You are on page 1of 23

ჰერაკლეს გმირობანი

ჰერაკლეს დაბადება

ძველი თქმულებები მოგვითხრობენ, რომ საბერძნეთის ქალაქ მიკენის მეფეს,


ელექტრიონს, ულამაზესი ასული ჰყავდა. ქალწულს სახელად ალკმენე ერქვა. მისი
მშვენიერებისა და სათნოების ამბავი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა და თვით უზენაეს
ღმერთ ზევსამდე მიაღწია. ოლიმპოს დიადი ბინადარი მეტად მოიხიბლა მეფის
ასულის სილამაზით.
ერთხელ ქალაქ მიკენს მეზობელი ტომი დაესხა თავს და სამეფო ჯოგი გაიტაცა.
მომხდურებთან შეტაკებისას დაიღუპნენ ელექტრიონის ვაჟები. მაშინ მეფემ
საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ თავის ასულს იმას მისცემდა ცოლად, ვინც შურს
იძიებდა მისი შვილების მკვლელებზე და სამეფო ჯოგს დააბრუნებდა. ამფიტრიონმა
გატაცებული ჯოგის უბრძოლველად დაბრუნება მოახერხა და ელექტრიონმაც
აასრულა დანაპირები – უმშვენიერესი ალკმენე მიათხოვა მას.
ქორწილის დროს სამეფო ჯოგის თაობაზე მაინც ატყდა დავა და გაბრაზებულ
ამფიტრიონს შემთხვევით შემოაკვდა მეფე ელექტრიონი. ამის შემდეგ მას მიკენში
აღარ დაედგომებოდა და იძულებული გახდა, ახალშერთულ ცოლთან ერთად
თებეში, მეფე კრეონთან გამგზავრებულიყო.
– მხოლოდ იმ პირობით წამოგყვები თებეში, თუკი ჩემი დაღუპული ძმების
სისხლს აიღებ! – უთხრა წასვლის წინ ამფიტრიონს ალკმენემ.
ქმარმა აღუთქვა, რომ პირობას შეუსრულებდა. მალე მან მეფე კრეონის კარზე
დაიდო ბინა, მისივე დახმარებით ჯარი შეკრიბა და საბრძოლველად გაემართა.
ამფიტრიონის ომიდან დაბრუნებამდე თვით დიდებული ზევსი ჩამობრძანდა
მიწაზე, ულამაზეს ალკმენეს გამარჯვებული ქმრის სახით წარუდგა და ნეტარებით
სავსე გრძელი ღამე გაატარა მასთან.
მეორე დღეს კი თავად გამარჯვებული ამფიტრიონიც დაბრუნდა ბრძოლის
ველიდან, მეუღლეს ძმების სისხლის აღება აუწყა და ომის ამბებზე დაუწყო საუბარი.
– გასულ ღამეს ხომ უკვე მელაპარაკე ამაზე, ნუთუ დღესაც იგივეს გამეორება
გსურს? – ჰკითხა ალკმენემ.
ამფიტრიონი შეაშფოთა მეუღლის სიტყვებმა და წინასწარმეტყველ ტირესიასს
უხმო, რომელმაც ზევსის ნამოქმედარი აუწყა ცოლ-ქმარს და დასძინა, რომ ალკმენე
ტყუპ ვაჟს შობდა – ერთს ზევსისაგან და ერთსაც ამფიტრიონისაგან.
გავიდა დრო. ცხრა თვემ ცხრა დღესავით ჩაიარა ღმერთების მარადიული
სამყოფლის – ოლიმპოსის გვერდით. ზევსმა მედიდურად გადმოხედა მის ფერხთით
მდებარე, ათასგვარი ფერებით მორთულ დედამიწას, მეფის ტურფა ასულთან
გატარებული ღამე გაახსენდა და ღმერთებს სიამაყით გამოუცხადა:
– ისმინეთ, ოლიმპოს ბინადარნო, დღეს დაიბადება გმირი, რომელიც
ელექტრიონის დიდებული მამის, პერსევსის სამეფოში – არგოსში გაბატონდება!
მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა მისი მეუღლე, დედოფალი ჰერა, რომელიც
აღშფოთებული იყო იმით, რომ ზევსმა მოკვდავ ქალთან დაიჭირა კავშირი. ჰერას არ
სურდა, რომ ზევსისა და ალკმენეს შვილი არგოსის მეფე და პერსევსის
შთამომავალთა მბრძანებელი გამხდარიყო.
– მაშ, მომეცი ფიცი, რომ დღეს ვინც პირველი დაიბადება არგოსის მეფის
გვარიდან, მას ერგება ხელმწიფობა, – უთხრა ოლიმპოს მბრძანებელს ჰერამ.
ზევსმა ღმერთების თანდასწრებით ფიცი მისცა მეუღლეს.
ჰერა მაშინვე არგოსში ჩავიდა და დააჩქარა იქ გამეფებული ელექტრიონის ძმის,
სთენელოსის მეუღლის მშობიარობა. მერე თებეში გაჩნდა და ალკმენეს მშობიარობა
შეაჩერა. იმავე დღეს სთენელოსის ცოლს, ნიკიპეს, შვიდთვიანი, სუსტი და
ავადმყოფი ვაჟი – ევრისთევსი ეყოლა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ალკმენემ შვა ტყუპი
ვაჟი – ზევსის ძე ჰერაკლე და ამფიტრიონის ძე იფიკლესი. ჰერას მცდელობით,
მეფობა ერგო ევრისთევსს, ხოლო ალკმენეს შვილები ტახტის გარეშე დარჩნენ. ზევსმა
ვეღარ დაარღვია ჰერასათვის მიცემული ფიცი, მაგრამ სამაგიეროდ ცოლი დაითანხმა,
რომ თუ ჰერაკლე თორმეტ გმირობას აღასრულებდა, მას ღმერთების სამყოფელში
მიიღებდნენ.

ჰერაკლეს ბავშვობა

ღმერთები და ადამიანები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ჰერაკლე


ძლევამოსილ გმირად აღეზარდათ. ზევსმა მას თავისი ასული, ქალღმერთი ათენა
მიუჩინა მფარველად და შემწედ.
ერთხელ ალკმენემ მშვენიერ ველზე მიაძინა პატარა ჰერაკლე. სწორედ ამ დროს
ღმერთებს მზერა თებესაკენ მიეპყროთ და მომხიბლავი ყრმა რომ დაინახეს, ათენამ
უთხრა ჰერას:
– ხედავ, რა ლამაზი პატარაა? იქნებ, ძუძუ მოაწოვო მას.
ჰერამ აიყვანა ჰერაკლე და ძუძუ ჩაუდო პირში. პატარამ ისე ძლიერად მოწოვა
რძე, რომ ქალღმერთმა ტკივილისაგან შეჰყვირა და ბავშვი მოისროლა. ათენამ დედას
გადასცა ჰერაკლე და უთხრა:

– გიხაროდეს, ალკმენე, შენმა შვილმა ღმერთქალის რძე იგემა და უკვდავი


გახდა.
ჰერა კი ისევ განაგრძობდა ჰერაკლეს მტრობას. ერთხელ მან ამფიტრიონის
სასახლის იმ ოთახში, სადაც ტყუპებს – ჰერაკლესა და იფიკლესს ეძინათ, ორი
უზარმაზარი გველი შეუშვა. გველები ბავშვებს მიუახლოვდნენ, მაგრამ
მოულოდნელად გამოღვიძებული ჰერაკლე სწვდა ქვეწარმავლებს და ორივე
დაახრჩო. ხმაურზე ალკმენე და მსახურები მიცვივდნენ პატარებთან, მიირბინა
ხმალშემართულმა ამფიტრიონმაც. ყველა განცვიფრებული დარჩა ერთი წლის
ბავშვის ძალითა და მოხერხებით. კვლავ იხმეს მისანი ტირესიასი. მოხუცმა
წინასწარმეტყველმა კეთილი ღიმილით დახედა პატარა გმირს და თქვა:
– ღმერთები მამცნობენ, რომ ჰერაკლეს სახელი და დიდება მოელის, იგი მრავალ
გმირობას ჩაიდენს და ბოლოს უკვდავებას მოიპოვებს!..
როცა ჰერაკლე წამოიზარდა, ამფიტრიონმა მის აღსაზრდელად გამოცდილი
მასწავლებლები მიიწვია. ზევსის ძე უბადლო იყო მშვილდოსნობაში, საბრძოლო
ხელოვნებასა თუ ჭიდაობაში, მაგრამ მუსიკა და ლიტერატურა ნაკლებად იზიდავდა.
ერთხელ ლიტერატურის მასწავლებელმა ლინოსმა შენიშვნა მისცა მას, მაგრამ
მოსწავლემ არ მოუსმინა და მასწავლებლის სილა დაიმსახურა. შეურაცხყოფილმა
ჰერაკლემ მუსიკალური საკრავი - კითარა დაჰკრა ლინოსს და საბრალო
მასწავლებელმაც იქვე განუტევა სული. ზევსის ძე სასამართლოს წინაშე წარდგა,
მაგრამ მან თავისი მასწავლებლის, ცნობილი მსაჯულის, რადამანთისის სიტყვებით
იმართლა თავი – ვისაც დაარტყამენ, უფლება აქვს, დარტყმით უპასუხოსო. ათენას
ძალისხმევით ჰერაკლე გაამართლეს, მაგრამ ამფიტრიონი მიხვდა, რომ მისი
შვილობილი არც ისე იოლი აღსაზრდელი იყო და კიდევ რომ არ ჩაედინა მსგავსი
რამ, კითერონის შორეულ მთებში გაგზავნა ჯოგების მწყემსად.
მთებსა და ტყეებში იზრდებოდა ჰერაკლე. მზე და მთვარე ჰყავდა მას
თანამდევად და თვითონაც მნათობივით ამკობდა უმშვენიერეს ბუნებას. იგი
უჩვეულო ძალისა და მოხერხების ჭაბუკი დადგა, თვალებიდან ღვთაებრივ ნათელს
ასხივებდა და, ადამიანთა შორის გამორჩეული, თვით ღმერთებსაც არ უდებდა
ტოლს. თვრამეტი წლისამ უზარმაზარი იფანი მოგლიჯა და მისგან კომბალი
გამოთალა. ერთხელ კი მან შეიტყო, რომ კითერონის მთებში ბინადრობდა
უზარმაზარი ლომი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მის აღმზრდელ ამფიტრიონსა და
იმავე მთის ძირას მდებარე ქალაქ თესპიას მცხოვრებთ. ჰერაკლემ მოკლა მძვინვარე
ლომი, მისი ტყავი მხრებზე მოისხა, ხოლო ნადირის თავისაგან მუზარადი გაიკეთა.
როდესაც მან თებეში დაბრუნება გადაწყვიტა, მწყემსთა და მგზავრთა მფარველმა
ღმერთმა ჰერმესმა მახვილი აჩუქა, აპოლონმა – მშვილდ-ისარი, ჰეფესტომ ჯავშანი
გაუჭედა, ათენამ კი ტანსაცმელი შეუკერა.

ბრძოლა თებესათვის

თებეში დაბრუნებულ ჰერაკლეს სამწუხარო ამბავი დაახვედრეს. ორქომენოსის


მეფე ერგინოსს დაეპყრო და დაეხარკა სამეფო. ჰერაკლემ გაამხნევა თებეს მეფე
კრეონი, თვითონ შეაიარაღა თებელთა ლაშქარი და ერგინოსის ჯარს შეება. მან დიდი
გმირობა გამოიჩინა და სასტიკად დაამარცხა მტერი. თუმცა ამ ომმა ზევსის ძეს
მწუხარებაც მოუტანა – ბრძოლაში დაიღუპა მისი მამობილი ამფიტრიონი.
გამარჯვებით გახარებულმა თებეს მეფე კრეონმა ჰერაკლეს თავისი ულამაზესი
ასული მეგარა მისცა ცოლად. თებელებმა დიდი ქორწილი გადაუხადეს
სათაყვანებელ გმირს. ამ ქორწილს ოლიმპოდან ჩამობრძანებული ღმერთებიც
ესწრებოდნენ და შესაფერისი საჩუქრებიც მიუძღვნეს ზევსის ძეს.
ჰერაკლეს და მეგარას სამი უმშვენიერესი შვილი გაუჩნდათ, მაგრამ ქალღმერთ
ჰერას არ სურდა გმირის ბედნიერება. ერთხელ, როცა ჰერაკლე მოთამაშე შვილებს
შესცქეროდა გახარებული, ჰერამ მას გონება დაუბინდა და სიგიჟე შეჰყარა.
გახელებულმა გმირმა ჯერ საკუთარი შვილები გამოასალმა სიცოცხლეს, მერე კი
თავისი ძმის – იფიკლესის შვილებიც დახოცა. როცა ჰერაკლე გონს მოვიდა,
უსაზღვრო მწუხარებამ მოიცვა, ერთხანს ბნელში იყო გამოკეტილი, მაგრამ მაინც ვერ
დამშვიდდა და ღმერთებს მიმართა, სასჯელი დაედგინათ მისთვის საშინელი
ცოდვის ჩადენის გამო.
აპოლონმა დელფოს მისნის, პითიას პირით შეუთვალა:
– მიკენის სამეფოში, შენი მშობლების ქალაქ ტირინსში უნდა წახვიდე, მეფე
ევრისთევსის კარზე თორმეტი წელი იმსახურო და უდრტვინველად აღასრულო
თორმეტი უმძიმესი დავალება, რომელსაც იმ უღირსი მეფისგან მიიღებ. თუკი ამ
განსაცდელს ღირსეულად გადაიტან, ღმერთები ცოდვებს შეგინდობენო.
დამწუხრდა ჰერაკლე, არ სურდა მიკენის მხდალი მეფის ნებაზე ეცხოვრა,
მაგრამ ამას ღმერთები და თვით მისი მამა, ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი
მოითხოვდნენ. სხვა რა გზა ჰქონდა გმირს - ეახლა მეფე ევრისთევსს და ღმერთების
გადაწყვეტილება ამცნო.
ნემეას ლომის მოკვლა

