You are on page 1of 7

2021-2022 წლების იანვარი-აგვისტოს თვეებში საქართველოში

რეგისტრირებული დანაშაულებების სტატისტიკის ანალიზი

ანა ჯიქურიძე

დაბადების თარიღი: 06.09.1996


1. მთავარი მიგნებები

 ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური სურათი წინა წელთან შედარებით


მცირედით გაუმჯობესებულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ 2022 წლის იანვარი-
აგვისტოს თვეებში შემცირებულია რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა
და გაზრდილია გახსნილი საქმეების პროცენტული წილი. სტატისტიკის
დეტალური ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი დანაშაულებები ,
რომელთა რაოდენობაც 2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვეებში შემცირებულია
ან/და დაახლოებით იმავე ნიშნულზეა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში
იყო. ხოლო გახსნილი საქმეების პროცენტული წილი კი გაზრდილია.
 ქართული სამართალდამცავი ორგანოები სერიოზული გამოწვევების წინაშე
დგანან გამოძიების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის კუთხით, რაზეც
მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2022 წლის შესადარებელ პერიოდში წინა წელთან
შედარებით სახეზეა კონკრეტული დანაშაულებების მკვეთრად გაზრდილი
რაოდენობა და დრამატულად შემცირებული გახსნილი საქმეების
პროცენტული წილი.
 საპოლიციო კონტროლის შესუსტებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ წინა წელთან
შედარებით 2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვეებში კონკრეტული
დანაშაულებების რაოდენობა გაორმაგებულია ან მკვეთრად არის გაზრდილი ,
ხოლო გახსნილი საქმეების რაოდენობა კი უცვლელია ან შემცირებული.
 სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება აქრობს
დაუსჯელობის განცდას და ატარებს პრევენციულ ხასიათს, რასაც ცხადყოფს ის
ფაქტი, რომ ერთსა და იმავე კატეგორიის დანაშაულში მეტი გახსნილი საქმე
უდრის მით უფრო ნაკლებ ახალ რეგისტრირებულ დანაშაულს და პირიქით.

2. შესავალი

წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია და ერთმანეთთან დადარებულია 2021


წლის იანვარი-აგვისტოს თვეებისა და 2022 წლის ანალოგიური პერიოდის შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის
სტატისტიკა მთელი საქართველოს მასშტაბით. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ვებ
გვერდზე ყოველთვიურად აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას ,
რასაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ქვეყანაში კრიმინალის დონის შესაფასებლად ,
გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებისათვის და ქვეყნის მიერ
არჩეული სისხლის სამართლის პოლიტიკის სიჯანსაღის განსასაზღვრად.
წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანი სწორედ ქვეყანაში არსებული
კრიმინოგენური სურათის, ქართული სამართალდამცავი ორგანოების წინაშე არსებული
გამოწვევების აღწერა და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა
ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

3. ძირითადი ნაწილი
ქვეყანაში კრიმინოგენური გარემოს შესაფასებლად აუცილებელია შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის
სტატისტიკის ანალიზი.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დადარდეს უახლესი
სტატისტიკური მონაცემები. შესაბამისად, თუ შევადარებთ ერთმანეთს 2021 წლის
იანვარი-აგვისტოს თვეების მონაცემებს 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს,
მაშინ მივიღებთ ქვეყანაში შექმნილ შემდეგ კრიმინოგენურ სურათს:

