You are on page 1of 10

კარს მიღმა

ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან, მამას მიაჩნდა რომ მის შვილს ესმოდა
ყველაფერი, რასაც კი იგი მას ელაპარაკებოდა და შვილი ყოველთვის აკეთებდა იმას,
რაც მამას სურდა, რომ შვილს გაეკეთებინა. იგი დარწმუნებული იყო, რომ შვილს
უფრო უკეთესად, ვიდრე უფროსებს, ესმოდა თუ როგორ უყვარდა მამას, ყველაფერი
ესმოდა, მაგრამ თქმა, ცხადია, არ შეეძლო.
ეს ვითარება მამას რაღაცნაირად მოსწონდა კიდეც, რადგან იქმნებოდა ილუზია,
თითქოს მისსა და მის შვილს შორის არსებობდა ჩუმი ურთიერთგაგება, რომლის
მონაწილეც სხვა არავინ იყო.
სხვები აჭმევდნენ, ბანდნენ ბავშს, ამის შემდეგ კი მამას მიყავდა იგი. შვილთან
ერთად, მამა ყოველთვის კარგად გრძნობდა თავს. ბავშვიც თითქოს ნაკლებად
ტიროდა, როცა მამასთან იყო. ეს ძალიან ახარებდა მამას და არწმუნებდა მას, რომ მათ
ერთმანეთისა ესმოდათ.
ხანდახან თავში ისეთი აზრიც კი უტრიალებდა, რომ როცა შვილი ალაპარაკდება და
იმ სიტყვების ხმარებას დაიწყებს, რომლებსაც სხვებიც იყენებენ, თითქოს
დაიჩრდილება და დაიფარება ის ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მამასა და მის
შვილს ქონდათ. მას არც კი სურდა იმაზე ფიქრი, რომ შვილი მალე დაიწყებს
ლაპარაკს, სასაცილო ტიტინით წარმოსთქვამს და დაამახინჯებს სიტყვებს. ყველა
ბავშვის ამგვარი ტიტინი ერთნაირად საყვარელი და სასაცილოა და ამიტომ მამას
ეჩვენებოდა, რომ რაღაც უსახო და უღიმღამო შემოიჭრებოდა მისი და შვილის
ურთიერთობაში. მაგრამ იგი ამ აზრის განმტკიცებას არ ცდილობდა, თავიდან
იცილებდა მას და თავს არწმუნებდა, რომ დროთა ვითარებაში შეიძლება შვილთან
დაემყარებინა თავისი, განუმეორებელი ურთიერთობები. ისინი სულაც არ
იქნებოდნენ რაღაც განსაკუთრებულნი. იქნებოდნენ მხოლოდ მისთვის სასურველი,
მისი სიყვარულისგან გამომდინარე ურთიერთობები, რომლებსაც, როგორც მას
ეჩვენებოდა, სხვები ვერ გაიმეორებდნენ.
მართლაც, როცა შვილმა ლაპარაკი დაიწყო, მას მოეჩვენა, რომ მისი მოლოდინი
გამართლდა, მართალია, მნიშვნელობა იმ სიტყვებისა, რომლებსაც მამა და შვილი
ხმარობდნენ გაცვეთილი იყო მრავალჯერ ხმარებით, მაგრამ მამას ეჩვენებოდა, რომ
იგი აქსოვდა იმას, რაც სიღრმისეულად მისი იყო, იყო განუმეორებელი. მას
ეჩვენებოდა, რომ მის შვილს ეს ესმოდა.
ეს ურთიერთგაგება მამას იმედს აძლევდა, რომ იგი ყოველთვის, ყველა
შემთხვევაში შეძლებდა ყოფილიყო შვილთან, ეცხოვრა მისი ცხოვრებით. მას მთლად
ნათლად ვერ წარმოედგინა, თუ რას ნიშნავდა „მისი ცხოვრებით ეცხოვრა“. ერთი კი
ნათელი გახლდათ, რომ მამა სულაც არ ფიქრობდა ტვირთად დაწოლოდა შვილს ან
შეევიწროვებინა იგი. ერთადერთი, რაც მას სურდა, იყო მაქსიმალური სიახლოვე. და
კიდევ, რომ ყოველთვის დახმარებოდა თავის შვილს, თავის თავზე აეღო მისთვის
განკუთვნილი ყველა გულისტკივილი. და კიდევ ის, რომ შვილს იგი ძალიან
ყვარებოდა, ისე ძალიან, როგორც თვითონ უყვარდა. ეს და კიდევ სხვა გრძნობები
ამოტივტივდებოდნენ ყოველთვის, როცა კი ცდილობდა განემარტა თავისთვის თუ
რას ნიშნავდა „შვილთან ერთი ცხოვრებით ცხოვრება“, განემარტა გამოთქმა,
რომელიც სადღაც გაეგო და იმეორებდა, თუმცა მაინცდამაინც არ მოსწონდა იგი. ესა
თუ ის გრძნობა ეუფლებოდა, განწყობილებების მიხედვით. როცა დაღლილი იყო და
თავს ეულად გრძნობდა, ყველაზე მეტად სურდა, რომ შვილს ნამდვილი
სიყვარულით ძლიერ ყვარებოდა, ის ხომ მთელი ცხოვრება ეძებდა, ოცნებობდა
ადამიანზე, რომელსაც ძლიერ, ნამდვილი სიყვარულით ეყვარებოდა.
