You are on page 1of 12

ბილეთი 1

1. ჰომეროსის “ილიადის” მოკლე შინაარსი (5 ქ.)


"ილიადა" ჰომეროსის ეპიკური პოემაა, რომელიც 24 სიმღერად არის დაყოფილი. ის
ეძღვნება ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე სამოქმედო დღის ამბავს. მოქმედება ხდება
ტროაში, სადაც ერთმანეთს დაპირისპირებია ორი ძალა - აქაველები და ტროელები. პოემა
აქილევსის რისხვით იწყება. ბერძნებთან მოდის აპოლონის ქურუმი ქრისესი ურიცხვი
გამოსასყიდით და სთხოვს ქალიშვილის (ქრისეისის) დაბრუნებას, რომელიც აგამემნონს ტყვედ
წამოუყვანია. ის არ უბრუნებს ქურუმს ქალიშვილს. აპოლონი ჭირს მოუვლენს აქაველებს, 9
დღის განმავლობაში სენი მუსრს ავლებს მათ. მეათე დღეს აქილევსი შეკრებს ლაშქარს და
მისან კალაქსს სთხოვს, მათი უბედურების მიზეზი გაუმხილოს. როდესაც მისანი სიმართლეს
აუწყებს, აგამემნონი გაბრაზდება და თხოულობს ქრისეისის დაბრუნების შემთხვევაში
სანაცვლოდ აქილევსის მხევალი ქალი - ბრისეისი მიუყვანონ. იწყება დავა ორ გმირს შორის.
აქილევსი აგამემნონის მოკვლასაც დააპირებს, მაგრამ ჰერასგან გამოგზავნილი ათენა
შეაჩერებს. ტროას ორი გმირი ბევრ საწყენ რამეს ეუბნებიან ერთმანეთს. ატრიდი აქილევსს
იმით დაემუქრა, რომ თვითონვე მივიდოდა მასთან ბანაკში, წამოიყვანდა ბრისეისს და
წამოიღებდა მის ქონებას. აქილევსი კი დაემუქრა ბრძოლიდან განდგომით თავის ლაშქართან
ერთად. იგი ასრულებს ამ მუქარას და ტოვებს ბრძოლის ველს, აგამემნონი კი ვერ ბედავს
აქილევსის კარავში მისვლას და მასთან შიკრიკებს გზავნის, რომელთაც ბრისეისის წამოყვანა
დაავალა. აქილევსი თმობს ქალს, რადგან არ სურს ქალის გამო მოძმეთა შორის სისხლის
დაღვრა. აპოლონის ქურუმს უბრუნებენ ქალიშვილს, ღმერთის მიერ მოვლენილი უბედურებაც
წყდება. შეურაცხყოფილი აქილევსი მოუხმობს დედამისს - თეტისს და სთხოვს ზევსთან
მისვლას, რათა უზენაესმა ღმერთმა სამაგიერო გადაუხადოს აქაველებს. ზევსი ოლიმპოზე 12
დღის შემდეგ ბრუნდება და თეტისიც ეახლება, ღმერთი აღუთქვამს მას დახმარებას. ზევსი
აგამემნონს ჩააგონებს ბრძოლის განახლებას. ატრიდი გადაწყვეტს ჯარის გამოცდას, შეკრებს
მათ და ეკითხება, ხომ არ აჯობებდა სახლში დაბრუნება. ჯარი გახარებული ბრუნდება შინ,
თუმცა ოდისევსი შეძლებს მათ დაბრუნებას. აგამემნონის ხელმძღვანელობით ემზადებიან
ომისთვის. ამის მერე პემას გადავყავართ ტროაში, სადაც პრიამოსის ვაჟი, ჰექტორი აწყობს
რაზმებს საბრძოლველად. პარისი/ალექსანდროსი გამოთქვამს სურვილს, რომ
ორთაბრძოლაში შეერკინოს მენელაოსს და გამარჯვებულს დარჩეს ელენე. ბრძოლა
მენელაოსის უპირატესობით მიმდინარეობს, თუმცა საქმეში აფროდიტე ჩაერევა და პარისს
ბრძოლის ველს გააცლის. ღმერთები მსჯელობენ, ჰერას და ათენას ტროას დანგრევა სურთ,
ზევსიც თანხმდება მათ. ტროელთა გასაჭირი იზრდება, პრიამოსის ძე თავის ძმას ჰექტორს
მოუწოდებს, რომ მტერი შეაჩერონ, შემდეგ კი ქალაქში შებრუნდეს და დედამისს სთხოვოს
ტაძარში ლოცვა. ჰექტორი დედას - ჰეკაბეს აგზავნის ტაძარში, მაგრამ ათენა არ იღებს
ვედრებას. ჰექტორი პარისსთან მიდის და არცხვენს ბრძოლის ველის დატოვების გამო, შემდეგ
ცოლ-შვილის სანახავად მიდის. მათი საუბარი გამოთხოვებას ჰგავს გარდაუვალი უბედურების
წინ. ჰექტორი ბრძოლაში ებმევა ისევ, ებრძვის აიას, თუმცა ვერცერთი ვერ იმარჯვებს. ზევსი
ღმერთებს ომში ჩაბმას უკრძალავს, იგი ბედის სასწორზე აგდებს მოწინააღმდეგეთა ხვედრს და
სასწორი ტროელთა მხარეს იხრება. ჰერას აქაველების დახმარება სურს. აგამემნონს სახლში
დაბრუნება სურს, თუმცა ნესტორი ურჩევს, რომ აქილევსთან გაგზავნოს ელჩობა. აქილევსი არ
ბრუნდება, თუმცა პატროკლოსს აგზავნის იმის გასაგებად თუ ვინ არის დაჭირილი. ჰერა
გადაწყვეტს აცდუნოს ზევსი, რათა აქაველების დახმარება შეძლოს, ტროელების მდგომარეობა
გაუარესდება. პატროკლოსი მიემართება აქილევსისკენ და აქაველთა ბედის გამო შესჩივის,
თუმცა ის არ ცხრება. მიუხედავად ამისა, აქილევსი გაგზავნის პატროკლოსს ბრძოლის ველზე.
პატროკლოსი და ჰექტორი ერთმანეთს შეებრძოლებიან, პატროკლოსი კვდება. აქილევსს
გლოვა მოიცავს და გადაწყვეტს ტროელთა წინაარმდეგ გაბრძოლებას, იარაღსს ჰეფესტო
გამოუჭედავს. ტროას კარიბჭესთან ჰექტორი და აქილევსი, იღუპება ჰექტორი. აქილევსი არ
აარიდებს მის სხეულს დამცირებას. მის გვამს უპატრონოდ აგდებს აქაველთა ბანაკში. მას
პატროკლოსი დაესიზმრება და დაკრძალვას სთხოვს. აქილევსის მძვინვარება ჰექტორის
მიმართ არ ცხრება. სამგზის ათრევს ის ყოველდღიურად მის გვამს მეგობრის საფლავის
გარშემო. გავიდა თორმეტიდღე. ღმერთები ტროელთა არაკეთილმოსურნე უკვდავთა ნების
მიუხედავად იკრიბებიან. ზევსი გადაწყვეტს, რომ ბოლო უნდა მოეღოს ჰექტორის გვამის
შებილწვას და იგი მამას მისცენ დასაკრძალავად. ღამით, ყველა აქაველისაგან ფარულად,
გამოსასყიდით ტროას მოხუცი მეფე მიადგება აქილევსის ბანაკს. აქილევსს გულს აუჩუყებს
პრიამოსის სიტყვები. იგი თანხმდება გვამის მიცემაზე და ათ დღეს აძლევს ტროელებს მის
დასაკრძალად.

