You are on page 1of 5

იბრაჰიმ ფეჩევი 

საქართველოს მელიქ მოურავის მიერ კარჩიკაის მოკვლა და


საქართველოს დამორჩილება, 1034 [=1624-1625წწ.] წელი.  

    ,,ხსენებული მოურავად წოდებული მელიქი დიდი მელიქი იყო,რომელიც სრულიად


საქართველოს სახელმწიფოს ქეთხუდად და შაჰაბბასის მეგობრად იყო ცნობილი.ზოგ
საჭიროებათა გამო ზემოხსენებულ მოურავს ორი-სამი ხანისა და მათი ჯარის
თანხლებით შაჰი საქართველოში აგზავნის.თურმე საქართველოს მიერ შაჰის
საწინააღმდეგოდ გაწეული ერთგვარი ურჩობა მოურავსვე მოეწყო ყიზილბაშებზე შურის
საძიებლად. მოხერხებული შემთხვევა რომ მიეცა,კარჩიკაი და მასთან მყოფი ხანები
დახოცა და ერთი-ორი ათასი ყიზილბაშის ჯარს თავი მოჰკვეთა.ზემოხსენებული წლის
რამაზანის 27-ე დღეს [=1625 წ.3.VII],ოსმალთა ჯარის ბანაკში მოვიდნენ მოურავის კაცები
მისი შვილითურთ და საქართველოს ზოგი მელიქთაგანი კარჩიკას და სხვა ყიზილბაშთა
თავებითა და მოენე ტყვეებით,საყვირებითა და დიდი დაფებით და ორას-სამასი
ბაირაღით.

