You are on page 1of 19

1.

განცხადება

განცხადება შეიძლება იყოს:

1. პირადი
2. საზოგადო

პირადი განცხადება

 ფურცლის მარჯვენა მხარეს იწერება, თუ ვის მიემართება

 მომდევნო ხაზზე, იმავე მხარეს - თუ ვისგანაა

 ერთი ხაზის გამოტოვებით გამოყოფილი - განცხადება

 კვლავ ერთი ხაზის გამოტოვებით აბზაცით იწერება ტექსტი

 ტექსტი შეიძლება შეიცავდეს თხოვნას, ნებართვას, სურვილს, შეტყობინებას, საჩივარს


და ა.შ.

 როცა სურვილს ან თხოვნას გადმოსცემს, განცხადება დაიწყება მიმართვით - გთხოვთ

 ერთი ხაზის გამოტოვებით მარჯვნივ - განმცხადებლის ხელმოწერა

 მარცხნივ თარიღი

ნიმუში: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე გომართელს

ამავე უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციების სკოლის

სტუდენტის თამთა ხიდაშელის

განცხადება

ავადმყოფობის გამო ვერ გამოვცხადდი შუალედურ გამოცდაზე. გთხოვთ, მომცეთ


უფლება, გამოცდა ჩავაბარო მომდევნო კვირას.

12.05.20 თ. ხიდაშელი ( ხელმოწერა)


(პირად განცხადებაში განმცხადებლის სახელისა და გვარის შემდეგ მისამართი
სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, თუ განცხადების ადრესატისთვის უცნობია მისი
ვინაობა და ადგილ-სამყოფელი)

საზოგადო განცხადების ნიმუში:

განცხადება

ამა წლის 15 ნოემბერს, 18 საათზე, აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა


მწერალ გურამ დოჩანაშვილთან.

აკადემიის ადმინისტრაცია

2.მოხსენებითი ბარათი

 ფურცლის მარჯვენა მხარეს იწერება, თუ ვის მიემართება

 მომდევნო ხაზზე, იმავე მხარეს - თუ ვისგანაა

 ერთი ხაზის გამოტოვებით გამოყოფილი - მოხსენებითი ბარათი

 კვლავ ერთი ხაზის გამოტოვებით აბზაცით იწერება ტექსტი

 ტექსტი ვრცლად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, სურვილს ან მოთხოვნას

 ერთი ხაზის გამოტოვებით, მარჯვნივ - განმცხადებლის ხელმოწერა

 მარცხნივ - თარიღი.

მოხსენებითი ბარათის ტექსტი ძირითადად შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი,


ძირითადი ნაწილი და დასკვნა. იგი იგზავნება იერარქიული ჯაჭვის შესაბამისად. თუ
სპეციალურად არავინ გთხოვთ, მოხსენებითი ბარათი ორგანიზაციის დირექტორს არ
გაუგზავნოთ უშუალო უფროსის რეზოლუციის გარეშე.
ნიმუში:

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს

ბატონ გიორგი სანებლიძეს

ამავე საბჭოს წევრის ლევან გაზდელიანის

მოხსენებითი ბარათი

მოგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია ვარ სამეურვეო საბჭოს წევრი და აქტიურად
ვმონაწილეობ საბჭოს საქმიანობაში. მიუხედავად არაერთი პროექტის განხორციელებისა,
საბჭოს მუშაობაში შეინიშნება გარკვეული შეფერხებები. კერძოდ, გვიანდება შემოსული
პუბლიკაციების განხილვა, სტუდენტური პროექტების დამტკიცება, წიგნების რეცენზირება
და უნივერსიტეტი სგამომცემლობისთვის მათი დროულად გადაცემა. რასაკვირველია, ეს
ხარვეზები უარყოფითად მოქმედებს საბჭოს რეპუტაციაზე. მიმაჩნია, რომ სიტუაციის
გამოსწორებისათვის საჭიროა დროული რეაგირება.

21.09.2020 ლევან გაზდელიანი ( ხელმოწერა)

3. ახსნა- განმარტებითი ბარათი

თავისი სტრუქტურით იგი ახლოს არის მოხსენებით ბარათთან, ოღონდ, ამ


შემთხვევაში ავტორი ცდილობს უკვე მომხდარი ფაქტის კომენტირებას, ახსნას.

ნიმუში:

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის
დეკანს, ბატონ ალექსანდრე გომართელს

ამავე სკოლის სტუდენტის ია დარბაიძის

ახსნა-განმარტებითი ბარათი
მოგახსენებთ, რომ ამა წლის 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე მივლინებული
ვიყავი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტუდენტური ღონისძიებების ჩასატარებლად.
ვინაიდან ჩვენი გადაადგილება უზრუნველყო ადგილობრივმა თვითმმართველობამ,
აუთვისებელი დაგვრჩა სატრანსპორტო ხარჯები, რომელსაც ვუბრუნებთ
უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს.

