You are on page 1of 10

პიროვნული ემოციური და სოციალური განვითარება

ფიზიკური განვითარება
სკოლამდელი ბავშვები განსაკუთრებით აქტიურები არიან- 2-დან 4-5 წლამდე
სკოლამდელების კუნთები ძლიერდება, უმმჯობესდებათ წონასწორობის გრძნობა, მათ
შეუძლიათ სირბილი, ხტუნვა, აცოცება. თუკი ბავშვს ნორმალური ფიზიკური მონაცემები აქვს,
ფიზიკურ აქტივობათა უმრავლესობა ბუნებრივად ვითარდება. ფიზიკური პრობლემების მქონე
ბავშვებს ამ უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად შეიძლება სპეციალური ვარჯიშები დასჭირდეთ.
სკოლამდელი ბავშვები ჩვეულებრივ ვერ ხვდებიან, როდის უნდა გაჩერდნენ, ფიზიკურ
აქტივობებს შორის შესვენების წინასწარ დაგეგმვაა საჭირო. ისეთი ელემენტარული ჩვევები,
რომლებიც მცირე მოძრაობათა კოორდინაციას მოითხოვს (ზონრის, ღილების შეკვრა)
სკოლამდელ ასაკში ძალიან ვითარდება. ბავშვობისას გამოკვეთილი მარჯვენა ან მარცხენა
ხელის უპირატესობა მთელი ცხოვრება უნარჩუნდება ადამიანს.
დაწყებითი სკოლა
დაწყებითი სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა ფიზიკურად უკვე საკმაოდ კარგადაა
განვითარებული. ისინი ამ დროისთვის უფრო მაღლები და ძლიერები არიან და უკვე
შეუძლიათ სპორტის სხვადასხვა სახეობებსა და თამაშებში ჩაერთონ. დაწყებითი სკოლის
პერიოდში გოგონები ბიჭების ზომის ან უფრო დიდები არიან. 11-დან 14 წლამდე გოგონები
უფრო მაღლებიც არიან და უფრო მეტსაც იწონიან. ზოგი მათგანი ფიზიკური უპირატესობის
გამო თავს უხერხულად გრძნობს.
მოზარდობა
ადამიანთა სქესობრივი მომწიფება პუბერტატულ პერიოდში იწყება. ეს ცვლილებათა ჯაჭვია,
რომელიც სხეულის ყველა ნაწილს მოიცავს. ბიჭებთან შედარებით გოგონებში გარდატეხის
ასაკი ორი წლით ადრე 10-11 წლიდან იწყევა და განვითარების უმაღლეს წერტილს 16-17 წლის
ასაკში აღწევს. ბიჭების უმრავლესობა 18 წლამდე განაგრძნობს ზრდას, საერთოდ ბიჭებიც და
გოგონებიც 25 წლამდე იზრდებიან.
პუბერტატულ პერიოდში მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
მოზარდის პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ადრეული მომწიფება ბიჭებს გარკვეულ
უპირატესობას ანიჭებს. ადრე მომწიფებულ ყმაწვილებს საზოგადოებაში მაღალი სოციალური
სტატუსის მოპოვების მეტი შანსი აქვს. როგორც წესი, ისინი პოპულარულები და ლიდერები
ხდებიან. ამასთანავე, მიდრეკილი არიან წესების დარღვევისკენ. გვიან მომწიფებულ ბიჭებს
შეიძლება დიდი სიძნელეების გადალახვა მოუწიოთ. თუმცა, გამოკვლევების მიხედვით, გვიან
მომწიფებული ბიჭები კრეატიულობით, ტოლერანტულობითა და პერსპექტიულობით
გამოირჩევიან. მოგვიანებით მომწიფებასთან დაკავშირებული სიძნელეები მოზარდებს მეტ
ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს და პრობლემებთან გამკლავებას ასწავლის.
გოგონების შემთხვევაში თანაკლასელ გოგოებზე ადრე მომწიფება შეიძლება გარკვეულ
უსიამოვნებასთან იყოს დაკავშირებული. გოგონასთვის, რომელსაც ადრე ეწყება მომწიფება,
დამახასიათებელია ემოციური პრობლემები, შფოთვა, კვებითი დარღვევები, განსაკუთრებით
იმ საზოგადოებაში, სადაც სიგამხდრე სილამაზედ ითვლება. მოგვიანებით მომწიფებულ
გოგონებს ნაკლები პრობლემები აქვთ, მაგრამ ისინი შესაძლოა განიცდიდნენ, რომ ყველაფერი
წესრიგში არ აქვთ.
გარდატეხის ასაკში მოზარდებს ძალიან აწუხებთ თავიანთი სხეული. ბიჭებიც და გოგონებიც
ამ ასაკში უკმაყოფილო არიან თავიანთი სხეულით. ბიჭებს ჰგონიათ, რომ არ აქვთ
მოდელებივით დაკუნთული სხეული, გოგონები კი ფიქრობენ, რომ არ შეესაბამებიან იდეალს.
ბულემია (გადამეტებული ჭამა) და ანორექსია (შიმშილობა) გოგონებისთვისაა
დამახასიათებელი. ბულემიკი ხშირად ძალიან ბევრს ჭამს, შემდეგ კი ჭარბწონიანობისა და
ზედმეტი კალორიებისგან თავის დასაღწევად აღებინებს ან სვამს ძლიერ საფაღარათო
საშუალებას. ამგვარად ის ახერხებს ნორმალური წონის შენარჩუნებას, მაგრამ იავადებს
საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ანორექსიკები ინტენსიური ვარჯიშის პარალელურად თავს იკავებენ საჭმლისგან ან საერთოდ
არაფერს ჭამენ. ანორექსიკი მოზარდები გამხდრები და ფერმკრთალები არიან, სუსტი,
მტვრევადი ფრჩხილები აქვთ და მთელ სხეულზე ხშირად მუქი ფერის ბუსუსები აღენიშნებათ.
ისინი ადვილად ცივდებიან, რადგან კანქვეშა დამცავი ცხინი ცოტა აქვთ. შესაძლოა
მენსტრუალური ციკლიც შეუწყდეთ. კვების ამგვარი დარღვევა გარდატეხის ასაკში იწყება.
ტვინი და მოზარდის განვითარება
პუბერტატიულ პერიოდში მიმდინარეობს ცვლილებები ტვინსა და ნერვულ სისტემაშიც.