   მათ სიტყვა-სიტყვით ასე მოახსენეს:ასეთი მოხერხებული შემთხვევა ოსმალთა სამეფო


გვარეულობას არ მისცემია და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიიღეთ ზომა და
ისწრაფეთ,რომ ისლამის ჯარითურთ ამ ქვეყნისაკენ გაემგზავროთ.უეჭველია,რომ,
როგორც კი ყარაბაღს,განჯას,ბარდავს და შირვანს ჩახვალთ,ყველა ეს მაშინვე
დაგმორჩილდებიან.არ არის საჭირო ლაპარაკი იმაზე,რომ ესენი ყიზილბაშთაგან
მწყრალად არიან,რადგან თვითონ სუნიტ-მუსლიმებს ეკუთვნიან.ამის შემდეგ სულ
ადვილია არდებილისა და მეშჰედის იოლად აღება და ყიზილბაშების ქვეყნისთვის
ცეცხლის წაკიდება.და თქვენ სრულებით ნუ გაფიქრებთ აქლემები და ჯორები და
სურსათ-სანოვაგისა,ზარბაზნებისა და სხვა საჭურველთა გადატანისთვის საჭირო
მზრუნველობა.რამდენიც მოგესურვებათ აქ მოიპოვება.მაღალი ალლაჰის მადლით
ისლამის ჯარი იმდენ სიმდიდრესა და ნადავლს ჩაიგდებს ხელში,რომ ქვეყნის
დასასრულამდე სალაპარაკო დესტანად გადაიქცესო.როცა ისინი ჰაფიზ-ფაშასთან
ამოვიდნენ.მეც იმასთან ვიჯექი,მოურავის წერილობითი პატაკი მიაწოდეს და მისი
შინაარსი ვრცელი ახსნა-განმარტებებით მოახსენეს.განსვენებული ჰაფიზ-ფაშა უცნაური
ხასიათის ვეზირი იყო.მისგან ბევრი მოწყალება მიმიღია და ურიცხვი კეთილი საქმე
მახსოვს,მაგრამ რასაც ვწერ,ესეც სიმართლეა და ბოროტება და ცილისწამება არ არის.
მაღალი ალაჰჰია ამის მოწმე.ამათ არავითარი გადაჭრილი პასუხი არ
მისცა.რამდენიმეჯერ მოვიდნენ და წავიდნენ,ხეირიანი პასუხი ითხოვეს,მაგრამ
გამგზავრებაზე არც “წავალ” და არც “არ წავალ” არ თქვა.მეც ძალიან დაბეჯითებით
ვუთხარი ფაშას,რომ ასეთი მოხერხებული შემთხვევა მეორედ ხელში არ ჩაგვივარდება
მეთქი.ჩვენო,ბედნიერებით მოსილმა ფადიშაჰმა ბაღდადის დაპყრობა შემოგვიკვეთა და
საქართველოსა და შირვანის გამგზავრებაზე ნაბრძანები არა გვაქვსო.ჩვენმა ბედნიერებით
მოსილმა ფადიშაჰმა რომ იცოდეს,რომ მოურავი მოგვევლინა და,რომ შესაძლებლობა
არის მტრებს შორის ასეთი დიდი განხეთქილება ჩამოვარდეს,მაშინ ფადიშაჯი თქვენ
უპირველეს ყოვლისა,იქ გაგგზავნიდათ და შეიძლება გადაეწყვიტა და თვითონ თავის
თავზეც კი აეღო ომის წარმოების სიძნელეები მეთქი.ჩვენ ამნაირი გამოცდილება
გვაქვს:ვიდრე ენგრუსის ბრძოლებში მტრებს შორის ფოჩკაი არ გამოჩნდა,ქაფირები ვერ
დავამარცხეთ და მათ ქვეყანაში ერთი ნაბიჯით ვერ წავიწიეთ.თუ ამ შემთხვევას
ხელიდან გავუშვებთ,ქვეყნის დასასრულამდე სანანებლად გვექნება
მეთქი,ვუთხარი,არაფერი არ გამოვიდა. უკანასკნელი მისი პასუხი ის იყო,რომ თქვენ ჯერ
ჩემი ხასიათი არ გცოდნიათ.მე,ვიდრე რომელიმე წამოწყების წარმატებით შესრულებაში
არ დავრწმუნდები,ამ მიმართულებით ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამო.მაშ დიდებულმა
სულთნებმა,გინა პატიოსანმა ვეზირებმა, რომლებმაც ამოდენა საღვთო ომი და დაპყრობა
წარმატებით ჩაატარეს,წინდაწინ იცოდნენ რომ გაიმარჯვებდნენ და იმიტომ მიდიოდნენ?
ომში გამგზავრებისას სარდლისათვის სიმამაცე და მაღალ ალლაჰზე სრული მინდობა
არის საჭირო.ან ეხლა ბაღდადში რომ ჩახვალთ,ნამდვილად იცით რომ დაიპყრობთ და
გაიმარჯვებთ მეთქი? ვუთხარი.მაღალმა ალლაჰმა ინებოს,ასეც იქნება,ჩემი მტკიცე
რწმენა ასეთია და შეიძლება ამაში ეჭვი სრულიადაც არ მეპარებოდესო-მითხრა.მართლაც
საქმე იმაშია რომ იოლი დაპყრობები მუდამ ისე ხშირად მეორდებოდა,რომ ჩვენც ასეთი
რწმენა გვქონდა ჩანერგილი.ამის გამო იყო,რომ მან დაიჩემა ამ საქმის გადადება.შემდეგ
იანიჩართა აღა-ხუსრევ-აღასთან შევეცადე და ვუთხარი,რომ,თუ თქვენ თვითონ არ
წახვლათ, იზრუნეთ და კარგად მომზადებული და მრავალრიცხოვანი ჯარი მაინც
გაგზავნეთ მეთქი. ჩვენ სარდლის ხელქვეითები ვართ და რასაც სარდალი გვიბრძანებს
იმას შევასრულებთო. ჩემთვის აშკარა გახდა რომ მას ჰაფიზის გამარჯვება არ
უნდოდა.ამავე მიზეზით მაღლამა ალლაჰმა თვით მასაც არ გაუმარჯვა.საოცარია,რომ
შემდეგში,თავისი  სარდლობის დროს მან,ხუსრევმა,მოურავი,მისი შვილი და მოურავის
მხლებელი ორმოცამდე კაცი ერთბაშად დახოცა.შაჰს რომ ათასი იუქი ახჩა მიეცა,ან
რომელიმე შემოსავლიანი მხარე რომ ებოძა, არ იზამდა.ხოლო აქ არც ალლაჰის შეეშინდა
და არც სისხლ მოერიდა და ასეთი აშკარა ჯალათობა ჩაიდინა.ამ დროს შაჰ აბბასის
გამეფებიდან ორმოცი წელიწადი შესრულდა. სინამდვილე,ის არის რომ ამ ორმოცი წლის
განმავლობაში შაჰს ასეთი მძიმე დანაკლისი არ ჰქონია.მოურავის მეოხებით და
მოურავთანვე ბრძოლაში დაიღუპა და განშორდა წუთისოფელს შვიდი სახელოვანი
ხანი,რომელთა ტოლები ყიზილბაშის ქვეყნებში არ მოიძებნებოდა.მათ შორის იყვნენ
ერთი კარჩიკაი,ერთი შირვანის ხანი-იუსუფ ხანი,ერთი ემირგუნე და სხვები.”

