You are on page 1of 17

საქართველო XVII საკუნეში

XVII საუკუნის დასაწყისში ძალზე დაიძაბა ვითარება კახეთის სამეფოში. 1601 წლის
ზაფხულში ალექსანდრე II ავად გახდა. მის ვაჟებს, დავითსა და გიორგის შორის
პირველობისათვის ბრძოლა დაიწყო. დავითს უფრო მეტი მომხრე ჰყავდა და კახეთის მეფეც
ის გახდა. როდესაც ალექსანდრე გამოჯანმრთელდა, დავითმა მამას ტახტი აღარ დაუთმო.
ალექსანდრე II იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო. გიორგი ბატონიშვილი ბრძოლას
არ წყვეტდა და შეთქმულება მოაწყო, რომელიც ვიღაცამ გასცა. დავითი მოწინააღმდეგეებს
სასტიკად გაუსწორდა. დავითის ბრძანებით შეთქმულები სიკვდილით დასაჯეს. გიორგი
ქართლში გაიქცა და თავი კათოლიკოსს შეაფარა. დავით I-მა ქართლის მეფის, გიორგი X-ის
(1600-1605) დახმარებით ძმის დატყვევება მოახერხა და იგი ციხეში გამოკეტა. დავითმა
ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. 1602 წელს იგი გარდაიცვალა. კახეთის სამეფო ტახტი
კვლავ ალექსანდრე II-მ დაიკავა.
ამ დროისათვის კვლავ შეიცვალა საერთაშორისო ვითარება. შაჰ აბას I-ის მიერ
განხორციელებული რეფორმების შემდეგ გაძლიერებულმა ირანმა 1603 წელს ოსმალეთთან
ახალი ომი წამოიწყო.
აბას I ტახტზე 1587 წელს ავიდა. 1590 წლის ზავით შაჰმა დრო მოიგო, რაც
რეფორმების გატარებისა და ქვეყნის გაძლიერებისათვის გამოიყენა. აბასმა თავისი
ხელისუფლების განმტკიცება დაიწყო. ყიზილბაშურ არისტოკრატიას დაუპირისპირდა და
მათ ნაცვლად ქართველები, სომხები და ჩერქეზები დააწინაურა. არმია თოფებითა და
ზარბაზნებით შეაიარაღა. მის დროს ირანს 120-ათასიანი რეგულარული არმია ჰყავდა.
აბას I-ის კარზე ბევრი ქართველი მოღვაწეობდა (თავად შაჰმა კარგად იცოდა
ქართული). სამხედრო რეფორმის ძირითადი გამტარებელი და ხელმძღვანელი ალავერდი-
ხანი, გამაჰმადიანებული ქართველი იყო, გვარად უნდილაძე. ალავერდი-ხანის სახელს
უკავშირდება დიდი სააღმშენებლო საქმიანობაც. მან ისპაანში ბაზრები და ქარვასლები
ააშენებინა. ისპაანში დღესაც დგას მის მიერ აგებული ხიდი. ალავერდი-ხანი ირანის
პირველი ყულარაღასი (ყულის ჯარის _ გვარდიის სარდალი) იყო და ფარსის პროვინციის
ბეგლარბეგის თანამდებობაც ეპყრა. პორტუგალიელი ელჩი ანტონიო დე გოვე წერდა, რომ
ერთხელ ალავერდი-ხანზე საუბრისას შაჰ-აბასმა თქვა, `მე მემორჩილება მთელი სპარსეთი,
მე კი ალავერდი-ხანსო~. ალავერდი-ხანი აბას I-ის საქართველოში ლაშქრობის წინ
მოულოდნელად გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ იგი შაჰის მითითებით მოკლეს.
ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს. ირანის სახელმწიფოს სამსახურში
დაწინაურდნენ ალავერდი-ხანის ვაჟებიც, უფროსი იმამყული-ხანი (ფარსის ბეგლარ-ბეგი)
და უმცროსი დაუდ-ხანი (განჯა-ყარაბაღის ბეგლარ-ბეგი). შაჰ-აბას I-ის კარზე სხვა
ქართველებიც მოღვაწეობდნენ სარდალი როსტომ სააკაძე, ხოსრო-მირზა (როსტომ-ხანი).
ხოსრო-მირზა ისპაანის ტარუღი (მოურავი) იყო. აღსანიშნავია, რომ ისპაანის ტარუღები
მთელი ერთი საუკუნის მანძილზე მხოლოდ ქართველები იყვნენ.
პირველსავე ბრძოლებში ოსმალებმა მარცხი იწვნიეს. ირანელებმა ერევნის ციხეს
ალყა შემოარტყეს. აბას I-მა თავისთან ქართლის მეფე გიორგი X და კახეთის მეფე
ალექსანდრე II დაიბარა.

1
გიორგი X სწრაფად გამოცხადდა შაჰთან. ალექსანდრე II-მ ყოყმანი დაიწყო. კახეთის
მეფე მოვლენების განვითარებას ელოდა და ამის მიხედვით აპირებდა მოქმედებას.
საბოლოოდ ალექსანდრე მაინც ეახლა შაჰს. ქართლისა და კახეთის ჯარებმა აქტიური
მონაწილეობა მიიღეს ერევნის ალყაში. შაჰმა ერთგულებისა და ომში მონაწილეობისათვის
მეფეები `დაასაჩუქრა~. გიორგისა და ალექსანდრეს ირანში სოფლები აჩუქა და ჯამაგირიც
დაუნიშნა (გიორგის 300, ხოლო ალექსანდრეს 700 თუმანი). სანაცვლოდ გიორგის მდინარე
დებედას ხეობა და ლორეს მხარე, ხოლო ალექსანდრეს კაკ-ენისელი (პროვინცია
საინგილოში) `სთხოვა~. მეფეები იძულებული იყვნენ შაჰისათვის დაეთმოთ. ამ
ტერიტორიებზე აბას I-მა თურქმანული ტომების ჩამოსახლება დაიწყო (დებედას ხეობაში
`ბორჩალუს~ ტომი ჩამოსახლდა) და ქართლ-კახეთის დასაპყრობი პლაცდარმები შექმნა.
ქართველი მეფეები ყოველივეს კარგად ხვდებოდნენ, მაგრამ `თავს ზევით ძალა არ იყო~ და
ვერაფერს აკეთებდნენ.
შაჰმა გიორგი ქართლში გამოუშვა, ალექსანდრე კი ირანში წაიყვანა. ცბიერი შაჰი ამ
გზით ცდილობდა ალექსანდრესათვის საშუალება არ მიეცა კახეთში მყოფ რუსეთის ელჩებს
შეხვედროდა. ალექსანდრე II-ს არყოფნის დროს კახეთის სამეფოს გიორგი ბატონიშვილი
განაგებდა. 1605 წლის დასაწყისში შაჰმა ალექსანდრე კახეთში გამოუშვა და თან მისივე ძე,
გამაჰმადიანებული კონსტანტინე-მირზა გამოაყოლა. კონსტანტინე 7 წლის იყო, როცა
ირანში მძევლად წაიყვანეს. ალექსანდრეს შაჰისაგან ნაბრძანები ჰქონდა შარვანში ელაშქრა
და იქ მმართველად კონსტანტინე დაესვა. კახეთის მეფე შაჰის დავალების შესრულებას არ
ჩქარობდა. ზუსტად იმავე პერიოდში რუსეთი საშამხლოს უტევდა. კახეთის მეფე მეტად
რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. კახეთის მეფეები, საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე,
კავკასიის მოსაზღვრე ყველა დიდ სახელმწიფოთა შორის ლავირების ხარჯზე მშვიდობის
შენარჩუნებას ახერხებდნან. 1605 წლისათვის კი ალექსანდრეს წინაშე უკვე ალტერნატივა
იდგა ან რუსეთი ან ირანი. 12 მარტს, ძეგამში ალექსანდრემა თათბირი გაიმართა.
ალექსანდრე და გიორგი რუსეთის მომხრეები იყვნენ. კონსტანტინე-მირზას საიდუმლო
ბრძანება ჰქონდა თუ ალექსანდრეს ორჭოფობასა და შაჰის ურჩობას შეამჩნევდა, მამა უნდა
მოეკლა. თათბირის დროს კონსტანტინე-მირზამ ყიზილბაშებს ღალატით მამა და ძმა
მოაკვლევინა, თავი კი მეფედ გამოაცხადა. კონსტანტინემ ყიზილბაშებისა და კახელების
გაერთიანებული ლაშქრით შარვანს ილაშქრა. შემახას ალყა შემოარტყა, მაგრამ ქალაქ ვერ
აიღო. კახელებმა გადაწყვიტეს ამით ესარგებლათ და კონსტანტინეს მოსაკლავად ღამით მის
კარავში შეიჭრნენ. მამის მკვლელმა გაქცევა მოახერხა და დახმარება შაჰს სთხოვა. აბას I
ოსმალეთთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა და კახეთისთვის არ ეცალა. მაშინ
კონსტანტინემ თავად დაიქირავა ჯარი და კახეთის დასამორჩილებლად დაიძრა.
ალექსანდრეს რძალმა, დავით I-ის ქვრივმა, ქეთევან დედოფალმა დახმარება გიორგი X-ს
სთხოვა. ქართლის მეფემ კახელებს მაშველი ჯარი გაუგზავნა. გადამწყვეტი ბრძოლა
ბელაქნის წყალზე მოხდა. კახელებმა მტერი დაამარცხეს. კონსტანტინე-მირზა კი ბრძოლის
ველზე მოკლეს.
მართალია შაჰმა კახეთში მისთვის მისაღები პიროვნების გამეფება ვერ შეძლო, მაგრამ
თავისი მთავარი ჩანაფიქრი მაინც აღასრულა. რუსეთს კარგა ხნით ფეხი ამოუკვეთა
სამხრეთ კავკასიიდან. აბასი დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო და ძალიან კარგად