ტვინში მიმდინარე ცვლილებები ხელს უწყობს სხვადსხვა სიძლიერის სტრესულ სიტუაციაში
მართვის უნარის განვითარებას. მოზარდის ქცევა უფრო მიზანდასახული, ორგანიზებული და
ნაკლებად იმპულსური ხდება, თუმცა ტვინი 20 წლამდე ბოლომდე არ არის განვითარებული,
რის გამოც მთლიანად უჭირთ ემოციების მართვა. მოზარდები რისკიანი ქცევისკენ არიან
მიდრეკილები, ისინი თითქოს მძაფრ შეგრძნებებს ეძებენ.
ცვლილებები მოქმედებს ძილზეც. მოსწავლეებს დღე-ღამეში დაახლოებით 9 საათს უნდა
ეძინოთ. მოზარდებისთვის ხშირად შუაღამემდე დაძინება ძნელი წარმოსადგენია. ისინი მუდამ
გამოუძინებლები არიან და შეიძლება კლასში ჩაეძინოთ კიდეც. მოსწავლეებში მოუგვარებელია
კვების საკითხიც- თითქმის არასფროს აქვთ დრო საუზმისთვის.
ერიქსონი: ინდივიდუალური განვითარების სტადიები
ერიქსონის ფსიქოსოციალური თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს “მე”-ს
იდენტობის ძიებას, ინდივიდის სხვებთან ურთიერთობებსა და კულტურის როლს მთელი
ცხოვრების განმავლობაში. ერიქსონი, როგორც პიაჟე, განვითარებას აღიქვამს, როგორც გზას
მრავალი სტადიის გავლით. სტადიები ურთიერთდამოკიდებულია: გვიან სტადიაში
წარმატებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვარდებოდა კონფლიქტები ადრეულ ასაკში.
ერიქსონის აზრით, ყოველ სტადიაში პიროვნება განვითარების კრიზისს აწყდება. შემდგომი
განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გზა, რომლითაც პიროვნება კრიზისს გადაჭრის.
სკოლამდელი წლები: ნდობა, დამოუკიდებლობა და ინიციატივა
ერიქსონი ნდობასა და უნდობლობას ჩვილობის ძირითად კონფლიქტად მიიჩნევს. თუ ჩვილი
ბავშვის კვებისა და ყურადღების მოთხოვნები სისტემატურად დაკმაყოფილებულია, მაშინ მას
აღმზრდელის მიმართ ნდობა უვითარდება. ჩვილები უნდა ენდობოდნენ გარესამყაროს
გარკვეულ ასპექტებს, რომლებიც მათი კონტროლის მიღმაა.
ერიქსონისეული მეორე სტადია- ავტონომია- თვითკონტროლისა და თავდაჯერებულობის
საწყისია. ბავშვი თავის თავზე ისეთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას იღებს, როგორც ჭამაა,
ტუალეტი და ჩაცმა. ამ პერიოდში მშობლებმა ბავშვთან ურთიერთობაში ოქროს შუალედი
უნდა იპოვონ- იზრუნონ მასზე, მაგრამ არა გადაჭარბებულად. თუ მშობლები არ
უზრუნველყოფენ ბავშვებს ნდობით და არ გაამხნევებენ, არ წაახალისებენ ბავშვის
ძალისხმევას, ბავშვს გაუჩნდება სირცხვილის გრძნობა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი
შეეპარება. მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ექნებათ საკუთარ ძალებში დარწმუნების
პრობლემები.
შემდეგ სტადიაში ინიციატივაა დანაშაულის გრძნობის საპირისპიროდ. ამ პერიოდში
აღმზრდელმა უნდა აღიაროს ბავშვის აქტიურობის დაუოკებელი სურვილი. თუ
დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არ მისცემს, ბავშვს შეიძლება დანაშაულის გრძნობა
განუვითარდეს, შეიძლება იფიქროს, რომ მისი ქცევა ყოველთვის არასწორია.
დაწყებითი და საბაზო სკოლის წლები: სიბეჯითე და არასრულფასოვნება
ახალი ფსიქოსოციალური სირთულე სასკოლო წლებში არის ის, რასაც ერიქსონი სიბეჯითეს
უწოდებს- არასრულფასოვნების საპირისპირო სტადიას, მოსწავლეები უკვე ხედავენ კავშირს
ნებისყოფასა და შესრულებული სამუშაოსგან მიღებულ სიამოვნებას შორის. ბავშვების უნარი
იყვნენ სახლის, სამეზობლოსა და სკოლას შორის და სათანადო დონეზე გაართვან თავი
სასწავლო პროცესის ჯგუფურ აქტივობასა და მეგობრებთან ურთიერთობას, ზრდის მათში
კომპეტენტურობის განცდას. ამ მოთხოვნებთან დაკავშირებულმა სიძნელეებმა შესაძლოა
ბავშვში არასრულყოფილების გრძნობა გამოიწვიოს. ბავშვებმა უნდა გამოიმუშაონ ახალი უნარ-
ჩვევები და იღვაწონ ახალი მიზნებისკენ. ამავე დროს მათ სხვას ადარებენ, რაც
წარუმატებლობის რისკს ქმნის.
სასწავლო პროცესიდან ამოვარდნაზე მიუთითებს დაბალი შეფასება. სკოლასთან შეგუება
განსაკუთრებით უჭირთ ეკონომიკური და კულტურული განსხვავების მქონე ბავშვებს. პირველ
კლასში მაღალ და დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში განსხვავება მცირეა, მაგრამ მე-6
კლასისთვის განსხვავება სამმაგდება.
მოზარდობა: იდენტობის ძიება
ადამიანი “მე”-ს განცდას პატარაობიდანვე ავითარებს. ცდილობს გასცეს პასუხი შეკითხვას:
“ვინ ვარ მე?”
იდენტობის სტატუსები
მოზარდებისთვის იდენტობის გამომხატველი ოთხი ალტერნატივა არსებობს.
 იდენტობის დიფუზია: თავს იჩენს მაშინ, როცა პიროვნება არ აანალიზებს თავის
არჩევანსა და ქმედებებს, არ ფიქრობს, ვინ არის, რა უნდა ცხოვრებაში, არ გააჩნია
კონკრეტული მიმართულება. ასეთი მოსწავლეები აპათიურები, განცალკევებულნი,
მომავლის იმედის არმქონენი არიან. აქვთ მიდრეკილება ნარკოტიკებისადმი.