22.09.20 ია დარბაიძე

4.დახასიათება

 შუაში იწერება ,,დახასიათება”.

 ტექსტი იწყება აბზაცით

 დახასიათებისას აღიწერება პიროვნების მახასიათებელი თვისებები

 დახასიათების ავტორის ვინაობა და მონაცემები

 მარჯვნივ -ხელმოწერა

 მარცხნივ-თარიღი

ნიმუში:

დახასიათება

გიორგი შოთას ძე ონიანი 2013 წლიდან სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის


უნივერსიტეტის მედიის სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2017-18 სასწავლო წელს.
იგი იყო აქტიური სტუდენტი, მონაწილეობდა უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციებში და
გახლდათ სტუდენტთა თვითმმართველობის წევრი. მეგობრებს შორის გიორგი სარგებლობდა
ნდობითა და პატივისცემით. გიორგი ონიანი არის კომუნიკაბელური, უნივერსიტეტში სწავლისას
მან თავი გამოიჩინა როგორც საზოგადოებრივად აქტიურმა და კეთილგანწყობილმა პიროვნებამ.
მას შეუძლია გუნდური მუშაობა. გიორგი ონიანი გაწონასწორებულია, შეუძლია კრიზისული
სიტუაციების მართვა, აქვს კარგი ემოციური ინტელექტი.

დახასიათება ეძლევა ,,საქართველოს ბანკში” წარსადგენად.

მედიის სკოლის დეკანი: სალომე კაპანაძე

12.05. 2018 წ.
5.რეკომენდაცია

რეკომენდაცია თავისი დანიშნულებით ახლოს დგას დახასიათებასთან. მას გასცემს


კერძო პირი ან ორგანიზაცია. რეკომენდაცია იქმნება პუბლიცისტური ან ოფიციალურ-
საქმიანი სტილით. ტექსტი არ უნდა იყოს ვრცელი- ოპტიმალურად ითვლება ნახევარი
გვერდიდან ერთ გვერდამდე. დასაწყისში უნდა დაასახელოთ თავი ან ორგანიზაცია,
რომელსაც წარმოადგენთ და პიროვნება, რომელსაც რეკომენდაციას უწევთ. წერისას
გამოიყენეთ შემდეგი ენობრივი საშუალებები:

დამაჯერებლად წარმოადგინეთ არგუმენტები და მიზეზები, რომელთა გამოც


გადაწყვიტეთ რეკომენდაციის მიცემა. შეეცადეთ იყოთ კონკრეტული და არ
შემოიფარგლოთ მხოლოდ ზედსართავის სახელების ჩამოთვალით.

ნიმუში:

რეკომენდაცია

ნანა კეკელიძეს ვიცნობ 2004 წლიდან, იგი გახლდათ ჩემი სტუდენტი . ნანა კეკელიძე არის
კარგი პედაგოგი, რამდენიმე წელია ასწავლის არაქართველ მსმენელებს ქართულ ენას და მისი
გაკვეთილები გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, მეთოდური გამართულობითა და ახალი
სტრატეგიების ცოდნით. იგი კრეატიული პიროვნებაა, შეუძლია ახალი იდეების განხორციელება
და გუნდური მუშაობა. უნდა აღინიშნოს, რომ ნანა კეკელიძე დამსახურებული პატივისცემით
სარგებლობს თანამშრომლებში, არის ორგანიზებული, პუნქტუალური და მაღალი
პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევთ ნანა კეკელიძეს დაიკავოს მცხეთის


მესამე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა.

30.04.2020 სალომე კაპანაძე

6.ცნობა

ცნობა გახლავთ მოკლე ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ასახავს პიროვნების


სოციალურ მდგომარეობას.

ცნობა
ეძლევა ნიკოლოზ დადიანს, რომ ის ნამდვილად სწავლობს ილიას უნივერსიტეტის
სამართლის სკოლის მე-2 კურსზე.

ცნობა ეძლება ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად.

სკოლის დეკანი: ლევან მხეიძე

(თარიღი და ცნობის ნომერი მითითებულია ცნობის ბლაკზე)

7.ხელწერილი

 მოკლე ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ფინანსური, მატერიალური ან


მორალური სახის ინფორმაციას.

ნიმუში:

ხელწერილი

ქალაქ თბილისის 165-ე სკოლის მოსწავლის, ლუკა ჩოხელის მშობელმა- საბა ჩოხელმა,
ა.წ. 25 ივნისს სკოლის არქივიდან გავიტანე ჩემი შვილის დაბადების მოწმობა
საბურთალოს რაიონის საპასპორტო განყოფილებაში წარსადგენად.

