You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

მუხლი 862. ანგარიშის მფლობელის დავალების გაუქმების შედეგები

1. ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს საკრედიტო დაწესებულებისათვის


მიცემული დავალება, ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში
საკრედიტო დაწესებულება მოვალეა შესრულებაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ
შეატყობინოს სათანადო პირებს.

2. დავალების დროულად გაუქმების შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა


კვლავ აღადგინოს თანხა მფლობელის ანგარიშზე.

I. ნორმის მიზანი
862-ე მუხლის მიზანია კლიენტს გადარიცხვასთან დაკავშირებით უკვე გამოვლენილი 1
ნების გაუქმების შესაძლებლობა მისცეს, თუ შესაბამისი თანხები ჯერ საბოლოოდ არ
გადარიცხულა. ამავდროულად იკვეთება საკრედიტო დაწესებულების
ვალდებულებებიც სათანდო პირების ინფორმირების და, დავალების დროულად
გაუქმების შემთხვევაში თანხის ანგარიშის მფლობელის ბალანსზე აღდგენასთან
დაკავშირებით. კომენტირებული მუხლის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე
მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თანამედროვე საბანკო საქმიანობაში ელექტრონული
კომუნიკაციების აქტიურმა დანერგვამ და, შესაბამისად, მომენტალური გადარიცხვების
ხანაში ანგარიშის მფლობელის დავალების დროულად გაუქმების შეუძლებლობამ.

II. ნორმის შინაარსი


862-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არსებითია ანგარიშის მფლობელის ნების 2
ფარგლების დადგენა - როდემდე შეუძლია კლიენტს შეცვალოს გადაწყვეტილება და
აღარ გადარიცხოს თანხა, თუ მომსახურე ბანკს უკვე მიღებული აქვს შესაბამისი
საგადახდო დავალება? ლოგიკურია, რომ კანონი იქამდე აძლევს კლიენტს დავალების
გაუქმების შესაძლებლობას, ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა. საკითხში
უფრო სიღრმისეულად გასარკვევად უნდა გვესმოდეს, რომ გადარიცხვის შესახებ
დავალება გამოიხატება კლიენტის მიერ ბანკისათვის მიცემულ საგადახდო
დავალებაში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის
ბრძანება №8/04 „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“,
„დებულება“ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის ბრძანება
№105 „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული
ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცალცალკე განმარტავენ
სხვადასხვა ფორმის საგადახდო დავალებების განხორციელებისთვის აუცილებელ
რეკვიზიტებს, მოთხოვნებს და ა.შ. არსებითია, რომ დღესდღეობით საგადახდო
დავალებათა დიდი ნაწილი ელექტრონული (პროგრამული) ფორმით გაიცემა, რაც
1
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

კომერციულ ბანკს საშუალებას აძლევს შესაბამისი ტრანზაქცია მომენტალურად


განახორციელოს. ასეთ დროს კლიენტის მიერ მითითებული თანხა დაუყოვნებლივ
გამოდის მისი ანგარიშის ბალანსიდან და გამომდინარე იქედან თუ სად აქვს ადრესატს
საბანკო ანგარიში (მაგალითად, იმავე ბანკში, პარტნიორ ბანკში, ბანკში სადაც კლიენტის
მომსახურე ბანკს არ გააჩნია საკორესპონდენტო ანგარიში და ა.შ.), შესაბამისი
გადარიცხვა შეიძლება ან რამდენიმე წუთში (ზოგჯერ წამშიც კი) დასრულდეს, ან თანხა
პრე-ავტორიზებული (ბლოკირებული) ფორმით ფორმალურად რჩებოდეს ანგარიშზე.
შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის არარსებობის პირობებში შეგვიძლია მხოლოდ
ვივარაუდოთ, რომ პრე-ავტორიზებული თანხის არსებობა უნდა გავაიგივოთ
მომენტთან, როდესაც გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა და კლიენტს ასეთ დროსაც
უნდა მიეცეს დავალების გაუქმების შესაძლებლობა. 862-ე მუხლის გერმანულ
ანალოგად მიჩნეული1 გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 676a მუხლის IV ნაწილი, 2002
წლიდან ამ ნორმატიული აქტის ტექსტიდან ამოღებულია. თუმცა უახლოეს წარსულში
გერმანული სამართლის ამ ნორმის ინტერპრეტაციის მაგალითები უდავოდ
აქტუალური უნდა იყოს დღევანდელი ქართული საბანკო რეალობისთვის. მაგალითად,
გერმანიის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კლიენტის მიერ საგადახდო
დავალების გაუქმება და მიმღები ბანკის მიერ ამ ფაქტის გათვალისწინება მხოლოდ
მაშინაა შესაძლებელი, როდესაც შესაბამისი შეტყობინება მიმღებს ბანკს მიუვიდა მანამ,
სანამ თანხა გადარიცხვის ადრესატის ბალანსზე საბოლოოდ აისახებოდა.2 ასევე
დადგინდა, რომ მიცემული დავალების გაუქმების უფლება ვრცელდება იმ
შემთხვევებზეც, როდესაც მიმღების ბანკსა და თავად მიმღებს შორის ანგარიშსწორების
ხელშეკრულება უკვე აღარ არსებობს, მაგრამ ბანკი გადარიცხვის თანხას ადრე მოქმედი
ხელშეკრულების ფარგლებში ყოფილი კლიენტის სასარგებლოდ მაინც მიიღებს და
იმგვარად დაახარისხებს, რომ ამ უკანასკნელს გააჩნდეს შესაბამისი თანხის მოთხოვნის
უფლება.3

