You are on page 1of 50

სოფოკლე

ოიდიპოს მეფე
ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა,
შესავალი და კომენტარები დაურთო
ლევან ბერძენიშვილმა

თბილისი 2021
ამ თარგმანს ვუძღვნი ჩემი მთავარი მეგობრის, გია ხომერიკის, ხსოვნას.

2
ლევან ბერძნიშვილი

კიდევ ერთი ოიდიპოსი

1. ოიდიპოს მეფე

ბერძნული მითების სამყარო უზარმაზარია და მას, როგორც წესი, ციკლებად ყოფენ.


ცნობილია: ტროის ომის ციკლი, ჰერაკლეს ციკლი, არგონავტების ციკლი და თებეს ციკლი.
ციკლების უმრავლესობას სასიყვარულო ამბავი იწყებს: ზევსს შეუყვარდა ლედა, ზევსს
ჰეუყვარდა ალკმენე და ა.შ. თებეს ციკლიც სიყვარულით იწყება: ზევსს ამჟამად ფინიკიის
მეფის, არგოსული წარმომავლობის, აგენორის ასული, მშვენიერი ევროპე შეუყვარდა.
აგენორის არგოსულ წარმომავლობაში ის იგულისხმება, რომ იგი ზევსის ძველი სიყვარულის,
ძროხად ქცეული იოს, შთამომავალია (იომ ზევსისგან შვა ეპაფოსი, ხოლო ეპაფოსმა მემფისთან
ერთად შვეს ლიბია, რომელმაც პოსეიდონს უშვა აგენორი). ამ სიყვარულს დიდხანს ვერ
დაივიწყებენ, რადგან მასთან დაკავშირებულია დასავლური ცივილიზაციის მთავარი
კონტინენტისა და მის მცხოვრებთა უმეტესობის ფულადი ერთეულის სახელწოდება.

მარადიულმა ზევსმა დაინახა თავისივე შვილთაშვილის, აგენორისა და ტელეფასას ასული


ევროპე და შეუყვარდა იგი. ზევსმა დაინახა ევროპე, რომელიც ყვავილებს აგროვებდა, თეთრ
ხარად იქცა, მოიტაცა იგი და კუნულ კრეტაზე გადაცურა. შემდეგ თავისი ნამდვილი ვინაობა
აუხსნა და ევროპე გახდა კრეტის პირველი დედოფალი. აგენორის დავალებით ქალიშვილის
დედა და ძმა, ტელეფასა და კადმოსი, დაიძრნენ დაკარგული ევროპეს მოსაძებნად და
მშობლიურ ქალაქ ტირეში დასაბრუნებლად. დედა-შვილმა მოინახულა კუნძულები როდოსი
და თერა, საიდანაც ჩავიდა თრაკიაში. აქ ტელეფასა დაავადდა და გარდაიცვალა. კადმოსმა
დედა დაკრძალა და თრაკიელებისგან გაიგო დელფოსის სამისნოს არსებობის შესახებ. ევროპეს
კიდევ ერთი ძმა, კილიქსიც, ეძებდა დას; იგი დასახლდა მცირე აზიის სამხრეთ ნაწილში. მის
პატივსაცემად მიწას კილიკია ეწოდა.

დელფოსში, აპოლონის ტაძარში, ქურუმმა პითიამ უბრძანა კადმოსს შეეწყვიტა ევროპეს ძიება,
ევლო, სანამ არ შეხვდებოდა ძროხა, რომელსაც ფერდზე ნახევარმთვარე ექნებოდა
გამოსახული. იგი ამ ძროხას უნდა გაჰყოლოდა და იმ ადგილას, სადაც ქანცგაწყვეტილი
ცხოველი დაწვებოდა, ქალაქი დაეარსებინა. ძროხა კადმოსს აჩუქა პელაონმა, ფოკისის მეფემ
და ამ ცხოველმა კადმოსი მიიყვანა ბეოტიაში, სადაც მან ქალაქი თებე დააარსა. კადმოსი
აპირებდა, ძროხა ათენასადმი შეეწირა და თავისი მეგობრები, დეიოლეონი და სერიფოსი,
წყლის მოსატანად იქვე მომდინარე ისმენოსის წყაროსთან გაგზავნა. ისინი დახოცა წყაროს
მცველმა წყლის დრაკონმა. დრაკონი მოკლა კადმოსმა, როგორც ახალი წესრიგის
კულტურულმა გმირმა (გველთან მებრძოლმა).

ათენას რჩევით, კადმოსმა დრაკონის კბილები მიწაში ჩაფლა და იქიდან წარმოიშვნენ ე.წ.
სპარტები, ანუ „დათესილები“ (ქალაქ სპარტასთან მათ არაფერი არ აკავშირებთ), მძვინვარე,
შეიარაღებული ადამიანები. კადმოსმა მათ ქვა ესროლა და ისინი ერთმანეთს დაესხნენ თავს;
დაუნდობელ ბრძოლაში ბევრი სპარტი დაიხოცა, დარჩა მხოლოდ ხუთი, რომლებიც
დაეხმარნენ კადმოსს, დაეარსებინა თებეს აკროპოლისი, ციხესიმაგრე კადმეა. ამ სპარტებმა
დაუდვეს სათავე ამ ქალაქის ყველაზე უფრო ცნობილ გვარებს.

კადმოსის მიერ მოკლული დრაკონი არესის წმინდა საკუთრება იყო, ამიტომ ღმერთმა აიძულა
კადმოსი, მონანიების სახით, რვა წელიწადი მას მომსახურებოდა. თებეს მითების მიხედვით,
სწორედ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ღმერთებმა მას ცოლად მისცეს ჰარმონია. თებეში

3
კადმოსმა და ჰარმონიამ დასაბამი მისცეს დინასტიას, მათ გაუჩნდათ ვაჟი პოლიდოროსი და
ასულები: აგავა, ავტონოე, ინო და სემელე.

ქორწილს, რომელიც სამოთრაკიაში ან თებეში ჩატარდა, ყველა ღმერთი ესწრებოდა; ჰარმონიამ


საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო ათენას დამზადებული პეპლოსი და ჰეფესტოსის ნახელავი
ყელსაბამი. ამ სამკაულს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ჰარმონიას ყელსაბამი ეწოდებოდა,
უბედურება მოჰქონდა ყველასათვის, ვინც მას ფლობდა. მიუხედავად ღმერთებისგან
დადგენილი ქორწინებისა და მეფობისა, კადმოსს ერთიც შესძულდა და მეორეც: მის ოჯახში
უმძიმესმა უბედურებამ დაისადგურა, ხოლო ქალაქში – სამოქალაქო მღელვარებამ. ბოლოს და
ბოლოს, კადმოსმა ტახტზე უარი განაცხადა საკუთარი შვილიშვილის, პენთევსის,
სასარგებლოდ და ჰარმონიასთან ერთად ილირიაში გაემგზავრა, რომ ენქელელების გვერდით
ებრძოლა. შემდგომში ისევ მეფე გახდა და დააარსა ქალაქები: ლიქნიდოსი და ბუთოე.

მიუხედავად ამისა, კადმოსს მუდმივად თან სდევდა უბედურება იმის გამი, რომ წმინდა
დრაკონი მოკლა და ერთხელაც აღმოხდა, ღმერთებს თუ ასე აღელვებთ გველის ამბავი, მეც
გველი ვიქნებიო. ამის თქმა და ქერცლის გაჩენა და გველად გარდაქმნა ერთ იყო. ჰარმონიამ,
იხილა რა ქმრის ტრანსფორმაცია, იგივე ისურვა და ღმერთებმა ეს სურვილი მასაც აუსრულეს.

სიკვდილის შემდეგ მათი სხეულები კიდევ ერთხელ შეიცვალა და მათი, უკვე ადამიანური,
სულები მშვიდად გაემართნენ ნეტართა ველებზე.

სწორედ კადმოსის შთამომავალი იყო ოიდიპოსი. ოიდიპოსის მითის ვარიაციები ნახსენებია


ძველ ბერძენ პოეტებთან, მათ შორის, ჰომეროსთან, ჰესიოდესთან, პინდაროსთან, ესქილესა და
ევრიპიდესთან; თუმცა ლეგენდის ყველაზე პოპულარული ვერსია სოფოკლეს თებეს ციკლის
ტრაგედიებმა („ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონოსში“ და „ანტიგონე“) შემოგვინახა.

ითვლება, რომ თებეს უბედურებათა წყებაში დიდი წვლილი მიუძღვის წყევლას, რომელიც
ლაიოსმა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც მან შეურაცხყო სტუმარმასპინძლობის (ბერძნული
„ქსენია“) წმიდათაწმიდა კანონი.

თავის სიჭაბუკეში ლაიოსი სტუმრად იყო ელისის მეფე პელოფსთან, სადაც იგი მეფის
ყმაწვილი ძის, ქრისიპოსის, მასწავლებელი უნდა გამხდარიყო ეტლის მართვაში. ლაიოსმა
შეაცდინა ან მოიტაცა ქრისიპოსი და იძალადა მასზე. ზოგიერთი ვერსიით, შერცხვენილმა
ქრისიფოსმა თავი მოიკლა. ამ საშინელი საქციელის გამო ლაიოსი და მისი შთამომავლობა
დაიწყევლა, თუმცა მრავალი მეცნიერი ფიქრობს, რომ ლაიოსის ქრისიპოსის მიმართ
ჩადენილი დანაშაული შემდგომში დაემატა მითს, რომ აეხსნათ ოჯახის წყევლა, რომელსაც
გაცილებით ღრმა ფესვები შეიძლება ჰქონდეს.

ოიდიპოსი ლაიოსისა და იოკასტეს, თებეს მეფისა და დედოფლის, ვაჟი იყო. დიდი ხნის
განმავლობაში უშვილო ლაიოსმა დელფოსში აპოლონის სამისნოს მიმართა. პითიამ ბრძანა,
რომ ნებისმიერი ვაჟი, რომელსაც შობს ლაიოსი, მოკლავს მას. ეს ამბავი რომ არ მომხარიყო,
როდესაც იოკასტემ ვაჟი შვა, ლაიოსმა მას ტერფები გაუხვრიტა, ფეხები მოქნილი ტყავის
ქამრით შეუკრა, რომ ხოხვა არ შეძლებოდა; შემდეგ იოკასტემ ახალშობილი მსახურს გადასცა,
რომ მას იგი დაეგდო უახლოეს მთაზე; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ბავშვი დაეგდო და
სასიკვდილოდ გაეწირა, მსახურმა იგი კორინთოსელ მწყემსს გადასცა, რომელმაც, თავის
მხრივ, ბავშვი კორინთოსის უშვილო მეფე-დედოფალს, პოლიბოსსა და მეროპეს მიუყვანა,
რომელთაც იგი აღზარდეს, როგორც საკუთარი შვილი.

4
პატარა ოიდიპოსს დასივებული ფეხების გამო Οἰδίπους „ოიდიპოსი“ (სიტყვასიტყვით,
„ფეხებდასივებული“ οἰδάω „მისივდება“ და πούς „ფეხი“ სიტყვების მიხედვით) დაარქვეს.

მრავალი წლის შემდეგ ვიღაც მთვრალმა ოიდიპოსს „ნაბიჭვარი“ უწოდა და მიანიშნა, რომ იგი
არ იყო პოლიბოსისა და მეროპეს ბიოლოგიური ვაჟი. ოიდიპოსმა ეს მშობლებს უთხრა, მაგრამ
მათ ლოთის სიტყვები შორს დაიჭირეს და ოიდიპოსს სიმართლე არ უთხრეს. ოიდიპოსიც,
ისევე როგორც თავის დროზე ლაიოსი, გაემართა დელფოსში, აპოლონის სამისნოში. პითიამ
მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკლავდა მამას და ცოლად შეირთავდა საკუთარ დედას.
ამგვარ ხვედრს რომ გაქცეოდა, ოიდიპოსმა გადაწყვიტა, შინ, კორინთოსში, აღარ
დაბრუნებულიყო და წასულიყო თებეში, რომელიც დელფოსთან უფრო ახლოს იყო.

გზად ოიდიპოსი აღმოჩნდა დავლისში, სადაც ერთმანეთს კვეთდა სამი გზა. იქ მას შეხვდა
ეტლი, რომელზედაც მისი ბიოლოგიური მამა, ლაიოსი იდგა. მათ გზა ვერ გაიყვეს, მოხდა
კონფლიქტი და ოიდიპოსმა მოკლა ლაიოსი, როდესაც მისმა მეეტლემ გზიდან გადაგდება
დაუპირა. ოიდიპოსმა ლაიოსთან ერთად მისი ამალაც ამოხოცა. ამ მოვლენის ერთადერთი
მოწმე იყო მონა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

თებეში მისულ ოიდიპოსს იქ დახვდა სფინქსი, რომელიც ქალაქში მიმავალ და ქალაქიდან


მომავალ მგზავრებს გამოცანას აძლევდა. თუ სწორად არ უპასუხებდა, სფინქსი მათ კლავდა და
ჭამდა. სწორი პასუხის შემთხვევაში უნდა მომკვდარიყო თავად სფინქსი. გამოცანა ასეთი იყო:
„ვინ დადის ოთხი ფეხით დილით, ორით – დღისით და სამით – ღამით?“ ოიდიპოსმა უპასუხა:
„ადამიანი: ყრმობისას იგი ოთხით დაცოცავს, გაიზრდება და ორი ფეხით დადის, სიბერეში კი
ჯოხს დაიხმარს“. პირველი იყო ოიდიპოსი, რომელმაც გამოცანა გამოიცნო. სფინქსმა იგი
გაატარა, თავად კი კლდიდან გადახტა და თავი მოიკლა. აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ
ოიდიპოსი „განწირული იყო“ გამოცანის გამოსაცნობად, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში,
იგი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი ვერ მოკვდებოდა, სანამ
წინასწარმეტყველება არ ახდებოდა, ხოლო წინასწარმეტყველება ვერ ახდებოდა, სანამ მას
ცოლი არ ჰყავდა მოყვანილი.

დედოფალ იოკასტეს ძმას, კრეონს, გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი ადამიანი,


როელიც ქალაქს სფინქსისგან გაათავისუფლებდა, თებეს მეფე გახდებოდა და ცოლად
მოიყვანდა ახლად დაქვრივებულ დედოფალ იოკასტეს. ოიდიპოსისა და იოკასტეს ამ
ქორწინებამ დაასრულა წინასწარმეტყველების აღსრულება. ოიდიპოსსა და იოკასტეს ოთხი
შვილი ეყოლათ: ვაჟები ეტეოკლესი და პოლინიკესი (იხ. ესქილე, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“)
და ქალები: ანტიგონე და ისმენე.

მრავალი (დაახლოებით, ოცი) წლის შემდეგ ქალაქ თებეს თავს დაეცა შავი ჭირის უბედურება.
სწორედ აქ იწყება სოფოკლეს ტრაგედია „ოიდიპოს მეფე“. ბერძენმა მაყურებელმა, რომლის
განათლების ძირითად წყაროს ჰომეროსი და მითოლოგია წარმოადგენდა, მშვენივრად იცოდა
ოიდიპოსის მითი, ამიტომ ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა, მისთვის არავითარ საიდუმლოს არ
წარმოადგენდა.

ა. შესამაბისად, მაყურებელმა იცოდა, რომ ჰომეროსის „ილიადაში“ (XXII სიმღერა, 678-681)


ნათქვამია:

„ევრიალოსი წამოდგა, ღვთისდარი მოკვდავი, ტალაოსის ძის, მეუფე მეკისტევსის ვაჟი,


რომელიც ადრე თებეში ჩავიდა ოიდიპოსის სიკვდილის შემდეგ გამართულ ასპარეზობაზე, იქ
ყველა კადმოსელი დაამარცხა...“

5
ანუ მითის იმ ვარიანტით, რომელსაც ჰომეროსი ეყრდნობა, მამის მკვლელი და დედის ცოლად
მომყვანი ოიდიპოსი თებედან არ გაუძევებიათ და იგი მშობლიურ ქალაქში გარდაცვლილა.

„ოდისეაში“ საიქიოში ჩასული ოდისევსი დაინახავს ეპიკასტეს (სხვა ავტორებთან, მათ შორის,
პინდაროსთან, სოფოკლესა და ევრიპიდესთან – იოკასტეს), ოიდიპოსის დედას, რომელსაც
შვილთან ქორწინების საზარელი ამბის გაგების შემდეგ თავი მოუკლავს, ოიდიპოსს კი,
ღმერთების ნებით, თებეს მეფობა გაუგრძელებია.

ანუ ჰომეროსი არ იცნობს ოიდიპოსისა და იოკასტეს (ეპიკასტეს) საერთო შვილებისა და


ოიდიპოსის თებედან გაძევებისა და უცხოეთში გარდაცვალების მოტივებს.

ბ. ასევე იცოდა მაყურებელმა პინდაროსის მეორე ოლიმპიური ოდის შინაარსი, კერძოდ,


სტრიქონები:

პინდაროსი, მეორე ოლიმპიური ოდა, სტრ. 38-48:

წუთისოფელს რომ გამოასალმა


ლაიოსის საბედისწერო ძემ
მამა, რომელიც გზად შემოხვდა,
მაშინ აღსრულდა
პითოში თქმული ძველი მისნობა.

და დამთგუნველმა ერინიამ, ყოვლისმხილველმა,


ურთიერთმოკვლით გაანადგურა მებრძოლი გვარი.
თუმც დაცემული პოლინიკეს მერმე გადარჩა თერსანდროსი,
ახალ ბრძოლებში პატივი რომ დაიმსახურა,
ის ადრასტიდთა საგვარეულოს
გადამრჩენელ რტოდ მოევლინა
და მისი თესლის ნაყოფი – ენესიდამოსის ძე
ღირსია ჩანგზე დამღერებით ხოტბის შესხმისა.1

გ. ექსილე, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ (ძვ.წ. 467 წ.)

ძვ.წ. 467 წ. დიდ დიონისიებზე ათენელ დრამატურგ ესქილეს წამოუდგენია ოიდიპოსის


მითზე დაფუძნებული ტრილოგია, რომელსაც მისთვის ტრაგიკოსთა ასპარეზობაზე პირველი
პრიზი მოუტანია. ტრილოგიის პირველი ნაწილი ყოფილა „ლაიოსი“, მეორე – „ოიდიპოსი“ და
მესამე, ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია – „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“. ამ
ტრაგედიაში ოიდიპოსის შვილები, ეტეოკლესი და პოლინიკესი, ტახტისთვის ბრძოლაში
ერთმანეთს ხოცავენ. კადმოსის შთამომავლების ტრაგედია ნაჩვენები იყო სამი თაობის
უბედურებათა ფონზე. ტრილოგიას ასრულებდა და ტეტრალოგიად აქცევდა სატირული
დრამა „სფინქსი“.

1
ნანა ტონიას თარგმანი. იხ. პინდაროსი, ოდები, მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, ტ. 5, ბაკურ
სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2013, გვ. 17.

6
2. ოიდიპოსის მითის სტრუქტურა

თავის დროზე ფრანგული სტრუქტურალიზმის მამამ, კლოდ ლევი-სტროსმა 2 თავისი


რევოლუციური მნიშვნელობის წიგნში, ნაკვეთში, რომელსაც ეწოდება „მითების
სტრუქტურა“,3 ივარაუდა, რომ ათასობით წლების შემდეგ, როდესაც ჩვენს ცივილიზაციას მიწა
და მტვერი დაფარავს, ჩვენი შთამომავალი არქეოლოგები ჩვენს სხვა ნივთებთან ერთად ჩვენს
წიგნებსაც აღმოაჩენენ და მომავლის მკვლევრები მათ წაკითხვას შეძლებენ, როგორც ჩვენ
შევძელით შუმერული თიხის ფირფიტების, ეგვიპტური იეროგლიფებისა და B-ხაზოვანი
ტექსტების წაკითხვა და გაჩნდებიან მომავლის შამპოლიონები, ლენორმანები, ვენტრისები და
ჩედვიკები. ისინი აღმოაჩენენ, რომ ჩვენი წიგნების უმეტესობა იკითხება მარცხნიდან
მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ; მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ისინი დარწმუნდებიან, რომ ამ წესით
წაკითხული ზოგიერთი წიგნი ერთისა და იმავის განმეორებას ემსახურება (მაგალითად, მათ
წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე სიმფონიის პარტიტურა) და ისინი მივლენ გენიალურ
აღმოჩენამდე, რომ ზოგიერთი წიგნი, გარდა იმისა, რომ მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან
ქვემოთ იკითხება, შეიძლება ასევე წავიკითხოთ სვეტებად, მარცხნიდან მარჯნივ, მაგრამ სვეტ-
სვეტად.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ზღაპრებსა და მითებში ხშირია განმეორებები,


რომლებიც ვინმეს შეიძლება ჭარბად მოეჩვენოს (შეხვდა ერთთავიანი დევი, სამთავიანი დევი,
ცხრათავიანი დევი და ა.შ.). სწორედ აქ უნდა ვივარაუდოთ სვეტების არსებობა. ოიდიპოსის
მითში ლევი-სტროსმა ოთხი ასეთი სვეტი აღმოაჩინა (მითის შიდა სტრუქტურა). ეს იმას
ნიშნავს, რომ ოიდიპოსის მითი შეიძლება გადმოვცეთ როგორც ხაზოვნად (ზევსმა იტაცებს
ევროპეს; კადმოსი და ტელეფასა მიდიან დისა და ქალიშვილის საძებნელად; კადმოსი კლავს
წმინდა დრაკონს; სპარტები ხოცავენ ერთმანეთს და ა.შ.), ისე სვეტებად: სისხლით ნათესაობის
მაღალი შეფასსების სვეტი (ძმა და დედა სამშობლოს ტოვებენ დისა და ქალიშვილის
საპოვნელად; ადამიანს საკუთარი დედა მოჰყავს ცოლად; და თავს წირავს ძმის გამო; დედა
თავს იკლავს შვილის გამო) და პირიქით, სისხლით ნათესაობის დაბალი შეფასების სვეტი
(დრაკონის კბილებიდან აღმოცენებული სპარტები, ანუ ძმები, ერთმანეთს ხოცავენ, დედა
შვილს სასიკვდილოდ იმეტებს, შვილი მამას კლავს, ბიძა სიკვდილს უსჯის დისშვილს).
ძალიან საინტერესოა, რომ მითში შეტანილი ცვლილებები, მაგალითად, ჟან-პოლ სარტრის
„ბუზებში“ (ესქილეს „ქოეფორებისა“ და სოფოკლესა და ევრიპიდეს „ელექტრას“ ფრანგი
„ნათესავი“ პიესა, დადგმული გერმანელებისგან ოკუპირებულ პარიზში), იქნება სრულიად
ახალი ელემენტები, რომლებიც მეოცე საუკუნის ყოფას ასახავს, მაგრამ ისინიც კი „ჩაჯდებიან“
სვეტებში – მითის შინაგანი სტრუქტურის ცვლილება შეუძლებელია.

