You are on page 1of 9

ერეკლე II-ის საგარეო პოლიტიკა და რუსეთის იმპერიული

ინტერესები +
ერეკლე II-ის მიზანს წარმოადგენდა ოსმალეთის დაპყრობილი ქართლ-კახეთის
ისტორიული მხარეების დაბრუნება, ლეკების თარეშის აღკვეთა და ურჩი
ფეოდალების ალაგმვა.ერეკლე II ჩაება ოსმალეთთან ომში. მეფე ერეკლეს
მეთაურობით ქართველთა და გენერალ ტოტლებენის რუსთა ჯარი აწყურს მიადგა.
გეგმის მიხედვით, მოკავშირეებს, აწყურის აღების შემდეგ ახალციხისთვის უნდა
შეეტიათ. გენერალმა ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ქართველები და
ჯარიანად გაეცალა ბრძოლის ველს. ერეკლე II-მ ასპინძასთან მარტო შეუტია
ოსმალებს და, თავისი ბრწყინვალე სამხედრო ტაქტიკის წყალობით, მთლიანად
გაანადგურა. სამწუხაროდ, ამ გამარჯვებით ქართველებმა ვერ ისარგებლეს,
ახალციხის აღება ვერ გარისკეს, რადგან არ იცოდნენ რუსი გენერლის გეგმები.
რუსეთ-ოსმალეთის ომმა ერეკლე II, მისი ჩანაფიქრის განხორციელების ნაცვლად,
უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. გენერალ ტოტლებენის საქციელმა და
ხელისუფლებისგან მისმა დაუსჯელობამ, ცხადყო რუსეთის ნამდვილი მიზნები
საქართველოს მიმართ. ოსმალეთთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩენილმა
ერეკლე II-მ ომის დამთავრებამდე ეკატერინე II-ს სთხოვდა არ გაეყვანა ჯარი
საქართველოდან. მიუხედავად ამისა, იმპერატორის ბრძანებით, ჯარი ქართლ-
კახეთიდან გავიდა. ამით რუსეთმა საქართველო ოსმალთა აშკარა
შურისძიებისთვის გასწირა. კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ერთმანეთს სამი
სახელმწიფოს: სპარსეთის, ოსმალეთის და რუსეთის იმპერიის ინტერესები
დაუპირისპირდა. ქართლ-კახეთის სამეფოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა:
ევროპასთან ახლოს მდგომ ქრისტიანულ რუსეთს თითქოს მოწინააღმდეგე არც
გააჩნდა. ერეკლე მეფე შეეცადა დახმარება ეძებნა ევროპაშიც, ქართლ-კახეთის
მეფე ჯარის რეორგანიზაციისთვის ფულად დახმარებას ითხოვდა და სანაცვლოდ,.
1783 წლის 24 ივლისს ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში გაფორმდა ტრაქტატი.
რუსეთის მხრიდან ტრაქტატს ხელი მოაწერა პავლე პოტიომკინმა, ქართლ-
კახეთის სამეფოს მხრიდან კი _ იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ.
გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის მეფე სცნობდა რუსეთის
იმპერატორის უზენაეს უფლებას. სამეფოს სათავეში რჩებოდა მეფე ერეკლე II და
მისი შთამომავლობა.რაც შეეხება საშინაო საქმეებს, ქართლ-კახეთი
დამოუკიდებელი რჩებოდა, რუსეთი ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში არ
ჩაერეოდა. თავის მხრივ, რუსეთის იმპერია საქართველოს საუკუნო მფარველობას
კისრულობდა,გეორგიევსკის ტრაქტატში იმთავითვე იყო ჩადებული ქართული
სახელმწიფოს დაპყრობის გეგმა. ეს ჩანდა შემდეგი პუნქტებიდან: ტახტზე ასულ
ქართველ მეფეს ქვეყანა მხოლოდ იმპერატორის კარნახით უნდა
ემართა; ,ფაქტობრივად უქმდებოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.
მაშასადამე, ტრაქტატის დადების შემდეგ, საგარეო პოლიტიკასაც ერეკლე მეფე
ისე აგვარებდა, რომ რუსეთი ამ საქმეში არ ერეოდა. ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ
რუსეთს ტრაქტატის პირობების შესრულება არ აღელვებდა, საქართველოს სრული
დაპყრობა სურდა და საამისო დროს ელოდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობა რუსეთის მიერ