2. ჰომეროსის „ოდისეას“ მე-9 სიმღერის შინაარსი


„ოდისეას“ მე-9 სიმღერა ოდისევსის მიერ ვინაობის გამხელით იწყება. ის ფეაკებს გაუმხელს
თავის ვინაობას და უამბობს ყოველივეს თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის შესახებ. ტროას
დაცემის შემდგომ მან დაანგრია ისმაროსი, თუმცა კიკონებმა იძულებული გახადეს
უკუქცეულიყო. დიდი დანაკარგებით აგრძელებს ოდისევსი გზას და მაშინ, როდესაც თითქმის
მიაღწია სამშობლო მიწას, ატყდა საშინელი ქარიშხალი. ცხრა დღეს გრძელდებოდა ზღვის
ბობოქრობა. მეათე დღეს კი მან და მისმა თანამებრძოლებმა ლოტოფაგების ქვეყანაში
ამოჰყვეს თავი. ლოტოფაგები კეთილგანწყობით შეხვდნენ მათ და თაფლივით ტკბილი
ლოტოსი გაასინჯეს. აქ მათ, ვინც იგემა ლოტოსის გემო, დაავიწყდათ ყოველივე და ოდისევსი
იძულებული გახდა ძალით წამოეყვანა მეგობრები. შემდეგ ისინი პირქუში ციკლოპების ქვეყანას
მიაღწევენ. აქ მოიმარაგებენ სურსათს. ოდისევსი თავის თორმეტი ამხანაგით და ერთი გემით
ციკლოპებით დასახლებული კუნძულისაკენ გაემართება, რათა შეიტყოს, თუ ვინ არიან ისინი.
დანარჩენებს კი დატოვებს სხვა გემებთან ერთად მათ მოსაცდელად. თან წაიღეს ღვინო და
საგზალი. ერთ გამოქვაბულს მიადგნენ, სადაც პატრონი ჯერ არ იმყოფებოდა. ოდისევსმა
გადაწყვიტა დალოდებოდა პატრონს და კოცონი დაანთო. როდესაც ციკლოპი მოვიდა,
ოდისევსი და მისი თანამოძმეები გამოქვაბულის სიღრმეში დაიმალნენ. ციკლოპმა შიგნით თხა
და ცხვარი შემორეკა.ოდისევსი გამოქვაბულში მცხოვრებ კიკლოპ პოლიფემეს თავს გააცნობს,
როგორც კაცი, რომელსაც სახელად `არავინ~ ჰქვია. სასტიკი ციკილოპი სტუმართმოყვარეობის
ნაცვლად გამოქვაბულის გასასვლელს ვეებერთელა ლოდით ჩახერგავს. იმ საღამოსა და მეორე
დღეს ოდისევსის ექვს თანამგზავრს შეჭამს. ოდისევსი შურს იძიებს. იგი დაათრობს პოლიფემეს
და ჩაძინებულს ვეებერთელა კეტისაგან დამზადებული შანთით ამოუწვავს ერთადერთ თვალს.
გამწარებული ციკლოპის ყვირილზე მოსული მისი მოძმენი უკანვე გაბრუნდებიან, რადგან
პოლიფემემა თავის უბედურების მიზეზად `არავინ~ დაასახელა. დილით ოდისევსი და მისი
გადარჩენილი თანამგზავრები, ლაერტესის ძის რჩევით, ქვემოდან ამოეკრობიან ცხვრებს,
რომელთაც ციკლოპი საძოვრად უშვებდა და ასე დააღწევენ თავს სასტიკ პოლიფემეს. როდესაც
ისინი უკვე ზღვაში გავლენ, ოდისევსი ახელებს ციკლობს. ის კლდეს თავს წაატეხს და
ოდისევსის გემებს ესვრის. ლამის ჩაძირა გემი პილიფემეს ნასროლმა ლოდმა, თუმცა ოდისევსი
არ ცხრება და მოტყუებულ ციკლოპს ნიშნისმოგებით გამოსძახებს: „ციკლოპ, თუ გკითხოს
მოკვთავთაგან უეცრად ვინმემ, ასე სასირცხვოდ თვალის ჩინი ვინ წაგართვაო, ეს ოდისევსმა
დამივსო-თქო, ციხის გამტეხმა, ლაერტის ძემან, ვინც ითაკის ბინადარია.“ ციკლოპი, რომელის
პოსეიდონის შვილია, ევედრება მამას, რომ თავს დაატეხოს რისხვა ოდისევსს: „უკეთუ
ჭეშმარიტად ძე ვარ შენი და გეამაყება ჩემი მამობა, ნუ დააბრუნებ სამშობლოში ქალაქთა
შემმუსვრელ ითაკელ ოდისევსს. ხოლო თუკი მაინც უწერია მამაპაპეულ მიწაზე დაბრუნება და
კეთილნაგებ სახლში შინაურთა და მეგობართა შორის გახარება, დაე, დაბრუნდეს სხვისი
ხომალდით, ყველა მეგობარი დაკარგოს, ხოლო შინ მისული საკუთარ სახლში ხიფათს
გადაეყაროს!“. ოდისევსი გაეცლება ციკლოპთა კუნძულს და ასე სრულდება მე-9 სიმღერა.

3. ანტიკური ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელობა და პერიოდიზაცია (5 ქ.)


კაცობრიობის კულტურის ისტორიაში ანტიკურობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს,
რადგან მის საფუძველზე განვითარდა ევროპული კულტურა. ანტიკურ ლიტერატურას
ბერძნული და რომაული მწერლობის ერთიანობა ქმნის. რომაული ბერძნულის გავლენით
ჩამოყალიბდა, თუმცა მასაც აქვს განვითარების საკუთარი გზა. საუკუნეების განმავლობაში არ
განელებულა ინტერესი ანტიკური მწერლობის მიმართ, დიდი გავლენა იქონია შემდგომი ხანის
ლიტერატურაზე. ბერძნულ-რომაულ ლიტერატურის ისტორიას აქვს თავ-თავისი პერიოდები.
ამავდროულად, აუცილებელია, ვიმსჯელოთ ანტიკური მწერლობის ისტორიის
პერიოდიზაციაზეც.
ბერძნული ლიტერატურის პერიოდები

I - გეომეტრიული რენესანსის პერიოდი - ძვ.წ. IX-VIII სს. ----- ამ ეპოქაში პრიმიტიული, მარტივი
გეომეტრიული ორნამენტების გამოყენების პრაქტიკა იცვლება ამ ორნამენტის კოორდინაციისა
და სუბორდინაციის მკაცრ კანონებზე დაფუძნებული ხელოვნებით. საფუძველი ეყრება ახალი
ტიპის ბერძნულ სატაძრო არქიტექტურას. ტრადიციის თანახმად, ძვ.წ. 776 წელს აღადგინეს ან
დააფუძნეს ოლიმპიური თამაშები. ბიძგი ეძლევა საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზაციის
ახალ ფორმას – ჰოლისს, რომელიც სულ მალე ელინური ცივილიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს
მახასიათებლად იქცევა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად უნდა ჩავთვალოთ ფინიკიური
კონსონანტური დამწერლობის საფუძველზე ახალი ბერძნული ფონეტიკური დამწერლობის
სისტემის შექმნა. რაც მთავარია, "გეომეტრიული რენესანსის" დროს მოღვაწეობდა ჰომეროსი
და ამ ეპოქაში დაიწერა მისი გენიალური ეპოსები.

II - არქაიკის პერიოდი - ძვ. წ. VII-VI სს. ----- არქაიკის პერიოდში ჩამოყალიბდა პოლისური
სისტემა: პოლისი იყო ქალაქ-სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუცია გააჩნდა. ე.წ. ბერძნულმა
კოლონიზაციამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო. ამ პერიოდში დაიწყო ეგვიპტიდან პაპირუსის
იმპორტი. ჩამოყალიბდა ბერძნული სატაძრო არქიტექტურის უმთავრესი ტიპები დორიული და
იონური ორდერების მქონე სვეტებით. იწყება ფილოსოფიის ჩამოყალიბება (აზროვნება
აზროვნებისთვის). ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ორი ახალი ლიტერატურული ჟანრი:
ლირიკა და დრამა (კომედია და ტრაგედია). პოლისებს შორის მუდმივი კონკურენციის
პირობებში თანდათანობით გამოიკვეთა ორი ცენტრი: ათენი და სპარტა. ათენი - კულტურის
ცენტრი. სპარტა - სამხედრო სფეროს ლიდერი.

III - კლასიკის პერიოდი - ძვ.წ. V-IV ს. 30-იანი წლები ----- უდიდესი მოვლენა იყო ბერძენ-
სპარსელთა ომები (ძვ.წ. 500-479), რომელიც ბერძენთა გამარჯვებით დასრულდა. ათენმა
ყველასთვის თვალსაჩინო გახადა დემოკრატიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პერიკლე დემოკრატი მმართველის ჭეშმარიტ სიმბოლოდ იქცა. ძველი აკროპოლისის ადგილას,
რომელიც სპარსელებმა დაანგრიეს, აიგო ახალი ფიდიასის ხელმძღვანელობით. ტრაგედიამ და
კომედიამ განვითარების უმაღლესს დონეს მიაღწია, მთელი ბრწყინვალებით წარმოდგა
ანტიკური ფილოსოფია, ისტორიოგრაფია, მჭევრმეტყველება. ეს ეპოქა საბერძნეთისთვის არა
მარტო აღმავლობის, არამედ დაღმავლობის პერიოდიცაა. დაღმავლობა იწყება პელეპონესის
ომით.

