You are on page 1of 4

გიგა ფიფია

გამეორება

ერთ დღესაც კოსტიამ აღმოაჩინა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. თითქოს იგივე რუტინა,
იგივე ხალხი, მეგობრები, მშობლები, მაგრამ აურა შეიცვალა. მუდამ გრძნობდა
ალმაცერ მზერებს, თითქოს ერთი-ორჯერ ისიც შეამჩნია როგორ შეხედეს და
ჩაიცინეს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.

უყურადღებო ადამიანი იყო, ყველა ეუბნებოდა ამას და მათ მიმართაც


გულგრილობას იჩენდა. ალბათ მაგიტომაც ვერ მიაღწია ვერანაირ წარმატებას და
მართალია, წყნარად, მაგრამ მაინც მცირედი შურით უყურებდა როგორ
იზრდებოდნენ მისი მეგობრები გონებრივად და თითქოს ცხოვრებისაც მეტი
ესმოდათ, მიზნებს აღწევდნენ, ტურნირებში იმარჯვებდნენ, გრანტებს იღებდნენ და
ყველა ამაყობდა მათი მიღწევებით. რამდენიმეჯერ იკითხა კიდეც მათი საიდუმლო,
მაგრამ ისინი მხოლოდ უცინოდნენ და ეუბნებოდნენ, თვალები გაახილე, კოსტია, რას
არ აკეთებ ისეთს, რასაც ჩვენ ვაკეთებთო, მაგრამ კოსტიას არ უყვარდა შარადები,
ამიტომ ამაზე მეორედ სიტყვა არ ჩამოუგდია, სანამ კოსტიას 18 წელი არ
შეუსრულდა.

დაბადების დღეს მშობლებმა მაგიდასთან დასვეს სალაპარაკოდ.

-კოსტია, სერიოზულ რამეზე უნდა გელაპარაკოთ?

-დაბადების დღეს ვერ აღვნიშნავთ?

-არა სხვა რამეზე კოსტია.-მამამ წამით შეხედა კოსტიას, თვალები დახუჭა, ხელი
შემელოტებულ თავზე დაიდო და განაგრძო,-არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა
კოსტია, მე და დედაშენი დიდ ხანს ველოდებოდით როდის დაჭკვიანდებოდი,
მაგრამ შენ უკვე 18-ის ხარ და არაფერი გეტყობა გამოსწორების.

კოსტიამ გაოცებულმა შეხედა მამას.

-რას გულისხმობ?-მამა უხმოდ უყურებდა,-რას გულისხმობს?-მიუბრუნდა დედას.

-იმას შვილო, რომ ასეთ რაღაცას თავისით ხვდება ყველა, შენი მეგობრებიც კი, შენ კი
უკვე 18-ის ხარ და ჯერაც ვერ მიხვდი ვერაფერს.-ბოლო სიტყვებზე ქალი კინაღამ
აქვითინდა და სახის შესანარჩუნებლად ხელები აიფარა.

-რას?! რას ვერ ვხვდები ამიხსენით.

-იმას მაინც ვერ ამჩნევ, რომ დაგცინიან შვილო?-უყვირა მამამ და კოსტიას მაშინვე
გაახსენდა ის უცნაური მზერები, რომელსაც გრძნობდა-მანამდე კიდევ შეიძლებოდა
მოთმენა, ახლა კი ზრდასრული ხარ და არავინ გაპატიებს. ახლავე. ახლავე უნდა
მიხედო ამას, თორემ გაგიჭირდება.

-რას-მეთქი! რას!-კოსტიაც ყვირილზე გადავიდა, ისედაც ეზიზღებოდა გამოცანები


და ის, რომელიც მას ეხებოდა სულიერად აწამებდა.

მამა გაჩუმდა. მეუღლეს გადახედა და უკანაც მიიხედა, თითქოს ვიღაც იდგა და


აყურადებდა. დედა გავიდა, დარწმუნდა, რომ კარი დაკეტილი იყო და როცა
მობრუნდა, თავი დაუქნია ქმარს.

-კარგად მისმინე კოსტია,-დაიწყო ისევ წყნარად მამამ,-უნდა გაიმეორო.

-უნდა გავიმეორო?! რა?