დაბადების მოწმობა უნდა დავაბრუნო სამდივნოში გატანის დღიდან არაუგვიანეს ერთი


კვირისა.

საბა ჩოხელი (ხელმოწერა)

25.06.2011. სკოლის მდივანი: მარინე ჯაში (ხელმოწერა

8. ანოტაცია

ანოტაცია ახლავს სამეცნიერო ნაშრომს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო


ნაშრომებს. იწერება თავფურცლის მომდევნო გვერდზე და მასში აისახება თემის
აქტუალობა, მიზნები, ამოცანები, კვლევის საგანი, ობიექტი, ძირითადი შედეგები და
სიახლე. ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს.
(რეფერატისთვის საკმარისია 150 სიტყვაც)

ნიმუში:

ანოტაცია

ნაშრომში შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანსა’’ და მიგელ დე სერვანტესის ,,დონ კიხოტზე’’


დაყრდნობით წარმოდგენილია დრამისა და კომედიის ურთიერთმიმართება, ამ ორი განსხვავებული
ფორმის ურთიერთკავშირი. აღწერილია, თუ რაოდენ თანაბრად არის შესაძლებელი ერთი და იგივე
აზრი გამოითქვას განსხვავებულ ფორმით, განსხვავებულ სივრცესა და დროში. ტექსტის გამოყენებით
განხილულია, რომ ისინი არ გამორიცხავენ ერთმანეთს და ფაქტობრივად, ერთ მთლიანობას
წარმოადგენენ. ნაშრომის მიზანია, ლიტერატურულ ტექსტებზე დაყრდნობით უჩვენოს, თუ
რამდენად არის შესაძლებელი ამ მოცემულობის მეცნიერული სიზუსტით კვლევა და მისი
კულტურული ღირებულების განსაზღვრა. ნაშრომი შედგება სამი თავისგან. რომელშიც
ლიტერატურულ პროცესებზე დაყრდნობით, ეტაპობრივად განხილულია აღნიშნული მოსაზრება და
მისი განვითარების ისტორია.

9. რეზიუმე

რეზიუმე არის არსებული წერილობითი წყაროს შესახებ მთავარი და ძირითადი აზრების მოკლედ,
შენი სიტყვებით გადმოცემა. კითხვის დასკვნით ეტაპზე ჩვენ უნდა შეგვეძლოს წაკითხული
ტექსტის საფუძველზე რეზიუმეს შექმნა. იმისათვის, რომ დავწეროთ რეზიუმე: წაიკითხეთ
სტატია; დაადგინეთ თეზისი, ძირითადი მოსაზრებები და არგუმენტები, შეადგინეთ სტატიის
გეგმა-მონახაზი, გადადეთ სტატია და თქვენივე სიტყვებით შექმენით რეზიუმის I ვარიანტი.
გადაამუშავეთ და შეასწორეთ ტექსტი გრამატიკისა და სტილის თვალსაზრისით

რეზიუმეს შექმნის თანმიმდევრობა უნდა იყოს ასეთი:

ნაშრომის სათაური

ნაშრომის ავტორის ვინაობა

ნაშრომის თარიღი

ნაშრომის კონტექსტის მოკლედ გაცნობა

ნაშრომის თეზისი

ნაშრომში განხილული ძირითადი პუნქტები, საკითხები, მოსაზრებები...


დასკვნა

რეზიუმეს შემსრულებლის ხელმოწერა

რეზიუმეს შესრულების თარიღი

ნიმუში:

პორტრეტები

გრიგოლ რობაქიძე

1919

რეზიუმე

გრიგოლ რობაქიძე თავის ესეში ,,პორტრეტები” საუბრობს რუსულ ფენომენზე,


რომლის კვლევა აქტუალური იყო იმ პერიოდისათვის. იგი საინტერესოდ მსჯელობს
სხვადასხვა დროის პროგრესულ რუს მწერალთა შემოქმედებაზე. ავტორი თვლის, რომ
რუსულ ხასიათზე მსჯელობისას ისინი ამჟღავნებდნენ თვითკრიტიკულობას, რომელიც
მათ ინტელექტსა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მეტყველებდა.
გრიგოლ რობაქიძის ღრმა რწმენით, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიდნენ რუსეთის
რეალურ ისტორიას და ერს სასიცოცხლო ენერგიით კვებავდნენ. ავტორის დასკვნით,
რუსული ფენომენის კვლევისას ეს ფაქტორი საფუძვლიანად არის შესასწავლი.

25.05.2020 ანა მეტრეველი

10. CV (პირადი ინფორმაცია)

CV არის პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. არსებობს მისი სხვადასხვა ფორმატი,


რომელსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მასში თქვენ შეიტანოთ ის
ინფორმაცია, რომელიც დასაქმებისთვის გამოგადგებათ.