IV - ელინისტური (ელინიზმის) პერიოდი - ძვ.წ. IV ს. 30-იანი წლები – I ს ----- ფილიპე II-ის


გარდაცვალების შემდეგ მაკედონიის ტახტს ალექსანდრე მაკედონელი იკავებს. მან მიზნად
დაისახა მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც ერთიანობის სამი პრინციპი დაუდო
საფუძვლად: 1. პოლიტიკურ-ეკონომიკური; 2. კულტურული; 3. ენობრივი. ბერძნულმა ენამ
მსოფლიო სახელმწიფოს ძირითადი ოფიციალური ენის სტატუსი მოიპოვა., ხოლო ელინური
კულტურა სხვადასხვა კულტურული ტრადიციების სინთეზის საფუძვლად იქცა. კულტურულ-
ენობრივი ერთიანობის პირინციპმა საუკუნეებს გაუძლო, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს
იმპერია დიადოქოსებმა გაიყვეს. ამ ეპოქას ელინისტური ეწოდა XIX საუკუნეში. ეს იყო ხანა,
ერთი მხრივ, დიდი ბერძნული ლიტერატურული მემკვიდრეობის შენახვის, სერიოზული
შესწავლისა, მეორე მხრივ კი, ექსპერიმენტებისა. საფუძველი ჩაეყარა რომანის შექმნას.

V - რომაული ბატონობის პერიოდი - ძვ.წ. I ს. – ახ.წ. V ს. ----- რომაელებმა შეძლეს ბერძნული


კულტურის შემოქმედებითი ათვისება და უკვე ძვ.წ. III საუკუნიდან ბერძნულენოვან
ლიტერატურას გვერდში ამოუყენეს ლათინურენოვანი ლიტერატურა. მართალია, ბერძნული
ლიტერატურის ძლიერი გავლენის პირობებში, მაგრამ რომაული ლიტერატურა თანდათან
იკრებდა ძალას. უკვე რესპუბლიკის ეპოქაში (ძვ.წ. 510-31 წწ.) მან ელინური ნაწარმოებების
უბრალო გადმოლათინურებიდან თანდათანობით შეძლო მნიშვნელოვანი სიმაღლეებისათვის
მიეღწია. ხოლო კეისრების ეპოქაში (ძვ.წ. 31 _ ახ.წ. V ს.) მისი როლი იმდენად იზრდება, რომ ამ
ხანის მთელ ანტიკურ ლიტერატურას რომაული ბატონობის ეპოქის ლიტერატურას ვუწოდებთ.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ეპოქაში რომაული ლათინურენოვანი და ელინური ბერძნულენოვანი
ლიტერატურის განვითარების გზები ხან სცილდებოდა ერთმანეთს, ხან კი უახლოვდებოდა.

VI - გვიანანტიკური პერიოდი - ახ.წ. IV-V ს. ----- ლათინურ და ბერძნულენოვან ლიტერატურას


მრავალი საერთო ნიშანი აერთიანებს.

რომაული ლიტერატურის პერიოდები

I - რესპუბლიკის პერიოდი - ძვ.წ. V-I სს.

II - კლასიკური პერიოდი - ძვ.წ. I ს. - ახ.წ. V ს. ----- მასში გამოიყოფა: ა) „ავგუსტუსის ხანა",


რომელიც ძვ.წ. 30-იანი წლებიდან იწყება; ბ) კეისრების პერიოდი (ახ.წ. I ს. 10-იანი წლები – V ს.).
ამ უკანასკნელში გამოიყოფა გვიანანტიკური პერიოდი (IV-V სს.).

ანტიკური ლიტერატურის პერიოდები

I - ელინური პერიოდი - ძვ.წ. VIII-IV ს. 30-იანი წლები ----- ამ პერიოდში ექცევა მხოლოდ
ბერძნულენოვანი ლიტერატურა, რომელიც ბერძნებით დასახლებულ ტერიტორიაზე იქ
მნებოდა. ამ დროისათვის, ფაქტობრივად, ლათინურენოვანი ლიტერატურა ჯერ არ არ სებობს.

II - ელინისტური პერიოდი - ძვ.წ. IV ს. 30-იანი წლები – I ს. ----- ამ პერიოდში ექცევა


ბერძნულენოვანი ლიტერატურა, რომელიც იქმნება ალექსანდრე მაკედონელის მიერ შექმნილი
მსოფლიო სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომაული ლათინურენოვანი ლიტერატურა,
რომელიც თავისი შინაარსით, მეტწილად საკმაოდ ახლოა ამ ეპოქის ელინურენოვან
ლიტერატურასთან.

III - რომაული ბატონობის პერიოდი - ძვ.წ. I - ახ.წ. V სს. ----- ამ პერიოდში ექცევა
ლათინურენოვანი ლიტერატურა, რომელმაც თვითმყოფადობის საკმაოდ მაღალ ხარისხს
მიაღწია და ბერძნულენოვანი ლიტერატურა, რომლისთვისაც საუკეთესო საუკუნეები
ძირითადად წარსულში ექცევა.

ბილეთი 2
1. ჰომეროსის „ოდისეას“ მოკლე შინაარსი
ჰომეროსის „ოდისეაში“ გადმოცემულია ტროას ომის დამთავრებიდან ათი წლის ხეტიალის
შემდეგ ოდისევსის მშობლიურ ითაკაზე დაბრუნების ამბავი. პოემის დასაწყისშივე ვიგებთ, რომ
ოდისევსი ნიმფა კალიფსოს კუნძულზე იმყოფება და მანამდე ვერ შეძლებს სამშობლოში
დაბრუნებას, სანამ პოსეიდონი მასზე გაბრაზებული იქნება. ღმერთები კეთილგანწყობილნი
არიან ოდისევსის მიმართ, ამიტომ ჰერმესს ნიმფა კალიფსოსთან გაგზავნიან, ათენა კი
მოკვდავის სახით მოევლინება ოდისევსის ვაჟს - ტელემაქეს. ოდისევსის ცოლის - პენელოპეს
ხელის სათხოვნელად სასიძოები არიან შეკრებილნი და მის ქონებას აჩანაგებენ. სასიძოები
განრისხებულები არიან, რადგან პენელოპე სამი წლის განმავლობაში ატყუებდა მათ: ქალი
მოითხოვდა, არ დაეჩქარებინათ, ვიდრე ოდისევსის მამას ლაერტეს სუდარას არ მოუქსოვდა,
მაგრამ იგი ამ სუდარას დღისით ქსოვდა, ღამე კი არღვევდა. ათენა ტელემაქეს ურჩევს, რომ
წავიდეს ნესტორთან და მენელაოსთან, გაიკითხოს მამის ამბავი, თუკი ცოცხალი აღმოჩნდება
ია კიდევ ერთი წელი დაელოდოს. იგი გაითვალისწინებს ქალღმერთის რჩევას და სპარტასა და
პილოსში გემგზავრება. პილოსში ნესტორი კარგად მიიღებს ოდისევსის ვაჟს, უამბობს ტროას
ომის შემდეგ მრავალი გმირის დაბრუნების ამბავს, მაგრამ მან არაფერი იცის ოდისევსის
შესახებ. ამის შემდეგ ტელემაქე სპარსეთში გაემგზავრება ნესტორის ვაჟთან ერთად. როდესაც
სპარტაში მივლენ, მენელაოსი და ელენე მას უამბობენ ოდისევსის საქმეებზე ტროაში. მეორე
დღეს კი ატრევსის ძე უყვება თავისი დაბრუნების ამბავს და იმასაც აცნობებს, რომ ოდისევსი
ნიმფა კალიფსოს კუნძულზე იმყოფება. ითაკაზე სასიძოები ტელემაქეს მოკვლას გეგმავენ და
ჩაუსაფრდებიან მას. ამის შემდეგ მოქმედების ადგილი იცვლება: ღმერთები ჰერმესს
გაგზავნიან კალიფსოსთან და ოდისევსის დაბრუნებას უბრძანებენ. ოდისევსი აგებს ტივს, 18
დღის შემდეგ მას პოსეიდონი შენიშნავს და ზღვას ააღელვებს. ტროას ომის გმირი ფეაკების
კუნძულ სქერიაზე აღმოჩნდება. ფეაკთა მეფის ასული ნავზიკაე ნახავს ოდისევს, მისცემს
ტანსაცმელს და ქალაქისკენ გაუძღვება. იგი წარუდგება დედოფალ არეთასა და მეფე ალკინოეს,
არ უმხელს ვინაობას, თუმცა სთხოვს, რომ სახლში დაბრუნებაში დაეხმარონ. მეორე დღეს
მოეწყობა სპორტული შეჯიბრება და ოდისევსი თავს გამოიჩენს. საღამოს ლხინის დროს
ოდისევსი ამჟღავნებს ვინაობას და უყვება ფეაკებს თავის ამბავს: ტროას დაცემის შემდეგ
დაანგრია ისმაროსი, მაგრამ კიკონებმა იძულებული გახადეს უკუქცეულიყო. იგი თავს ამოყოფს
ბალახიჭამია ლოტოფაგების ქვეყანაში, სადაც ლოტოსის ჭამით გონება აერიათ მის მეგობრებს.
შემდეგ ისინი მიაღწევენ ციკლოპების ქვეყანაში, ოდისევსი მოინდომებს, გაიგოს ვინ არიან
ისინი და 12 კაცით გაემართება კუნძულისკენ. გამოქვაბულში შეხვდება ციკლოპ პოლიფემეს
(პოსეიდონის შვილი), რომელიც გამოქვაბულს ლოდით ჩახერგავს. ის ოდისევსის 6
თანამგზავრს შეჭამს. ითაკელი თვალს ამოთხრის პოლიფემეს („არავინ“), დილით კი თავს
დააღწევენ მას. წასვლისას ოდისევსი ამხელს თავის ნამდვილ ვინაობას, პოლიფემე კი მამას
სთხოვს დასაჯოს იგი. მიადგებიან ეოლოს კუნძულს, საიდანაც მეფე ქარებს გამოატანს მათ. ამ
ქართა გუდას გახსნიან ითაკელები, მეფე აღარ მიიღებს მათ უკან. ხეტიალის შემდეგ
ლესტრიგონების ქვეყანაში მივლენ , გოლიათი კაციჭამიები გაანადგურებენ მათ ხომალდებს
და მხოლოდ ერთი გადარჩება. ამ ერთი ხომალდით ოდისევსი მიადგება აიას კუნძულს, სადაც
აიეტის გრძნეული და კირკე ცხოვრობს. ჰერმესი მისცემს რჩევას, თუ როგორ დაიმორჩილოს
კირკე. ერთი წელი დაჰყოფენ კუნძულზე, წასვლის დროს კი კირკე მათ გაგზავნის
გარდაცვლილთა სულების მხარეში. ჰადესის საუფლოში ხვდება დედას, ტირესიას
(უწინასწარმეტყველებს მომავალს), აგამემნონს, აქილევს, აიასს და ა.შ. ბრუნდება ისევ კირკეს
კუნძულზე, ჩაუვლის სირინოზებს, სცილასა და ქარიბდას. მიაღწევს ჰელიოსის კუნძულზე,
სადაც მისი წმინდა ფარა სძოვს. ოდისევსის თანამგზავრები შეჭამენ მზის ღმერთების ხარებს,
რის გამოც ისჯებიან და ზღვაში ოდისევსის გარდა ყველა იღუპება. ასე აღმოჩნდება ოგიგიის
კუნძულზე. ფეაკები გაამგზავრებენ მას ითაკაში. ათენა იერს უცვლის, მათხოვრად აქცევს.
ნახავს მეღორე ევმაიოსს, ვინაობას არ უმხელს. ტელემაქე კი ბრუნდება და თავს აღწევს
ჩასაფრებულ სასიძოებს. ტელემაქე და ოდისევსი ერთმანეთს ხვდებიან, სასიძოთა დასჯის
გეგმას ადგენენ. სახლში დაბრუნებულ ოდისევსს ვერავინ იცნობს. პენელოპე მოაწყობს
შეჯიბრს: ვინც შეძლებს ოდისევსის მშვილდის მოზიდვას, იმას გაჰყვება ცოლად. ვერც ერთმა
სასიძომ ვერ შეძლო მშვილდის მოზიდვა და სამიზნე ცულებში გატარება, გარდა ოდისევსისა.
ოდისევსი და ტელემაქე ხოცავენ სასიძოებს, პენელოპე იგებს ქმრის დაბრუნების ამბავს და
საიდუმლოს გახსენებით რწმუნდება მასში. ოდისევსი მიდის მამასთან - ლაერტესთან, სადაც
განრისხებული ითაკელებიც (სასიძოების დახოცვის გამო) მოდიან. ათენა აჩერებს ომს,
მშვიდობა ისადგურებს.