დანაშაულისა და გახსნილი საქმეების სტატისტიკა 2021-2022 წლების იანვარი-


აგვისტოს თვეებში

2021 წელი სულ რეგისტრირებულია 2021 წელი გახსნილია


2022 წელი სულ რეგისტრირებულია 2022 წელი გახსნილია

39863
37824

21335
16711

საერთო რაოდენობა

როგორც გრაფიკზე ვხედავთ 2021 წლის შესადარებელ პერიოდში


დარეგისტრირებულია ჯამში 39863 დანაშაული, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში
37824 დანაშაული, რაც 5,12%-ით ანუ 2039 საქმით ნაკლებია წინა წლის მონაცემებთან
შედარებით. ამასთან მომატებულია გახსნილი სისხლის სამართლებრივი საქმეების
რაოდენობა. კერძოდ, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვეებში გახსნილი საქმეების
პროცენტული წილი შეადგენს 41,92%-ს, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში
გახსნილი საქმეების პროცენტული წილი 14,49%-ით მეტია და შეადგენს 56,41%-ს.
მოცემული რიცხვები ერთი შეხედვით მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების
გაუმჯობესებულ მუშაობაზე, თუმცა უფრო ზუსტი სურათის დასანახად საჭიროა
კონკრეტული დანაშაულებების ჭრილში სტატისტიკური მონაცემების შედარება.
2021 წელთან შედარებით 2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვეებში მნიშვნელოვნად
არის შემცირებული სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა და
შეადგენს 1290-ს, რაც 24,12%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით. თუმცა საგრძნობლად მცირეა ამ კატეგორიაში გახსნილი საქმეების
რაოდენობა როგორც 2021 წლის, ისე 2022 წლის შესადარებელ პერიოდში. კერძოდ, 2021
წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში გახსნილი საქმეების რაოდენობა 1700
რეგისტრირებული დანაშაულიდან შეადგენს მხოლოდ 142-ს, რაც მხოლოდ 8,35%-ია,
ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1290 რეგისტრირებული დანაშაულიდან
შეადგენს 140-ს, რაც 10,85%-ია. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს მხოლოდ და
მხოლოდ გაჭიანურებულ და არაეფექტურ საგამოძიებო მოქმედებებზე, რასაც ბევრი
სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს. ამასთან, გახსნილი საქმეების დაბალი
პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი და
წინაპირობაა ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გამეფებისთვის.
საგანგაშო მდგომარეობაა ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულებების შემთხევაში, სადაც 2021-2022 წლების შესადარებელ პერიოდებში
რეგისტრირებული დანაშაულებიდან არცერთი საქმე არ არის გახსნილი და ამასთან,
2022 წელს შეიმჩნევა 15%-იანი მატება ამ კატეგორიის რეგისტრირებული დანაშაულების.
საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულები მნიშვნელოვნად არის
გაზრდილი 2022 წელს წინა წელთან შედარებით. კერძოდ, დანაშაულების პროცენტული
მაჩვენებელი გაზრდილია 154,3%-ით და შეადგენს 1302 სისხლის სამართლის საქმეს.
გაზრდილი დანაშაულების ფონზე 8,79%-ით არის შემცირებული გახსნილი საქმეების
რაოდენობა და შეადგენს მხოლოდ 6,84%-ს.
დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული
ქმედებების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია 2022 წელს და შემცირებულია იმავე
კატეგორიაში გახსნილი საქმეების რაოდენობა 9,72%-ით.
განსხვავებული სურათი გვაქვს ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების შემთხვევაში, სადაც 2022 წლის შესადარებელ პერიოდში 15,65%-ით
ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება 2021 წელთან შედარებით. აქ გახსნილი საქმეების
პროცენტული წილიც გაცილებით მაღალია და 2021 წელს შეადგენს 56,03%-ს, ხოლო 2022
წელს 68,83%-ს.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების შემთხვევაში, 2022 წლის შესადარებელ პერიოდში მხოლოდ 0,87%-ით
ნაკლები დანაშაული დაფიქსირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თუმცა 11,03%-ით გაზრდილია 2022 წელს გახსნილი საქმეების რაოდენობა და შეადგენს
61,47%-ს.
მხოლოდ 0,74%-ით გაიზარდა 2022 წელს დანაშაულები ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ, თუმცა მნიშვნელოვნად მოიმატა ამ კატეგორიაში
