You are on page 1of 7

ლექცია 6

ტექსტის განვითარების სტრატეგიები.

თხზულებათა ტიპოლოგია

დესკრიფცია (აღწერა)

ნარატივი (თხრობა)

წერითი ნაშრომის სრულყოფილი, ორგანიზაციული განვითარების მიზნით არსებობს


ტექსტის განვითარების მოდელები. ამ მოდელებს ეწოდება სტრატეგიები. არსებობს
დაახლოებით 9 სტრატეგია

თხრობა, აღწერა, ანალიზის პროცესი,ილუსტრაცია, კლასიფიკაცია,შედარება, მიზეზი


და შედეგი, დასაბუთება, დეფინიცია.

 დესკრიფცია არის აღწერა, შთაბეჭდილებების გამოსახვა. აღვწეროთ ჩვენ მიერ ნანახი-


ადამიანები, ადგილები,საგნები, მოქმედებები. შევქმნათ ჩვენ მიერ ნანახისა და
განცდილის ზუსტი, ვერბალური სურათი . ჩვენ მუდმივად გვიწევს საგნების,
მოვლენების, ადამიანების აღწერა. ამის შედეგად იქმნება საგნის ან მოვლენის
ერთიანი განცდა და შთაბეჭდილება. ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ
აღვწეროთ. დააკვირდით საგნებს თქვენ გარშემო და ეცადეთ დააფიქსიროთ მისი
დამახასიათებელი ნიშნები.

 არსებობს აღწერისადმი ორი მიდგომა-

 ობიექტური და სუბიექტური.

 ობიექტური აღწერის დროს ჩვენი ყურადღება მიმართულია თვით საგნისადმი და არა


იმ განცდებისა და ემოციებისადმი, რაც ამ საგანმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენში.

 სუბიქტური აღწერის დროს ავტორი ცდილობს გამოხატოს თავისი პირადი განცდები


და დამოკიდებულება საგნის მიმართ.

ობიექტური აღწერა:

 ლუვრის მუზეუმი მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფოსასახ
ლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის
შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა
აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის
ისტორიულ მონაკვეთს , რომელზეც პარიზის მრავალი
ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრში ამჟამად კოლექცია დაყოფილია
რვა ნაწილად. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარაა.
იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლო 1793 წლიდან კონვერტის
დეკრეტით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.

 სუბიექტური აღწერა:

 ლუვრის მუზეუმი მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფოსასახ
ლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის
შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა
აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის
ისტორიულ მონაკვეთს , რომელზეც პარიზის მრავალი
ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრში ამჟამად კოლექცია დაყოფილია
რვა ნაწილად. აღუწერელია ლუვრის ხილვით მიღებული შთაბეჭდილება. გინდა
ქედი მოიხარი კაცობრიობის ამ უდიდესი საგანძურის წინაშე და აღიარო, რომ
ადამიანი მართლაც უნიკალური არსებაა.

დესკრიფცია აღრმავებს წერის სხვადასხვა სახეს: ისტორიულს-ბიოგრაფიულს, მხატვრულს.

ხანდახან გამოსახვა ტექნიკური წერის დროსაც გამოიყენება. ის გასაგებს ხდის აზრს _


მართავს აქტივობას,ნათელ და წარმოსახვით სურათს იძლევა ეფექტური ნაწერისთვის.

 იმისათვის, რომ აღწეროთ საგანი, უნდა გამოვიმუშავოთ დაკვირვების უნარი.


დააკვირდით , რა ხდება თქვენ გარშემო. აღწერისას გამოიყენეთ ზედსართავი
სახელები, შედარებები, ზმნიზედები.

 ქურციკივით ისკუპა...

 ხალხი ფუტკარივით ირეოდა...

 მწიფე ყურძენი ქარვისფრად ელავდა...