+
მოგეხსენებათ რუსეთის იმპერატორი პავლე I მტკიცედ გადაწყვეტს ქართლ-
კახეთის ანექსიას.იმპერატორი პავლე I საკმაოდ ცბიერ პოლიტიკას მიმართავს და
ცრუ დაპირებებს აძლევს ქართლ-კახეთის მეფეს - გიორგი XII-ს და სარგებლობს
მისი ავადმყოფობით, ასეთი პოლიტიკით იმპერატორი ახერხებს მეფის
სიკვდილამდე გადაწყვიტოს სამეფოს ბედი, ადგენს მანიფესტს და ქართლ-კახეთს
რუსეთის იმპერიის ნაწილად აცხადებს. ამის შემდეგ რუსეთის იმპერატორი ხდება
პავლე I-ის შვილი ალექსანდრე I, რომელიც ცდილობს უფრო სამართლიანი
მმართველი იყოს, აუქმებს მამის მიერ შედგენილ მანიფესტს და ქმნის კომისიას
რუსეთთან შეერთების შესახებ ქართველი ხალხის აზრის გასაგებად, თუმცა რუსი
მოხელეები ისეთ დასკვნებს აწვდიან მას როგორიც იმპერატორს სურს,
ალექსანდრე I ადგენს ახალ მანიფესტს, რომელიც ძველისგან თითქმის არ
განსხვავდება, ორივე მანიფესტი რუსული ჯარის თანხლებით სრულდება და
წინააღმდეგობის შემთხვევაში ჯარი მზადაა ომისთვის. გეორგიევსკის ტრაქტატით
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უფლებები რუსეთის მიერ ფეხქვეშ ითელება.
ქართლ-კახეთს ნელ-ნელა იპყრობს რუსული ჯარი, რომლის რიცხვი უფრო და
უფრო მატულობს.რუსეთის იმპერატორი ფიქრობს, რომ გიორგიXII-ის
ავადმყოფობის გამო მოლსალოდნელია მისი გარდაცვალება და მკაცრად
მოითხოვს, რომ მისი ნება-სურვილის გამოცხადებამდე არავითარ შემთხვევაში არ
გამოცხადდეს ტახტის მემკვიდრე. ეს ყოველივე ადასტურებს,რომ რუსეთის
იმპერატორს განზრახული ჰქონდა ქართლ-კახეთის დაპყრობა. 1801 წლის 18
იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-
კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე. ამრიგად,
პავლე I-მა თვითნებურად უგულვებელყო გეორგიევსკის ტრაქტატი და ქართული
სახელმწიფოს სუვერენიტეტი. მისი მანიფესტით დიდი იმპერიის მიერ პატარა
ქვეყნის ანექსია წერილობით ოფიციალურად გაფორმდა. 1801 წლის 12
სექტემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად
იქცა. ამ აქტით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ფეხქვეშ გათელა
გეორგიევსკის ტრაქტატით განპირობებული ბაგრატიონთა სამეფოს უფლებები.
ასე მძიმედ და ტრაგიკულად დასრულდა ქართველი ხალხის სასურველი რუსეთის
„მფარველობა“.
საბოლოოდ, ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და გადაიქცა რუსეთის იმპერიის
უბრალო და რიგით პროვინციად. ამ აქტით არც სათხოვარი პუნქტები იქნა
რეალურად გათვალისწინებული და არც გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც
გარანტირებული ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უფლებები
უგულვებელყოფილი იქნა. ასე ტრაგიკულად დასრულდა უძლიერესი ქართლ-
კახეთის სამეფოს საოცნებო მიზნები.