როცა შვილი მოიწყენდა და ტიროდა, მამას საცოდავი და უმწეო ეჩვენებოდა. ამ
დროს იგი ოცნებობდა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იზრუნებდა შვილზე და
დაიცავდა გულის ტკენისგან.
სინამდვილემ მისი სურვილები გაამართლა. ერთხელ ვაჟმა დიჭირა ხოჭო და
დაიწყო თამაში. ასე არ გამოვა, - თქვა მამამ. - ჯერ მე დავიჭერ და ვნახავ, ხომ არ
მიკბენს. თუ არ მიკბენს, დაგიბრუნებ და რამდენიც გინდა ითამაშე.
მწერი საკმაოდ შხამიანი აღმოჩნდა. მამას თითზე მტკივნეულად უკბინა. მამამ სახე
დამანჭა, ისე რომ შვილს დაენახა და ხოჭო შორს მოისროლა. ბიჭს გულზე ხელები
დაეწყო და გულიანად იცინოდა. ამის შემდეგ, ასეც ხდებოდა, რასაც კი ხელს
შეახებდა ვაჟი, ჯერ მამას უნდა შეემოწმებინა და შემდეგ აძლევდა ბიჭს. მამას
უყვარდა, როცა ვაჟი მოირბენდა და ხელს გაუწვდიდა, რომელშიც ხან მწერი, ხან კი
რაიმე ეკლიანი ტოტი ეჭირა. როცა მამა შვილზე ფიქრობდა მისი არყოფნის დროს,
იგი ყოველთვის ასე წარმოიდგენდა მას - გამოწვდილი ხელი და ზემოთ აწეული
თავი, თვალები კი მოლოდინისგან აციმციმებული.
ზოგჯერ, მამა ხუმრობით, შვილისათვის განკუთვნილ ხილსა და ტკბილეულსაც
სინჯავდა. შვილი ხელიდან გლეჯდა ტკბილეულს და ყვიროდა, რომ აქ
შესამოწმებელი არაფერიაო.
როცა შვილი წამოიზარდა, ისინი ზღვაზე წავიდნენ. მამა შვილს ცურვას ასწავლიდა.
ბიჭუნა ნაპირთან ახლოს დაცურავდა, მამა კი ზღვის მხრიდან. როცა შვილი
იღლებოდა, მამას მხრებზე დაეკიდებოდა და ისე ბრუნდებოდნენ ნაპირისკენ. მამას
ეს ძალიან მოსწონდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ერთი ადამიანი
ცურავდა. იყო ცურვის ერთი პროცესი, ერთი აქტი და ორივენი თავისთვის კი არ
ცურავდნენ, არამედ მონაწილეობდნენ ცურვის ამ ერთ აქტში.
შვილის სკოლაში წასვლის დროც მოვიდა. მამა ცოტათი ნერვიულობდა. ცხადია,
აინტერესებდა, როგორ ისწავლიდა ბავშვი, ექნებოდა თუ არა წარმატება. მაგრამ
გულახდილად თუ ვიტყვით, მას სხვა რამ უფრო მეტად აწუხებდა - მთლიანად ხომ
არ ჩაითრევდა შვილს სკოლის ცხოვრება - მას ხომ მეგობრები გაუჩნდებიან, ბიჭები,
ვისთანაც თამაშს უფრო აირჩევს, ვიდრე მამასთან ჯდომას. მაგრამ მისი შიში
უსაფუძვლო აღმოჩნდა. სკოლაში სწავლამ მათი სიახლოვისთვის ახალი
შესაძლებლობები წარმოშვა. მამასაც და შვილსაც, ორივეს სიამოვნებდათ
ერთმანეთთან ახლო ყოფნის ეს ახლად აღმოჩენილი შესაძლებლობები. ვაჟი
მოუთმენლად ელოდა, როდის ისადილებდა სამსახურიდან დაბრუნებული მამა და
ვიდრე მაგიდას აალაგებდნენ და ჭურჭელს გარეცხავდნენ, მამას და შვილს კაბინეტში
განმარტოების საშუალება ეძლეოდათ. მამაც ჩქარობდა, სწრაფად ყლაპავდა ლუკმებს,
რომ მაგიდიდან დროზე ამდგარიყო და უკვე ჩვეულებრივად ქცეული ფრაზა
წარმოეთქვა: „აბა, შვილო, წამოდი და მომიყევი სკოლაში რა მოხდა“. მამა და შვილი
გვერდით ოთახში განმარტოვდებოდნენ და შვილიც დაწვრილებით უყვებოდა
მთელი დღის ამბებს. ეს საუბარი საკმაოდ გრძელდებოდა. საქმე ის იყო, რომ შვილი
უბრალოდ კი არ ყვებოდა ამბებს, თავისებულად აღწერდა მომხდარს და ამ დროს,
თავის მოქმედებას აფასებდა. რაიმე თუ აეჭვებდა თავის საქციელში, ისეთნაირად
მოყვებოდა მომხდარ ფაქტებს, რომ მამის მოწონება დაემსახურებინა. მაგრამ ხშირად
მის მონაწილეობაში იგი ისე გამოიყურებოდა, როგორიც მას თვითონ სურდა რომ
ყოფილიყო, თუმცაღა დარწმუნებული იყო, თავის დაჭერის ამგვარ მანერას მამა
მაინცდამაინც არ მოუწონებდა. არც შვილი და არც მამა არ აქცევდნენ
განსაკუთრებულ ყურადღებას ამ გარემოებას, რომ მათ შორის დრო და დრო
უთანხმოების ჩრდილი გადაირბენდა ხოლმე. ორივე თვლიდა, რომ ეს წუთიერი
უთანხმოება სულ მალე და სულ უკვალოდ ჩაივლიდა. არც ერთ მათგანს არ ესმოდა,
რომ უთანხმოების ამ ოდნავ შესამჩნევი ჩრდილის უკან იმალება ის ფუნდამენტური
განსხვავება, რომელიც იდო ორივე პიროვნების თვით არსში და რომლის დაძლევაც
არც ერთ მათგანს არ შეეძლო.