 იდენტობის დაკარგვა: ქმედება გაანალიზების გარეშე, როცა ისინი სხვის მიზნებს,
ფასეულობებსა და ცხოვრების სტილს უბრალოდ იღებენ. ისინი შეიძლება იყოს კერპები.
შეზღუდული მოზარდები უხეშები, არატოლერანტულები და დაძაბულები არიან.
 ალტერნატივებთან შეჭიდების პროცესში მოპოვებულ გამოცდილებას ერიქსონი
მორატორიუმს უწოდებს. მორატორიუმი შესწავლისა და გაანალიზების პროცესია, რასაც
პიროვნული და პროფესიული არჩევანი მოსდევს. მორატორიუმის დროს მიღებული
გამოცდილება შემეცნებითი პროცესია.
 იდენტობის მიღწევა: ალტერნატივების განხილვის შემდეგ პიროვნება აკეთებს არჩევანს
და იღწვის ცხოვრებაში მის დასანერგად, თუმცა ერთხელ მიღწეული იდენობა შეიძლება
სულაც არ იყოს უცვლელი.
სკოლის წლების შემდეგ:
პირველი სტადია: ინტიმურობა- იზოლაციის საპირისპიროდ. ინტიმურობა მოიაზრება
სასურველ ადამიანთან უფრო ღრმა ურთიერთობის დამყარების სურვილი. იმას, ვისაც ძლიერი
იდენტობის გრძნობა არ აქვს, ეშინია პიროვნულად მასზე ძლიერმა ადამიანმა არ დათრგუნოს
ან შთანთქას. ამიტომ შეიძლება სიმარტოვე ამჯობინოს.
მეორე სტადია: გენერაციულობა- სტაგნაციის საპირისპიროდ. გენერაციულობისთვის
დამახასიათებელია სხვა პიროვნებაზე ზრუნვა. გენერაციულობა ხშირად გულისხმობს
ბავშვების ყოლას და მათ გამოკვებას.
ერიქსონისეული ბოლო სტადია: ეგოს ინტეგრაცია- სასოწარკვეთილების საპირისპიროდ.
ინტეგრაციის მიღწევა ნიშნავს “მე”-ს კონსოლიდაციას და მისი უნიკალურობის ისტორიის
სრულ მიღებას. ის, ვინც ვერ იღებს ამ მდგომარეობას, სასოწარკვეთილებაში ვარდება.
ბრონფენბრენერი: განვითარების სოციალური კონტექსტი
ბრონფენბრენერი თავის ბიოეკოლოგიურ მოდელში განვითარებაზე მოქმედ ბევრ სოციალურ
კონტექსტს ეხება. ეკოლოგიური მხარე აღიარებს, რომ სოციალური კონტექსტები, რომლებშიც
ვვითარდებით, ეკოსისტემებია, რადგან ისინი მუდმივ ურთიერთქმედებაშია და გავლენას
ახდენს ერთმანეთზე. ნებისმიერი პიროვნება მიკროსისტემის ჩარჩოში, მეზოსისტემის შიგნით
ეგზოსისტემაში ცხოვრობს. თითოეული მათგანი “მატრიოშკის” მსგავსად მაკროსისტემის
ნაწილია.
მიკროსისტემაში ინდივიდის უშუალო ურთიერთობებსა და ქმედებებს ვხედავთ.
ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები ოჯახთან, მეგობრებთან ან მასწავლებელთან,
მოქმედების არეალი კი სახლი ან სკოლაა. ურთიერთობები ორმხრივია: ბავშვი მოქმედებს
მშობლებზე, მშობლები კი ბავშვზე. მეზოსისტემა მიკროსისტემის ყოველი ელემენტის გავლით
ურთიერთქმედებათა და ურთიერთობათა მდგომარეობაა. ოჯახის წევრები
დამოკიდებულებაში არიან როგორც ერთმანეთთან, ისე მასწავლებელთან. მასწავლებელი
მოქმედებს მშობელზე, მშობელი მასწავლებელზე. ეს ურთიერთობები საბოლოოდ მოქმედებს
ბავშვზე. ეგზოსისტემა მოიცავს ყოველ სოციალურ მომენტს, რომელსაც ბავშვი ეხება, იმ
შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი არ არის სისტემის უშუალო წევრი. მაგალითად, მასწავლებლის
ურთიერთობები ადმინისტრატორებთან და სკოლის საბჭოსთან, მშობელთა სამსახურები,
ჯანმრთელობის რესურსები, ოჯახის რელიგიასთან დამოკიდებულება. მაკროსისტემა უფრო
დიდი საზოგადოებაა ფასეულობებით, წესებით, კავშირებით, ტრადიციებითა და ა.შ. სამი
მნიშვნელოვანი სოციალური კონტექსტი გამოიყო: ოჯახი, თანატოლები და მასწავლებლები.
ოჯახი
დღეს სულ უფრო მატულობს დედისერთა მოსწავლეთა რიცხვი. ბევრ მათგან ჰყავს ერთი
ღვიძლი და ან ძმა. ბევრი კი შერეული ოჯახის წევრია და ჰყავს ნახევარდა ან ნახევარძმა.
განქორწინება ოჯახების განსხვავებული სტრუქტურის ერთ-ერთი მიზეზია.
განქორწინება
განქორწინება ყველა შემთხვევაში ოჯახში სტრესს იწვევს. განქორწინების შემდეგმა
ცვლილებებმა შეიძლება დაანგრიოს ბავშვის ცხოვრება. მეურვე მშობლებს შეიძლება
საცხოვრებლად ნაკლებად კომფორტულ სახლში გადასვლა, შემოსავლის ახალი წყაროს
მოძიება, სამუშაოს დაწყება ან სამუშაო გრაფიკის გაზრდა მოუხდეთ. ბავშვი შესაძლოა
დაშორდეს ძველ მეზობლებს ან სკოლის უახლოეს მეგობრებს. მშობლების თითქმის ⅔ თავიდან
ქორწინდება, ასე რომ ბავშვს კიდევ ბევრ რამესთან უწევს შეგუება. განქორწინება არ არის
ადვილი არავისთვის. მშობლების განქორწინების შემდგომ პირველი ორი წელიწადი ყველაზე
რთული პერიოდია. მათ შეიძლება გული აიცრუონ სწავლაზე, აცდენდნენ გაკვეთილებს,
უჩვეულოდ დაიკლონ ან მოიმატონ წონაში. ისინი შეიძლება საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ
ოჯახის ნგრევაში ან შერიგების ფუჭი იმედები ჰქონდეთ. გოგოები შესაძლოა გახდენენ
სექსუალურად აქტიურები ან პირიქით გაუჭიდეთ ვაჟების ნდობა. ამ სტრესის დაძლევა მაინც
ინდივიდუალურია.
