You are on page 1of 10

ლექცია 4

აბზაცი
აბზაცი წარმოადგენს წინადადებათა ჯგუფს, რომელიც ერთ თემას ან საკითხს ეხება.
ეს წინადადებები სწორედ მასთან დაკავშირებულ იდეას ან მოსაზრებას გამოხატავენ.
ცხადია, ესე შედგება აბზაცებისგან და იგი სამი სახისაა:

შესავალი აბზაცი, გარდამავალი აბზაცი და დასკვნითი აბზაცი

შესავალი აბზაცის ფუნქციაა: საკითხის ან მისი წინასიტყვაობის გაცნობა,


მკითხველის ყურადღების მიპყრობა და წერითი ნაშრომის თეზისის დაფიქსირება.

შესავალ აბზაცს აქვს თავისი განვითარების 5 მეთოდები:

ზოგადიდან კონკრეტულისაკენ

საინტერესო ამბავი

ციტატის გამოყენება

კითხვის დასმა

მნიშვნელოვანი ფაქტებისა და სტატისტიკური მონაცემების მოყვანა

მეთოდი 1

ზოგადიდან კონკრეტულისაკენ

 ამ სახის შესავალი აბზაცი თემის შესახებ ზოგადი განცხადებით იწყება,


რომელიც მკითხველს ნაშრომში განსახილველი საკითხის მნიშვნელობას
უჩვენებს და თანდათანობით მიჰყავს იგი უფრო კონკრეტული თეზისური
განაცხადისაკენ.

ნიმუში:

ქართული თეატრი

კულტურა უნიკალური ფენომენია. იგი მდიდარი, ყოვლისმომცველი მოვლენაა და


მისი არსის გაგება შესაძლებელია მხოლოდ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანთა
მოღვაწეობის შესწავლით. კულტურა ერთობ მრავალწახნაგოვანია და იგი იყოფა
სახეებად. თეატრი კულტურის უაღრესად საინტერესო ნაწილია, რომელიც სახიობით
ამბობს თავის სათქმელს. ქართული თეატრი მსოფლიო თეატრალურ კულტურის
ნაწილია. მან მრავალსაუკუნოვანი გზა გამოიარა. ქართული თეატრი სამართლიანად
იკავებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო თეატრალურ სივრცეში და უაღრესად
თავისთავად ფენომენს წარმოადგენს. (თეზისი)

მეთოდი 2

საინტერესო ამბავი

საინტერესო ამბავს შეუძლია მიიპყროს მკითხველის ყურადღება სწრაფად და


ხანგრძლივი დროით. მოკლე მოთხრობა ბუნებრივად იწვევს ინტერესს და აღვივებს
მკითხველის ცნობისმოყვარეობას განსახილველი საკითხისადმი.

ნიმუში:

ქართული თეატრი

კულტურა უნიკალური ფენომენია. იგი მდიდარი, ყოვლისმომცველი მოვლენაა და


მისი არსის გაგება შესაძლებელია მხოლოდ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანთა
მოღვაწეობის შესწავლით. თეატრი კულტურის უაღრესად საინტერესო ნაწილია,
რომელიც სახიობით ამბობს თავის სათქმელს. ქართული თეატრის პირველი ჩანასახი
ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში იძებნება. უფლისციხის უძველეს კომპლექსში არის
სცენა, სადაც თურმე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. ქართული თეატრი
სამართლიანად იკავებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო თეატრალურ სივრცეში
და უაღრესად თავისთავად ფენომენს წარმოადგენს

მეთოდი 3

ციტატის გამოყენება

ამ გზით საკითხის გაცნობა მკითხველისათვის საკმაოდ ეფექტურია. ციტატა


შესაძლოა, წარმოადგენდეს ამონარიდს რომელიმე სტატიიდან ან წიგნიდან.
ციტატად შესაძლოა გამოვიყენოთ ცნობილი ადამიანის ან დარგის წამყვანი
ექსპერტის მოსაზრება. ზოგ შემთხვევაში უადგილო არ იქნება ანდაზის გამოყენებაც.
დაბოლოს, თემისათვის მნიშვნელოვანი და შესაფერისი გამონათქვამი შესაძლოა,
ეკუთვნოდეს თქვენს პირად ნაცნობს ან ოჯახის წევრსაც კი. მაგ.: ,,როგორც ბაბუაჩემი
იტყოდა”....