მამა რა თქმა უნდა ხვდებოდა, რომ შვილი თავის მონაყოლში ბევრ რამეს
ალამაზებდა. მაგრამ იგი ამაზე ყურადღებას არ ამახვულებდა, რადგან ამჩნევდა, რომ
შვილი ცდილობდა ამ მონაყოლში გამოჩენილიყო ისე, როგორ მამას სურდა რომ იგი
ყოფილიყო. მამას უნდოდა მასში განევითარებინა დაჟინებულობა, შეუპოვრობა,
ჩანაფიქრის მიღწევის უნარი. სკოლის ცხოვრების ერთ-ერთი ამბის მოყოლისას
შვილმა თქვა: „ბავშვები წრეში ჩადგნენ და დაიწყეს თამაში. ჩემი მერხის მეგობარს
სურდა ჩემთვის დაეცინა და ხელს მიშლიდა, რომ წრეში ჩავმდგარიყავი“. აქ მან
საუბარი სხვა რამეზე გადაიტანა.., „მერე, შენ რა ქენი“ - მოუთმენლად შეეკითხა მამა.
„მე მას ხელი ვკარი და წრეში მაინც ჩავდექი“ - უპასუხა ვაჟმა, მან იცოდა, რომ მამა
მისგან ასეთ მოქმედებას ელოდა და სურდა მისთვის ესიამოვნებინა. მამაც თავის
მხრივ გრძნობდა, რომ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. ალბათ, სხვა
ბავშვები გამოესარჩლენ. მაგრამ მას უხაროდა, რომ შვილი ანგარიშს უწევდა მის
რჩევებს, ცდილობდა მის მიერ არჩეულ ნიმუშს დამსგავსებოდა. ზოგჯერ კი ვაჟს არ
სურდა თავისი პრინციპებისათვის ეღალატა, აღწერდა საქმის ჭეშმარიტ ვითარებას,
თუ როგორ არ ჩააცივდა ვიღაცას თავისი მოთხოვნებით და პირიქით, თავისი
კუთვნილი სიამოვნება სხვას დაუთმო. იგრძნობოდა, რომ მაშინაც, როცა ამგვარად
იქცეოდა და ახლაც, როცა ამაზე ყვებოდა, იგი უდიდეს სიამოვნებას ღებულობდა. ეს
შეესაბამებოდა მის ბუნებას, მის პრინციპებს, რომლებსაც იგი ჯერ კიდევ, ვერ
აცნობიერებდა, მაგრამ რომლებიც ბუნებას ჩაედო მასში.
მამაც სიამოვნებით ისმენდა მის მონაყოლს. რაც მისთვის იყო უცხო მომხიბვლელო-
ბა იმ ურთიერთობებისა, რომლებიც ერთმანეთის დელიკატურ პატივისცემას ემყარე-
ბოდნენ, იგი თუ უქადაგებდა შვილს ყოველთვის ეცადა რადაც არ უნდა დაჯდომო-
და შეესრულებინა თავისი ჩანაფიქრი, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ამგვარი მოქმედება
შეესატყვისებოდა მის პიროვნულ წყობას. უბრალოდ, იგი თვლიდა, რომ ცხოვრების
სხვა წესი ხელს შეუშლის შვილს დაიცვას თავისი ინტერესები. მას ამშვიდებდა იმის
შეგრძნება, რომ შვილი ღებულობდა მის რჩევებს და ზოგჯერ, ცდილობდა, ისე
მოქცეულიყო, როგორც მამა ჩააგონებდა.
ასე რომ, მამასაც და შვილსაც ჰქონდათ საფუძველი, რათა შესულიყვნენ მოქმედებე-
ბისა და საქციელების იმ გამოგონილ სამყაროში, რომელსაც შვილი ხატავდა.