2
ხვდებოდა, თუ რას უქადდა ირანს რუსეთის კავკასიაში გამოჩენა. ამიტომ დაასწრო და იმ
ეტაპზე თავის საწადელს მიაღწია კიდეც.
კახელებმა მეფედ ალექსანდრე II-ის შვილიშვილი, დავითისა და ქეთევანის ვაჟი
თეიმურაზი ითხოვეს. შაჰს ქართველებთან ბრძოლისთვის ჯერ არ ეცალა და თეიმურაზის
მეფედ კურთხევას დათანხმდა. 1606 წელს თეიმურაზ I ქრისტიანული წესით მეფედ
აკურთხეს. იმავე წელს გიორგი X გარდაიცვალა და ქართლის მეფე მისი ძე, ლუარსაბ II
(1606-1614) გახდა.
1609 წლის ივნისში ქართლში ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. ლუარსაბ მეფე მცირე
ამალით ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა. ოსმალებმა ეს შეიტყვეს და მეფის დატყვევება
განიზრახეს. სოფელ კველთაში მღვდელი თევდორე შეიპყრეს და ცხირეთისაკენ გზის
ჩვენება მოსთხოვეს. თევდორემ მტერი სულ სხვა მიმართულებით ატარა და მეფის
სამყოფელს დააშორა. როცა ოსმალები ყველაფერს მიხვდნენ თევდორე ჯერ სასტიკად
აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. თევდორეს გმირობამ ლუარსაბ II-ს საშუალება მისცა
დრო მოეგო. თბილისის მოურავმა გიორგი სააკაძემ ჯარი შეკრიბა და სხერტის ჭალაში
მტერს შეებრძოლა. ოსმალებმა თავის განზრახვაზე ხელი აიღეს, მტკვრის ხეობის
გაყოლებით ახალციხისაკენ დაიძრნენ. გზაში მათ გორში შეჭრა განიზრახეს. ამ დროს
მტკვარზე გადებულ ხიდზე გორელი ტერტერა (სომეხი მღვდელი) მიდიოდა. შენიშნა რა
მომავალი მტერი, სასწრაფოდ მიტრიალდა და ხიდის ფიცრები აჰყარა. ოსმალებმა
მდინარეზე გადასვლა და გორში შესვლა ვეღარ შეძლეს. იძულებული გახდნენ გზა
განეგრძოთ და სოფელ ტაშისკართან დაბანაკდნენ. გიორგი სააკაძემ მტერს ახალციხისაკენ
მიმავალი გზა მოუჭრა და აიძულა ბრძოლაში ჩაბმულიყო. ტაშისკართან ქართველებმა
რიცხვმრავალი მტერი სასტიკად დაამარცხეს.
გიორგი სააკაძე ჯერ კიდევ სვიმონ I-ის ხელმძღვანელობით იბრძოდა ოსმალთა
წინააღმდეგ. ლუარსაბის გამეფებისთანავე გიორგი სააკაძე გვერდში ამოუდგა მეფეს. მალე
იგი თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავი გახდა. თავისი ციხესიმაგრე გიორგის
ნოსტეში ჰქონდა, საგვარეულო მონასტერი კი ერთაწმინდაში. გიორგის გავლენა
განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ლუარსაბ II-მ ცოლად მისი და შეირთო.
სააკაძის გაძლიერებამ დიდი თავადები განარისხა. ბერი ეგნატაშვილი გვაუწყებს, `მაშინ
თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არა იყო მოურავის მოყუარე იწყინეს
და დაუწყეს ბეზღობა მოურავისა... და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან~.
ლუარსაბ II-მ დაიჯერა, რასაც თავადები ეუბნებოდნენ, გიორგის მეფობა უნდაო და მის
დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. 1612 წლის მაისში გიორგი წავკისში სანადიროდ
დაიბარეს. განზრახული იყო ნადირობის დროს მოეკლათ. მოურავი მისმა ერთ-ერთმა
მომხრემ დროზე გააფრთხილა. გიორგი მიხვდა, რომ ქართლში აღარ დაედგომებოდა,
სამშობლო დატოვა და ოჯახთან ერთად ირანში გაიხიზნა ოჯახთან ერთად.
იმავე წელს შაჰ-აბასმა, ვითომცდა სანადიროდ, თავისთან თეიმურაზ I და ლუარსაბ II
დაიბარა. მეფეები არ ენდვნენ. მასთან არ გამოცხადდენ და შეთანხმდნენ, რომ
ერთობლივად ემოქმედათ საერთო მტრის წინააღმდეგ.
ამასობაში ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო, რომლითაც ძირითადად 1555
წლის ამასიის ზავის პირობები აღდგა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სამცხე-საათაბაგო

3
მთლიანად ოსმალეთს დარჩა. ზავის დადების შემდეგ ირანის შაჰმა მთელი ყურადღება
საქართველოსაკენ გადმოიტანა.
1613 წელს აბას I უზარმაზარი ლაშქრით საქართველოსკენ დაიძრა და განჯაში
დაბანაკდა. აქედან თეიმურაზ I-ს ელჩი გაუგზავნა და მძევლები მოსთხოვა. თეიმურაზმა
დედა, ქეთევან დედოფალი და შვილები, ლევანი და ალექსანდრე შაჰთან გაეგზავნა. ამის
შემდეგ აბასმა თეიმურაზიც თავისთან დაიბარა. კახეთის მეფე შაჰს არ ეახლა. აბას I-მა
მძევლები ირანში გაგზავნა, თავად კი 1614 წელს კახეთში შემოიჭრა. ყიზილბაშებმა
მოახერხეს და ქართველები ალყაში მოაქციეს. კახელები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს,
ალყა გაარღვიეს და მეფე სამშვიდობოს გაიყვანეს. თეიმურაზი ქართლში გადავიდა და
ლუარსაბ II-ს შეხვდა. გაირკვა, რომ შაჰისთვის წინააღმდეგობის გაწევა ქართლსაც არ
შეეძლო. მეფეებმა თავი იმერეთის მეფე გიორგი III-სთან (1604-1639) შეაფარეს. თუმცა არც
სამეფო-სამთავროებად დაშლილ დასავლეთ საქართველოში იყო მაინცდამაინც კარგი
ვითარება. აბასმა ქართლის მეფეს შადიმან ბარათაშვილი მიუგზავნა. ლუარსაბი თავის
გამზრდელს ენდო და შაჰთან გამოცხადდა. მთავარი მაინც ალბათ ის იყო, რომ მართალია
ქართლის მეფემ კარგად იცოდა რაც ელოდა, მაგრამ ამ გზით ლუარსაბი შაჰის მრისხანების
დაცხრობას შეეცადა. აბასი 50 დღე იმყოფებოდა საქართველოში. საშინლად აოხრდა
ქართლი და კახეთი. ირანში გაბრუნებულმა აბას I-მა ლუარსაბ II თან წაიყვანა. კახეთის
მმართველად ისა-ხანი (თეიმურაზ I-ის ბიძის, გიორგის ვაჟი) დანიშნა.
კახელებმა დიდხანს ვერ აიტანეს ყიზილბაშთა ბატონობა. 1615 წლის 15 სექტემბერს,
ალავერდობა დღე იყო. ალავერდის ტაძარს, რომელიც ირანელებს ციხესიმაგრედ ჰქონდათ
გადაქცეული, ქართველები მიადგნენ. მათ ტაძარში შეშვება ითხოვეს, რადგან ალავერდობის
დღესასწაულზე აუცილებლად ალავერდში უნდა ელოცათ. ყიზილბაშებმა რჩევა მათ
მხარეზე `გადასულ~ ცნობილ კახელ თავად დავით ჯანდიერს თხოვეს. ჯანდიერმა
მლოცველების ტაძარში შეშვება ურჩია. მეციხოვნეებმა ქართველები შიგნით შეუსვეს.
დათქმულ ნიშანზე ქართველებმა იარაღი იშიშვლეს და ყიზილბაშებს დაერივნენ. ასე
დაიწყო აჯანყება, რომელსაც თავად დავით ჯანდიერი მეთაურობდა. თეიმურაზ I
სასწრაფოდ კახეთში დაბრუნდა და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. კახელების დასასჯელად
შაჰმა რჩეული ლაშქარი გამოგზავნა, რომელსაც ალი-ყული-ხანი სარდლობდა. ბრძოლა
წიწამურთან მოხდა. თეიმურაზი თავად წაუძღვა ჯარს შეტევაზე. 5 ათასმა ქართველმა
მუსრი გაავლო 15 ათას ყიზილბაშს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ირანელი
ისტორიკოსი ისქანდერ მუნში შემდეგნაირად აღწერს ამ ბრძოლას, `თეიმურაზმა თავისი
ბრბოთი და ლაშქრით, რომელიც დაახლოებით ხუთი-ექვსი ათასი სრულად შეიარაღებული
კაცისაგან შედგებოდა, მთელი თავისი ძალებით Gარხჩიების რაზმს დაჰკრა. Gარხჩიებმა ვერ
გაუძლეს მათ დარტყმას და გაიქცნენ. `ბუქარ-ქაჩი~-ს ამირებმა ფეიქარ-სულტანმა და
დელუ-მოჰამადმა ვერ მოახერხეს მიშველება და თითოეული მათგანი სხვა მხარეს გავარდა
თავისი რაზმით. ქართველთა მახვილით და შუბით დაჭრილი მოჰამედ-ხან ზიად ოღლი,
ყაჯართა ტომის რამდენიმე კაცთან ერთად, `დაღუპვის მიწაზე~ დაენარცხა და მოწამებრივი
სიკვდილი მოიპოვა. ამ ამბავმა გაამხნევა ურჯულო ქართველები და გული გაუტეხა
ისლამის ლაშქარს. ქართველები ისევ მთელი ძალით გულადად თავს დაესხნენ
მოწინააღმდეგის ცენტრს. მოჰამედ-ხანის მოკვლით და ჩარხჩიების გაქცევით