განსაკუთრებით საინტერესოა ლევი-სტროსის მიერ გამოყოფილი მესამე და მეოთხე სვეტები.


მესამე სვეტში ლაპარაკია გველთან მებრძოლ კულტურულ გმირზე (კადმოსი კლავს წმინდა
დრაკონს, ანუ გველეშაპს; ოიდიპოსი გამოცანის გამოცნობით კლავს სფინქსს, რომელიც
ხთონური არსება, ანუ ისევ გველია). დრაკონი, ხთონური არსება, უნდა მოკვდეს და მიწაში
დაინთქას, რომ ადამიანები აღმოცენდნენ მიწიდან. სვეტის ცენტრალური იდეაც ესაა. მესამე
სვეტის ძირითადი თეზისია ადამიანის ავტოხთონურობის უარყოფა 4. ამ სვეტების შევსება
უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად: დრაკონსა და სფინქსს შეგვიძლია
დავუმატოთ მისანი ტირესიასი, რომელსაც ოიდიპოსი უპირისპირდება არა მხოლოდ როგორც

2
Claude Lévi-Strauss, Anthropologie structural, Plon, Paris 1958.
3
Claude Lévi-Strauss, Anthropologie structural, Plon, Paris 1958, p. 227-
4
Négation de l’autochtonie de l’homme.

7
ტირანი მისანს (ცნობილი პირველადი დაპირისპირება – ტომის ბელადი/შამანი), არამედ
როგორც კულტურული გმირი – გველს.5

ყველაზე რთული ლევი-სტროსისეული მეოთხე სვეტია, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანი


ბუნების შვილია, ანუ ადამიანი გველია (კადმოსი და ჰარმონია, ტირესიასის მსგავსად,
პირდაპირ გველები ხდებიან, კადმოსის შთამომავლის, ლაბდაკოსის სახელი მის კოჭლობაზე
მიუთითებს, ლაიოსისა – ცაციაობაზე, ოიდიპოსის მიერ თვალების დათხრაც სწორად
სიარულის შეუძლებლობაზე6 მიუთითებს). შესაბამისად, მეოთხე სვეტის იდეაა, რომ ადამიანი
გველია. მეოთხე სვეტის იდეას ლევი-სტროსი აღწერს, როგორც ადამიანის ავტოხთონიის
სიმტკიცეს.7

სვეტები ერთმანეთს უპირისპირდება და გვაქვს ორი დაპირისპირება: მეოთხე სვეტი ისე


უპირისპირდება მესამეს, როგორც პირველი – მეორეს. აქ ძალიან რთულ დაპირისპირებას
ავტოხთონობა/არაავტოხთონობას ცვლის შედარებით მარტივი: დაპირისპირება სისხლით
ნათესაობის ზემაღალ/ზედაბალ შეფასებებს შორის. მითის ძირითადი დანიშნულებაც ეს არის,
ძნელი შეცვალოს იოლით, ღვთაებრივი გასაგები გახადოს ადამიანისთვის.

5
ბერძნულ მითოლოგიაში მისანმა ტირესიასმა მრავალი სახეცვლილება განიცადა, იგი ყოფილა კაციც, ქალიც
და გველიც.
6
Difficulté à marcher droit.
7
Persistance de l’autochtonie humaine.

8
სისხლით ნათესაობის სისხლით ნათესაობის ადამიანის ავტოხთონიის ადამიანის ავტოხთონიის
მაღალი შეფასება დაბალი შეფასება უარყოფა სიმტკიცე

კადმოსი და ტელეფასა კადმოსი კლავს წმინდა


მიდიან დისა და დრაკონს
ქალიშვილის საძებნელად

სპარტები ხოცავენ კადმოსი და ჰარმონია


ერთმანეთს გველები ხდებიან

ლაბდაკოსი, ლაიოსის მამა,


„კოჭლი“

ლაიოსი, ოიდიპოსის მამა,


„ცაცია“

ოიდიპოსი,
„ფეხებდასივებული“

ლაიოსი ტერფებს უხვრეტს


ოიდიპოსს
იოკასტე ჩვილ ოიდიპოსს
გადასაგდებად აძლევს
მსახურს

ოიდიპოსი კლავს ლაიოსს


ოიდიპოსი კლავს
სფინქსს8
ოიდიპოსს ცოლად ოიდიპოსი თვალებს
მოჰყავს იოკასტე ითხრის
ოიდიპოსის ვაჟები
ხოცავენ ერთმანეთს

ანტიგონე თავს სწირავს კრეონი სიკვდილს უსჯის


პოლინიკესს ანტიგონეს

ევრიდიკე თავს იკლავს


ჰემონის სიკვდილის გამო

8
სფინქსი ხთონური (მიწიერი) არსებაა, მას აქვს ქალის სახე და მკერდი, ლომის ტანი, არწივის ფრთები და
გველის კუდი. მითოსურად სფინქსიც გველია.

9
3. „ოიდიპოს მეფის“ ქართული თარგმანები

ქართულად გვაქვს „ოიდიპოს მეფის“ სამი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი თარგმანი


(მთარგმნელები: პეტრე ქავთარაძე, დავით გაჩეჩილაძე, გიორგი ხომერიკი), ამათგან ორი
(ქავთარაძისა და ხომერიკისა) შესრულებულია უშუალოდ ძველი ბერძნული ენიდან. ყველა
თვალსაზრისით საუკეთესოა გიორგი ხომერიკის პოეტური თარგმანი, რომელიც კლასიკური
ტექსტის გადმოცემის თვალსაზრისით ეროვნული მთარგმნელობითი კულტურის ერთ-ერთ
მწვერვალს წარმოადგენს.

გიორგი ხომერიკი ჩემი მთავარი მეგობარი იყო. თავის დროზე, ჩვენმა მასწავლებელმა,
აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა გულუხვად დაგვირიგა ბერძენი ავტორები: მე
არისტოფანე მერგო, ნანა ტონიას – საპფო და პინდაროსი, გიას – სოფოკლე. მასწავლებელი
კარგად გვიცნობდა, არავის ისე არ შეესატყვისებოდა სოფოკლე და ბერძნული ტრაგედია,
როგორც გია ხომერიკს, რომელიც პიროვნულად ძალიან რთული და ღრმა ადამიანი იყო და
თავის თავში ყოველთვის ატარებდა ტრაგედიის ნიშნებს. გიორგი ხომერიკმა სოფოკლეს ოთხი
ტრაგედია თარგმნა: „ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონოსში“, „ანტიგონე“ (ე.წ. „თებეს
ტრაგედიები“) და „ელექტრა“. ეს თარგმანები გვხიბლავს აბსოლუტური სიზუსტით,
ორიგინალისადმი ერთგულებით, მაღალი პოეტური ოსტატობითა და ავტორისეული
ინტონაციის უფაქიზესი წაკითხვით.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ ფაქტობრივად იდეალური თარგმანი უკვე გვაქვს, ახალი


თარგმანი რა საჭიროა? მე მიმაჩნია, რომ პოეტური თარგმანის გვერდით აუცილებლად უნდა
არსებობდეს პროზაული თარგმანიც, რომელიც ბევრს დაკარგავს პოეტური ზემოქმედების
სფეროში და ცოტას მოიმატებს ადეკვატურობის ნაწილში. პოეტური და პროზაული
თარგმანები ერთმანეთის კონკურენტები არ გახლავთ, ისინი ერთმანეთს ავსებენ, როგორც
რაღაცნაირად ვავსებდით ერთმანეთს მთელი ცხოვრების მანძილზე მე და ჩემი საყვარელი
მეგობარი, გია ხომერიკი.

10
მოქმედნი პირნი

ოიდიპოსი, თებეს მეფე


ზევსის ქურუმი, თებეს მაღალი ქურუმი
კრეონი, ოიდიპოსის ცოლისძმა
თებელ მოხუცთა გუნდი
ტირესიასი, მოხუცი ბრმა მისანი
ბიჭი, ტირესიასის თანმხლები
იოკასტე, ოიდიპოსის მეუღლე, კრეონის და
მაცნე, მოხუცი კაცი
მსახური, მოხუცი მწყემსი
ექსანგელოსი (მეორე მაცნე), ოიდიპოსის მსახური
ანტიგონე, ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული, ბავშვი
ისმენე, ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული, ბავშვი
ოიდიპოსისა და ისმენეს მსახურები და თანმხლებნი

11
პროლოგოსი
ოიდიპოსის სასახლის წინ თებეში ყველა ასაკის მავედრებელი ზის საკურთხევლის კიბეებზე.
გამოდის ოიდიპოსი სამეფო სამოსში: მდუმარედ უყურებს საკურთხეველთან თავმოყრილ
ხალხს და იწყებს ლაპარაკს.

ოიდიპოსი. შვილებო9, ძველი კადმოსის ახალო შთამომავლობავ, რისთვის დამსხდარხართ ჩემ


წინაშე ასე, მავედრებელთა მორთული შტოებით, მაშინ, როდესაც ქალაქი თან საკმევლის
სურნელითაა სავსე, თანაც პეანებითა და კვნესით. მე სამართლიანად მიმაჩნია, შვილებო, სხვა
მაცნეთაგან არ ვისმინო ამბები და აქ თავად მოვედი, ყველასთვის ცნობილი ოიდიპოსი; მაგრამ
მოხუცო, მითხარი, რადგან შესაფერისია, [10] ამათი სახელით ილაპარაკო, – რა განწყობით
სხედხართ აქ, რამის შიშით თუ რამის სურვილით? იცოდე, მე ყველაფერში ხალისით
დაგეხმარებით; მართლაც გულქვა უნდა ვყოფილიყავი, რომ ასეთი მავედრებლები არ
შემცოდებოდა.

ზევსის ქურუმი. ჩემი მიწის მმართველო ოიდიპოს, ხედავ, რა ასაკისანი ვართ, ვინც
ვსხედვართ შენს საკურთხევლებთან: ზოგს ჯერ შორს ფრენაც არ შეუძლია, ზოგიც სიბერით
დამძიმებულია, ქურუმია, ჩემსავით10, მე ზევსის ქურუმი ვარ, ზოგი კი რჩეული ყმაწვილია.
დანარჩენი ხალხი მორთული შტოებით [20] ზის აგორაზე, პალასის ორ ტაძართან11 და
ისმენოსის სამისნო ფერფლთან12. რადგან ქალაქი, როგორც თავადაც ხედავ, უკვე ძალზე
აღელვებულია და სასიკვდილო არეულობის სიღრმიდან თავის წამოწევა აღარ შეუძლია.
ზიანი მიადგა მიწის ნაყოფიერ ყლორტებსა და საძოვარზე გასულ ჯოგებს, უნაყოფო შეიქნენ
ქალები. გარდა ამისა, ცეცხლოვანი ღმერთი, დამღუპველი ჭირი, თავს დაეცა და აწამებს
ქალაქს, მისგან ცარიელდება კადმოსური სახლი, [30] შავი ჰადესი კი კვნესითა და ქვითინით
მდიდრდება. ღმერთების თანასწორად კი არ მიგვაჩნიხარ მე ან ამ ბავშვებს, რომ
დავმსხდარვართ შენ საკურთხეველთან მავედრებლებად, არამედ გვგონია, რომ კაცთაგან
პირველი ხარ როგორც ცხოვრების უკუღმართობაში, ისე ღვთაებებთან ურთიერთობებში.
როდესაც შენ მოხვედი კადმოსელების ქალაქში, გაგვათავისუფლე სასტიკი მომღერლის13
ხარკისგან, რომელსაც ვუხდიდით და, თუმცა შენ არ იცოდი არავისზე მეტი, არც უსწავლებია
ვინმეს, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ვამბობთ და მივიჩნევთ, რომ შენ გამოასწორე ჩვენი

9
სტრ. 1. შვილებო – შდრ. სტრ. 6, 58, 142. ოიდიპოსი ერთბაშად წარმოდგება როგორც მეფე, რომელიც
მამაშვილურად ზრუნავს თავის ქვეშევრდომებზე. კადმოსის შთამომავლობა – კადმოსი, ფინიკიის მეფე აგენორის ძე,
რომელიც მამამ დის, ზევსის მიერ მოტაცებული ევროპეს, საძებნელად გააგზავნა. დის კვალი რომ ვერსად ვერ იპოვა,
კადმოსმა დელფოს აპოლონის სამისნოსგან გაიგო, რომ უნდა შეეწყვიტა უსარგებლო ძიება და დაეარსებინა ქალაქი
თებე (ხშირად მას კადმეას უწოდებენ). შდრ. ქვემოთ, სტრ. 267 და შმდგ.
10
სტრ. 16. ჩემსავით – ხელნაწერში წერია ιερεῖς („ქურუმები“), თუმცა სხვა ქურუმები აქ არ ჩანან. ამიტომ
გათვალისწინებულია ბენტლის კონიექტურა ἱερεύς („ქურუმი“). რაც შეეხება ბერძნულ ტექსტში არსებულ
მრავლობითს, ეს უნდა იყოს ე.წ. „აღმატებულობის მრავლობითი“, ე.წ. pluralis maiestatis – „რაც შეგვეხება ჩვენ“ (შდრ.
რუსთველისეული „ჩვენ მათიცა გვეამების...“)
11
სტრ. 20. პალასის ორ ტაძართან – იგულისხმება ათენა პალასის ორი ტაძარი, რომლებიც ისტორიულ
დროშიც იყო თებეში შემორჩენილი: ათენა ონკასა (შდრ. ესქილე, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ , სტრ. 487, 501) და ათენა
კადმოსელისა ანუ ისმენოსელისა.
12
სტრ. 21. ისმენოსის სამისნო ფერფლთან – აპოლონ ისმენიოსის საკურთხეველთან; ეს ტაძარი მდინარე
ისმენოსის მახლობლად იყო აგებული. აქ ქურუმები წინასწარმეტყველებას გასცემდნენ მსხვერპლშეწირვის
სანაცვლად, რაც მსხვერპლის შეწირვასა და საკუთხეველთან დაწვას გულისხმობდა. აქედანაა „სამისნო“ ფერფლი.
13
სტრ. 38. სასტიკი მომღერალი – იგულისხმება სფინქსი და მისი გამოცანა. შდრ. სტრ. 391, 508, 1199. სფინქსი
იყო ურჩხული ლომის ტანით, ქალის თავითა და მკერდით, არწივის ფრთებითა და გველის კუდით. ლაიოსის
სიკვდილის შემდეგ სფინქსი თავზარს სცემდა ყველას, ვინც ქალაქში შესვლას ან ქალაქიდან გამოსვლას ცდილობდა.
სფინქსი ყველას უსვამდა გამოცანას: „ვინ დადის დილით ოთხზე, შუადღისას ორზე და საღამოს სამზე?“ და ვინც ვერ
გამოიცნობდა, ყველას კლავდა და ჭამდა. ოიდიპოსმა პასუხი გასცა გამოცანას („ადამიანი“) და გადაარჩინა ქალაქი.
სფინქსმა თავი მოიკლა. ოიდიპოსმა სანაცვლოდ მიიღო ქალაქის მმართველობა და ცოლად შეირთო ლაიოსის ქვრივი,
იოკასტე.

12
ცხოვრება. [40] ახლა კი, ყველასთვის უმძლავრესო ოიდიპოს, გთხოვთ ყველა მავედრებელი,
რამე უნარი გვიპოვე ან ღმერთებისგან ნათქვამი ისმინე ან რომელიმე ადამიანისგან ისწავლე.
ვხედავ გამოცდილი ხალხისთვის რჩევებს ხშირად დიდი ძალა აქვს. მიდი, მოკვდავთაგან
საუკეთესოვ, წამოაყენე ფეხზე ქალაქი, გაუფრთხილდი შენს დიდებას, რადგან ახლა ეს მიწა
მხსნელს გეძახის, ძველი თავვგამოდების გამო. დაე, არასოდეს გავიხსენოთ შენი მმართველობა
[50] ფეხზე წამომდგრებმა და ბოლოს დაცემულებმა; არამედ აღადგინე ქალაქის უსაფრთხოება.
კარგი ნიშნებით მოგვიტანე მაშინ ბედნიერება, ახლაც ისეთი გახდი. თუ შენ წარმართავ ამ
მიწას, როგორც მართავ, უკეთესია ხალხიან ქვეყანაზე იმეფო, ვიდრე ცარიელზე. რადგან
არაფერია არც გალავნიანი ქალაქი და არც ხომალდი, თუ ცარიელია და მცხოვრები არაა მასში.

ოიდიპოსი. ჩემო საბრალო შვილებო, ვიცი, როგორ არ ვიცი, რა სურვილით ხართ მოსულნი.
კარგად ვიცი, რომ [60] ავად ხართ ყველა და თუმცა ავად ხართ, თქვენში არავინაა ჩემსავით
სნეული. რადგან თქვენი ტკივილი მარტო მიდის თითოეულთან, სხვა არაფერი, ხოლო ჩემი
სული ერთდროულად ქალაქზე, ჩემზე და შენზე კვნესის. ასე რომ, ძილიდან არ
გამოგიღვიძებივართ. არამედ იცოდეთ, მრავალი ცრემლი დავღვარე, მრავალი გზა გავიარე
ფიქრებში ხეტიალისას. კარგად განხილვის შემდეგ ვიპოვე მხოლოდ ერთი წამალი და ასეც
მოვიქეცი: მენეკევსის ვაჟი, [70] კრეონი, ჩემი ცოლისძმა, სხივოსნის პითიურ სახლში
გავგზავნე14, რომ გაიგოს, რა უნდა ვქნათ ან ვთქვათ, რომ ვიხსნათ ეს ქალაქი. და ახლა, როცა
დღეებს ვანგარიშობ, უკვე ვღელავ, რას შვრება? იგი წასულია ბევრად უფრ მეტ ხანს
გონივრულ დროსთან შედარებით. როცა კი მოვა, მაშინ მე ვიქნებოდი ბოროტი, თუ არ
გავაკეთებდი ყველაფერს, რასაც ღმერთი ცხადყოფს.

ქურუმი. დროულად ბრძანე, რადგან ამასობაში ეს ხალხი მაჩვენებს, რომ კრეონი


გვიახლოვდება.

ოიდიპოსი. [80] მეუფე აპოლონ, ნეტავ მხსნელი ბედის ისეთი სინათლით მოვიდეს, როგორი
ნათელი სახეც აქვს!

ქურუმი. ისე ჩანს, რომ კარგი ამბავი მოაქვს, თორემ ასეთი სქელი კენკრაშერთული დაფნის
გვირგვინით თავშემკული არ მოვიდოდა15.

ოიდიპოსი. მალე გავიგებთ, უკვე ხმასაც მივაწვდენთ. მეუფე, ჩემო მოყვარევ, მენეკევსის ძეო,
ღმერთის რა სიტყვა მოგაქვს ჩვენთან?

კრეონი. კარგი ამბავი. ასე ვამბობ, რადგან ძნელად გადასატანი ამბები შეიძლება კარგად
დამთავრდეს, თუ სწორ გასასვლელს იპოვიან.

ოიდიპოსი. ეს რანაირი ნათქვამია? შენმა სიტყვებმა [90] ვერც გამამხნევა და ვერც შემაშინა.

კრეონი. თუ გსურს ამ ხალხის თანდასწრებით ისმინო, მზად ვარ, მოგახსენო ან შინ შევიდეთ.

ოიდიპოსი. ყველას უთხარი. ამათზე უფრო მეტად ვწუხვარ, ვიდრე საკუთარ თავზე.

14
სტრ. 70. სხივოსნის პითიურ სახლში გავგზავნე... – სხივოსანი (Φοῖβος) არის ღმერთ აპოლონის ყველაზე
ხშირი ეპითეტი. პითიური სახლი – აპოლონის ტაძარი დელფოსში, რომლის წინასწარმეტყველების გარეშე ბერძნები
არ იღებდნენ არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ცხოვრებაში.
15
სტრ. 83. სქელი კენკრაშერთული დაფნის გვირგვინით თავშემკული – აპოლონის ტაძრიდან მთხოვნელი
აუცილებლად დაფნის გვირგვინით უნდა დაბრუნებულიყო. კენკრაშერთული გვირგვინი გამოიყენებოდა, თუ
მთხოვნელს კარგი ამბავი მოჰქონდა.

13
კრეონი. გეტყვი, რაც ღმერთისგან გავიგონე. სხივოსანმა მეუფემ გარკვევით გვიბრძანა, ქვეყნის
სიბილწე, ამ მიწაზე აღზრდილი16, გავაძევოთ და უკურნებელი არ ვკვებოთ.

ოიდიპოსი. როგორი განწმენდით? უბედურების რა სახეა?

კრეონი. [100] გაძევებით ან მკვლელობის მკვლელობით გადახდით, რადგან ამ სისხლს ავდარი


მოაქვს ქალაქისთვის.

ოიდიპოსი. და ვინ არის კაცი, რომლის ბედსაც ის მიუთითებს?

კრეონი. ჩვენ, მბრძანებელო, გვყავდა ლაიოსი ამ მიწის მეუფედ, სანამ შენ იკისრებდი ქალაქის
მართვას.

ოიდიპოსი. ვიცი, მსმენია, რადგან არასოდეს მინახავს.