გახსნილი საქმეების რაოდენობამ 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვეებთან შედარებით
და შეადგენს 81,32%-ს.
საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ 2,37%-ით შემცირდა
2022 წელს და შეადგენს 14110 საქმეს, თუმცა მნიშვნელოვნად გაზრდილია გახსნილი
საქმეების რაოდენობა და შეადგენს 50,9%-ს.
მხოლოდ 1,32%-ით არის შემცირებული 2022 წელს საზოგადოებრივი უშიშროებისა
და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ჯამში 1195 საქმე ფიქსირდება.
თუმცა 13,94%-ით გაიზარდა გახსნილი საქმეების პროცენტული წილი და შეადგენს 80%-ს.
წინა წელთან შედარებით 2022 წელს 11,96%-ით არის შემცირებული დანაშაულები
სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ. ფულადსაკრედიტო
სისტემაში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 58,58%-ით გაზრდილია. ნარკოტიკული
დანაშაული 23,01%-ით არის გაზრდილი. გაორმაგებულია სასამართლო ორგანოების
საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ტერორიზმი კი 14,29%-ით შემცირდა.
24,14%-ით არის შემცირებული სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევის ფაქტები 2022 წლის შესადარებელ პერიოდში და ჯამში შეადგენს 110 ასეთ
დანაშაულს. ამასთან, 9,28%-ით გაიზარდა გახსნილი საქმეების პროცენტული წილი და
შეადგენს 12,73%-ს.
სატრანსპორტო დანაშაული შემცირებულია 12,43%-ით 2022 წლის შესადარებელ
პერიოდში და ჯამური რაოდენობა არის 2022. ამასთან, გახსნილი საქმეების
პროცენტული წილი გაზრდილია 6,26%-ით და შეადგენს 18%-ს.
2022 წელს 17,23%-ით შემცირდა კომპიუტერული დანაშაული. გაიზარდა ამ
კატეგორიაში გახსნილი საქმეების პროცენტული წილი 20,25%-ით და შეადგენს 37,06%-ს.
65,63%-ით არის გაზრდილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და
უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 2022 წელს. 13,98%-ით
შემცირებულია გახსნილი საქმეების პროცენტული წილი და შეადგენს 64,15%-ს.
სამოხელეო დანაშაული 2022 წლის შესადარებელ პერიოდში შემცირდა 7,58%-ით
და 23,59%-მდე გაიზარდა ამ კატეგორიაში გახსნილი საქმეების პროცენტული წილი.
სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 4,3%-
ით არის შემცირებული 2022 წლის შესადარებელ პერიოდში, ხოლო გახსნილი საქმეების
პროცენტული წილი თითქმის 10%-იანი ზრდის შედეგად შეადგენს 71,6%-ს.
დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულები 61,82%-ით შემცირდა 2022 წელს და - 61,9%-მდე გაიზარდა გახსნილი
საქმეების რაოდენობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის შესადარებელ პერიოდში
იმავე კატეგორიის გახსნილი საქმეების პროცენტული წილი მხოლოდ 1,82%-ს
შეადგენდა.
სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულებები 21,43%-ით არის შემცირებული 2022 წელს, ხოლო გახსნილი საქმეების
პროცენტული წილი 9,09%-მდეა გაზრდილი. 1
ზემოთ აღწერილი კრიმინოგენური სურათი ცხადყოფს რამდენიმე გარემოებას .
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი მაჩვენებლები რეგისტრირებული დანაშაულებისა და
გახსნილი საქმეებისა წინა წელთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებულია,
დღევანდელი ქართული მართლმსაჯულების სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე
დგას, რაზეც მეტყველებს ზემოთ აღწერილი რეგისტრირებული დანაშაულებების
დეტალურად ჩაშლილი სტატისტიკა. პირველ რიგში ნათელია, რომ ქართულ
სამართალდამცავ ორგანოებს ახასიათებთ დროში გაჭიანურებული და შესაბამისად
არაეფექტური გამოძიება, რაზეც მიუთითებს კონკრეტული დანაშაულებების შემთხვევაში
გახსნილი საქმეების დაბალი პროცენტული წილები. ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს სტანდარტის მიხედვით კი გაჭიანურებული მართლმსაჯულება ხშირად
წარმოადგენს მართლმსაჯულების უარყოფას.2
ასევე საყურადღებოა კონკრეტული დანაშაულებების მნიშვნელოვანი და მკვეთრი
მატება წინა წელთან შედარებით, რაც სავარაუდოდ საპოლიციო კონტროლის
შესუსტებით არის გამოწვეული.
ამასთან ყურადსაღებია კონკრეტული დანაშაულებების ჭრილში, კავშირი
გახსნილი საქმეების მაღალ მაჩვენებლებსა და შემცირებულ ახალ რეგისტრირებულ