4
შეშფოთებული ჯარის მარჯვენა და მარცხენა ფრთები დაიბნა ჭეშმარიტ გზას აცდენილი
ქართველების შემოტევისაგან. აზერბაიჯანის ლაშქარმა ზურგი უბრუნა ბრძოლის ველს და
გაიქცა ისე, რომ იარაღისათვის ხელი არ მოუკიდია. ბედნიერი ჯარის (ე.ი. ყიზილბაშთა _
ავტ.) მებრძოლთა ერთი რაზმი და შამლუს ტომი, რომელიც ალი-ყული-ხანის ხალხი იყო
და მასთან იდგა ცენტრში, ამ ცენტრის ჯარის გაქცევის გამო აიშალა და წინააღმდეგობის
გაწევა და ბრძოლა ვერ შესძლო. ქართველები ვისაც კი მისწვდებოდნენ, მიწაზე
ანარცხებდნენ. ერთი სიტყვით, ცენტრის ლაშქარმაც ვერ შესძლო წინააღმდეგობის გაწევა
და დამარცხდა. ყველა გარბოდა თავის საშველად. ალი-ყული-ხანმა და ისფენდიარ-ბეგმა,
რომელნიც იშვიათი გულადი, მხნე და რაზმის წყობისა და ომის ცოდნის მხრივ გამოჩენილი
მებრძოლები იყვნენ, იხილეს ლაშქრის გაფანტვა, წამით შეჩერდნენ ბრძოლის ველზე
რადგან თავის სახელს უფრთხილდებოდნენ, მაგრამ რაკი გაჩერება უსარგებლო იყო,
ბრძოლის ველიდან გაბრუნდნენ და თბილისისაკენ წავიდნენ. ურჯულო ქართველები
გულადების სისხლმა გაათამამა და შურისძიების მახვილი იძრეს ქარქაშიდან. ასეთი
უბედურება დაემართა ისლამის ლაშქარს. თეიმურაზი, ყიზილბაშთა ბანაკში მივიდა და
ალი-ყული-ხანის კარავთან ჩამოხდა. მან ყიზილბაშთა ამირების და დიდებულების კარვები
ქართველ დიდებულებს და წარჩინებულებს დაურიგა. ისლამის ჯარის ქონება და
ავლადიდება ურჯულო ქართველთა ბატონებს ხვდა წილად~. ეს იყო შაჰის პირველი და
საკმაოდ მძიმე მარცხი საქართველოში.
1616 წელს კახეთის დასასჯელად კვლავ პირადად შაჰი დაიძრა. აბას I ჯერ თბილისში
შემოვიდა და ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი (დაუთ-ხანის შვილი) დანიშნა. შემდეგ
თავისი ჯარი რამდენიმე ნაწილად დაყო და კახეთს შეუსია. თეიმურაზი მიხვდა, რომ
ირანელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და იმერეთში გაიხიზნა. კახელები, რომლებსაც
დავით ჯანდიერი ხელმძღვანელობდა, მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს.
უბრძოლველად არ ტოვებდნენ არც ერთ ციხესა თუ სოფელს. ყიზილბაშები ანგრევდნენ
სახლებს, ეკლესია-მონასტრებს, ჩეხავდნენ ბაღებსა და ვენახებს.
1617 წელს ირანელებმა ისევ დალაშქრეს კახეთი. შაჰ-აბას I-ის გამანადგურებელი
შემოსევების შედეგად კახეთი საშინლად აოხრდა და განადგურდა. ირანელი ისტორიკოსი
წერდა, `ისეთი ქვეყანა, რომელიც ყოველდღე ურიცხვ სარგებელსა და შემოსავალს
იძლეოდა, დაინგრა და მიწასთან იქნა გასწორებული~. ყიზილბაშებთან ბრძოლაში 100
ათასი ქართველი დაიღუპა, 200 ათასი კი აყარეს და ირანის შიდა პროვინციებში
(ძირითადად, ფერეიდანში) გადაასახლეს. გადასახლებული ქართველების ადგილზე
მომთაბარეების ჩამოსახლება დაიწყეს. შაჰის ბრძანებით კახეთი ორად გაყვეს. მდინარე
ივრის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია ფეიქარ-ხანს დაემორჩილა. ივრის
დასავლეთით მდებარე მხარე კი ბაგრატ-ხანს გადაეცა.
1619 წელს ბაგრატ-ხანი გარდაიცვალა და შაჰმა ქართლის მმართველად მისი ძე
სვიმონ-ხანი დანიშნა და რადგან ის მცირეწლოვანი იყო, მეურვედ გიორგი სააკაძე
დაუნიშნა. ქართლს ფაქტობრივად გიორგი სააკაძე მართავდა. უნდა აღინიშნოს, რომ
გიორგის ამით არ უსარგებლია და პირად მტრებთან ანგარიშის გასწორება არ დაუწყია.
ზოგიერთ მათგანს (ქაიხოსრო ჯავახიშვილს, ფარსადან ციციშვილს) შეურიგდა კიდეც.
როგორც ჩანს გიორგი სააკაძეს სერიოზული გეგმები ჰქონდა. მან იმერეთის მეფე გიორგი

5
III-თან დაამყარა კავშირი, ქალიშვილი კი სამცხის ათაბაგების გამაჰმადიანებულ
შთამომავალს, ფარად ფაშას მიათხოვა. 1624 წლის ბოლოს შაჰ-აბასმა გიორგი სააკაძე და
მისი ცოლისძმა, ზურაბ არაგვის ერისთავი ირანში დაიბარა.
კახეთიდან ლტოლვილი თეიმურაზ I ყოველნაირად ცდილობდა საიდანმე
დახმარება მიეღო. 1618 წელსოსმალეთმა შეტევა განაახლა ირანის წინააღმდეგ. მათი ჯარის
მეწინავე რიგებში თავისი რაზმით თეიმურაზიც იმყოფებოდა. ოსმალებმა უხეიროდ
წარმართეს საომარი მოქმედებები და მალე ოსმალეთსა დაირანს შორის ახალი ზავი დაიდო.
თეიმურაზმა რუსეთშიც გაგზავნა ელჩები, მაგრამ უშედეგოდ. თეიმურაზის
გაუტეხელობით განრიხსებულმა შაჰმა შური მის შვილებზე იძია, ლევანი და ალექსანდრე
დაასაჭურისეს.
თეიმურაზ I-სა და იმ დროს მოღვაწე სხვა ქართველი პოლიტიკოსების ტრაგედია
იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ერთი დამპყრობის მეორე დამპყრობლით დამარცხება
სურდათ. ეს კი რეალურად არაფერს არ ცვლიდა. თეიმურაზი ირანის წინააღმდეგ იმ
ოსმალეთის გამოყენებას აპირებდა, რომელსაც მესხეთი უკვე დაპყრობილი ჰქონდა და
დასავლეთ საქართველოს დასაპყრობად ემზადებოდა. გურიისა და ოდიშის მთავრები
იძულებული იყვნენ ოსმალთა სასარგებლოდ ხარკი ეკისრათ.
თუ თეიმურაზი ირანის წინააღმდეგ ოსმალეთის გამოყენებას აპირებდა,
საპირისპირო გეგმა ჰქონდა მანუჩარ ჯაყელის. ათაბაგი ცდილობდა ოსმალეთსა
და ირანს შორის არსებული წინააღმდეგობები გამოეყენებინა და ირანის დახმარებით
მესხეთიდან ოსმალეთი განედევნა. ამ მიზნით, დაახლოებით 1605წელს, მანუჩარი ირანში
იმყოფებოდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა აბას I-თან. შაჰი ხვდებოდა, თუ რა დიდ
უპირატესობას მოიპოვებდა მანუჩარის თავის მხარეზე გადმობირებით. ამიტომ აბას I
მანუჩარს დახმარებას პირდებოდა. ცხადია, რომ რეალურად შაჰსაც სამცხის სრული
დაპყრობა სურდა.
მანუჩარ II-ის გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში
მისი მეუღლე, სვიმონ I-ის ასული ელენე ჩაუდგა. ირან-ოსმალეთის ომის დროს ელენემ
ქართლის სამეფოს ჯარის დახმარებით ახალციხის აღება მოახერხა. ახალციხის დაკავების
შემდეგ აბას I-მა ათაბაგად მანუჩარის ვაჟი მანუჩარ III ცნო. ბრძოლის ამ ეტაპზე შაჰი
ათაბაგის ვასალობას თანხმდებოდა და თავის ნამდვილ ზრახვებს არ ამჟღავნებდა. შაჰის
მთავარი ამოცანა იყო ათაბაგისა და, საერთოდ, სამცხის მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, რომ
ირანი გაცილებით უფრო ლმობიერ პოლიტიკას ატარებდა, ვიდრე ოსმალეთი. სამწუხაროდ,
ქართველებმა ახალციხე ვერ შეინარჩუნეს. ოსმალებმა დიდი ჯარი გამოგზავნეს და ქალაქი
კვლავ დაიბრუნეს.