ნიმუში:

ქართული თეატრი

კულტურა უნიკალური ფენომენია. იგი მდიდარი, ყოვლისმომცველი მოვლენაა


და მისი არსის გაგება შესაძლებელია მხოლოდ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანთა
მოღვაწეობის შესწავლით. კულტურა ერთობ მრავალწახნაგოვანია და იგი იყოფა
სახეებად. თეატრი კულტურის უაღრესად საინტერესო ნაწილია, რომელიც
სახიობით ამბობს თავის სათქმელს. როგორც ცნობილი ქართველი რეჟისორი
მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა: ,,თეატრი ის ადგილია, სადაც სასწაული უნდა
მოხდეს”. ქართული თეატრი მსოფლიო თეატრალურ კულტურის ნაწილია. მან
მრავალსაუკუნოვანი გზა გამოიარა. ქართული თეატრი სამართლიანად იკავებს
თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო თეატრალურ სივრცეში და უაღრესად
თავისთავად ფენომენს წარმოადგენს (თეზისი)

მეთოდი 4

კითხვის დასმა

ერთი ან რამდენიმე კითხვის დასმა აბზაცის დასაწყისში იწვევს ყურადღების


ეფექტურ მობილიზაციას; ეს ხელს უწყობს აზროვნების აქტიურ ჩართვას კითხვის
პროცესში; ადამიანს უჩნდება ბუნებრივი სურვილი, წაიკითხოს თხზულება და
იპოვოს პასუხი შესავალ აბზაცში დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

ნიმუში:

ქართული თეატრი

კულტურა უნიკალური ფენომენია. იგი მდიდარი, ყოვლისმომცველი მოვლენაა და


მისი არსის გაგება შესაძლებელია მხოლოდ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანთა
მოღვაწეობის შესწავლით. კულტურა ერთობ მრავალწახნაგოვანია და იგი იყოფა
სახეებად. თეატრი კულტურის უაღრესად საინტერესო ნაწილია, რომელიც სახიობით
ამბობს თავის სათქმელს. საინტერესოა, სად შეიძლება ვეძებოთ ქართული თეატრის
ფესვები და მისი ნაციონალური თავისებურებები? ქართული თეატრი ხომ მსოფლიო
თეატრალურ კულტურის ნაწილია და მან განვითარების თავისი გზა გამოიარა.
თამამად შეიძლება ითქვას, ქართული თეატრი სამართლიანად იკავებს თავის
კუთვნილ ადგილს მსოფლიო თეატრალურ სივრცეში და უაღრესად თავისთავად
ფენომენს წარმოადგენს.

მეთოდი 5

სტატისტიკური მონაცემები და ფაქტები

ასეთი ხერხი, როგორც წესი, დიდ ნდობას იწვევს აკადემიური წრეების


წარმომადგენლებში.

ნიმუში:

ქართული თეატრი

თეატრი ქართული კულტურის უნიკალური ნაწილია. თეატრით


დაინტერესებულთათვის უდავოდ საინტერესოა კვლევა სახელწოდებით -
"ქართული თეატრი სტატისტიკაში". ეს კვლევა ემყარება 37 თეატრიდან
(სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო) მიღებულ მონაცემებს. გამოიკვეთა
ტენდენცია, რომ გასულ წლებთან შედარებით, რაოდენობრივად, 2013 წელს
გაცილებით მეტი სპექტაკლი დაიდგა, ვიდრე 2012-ში. იანვარში უკვე გამოვლინდა
2013 წლის პრემიერებით, საერთაშორისო გასტროლებითა თუ ქვეყნის შიგნით
ყველაზე ხშირად გასტროლებით გამორჩეული თეატრები. თამამად შეიძლება
ითქვას, რომ თეატრი საქართველოში წარმატებით ვითარდება და ამართლებს
მაყურებლის სიყვარულს.

გარდამავალი აბზაცი

გარდამავალი აბზაცი თემაში რამდენიმეა. ყოველ გარდამავალ აბზაცს თავისი


მთავარი წინადადება აქვს, რომელიც მართავს ინფორმაციას აბზაცის შიგნით. ამ
წინადადებას თემატური წინადადება ეწოდება.თემატური წინადადება მართავს
ინფორმაციას გარდამავალი აბზაცის ფარგლებში. გარდამავალი აბზაცის სხვა
წინადადებები მხოლოდ ავითარებენ თემატურ წინადადებაში წარმოდგენილ აზრს ან
იდეას. მაგ.:

თემატური წინადადება = გარდამავალი აბზაცის თემას +აბზაცის განმავითარებელი აზრი

თემატური წინადადების სტრუქტურა ასე გამოიყურება:

თემატური წინადადება
(გარდამავალი აბზაცის თემა =გარდამავალი
აბზაცის საკითხი = მთავარი აზრი)
დამხმარე ( განმავითარებელი) წინადადებები (კონკრეტული
მოსაზრებები, მიზეზები, ამბები, ფაქტები, დეტალები, ციტატებ
და ა.შ.)