1
https://info.police.ge/uploads/633b009be9bfb.pdf
2
Vazagashvili and Shanava v Georgia, § 89.
დანაშაულებებს შორის და პირიქით. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართალდამცავი
ორგანოების ეფექტური ფუნქციონირების შედეგად მომატებული გახსნილი საქმეების
რაოდენობა ერთგვარი პრევენციული მექანიზმია და ამცირებს ახლად ჩადენილი
კონკრეტული დანაშაულებების რაოდენობას. ხოლო გახსნილი საქმეების დაბალი
პროცენტული წილი კი მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს დანაშაულებების ჩადენას.
გახსნილი საქმეების მაღალ მაჩვენებელს მინიმუმ ის ეფექტი აქვს, რომ ქვეყანაში
დაუსჯელობის განცდა ქრება, ასევე ქრება განცდა სამართალდამცავი ორგანოების
პოლიტიზირების. მათ ნაცვლად კი საზოგადოებას უჩნდება დაცულობის განცდა, თუმცა
დღევანდელი ქართული რეალობა, სამწუხაროდ, საპირისპიროზე მეტყველებს.

4. დასკვნა

ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური გარემო წინა წელთან შედარებით მცირედით


გაუმჯობესებულია, რაც დანამდვილებით დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. თუმცა
კონკრეტული დანაშაულებების ჭრილში სტატისტიკის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ,
რომ გახსნილი საქმეების პროცენტული წილი მნიშვნელოვნად დაბალია, რაც
გაჭიანურებულ და არაეფექტურ საგამოძიებო მოქმედებებზე მიუთითებს .

სტატისტიკის თანახმად არსებობს დანაშაულები, რომელთა რაოდენობა 2022


წლის იანვარი-აგვისტოს თვეების განმავლობაში გაორმაგებულია ან მკვეთრად
გაზრდილია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ასეთი
დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი კი დრამატულად დაბალი. მაგალითად, ასეთია
საფინანსო სექტორში ჩადენილი დანაშაულები, სასამართლო ორგანოების საქმიანობის
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ა.შ. კონკრეტული დანაშაულების მკვეთრი
მატება ასეთ მცირე დროში მიუთითებს სავარაუდოდ საპოლიციო კონტროლის
შესუსტებაზე.

რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკის ანალიზის შედეგად ასევე


გამოიკვეთა ერთგვარი ტენდენცია, რის მიხედვითაც ერთი და იმავე კატეგორიის
დანაშაულში, რაც უფრო მეტია გახსნილი საქმე, მით უფრო ნაკლებია ახალი
რეგისტრირებული დანაშაული და პირიქით. აღნიშნული მიუთითებს მხოლოდ იმ
გარემოებაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება
პირდაპირ იწვევს კრიმინალის დონის შემცირებას და ერთგვარ პრევენციულ ხასიათსაც
ატარებს.

5. გამოყენებული ლიტერატურა/დანართები

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებული ოფიციალური


დანაშაულების სტატისტიკა. იხილეთ ლინკი:
https://info.police.ge/uploads/633b009be9bfb.pdf
 CASE OF VAZAGASHVILI AND SHANAVA v. GEORGIA. იხილეთ ლინკი:
https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22fulltext%22:[%22vazagashvili%20v%20georgia%22],
%22documentcollectionid2%22:[%22GRANDCHAMBER%22,%22CHAMBER%22],%22itemid
%22:[%22001-194439%22]}

You might also like