კრეონი. იგი მოკლეს და ღმერთი ახლა ნათლად გვიბრძანებს, მკვლელები, ვინც უნდა იყვნენ,
დავსაჯოთ.

ოიდიპოსი. რომელ მიწაზე არიან ისინი? სად მოიძებნება მკრთალი კვალი ძველი
დანაშაულისა?

კრეონი. [110] ამ მიწაზეო, ბრძანა. რასაც ეძებენ, პოულობენ, იკარგება, რასაც ყურადღებას არ
აქცევენ.

ოიდიპოსი. ეს მოხდა სახლში, მინდორში თუ უცხო მიწაზე, სად დაეცა ლაიოსი მკვლელის
ხელით?

კრეონი. ბრძანა, სამისნოში წავედიო და გაემგზავრების შემდეგ არ დაბრუნებულა.

ოიდიპოსი. არც მაცნე იყო ვინმე, არც თანამგზავრი, რომელმაც რამე ნახა, რომლისგანაც
შეგვეძლო რამე გაგვეგო და გამოგვეყენებინა?

კრეონი. ყველა მოკვდა, ერთი ვინმეს გარდა, რომელიც შიშისგან გამოიქცა და მხოლოდ ერთი
რამის თქმა შეუძლია იმ ყველაფრიდან, რაც ნახა.

ოიდიპოსი. [120] და რა იყო ეს? ერთ რამეს შეუძლია ბევრის გასაღები გვაპოვნინოს, იმედის
მცირე დასაწყისი თუ მივიღეთ.

კრეონი. მან თქვა, რომ ავაზაკებს გადააწყდნენ და არა ერთი ძალით მოკვდა იგი, არამედ
ხელების სიმრავლით.

ოიდიპოსი. თუკი ვიღაცამ ვერცხლით არ მოისყიდა აქედან, როგორ გაბედავდა ამას ავაზაკი?

16
სტრ. 97. ქვეყნის სიბილწე, ამ მიწაზე აღზრდილი – უბედურება, რომელიც თებეს ეწვია, სწორედ ის იყო,
რომ ლაიოსის მკვლელი, მისივე სამეფოს მვიდრი, აგრძელებდა თებეს მიწაზე ყოფნას, რითიც ბილწავდა მას მეფის
დაღვრილი სისხლით. შდრ. სტრ. 101. ოიდიპოსი რომ ნებისმიერ სხვა მიწაზე ყოფილიყო, საგზაო კამათისას უცნობის
მკვლელობა მას დანაშაულადაც კი არ ჩაეთვლებოდა.

14
კრეონი. ეს ეჭვი იყო; მაგრამ ლაიოსი რომ დაიღუპა, უბედურებაში შურისმაძიებელი არავინ არ
წარმოქმნილა.

ოიდიპოსი. მეფობა რომ ასე დაეცა, რომელმა უბედურებამ შეგიშალათ ხელი, ყველაფერი
სრულად გამოგერკვიათ?

კრეონი. [130] გამოცანების მომღერალმა სფინქსმა აწმყოზე ფიქრი გვაიძულა და გაურკვეველი


ამბები მიგვატოვებინა.

ოიდიპოსი. მე დავიწყებ თავიდან და კიდევ ერთხელ გამოვავლენ დაფარულს; რადგან


სხივოსანმა ღირსეულად და შენც ღირსეულად გამოავლინეთ მზრუნველობა
მიცვლებულისადმი. ასე რომ, სამართლიანად მნახავთ მოკავშირედ ამ ქვეყნისა და, ამასთანავე,
ღმერთის გამო შურიძიებაში, ამ ლაქას მე გავაქარწყლებ არა შორეული მეგობრისთვის, 17
არამედ საკუთარი თავისთვის. რადგან ვინც იგი მოკლა, [140] მას შეეძლო ჩემზედაც ეძია შური
იმავე ხელით. მას რომ ვეხმარები, ამით საკუთარ თავს ვემსახურები. მაშ, რაც შეიძლება
სწრაფად, შვილებო, წამოდექით საფეხურებიდან, ეს მავედრებელთა შტოებიც წაიღეთ. ვინმემ
კადმოსის ხალხი აქ შემიკრიბოს, რომ იცოდნენ, მე ყველაფერს გავაკეთებ: რადგან ან
ბედნიერები გამოვჩნდებით ღმერთთან ერთად, ან დაცემულები.

ქურუმი. შვილებო, წამოვდგეთ; რის გამოც აქ მოვედით, იმას ეს კაცი თავისით გვპირდება და
დაე სხივოსანი, რომელმაც ეს წინასწარმეტყველება გამოგვიგზავნა, [150] მხსნელად
მოგვევლინოს და დაასრულოს ჭირი.

17
სტრ. 137. შორეული მეგობარი – ლაიოსი, ოიდიპოსის მეუღლის პირველი მეუღლე.

15
პაროდოსი
შემოდის მოხუც თებელთა გუნდი.

გუნდი

სტროფი პირველი

ო ზევსის ტკბილსიტყვიანო ნათქვამო, როგორი სულით მოხვედი ოქრომრავალი პითოდან?


გული შიშით მიკვდება, სული მიცახცახებს, ო დელოსელო მკურნალო, რომელსაც ხმამაღლა
მოგმართავთ „იეთი“, შენ გვერდით სავსე ვარ მოწიწებითი შიშით იმის წინაშე, რასაც
მიმზადებ; რა სამსახურს ითხოვ ჩემგან, იქნებ მანამდე უცნობს, იქნებ განახლებულს წლების
ტრიალში? მითხარი, უკვდავო ხმაო, ოქროს იმედის შვილო18.

ანტისტროფი პირველი

[160] პირველად შენ მოგმართავ19, ზევსის ასულო, უკვდავო ათენა, და შენს დას, ჩვენი მიწის
მფარველ არტემისს, რომელიც ჩვენი აგორას წრის ზემოთ 20 სახელოვან ტახტზე ზის, და
შორსმიმწვდომ სხივოსანს: ო სიკვდილის მაოტებელო სამო ღმერთო, გამომიჩნდით! თუკი
ოდესმე ადრე ქალაქს დამტყდარი უბედურება, ვაების ცეცხლი გააძევეთ, ახლაც მოდით!

სტროფი მეორე

ვაიმე, უთვალავ დარდს [170] ვატარებ. ჭირი მოედო მთელ ხალხს, ვერ მოვიფიქრე იარაღი,
რომ მოვიგერიო. ნაქებ მიწას ნაყოფი არ მოაქვს, ქალები ვერ მშობიარობენ და ითმენენ
ტკივილებს „იეს“ ძახილით; დაინახავ, ერთიმეორის მიყოლებით მიფრინავს სიცოცხლე,
როგორც ფრთოსანი ჩიტი, უფრო სწრაფად, ვიდრე უძლეველი ცეცხლი, დასავლეთის ღმერთის
ნაპირისკენ.

ანტისტროფი მეორე

ამ აურაცხელი სიკვდილით იღუპება ქალაქი. [180] ბავშვები მიწაზე წვანან შეუბრალებლად,


მკვდრები სიკვდილს თესავენ და არავინ გლოვობს მათზე. ამ დროს ცოლები და ჭაღარა
დედები კივიან საკურთხევლის საფეხურებზე, ზოგი – აქ, ზოგი – იქ, ისმის ვედრება და ოხვრა-
კვნესა საზარელ ხვედრზე. ლოცვა მკურნალისადმი ისმის ცხადად და მასთან ერთად ხმა
კვნესისა. ამისთვის, ზევსის ოქროს ასულო, გამოგვიგზავნე სანატრელი შველა.

სტროფი მესამე
18
სტრ. 159. უკვდავო ხმაო, ოქროს იმედის შვილო – აპოლონი, რომელიც გაიგივებულია მისივე სიტყვასთან,
ანუ წინასწარმეტყველებასთან, რომელიც მოკვდავში აჩენს უბედურებისგან თავის დახსნის იმედს.
19
სტრ. 160. პირველად შენ მოგმართავ... – პაროდოსი აგებულია როგორც საკულტო ჰიმნი, რომელიც
დახმარებისთვის ღმერთებს მიმართავს. თავდაპირველად მოცემულია ღმერთების სახელები მათი ეპითეტებით
(უკვდავი ათენა; მფარველი არტემისი; შორსმიმწვდომი აპოლონი); შემდეგ არის თხოვნა („სამო ღმერთო,
გამომიჩნდით!“) და მისი დასაბუთება ადრე გაწეული დახმარებით. შემდეგ, სტროფების მეორე წყვილში
გადმოცემულია ვითარება, რომელიც ღმერთების ჩარევას მოითხოვს; უბედურების სურათებს, რომელიც ქალაქს
ეეწვია, ერთვის დახმარების ახალი თხოვნა (სტროფების მესამე წყვილი). შდრ. ქრისესის ლოცვა აპოლონისადმი
„ილიადაში“ (I სიმღერა, სტრ. 37-42) და საპფოს ჰიმნი აფროდიტესადმი (ფრ. 1).
20
სტრ. 162. აგორას წრის ზემოთ – აგორაზე, ქალაქის მთავარ მოედანზე, რომლის ცენტრში, როგორც ჩანს, იყო
საკურთხეველი და არტემისის ქანდაკება.

16
[190] დაე, მძვინვარე არესმა21, რომელიც ახლა ბრინჯაოს ფარის გარეშე მწვავს და ხმაურობს,
ზურგი მაქციოს, უკან დაიხიოს, სწრაფად გაიქცეს ჩვენი მიწიდან, ზურგქარმა წაიყვანოს ან
ამფიტრიტეს22 დიდი მღვიმისაკენ, ან თრაკიის არასტუმართმოყვარე ტალღებისკენ, სადაც
ნავსაყუდელიც არ არის. რადგან თუ ღამემ რამე ვერ დაასრულა, დღე მოდის ამისთვის; ეს
ცეცხლისმატარებელი შენ, [200] მეხის ძალის მფლობელო ზევსო მამა, შენი ელვით მოსპე.

ანტისტროფი მესამე

მეუფე ლიკეიოს23, მინდა, რომ ოქროწნული ლარიდან დაუნდობელი ისრები ისროლო და


დაგვიცვა ცეცხლისმატარებელი მტრისგან, არტემისმაც, რომელიც ელვარე ჩირაღდნებით
დაქრის ლიკიის მთებზე24; ოქროსმიტრიანსაც ვუხმობ [210] ამ მიწის სახელის მქონეს25, ღაჟღაჟა
ბაკქოსს26, „ევოის“ რომ უყვირიან თანამგზავრი მენასები 27, მოგვიახლოვდეს ანთებული სოჭის
ელვარე ჩირაღდნით, ჩვენი მოკავშირე ღმერთებისთვის საძულველი ღმერთის წინააღმდეგ.

პირველი ეპისოდიონი
ოიდიპოსი. ლოცულობ, და შენი ლოცვის პასუხად, თუკი ჩემს სიტყვებს ერთგულებით
მოუსმენ და საკუთარ სნეულებაზე იზრუნებ, დახმარებასაც მიიღებ და უბედურებისგან
ხსნასაც. ამ სიტყვებს მე საჯაროდ ვიტყვი, რადგან ჩემთვის უცხო იყო [220] ნათქვამიცა და
მომხდარიც. შორს ვერ გავყვებოდი კვალს მარტო, რომ არ მქონოდა მინიშნება. ახლა კი ამბის
შემდეგ მოქალაქე გავხდი მოქალაქეებში28, თქვენ, ყველა კადმოსელს გიცხადებთ შემდეგს:
თქვენგან ვინც იცის, ვისგან დაიღუპა ლაიოს ლაბდაკოსის ძე, მას ვუბრძანებ, ყველაფერი მე
განმიცხადოს. თუნდაც ეშინოდეს, ვუბრძანებ, აღიაროს საკუთარი დანაშაული, სხვა სასჯელს
არ მიიღებს, მხოლოდ ამ ქვეყანას დატოვებს უვნებელი. [230] თუკი ვინმემ იცის, რომ მკვლელი
უცხოელია, სხვა მიწიდან, დაე, ნუ დადუმდება29; რადგან მას ჯილდოს მივცემ და მადლობასაც
გადავუხდი. ხოლო თუ დადუმდებით, შიშის გამო თუ მეგობარს ან საკუთარ თავს აარიდებთ

21
სტრ. 190. არესი – ომის ღმერთი არესი, რომელიც სიკვდილს უგზავნიდა მეომრებს ბრძოლის ველზე, აქ
გააზრებულია, როგორც ღმერთი, რომელიც მშვიდობიანობის დროს ხალხის სიკვდილშია დამნაშავე (ფარის გარეშე,
შუბების გარეშე).
22
სტრ. 194. ამფიტრიტე – პოსეიდონის მეუღლე, რომელიც ზღვის სიღრმეში ცხოვრობდა.
23
სტრ. 203. მეუფე ლიკეიოს – აპოლონი.
24
სტრ. 208. ლიკიის მთებზე... – არტემისის კავშირი ლიკიის მთებთან წარმოიშვა, როგორც ჩანს, აპოლონის
ეპითეტის „ლიკეიოსის“ ანალოგიით. ამ ეპითეტის წარმოშობას λυκ („სინათლე“) ფუძის სხვადასხვა განმარტებას
უკავშირებენ; სიტყვიდან λύκος „მგელი“ (აპოლონი ითვლებოდა ფარის მგლებისგან დამცველად); მცირე აზიის
ქვეყანა ლიკიიდან, საიდანაც იყო წარმოშობით ლეტო, რომელმაც ზევსს ტყუპები, აპოლონი და არტემისი, უშვა. რაც
შეეხება არტემისს, ტროიძენში, პელოპონესოსის ჩრდილოეთ სანაპიროზე, იყო არტემის ლიკიელის ტაძარი
(პავსანიასი, II, 31, 4).
25
სტრ. 209. ამ მიწის სახელის მქონე – იგულისხმება შემდეგ ნახსენები ღმერთი დიონისოსი, თებეს დედოფალ
სემელესა და ზევსის ძე.
26
სტრ. 213. ბაკქოსი – დიონისოსის ერთ-ერთი სახელი. თებეს ხანდახან ბაკქეია (ბაკქოსის კუთვნილი)
ეწოდებოდა.
27
სტრ. 214. მენასები (მენადები) – დიონისოსის თანმხლები ქალები.
28
სტრ. 223. მოქალაქე გავხდი მოქალაქეებში – ათენის სამართლის მიხედვით, ბოროტმოქმედის დევნა
შეიძლება აღძრულიყო მხოლოდ სრულუფლებიანი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, როგორიც გახდა
ოიდიპოსი, როდესაც მეფედ იქნა არჩეული.
29
სტრ. 230. თუკი ვინმემ იცის, რომ მკვლელი უცხოელია, სხვა მიწიდან, დაე, ნუ დადუმდება – ასევე ათენის
პროცესუალური კოდექსის ელემენტი: თანამონაწილის სასჯელისგან გათავისუფლება, თუკი იგი საჯაროდ
აღიარებდა დანაშაულს.

17
ჩემს ბრძანებებს, მისმინეთ, თუ რას ვიზამ: გიბრძანებთ, რომ იმ მიწის ვერც ერთი მცხოვრები,
რომელსაც მე ვმართავ, ვერ მისცემს თავშესაფარს მკვლელს 30 და ვერ იურთიერთებს მასთან,
ვინც უნდა იყოს იგი, ვერ გახდის ლოცვასა და მსხვერპლშეწირვაში მონაწილედ, [240] მასთან
ერთად ხელს ვერ განიბანს. უნდა გააძევოთ სახლებიდან, როგორც თქვენთვის უწმინდურება,
როგორც პითიურმა ღმერთმა ახლახან წინსწარმეტყველებით მამცნო. ამ გზით მე ვხდები
მოკავშირე ღვთისა და მოკლული კაცისა. საზეიმოდ ვფიცავ, რომ მკვლელი, ვინც უნდა იყოს,
მარტოა დამნაშავე თუ მას თანამზრახველები ჰყავს, იქნება დაწყევლილი და დაიმსახურებს,
რომ იცხოვროს უბედური ცხოვრებით. ჩემთვის კი ვლოცულობ, თუ იგი [250] გახდა ჩემი
სახლის მცხოვრები და მე ეს გავიგე, მეც იმით დავიტანჯო, რაც ახლახან სხვებისთვის
ვისურვე. თქვენ კი გავალებთ ყველაფერ ამის აღსრულებას, ჩემ გამო, ღმერთის გამო და ამ
მიწის გამო, უნაყოფოდ და უღმერთოდ რომ დაქცეულა. ეს საკითხი ღმერთს რომც არ აღეძრა,
მაინც შეუფერებელი იქნებოდა, დაუსჯელად დაგეტოვებინათ დანაშული, როდესაც ასეთი
წარჩინებული კაცი და თანაც მეფე დაიღუპა, უნდა გამოგეძიათ; მაგრამ ახლა, როდესაც მე
მიპყრია ის ძალაუფლება, რომელიც მანამდე მას ეპყრა, [260] როცა ვფლობ მის სარეცელსა და
ზიარ მეუღლეს, რომელსაც უნდა ეშვა მისთვის შვილები, შთამომავლობის იმედი რომ
წარუმატებელი არ ყოფილიყო, ერთი დედისგან ნაშობი შვილები ჩვენ საერთო კავშირით
შეგვკრავდა; როგორც იყო, მას განსაცდელი დაატყდა თავს, – მე ამ საქმეს მივყვები, თითქოს ის
ჩემი საკუთარი მამა იყოს,31 ვიბრძოლებ მისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიპოვო მისი
მკვლელი, რადგან ის იყო ძე ლაბდაკოსისა, შთამომავალი პოლიდოროსისა, ადრინდელი
კადმოსისა და ძველი აგენორისა. იმათზე, ვინც არ დამემორჩილება, ვლოცულობ, რომ
ღმერთებმა [270] არ გაუგზავნონ მიწის მოსავალი, არც მათს ქალებს გაუჩინონ შვილები, რომ
დაიღუპონ ახლანდელი უბედურებით ან ამაზე უარესით. თქვენდამი კი, დანარჩენო
კადმოსელებო, რომლებიც ამას ემორჩილებით, დაე, ჩვენი თანამებრძოლი დიკე 32 და ყველა
ღმერთი მუდმივად მოწყალე იყოს.

კორიფაიოსი. რაკი წყევლით შემკარი, ამას გეტყვი, მეუფეო. მე არ მომიკლავს და ვერც


მკვლელს ვერ გამოვააშკარავებ. ვინც უნდა გამოიძიოს, ეს სხივოსანია, რომელმაც გვიბრძანა,
მან უნდა თქვას, ვინ ჩაიდინა ეს.

ოიდიპოსი. [280] სამართლიანად თქვი, მაგრამ ღმერთებს ვერც ერთ ადამიანი ვერ აიძულებს
გააკეთონ, რაც არ სურთ.

კორიფაიოსი. მეორე საუკეთესოდ რაც მიმაჩნია, იმას ვიტყოდი.

ოიდიპოსი. მესამეც თუა, ისიც უყოყმანოდ თქვი.

კორიფაიოსი. ვიცი, რომ რასაც ხედავს სხივოსანი მეუფე, იმას ხედავს მეუფე ტირესიასიც,
მისგან შეიძლება გამომძიებელმა უცხადესად შეიტყოს ყველაფერი.

ოიდიპოსი. უყურადღებოდ არც ეს დამიტოვებია. კრეონის რჩევით, ორგზის გავგზავნე კაცი


მის მოსაყვანად. ამდენ ხანს რომ არ მოდის, მიკვირს.

30
სტრ. 236. ვერ მისცემს თავშესაფარს მკვლელს – მკვლელის „მოკვეთა“ ადამიანებთან ურთიერთობისა და
ტაძრების მონახულების აკრძალვით, ასევე იყო ათენის სისხლის სამართლის ელემენტი.
31
სტრ. 264. თითქოს ის ჩემი საკუთარი მამა იყოს... – როდესაც ოიდიპოსი იოკასტეს მეუღლე გახდა, იგი
დაუნათესავდა, მოყვრობის ერთობით დაუკავშირდა ლაიოსს და ამიტომ, ათენის სასამართლო პრაქტიკის მიხედვით,
მას უფლება აქვს წამოიწყოს ჯერაც ვერნაპოვნი დამნაშავის სისხლის სამართლებრივი დევნა.
32
სტრ. 274. დიკე – ზევსისა და თემისის ასული, სამართლიანობისა და მორალური წესრიგის ქალღმერთი
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.

18
კორიფაიოსი. [290] არის კიდევ ერთი ბუნდოვანი და ძველი ნათქვამი.

ოიდიპოსი. რა ნათქვამია? ყველა სიტყვას განვიხილავ.

კორიფაიოსი. ამბობენ, რომ იგი მოკლეს ვიღაც მოგზაურებმა.

ოიდიპოსი. მეც მსმენია, მაგრამ არავის უნახავს, ვინც ეს დაინახა.

კორიფაიოსი. მაგრამ თუ იცის, შიში რა არის, შენი მოსმენის შემდეგ, არ მოიცდის, ისეთი
წყევლაა.

ოიდიპოსი. თუ გამკეთებელს არ აქვს შიში, იმას სიტყვისაც არ ეშინია.

კორიფაიოსი. მაგრამ არავინაა, ბრალი რომ დასდოს. მაგრამ აი, მოჰყავთ ბოლოს და ბოლოს
ღვთაებრივი მისანი, ერთადერთი ადამიანი, რომელშიც სიმართლე ცოცხლობს.

ჩნდება ტირესიასი, რომელიც ბიჭს მოჰყავს.