3 ცალკე განხილვას იმსახურებს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულება


შესრულებაზე უარის შესახებ შეატყობინოს სათანადო პირებს. ნორმის
ფორმულირებიდან გამომდინარე, აქ ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც გადარიცხვა
უკვე განხორციელდა. დაინტერესებულ პირებად პირველ რიგში გადარიცხვის
ადრესატები უნდა ვიგულისხმოთ. ბუნებრივია, რომ მას შემდეგ რაც თანხა ადრესატის
ანგარიშზე აისახება, არც გამგზავნის და არც მიმღების საკრედიტო დაწესებულებას
თავისთავად არ ექნებათ უფლება გადარიცხული სახსრები თვითნებურად უკან

1 შეად. კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, მე-13 გამოცემა, თბილისი,
2014, 880.
2 შეად. BGH, 05.12.2006 - XI ZR 21/06, BGHZ 170, 121.

3 იქვე.

2
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

დააბრუნონ. ამისთვის, 861-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, საჭირო იქნება


თავად შესაბამისი ანგარიშის მფლობელის ნება. სხვა საკითხია რამდენად ექნება
ამგვარი ნება გადარიცხვის ადრესატს - მისი არარსებობა შესაძლებელია უსაფუძვლო
გამდიდრებიდან გამომდინარე ქონებრივ დავას დაედოს საფუძვლად. რა თქმა უნდა,
საკრედიტო დაწესებულების კომპეტენცია მხოლოდ დაინტერესებულ პირთათვის
შეტყობინების მოვალეობით შემოიფარგლება და არ მოიცავს ბანკის ვალდებულებას
აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები ან განახორციელოს რაიმე სხვა მოქმედებები
გადარიცხული თანხის კლიენტის ანგარიშზე დაბრუნების მიზნით.

862-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს კომერციული ბანკის კიდევ ერთ 4


ვალდებულებას - დავალების დროულად გაუქმების შემთხვევაში აღადგინოს თანხა
მფლობელის ანგარიშზე. შესაბამისად, ეს ნორმა 862-ე მუხლის პირველი ნაწილის
პირველი წინადადებით განსაზღვრულ შემთხვევას ეხება, როცა დავალება დროულად
გაუქმდა და გადარიცხულ თანხაზე, სავარაუდოდ, არ ვრცელდება გამგზავნი,
შუამავალი ან მიმღები ბანკის საკომისიოები. ასეთ შემთხვევაში მომსახურე საკრედიტო
დაწესებულებამ თანხა სრულად უნდა აღადგინოს ანგარიშზე. სხვა ვითარებასთან
გვექნება საქმე, თუ დავალება დროულად ვერ გაუქმდა, თანხა გადაირიცხა, მაგრამ
ადრესატმა, გაიგო რა ანგარიშის მფლობელის მიერ გადახდაზე უარის შესახებ,
ფულადი რესურსის გამგზავნისთვის უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ასეთ შემთხვევაში,
უნდა ვიგულისხმოთ, რომ თანხის დაბრუნებისას ბანკი (ბანკები) შესაბამის საკომისიო
მიღებაზე უფლებას არ დაკარგავენ და კლიენტს (გამგზავნმა) შეიძლება სრულად ვერ
აღუდგეს პირვანდელი მდგომარეობა ანუ ანგარიშის თავდაპირველი ბალანსი.

3
ლევან გოთუა

You might also like