You are on page 1of 7

ინტერპრეტირება/ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

სამიზნე ცნება:
სტრუქტურა, ორგანიზება, საკომუნიკაციო სიტუაცია

საკითხი: თემა, მონოლოგი, მიზანი, სამიზნე აუდიტორია

კომპლექსური დავალების პირობა:

ქვემოთ შენ წაიკითხავ ქართველი მწერლის, რეზო ჭეიშვილის, საინტერესო


ნოველას „ბიძია“ და ნახავ ფრაგმენტს ფილმიდან ,,გასეირნება თბილისში“. ისინი
სხვადასხვა მნიშვნელოვან ზნეობრივ და სოციალურ პრობლემას ეხება. მათი
გააზრება დაგეხმარება კომპლექსური დავალების შესრულებაში.

შეარჩიე შენთვის საინტერესო მნიშვნელოვანი თემა და გადაიღე ერთწუთიანი


ვიდეომონოლოგი, რომლითაც მიმართავ ფართო აუდიტორიას და ისაუბრებ შერჩეულ
ზნეობრივ თუ სოციალურ საკითხზე:
 მონოლოგში გამოკვეთე რაიმე პრობლემა;
 ისაუბრე პრობლემის მიზეზსა და შედეგზე;
 მოიყვანე მაგალითები;
 წარმოაჩინე პრობლემის გადაჭრის შენეული გზა;

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ვიდეო რომ სრულყოფილი გამოგივიდეს:


 ეცადე, თემა იყოს სხვებისთვისაც აქტუალური;
 წინასწარ განსაზღვრე, ვის მოიაზრებ მსმენელებად ( თანატოლებს, უფროსებს,
ფართო აუდიტორიას...)
 მონოლოგი ჯერ დაწერე, რამდენჯერმე გაიარე რეპეტიცია და მხოლოდ ამის
შემდეგ ჩაწერე ვიდეო.

1
ქართულ სატელევიზიო სივრცეში არსებობდა ასეთი პროექტი – „1 წუთი მაესტროზე“:
სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ერთ წუთს აძლევდნენ იმისთვის, რომ მათთვის
საინტერესო თემაზე, მნიშვნელოვან პრობლემაზე ელაპარაკათ.
თავდაპირველად მოუსმინე მწერალ დათო ტურაშვილს, სპორტსმენ გიგა ჭიკაძეს და
ბათუმელ გამომცემელსა და წიგნების მაღაზიის მფლობელ ირაკლი ბაკურიძეს
(„წიგნები ბათუმში“). ამ ვიდეომონოლოგების მოსმენა გაგიადვილებს კომპლექსური
დავალების შესრულებას. მათი ნახვის შემდეგ იფიქრე:
 რატომ აირჩიეს რესპოდენტებმა ესა თუ ის თემა სასაუბროდ?

 შთამბეჭდავი იყო თუ არ შენთვის მათი მოსმენა? რატომ?

ტექსტი და კითხვები

ბიძია
რეზო ჭეიშვილი

იმ გაზაფხულს და ზაფხულის დამდეგს საკავშირო ჩემპიონატის გახსნამდე ერთმანეთის


მიყოლებით ჩამოვიდნენ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდები მოსკოვიდან, ლენინგრადიდან
და სხვა ქალაქებიდან.

მატჩებს წვრთნის ხასიათი უფრო ჰქონდა, მაგრამ ქალაქში მაინც საფეხბურთო ბუმი
იდგა.

პატარა სტადიონს მაყურებელი არ აკლდა, ტრიბუნებზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ


რჩებოდა და სტადიონს მიმდგარი კერძო სახლების აივნებიც ხალხით ივსებოდა.

უბილეთო ბავშვები გუნდ-გუნდად ვწრიალებდით სტადიონის შემოგარენში. ათასი


ხვრელი და გასასვლელი მქონდა შეგულებული, ხის ტოტზეც ბევრჯერ შემოვმჯდარვარ
ფრინველივით.
- რას წვალობო, - მითხრა ჩემმა ძველმა სკოლელმა, მელიხიშვილმა, - მე ყოველთვის
შესასვლელი ჭიშკრიდან შევდივარ წესიერადო.
- ბილეთი თუ მექნა, მეც შევალ-მეთქი.
- ბილეთი თუ გექნა, შეხვალ კი... - ჩაბჟირდა მელიხიშვილი. ვერ გავიგე ვერაფერი.
- უბილეთოდ შევდივარ, პირდაპირ მთავარი შესასვლელით... –
- როგორ შედიხარ-მეთქი, აღარ მოვეშვი.