იდეალიზირებულ სამყაროში გადასვლა, მოწყვეტა მთელი რეალური სამყაროსაგან,
თავისი წვრილმანი უსამართლობებით და მათი თავიდან აცილებისათვის
აუცილებელი ასევე, წვრილმანი ხლაფორთით, თავისი პატარ-პატარა, უმნიშვნელო
სიამოვნებებით, ორივესთვის, როგორც მამისთვის, ისე შვილისთვის, ნეტარება იყო,
მათი საერთო საიდუმლო იყო. საერთო საიდუმლოს არსებობა კი, უფრო ამტკიცებდა
მათ კავშირს და ერთიანობას.
ერთხელ ბიჭუნას კბილი ასტკივდა. ექიმმა გსინჯა და თქვა, რომ საჭიროა საკმაოდ
რთული ოპერაციის ჩატარება. უნდა გაიჭრას ღრძილი, გასუფთავდეს კბილის ფესვი,
შეიძლება კბილი ამოსაღებიც კი გახდესო, უთხრა ბიჭი ხვალ მოიყვანეთო.
დღის დარჩენილ ნაწილში მამა და შვილი განსაკუთრებით ახლო იყვნენ
ერთმანეთთან. არაფერია, უცებ ამოგიღებენ - ეუბნებოდა მამა, - ტკივილსაც კი ვერ
იგრძნობ, შეიძლება ერთი წუთით გეტკინოს, ეს იქნება და ეს. - ისინი არ ცდილობ-
დნენ ნათლად წარმოედგინათ რა მოხდებოდა ხვალ და ცხოვრობდნენ იმის რწმენით,
რომ ტკივილს გაინაწილებდნენ, როგორც ყოველთვის, მამა უფრო რთულ ნაწილს
თავისთვის დაიტოვებს. როცა მეორე დილით ისინი ექიმთან მივიდნენ, მან
დაკვირვებით რეათვალიერა ბიჭუნა თავიდან ფეხებამდე და წაიყვანა კაბინეტში. მამა
უკან გაჰყვა.
- თქვენ საით ? - გაიკვირვა ექიმმა.
- როგორ საით ? - თავის მხრივ გამოხატა გაკვირვება მამამაც. - იქ - მიუთითა
კაბინეტისკენ.
- თქვენ რით დაეხმარებით ? ვერაფრით. - თქვა ექიმმა. - აბა წამოდი, იყავი ყოჩაღი -
მიმართა მან ბიჭს.
- მამა, შენ ? - იკითხა ბიჭმა.
- იცი რა, - შეიშმუშნა მამა, - მე მართლაც რითი დაგეხმარები ? - იგი ჯერაც
გაოგნებული იყო იმით, რომ მართლაც ვერაფრით დაეხმარებოდა შვილს.
- ახლა შენ უნდა იყოჩაღო - უთხრა ბიჭუნას ექიმმა და მამას მიუბრუნდა - თქვენ
კარებთან დადექით.
- დიახ, დიახ, - აფორიაქდა მამა. - ახლა შენ, თვითონ შენ ყოჩაღად უნდა მოიქცე.
მერე ყველაფერს მომიყვები ! - მიაძახა შვილს, როცა ექიმმა უკვე მოხურა კაბინეტის
კარი.
ამის შემდეგ, თავისდა სამწუხაროდ, მამა სულ უფრო ხშირად რჩებოდა კარს მიღმა.
ორივემ დიდი ღელვა განიცადა, როცა ბიჭი უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს
აბარებდა. ბიჭი ბეჯითად მეცადინეობდა და მამაც რაც შეეძლო ეხმარებოდა. მაგრამ
იცოდა, რომ გადამწყვედი მომენტი იქ, გამომცდელის მაგიდასთან დადგებოდა, და
ყველაფერი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა ბიჭი. ის უნდა
იყოს მშვიდი, მობილიზებული, ამავე დროს გაბედული და ცოტა დაჟინებით
მომთხოვნიც. თუ ცუდი საკითხი შეხვდება, რომელიც არ მოუმზადებია, არ უნდა
დაიბნეს, უნდა მოითხოვოს, რომ კიდევ მისცენ შეკითხვები. ერთი სიტყვით, ამაში
ვერავინ დაეხმარება. ყველაფერი მთლიანად მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მამა
კარს უკან იდგება და დაიცდის, როგორ გაუძლებს შვილი გამოცდას.
მაგრამ ამავე დროს იგი დარწმუნებული იყო, ბიჭი მომთხოვნი არ იქნებოდა.
იმიტომ კი არა, რომ არ შეეძლო, უბრალოდ, არ უნდოდა ასეთი ყოფილიყო. იგი ვერ
იტანდა დაჟინებულ, მომთხოვნ ადამიანებს. ეგონა, რომ ასეთი ადამიანები
ყოველთვის ცდილობენ მიითვისონ ის, რაც სხვისთვისაა განკუთვნილი. მამა
ტყუილუბრალოდ არწმუნებდა, რომ ზოგჯერ აუცილებელია მებრძოლურობა,
შემტევითობა. „ახლა შენთვის მთავარია უნივერსიტეტში მოხვედრა და ამისკენ უნდა
ისწრაფოდე ყოველნაირად“. - ეუბნებოდა იგი შვილს.