2. ჰომეროსის „ილიადის“ პირველი სიმღერის შინაარსი


"ილიადა" ჰომეროსის ეპიკური პოემაა, რომელიც 24 სიმღერად არის დაყოფილი. ის
ეძღვნება ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე სამოქმედო დღის ამბავს. მოქმედება ხდება
ტროაში, სადაც ერთმანეთს დაპირისპირებია ორი ძალა - აქაველები და ტროელები. პოემის I
სიმღერა აქილევსის რისხვით იწყება. ბერძნებთან მოდის აპოლონის ქურუმი - ქრისესი ურიცხვი
გამოსასყიდით და აგამემნონს სთხოვს ქალიშვილის (ქრისეისის) დაბრუნებას, რომელიც
ატრიდს ტყვედ, მხევლად წამოუყვანია. ის არ უბრუნებს ქურუმს ქალიშვილს. აპოლონი ჭირს
მოუვლენს აქაველებს, 9 დღის განმავლობაში სენი მუსრს ავლებს მათ. მეათე დღეს აქილევსი
შეკრებს ლაშქარს და მისან კალაქსს სთხოვს, მათი უბედურების მიზეზი გაუმხილოს. როდესაც
მისანი სიმართლეს აუწყებს, აგამემნონი გაბრაზდება და თხოულობს ქრისეისის დაბრუნების
შემთხვევაში სანაცვლოდ აქილევსის მხევალი ქალი - ბრისეისი მიუყვანონ. იწყება დავა ორ
გმირს შორის. აქილევსი აგამემნონის მოკვლასაც დააპირებს, მაგრამ ქალღმერთ ჰერასგან
გამოგზავნილი ათენა შეაჩერებს. ტროას ორი გმირი ბევრ საწყენ რამეს ეუბნება ერთმანეთს.
ატრიდი აქილევსს იმით ემუქრება, რომ თვითონვე მივა მასთან ბანაკში, წამოიყვანს ბრისეისს
და წამოიღებს მის ურიცხვ ქონებას. აქილევსი კი ემუქრება ბრძოლიდან განდგომით თავის
ლაშქართან ერთად. იგი ასრულებს ამ მუქარას და ტოვებს ბრძოლის ველს, აგამემნონი კი ვერ
ბედავს აქილევსის კარავში მისვლას და მასთან შიკრიკებს გზავნის, რომელთაც ბრისეისის
წამოყვანა დაავალა. აქილევსი თმობს ქალს, რადგან არ სურს ქალის გამო მოძმეთა შორის
სისხლის დაღვრა. აპოლონის ქურუმს უბრუნებენ ქალიშვილს, ღმერთის მიერ მოვლენილი
უბედურებაც წყდება. შეურაცხყოფილი აქილევსი მოუხმობს დედამისს - თეტისს და სთხოვს
ზევსთან მისვლას, რათა უზენაესმა ღმერთმა სამაგიერო გადაუხადოს აქაველებს. ზევსი
ოლიმპოზე 12 დღის შემდეგ ბრუნდება და თეტისიც ეახლება, ღმერთი აღუთქვამს მას
დახმარებას.
"ილიადა" აქილევსის რისხვის წარმოჩენით იწყება. ავტორი ხაზს უსვამს აგამენონისა და
აქილევსის კონფლიქტს, რადგან ამ მონაკვეთში ნათლად წარმოჩინდება ორივე პერსონაჟის
მხატვრული სახე. აქილევსს არ სურს ატრიდთან დაპირისპირება, მისთვის მნიშვნელოვანია
აქაველთა საერთო მდგომარეობა და სურს, მალე დაასრულოს ღმერთის მიერ მოვლენილი
განსაცდელი. აგამემნონი ეგოისტურად იქცევა, არ ადარდებს აქაველთა ტანჯვა და არ თმობს
მხევალ ქალს. მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს, თუ მის სანაცვლოდ აქილევსის მხევალს და
მის ქონებას მიიღებს. ამ მონაკვეთის მიხედვით, ბერძენთა წინამძღოლი წინდაუხედავი და
ეგოისტია, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ყველაფერში სარგებელს ეძებს. ასევე
აღსანიშნავია, რომ იგი არ დგას მყარად საკუთარ პოზიციაზე და ვერ ასრულებს თავის
დანაპირებს, აშინებს აქილევსის ძალა და ვერ ბედავს მის კარავში მისვლას. ჩემთვის აქილევსი
უფრო ღირსეული პერსონაჟია, მას არ სურს მოძმეთა სისხლის დაღვრა, ამის გამო აგამემნონის
შეურაცხყოფასაც იტანს, როდესაც ბრისეისის წასაყვანად მოვლენ მის მიერ გამოგზავნილი
შიკრიკები. მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, მიუხედავად ყველაფრისა, არ უშინდება
ატრიდს და ბრძოლის ველს ტოვებს.

