You are on page 1of 7

ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანს“ საინტერესო შემოქმედებითი ისტორია აქვს.

,,მერანზე“ საუბრისას ლიტერატურის კრიტიკოსები ხაზს უსვამენ ერთ ისტორიულ ფაქტს,


რომელმაც გადამწყვეტი არა, მაგრამ გარკვეული როლი ითამაშა ლექსის ,,დაბადებაში“.

1842 წლის გაზაფხულზე (მარტში) დაღესტანში იმამ შამილის [1798 – 1871 წწ; (იმამ
შამილი იყო კავკასიელი მუსულმანების პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ლიდერი.
როდესაც XIX საუკუნეში ეროვნულ - გამათავისუფლებელი ბრძოლა წარმოებდა, წარმოშობით
დაღესტნელი შამილის მიერ დაარსებულმა მოძრაობამ - მიურადიზმმა დაღესტანი და ჩეჩნეთი
რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლისათვის გააერთიანა)]. რაზმელებმა ერთ
ერთი შეტაკების დროს ტყვედ ჩაიგდეს რუსის ჯარის სამი ოფიცერი, მათ შორის იყო გენერალ -
მაიორი ილია ორბელიანი, გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა და ნიკოლოზ ბარათაშვილის
ბიძა (დედის ძმა).

ბიძა და დისშვილი თითქმის თანატოლები იყვნენ. ერთად, ერთ ოჯახში იზრდებოდნენ.


გასაკვირი არაა, რომ ბიძის ტყვეობა პოეტმა ძლიერ განიცადა. აი რას სწერდა ნიკოლოზ
ბარათაშვილი უფროს ბიძას გრიგოლ ორბელიანს, 1842 წლის 2 მაისს:

,,საყვარელო ძმაო გრიგოლ!

ილია მართლა ტყვედა არის შამილთან! ეს ამბავი ადრევე მინდოდა მომეწერა შენთვის,
მაგრამ ჯერ კიდევ ყველას იმედი გვქონდა, რომ ან ეს ხმა ტყუილი იქნებოდა, ან
ყაზიყუმიხელები შეინახავდნენ დამშვიდებამდე. ფეზეს ოფიციალური მოხსენებიდან ცნობილია
მხოლოდ ის, რომ მისი ადიუტანტი, თავადი ორბელიანი, 20 მარტს გაგზავნილი იყო
მინდობილობით ანდალალში და ის იქ ტყვედ ჩაიგდეს. ხოლო ლეკმა, რომელმანც ეს ამბავი
მოიტანა და რომელიც დამსწრე ყოფილა ილიას დაჭერაში, აი, რა ილაპარაკა: ილიკო რომ
დაუჭერიათ, სინაქაროვი და ყაზიყუმიხის ხანი დაჭერილები ყოფილან. მეორე დღეს შემოსულა
ანდალალში თვითონ შამილი, ტყვეები წარუდგენიათ. ილიკოს თანა ჰყოლია ოცი, სულ
დაწკეპილი ყმაწვილი ბიჭები, ავარელები, ახმეტ - ხანისაგან გამოტანებულები; შამილს
ოცისავესთვის ილიას თვალთ წინ თავები დაუყრევინებია; ახტელელები კი, რომელნიც
სინაქსაროვს მოჰყოლიან, დაუშიშვლებია და ისე გამოუყრია. შამილი ახმეტ - ხანზედ ძალიან
გაბრაზებულია თურმე და ასე უწყალოდ იმიტომ მოჰქცევია ავარელებს.