ირანელი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში შემდეგნაირად აღწერს XVII საუკუნის


დასაწყისში სამცხეში შექმნილ ვითარებას, `არზუმის მოსაზღვრე ახალციხის ველაიეთი და
ყარაჯა არდაჰანი მესხეთს ექვემდებარებიან. სანამ მანუჩარ-ხანი ცოცხალი იყო, ის
ცდილობდა დახმარებოდა სიმონ-ხანს. მის შემდეგ ოსმალები იმ ქვეყანაში გაბატონდნენ და
სიმონ ხანის ქალიშვილი, რომელიც მანუჩარ-ხანის მეუღლე და ენერგიული მანდილოსანი
იყო, თავისი პატარა ვაჟიშვილით და მათი ოჯახის ერთგული მსახურების მცირე რიცხვით

6
იმ ქვეყნის ტყეებსა და მთებში აფარებდა თავს იმ ოცდახუთი წლის განმავლობაში, როცა
მთელი საქართველო ოსმალეთის ქვეშევრდომი და მოხარკე იყო. ხსენებული მანდილოსანი
ბევრს ეცადა, რომ, როგორც საქართველოს სხვა მხარეებში ოსმალები ქართველ
მმართველებს უთმობდნენ (ქვეყანას) და ხარკის აღებით კმაყოფილდებოდნენ, ისე მისი
ვაჟისთვისაც, რომელიც ათაბაგად იწოდებოდა, დაეთმოთ (ქვეყანა) და ხარკი აეღოთ.
ოსმალები არ დასთანხმდნენ ამაზე. მხოლოდ ერთი ნაკვეთი მისცეს იმ ველაიეთში მას და
დედამისს ცხოვრების სახსრად და ისიც გაჭირვებით ატარებდა ცხოვრებას~.

XVII საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში აბასმა საქართველოს საკითხის ერთხელ


და სამუდამოდ გადაწყვეტა განიზრახა. მან ჯერ ქართველების მორალური გატეხვა დააპირა
და ლუარსაბ II-ს გამაჰმადიანება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ 1622 წელს ლუარსაბი
ციხეში მოაშთობინა. ქართულმა ეკლესიამ მეფე ლუარსაბ II წმინდანად შერაცხა და მისი
ხსენების დღედ 21 ივნისი (4 ივლისი) დააწესა.
შემდეგ შაჰმა გამაჰმადიანება ქეთევან დედოფალს მოსთხოვა. დედოფალი უდიდესი
სახელითა და გავლენით სარგებლობდა ხალხში. თეიმურაზ I-ის მეფობის პირველ წლებში
ფაქტობრივად იგი განაგებდა სამეფოს. შაჰმა იცოდა, რომ თუკი დედოფალი
გამაჰმადიანდებოდა, ეს ირანის შაჰის უდიდესი გამარჯვება იქნებოდა. მრისხანე შაჰმა
ვერაფრით აიძულა ქეთევანი გამაჰმადიანებულიყო. 1624 წლის 12 სექტემბერს შირაზში
ქეთევან დედოფალი სასტიკად აწამეს. ეკლესიამ წამებული დედოფალი წმინდანად
შერაცხა. ქეთევან დედოფლის მოწამეობრივმა აღსასრულმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა
მთელ ქრისტიანულ სამყაროში. პორტუგალიაში, ერთ-ერთი ტაძრის კედელზე
მოთავსებულია ქეთევანის წამების ფრესკა.
1625 წელს შაჰ-აბასმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ჯარი გამოგზავნა და
სათავეში ყარჩიხა-ხანი ჩაუყენა. ყარჩიხა-ხანს კახელების სრული ამოწყვეტა, ქართლელების
აყრა და ირანში გადასახლება ჰქონდა დავალებული. ყიზილბაშებს თან გიორგი სააკაძე და
ზურაბ ერისთავი ახლდნენ. შაჰი ქართველების ხელითვე აპირებდა ქართველების
დამარცხებას. თუმცა ქართველებს ბოლომდე არ ენდობოდა. ამიტომაც გიორგი სააკაძის
ვაჟი პაატა და ზურაბ ერისთავის მეუღლე თავისთან მძევლებად დაიტოვა. ადრე
გაზაფხულზე ყიზილბაშები ქართლში შემოვიდნენ და მუხრანთან დაბანაკდნენ.
ირანელებმა ხმა გაავრცელეს, იმერეთზე სალაშქროდ მივდივართო და შაჰის ბრძანების
თანახმად, კახელების ჯარიც დაიბარეს. ირანელებს მუხანათური ჩანაფიქრი ჰქონდათ.
ისინი კახელებს სათითაოდ ცალკე მდგარ კარავში ეპატიჟებოდნენ, ვითომდა შაჰის
საჩუქრების მისაღებად. სინამდვილეში კი იქვე ხოცავდნენ. კახელებმა ეს ვერაგობა
შეიტყვეს და ბრძოლით მოახერხეს სამშვიდობოს გაღწევა. დრო არ ითმენდა. ყიზილბაშები
მთელი აღმოსავლეთ საქართველოს განადგურებას აპირებდნენ. გიორგი სააკაძემ აჯანყების
გეგმა შეიმუშავა. თავიდან ზოგიერთი თავადი ეჭვით შეხვდა შაჰის სამსახურში მყოფი
`დიდი მოურავის~ წინადადებას, მაგრამ მალე ყველასათვის ნათელი გახდა თუ რა დიდი
საფრთხე ემუქრებოდა ქართლსა და კახეთს.
1625 წლის 25 მარტს, ხარება დღეს, დილით ადრე მარტყოფის ველზე დაბანაკებულ
მტრის 30-ათასიან ჯარს ქართველები სხვადასხვა მხრიდან თავს დაესხნენ. ყარჩიხა-ხანმა

7
სასწრაფოდ სარდლები შეკრიბა. ირანელთა ჯარში მყოფი გიორგი საააკაძე, მისი ძე
ავთანდილი და მათი ორი ქართველი მხლებელი ყიზილბაშ ხანებს დაერივნენ. გიორგიმ
პირადად მოკლა ყარჩიხა-ხანი. ირანელთა ჯარი სარდლობის გარეშე დარჩა. ქართველებმა
ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. მხოლოდ 3 ათასმა ირანელმა უშველა თავს გაქცევით.
რამდენიმე დღეში თითქმის მთელი ქართლ-კახეთი გაიწმინდა დამპყრობლებისაგან.
გიორგი სააკაძემ გონიოს ციხეში მყოფი თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მოიწვია.
მარტყოფის ველზე განცდილმა მარცხმა საშინლად განარისხა აბას I. შაჰის ბრძანებით
ირანში მძევლად მყოფ პაატა სააკაძეს თავი მოჰკვეთეს და გიორგის გამოუგზავნეს
(შემდგომში პაატას ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და ერთაწმინდაში დაკრძალეს).
ორმოცი წლის მანძილზე ირანს ასეთი მძიმე მარცხი არ განეცადა. ქართველების
სამაგალითოდ დასასჯელად შაჰმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და სარდლად თავისი სიძე,
ისა-ხან ყორჩიბაში დაუნიშნა. 1625 წლის ივნისის ბოლოს ირანელები ქართლში შემოვიდნენ
და მარაბდის ველზე დაბანაკდნენ. ქართველთა 20-ათასიანი ლაშქარი კოჯორ-ტაბახმელას
ვიწროებში იყო გამაგრებული. ირანელები შეტევაზე გადასვლას არ ჩქარობდნენ, რადგან
ჯარის ნაწილი ჯერ კიდევ მოსასვლელი იყო. გიორგი სააკაძის გეგმით, ქართველებს მტერი
ვიწროებში უნდა შეეტყუებინათ და იქ გაენადგურებინათ. გაშლილ ველზე მტერს შეეძლო
თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება. თანაც ზაფხულის საშინელი სიცხეები
იდგა, ირანელები კი სიცხეში ბრძოლას შეჩვეულები იყვნენ. სააკაძის გეგმა ალბათ ყველაზე
სწორი იყო, მაგრამ თეიმურაზ I-ს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა, რადგან თავადების
ნაწილი დაუყოვნებლივ ბრძოლის დაწყებას ითხოვდა. განსაკუთრებით ბარათაშვილები
აქტიურობდნენ. ყიზილბაშები ქვემო ქართლში იდგნენ და ბარათაშვილთა მამულებს
აოხრებდნენ. ბარათაშვილებს ისიც აწუხებდათ, რომ ირანელთა ბანაკში ყაფლან
ბარათაშვილი იმყოფებოდა და მისი შურისძიების ეშინოდათ. ბარათაშვილები ველზე
გასვლასა და ირანელებთან შებმას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წასვლით
იმუქრებოდნენ.
ბრძოლის წინა ღამეს საინტერესო რამ მოხდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით,
`მარაბდის ომსა ზედა მროველმან ავალიშვილმან რა მოიღო ზიარება, ეტყოდნენ: უკეთუ
დღეს აღიღებ მახვილსა ბრძოლად, უბრძანე რათა გვაზიაროს სხვამან და უკეთუ არა,
უმჯობეს არს შენ მიერ. ხოლო იგი იტყოდა: დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისტეს
მცნებისა და არა მხოლოდ ჩემ ზედა. ამისთვი არა ვყო, უკეთუ უწინარეს თქუენსა არა
დავსთხიო სისხლი ჩემი მახვილის ამღებმან~. საერთოდ ქართული სამღვდელოება
ყოველთვის ერის გვერდით იდგა. მათ შორის ომის დროსაც. იგივე ვახუშტის მიხედვით,
როდესაც `იხილეს ღაფლობა-უღონობა ქუეყნისა ერთა ებისკობოზთა, მაშინ ეტყოდნენ
ებისკოპოზნი, ნუ მოღაფლდებით და ნუ მოუღონოვდებით ბრძოლად მათდა და ნუ
დაუტევებთ სარწმუნოებასა, რჯულსა და ჩვეულებასა თქუენსა და ჩუენ ვიქმნებით
წინამბრძოლნი თქუენნი~.
1625 წლის 1 ივლისს, დილით, თეიმურაზ I-ის მეთაურობით ქართველები შეტევაზე
გადავიდნენ. ირანელები მომზადებული დახვდნენ იერიშს. მათ წინასწარ აეგოთ სანგრები,
რომელთა უკან მეთოფეთა ოთხი მწკრივი იდგა. პირველი მწკრივი მუხლებზე იყო
დაჩოქილი, მეორე _ ფეხზე იდგა, მესამე _ ცხენზე იყო ამხედრებული, მეოთხე _ აქლემებზე.