მიკენის მშიშარა მეფე ევრისთევსი ჰერაკლეს სატახტო ქალაქშიც არ უშვებდა,


შიკრიკის პირით ატყობინებდა თავის დავალებებს და მათ დაუყოვნებლივ
შესრულებას ითხოვდა. პირველად ნემეას ლომის მოკვლა უბრძანა ევრისთევსმა
ზევსის ძეს.
ნემეა არგოსის ქალაქი იყო, რომლის მცხოვრებლები სხვაგან გადახვეწილიყვნენ
იმ არემარეში მობინადრე უზარმაზარი ლომის შიშით. ჰერაკლემ აიღო თავისი
მშვილდი და ვეება კომბალი და გასწია საშინელი მხეცის საძებნად. გზად მოხუცი
მწყემსის ქოხში გაათია ღამე, რომლის ვაჟი სწორედ იმ ლომთან ბრძოლაში
დაღუპულიყო. საბრალო მოხუცმა ურჩია ჰერაკლეს, ხელი აეღო თავის განზრახვაზე,
რადგან მიაჩნდა, რომ ლომი უძლეველი იყო. გათენებისას მწყემსს ჰერას სახელზე
მსხვერპლი უნდა შეეწირა, რათა მძვინვარე მხეცისაგან დაეფარა ადამიანები.
ჰერაკლემ უთხრა მას:
– მე მივდივარ ლომთან საბრძოლველად. გადადე მსხვერპლის შეწირვა. თუ
ოცდაათი დღის განმავლობაში არ გამოვჩნდები, მაშინ ჩემი სულის საოხად შესწირე
იგი, ხოლო თუ გამარჯვებული დავბრუნდი, ზევსის სამსხვერპლოზე ერთად
მივიყვანოთ ეს ცხვარი.
მწყემსმა დალოცა გოლიათი ჭაბუკი და მანაც განაგრძო გზა. დიდხანს ეძებდა
ჰერაკლე საზარელ ნადირს უდაბურ მთებსა და ხევებში. ბევრი ციცაბო ფერდობი და
ქედი მოიარა, მაგრამ მის კვალსაც ვერსად მიაგნო. ბოლოს ერთ დაბურულ ხევში
დიდი გამოქვაბული შენიშნა და გუმანით მიხვდა, რომ სწორედ იქ იქნებოდა ლომის
ბუნაგი. გამოქვაბულს ორი გამოსასვლელი ჰქონდა. ზევსის ძემ ერთი გამოსასვლელი
დიდი ლოდებით ამოქოლა და მეორესთან დაუდარაჯდა მხეცს. შეღამებისას
უზარმაზარი, გრძელფაფრიანი და მრისხანე ნადირი ზანტად გამოვიდა მღვიმიდან.
ჰერაკლემ მძლავრად მოზიდა მშვილდი, ესროლა, მაგრამ ლომის მაგარმა ტყავმა
ისარი აისხლიტა. მან კიდევ ორი ისარი სტყორცნა, თუმცა ვერაფერი დააკლო
ნადირს. მხეცმა შენიშნა ზევსის ძე, საშინლად დაიღრიალა და ელვისებური
ნახტომით გადაეშვა მისკენ. ჰერაკლემ ასწია თავისი უზარმაზარი კომბალი და ისეთი
ძალით დაჰკრა თავში, რომ ლომი გაბრუებული დაეცა ძირს, ხოლო თვით კომბალი
დაიმსხვრა. მეყვსეულად მივარდა ლომს მამაცი ჭაბუკი, მძლავრ მკლავებში მოიქცია
და დაახრჩო, მერე კი მხრებზე მოიგდო მოკლული ნადირი და შინისკენ გამოსწია.
სწორედ ოცდამეათე დღეს მივიდა ნაცნობი მწყემსის ქოხთან. მოხუცმა დიდად
გაიხარა ჰერაკლეს გამარჯვებით და მასთან ერთად შესწირა მსხვერპლი ზევსს.
ნემეას ლომის მოკვლა ჰერაკლეს პირველი გმირობა იყო; როდესაც მან მიკენის
კართან დააგდო უზარმაზარი მხეცი, ევრისთევსმა ქალაქის გალავნიდან გადახედა
ლომს და შიშით კანკალი დაიწყო. დაფეთებული მეფე კარგა ხანს გონს ვერ მოეგო,
მერე კი ჰერაკლეს უბრძანა, ახალ დავალებას დალოდებოდა.

ბრძოლა გველეშაპთან

არგოსიდან მოშორებით, ქალაქ ლერნესთან, ზღვის ნაპირას მდებარე ვრცელ


ჭაობებში ცხრათავიანი გველეშაპი ბინადრობდა. დროდადრო იგი ჭაობიდან
ამოდიოდა და ყველაფერს აოხრებდა. თვით საუკეთესო მეომრებიც კი ვერ
ბედავდნენ საშინელ ურჩხულთან შებმას, რადგან მისი ცხრა თავიდან ერთ-ერთი
უკვდავი იყო. აი, ამ გველეშაპის მოკვლა დაავალა ევრისთევსმა ჰერაკლეს.
ურჩხულთან შესაბმელად გმირმა თავისი ძმისშვილი იოლაოსი იახლა.
ჰერაკლემ ცეცხლოვანი ისრები დაუშინა გველეშაპს, მაგრამ ვერაფერი ავნო -
გაავებული ურჩხული მისკენ წამოვიდა. ჰერაკლემ კომბალი დაჰკრა... მძლავრი
დარტყმით მიწაზე გართხმული გველეშაპი ახლა უკვე ფეხებზე შემოეხვია მას.
მახვილი იშიშვლა ზევსის ძემ, თავები მოსჭრა, მაგრამ მათ ადგილზე ახალი თავები
ამოსდიოდა ურჩხულს. უეცრად ჭაობიდან დიდი კიბორჩხალაც ამობობღდა და
ფეხზე შემოეჭდო გმირს. მაშინ კი ჰერაკლემ დასახმარებლად იოლაოსს უხმო,
რომელმაც კიბორჩხალა მოკლა, გადამხმარ ჭალას ცეცხლი წაუკიდა და
ცეცხლმოდებული მუგუზლებით მოწვა გველეშაპის თავმოჭრილი კისრები.
ურჩხულს ძალა გამოელია, მალე მას უკვდავი თავიც მოაჭრა ჰერაკლემ და სული
გააფრთხობინა. მერე მუცელი გაუჭრეს გველეშაპს და ზევსის ძემ ისრები ამოავლო
მის ნაღველში. ამ ისრებით მიყენებული ჭრილობა მომაკვდინებელი იყო.
ჰერაკლე და იოლაოსი გამარჯვებული დაბრუნდნენ შინ. ეს ზევსის ძის მეორე
გმირობა იყო, ევრისთევსი კი ახალ გამოცდას უმზადებდა გმირს.

სტიმფალიის საშინელი ფრთოსნები

არკადიის მხარეში, ქალაქ სტიმფალიის მიმდებარე ტყეებში, უჩვეულო


ფრინველები ბუდობდნენ. მათ ბრინჯაოს კლანჭები, ნისკარტები და ფრთები
ჰქონდათ; დროდადრო ტყეებიდან აიშლებოდნენ, ქალაქსა და მის შემოგარენს
შეესეოდნენ, ადამიანებს ისრებივით ესროდნენ ლითონისწვერიან ფრთებს და
ყველაფერს მუსრს ავლებდნენ. ეს მფრინავი ურჩხულები უნდა გაენადგურებინა
ჰერაკლეს – ასე ისურვა მეფე ევრისთევსმა. ისევ ქალღმერთი ათენა გამოუჩნდა გმირს
შემწედ. მან ჰეფესტოს ორი სპილენძის დაფი გააჭედინა, ჰერაკლეს მისცა და უთხრა:
– სტიმფალიის ტყის მახლობლად მაღალ მთაზე ადი, დაფებს დაჰკარი და მის
ხმაზე აშლილ ფრინველებს ისრები დაუშინე!..
ჰერაკლეც ასე მოიქცა, მთაზე ასულმა მთელი ძალით დაჰკრა დაფებს. მათ ხმაზე
შეშინებული ფრინველები წამოიშალნენ უჩვეულო ყაშყაშით, ტყეების თავზე
დაიწყეს ტრიალი და ლითონის ფრთები ისრებივით გამოუშვეს დედამიწისკენ.
ჰერაკლემ მათი ნასროლი ფრთები აიცილა და თავად სტყორცნა გველეშაპის
ნაღველში ამოვლებული მომაკვდინებელი ისრები. მრავალი ფრინველი დახოცა
ზევსის ძემ, გადარჩენილები კი პონტოსაკენ გადაიხვეწნენ და არკადიაში აღარასოდეს
უხილავთ ისინი. ჰერაკლე კვლავ გამარჯვებული დაბრუნდა შინ.

ოქროსრქებიანი ირემი

საშინელი ფრინველებისგან კი მოისვენეს არკადიელებმა, მაგრამ ახლა


ოქროსრქებიანი და სპილენძისჩლიქებიანი ირემი გამოჩნდა მათ მხარეში. მოსვენება
დაეკარგა ხალხს. ქარივით სწრაფი მშვენიერი ცხოველი თელავდა და აოხრებდა
ყანებს, ბაღებსა და ვენახებს. არავის შესწევდა ძალა, ირემს რომ დასწეოდა და ვერც
ვერავინ ბედავდა მის მოკვლას, რადგან თავად ნადირობის ქალღმერთ არტემისს
მოევლინა იგი არკადიელთა დასასჯელად.
გაიგო მიკენის მეფე ევრისთევსმა ირმის გამოჩენის ამბავი და მაშინვე დაავალა
ჰერაკლეს მისი ცოცხლად შეპყრობა. ისევ გაეშურა გმირი არკადიაში, დიდი ძებნის
შემდეგ მთებში ნახა მშვენიერი ირემი და გამოუდგა დასაჭერად. მაგრამ ძალიან
ძნელი აღმოჩნდა არტემისის ირმის დაჭერა. ისარივით მოწყდა ცხოველი
ადგილიდან, გადაუქროლა მდინარეებსა და უფსკრულებს, ქედებსა და ხეობებს, უკან
მოიტოვა არკადიის მთები და ჩრდილოეთისაკენ გაემართა. ჰერაკლე ფეხდაფეხ
მისდევდა ირემს, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა მისი შეპყრობა. ბოლოს ჰიპერბორიის
ქვეყანაში, მდინარე ისტროსის სათავემდე მიაღწიეს. აქ ჰერაკლე ლამის მიეწია ირემს,
მაგრამ მაინც დაუსხლტა ფეხმარდი ხელიდან, სამხრეთისაკენ შემობრუნდა და
მთებსა და ველებზე ქროლვის შემდეგ, თავის მდევართან ერთად, ისევ არკადიის
მხარეში ამოყო თავი. თითქმის მთელი წელი სდია ჰერაკლემ ირემს, მაგრამ ამაოდ.
მაშინ მშვილდი მოიმარჯვა გმირმა, ისარი სტყორცნა, ფეხში დაჭრა ცხოველი და
შეიპყრო.
მიკენისაკენ გაემართა ჰერაკლე მხრებზე შემოდებული მშვენიერი ირმით,
რომელიც თითქოს თვინიერი და დამჯერი გახდა. შემოეყარა აღშფოთებული
არტემისი გამარჯვებულ გმირს და მიახალა:
– ხომ იცოდი, ჰერაკლე, რომ ჩემი იყო ეს ირემი, რატომ დაჭერი იგი?
ღმერთებზე ძლიერად ხომ არ მიგაჩნია თავი? ნუთუ არ იცი, რომ წყენას არავის
ვპატიობ?
მდაბლად დახარა თავი ზევსის ძემ და მოახსენა ნადირთა მფარველს:
– ნუ განმირისხდები, ქალღმერთო, ღმერთების შეურაცხყოფა არ მიფიქრია,
თაყვანს ვცემ მათ და მსხვერპლსა ვწირავ. მეც ხომ ზევსის შვილი ვარ, მაგრამ
ღმერთებისთვის არასოდეს გამიტოლებია თავი. ირემს მეფე ევრისთევსის
დავალებით დავდევდი, მისი სამსახური კი სწორედ ღმერთებმა დამაკისრეს.
დამშვიდდა არტემისი, აპატია ჰერაკლეს ირმის დაჭერა, დაემშვიდობა და თავის
საბრძანებელს მიაშურა. ჰერაკლემ კი წამოიყვანა ირემი და მეფეს მიჰგვარა მიკენში.
ოქროსრქებიანი ირმის დაჭერა ღმერთებმა მორიგ გმირობად ჩაუთვალეს ზევსის ძეს.
კენტავრებთან ბრძოლა და ერიმანთოსის მთის ტახი