-არ აქვს მნიშვნელობა კოსტია, უნდა იპოვო და გაიმეორო,- უპასუხა


მოთმინებადაკარგულმა მამამ. -ამაზე მეტი არ მკითხო, წადი ახლა და რაც შეიძლება
სწრაფად გაარკვიე, რას იმეორებენ სხვები, რასაც შენ არ იმეორებ.

-მეხუმრები მამა? რა უნდა გავიმეორო, როგორ აკეთებენ ისიც არ ვიცი.-კოსტია


ხვდებოდა, რომ ეს იმ საუბრებს ჰგავდა, მშობლები, რომ შვილს აიძულებენ
ისწავლოს, იმუშაოს ან ცოლი მოიყვანოს, მაგრამ ამის თქმა ხომ სხვანაირადაც
შეიძლებოდა. -არაფერსაც არ გავიმეორებ და არც შევეცდები, შენ კი ვერ დამაძალებ.

-სხვა გზა არ გაქვს კოსტია, ადრე თუ გვიან იზამ, მაგრამ იმისთვის, რომ დაგაჩქარო,
სანამ ისე არ მოიქცევი, როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება, დაბრუნებას
გიკრძალავ, მე არ მჭირდება შვილი, რომელსაც ელემენტარული არ შეუძლია.

მამის სიტყვები კოსტიას გულზე მოხვდა. სწრაფად ადგა და სახლიდან გავარდა. არც
დედა და არც მამა მის შეჩერებას არ ცდილან.

არ იცოდა რა უნდა ექნა, არ ელოდა, რომ მშობლები მიაგდებდნენ, მით უმეტეს


დაბადების დღეზე. თითქოს სიზმარი იყო, რომლის დასასრულს, ისევ სახლში
აღმოჩნდებოდა და ყველანი დაბადების დღის სიურპრიზს მოუწყობდნენ, მამა კი
ეტყოდა სხვანაირად სახლიდან ვერ გაგიყვანდიო. მაგრამ მომხდარი დადგმულს არ
ჰგავდა.

სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა მეგობრებს დაურეკა და პარკში ჩამოიყვანა. ისინიც


გამოვიდნენ. მიულოცეს დაბადების დღე, უღიმოდნენ და თავიანთ ამბებსაც
უყვებოდნენ. ერთმა ისიც შესთავაზა, ჩემთან დაგაწყებინებ მუშაობას, მართალია ჯერ
სტაჟიორი იქნები, მაგრამ მალევე დაგაწინაურებენ ჩემი რეკომენდაციითო. ერთმაც
ინგლისურის წრეში სიარული შესთავაზა. კოსტია ჩვეულებრივ უყურადღებოდ
დატოვებდა მათ შემოთავაზებებს, მაგრამ მამის ნათქვამმა ყურადღება მიაქცევინა და
იფიქრა, რომ ალბათ მუშაობა არ ჟღერდა ეგრე ცუდად... და მაშინ გააცნობიერა
კოსტიამ.

-ჩემს მშობლებთან ხომ არ გილაპარაკიათ?

-არა, რატომ უნდა გველაპარაკა?!-გაიკვირვეს მეგობრებმა.

-მომეჩვენა, რომ ჩემს დახმარებას ცდილობთ,-და კოსტია მოუყვა მათ მამამისთან


საუბრის შესახებ. მეგობრები ყურადღებით უსმენდნენ, მოყოლის დროს თითქოს
თვალები გაუცივდათ და ბოლოს კი სიცილს ძლივს იკავებდნენ, სანამ ერთს არ
წასკდა და ახარხარდა. კოსტია ვერ მიხვდა, იფიქრა, მამის გამო დასცინოდნენ. ვინც
ხარხარებდა, იმან ძლივს ამოიღო ხმა:

-როგორ პირდაპირ გვითხრა, ნამდვილად დებილია!

-მესმის, რომ არ უნდა მეთქვა, მაგრამ რა ვქნა?-შეშფოთდა კოსტია.