8
მეთოფეთა საერთო რიცხვი 12 ათასი იყო და მათ ირანელთა ჯარში სიმამაცით ცნობილი
ამირგუნე-ხანი სარდლობდა. შეტევაზე გადასულ ქართველთა შეჩერება შეუძლებელი
გახდა. ბრძოლაში ქართველი ეპისკოპოსებიც მონაწილეობდნენ. მტრის ჯარი აირია,
ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და
ბრძოლის ადგილს დასცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა
მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა მოვიდა
(ეს სწორედ ის დაგვიანებული რაზმი იყო, რომელსაც ისა-ხანი ელოდა). ამას ზედ ისიც
დაერთო, რომ ბრძოლაში თეიმურაზ მუხრანბატონი დაიღუპა, მაგრამ ხმა გავრცელდა
თეიმურაზ მეფე მოკლესო. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და საბოლოოდ ქართველები
დამარცხდნენ. 10 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის იყვნენ: დავით
ჯანდიერი, რუსთველი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა
მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და სხვა მრავალი. არც ყიზილბაშებს დაადგათ კარგი დღე.
14 ათასი ყიზილბაში დაიღუპა მარაბდის ბრძოლაში.
ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს და
დიდი ზიანი მიაყენეს მტერს. ქსნის ხეობაში 12-ათასიანი ყიზილბაშთა ლაშქარი
გაანადგურეს. გადარჩა მხოლოდ მცირე რაზმი, რომელსაც ხოსრო-მირზა (მომავალი
ქართლის მეფე როსტომ-ხანი) მეთაურობდა. სავარაუდოა, რომ ხოსრო-მირზა თავის
მცირერიცხოვან რაზმთან ერთად გიორგი სააკაძემ გაუშვა.
ამის შემდეგ სააკაძე სამცხეში გადავიდა. ასპინძასთან სასტიკად დაამარცხა
ირანელები და აწყურისა და ხერთვისის ციხეები აიღო. ახალციხე ირანელებმა თავისით
დატოვეს. გიორგიმ დახმარება სულთან მურად IV-ს სთხოვა. სულთანი დახმარებას
შეჰპირდა, მაგრამ რეალურად არაფერი გააკეთა. ოსმალები ამ დროს ბაღდადის ასაღებად
იბრძოდნენ და სულთანს ხელს აძლევდა, რომ ირანელებს ჯარის ნაწილი საქართველოში
გამოეგზავნათ, რითაც თავისთავად ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო ძალის
რაოდენობას შეამცირებდა. ეს ოსმალებს ბრძოლას გაუადვილებდა. ამიტომ იყო, რომ
სულთანი ქართველებს ბრძოლის გაგრძელებას ურჩევდა. გიორგი მიხვდა, რომ ოსმალები
რეალურად არ დაეხმარებოდნენ, სამცხე მალევე დატოვა და ქართლში დაბრუნდა.
სამაგიეროდ მესხეთში მანუჩარ III დარჩა. მარაბდის ბრძოლაში ქართველთა მხარდამხარ
მებრძოლი ათაბაგი იძულებული გახდა სულთანს ხლებოდა და მორჩილება
გამოეცხადებინა. ირან-ოსმალეთის ომის დროს სულთანი მოხარული იქნებოდა თუ
ათაბაგი მის მხარეს დაიჭერდა. ამიტომ ამჯერად სულთანი მცირე `დათმობაზე~ წავიდა და
მანუჩარს ქრისტიანობის უარყოფა არ მოსთხოვა, ისე დაამტკიცა ათაბაგად. უკან
გამობრუნებული მანუჩარ III გზაში მისმა ბიძამ მოაწამვლინა. ოსმალებმა ისარგებლეს
შექმნილი სიტუაციით და 1628 წელს ჩილდირის (ახალციხის) ფაშად მანუჩარის
გამაჰმადიანებული ბიძა საფარ ფაშა დანიშნეს.
საქართველოში ირანის შაჰმა უდიდესი სამხედრო მარცხი განიცადა. ქართველებთან
ბრძოლაში დაახლოებით 60 ათასი ირანელი დაიღუპა. აბას I მიხვდა, რომ ძალით
ქართველების წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდა და პოლიტიკა შეცვალა. ქართველებს
შორის უთანხნმოების ჩამოგდებას შეეცადა. როგორც ჩანს თეიმურაზსა და სააკაძეს შორის

9
არც მანამდე იყო მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა. ქართველმა თავადებმაც თავისი
წვლილი შეიტანეს ამ ორი პიროვნების ურთიერთდაპირისპირებაში.
გიორგიმ თავისი მომხრეების შეკრება დაიწყო. იმერეთის მეფე გიორგის დახმარება
და სამაგიეროდ მისი შვილის, ალექსანდრეს ქართლ-კახეთში გამეფება შესთავაზა. მოურავს
დამხმარე ძალა სამცხიდანაც მოუვიდა. არც თეიმურაზი იჯდა გულხელდაკრეფილი. მან
სააკაძის ძველი მოკავშირე, მისი ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი მიიმხრო. 1626 წლის
შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან თეიმურაზ I და გიორგი სააკაძე ერთმანეთს
შეებრძოლნენ. გიორგი დამარცხდა და იძულებული გახდა თავის მხლებლებთან ერთად
ოსმალეთში გაქცეულიყო. გიორგი სააკაძე სულთნის სამსახურშიც მალე დაწინაურდა,
მაგრამ 1629 წლის 3 ოქტომბერს გიორგის, მის ვაჟ ავთანდილსა და მასთან მყოფ ორმოც
ქართველს ღალატი დააბრალეს და დიდი ვეზირის, ხუსრევ-ფაშას, ბრძანებით თავი
მოჰკვეთეს. სავარაუდოა, რომ ირანში განვითარებული მოვლენების გამო, სააკაძემ კვლავ ამ
ქვეყანაში დაბრუნება ისურვა და ოსმალებმა ეს შეიტყვეს.
1629 წელს აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ ისპაანის ტარუღამ (მოურავმა) ხოსრო-
მირზამ შაჰის ტახტზე აბას I-ის შვილიშვილი სეფი I დასვა. ბუნებრივია, რომ ხოსრო-მირზა
ირანის შაჰის უახლოესი პირი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხოსრო-მირზას
დაწინაურება გიორგი სააკაძის დამსახურება იყო (ისევე როგორც ქსანთან მისი გაშვება),
სრულიად შესაძლებელია გიორგის ხოსრო-მირზასთან წასვლის სურვილი გასჩენოდა.
ძნელია საქართველოს ისტორიაში მოიძებნოს მეორე პიროვნება, რომელის
მოღვაწეობის შეფასებაც ასეთ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. ნაწილი მას გმირად,
ნაწილი კი მოღალატედ მიიჩნევს. ჩვენ ერთ რამეს აღვნიშნავთ, სააკაძე უდავოდ ძალიან
ენერგიული, ნიჭიერი და ჭკვიანი პიროვნება იყო. მის კარიერაში მართლაც არის მომენტები,
რომლებიც მას უარყოფითად ახასიათებენ. თუმცა ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ტაშისკართან,
მარტყოფში და ქსანზე მოპოვებული გამარჯვებები მისი დამსახურებაა. განსაკუთრებით
აღსანიშნავია მარტყოფის ბრძოლა, სადაც სააკაძემ ქართლ-კახეთი განადგურებისაგან იხსნა.
იმ დროს ქართველ პოლიტიკოსთა შორის სხვა არავინ იყო ვინც ამას შეძლებდა. თუ
სააკაძის მოღვაწეობის დადებით და უარყოფით მომენტებს დავთვლით, დადებითი მეტი
გამოვა.
აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზმა თავისი ძალაუფლების განემტკიცება
გადაწყვიტა. მან ჯერ ზურაბ ერისთავს სვიმონ-ხანი მოაკვლევინა, ხოლო შემდეგ არც თავად
არაგვის ერისთავი დაინდო. თეიმურაზ I იმერეთის მეფე გიორგი III-ს დაუმოყვრდა,
თავისი ასული მის ძეს ალექსანდრეს მიათხოვა.
აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ ირანში ორი ქართული დაჯგუფება
დაუპირისპირდა ერთმანეთს. ერთში ხოსრო-მირზა და როსტომ-ხან სააკაძე შედიოდნენ,
მეორეში კი ძმები უნდილაძეები. ამ დაპირისპირებაში თეიმურაზიც ჩაება. ალავერდი-ხანის
უფროსი შვილი იმამყული-ხანი ფარსისა და სხვა პროვინციების მმართველი იყო. მისი ძმა
დაუდ-ხანი კი განჯა-ყარაბაღის ბეგლარ-ბეგი (აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მაღალი
თანამდებობებისა, უნდილაძეებს პირადად არასდროს მიუღიათ მონაწილეობა
საქართველოზე ლაშქრობაში). 1632 წელს თეიმურაზმა განჯა-ყარაბაღში ილაშქრა. ამ
ლაშქრობაში მას მხარს დაუდ-ხანიც უჭერდ. ეს ირანის შაჰის წინააღმდეგ ომის დაწყებას