ვაჟს კი მისი არ ესმოდა. „რატომ არის მთავარი - უკვირდა მას. - ჩემთვის მთავარია
არ ვჩანდე მომაბეზრებლად, აბეზარად. გაიგე მამა, რომ ჩემთვის ეს არის ყველაზე
მთავარი, უფრო მთავარი, ვიდრე უნივერსიტეტი და დიპლომი. აბა როგორ აგიხსნა,
როცა მთელი კვირა ასეთი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. მე ასეთი ვარ. ყველაფერი
იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ რას თვლის თავისთვის მთავრად. ამის ახსნა,
ალბათ, შეუძლებელია. შენ აქ კარს უკან დგომა მოგიწევს“. მამამ გაკვირვებით და
გულისტკივილით აღმოაჩინა, რომ შვილმა არჩევანი უკვე გააკეთა - აირჩია როგორი
უნდა იყოს, რისკენ უნდა ისწრაფვოს და როგორ უნდა მოიქცეს. და ვიდრე ვაჟი
არჩევანს აკეთებდა, იგი კარს მიღმა იდგა.
ძნელია იმის თქმა, რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ბიჭის არჩევანში. რა თქმა
უნდა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მამის დარიგებებმა უქმად ჩაიარა და მის
პიროვნებაში კვალი არ დატოვა. ერთი კი ნათელი გახლდათ, რომ მის ფორმირებაზე
და მის არჩევანზეც ზეგავლენა მოახდინა მხოლოდ იმის ნაწილმა, რაც მან მიიღო
მამასთან ურთიერთობაში. იგი ჩაებღაუჭა იმ სირბილეს და დელიკატურობას,
რომლებიც მისსა და მამას შორის ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენდნენ. მან
ეს თვისებები ამოარჩია. დააყენა თავისი პიროვნების ცენტრში და მათ შეადგინეს
მისი პიროვნების ბირთვი.
მამის რჩევები, რომ ხასიათში ცოტა მებრძოლური სულიც უნდა გქონდესო, მის
ცნობიერებას ასცდა. მათზე ყურადღება არ გაუმახვილებია. მან ისინი არ უკუაგდო.
მას ძალიან უყვარდა მამამისი და პატივს სცემდა მას, რომ ხელაღებით უკუეგდო
მამის რჩევა-დარიგებანი. მან უბრალოდ ყურადღება არ გაამახვულა მათზე. შვილს
რომ შეგნებულად გადაეწყვიტა იმ რჩევების შეფასება, რომელსაც მამა აძლევდა, იგი
აღიარებდა, რომ ისინი სამართლიანია. მაგრამ ყველა ამ პრინციპს, რომელსაც მამა
უქადაგებდა, შვილი თითქოსდა „თამაშს გარეთ“ ტოვებდა. არ აკავშირებდა
ცნობიერების დანარჩენ შინაარსთან.
რა ფაქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი შვილის ჩამოყალიბების პროცესში ?
ამის მხოლოდ მიხვედრა შეიძლება. იგი საკმაოდ პატიოსნად მოაზროვნე
ახალგაზრდა გახლდათ და ცდილობდა თანმიმდევრულად გაეაზრებინა ყოველივე,
რაც კი მის თავს გადახდებოდა ან რაც მის გარშემო ხდებოდა. არ არის გამორიცხული,
რომ იგი ახდენდა ადამიანების იმდაგვარი ურთიერთდამოკიდებულების ანალიზს,
რომლებიც ერთმანეთის დელიკატურ პატივისცემაზე იყვნენ დამყარებულნი და
მათში განსაკუთრებულ მომხიბვლელობას პოულობდა. შესაძლოა, მის ცნობიერებაში
მომხდარმა ამ პროცესმა მიიყვანა იგი იქამდე, რომ თავისი პიროვნების ძირითად
ბირთვად აირჩია სწორედ ეს მოკრძალებული და დელიკატური ურთიერთობის
პრინციპები. მაგრამ რაც ბუნებრივი ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ. ბუნებამ იგი
დააჯილდოვა თავშეკავებით, მორიდებულობით. ადამიანებში მას ყველაზე მეტად
აღიზიანებდა მისწრაფება, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ გაეტანათ თავისი.
ასე იყო თუ ისე, საფიქრებელია, რომ ეს ფიქრები ამუშავდნენ, როდესაც მან აირჩია
თავისი პიროვნება. ისინი ამოქმედდნენ მისი ცნობიერების სიღრმეში, და მან, თავისი
ცნობიერების ანალიზისას აღმოაჩინა, რომ იქ მომწიფდნენ და ჩამოყალიბდნენ
გარკვეული პრინციპები, რომლებიც, როგორც იგი გრძნობდა, წარმარტავდნენ
მომავალში მთელ მის ცხოვრებას.
რადგან ამ პრინციპების ფორმულირება ხდებოდა მისი ცნობიერების სიღრმეში,
ამდენედ, ბუნებრივია, რომ მამა, მიუხედავად მათი სიახლოვისა, კვლავ კარს მიღმა
აღმოჩნდა. ამან ძალიან დასწყვიტა გული, მაგრამ ცხადი იყო, რომ იგი უკვე ვერაფერს
გახდებოდა.
