You are on page 1of 5

თიკო სიმონია რეფერატი

პოემა ეს არის მხატვრული ლიტერატურის ჟანრი. ლექსად დაწერილი


მრავალი თავისაგან შემდგარი ეპიკური, ან ლირიკული ხასიათის ნაწარმოები.
თვით სიტყვა „პოემა” ბერძნულად ნიშნავს შეთხზულს, ქმნილებას. ძველი პოემები
წარმოიშვა სხვადასხვა დამოუკიდებელი ლექსისაგან. თითოეულ მათგანში
აღწერილი იყო სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდი სახალხო გმირისა თუ რომელიმე
შესანიშნავი პიროვნების ცხოვრებიდან. შემდეგში ასეთი ლექსები შეუერთეს ერთი
უფრო საინტერესო მოვლენის გამომხატველ ლექსს. ყველა ლექსში მოთხრობილი
ამბები მიაწერეს ერთს, უფრო მნიშვნელოვან პიროვნებას და, ამგვარად, წარმოიშვა
ძველი საგმირო პოემა.

საზოგადოდ ვაჟა-ფშაველის პოემა „ალუდა ქეთელაური“ იმ პერიოდს ეხება,


როდესაც მეზობელ ტომებს შორის მკაცრი შინაომი და რელიგიური შუღლი იყო
გამეფებული. მათი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ურთიერთ თავდასხმები და ძარცვა-
გლეჯა შეადგენდა. ამ გაუთავებელ შეტაკებებში ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ
ხოცავდნენ.სისხლის აღება და სტუმართმოყვარეობა აბსოლუტური მოვალეობაა
ხევსურისთვის. მტრის მოკვლის შემთხვევაში მისგან მოელიან, რომ მარჯვენას
მოსჭრის მტერს და კარებზე გადმოკიდებს, როგორც ნადავლს.

"ალუდა ქეთელაურით" ვაჟას მეტად რთული და ძნელად მისაღწევი მიზანი


დაუსახავს. პოემაში ნაჩვენებია პიროვნების მეტამორფოზა. თუ გავიხსენებთ, რომ
მწერლობის უმნიშვნელოვანეს ამოცანად დამაჯერებელი, ხელშესახები პერსონაჟის
ასახვა ითვლება, იოლი წარმოსადგენია, რაოდენ ძნელია ერთი პიროვნების ორი-
აბსოლუტურად განსხვავებული სახის ჩვენება. ალუდა, ნაწარმოების დასაწყისში რომ
გავიცანით: მტრის რისხვა, დაუფიქრებელი მებრძოლი, ლომივით რომ "მიიზიდება"
თავდამსხმელებისკენ, გუმანს მინდობილი რომ მიექანება კლდის ფრთამალი
შევარდენივით ცისკრის ხანს, ხელის აუკანკალებლად რომ ისტუმრებს მტერს
საიქიოში - ნამდვილი ხევსურია, თემის ერთი ტიპური წარმომადგენელი, სხვებზე
ვაჟკაცობით, სიმარდითა და სიმარჯვით აღმატებული. მუცალთან შეხვედრის შემდეგ
კი ალუდა სიყვარულის მქადაგებელი, მტრის დანდობის, მისი ღირსების
პატივისცემისათვის მებრძოლია. პოემა საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ ამ
ცვლილებას და დავფიქრდეთ, რამდენად შესაძლებელია იგი, ან მხატვრულად
რამდენად დამაჯერებლადაა გადმოცემული.

ძალიან ძნელი იყო (განსაკუთრებით თემში) ალუდას მსგავსი ადამიანისთვის


(ვინც თავად მონაწილეობდა კანონთა შექმნაში და შემდეგ მათ სამაგალითოდ
აღასრულებდა) ეჭვის შეტანა ცხოვრების, ადათ-წესების, შეხედულებების სისწორეში,
მწერალს უნდა ეჩვენებინა, რომ ქეთელაურს დიდი სულიერი ძალაც ჰქონდა და
გარდაქმნისათვის აუცილებელი, დამაჯერებელი მიზეზიც. ამიტომაცაა, რომ ალუდას
დავლათიან კაცად გვაცნობს ვაჟა: "ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი". რადგან
"დავლათიანი" ღვთისგან დალოცვილს ნიშნავს, უკვე იმთავითვეა განსაზღვრული,
რომ ალუდას ყველა თანასოფლელზე მეტი მოეთხოვება.მის ნაფიქრალსა თუ ნაღვაწს
სხვანი ვერ მიხვდებიან, ვერ შესწვდებიან. ე. ი. ქეთელაურს გააჩნია ძალა და ნიჭი
გარდაქმნა-ამაღლებისათვის.