აი, ილიკოს რა უთქვამს შამილისათვის: ,,შამილ! როგორ ეკადრება შენს სახელს მაგისთანა
უწყალოება! თუ გინდა მაგით შეაშინო ვინმე, ვინ უნდა შეაშინო? ყველანი სიკვდილის შვილები
ვართ. ჭეშმარიტად, ახლა მეც სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნას!“ ვითომც შამილს
სდომნებია ილიას გამოშვება, მაგრამ, ესე ყოჩაღად რომ უნახავს და ამის გვარიშვილობაც
შეუტყვია, უფიქრია, რომ ეს კარგი ოფიცერი უნდა იყოს და იქნებ რუსებმა ჩემს შვილში
გამიცვალონო. მაშინ შამილს უთქვამს ტყვეებისათვის - ილიასა და სინაქსაროვისათვის, რომ
თქვენ ნუ რა გეფიქრებათ, მაგრამ თქვენს მამულს ვერა ნახავთ, ვიდრე ხელმწიფე ჩემს შვილს არ
მომცემსო. ახლა ილიკო დარღოშია, სადაც შამილის ცოლ - შვილია და სიმაგრე, და კარგადაც
თურმე ინახავს. ასე გასინჯე, გოლოვინის ცოლმაც კი თქვა, რომ: მე ყოველთვის იმედი მქონდა,
რომ ქართველი მაგისთანა პასუხს არ მისცემდაო, ვითომც ილიას რომ უთქვამს სიკვდილი
მირჩევნია შენს ხელში ყოფნასაო. მახლას, ილიკო ყოჩაღად ყოფილა. ის ახლა ნაირ - ნაირ
ანეგდოტთა საგანია. ზოგჯერ ამისთანა შემთხვევაც კარგია კაცის სიცოცხლეში. ეს არის, რომ
იქნება ჩვენ დაგვიგვიანდეს ილიას ნახვა, თვარემ იმას ამ ტყვეობით არა უშავს რა . . .
აი, რას ფიქრობს პოეტი ილიას მაგივრად:

,,მირბის, მიმაფრენს უგზო - უკვლოდ ჩემი მერანი!

[მოყვანილია მთელი ლექსი]

არ ვიცი, ეს ლექსები როგორ მოგეწონება. აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი


დაინთხა ამის წაკითხვაზე. რასაკვირველია იმიტომ, რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში და არა მე.

ილიას დაჭერა რომ შევიტყვე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი: ასე რომ, სამი დღე
გაბრუებული ვიყავ ათასის სხვა და სხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და, რომ ეკითხათ
კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა. ბოლოს, მესამე დღეს ეს ლექსები დავწერე და თითქოს
ამან რაღაც შვება მომცა. ვცდილობ, რომ ილიკოს როგორმე მივაწოდო. ვიცი, გულში ჩაიცინებს
და არ იქნება, მით არა ენუგეშოს რა.

ზაქარია ახტას არის, სინაქსაროვის ადგილს; იასეც იქ არის ელისოს მილიციით და


იმედებს იწერებიან ილიას გამოყვანისას, მაგრამ მე ჯერ ასე ჩქარა ვერა მგონია, მეტადრე ახლა,
როდესაც შამილი ჯერ არსად ომობს და ილიაც თავის სახლში ჰყავს.

ძმაო გრიგოლ, ყოველივე სოფელში ღვთის ნებაა და მწუხარებით, თვითონ იცი, ვერას
ვუშველით ილიკოს. ჩვენი საფიქრებელი ეს არის, რომ ვიღონოთ რამ იმის გამოხსნისათვის.

ძლივს საქართველოს მოუვიდა რუსი, რომელსაც ეყურება აქაურობისა. იმედია, რომ


პოზინი კეთილად წარმართავს ჩვენს გარემოებას. მინისტრს შვიდს მაისს მოველით ერევანში.
სხვებრ ჩვენიანები ყველანი კარგად არიან, მხოლოდ ფეფოს მწუხარება გვაწუხებს ყველას. ხომ
იცი, ტყვეობა და სიკვდილი ჩვენს დედაკაცებს ერთი ჰგონიათ, მეტადრე ლეკის ტყვეობა.

მაისის 2-სა დღესა 1842 წელსა“

რვა თვე ჰყავდა ტყვედ ილია ორბელიანი შამილს. ტყვეობაშიც ღირსეულად სჭერია თავი
ილიას. პოეტის ბიძის რაინდობას, სიმტკიცეს თვით შამილის აღტაცებაც კი გამოუწვევია.

ილიას ვაჟკაცური თავდაჭერილობა სამაგალითო აღმოჩნდა. ალექსანდრე ჭავჭავაძის


შვილიშვილების გუვერნიორ ფრანგ ქალს ,,დრანსეს, რომელიც აგრეთვე ტყვედ ჰყავდათ
მთიელებს 1854 – 1855 წლებში, თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს მთაში გაგონილი ამბავი
ილია ორბელიანის ხასიათის სიმტკიცისა და არაჩვეულებრივი გამბედაობის შესახებ.

ილია ორბელიანის ტყვეობა ,,მერანის“ იდეური სტიმულია. ბრძოლისა და შეუპოვრობის


ის განწყობილებანი, რაც ამ ლექსშია, ბოლოს მაინც აუცილებლად უნდა გამოვლინებულიყო.