10
ნიშნავდა. თეიმურაზისა და დაუდ-ხანის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია,
სავარაუდოა, რომ ერთი დიდი გეგმის ნაწილი იყო. ამ გეგმის თანახმად ირანის ტახტზე
სეფი I-ის ნაცვლად აბას I-ის ის უმცროსი ძე უნდა დაესვათ, რომელიც იმამყული-ხან
უნდილაძესთან იზრდებოდა. თეიმურაზმა და უნდილაძეებმა საკუთარი შესაძლებლობები
რეალურად ვერ შეაფასეს და დამარცხდნენ. ამას ირანში უნდილაძეთა განადგურება მოჰყავ.
სეფი I-მა თეიმურაზის ნაცვლად ქართლში ხოსრო-მირზა გამოგზავნა, კახეთი კი
ირანელ მოხელე სელიმ-ხანს ჩააბარა.
1633 წელს ხოსრო-მირზა ქართლში გამეფებდა და როსტომ-ხანი დაირქვა. ამ დროს
როსტომი უკვე 67 წლისა იყო. თეიმურაზ I-მა თავი იმერეთს შეაფარა. ქართულ წყაროებში
როსტომ-ხანი მეფედ მოიხსენიება, თუმცა, ირანის სამეფო კარი მას თავის მოხელედ _
`ვალად~ მიიჩნევდა (`ვალი~ ეწოდებოდა ამა თუ იმ მხარის მმართველ ირანელ მოხელეს,
რომელიც წარმოშობით ადგილობრივ დინასტიას ეკუთვნოდა. ირანში ოთხი ვალი იყო:
გურჯისტანის, არაბისტანის, ლურისტანისა და ქურთისტანის). ქართლის დაკავებისთანავე
როსტომმა ციხეებში ყიზილბაშური გარნიზონები ჩააყენა. დიდი პოლიტიკური
მნიშვნელობა ჰქონდა როსტომის დაქორწინებას ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის დაზე,
მარიამზე. ლევან დადიანი იმერეთის მეფის მოწინააღმდეგე იყო. საქართველოში
ფაქტობრივად ორი დაჯგუფება შეიქმნა: როსტომი და ლევანი, თეიმურაზ I-სა და იმერეთის
მეფეს გიორგი III-ს დაუპირისპირდნენ.
ლევან დადიანის დედა კახთა მეფის ალექსანდრე II-ის ასული იყო. გარკვეული
პერიოდი სამეგრელოს სამთავროს მემკვიდრე კახეთში იზრდებოდა. ლევან II ენერგიული
და ჭკვიანი პიროვნება იყო. იგი ცდილობდა თავისი ძალაუფლება მთელს დასავლეთ
საქართველოზე გაევრცელებინა. მისი ძირითადი მოწინააღმდეგე იმერეთის მეფე გიორგი
III იყო. 1634 წელს ლევანმა გიორგი III დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო. მეფის გამოსახსნელად
მეფის ძემ ალექსანდრემ ლევანს გარკვეული ტერიტორიები დაუთმო და გარდა ამისა,
იმერეთში, ჩხარში მცხოვრები სომეხი და ებრაელი ვაჭრები ოდიშის მთავარმა რუხში
გადაასახლა. დადიანს რუხში ქალაქის დაარსება და სამთავროში ვაჭრობის განვითარება
ჰქონდა განზრახული. ტყვეობიდან გათავისუფლებული იმერეთის მეფე მალევე
გარდაიცვალა და იმერეთში ალექსანდრე III (1639-1660) გამეფდა. მეტად დაძაბული
ურთიერთობა ჰქონდა ლევან II-ს აფხაზეთთანაც. ჩვენი აზრით, მართებულია იმ მეცნიერთა
მოსაზრება, რომლებიც თვლიდნენ, რომ XVII საუკუნეში აფხაზეთში მკვეთრად იცვლება
მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. მთებიდან ზღვისპირეთში სახლდებიან
ადიღეური ტომები, რომლებიც თავიანთ თავს `აფსუას~ უწოდებენ (მთის მოსახლეობის
ბარში ჩამოსვლა მთელი საქართველოს მასშტაბით ხდებოდა. ამის ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი კი, სასტიკი და ხანგრძლივი ომების შედეგად ბარის დაცარიელება იყო).
ჩამოსახლებული აფსუები განვითარების შედარებით დაბალ დონეზე იდგნენ, მათი
ძირითადი საქმიანობა პრიმიტიული მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ნადირობა და
ძარცვა-ყაჩაღობა იყო. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში, ამ უძველეს ქრისტიანულ კუთხეში,
ფეხს იკიდებს წარმართობა, რომელიც მთიდან ჩამოსახლებულებმა თან მოიტანეს.
შარვაშიძეები, რომლებიც ჯერ კიდევ ბაგრატ IV-ის დროიდან აფხაზეთის ერისთავები
იყვნენ, იძულებული გახდნენ შექმნილ ვითარებას შეგუებოდნენ და დამოუკიდებელი

11
სამთავროს შექმნას ცდილობდნენ. ჩამოსახლებულთა შემოტევას წინ ლევან დადიანი
აღუდგა. მან ცხუმის (სოხუმის) მახლობლად ზღვიდან მთამდე კედელი ააგო. ამ
თავდაცვით ნაგებობას ოდიშის სამთავროს ჯარი იცავდა. ლევანმა აფსუების შემოტევების
შეჩერება შეძლო. მისი ენერგიული მოქმედება რომ არა, აგრესიის სფერო უფრო
გაფართოვდებოდა. ეს კი ძალზე დაამძიმებდა ისედაც რთულ ვითარებას. ლევან II-ის
მმართველობის პერიოდში ოდიშის სამთავრო გაძლიერდა როგორც პოლიტიკურად, ასევე
ეკონომიკურად. კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც დიდხანს
ცხოვრობდა ოდიშში შემდეგნაირად ახასიათებს ოდიშის მთავარს, `მისი საქმეები ცხადად
გვიჩვენებენ, რომ ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენის
საუკეთესო მასწავლებლებისაგან სწავლა-განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ
აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით, შეუთვისებია მას მარად
საქებარი ზნე-ჩვეულება. საჭმელში ისეთი ზომიერია, რომ ხშირად რაიმე საქმის გამო ან
ნადირობისათვის ისე ადგება სუფრიდან, რომ ან სულ არ ჭამს, ან ცოტა რასმე მოსციცქნის.
არასოდეს იგი ღვინით დამთვრალი არ უნახავთ, თუმცა მის ქვეყანაში სიმთვრალე საერთო
ნაკლოვანებას შეადგენს. უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია. პირიქით, მუდამ
დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის ყოველგვარის ვარჯიშობისათვის.
ლაშქრობაში იგი მარდია, ჩუმი და მხნე. ამიტომაც ყოველ ომში იგი იმარჯვებს. მეხსიერება
ისე ძლიერი აქვს, რომ დავიწყება რა არის არ იცის. ხომ მრავალი მოლაპარაკება აქვს
სხვადასხვა საქმის გამო, მაგრამ ყოველის მოლაპარაკების და ხელშეკრულების უმცირესი
სიტყვაც კი გაახსენდება ექვსის და შვიდის წლის შემდეგაც. ქვეშევრდომების
შემწეობისათვის მოწადინებულია მუდამ. ფრიად მოყვარულია მართლმსაჯულებისა. არ
იცის აჩქარება. სრულებით განაახლა ქვეყანა. ღვთისმსახურების და ეკლესიის საქმეშიც
გამოიჩინა დადიანმა თავი. არ არის ოდიშში ახლა არც ერთი ეკლესია, სადაც მისი
ღვთისმოყვარეობის ნიშანი არ იყოს~.
ამასობაში თეიმურაზ I-მა არაგვისა და ქსნის ერისთავების დახმარებით, ქართლის
დაბრუნება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. თეიმურაზმა მხოლოდ კახეთიდან სელიმ-ხანის
განდევნა და კახეთში გამეფება შეძლო. თეიმურაზმა ელჩები გაგზავნა რუსეთში და
1639 წელს `ფიცის წიგნიც~ განაახლა, მაგრამ რუსეთიდან რეალური დახმარება მაინც არ
ჩანდა. რუსეთი არც ამჯერად წარმოადგენდა იმ ძალას, რომელსაც ირანის აგრესიის
აღკვეთა შეეძლო.
იმავე 1639 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის ზავი დაიდო. ზავის თანახმად, მთელი
სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს დარჩა. საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი დაიკარგა.
მესხეთში მცხოვრებ ქართველებს მხოლოდ თავიანთი თავის იმედიღა უნდა ჰქონოდათ.
ისინი მარტოდმარტო აღმოჩნდნენ ოსმალეთის პირისპირ. ბრძოლა უთანასწორო იყო.
მოსახლეობის ნაწილი მესხეთს ტოვებდა, ნაწილი იძულებული გახდა
გამაჰმადიანებულიყო, გარკვეულმა ნაწილმა მაჰმადიანობის მიღებას გაკათოლიკება არჩია.
ქართველთა მცირე ნაწილმა მაინც შეძლო მართლმადიდებლობის შეინარჩუნება.
ქართლში როსტომის მეფობის დროს, მართალია, ქრისტიანობა ოფიციალურად არ
იდევნებოდა, მაგრამ ვრცელდებოდა მაჰმადიანობა და სპარსული წეს-ჩვეულებები. ეს, რა
თქმა უნდა, არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ საერო ადამიანებსაც აშფოთებდა.