ბოლო წინადადება - ლოგიკური დასასრული - (თემატური


წინადადების ძირითადი აზრის განსხვავებულად გამეორება ან
ახალი დასკვნის გაკეთება)

თემატური წინადადება აბზაცში შეიძლება იყოს:

1. გარდამავალი აბზაცის დასაწყისში

2. გარდამავალი აბზაცის შუაში

3. გარდამავალი აბზაცის დასასრულს

4. პერიფრაზირებული

5. არ არის აბზაცში

მაგალითად:
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და
განუყოფელი ნაწილია. იგი, ისევე როგორც ქართული კულტურა არის მსოფლიო
კულტურის ნაწილი. ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისებურებები,
რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. ამას განაპირობებს
მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია. მუდმივმა განსაცდელმა,
განუწყვეტელმა შემოსევებმა არა მარტო შექმნეს უამრავი სახეობა მხედრული
ასპარეზობებისა, არამედ საქართველოში ჩამოყალიბდა სამამაცო ზნეთა სისტემა,
ერთგვარი მეომრული კოდექსი - ,,კაცის კაცობის” წესები. განუწყვეტელმა
განსაცდელმა არა მარტო უამრავი სახის მხედრული ტრადიციების ჩამოყალიბება
გამოიწვია საქართველოში, არამედ ეს ტრადიციები თავისებურ მხედრულ კანონად
იქცა და ერთგვარი კოდექსის სახე მიიღო. ამ კოდექს იცავდა ყოველი ქართველი,
სამამაცო ზნეთა რაოდენობა 365 წესს ითვლიდა და საქართველოში წმინდა გიორგის
სახელზე აშენებული სალოცავების რაოდენობით იყო განსაზღვრული.

ამ აბზაცის თემატური წინადადებაა: ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული


კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია.

დანარჩენი წინადადებები ამ აზრის განვითარებას ემსახურება.

კარგად განვითარებული თემატური წინადადება არა მხოლოდ წარმოადგენს აბზაცის


თემას, არამედ, ამავე დროს, გამოხატავს თემის განმავითარებელ აზრს ან გადმოგვცემს
თემის მიმართ დამოკიდებულებას. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ორი წინადადება:

1. ატომური ენერგია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის ერთადერთი საიმედო


საშუალებაა.

2. ატომური ენერგია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის


სიცოცხლისათვის ჩვენს პლანეტაზე.

ორივე წინადადებას ერთი თემა აქვს, მაგრამ მათ სხვადასხვა განმავითარებელი


იდეა, აზრი გააჩნიათ. ამ ორი თემატური წინადადების მიხედვით თეზისი
ატომური ენერგიის შესახებ იქნება ასეთი: ატომური ენერგია ენერგეტიკული
კრიზისის დაძლევის ერთადერთი საიმედო საშუალებაა, მაგრამ ის ასევე ყველაზე
დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისათვის ჩვენს პლანეტაზე.

კარგ აბზაცში წინადადებები გარკვეული ლოგიკური თანმიმდევრობით უნდა


იყოს დალაგებული. ასეთი თანმიმდევრობის მისაღწევად საჭიროა აბზაცის
ლოგიკური ორგანიზება. წერის პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება
ლოგიკური ორგანიზების სამი ფორმა:

× ქრონოლოგიური თანმიმდევრობა;

× სივრცობრივი თანმიმდევრობა;

× თანმიმდევრობა მნიშვნელობის მიხედვით.

ორგანიზება ხდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ამბავი გვინდა მოვყვეთ.

აბზაცის წერის დროს ჩვენ ვიყენებთ ტრანზიტულ- მაკავშირებელ სიტყვებსა და


გამოთქმებს, რომლებიც ქმნიან გარკვეულ სასიგნალო სისტემას და უადვილებენ
მკითხველს აღქმის პროცესს. ისინი ასახავენ სხვადასხვა იდეათა და წინადადებებს
შორის კავშირსა და ურთიერთობებს. ტრანზიტულ-მაკავშირებელი სიტყვების
მეშვეობით ხდება აზრის შემდგომი განვითარების მინიშნება.

სიტყვები, რომლებიც მიანიშნებენ ურთიერთკავშირს დროში:

პირველი, შემდეგ, ამის მერე, ადრე, მოგვიანებით, თანდათანობით, აქამდე, როცა,


სანამ, განმავლობაში, ,მალე, მას შემდეგ, ამის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ამ
დროისთვის, უკვე და ა.შ.