 მწერალი წერისას ცდილობს შექნას დომინანტურ განწყობა. ეს არის ზოგადი ხასიათის


განცდა- სიხარულის, სიმშვიდის, ბედნიერების და ა. შ. ამისათვის იგი იყენებს
სენსორულ დეტალებს. არსებობს შეგრძნებათა ხუთი სახე: სმენა, მხედველობა,
ყნოსვა, დაგემოვნება, შეხება. სწორედ ამდეტალების მეშვეობით იქმნება აბზაცში

დომინანტური განცდა. ეს არის ზოგადი ხასიათის განცდა, რომელიც იქმნება ესეში.


მაგალითად, ბედნიერება, სიხარული, სევდა. ეს განცდა მიიღწევა სწორად შერჩეული
სენსორული დეტალების მეშვეობით. ეს დეტალები ყოველთვის პასუხობს კითხვაზე:

როგორ? როგორი?

მაგალითად: ძიძია იყო ტანადი, ლამაზი, მშვენიერის დაკოკრებულის ლამაზის თხელი


ტუჩებით, რომელნიც თითქოს საკოცნელად მომზადებულიყვნენ. თეთრ-ყირმიზს, ატლასის
მსგავს სახეზედა დასთამაშებდა მხურვალების ნიშანი ელფერი, რომელიც თავის დღესი
გატყაპულს სიწითლედ არ გადადიოდა. მოჟუჟუნე, ლურჯი თვალები მაცდურად
უკამკამებდა და გულის გამგმირავ ისართ ისროდა.

ამ აბზაცში მწერალმა შექმნა სილამაზის განცდა.

 აღწერისას და გამოსახვისას შექმენით საკუთარი ლექსიკური მარაგი. რომელიც


სენსორული კატეგორიები მიხედვით შეიძლება დავალაგოთ. მაგალითად:

 გემო- ტკბილი, მწარე, მჟავე პიკანტური, უგემური.

აღწერითი ხასიათის თემის წერისას ჩვენ გავდივართ ყველა იმ ეტაპს, რომელიც წერის
პროცესის დროს გვჭირდება. ვარკვევთ მიზანს და აუდიტორიას. უნდა გვქონდეს ნათელი
გრძნობა მიზეზისა და აუდიტორიისა. ხედვა, ხმები, შეგრძნებები, გემო, სუნი ესესთან
დაკავშირებული, ერთი დომინანტი შთაბეჭდილება, განსაზღვრული ხელსაყრელი ხედვა,
საჭირო დეტალების განლაგება.

აღწერითი ესეს წერის დროს ეს კითხვები გაააქტიურებს თქვენს აზროვნებას:

 1.. რა მიზანს გინდა მიაღწიო ამ მოვლენის, საგნის თუ ადამიანის აღწერისას?

 2. რა განწყობის ან განცდის გამოწვევა გინდა?

 3. რაში მსურს დავარწმუნო მკითხველი?

 4. ვინ არის ჩემი მკითხველი და რატომ დაინტერესდება ამ თემით?

 5.რამდენად უწყობს ხელს ჩემ მიერ შერჩეული დეტალები დომინანტური განწყობის


შექმნას?

 6. ზედმეტად გაჯერებული ხომ არა არის თემა ნაკლებად მნიშვნელოვანი


დეტალებით?

ჩაასწორეთ: აღწერითი ესეს ჩასწორების ფურცელი


1. რამდენად ზუსტად არის გათვალისწინებული თემის მიზანი და აუდიტორია?
2. რამდენად ზუსტად შევძელი გადმომეცა, როგორ გამოიყურება აღწერის ობიექტი?
3. ხომ არ არის თემა გაჯერებული ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალებით?
4. არის თუ არა თემაში წარმოდგენილი ერთი დომინანტური განწყობა?

ნარატივი

თხრობა

თხრობა არის ისეთი პროცესი, რომლის დროსაც ჩვენ ვყვებით ამბავს, რომელშიც მოვლენები
და მოქმედებები გარკვეული ლოგიკით, თანმიმდევრულად ვითარდება. თხრობისას ჩვენ
ვპასუხობთ კითხვას – რა მოხდა?