მეორე აუცილებელი პირობა მეტამორფოზისთვის ბიძგია, რომელიც შეცვლის


ცხოვრების ჩვეულებრივ მდინარებას და სამყაროს სხვაგვარად აღაქმევინებს
ადამიანს. ამგვარ მოვლენად ალუდასთვის გადაიქცა მუცალთან შეხვედრა, მუცალის
პიროვნება და მისი საოცარი საქციელი.

სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ ალუდას მუცალის მსგავსი და, შესაძლოა,


უკეთესი ვაჟი, ბევრი თუ არა, რამდენიმე მაინც ჰყავდეს მოკლული, მაგრამ
ქეთელაურმა ეს არ იცის. ის არ შესწრებია ასე ახლოს და პირდაპირ "კაცის კაცურად
სიკვდილს", რაც არ ამოსდის გონებიდან.იგი უკანასკნელ წამამდე ცდილობს, მტრის
ჯავრი თან არ გაიყოლოს, ბალახით შეიჩეროს სისხლი და უკანასკნელი სროლა,
უკანასკნელი მწარე სიტყვა მოასწროს, რომ მტერი არ გაახაროს. ფაქტობრივად,
საკუთარ სიკვდილს უყურებს ალუდა, თავადაც ასე აღესრულებოდა იგი, ასე
შეეცდებოდა ღირსების შენარჩუნებასა და თავისი ნამუსის შემბღალავის გონზე
მოყვანას. მუცალმა ხომ სულს ამოაყოლა:

"ეხლა შენ იყოს, რჯულძაღლო,

ხელს არ ჩავარდეს სხვისასა".

ამით იზრუნა, რომ მისი თოფ-იარაღი (ანუ მისი პატიოსანი სახელი და ვაჟკაცობა)
ღირსეული კაცის (დაე, მტრის) ხელში ჩავარდნილიყო. გააგებინა ალუდას, რომ იგი
ხელწამოსაკრავი ყმა არ იყო.

ალუდა სწორედ სიკვდილს ვერ ივიწყებდა იმ ვაჟკაცისას, ვისაც "რკინა სდებიყო


გულადა". ამ, ხევსურთათვის მიუღებელ და წარმოუდგენელ, შეხედულებას ორი
არგუმენტით ხსნიდა:

"ნატყვიარს ბრძამით იფევდა, ისრე დალია სულია" და

"სულს არ აცლიდა ამოსვლას, კიდევ მიხსენა რჯულია".


მომდევნო ნაბიჯი ალუდას მინდიას დაუფიქრებელმა საქციელმა გადაადგმევინა.
მხოლოდ კეთილი სურვილით შეპყრობილმა, მეგობრის შელახული ავტორიტეტის
აღსადგენად წასულმა მინდიამ ერთი წამითაც არ დაუსვა საკუთარ თავს კითხვა
"რატომ", განა ალუდას არ შეეძლო ქისტისთვის მკლავის მოკვეთა, მინდია მეგობრის
უნახავადაც დარწმუნებული იყო, რომ ქეთელაური ტყუილს არ იტყოდა.იგი მკვდარს
ეძებდა და იპოვა კიდეც. ერთგულმა მეგობარმა წყალში გადაუყარა ყველაფერი.
ამიტომ უმძაფრდება ქეთელაურს ტკივილისა და ცოდვილობის შეგრძნება და
ცდილობს, როგორმე ჩამოირეცხოს საშინლად მძიმე (მისთვის გაუსაძლისი) ცოდვა.
უკვე გააზრებული აქვს გულისტკივილის მიზეზი.

ქეთელაურმა ამიტომაც გადაწყვიტა, აღარავისთვის მოეჭრა მკლავი:

კაცმა თავისი ნებით დამითმო თოფი, სხვის ხელს არ ჩავარდესო, - მითხრა და


მაგრძნობინა, რომ... რა მაგრძნობინა? შენში მტერს აღარ ვხედავ, მხოლოდ ადამის
შვილს, მოყვასს გიყურებ და შენს ღირსებას ვაფასებო!"მტერს მოვკლავ, კიდევ არ
მოვსჭრი მარჯვენას..!"