აღზრდის მშობლისეული სტილი
 ავტორიტარული მშობლები- ბავშვებთან ურთიერთობისას ცივები და მკაცრები არიან,
ბავშვებისგან მუდმივად ელიან მითითებების შესრულებას, ემოციებზე ბევრს არ
საუბრობენ. მკაცრად სჯიან თავიანთ შვილებს. ავტორიტარულ მშობლებს უყვართ
შვილები, მაგრამ ამას არ გამოხატავენ.
 ავტორიტეტული მშობლები - აწესებენ ზუსტ საზღვრებს, იძულებით წესებს და ელიან
ბავშვებისგან ზრდასრულივით ქცევას. ისინი უფრო თბილად ეპყრობიან შვილებს: ყურს
უგდებენ ბავშვის პროტესტს, ასაბუთებენ წესების მიზეზებს და საშუალებას იძლევიან,
მიღებული იქნეს უფრო დემოკრატიული გადაწყვეტილება. უმეტესად ეხმარებიან
შვილებს მათი ამა თუ იმ საქციელის შედეგების გააზრებაში.
 ლიბერალი მშობლები- არიან გულთბილები, მზრუნველები, ვერ აკონტროლებენ
საკუთარი შვილების საქციელს.
 უყურადღებო მშობლები- საერთოდ არ დარდობენ და თავს არ იწუხებენ კონტროლით,
ბავშვებთან ურთიერთობით და მათზე ზრუნვით.
კულტურა და აღზრდის სტილი
ყველას- ავტორიტარულ, ავტორიტეტულ და ლიბერალ მშობლებს უყვართ საკუთარი
შვილები და ზრუნავენ მათზე უბრალოდ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ
როგორია კარგი მშობელი.
ავტორიტეტული მშობლების შვილები უფრო კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით და უკეთ
ურთიერთობენ სხვებთან, ავტორიტარული მშობლების შვილებს ახასიათებთ დამნაშავეობის
გრძნობა და დათრგუნულობა, ლიბერალური მშობლების შვილებს შესაძლებელია ჰქონდეთ
პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში. ასეთი მშობლები ბავშვებს ყველანაირ სურვილს
უსრულებენ. ორივე, სურვილების ამსრულებელი და უყურადღებო მშობლის ტიპი, ზიანის
მომტანია.
გასაგები წესების დამდგენი მკაცრი, მაგრამ გულთბილი და ემოციურად მხარდამჭერი
აღზრდის სტილი პირდაპირ კავშირშია ქალაქელი ბავშვების მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან
და მეტ ემოციურ სიმწიფესთან. იმ კულტურებში კი, სადაც უფროსის დაფასება და
კოლექტიური ფილოსოფია უფრო მისაღებია, ვიდრე ინდივიდუალური, ბავშვმა შესაძლოა
არასწორად აღიქვას მორჩილების მოთხოვნა და ის ავტორიტარულობად მიიჩნიოს.
თანატოლები: თანატოლთა კულტურა
თანატოლთა კულტურა არის მოსწავლეთა ჯგუფების ჩაცმულობის, საუბრისა და თმის
ვარცხნილობის აღიარებული “წესები”. ჯგუფი განისაზღვრება საერთო საქმიანობით, მუსიკისა
და სხვა მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებებით. თანატოლთა კულტურა აღიარებული
წესების მორჩილებისადმი უბიძგებს მოზარდს.
თანატოლების ძალაუფლების გასარკვევად უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, როდესაც
მშობლებისა და თანატოლების ღირებულებები და ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება და
ვნახოთ, ვისი გავლენა იმძლავრებს. როგორც წესი, თანატოლები იმარჯვებენ. თანატოლთა
კულტურა გავლენას ახდენს მანერებისა და სოციალიზაციის ჩამოყალიბებაშიც. თანატოლთა
ურთიერთობა მნიშვნელოვან პოზიტიურ ან ნეგატიურ როლს ასრულებს ჯანსაღ პიროვნულ და
სოციალურ განვითარებაში. თანატოლების მიერ უარყოფილი ბავშვები ნაკლებად
მონაწილეობენ სასწავლო აქტივობაში, უჩნდებათ სურვილი, მიატოვონ სკოლა, არიან მეტად
მიდრეკილი დანაშაულისკენ.
ვის აქვს უფრო ხშირად პრობლემები თანატოლებთან?
ფიზიკურად, გონებრივად, ეთნიკურად, რასობრივად, ეკონომიკურად ან ენობრივად
განსხვავებული ახალი მოსწავლე შესაძლოა უარყოფილი იქნეს თანატოლთა ჯგუფის მიერ.
უფრო ხშირად აგრესიული, ჩაკეტილი, უყურადღებო, მაგრამ ზედმეტად აქტიური
მოსწავლეები არიან უარყოფილი. ამგვარად “იყო უარყოფილი” ნიშნავს, იყო ნორმისგან
განსხვავებული. მასწავლებელმა უნდა იცოდეს თითოეული მოსწავლის დამოკიდებულება
ჯგუფთან.
თანატოლთა აგრესია
აგრესიის რამდენიმე ფორმა არსებობს. ყველაზე ჩვეული ფორმაა ინსტრუმენტული აგრესია,
რომელიც გულისხმობს ნივთისა თუ უპირატესობის მოპოვებას: ხელისკვრას, სხვა ბავშვისთვის
სათამაშოს წართმევას.
მეორე ფორმაა- მტრული აგრესია- განზრახ ზიანის მიყენება. მტრულ აგრესიას შესაძლოა
ჰქონდეს როგორც ღია აგრესიის- მუქარის და ფიზიკური თავდასხმის ფორმა.
ასევე ურთიერთობითი აგრესიის ფორმა, როდესაც ფუჭდება საზოგადოებრივი
ურთიერთობები.
ბიჭები უფრო მეტად მიმართავენ ღია აგრესიას, ხოლო გოგოები აგრესიას ურთიერთობებში.
აგრესია არ უნდა აგვერიოს ასერტულობაში.