საუნივერსიტეტო აკადემიურ გარემოში თხრობითი, ანუ ნარატიული ესე გარკვეული


მოსაზრების ახსნისა და დასაბუთების მიზნით იქმნება. ამ შემთხვევაში ავტორს შეუძლია
გამოიყენოს ნებისმიერი რეალური ამბავი, რომელიც მას ან სხვა ადამიანს (ისტორიულ პირს
თუ მის თანამედროვეს) თავს გადახდა. ამბავი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი თავისთავად
და მისგან სრულფასოვანი ესე განვითარდეს, რომელსაც ექნება საკუთარი შესავალი, თეზისი
და დასკვნა. ხრობა კონკრეტული მოქმედებების თანამიმდევრობას წარმოადგენს. ამავე დროს
ნებისმიერი ამბავი სიტუაციურად მრავალფეროვანი მოვლენაა, რომელშიც ერთდროულად
ბევრი რამ შეიძლება ხდებოდეს. ამიტომ უნდა შეგვეძლოს მთავარი მოვლენებისა და
მოქმედებების გამოყოფა მეორეხარისხოვანი და უმნიშვნელო მოქმედებებისაგან. ჩვენ უნდა
შევარჩიოთ ის მოქმედებები, რომლებიც უშუალოდ მოთხრობის მთავარი აზრის
განვითარებაში გვეხმარება. ამით ჩვენ ნარატიული ტექსტის მთლიანობას შევინარჩუნებთ.

კარგი მოთხრობა უფრო ჩვენებაა, ვიდრე თქმა. იმის მაგივრად, რომ ვინმეს უთხრა, თუ რა
შიში ჭამეთ, როცა მანქანა კინაღამ დაგეჯახათ, დაანახეთ მკითხველს თქვენი დაძაბული სახე,
შესაბამისი ქცევა და განცდები.

თქმა: ბნელი ღამე იყო, გარეთ ციოდა და წვიმდა.

ჩვენება: დიტომ კარი გამოაღო, მოჭუტული თვალებით ბნელ ცას გახედა, ლაბადა შეიკრა და
წვიმიან ღამეში თამამად შეაბიჯა

კარგ ნარატიულ-თხრობით ტექსტში მოქმედებები თხრობის მიზნიდან გამომდინარე უნდა


იყოს შერჩეული და ძირითადად ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვითარდებოდეს.
ხშირად უნდა გამოვიყენოთ დეტალები და მოქმედებათა მოყოლა უნდა ხდებოდეს უფრო
ჩვენებით, ვიდრე თქმით.

კონფლიქტი:
ბევრი მოთხრობა კონფლიქტურ სიუჟეტზეა აგებული. კონფლიქტი შეიძლება იყოს
ორ პიროვნებას შორის ინტერპერსონალური და კონფლიქტი ადამიანის ცნობიერებაში-
ინტრაპერსონალური. ზოგ შემთხვევაში თხრობისას შეიძლება დაგვჭირდეს დიალოგი, რათა
მეტი სიცხადით განვაცდევინოთ მკითხველს ამბავი. ამ დიალოგში ნიკო ლორთქიფანიძემ
დიალოგით განგვაცდევინა ბრმა თერძის სიდუხჭირე:

- ქალო, გზა გამიკვლიე, ვერას ვხედავ!..

- ჩუუ! - იმავე წამს უპასუხა ვიღაცამ, - მოიტა ხელი აბა, ფეხაკრეფით. ბავშები, როგორც იქნა,
დავაძინე. - ფუჩუნით ეუბნებოდა დამხდომი. - ეცადე ლოგინის კიდეზე მოეთავსო, ბავშები
კედლისკენ დავაწვინე.

- სუფრასთან მიმიყვანე. რომ გაიღვიძონ რაღა ვქნათ, არაფერი მომიტანია, ქალო!

- რატომ? - ყრუდ ჩაეკითხა ქალი.

ნებისმიერი სახის თხრობითი ესეს წერისას მნიშვნელოვანია, რომ ამბავი, რომლის თხრობაც
თქვენ გადაწყვიტეთ გამოხატავდეს გარკვეულ თვალსაზრისს, წარმოადგენდეს მის
ილუსტრაციას ან ამყარებდეს საფუძველს რომელიმე კონკრეტული პოზიციის მისაღებად. ამ
ნაწყვეტში ავტორი თავის თვალსაზრისს გვაცნობს- ,,ჩვენს წინაპრებს ხსოვნა და
მოფრთხილება სჭირდება“.