უთანხმოება თემთან კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა ალუდას მოქმედება

სარწმუნოებრივ დოგმებს შეეხო. მუცალის პიროვნებისადმი პატივისცემამ იმდენად

ღრმად გაიდგა ფესვი ალუდას შეგნებაში, რომ კურატი მიიყვანა ხატში, რათა
მუცალის

სულის მოსახსენიებლად დაეკლა. „ალუდა ალალი გულით და ღვთაების

ყოვლისმცოდნეობის და მიმტევებლობის იმედით მიდის ხატის კარზე... ხატის ნების

აღმსრულებელი კი ხევისბერია; ამიტომ კონფლიქტი გარდაუვალი იყო...ალუდამ

თვითონ დაკლა სამსხვერპლო მოზვერი. თემმა სასტიკი მსჯავრი გამოუტანა მას

თვითნებური მოქმედებისათვის. მან მოიკვეთა და სამშობლოდან გააძევა ალუდა,

მაგრამ ვერც ამ უკანასკნელმა მკაცრმა ღონისძიებამ ვერ შეიტანა ცვლილება ალუდას

შეგნებაში...მისი მოქმედება დაგმობაა საზოგადოებრივ ეთიკაში, მორალში,


რელიგიურ

რწმენაში არსებული ყველა უარყოფითი ნორმისა და დოგმისა, რომლებიც ხალხთა

ურთიერთობას შეეხება. ამ პოემაში მთავარია თვით ალუდას შინაგანი გარდაქმნა.


შეხვედრა თავის ყოფასთან, წარსულსა (რაც მინდიას სურათითაა გამოხატული) თუ
აწმყოსთან (თანასოფლელებთან საუბარი) დააფიქრებს ალუდას უსამართლობის
ხანგრძლივობასა და უძლეველობაზე. გულში კიცხავს ყველას, "ვისაც მტერობა
მასწყურდეს"- ან ვისაც ვერ გაუაზრებია ბოროტების რაობა და შეჰგუებია ერთხელ და
სამუდამოდ დაწესებულ კანონებს. თანასოფლელები ისევე ყრუნი არიან და გულის
თვალით ბრმანი, როგორც იმედას ქავის ამშენებელი.(მტრის მარჯვენას სადაც
აკრავდნენ) ეს ერთგვარ ბიძგად აღმოჩნდება საიმისოდ, რომ ალუდამ უფრო საკუთარ
თავს დაუსვას კითხვა, ვიდრე სხვას:

"ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?"

ფინალში ალუდა სიყვარულს ქადაგებს, ამით უფლის სიტყვა მიაქვს ხალხში,


ცდილობს, თავის თანამემამულეებს გულის კარი სიყვარულისათვის გაუხსნას და
შორს მიდის, სადღაც მთის წვერთან, ცას მიახლოებული იკარგება.

"ალუდა ქეთელაური" ძალიან საინტერესოა ტროპული მეტყველების


თვლსაზრისითაც. რქის, სინათლისა და ნისლის მეტაფორები:

"მზემ აიწია ცაზედა,

ნისლებმ დაწირეს ხევები...

მადლი რქათ ადგა ღვთისაო"...

ამ სტრიქონებში მოჩანს ძლიერი და ბედნიერი მზე, გამქრალი ნისლი და მადლის რქა.

უნდა აღინიშნოს, რომ მწერალი ბუნების სურათებს მიუსადაგებს ალუდას სულიერ


მდგომარეობას, ან მათი საშუალებით წინასწარმეტყველებს მომავალს:

ორთაბრძოლის წინ ნათქვამი: "გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარია" -


მოასწავებს ალუდას სულის შეძვრას, მის "გათენებას", ამ პერსონაჟის "შურთხად
გადაქცევას"

ვაჟას საოცარი მხატვრული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი


განუმეორებელი, მოულოდნელობებით აღსავსე ტროპები, რომლებიც მის პოეტურ
ენას განსაკუთრებულ ფერადოვნებას ანიჭებენ:

„ცა ახურია კლდისაო“

„პირს დასწოლია ნისლები


გულით ნადენი, შავია“

„ეს ვინღა მოდგა ნისლივით“

„ფრანგული ფხიანი“....

ვაჟას რწმენით, სიყვარულია კაცობის საზომი და არა – სიძულვილი, ადამიანის


(თუნდაც, მტრის) ლამაზ ძმად დანახვის უნარი და არა – მცდელობა, რაც შეიძლება
მალე მოუღო სხვას ბოლო. ამიტომაც უნდა ცდილობდეს ადამიანი, გულს
მოუსმინოს, გულით მოეკიდოს სხვას (როგორც ალუდამ გააკეთა) და არა - ცივი
გონებით, რადგან უსიყვარულოდ კაცი არა-ვერაა (არც არის და ვერც იქნება).

,,ალუდა ქეთელაური” დღევანდელობაშიც არ კარგავს ჰუმანისტურ აქტუალობას და


ალბათ მანამ შეინარჩუნებს ზემოქმედების ძალას, სანამ ადამიანურ საზოგადოებაში
იარსებებს მტრობა, კლასობრივი, ეთნიკური თუ სარწმუნოებრივი ფანატიზმი და
ურთიერთდაუნდობლობა.

You might also like