  პირველ რიგში,უნდა აღინიშნოს ამ ცნობის ავტორის,იბრაჰიმ ფეჩევის ვინაობა.იგი


მოღვაწეობდა 1574-1590 წლებში.მას ეკუთვნის ორტომიანი “ისტორია”,სადაც აღწერს
1520-1640 წლების ოსმალეთის ისტორიას.იბრაჰიმ ფეჩევი მსახურობდა სხვადასხვა
სამოხელეო თანამდებობებზე და მონაწილეობას იღებდა ოსმალთა მიერ წარმოებულ
სხვადასხვა ლაშქრობებში.შესაბამისად მას წვდომა ჰქონდა მისი პერიოდის ისტორიაზე
და ხშირ შემთხვევაში გვევლინება როგორც კონკრეტული მოვლენის უშუალო
მონაწილედ.ბუნებრივია რომ აღნიშნულ წიგნში ვხვდებით მნიშვნელოვან ცნობებს
როგორც ოსმალეთის,ისე მისი მომიჯნავე ქვეყნების შესახებ.რადგანაც ავტორის მიერ
აღწერილ პერიოდში,ოსმალეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი
ეკავა საქართველოს,ავტორი გვაწვდის საინტერესო ცნობებს ოსმალეთ-საქართველოს
ურთიერთობაზე სხვადასხვა დროსა და გარემოებაში. 

ამ შემთხვევაში განხილვის საგანია იბრაჰიმ ფეჩევის ცნობა გიორგი სააკაძის მიერ


გაგზავნილი ელჩობის შესახებ ოსმალეთის კარზე.ეს ცნობა საინტერესოა იმ კუთხით,
რომ გვაჩვენებს თუ როგორ ცდილობს გიორგი სააკაძე თავისი ინტერესების
განსახორციელებლად გამოიყენოს სხვა ქვეყნის,ამ შემთხვევაში,ოსმალეთის ინტერესები
მათი საერთო მტრის,ირანის წინააღმდეგ,რა ხერხებით ცდილობს მათ დაყოლიებას და რა
დაბრკოლებები იქმნება ოსმალეთის კარზე,რამაც საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთ-
საქართველოს შესაძლო კავშირი ყიზილბაშთა წინააღმდეგ.როგორც ავტორი აღნიშნავს,
იბრაჰიმ ფეჩევი იქ იყო და ისმენდა ქართველი ელჩების წინადადებას,რის გამოც
სიზუსტით გადმოგვცემს იქ განვითარებულ მოვლენებსა და ელჩობის წინადადებას.
შესაბამისად ეს გამორიცხავს მისი ცნობების შესაძლო უზუსტობას,ფაქტის გაბუქებას ან
მიკერძოებულობას,რადგან ობიექტურად გადმოგვცემს იმ ფაქტორებსაც,რის გამოც
ოსმალეთმა გიორგი სააკაძის წინადადება არ მიიღო.