3. ძველი ბერძნული მითოლოგიური ციკლების (თებეს, არგონავტების და ტროას)


სიუჟეტური სქემები და მთავარი გმირები (5 ქ.)
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს სამი უმთავრესი ციკლი - თებეს ციკლი,
არგონავტების ციკლი და ტროას ციკლი. სამივე მათგანი საინტერესო და მნიშვნელოვანია,
რადგან მათ საფუძვლად გამორჩეული თქმულებები დაედოთ.
თებეს ციკლი მოიცავს კადმოსის მიერ დაარსებული ბეოტიის მთავარი ქალაქის ტრაგიზმით
აღსავსე ამბებს. თებეს მეფე ლაიოსს იმ წინასწარმეტყველების შიშით, რომ მას თავისივე ძე
მოკლავდა, ახალგაჩენილი ვაჟიშვილი სასიკვდილოდ გაუმეტებია, მაგრამ მისმა მსახურმა
სიბრალულის გამო ვერ შეასრულა მეფის ბრძანება და ვერ მოკლა ჩვილი ბავშვი. იგი,
მიტოვებული შორს მთაში, კორინთოსის მწყემსმა იპოვა და თავის უშვილო მეფეს — პოლიბოსს
მიჰგვარა, რომელმაც მას შეშუპებული ფეხების გამო ოიდიპოსი ანუ შეშუპებულფეხა შეარქვა და
საკუთარ შვილად გაზარდა. მაგრამ ოიდიპოსმა, როცა შეიტყო წინასწარმეტყველება, რომ მას
მამის მოკვლა და დედის ცოლად შერთვა ეწერა, დატოვა კორინთოსი. ბედისწერას ოიდიპოსი
თებესაკენ მიჰყავს. გზაში შემთხვევით ატეხილ ჩხუბში იგი კლავს თავის მამას ლაიოსს.
შემდგომ ათავისუფლებს თებეს საშინელი ურჩხულის — სფინქსისაგან, რადგან ამოხსნის მის
გამოცანას. უმეფოდ დარჩენილი მადლიერი თებელები მას მეფის ტახტს შესთავაზებენ, ხოლო
მისი ცოლი ხდება დაქვრივებული დედოფალი იოკასტე, ოიდიპოსის ნამდვილი დედა.
ჭეშმარიტება გაირკვევა გვიან, როდესაც ოიდიპოსს საკუთარი დედისაგან შეეძინება შვილები.
მაგრამ საგვარეულო უბედურება ამით არ თავდება. ოიდიპოსის ვაჟიშვილები ეტეოკლესი და
პოლინიკესი ძალაუფლების გამო მტრად გაუხდებიან ერთმანეთს. თებედან ლტოლვილი
პოლინიკესი თავისი მშობლიური ქალაქის წინააღმდეგ დაძრავს ჯარებს შვიდი ცნობილი
გმირის მეთაურობით, მაგრამ სასტიკად დამარცხდება. ძმები ერთმანეთს კლავენ ბრძოლაში.
შვიდთა თებეს წინააღმდეგ ლაშქრობის მონაწილეთა შთამომავალნი — ეპიგონები — იძიებენ
შურს მამებისათვის და შემდეგ თაობაში მიწასთან გაასწორებენ თებეს.
თებეს ციკლი არაერთ ნაწარმოებს დაედო საფუძვლად, მათ შორის სოფოკლეს „ოიდიპოს
მეფე“ (ტრაგედია) და „ანტიგონე“ (ტრაგედია), ესქილეს „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“
(ტრაგედია).
არგონავტების ციკლის ამბები უკვე ბერძენთა ქვეყნის გარეთ ჩატარებულ შორეულ საზღვაო
ექსპედიციაზე მოგვითხრობს. ბოროტი დედინაცვლისაგან განწირულ და-ძმას ფრიქსოსსა და
ჰელეს დედა ნეფელე მოუვლენს საოცარ ოქროს ვერძს, რომელიც მათ აიასაკენ ანუ
კოლხეთისაკენ გადააფრენს. გზაში სიმაღლით თავბრუდახვეული ჰელე ჩავარდება ზღვაში და
ამ ადგილს ამიერიდან ჰელესპონტოსი ეწოდა. კოლხეთის მეფემ ფრიქსოსი კარგად მოიღო.
ვერძის სიკვდილის შემდეგ მისი ოქროს საწმისი დაკიდეს არესის ჭალაში და მას საშინელი
გველი მიუჩინეს დარაჯად. მაგრამ საწმისს არ ეწერა აქ სამუდამოდ დარჩენა. თესალიაში
მდებარე იოლკოსის მეფემ, პელიასმა, რომელმაც უკანონოდ წაართვა თავის ძმას, ესონს,
ტახტი, გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა იასონი, თავისი ძმისშვილი, რომელიც მისგან
მალულად აღიზარდა და ახლა, დავაჟკაცებული, კუთვნილი ტახტის უკან დაბრუნებას სთხოვდა
მოხუცებულ ბიძას. დავალება, რომლის აღსრულების შემდეგაც პელიასი იასონს ტახტს
დაუთმობდა, ძალზე რთული იყო — ოქროს საწმისის კოლხეთიდან ჩამოტანა იასონი აგებს
ხომალდს „არგოს“, კრებს მის ეკიპაჟს — არგონავტებს („არგოს მეზღვაურებს“) ცნობილ ბერძენ
გმირთაგან და გაეშურება ფათერაკებით აღსავსე გზით მიზნის აღსასრულებლად. მრავალი
ხიფათისა და დაბრკოლების გადატანის შემდეგ, იგი მიაღწევს კოლხეთს. აქ არგონავტთა
მეთაურს შეიყვარებს კოლხეთის მეფის გრძნეული ასული მედეა, რომლის დახმარებითაც
იასონი თავს გაართმევს აიეტის დამღუპველ პირობებს, მოიტაცებს ოქროს საწმისს და მასთან
ერთად თან წაიყვანს მედეასაც. ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ისინი მიაღწევენ საბერძნეთს,
სადაც მედეა თავისი მაგიური ხელოვნების წყალობით სასტიკად იმსხვერპლებს პელიასს.
იასონი და მედეა იძულებულნი არიან თავი კორინთოსს შეაფარონ. აქ იასონი ადგილობრივი
მეფის კრეონის ასულის კრეუსას ცოლად შერთვას და მედეას მიტოვებას გადაწყვეტს, კოლხი
ასულის სასტიკ შურისძიებას ემსხვერპლებიან კრეუსა, კრეონი და მედეასა და იასონის
შვილები.
ევრიპიდეს „მედეა“ (ტრაგედია).
ყველაზე პოპულარული თქმულებათა შორის მაინც ტროას ციკლი იყო. თეტისის და
პელევსის ქორწილზე ერისი — განხეთქილების ღმერთი — ვაშლს შეაგორებს, რომელიც
ულამაზესისათვის არის განკუთვნილი. ჰერას, ათენას და აფროდიტეს — ამ „პრიზის" მთავარ
„პრეტენდენტებს" ზევსი დავის გადასაწყვეტად ტროას მეფის, პრიამოსის, ვაჟთან, პარისთან,
რომელსაც ალექსანდროსსაც ეძახდნენ, გააგზავნის. ქალღმერთთა დაპირებებს შორის ჭაბუკ
ალექსანდროსს ყველაზე მეტად აფროდიტეს შემოთავაზება მოეწონება, რომელიც მას ცოლად
ულამაზეს ქალს აღუთქვამს. ვაშლი აფროდიტეს ერგო. „პარისის სამსჯავროს" შემდეგ ჰერამ და
ათენამ სამუდამოდ შეიჯავრეს ტროა და ტროელები. რამდენიმე ხნის შემდეგ აფროდიტე
შეუსრულებს პარისს დანაპირებს და სპარტის მეფესთან, მენელაოსთან, რომულიც იმხანად
სახლში არ იმყოფებოდა, სტუმრად მისულს მის ცოლს, მშვენიერ ელენეს მოატაცებინებს.
აფროდიტესაგან პარისისადმი ძლიერი სიყვარულით ანთებული ელენე ტოვებს ყველაფერს და
ტროას მეფის ვაჟს წაჰყვება. ეს გახდება ომის მიზეზი. რამდენადაც აქაველებს ფიცი ჰქონდათ
დადებული, რომ ამგვარ შემთხვევაში ერთიანი ძალებით დაიცავდნენ სიმართლეს,
აგამემნონის, მენელაოსის უფროსი ძმის, ხელმძღვანელობით აქაველთა ჯარი ტროას
დასალაშქრად გაეშურება უამრავი ხომალდით. იმ დროის ყველა ცნობილი გმირი
მონაწილეობდა ამ ომში: მოკვდავი მამის პელევსისა და უკვდავი დედის თეტისის ძე აქილევსი,
პელევსის ძის შემდეგ უძლიერესი აიას ტელამონის ძე, მოხუცი ნესტორი, გამჭრიახი ოდისევსი,
ფიცხი და მამაცი დიომედესი და მრავალი სხვა. ბევრი რამ დაითმინეს აქაველებმა, ვიდრე
ტროას მიაღწევდნენ. აგამემნონმა ხელსაყრელი ქარისათვის თავისი ასული იფიგენიაც კი
შესწირა მსხვერპლად ღმერთს. ათ წელიწადს გაგრძელდა ომი. პრიამოსის ძე, გმირი ჰექტორი,
მისი ბიძაშვილი, ანქისესისა და ქალღმერთ აფროდიტეს ვაჟი, ენეასი და კიდევ მრავალი გმირი,
ტროელი თუ მოკავშირე ქვეყნებიდან მოსული, იბრძოდა ტროას ანუ ილიონის დასაცავად.
აქილევსთან შერკინებისას დაიღუპა ტროელთა ბურჯი ჰექტორი, განგმირეს თვით აქილევსიც.
კიდევ ბევრი სისხლი დაიღვარა და ბოლოს, ქალაქი აქაველებმა ღმერთისაგან ჩაგონებული
ეშმაკობის წყალობით აიღეს. მათ, თითქოსდა ომის დასრულების ნიშნად, ააგეს დიდი ხის
ცხენი, რომელშიც ცნობილი აქაველი გმირები ჩაიმალნენ, თავად კი ხომალდებით ზღვაში
გავიდნენ. ტროელებმა, მათი ქურუმის ლაოკოონის გაფრთხილების მიუხედავად, შეიტანეს. ხის
ცხენი ქალაქში და ამისათვის სასტიკად დაისაჯნენ. ღამით აქაველი გმირები გამოვიდნენ
„ტროას ცხენიდან“. გაუღეს კარები უკან მობრუნებულ თანამებრძოლებს და მიწასთან
გაასწორეს თავზარდაცემული ქალაქი. არ იყო ერთნაირად წარმატებული აქაველთა უკან
დაბრუნება ტროადან. თუკი მენელაოსმა, ნესტორმა და სხვებმა ბედნიერად მიაღწიეს თავიანთ
სამშობლოს, ოდისევსმა, პოსეიდონისაგან დევნილმა, კიდევ ათ წელიწადს იხეტიალა, ვიდრე
ითაკაში დაბრუნდებოდა. ტრაგიკული სიკვდილი ელოდა აგამემნონს მიკენში. აქ იგი
მზაკვრულად მოკლეს მისმა ცოლმა კლიტემნესტრამ და ბიძაშვილმა ეგისთოსმა, რომელიც
ატრევსის ძის მეუღლის საყვარელი იყო. მაგრამ აგამემნონის სიკვდილი არ შერჩა ცოდვილთ:
მალულად გაზრდილი აგამემნონის ძე ორესტესი ბრუნდება სამშობლოში და კლავს ეგისთოსს
და საკუთარ დედას — კლიტემნესტრას.
ამ ციკლის მიხედვით შეიქმნა ჰომეროსის „ილიადა“ (ეპიკური პოემა) და „ოდისეა“ (ეპიკური
პოემა), ესქილეს „ორესტეა“ (ტრაგედია), სოფოკლეს „აიასი“ (ტრაგედია), „ელექტრა“
(ტრაგედია), „ფილოქტეტესი“ (ტრაგედია), ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“ და „ელენე“
(ტრაგიკომედია).