2
- როგორ და მშვენივრად! სთხოვე რომელიმე ბიძიას, შემიყვანე ბიძია-თქვა და ის თუ
არა, სხვა მაინც გაგიყოლებსო. ისე უნდა მოიქცე, ვითომ იმ ბიძიას შვილი ხარ ან
ძმისშვილიო, - თვითონ აღარ დაუხანებია, ისე აედევნა ერთ მსუქან კაცს.
- შემიყვანე რა, ბიძია!
ბიძია ერთი შეყოყმანდა, მერე მელიხიშვილს ხელი ჩასჭიდა და სტადიონზე შეიძღოლა
გერივით. ნიშნისმოგებით მოიხედა ჭიშკართან სამშვიდობოს გასულმა მელიხიშვილმა,
ხელით მანიშნა, შენც ჩემსავით მოიქეციო და რამდენიმე ბიძიაც შემირჩია შორიდან.

შევგულიანდი, ხან ერთ ბიძიას გავხედე, ხან - მეორეს, მაგრამ თავი შევიკავე. აღარც
ისეთი პატარა ვიყავი, ასე სამოწყალოდ რომ ავტორღიალებოდი უცნობ ადამიანს, თანაც
არც სხვას, ჩემს ტოლს და ჩემზე პატარასაც ამდაგვარი არაფერი ჩაუდენია ჩემი იქ
ყოფნის დროს.
ვიფიქრე, ვიფიქრე და უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ეზოდან გადავიპარე
სტადიონზე. ხალხით გაჭედილ ტრიბუნებს რომ ჩავუარე, დასაჯდომებს შორის
გაკვეხებული მელიხიშვილიც დავინახე.
- ჩავჯდები რა, ბიძია, - ეხვეწებოდა ვიღაცას.
- მოდი, ბიძია, მოდი! - დაუძახა ვიღაცამ. ვიღაცამ ვიღაცა შეავიწროვა და მელიხიშვილი
ჩაეჭეჭყა ორ ტანსრულ მამაკაცს შორის დასავლეთის ტრიბუნაზე, ცენტრში,
ადმინისტრაციული ლოჟის ქვემოთ.
მე წავედი და კარს უკან, ვიწრო კიბეზე გავიჩხირე, საიდანაც ორჯერ გამომაგდეს
კინწისკვრით.
ლამაზი, ნებიერად გაზრდილი ბავშვი ცნობილი თვალის ექიმის, ბესარიონ
მელიხიშვილის ერთადერთი შვილი იყო. თან ყვებოდნენ სიბერეში გაჩენილ პირმშოს
მშობლები.
მამას, გამოჩენილ ოფთალმოლოგს, ორივე ქუთუთოს დამბლა ჰქონდა, ტროსტით ხელში
გამოდიოდა ხოლმე ბაღის კიდეზე, გამვლელ-გამომვლელს სალამს აძლევდა. სათნო
გამომეტყველების, ჭაღარათმიანი, წარმოსადეგი მამაკაცი, ბატონოს გარეშე რომ არ
აბრუნებდა ენას, ოქროს სპეკულაციაში, კრიმინალურ სამყაროსთან და ადმინისტრაციულ
ორგანოებთან ორმაგ თამაშში იყო შემჩნეული.
დამაგნიტებული კამათლები და ელგაყვანილობით გაწყობილი ნარდი აუფეთქდა შუა
თამაშში, მაგრამ მის რეპუტაციაზე ამას არ უმოქმედია, მაინც პირიანი კაცისა და კარგი
მამის სახელი ჰქონდა. სამაგიეროდ, შვილს ზრდიდა კეთილსინდისიერად. წესრიგისა და
სათნოებისაკენ მოუწოდებდა თავისებურად. სწავლა-განათლებისკენ უბიძგებდა და
კერძო მასწავლებლებით გარშემორტყმულ პირმშოს ყურადღებას არ აკლებდა.