ავტორი ზუსტად გვაწვდის თარიღ,თუ როდის ჩავიდა ქართველი ელჩობა


ოსმალეთში [1625წ.3.VII] და აღწერს მაქამდე განვითარებულ მოვლენებს მოკლედ,
რამაც გავლენა იქონია ელჩობის გაგზავნის აუცილებლობაზე.1625 წელს,ქართველებსა
და ყიზილბაშებს შორის შედგა ორი მნიშვნელოვანი დაპირისპირება მარტყოფისა და
მარაბდის ველზე,25 მარტსა და 1 ივლისს.როგორც სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ
გიორგი სააკაძის მცდელობა დაკავშირებოდა ოსმალეთს დაიწყო მარტყოფის
ბრძოლის შემდეგ და მისმა გაგზავნილმა ელჩობამ,თავისი შვილითურთ,ოსმალეთში
ჩააღწია 3 ივლისს.გარდამტეხი აღმოჩნდა მარტყოფის ბრძოლა,რითაც დაიწყო
ქართველთა აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ,რომელსაც სათავეში გიორგი სააკაძე
ედგა,ამიტომაც უცნაური არ არის რომ აჯანყების მეთაური,გიორგი სააკაძე გზავნის
ელჩობას და ცდილობს მოკავშირეების მოძიებას.გიორგი სააკაძეს საკმაოდ რთული
ამოცანა ჰქონდა დასახული,საქართველოს ტერიტორიიდან ყიზილბაშთა
განდევდა,რის შემდეგადაც კვლავ უნდა გაეერთიანებინა საქართველო.მის
ამოცანას ,ერთი მხრივ,ართულებდა შაჰ-აბასის შეურიგებელი პოლიტიკა ქართლისა
და კახეთის მიმართ,რომლის მიზანს აღ.საქართველოს საბოლოო დამორჩილება
წარმოადგენდა,ხოლო,მეორე მხრივ,საკუთრივ ქვეყნის შიგნით არსებული მძიმე
მდგომარეობა.მრავალრიცხოვან მტრის წინააღმდეგ ბრძოლა უწევდათ მხოლოდ
ქართლისა და კახეთის მოსახლეობას.ეს უკანასკნელი კი მძიმე მდგომარეობაში
ჩააგდო ჯერ კიდევ 1614-17 წლებში შაჰ-აბასის ლაშქრობებმა,რომელმაც მიწასთან
გაასწორა კახეთის სამეფო და მკვეთრად დასცა მოსახლეობის რაოდენობა .ასეთ
ვითარებაში ,ბუნებრივია,გიორგი სააკაძე მიხვდა რომ ძლიერი მოკავშირის გარეშე
ვერაფერს გახდებოდა,რა მიზეზითაც გაგზავნა ოსმალეთში ელჩობა საინტერესო
წინადადებით. როგორც იბრაჰიმ ფეჩევიც აღნიშნავს წყაროს დასაწყისში ,გიორგი
სააკაძე ერთ დროს შაჰის კარის ერთგული იყო,თუმცა მარტყოფის ბრძოლისას
გამოიკვეთა მისი რეალური პოზიცია,როცა დასახული გეგმის მიხედვით ბრძოლის
დაწყებისას „კარჩიკაი და მისთან მყოფი ხანები დახოცა“,რამაც არსებითი როლი
შეასრულა ქართველთა გამარჯვებაში. შედეგად გამოიკვეთა მოურავის მტკიცე
ანტიირანული პოზიცია,რასაც შეეძლოთ ოსმალები დაყრდნობოდნენ.

იბრაჰიმ ფეჩევის აღწერით,გიორგი სააკაძე ელჩებს დიდი ზარ-ზეიმით აგზავნის:


საყვირებით,დიდი დაფებით,ტყვეებითა და რაც მთავარია ყიზილბაშთა გამორჩეული
სარდლების თავებით.ეს ერთი მხრივ,ხაზს უსვამდა ოსმალთა ერთგულებას,ხოლო
მეორე მხრივ კვეთდა ქართველთა ძალას და პოტენციალს ირანელთა
წინააღმდეგ.ყოველივე ამას უნდა ეჩვენებინა,რომ ქართველთა სახით ოსმალებს
შეეძლოთ საკმაოდ ძლიერი მოკავშირის შეძენა საერთო მტრის წინააღმდეგ .ზოგადად
იკვეთება გიორგი სააკაძის დიპლომატიური და პოლიტიკური ნიჭი.მან კარგად
შეაფასა ის ფართო რეზონანსი ,რომელიც გავრცელდა მარტყოფის ბრძოლის
შედეგად და ცადა არსებული ვითარების სათავისოდ გამოყენება .ქართველების მიერ
ანტიირანული განწყობილების გავრცელებას ადასტურებს შაჰ-აბასის კარზე მოღვაწე
ისტორიკოსი,რომელიც აღნიშნავს რომ ქართველთა აჯანყებამ აამოძრავა ირანის
მიერ დაპყრობილი სხვა ხალხებიც.შედეგად გიორგი სააკაძე ოსმალებისადმი
გაგზავნილ წერილში,ამცნობს მათ ირანის სხვადასხვა
პროვინციებში:ყარაბაღში,განჯაში,შირვანში და ა.შ.გავრცელებულ ანტიირანულ
განწყობილებას,რასაც მეტად ამყარებს რელიგიური კუთხით,რომ აღნიშნული
მხარეების მოსახლეობა სუნიტ ისლამებს წარმოადგენენ და უკმაყოფილონნი არიან
შიიტი ირანელთა ბატონობით.რადგანაც პოლიტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული
ადგილი მუდმივად ეკავა რელიგიას,ოსმალებს შეეძლოთ ამ ფაქტორის სათავისოდ
გამოყენება და ამ მხარეების პოლიტიკური დაქვემდებარება ,რაიმე სერიოზული
წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.გიორგი სააკაძე აგრეთვე ხაზს უსვამს აღნიშნული
მხარეების სიმდიდრეს, რომ ოსმალებს არ მოუწევთ დარდი სამხედრო
აღჭურვილობასა და სურსათზე და მათ ხელში აღმოჩნდება ურიცხვი ქონება .