 ვინაობა

 საცხოვრებელი ადგილი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები

 ამჟამინდელი სამუშაო ადგილი, თანამდებობა და განვლილი სამუშაო ადგილთა აღნუსხვა


უკუნასვლით

 განათლება; უკანასვლით

 ენები; ცოდნის დონის მინიშნებით

 უნარები; ძირითადად კომპიუტერული


 ოჯახური მდგომარეობა

 ინტერესები

ნიმუში:

cv
სალომე კაპანაძე
საქართველო ქ. სოხუმი ეშბას ქ. 195 ბ.10.

დროებითი- დ. წყნეთი, გ.შერვაშიძის ქ 8 ბ. 29

032 222 82 05 599 55 50 20 salomesokhumi@yahoo.com

განათლება

05. 1997
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

ქ. თბილისი.

1982-1987 აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფილოლოგიის ფაკულტეტი. სპეციალიზაცია- ლიტერატურათმცოდნეობა.

(წარჩინებით). ქ. სოხუმი

1971-1981 ქ. სოხუმის მე-12 საშუალო სკოლა, საშუალო განათლების სრული კურსი

სამუშაო გამოცდილება

2009-22 წ.წ. - გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი- ასოცირებული პროფესორი.

დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია- მოწვეული პროფესორი.


2015-2016 წ.წ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

მედიის სკოლის დეკანი

2006-2009 წ.წ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე

2005-2006 წ.წ. აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი

2005 წ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი

1996-2005 წ.წ. აფხაზეთის მწერალთა კავშირის საბავშვო ჟურნალ ,,იალქანის” რედაქტორი.

1994-2004 წ.წ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართული ლიტერატურის ისტორიის


კათედრა- ლექტორი

1987-1992 წ.წ. ქ. სოხუმის №8 საშუალო სკოლა. ქართული ენისა და ლიტერატურის

მასწავლებელი

ტრენინგები და კურსები

2012 წ. მშვიდობის კულტურა და სამშვიდობო კომუნიკაცია. მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია (UPF)

2016 წ. ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.


გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი.

საავტორო პროექტები

1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- აფხაზეთი.”ტ. 1-2 ქართულ, ინგლისურ და

რუსულ ენებზე. 2007-2009 წ.წ. საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

2.,,სოხუმის დრამა”, დოკუმენტური ფილმი. 2009 წ. აფხაზეთის განათლების და კულტურის


სამინისტრო

3.აკაკი წერეთლის პოემა ,,გამზრდელის” ილუსტრირებული გამოცემა აფხაზურ ენაზე. 2012 წ.


საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

4. ,,მე მოვალ თქვენთან” . აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრების ლექსების კრებული. 2014 წ.
საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

5. პროექტი ,,გზავნილები მომავლიდან“. სამშვიდობო დიალოგის ფორმატი. 2015 წ. საქართველის


კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

6. სტუდენტთა ლიტერატურულ- პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი’ 2016 წ. საქართველის


კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

7. გადაცემა ,,ხიდი-საუბრები აფხაზეთზე, სდასუ TV, პროდიუსერი 2015 -2016 წ.წ.


8. სტუდენტთა ლიტერატურულ- პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი’ , 2018 წ. ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მერია

9. სტუდენტთა ლიტერატურულ- პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი’ 2019 წ. ქ. თბილისის


მუნიციპალიტეტის მერია

10. სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენცია ,, ,,აფხაზეთის კულტურულ-


ისტორიული წარსული და თანამედროვეობა”, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წ.

11. საბავშვო წიგნი ,,დელფინ ფანის ამბები” ქართულ და აფხაზურ ენებზე, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,კულტურის ხელშეწყობის პროგრამა“, 2020წ.

სამეცნიერო აქტივობა

სამეცნიერო ნაშრომი- 35

მონოგრაფია - 2

სამეცნიერო კონფერენციები- 32

საზოგადოებრივი საქმიანობა

1993 წლიდან ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი

2005-2019 წ.წ. -საყმაწვილო ჟურნალ ,,იალქანის’ სარედაქციო საბჭოს წევრი

2010 წ. მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის (UPF) ელჩი საქართველოში

2014 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზეთი- ჩემი სახლის’’ თავმჯდომარე

2017 წ. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი

2019 წ. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და

ჟურნალ ,,კრიმინოლოგის” სარედაქციო საბჭოს წევრი

ჯილდოები:

