობითზე. მას შემდეგ საუკუნოდ ათენის სასამართლოში ხმების თანაბრად გაყოფის
შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნეოდა, მის გამართლებას წყვეტდა „ათენას ხმა“.

გამარჯვებული აპოლონი და მადლიერი ორესტე ტოვებენ სცენას. ათენას თვალწინ რჩებიან ერინიები.
ისინი გაშმაგებული არიან: ინგრევა ძველი სამყარო, ფეხქვეშ ითელება სისხლის ნათესაობის კანონები,
როგორღა დაისჯებიან დამნაშავეები? იქნებ შიმშილი, შავი ჭირი ან სიკვდილი მოუვლინონ ათენს?
ათენა მათ არწმუნებს, რომ ასეთი სისასტიკე საჭირო არ არის, მოწყალება ხომ გაბოროტებაზე მაღლა
დგას, გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ეს ქალღმერთები ათენის მიწას ნაყოფიერებას, ოჯახებს —
მრავალშვილიანობას მოუვლენენ, ხოლო ათენის სახელმწიფოს სიძლიერეს და სიმტკიცეს მიანიჭებენ.
სანათესაო სისხლის აღება მკვლელობათა უსასრულო ჯაჭვით შიგნიდან ანგრევს სახელმწიფოს,
სახელმწიფო კი ურყევი უნდა იყოს, რომ საგარეო მტრებს გაუსწორდეს. მოწყალე იყავითო, თხოვს
ახალი თაობის ქალღმერთი წინა თაობის ქალღმერთებს ათენელთა მიმართ და ათენელები მუდმივად
გცემენ პატივს, როგორც „კეთილ ღვთაებებს“, ანუ ევმენიდებსო. თქვენი ტაძარი კი იქნება იმ ორ
ბორცვს შორის, რომელზთაგან პირველზე ჩემი ტაძარი დგას და მეორეზე — ეს სასამართლოო. გუნდი
ნელ-ნელა შოშმინდება, იღებს ამ ახალ პატივს და ლოცავს ათენის მიწას.

ვლოცულობ მისთვის,
რომ ძმათა სისხლით არ დალბეს მიწა,
არ დასტყდომოდეს ხალხს სიცოფე,
მოსისხლეობა,
ჭირი და ურვა,
ვლოცულობ მისთვის,
დაე, ერთმანეთს შეეუღლონ
სიყვარული და სიძულვილი
სიკეთის შობად
და წარუვალ ნუგეშინად
ამ წარმავალ წუთისოფელში.

და ათენას მეთაურობით უკვე არა ერინიების, არამედ ევმენიდების გუნდი ტოვებს სცენას.

You might also like