ოიდიპოსი. [300] ყველაფრის მომცველო ტირესიას, გამოთქმადისაც და გამოუთქმელისაც,


ზეციურისაცა და მიწიერისაც, ჩვენს სახელმწიფოს, თუმცა ვერ ხედავ, მაინც გრძნობ, რა დიდი
ჭირიც დაატყდა თავს. აქედან, დიდო წინასწარმეტყველო, შენ მიგიჩნევთ ჩვენს მფარველად და
ერთადერთ მხსნელად. რადგან სხივოსანმა, თუ არ გსმენია მაცნეთაგან, გამოგვიგზავნა პასუხი
ჩვენს შეკითხვაზე, რომ ერთადერთი გზა, რომ თავი ავირიდოთ ამ უბედურებისგან, არის
ლაიოსის მკვლელების აღმოჩენა, შემეგ მათი მოკვლა ან ჩვენი მიწიდან გაძევება. [310] ამიტომ
არ დაგვანანო ფრინველთა ხმები და მისნობის სხვა ხერხები, გადაირჩინე თავი და იხსენი შენი
ქვეყანა, მიხსენი მე, გადაარჩინე ყველაფერი, რაც გასვრილია მიცვალებულის მიერ. შენს ხელში
ვართ და ადამიანის ყველაზე კეთილშობილი ამოცანაა, სხვებს დაეხმაროს, როგორც კი
შეუძლია, ყველაზე უკეთესად.

ტირესიასი. ვაი, ვაი, რა საშინელებაა, გქონდეს სიბრძნე, რომელსაც მფლობელისთვის


სარგებლობა არ მოაქვს! ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ დამისხლტა გონებიდან, თორემ აქ არ
მოვიდოდი.

ოიდიპოსი. რა ხდება? რა გულისგამტეხლად მოხვედი?!

ტირესიასი. [320] გამიშვი სახლში: უფრო იოლად იტვირთავ შენ შენს ტვირთს და მე ჩემსას,
თუ დამიჯერებ.

ოიდიპოსი. სამართლიანად არ ლაპარაკობ და არც შესაფერისად საყვარელი ქალაქისთვის,


რომელმაც აღგზარდა, როცა პასუხს არ იძლევი.

ტირესიასი. ვხედავ, რომ შენს სიტყვას შენთვისაც არ მოაქვს სარგებლობა, ამიტომ არ ვამბობ,
მეც იგივე რომ არ განვიცადო.

ოიდიპოსი. ღმერთების სახელით, ცოდნა თუ გაქვს, ზურგს ნუ შეგვაქცევ, როცა ყველანი


მუხლმოდრეკილი გევედრებით.

ტირესიასი. არავის არ გაქვთ ცოდნა, მაგრამ მე ჩემს გასაჭირს არასდროს არ გავამხელ, შენი

19
რომ არ გავთქვა.

ოიდიპოსი. [330] რას ამბობ?! იცი და არ ამბობ? აპირებ, გვიღალატო და დააქციო ქალაქი?!

ტირესიასი. არც მე მივიყენებ და არც შენ მოგაყენებ ტკივილს. რატომ მეკითხები ამაოდ? ჩემგან
ვერაფერს გაიგებ.

ოიდიპოსი. მაშ, ბოროტთაგან უბოროტესო, კლდესაც რომ განარისხებდი, არ ილაპარაკებ?!


ვერაფერი ვერ შეგეხება? სიჯიუტე არ დასრულდება?!

ტირესიასი. ჩემს მრისხანებას კიცხავ, შენში დაბუდებულს კი ვერ ხედავ, ხოლო მე მლანძღავ.

ოიდიპოსი. ვინ არ განრისხდებოდა, რომ გაიგონებდა ასეთ სიტყვებს, [340] რომლებითაც შენ
ახლა შეურაცხყოფ ქალაქს?!

ტირესიასი. მომავალი მაინც დადგება, თუნდაც მე დუმილით შევინახო საიდუმლო.

ოიდიპოსი. რაკი მაინც უნდა მოხდეს, შენ უნდა მითხრა.

ტირესიასი. მეტს არ ვიტყვი: განრისხდი, თუ გინდა, ყველაზე უფრო დიდი მრისხანებით, რაც
გულში გაქვს.

ოიდიპოსი. მაშ, არ დავმალავ არაფერს, იმოდენა მრისხანებაც მაქვს, რასაც ვფიქრობ: იცოდე,
რომ მიმაჩნია, შენ დაეხმარე ამ დანაშაულის დაგეგმვაში და ეს გააკეთე, თუნდაც არა საკუთარი
ხელით, ბრმა რომ არ ყოფილიყავი, იმასაც ვიტყოდი, რომ თავად ჩაიდინე ეს დანაშაული.

ტირესიასი. [350] მართლა?! გეუბნები, საკუთარ განკარგულებას დაემორჩილო და დღეიდან არ


გველაპარაკო არც ამ ხალხს და არც მე: როგორც ამ მიწის უწმინდური წამბილწველი.

ოიდიპოსი. ასე ურცხვად წარმოთქვამ ამ სიტყვას? და სად ფიქრობ გაქცევას?!

ტირესიასი. უკვე გავიქეცი, რადგან ძალაა ჩემს სიმართლეში.

ოპიდიპოსი. ვინ გასწავლა ეს? შენი ხელოვნებიდან არ მოდის ეს.

ტირესიასი. შენ თვითონ, რადგან მაიძულე, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მელაპარაკა.

ოიდიპოსი. რა თქვი? გაიმეორე, რომ უკეთ გავიგო.

ტირესიასი. [360] მანამდე ვერ მიხვდი, თუ გამოცდას მიწყობ?!

ოიდიპოსი. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გავიგე. კიდევ მითხარი.

ტირესიასი. მე ვთქვი, რომ შენ ხარ კაცის ის მკვლელი, რომელსაც ეძებ.

ოიდიპოსი. ვერ გაიხარებ, ასეთი საზარელი სიტყვა რომ ორჯერ თქვი.

ტირესიასი. მეტი ვთქვა, რომ კიდევ უფრო განრისხდე?

20
ოიდიპოსი. რამდენიც გინდა, ამაოდ ითქმება.

ტირესიასი. ვამბობ, რომ ვერ ხვდები, რა სამარცხვინო კავშირი გაქვს შენს ახლობლებთან, ვერ
ხედავ, რა უბედურებაში ხარ.

ოიდიპოსი. ხომ არ გგონია, რომ ასე დაუსჯელად ილაპარაკებ სულ?

ტირესიასი. დიახ, თუკი სიმართლეს რამე ძალა აქვს.

ოიდიპოსი. [370] აქვს, ოღონდ უშენოდ, რადგან შენ არ გაქვს ძალა, რაკი ხარ ბრმა ყურებით,
გონებითა და თვალებით.

ტირესიასი. შე უბედურო, იმას მდებ ბრალად, რასაც ყველა მალე შენ დაგაბრალებს.

ოიდიპოსი. უსასრულო ღამით იკვებები, ასე რომ, ვერც მე, ვერც სხვას, ვინც მზის სინათლეს
ხედავს, ვერ გვავნებ ვერასოდეს.

ტირესიასი. არა, შენი ბედი ჩემს ხელთ არ ჩავარდება, საკმარისად მძლავრია აპოლონი,
რომელსაც ეს ეხება.

ოიდიპოსი. კრეონისაა თუ შენი ეს გამონაგონი?

ტირესიასი. კრეონი არაა შენი უბედურება, შენ თვითონ ხარ.

ოიდიპოსი. [380] ო, სიმდიდრე, ძალაუფლება, ო ხელოვნების ხელოვნებავ, რომელიც


ყველაფერს აღემატება დაპირისპირებით სავსე ცხოვრებაში, რა დიდია თქვენში შემონახული
შური, თუ ამ თანამდებობისთვის, რომელიც ქალაქმა დამაკისრა, ეს საჩუქარი იყო, რაც არ
მითხოვია, სანდო კრეონი, ძველი მეგობარი, ჩუმად მომეპარა და დამხობას მიპირებს და
მოისყიდა ეს მზაკვარი მოგვი, ცბიერი თაღლითი, რომელიც მხოლოდ სარგებელს განჭვრეტს,
თავის ხელოვნებაში კი ბრმაა! [390] მოდი, მითხარი, სად დაადატურე შენი მისნობა? როდესაც
მომღერალი ძაღლი იყო აქ, რატომ არაფერი თქვი, რომ მოქალაქეები გაგეთავისუფლებინა? იმ
გამოცანას ხომ ვინმე გამვლელი კაცი ვერ გამოიცნობდა, სწორედ მისნობა იყო საჭირო; და შენ
გამოამჟღავნე, რომ არ ფლობ ამ ხელოვნებას არც ფრინველებისგან 33 და არც რომელიმე
ღვთისგან. უფრო მე მოვედი, არაფრის მცოდნე ოიდიპოსი, შევაჩერე ის, პასუხი კი ვიპოვე
საკუთარი გონების წყალობით, ფრინველებისგან არ მისწავლია. ახლა კი შენ ცდილობ ჩემს
ჩამოგდებას, გგონია, რომ [400] დიდი გავლენა გექნება კრეონის კარზე. მაგრამ მე ვფიქრობ,
რომ შენ და ის, ვინც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი, ინანებთ, რომ ამ მიწის განწმენდა
გულმოდგინედ ისურვეთ: ბერიკაცი რომ არ ყოფილიყავი, მაგ შენი ქედმაღლობის ფასს
გასწავლიდი.

კორიფაიოსი. ჩვენ ასე ვასკვნით, რომ ეს სიტყვები, ორივესი, მისი და შენი, ოიდიპოს,
მრისხანებამ გათქმევინათ. ჩვენ ეს კი არ გვჭირდება ახლა, არამედ უნდა ვეძებოთ, როგორ
შეგვიძლია საუკეთესოდ შევასრულოთ ღმერთის წინასწარმეტყველება.

33
სტრ. 395. ფრინველებისგან – ძველ საბერძნეთში მისნობის ერთ-ერთ სახეობა იყო ფრინველთა ფრენისა და
ამ დროს გამოცემული ხმების საფუძველზე წინასწარმეტყველება. შდრ. სტრ. 966. ბრმა ტირესიასი თავის დასკვნებს
სწორედ ამ ნიშნის მიხედვით აკეთებდა. იხ. ანტ. სტრ. 999-1004.

21
ტირესიასი. თუმცა შენ მეფე ხარ, მე მაინც მაქვს თანაბარი უფლება, პასუხი გაგცე, ამას მეც
განვაგებ. [410] მე ხომ არ ვცხოვრობ შენს მონად, არამედ ლოქსიასის 34. და არც კრეონის
მფარველობა არ დამჭირვებია. გეუბნები, რაკი დასცინე ჩემს სიბრმავეს, შენ თავლხილული
ხარ და ვერ ხედავ, რა სიავეში ხარ, სად და ვისთან ცხოვრობ. იცი კი, ვისი შვილი ხარ? არ იცი,
რომ შენიანების მტერი ხარ როგორც მიწისქვეშ, ისე მიწაზე და ორმაგი დარტყმა დედაშენისა
და მამაშენის საშინელი წყევლისა ერთხელაც გაგაძევებს ამ ქალაქიდან და ახლა რომ ხედავ,
შემდეგ წყვდიადი დაგეუფლება. [420] რა ადგილი არ მოისმენს შენს ყვირილს, კითერონის 35
რომელ ნაწილს არ მოიცავს შენი გოდება, როდესაც გაიგებ შენი ქორწინების ამბავს და
მიხვდები, ამ უნავსადგურო სახლს მიადექი ბედნიერი ნაოსნობის შემდეგ. ვერ ხედავ მთელ
წყებას სხვა უბედურებათა, რომელიც საკუთარ შვილებთან გაგათანაბრებს. ახლა კი ლანძღე
კრეონი და ჩემი სიტყვა: ვერც ერთი მოკვდავი ვერასოდეს ვერ დაიტანჯება შენზე მეტად.

ოიდიპოსი. შეიძლება მისგან ამ აუტანელი რამის მოსმენა? [430] წადი, დაიღუპე! არ ჩქარობ?!
ვერ შეტრიალდები და ვერ წახვალ ამ სახლიდან?!

ტირესიასი. არც მოვიდოდი, შენ რომ არ გეხმე.

ოიდიპოსი. არ ვიცოდი, თუ ასეთ სიბრიყვეს ილაპარაკებდი, თორემ დიდი დრო გავიდოდა,


სანამ სახლში მოგიხმობდი.

ტირესიასი. ჩვენ ასეთები ვიშვით, როგორც შენ ფიქრობ, ბრიყვნი, შენს მშობლებს კი,
რომელთაც გშობეს, გონიერებად მივაჩნდით.

ოიდიპოსი. რომლებს? მოიცა, ვინ მშვა მოკვდავთაგან?

ტირესიასი. ეს დღე გშობს და გაგაცამტვერებს.

ოიდიპოსი. სულ გამოცანასა და გაუგებარს ამბობ.

ტირესიასი. [440] მერედა შენ არ ხარ საუკეთესო საიდუმლოთა გამოცნობაში?!

ოიდიპოსი. იმაში მკიცხავ, რაშიც აღმოაჩენ, რომ დიდი ვარ.

ტირესიასი. თანაც სწორედ მაგ ბედმა დაგღუპა.

ოიდიპოსი. თუ ეს ქალაქი გადავარჩინე, სხვა არ მადარდებს.

ტირესიასი. ამრიგად, მე მივდივარ, შენ, ბიჭო, გამიძეხი.

ოიდიპოსი. დიახ, წააყვანინე თავი, აქ ყოფნით მაბრკოლებ და ხელს მიშლი, წახვალ და მეტად
აღარ მომაყენებ ტკივილს.

ტირესიასი. ვიტყვი, რისთვისაც მოვედი და წავალ, შენი სახის არ მეშინია, რადგან შენ მე
ვერასოდეს ვერ გამანადგურებ. გეუბნები: კაცი, რომელსაც ამდენი ხანია [450] ეძებ, რომელსაც
34
სტრ. 410. ლოქსიასი – აპოლონის ერთ-ერთი სახელია. დაკავშირებულია ზმნასთან λέγω „ვამბობ“ და
შეიძლება „ორაზროვანს“ ნიშნავდეს.
35
სტრ. 421. კითერონი – ქედი თებესა და ატიკის საზღვარზე, სადაც ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით
მიაგდეს ოიდიპოსი, ხოლო, სოფოკლეს ვერსიით, იგი გადაეცა კორინთოსელ მწყემსს. შდრ. სტრ. 1134, 1391.

22
ემუქრები და ბრალს სდებ ლაიოსის მკვლელობაში, იგი აქაა, თითქოსდა უცხო და ჩამოსულია,
თუმცა მალე მკვიდრი თებელი აღმოჩნდება, მაგრამ ამ ამბით ვერ გაიხარებს. ბრმა, თუმცა
ახლა ხედავს, ღატაკი, თუმცა ახლა მდიდარია, უცხო მხარეს გაეშურება და თავის წინ მიწას
მოჩხრეკს თავისი ჯოხით და აღმოჩნდება, რომ თავისი შვილებისთვის ერთროულად ძმაცაა
და მამაცაა, შვილი და ქმარია ქალისა, რომელმაც შობა, ხოლო მამის [460] სარეცლის მოზიარე
და მკვლელი. ახლა წადი და ეს გაიაზრე: თუ აღმოაჩენ, რომ ვცდები, თქვი, რომ მისნობის
საქმეში არაფერი გამეგება.

პირველი სტასიმონი
გუნდი

სტროფი I

ვინ არის ის, ვისზედაც დელფოსური კლდიდან ბრძანა წინასწარმეტყველურმა ხმამ, რომ
სისხლისფერი ხელებით შექმნა გამოუთქმელთაგან გამოუთქმელი ცოდვა? დროა, ფეხით
გაიქცეს უფრო სწრაფად, ვიდრე მიქრიან მძლავრი ცხენები. [470] რადგან ცეცხლოვანი ელვით
შეიარაღებული მიექანება მისკენ ზევსის ძე და უკან მისდევენ საზარელი შეუმცდარი კერები.36

ანტისტროფი I

ახლახან ხმა გაისმა თოვლიანი პარნასოსიდან37, ნაბრძანებია, ყველამ ეძებოს უცნობი კაცი. იგი
ხარივით დაბორიალობს დაბურულ ველურ ტყეში, გამოქვაბულებსა და კლდეებში, მარტოა
თავის უსიხარულო გზაზე, [480] ცდილობს, გაექცეს მიწის ჭიპიდან ნაწინასწარმეტყველებ
დაღუპვას, მაგრამ ბედი მუდმივად თავს დასტრიალებს.

სტროფი II

ბრძენმა ფრინველთმისანმა ამაღელვა საზარელი ამბით და ვერც ვადასტურებ და ვერც


უარვყოფ, არ ვიცი, რა ვთქვა. დავიბენი და ვერც აწმყოს ვხედავ და ვერც – მომავალს. არასოდეს
არც წარსულ დღეებში და არც ამჟამად არ მსმენია, რომ ლაბდაკიდესებსა 38 და [490]
პოლიბოსის ძეს39 შორის უთანხმოება ყოფილიყო, რომ ეჭვი შემეტანა ოიდიპოსის საერთო-
სახალხო დიდებაში და ლაბდაკიდესების სახელით მომეთხოვა შურისძიება გაუხსნელი
მკვლელობისათვის.

ანტისტროფი II

36
სტრ. 472. კერები – ერინისები, თავდაპირველად, სისხლით ნათესავის მკვლელობისთვის ან
შებილწვისთვის შურისმაძიებელი ქალღმერთები; შემდგომში მათი მოქმედების სფეროში მოხვდა ყველა მკვლელობა.
37
სტრ. 475. თოვლიანი პარნასოსი – პარნასოსის მთის ფერდობზე განლაგებულია დელფოსი და აპოლონის
სამისნო, სადაც „მიწის ჭიპიდან“ წინასწარმეტყველებს აპოლონი. დელფოსში განსაკუთრებული პატივისცემით
ეპყრობოდნენ ლოდს, რომელიც კრონოსმა ყრმა ზევსის ნაცვლად გადაყლაპა და შემდეგ თავისი წიაღიდან ამოანთხია
სხვა გადაყლაპულ შვილებთან ერთად. ადგილი, სადაც იდო ეს ლოდი, ითვლებოდა სამყაროს ცენტრად („ჭიპად“).
38
სტრ. 489. ლაბდაკიდესები – თებეს მეფის, კადმოსის შვილიშვილის, ლაბდაკოსის შთამომავლები.
39
სტრ. 490. პოლიბოსის ძე – ოიდიპოსი, რომელიც კორინთოსის მეფის, პოლიბოსისა და დედოფალ მეროპეს
შვილად ითვლებოდა.

23
ზევსი და აპოლონი ბრძენნი არიან და მოკვდავთა საქმეთა [500] მცოდნენი, მაგრამ არ
არსებობს არანაირი სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ მოკვდავმა მისანმა შეიძლება მიაღწიოს ჩემზე
მეტ ცოდნას, თუმცა კაცი კაცს სიბრძნით შეიძლება აღემატებოდეს, მაგრამ მანამდე, სანამ არ
დავინახავ, რომ სიტყვა სიმართლეა, ოიდიპოსისადმი ბრალდებას არ დავეთანხმები. ყველას
თვალწინ ფრთოსანი ქალწული ოდესღაც გამოვიდა მის წინააღმდეგ და იგი ბრძენი აღმოჩნდა,
[510] და ქალაქის მსახურების გამოცდა ჩააბარა. ამიტომ მე მას ვერასოდეს ვერ ჩავთვლი
დამნაშავედ.

მეორე ეპისოდიონი

შემოდის კრეონი.

კრეონი. მოქალაქენო, გამიგია, რომ საშინელ ბრალდებას მიყენებს მე მეფე ოიდიპოსი და


მოვედი აღშფოთებული. თუ ფიქრობს, რომ ახლანდელ განსაცდელში ჩემგან რამენაირად
დაზარალდა სიტყვით ან საქმით, საერთოდ არ მინდა, ცოცხალი დავრჩე, თუკი ასეთი
ბრალდება უნდა გადავიტანო. ამ ჭორი და ტყუილი [520] მარტო უბრალო უსამართლობა კი
არაა, არამედ დიდი გაქანებისაა, თუკი სამშობლოს ვღალატობ და მოღალატედ ვიწოდები
თქვენგან და ჩემი მეგობრებისგან.

კორიფაიოსი. იქნებ ეს ბრალდება მრისხანებისას წამოცდა და სინამდვილეში ასე არ ფიქრობს?!

კრეონი. სიტყვა თქმულა, თითქოს ჩემი რჩევებისთვის დაუჯერებია და ტყუილი სიტყვები


უთქვამს მისანს?

კორიფაიოსი. ეს თქვა, ოღონდ არ ვიცი, რას გულისხმობდა.

კრეონი. აუმღვრეველი მზერა ჰქონდა და დაწყობილი გონება, როდესაც მე ამ ბრალდებას


მიყენებდა?

კორიფაიოსი. [530] არ ვიცი. ვერ ვხედავ, რას შვრებიან ბატონები. აი, თავად გამოდის
სახლიდან.

გამოდის ოიდიპოსი.

ოიდიპოსი. შენა ხარ?! აქ როგორ მოხვედი? იმოდენაა შენი თავხედობა, რომ გაბედე ჩემს
სახლში მოსვლა, შენ, რომელიც ცხადად ხარ მისი პატრონის მკვლელი და მისი გვირგვინის
აშკარა ქურდი? მოდი, მითხარი, ღმერთების სახელით, ცბიერება ნახე ჩემში თუ უგუნურება, ეს
საქმე რომ ჩაიფიქრე?! შენ გეგონა, რომ ვერ შევამჩნევდი შენს საქციელს, შეუმჩნევლად რომ
მომეპარე ან გავიგებდი და ვერ მოვიგერიებდი? [540] უგუნური არ არის შენი მცდელობა,
ხალხისა და მეგობრების გარეშე ესწრაფოდე ძალაუფლებას, რომელიც ხალხითა და
სიმდიდრით მიიღწევა?!

24
კრეონი. იცი, რა უნდა ქნა? შენს ნათქვამზე პასუხი უნდა მოისმინო, რომ გეცოდინება, შემდეგ
იმსჯელო.

ოიდიპოსი. ლაპარაკში ძლიერი ხარ, მაგრამ მე ვარ შენი ცუდი მოსწავლე, რადგან ჩემს ბოროტ
მტრად მიმაჩნიხარ.

კრეონი. სწორედ ამაზე ახლა ჯერ მომისმინე, რას გეტყვი.