არკადიის მხარეში, ერიმანთოსის მთის ფერდობებზე შეფენილ ტყეებში


უზარმაზარი ტახი ბინადრობდა. ბასრეშვებიანმა ცხოველმა თითქმის მთლიანად
ააოხრა და გააჩანაგა ახლომდებარე სოფლები და ქალაქები. მძვინვარე მხეცისგან
შეშინებული ადამიანები გარბოდნენ წინაპართა სამკვიდროდან და მალე
ერიმანთოსის მთის შემოგარენი გაუკაცრიელდა.
უბრძანა მეფე ევრისთევსმა ჰერაკლეს:
– მინდა, ერიმანთოსის ტახს შეებრძოლო, შეიპყრო და ცოცხლად მომგვარო!
მართლაც უჩვეულო სასჯელი დაადეს ღმერთებმა ჰერაკლეს. მშიშარა და
უქნარა მეფე მბრძანებლობდა მასზე, მაგრამ რა უნდა ექნა? ამჯერადაც მოთმინებით
მიიღო ევრისთევსის დავალება, შეუდგა სამგზავრო სამზადისს, დაემშვიდობა ოჯახს
და გაუდგა გზას.
სანამ ერიმანთოსის მთას მიაღწევდა, თავის კეთილისმყოფელ კენტავრ
ფოლოსთან შეიარა ზევსის ძემ. ფოლოსმა დიდი პატივით მიიღო უძლეველი გმირი,
მშვენიერი სუფრა გაუშალა და ღვთაებრივი ღვინით სავსე ქვევრი მოუხადა,
რომელიც კენტავრებისათვის ღვინისა და ვენახის ღმერთ დიონისეს მიეცა საჩუქრად.
საუცხოო ღვინის სურნელი მთელ მიდამოს მოედო. სხვა კენტავრებმაც შეიგრძნეს ეს
სურნელება, განრისხებულები მისცვივდნენ ფოლოსს, უცხო სტუმარს არ მოერიდნენ
და შესძახეს:
– ჩვენ დაუკითხავად რატომ იგემე დიონისეს ნაჩუქარი ღვინო!
მერე მათ ესეც არ იკმარეს, იარაღი მოიმარჯვეს და შეუტიეს თავიანთ მოძმეს.
ვერ აიტანა ჰერაკლემ კენტავრების თავხედობა, გაბრაზებული დაერია მათ და
ნახევარზე მეტი იქვე გაწყვიტა. გადარჩენილები გაიქცნენ და ბრძენი კენტავრის,
ქირონის, მღვიმეში დაიმალნენ. ქირონი ჰერაკლეს მეგობარი იყო, მაგრამ
განრისხებულ გმირს ყველაფერი დაავიწყდა, ისრები დაუშინა მღვიმეში
თავშეფარებულ კენტავრებს და უნებურად ქირონიც დაჭრა მუხლში. როცა გონს
მოეგო, ძალიან დაამწუხრა ამ ამბავმა, მაგრამ რაღას იზამდა, იარა შეუხვია დაჭრილს,
ანუგეშა და ერიმანთოსის მთისაკენ განაგრძო გზა.
ზამთარი იდგა მთებში. წელამდე თოვლს მიარღვევდა მშვენიერი ალკმენეს
სახელოვანი ვაჟი და ეძებდა ბასრეშვებიან ტახს. დიდხანს იხეტიალა მან თოვლითა
და ნისლით დაბურულ ტყეებში და ბოლოს, როგორც იქნა, შენიშნა მძვინვარე მხეცი.
მის დანახვაზე ტახმა პირი იბრუნა და გაიქცა, მაგრამ გაუჭირდა ცხოველს ღრმა
თოვლში რბოლა, მალე დაეწია მას ზევსის ძე. კარგა ხანს ამაოდ ცდილობდა ტახი
მისგან თავის დაღწევას, მაგრამ ცოცხლადვე შეკრა იგი ჰერაკლემ და რამდენიმე
დღეში, მომქანცველი გზის გამოვლის შემდეგ, მიუყვანა მეფეს მიკენის გალავანთან.
შორიდან გამოხედა გამარჯვებულ გმირს შურით აღვსილმა მბრძანებელმა. ჩამოიღო
მხრიდან შეკრული მხეცი ზევსის ძემ და მიაძახა ევრისთევსს:
– ახლა გამოვუშვებ, მეფეო, და სცადე, შენ შებოჭო იგი!
შეშინდა ამის გაგონებაზე მხდალი ევრისთევსი, გაიქცა და ქვევრში დაიმალა.
მიკენის გალავნის კედლებს ჰერაკლეს ხარხარი მიაწყდა. მერე მან იქვე დატოვა
შეკრული მხეცი და შინისაკენ გაემართა.
ეს ჰერაკლეს მეხუთე გმირობა იყო.
ავგიასის თავლა

მიკენის მხდალი მეფე კარგა ხანს არ ამოსულა ქვევრიდან და ღამითაც იქვე


ჩაეძინა. სიზმრად ქალღმერთი ჰერა გამოეცხადა და აუწყა, კიდევ რა დავალება მიეცა
ჰერაკლესათვის.

ევრისთევსმა მეორე დღესვე უბრძანა ჰერაკლეს, ელისის მეფე ავგიასის


თავლები გაეწმინდა ნაკელისაგან.
მეფე ავგიასს უამრავი სიმდიდრე მისცა მამამ – ჰელიოსმა. განსაკუთრებით იყო
განთქმული მისი მრავალრიცხოვანი ხარის ჯოგები და ცხენის რემები. მეფის თეთრი,
წითელი და ვერცხლისფერი ხარები სილამაზით ვარსკვლავებს არ
ჩამოუვარდებოდნენ. მაგრამ მოვლა აკლდა ამ ჯიშიან საქონელს. უზარმაზარ
თავლებს, სადაც ავგიასის ჯოგები იყო დაბინავებული, წლების განმავლობაში არავინ
ასუფთავებდა. იქ იმდენი ნაკელი დაგროვილიყო, რომ მშვენიერ ხარებს წელამდე
სწვდებოდა, აუტანელი სუნი კი თითქმის მთელ სამეფოს მოსდებოდა.
ჰერაკლე თავის ძმისშვილ იოლაოსთან ერთად ეწვია ელისის მეფეს.
– ჰელიოსის ძეო, – მიმართა მან ავგიასს, – ერთ დღეში გავასუფთავებ თავლებს,
თუკი შენი ჯოგის მეათედს მომცემ.
ავგიასმა შეუძლებლად მიიჩნია ერთ დღეში ნაკელით სავსე თავლების
გასუფთავება, მაგრამ ჰერაკლეს ასე უპასუხა:
– ვიცი, მეხისმტყორცნელი ზევსის ძეო, რომ უფრო ძნელ საქმეებსაც
გამკლავებიხარ და ამ თავლებსაც მიხედავ. ამიტომ თანახმა ვარ, დაგითმო ჩემი
ჯოგის მეათედი.
მეფემ და გმირმა ფიცი დადეს, რომ პირობას არ დაარღვევდნენ.
– ვფიცავ მამაჩემის, ყოვლისმძლეველი და ყოვლისგამრიგე ზევსის სახელს, რომ
უნაკლოდ შევასრულებ დადებულ პირობას! – თქვა ჰერაკლემ.
– ვფიცავ ბრწყინვალე ჰელიოსის სახელს, რომ მოგცემ ჩემი ჯოგის მეათედს, თუ
პირობას შეასრულებ! – განაცხადა მეფე ავგიასმა.
იოლაოსმა ბოსლიდან გამოდენა ავგიასის ჯოგები. ამ დროს უზარმაზარი
თეთრი ხარი გამოქანდა ლომისტყავიანი ჰერაკლესაკენ. ზევსის ძემ ცალ რქაში
წაავლო ხელი ხარს და მიწაზე დაანარცხა.
შემდეგ ბიძა-ძმისშვილმა თავსა და ბოლოში მოანგრიეს ბოსლების კედლები და
მდინარე ალფეოსი და პენეოსი მიუშვეს; წყალმა მალე გაასუფთავა ბოსლები. მერე
ჰერაკლემ და იოლაოსმა მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნეს და მონგრეული
კედლებიც იმავე დღეს ამოაშენეს.
დავალება შესრულებული იყო, მაგრამ მეფე ავგიასმა დაარღვია პირობა, არ
მისცა ჰერაკლეს თავისი ჯოგის მეათედი ნაწილი. რას იზამდა ზევსის ძე? –
დაბრუნდა ძმისშვილთან ერთად შინ. მეფე ავგიასს კი მოგვიანებით სასტიკად
აზღვევინა პირობის დარღვევა – ევრისთევსის სამსახურიდან განთავისუფლების
შემდეგ ჯარით შეიჭრა ელისის სამეფოში, დაამარცხა მეფის მხედრობა და ავგიასი
სიცოცხლეს გამოასალმა.

ცეცხლისმფრქვეველი ხარი

კუნძულ კრეტაზე მეფე მინოსი მბრძანებლობდა. ერთხელ მან ზღვის ღმერთ


პოსეიდონს მიმართა:
– დიადო მიწისმრყეველო პოსეიდონ! მინდა, მსხვერპლად ხარი შემოგწირო,
მაგრამ ჩემს ჯოგში შენი საკადრისი საქონელი არ მოიპოვება.
რომ გაეგო, რამდენად გულწრფელი იყო კრეტის მეფე, პოსეიდონმა ულამაზესი
ხარი მოიძია და საძოვარზე გაშლილ მინოსის ჯოგს შეურია.
მწყემსებმა მყისვე შენიშნეს მშვენიერი ხარი და მეფე მინოსს მოახსენეს:
– მეფეო, დღეს ჯოგში უცხო ხარი გამოერია, თავისი სილამაზით ისე
გამოირჩევა თქვენი ხარებისაგან, როგორც მთვარე – ვარსკვლავებისგან.
მეფემ ნახა ხარი, ძალიან მოეწონა და თქვა:
– აი, სწორედ ესაა პოსეიდონის საკადრისი ზვარაკი, მაგრამ ვერ გავიმეტებ,
მიწისმრყეველ ღმერთს სხვა ხარს შევწირავ.
პოსეიდონი განარისხა მეფის სიძუნწემ და უცხო ხარი გააცოფა. ნირშეცვლილი
პირუტყვი მთელ სამეფოში დაქროდა, პირიდან ცეცხლს აფრქვევდა და ყველაფერს
ანადგურებდა. ვერავინ შეძლო მისი დამშვიდება.
გაიგო მიკენის მეფე ევრისთევსმა ცეცხლისმფრქვეველი ხარის ამბავი და
უბრძანა ჰერაკლეს, კრეტაზე წადი, ის ხარი შეიპყარი და აქ მოიყვანეო.
წავიდა ზევსის ძე კუნძულზე, მონახა ცეცხლისმფრქვეველი ხარი და შეიპყრო.
კრეტის მეფე მინოსმა დიდად გაიხარა ამ ამბით. ჰერაკლემ ხარი მოათვინიერა,
მიკენში ჩაიყვანა და ევრისთევსს მიჰგვარა. მიკენის მხდალი მეფე შეუშინდა უცხო
ცხოველს და თავიდან მოიცილა – ჰერაკლეს მოძულე ქალღმერთ ჰერას შესწირა.
ზევსის მეუღლემ უარი თქვა მსხვერპლზე და ატიკაში, მარათონის ველზე გაუშვა.
ხარი ისევ გაცოფდა და საბერძნეთის მეორე გმირს, თესევსს მოუხდა მისი მოკვლა.

დიომედესის ცხენები

ბისტონთა მეფე დიომედესს თრაკიაში უჩვეულოდ ძლიერი და ლამაზი ცხენები


ჰყავდა. რკინის ჯაჭვებით დაბმულ გაუხედნავ ცხენებს ადამიანის ხორცით
კვებავდნენ. ეს რომ გაიგო მეფე ევრისთევსმა, ჰერაკლეს დაავალა, თრაკიაში წადი და
ის საკვირველი ცხენები აქ მომგვარეო.