2008 წ. საფრანგეთის ქ. განატის საერთაშორისო ფესტივალის დიპლომი

2011 წ. მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის (UPF) სიგელი

2012 წ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

2016 წ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სიგელი

2019 წ. აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შერვაშიძის სახელობის

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი


2020 წ. ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი
საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ,,ქართული კულტურის ამაგდარის წოდება“

ენები

ქართული - მშობლიური;
რუსული - კარგად;
ინგლისური- მწირად

ოჯახმდ ოჯახური მდგომარეობა

დაოჯახებული
მეუღლე- ზვიად აბელის ძე შონია

შვილი- ირაკლი ზვიადის ძე შონია

11. ავტობიოგრაფია

ავტობიოგრაფია ცხოვრების აღწერაა პირველი პირის მიერ. ეს ჟანრი ახლოსაა მემუარებთან,


მაგრამ ყურადღება უფრო გამახვილებულია ავტორის შინაგან სამყაროზე. ავტობიოგრაფიის
საშუალებით დამსაქმებელი იღებს დამატებით ინფორმაციას მომავალი თანამშრომლის
შესახებ.თქვენი შესაძლო მომავალი უფროსისათვის მთავარია არა ის, რას დაწერთ
ავტობიოგრაფიაში, არამედ ის, თუ როგორ გააკეთებთ ამას. შესაძლოა, თქვენ ბიოგრაფიას
გაეცნონ ფსიქოლოგები, გრაფოლოგები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები და სხვა
სპეციალისტები. ამიტომაც ავტობიოგრაფიის ტექსტი უნდა იყოს ხელით დაწერილი და
გადმოცემული ვაკანსიის მსურველის მიერ, პერსონალის წარმომადგენლის თანდასწრებით.
3გთავაზობთ ავტობიოგრაფიის რამდენიმე ძირითად ბლოკს, რომელიც უნდა გამოიყენოთ:

სახელი, გვარი, მამის სახელი; დაბადების თარიღი და ადგილი. თქვენი მშობლების მონაცემები
მაგალითად: დავიბადე მასწავლებლების ოჯახში.
განათლება. ეს პუნქტი უნდა შეავსოთ დაწყებული სკოლის პერიოდიდან, გაგრძელებული
სასწავლებლებით ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
1. შრომითი საქმიანობა. ამ პუნქტში უნდა აისახოს ყველაფერი, დაწყებული დასაქმების ადგილიდან,
გაგრძელებული დაკავებული თანამდებობითა და სხვადასხვა ნიუანსებით.
7ოჯახური მდგომარეობა. ავტობიოგრაფიაში უნდა მიუთითოთ ოჯახური მდგომარეობა და მოკლე
ინფორმაცია ცოლზე/ქმარზე და ბავშვებზე. მამაკაცებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ (მსახურების
შემთხვევაში) ჯარში ყოფნის პერიოდი და საბრძოლო წოდება. ქალბატონებს შეუძლიათ მიუთითონ
ინფორმაცია შვებულებაში ყოფნის, მშობიარობის, ბავშვების მოვლის პერიოდის შესახებ.
2. ინფორმაცია ჯილდოების, პირადი მიღწევებისა და დაწინაურებების შესახებ. ამის საშუალებით თქვენი
ბიოგრაფია მხოლოდ გაიზრდრება თქვენი დამსაქმებლის თვალში.
3. საცხოვრებლის მისამართი და ტელეფონი, ავტობიოგრაფიის შედგენის თარიღი, ასევე დოკუმენტის
ბოლოში უნდა დასვას საკუთარი ხელმოწერა.
P.S. სასურველია, თუ ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებულ ინფორმაციას დაატევთ А4 ფორმატის ერთ
ფურცელზე.

ავტობიოგრაფია

მე, მარიამ დავითის ასული მხეიძე დავიბადე 1998 წლის 7 ნოემბერს, ქალაქ
თბილისში. ვარ საქართველოს მოქალაქე. დედა- მართა მელიქიძე, პროფესიით
პედაგოგი, მუშაობს თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში. მამა- დავით მხეიძე, იურისტი,
მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2010 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის 51- ე საჯარო სკოლა. იმავე წელს
ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საოციალურ-პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე ჟურნალისტიკის ბაკალავრის
წოდებით. 2014 წელს გავიარე ტრენინგი- ,,სოციალური მედია“. ორგანიზატორი -
ააიპ ,,თავისუფლების ინსტიტუტი“.

2014-16 წლებში ვმუშაობდი ქ. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის


სამსახურში. 2016 წლიდან დღემდე ვმუშაობ გამომცემლობა ,,პალიტრაში“ მენეჯერად.

ჩემი ინტერესებია- ხატვა და ქანდაკება. 2018 წელს მქონდა გამოფენა, რომელიც


გაიმართა ..ლიტერატურის მუზეუმის“ საგამოფენო დარბაზში. დაჯილდოვებული ვარ
კულტურის სამინისტროს სიგელით.