იმერეთის სამეფოს დაპყრობა რუსეთის მიერ

+
ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა დასავლეთ
საქართველოც შეეერთებინა. შავ ზღვაზე გაბატონება და ოსმალეთის დამარცხება
უამისოდ ვერ მოხდებოდა. ძალზე გართულდა ანტირუსულად განწყობილი
იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მდგომარეობა. სოლომონმა კარგად დაინახა, რა
ნაყოფი გამოიღო ერეკლე II-ის სწრაფვამ რუსეთისაკენ. არაერთხელ მიმართა
რუსეთის იმპერატორს იულონ ბატონიშვილის გამეფების თხოვნით, სანაცვლოდ
პირობას დებდა, რომ ისიც შევიდოდა რუსეთის მფარველობაში. რუსეთი ცბიერად
იქცეოდა და საქართველოს კუთხეებს, სამეფო-სამთავროებს ერთმანეთთან
აპირისპირებდა. 1803 წელს სამეგრელოს მთავართან გაფორმდა რუსეთის
მფარველობითი ხელშეკრულება, რითაც რუსეთმა დაარღვია იმერეთის მეფის
უფლებები: ტრადიციულად, სამეგრელოს მთავარი იმერეთის მეფის ვასალი იყო.
სოლომონ II ხვდებოდა, რუსეთი დიდხანს აღარ შეურიგდებოდა მის მეფობას და
მფარველობაში კი არ მიიღებდა, არამედ მუდმივ ქვეშევრდომობას შესთავაზებდა,
წინააღმდეგობის შემთხვევაში იმერეთის სამეფოსაც ძალით დაიპყრობდა. 1804
წელს ციციანოვი ჯარით შეიჭრა იმერეთში. სოლომონ II მიხვდა, რომ რუსულ
სამხედრო ძალას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ამიტომ გენერალთან
მოლაპარაკება არჩია. მოლაპარაკების პირობად მეფემ ლეჩხუმის იმერეთის
ნაწილად აღიარება მოითხოვა. ციციანოვი ამაზე არ დაეთანხმა და ომით
დაემუქრა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ რუსეთი, ლეჩხუმის ნაცვლად, გურიას
ცნობდა იმერეთის შემადგენლობაში. ამ პირობით, 1804 წლის 25 აპრილს სოფელ
ელაზნაურში სოლომონ II-მ და გენერალმა პავლე ციციანოვმა ხელი მოაწერეს
ელაზნაურის ტრაქტატს. 1806 წელს მთავარმართებელ გენერალ გუდოვიჩს
სოლომონ II-მ ხელშეკრულების ახალი პროექტი წარუდგინა, რომლითაც
იზრდებოდა იმერეთის მეფის და მთლიანად სამეფოს უფლებები. ახალი
პროექტით, იმერეთის მეფეს რუსეთის იმპერატორის დაუკითხავად უნდა
გადაეწყვიტა როგორც საშინაო, ასევე საგარეო საკითხები. ამიტომ სოლომონ II-მ
ახალი პროექტით მოითხოვა, რომ რუსი ჯარისკაცების რიცხვი იმერეთში 120 კაცზე
მეტი არ ყოფილიყო. გუდოვიჩმა პროექტის მიღებასა და იმპერატორისთვის
გადაგზავნაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ სოლომონ II-მ
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ოსმალეთის გამოყენებაც სცადა და სულთანს
დახმარება თხოვა. რუსეთმა იმერთა ხელმწიფეს ეს `ღალატი~ არ აპატია. 1809
წელს მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა, პეტერბურგიდან მიღებული
მითითების თანახმად, სოლომონი გადააყენა და 1810 წელს მის წინააღმდეგ
ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსულმა ჯარმა აიღო იმერეთის ციხე-
სიმაგრეები და მთელი სამეფოს ოკუპაცია მოახდინა. რუსი გენერლები იმერეთის
მეფეს ხელშეუხებლობასა და სამეფოს შენარჩუნების გარანტიას თავაზობდნენ.
ასეთ პირობებზე მოლაპარაკებას სოლომონ II დათანხმდა. ამრიგად, 1810 წელს
იმერეთის სამეფო საბოლოოდ შევიდა რუსეთის სამუდამო ქვეშევრდომობაში.

1921 წლის ანექსია

+
1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ტრაგიკული
მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. 1921 წლის ოკუპაციას, წინ უძღოდა 1918
წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის
გამოცხადება. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ვითარება რთული იყო.
მის დაკარგვას რუსეთი ვერ ეგუებოდა და ყველანაირად ცდილობდა,
საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში დაებრუნებინა. დამოუკიდებელი
საქართველოს მთავრობა კი ყოველ ღონეს ხმარობდა, ბოლშევიკურ რუსეთთან
ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა.
რუსეთის ხელისუფლება საქართველოში შემოჭრის საბაბს ეძებდა, რაც
რეალურად არ არსებობდა. 26 იანვარს, რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ,
საქართველოს ოკუპაცია საბოლოოდ გადაწყვიტა. საქართველოს
გასაბჭოებისთვის მოსკოვმა კავბიუროს მწვანე შუქი 1921 წლის 26 იანვარს აუნთო,
1921 წლის 11 თებერვალს, ლორეს რაიონში ბოლშევიკებმა აჯანყების
პროვოცირება მოახდინეს. 1921 წლის 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის
იერიში თბილისზე. თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული
რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და
მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. 22 თებერვალს
შემოტევა დაიწყო დარიალის მხრიდან, თუმცა, ქართველმა მეომრებმა ხიდი
ააფეთქეს და მოწინააღმდეგის პირველი იერიში მოიგერიეს.
23 თებერვალს რუსეთთან ომში დაცემული მეომრები თბილისში, რუსთაველზე,
სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს. 25 თებერვალს
დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. დღევანდელ
თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით
სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი
ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს,
გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.”
26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ
რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წითელმა
არმიამ კი 25 თებერვლიდან 17 მარტამდე საქართველოს დანარჩენი
ტერიტორიებიც დაიკავა. საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი
საზღვარგარეთ გაიხიზნა.