ჰერაკლემ რამდენიმე მებრძოლი იახლა და გაემგზავრა. მაგრამ სანამ


თრაკიამდე მიაღწევდა, ქალაქ ფერაში შეიარა თავის მეგობარ მეფე ადმეტოსთან.
ადმეტოსის სამეფოში მწუხარება სუფევდა. მეფეს სიკვდილი მოახლოებოდა და
თავის მოწყალე ღმერთ აპოლონისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება ეთხოვა.
დათანხმებიან ღმერთები აპოლონს ადმეტოსის სიცოცხლის შენარჩუნებაზე, ოღონდ
მის მაგიერ ვინმე სხვა უნდა ჩასულიყო სიკვდილის სამეფოში – ჰადესში. არავინ
ისურვა ღირსეული მეფისათვის თავგანწირვა, მისმა მოხუცმა მშობლებმაც კი უარი
თქვეს, შენაცვლებოდნენ შვილს. მაშინ დედოფალმა ალკესტისმა, რომელსაც ძალიან
უყვარდა ქმარი, გადადო თავი სასიკვდილოდ და თვალცრემლიანი დაემშვიდობა
შვილებსა და ახლობლებს. ევედრებოდა მეფე მეუღლეს, რომ შეეცვალა
გადაწყვეტილება, მაგრამ ამაოდ: სარეცელზე დამხობილი ალკესტისი მორჩილად
ელოდა სიკვდილის ღმერთ თანატოსს. ნელ-ნელა გაცივდა დედოფლის მშვენიერი
სხეული. რამდენიმე დღეში იგი აკლდამაში უნდა გადაესვენებინათ და სწორედ ამ
დროს მივიდა ჰერაკლე ადმეტოსის სასახლეში.
მეფემ თავისი მწუხარება დაუმალა მეგობარს, ნადიმი გაუმართა და მსახურები
მიუჩინა გასართობად. თან ყველა გააფრთხილა ადმეტოსმა, არაფერი
ეგრძნობინებინათ სტუმრისათვის. მიხვდა ზევსის ძე, რომ რაღაც აწუხებდათ
სასახლეში, იხმო ადმეტოსის ერთ-ერთი მსახური და ჩუმად ჰკითხა ჭმუნვის მიზეზი.
მსახური ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს თვალზე ცრემლი მოადგა და გაამხილა
დედოფლის თავგანწირვის ამბავი.
დანაღვლიანდა ჰერაკლე, გადაწყვიტა, შებმოდა სიკვდილის ღმერთს და ეხსნა
მეგობრის მეუღლე. ერთ ღამეს იგი დაიმალა დედოფლის აკლდამასთან და დაელოდა
თანატოსს. მოვიდა სიკვდილის ღმერთი ალკესტისის ჰადესში წასაყვანად.
შეებრძოლა ჰერაკლე თანატოსს, მოიქცია მისი გაძვალტყავებული სხეული
მკლავებში და აიძულა სიკვდილის ღმერთი, გაეცოცხლებინა დედოფალი.
წამოიყვანა ალკესტისი ზევსის ძემ სასახლეში და მიუყვანა მწუხარე მეფეს.
– აჰა, მეფეო, დაიბრუნე შენი მშვენიერი მეუღლე, სიკვდილის ღმერთს
გამოვტაცე იგი ხელიდან!
წამოხტა ადმეტოსი ბედნიერებისაგან თავბრუდახვეული. გადაეხვია ცოლ-
ქმარი ერთმანეთს. უზომო სიხარულმა მოიცვა მთელი სასახლე, უდიდესი
მადლიერებით აღივსნენ ჰერაკლეს მიმართ.

მალე დაემშვიდობა ზევსის ძე მასპინძლებს. სთხოვდა ბედნიერი მეფე-


დედოფალი, ერთხანს კიდევ დარჩენილიყო მათთან, მაგრამ იკმარა ჰერაკლემ
მეგობრებთან ლხენა, წაიყვანა თავისი მებრძოლები და განაგრძო გზა, მას ხომ
საძულველი ევრისთევსის დავალება ჰქონდა შესასრულებელი.
მებრძოლები ზღვით გაემართნენ თრაკიისაკენ. გემი მალე მიადგა ნაპირს.
მიაგნო ჰერაკლემ ჯაჭვით დაბმულ საოცარ ცხენებს, გამორეკა ისინი და თავის
ხომალდზე აიყვანა. როდესაც ბისტონთა მეფე დიომედესმა ცხენების მოტაცების
ამბავი შეიტყო, შეკრიბა ჯარი და გამოუდგა ზევსის ძეს. ჰერაკლემ ცხენებთან
ჰერმესის შვილი აბდეროსი დატოვა და შეებრძოლა მდევარს. დამარცხდნენ
ბისტონები, კომბლით მოკლა დიომედესი ჰერაკლემ და დაბრუნდა ხომალდზე.
საშინელი ამბავი დახვდა იქ ზევსის ძეს – აბდეროსი გაუხედნავ ცხენებს დაეგლიჯათ.
დამწუხრდა გმირი, გამორჩეულ ადგილას დიდი პატივით დაასაფლავა აბდეროსი,
მის პატივსაცემად იქვე ქალაქი გააშენა და აბდერა უწოდა.
ჰერაკლემ ცხენები დაიმორჩილა და დიომედესის ეტლში შეაბა. ამჯერად მან
გვერდი უქცია ზღვას, მაღალი მთები გადალახა და დაბრუნდა მიკენში.
გაკვირვებულნი შეხვდნენ დაგვიანებულ ჰერაკლეს მიკენის მოქალაქენი, ზოგს
ცოცხალიც აღარ ეგონა. მეფე ევრისთევსმა ქალღმერთ ჰერას მიუძღვნა უცნაური
ცხენები, მაგრამ ისინი საბოლოოდ ლიკაონის მთებში გაიქცნენ და უდაბურ ტყეებში
მხეცების ლუკმად იქცნენ.

ამორძალთა დედოფლის სარტყელი

მეფე ევრისთევსს ერთი ჭირვეული ასული ჰყავდა – ადმეტე, რომელსაც


განსაკუთრებით ანებივრებდა და ყველა სურვილს უსრულებდა. ერთხელ ადმეტემ
ყური მოჰკრა, რომ ამორძალების სამეფოს დედოფალ ჰიპოლიტეს ომის ღმერთ
არესის მიერ ნაჩუქარი ულამაზესი ოქროს სარტყელი ამშვენებდა.
– ძვირფასო მამავ, – მიმართა მან მეფეს, – მსურს, რომ დედოფალ ჰიპოლიტეს
ოქროს სარტყელი ჩემი საკუთრება გახდეს!..
– დარდი ნუ გაქვს, შვილო, მე მოვატანინებ იმ სარტყელს შენთვის.
გაუხარდა ევრისთევსს უჩვეულო სარტყლის არსებობა, შემთხვევა მიეცა,
ჰერაკლესათვის ახალი, თანაც ძალზე ძნელი დავალება მიეცა.
– წადი ამორძალთა სამეფოში, მათ დედოფალს ოქროს სარტყელი წაჰგვარე და
მოიტანე! – შეუთვალა მან ზევსის ძეს.

ამორძალთა სამეფო საბერძნეთიდან შორს, ევქსინის პონტოს იქით


მდებარეობდა. ჰერაკლე იქ გემებით გაემგზავრა, ატიკის დიდი გმირები – თესევსი,
იოლაოსი, ტელამონი, პელევსი და სხვანი უმშვენებდნენ მხარს.
კარგა ხანს მიცურავდნენ გმირები უკიდეგანო ზღვაში და მინოსის შვილების
სამფლობელო კუნძულ პაროსს მიადგნენ. პაროსელები მტრულად დაუხვდნენ შორს
მიმავალ მგზავრებს და ორი მებრძოლი მოუკლეს. აღშფოთდა ჰერაკლე, თანმხლებ
გმირებს ბრძოლისაკენ მოუწოდა და ეკვეთნენ დამხვდურებს. დამარცხდნენ პაროსის
მკვიდრნი, ზავი სთხოვეს ჰერაკლეს და მოკლულთა ნაცვლად სამეფო ოჯახის ორი
წევრი გააყოლეს მძევლად.
პაროსის შემდეგ მიზიის სამეფოში მივიდა ჰერაკლე. მეფე ლიკესმა დიდი
პატივით მიიღო ზევსის ძე და მისი მხლებელი გმირები; დიდი ლხინი გადაიხადა,
მაგრამ არ დასცალდათ ნადიმობა სტუმრებსა და მასპინძლებს: ლიკესის
სამფლობელოს ბებრიკთა მეფე დაესხა თავს. ჩაებნენ ბრძოლაში სტუმრად მისული
გმირები და დაამარცხეს ბებრიკები, მერე მათი სამეფოც დაიპყრეს, მიზიის მეფეს
ჩააბარეს და განაგრძეს გზა. მეფე ლიკესმა გმირთა ნაჩუქარ სამფლობელოს ზევსის
ძის პატივსაცემად ჰერაკლეა დაარქვა.
როგორც იქნა მიაღწიეს ამორძალთა სატახტო ქალაქ თემისკირას ჰერაკლემ და
მისმა მეგობრებმა. უმშვენიერესი ჰიპოლიტე თავისი ბრწყინვალე ამალით შეეგება
სახელგანთქმულ გმირებს.
– დიადი ზევსის სახელგანთქმულო ძეო, რისთვის მობრძანებულხართ ჩვენს
სამეფოში, სამტროდ თუ სამოყვროდ? – მიმართა მან ჰერაკლეს.
– დედოფალო, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი ნებით არ მოვსულვარ თქვენს
მშვენიერ ქვეყანაში. თავადაც გეცოდინებათ, რომ დიადი ღმერთების ნებით, მიკენის
მეფეს ვემსახურები. სწორედ მან გამომგზავნა, რათა თქვენი მშვენიერი სარტყელი
მივუტანო მის ასულს.
ამორძალები მოიხიბლნენ ჰერაკლესა და მისი მეგობრების გარეგნობითა და
ქცევით. ჰიპოლიტემ გადაწყვიტა, მიეცა თავისი მშვენიერი სარტყელი
ჰერაკლესათვის. მაგრამ ღმერთქალმა ჰერამ არ ისურვა საქმის ასე მშვიდობიანად
დამთავრება. მან ამორძალის სახე მიიღო, ჰიპოლიტეს მეომარ ქალებთან მივიდა და
უთხრა:
– ჰერაკლეს ჩვენი დედოფლის მოტაცება და მხევლად წაყვანა სურს, თავს
დავესხათ და ვანანოთ ეს განზრახვა.

ამორძალები მოტყუვდნენ და სარტყლის მაძიებელთ დაესხნენ თავს. გაიმართა


სასტიკი ბრძოლა. ქალებმა ჰერაკლეს რამდენიმე მეომარი მოუკლეს. მაშინ კი აღენთო
საომრად ზევსის ძე, მედგრად შეუტია ამორძალებს თავისი გმირი მებრძოლებით და
დაამარცხა ისინი. მან ტყვედ ჩაიგდო ამორძალთა წინამძღოლები – მელანიპე და
ანტიოპე. ჰიპოლიტემ შეაჩერა ბრძოლა და მოწინააღმდეგეებმა ზავი დადეს.
ამორძალთა დედოფალმა გადასცა ჰერაკლეს თავისი მშვენიერი სარტყელი და
სანაცვლოდ მელანიპე დაიბრუნა. ანტიოპე კი გმირ თესევსს აჩუქა ჰერაკლემ და თან
წამოიყვანეს ამორძალთა სამეფოდან.
უკან დაბრუნებული გმირები ხომალდებით ტროას სამეფოს მიადგნენ და
მოულოდნელად თვალი მოჰკრეს კლდეზე მიჯაჭვულ მშვენიერ ასულს. ქალაქში
შესულებმა კი ასეთი ამბავი შეიტყვეს: თურმე, ზევსის ბრძანებით, ტროას სატახტო
ქალაქს აპოლონმა და პოსეიდონმა გალავანი შემოავლეს. მეფეს მათთვის
გასამრჯელო უნდა მიეცა, მაგრამ მოატყუა. მაშინ აპოლონმა მის სამეფოში ჭირი
გაავრცელა, ხოლო პოსეიდონმა საშინელი ურჩხული გამოგზავნა, რომელიც მუსრს
ავლებდა ტროას. სამეფო რომ დაეხსნა, მეფე ლაომედონს თავისი ასული
ურჩხულისათვის მსხვერპლად უნდა შეეწირა. კლდეზე მიჯაჭვული ქალიშვილი
სწორედ მეფის ასული ჰესიონე იყო. ჰერაკლემ ასულის დახსნა განიზრახა და მეფეს
უთხრა:
– ურჩხულს დავამარცხებ და ჰესიონეს დავიხსნი, ოღონდ სანაცვლოდ შენი
მერნები უნდა მომცეო.
დათანხმდა ტროას მბრძანებელი.
ჰერაკლე ზღვის ნაპირას დაიმალა, სადაც საბრალო ქალწული იყო მიჯაჭვული.
ცოტა ხანში წყლიდან უზარმაზარი ურჩხული ამოვიდა და ჰესიონესკენ გაემართა.
ჰერაკლე გამოვარდა საფარიდან და მახვილი ჩასცა მას მკერდში. მერე მშვილდი
მოზიდა გმირმა, მოწამლული ისარი სტყორცნა საშინელ არსებას და სიცოცხლეს
გამოასალმა. თვითონვე ავიდა ჰერაკლე კლდეზე, გაათავისუფლა მიჯაჭვული ასული
და მიჰგვარა მეფეს.
ისევ გატეხა სიტყვა მეფე ლაომედონმა, არ მისცა დაპირებული მერნები
ჰერაკლეს და თანაც უბრძანა, სასწრაფოდ დაეტოვებინა მისი ქვეყანა. არ შეეძლო
ზევსის ძეს, ბრძოლა გაემართა ტროას მეფესთან, რადგან საკმარისი ჯარი არ ჰყავდა
და თანაც მალე უნდა დაბრუნებულიყო მეფე ევრისთევსთან. მან სხვა დროისთვის
გადადო ლაომედონის დასჯა, დაბრუნდა თავის მეგობრებთან ერთად მიკენში და
დედოფალ ჰიპოლიტეს მშვენიერი სარტყელი ევრისთევსის ასულს მიუტანა.
გერიონის ძროხები