ვფლობ რამდენიმე უცხო ენას- ინგლისურს, ფრანგულს, რუსულს და კომპიუტერულ


პროგრამებს: Word, Exsel, Power Point

ვარ დაოჯახებული. მეუღლე- ლევან დარბაისელი, პროფესიით მოქანდაკეა, ამჟამად


მუშაობს თბილისის კინოსა და თეატრის მუზეუმში. მყავს ორი შვილი- ნანა
დარბაისელი თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლე და ცოტნე დარბაისელი-
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი.

ჩემი იურიდიული მისამართია: თბილისი, უ. ჩხეიძის ქუჩა 25. ტ 599 677889


ელექტრონული მისამართი: m.mxeidze@gmail.com

20.10.2020 პირადი ხელმოწერა


12. სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი იწერება:

1. ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე;

2. სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე;

3. პროექტის დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსზე

კარგად დაწერილმა სამოტივაციო წერილმა პასუხი უნდა გასცეს სამ შეკითხვას:

1. რაზე კეთდება განაცხადი ( და საიდან გაიგეთ ამ ვაკანსიის ან კონკურსის შესახებ)

2. რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ კონკრეტული ვაკანსიისთვის სათანადო კვალიფიკაცია


გაქვს?

3. რატომ დაინტერესდით?

სამოტივაციო წერილი არ უნდა იყოს კატეგორიული. დაწერილი უნდა იყოს სადა,


გასაგები ენით.

პირველად ჩამოაყალიბეთ ის არგუმენტები, რომლითაც თქვენი პოტენციური უფროსები


შეიძლება დაინტერესდნენ.

ყურადღება გაამახვილეთ თქვენს საქმიან თვისებებზე (გაქვთ ორიგინალური


გადაწყვეტილების მიღების, შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი, ხართ სანდო
პიროვნება, შეგიძლიათ გუნდური მუშაობა)

შეგიძლიათ იყოთ გულწრფელებიც და მიუთითოთ თქვენ სისუსტეებზე, რომლის


გამოსწორებას აპირებთ. ნაკლის გამოსწორების სურვილი დადებითად განაწყობს
მკითხველს. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ცხოვრებისეული ის ეპიზოდიც
ჩართოთ, რომელიც თქვენ დადებითად გახასიათებთ. სამოტივაციო წერილის ბოლოს
მკითხველს აგრძნობინეთ, რომ მის გამოხმაურებას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

სამოტივაციო წერილი არის პუბლიცისტური და ოფიციალურ-საქმიანი სტილის ნაზავი.


მასში დაუშვებელია, თუნდაც ერთი, ერთი შეხედვით უწყინარი კორექტურის დაშვება.

ნიმუში:

მოგესალმებით, მე გახლავართ ლევან მხეიძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის


იუნკერი. გამოცხადებული კონკურსის შესახებ გავიგე ჩემი უშუალო მეთაურებისაგან და
დეტალურ ინფორმაციას გავეცანი აკადემიის ილიასის პლატფორმაზე.
ვფიქრობ, ჩემი სოციალური თუ ფიზიკური უნარ-ჩვევები, გამოცდილება და
აკადემიური შესაძლებლობები კონკურსის შერჩევის კრიტერიუმების შესაფერისია.

გასულ, 2019 წელს წარმატებით ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები, სადაც


მოვიპოვე უფასოდ სწავლის უფლება- ავიღე 100%-იანი გრანტი. ამავე წელს სწავლა
გავაგრძელე საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი
ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, სწორად გადადგმული ნაბიჯი, რადგან ერთი წლის
განმავლობაში აკადემიაში სწავლამ დამიგროვა დიდი გამოცდილება, გამიუმჯობესა პირადი
უნარ-ჩვევები, გამიძლიერა ინტელექტუალური რესურსი და მომცა განვითარების
შესაძლებლობა. წარმატებით გავიარე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რომელიც
დატვირთული იყო, ფიზიკურ-ფსიქოლოგიური აქტივობებით. ამ კურსის გავლამ
განმიმტკიცა ხასიათი და მასწავლა საკუთარ თავზე მუშაობა. ვთვლი, რომ აღნიშნული
კურსის გავლა იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც იქ შემხვდა მხოლოდ
მიზანდასახულ ადამიანებს შეუძლიათ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შემიძლია საკუთარ
თავზე მუშაობა და იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებშიც მოვიკოჭლებ. ამას მოწმობს
ჩემი აკადემიური მოსწრებაც. პირველ სემესტრში ჩემი აკადემიური მოსწრება საშუალო იყო,
თუმცა მეორე სემესტრში შევეცადე გამეუმჯობესებინა სწავლის დონე და ავიღე კიდეც
უმაღლესი შეფასება. ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის თვითგანვითარება
უმნიშვნელოვანესი უნარია.

ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, რატომ მინდა სენ-სირ კოეტკიდანის სამხედრო სკოლაში


სწავლა? მსგავსი კითხვა დამისვეს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაბარებისას დროს და
პასუხი ორივე კითხვაზე ერთი და იგივეა. მე მინდა გავაკეთო ჩემი შესაძლებლობების
მაქსიმუმი იმ გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობ. ჩავაბარე აკადემიაში, რადგან მსურს
ვემსახურო სამშობლოს, ვთვლი, რომ ეს ყველაზე ღირებული საქმეა, რაც კი შეიძლება, რომ
გავაკეთო. იყო ოფიცერი და ითავისებდე ამ პასუხისმგებლობას უდიდესი ღირსებაა. სენ-სირ
კოეტკიდანის სამხედრო სკოლა კი მომცემს საშუალებას, რომ ჩემი შესაძლებლობების
არეალი კიდევ უფრო გავაფართოვო. საფრანგეთში სწავლა დამეხმარება მეტი გამოცდილების
დაგროვებაში, მომცემს საშუალებას, რომ ჩემი პოტენციალი მაქსიმუმამდე ამოვწურო, რისი
საშუალებითაც სამომავლოდ ბევრად უფრო სასარგებლო გავხდები ჩემი ქვეყნისათვის.

განვავითარო საკუთარი თავი, რათა შემდგომ განვავითარო საკუთარი გარემო- ამ


პრინციპით ვცხოვრობ სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ვიყავი თანასწორთა
განმანათლებელი. მე ვესწრებოდი ტრენინგებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ბულინგის, კიბერ
დანაშაულის და სხვა თემების შესახებ. შემდგომ კი ჩემს თანატოლებს ამ თემაზე ვუტარებდი
ტრენინგებს, სემინარებს და ვცდილობდი, რომ ახალგაზრდებში ჯანსაღი აზრისა და
ცხოვრების პროპაგანდა გამეწია. ასევე ვცდილობდი, საკუთარი სოფლის ცხოვრების
გაუმჯობესებას. ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტებში, ვსწავლობდი აუდიტორიის
წინაშე სიტყვით გამოსვლის ტექნიკას, პროექტების წერას, დებატებს და ეს გამოცდილება
მაძლევდა შესაძლებლობას, დავხმარებოდი ჩემს სოციალურ წრეს, სოფელს, სადაც
ვცხოვრობდი. სწორედ ამ გამოცდილების წყალობით მოვახერხე, რომ ერთ-ერთი პროექტის
ფარგლებში სოფელში ახალგაზრდული ცენტრი გავხსენი, სადაც ხშირად ვაწყობდით
სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, გარემოს დასუფთავების აქციებს. ამ საკითხებზე
ბევრი შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაგალითად მოვიყვანე, იმის
საჩვენებლად, რომ ჩემში ჩადებული რესურსი უკვალოდ არასდროს ქრებოდა და მას
ყოველთვის ვიყენებდი საკუთარი თემის დასახმარებლად. ამჯერად კი მსურს ჩემი
ქმედებათა მასშტაბები გავზარდო. მსურს მივიღო ისეთი განათლება და უნარები, რომლითაც
მთელ ქვეყანას გამოვადგები და არა მარტო ჩემს სოფელს.

იმედს ვიტოვებ, რომ მომეცემა ჩემი სურვილის განხორციელების შესაძლებლობა. ( ან


იმედს ვიტოვებ, რომ გავხდები თქვენი გუნდის წევრი.... იმედს ვიტოვებ თქვენთან
თანამშრომლობის...)

13. პროექტი

 იმისათვის, რომ მიიღოთ დაფინანსება, მნიშვნელოვანია პროექტის განაცხადის


სწორად შედგენა. პროექტმა დამფინანსებელი უნდა დაარწმუნოს ორ საკითხში:

 რომ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემა.

 რომ თანხების მომთხოვნი ფლობს პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო უნარ-


ჩვევებსა და საშუალებებს.

პროექტი უნდა იყოს ლაკონიური, ლოგიკური, ადვილად საკითხავი და გასაგები.


პროექტის განაცხადის შემადგენელი ნაწილებია:

 თავფურცელი;

 პროექტის მოკლე მიმოხილვა;

 ორგანიზაცია-აპლიკანტის კვალიფიკაცია;

 პრობლემის განსაზღვრა;

 პროექტის მიზნები და ამოცანები;

 საქმიანობები;

 მიღწეული შედეგები;
 პროექტის მონიტორინგი და შეფასება;

 პროექტის სიცოცხლისუნარიანობა;

 ბიუჯეტი;

დანართები.