ქართველი ხალხის ბრძოლა რუსეთის


წინააღმდეგ
საქართველოში რუსეთის ბატონობა რეპრესიებითა და ძალადობით დაიწყო.
რუსულ ხელისუფლებასა და ხალხს შორის ანტაგონიზმი გაღრმავდა.
1804 წლის აჯანყება მთიანეთში
რუსული მმართველობის პირველ წლებში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში
აღმოჩნდა ქართლის მთიანეთის მოსახლეობა. მათ აიძულებდნენ ემუშავათ
საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაზე, მუშებს მათრახებით სცემდნენ,
მარხილებში ქალებსაც კი აბამდნენ და ისე ამუშავებდნენ. ამგვარი მდგომარეობის
გამო, 1804 წელს აჯანყებამ იფეთქა მთიულეთში, რომელშიც 4 ათასამდე კაცი
მონაწილეობდა. აჯანყებულებმა დაიკავეს ხევის მნიშვნელოვანი პუნქტი _
სტეფანწმინდა, დარიალის ხეობის ჩამკეტი საგუშაგო ლარსი და სხვა ადგილები.
ქართველმა ბატონიშვილებმა სცადეს აჯანყება ქვეყნის დამოუკიდებლობის
აღდგენისთვის გამოეყენებინათ. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ერეკლე II-ის ძე
ფარნაოზ ბატონიშვილი. მთიულეთის აჯანყება დამარცხდა. ფარნაოზი მცირე
რაზმით დაუსხლტა რუსეთის ჯარს, მაგრამ ყაზახის მიდამოებში მაინც დაატყვევეს.
1812 წლის აჯანყება კახეთში
1804-1813 წლებში რუსეთის ომებმა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ
საქართველოს მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. მას ევალებოდა
რუსეთის არმიის მომარაგება სურსათ-სანოვაგით, რაც ხალხს მძიმე ტვირთად
დააწვა. სიმშვიდის ნაცვლად, რუსეთმა მრავალრიცხოვან აღმოსავლურ ომებში
ჩააბა ქართველი ხალხი და მრავალჯერ მისი მიწა-წყალი საომარ არენად აქცია.
ომსა და უბედურებას ერთვოდა შავი ჭირი და მოუსავლიანობა, რასაც ასევე ბევრი
ადამიანი ემსხვერპლებოდა. 1812 წელს კახეთის მოსახლეობაში საეგზეკუციო
სამხედრო რაზმები ჩააყენეს. რუსი მოხელეები ძალის გამოყენებით ჰკრეფდნენ
სასურსათო გადასახადს, ჩადიოდნენ თვითნებობა-უსამართლობას. ხალხმა
გადაწყვიტა დამპყრობლების წინააღმდეგ იარაღით გამოსულიყო. აჯანყების
ხელმძღვანელებმა სცადეს კახეთში დაწყებული მოძრაობისთვის საერთო-
ქართული და საერთო-კავკასიური მასშტაბი მიეცათ. 1812 წელს პირველი
ანტირუსული რაზმები თიანეთსა და ახმეტაში ჩამოყალიბდა. რუსეთმა აჯანყების
ჩასახშობად კახეთში დამატებითი ჯარი შეიყვანა. ჯარისკაცებმა სახლები
დაანგრიეს და გადაწვეს, ბაღ-ვენახები აჩეხეს, ხელისუფლებამ ურჩ მოსახლეობას
დიდი გადასახადი შეაწერა, აქტიური მონაწილენი დახვრიტეს და ჩამოახრჩვეს.
ალექსანდრე ბატონიშვილისა და აჯანყებული კახელების მხარეს ქართლის ბევრი
თავადიც გადავიდა, ესენი იყვნენ: ციციშვილები, ავალიშვილები, ამილახვრები,
სოფელ კავთისხევის მთელი აზნაურობა და გლეხები.