ბავშვები, რომლებიც ძალადობით სავსე ოჯახში გაიზარდნენ, უფრო ხშირად მიმართავენ
აგრესიას პრობლემების გადასაჭრელად. ძალადობის მისაბაძი წყაროა ტელევიზია და
ინტერნეტი. სატელევიზიო ძალადობა იწვევს აგრესიულ ქცევას როგორც გოგოებში, ისე
ბიჭებში. სატელევიზიო ძალადობის უარყოფით გავლენას შევამცირებთ, თუ ავუხსნით
მოსწავლეებს, რომ ადამიანთა ქცევა არ არის ტელევიზიით გავრცელებული ძალადობის
მსგავსი, არამედ შექმნილია ეფექტებით. შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ტელევიზორის ყურება
ჯილდოს ან სასჯელის სახით, ამით კიდევ უფრო მიმზიდველს ვხდით მას. უამრავი ფილმი და
ვიდეოთამაში სავსეა ძალადობრივი გამოსახულებებით. გაზეთები, ჟურნალები და რადიო
სავსეა მკვლელობის, გაუპატიურების და ძარცვის შესახებ ისტორიებით.
ჩხუბისთავები
აგრესიულ ბავშვებს მიაჩნიათ, რომ ძალადობა გამართლებულია სასურველი მიზნის
მისაღწევად. შესაძლებელია ამ რწმენას ძალადობის დაუსჯელობა აყალიბებს და აძლიერებს.
ბავშვის მომავალი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი აგრესიის განეიტრალება.
აგრესიის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ადრეული ჩარევაა.
აგრესია ურთიერთობებში
ურთიერტობებში აგრესიის გამოხატულებაა შეურაცხყოფა, ჭორი, გარიყვა, დაცინვა. მას
ზოგჯერ სოციალურ აგრესიას უწოდებენ. სოციალური აგრესორები უფრო რთული
შესამჩნევები არიან მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის ვიდრე ფიზიკური აგრესორები.
სკოლამდელ ასაკში ბავშვებმა აგრესიის გარეშე უნდა ისწავლონ საზოგადოებრივი
ურთიერთობების დამყარება.
მსხვერპლნი
ზოგ მოსწავლეს ჩხუბისთავობისკენ აქვს მიდრეკილება, ზოგი კი მსხვერპლია. მსხვერპლთა
ერთ კატეგორიას დაბალი თვითშეფასებისკენ აქვს მიდრეკილება და თავს მოუსვენრად,
მარტოსულად, უიმედოდ და უბედურად გრძნობს. ასეთი მოსწავლეები ხშირად ტირიან და
უკან იხევენ, თავდასხმისას თავს ვერ იცავენ. ასეთი მსხვერპლი თავს იდანაშაულებს. ჰქონია,
რომ გარიყეს გამოუსწორებელი საქციელის გამო. ის ამის გამო დათრგუნული და უსუსურია.
მსხვერპლთა მეორე კატეგორიაა ემოციური, ტემპერამენტიანი მოსწავლეები- თანატოლებისგან
აგრესიას თავად პროვოცირებენ. ისინი თითქმის ყველა თანატოლის მიერ არიან უარყოფილი
და ცოტა მეგობარი ჰყავთ. მსხვერპლ ბავშვებს ხშირად აქვთ თვითმკვლელობის მცდელობა.
მასწავლებლები
მასწავლებლის პირველი ამოცანაა ასწავლოს, მაგრამ ამავდროულად მათ ეძლევათ საშუალება
მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოსწავლეთა პიროვნულ და საზოგადოებრივ განვითარებაში.
მასწავლებელი ზოგჯერ დახმარების საუკეთესო წყაროა. მოსწავლეს, რომელსაც ქაოსური
ოჯახური ცხოვრება აქვს, სკოლაში მზრუნველი გარემო სჭირდება. მოსწავლეებს
მასწავლებლებთან უნდა შეეძლოთ პირად პრობლემებზე საუბარი.
ზრუნვა აკადემიურ მოსწრებასა და პიროვნებაზე
მასწავლებლისთვის მთავარია დადებითი პიროვნებათშორისი ურთიერთობები,
მოწესრიგებული კლასი, სიმკაცრის გარეშე შენარჩუნებული ავტორიტეტი და კარგი
წამხალისებელი- მასწავლებელს შეუძლია შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომებით
სწავლა სახალისო გახადოს. სწავლების ყველა საფეხურზე მასწავლებლისა და მოსწავლეებს
შორის დადებითი ურთიერთობა ფასეული და მნიშვნელოვანია. მოსწავლეები ეძებენ
პატივისცემას, სიყვარულს, ნდობას, მსმენელს, მოთმინებასა და იუმორს მასწავლებელთან
ურთიერთობაში.
მოსწავლეები ორი სახის მზრუნველობას განასხვავებენ. ზრუნვა აკადემიურ მოსწრებაზე და
ზრუნვა პიროვნებაზე- იყო მომთმენი, თავაზიანი, მოსწავლეთა განსხვავებული აზრებითა და
პრობლემებით დაინტერესებული.
მაღალი მოსწრების მოსწავლეებისთვის ზრუნვას აკადემიურ მოსწრებაზე განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს, ხოლო რისკის ჯგუფში შემავალი მოსწავლეებისთვის გადამწყვეტია
პიროვნებაზე ზრუნვა.
მოკლედ, ზრუნვა ნიშნავს, მასწავლებელმა გულდასმით ადევნოს თვალყური სწავლის
პროცესს და აჩვენოს და ასწავლოს სიკეთე კლასში.
მასწვლებელი და ბავშვის ჩაგვრა
ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მასწავლებელმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს
დირექტორი, სკოლის ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი.
მე-კონცეფცია: საკუთარი თავის შეცნობა
ბავშვებში თვითშეფასება თავდაპირველად კონკრეტულია. საკუთარ თავსა და მეგობრებზე
უშუალო ქცევასა და გარეგნობას ეფუძნება. ბავშვები ვარაუდობენ, რომ სხვებიც იზიარებენ მათ
გრძნობებსა და აღქმას. მათი ფიქრები საკუთარ თავსა და სხვებზე მარტივი, დანაწევრებული,
შეზღუდული და მოუქნელია. აბსტრაქტული აზროვნების განვითარებასთან ერთად საკუთარი
თავის, სხვებისა და გარემოებების შეცნობაში შესაძლებელია ჩაერთოს სულ უფრო მეტი
აბსტრაქტული მახასიათებელი.