ილია ორბელიანმა თავისი ტყვეობა აღწერა სათავგადასავლო თხზულებაში ,,რვა თვე


შამილის ტყვეობაში“.
არსებობს რომანტიკული პოეზია, რომანტიკული პიროვნება, რომანტიკული ადგილი და,
თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს რომანტიკული ასაკიც, ჩვეულებრივ, თხუთმეტიდან ჩვიდმეტ
წლამდის რომ მერყეობს ხოლმე; ამ ხნისას დაბნედს ტარიელს ნესტანის დანახვა, მის ტოლა
რომეოს კი სიყვარულის სახმილი საწამლავს დაალევინებს; ყრმობის ჟამს მამულის ზარებიც
სხვადასხვაგვარად რეკენ, მათი ხმა ყურიდან როდი აისხლიტება, გულამდის ატანს და
სამსხვერპლო ტარიგივით ადებინებს კისერს პაატა სააკაძეს ჯალათის მახვილის ქვეშ; სიჭაბუკის
ხანაში დადგება დანიის მჭმუნვარე პრინცი ,,ყოფნა - არყოფნის“ დილემის წინაშე; მის მოწლე
კოჭლ ყმაწვილსაც მაშინ განეხმება სულის სამზერნი და მამადავითზე, ზეცისკენ თავაღერილი,
აჩურჩულდება: ,,გულისთქმა ჩემი შენს იქითა ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს
აქ ამაოება“ . . .

თექვსმეტი წელი - რომანტიკული ასაკი, ოცნების, შეტევის ქარიშხლის ხანაა . . . და ამავე


ასაკში ედება ქონი ლუარსაბის სხეულსა და სულს; ამ ხნისას დაუწყებს იაგოს გულსაც შურისა
და პატივმოყვარეობის დემონი ღრღნას, ამიტომაც განსაკუთრებით ამ დროს სჭირდება ყმაწვილს
ისეთი ,,სულის პური“, კეთილშობილური ოცნებით ნაგები კოშკისკენ მიმავალს საგზლად რომ
გამოადგება. სწორედ ასეთი სულის საზრდოა რომანტიკოსთა პოეზია. ბედად, სწორედ წელს
შემოგვიღეს სკოლის კარი თექვსმეტი წლის რომანტიკოსებს ჩვენმა დიდმა რომანტიკოსებმა და
ოცნების გაკვეთილები ჩაგვიტარეს.

ამ პრაგმატისტულ, საქმიან საუკუნეში რა ოცნების გაკვეთილები აგიტყდათო,


გაიკვირვებს, ალბათ, ზოგიერთი და იმასაც დაატანს - უმჯობესია, ღრუბლებში ნავარდს მიწაზე
დაეშვათ და ოცნებისა და ფანტაზიორობის ნაცვლად ქიმია და მათემატიკა ისწავლოთ
რიგიანადო.

ამ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევახსენოთ - ოცნება რომ არა , არც ქიმია, არც
მათემატიკა და, საერთოდ არანაირი მეცნიერება არ გვექნებოდა, და მეორეც - სწორედ ახლა,
მეცნიერულ - ტექნიკური რევოლუციისა და მანქანური ცივილიზაციის საუკუნეში, სჭირდება
ადამიანს ოცნება; ადამიანმა აზროვნება შეასწავლა მანქანას, კიბერნეტიკოსები მორალურ
კატეგორიათა მოდელირებაზეც კი მუშაობენ. ჯერჯერობით ოცნებაღაა, რაც ადამიანმა, ლომის
გამზრდელი კატისა არ იყოს, თავისთვის დაიტოვა და მანქანას არ თუ ვერ ,,ასწავლა“. ვინ იცის,
გაჭირვების ჟამს კაცთა მოდგმა, იქნებ, სწორედ ამან გადაარჩინოს. ახლა, როცა აზროვნებაში
ჩვენივე აზროვნებით შექმნილი კომპიუტერები ჩაგვეზიარნენ, იქნებ, უპრიანიც იყოს თქმა
იმისა, რომ ადამიანი - ეს არის მეოცნებე სისტემა. ასე რომ, ოცნებაზე ხელის აღება ადამიანობაზე
უარის თქმას ეტოლება და მესამე - ოცნებაც არის და ოცნებაც! ზოგის ოცნება ლუარსაბისა არ
იყოს, სადილად ბოზბაშსა და ჩალაღაჯზე შორს არ მიდის, მოდით, ნუ წავბილწავთ
სამზარეულოს ოხშივრით ოცნების საუფლოს, მაგრამ მას არც გუნდრუკის სურნელი ასდის:
ოცნების ქვეყანაში შესული ყმაწვილი იქ უმალ ოფლის, ცრემლისა და სისხლის სუნს იკრავს -
ჭეშმარიტი ოცნება სწორედ მათგან იშვება.