ოიდიპოსი. სწორედ ამაზე ნუ მეტყვი, რომ ბოროტი არ ხარ.

კრეონი. თუ ფიქრობ, რომ უაზრო სიჯიუტე [550] რამე სიკეთეა, საღად ვერ აზროვნებ.

ოიდიპოსი. თუ შენ ფიქრობ, რომ შეგიძლია ბოროტი უყო ნათესავს და არ დაისაჯო, კარგად
ვერ აზროვნებ.

კრეონი. გეთანხმები, ამას სწორად ამბობ, მაგრამ ამიხსენი, რა სიავე მოგივიდა ჩემგან?!

ოიდიპოსი. შენ დამარწმუნე თუ არა, რომ საჭირო იყო, ამ ღირს მისან კაცთან გაგვეგზავნა
ვინმე?

კრეონი. ახლაც იმავე აზრისა ვარ.

ოიდიპოსი. რამდენი ხანია, რაც ლაიოსი...

კრეონი. რა ლაიოსი? არ მესმის.

ოიდიპოსი. [560] მოკლეს და გაქრა?

კრეონი. დროის ათვლა წარსულში შორს გადაგვიყვანდა.

ოიდიპოსი. ეს მისანი თავის ხელოვნებას ფლობდა მაშინ?

კრეონი. ბრძენი იყო მაშინაც და ახლანდელივით დაფასებული.

ოიდიპოსი. და იმ დროს მახსენა?

კრეონი. არა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თანდასწრებით არა.

ოიდიპოსი. და მკვლელობას არ იძიებდით?

კრეონი. როგორ არ ვიძიებდით? თუმცა ვერაფერი გავიგეთ.

ოიდიპოსი. და ამ ამბავს ეს ბრძენი მაშინ რატომ არ მოჰყვა?

კრეონი. არ ვიცი, რაც არ ვიცი, იმაზე დუმილს ვარჩევ.

ოიდიპოსი. [570] ერთი რამ მაინც ხომ იცი და იმას იტყვი, საღ გონებაზე თუ ხარ.

25
კრეონი. რაა? თუ ვიცი, არ უარვყოფ.

ოიდიპოსი. ის რომ, შენთან რომ არ შეკრულიყო, იგი მე ლაიოსის მკვლელად არ


დამასახელებდა.

კრეონი. ასე თუ თქვა, შენ უკეთ იცი, მე კი მინდა გკითხო, როგორც ახლა შენ მკითხე.

ოიდიპოსი. მკითხე, ვერასოდეს ვერ დამიმტკიცებ მკვლელობას.

კრეონი. მაშ, მითხარი, ჩემი და ხომ გყავს ცოლად?

ოიდიპოსი. ამის უარყოფა არ შეიძლება.

კრეონი. და ამ მიწას მასთან თანაბრად მართავ?

ოიდიპოსი. [580] რასაც ისურვებს, ყველაფერს ვუსრულებ.

კრეონი. მე არ ვარ მესამე, თქვენ ორის თანაბარი?

ოიდიპოსი. სწორედ აქ გამოავლინე თავი ყალბ მეგობრად.

კრეონი. არა, თუ ჩემსავით საკუთარ თავს გაუწევ ანგარიშს. ჯერ ეს განიხილე, ნუთუ გგონია,
რომ ვინმე აირჩევს მმართველობას საშინელებებთან ერთად და არა წყნარ ძილსა და იმავე
ძალაუფლებას? მე, მაგალითად, ბუნებით არ მიველტვი მეფობას, უფრო მეფური ქმედება
მიზიდავს, როგორც ნებისმიერ კაცს, ვინც საღ ჭკუაზეა. [590] ახლა ყველაფერს ვიღებ შენგან
შიშის გარეშე, თავად რომ ვყოფილიყავი მბრძანებელი, ბევრი რამის გაკეთება მომიწევდა ნების
საწინააღმდეგოდ. მაშ როგორღა იქნება მეფობა უფრო ტკბილი, ვიდრე უმტკივნეულო მართვა
და ძალაუფლება? ჯერ ისე შემცდარი არ ვარ, ისეთი რამ ვისურვო, რასაც სარგებლობა არ
მოაქვს. ახლა ყველა მესალმება, ახლა ყველა თბილად მხვდება, ვისაც შენთან სათხოვარი აქვს,
ჩემთან საუბარს მიელტვის, რადგან ჩემშია წარმატების მთელი მათი იმედი. მაშ, რატომ უნდა
ვთქვა ამაზე უარი და სხვა რამე ვისურვო? [600] არც ერთი გონება არ გაბოროტდება, თუ საღ
აზრზეა. ამგვარი გაგების მოყვარული არ ვარ და თუ ვინმე სხვა განახორციელებს მას, მე
ვერასოდეს ვერ ავყვები. ამის დასამტკიცებლად, ჯერ წადი პითოსთან და იკითხე, სწორად
მოგიტანე თუ არა მისი ნაწინასწარმეტყველები. შემდეგ, თუკი აღმოაჩენ, რომ რამე დავგეგმე
მისანთან ერთად, შემიპყარი და მომკალი ორი განაჩენით, არა ერთი ბაგიდან გამოთქმულით,
არამედ ორიდან, ჩემი ბაგიდან, არანაკლებ შენი ბაგისა; მაგრამ მტკიცებულების გარეშე ნუ
დამდებ ბრალს, [610] უსამართლოა ცუდების კარგებად [610] გამოცხადებაცა და კარგების
ცუდებადაც. მე ვამბობ, რომ ნამდვილი მეგობარი გააძევო იგივეა, რაც გულიდან ამოიგდო
სიცოცხლე, რომელიც ყველაზე უფრო გიყვარს. ამას ყველაფერს დროის შემდეგ გაიგებ, რადგან
მხოლოდ დრო გამოავლენს მართალ კაცს, ხოლო მტყუანს ერთ დღეშიც იცნობ.

კორიფაიოსი. კარგად ილაპარაკა იმისთვის, ვინც ზრუნავს, არ წაიქცეს, მეფევ; ვინც სწრაფად
ფიქრობს, მყარი არ არის.

ოიდიპოსი. როდესაც იდუმალი შეთქმული სწრაფად მიახლოვდება, მეც სწრაფი უნდა ვიყო.
[620] თუ მას მშვიდად დაველოდები, მისი ჩანაფიქრი აღსრულდება, ჩემი კი დაიმსხვრევა.

კრეონი. მაშ, რა გინდა? ამ მიწიდან უნდა გამაძევო?

26
ოიდიპოსი. სულაც არა, შენი სიკვდილი მინდა და არა გაძევება, რომ შევძლო, გაჩვენო, შური
რა არის.

კრეონი. მაშ, ამბობ, რომ არც დათმობ და არც დაიჯერებ?

ოიდიპოსი. ...

კრეონი. ვხედავ, რომ გონებამ გიღალატა.

ოიდიპოსი. რაც მე მეხება, იმაში ბრძენი ვარ.

კრეონი. ბრძენი უნდა იყო, ჩემი აზრითაც.

ოიდიპოსი. შენ ბოროტი ხარ.

კრეონი. თუკი ვერაფერს ხვდები?

ოიდიპოსი. ვიღაცა უნდა მბრძანებლობდეს.

კრეონი. არა, თუ ცუდად მბრძანებლობს.

ოიდიპოსი. ო, ქალაქო, ქალაქო!

კრეონი. [630] ქალაქი ჩემიცაა, მარტო შენი არაა.

გუნდი. შეწყვიტეთ, მბრძანებლებო. ვხედავ, რომ დროულად გამოდის სახლიდან იოკასტე,


რომლის დახმარებითაც ახლანდელი მტრობა კეთილად უნდა დასრულდეს.

შემოდის იოკასტე.

იოკასტე. უბედურებო, რატომ გამართეთ ეს უაზრო კამათი? ნუთუ არ გრცხვენიათ, როდესაც


ქვეყანა ასე ავადაა, პირად წყენაზე იფიქროთ? წამოდი, სახლში შემოდი, შენ კი, კრეონ, შენს
სახლში წადი და ამ ამბავს დიდ ტკივილად ნუ აქცევთ.

კრეონი. დაო, ოიდიპოსი, შენი მეუღლე [640] ორი საშინელებიდან ერთ-ერთს მიმზადებს: ან
სამშობლოდან გაძევებას, ან შეპყრობასა და მოკვლას.

ოიდიპოსი. ვადასტურებ, რადგან ბოროტებას მიპირებდა პირადად მე, ქალო, ავი ცბიერებით
და გამოვიჭირე.

კრეონი. არ გამეხაროს, დავიწყევლო და დავიღუპო, თუ რამე მექნას იმათგან, რასაც მაბრალებ.

იოკასტე. ღმერთების სახელით, დაიჯერე, ოიდიპოს! განსაკუთრებით ამ ფიცს ღმერთებისადმი


ეცი პატივი, შემდეგ მე და ამ ხალხს შენ ირგვლივ.

27
კომოსი
სტროფი

გუნდი. დაუჯერე, იფიქრე და მოუსმინე, უფალო, გევედრები.

ოიდიპოსი. [650] მაინც რა გინდა, რომ დაგითმო?

გუნდი. დააფასე იგი, ვინც წარსულში არ იყო უგუნური და ახლა ძლიერია თავისი ფიცით.

ოიდიპოსი. იცი მაინც, რას ითხოვ?

გუნდი. ვიცი.

ოიდიპოსი. მაშინ მითხარი, რას გულისხმობ.

გუნდი. არასოდეს არ უნდა ენდო დაუმტკიცებელ ჭორს და ბრალი არ უნდა დასდო მეგობარს,
რომელიც ფიცს დებს.

ოიდიპოსი. მაშინ, კარგად იცოდე, ამას რომ ითხოვ, ჩემს სიკვდილს ან ამ მიწიდან გაძევებას
ითხოვ.

გუნდი. [660] არა, ღმერთებს შორის პირველს, ჰელიოსს გეფიცები, უღვთოდ და უმეგობროდ
ყველაზე საშინელი სიკვდილით დავიღუპო, თუ ეგ ფიქრი მაქვს! მაგრამ მე, უბედურს, სულს
მიტანჯავს ქვეყნის კვდომა და ძველ უბედურებას თქვენ ორისგან აღძრული ახალი სიავე
ემატება.

ოიდიპოსი. მაშ, წავიდეს, თუმცა ამით მე უტყუარად მოვკვდები [670] ან პატივაყრილს


გამაძევებენ ამ ქვეყნიდან. შენმა და არა მისმა ვედრებამ გამოიწვია ჩემში თანაგრძნობა, ის კი,
სადაც უნდა იყოს, ყველგან მეძულება.

კრეონი. მართლაც პირქუში ხარ დათმობაშიც კი, მძიმე ხარ, [მაშინაც,] როცა რისხვა
გადაგივლის, ასეთი ბუნების ხალხს საკუთარი თავისთვის მართლაც უბედურება მოაქვს.

ოიდიპოსი. ვერ დამტოვებ და ვერ წახვალ?

კრეონი. მივდივარ, შენ კი ვერ გამიგე, თუმცა ამათთვის ისევ ის ვარ, რაც ვიყავი.

კრეონი გადის.

ანტისტროფი I

გუნდი. ქალო, რატომ აყოვნებ ამ კაცის სახლში შეყვანას?

იოკასტე. [680] ჯერ უნდა გავიგო, რა მოხდა.

28
გუნდი. ბუნდოვანი ეჭვი აღიძრა, უსამართლობა ჭრილობას აყენებს.

იოკასტე. ორივე მხარეს?

გუნდი. დიახაც.

იოკასტე. და რა იყო ამბავი?

გუნდი. საკმარისია, საკმარისია ჩემთვის! როდესაც ქვეყანა განსაცდელშია, გავჩერდეთ იქ,


სადაც ამბავი გაჩერდა.

ოიდიპოსი. ხედავ, სად მიხვედი, თუმცა კარგი კაცი ხარ, ჩემს აზრს მაინც ასუსტებ და
მრისხანებას აცხრობ?

ანტისტროფი II

გუნდი. [690] მეუფე, მე არაერთხელ მითქვამს ადრეც, დარწმუნებული იყავი, მე ვიქნებოდი


შეშლილი და საღ აზრს მოკლებული, თუ მიგატოვებდი შენ, რომელმაც სწორი გზა დაუსახე
ჩემს საყვარელ ქვეყანას, როდესაც ის განსაცდელში იყო და რომელიც, როგორც ჩანს, ახლაც
წარმატებით გაგვიძღვება წინ.

იოკასტე. ღმერთების სახელით, მეც მითხარი, მეუფე, მიზეზი, რომლის გამოც ასე სასტიკად
განრისხდი.

ოიდიპოსი. [700] გეტყვი, რადგან შენ მათზე მეტად გცემ პატივს, ქალო. კრეონია მიზეზი, ის
მიწყობს შეთქმულებას.

იოკასტე. მითხარი, თუ შეგიძლია, ცხადად, როგორ დაიწყო შუღლი.

ოიდიპოსი. ამბობს, რომ მე გავხდი ლაიოსის მკვლელი.

იოკასტე. თვითონ იცის, თუ ვინმე სხვისგან გაუგია?


ოიდიპოსი. ბოროტმოქმედი მისანი გამომიგზავნა, როდესაც თვითონ პირი სრულად სუფთად
შეინახა.

იოკასტე. შენ ახლა გაათავისუფლე საკუთარი თავი იმისგან, რასაც ლაპარაკობ, მე მომისმინე
და ისწავლე, რომ მოკვდავისთვის არ არსებობს მისნობის არანაირი ხელოვნება. [710] მე ახლა
ამის სხარტ მტკიცებას გაჩვენებ. ოდესღაც ლაიოსმა მიიღო წინასწარმეტყველება, არ ვიტყვი,
რომ თავად სხივოსნისგან, მაგრამ მისი მსახურებისგან, რომლის მიხედვითაც იგი შვილის
ხელით მოკვდებოდა, რომელსაც მე და ის ვშობდით. ხოლო ის, როგორც გვეუბნებიან,
უცხოელმა ავაზაკებმა მოკლეს სამი გზის შესაყარზე. ბავშვის დაბადებიდან სამი დღეც არ
გასულა, ლაიოსმა ფეხის კოჭები შეუკრა და სხვისი ხელებით მიუვალ მთაზე დააგდო. [720] ასე
რომ, ამ შემთხვევაში, არ გამართლდა აპოლონის წინასწარმეტყველება, რომ იგი მამის
მკვლელი გახდებოდა, ლაიოსიც არ მოკვდა შვილის ხელით, რა საშინელებისაც ეშინოდა. ასე
აღსრულდა მისნობის სიტყვები; ნუ მიაქცევ ყურადღებას; რა საჭიროებასაც ღმერთი ეძებს,
იოლად გამოავლენს თვითონ.

ოიდიპოსი. სულის რა აწრიალებამ, ქალო, გონების რა აგზნებამ მომიცვა, რომ გავიგონე შენი

29
ნათქვამი!

იოკასტე. რა მღელვარებით აღძრული ამბობ ამას?

ოიდიპოსი. მგონი, შენგან გავიგონე, რომ ლაიოსი [730] მოკლეს სამი გზის შესაყარზე.

იოკასტე. ასე ითქვა და ასე ფიქრობენ დღემდე.

ოიდიპოსი. სად არის ის ადგილი, სადაც ეს უბედურება მოხდა?

იოკასტე. მიწას ჰქვია ფოკისი40, სადაც დელფოსიდან და დავლისიდან მომავალი გზები


ერთდება.

ოიდიპოსი. რა დრო გავიდა, რაც ეს ამბები მოხდა?

იოკასტე. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე შენ აიღებდი ხელში ძალაუფლებას ამ მიწაზე, გამოეცხადა
ეს ამბავი ქალაქს.

ოიდიპოსი. ო ზევს, რის გაკეთებას მიპირებ?!

იოკასტე. რატომ გაღელვებს ეს, ოიდიპოს?

ოიდიპოსი. [740] ნუღარ მეკითხები. ჯობს, მითხრა, როგორი იყო ლაიოსი გარეგნობით, რა
ასაკისა იყო?

იოკასტე. მოსული იყო, თმა უჭაღარავდებოდა, გარეგნობით შენგან დიდად არ


განსხვავდებოდა.

ოიდიპოსი. ვაი მე უბედურს! მგონი, საკუთარი თავი სასტიკად დავიწყევლე და არ ვიცოდი.

იოკასტე. როგორ ამბობ? ვცახცახებ, რომ გიყურებ, მეუფე.

ოიდიპოსი. საშინლად სასოწარკვეთლი ვარ, მეშინია, რომ მისანი ხედავს. უკეთესად გამარკვევ,
თუ ერთ რამეს მეტყვი.

იოკასტე. თუმცა ვკანკალებ, მაინც მოგისმენ და გიპასუხებ, რასაც მკითხავ.

ოიდიპოსი. [750] ცოტა ხალხი ახლდა, თუ როგორც მხედართმთავარს, მეომრების მთელი


ამალა?

იოკასტე. სულ ხუთნი იყვნენ, მათ შორის ერთი იყო შიკრიკი; იყო ერთი ეტლი, რომელსაც
მართავდა ლაიოსი.

40
სტრ. 733. ფოკისი – მხარე შუა საბერძნეთში, რომლის ცენტრიც იყო დელფოსი. მისგან აღმოსავლეთით,
თებეს გზაზე იმყოფებოდა დავლისი. პირდაპირი მანძილი დელფოსიდან დავლისამდე ოდნავ აღემატება 20
კილომეტრს. მთაში გამავალი გზა, რა თქმა უნდა, ოდნავ მეტი იქნებოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ოიდიპოსს
ახალი დატოვებული ექნებოდა დელფოსი და ჯერ კიდევ იქნებოდა იქ გაგონილი საშინელი წინასწარმეტყველების
გავლენის ქვეშ (იხ. სტრ. 789-793), როდესაც ლაიოსსა და მის ამალას გადაეყარა.

30
ოიდიპოსი. ვაი რომ, ყველაფერი ცხადია უკვე. ვინ მოგიტანა ეს ამბავი, ქალო?

იოკასტე. მსახურმა, რომელიც ერთადერთ გადარჩა და შინ დაბრუნდა.

ოიდიპოსი. შემთხვევით შინ ხომ არ არის ახლა?

იოკასტე. არა. როდესაც დაბრუნდა და დაინახა, რომ ლაიოსის დაღუპვის შემდეგ შენ გქონდა
ძალაუფლება, მალე [760] შემევედრა, ხელი ხელზე დამადო, გამეგზავნა ის მინდვრად, ცხვრის
საძოვრებზე, რაც შეიძლება შორს ქალაქიდან. და მე გავგზავნე იგი; ეს მონა კაცი ამაზე მეტსაც
კი იმსახურებდა.

ოიდიპოსი. შეიძლება ჩვენთან დავიბაროთ ისევ სასწრაფოდ?

იოკასტე. შეიძლება. მაგრამ რატომ გინდა ეს?

ოიდიპოსი. მეშინია, ქალო, რომ ჩემი სიტყვები წინდაუხედავი იყო და ამიტომ მინდა მისი
ნახვა.

იოკასტე. იგი მოვა. მაგრამ მეც ვიმსახურებ, ვიცოდე, [770] რა უსიამოვნება გაქვს, მეუფე.

ოიდიპოსი. მე არ დაგიმალავ ახლა, როდესაც ჩემი ავი წინათგრძნობა ასე შორს წავიდა. შენზე
უკეთესს ვის უნდა ვუთხრა, როცა ასეთ დღეში ჩავვარდი? მამაჩემი იყო პოლიბოსი
კორინთოსელი, დედა კი მეროპე დორისელი. მე ვითვლებოდი უდიდეს კაცად ამ ქალაქში,
სანამ არ შემემთხვა ამბავი, გაკვირვებას რომ იმსახურებდა, მაგრამ არ იმსახურებდა ჩემს ასეთ
განსაკუთრებულ ყურადღებას. ქეიფში ვიღაც ღვინით გალეშილმა კაცმა [780] მამაჩემის არა
ღვიძლი შვილი მიწოდა. მე, განრისხებულმა, იმ დღეს როგორც შემეძლო, თავი შევიკავე,
ხოლო მეორე დღეს მივედი დედასა და მამასთან და გამოვკითხე. ისინი გაუბრაზდნენ იმას,
ვინც ეს შეურაცხმყოფელი სიტყვა თქვა. მათგან მე ეს გამიხარდა და მაინც გული მეტკინა,
რადგან ჭორი ჯერაც ფართოდ ვრცელდებოდა. დედ-მამისგან უჩუმრად წავედი პითოში,
სხივოსანმა უკან გამომაბრუნა, რისთვისაც მოვედი, იმაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ თავის
პასუხში სხვა რამ თქვა, სავსე უბედური, [790] საშინელი და მტანჯველი ამბებით: რომ
დედაჩემის სარეცელს წავბილწავდი, ხალხს დავანახვებდი მოდგმას, რომელსაც ისინი ვერ
აიტანდნენ, მშობელი მამის მკვლელი გავხდებოდი. ეს რომ გავიგონე, კორინთოსის მიწიდან
გავიქეცი, მასზე აწი მხოლოდ ვარსკვლავებს ქვეშ მდებარეობით ვფიქრობ და მივაშურე
ადგილს, სადაც არასოდეს ვიხილავ იმ უბედურების აღსრულებას, რასაც ბოროტი ბედი
მიქადის. გზად ამ ქვეყანას მოვადექი, სადაც, მეუბნები, რომ მეფე გარდაიცვალა. [800] და შენ,
ქალო, სიმართლეს გეტყვი. როდესაც მოგზაურობისას იმ სამ გზას მივადექი, იქ შემხვდა
შიკრიკი და ეტლში, რომელშიც ცხენები იყო შებმული, იჯდა კაცი, როგორიც შენ აღწერე.
წინამძღოლმა და თავად მოხუცმაც გზიდან ძალით გადაგდება მომინდომეს. მაშინ
მრისხანებისგან მეეტლეს, რომელიც გადაგდებას მიპირებდა, დავარტყი, მოხუცმა ეს რომ
დაინახა, ეტლით რომ გამისწორდა, თავს დამეცა ორმაგი ორკაპა ჯოხით. [810] მე მას
სამაგიერო სარგებლით გადავუხადე, ამ ხელით კვერთხის ერთი სწრაფი დარტყმით ეტლიდან
ჩამოვაგდე. ყველა დავხოცე. თუ იმ უცხოელს რამე საერთო აქვს ლაიოსთან, ვინ არის მაშინ
ჩემზე უფრო უბედური? რომელი კაცი იქნება ღმერთებისთვის უფრო საძულველი? ვერც უცხო
და ვერც მოქალაქე ვერ მიიღებს სახლში, ხმას ვერ გასცემს, ყველამ უნდა გააძევოს საკუთარი
სახლიდან. [820] და ეს წყევლა საკუთარ თავს მე თვითონ დავატეხე. და შევუბილწე სარეცელი
მოკლულს იმავე ხელით, რომლითაც სიცოცხლეს გამოვასალმე. საზიზღარი არ ვარ? არ ვარ
სრულიად უწმინდური? რაკი უნდა განმდევნონ, დევნილობაში არ უნდა ვნახო ჩემი ხალხი,

31
არც ფეხი უნდა დავადგა ჩემს მიწას, რათა არ შევერთო დედას და არ მოვკლა მამაჩემი
პოლიბოსი, რომელმაც მშვა და აღმზარდა. არ იქნებოდა მართალი, ვინც ამ ამბავს ჩემთვის
რომელიმე სასტიკი ღვთაების მოვლენილად მიიჩნევდა? [830] არ დაუშვა, არ დაუშვა,
ღმერთების წმინდა კრძალვავ, ეს დღე რომ დავინახო! არა, ნება მომეცი, დავშორდე ყველა კაცს,
სანამ დავინახავ, რომ ეს უბედურება დამემართა.