მე-კონცეფცია გულისხმობს პიროვნების ცოდნასა და შეხედულებას საკუთარ თავზე-
აზრებზე, გრძნობებზე, დამოკიდებულებებსა და მოლოდინებზე. ეს არის თავის გაცნობა
“მესთვის”, ერთგვარი სქემების შექმნაა, რომელიც დაალაგებს საკუთარ თავთან დაკავშირებულ
შთაბეჭდილებებს, შეგრძნებებს და რწმენებს. ეს მოდელი ან სქემა არ არის მუდმივი, საბოლოო
და უცვლელი. ჩვენი თვითაღქმა იცვლება სიტუაციიდან სიტუაციამდე.
თვითშეფასება ემოციური რეაქციაა- შეფასებითი მსჯელობა საკუთარი ღირებულებების
შესახებ. თუ ადამიანები საკუთარ თავს დადებითად აფასებენ, ვამბოობთ, რომ მაღალი
თვითშეფასება აქვთ. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ თვითშეფასება მე-კონცეფციის ერთი ასპექტია-
შეფასებითი ნაწილი. თვითშეფასებაზე ზემოქმედებას ახდენს ის, რამდენად აფასებს კულტურა
ჩვენს გარშემო ჩვენს განსაკუთრებულ თავისებურებებსა და უნარ-ჩვევებს.
როგორ ვითარდება მე-კონცეფცია
ის ვითარდება განსხვავებულ სიტუაციებში. ბავშვები თავიდანვე ინტერესდებიან “როგორ
გამომდის?” და აფასებენ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ვერბალურ და არავერბალურ
რეაქციებს.
ბავშვების თვითშეფასება იცვლება მათ ზრდასთან ერთად. მოსწავლეები, რომლებიც
მეტნაკლებად ცნობენ ბგერებსა და ასოებს, უფრო სწრაფად სწავლობდნენ კითხვას, შესაბამისად
კითხვის საკუთარი უნარის შესახებ უფრო დადებითი წარმოდგენა უვითარდებოდათ.
საბაზო სკოლის პერიოდში მოსწავლეები უფრო შეგნებული ხდებიან. ამ ასაკში წარმოდგენა
საკუთარ თავზე მიბმულია ფიზიკურ გარეგნობასა და საზოგადოების მოწონებასთან.
აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, სოციალური შედარება გავლენიანია დასავლურ
კულტურებში.
სასკოლო ცხოვრება და თვითშეფასება
მასწავლებელთა დამოკიდებულებამ, შეფასებამ და მზრუნველმა ურთიერთობამ შესაძლოა
შეცვალოს მოსწავლის წარმოდგენები საკუთარ უნარ-შესაძლებლობებზე გარკვეულ
საკითხებში. თვითშეფასება განსაკუთრებით მაშინ მატულობს, როცა იზრდება მოწაფის
კომპეტენტურობა მისთვის მნიშვნელოვან სფეროებში, ასე რომ მასწავლებლის უმთავრესი
ამოცანაა, მოსწავლეს მნიშვნელოვან საკითხებში გარკვევასა და უნარ-ჩვევების ათვისებაში
დაეხმაროს.
მრავალგვარობა და იდენტობა
მცირეწლოვან ბავშვს უმეტესად დადებითი, ოპტიმისტური წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე,
მაგრამ ზოგი მათგანი ზუსტად ვერ აფასებს საკუთარ უნარებს. ისინი აკნინებენ საკუთარ
ცოდნას. ამ წარმოდგენაზე გავლენას ახდენს მოსწავლის სქესი და ეთნიკური სტერეოტიპები.
მრავალგვარობა და “მე”-ს აღქმა
პირველ კლასში გოგონებს და ბიჭებს ენებში საკუთარი უნარ-შესაძლებლობების აღქმა
მსგავსი აქვთ, თუმცა ბიჭები თავს ბევრად უფრო კომპეტენტურად თვლიან მათემატიკასა და
სპორტში. წლების განმავლობაში ცოდნასთან დაკავშირებულმა რწმენამ იკლო როგორც
ბიჭებში, ისე გოგონებში. მაღალ კლასებში მათემატიკაში კომპეტენტურობასთან
დაკავშირებული რწმენა ბიჭებსა და გოგონებში გათანაბრდა. პირველი კლასის შემდეგ ენების
მიერ მიდრეკილების შეფასება ბიჭებში უფრო მკვეთრად შემცირდა, მაგრამ გათანაბრდა მაღალ
კლასებში. სპორტთან დაკავშირებულმა შეფასებამ ორივე სქესთან იკლო, თუმცა ბიჭები მთელი
12 წლის განმავლობაში მეტად დარწმუნებულები იყვნენ სპორტულ უპირატესობაში.
გოგონებს მიაჩნდათ, რომ უკეთ გამოსდიოდათ კითხვა, ბიჭები კი მეტად დარწმუნებული
არიან საკუთარ მათემატიკულ დ ათლეტურ შესაძლებლობებში. ეს განსხვავება გავლენას
ახდენს აკადემიურ მიღწევებზეც, ანუ დარწმუნებულობა და შედეგები ურთიერთკავშირშია-
ერთი მოქმედებს მეორეზე.
გოგონებსა და ბიჭებში თვითშეფასება თანდათან მცირდება მე-7, მე-8, მე-9 კლასებში. შემდეგ
კი ბიჭების ზოგადი თვითშეფასება მაღალ კლასებში საოცრად მატულობს, გოგონების კი
თითქმის უცვლელია, სკოლის დამთავრებისას გოგონების თვითშეფასება მნიშვნელოვნად
მცირდება ბიჭების თვითშეფასებასთან შედარებით.

ეთნიკური და რასობრივი იდენტობა


იმის გამო, რომ ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეები ორი კულტურის წევრები არიან,
მათთვის რთულია გამოკვეთილი იდენტობის ჩამოყალიბება. მოსწავლის ეთნიკური
კულტურის ფასეულობები, სწავლის სტილი და ურთიერთობების მოდელი შეიძლება
შეუთავსებელი იყოს სკოლის და უფრო დიდი საზოგადოების მოთხოვნილებებთან.
უმრავლესობის კულტურის მიღება თითქოს ეთნიკური ფასეულობების უარყოფას მოითხოვს.
ერიქსონის თქმით, მათ უფრო ხანგრძლივი მორატორიუმი სჭირდებათ.
ეთნიკური იდენტურობა: გამოსვალი და პროცესი
არსებობს 4 გამოსავალი იდენტობის ძიების პროცესში ეთნიკური უმცირესობების
ახალგაზრდებისთვის. ერთ-ერთი ასეთია ასიმილაცია- უმრავლესობის კულტურის
ფასეულობებისა და ქცევების სრულად მიღება და ეთნიკური კულტურის უარყოფა.