ამორძალების ქვეყნიდან დაბრუნებულ ჰერაკლეს მეფე ევრისთევსმა მორიგი


დავალება დაახვედრა. ზევსის ძეს მიკენში უნდა მოერეკა ბუმბერაზ გერიონის
ძროხები. გერიონის სამფლობელო ძალიან შორს, დედამიწის უკიდურეს
დასავლეთში, ოკეანის სანაპიროზე მდებარეობდა. ამჯერად ჰერაკლე მარტო გაუდგა
გზას, გაიარა აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილი და ლიბიის ცხელი უდაბნოები,
დღევანდელი გიბრალტარის სრუტის ორივე კიდეზე თითო ქვის სვეტი აღმართა და
ოკეანის ნაპირს მიაღწია. ნაპირიდან მოშორებით, კუნძულ ერითიაზე, იმყოფებოდნენ
გერიონის ძროხები.
ზევსის ძე ნაპირზე ჩამოჯდა, ვერ მოეფიქრებინა, როგორ მიეღწა ოკეანეში
მდებარე კუნძულამდე. საღამოვდებოდა და ბრწყინვალე მზე-ჰელიოსი ზღვაში
ეშვებოდა, რათა ოქროს ნავით გაევლო ოკეანე და დილით ქვეყნიერების მეორე
მხარეს – აღმოსავლეთით გამოჩენილიყო. სხივნათელმა ჰელიოსმა შენიშნა ნაპირზე
ჩამომჯდარი ჰერაკლე, მიხვდა მის გასაჭირს და თავისი ოქროს ნავი შესთავაზა
კუნძულზე გადასასვლელად. გაუხარდა ზევსის ძეს, მადლი უძღვნა კეთილ
ჰელიოსს, ჩაჯდა ნავში და შეაცურა სხივებით აელვარებულ ოკეანეში. მალე მივიდა
კუნძულამდე, მაგრამ მიწაზე ფეხი დადგა თუ არა, ძროხების მცველი ორთავიანი
ძაღლი ორთროსი საშინელი ღრენით გაექანა მისკენ. ჰერაკლემ კომბალი მოუქნია
ძაღლს და ერთი დაკვრით გაათავა. ახლა გერიონის ძროხების მწყემსი, ბუმბერაზი
ევრიტიონი მივარდა ზევსის ძეს. ჰერაკლემ მასაც გააფრთხობინა სული, მერე
ძროხები ოქროს ნავთან მირეკა. სწორედ ამ დროს დაეწია ძროხების პატრონი
გერიონი. სასტიკი ბრძოლა გაიმართა მათ შორის. გერიონი უჩვეულო არსება იყო –
სამი ტანი, სამი თავი და ექვსი ხელი ჰქონდა. სამ ხელში ფარები ეჭირა, სამშიც –
შუბები. ჰერაკლემ ისარი სტყორცნა გერიონს და ერთ-ერთ თვალში მოარტყა.
ბუმბერაზი შებარბაცდა, მაგრამ თავისი სამი შუბი მაინც ესროლა მოწინააღმდეგეს.
ზევსის ძემ შუბები აიცდინა და ისევ დააყარა ისრები ძროხების პატრონს, თან თავისი
უზარმაზარი კომბალი სდრუზა თავში. ბუმბერაზი მიწაზე დაენარცხა და აღარც
ამდგარა. ჰერაკლემ ძროხების ჯოგი კუნძულიდან გადმოიყვანა და ოქროს ნავი
დაუბრუნა ჰელიოსს.

წინ დიდი გზა ედო გამარჯვებულ გმირს. ამჯერად აფრიკას გვერდი აუქცია –
ჯერ ესპანეთი გაიარა, პირინეის მთები გადალახა, შემდეგ გალების ქვეყანაზე
გაატარა ძროხების ჯოგი და ალპებს მიადგა. აქ უკაცრიელ მთებში იხეტიალა ზევსის
ძემ, მრავალ ფათერაკს გადაურჩა, ბევრი ყაჩაღი ჩამოიცილა გზიდან და სამხრეთ
იტალიაში აღმოჩნდა. ერთხანს დასასვენებლად ჩამოჯდა და ჩაეძინა ნამგზავრს. იმ
ადგილებში სამთავიანი მწყემსი, ცეცხლისმფრქვეველი კაკოსი ცხოვრობდა,
რომელმაც ექვსი ძროხა მოჰპარა გმირს და მღვიმეში გადამალა. გამოიღვიძა თუ არა
ჰერაკლემ, გადახედა იქვე მობალახე ჯოგს და ნახა, რომ ძროხები აკლდა. ხელი
ჩაიქნია გმირმა და წამოიყვანა ნახირი, მაგრამ ამ დროს მღვიმიდან დაკარგული
ძროხის ბღავილი შემოესმა. ჰერაკლემ კენჭივით მოისროლა მღვიმეს მიფარებული
უზარმაზარი ლოდი და გამოდენა ძროხები, მაგრამ წინ ცეცხლისმფრქვეველი
სამთავიანი კაკოსი გადაეღობა. ჰერაკლემ თავები მოუგრიხა უსახურ მწყემსს, დასცა
ძირს და ისევ გაირეკა ჯოგი.
იტალიაში მან კიდევ ერთი ძროხა დაკარგა, რომელსაც ზღვა გაეცურა და
სიცილიაში პოსეიდონის შვილის, ერიქსის ჯოგს შერეოდა. ჰერაკლემ მჭედლობის
ღმერთ ჰეფესტოს ჩააბარა ჯოგი და დაკარგული ძროხის საძებნელად გაემართა.
ბევრი ძებნის შემდეგ სიცილიაში გადავიდა და მიაგნო თავის ძროხას, მაგრამ ერიქსმა
არ ისურვა მისი დაბრუნება. გაიმართა ბრძოლა. ზევსის ძემ დაამარცხა ერიქსი,
დაიბრუნა ძროხა და გამობრუნდა უკან.
ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ჰერაკლეს ქალღმერთმა ჰერამ შეახსენა თავი,
ძროხებს კრაზანა დაადევნა და გაცოფებული ჯოგი სკვითიაში გადაკარგა. ზევსის ძე
დაედევნა ძროხებს და შეგროვება დაუწყო. ერთ ცივ ღამეს მან თავისი ცხენები
ეტლიდან გამოხსნა და საბალახოდ გაუშვა, თვითონ კი, ლომის ტყავში გახვეულმა,
იქვე დაიძინა. გაღვიძებულმა ნახა, რომ ცხენები მოეპარათ. ჰერაკლემ ახლა მათი
ძებნა დაიწყო, დიდხანს დაეხეტებოდა სკვითიის ველებსა და ტყეებში. ერთი
მღვიმიდან გველისკუდიანი ქალწული გამოვიდა და გმირს განუცხადა, შენს ცხენებს
დაგიბრუნებ, თუკი ცოლად შემირთავო. ჰერაკლე იძულებული გახდა,
დათანხმებოდა უცნაურ ქალს და შეირთო იგი ცოლად. მალე მან ცხენები დაიბრუნა,
მოაგროვა ძროხები და გაემართა საბერძნეთისაკენ. ახალშერთული მეუღლე იქვე
დატოვა გმირმა და მშვილდი, სარტყელი და ოქროს თასი დაუტოვა სახსოვრად.
მოგვიანებით იმ ქალმა სამი ტყუპი ვაჟი შობა, რომელთაგანაც უმცროსმა სკვითიის
მეფეთა დინასტიას დაუდო სათავე.
ბოლოს და ბოლოს, შორეული გზების გამოვლის, დიდი ფათერაკებისა და
ბრძოლების გადატანის შემდეგ ზევსის გმირი ძე დაბრუნდა მიკენში და მიუყვანა
გერიონის ძროხები ევრისთევსს. მიკენის მეფემ ჯოგი თავის მფარველ ქალღმერთ
ჰერას შესწირა, ჰერაკლეს კი მაშინვე ახალი დავალება მისცა.

ოქროს ვაშლები

დიდი ხნის წინათ, ზევსისა და ჰერას ქორწინების დღეს, დედამიწის


ქალღმერთმა გეამ ახლად დაქორწინებულ ქალღმერთს ოქროს ხე აჩუქა, რომელიც
ოქროსავე ვაშლებს ისხამდა. ნაჩუქარი ხე ჰერამ ატლასის მთის ფერდობებზე
გაშენებულ ბაღში დარგო და ტიტან ატლასის ქალიშვილებს – ჰესპერიდებს ჩააბარა
მოსავლელად. ერთხელ ჰერამ შეიტყო, რომ ჰესპერიდები თვითონ იპარავდნენ
ოქროს ვაშლებს, ამიტომ დარაჯად დრაკონი დაუყენა ბაღს.
გაიგო მეფე ევრისთევსმა ოქროს ვაშლების ამბავი და მორიგმა დავალებამაც არ
დააყოვნა.
– უნდა წახვიდე და ჰესპერიდების ბაღიდან სამი ოქროს ვაშლი მოიტანო! –
უბრძანა მან ზევსის ძეს.
ადგა ჰერაკლე და წავიდა ოქროს ვაშლების საძებნელად. მათი არსებობის ამბავი
ბევრს გაეგო, მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო ოქროს ვაშლების მსხმოიარე ხე.
დიდხანს დახეტიალებდა ზევსის ძე ქვეყნის კიდიდან კიდემდე, მოიარა ჯერ
ევროპა, მერე აზიის თვალუწვდენელი უდაბნოები, მაგრამ ოქროს ხეს ვერ მიაგნო.
ერთხელ მდინარე პოს ნაპირას დამაშვრალ გმირს მშვენიერი ნიმფები შეხვდნენ,
პატივი მიაგეს ზევსის ძეს და მისი აღნაგობით მოხიბლულებმა გულუხვად
უმასპინძლეს. როცა გმირმა წასვლა დააპირა, სთხოვეს, კიდევ დარჩენილიყო მათთან.
ჰერაკლემ უდროობა მოიმიზეზა და უთხრა ნიმფებს, რასაც დაეძებდა.
– ოქროს ხის ადგილსამყოფელი ზღვის მოხუცი ღმერთის, ნერევსის მეტს
არავის ეცოდინება, რომელიც აქვე ახლოს ცხოვრობს, – უთხრა ჰერაკლეს ნიმფათაგან
უმშვენიერესმა და კიდევაც მიასწავლა მოხუცის ადგილსამყოფელი.
მდინარის ნაპირას მიაგნო ჰერაკლემ მძინარე ნერევსს, შეიპყრო იგი და
ათქმევინა, თუ სად იყო ჰესპერიდების ბაღი.
გაუდგა ზევსის ძე გზას და მიაღწია ქვეყნიერების კიდეს, სადაც მთის
ფერდობზე უმშვენიერესი ბაღი იხილა. იქვე ნახა მან ტიტანი ატლასი, რომელსაც ცის
თაღი ეჭირა მხრებით. მიუახლოვდა ჰერაკლე ტიტანს და უთხრა:
– დიდო ტიტანო ატლასო, მე ზევსის შვილი ჰერაკლე ვარ, მინდა, ჰესპერიდების
ბაღიდან სამი ოქროს ვაშლი წავუღო მეფე ევრისთევსს, რომელთანაც ღმერთებმა
მსახურად დამაყენეს.
– მე მოგიტან ოქროს ვაშლებს, ზევსის ძეო, ოღონდ შენ ცის თაღი დაიჭირე,
ვიდრე მოვიდოდე.
დათანხმდა ჰერაკლე, გაათავისუფლა ტიტანი და თვითონ შეუდგა მხრებით ცის
თაღს. საშინლად მძიმე ეჩვენა თაღი ზევსის ძეს, მხრები ასტკივდა და წელში
მოიხარა, მაგრამ რა უნდა ექნა? რომ არ დაეჭირა, ცის თაღი მასაც დაიტანდა და
ქვეყნიერებასაც. ამიტომ მთელი ძალა მოიკრიბა გმირმა, თან ღმერთქალმა ათენამაც
შემატა მხნეობა და გაუძლო სიმძიმეს.
მალე მოიტანა ატლასმა ოქროს ვაშლები.
– აი, ოქროს ვაშლები, გმირო ჰერაკლე, თუ გსურს, მე თვითონ წავიღებ მათ
მიკენში მეფე ევრისთევსთან, შენ კი ჩემ მოსვლამდე ცის თაღი გეჭიროს.
– კარგი, – უთხრა ჰერაკლემ, – მაგრამ ცოტა ხანს შემენაცვლე, მინდა, ბალიშები
დავიდო მხრებზე, რომ სიმძიმემ არ მატკინოს.
დაუბრუნდა ატლასი თავის ადგილს და დაიდო ისევ მხრებზე ცის თაღი.
ჰერაკლემ ვაშლები აიღო და დაემშვიდობა ტიტანს:
– მშვიდობით, ატლასო! ცოტა ხნით ხომ მაინც დაგასვენე მაგ სიმძიმისაგან,
ახლა კი უნდა წავიდე, ეგ საქმე დიადმა ზევსმა შენ დაგაკისრა.
დაბრუნდა ჰერაკლე უკან, მაგრამ შორი გზით მოუხდა წასვლა. ლიბიაში გაიარა,
სადაც ბუმბერაზ ანტეოსს შეებრძოლა. პოსეიდონისა და მიწის ქალღმერთ გეას
შვილი ანტეოსი თუ დედამიწაზე იდგა, მისი მომრევი არავინ იყო ქვეყნად, რადგან
მიწა ძალას ჰმატებდა. ამიტომ ზევსის ძემ ჰაერში აიტაცა იგი და მანამ სული არ
ამოხადა, ძირს არ დაუშვა.
ლიბიიდან ეგვიპტისაკენ განაგრძო გზა ჰერაკლემ. იქ დაღლილ-დაქანცული
გმირი ნილოსის პირას ხის ჩრდილში დაწვა და დაიძინა. ეგვიპტის მეფე ბუსირისმა
მსახურებს შეაბოჭინა იგი და განიზრახა, ღმერთებისთვის შეეწირა მსხვერპლად,
მაგრამ სამსხვერპლოზე მიყვანილმა ჰერაკლემ ბაწრები დაწყვიტა, თავი
გაითავისუფლა, იქვე მოკლა მეფე ბუსირისი და განაგრძო გზა.
ბევრი ხეტიალის შემდეგ კავკასიონის ქედზე მოხვდა ზევსის ძე. იქ ღმერთების
ბრძანებით პრომეთე იყო კლდეზე მიჯაჭვული ოლიმპოდან ცეცხლის
მოტაცებისათვის. პრომეთეს არწივი უკორტნიდა გულს და საშინლად ტანჯავდა.
ზევსი თანახმა იყო, გაეთავისუფლებინა გმირი, მაგრამ მის ნაცვლად ვინმეს უნდა
დაეთმო უკვდავება და თავისი ნებით ჩასულიყო ჰადესის სამეფოში. ეახსენა
ოლიმპოსის მპყრობელს ჰერაკლემ, რომ უკვდავი კენტავრი ქირონი, მისგან
უნებურად დაჭრილი, დიდი ხანია, ძალიან იტანჯებოდა და სიკვდილს ნატრობდა.
ასე რომ, პრომეთეს განთავისუფლება შეიძლებოდა. ზევსმა შეისმინა თხოვნა.
ჰერაკლემ მოკლა პრომეთეს მწვალებელი არწივი და გაათავისუფლა გმირი.
ამ ამბების შემდეგ დაბრუნდა ჰერაკლე მიკენში და მიუტანა ევრისთევსს ოქროს
ვაშლები. მიკენის მეფემ აღარ აიღო ჯადოსნური ხის ნაყოფი. მაშინ ჰერაკლემ თავის
შემწე ქალღმერთ ათენას მიუძღვნა ვაშლები. ათენამ კი ისევ ჰესპერიდების ბაღში
დააბრუნა ზევსის ძის საჩუქარი.