 თავფურცელი უნდა გამოიყურებოდეს მომხიბვლელად , რადგან დონორს სწორედ


იგი ხვდება პირველად თვალში. თავფურცელში უნდა იყოს მოცემული შემდეგი სახის
ინფორმაცია:

 პროექტის წარმდგენის საკონტაქტო ინფორმაცია;

 პროექტის სახელწოდება;

 პროექტის საერთო ღირებულება, მოთხოვნილი და სხვა წყაროებიდან მიღებული


სახსრების ოდენობა;

 პროექტის რეალიზების ვადები;

 ორგანიზაციის უფლებამოსილი ადამიანის ხელმოწერა, ბეჭედი (თავფურცელი


სასურველია იყოს ერთი გვერდი);

 პროექტის რეზიუმე/შინაარსი.

 ორგანიზაცია-აპლიკანტის კვალიფიკაცია

 ამ ნაწილში უნდა აღვწეროთ აპლიკანტის კვალიფიკაცია, თქვენი ორგანიზაციის


საქმიანობების ძირითადი მიმართულებები. განხორციელებული პროექტები,
მიმდინარე და არსებული დონორები. ასევე უნდა წარმოადგინოთ პროექტში
ჩართული თანამშრომლების კვალიფიკაცია. როგორც წესი, პროექტს თან ერთვის იმ
ადამიანების ავტობიოგრაფია, რომლებიც უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას
პროექტის მართვასა და განხორციელებაში.

 პრობლემის განსაზღვრა/საჭიროებების ანალიზი

 პრობლემის განსაზღვრაში დაგვეხმარება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

 ვის ეხება პრობლემა?


 რომელ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს იგი?

 როგორია პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გზა? რატომ?

რა მოხდება თუკი პრობლემა დროულად არ იქნება მოგვარებული

 მომზადება

 • მოიძიეთ ფონდი;

 • გაეცანით დამფინანსებელი ორგანიზაციის მოთხოვენბს გრანტთან დაკავშირებით;

 • ყურადღებით გაეცანით კონკურსის პირობებს;

 • საჭიროების შემთხვევაში, მოიძიეთ უცხოელი კოლაბორატორი;

 • გაეცანით შეფასების კრიტერიუმებს.

 დაფინანსების განსაზღვრა

 გაითვალისწინეთ, რომ დაფინანსება ხშირად დამოკიდებულია ფონდის მისიაზე;

 განსაზღვრეთ ფონდის პრიორიტეტები;

 განსაზღვრეთ პროგრამის მიზანი;

 საპროექტო წინადადება ხასიათდება „პირდაპირი“ წყობით.

 დასკვნა განთავსებულია საპროექტო წინადადების ბოლოში;

 საპროექტო წინადადების ტექსტში ლოგიკური მსჯელობით უნდა დასაბუთდეს


დასკვნის ჭეშმარიტება;

 საპროექტო წინადადების დასაბუთების ნაწილი უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს,


ნორმატიულ დოკუმენტებს და სხვ.;

 საპროექტო წინადადების ტექსტში ყოველი ახალი აზრი აბზაცით უნდა იწყებოდეს;

 საპროექტო წინადადების არ უნდა მოიცავდეს ჟარგონებსა და არასტანდარტულ


შემოკლებებს.

 წერითი ბიზნეს კომუნიკაციის ფუნქციონალური სტილი მნიშვნელოვნად


განსხვავდება სხვა ტიპის წერითი მეტყველების ფუნქციონალური სტილისაგან.
წერით ბიზნეს კომუნიკაციაში ტექსტის (შეტყობინების) ავტორს განსაკუთრებული
მიზნები აქვს. წერილობითი ტექსტი (შეტყობინება) უნდა იყოს:

 მიზანმიმართული - ტექსტის (შეტყობინების) მიზანია პრობლემის განსაზღვრა,


პრობლემის გადაჭრა და ინფორმაციის გადაცემა;

 დამარწმუნებელი (პერსუაზიული) - შეტყობინება ემსახურება მიზნობრივი


აუდიტორიის დარწმუნებას; მიზნობრივმა აუდიტორიამ უნდა მიიღოს თქვენი
მესიჯი;

 ეკონომიური - იდეები უნდა გადმოიცეს ცხადად, ზუსტად და ლაკონურად; გრძელი


წინადადებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი;

 მიზნობრივ აუდიტორიაზე ორიენტირებული პრობლემა უნდა იქნეს განხილული


არა ტექსტის (შეტყობინების) ავტორის, არამედ მიზნობრივი აუდიტორიის
თავისებურებათა გათვალისწინებით.

You might also like