 ჩემი ნაცნობი ხევსური შინიდან ხმლით ხელში გამოვიდა, როგორც ყოველთვის


ეამბორა ვადაზე მამა-პაპურ იარაღს, გააღო მანქანა და შიგ ყველაზე საპატიო ადგილას
დააბრძანა. კარგა ხანს უყურა, თითქოს მზერითაც ეფერებაო. ამით მაჩვენა, რომ
ამბორით ძაფი გაუბია სიძველესთან, ტრადიციულთან და კარგად ესმის მისი
დანიშნულება.

ჩავასწოროთ ესე:

1. რა მოსაზრების გასამყარებლად დამჭირდა ეს ამბავი?


2. გამოვხატე თუ არა სათქმელი ისე, როგორც მსურდა. არის თუ არა თემის მიზანი
გასაგები მკითხველისთვის?
3. არის თუ არა გარკვევით აღნიშნული თემის თეზისი?
4. რამდენად გამართლებულია ჩემი თხრობა ჩემი მოსაზრებების გასამყარებლად?
5. დამაჯერებელი და რეალისტურია ჩემი დიალოგები?
6. სწორად შევარჩიე თუ არა ამბები, რათა მკითხველი საქმის კურსში ჩამეყენებინა?
ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტები

ცნობა

ცნობა გახლავთ მოკლე ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ასახავს პიროვნების


სოციალურ მდგომარეობას.

ცნობა

ეძლევა ნიკოლოზ დადიანს, რომ ის ნამდვილად სწავლობს ილიას უნივერსიტეტის


სამართლის სკოლის მე-2 კურსზე.

ცნობა ეძლება ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად.

სკოლის დეკანი: ლევან მხეიძე

(თარიღი და ცნობის ნომერი მითითებულია ცნობის ბლაკზე)

ხელწერილი

მოკლე ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ფინანსური, მატერიალური ან


მორალური სახის ინფორმაციას.

ხელწერილი

ქალაქ თბილისის 165-ე სკოლის მოსწავლის, ლუკა ჩოხელის მშობელმა- საბა ჩოხელმა, ა.წ. 25
ივნისს სკოლის არქივიდან გავიტანე ჩემი შვილის დაბადების მოწმობა საბურთალოს რაიონის
საპასპორტო განყოფილებაში წარსადგენად.

დაბადების მოწმობა უნდა დავაბრუნო სამდივნოში გატანის დღიდან არაუგვიანეს ერთი


კვირისა.
საბა ჩოხელი (ხელმოწერა)

25.06.2011. სკოლის მდივანი: მარინე ჯაში (ხელმოწერა

ანოტაცია:

 მოკლე ოფიციალური დოკუმენტი

 თავში სათაური - ანოტაცია

 ტექსტი უნდა შეიცავდეს არა უმეტეს 120 სიტყვას

 ტექსტი არ უნდა შეიცავდეს ბიოგრაფიას

 წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი სრული აბზაცით

 ტექსტს არ უნდა ჰქონდეს მითითებული გამოყენებული ლიტერატურა

ნიმუში:

ანოტაცია

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, კვლევის რაოდენობრივ მეთოდებზე - აღწერით


სტატისტიკასა და ფაქტორულ ანალიზზე დაყრდნობით წარმოაჩინოს იდეოლოგიური
დომინაციის საკითხის ჩარჩოები საბჭოთა ცენზურისაგან თავდაღწეულ 1990-იანი წლების
დასაწყისის ქართულ ბეჭდურ მედიაში, რომელიც თავისუფლებაზე აცხადებდა პრეტენზიას
დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში. სტატიაში მოკვლეულია უახლესი მასალები,
რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. წარმოდგენილია აქამდე უცნობი მასალები, რომელიც
ადასტურებს ცენზურის უარყოფით ზეგავლენას იმდრონდელ ქართულ პრესაზე.

You might also like