12
ქართლის თავადებმა რამდენჯერმე მოაწყვეს შეთქმულება როსტომის წინააღმდეგ. მათ
შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 1642 წლის შეთქმულება იყო, რომელშიც
კათოლიკოსი ევდემოზ I დიასამიძე, ზაალ არაგვის ერისთავი, იოთამ ამილახორი, ნოდარ
ციციშვილი და სხვა ქართლელი ფეოდალები მონაწილეობდნენ. შეთქმულება გასცეს და
მისი მონაწილეები სასტიკად დასაჯეს. როსტომის ბრძანებით კათოლიკოსი შეიპყრეს,
შემდეგ კი ციხეში მოაშთეს. ევდემოზ I ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.
როსტომი ირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს არ აწარმოებდა და საერთოდ არც
შაჰს ეურჩებოდა. ცხადია ქართლში სიმშვიდემ დაისადგურა. ამან ქვეყნის ეკონომიკური
გაძლიერება გამოიწვია. დაბრუნდა გახიზნული მოსახლეობა, აღდგა ქალაქები,
გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა. როსტომმა ქართულ სამოხელეო თანამდებობებს
სახელები შეუცვალა და მათ ირანული სახელები დაარქვა. როსტომის დროიდან
მოყოლებული, ქართლისა და კახეთის ტახტზე მხოლოდ გამაჰმადიანებული ბაგრატიონები
ადიოდნენ. ასეთი იყო შაჰის მოთხოვნა. ბაგრატიონთა უმეტესობა მოჩვენებით იღებდა
ისლამს.
1648 წელს როსტომი კახეთში შეიჭრა. ქიზიყში, მაღაროსთან ბრძოლაში კახელები
დამარცხდნენ. ბრძოლაში თეიმურაზ I-ის ვაჟი დავითიც დაიღუპა. დამარცხებული
თეიმურაზი ყველამ მიატოვა. თითქოსდა როსტომს არაფერი უშლიდა ხელს, რომ
თეიმურაზი შეეპყრო, მაგრამ მან `სულგრძელობა~ გამოიჩინა და საშუალება მისცა
თეიმურაზს იმერეთში გადასულიყო. გურჯისტანის ვალმა კარგად იცოდა, რომ სანამ
თეიმურაზი თავისუფალი იყო და სანამ ყიზილბაშებს მისი აჯანყების შიში ექნებოდათ,
ისინი როსტომს თავისუფალი მოქმედების მეტ საშუალებას მისცემდნენ. როგორც კი
თეიმურაზისაგან საფრთხე აღარ ექნებოდათ, შაჰი მაშინვე უფრო მეტ მორჩილებას
მოსთხოვდა როსტომს. სწორედ ამ მიზეზის გამო არ შეიპყრო როსტომმა თეიმურაზი.
ირანის შაჰმა კახეთიც როსტომს უბოძა და ქართლ-კახეთი კვლავ გაერთიანდა. იმერეთში
გადასული თეიმურაზი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა. 1653 წელს მან მოსკოვში თავისი
მემკვიდრე, შვილიშვილი ერეკლე დავითის ძე გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ რუსეთში
ელჩობა როსტომმაც მიავლინა. როგორც ჩანს როსტომი რუსეთთან ურთიერთობის
მოგვარებას ისახავდა მიზნად და ამ გზით თეიმურაზისათვის მოკავშირის ჩამოცილებასაც
გეგმავდა.
1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოართვეს და სამართავად განჯის ხანს გადასცეს.
1658 წელს როსტომი გარდაიცვალა. იგი ირანში, ყუმში, დაკრძალეს. როსტომს შვილი არ
ჰყავდა და ტახტზე მისი მიერ ნაშვილები, ბაგრატიონთა უმცროსი შტოს, მუხრანბატონების
შთამომავალი ვახტანგ V ავიდა. ვახტანგი ჯერ კიდევ როსტომ-ხანის სიცოცხლეში წავიდა
ირანში, გამაჰმადიანდა და შაჰნავაზი ეწოდა. 1658 წელს ქართლში გამეფებულმა ვახტანგმა
როსტომის პოლიტიკა განაგრძო. მოჩვენებითი გამაჰმადიანებითა და ყმობის აღიარებით
იგი ცდილობდა ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. რაც ქვეყნის
ნორმალური განვითარების საშუალებას იძლეოდა.
რუსეთიდან დახმარება არ ჩანდა და 1658 წელს მოსკოვში თავად თეიმურაზ I
გაემგზავრა. თუმცა რეალური დახმარება ვერც ამის შემდეგ მიიღო და იმერეთში
დაბრუნებული ბერად აღიკვეცა. თეიმურაზი სკანდის ციხეში განმარტოვდა. როდესაც

13
ვახტანგ V-მ იმერეთში ილაშქრა, თეიმურაზი მას ტყვედ ჩაუვარდა. მთელი ცხოვრება
ყიზილბაშების წინააღმდეგ მებრძოლი მეფე ირანში გაგზავნეს. ისლამის მიღებაზე უარის
თქმის შემდეგ თეიმურაზი ასტრაბადის ციხეში გამოკეტეს. 1663 წელს 74 წლის თეიმურაზ I
გარდაიცვალა. ქართველებმა მეფის ნეშტი ჩამოასვენეს და ალავერდში დაკრძალეს.
XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა კახეთში.
ირანის შაჰმა აბას II-მ თავისი წინაპრის, აბას I-ის, პოლიტიკა განაახლა და კახეთში
მომთაბარე თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. დაახლოებით 80 ათასამდე თურქმანი
ჩამოასახლეს. თურქმანები ქართველებს ყოველმხრივ ჩაგრავდნენ და ავიწროვებდნენ.
თურქმანთა შორის მესაქონლეობა იყო განვითარებული და მათ მხოლოდ საძოვრები
აინტერესებდათ. კახეთი კი მიწათმოქმედების, მევენახეობა-მებაღეობის ქვეყანა იყო.
კახეთის მეურნეობის ტრადიციულ დარგებს განადგურება ელოდა. თურქმანების
ჩამოსახლებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო თუშები, ფშავლები და ხევსურები. მთასა და
ბარს შორის საუკუნეების მანძილზე ურთიერთკავშირი არსებობდა. ბარის მოსახლეობა
გაჭირვებისას მთაში იხიზნებოდა, მთის მოსახლეობის ნაწილი კი საცხოვრებლად ბარში
ჩადიოდა. მთაში ძირითადად მესაქონლეობა იყო განვითარებული. მთა
და ბარიერთმანეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ცვლიდა. თურქმანთა
ჩამოსახლების შემდეგ ბარშიც მესაქონლეობა აღმოჩნდა წამყვანი, რამაც მთის მოსახლეობა
მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მომავალში სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა ქართლსაც.
დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ თუ აბას II კახეთში წარმატებით
განახორციელებდა თავის ჩანაფიქრს, ჯერი ქართლზე მიდგებოდა. მთელ აღმოსავლეთ
საქართველოს გადაშენების საფრთხე დაემუქრა.
ირანის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, ბიძინა
ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ჩაუდგნენ. აჯანყებაში მონაწილეობა
მიიღეს: თუშებმა _ ზეზვა გაფრინდაულის მეთაურობით, ხევსურებმა _ ნადირა
ხოშარაულის წინამძღოლობით და ფშავლებმა _ გოგოლაურის თავკაცობით. თურქმანებს
კახეთში ორი ძლიერი გამაგრებული პუნქტი ჰქონდათ, ბახტრიონის ციხე და ალავერდი,
რომელიც ასევე ციხესიმაგრედ ექციათ. აჯანყება 1660 წელს მოხდა. არაგვის საერისთავოს
ჯარი ზაალის შვილის, ზურაბის სარდლობით და ქსნის ერისთავების ჯარი ახმეტაში
შეიკრიბა. ბახტრიონის ციხესთან მოვიდნენ თუშები, ფშავლები და ხევსურები. კახელები კი
ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ალავერდს მიადგნენ. ქართველებმა თითქმის
ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა და ალავერდს და ორივე აიღეს. ამის შემდეგ მათ სხვა
ადგილებში ჩასახლებულ თურქმანებსაც შეუტიეს. თურქმანთა დიდი ნაწილი ამოწყდა,
გადარჩენილებმა კი გაქცევით უშველეს თავს.
შაჰის ბრძანებით, ვახტანგ V-მ ზაალ ერისთავი მოაკვლევინა. შალვა, ელიზბარი და
ბიძინა კი შაჰს ეახლენ, რათა ამით აბას II-ის მრისხანება ოდნავ მაინც დაეცხროთ და ქვეყანა
ირანელთა შესაძლო დამსჯელი ლაშქრობებისაგან ეხსნათ. აბას II-ის ბრძანებით,
ბახტრიონის აჯანყების ხელმძღვანელები დასასჯელად იმ თურქმანებს გადასცეს, ვისი
თანატომელებიც კახეთში გაწყვიტეს. 1662 წლის 18 სექტემბერს თურქმანებმა ქართველი
მამულიშვილები წამებით დახოცეს. შემდგომში ისინი სამშობლოში გადმოასვენეს და