საპირისპირო გამოსავალი განცალკევება-განდგომა და მხოლოდ საკუთარი ეთნიკური
კულტურის წევრებთან ურთიერთობაა.
მესამე ვარიანტია მარგინალობა- კავშირის შეწყვეტა უმცირესობის კულტურასთან და
უმრავლესობის კულტურით ცხოვრება, მაგრამ თან გაუცხოების და დისკომფორტის შეგრძნება.
ბოლო ალტერნატივაა ბიკულტურიზმი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კავშირის
შენარჩუნება ორივე კულტურასთან.
ბიკულტურიზმის სულ სამი ვარიანტია. შეიძლება იარსებოთ ორ კულტურას შორის,
ზოგიერთ სიტუაციაში თქვენი ქცევა იყოს უმრავლესობისთვის დამახასიათებელი და სხვა
სიტუაციაში კი- უმცირესობისთვის. ან შეგიძლიათ ერთმანეთს შეურიოთ ორივე კულტურა,
აირჩიოთ ორივესთვის თანაბრად დამახასიათებელი ფასეულობები და ქცევები და იმოქმედოთ
შესაბამისად და ბოლოს, შეგიძლიათ გააერთიანოთ ორი ცალკე კულტურა ერთ ახალსა და
მთლიანში. მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, გქონდეთ საკუთარი
ეთნიკური ჯგუფის მიმართ ძლიერი დადებითი გრძნობები.
შინ თუ გარეთ სიამაყე ყველა მოსწავლისთვის მყარი იდენტურობის ფუნდამენტის
შემადგენელი ნაწილია. სპეციალური ძალისხმევა რასობრივი და ეთნიკური სიამაყის
გასაძლიერებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასე რომ, მოწაფეები თავიანთი
იდენტურობის გარკვევისას არ უნდა იღებდნენ გზავნილებს, რომ განსხვავება ნაკლია.
ემოციური და მორალური განვითარება
ემოციური კომპეტენცია -სხვისი სურვილების გაგება და აზრების გათვალისწინება ემოციური
კომპეტენციის განვითარების ან ემოციური სიტუაციის გაგებისა და მართვის უნარის
განვითარების შემადგენელი ნაწილია. სოციალური და ემოციური კომპეტენცია გადამწყვეტია,
როგორც აკადემიური მოსწრების, ასევე პიროვნების განვითარებისთვის.
გონების თეორია და განზრახვა
2-3 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ “გონების თეორიის” განვითარებას. ისინი ხედავენ, რომ
სხვა ადამიანებიც ადამიანები არიან თავიანთი გონებით, ფიქრებით, გრძნობებით, რწმენითა და
სურვილებით. აუტიზმით დაავადებული ბავშვები “გონების თეორიის” ნაკლებობას განიცდიან,
რაც დაეხმარებოდა მათ საკუთარი და სხვათა ემოციების და ქცევების გაგებაში.
დაახლოებით ორი წლის ასაკში ბავშვებს უჩნდებათ საკუთარი განზრახვის განცდა. ისინი
აცხადებენ “მე მინდა შოკოლადის კარაქი”. ცნობიერების განვითარებასთან ერთად ბავშვებს
შეუძლიათ იმის გაგება, რომ სხვებსაც აქვთ სურვილები. დაწყებითი სკლის უფროსი ასაკის
ბავშვებს შეუძლიათ გაარჩიონ განზრახული მოქმედება არაგანზრახულისგან. ბავშვებს
მომწიფებასთან ერთად შეუძლიათ სხვისი სურვილების შეფასება და გათვალისწინება.
სხვათა თვალსაზრისის გათვალისწინების უნარი დროთა განმავლობაში ვითარდება. სხვისი
ფიქრებისა და გრძნობების გაგების უნარი მნიშვნელოვანია მორალური განვითარებისთვის.
ბავშვების მომწიფებას თან სდევს ოპერატიულ აზროვნებაზე გადასვლა. ამ დროს მათ იციან,
რომ სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე სიტუაციაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. 10-15
წლამდე ბავშვების უმრავლესობას უვითარდება უნარი, გააანალიზონ ერთ სიტუაციაზე
რამდენიმე ადამიანის თვალსაზრისი ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან. მათ,
რომელთაც უჭირთ სხვისი თვალსაზრისის გაგება, ნაკლებად ქენჯნით სინდისი, როცა ცუდად
ექცევიან თანატოლებს ან უფროსებს.
ზნეობრივი განვითარება
“გონების თეორიის” განვითარებასთან ერთად ბავშვებს უვითარდებათ კარგისა და ცუდის
განცდაც. ბავშვის ერთ-ერთი მორალური ამოცანაა გაყოფა და გაზიარება კლასში ანუ
განაწილების სამართლიანობა. 5-6 წლის ბავშვებისთვის სამართლიანი განაწილება
დაფუძნებულია თანასწორობაზე, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ბავშვებისთვის გასაგები
ხდება, რომ დამსახურების მიხედვით ზოგიერთმა მეტი უნდა მიიღოს- მათ მეტი ან უკეთ
იმუშავეს. 8 წლის ბავშვებს უკვე ესმით, რომ ზოგ მოსწავლეს განსაკუთრებული საჭიროებების
გამო მასწავლებელმა შესაძლოა მეტი დრო დაუთმოს.
მორალური განვითარება მოიცავს წესების გაგებასაც. მათთვის წესები უბრალოდ არსებობს. ამ
მდგომარეობას მორალურ რეალიზმს უწოდებენ. 5-6 წლის ბავშვს სჯერა, რომ თამაშის წესები
აბსოლუტურია და ვერ შეიცვლება.
ბავშვები ნელ-ნელა გადაინაცვლებენ კოოპერაციის მორალზე- თანდათან იგებენ, რომ წესებს
ადამიანები ქმნიან და თვითონვე ცვლიან მათ.
კოლბერგის მორალური განვითარების თეორიები
კოლბერგმა მორალური მსჯელობა შეაფასა მორალური დილემების დახმარებით.
 საფეხური 1: პრეკონვენციური მორალური განსჯა
 სტადია 1 სასჯელმორჩილებაზე ორიენტაცია- ემორჩილებიან წესებს, რათა თავი
აარიდონ სასჯელს.