სიტყვები, რომლებიც მიანიშნებენ ურთიერთკავშირს სივრცეში:

მისგან მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, გვერდზე, გასწვრივ, ზევით, ქვევით, გადაღმა,
შუაში, ცენტრში, შორის, ახლოს, შორს და ა.შ.

სიტყვები, რომლებიც მიანიშნებენ ურთიერთკავშირს მნიშვნელობის მიხედვით

დამატებით აზრს: უპირველეს ყოვლისა, მეორე მიზეზი, შემდეგ, ასევე, ამის გარდა,
უფრო მეტიც, დამატებით, ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგი მიზეზი და ა.შ.

იდეათა საილუსტრაციოდ: მაგალითად, როგორც ილუსტრაცია, როგორც


დაკვირვებიდან ჩანს, როგორც ირკვევა.

მაშ, კარგ აბზაცს უნდა ახასიათებდეს :


ერთიანობა

თემატური წინადადება

ადეკვატური განვითარება

ორგანიზება

თანმიმდევრულობა , ჰარმონიულობა

აჩენდეს შეკითხვებს მსჯელობისთვის

წარმოგიდგენთ გეგმა-პროსპექტს, რომელშიც ჩანს, თუ როგორი უნდა იყოს კარგი


თემატური წინადადება:

პირობითი სათაური: საქალაქო ტრანსპორტი ქალაქ თბილისში

შესავალი - თეზისი: ბოლო ორი წლის განმავლობაში საქალაქო ტრანსპორტი


თბილისში სწრაფად და დინამიკურად ვითარდება

ძირითადი ნაწილი:

1. თემატური წინადადება - ქალაქში მრავალი ახალი და კომფორტული ავტობუსი


მოძრაობს.

 დეტალი ა. - ტექნიკური მონაცემები

 დეტალი ბ. - სტატისტიკური მონაცემები

2. თემატური წინადადება - მრავალმა ახალმა მარშრუტმა ქალაქის ყველა რაიონი


ერთმანეთთან დააკავშირა.

 დეტალი ა. - კონკრეტული მაგალითები

 დეტალი ბ. - მონაცემები და კვლევის შედეგები

3. თემატური წინადადება - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა სულ უფრო


ეფექტური ხდება.

 დეტალი ა. - ციტატები ინტერვიუებიდან (ტრანსპორტის


მენეჯერთან, მძღოლებთან, მგზავრებთან)
 დეტალი ბ. - კონკრეტული ფაქტები

 დეტალი გ. - ჩემი კომენტარი

პირობითი დასკვნა

ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტები

რეკომენდაცია

• რეკომენდაცია თავისი დანიშნულებით ახლოს დგას დახასიათებასთან. მას გასცემს


კერძო პირი ან ორგანიზაცია. რეკომენდაცია იქმნება პუბლიცისტური ან
ოფიციალურ-საქმიანი სტილით. ტექსტი არ უნდა იყოს ვრცელი- ოპტიმალურად
ითვლება ნახევარი გვერდიდან ერთ გვერდამდე. დასაწყისში უნდა დაასახელოთ
თავი ან ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენთ და პიროვნება, რომელსაც
რეკომენდაციას უწევთ. წერისას გამოიყენეთ შემდეგი ენობრივი საშუალებები:

მე გახლავართ სტუდენტ..... ლექტორი და რეკომენდაციას ვუწევ მას, რომ მონაწილეობა


მიიღოს ...... ჩვენი ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს...

დამაჯერებლად წარმოადგინეთ არგუმენტები და მიზეზები, რომელთა გამოც


გადაწყვიტეთ რეკომენდაციის მიცემა. შეეცადეთ იყოთ კონკრეტული და არ
შემოიფარგლოთ მხოლოდ ზედსართავის სახელების ჩამოთვალით.

ნიმუში:

რეკომენდაცია

ნანა კეკელიძეს ვიცნობ 2004 წლიდან, იგი გახლდათ ჩემი სტუდენტი . ნანა კეკელიძე არის
კარგი პედაგოგი, რამდენიმე წელია ასწავლის არაქართველ მსმენელებს ქართულ ენას და მისი
გაკვეთილები გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, მეთოდური გამართულობითა და ახალი
სტრატეგიების ცოდნით. იგი კრეატიული პიროვნებაა, შეუძლია ახალი იდეების განხორციელება
და გუნდური მუშაობა. უნდა აღინიშნოს, რომ ნანა კეკელიძე დამსახურებული პატივისცემით
სარგებლობს თანამშრომლებში, არის ორგანიზებული, პუნქტუალური და მაღალი
პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევთ ნანა კეკელიძეს დაიკავოს მცხეთის


მესამე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა.

პროფესორი: სალომე კაპანაძე

30.04.2020

You might also like