ერთი ამბავი კი ხშირად ახსენდებოდა მამას, რადგან მაშინ თვალნათლივ დაინახა,
თუ როგორ გაჩნდა ბზარი მათ ურთიერთობაში. ერთხელ, მამა და შვილი წავიდნენ
კინოში, რომელიღაც გახმაურებული ფილმის სანახავად. ფილმი, მართლაც კარგი
გამოდგა, ორივაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სეანსის დაწყებამდე,
კინოჟურნალი აჩვენეს. იგი ალპინისტების ცხოვრებას ეძღვნებოდა. შვილს არც
აღფრთოვანება და არც რაიმე ინტერესი გამოუხატავს ალპინისტების ცხოვრების
დეტალებისადმი. მაგრამ მამის კითხვაზე, თუ როგორ მოეწონა მას ალპინისტები,
მშვიდად და მტკიცედ უპასუხა - „ეს შესანიშნავია ! ჩემი აზრით, ამას შეიძლება
ცხოვრება შესწირო“. მამა უსიამოვნოდ გააკვირვა ამ ტონმა, რომლითაც ეს სიტყვები
იყო ნათქვამი.
ადრე, როცა შვილი თავის აზრს გამოთქვამდა, იგი ყოველთვის თითქოსდა
წინასწარ გაიაზრებდა მამის შესაძლებელ რეაქციას. მისთვის, ისევე როგორც მამის-
თვის, ძვირფასი იყო ორი პიროვნების ერთად შერწყმა, რომელსაც იგი აღიქვამდა,
როგორც ბუნებრივს და მისი ყოფიერების ერთადერთ შესაძლებელ ფორმას. იგი
ყოველნაირად ცდილობდა ეს ერთიანობა არ დაერღვია. მამა ამას გრძნობდა და
უხაროდა. მას სჯეროდა, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა. და აი,
მოულოდნელად, როცა ერთი აზრი ჩამოუყალიბდათ ფილმის შესახებ, რომლის
გულისთვისაც კინოში წავიდნენ და ორივენი ბრუნდებოდნენ თავიანთი ერთიანობის
შეგრძნებით დამშვიდებულნი, ვაჟმა წყნარად და კატეგორიულად, ისე, თითქოს უკვე
წინასწარვე მოუჭრა შეკამათების ყველა გზა, განაცხადა, რომ გაიგო, თუ რა ითამაშებს
მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს. ეს განაცხადა ფილმის ერთი უმნიშვნელო
ეპიზოდის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც მამას შემთხვევით გაახსენდა და
ისე, სხვათა შორის ჰკითხა შვილს მისი აზრი. ჰკითხა და უცებ იგრძნო, რომ კვლავ,
როგორც რამდენიმე წლის წინ, როცა კბილის ექიმთან წაიყვანა, აღმოჩნდა კარს მიღმა.
შვილის პასუხმა, ტონმა, რომლითაც ის იყო ნათქვამი, მამისთვის ნათელი გახდა, რომ
შვილი არ აპირებდა მსჯელობის საგნად ექცია თავისი დამოკიდებულება ეს-ეს არის
ნანახთან, მან თითქოსდა უკიდურესი სიცხადით გაიაზრა ამ საქმიანობის -
ალპინიზმის მიმზიდველობა, თითქოსდა აუცილებლობაც, თავისთვის. მოხდა
შეხვედრა შემთხვევასთან, რომელსაც უნდა გაერკვია მისი მომავალი ცხოვრების გზა.
ამიტომ შვილმა უპასუხა მამას, როგორც უცხოს, თითქოსდა მოუხურა კაერბი, მამა
დატოვა კარს მიღმა.
ოჰ, ეს მთები ! წყეულიმც იყვნენ ! იმ საღამოს მერე, მამას სჯეროდა, რომ ადრე თუ
გვიან, ისინი შვილს წაართმევდნენ. რა სულელური მისწრაფებაა, იცოცო თოვლიან
მთებზე სიცივეში, ქარიშხალში. წინათ კიდევ მესმის, ეს ცოცვა იმის შეგრძნებას
იძლეოდა, რომ ადიხარ ადამიანისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე. ეს სხვა
ადამიანისგან რაღაცით გამოგარჩევდა, მთაზე აგამაღლებდა. ამას გარდა,
მიუწვდომელი სიმაღლის დაპყრობა საპატიო იყო. ბუნებრივი იყო ადამიანის
სწრაფვა ფეხი დადგა ყველგან, თავისი პლანეტის ყველა წერტილში, მაგრამ ახლა,
როცა ყოველ ბავშვს შეიძლია გადაუფრინოს ამ სიმაღლეებს და ვერტმფრენით მთაზე
დაჯდეს კიდეც, რა საჭიროა აცოცება ? რა საჭიროა თავის საფრთხეში ჩაგდება
ყოველგვარი სარგებლობისა და საჭიროების გარეშე ?