ოცნება საქმეა! ვის გაუგონია ერთაოზის უსაქმურობა! ოცნება ხელოვნებაა და მის


შესასწავლად და დასახვეწად ისევ და ისევ ჩვენს დიდ მეოცნებეთ - ჩვენს რომანტიკოსებს
მივმართოთ.

მარადიდი

(თურქებმა სოფელ მარადიდის მცხოვრებლები ადიდებულ ჭოროხთან მირეკეს და


პირობა წაუყენეს: ქრისტიანად დარჩენის უფლება მიეცემოდა იმას, ვინც გაღმა გააღწევდა . . . )

რა საზარი გოდებაა,

გმინვა, კვნესა, ცას ამწვდენი,


არჩევანი ,,მარტივია“

ბედისწერის ასაცდენი.

რა პირობა მოიფიქრა

მოძალადე გულმურდალმა:

,,ან ახლავე დაიხუროს

ქალმა ჩადრი, კაცმა ჩალმა,

ანდა მხოლოდ მას ექნება

ქრისტიანად ყოფნის ნება,

ვინც გააღწევს გაღმა ნაპირს,

ვინც ამ ღვართქაფს გადურჩება“.

არ იკადრა წინაპარმა

საფლავების შეგინება

გააფთრებულ სტიქიასთან

აირჩია შერკინება.

და სოფელმა გამხეცებულ

ჭოროხს მისცა ურჩად თავი.

დატრიალდა მისტერია

კაცის გულის დამფლეთავი.

შედრეკილებს წინ უძღოდა

უყიოდა გამბედავი;

რა საზარი სურათია,

რა დიადი განსაცდელი,

გაითოშა ძვალ - სახსარი

ტყვიის გახდა ტანსაცმელი;

დედის უბეს ჩაბღუჯული

პირს უმწეოდ აბჩენს შვილი,

უხვად ერგო მშიერ ზვირთებს

ქვა და ღორღით დაჩეჩქვილი;

ემეტება შეშლილ ღვარცოფს


წასალეკად მთა და ბარი.

მოკლე იყო შეტაკება

ომი არათანაბარი;

მსხვერპლად მისვლის წესი ერმა

დაუკლებლად აღასრულა;

უკან ერთიც არ მობრუნდა;

გაღმა ერთიც არ გასულ;

უყურებდა დამპყრობელი,

ბოღმით თვალებდანაბინდი

აოცებდა, აცოფებდა

არგატეხვის ძალი დიდი;

დაჩოქებულ დიდ ქვეყნებზე

ბევრად მცირე, არადიდი

გამარჯვებას ზეიმობდა

დაღუპული მარადიდი.

გატრიალდა, გათქარუნდა,

თურქი ცოდვაგანადიდი,

შეღმუოდა ღამის წყვდიადს

წყალი ავად ანადიდი.

უცბად მიწა გაჩახჩახდა

სასწაულით განარიდი;

ციდან შუქი ჩამოეშვა,

მარადმყოფი, მარად დიდი

სოფელს ნათელს თავზე ჰფენდა

ზეციური მარადიდი;

სამშობლოსთვის ლოცულობდნენ

სასუფევლის ასულები

ერი, ბერი, ქალი, ბალღი,

ვაჟები და ასულები.
ღმერთო, ჩვენს ჯიშს მოურჩინე

მორჩილების სნეულება;

აღადგინე ჩვენს მამულში

თავგანწირვის ჩვეულება;

ბრძოლის გენი გააღვიძე

რაც ჩვენს სისხლში მარად იდო,

ენის, რწმენის შესარჩენად

ერთად ვიყოთ, არა თითო;

წმინდა ჯვარის სადიდებლად

იციმციმე მარადიდო

და, ქართველო, ქრისტეს გარდა

სხვა უფალი არ ადიდო!

( რუსლან მიქაბერიძე, 1998 წ. )

You might also like