მელიხიშვილი უმცროსი კი ბიძიას ძახილით შედიოდა კინოში, თეატრში, სტადიონზე,


ცირკში და ყველგან, სადაც შესვლა აუცილებელი ან სასურველი იყო.

რომელიღაც ბიძიამ წაუკრა ხელი სკოლის ოქროს მედალზე; ბიძიამ უბიძგა სამედიცინო
ინსტიტუტში; ლენინგრადის ასპირანტურაში, ბიძიამ დააცვევინა საკანდიდატო,
სადოქტორო, ბიძიამ გაამწესა დიდ თანამდებობაზე, სადაც ახლა ზის და
კეთილსინდისიერად ეხმარება უამრავ ბიძიაშვილებს, ბიძიაშვილების შვილებს,
ბიძიაშვილების შვილიშვილებს, ვალს გადახდა უნდა და იხდის კიდეც პატიოსნად.

2
- ასე უნდა ცხოვრებაო, - ამბობენ ამნაირ კაცზე.

ასე უნდა, ცხადია.


გაუმარჯოს მელიხიშვილს, ჩემს კლასელს, გაუმარჯოს მელიხიშვილის ცოცხლად
დარჩენილ ბიძიებს, გაუმარჯოს მელიხიშვილის ბიძიაშვილებს, ბიძიაშვილების
შვილიშვილებს, პატარ-პატარა მელიხიშვილებს, ვაშა!

წაიკითხე, გაიაზრე, დაწერე

კითხვა 1. „- რას წვალობო, - მითხრა ჩემმა ძველმა სკოლელმა, მელიხიშვილმა, - მე


ყოველთვის შესასვლელი ჭიშკრიდან შევდივარ წესიერადო“ - რას
გულისხმობდა მელიხიშვილი „წვალებასა“ და ,,წესიერად შესვლაში“?

კითხვა 2. რატომ ერიდება მთავარ პერსონაჟს იმავე ხერხით შესვლა სტადიონზე,


როგორითაც მელიხიშვილი შედის?

კითხვა 3. „ მამას, გამოჩენილ ოფთალმოლოგს, ორივე ქუთუთოს დამბლა ჰქონდა,


ტროსტით ხელში გამოდიოდა ხოლმე ბაღის კიდეზე, გამვლელ-გამომვლელს
სალამს აძლევდა. სათნო გამომეტყველების, ჭაღარათმიანი, წარმოსადეგი
მამაკაცი, ბატონოს გარეშე რომ არ აბრუნებდა ენას, ოქროს სპეკულაციაში,
კრიმინალურ სამყაროსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ორმაგ
თამაშში იყო შემჩნეული“ - ჩამოთვალე მამის ყველა ის თვისება, რომლებიც
ამ დახასიათებიდან იკვეთება.

კითხვა 4. რითი გამოიხატებოდა უფროსი მელიხიშვილის „ კარგი მამობა“?

კითხვა 5. როგორია შვილი მელიხიშვილის განვლილი გზა?

კითხვა 6. როგორ ფიქრობ, იყო თუ არა ნოველაში აღწერილი წარმატების გზა


ვინმესთვის ( თავად მელიხიშვილისთვის ან საზოგადოების დანარჩენი
წევრებისთვის) საზიანო?

კითხვა 7. რა დატვირთვა აქვს ამ ტექსტში სიტყვა „ბიძიას“? რატომ გამოიტანა ის


სათაურად ავტორმა?

კითხვა 8. „ ასე უნდა, ცხადია.

2
გაუმარჯოს მელიხიშვილს, ჩემს კლასელს, გაუმარჯოს მელიხიშვილის
ცოცხლად დარჩენილ ბიძიებს, გაუმარჯოს მელიხიშვილის ბიძიაშვილებს,
ბიძიაშვილების შვილიშვილებს, პატარ-პატარა მელიხიშვილებს, ვაშა!“ -
რომელ მხატვრულ ხერხზეა აგებული ტექსტის ბოლო აბზაცი?

ა) ალუზია;
ბ) მეტაფორა;
გ) რიტორიკული შეკითხვა;
დ) ირონია.