„ეს სიამოვნებაა - პასუხობდა შვილი. - აბა როგორ აგიხსნა, მამა, მე ამ მთებისგან
სიამოვნებას ვღებულობ, ამის გარეშე არ შემიძლია. ამას ალბათ, ვერ აღზერ ისე, რომ
სხვამ ბოლომდე გაიგოს. უბრალოდ გეტყვი, რომ მიყვარს მთები, ისევე, როგორც შენ
ამბობ, რომ გიყვარს შენს სქელ მეგობართან დროსი გატარება. მაგრამ ამ სიყვარულზე
ლაპარაკისას, რაღაც შინაგან გრძნობას აქსოვ, რომლის გაგებინება სხვისთვის ალბათ,
შეუძლებელია“.
როცა ცნობა მიიღო, რომ შვილი დაიმტვრა და მალე იგი მძიმე მდგომარეობაში
მყოფი ჩამოიყვანეს, მამა მიხვდა, რომ მალე ყველაფერი დამთავრდებოდა.
შვილის ოთახიდან გამოსვლა არ უნდოდა. ახლაც მაშინდელივით მოხდა, როცა
ექიმის კაბინეტის კარს მიღმა აღმოჩნდა, საოცარი სიჯიუტე დაეუფლა, სურდა
დარჩენილიყო შვილთან, რაღაც ბუნდოვანი, ბოლომდე გაუცნობიერებელი იმედი
გაუჩნდა, რომ ტკივილისა და შიშის გარკვეულ ნაწილს თავის თავზე გადმოიტანდა,
შვილს ცოტათი შეღავათს მისცემდა.
შვილი კი ამ დროს სულ სხვას გრძნობდა. იგი გრძნობდა, რომ ახლა დაიწყებოდა
ტკივილები, რომელიც ადრე არასოდეს ქონია. მას ამ ტკივილის ძალის კი არ
ეშინოდა, არამედ სხვა რამისა: მათ თან ახლდა ის შეგრძნება, რომ ტკივა ის, რაზეც
სიცოცხლეა დამოკიდებული. ამ, ჯერ არნახულ ტკივილებს კი მოყვება ის, რაც აქამდე
არ ყოფილა.
მარტო დარჩენა სურდა. სხვა არსების აქ ყოფნა უსარგებლოდ და არასაჭიროდ
ეჩვენებოდა და ამიტომაც ამძიმებდა. მან იცოდა, რომ თვის ტკივილს მარტოდმარტო
უნდა შეხვედროდა, რადგან სხვა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ვერაფრით უშველიდა.
როგორ შეხვდებოდა იმას, რაც ახლოვდებოდა, მთლიანად იყო დამოკიდებული
იმაზე, თუ როგორი იყო თვითონ, რა ძალები იყო მასში ჩადებული. ეს მან ჯერ არ
იცოდა - ადრე ხომ ამისმაგვარი არაფერი შემთხვევია. ასევე, არ იცოდა ის, თუ როგორ
შეხვდებოდა იმას, რაც ტკივილებს მოჰყვებოდა. ინანებს ყველაფერს, რაც მოხდა თუ
გულგრილი დარჩება - ადრე თუ გვიან მაინც ასე უნდა მომხდარიყოო. ყველაფერი
დამოკიდებული იყო მასზე, იმაზე, თუ როგორი იყო იგი თავისი არსებით. მან
თავისი თავი ამ მხრიდან არ იცოდა და თავისდა გასაკვირად, ცოტა ინტერესითაც კი
ელოდა მოსახდენს. იგი, როგორც უცხო, ისე აკვირდებოდა თავის თავს.
ოთახიდან გამოსვლისას, მამამ დაინახა, რომ კარებთან მოგროვილიყვნენ შვილის
თანაკურსელები, რომლებსაც კატასტროფის ამბავი უკვე გაეგოთ. მოდიოდნენ,
ახლები, რომლებსაც უკვირდათ - სხვებმა ასე უცებ საიდან გაიგეს - ყველანი
კიცხავდნენ ერთ ამხანაგს, რომელიც იმის მაგივრად, რომ აქ მოსულიყო, ფეხბურთის
მატჩზე წავიდა. მამას მათი არ ესმოდა. ეს ყველაფერი, ისეთი უაზრო და ნაკლებ
მნიშვნელოვანი იყო იმასთან შედარებით, რაც კარს იქით, ოთახში ხდებოდა. იქ მისი
შვილი მარტო, პირისპირ იყო დარჩენილი ენით აუწერელ ტკივილებთან, მისი
ლამაზი სხეული ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა და ტანჯვით ელოდა მოსახდენს.
არავის შეეძლო მისი დახმარება, ვერც ვერავინ შეუმსუბუქებდა იმ სასოწარკვეთას,
რაც მოსალოდნელ დასასრულს შეეძლო მოეტანა. ამავე დროს, ამ ხალხს
გულწრფელად სჯეროდა, რომ იმ წამსვე აქ მოვარდნით, ვიღაცის გაკიცხვით რაღაცას
აკეთებდნენ.