ჰადესის ქოფაკი კერბეროსი

მიწისქვეშა სამეფო ჰადესს ურჩხულის მსგავსი საშინელი ძაღლი - კერბეროსი


დარაჯობდა. დიდ, სამთავიან ქოფაკს კუდის ბოლოში გველეშაპის თავი გამობმოდა
და კისერზე გველები ეხვია. ასეთი საშინელი არსების მიყვანა დაავალა ჰერაკლეს
მიკენის მეფე ევრისთევსმა. მეტად ძნელი საქმე იყო, მაგრამ რას იზამდა ზევსის ძე?
უნდა დამორჩილებოდა მეფის სურვილს.
ლაკონიის მთებში გაემგზავრა ჰერაკლე და იქ მდებარე ტენარონის კონცხის
ბნელი ნაპრალიდან ჩაეშვა მიწისქვეშა სამეფოში. მისი მეგზურები იყვნენ ახლდნენ
ათენა და ჰერმესი, რომლებიც რჩევებს აძლევდნენ და შემწეობას უწევდნენ გმირს.
ჰადესის მდინარე სტიქსზე ქარონმა გადაიყვანა ჰერაკლე თავისი ნავით.
საშინელი სანახავი იყო უჩვეულო ბნელით მოცული მიწისქვეშეთის სამყარო.
მიცვალებულთა აჩრდილები დაფარფატებდნენ ირგვლივ. უეცრად ეტოლიის მეფის
ძის, მელეაგროსის აჩრდილი შეეფეთა ჰერაკლეს. გმირმა მშვილდი მოზიდა
უნებურად, მაგრამ აჩრდილმა გაუღიმა და უთხრა:
– მიცვალებულები არას გავნებენ, ზევსის ძეო.
დაუშვა ჰერაკლემ მშვილდი და საუბარი გააბა მელეაგროსთან.
– გთხოვ, ჩემი და, დეიანირა, შეირთო ცოლად და მფარველობა გაუწიო მას, –
უთხრა გამომშვიდობებისას მელეაგროსმა ჰერაკლეს.
ჰადესის სამეფოს შესასვლელში კლდეზე მიჯაჭვული გმირი თესევსი და
თესალიის მეფე პირითოოსი ნახა ჰერაკლემ.
– დიადი ზევსის ძეო, გაგვათავისუფლე ტანჯულები, – მიმართა თესევსმა
ჰერაკლეს.
მათ ჰადესის თვალწარმტაცი მეუღლის, პერსეფონეს მოტაცება განეზრახათ და
ამისთვის დაესაჯა მიწისქვეშეთის მბრძანებელს. თესევსი დაიხსნა ჰერაკლემ, ხოლო
როცა პირითოოსის დახსნაც მოინდომა, მიწა შეირყა – ღმერთებმა არ მოისურვეს მისი
გათავისუფლება.
მრავალი საშინელი აჩრდილი ნახა ჰერაკლემ, სანამ მიწისქვეშეთის მეფესთან
მიაღწევდა. პატივისცემით შეხვდნენ მას მეფე ჰადესი და დედოფალი პერსეფონე,
ჰკითხეს პირქუშ სამეფოში მისვლის მიზეზი.
– მიკენის მეფემ, ევრისთევსმა, რომელსაც ღმერთების ნებით ვემსახურები,
თქვენი სამეფოს დარაჯის, კერბეროსის ხელში ჩაგდება მიბრძანა. გთხოვთ,
დამრთოთ ნება, მივუყვანო კერბეროსი ჩემს მხდალ მბრძანებელს, იქნებ სულიც
განუტევოს მისი შიშით, – სთხოვა ზევსის ძემ ჰადესს.
– აბა, უარს როგორ ვეტყვი ჩემი დიადი ძმის, ოლიმპოს მბრძანებლის გმირ ვაჟს?
წაიყვანე კერბეროსი, ოღონდ უიარაღოდ უნდა დაიმორჩილო იგი. იმედია, მშიშარა
ევრისთევსი მას ვერაფერში გამოიყენებს და ისევ უკან დააბრუნებს.
თითქმის მთელი მიწისქვეშეთი შემოიარა ჰერაკლემ. ბოლოს, როგორც იქნა,
მიაგნო საზარელ ქოფაკს, სტაცა ხელი და მთელი ძალით მოუჭირა მკლავები. ძაღლის
ყეფა და ღრენა დიდხანს ისმოდა აჩრდილთა სამეფოში, შეუჩერებლივ ჰკბენდა და
კაწრავდა გმირს. ბოლოს დაიმორჩილა იგი ჰერაკლემ, მაგარი ჯაჭვი ჩააბა და
ამოიყვანა ჰადესიდან.
გაეგოთ ჰერაკლეს გამარჯვების ამბავი და უამრავ ხალხს მოეყარა თავი მიკენის
მეფის სასახლესთან. მიჰგვარა ძრწოლისმომგვრელი ქოფაკი ზევსის ძემ ევრისთევსს.
მეფემ შიშისაგან კანკალი დაიწყო და სთხოვა ჰერაკლეს, ისევ უკან, ჰადესში ჩაეყვანა
იგი.
მიხვდა ზევსის ძე, რომ გამოსაცდელად დაავალა მიკენის მეფემ ეს საქმეც,
წაიყვანა ძაღლი, ჩააბარა ჰადესის მბრძანებელს და მშვიდობიანად დაბრუნდა უკან.
ეს იყო ჰერაკლეს მეთორმეტე გმირობა, რომელიც მან ევრისთევსთან ყოფნისას
აღასრულა. ამის შემდეგ გაათავისუფლეს იგი ღმერთებმა ევრისთევსის
სამსახურიდან. სახელოვანი გმირი თებეში დაბრუნდა და ერთხანს მშვიდად
ცხოვრობდა.

ევრისთევსისაგან გათავისუფლების შემდეგ

დიდხანს ვერ შეძლო ზევსის დაუდგრომელმა ძემ მშვიდი ცხოვრება. იგი


მეგარასთან თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, ამიტომ განუტევა კრეონის ასული და
ახალი ცოლის ძებნას შეუდგა.
ერთ დღეს ჰერაკლემ გაიგო, რომ ექალიის მეფე ევრიტოსს ჰყავდა უმშვენიერესი
ასული იოლე, რომლის სილამაზეზე მთელი საბერძნეთი ლაპარაკობდა. მრავალ
მეფესა და გმირს უნდოდა იოლეს ცოლად შერთვა, მაგრამ ევრიტოსი ყველას უარს
ეუბნებოდა. ერთხელ მან განაცხადა:
– ჩემს ქალიშვილს მხოლოდ მას მივცემ, ვინც მშვილდოსნობაში მაჯობებს,
ყველა მსურველს ვიწვევ შეჯიბრებაში.
მეტად მარჯვე მოისარი იყო ექალიის მეფე, იოლი არ იყო მასთან შეჯიბრება,
მაგრამ მაინც დაიძრნენ საბერძნეთის გმირები საასპარეზოდ, ბევრს ჩავარდნოდა
გულში მშვენიერი იოლეს სიყვარული.
გაიმართა შეჯიბრება. ყველა დამარცხდა ექალიის მეფესთან, მხოლოდ
ჰერაკლემ დაჯაბნა იგი და სთხოვა ასულის ხელი. მაგრამ ევრიტოსმა გატეხა სიტყვა
და სასაცილოდ აიგდო ზევსის ძე.
– შენ ქალს როგორ მოგათხოვებ, საკუთარი შვილები გყავს დახოცილი. ეგეც არ
იყოს, დიდი ხანი გამოხდა მას მერე, რაც აღარა ხარ ევრისთევსის მოსამსახურე?! –
მიაძახა მეფემ და გარეთ გამოაგდო სახელოვანი გმირი.
წავიდა ჰერაკლე ექალიიდან, თან გაიყოლა მშვენიერი იოლეს სიყვარული და
უსამართლოდ მიყენებული წყენა.

ჰერაკლეს ქორწინება
ჰადესის სამეფოში ყოფნისას ჰერაკლემ პირობა მისცა თავისი მეგობრის,
მელეაგროსის აჩრდილს, რომ ცოლად შეირთავდა მის დას – დეიანირას. დეიანირა
ეტოლიის მეფის, ოინევსის ასული იყო. ჰერაკლე ეტოლიაში გაემგზავრა, მეფე
ოინევსს წარუდგა და ქალიშვილის ხელი სთხოვა.
– ზევსის ძეო, მოხარული ვიქნები, თუკი შენ გახდები ჩემი ასულის მეუღლე, –
უთხრა ჰერაკლეს მეფე ოინევსმა, – რადგან შენებრი გმირი არავინ არის მთელ
ცისქვეშეთში. ალბათ გსმენია, რომ დეიანირას ხელს მრავალი გმირი მთხოვდა,
მაგრამ მდინარის ღმერთმა აქელოოსმა ყველა სასიძო ჩამოიცილა.
– მე ვერავის დავუთმობ თქვენს ასულს, რადგან ჰადესის სამეფოში ჩემს
მეგობარ მელეაგროსს პირობა მივეცი, რომ მის დას შევირთავდი, – განაცხადა გმირმა.
გადაწყდა, რომ მდინარის ღმერთი აქელოოსი და ჰერაკლე უნდა შებმოდნენ
ერთმანეთს. მათ შორის გამარჯვებული უმშვენიერეს დეიანირას შეირთავდა.
შერკინების წინ დაცინვა დაუწყო აქელოოსმა ჰერაკლეს – შენ ზევსის შვილი არა
ხარო.
გაბრაზებული გმირი ეკვეთა მდინარის ღმერთს. მედგრად დაუხვდა აქელოოსი,
მძიმე ბრძოლა გაიმართა. უზარმაზარი იყო მდინარის ღმერთი, დიდი ძალა უნდოდა
მის წაქცევას. ღონე მოიკრიბა ზევსის ძემ, ჯერ მუხლებზე დასცა, მერე გადააბრუნა
მთასავით აქელოოსი, მაგრად მოუჭირა მკლავები და გააკრა მიწას. სცადა თავის
დაღწევა მდინარის ღმერთმა, გველად გადაიქცა და დაუსხლტა ხელიდან ჰერაკლეს.
– გველების ხოცვა აკვანში დავიწყე, აქელოოს! ნუთუ გგონია, რომ მაგ ხერხით
დააღწევ თავს დამარცხებას? – შესძახა ჰერაკლემ და წაავლო ხელი ქვეწარმავალს.
მიხვდა აქელოოსი, რომ ვეღარაფერი უშველიდა და ახლა ხარად გადაიქცა.
ჩაავლო ხელი რქაში ზევსის ძემ ხარს, დასცა ძირს და ცალი რქაც მოამსხვრია.
დამარცხდა მდინარის ღმერთი. ჰერაკლეს გამარჯვება ყველას გაუხარდა. ოინევსმა
მისცა ასული ზევსის ძეს და დიდი ქორწილიც გადაუხადა.
ქორწილის შემდეგ ერთხანს ეტოლიაში დარჩა ჰერაკლე, მერე წაიყვანა
დეიანირა და ტირინსისკენ გაემართა. გზაში მდინარე ევენოსს მიადგა, რომელზედაც
კენტავრ ნესოსს გადაჰყავდა მგზავრები. ჰერაკლემ დეიანირა გადააყვანინა
მდინარეზე კენტავრს, თვითონ კი ცურვით გასწია მეორე ნაპირისაკენ. ამ დროს
ნესოსმა ქალის მოტაცება განიზრახა. შეჰკივლა დეიანირამ. განრისხებულმა ზევსის
ძემ მშვილდი მოზიდა და შხამიანი ისარი ესროლა ნესოსს. დაჭრილ კენტავრს
სისხლი წამოუვიდა ღვარად და სიკვდილის პირას მისულმა უთხრა დეიანირას:
– აიღე, მშვენიერო დეიანირა, ჩემი სისხლი და შინ წაიღე. თუკი ოდესმე
ჰერაკლეს სხვა ქალისკენ გაუწევს გული, მაშინ ეს სისხლი მის ტანსაცმელს წაუსვი და
ისევ ძლიერად შეგიყვარებს. ეს სიტყვები თქვა ნესოსმა და სული განუტევა. აიღო
დეიანირამ კენტავრის სისხლი და შეინახა. ამასობაში ჰერაკლემაც მიაღწია მასთან,
დაამშვიდა მეუღლე და განაგრძეს გზა ტირინსისაკენ.