კითხვა 9. ჩამოაყალიბე წერილობით, რა მორალურ- ეთიკურ პრობლემებს ეხება ეს


ტექსტი.

პარალელი

უყურე ნაწყვეტს ფილმიდან „გასეირნება თბილისში“და უპასუხე რამდენიმე შეკითხვას:

კითხვა 10.რა საზოგადოებრივ მანკიერებაზეა ყურადღება გამახვილებული ფილმის ამ


ფრაგმენტში?

კითხვა 11.როგორ ფიქრობ, ეს მანკიერება კონკრეტული დროსა ( ეპოქა) და


სივრცესთანაა ( ქვეყანა) დაკავშირებული თუ არა?

კითხვა 12. შეეძლო თუ არა რაიმეს შეცვლა საზოგადოების თითოეულ წევრს?

კითხვა 13.როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის წარმოქმნის მიზეზი და


როგორ წარმოგიდგენია მისი მოგვარების, აღმოფხვრის გზები?

თეორია

მონოლოგი
სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა.
„მონოს“ ბერძნულად ნიშნავს ერთს, „ლოგოს“ კი სიტყვას.

2
მონოლოგი მთქმელის მიერ წარმოთქმულ ვრცელ სიტყვას ეწოდება. მხატვრულ
ტექსტებში ეს მოქმედი პირის სიტყვაა. პერსონაჟი შეიძლება მიმართავდეს საკუთარ
თავს, სხვა მოქმედ პირს, მკითხველს, მაყურებელს ( დრამატულ ტექსტებში).
მონოლოგში, როგორც წესი, გადმოცემულია გმირის სულიერი განწყობა, მისი ფიქრები,
მოსაზრებები. მონოლოგი დიალოგისგან განსხვავებული ცნებაა.
დიალოგისგან განსხვავებით მონოლოგის წარმოთქმისას მთქმელი არ ელის პასუხს,
გამოხმაურებას.
მონოლოგის უმთავრესი დანიშნულებაა მთქმელის ნაფიქრის, ნააზრევის ხმამაღლა ან
წერილობითი ფორმით გადმოცემა.

ავტორი

რევაზ (რეზო) ბენედიქტეს-ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24


აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე საშუალო სკოლა 1952 წელს და მალევე
ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა
ლიტერატურა) ფაკულტეტზე.
სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ ''პირველ სხივში'' და ახალგაზრდულ ჟურნალ
''ცისკარში'' გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.
1961 წლის ჩათვლით, ვიდრე 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია «ქართულ-ფილმში»
რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და
ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი",
"საუნჯე".
1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ ,,განთიადის'' მთავარ რედაქტორად მშობლიურ
ქალაქ ქუთაისში. თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, დააარსა
საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი ,,მოწამეთა'', შემდგომში ილუსტრირებული
ჟურნალი ,,მწვანე ყვავილი''. უსახსრობის გამო
ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე
ორგანო დაიხურა.
1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე აირჩიეს
მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ
მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა
ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე იყო.
გარდაიცვალა 2015 წელს 82 წლის ასაკში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა",
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისთვის;

2
 საქართველოს სახელმწიფო პრემია;
 ღირსების ორდენი;
 შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია;
 სსრკ სახელმწიფო პრემია.

საინტერსო რესურსები

 თუ გსურს, უფრო ახლოს გაიცნო ქართველი კლასიკოსი, უყურე საინტერესო


გადაცემას რეზო ჭიშვილზე- „ქვებს ახსოვთ";
 ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრი „ცისფერი მთები ანუ
დაუჯერებელი ამბავი“ რეზო ჭეიშვილის რომანის მიხედვითაა გადაღებული.
 აქვე შეგიძლია, ნახო ფილმი „გასეირნება თბილისში“, რომლიდანაცაა
ამოღებული „კოჭაძის ისტორია“.

თვითშეფასებისთვის

 ნოველის წაკითხვამ და ფილმიდან ნაწყვეტის ნახვამ დამაფიქრა ...

 ერთიწუთიანი მონოლოგების მოსმენისას ვაკვირდებოდი ...

 მონოლოგის მომზადებისას ჩემთვის რთული/ მარტივი აღმოჩნდა...

You might also like