კორიფაიოსი. ჩვენც, მეფევ, ეს ამბები გვაშინებს; მაგრამ სანამ ამ ამბის დამსწრისგან ყველაფერს
არ გაიგებ, იმედი იქონიე.

ოიდიპოსი. და მართლაც ეს იმედიღა დამრჩა: ველოდები მხოლოდ მწყემს კაცს.

იოკასტე. რას ელი მისგან, რომ გამოჩნდება?

ოიდიპოსი. გეტყვი. თუ მისი მონათხრობი [840] შენსას დაემთხვა, გავექცევი მაშინ


უბედურებას.

იოკასტე. განსაკუთრებული რა სიტყვა ისმინე ჩემგან?

ოიდიპოსი. შენ თქვი, რომ, იმ კაცის სიტყვით, ყაჩაღებმა მოკლეს ლაიოსი. თუ იგი ისევ იტყვის
მათს რიცხვზე, მე არ მომიკლავს; ერთი ვერ გახდება მრავლის ტოლი; მაგრამ თუ დაასახელებს
ერთ მოგზაურს, მაშინ უეჭველად მე ვარ დამნაშავე.

იოკასტე. ამბავი ასე იყო მოყოლილი, ეს იცოდე და ვეღარ გააბათილებს მას ისევ, [850] რადგან
ქალაქმა გაიგონა, მხოლოდ მე არა, ეს; მაგრამ თუნდაც გადაუხვიოს პირველი ნათქვამიდან,
ვერასოდეს ვერ გვაჩვენებს, რომ ლაიოსის მკვლელობა, სულ ცოტა, შეესატყვისება
წინასწარმეტყველებას, რადგან ლოქსიასმა პირდაპირ ბრძანა, რომ იგი უნდა მომკვდარიყო
ჩემი შვილის ხელით. როგორღა მოხდა, რომ ამ საბრალო უცოდველმა ვერ მოკლა, რადგან
მანამდე თვითონ დაიღუპა? ამ დროიდან არ მჯერა წინასწარმეტყველებების და მის გამო არც
აქეთ და არც იქით არ გავიხედავ.

ოიდიპოსი. სწორად მსჯელობ; მაგრამ მაინც გაგზავნეთ ვინმე გლეხთან [860] და


უყურადღებოდ არ მიატოვოთ ეს საქმე.

იოკასტე. სასწრაფოდ გავგზავნი; მაშ, სახლში შევიდეთ: არაფერს არ ვიზამ, რაც შენ არ
გესიამოვნება.

ოიდიპოსი და იოკასტე შინ შედიან.

32
მეორე სტასიმონი

გუნდი

სტროფი I

დაე, ბედისწერამ შემიქოს ყველა სიტყვისა და საქმის წმინდა სისუფთავე, რომლებიც


დადგენილია უზენაესი კანონებით, ზეციური ეთერით შექმნილი, რომელთა მამა მხოლოდ
ოლიმპოსია და არა მოკვდავ ადამიანთა მოდგმა, [870] და დავიწყება მათ არასდროს არ
დააძინებს: მათში მძლავრი ღმერთია, რომელიც არ ბერდება.

ანტისტროფი I

ქედმაღლობა წარმოშობს ტირანს. ქედმაღლობა, თუ ის უმიზნოდ ყველაფრით გადავსებულია,


რაც არ არის მისთვის ჩვეული და სასარგებლო, უმაღლეს მწვერვალს აღწევს და სასტიკად
დაენარცხება უფსკრულში, რომელსაც თავს ვერ [880] დააღწევს. ვლოცულობ, რომ ღმერთმა
არასოდეს შეწყვიტოს ქალაქისთვის სიკეთის მომტანი ეს ბრძოლა. ყოველთვის მფარველად
მეყოლება ღმერთი.

სტროფი II

თუკი ვინმე მედიდური სიტყვითა და საქმით დადის, არ ეშინია სამართლის, არც ღმერთებს არ
სცემს პატივს, ავმა ბედისწერამ შეიპყროს იგი დამღუპველი ქედმაღლობის გამო, თუ
სამართლიანად არ იხვეჭს სიმდიდრეს, [890] არ გაურბის უწმინდურობასა და ხელშეუხებელს
ეხება უგუნურად. რომელი ადამიანი დაიტრაბახებს, რომ შეძლებს, ამგვარი კაცი ღმერთის
ისრებისგან დაიცვას? თუ ასეთი რამეები შეიძლება დაფასდეს, მე რა მაცეკვებს წმინდა
ცეკვით?!

ანტისტროფი II

არასდროს არ წავალ მოწიწებით მიწის ჭიპთან თაყვანის საცემად, [900] არც აბეს ტაძარში, არც
ოლიმპიაში41, თუ ეს წინასწარმეტყველებანი ერთმანეთს არ შეუთანხმდება მოკვდავთათვის
ცხადად. მაგრამ, მბრძანებელო, სწორად თუ გიხმობენ, ზევსო, ყოვლის უფალო, არ დაგემალოს
შენ და შენს უკვდავ ძალაუფლებას. ძველი წინასწარმეტყველება ლაიოსზე ფერმკრთალდება,
ხალხი მას აღარ აფასებს, აღარსად არ სცემენ პატივს აპოლონს, [910] იკარგება ღვთაებრიობა.

41
სტრ. 900. აბეს ტაძარი – აპოლონის ტაძარი აბეში, დავლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით; ოლიმპია – ელისის
საკულტო ცენტრი, პელოპონესოსის დასავლეთით; იქ აგებულ ზევსის უზარმაზარ ტაძარში, ისე, როგორც აბეში,
მთხოვნელებს ეძლეოდათ წინასწარმეტყველება.

33
მესამე ეპისოდიონი
სასახლიდან გამოდის იოკასტე, ხელთ უპყრია მავედრებლის შალშემოხვეული შტო.

იოკასტე. ამ ქვეყნის მბრძანებლებო, აზრად მომივიდა, ვეწვიო ღერთების ტაძრებს, ხელში


მიჭირავს შტო და ეს საკმეველი. გულთან მეტისმეტად ახლოს მიაქვს ოიდიპოსს ყველანაირი
საზრუნავი; როგორც გონიერი კაცი, ახალზე ძველი მისნობის მიხედვით ვერ მსჯელობს და
იმის ხელშია, ვინც ლაპარაკობს, თუკი საშინელებას ამბობს. ვინაიდან ჩემი რჩევით ვერაფერ
კარგს ვერ ვაკეთებ, შენთან, ლიკეოს აპოლონ, მოვედი, რადგან უახლოესი ხარ, [920] როგორც
მავედრებელი ამ სალოცავი სიმბოლოებით, რათა მოგვცე ხსნა ამ უწმინდურობისგან. რადგან
ახლა ვშიშობთ ყველანი, როდესაც შეშინებულს ვხედავთ, როგორც შიშობენ ისინი, ვინც
შეშინებულ გემის მესაჭეს ხედავენ.

შემოდის მაცნე.

მაცნე. გავიგებ თქვენგან, უცხოელებო, თუ სად არის ოიდიპოსის სახლი? ან უკეთ, მითხარით,
ხომ არ იცით თვითონ სადაა?

კორიფაიოსი. ესაა მისი სასახლე, ის შინაა, უცხოელო; მისი ცოლი და მისი შვილების დედა კი
აქაა.

მაცნე. მაშინ იყოს იგი მუდამ ბედნიერი ბედნიერთა შორის, [930] რადგან იგი მისი
სრულუფლებიანი მეუღლეა.

იოკასტე. ბედნიერი იყავი შენაც, უცხოელო, კეთილი მოსალმებით შენ ეს დაიმსახურე, მაგრამ
გვითხარი, რა დაგჭირვებია ან რისი თქმა გინდა.

მაცნე. კარგი ამბები შენი სახლისა და შენი მეუღლისთვის, ქალო.

იოკასტე. რა ამბებია? ვისგან ხარ მოსული?

მაცნე. კორინთოსიდან; შეტყობინება, რომელსაც მალე გადმოგცემ, გაგახარებს, რატომაც არა,


თუმცა, შეიძლება, დაგამწუხროს კიდეც.

იოკასტე. რა ხდება? ორივე ძალა როგორ აქვს?!

მაცნე. იქაურები მას ტირანად დააყენებენ [940] ისთმოსის მიწისა42, როგორც იქ ითქვა.

იოკასტე. როგორ? მოხუცი პოლიბოსი აღარ მეფობს?

მაცნე. არა, რადგან სიკვდილს იგი საფლავში ჰყავს.

იოკასტე. რას ამბობ? პოლიბოსი მოკვდა, მოხუცო?

42
სტრ. 940. ისთმოსის მიწა – ისთმოსი, საერთოდ, ყველა გეორგაფიულ ყელს აღნიშნავს, მაგრამ ყველაზე
ხშირად იგულისხმება კორინთოსის ყელი, რომელიც შუა და სამხრეთ საბერძნეთს აერთებს.

34
მაცნე. თუ სიმართლეს არ ვამბობ, სიკვდილს ვიმსახურებ.

იოკასტე. მოახლე, წადი და სასწრაფოდ ამცნე ეს ამბავი ბატონს! ო ღმერთების მისნობანო, სად
ხართ?! ესაა კაცი, რომელზედაც ეშინოდა ოიდიპოსს, რომ უნდა მოეკლა და ახლა თავისი
ბედისწერით მოკვდა, არა მისი ხელით.

გამოდის ოიდიპოსი.

ოიდიპოსი. [950] უსაყვარლესო მეუღლევ, იოკასტე ძვირფასო, რატომ გამომიხმე აქ სახლიდან?

იოკასტე. ამ კაცს მოუსმინე და რომ მოუსმენ, განიხილე, სად მივიდა ღმერთის მაღალი
მისნობა.

ოიდიპოსი. ვინ არის ეს და რა აქვს ჩემთვის სათქმელი?

იოკასტე. კორინთოსიდანაა, გატყობინებს, რომ პოლიბოსი აღარაა, დაიღუპა.

ოიდიპოსი. რას ამბობ, უცხოელო? თვითონ გახდი ჩემთვის ამის მაცნე.

მაცნე. თუ ეს უნდა გამცნო პირველად ცხადად, კარგად იცოდე, მოკვდა და წავიდა.

ოიდიპოსი. [960] რომლით, ცბიერებითა თუ ავადმყოფობით?

მაცნე. ცოტაც ყოფნის ბებერ სხეულს დასაძინებლად.

ოიდიპოს. ეტყობა, უბედური ავადმყოფობით გარდაცვლილა.

მაცნე. დიახ და იმ ხანგრძლივი დროით, რომლითაც იცოცხლა.

ოიდიპოსი. ვაი, რატომ უნდა შეხედოს ვინმემ მისან პითიას კერას ან ფრინველებს, ჩვენს
თავზე რომ წივიან,43 რომელთაც განაცხადეს, რომ მე განწირული ვიყავი, მომეკლა მამაჩემი?
იგი მკვდარია და მიწაში წევს. მე კი აქ ვარ, შუბისთვის ხელიც არ დამიკარებია, ერთადერთი,
შეიძლება, ჩემი მონატრებით მოკვდა, მაშინ ნამდვილად მე ვარ მისი სიკვდილის მიზეზი.
მაგრამ ახლა, ყველა მისნობა, რომლისაც მეშინოდა, პოლიბოსმა წაიღო და მათთან ერთად
ჰადესში დაიძინა, მათ არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ.

იოკასტე. ადრეც ამას არ გეუბნებოდი?

ოიდიპოსი. მეუბნებოდი, მაგრამ მე შიშს ვყავდი ატანილი.

იოკასტე. ახლა არაფერი აღარ მიიტანო გულთან ახლოს.

ოიდიპოსი. როგორ, დედაჩემის სარეცლის არ უნდა მეშინოდეს?

იოკასტე. რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, რომელზედაც ბედისწერა ბატონობს და წინასწარ

43
სტრ. 966. ფრინველებს, ჩვენს თავზე რომ წივიან – იხ. სტრ. 395 და შენიშვნა.

35
არაფერია ცნობილი? ალალბედზე უნდა იცხოვრო, როგორც შეგეძლება. [980] დედაშენზე
დაქორწინებისა ნუ გეშინია; რადგან ბევრი მოკვდავი სიზმრებში დაწოლილა დედასთან და
ვინც ამას არაფრად აგდებს, იოლად ატარებს ცხოვრებას.

ოიდიპოსი. ეს ყველაფერი შენგან კარგი ნათქვამი იქნებოდა, ცოცხალი რომ არ იყოს დედაჩემი;
ახლა, რაკი ცოცხალია, კარგად კი ილაპარაკე, მაგრამ უეჭველად უნდა მეშინოდეს.

იოკასტე. მამაშენის სიკვდილი დიდი ნუგეშია.

ოიდიპოსი. დიდია, ვიცი; მაგრამ მე ცოცხლისა მეშინია.

მაცნე. და რომელი ქალისა გეშინია?

ოიდიპოსი. [990] მეროპესი, მოხუცო, პოლიბოსი ვისთანაც ცხოვრობდა.

მაცნე. რა აქვს ასეთი, რითი გაშინებს?

ოიდიპოსი. ღვთაებრივი და საშინელი მისნობა, უცხოელო.

მაცნე. შეიძლება ითქვას? თუ სხვამ არ უნდა იცოდეს?

ოიდიპოსი. შეიძლება. რადგან ოდესღაც ლოქსიასმა ბრძანა, რომ მე უნდა შევერთო დედაჩემს
და ჩემი ხელით მამის სისხლი უნდა დავღვარო. ამის გამო დიდხანს გავურბოდი საკუთარ
სახლს კორინთოსში, ბედნიერად კი ვარ, მაგრამ მაინც ტკბილია მშობლების სახეს რომ ხედავ.

მაცნე. და მართლა ამის შიშის გამო იქიდან ხარ დევნილობაში?

ოიდიპოსი. [1000] და მამაჩემის მკვლელიც რომ არ გავმხდარიყავი.

მაცნე. და რატომ არ გაგათავისუფლე ამ შიშისგან, მეუფე, თუ სიკეთით ვარ მოსული შენთან?

ოიდიპოსი. მართლაცდა, დაიმსახურებდი ჩემს ღრმა მადლიერებას.

მაცნე. მართლაც, სწორედ იმისთვის მოვედი, რომ შენ სახლში დაბრუნდე და მე ხეირი ვნახო.

ოიდიპოსი. მაგრამ არასოდეს წავალ ჩემს მშობლებთან ისევ.

მაცნე. შვილო, სრულიად ცხადია, არ იცი, რას აკეთებ.

ოიდიპოსი. როგორ, მოხუცო? ღმერთების სახელით, ამიხსენი.

მაცნე. [1010] თუ ამის გამო გაურბიხარ შინ დაბრუნებას.

ოიდიპოსი. მეშინია, ჩემთან სხივოსნის მისნობა მართალი არ აღმოჩნდეს.

მაცნე. რომ მშობლებისგან სიბილწე არ მიიღო?

ოიდიპოსი. სწორედ ეს, მოხუცო, ეს მაშინებს სულ.

36
მაცნე. იცი თუ არა, რომ არ გაქვს შიშის საფუძველი?

ოიდიპოსი. როგორ თუ არა, თუ მათგან ვიშვი?

მაცნე. რადგან პოლიბოსი შენი ნათესავი არ არის.

ოიდიპოსი. როგორ თქვი? პოლიბოსმა არ მშვა მე?

მაცნე. ისევე, როგორც მე და უფრო მეტად არა.

ოიდიპოსი. როგორ გაუტოლდება მამაჩემი იმას, ვინც ჩემთვის არავინაა?

მაცნე. [1020] შენ არ უშვიხარ არც იმას, არც მე.

ოიდიპოსი. მაშ შვილს როგორღა მეძახდა?

მაცნე. ოდესღაც საჩუქრად მიგიღო ჩემი ხელიდან.

ოიდიპოსი. და ასე ძლიერ ვუყვარდი სხვისი ხელიდან მიღებული?

მაცნე. წინანდელმა უშვილობამ დაარწმუნა იგი.

ოიდიპოსი. მიყიდე თუ მიპოვე და მას გადამეცი?

მაცნე. გიპოვე კითერონის ტყიან ხეობაში.

ოიდიპოსი. და იმ ადგილებში რატომ დადიოდი?

მაცნე. იქ სამთო ფარები მებარა.

ოიდიპოსი. მაშ, მწყემსი იყავი და დაქირავებული მოხეტიალე.

მაცნე. [1030] და შენი მხსნელი, შვილო, იმ დროს.

ოიდიპოსი. და რა მტკიოდა, ხელში რომ ამიყვანე?

მაცნე. ფეხის სახსრები44 დაგემოწმება ამას.

ოიდიპოსი. ვაიმე, რატომ გავიხსენოთ ეს ძველი უბედურება?

მაცნე. მე გაგიხსენი, როცა გახვრეტილი გქონდა ტერფები.

44
სტრ.1032. ფეხის სახსრები – საერთოდ გავრცელებული ვერსიით, ლაიოსმა ბრძანა, ბავშვისთვის ტერფები
გაეხვრიტათ და ფეხები მოქნილი ტყავის ქამრით შეეკრათ (შდრ. სტრ. 1034, 1350). ამ ბარბაროსული ოპერაციის
შედეგად ანთებულმა და დასივებულმა ფეხებმა თითქოსდა საბაბი მისცა ბავშვის გადამრჩენებს, მისთვის ოიდიპოსი
ეწოდებინათ: ეს სახელი ბერძნებს გამოჰყავდათ ზმნისგან οἰδάω („დასივება“) და არსებითი სახელისგან ποῦς („ფეხი“).
Οἰδίπους – „ფეხებდასივებული“ (სტრ. 1036).

37
ოიდიპოსი. სამარცხვინო ნიშანი, რომელსაც ჩვილის ჩვრებიდან ვატარებ.

მაცნე. სახელიც გეწოდა ამის გამო, ვინც ხარ.

ოიდიპოსი. ო, ღმერთების სახელით, ეს მამამ თუ დედამ გააკეთა, მითხარი!

მაცნე. არ ვიცი, ვინც შენი თავი გადმომცა, მან უკეთ იცის.

ოიდიპოსი. სხვისგან მიმიღე მე, თვითონ არ გიპოვნივარ?

მაცნე. [1040] არა, სხვა მწყემსმა გადმომცა მე.

ოიდიპოსი. ვინ იყო ის? შეგიძლია, ცხადად თქვა?

მაცნე. ასე ამბობდა, ლაიოსის მსახური ვარო.

ოიდიპოსი. მეფისა, რომელიც ამ მიწას მართავდა ძველად?

მაცნე. სწორედაც. ეს კაცი მისი მწყემსი იყო.

ოიდიპოსი. ახლა ცოცხალია? შეიძლება, რომ ვნახო?

მაცნე. თქვენ, აქაურებმა, უკეთ უნდა იცოდეთ.

ოიდიპოსი. არის აქ ვინმე, ვინც იცნობს ამ მწყემსს, როელზედაც ლაპარაკობს, უნახავს იგი
საძოვრებზე ან აქ? [1050] მიპასუხეთ! დრო მოვიდა, ეს ამბები უნდა გამომჟღავნდეს.

გუნდი. მე ვფიქრობ, სხვა არავინაა, თუ არა ის გლეხი, რომლის ნახვაც უკვე გინდოდა, მაგრამ
ყველაზე უკეთ იოკასტე გეტყოდა მასზე.

ოიდიპოსი. ქალო, ფიქრობ, რომ ეს ის კაცია, რომელიც ახლახან დავიბარეთ? მასზე


ლაპარაკობს ეს კაცი?

იოკასტე. რატომ მეკითხები, ვისზე ლაპარაკობს? ყურადღებას ნუ მიაქცევ; ფუჭია იმის


დამახსოვრება, რაც თქვა.

ოიდიპოსი. ეს არ მოხდება, რომ მე ასეთი ნიშნებით ხელში ვერ ამოვხსნა ჩემი დაბადების
საიდუმლო.

იოკასტე. [1060] ღმერთების სახელით, თუ შენი სიცოცხლე გადარდებს, ნუ იძიებ ამას,


საკმარისად ვიტანჯები მე.