14
იკორთის მონასტერში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ შალვა, ელიზბარი და ბიძინა
წმინდანებად შერაცხა.
ბახტრიონის აჯანყების შემდეგ ვახტანგ V-ს კახეთიც დაემორჩილა. მან დასავლეთ
საქართველოში არსებული არეულობით ისარგებლა და 1661 წელს იმერეთში თავისი შვილი
არჩილი გაამეფა. ვახტანგ V-მ ისიც კი მოახერხა, რომ ოდიშში მისთვის სასურველი
კანდიდატი, ლევან III დადიანი დასვა მთავრად. ვახტანგის მიერ გატარებული პოლიტიკა
მიუღებელი იყო ირანისა და ოსმალეთისათვის. 1639 წლის ზავით დასავლეთ საქართველო
ოსმალეთს ეკუთვნოდა. სულთანმა ვახტანგის მოქმედება თავის შინაურ საქმეებში ჩარევად
მიიჩნია და ირანს `გურჯისტანის ვალის~ მორჩილებაში ყოლა მოსთხოვა. ვახტანგ V
იძულებული გახდა ორწლიანი მეფობის შემდეგ არჩილი ქართლში წამოეყვანა.
დასავლეთ საქართველოში კი უმძიმესი მდგომარეობა იყო. 1657 წელს ლევან
დადიანის გარდაცვალებამ კიდევ უფრო არია სიტუაცია. ირანელი ისტორიკოსი მოჰამედ
თაჰერი შემდეგნაირად აღწერს ლევან II-ის გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ
საქართველში შექმნილი ვითარებას, `დადიანის ვალი ლევან-ხანი საქართველოს ერთი
უდიდესი ხელმწიფეთაგანი... გარდაიცვალა. რადგანაც ბაში-აჩუკი (იმერეთი _ ავტ.)
ქართლსა და `დადიანს~ შორის მდებარეობს და ლაშქრის გადასვლა ქართლიდან
`დადიანში~ ბაში-აჩუკზე გავლის გარეშე შეუძლებელია. იმ დრომდე, სანამ `დადიანის~
ვალი გაძლიერდებოდა და დამოუკიდებლობის მოპოვებას მოინდომებდა, ის იმერეთს
ექვემდებარებოდა. ლევან-ხანს არ დარჩენია შვილი, რომლის გახელმწიფებაზე შეიძლებოდა
შეთანხმებულიყო იმ ქვეყნის მოსახლეობა. როსტომ-ხანიც ავადმყოფობისაგან ისე იყო
დაუძლურებული, რომ მოძრაობისა და ცხენზე ჯდომის ძალა აღარ ჰქონდა. ლევან-ხანის
გარდაცვალების შემდეგ იმერეთის ვალი დაეპატრონა ხსენებულ მხარეს და მის
მმართველად ერთი თავისი ახლობელი ხანი დანიშნა~. იმერეთის ვალად ისტორიკოსი მეფე
ალექსანდრე II-ს მოიხსენიებს, რომელმაც მცირე ხნით მართლაც შეძლო ოდიშსა და
გურიაში თავის მომხრე მთავრების დასმა. ალექსანდრე 1660 წელსგარდაიცვალა.
იმერეთიდან არჩილის წამოსვლის შემდეგ დასავლეთ საქართველოში სრული ანარქია
დაიწყო. გასაოცარი სისწრაფით იცვლებოდნენ მეფეები და მთავრები, შეიძლება ითქვას,
რომ ეს იყო ბრძოლა `ყველასი ყველას წინააღმდეგ~. ამ ანარქიის ფონზე შარვაშიძეებმა ნელ-
ნელა აფხაზეთის სამთავროს ტერიტორია გააფართოეს და XVII საუკუნის ბოლოს მდინარე
კოდორამდეც მოაღწიეს. კიდევ უფრო გაძლიერდა ოსმალეთის აგრესიაც. ოსმალებმა
თავიანთი გარნიზონი ქუთაისშიც კი ჩააყენეს. კვლავ გრძელდებოდა `ტყვეთა სყიდვა~.
ათასობით მოტაცებული ქართველი გაჰყავდათ და მონათა ბაზარზე ყიდდნენ.
60-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რუსეთიდან თეიმურაზის შვილიშვილი
ერეკლე I დაბრუნდა და კახეთის დაუფლებას შეეცადა. ვახტანგ V-მ ერეკლე დაამარცხა და
მან თავი თორღას ციხეს შეაფარა. ქართლის მეფემ ციხეს ალყა შემოარტყა. ხანგრძლივი
ალყის შემდეგ ციხე დანებდა, მაგრამ მანამდე ვახტანგმა ერეკლეს საშუალება მისცა ციხიდან
გაპარულიყო. მიზეზი ასეთი საქციელისა, იგივე იყო, რაც მაშინ როდესაც როსტომ-ხანმა
თეიმურაზი გაუშვა. იმის შიშით, რომ ერეკლეს შეეძლო კახეთი დაეჭირა, შაჰი ვახტანგ V-ის
მიმართ გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა. თანაც ვახტანგს რუსეთთან ურთიერთობის

15
გაფუჭება არ უნდოდა. ერეკლე კი იმ მომენტში `რუსეთის კაცად~ ითვლებოდა.
დამარცხებული ერეკლე ისევ რუსეთში დაბრუნდა.
1664 წელს შაჰმა კახეთის მეფედ არჩილი დაამტკიცა (მანამდე არჩილიც
გამაჰმადიანდა და შაჰ-ნაზარ ხანად იწოდა, თუმცა შემდგომში ის კვლავ დაუბრუნდა
ქრისტიანობას). მისი მეფობის დროს კახეთი ეკონომიკურად მოღონიერდა, განახლდა
ეკლესიები, შეაკეთეს ან ააშენეს ახალი ნაგებობები. ნაწილობრივ მოხერხდა ლეკთა თარეშის
აღკვეთა. არჩილმა ცოლად თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, ერეკლე I-ის და ქეთევანი
შეირთო. მიუხედავად ამისა, კახელი თავადები არჩილს მაინც `უკანონო~ მეფედ
მიიჩნევდნენ, რადგან ის ქართლელი ბაგრატიონი იყო და თვალი თეიმურაზ I-ის
შვილიშვილისკენ, ერეკლე ბატონიშვილისკენ ეჭირათ.
1674 წელს ერეკლე რუსეთიდან კახეთში დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ ის შაჰმა
თავისთან დაიბარა. არჩილმა იფიქრა, შაჰი ერეკლეს კახეთის მეფედ დაამტკიცებსო, ამიტომ
მამის უკითხავად კახეთი მიატოვა და კვლავ იმერეთში გამეფებას შეეცადა.
შაჰს უყურადღებოდ არ დარჩენია ქართლსა და კახეთში მიმდინარე მოვლენები. მან
ვახტანგ V თავისთან დაიბარა. ვახტანგმა ქართლის გამგებლად თავისი ძე გიორგი დატოვა,
თვითონ კი ირანში წავიდა. 1675 წელს ირანში მიმავალი ვახტანგ V გზაშივე გარდაიცვალა.
იგი ყუმში დაკრძალეს.
ვახტანგის ნაცვლად ქართლის მეფედ მისი უფროსი ძე გიორგი XI (შაჰ-ნავაზ ხანი)
დაინიშნა, კახეთი კი ყიზილბაშ ხანებს გადაეცათ სამართავად, რომლებიც ცდას არ
აკლებდნენ, რათა კახეთი ბოლოს და ბოლოს ყიზილბაშურ სახანოდ ექციათ. ხანები არა
მარტო ლეკთა თარეშს უწყობდნენ ხელს, არამედ მათ აღმოსავლეთ კახეთში (კაკ-ენისელში,
ჭარ-ბელაქანში) ჩამოსახლებასაც.
გიორგი XI კი ყოველნაირად ცდილობდა ყაზილბაშთა უღელი გადაეგდო და
დახმარებას ოსმალეთსაც კი სთხოვდა, მაგრამ ამაოდ. XVII საუკუნის 80-იანი წლების
ბოლოს გიორგი XI რომის პაპს დაუკავშირდა და მხარდაჭერა სთხოვა, მაგრამ პაპსა და
ევროპის სახელმწიფოებს საქართველო არ აინტერესებდათ. გიორგი უმცროს ძმას არჩილსაც
ეხმარებოდა, როდესაც ეს უკანასკნელი იმერეთში გამეფებას ცდილობდა. არჩილმა
რამდენჯერმე დაიკავა იმერეთის ტახტი, მაგრამ ვერც ერთხელ დიდი ხნით ვერ შეინარჩუნა.
1699 წელსარჩილი თავის ოჯახთან და მომხრეებთან ერთად რუსეთში წავიდა. იგი
მოსკოვის მახლობლად სოფელ ვსესვიატსკოეში დასახლდა. რუსეთის მეფემ პეტრე I-მა მას
მამულები უბოძა. საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ სათვისტომოს რუსეთში. არჩილი
1713 წელს მოსკოვში გარდაიცვალა. იგი დონის მონასტერში დაკრძალეს.
გიორგი XI უფრო და უფრო აქტიურად ატარებდა ანტიირანულ პოლიტიკას და
ირანის მომხრე ქართლის თავადებსაც შეუტია, კახეთის დაკავებასაც შეეცადა. ყოველივე
ამის საპასუხოდ შაჰმა ის გადააყენა და 1688 წელს ქართლის მეფედ ერეკლე I (ნაზარალი-
ხანი) დანიშნა.
ერეკლე I თითქმის ოცდაათი წელი უცხო ქვეყნებში (ჯერ რუსეთში, მერე ირანში)
ცხოვრობდა, ამიტომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში კარგად ვერ ერკვეოდა. მეფე ქართლის
თავადებს არ ენდობოდა და ყველგან თავის მომხრე კახელებს ნიშნავდა. ერეკლე სამეფო
ხელისუფლების განემტკიცებასა და ქვეყნის მართვა-გამგეობის მოეწესრიგებას შეეცადა,

16
მაგრამ დასაყრდენი არ ჰქონდა და ქართლში ფეხი ვერ მოიკიდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ
გიორგი XI არ აპირებდა ერეკლე I-ის მეფობას შეჰგუებოდა. ისინი ოთხი წელი ებრძოდნენ
ერთმანეთს. გიორგიმ ტახტის დაბრუნება ვერ მოახერხა. ის ჯერ იმერეთში გადავიდა,
შემდეგ კი ირანის შაჰს ეახლა. გიორგი შეიძლებოდა სასტიკად დაესაჯათ, მაგრამ ირანის
შაჰს იმხანად ამისთვის არ ეცალა. ავღანელებმა აჯანყება წამოიწყეს და ირანს დიდი
საფრთხე დაემუქრა. გიორგი შაჰის სამსახურში ჩადგა.
1703 წელს ირანის შაჰმა სულთან-ჰუსეინმა ქართლის მეფედ კვლავ გიორგი XI
დანიშნა, თუმცა საქართველოში არ გამოუშვა. ქართლის მეფეს შაჰმა ირანის სპასალარობა,
ყანდაარის (პროვინცია ავღანეთში) ბეგლარბეგობა ებოძა და ავღანელთა წინააღმდეგ
ბრძოლა დაავალა. ქართლის მმართველად (ჯანიშინად) გიორგი XI-ის ძმის, ლევანის შვილი
ვახტანგი დაინიშნა.
იმავე პერიოდში შაჰმა ერეკლე I-იც თავისთან იხმო და კახეთის მეფობა მისცა,
ყულარაღასადაც (ყულის ჯარის, გვარდიის სარდლად) დაინიშნა და ისიც ირანში დატოვა.
კახეთის მმართველი კი ერეკლე I-ის ძე დავითი გახდა.

17

You might also like