ფაქტობრივად გიორგი სააკაძე ოსმალებს უხატავდა მიმზიდველ სურათს,სადაც


ისინი შეძლებდნენ ზედმეტი სისხლისღვრის გარეშე დაეკავებინათ ირანის ბატონობის
ქვეშ მყოფი მნიშვნელოვანი პოლიტიკურ- სტრატეგიული მხარეები,რის შემდეგადაც
გზა გაეხსნებოდათ უშუალოდ სპარსეთში შესაჭრელად.შესაბამისად გიორგი სააკაძის
საბოლოო მიზანს წარმოადგენს ოსმალებზე დაყრდნობით,ყიზილბაშთა სრული
ლიკვიდაცია და აღმოსავლეთ საქართველოს სრული გათავისუფლება მათი
ბატონობისგან.თუ თავდაპირველად ირანის მთლიანი ყურადღება მიმართული იყო
აღმოსავლეთ საქართველოზე,ოსმალეთის ჩართვით ირანს მოუწევდა ორ ფრონტზე
ბრძოლა,რითაც დაიქსაქსებოდა მისი ძალები და ოსმალთა წარმატებული სვლის
შედეგად, შაჰ აბასი იძულებული გახდებოდა მინიმუმ დაეთმო პოზიციები ქართლსა და
კახეთში და ძირითადი ძალები ოსმალებისკენ მიემართა.

ქართველი ელჩობის წინადადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია,თუმცა,დიდი


ვაზირი,ჰაფიზ-ფაშა,ყოყმანობდა საბოლოო პასუხის მიცემაზე და ეჭვის თვალით
უყურებდა ქართველთა შეთავაზებას.თავად იბრაჰიმ ფეჩევი დადებითად შეხვდა
წინადადებას და ყველანაირად ცდილობდა ჰაფიზ-ფაშას დაყოლიებას ,არწმუნებდა
რომ ასეთი ხელსაყრელი გარემოება აღარ ჩაუვარდებოდათ ხელში და რომ მისი
ხელიდან გაშვება სამუდამოდ სანანებელი გაუხდებოდათ.იბრაჰიმ ფეჩევს სურდა
ოსმალეთის სასიკეთოდ გამოეყენებინა ირანელებისა და ქართველების
დაპირისპირება, ესარგებლა იმით რომ შაჰ-აბასის ყურადღება გადატანილი იყო
აჯანყების ჩასახშობად, და გადამწყვეტი იერიში მიეტანათ მათი დაუძინებელი
მტრის,ირანის წინააღმდეგ.“ჩვენ ამნაირი გამოცდილება გვაქვს:ვიდრე ენგრუსის
ბრძოლებში მტრებს შორის ფოჩკაი არ გამოჩნდა, ქაფირები ვერ დავამარცხეთ და მათ
ქვეყანაში ერთი ნაბიჯით ვერ წავიწიეთ.“ შეიძლება ითქვას რომ გიორგი სააკაძის
წინადადება მეტად ითვალისწინებდა ოსმალთა ინტერესებს,რადგან თუ ქართველების
მიზანს მხოლოდ ირანელთა მათი ქვეყნიდან გაძევება წარმოადგენდა,ოსმალებს
შეეძლოთ არსებული მდგომარეობის გამოყენებით რეგიონში ჰეგემონობა
მოეპოვებინათ,თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად იბრაჰიმმა ვერ მოახერხა
ჰაფიზ-ფაშას დათანხმება.