ჰერაკლე დედოფალ ომფალესთან

ერთხელ მეფე ევრიტოსს ჯოგი დაეკარგა და ჰერაკლეს დააბრალა მისი მოპარვა.


მეფის უფროსმა ვაჟმა იფიტოსმა არ დაიჯერა ჰერაკლეს ქურდობა და სიმართლის
გასარკვევად მივიდა მასთან. ჰერაკლე უდანაშაულო იყო, მეფე ევრიტოსის ჯოგი
სხვას მოეპარა. იფიტოსი კარგა ხანს დარჩა ზევსის ძესთან. ერთხელ ისინი მაღალ
კლდეზე იდგნენ. ღმერთქალმა ჰერამ, რომელიც მუდამ ვნებას აყენებდა ზევსის ძეს,
ისევ დამართა მას სიგიჟე. ჰერაკლემ ხელი ჰკრა სტუმარს და მაღალი კლდიდან
გადააგდო. იფიტოსი დაიღუპა. გონს მოსულმა გმირმა ძალიან ინანა დანაშაული,
მაგრამ უკვე გვიან იყო. მას ცოდვისაგან განწმენდაზეც უარი უთხრეს,
განრისხებულმა ზევსმა განაცხადა, რომ მისი ძე უდანაშაულო სტუმრის
ხელყოფისათვის მონად უნდა გაყიდულიყო სამი წლით.
ისევ დაკარგა ჰერაკლემ ტანჯვით მოპოვებული თავისუფლება. იგი მონად
მიჰყიდეს ლიდიის დაქვრივებულ დედოფალს – ომფალეს. დედოფალი დასცინოდა
ჰერაკლეს, ქალის ტანსაცმელში გამოაწყობდა ხოლმე, რთვასა და ქსოვას აიძულებდა
მრავალჭირგადანახად გმირს. ომფალემ არ იცოდა, თუ ვინ იყო მისი მონა. ჰერაკლემ
ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთა დედოფალს და ბევრი გმირობაც ჩაიდინა იმ მხარეში.
ბოლოს შეიტყო ომფალემ მისი ვინაობა, უხვად დაასაჩუქრა და შინ გაისტუმრა.
ლიდიიდან გამომგზავრებულ გმირს ტროას მეფისაგან მიყენებული დამცირება
გაახსენდა. მან ხომ რამდენიმე წლის წინ ტროას მეფის ასული ჰესიონე იხსნა
ურჩხულისაგან, რისთვისაც მეფეს გასამრჯელოდ საუკეთესო ცხენები უნდა მიეცა
ჰერაკლესათვის, მაგრამ არ შეასრულა თავისი დაპირება. ზევსის ძემ ჯარი შეკრიბა და
რამდენიმე ხომალდით გასწია ტროასკენ.
მიადგნენ სახელოვანი გმირები ლაომედონის სამეფოს და ეკვეთნენ ტროას
კედლებს. მალე ისინი ქალაქშიც შეიჭრნენ და დიდი ბრძოლის შემდეგ დაამარცხეს
მისი დამცველები. ჰერაკლემ დახოცა მეფე ლაომედონი და მისი ვაჟები. მხოლოდ
ერთი ვაჟი, პრიამოსი, დაინდო გამარჯვებულმა გმირმა. ის პრიამოსი, რომელიც
ჰესიონეს დახსნის შემდეგ მამას სთხოვდა, არ დაერღვია ჰერაკლესთან დადებული
პირობა. მეფის ასული, ჰერაკლეს მიერ გადარჩენილი მშვენიერი ჰესიონე, ბრძოლაში
თავგამოჩენილ გმირს, ტელამონს აჩუქა ზევსის ძემ. ბოლოს მან ტროას სამეფო
პრიამოსს ჩააბარა და უკან დაბრუნდა თავისი ჯარით.

ჰერაკლე ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლაში

ტროადან დაბრუნებულ ჰერაკლესა და მის მებრძოლებს ზღვაზე ქალღმერთ


ჰერას მოვლენილი დიდი ქარიშხალი დაატყდათ თავს. ზევსი რომ არ დახმარებოდა
თავის ძეს, ჰერამ ძილის ღმერთ ჰიპნოსს სთხოვა, ოლიმპოს მბრძანებელი ღრმად
დაეძინებინა. საშინელ გასაჭირში ჩავარდა ჰერაკლე, მაგრამ ვერ შეძლო ცბიერმა
ჰერამ მისი დაღუპვა. გაუმკლავდა გმირი ბობოქარ ტალღებს და კუნძულ კოსამდე
მიაღწია. კუნძულის მცხოვრებლებმა ქვები დაუშინეს ზევსის ძეს. ჰერაკლემ მაინც
მოახერხა კუნძულზე გადასვლა, დაამარცხა იქაურები და მოკლა მათი მეფე
ევრიპილოსი.
უსაზღვრო იყო გამოღვიძებული ზევსის მრისხანება, როდესაც შეიტყო, რომ
მზაკვარი ჰერას ბრძანებით დააძინეს, რათა ვერ დახმარებოდა განსაცდელში
ჩავარდნილ შვილს – ჰერაკლეს. ოლიმპოს მბრძანებელმა ცასა და მიწას შორის
დაკიდა შებოჭილი მეუღლე და ღმერთები გააფრთხილა, არ დახმარებოდნენ მას.
ამის შემდეგ კი ზევსმა ჰერაკლეს არგოსისაკენ გაუკვალა გზა.
არგოსში დაბრუნებულ გმირს ქალღმერთმა ათენამ ამცნო ფლეგრეს ველზე
ღმერთებისა და გიგანტების ომის დაწყების შესახებ. ზევსი მოითხოვდა შვილისგან,
რომ დახმარებოდა გიგანტებთან ბრძოლაში.
გიგანტები ქალღმერთ გეას შვილები იყვნენ, რომლებიც მან ურანოსის სისხლის
წვეთებიდან შვა. ეს საშინელი შესახედაობის ბუმბერაზები დიდი წვერებითა და
თმებით, იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ ღმერთებს ეცილებოდნენ ქვეყნიერების
მართვაში. გეამ შვილებს სასწაულმოქმედი წამალი მისცა, რომლის ძალით ღმერთებს
არ შეეძლოთ გიგანტების მოკვლა. ადამიანის ნაშიერს უნდა მოეთავებინა მათთვის
ხელი, როცა ოლიმპოს ღმერთები დაამარცხებდნენ. ამიტომ იხმო ზევსმა თავისი
შვილი ჰერაკლე.
ღმერთებისა და გიგანტების ომი თითქოს ქვეყნის დასასრულს მოასწავებდა.
უჩვეულო ხმაური აზანზარებდა სამყაროს. გიგანტები კლდეებსა და უზარმაზარ
ხეებს გლეჯდნენ და ესროდნენ ოლიმპოს ბინადრებს, ხოლო ღმერთები ელვითა და
მეხით ესხმოდნენ თავს ბუმბერაზებს, ამარცხებდნენ კიდეც, მაგრამ გეას მიერ
მიცემული წამლის გამო, არ შეეძლოთ მათი საბოლოოდ ამოხოცვა.
მედგრად ჩაება გმირი ჰერაკლე ბრძოლაში, ესროლა შხამიანი ისარი გიგანტ
ალკიონევსს და დასცა ძირს. ღმერთები შეტევაზე გადავიდნენ: ზოგმა მოგლეჯილი
მთა დააფარა, ზოგმა კუნძული დაამხო თავზე გიგანტებს. თვით ზევსი
მოწინააღმდეგეებისკენ ელვასა და მეხს სტყორცნიდა შეუსვენებლივ. გიგანტები
ეცემოდნენ მიწაზე, მაგრამ არ კვდებოდნენ, სანამ ჰერაკლეს ისარი არ მოხვდებოდათ.
ბოლოს, როგორც იქნა, დამთავრდა ბრძოლა, დაწყნარდა მთა და ბარი, შეწყდა
საშინელი გრიალი და ზათქი სამყაროში. გიგანტები უზარმაზარი ლოდებივით
უძრავად ეყარნენ ბრძოლის ველზე. გამარჯვებულმა ღმერთებმა შეაქეს გმირი
ჰერაკლე. ზევსი სიყვარულით მოეხვია თავის შვილს და მკერდში ჩაიკრა. მერე
ღმერთები ოლიმპოს მთისაკენ გაემართნენ, ჰერაკლემ კი ტირინსისაკენ აიღო გეზი.

მეფე ავგიასის დამარცხება

მეფე ევრისთევსთან სამსახურისას ელისის მეფე ავგიასმა თავისი თავლების


გაწმენდისათვის დაპირებული ჯოგი არ მისცა ჰერაკლეს. გმირმა გაიხსენა წყენა და
ლაშქარი დაძრა ელისის მეფის დასასჯელად. გაიმართა ბრძოლა. ავგიასის
მხედართმთავრებმა წარმატებას მიაღწიეს და თავდამსხმელთა ლაშქრის დიდი
ნაწილი გაანადგურეს. მათ დაჭრეს ჰერაკლეს ძმა იფიკლესი, რომელიც უკან
დაბრუნებისას გარდაიცვალა. ეს მარცხი გამოწვეული იყო ჰერაკლეს ავადმყოფობით,
ბრძოლის დროს იგი ვერ მიეხმარა თავის ჯარს. მოგვიანებით, როცა გმირს
მომჯობინება დაეტყო, ახალი ჯარით შეიჭრა ელისის სამეფოში და მიწასთან
გაასწორა. მეფე ავგიასი და მისი შვილები ბრძოლაში დაიღუპნენ. ჰერაკლემ
დამორჩილებული ქვეყნის სამეფო ტახტზე კანონიერი მეფე ფილევსი დასვა.

ოლიმპიურ დღესასწაულთა დაწესება

ჰერაკლემ გადაწყვიტა, ტაძრები და საკურთხევლები აეგო ღმერთების


პატივსაცემად. ამისათვის მან ელისში, ქალაქ პისას მახლობლად ვრცელი და
მშვენიერი ჭალა მონახა, სადაც გამორჩეულ ადგილას მამას – დიად ზევსს – აუგო
ტაძარი, მის ირგვლივ კი საკურთხევლები და სამსხვერპლოები ააშენა ოლიმპოს
ბინადართათვის. გმირმა იქვე მოაწყო დიდი სტადიონი, ირგვლივ ზეთისხილის
ხეები გააშენა და ღმერთების სადიდებლად დააწესა ოლიმპიური ასპარეზობანი,
რომლებიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა გამართულიყო. ასპარეზობაში
მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა გმირსა და რაინდს, ვისაც რაიმე ცოდვა არ
ჰქონდა ჩადენილი. შეჯიბრებანი ეწყობოდა სირბილსა და ხტომაში, შუბისა და
ბადროს ტყორცნაში, ჭიდაობასა და ფარიკაობაში. ოლიმპიადის მოსაწყობად
შერჩეულ ადგილას მალე ქალაქი გაშენდა, რომელსაც ოლიმპოსი უწოდეს.
ასპარეზობის დაწყებისას მთელ საბერძნეთში იგზავნებოდნენ შიკრიკები
მონაწილეთა და მაყურებელთა მოსაწვევად. ამ დროს ყოველგვარი ომი და
უთანხმოება წყდებოდა და მთელ ქვეყანაში მშვიდობა მყარდებოდა. შეჯიბრებაში
გამარჯვებულებს ზეთისხილის რტოების გვირგვინებს ადგამდნენ თავზე.
ოლიმპიურ ასპარეზობათა შესახებ მარტო თქმულებები როდი გადმოგვცემენ,
დადგენილია, რომ ეს შეჯიბრებები ნამდვილად ეწყობოდა საბერძნეთში ძველი
წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან ახალი წელთაღრიცხვის IV
საუკუნის ბოლო წლებამდე. ოლიმპიური თამაშები ჩვენს დროში აღდგა და ყოველ
ოთხ წელიწადში იმართება მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში.
დავუბრუნდეთ ისევ ჰერაკლეს, რომელსაც მიაწერენ თქმულებები ოლიმპიური
ასპარეზობების დაწესებას.
როცა ყველაფერი მომზადდა, ჰერაკლემ შეჯიბრის დაწყება ბრძანა. მრავალი
რაინდი გამოვიდა ბედის საცდელად ზევსის ძის მიერ მოწყობილ სტადიონზე.
ჰერაკლე თვითონაც ჩაება ასპარეზობაში, მაგრამ ვერავინ გაბედა შერკინება
სახელოვან გმირთან. მაშინ დიადი ზევსი, რომელიც ოლიმპოდან ადევნებდა თვალს
სანახაობას, ჩამოვიდა მიწაზე, სახე იცვალა და შეება საკუთარ შვილს. ყველა
ღმერთისა და ადამიანის მზერა შეჯიბრების ადგილისაკენ იყო მიმართული. მზე-
ჰელიოსის სხივებით გაბრწყინებულიყო ველი. დიდხანს გასტანა მამა-შვილის
შერკინებამ, ხან ერთი სჯობნიდა და ხან – მეორე. ბოლოს მათ გამარჯვება თანაბრად
გაინაწილეს და ზევსმაც დაიბრუნა საკუთარი სახე. აღტაცებული შეძახილები
ისმოდა ირგვლივ. ჰერაკლეს ქება-დიდებას უძღვნიდა ყველა. თვით ზევსმაც შეაქო
შვილი, დაემშვიდობა შეკრებილთ და ზეცაში გაუჩინარდა. მოგვიანებით
ოლიმპიური ასპარეზობების მოწყობა ჰერაკლეს შთამომავლებმა ითავეს.