ოიდიპოსი. სიმამაცეს მოუხმე! მონაქალის შვილთაშვილიც რომ აღმოვჩნდე45, შენ ვერავინ


დაგამდაბლებს.
45
სტრ. 1062. მონაქალის შვილთაშვილიც რომ აღმოვჩნდე – თავისუფალი ქალი, რომელიც ცოლად მონას
გაჰყვებოდა, თავის სამოქალაქო უფლებებს კარგავდა და მონაქალს უტოლდებოდა. ოიდიპოსი ვერ ხვდება იოკასტეს
მღელვარების ნამდვილ მიზეზს და ჰგონია, რომ ქალს მისი ჭეშმარიტი წარმომავლობის გამჟღავნებისა ეშინია, ანუ
ეშინია, ოიდიპოსი მონური წარმოშობისა არ აღმოჩნდეს (შდრ. სტრ. 1070, 1078 და შმდგ.).

38
იოკასტე. და მაინც მისმინე, გევედრები, ნუ აკეთებ ამას.

ოიდიპოსი. ვერ დაგიჯერებ, სანამ სრულ სიმართლეს არ გავარკვევ.

იოკასტე. შენთვის სიკეთე მინდა და საუკეთესოს გირჩევ.

ოიდიპოსი. ამ საუკეთესო რჩევებმა მოთმინება გადამიწურა.

იოკასტე. შე უბედურო, ნეტავ არასდროს გაიგო, ვინ ხარ.

ოიდიპოსი. ვინმე წავიდეს და მომიყვანოს ის მწყემსი. [1070] ამას კი აცალეთ, გაიხაროს თავისი
წარჩინებული მოდგმით.

იოკასტე. ვაი, ვაი, უბედურო, მხოლოდ ეს მაქვს სათქმელი, მეტი არაფერი საბოლოოდ.

სწრაფად შედის სასახლეში.

კორიფაიოსი. რატომ წავიდა, ოიდიპოს, ეს ქალი აჩქარებული ასეთი ველური მწუხარებით?


მეშინია, ამ დუმილისგან არ ამოვარდეს დარდის ქარიშხალი.

ოიდიპოსი. როგორც უნდა ამოვარდეს! მე ჩემი წარმომავლობის გარკვევა მინდა, რაც უნდა
დაბალი იყოს. შესაძლოა, ამ ქალს, რომელიც ამაყობს თავისი დიდებული გვარით, რცხვენია
ჩემი დაბალი წარმოშობის გამო. [1080] მე, ვინც თავს სიკეთის მოცემი ბედის შვილად მივიჩნევ,
არ შევრცხვები. ამ დედისგან ვიშვი, ჩემი ნათესავები, თვეები, ხან მაპატარავებენ, ხან
მადიდებენ. ასეთი ვიშვი და ვერასოდეს ვერ ვუღალატებ ჩემს წარმოშობას, ასე რომ, უნდა
ამოვხსნა ჩემი გაჩენის საიდუმლო.

39
მესამე სტასიმონი
გუნდი

სტროფი

თუ მე მისანი ვარ და სწორად მესმის, ოლიმპოსის სახელით, ო, კითერონ, [1090] გეცოდინება


ხვალინდელი სავსემთვარეობისას, რომ ოიდიპოსი პატივს გცემს, როგორც მის ნათესავს,
როგორც მის მკვებავსა და მის დედას და რომ შენ განგადიდებთ ჩვენი ცეკვითა და სიმღერით,
რადგან გულს უხარებ ჩვენს მეფეს. მფარველო სხივოსანო, ნეტავ, ჩვენი ცეკვა-სიმღერა
მოგეწონოს!

ანტისტროფი

ვინ, შვილო, მაინც ვინ გშობა შენ ხანგრძლივად მცხოვრებთაგან, რომელიც [1100] შეერთო
მთაზე მოხეტიალე პანს?46 ან იქნებ ლოქსიასის სარეცლის მოზიარემ გშვა? მისთვის ხომ
ძვირფასია მთის საძოვარი ყველა. იქნებ კილენეს მბრძანებელმა 47, იქნებ ბაკქოსის ქალების
ღმერთმა, მთების მწვერვალებზე მცხოვრებმა, მიგიღო შენ რომელიმე ჰელიკონელი
ნიმფისაგან, რომელსაც იგი ხშირად ეთამაშება.

მეოთხე ეპისოდიონი
ჩნდება ლაიოსის მწყემსი, რომელიც ოიდიპოსის მსახურებს მოჰყავთ.

ოიდიპოსი. [1110] მოხუცებო, ჩემთვის თუ ნებადართულია, ვისაც არასდროს არ უნახავს ეს


კაცი, გამოვიცნო, მე მგონი, ვხედავ იმ მწყემსს, რომელსაც დიდხანს დავეძებდით. თავის
მხცოვან ასაკში ის წლებით ემთხვევა ამ უცხოელს; ამას გარდა, ვცნობ იმათ, ვისაც მოჰყავს,
ჩემი მსახურები არიან, თუმცა, შესაძლოა, თქვენ ჩემზე მეტი იცოდეთ, თუ ეს მწყემსი ადრეც
გინახავთ.

კორიფაიოსი. დიახ, ვიცანი, დარწმუნებული იყავი. ლაიოსის კაცი იყო, უფრო ერთგული,
ვიდრე რომელიმე სხვა მწყემსი.

ოიდიპოსი. პირველად შენ გკითხავ, კორინთოსელო უცხოელო, ისაა, ვისზედაც


ლაპარაკობდი?

46
სტრ. 1100. შეერთო მთაზე მოხეტიალე პანს... – ბერძნულ მითოლოგიაში საკმარისი მაგალითები იყო
ღმერთების მოკვდავ ქალებთან კავშირებისა; ეს ქალები შემდეგ იძულებული იყვნენ, მიეგდოთ ბავშვები – საიდუმლო
კავშირის ნაყოფი. ასე მიგდებული იყო აპოლონისა და ათენის დედოფალ კრეუსას ვაჟი იონი (იხ. ევრიპიდეს ამავე
სახელწოდების ტრაგედია); თებეს დედოფალ ანტიგონეს მიერ ზევსისგან შობილი ტყუპები – ამფიონი და ძეტესი;
ასევე ტყუპები, რომლებიც ელისის დედოფალმა ტირომ უშვა პოსეიდონს – პელიასი და ნელევსი (შდრ. მენანდროსი,
სამედიატორო სასამართლო, სტრ. 325-337). ამიტომ გუნდის ვარაუდი, რომ ოიდიპოსიც ერთ-ერთი ასეთი კავშირის
ნაყოფია, ძველბერძნული თვალსაზრისით, არაფერ შეუძლებელს არ მოიცავს.
47
სტრ. 1105. კილენეს მბრძანებელი – ჰერმესი. კილენე მთა იყო, მაია, ჰერმესის დედა, ამ მთის ნიმფა
გახლდათ.

40
მაცნე. [1120] კი, ისაა, ვისაც ხედავ.

ოიდიპოსი. აჰა, შენ, მოხუცო, პირდაპირ მიყურე და მიპასუხე, რასაც გკითხავ. ლაიოსისა იყავი
შენ?

მსახური. არა ნაყიდი მონა, არამედ სახლში გაზრდილი.48

ოიდიპოსი. რა საქმით იყავი დაკავებული, რითი ცხოვრობდი?

მსახური. საუკეთესო ხანა ჩემი ცხოვრებისა მე ფარას ვმწყემსავდი.

ოიდიპოსი. რომელ ადგილებში დახეტიალობდი ყველაზე უფრო ხშირად?

მსახური. ხან კითერონზე, ხან მის მეზობლად.

ოიდიპოსი. ეს კაცი თუ გეცნობა, ხომ არ გინახავს იმ ადგილებში?

მსახური. რას აკეთებდა? რომელ კაცზე მელაპარაკები?

ოიდიპოსი. [1130] აგერ რომ გიდგას. ადრე თუ შეხვედრიხარ ოდესმე?

მსახური. არა მგონია, მეხსიერება არაფერს მეუბნება.

მაცნე. გასაკვირი არაა, ბატონო; მაგრამ მე ცხადად გავახსენებ, რაც არ ახსოვს. რადგან კარგად
ვიცი, ემახსოვრება, რომ ორივენი ვცხოვრობდით კითერონის მხარეში, ის ორ ფარას
მწყემსავდა, მე – ერთს, სამ წელიწადს მიყოლებით, გაზაფხულიდან, ვიდრე არქტუროსის
ამოსვლამდე49. შემდეგ საზამთროდ მე ჩემს საძოვარზე ვბრუნდებოდი, ის კი ლაიოსის
ფარეხში. [1140] ასე იყო, როგორც ვამბობ, თუ არ იყო?

მსახური. სიმართლეს ამბობ, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო.

მაცნე. აბა, ახლა მითხარი, გახსოვს, ბავშვი რომ მომეცი მაშინ, რომ გამეზარდა, როგორც
საკუთარი?

მსახური. რა ხდება? რატომ მეკითხები ამას ახლა?

მაცნე. აი, ეს არის, მეგობარო, მაშინ რომ ყრმა იყო.

მსახური. რატომ არ დაიღუპები? რატომ არ დადუმდები?

ოიდიპოსი. მას ნუ უსაყვედურებ, მოხუცო, რადგან შენი სიტყვები უფროა სასაყვედურო,


ვიდრე მისი.

48
სტრ. 1123. არა ნაყიდი მონა, არამედ სახლში გაზრდილი – სახლში გაზრდილი მონები ბატონების მეტ
ნდობას იმსახურებდნენ.
49
სტრ. 1137. არქტუროსი – მენახირის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. მისი გამოჩენა
სექტემბერში შემოდგომის ბუნიაობას (დღე-ღამის ტოლობას 23 სექტემბერს) მოასწავებდა. „გაზაფხულიდან
არქტუროსის ამოსვლამდე“ – მარტიდან სექტემბრის შუაგულამდე.

41
მსახური. რა ხდება, საუკეთესო ბატონო, რას ვაშავებ?

ოიდიპოსი. [1150] არ ლაპარაკობ იმ ბავშვზე, რომელზედაც გეკითხება.

მსახური. არაფრის მცოდნე ლაპარაკობს, უსარგებლოდ ირჯება.

ოიდიპოსი. კარგი სიტყვით არ ლაპარაკობ, ტკივილი აგამეტყველებს.

მსახური. არა, ღმერთების სახელით, ნუ აწვალებთ მოხუც კაცს.

ოიდიპოსი. ვიღაცამ სასწრაფოდ შეუკრას ხელები.

მსახური. რატომ, უბედურო? რისი გაგება გსურს?

ოიდიპოსი. ბავშვი მიეცი, რომელზედაც ის ჰყვება?

მსახური. მივეცი. ნეტავ იმ დღეს დავღუპულიყავი!

ოიდიპოსი. მანდ მიხვალ, თუ არ იტყვი პატიოსან სიმართლეს.

მსახური. და თუ ვიტყვი, კიდევ უფრო გავნადგურდები.

ოიდიპოსი. [1160] ეს კაცი, მგონი, გადადებების ოსტატია!

მსახური. ო, არა, არა! ხომ ვთქვი, მივეცი-მეთქი.

ოიდიპოსი. საიდან აიყვანე? შენი იყო თუ სხვისი?

მსახური. ჩემი არ იყო, სხვისგან მივიღე.

ოიდიპოსი. მოქალაქეთაგან რომლის? რომელი სახლიდან?

მსახური. ღმერთების სახელით, ბატონო, ნუღარ მკითხავ.

ოიდიპოსი. დაიღუპები, თუ ხელახლა დაგისვი შეკითხვა.

მსახური. ეს იყო ბავშვი ლაიოსის სასახლიდან.

ოიდიპოსი. მონა, თუ მისი ნათესავი?

მსახური. ვაიმე! საშინელების თქმას ვაპირებ.

ოიდიპოსი. [1170] მე კი გაგონებას, მაგრამ მაინც უნდა გავიგონო.

მსახური. უნდა იცოდე: ამბობენ, რომ ეს მისი შვილი იყო, შენი მეუღლე უკეთესად გეტყოდა,
რაც მოხდა.

42
ოიდიპოსი. მან მოგცა ბავშვი?

მსახური. დიახ, მეფევ.

ოიდიპოსი. რა მიზნით?

მსახური. რომ თავიდან მომეშორებინა.

ოიდიპოსი. უბედურმა დედამ?

მსახური. ავი მისნობის შიშით.

ოიდიპოსი. რომლის?

მსახური. ითქვა, რომ დახოცავდა თავის მშობლებს.

ოიდიპოსი. მერედა როგორ მიეცი ამ ბერიკაცს?

მსახური. შემებრალე, ბატონო, მეგონა, სხვა მიწაზე გაგიშვი, საიდანაც თვითონ ჩამოვიდა. მან
კი [1180] გადაგარჩინა უდიდესი უბედურებისთვის, რადგან თუ ის ხარ, ვისაც ეს კაცი ამბობს,
განწირული დაბადებულხარ.

ოიდიპოსი. ვაი, ვაი! ყველაფერი ცხადი გახდა. ო სინათლე, უკანასკნელად გხედავ ახლა მე,
ვინც დავიწყევლე როცა იმათ მშვეს, ვისაც არ უნდა ვეშვი, შევერთე, ვისაც არ უნდ
შევრთოდი, მოვკალი, ვინაც არ უნდა მომეკლა!

ოიდიპოსი სასწრაფოდ შედის სახლში. მაცნე და მსახური სხვადასხვა მხარეს გადიან.

მეოთხე სტასიმონი
გუნდი

სტროფი I

ვაი, მოკვდავთა თაობებო, რა აჩრდილად მიმაჩნია თქვენი სიცოცხლე! სად, სად არის ის
მოკვდავი, [1190] რომელიც აღწევს მეტ-ნაკლებად ცხად ბედნიერებას და შემდეგ არ ეცემა?!
შენი ბედისწერა მაფრთხილებს მე, უბედურო ოიდიპოს, რომ მოკვდავთაგან ვერავინ იქნება
ბედნიერი.

ანტისტროფი I

რადგან მან თავისი ისარი ისროლა შეუდარებელი ოსტატობით და მოიგო ჯილდოდ ბედნიერი
სიმდიდრე, ო ზევს, როდესაც მოკლა მოხრილკლანჭებიანი ქალწული, რომელიც პირქუშად
მღეროდა. [1200] იგი აღიმართა ჩვენი მიწისთვის, როგორც კოშკი სიკვდილის წინააღმდეგ.
სწორედ ამ დროიდან, ოიდიპოს, შენ გეწოდა ჩვენი მეფე, და მიიღე უ აღლესი პატივი, გეპყრა
43
ძალაუფლება დიად თებეში.

სტროფი II

ახლა კი ვისი ამბავია მოსასმენად ყველაზე უფრო უბედური? ვინაა სასტიკი უბედურებისა და
სიავის უფრო საბრალო მონა, ვისი ცხოვრება გადატრიალდა მთლიანად? ო, სახელოვანო
ოიდიპოს! შენ, შვილსა და მამას, გეყო ერთი და იგივე გულუხვი ნავსაყუდელი, რომ მოგეწყო
იქ საქორწინო სარეცელი. [1210] როგორ, როგორ აგიტანა მიწამ, მამაშენის დათესილმა,
უბედურო კაცო, მდუმარედ ასე დიდხანს?!

ანტისტროფი II

გიპოვა შენი ნების წინააღმდეგ ყოვლის მხილველმა დრომ, იგი ასამართლებს უქორწინო
ქორწინებას, რომელშიც ერთია მშობელი და შობილი. ვაი, ლაიოსის ძეო, ნეტავ, ნეტავ
არასოდეს მენახე შენ! ვგლოვობ, როგორც ის, ვინც ღვრის ბაგეთაგან გოდებას. სიმართლე რომ
ვთქვა, [1220] შენ მომანიჭე ახალი სიცოცხლე და შენგანვე წყვდიადი ეწვია ჩემს თვალებს.

ექსოდოსი
სახლიდან გამოდის ექსანგელოსი50.

ექსანგელოსი. ო თქვენ, რომლებიც ხართ ყველაზე უფრო დაფასებულნი ამ მიწაზე, რა საქმეებს


მოისმენთ, რა საქმეებს დაინახავთ, მწუხარების რა სიმძიმე დაგაწვებათ, თუკი ერთგული ხართ
ლაბდაკიდესების მოდგმისა! რადგან მგონია, რომ ვერც ისტროსი და ვერც ფასისი 51 ვერ
გაწმენდდა ამ სახლს, იმდენ სიავეს მალავს და მალე გამოამჟღავნებს, ჩადენილს [1230] განზრახ
და არა უნებურად. უბედურებიდან ყველაზე უფრო მტკივნეულია ის, რაც ნებაყოფლობითია.

გუნდი. მართლაც, უბედურება, რომელიც ადრე ვიცოდით, ძნელი გადასატანი იყო, მათ გარდა,
რა უნდა გვითხრა?

ექსანგელოსი. ეს ყველაზე მოკლე მოთხრობაა, რომლის მოყოლა და მოსმენა შეიძლება: მოკვდა


ღვთაებრივი იოკასტე.

გუნდი. ო, უბედური, რა მიზეზის გამო?

ექსანგელოსი. საკუთარი ხელით. ამ საშინელი ამბის ყველაზე უარესი ნაწილი თქვენ ვერ
შეგძრავთ, რადგან არ გინახავთ იგი. და მაინც, რაკი მეხსიერება მემსახურება, [1240] გაიგებთ ამ
უბედური ქალის ხვედრს. როდესაც სასოწარკვეთილმა გაიარა წინკარი, მივარდა პირდაპირ
თავის საქორწინო სარეცელს, ორივე ხელის თითებით თმას მისწვდა. შევიდა ოთახში და კარი
გაიჯახუნა, სახელით უხმო ლაიოსს, დიდი ხნის მკვდარს, ფიქრობდა იმ შვილზე, დიდი ხნის

50
სტრ. 1223. ექსანგელოსი – (ტრაგედიაში) მოქმედი პირი, რომელიც მაყურებელს ატყობინებს უშუალოდ
სცენის მიღმა მომხდარ ამბავს, მაშინ როცა ἄγγελος-ს „მაცნეს“ შორიდან მოაქვს ამბავი.
51
სტრ. 1228. ისტროსი – დუნაი (ჩვეულებრივ, მისი ქვედა წელი); ფასისი – რიონი.

44
წინ შობილზე, რომლის ხელითაც მოიკლა მამა, მშობელი დედა კი დატოვა, რომ გაეჩინა
დაწყევლილი შთამომავლობა საკუთარი შვილისგან. სარეცელს დასტიროდა, რომ იქ ორგზის
უბედურმა [1250] ქმრისგან ქმარი და შვილისგან შვილები შვა. ამის შემდეგ როგორ დაიღუპა,
არ ვიცი. რადგან ღრიალით შემოვარდა ოიდიპოსი და ქალის უბედურება ბოლომდე ვერ
დავინახეთ, ის დაძრწოდა და ჩვენი მზერა მასზე იყო მიპყრობილი. აქეთ-იქით დადიოდა და
ხმალს ითხოვდა, კითხულობდა, სად ვნახავ ჩემს მეუღლესო, რომელიც მეუღლე არ იყო,
არამედ დედა, რომლის საშომაც შობა ისიცა და მისი შვილებიც. მის შეშლილობაში მოკვდავზე
დიდი ძალა წარმართავდა მას, რადგან არც ერთი ჩვენგანი, მოკვდავთაგანი, არ ჰყავდა
გვერდით. [1260] საშინელი ყვირილით, თითქოს ვიღაცამ მოუხმოო, მივარდა ორმაგ კართან,
ბუდიდან ამოაგდო ურდული და ოთახში შეიჭრა. იქ ჩამომხრჩვალი ქალი დავინახეთ,
დაწნული თოკის ყულფში ჰქონდა თავი გაყოფილი და, როგორც კი დაინახა, საშინელი ხმა
აღმოხდა უბედურს, მოუშვა ყულფი, რომლითაც ეკიდა, და აი, მიწაზე წევს უბედური ქალი,
მაშინ სანახავად საშინელი რამ მოხდა, რადგან მოგლიჯა მისი სამოსიდან ოქროს საკინძეები,
რომლითაც კაბა ჰქონდა მორთული, [1270] ზეაწია და ჩაიცა თვალებში და თქვა: მეტად ვეღარ
ნახავთ იმ საშინელებებს, რომლებიც მე გადავიტანე და ჩავიდინე! საკმაოდ დიდხანს უყურეთ
იმათ, ვინც არასოდეს არ უნდა გეხილათ, ვერ ცნობდით იმათ, ვინც უნდა გეცნოთ, ამიერიდან
იყავით ბნელში! ასეთი საშინელი სიტყვებით არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ჩაირტყა
ორივე თვალში აწეული ხელით. თითოეულ დარტყმაზე სისხლიანი თვალი წვერზე
ჩამოსდიოდა არა წვეთ-წვეთად, არამედ შავ ნაკადად და მოსდიოდა სისხლი სეტყვასავით.
მათი, ორივესი, იყო ეს უბედურება, რომელმაც ამოხეთქა, არა მხოლოდ ერთისა, [1280] კაცისა
და ქალის შერწყმული უბედურება. უწინდელი ბედნიერება ოდესღაც მართლა ბედნიერება
იყო. დღეს კი მწუხარება, გაჩანაგება, სიკვდილი, სირცხვილი, სიავის სახელი რაც არსებობს,
არაფერი არ აკლია.

გუნდი. ახლა როგორაა უბედური, ოდნავ მოაკლდა ტანჯვა?!

ექსანგელოსი. ყვირილით ითხოვს, ვინმემ კარი გააღოს და ყველა კადმოსელს დაანახვოს


მამამისის მკვლელი და დედამისის... – ეს სიტყვები არ დასცდება ჩემს ბაგეებს – [1290] რომ
გააძევონ ამ მიწიდან და აღსრულდეს მისივე წყევლა, რომელიც მან ბრძანა. და მაინც, ძალა არ
ჰყოფნის, რომ მარტომ შეძლოს სიარული, რადგან მისი ტკივილი მეტია, ვიდრე ადამიანმა
შეიძლება აიტანოს. მალე დაგანახვებს ამას: უყურე, კარის ურდული გადაწეულია და მალე
დაინახავთ ნიშანს, რომელიც იმასაც კი შეაბრალებს, ვინც მას ვერ იტანს.

