Professional Documents
Culture Documents
ისტორია და მიზანი
1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა თხოვნით საქართველო
რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების
გამყარების მიზნით ეკატერინე II-მ თავად პავლე პოტიომკინს გაფართოებული
უფლებამოსილება მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად.
ქართული მხრიდან მეფის მიერ ხელდასმული იყვნენ თავადები ი. ბაგრატიონი და
გარსევან ჭავჭავაძე.
პირობები (მუხლები)
მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე
უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი ანუ მინისტრი.
ტრაქტატის შედეგები
ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის
იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში
შესული ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის
საგარეო-პოლიტიკურ ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი
იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო
გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე. ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის
ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად
საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით. 1783
წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა
მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით,
რომელიც ფორმით ვასალიტეტის* ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი იყო ორი
არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომელიც
ორივე მხარის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მხარის
მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა
ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში
დააბრუნებდა — ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.
გრძელვადიანი შედეგები
ერეკლე მეორე რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს
უკავშირებდა. ჯერ ერთი, იგი იმედოვნებდა, რომ ძლიერი მფარველის დახმარებით
ქართლ-კახეთში ლეკიანობა საბოლოოდ აღიკვეთებოდა და ქვეყანას საშუალება
მიეცემოდა, ფართო აღმშენებლობითი მუშაობა გაეშალა, აგრეთვე, შეიქმნებოდა
შესაძლებლობა, მოეშალათ ლეკიანობის ბუდე ჭარ-ბელაქანსა და კაკ-ელისენში და ეს
ძირძველი ქართული ტერიტორია (საინგილო) კვლავ საქართველოს
შემოუერთდებოდა. ასევე რუსეთ-თურქეთის მომავალ ომში ერეკლეს იმედი ჰქონდა,
რომ მესხეთის მიწა-წყალსაც დაიბრუნებდა. რუსეთის მხარდაჭერით
განმტკიცდებოდა ერეკლეს მფარველობა მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებზე.
ტრაქტატის შეფასება
რუსული ისტორიოგრაფიის მტკიცებით, გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით
„ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდან გარდაუვალ
აგრესიასა და სრულ გადაშენებას“. ამ აზრს იზიარებდა ქართული საბჭოთა
ისტორიოგრაფია. თუმცა, აღმოსავლეთმცოდნე რევაზ გაჩეჩილაძე ასეთ შეფასებას
„რეალობის თავდაყირა დაყენების მცდელობას“ უწოდებს. რადაგანაც „სპარსეთს არ
ესაჭიროებოდა საქართველოში ლაშქრობა, თუკი შაჰის ნორმალური ვასალი
(სპარსეთისათვის ის ერეკლე ხანი იყო) არ განუდგებოდა მას. არც ოსმალეთი
გეგმავდა აღმოსავლეთ საქართველოში ლაშქრობას, რაც სპარსეთთან ომის დაწყების
ტოლფასი იყო. ქართლ-კახეთისათვის ბევრად უფრო სახიფათო დაღესტნელი
მოთარეშეების ... ყაჩაღური თავდასხმების აღსაკვეთად რუსის ჯარი ერეკლე II-ს არც
დახმარებია“. უარყოფითად აფასებს გეორგიევსკის ტრაქტატს ივანე ჯავახიშვილი:
„1783 წ. ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე
მტრებისაგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა
და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც,
რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და
მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით
საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰ-აბაზის
შემდგომ არ ყოფილა“