ჰაფიზ-ფაშა თავის პოზიციას ხსნიდა იმით,რომ ფადიშაჰს,მურად IV-სგან ჰქონდა


მიღებული მხოლოდ ბაღდადზე გალაშქრების ბრძანება,საქართველოსა და შირვანზე
კი არაფერი ეთქვა.აქ ერთი მხრივ შეგვიძლია დავინახოთ ცენტრალური
ხელისუფლების სიმტკიცე,სადაც ყველა მოხელე ურჩობისა და გადახვევის გარეშე
ემორჩილება ქვეყნის პირველ პირს,თუმცა მეორე მხრივ იკვეთება სარდლობის
უსუსურობა და სისუსტე, რომელიც სათანადოდ ვერ აფასებს შექმნილ სიტუაციას.ეს
ფორმალურ მიზეზს წააგავს, რადგან როგორც იბრაჰიმ ფეჩევის სიტყვებიდან
ირკვევა,ჰადიშაჰმა არც კი იცოდა მოურავის მიერ გამოგზავნილი ელჩების
შესახებ.მართალია ლაშქრობა შესაძლოა ისეთი მარტივი არ
გამოსულიყო,როგორადაც გიორგი სააკაძე ხატავდა და ოდნავ აბუქებდა სურათს ,
თუმცა ის ფაქტია რომ 1625 წლის გაზაფხულ-ზაფხულში შაჰ აბასის ყურადღება
გადატანილი იყო აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ,სადაც
გადასხმული ჰყავდა მნიშვნელოვანი ძალები.იბრაჰიმ ფეჩევი აღნიშნულ პრობლემას
ხსნის მრავალი მარტივი ლაშქრობის წარმოებით,რამაც შთააგონდა ოსმალი
სარდლობა მონაწილეობა მიეღოთ მხოლოდ ისეთ ლაშქრობებში,სადაც წარმატება
გარდაუვალი იქნებოდა.ამან კი დასცა ოსმალი სარდლების თვითრწმენა,გაბედულობა
და სხვა მნიშვნელოვანი თვისებები სარდალისთვის,რომლებიც აუცილებელი იყო
ისეთი ძლიერი მტრის წინააღმდეგ,როგორიც ირანი და მისი მმართველი შაჰ აბასი
იყო. იბრაჰიმ ფეჩევის საბოლოო მცდელობა იყო იენიჩართა აღას,ხუსრევის
დარწმუნება რომ ,თუ უშუალო მონაწილეობას არ მიიღებდა,კარგად ორგანიზებული
ჯარი მაინც გაეგზავნათ დასახმარებლად,თუმცა ამაზეც უარი მიიღო იმ მიზეზით ,რომ
აღა ემორჩილებოდა სარდალს.

საბოლოო ჯამში,გიორგი სააკაძე შეეცადა მარტყოფის ველზე დაწყებული


ლოკალური აჯანყება გაეხადა ფართომასშტაბიანი და ექცია ძლიერ ანტიირანულ
ძალად,რისთვისაც მიმზიდველი წინადადებით მიმართა ოსმალეთს.ბუნებრივია იმის
განსაზღვრა რთულია თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები თანხმობის
შემთხვევაში,თუმცა ურთიერთშეთანხმებული მოქმედების შედეგად ორივე მხარეს
შეეძლო სარგებლის მიღება.ვფიქრობ ოსმალთა ბანაკში მეტი ყურადღებით უნდა
განეხილათ გიორგი სააკაძის წინადადება და უკეთ შეეფასებინათ რეგიონში
არსებული ვითარება.აჯანყებულთა სახით უნდა დაენახათ ძლიერი მოკავშირე ,რასაც
ადასტურებს იბრაჰიმ ფეჩევის შეფასებაც,რომ შაჰ აბასს,მმართველობის ორმოცი
წლის განმავლობაში არ განუცდია იმხელა ზარალი და დანაკარგი,რამხელაც გიორგი
სააკაძეს მიერ დაწყებულ აჯანყებას მოყვა.

You might also like