ექსანგელოსი გადის.

კომოსი
კორიფაიოსი. ო, სასტიკი ხვედრი, რომელსაც დაინახავენ ადამიანები, ყველაზე საშინელი
იმათგან, რაც მე მინახავს! ო, უბედურო, რა [1300] უგუნურება მოგერია? უდიდესთაგან რა
დიდი დემონი დაეცა თავს შენს საბრალო ბედისწერას? ვაი, ვაი უბედურო! შენი ყურებაც არ
შემიძლია, თუმცა ბევრი რამ მინდა გკითხო, ბევრის გაგება მსურს, ბევრია გასააზრებელი,
ისეთი ცახცახით მავსებ!

45
ოიდიპოსი. ვაიმე, ვაიმე, რა უბედური ვარ! სად მომიყვანა ტანჯვამ?! [1310] სად მიფრინავს
ჩემი ხმა გამალებით? ვაი, დემონო, სად მომიყვანე?

გუნდი. სასმენად და სანახავად საშინელ ადგილას.

ოიდიპოსი

სტროფი I

ვაი, ჩემთან მოსული საზარელი წყვდიადის გამოუთქმელო ღრუბელო, დაუნდობელო და


საბედისწერო! ვაიმე, კიდევ ვაიმე! როგორ მერჭობა სულში იმ საკინძეთა და უბედურებათა
ხსოვნის დარტყმები!

კორიფაიოსი. გასაოცარი არ არის, რომ ასეთ ტანჯვაში [1320] ორმაგად გლოვობ და ორმაგად
გტკივა.

ოიდიპოსი

სტროფი I

ვაი, მეგობარო! შენ ძველებურად მტკიცე მეგობარო, რადგან ისევ რჩები ჩემზე, ბრმაზე
მზრუნველი! აჰ, აჰ! შენი აქ ყოფნა არ დამემალა მე, რადგან, თუმცა ბრმა ვარ, მაგრამ შენს ხმას
მაინც კარგად ვცნობ.

კორიფაიოსი. ო, საშინელების ჩამდენო, როგორ გაბედე და სინათლე ასე როგორ ჩაიქრე


თვალებში? რომელმა ღვთაებამ აღგძრა?

ოიდიპოსი

სტროფი II

ეს იყო აპოლონი, აპოლონი, მეგობრებო, [1330] მან მიიყვანა ბოლომდე ეს უბედურება, ჩემი
საშინელი, საშინელი უბედურება; მაგრამ ხელი, რომელმაც დაარტყა, სხვისი კი არა, ჩემი იყო,
მე უბედურის. რატომ უნდა ვხედავდე, თუკი მხედველობამ ტკბილი არაფერი დამანახვა?

კორიფაიოსი. ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც შენ თქვი.

ოიდიპოსი

ანტისტროფი I

რა შეიძლება დავინახო კიდევ ან შევიყვარო, ან რა მოსალმება შეეხება სიხარულით ჩემს სმენას,


მეგობრებო? [1340] მეგობრებო, სასწრაფოდ გამიყვანეთ აქედან, გამიყვანეთ, მე, დიდი
დანაკარგი და უწყეულესი, ყველაზე უფრო საძულველი ღმერთებისთვის მოკვდავთაგან.

კორიფაიოსი. საბრალო ხარ როგორც შენი უბედურებით, ისე მისი გაგებით, ნეტავ არასოდეს
არ მცნობოდი შენ!

46
ოიდიპოსი

ანტისტროფი II

დაიღუპოს ის კაცი, ვინც უნდა იყოს, რომელმაც წლების წინ, [1350] ბორკილები ამხსნა
ფეხებიდან – უმადური საქმე იკისრა! მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, არც მეგობრებთან და არც
საკუთარ თავთან არ ვიგლოვებდი ასე.

კორიფაიოსი. მეც ვისურვებდი, ასე ყოფილიყო.

ოიდიპოსი

ანტისტროფი III

ამ შემთხვევაში არც მამაჩემის მკვლელი გამოვიდოდი და ხალხში ცნობილი არ ვიქნებოდი


როგორც იმ ქალის ქმარი, რომელმაც მშობა. [1360] ახლა უღვთო ვარ, უღირსი ვაჟი,
თანამეცხედრე კაცისა, რომელმაც უბედური არსებობა მომანიჭა. თუ სადმეა უბედურებათა
აღმატებული უბედურება, ის ერგო ხვედრად ოიდიპოსს.

კორიფაიოსი. ვერ დაგეთანხმები, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. ბევრად უკეთესი


იქმნებოდა, სულ არ ყოფილიყავი, ვიდრე იყო ცოცხალი და ბრმა.

ოიდიპოსი. ნუ მეუბნები, რომ საუკეთესოდ არ მოვაწყვე საქმე, [1370] ნუღარ მასწავლი, ნურც
რჩევას ნუ მომცემ აწი. მხედველობა რომ მქონოდა, არ ვიცი, როგორ უნდა შემეხედა
მამაჩემისთვის, როდესაც ჰადესის სახლში მივიდოდი ან უბედური დედაჩემისთვის, ორივეს
წინაშე დანაშაული მიმიძღვის, რომელსაც თავის ჩამოხრჩობით ვერ გამოვისყიდდი. იქნებ
გგონია, რომ ბავშვების დანახვა, ისე გაჩენილების, როგორც გაჩნდნენ, იქნებოდა ჩემთვის
სასიხარულო? არა, ვერასოდეს გაახარებდნენ ჩემს მზერას. ვერც ქალაქი, ვერც კოშკები, ვერც
ღმერთების წმინდა ქანდაკებები მე უბედურთა შორის ყველაზე უბედურმა, [1380] ოდესღაც
თებეს უკეთილშობილესმა ვაჟმა,52 ავუკრძალე საკუთარ თავს მათი ცოდნა, ყველას ვუბრძანე,
რომ უნდა უარყოს უწმინდური, რომელიც ღმერთებმა გამოაცხადეს შებილწულად, ლაიოსის
მოდგმის წევრი! მას შემდეგ, რაც ასეთი ლაქა მოვცხე საკუთარ თავს, უნდა გავუსწორო ურყევი
მზერა ამ ხალხს? სულაც არა: რომ ყოფილიყო საშუალება, დამეხშო სმენის წყარო, მე
უყოყმანოდ ავაგებდი სწრაფ ციხეს ამ სხეულისგან, რომ არც მხედველობა მქონოდა და არც
სმენა. [1390] ჩვენი გონებისთვის ტკბილია უბედურების მიღმა ცხოვრება. ო კითერონო, რატომ
შემიფარე? და რომ მიმიღე, რატომ მაშინვე არ მომკალი, რომ არასოდეს გამემჟღავნებინა
კაცთათვის ჩემი წარმომავლობა? ო, პოლიბოს და კორინთოს და სახლო, რომელიც
მამისეულად იწოდებდა, რა კარგი ვიყავი მე, თქვენი აღზრდილი და რა ბოროტებას მალავდა
ეს სიკარგე! ახლა გაირკვა, რომ ბოროტი ვარ და ბოროტებაში შობილი. ო, სამო გზაო 53 და შენ,
საიდუმლო ვიწრო ხეობავ, შენ, ბუჩქნარო და ვიწრო გზაო, სადაც სამი ბილიკი ერთდება, –
[1400] რომელთაც შესვით ჩემი ხელიდან მამაჩემის სისხლი, იქნებ გახსოვთ, რა საქმეები
მქონდა ჩადენილი თქვენ თვალწინ და ახალი რა ჩავიდინე, როდესაც აქ მოვედი? ო,
ქორწინებავ, ქორწინებავ, შენ მშვი მე და როდესაც მშვი მე, ისევ უშვი შვილები შენს შვილს, შენ
შექმენი სისხლისაღმრევი ნათესაობა მამების, ძმების, ვაჟების, სარძლოების, ცოლებისა და
დედების – ყველა სამარცხვინო საქმე, რომელიც ხდება ადამიანთა შორის! მაგრამ არაა
სათქმელი ის, რაც არაა გასაკეთებელი, – [1410] იჩქარეთ, ღმერთების სახელით, დამმალეთ

52
სტრ. 1380. თებეს უკელთილშობილესი ვაჟი – შდრ. სტრ. 222.
53
სტრ. 1398. ო, სამო გზაო... – შედ. სტრ. 734.

47
სადმე მიწის მიღმა ან მომკალით, ან ზღვაში გადამაგდეთ, სადაც შენ მე ვერასოდეს ვეღარ
დამინახავ! მომიახლოვდით, დამადეთ ხელი უბედურ კაცს, მისმინეთ და ნუ გეშინიათ, ჩემი
ჭირი სხვა მოკვდავს ვერ გადაედება.

კორიფაიოსი. აი, აქაა კრეონი, დროულად რომ დაგეგმოს და შეასრულოს, რასაც შენ ითხოვ. ის
ერთადერთი დარჩა, ვინც შენ ნაცვლად იქნება ამ მიწის მცველი54.

ოიდიპოსი. ვაიმე, რა სიტყვა უნდა ვუთხრა მას? [1420] როგორ უნდა მოვიპოვო მისი ნდობა
სამართლიანად? მე ხომ მას წარსულში სრულიად არასწორად მოვექეცი!

კრეონი. იმისთვის არ მოვსულვარ, რომ დაგცინო ან გისაყვედურო ძველი შეცდომისთვის.


(დამსწრეებს) თქვენ კი, თუკი მოკვდავთა მოდგმას არ სცემთ პატივს, პატივი ეცით მეუფე
ჰელიოსის ყველაფრის მკვებავ ცეცხლს, ნუ გამოაჩენთ ასე ღიად ამგვარ სიბილწეს, რომელსაც
ვერ იტანს ვერც მიწა, ვერც წმინდა წვიმა, ვერც თვით სინათლე. არამედ, რაც შეიძლება
სწრაფად შინ შეიყვანეთ. სიბრალულს ყველაზე უფრო შეეფერება, რომ [1430] მხოლოდ
ახლობლებმა უყურონ და უსმინონ ახლობელთა უბედურებას.

ოიდიპოსი. ღმერთების სახელით, რაკი ჩემი მოლოდინი გააქარწყლე და კეთილშობილად


მოხვედი ჩემნაირ უსაზიზღრეს ადამიანთან, დამიჯერე, შენს სასარგებლოდ გეტყვი, ჩემთვის
კი არა.

კრეონი. და რა გინდა ჩემგან ასე მოწადინებულად?

ოიდიპოსი. ამ მიწიდან მომისროლე, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოკვდავთაგან ვერავინ


ვერ დამელაპარაკოს.

კრეონი. რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ, იცოდე, თუმცა მანამდე ღმერთს უნდა ვკითხო, როგო
უნდა მოვიქცე.

ოიდიპოსი. [1440] მისი სიტყვა ითქვა სრულად – დავიღუპო მე, მამის მკვლელი და
უწმინდური.

კრეონი. ასე ითქვა, მაგრამ რაკი ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, საჭიროა, გავიგოთ, რაა
გასაკეთებელი.55

ოიდიპოსი. და შენ პასუხს მოითხოვ ასეთ უბედურ კაცზე?!

კრეონი. და შენ ვერ შეძლებ, ღმერთს არ დაუჯერო.

ოიდიპოსი. შენ კი გთხოვ და გევედრები, სახლში რომ ქალი წევს, დაკრძალე, როგორც
ისურვებ, უკანასკნელი წეს-ჩვეულება შენი გემოვნებით ჩაატარე. არასოდეს დაუშვა, რომ
მამაჩემის ქალაქს მიესაჯოს, [1450] რომ მე ვიცხოვრო მასში, სანამ ცოცხალი ვარ. არა, ნება

54
სტრ. 1418. ამ მიწის მცველი – როგორც სამეფო გვარის ერთადერთი სრულასაკოვანი მამაკაცი. როდესაც
თავის ვაჟებს კაცებს უწოდებს (სტრ. 1460), ოიდიპოსი, როგორც ჩანს, რამდენამდე ზრდის მათ ასაკს.
55
სტრ. 1443. საჭიროა, გავიგოთ, რაა გასაკეთებელი – ოიდიპოსის გაძევების გადადებით, სოფოკლეს
ტრაგედია გავრცელებულ ვერსიასთან ჰარმონიაში მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ოიდიპოსი კიდევ რამდენიმე ხანს
რჩებოდა სასახლეში თანამოქალაქეთაგან მალულად. ეს დრო იყო საჭირო, რომ, მითის მიხედვით, ეტეოკლესსა და
პოლინიკესს მოესწროთ მამის შეურაცხყოფა და მისი წყევლა დაემსახურებინათ.

48
დამრთე, ვიცხოვრო მთებში, სადაცაა ჩემი სახელოვანი კითერონი, რომელიც დედამ და მამამ,
სანამ ცოცხალი იყვნენ, დამიდგინეს საფლავად, რომ იქ დავღუპულიყავი იმათგან, ვისაც ჩემი
მოკვლა სურდა. და მაინც, ვიცი იმდენი, რომ ვერც დაავადება, ვერც სხვა რამ ვერ
გამანადგურებს მე; რადგან სიკვდილს ვერავინ გამომგლეჯდა ხელიდან, სხვა უბედურების
გადატანა რომ არ მეწეროს. მაშ დაანებე ჩემს ხვედრს წავიდეს, როგორც უნდა. შვილებს რაც
შეეხება, ბიჭებზე ზრუნვას არ გთხოვ, კრეონ, [1460] კაცები არიან56, თავს გაიტანენ, სადაც უნდა
იყვნენ. ჩემს საცოდავ, საბრალო ორ გოგონას, რომელთათვისაც უჩემოდ არასოდეს გაუშლიათ
სუფრა, რომელთაც არასოდეს მოჰკლებიათ მამის ხელი, ყოველთვის უწევდათ ის, რასაც
მოვიწევდი, გევედრები, იზრუნე მათზე. თუ შეგიძლია, ნება მომეცი, ხელით შევეხო მათ და
ვიგლოვოთ ჩვენი უბედურება. მიდი, მეუფე, მიდი, კეთილშობილო გულო. აჰ, რომ შემეძლოს
ერთხელ მაინც შევეხო მათ ჩემი ხელებით, გავიხსენებდი, რომ ოდესღაც მყავდნენ ისინი,
[1470] როგორც ოდესღაც მქონდა მხედველობა.

კრეონის მსახურებს შემოჰყავთ ბავშვები, ანტიგონე და ისმენე.

რა არის ეს? ღმერთების სახელით, ეს ჩემი საყვარელი შვილებია, რომელთა ქვითინის ხმა
მესმის, ნუთუ კრეონმა შემიბრალა და გამომიგზავნა ჩემი შვილები, ჩემი საყვარელი გოგონები?
მართალი ვარ?!

კრეონი. მართალი ხარ. ეს გავაკეთე, რადგან ვიცოდი რა სიხარული მოჰქონდათ


შენთვის,როგორც ახლა მოაქვთ.

ოიდიპოსი. დაილოცე, დაე, ამ საქმეში ღმერთი უკეთესი მფარველი იყოს შენთვის, ვიდრე
ჩემთვის იყო. [1480] ო, შვილებო, სად ხართ? მოდით აქ, აქ, იმ კაცის ხელებში, რომლის დედამ
თქვენც გშვათ, იმ ხელებში, რომელთაც მამათქვენის ოდესღაც ნათელი თვალები ამ რგოლებად
აქცია, ვინც ვერაფერს ხედავს, არაფერი არ იცის, რომელიც მამათქვენი გახდა იმასთან,
ვისგანაც იშვა. დაგტირით თქვენ, თუმცა ვერ გხედავთ, როდესაც ვფიქრობ იმ მწარე
სიცოცხლეზე, რომელსაც ადამიანები გაიძულებენ, რომ იცხოვრო მომავალ დღეებში. ქალაქის
რა შეკრებაზე წახვალთ, [1490] რა დღესასწაულზე,57 საიდანაც სახლში ცრემლით არ
დაბრუნდებით, რადგან ვერ გაიზიარებთ სიხარულს. როდესაც სიმწიფის ასაკს მიაღწევთ,
ქორწინების ასაკს, ვინ იქნება ის კაცი, რომელიც მზად იქნება, საყვედური მიიღოს, რომელიც,
უეჭველად, დამღუპველი იქნება ჩემი და თქვენი შთამომავლობისთვის? რა არ არის იქ?
მამათქვენმა საკუთარი მამა მოკლა და გშვათ საკუთარი არსებობის წყაროდან! [1500] ამას
გისაყვედურებენ და ვინღა მოგიყვანთ ცოლად? არ არსებობს ასეთი კაცი, შეუძლებელია,
შვილებო, თქვენ დაჭკნებით ბერწ ქალწულობაში. მენეკევსის ძეო, 58 მარტო შენ დარჩი ამათი
მამა, ჩვენ, ორნი, რომელთაც ვშვით ისინი, დავიღუპეთ ორივე. არ დაუშვა, რომ იხეტიალონ
ღარიბებმა და გაუთხოვრებმა, რადგან ისინი შენი ნათესავები არიან და ნუ გაათანაბრებ მათს
უბედურებას ჩემს უბედურებასთან. შეიბრალე ისინი, ვისაც ხედავ ასე ნორჩებს, მოკლებულთ
ყველა საყრდენს, შენ გარდა. [1510] დამპირდი, კეთილშობილო კაცო, და შეახე მათ შენი ხელი.
თქვენ რომ მომწიფებული გონება გქონოდათ, ბევრ რჩევას მოგცემდით. მაგრამ ახლა ილოცეთ,
რომ შეძლოთ იცხოვროთ იქ, სადაც გარემოება გაძლევთ საშუალებას და დაე, თქვენი ცხოვრება
უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე მამათქვენისა.

56
სტრ. 1460. კაცები არიან – ოიდიპოსის ვაჟები, ეტეოკლესი და პოლინიკესი, ამ მომენტისთვის, სავარაუდოდ,
თხუთმეტი-თექვსმეტი წლისანი უნდა იყვნენ.
57
სტრ. 1490. შეკრება, დღესასწაული – იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც ათენელ ქალს საჯაროდ
გამოჩენა შეეძლო: დიდი პანათენეები, დიონისიები და წმინდა ქალური დღესასწაულები – თესმოფორიები,
ადონისიები და ა.შ.
58
სტრ. 1503. მენეკევსის ძე – კრეონი.

49
კრეონი. საკმარისია ქვითინი, შემოდი სასახლეში.

ოიდიპოსი. დაგემორჩილები, თუმცა ეს ტკბილი არ არის.

კრეონი. ყველაფერი დროული კარგია.

ოიდიპოსი. იცი, რა პირობით წავალ?

კრეონი. შენ მეტყვი და მეცოდინება, რომ გავიგონებ.

ოიდიპოსი. რომ გამაძევებ სხვაგან საცხოვრებლად.

კრეონი. შენ მე მთხოვ, რასაც ღმერთი იძლევა.

ოიდიპოსი. მაგრამ მე ღმერთებისთვის ყველაზე საძულველი გავხდი.

კრეონი. მაშინ სწრაფად მიიღებ, რაც გინდა.

ოიდიპოსი. მაშ, მეთანხმები.

კრეონი. მე არ მიყვარს ფუჭი ლაპარაკი იმაზე, რასაც არ ვგულისხმობ.

ოიდიპოსი. [1520] მაშ, წამიყვანე აქედან უკვე.

კრეონი. მაშ, წადი, ოღონდ ბავშვები გაუშვი.

ოიდიპოსი. არავითარ შემთხვევაში არ წამართვა ისინი!

კრეონი. ყველაფრის ბატონობას ნუ ეცდები: საბატონო გქონდა, მაგრამ მთელი ცხოვრება არ


გამოგყვა.

ოიდიპოსი სასახლეში შეჰყავს. გაჰყავთ ანტიგონე და ისმენეც.

კორიფაიოსი. ჩვენი მშობლიური თებეს მცხოვრებნო, შეხედეთ, ეს არის ოიდიპოსი, რომელმაც


ამოიცნო სახელგანთქმული გამოცანა და იყო უმძლავრესი ვაჟკაცი. რომელი მოქალაქე არ
უყურებდა შურით მის ბედნიერებას? ნახეთ, უბედურების რა მღელვარე ზღვაში მოხვდა! ასე
რომ, სანამ ჩვენი თვალები არ იხილავენ იმ უკანასკნელ დღეს, მოკვდავს ბედნიერი არ უნდა
ვუწოდოთ, სანამ ის [1530] არ გადალახავს სიცოცხლის საზღვარს, ტკივილისგან
თავისუფალი.59

59
სტრ. 1524-1530. ჩვენი მშობლიური თებეს მცხოვრებნო – ტრაგედიის დამამთავრებელი სტრიქონების
ნამდვილობა ბევრი მკვლევრის ეჭვს იწვევს. მეცნიერთა შორის სხვადასხვაობა იმით იწყება, რომ ამ სიტყვებს
სხვადასხვა პერსონაჟს მიაკუთვნებენ, ხელნაწერები მათ გუნდს ათქმევინებს, სქოლიოები კი – ოიდიპოსს. ეს
უკანასკნელი ატრიბუცია აშკარად მცდარია: ჭკუისმასწავლებელი დასასრული, რომელიც კორიფაიოსს შეიძლება
გამოეთქვა, საერთოდ ანგრევს ოიდიპოსის სახის ტრაგიკულ შინაარსს. შესაძლებელია, სქოლიასტის შენიშვნა
გამოეწვია სტრ. 1524 სიტყვასიტყვით მსგავსებას ევრიპიდეს „ფინიკიელი ქალების“ სტრ. 1758 და შმდგ-თან, სადაც მათ
ოიდიპოსი წარმოთქვამს. ამავე დროს, სწორედ ეს მსგავსება, რომელსაც აძლიერებს ორივე შემთხვევაში ერთი საზომი,
ტროქეული ტეტრამეტრი, აძლიერებს ეჭვს, რომ ეს სტრიქონები სოფოკლეს ეკუთვნის: მის ტრაგედიებში
კორიფაიოსის დასკვნითი სიტყვა ყოველთვის ანაპესტით იყო გამართული.

50

You might also like