-არა, არა, არ გესმის, ეს ყველამ იცის, შენ კი ახლა, 18 წლის შემდეგ გვიყვები
შეშფოთებული იმის ნაცვლად, რომ აგვყვე.-უპასუხა მეორემ, რომელიც უშედეგოდ
ცდილობდა ხელით დაეფარა აწითლებული სახე. -ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ
ვიპოვოთ და გავიმეოროთ, შენ კი ცხოვრობ, არა, მხოლოდ არსებობ და არც კი
ცდილობ.

-თქვენც იმავეს ამბობთ?!-მეგობრებისგან კი ნამდვილად არ ელოდა კოსტია, აქამდე


ყველაფერს მამის ძველმოდურობას აბრალებდა.

-მთელი ქვეყანა დაგცინის კოსტია, თვალები გაახილე!

-რატომ? რატომ დამცინიან, რას ვაკეთებ?

-არაფერს არ აკეთებ კოსტია, მთელი პრობლემა ეგაა, მაგრამ მეტიც, ვერავინ ამბობს
ზუსტად რას არ აკეთებ, იციან მხოლოდ ის, რომ არ იმეორებ. რომ იმეორებდე,
ყველაფერი უკეთ იქნებოდა, ბევრად უკეთ.

-ვერ ხვდები?-განაგრძო კიდევ ერთმა მეგობარმა,-გამეორებით უზრუნველყოფ


უსაფრთხო მომავალს, თავიდან იცილებ მოულოდნელობებს და მრავლიდან ირჩევ
იმ ერთს, რომელიც ვიღაცამ მაინც იცის.

კოსტია გაოგნებული უყურებდა მეგობრებს, რომლებიც მამამისივით ავიწროებდნენ,


აიძულებდნენ გაემეორებინათ რაღაც, რასაც თვითონ ან სხვები იმეორებდნენ და
ბედნიერად ცხოვრობდნენ იმის ცოდნით, რომ იმეორებდნენ. მას კი ასე არ შეეძლო,
არაფრის ცოდნა არა სურდა, პირიქით, ჯობდა ესეც არ გაეგო.

-დამანებეთ თავი,-მხოლოდ ეს თქვა ჩუმად და წასვლა დააპირა.


-სად მიდიხარ, არ გინდა დაგეხმაროთ?

-თქვენ მე ვერ დამეხმარებით,-უკანმოუხედავად თქვა კოსტიამ,-იმაშიც ეჭვი


მეპარება, რომ ჩემი მეგობრები მხოლოდ გამეორების გამო გახდით.-ბოლო
წინადადება გაუცნობიერებლად თქვა, მაგრამ, თითქოს ნემსები ჩაერჭო გულში,
რამდენი რამე გამოდიოდა ტყუილი.

შორს წავიდა, იმდენად შორს არა, რამდენსაც საშუალებას მისცემდა ფეხები და


ცარიელი კუჭი, მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ გული მოეოხებინა. ბევრი იფიქრა
იმაზე, რაც უთხრეს. გონების ერთი ნაწილი ბრძოლისკენ, გაქცევასა და
თვითგადარჩენისკენ უბიძგებდა, ნაწილი კი ახსენებდა იმ გარემოს, რომლის გარეშეც
ვერ გაძლებდა, რომც გაეძლო, წარმოიდგინა, როგორ ეძებდნენ მშობლები,
მეგობრები, პოლიცია. მათგან ვერ დაიხსნიდა თავს, ამიტომ გადაწყვიტა ისევ
მოლაპარაკებები და კომპრომისზე წასვლა ჯობიაო.

სახლის კარი შეაღო. შიგნით ბნელოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. უცებ შუქი
აანთეს, მილოცვებისა და საყვირების ხმაზე კოსტია შეხტა და პირდაღებული
მიაჩერდა ყველას. რამდენიმე წუთში უკვე მაგიდასთან ისხდნენ და კოსტიაზე
იცინოდნენ, რომელიც ასე ეშმაკურად გააცურეს. კოსტიას ლოდი მოეხსნა, უხაროდა,
რომ მაინც უკან დაბრუნება გადაწყვიტა და ამ საოცარი შემოტრიალებით
გამოწვეული ბედნიერებისგან გაბრუებული, ვერ გრძნობდა როგორ გაიმეორეს
რამდენჯერმე მისი დაბადების დღის სადღეგრძელო.

You might also like