1819-1820 წლების აჯანყება დასავლეთ საქართველოში


ქართველი ხალხი ვერ შეეგუა დამოუკიდებლობის დაკარგვას და რუსულ
მმართველობას. ყველაზე დიდი გულისტკივილი საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის წართმევამ გამოიწვია.
ეგზარქოსმა თეოფილაქტემ სცადა საეკლესიო მმართველობის გარდაქმნა,
გადაწყვიტა საეკლესიო ქონების ხაზინისათვის გადაცემა, ეპარქიების მინიმუმამდე
შემცირება, დააწესა რუსული წირვა-ლოცვა, რასაც ქართველი ხალხის
აღშფოთება მოჰყვა. იმერეთის 12 ეპარქიიდან თეოფილაქტემ მხოლოდ სამი
დატოვა: იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში. ახალ საეკლესიო პოლიტიკას
აქტიურად დაუპირისპირდა როგორც დასავლეთ საქართველოს სასულიერო,
ასევე საერო წოდება. იმერეთიდან დაწყებულმა უკმაყოფილებამ საერთო-
სახალხო აჯანყების სახე მიიღო. რუსული ხელისუფლებისგან ისინი ითხოვდნენ
თეოფილაქტე რუსანოვის გადაწყვეტილების შეჩერებას, ქართველი ხალხის
საეკლესიო ტრადიციების პატივისცემას. რაჭაში საეკლესიო რეფორმის
ჩასატარებლად გამოგზავნილი მოხელეები არ მიიღეს, გზები ჩახერგეს,
მოითხოვეს ეგზარქოს რუსანოვის იმერეთიდან გაძევება. 1820 წლის 4 მარტს,
რუსებმა მოტყუებით ქუთაისში მიიწვიეს და დააპატიმრეს აჯანყების მეთაურებად
მიჩნეული მიტროპოლიტები.მეფედ გამოცხადებულმა ივანე აბაშიძემ მოახერხა
გაქცევა და თავი გურიას შეაფარა. ამ ფაქტმა აჯანყების ცეცხლი კიდევ უფრო
გააძლიერა. გრიგოლ დადიანის ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა გზა
გადაუღობეს სოხუმიდან მომავალ რუსულ ჯარს და 1820 წლის 5 მაისს, აბაშის
ახლოს, თითქმის მთელი დღის შეუპოვარი ბრძოლით გაანახევრეს ამ ჯარის
ნაწილები. აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული ჯარი მთლიანი
განადგურებისაგან ლევან დადიანმა იხსნა. 1820 წლის ზაფხულში გურიიდან
გადმოვიდა ივანე აბაშიძე და სათავეში ჩაუდგა ბრძოლას. მდინარე ჩოლაბურთან
მან მთლიანად გაანადგურა კაზაკების სადარაჯო პუნქტი და რუსულ ჯარს
აღმოსავლეთ საქართველოსთან დაკავშირების საშუალება მოუსპო. მიუხედავად
ამისა, გენერალმა ველიამინოვმა მაინც შეძლო დასავლეთ საქართველოში დიდი
ჯარის შეყვანა და მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების გატარება. ამის
შემდეგ მან რაჭაში გაგზავნა 2000 კარგად შეიარაღებული რაზმი. რუსი
მოხელეების მიერ `საეკლესიო ბუნტად~ მონათლული დასავლეთ საქართველოს
მოსახლეობის აჯანყება, სინამდვილეში ქართველი ხალხის ეროვნულ-
განმათავისუფლებელი ბრძოლის გმირული ფურცელი იყო.