ჰერაკლეს ახალი ბრძოლები

ზევსის ძემ ქალაქ პილოსის მცხოვრებთა დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც


ელისელებს ეხმარებოდნენ ჰერაკლეს წინააღმდეგ ბრძოლაში. პილოსის მფარველი
ღმერთები – ჰერა, პოსეიდონი, ჰადესი და არესი – პილოსელებს ეხმარებოდნენ,
ზევსის ძეს კი ქალღმერთი ათენა ამოუდგა მხარში.
ჰერაკლე შეებრძოლა ღმერთებს, ზოგი დაჭრა, ზოგი კი ბრძოლის ველიდან
გააქცია. მათი განდევნის შემდეგ გმირმა ადვილად დაიმორჩილა პილოსელები.
ახალი ლაშქრობა ზევსის ძემ სპარტაში მოაწყო, რომელიც პილოსელებს
ემხრობოდა. სპარტელები მალე დამარცხდნენ, რადგან მათ არავინ ეხმარებოდა.
თვით ჰერაკლეს მუდმივი მდევნელი ქალღმერთი ჰერაც აღარ გამოსულა სახელოვანი
გმირის წინააღმდეგ. ამის პასუხად მადლიერმა ჰერაკლემ ჰერას საკურთხეველი აუგო
და მსხვერპლი შესწირა.
ყველა ორგული დაიმორჩილა გმირმა, დარჩა მხოლოდ ექალიის მეფე
ევრიტოსი, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მშვილდოსნობაში გამარჯვებულ
ჰერაკლეს, პირობის თანახმად, არ მისცა თავისი ასული იოლე და სასახლიდანაც
გამოაგდო. სწორედ ეს წყენა გაიხსენა ჰერაკლემ და მშვენიერი იოლეც წარმოუდგა
თვალწინ, რომელიც ჯერაც გაუთხოვარი იყო.
დაძრა თავისი ჯარი ზევსის ძემ ექალიის წინააღმდეგ და აიღო ქალაქი. მეფე
ევრიტოსი დამარცხდა და ჰერაკლეს ისრით დაიღუპა. ულამაზესი იოლე
უფსკრულში გადაეშვა, მაგრამ გადარჩა და ქალაქ ტრაქისში გაგზავნა ჰერაკლემ,
სადაც მისი ცოლი და შვილები ცხოვრობდნენ.
ჰერაკლეს ამაღლება ოლიმპოზე
ახალი გამარჯვებების მოპოვების შემდეგ ჰერაკლემ ღმერთებისათვის
მსხვერპლის შეწირვა გადაწყვიტა. ტრაქისში, სადაც დეიანირა ცხოვრობდა, თავისი
მალემსრბოლი ლიქასი აფრინა გმირმა, რათა ცოლს სადღესასწაულო მოსასხამი
გამოეგზავნა მისთვის.
მივიდა ლიქასი ტრაქისში და სწორედ ამ დროს მიიყვანეს იქ ექალიაში
დატყვევებულები. დეიანირამ ტყვეებს შორის მშვენიერი ასული შენიშნა, რომელიც
მეტად დამწუხრებული ჩანდა.
– ვინაა ეს ქალწული? – იკითხა დეიანირამ, – სიბრალულით ვივსები, როცა მას
ვუცქერ.
– ეს მეფე ევრიტოსის ასული იოლეა, – მოახსენეს მას, – სწორედ მისი
გულისთვის დალაშქრა ექალია ჰერაკლემ.
მოგვიანებით დეიანირამ ისიც გაიგო, რომ ჰერაკლე იოლეს შერთვას აპირებდა.
მას ძალიან უყვარდა ზევსის ძე და როცა მისი ღალატის შესახებ შეიტყო, თავზარი
დაეცა, დიდხანს იყო გაოგნებული. ბოლოს გაახსენდა კენტავრ ნესოსის მიერ
მიცემული სისხლი. ის ამბავიც მოიგონა, მისი მოტაცების მცდელობისათვის
სასიკვდილოდ რომ დაჭრა ისრით ჰერაკლემ კენტავრი. მაშინ უთხრა ნესოსმა
დეიანირას, ეს სისხლი ჰერაკლეს სამოსს წაუსვი, თუ მის სიყვარულში ეჭვი
შეგეპაროსო. მონახა დეიანირამ შენახული სისხლი, წაუსვა ჰერაკლეს მოსასხამს და
გაატანა ლიქასს ქმართან.
იმედი მიეცა დეიანირას, იქნებ ისევ შემიყვაროს ჰერაკლემ და სხვა ქალი არ
შეირთოსო. შებრუნდა იგი სასახლეში და ნახა, რომ ჩვარს, რომლითაც მოსასხამს
კენტავრის სისხლი წაუსვა, მზის სხივის მოხვედრის შემდეგ ცეცხლი მოსდებოდა.
შეწუხდა დეიანირა, - იქნებ სიავე ჰქონდაო ჩაფიქრებული მომაკვდავ კენტავრს?
მაშინვე კაცი აფრინა ქმართან – ევედრებოდა, არ ჩაეცვა ახალი მოსასხამი, მაგრამ
უკვე გვიან იყო.
ჰერაკლეს მოსასხამი ჩაეცვა და მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასრულებდა. ჯერ
ზევსს შესწირა თორმეტი რჩეული ხარი, მერე სხვა ღმერთებისათვის გაიღო
მსხვერპლი. დიდ კოცონთან იდგა სახელოვანი გმირი და ღმერთებს მიმართავდა. ამ
დროს გათბა მოსასხამზე წასმული კენტავრის სისხლი, რომელშიც ჰერაკლეს
ისრიდან გველეშაპის შხამი იყო მოხვედრილი. ზევსის ძეს ოფლმა დაასხა, სამოსი
ტანზე მიეკრა და საშინელი ტკივილი იგრძნო. თითქოს სისხლიც კი უდუღდა
სახელოვან გმირს, მთელი ძვალ-რბილი ეწვოდა, საშველი კი არსაიდან ჩანდა.
ტკივილით შეშლილმა ჰერაკლემ საკურთხევლები ააყირავა, ირგვლივ მყოფებს
საშველად მოუხმო, ზეცისაკენ აღმართა ხელები და ღმერთებს საშინელი
განსაცდელისაგან ხსნა სთხოვა. მაგრამ ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდა, ვერავინ
უშველა ზევსის ძეს. მაშინ იგი შვილს, ჰილოსს, შეევედრა:
– წამიყვანე აქედან, მომაცილე მოკვდავთა მზერას, ეს რა გამოგზავნა დედაშენმა,
რისთვის განიზრახა ჩემი სიკვდილი დეიანირამ?!
ჰილოსმა და საბერძნეთის დიდმა გმირებმა, რომლებიც ძალზე შეწუხებულნი
იყვნენ ჰერაკლეს საშინელი ტანჯვით, საკაცეზე დააწვინეს იგი და ტრაქისისაკენ
წაიყვანეს.
ქმრის ამბავი რომ გაიგო საბრალო დეიანირამ, მაშინვე აიღო ორპირი მახვილი,
ზედ წამოეგო და ასე აღესრულა.
მალე თავის სასახლეში მიიყვანეს ზევსის ძე.
– დიადო ზევსო, საბერძნეთის დიდო გმირებო, მიხსენით ამ წამებისაგან! –
იძახდა ჰერაკლე და ჰადესს სთხოვდა, წაეყვანა იგი ამ ქვეყნიდან.
დეიანირა მოიკითხა განწირულმა გმირმა.
– დედაჩემმა არ იცოდა, რომ კენტავრის სისხლში შხამი იყო შერეული.
კენტავრის სისხლი მას სიყვარულის წამალი ეგონა და როდესაც გაიგო, რომ შენი
მკვლელის ხვედრი გაუმზადა ბედისწერამ, თავადაც აღარ ისურვა სიცოცხლე. –
მოახსენა თვალცრემლიანმა ჰილოსმა.
– მისმინე, ჰილოს, – შეევედრა სულთმობრძავი გმირი შვილს, – მაღალ
მწვერვალზე ამიყვანეთ და იქ, კოცონზე დაასრულეთ ჩემი ტანჯვა, შენ კი გთხოვ,
ცოლად შეირთო საბრალო იოლე.
აიყვანეს ჰერაკლე ეტას მაღალ მწვერვალზე შვილებმა და სახელოვანმა
გმირებმა, უამრავი შეშა მოზიდეს კოცონისათვის და დააწვინეს ზედ სასიკვდილოდ
განწირული. თვალცრემლიანი მეგობრები უყურებდნენ გმირის ტანჯვას, მაგრამ
ვერავინ ბედავდა ცეცხლის ანთებას. მაშინ უახლოეს მეგობარს, ფილოქტეტესს,
შეევედრა ზევსის ძე, რომ აენთო ცეცხლი. ვერ გაუძლო მეგობრის წამებას
ფილოქტეტესმა და აანთო კოცონი. ცეცხლის ალში გაეხვია უძლეველი გმირი,
უდიდესი ბრძოლების გადამტანი და მრავალი ბოროტების მომსპობი დედამიწაზე.
ამ დროს ცაზე ელვა გაიკლაკნა, კოცონს ზევსისგან გამოტყორცნილი სინათლის
ნაკადი დაეცა. ცაზე გამოჩნდნენ ეტლით მომქროლავი ღმერთები – ათენა, ნიკე და
ჰერმესი – დასწვდნენ ჰერაკლეს, აიტაცეს ცეცხლიდან და ოლიმპოსაკენ გააქროლეს.
ოლიმპოსის მთაზე უკლებლივ ყველა ღმერთი შეეგება ჰერაკლეს. ფეხზე
მდგარი შეხვდა ზევსი თავის სახელოვან შვილს, ღმერთების კრებულს თვალი
მოავლო და მიმართა:
– უკვდავნო, ჩემმა შვილმა დიდი საქმეებით დაიმსახურა ოლიმპოზე ამაღლება.
ამიერიდან იგი უკვდავი ღმერთი იქნება, რადგან მრავალი გმირობა აღასრულა და
ბევრი ბოროტება მოსპო დედამიწაზე. ვხედავ, თქვენც ეთანხმებით ჩემს
გადაწყვეტილებას და სიხარულით ეგებებით მას.
ზევსმა ხელი მოჰკიდა ჰერაკლეს და ღმერთებს შორის მიუჩინა ადგილი.
სახელოვანი გმირი უკვე ღმერთი იყო, მას აღარ აწუხებდა ტკივილები და არც
მიწიერი საზრუნავი გააჩნდა. ღმერთებმა პატივით მიიღეს ოლიმპოს ახალი
ბინადარი. თვით ქალღმერთი ჰერაც, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში სდევნიდა
ჰერაკლეს, მშვიდად შეხვდა გმირის გაღმერთებას და თავისი მშვენიერი ასული,
სიყმაწვილის ქალღმერთი ჰებე შერთო ცოლად.
მშვიდად განაგრძო ოლიმპოზე დავანებულმა გმირმა ცხოვრება, რადგან
ღმერთების სამყოფელში მიწიერი ვნებები და ტანჯვანი შორს იყვნენ მისგან.
ჰერაკლეს შთამომავლებს კი მრავალი ბრძოლა გადახდათ თავს. მათ
საბოლოოდ დაამარცხეს მეფე ევრისთევსი, მრავალი გმირობა ჩაიდინეს და ბოლოს,
საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში დამკვიდრებულნი, მუდამ ღირსებითა და პატივით
ამკობდნენ გმირი წინაპრის სახელს.

You might also like