ბილეთი 3

1. ჰესიოდეს ცხოვრება და შემოქმედება (5ქ.)


ჰესიოდე პირველი ბერძენი მწერალია, რომელიც თავისი ცხოვრების, შემოქმედებისა და
ეპოქის შესახებ თავადვე გვაწვდის ცნობებს. ჰესიოდეს ოჯახი წარმოშობით მცირე აზიის
ეოლიიდან, კიმედან ყოფილა. მამამისს, დიემოსს ვაჭრობაში არ გაუმართლა, ამიტომ ასკრაში
დასახლებულა და ვაჟიც იქ გაუზრდია. სანამ წერას დაიწყებდა, გლეხის მძიმე შრომას ზიარებია
და ცხვარიც უმწყემსია. როგორც თავად გვიამბობს, ჰელიკონის მტაზე მუზები სწვევია და
მისთვის სიმღერის უნარი უბოძებიათ. შემდეგ ისე გაწაფულა, ანტიკური ტრადიციის მიხედვით,
ჰომეროსს შერკინებია კიდეც. იგი მოღვაწეობდა ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე.
დაუსაფლავებიათ ორქომენოსში.
ჰესიოდე გეომეტრიულ და არქაულ ეპოქათა მიჯნაზე მოღვაწეობდა და ამ პერიოდის
პოლიტიკური თუ კულტურული ტენდეციები მის პოემებშიც იჩენს თავს. ის ფაქტი, რომ ავტორი
საკუთარ თავს ასე აქტიურად რთავს თავის ეპოსში, სწორედ არქაიკის გამოძახილია.
ჰესიოდეს ორი პოემა - „თეოგონია“ და „სამუშაონი და დღენი“ - სრულად შემოგვრჩა, ხოლო
ერთი - „ქალთა კატალოგი“ - ფრაგმენტულად. მასვე მიაწერენ „ჰერაკლეს ფარს“,
„მელამპოდიას“ და „დიდ ეჰოიებს“.
„თეოგონია“ ანუ „ღმერთთა წარმოშობა“ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძველს უყრის ე.წ.
გენეალოგიურ და კოსმოგონიურ ეპოსს. პოემა 1022 სტრიქონისგან შედგება. ჰესიოდეს
მიხედვით, პირველად იყო ქაოსი, შემდეგ დედამიწა – გეა, მიწისქვეშეთი – ტარტაროსი და
ეროსი. ქაოსმა დასაბამი მისცა წყვდიადსა და ღამეს, ხოლო ტარტაროსმა – ტიფონი ტიფოევსი
და მისი შთამომავალნი შვა. ეროსი ღმერთთა შეერთების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.
გეამ სხვათაგან დამოუკიდებლად წარმოშვა ზეცა – ურანოსი, მთები და ზღვა – პონტოსი, ხოლო
გეასა და ურანოსის შეუღლებით იშვა ექვსი ვაჟი: ოკეანოსი, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი,
იაპეტოსი, კრონოსი და ექვსი ქალი: თეია, რეა, თემისი, მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი. მათ
ტიტანები და ტიტანიდები უწოდეს. მთელი ძალაუფლება ურანოსმა იგდო ხელთ მის
შესანარჩუნებლად თავისი შვილები, ტიტანები და ტიტანიდები თავიდან მოიშორა: ისინი გეას
წიაღში დანთქა. გულშეძრულმა დედამ შვილები მამის წინააღმდეგ აამხედრა. კრონოსმა
ნამგლით ურანოსი დაასაჭურისა და ხელისუფლების სათავეში მოექცა. დასაჭურისებული
კრონოსის სისხლისგან სხვადასხვა ღვთაებრივი ძალები იშვნენ, ხოლო მისმა ფალოსმა ზღვის
ქაფიდან აფროდიტე მოავლინა. კრონოსსა და რეას ექვსი შვილი გაუჩნდათ: ჰესტია, დემეტრე,
ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი და ზევსი. შთამომავლობის წინაშე შიშის გამო კრონოსიც მამის კვალს
დაადგა და შვილები გზიდან ჩამოიშორა: ისინი თავად გადაყლაპა. მამის ხელით დაღუპვას
მხოლოდ ზევსი გადაურჩა. რეამ კრონოსს ძონძებში გახვეული ქვა გადააყლაპა, ხოლო
ვაჟიშვილი კრეტაზე გადამალა. დავაჟკაცებულმა ზევსმა კრონოსს ქვაცა და თავისი და-ძმებიც
უკან ამოიღებინა, რის შემდეგაც მასთან და სხვა ტიტანებთან ბრძოლაში ჩაება. სამი ასხელა
ურჩხულის დახმარებით, რომლებიც ადრე გეამ ურანოსს უშვა, ზევსმა კრონოსი და მისი თაობის
სხვა ღმერთები, ტიტანები დაამარცხა და მათ მიწისქვეშეთში, ტარტაროსში მიუჩინა ადგილი.
ამის შემდეგ ზევსმა გეასა და ტარტაროსის შთამომავალს, უძლეველ ასთავა ურჩხულს,
ტიფოევსს სძლია და ისიც ტარტაროსში ჩაუშვა, მისგან კი დედამიწაზე უბედურების მომტანი
ქარები დარჩნენ. ზევსი უზენაესი მბრძანებელი ხდება და თავის ძმებთან ერთად სამ სკნელს
ინაწილებს. პოსეიდონი ზღვასა და მდინარეებს განაგებს, ჰადესი – მიწისქვეშეთსა და საიქიოს,
თავად ზევსი კი – ზეცასა და მთელ სამყაროს. მისი კანონიერი მეუღლე ჰერაა, თუმცა
სხვადასხვა თაობის ქალღმერთთგან და მოკვდავთაგან მას მრავალი შვილი უჩნდება. ზევსის
უკვდავი შთამომავალნი თანდათანობით წინა თაობის ღმერთებს ენაცვლებიან, მათი ნაწილი
კი ზევსის და-ძმებთან ერთად ოლიმპიელ ღმერთთა დასს ქმნის. „თეოგონიაში“ ორი
მიმართულება შეიძლება გამოიყოს. პირველი, გენეალოგიური ხაზი ღმერთთა თაობების
ცვლილებისა და ღვთაებრივ ძალთა წარმოშობის შესახებ გვიამბობს, ხოლო მეორე ამ
ძირითადი ხაზიდან ერთგვარი გადახვევაა და მას მითებითა და სხვადასხვა ამბებით ავსებს.
სწორედ ამ მხატვრული ხერხისა და ჰესიოდეს მწერლური ოსტატობის წყალობით, „თეოგონია“,
თავისი სპეციფიკის მიუხედავად, ღმერთების მშრალი, მოსაწყენი და ერთფეროვანი
ჩამონათვალი კი არ არის, არამედ მრავალფეროვანი, ლაღად და ოსტატურად დაწერილი
სახალისო და შემეცნებითი პოემაა.
„თეოგონია“ ღვთაებრივი სამყაროს ვნებათაღელვას გვაზიარებს, „სამუშაონი და დღენი“ კი –
ჩვენს ყოველდღიურობას, „პატარა კაცის“ ყოფით და ზნეობრივ საფიქრალსა თუ სატკივარს.