როცა მამა ოთახში შევიდა, ყველაფერი დამთავრებული იყო. შვილის სახის ლამაზი
ოვალი სიმშვიდეს და თითქოს უდარდელობასაც კი გამოხატავდა. ალბათ,
სიკვდილის წინ სასოწარკვეთილება არ დაუფლებია მას. მისმა ხასიათმა ასწავლა
გარემოსთან იოლად შეგუება. როცა არ შეეძლო რაიმე დაეჟინებინდა და ამის გამო
საქმე უფუჭდებოდა, იგი ადვილად ემორჩილებოდა შექმნილ ვითარებას. „რაც არის,
არის“ - იტყოდა ხოლმე ასეთ დროს.
ეტყობა არც ახლა მოითხოვა დაჟინებით თავისი სასიცოცხლო უფლებები. არ
შეეწინააღმდეგა. უბრალოდ თქვა: „რაც არის, არის“.
დაძინებისას, შვილი ჩვეულებრივ, წარბებს ასწევდა ხოლმე, თითქოს უნდა გაეგო
მერე რა მოხდებოდა. ასე აწეული წარბებით იწვა იგი მამის წინ.
დასაფლავების შემდეგ, ჰქონდათ ქელეხი. ხალხი გულწრფელად შეწუხებული იყო.
ყველას უყვარდა ეს მოხდენილი ყმაწვილი, რომელიც სასიამოვნო იყო და თავს
არასდროს მოგაბეზრებდა. ეცოდებოდათ მისი ცოლი, ყველამ იცოდა, რომ მას ძალიან
უყვარდა იგი. თამადის ხმაში თანაგრძნობის სიმები ჟღერდა.
„ჩვენს მეგობარს უდიდესი უბედურება დაატყდა თავს - ამბობდა იგი. - ვერცერთი
ჩვენგანი ვერც დავამშვიდებთ მას, ვერც ვუშველით. ერთადერთი, რისი გაკეთებაც
შეგვიძლია, გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა“.
„მართლაც და რითი უნდა დამეხმარონ, - ფიქრობდა მამა. მე მარტო უნდა დავრჩე
ჩემს დარდდთან და ალბათ შევძლებ, როგორმე გადავიტანო იგი. იქნებ ვერ კი
შევძლო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ ვარ მე, როგორი ვარ. ეს ხალხი
უკეთეს შემთხვევაში, კარს მიღმა იდგება და მე, როცა ყველაფერი ჩაივლის, გავალ და
ყველაფერს მოვუყვები“.
იგი მთლად გაითიშა და თავისთვისაც მოულოდნელი სიმშვიდით გაიაზრა
მომხდარი.
გულდასმით თუ ვიმსჯელებთ, შვილთან ურთიერთობაშიც, გადამწყვეტ მომენტში
მე კარს უკან ვიდექი. როცა ავადმყოფობდა, აბარებდა გამოცდებს, ან შეყვარებული
იყო, ვეუბნებოდი, რომ ვერ დავეხმარებოდი. მხოლოდ კარს უკან დავდგები მქთქი.
როცა ვეუბნებოდი, რომ ზოგ შემთხვევაში უნდა დაჟინებული ყოფულიყო, რომ უნდა
მიეტოვებინა მთებში სიარული, ის ამბობდა, რომ ეს ყველაფერი შიგნიდან, მისი
არსებიდან მოდის, სხვისთვის ამის გაგება ძნელია. ეს რომ გაიგო, იგივეს უნდა
გრძნობდე, რასაც მე ვგრძნობო და ამიტომ მეც ყოველთვის, მინდოდა თუ არა, კარს
უკან უნდა ვმდგარიყავი.
წლისთავისთვის საფლავი დაასუფთავეს. მამამ შვილიშვილი მოიყვანა. ისიც
ისეთივე მოუსვენარი იყო, როგორც მისი გარდაცვლილი მამა. რძალიც მივიდა,
მიცვალებულის ცოლი. ხალხი მის პატიოსნებას აქებდა. ერთმა ძალიან კარგმა
ახალგაზრდა კაცმა ხელი სთხოვა - იგი დიდხანს უარყოფდა მის წინადადებას.
დათანხმდა იმ პირობით, რომ მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაქორწინდებოდნენ. მან
ეს პირობა მიიღო და საფლავზე სიარულს არ უშლიდა. ყველა თვლიდა, რომ იგი
იქცეოდა ისე, როგორც ეს გულისხმიერ და ინტელიგენტ ადამიანს შეეფერებოდა.
განსვენებულის ქვრივი თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ მას აღარავისთან არ
ექნებოდა ისეთი ურთიერთობა, როგორიც მას ჰქონდა თავის ქმართან. ყველაფერი
მხოლოდ, უგემური სუროგატი იქნებაო. მამამ იცოდა რძლის ეს სიტყვები და
სჯეროდა მათი გულწრფელობა.
მამა საფლავთან ჩამომჯდარიყოდა თან უთვალთვალებდა, რომ ბავშვი სადლავის
ქვაზე არ დაშავებულიყო. შვილიშვილმა გამოწვდილი ხელით მოირბინა. თავი ასწია,
როგორც მამამ იცოდა, თვალებში მოლოდინი და თხოვნა გამოხატვოდა.
„ბაბუა, შეხედე, ეს ხოჭო არ იკბინება“ ? – „როგორი იქნება ? - ფიქრობდა ბაბუა, - რა
ეყვარება, რა გაიტაცებს“ ?.

You might also like