 სტადია 2 პირად ჯილდოზე ორიენტაცია- სწორს და არასწორს განსაზღვრავს პირადი
მოთხოვნილებები
 საფეხური 2: კონვენციური მორალური განსჯა
 სტადია 3 ორიენტაცია- კარგი ბიჭი-კარგი გოგო. “კარგი” არის ის, რაც სიამოვნებთ და
მოსწონთ სხვებს
 სტადია 4 ორიენტაცია კანონსა და წესრიგზე- კანონი აბსოლუტურია. ავტორიტეტებს
პატივი უნდა სცენ და საზოგადოებრივი წესრიგი მიღწეულ იქნას.
 საფეხური 3: პოსტკონვენციური მორალური მსჯელობა
 სტადია 5 საზოგადოებრივ ხელშეკრულებაზე ორიენტაცია. “კარგს” განსაზღვრავს
საზოგადოებაში მიღებული პიროვნების უფლებები.
 სტადია 6 ორიენტაცია უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებზე- “კარგი” და “სწორი” ქცევა
ინდივიდუალურ ცნობიერებაზეა დამოკიდებული და მოიცავს სამართლიანობის,
ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის აბსტრაქტულ ცნებებს.
მორალური მსჯელობა, სოციალური შეთანხმებები და პირადი არჩევანი
ზოგი წესი, მაგალითად “არანაირი საღეჭი რეზინა ლექციის დროს” წარმოადგენს სოციალურ
შეთანხმებას, ანუ მოქცევას კონკრეტული სიტუაციის მიხედვით. მოსწავლეები ერიდებიან
საღეჭ რეზინს, თუ ეს შეთანხმებას (კლასის წესებს) ეწინააღმდეგება. სინამდვილეში საღეჭი
რეზინის ღეჭვა არ არის ამორალური საქციელი, უბრალოდ ეს წესს ეწინააღმდეგება. ასევე არ
არის ამორალური, არ გიყვარდეს ლობიო- ეს პირადი არჩევანია. კოლბერგის სტადიებში
უგულებელყოფილია პიროვნული არჩევანი. ე.ი გადაწყვეტილებები შედგება 3 სფეროსგან:
მორალური სამართალი, სოციალური შეთანხმებები, პიროვნული არჩევანი.
მორალი და შეთანხმებითი სფეროები
ბავშვებს აქვთ განცდა, რომ სამართალი ყველასთვის ერთნაირია. ბავშვები იჯერებენ, რომ მათ
ირგვლივ მიმდინარე ყოველდღიური მოვლენები რეალური და სამართლიანია.
მაგალითისთვის, კაცმა მოკლე თმა უნდა ატაროს, ქალმა- გრძელი და ეს ასე უნდა იყოს.
ზრდასთან ერთად ისინი გამონაკლისებსაც ამჩნევენ და აცნობიერებენ, რომ შეთანხმებები
თავისუფალია. შემდეგში ბავშვები ხვდებიან, რომ წესები წესრიგისთვისაა მოგონილი და მათ
ხალხი ადგენს. გარდატეხის ასაკში მოზარდებს ამ წესებზე პასუხები ებადებათ: რადგან წესები
თავისუფალია და სხვების მიერაა შემუშავებული, ისინი შეიძლება არაფერია საზოგადოებრივი
ვარაუდების გარდა. საბოლოოდ, მოზარდები აცნობიერებენ, რომ შეთანხმებები სასარგებლოა
საზოგადოებრივ ცხოვრებასთან კოორდინირების თვალსაზრისით, თუმცა ცვალებადია.
არსებობს უამრავი კულტურული განსხვავება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მორალზე.
ზოგი კულტურა მეტად ტრადიციულია. თანამედროვე კულტურისგან განსხვავებით ჩვევები
და რიტუალები აქ ნელა იცვლება. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში უთავსაბუროდ
სიარული შეთანხმებით სფეროზე მიგვითითებს, მაგრამ ეს უფრო მორალურ სფეროს
განეკუთვნება, განსაკუთრებით, თუ რელიგიური ფაქტორი მოქმედებს.
მორალური ქცევა
მორალურ ქცევაზე სამი ფაქტორი ახდენს გავლენას: მოდელირება, ინტერნალიზაცია და მე-
კონცეფცია. ბავშვები, რომლებიც მუდმივად ხედავენ მშობელთა ქცევის ისეთ მოდელს,
როგორიცაა გულუხვობა და მზრუნველობა, შემდგომში მიდრეკილი არიან გაითვალისწინონ
სხვათა უფლებები და გრძნობები. მეორე, ბავშვების მორალურ ქცევას თავიდან სხვები
აკონტროლებენ პირდაპირი ინსტრუქციის, ზედამხედველობის, დაჯილდოების, დასჯის,
შენიშვნების მეშვეობით. ბავშვები თანდათან ახდენენ ავტორიტეტების მიერ მოწოდებული
წესებისა და პრინციპების ინტერნალიზაციას- გარე სტანდარტებს უკვე თავისად აღიქვამენ. ამ
დროს ისინი მორალურად იქცევიან მაშინაც კი, როცა თვალსყურს არავინ ადევნებს.
თაღლითობა
თაღლითობა კავშირშია განსაკუთრებულ სიტუაციასთან და არა პიროვნების წესიერება-
არაწესიერებასთან. მოსწავლე, რომელიც თაღლითობს მათემატიკაში, სხვა საგნებშიც იგივეს
გააკეთებს, მაგრამ მეგობრის მოტყუებასა და საწყობიდან ტკბილეულის აღებას არ შეეცდება.
ბიჭები გოგონებზე მეტად არიან მიდრეკილი თაღლითობისკენ. კარგი ნიშნებისა და საკუთარი
თავის კარგად წარმოჩენაზე კონცენტრირებული მოსწავლეები უფრო მიდრეკილი არიან
გადაწერისკენ.
თაღლითობაში გარკვეულ როლს თამაშობს სიტუაციაც. თაღლითობის აღმოსაფხვრელად
მოსწავლეები მოარიდეთ დაძაბულ სიტუაციებს. იზრუნეთ, რომ კარგად მოამზადონ ტესტები
და დავალებები. ყურადღება გაამახვილეთ ცოდნაზე და არა ნიშნებზე. აუხსენით თქვენი
დამოკიდებულება გადაწერისადმი. ტესტის შესრულებისას ფრთხილი და მუდმივი
შემოწმებით დაეხმარეთ მოსწავლეებს, თავი შეიკავონ გადაწერისგან.

You might also like