პოემის შექმნის საბაბიცა და სახელწოდებაც დიდად „პროზაულია“. მამის გარდაცვალების
შემდეგ, ჰესიოდეს ძმას, პერსესს, ცრუ მოწმეთა საშუალებით ჰესიოდეს კუთვნილი ქონებაც
დაუსაკუთრებია, მაგრამ მისთვის ვეღარ მოუვლია, სულ ერთიანად გაუფლანგავს და
შეწევნისთვის კვლავ ძმას მისდგომია. მისგან კი მატერიალური დახმარების ნაცვლად,
სულიერი საზრდო – ბრძნული რჩევა-დარიგებებით აღსავსე და ჭკუის სასწავლი პოემა,
„სამუშაონი და დღენი“ მიუღია. ჰესიოდე ოსტატურად ამთლიანებს ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებულ ამბებს, აზრებს, რჩევა-დარიგებებს და ანტიკურ ლიტერატურაში საფუძველს
უყრის კიდევ ერთ მიმართულებას - დიდაქტიკურ ეპოსს. ეპოსი მუზებისა და ზევსისადმი
აღვლენილი საგალობლით იწყება. შემდგომ ავტორი მსჯელობს ორგვარი „ერისის“, ანუ შურის,
შუღლის, ქიშპობის შესახებ. პირველი მათგანი ადამიანს მეტი გარჯისა და სრულყოფისკენ
უბიძგებს ე.ი. სასიკეთოა. მეორეს კი დაპირისპირება, მტრობა და ომი მოაქვს, რის გამოც
ადამიანები უნდა ერიდონ მას. ამავე ნაწარმოებში ჰესიოდე პრომეთესა და ზევსს შორის
არსებული კონფლიქტის თავისებურ ვერსიას გვთავაზობს. პრომეთემ ზევსი გააცურა: ხორცის
ორი ულუფა შესთავაზა, რომელთაგანაც ერთი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა, თუმცა
შიგნით ძვლები იყო, ხოლო მეორე - გარეგნულად საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ მჭლე
ნაჭრებით იყო სავსე. ახლაგაზრდა ღმერთმა პირველი ულუფა აირჩია, მაგრამ როცა ამის
შესახებ, იგი განრისხდა და ადამიანთა მოდგმას ცეცხლი წაართვა. პრომეთემ ცეცხლი მოიპარა
და ისევ მოკვდავებს დაუბრუნა. ზევსმა ისინი კვლავაც დასაჯა. პრომეთეს ძმას, ეპიმეთევსს,
ცოლად მიჰგვარა ღვთაებათა მიერ თვალწარმტაცი გარეგნობითა და ცბიერი ბუნებით შემკული
ქალი პანდორა, რომელიც ყველა ღმერთმა უხვად დაასაჩუქრა, ხოლო თითოეულმა საჩუქარმა
კაცთა მოდგმას დიდი უბედურება მოუტანა, პანდორამ ღმერთთაგან მიღებულ ქოთანს ხუფი
ახადა და ქვეყნიერებას ღვთაებათა საბოძვარი: კაცთა მტანჯველი უბედურებანი მოუვლინა.
ზევსის ნებით, მხოლოდ იმედი დარჩა ჭურჭელში გამოკეტილი. მას შემდეგ ათასგვარი სიავე,
ბოროტება და სნეულება დაეხეტება და კაცთათავის ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს. ჰესიოდე
კაცობრიობის განვითარებას ხუთ ეტაპად/საუკუნედ ჰყოფს: 1. ოქროს საუკუნე (კრონოსის
მმართველობა, ადამიანები ბედნიერად ცხოვრობდნენ); 2. ვერცხლის საუკუნე (ცხოვრება
გაუარესდა); 3. სპილენძის საუკუნე (ძალადობის ეპოქა); 4. ნახევარღმერთებისა და გმირების
ეპოქა (ტროა,თებე); 5. რკინის საუკუნე (ყველაზე სასტიკი, დაუნდობელი ეპოქა); ჰესიოდე ბოლო
ეპოაქში ცხოვრობს: „ნეტავ, არ ვყოფილიყავ კაცი მეხუთე მოდგმისა“. იგი გამოსავალს
სამართლიანობაში ხედავს. ჰესიოდე უამრავ სასარგებლო რჩევას გვაძლევს: სტუმრის
დახვედრა როგორ გვმართებს და მეზობლის პატივისცემა, ძუნწს რომ არაფერი უნდა მივცეთ,
ხელგაშლილს კი უხვად უნდა შევეწიოთ. ჰესიოდე იღბლიან და უიღბლო დღეებზეც
გვესაუბრება და ადამიანურ ურთიერთობათა დეტალებზეც. როგორც ჭეშმარიტ გლეხს,
ჰესიოდეს არც ხვნა-თესვასთან და მამულის მოვლაპატრონობასთან დაკავშირებული
პრაქტიკული რჩევები ავიწყდება, მოგზაურებსაც სათანადო მითითებებს აძლევს და
დაქორწინების მსურველთაც. ქალის და ქურდის ნდობა ერთიაო: „ვინც ქალს ენდობა,
ჭეშმარიტად, ენდობა ქურდსა“ – მამაკაცებს აფრთხილებს ქალთმოძულე პოეტი, თუმცა იმასაც
ამბობს, რომ კარგ ცოლზე უკეთესს კაცი ვერაფერს მოიხვეჭს.

2. ჰომეროსის მთავარი გმირების დახასიათება (5ქ.)


ოდისევსი „ოდისეას“ მთავარი პერსონაჟია, რომელიც სხვებისგან გონებამახვილობითა და
სიმამაცით გამოირჩევა. ტროას ომის დროს მან არაერთი საგმირო საქმე ჩაიდინა: მოაბრუნა
აგამემნონის მიერ გაშვებული ჯარი, ტროას სასახელო ცხენშიც ის იმყოფებოდა და მისი
ძალისხმევით შეძლეს აქაველებმა ქალაქის აღება. თავის თანამოძმეებს მუდამ ყურადღებას
აქცევდა: ლოტოსით გაბრუებული მეგობრები უკან დააბრუნა, ჰელიოსის წმინდა ფარასთან
მისვლაც ამიტომ არ სურდა. ამასთან ერთად იგი ძალიან გამოცდილია, მან ჰადესის საუფლოში
იმოგზაურა, წარმოუდგენელია მოკვდავი ადამიანისთვის იმქვეყნიურ სამყაროში მოგზაურობა.
მიუხედავად იმისა, რომ ოდისევსი მუდამ კეთილგონივრულად იქცეოდა, ისიც უშვებს
შეცდომებს. ღმერთისსადარი ოდისევსი პოსეიდონს განარისხებს, რადგან მის შვილს
აბრმავებს. ჩემი აზრით, ლაერტეს ძეს არ უნდა გაემხილა თავისი ნამდვილი სახელი და ასე
თავიდან აირიდებდა პოსეიოდნის სასჯელს, თუმცა იგი ჰიბრისმა შეიპყრო: „კიკლოპ, თუ
გკითხოს მოკვთავთაგან უეცრად ვინმემ, ასე სასირცხვოდ თვალის ჩინი ვინ წაგართვაო, ეს
ოდისევსმა დამივსო-თქო, ციხის გამტეხმა, ლაერტის ძემან, ვინც ითაკის ბინადარია.“ ოდისევსი
ყველასგან გამორჩეულია, თუმცა ის ადამიანია, მასაც აქვს უფლება შეცდომების დაშვების და ამ
შეცდომებზე სწავლის.