1832 წლის შეთქმულება


1832 წლის შეთქმულება XIX საუკუნის I მესამედში ქართული სახელმწიფოს კიდევ
ერთი აღდგენის ცდა იყო. ანტირუსული აჯანყებების დამარცხებამ ქართველი
პატრიოტები და პოლიტიკოსები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საჭირო იყო არა
კუთხური, ლოკალური, არამედ საერთო-ქართული მასშტაბის ბრძოლა.
ამასთანავე, აჯანყება წინასწარ უნდა მომზადებულიყო. ამ მიზნით, 1825-1826
წლებში, პეტერბურგსა და მოსკოვში შეიქმნა ფარული წრეები. უფლისწულ
ოქროპირის დახმარებით ბერმა ფილადელფოს კიკნაძემ შეადგინა ფარული
საზოგადოების წესდება _ `აქტი გონიური~. შეთქმულებმა აჯანყების დაწყების
თარიღად 1832 წლის 20 ნოემბერი დაასახელეს. ამ დღეს ტარდებოდა თბილისის
გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლისა და საკრებულოს დეპუტატთა არჩევნები.
შემდეგ ეს თარიღი შეიცვალა 20 დეკემბრით. აქტიური კავშირი დამყარდა
სპარსეთში მყოფ ალექსანდრე ბაგრატიონთან, რომელიც ცდილობდა
ანტირუსული კოალიციის შექმნას სპარსეთის შაჰისა და ეგვიპტის სულთანის _
მოჰამედ-ალის საშუალებით. შეთქმულები ქართველთა ბუნებრივ მოკავშირედ
თვლიდნენ რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებულ ჩეჩნეთ-დაღესტანსაც.
შეთქმულები წინასწარ გეგმავდნენ აღდგენილი საქართველოს
სახელმწიფოებრივ ფორმას. შეთქმულთა საზოგადოებამ შეადგინა `პირველი
ღამის განკარგულება~, ანუ სამოქმედო გეგმა. შეთქმულება მოულოდნელად გასცა
იასე ფალავანდიშვილმა. მან ძმას, თბილისის სამოქალაქო გუბერნატორს _ ნიკო
ფალავანდიშვილს, ვითომდაც შეთქმულთა მხარეს გადმოსაყვანად, გაანდო
ფარული საზოგადოების გეგმა. იასე ფალავანდიშვილის გამცემლური საქციელის
შედეგად ხელისუფლებამ შეთქმულები დააპატიმრა. 1834 წელს სამხედრო
სასამართლომ 13 მათგანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამრიგად, 1832 წლის
შეთქმულება იყო საქართველოში რუსეთის 30-წლიანი ბატონობის შედეგი.
მართალია, 1832 წლის შეთქმულება დამარცხდა, მაგრამ მან სერიოზული გავლენა
მოახდინა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაზე და შემდგომი
თაობების ეროვნულ ცნობიერებაზე.

2008 წლის ომი


შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ - საქართველოს,
ხოლო მეორე მხრივ - რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ
სეპარატისტებთან ერთად. ომი რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებული ოსი
სეპარატისტების მიერ ქართული სოფლების ინტენსიური საარტილერიო
დაბომბვით დაიწყო,რაც 1992 წლის სოჭის შეთანხმების დარღვევა იყო. 7
აგვისტოსთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ნაწილმა დაარღვია
საქართველოს სუვერენული საზღვარი და საქართველოში შემოიჭრა.ქართულ
სოფლებზე თავდასხმების შესაჩერებლად, 7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში
საქართველოს საჯარისო დანაყოფები შევიდნენ და მალევე დაიკავეს
სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქი ცხივალი. რუსეთის
ფედერაციამ ქართულ მხარეს წაუყენა ცრუ და პროპაგანდისტული ბრალდებები
„გენოცდსა“და „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში“,და დაიწყო
სრულმასშტაბიანი თავდასხმა საქართველოზე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო
ძალების გამოყენებით.ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართულ ჯარებს
მოუწიათ ცხინვალის რეგიონიდან უკან დახევა. ამავე დროს, რუსული და აფხაზური
ძალები თავს კოდორის ხეობას დაესხნენ. რუსეთის ფლოტმა ბლოკადაში მოაქცია
საქართველოს საზღვაო აკვატორიის დიდი ნაწილი, ხოლო რუსეთის საჰაერო
ძალებმა დაბომბეს სხვადასხვა ობიექტები კონფლიქტის ზონაში და მის მიღმა.
სამხედრო ოპერაციებთან ერთად, აგვისტოს ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში
პირველი ომი, როდესაც ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ იყო გამოყენებული
კიბერსამხედრო ოპერაციები კონვენციურ სამხედრო ოპერაციებთან ერთად.
რუსეთის მიერ დროებით იყო ოკუპირებული ქალაქები ფოთი, ზუგდიდი, სენაკი და
გორი, სხვა რაიონებთან ერთად. ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა
გაანადგურეს ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული სოფლების
უმრავლესობა და განახორციელეს ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური
წმენდა. რუსეთმა გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რასაც მოყვა ქართული მხარის მიერ
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. რუსეთის საერთაშიროსი
ურთიერთობები ომის შედეგად მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. ომის შედეგად
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 200 000-მდე (სხვადასხვა შეფასებით) ადამიანს,
საიდანაც დაახლ. 20 000 შემდგომში უკან ვეღარ დაბრუნდა და დევნილად იქცა.

You might also like