პენელოპე ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟია, რადგან იგი ძლიერი ქალი


პერსონაჟია. ის 20 წელი ელოდა მეუღლეს, ამ ხნის განმავლობაში მარტო უმკლავდებოდა
ყველანაირ პრობლემას, მარტო აღზარდა ვაჟი. პენელოპე ერთგულების სიმბოლოა, ქალია,
რომელიც შეყვარებულია ერთადერთ მამაკაცზე და არ სურს უღალატოს მას. პრინციპული და
გონებამახვილი პერსონაჟია (სუდარა, ოდისევსის მშვილდი). არ უშინდება სასიძოებს და
მამაცურად ხვდება მათ განრისხებას. გონებით ებრძვის სასიძოებს.
ტელემაქე ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც უმამოდ გაიზარდა, თუმცა მისი სიყვარული არ
გამქრალა. სიჭაბუკეშივე მოუწია გაზრდა, სასიძოებთან ბრძოლა და მოგზაურობა. ათენას
დახმარებით, ჩამოყალიბდა მამის ღირსეულ მემკვიდრედ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ არ
უნდა მიეცა სასიძოებისთვის ასე გათამამების უფლება.

3. ძველი ბერძნული ლირიკის ზოგადი მიმოხილვა (5 ქ.)


ანდა სტუდენტის სურვილისამებრ:
არქილოქოსის პაროსელის ცხოვრება და შემოქმედება (5ქ.)
ერთ-ერთი პირველი იამბოგრაფოსი, რომლის შემოქმედების ფრაგმენტებმაც ჩვენამდე
მოაღწია არქილოქოსია. ხშირად მასვე მიაწერენ იამბური საზომის გამოგონებას. არქილოქოსი
პირველი ელინი პოეტია, რომლის მოღვაწეობის ხანის ზუსტი დათარიღება ხერხდება, რადგან
ერთ-ერთ თავის ლექსში მზის დაბნელებას მოიხსენიებს. არქილოქოსი მოღვაწეობდა ძვ.წ. VII ს-
ში, თუმცა ზოგი მკვლევარი საეჭვოდ მიიჩნევს ამ დათარიღებას. პოეტის მამას - ტელესიკლესს
დაუარსებია კოლონია კუნძულ თასოსზე. მისი პოეზია ბიოგრაფიული ხასიათისაა, ამიტომ მისი
პორტრეტის მრავალი დეტალია ცნობილი. მამა წარჩინებული ოჯახიდან ყოფილა, ხოლო
დედა - მონა ქალი, ენიპო. ვარაუდობენ, რომ წარმომავლობის ამ ლაქამ (ბერძენთა თვალში)
თავისებურად განსაზღვრა კიდეც პოეტის ბედი: როგორც უკანონოდ შობილს, მას არ ჰქონდა
უფლება მიეღო მამისეული მემკვიდრეობა. ამიტომ იძულებული იყო თავად მოეხვეჭა ქონება
შორეულ კუნძულ თასოსზე, რომლის კოლონიზაციაშიც მისი წინაპრები მონაწილეობდნენ. აქ,
მეზობელ თრაკიულ ტომებთან ბრძოლებში გაიარა არქილოქოსის ცხოვრების მნიშვნელოვანმა
ხანამ. მან, ვითარცა დაქირავებულმა მებრძოლმა, იმოგზაურა კუნძულ ევბოაზე, კონტინენტურ
საბერძნეთში და დაეცა ბრძოლის ველზე კუნძულ ნაქსოსზე. მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი
ეპიზოდია აგრეთვე ნეობულე თავისი ბოროტი მამა ლიკამბესით. ლეგენდის თანახმად,
ლიკამბესმა უკანონოდ შობილ პოეტს არ გაატანა ცოლად თავისი ქალიშვილი. ამ
გაწბილებისთვის არქილოქოსმა ლექსებით ისე შეურაცხყო ისინი, რომ არა მხოლოდ
ნეობულემ, არამედ მისმა დებმაც ჩამოიხრჩვეს თავი.
არქილოქოსის მრავალრიცხოვან ქმნილებათაგან ჩვენამდე მეტად მცირე ფრაგმენტები
შემორჩა. მათ შორის: ელეგიები, რომლებიც იმღერებოდა ფლეიტაზე ღვინის სმის დროს;
პიროვნული ხასიათის იამბური ტრიმეტრები, მიმართული, ძირითადად, ლიკამბესისა და
ნეობულესადმი; ტროქეული ტეტრამეტრები თასოსის კოლონიზაციის, ომის, საკუთარი
უბედურების, მზის დაბნელების და სხვა მოვლენების შესახებ; ეპოდები შერეული მეტრით;
ტეტრამეტრები შერეული რიტმებით.
არქილოქოსის შემოქმედების მკვლევართა საერთო აღიარებით, დიდია ამ პოეტის
დამსახურება პიროვნული ლირიკის განვითარების სფეროში. კერძოდ, სწორედ მის პოეზიაში
წარმოჩინდა სრული ძალით პოეტური `მე~. იგი, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს ახასიათებს
და წინადადებას იწყებს „ეგო“-თი („მე“). არქილოქოსი, როგორც მებრძოლი, თავისი ფსიქიკით
განსხვავდება ეპოსის გმირთა ღირსეული სახეებისგან. მისი აზრით, „დაქირავებული კაცი
მანამდეა მეგობარი, ვიდრე იბრძვის“. როგორც ჩანს, მას ცხოვრებამ ასწავლა ზომიერების
დაცვა. იგი არ ისწრაფვის ბრძოლის ველზე მოპოვებული დიდებისაკენ, არც ქონების
მოხვეჭისაკენ მისი ერთადერთი მიზანი სიცოცხლის შენარჩუნებაა. ამ აზრებით შეპყრობილი
არქილოქოსისათვის უცხოა ომის რომანტიკა, ის ტრადიციები, რაც ძველ საბერძნეთში ჯერ
კიდევ არსებობდა: იარაღი, საბრძოლო აღსაჭურველი მებრძოლის ღირსების სიმბოლოდ
ითვლებოდა. ტრადიციას უპირისპირდება არქილოქოსი მაშინაც, როდესაც მისთვის მისაღები
სტრატეგოსის თვისებებს აღწერს. მისი აზრით, სულაც არ არის აუცილებელი მხედართმთავარი
გარეგნულად იყოს უზადო, მთავარია სულის სიმედგრე (გავიხსენოთ ანტიკური ხანის გამოთქმა:
„ლამაზ სხეულში ლამაზი სულია“). არქილოქოსის ლირიკაში ეროსის თემაც დომინირებს. ამ
შემთხვევაში თვალში საცემია პოეტის ორმხრივი ხასიათი: მას უყვარს კიდეც და ამავე დროს
დაუნდობელიც არის. არქილოქოსის ფრაგმენტებში შეინიშნება სექსის თემატიკაც,
რომელთაგან ზოგიერთში უცენზურო სიტყვებიც კი დასტურდება. პოეტმა, როგორც აღვნიშნეთ,
თავისი დაუნდობელი და ბასრი ენით საქვეყნოდ გაითქვა სახელი. საკმაოდ ოსტატურად
იყენებდა იგი იგავ-არაკის ფორმასაც. ჩანს, არქილოქოსს ლირიკის მრავალ სფეროში უსინჯავს
კალამი და ყველა შემთხვევაში გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება გარემომცველი
სამყაროსა თუ ადამიანებისადმი. ამ თვისების გამო იგი მკვლევარებმა ბერძნულ
ლიტერატურაში ახალი ეტაპის დამწყებად აღიარეს, რაც პოეტური „მე“-ს ტრადიციულ
სამყაროსთან, ტრადიციულ ღირებულებებთან დაპირისპირებით გამოიხატა. არქილოქოსი
ცხოვრებამ გააუხეშა, რაც აისახა კიდეც მის პოეზიაში. მისი ლექსების ენა მძიმეა, ხშირად
უხამსი. პოეტი ცდილობდა მისთვის შესაფერისი ფორმით გამოეთქვა ის, რასაც
ყოველდღიურად ხედავდა. დამცინავი იამბი მის განწყობილებებს სათანადოდ მოერგო.
მიუხედავად ამისა, არქილოქოსის ქმნილებები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ არა
მხოლოდ პოეტის თანამედროვე, არამედ შემდგომ ხანებშიც.

You might also like