You are on page 1of 2

თამარ ბაიდოშვილი

საზოგადოების ტირანია და ინდივიდი


აღსანიშნავია,რომ ჯონ სტიუარტ მილი მე-19 საუკუნის ინგლისურენოვანი
სამყაროს ყველაზე გავლენიან მოაზროვნედ და ფილოსოფოსად მიიჩნევა.მისი ერთ-
ერთი შემოქმედება „თავისუფლების შესახებ“ ისტორიული კონტექსტი მნიშვნელოვანია
იმ მხრივ,რომ ადამიანის თავისუფლების შესახებ გადმოგვცემს,თუ როგორი
ღირებულია ინდივიდუალურობა და ასევე ის ,რომ ბოროტებაა ადამიანისთვის
თავისუფლების შეზღუდვა.
მილის თქმით,უმრავლესობის ტირანია-ეს არის ტირანიის ისეთი
ფორმა,რომელშიც უმცირესობა დამცირებული და შებოჭილია უმრავლესობის
მიერ,ვინაიდან მათ არ აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის
უფლება.ფილოსოფოსის თანახმად, „უმრავლესობის ტირანია“ ბოროტებათა რიგს
განეკუთვნება და საჭიროა მათგან საზოგადოების დაცვა.ტირანიის ამ ფორმას კანონი
ვერ აკონტროლებს და ,შესაბამისად,უმცირესობა საფრთხეშია.სტიუარტ მილი
თავისუფლების სამ ძირითად სფეროზე საუბრობს.1)სინდისის,აზრისა და
შეხედულებების თავისუფლება;2)ქმედების,საკუთარი ცხოვრების წესის
არჩევის,გემოვნებისა და მისწრაფებების თავისუფლება;3)სხვა ინდივიდებთან
დაკავშირების და გაერთიანების თავისუფლება ისეთი მიზნებისთვის ,რომლებიც სხვებს
არ ავნებს.მილი დიდ ყურადღებას უთმობს აზრისა და თავისუფლების სფეროს.მისი
აზრით,აუცილებელია საკუთარი შეხედულების ქონისა და გამოხატვის
თავისუფლება.საზოგადოებასა და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ნებისმიერ მოქალაქეს
აუკრძალოს შეხედულების აღიარება,ვინაიდან ეს იქნება ბოროტება,რომელიც მთელ
კაცობრიობას დააზარალებს.ასევე მილისათვის საყურადღებოა ინდივიდუალურობის
სფერო,რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შეხედულების შექმნისა და საკუთარი აზრის
მორიდების გარეშე გამოხატვის თავისუფლება.ინდივიდთან მიმართებით,არავის აქვს
უფლება პიროვნების განსჯისა და კონტროლისა,თუ რა უნდა იყოს მისთვის სწორი ან
არასწორი.მილის თქმით,ინდივიდუალურობის შეზღუდვაც
ბოროტებაა.ინდივიდუალური თავისუფლების მქონე ადამიანებს განსხვავებული
მიზნები და შეხედულებები გააჩნიათ და სწორედ ამიტომაა საფრთხის შემცველი
მათთვის „უმრავლესობის ტირანიის“ არსებობა.
ჯონ სტიუარტ მილი სამ შესაძლო შემთხვევას განიხილავს მცდარი და ჭეშმარიტი
აზრების შეპირისპირებისას.შეხედულება,რომელსაც დევნიან,შესაძლოა ჭეშმარიტი
იყოს;ის შეიძლება მცდარი იყოს; ის შეიძლება ნაწილობრივ მცდარი და ნაწილობრივ
ჭეშმარიტი იყოს.მილის მტკიცებით,ყოველთვის შეიძლება ვცდებოდეთ,მიუხედავად
იმისა,რომ ჩვენი შეხედულების ჭეშმარიტებაში დარწმუნებულები ვართ.მაგალითად
მოჰყავს პატივსაცემი ადამიანები,დარწმუნებულები იმაში,რომ ჭეშმარიტებას იცავდნენ
და მცდარ შეხედულებას ეწინააღმდეგებოდნენ,სწორედ მათ გაანადგურეს ახალი
ჭეშმარიტების მღაღადებლები.მცდარ შეხედულებასთან მიმართებით ,იგი ამბობს,რომ
მცდარი შეხედულების დევნა მაინც ბოროტებაა,ვინაიდან ჭეშმარიტება,რომლის მიმართ
ეჭვის გამოთქმა აკრძალულია,მკვდარ დოგმად იქცევა.მილს ისტორიიდან მოაზროვნე
ადამიანები მოჰყავს მაგალითებად,რადგან ისტორია ასეთი ინდივიდუალური
ადამიანებით ვითარდება.ავტორს მარკუს ავრელიუსი სწორედ მცდარი და
,ამავდროულად,ჭეშმარიტი აზრების შეპირისპირებისას მოჰყავს.იგი ქრისტიანებს
დევნიდა ,თუმცა მისი გამართლება მაინც შეიძლება,ვინაიდან მას ჰქონდა ყველა ის
საბუთი ,რომელიც ანტიქრისტიანული მოძღვრების დევნის გასამართლებლად
შეიძლება წამოაყენონ.
აღსანიშნავია,რომ ინდივიდუალურობის თავისუფალი განვითარება
საზოგადოებისა და კაცობრიობის კეთილდღეობის ერთ-ერთი უპირველესი არსებითი
ელემენტია და იგი არა მარტო კორელაციაშია ცივილიზაციასთან,აღზრდასთან და
განათლებასთან ,არამედ ამ ყველაფრის აუცილებელი ნაწილია.მილის
თანახმად,ადამიანი არ უნდა იყოს სხვაზე დამოკიდებული,ინდივიდუალურობა უნდა
შეინარჩუნოს.ინდივიდუალურობას დიდი მნიშვნელობა აქვს,რადგან ამ დროს
პიროვნებას უფლება აქვს სხვა ადამიანებთან გაერთიანდეს,თუ ზიანი არ მიადგება
სხვას.ეს კი ,რა თქმა უნდა, პროგრესისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია,ვინაიდან
ხალხისთვის დისკუსია და თავისუფალი აზრის გამოხატვა უმთავრესია.არ შეიძლება
სხვისი აზრი „შევბოჭოთ’’,რადგან შესაძლოა,რომ სწორედ ეს ინდივიდუალური
მოსაზრება იყოს სიკეთის მომტანი საზოგადოებისთვის.მიმაჩნია,რომ
ინდივიდუალურობა ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია საზოგადოებისა და
კაცობრიობის წინსვლისთვის,რადგან ადამიანებმა თავიანთი აზროვნება და გონება
მუდმივად უნდა ავარჯიშონ,განავითარონ საკუთარი თავი,ვინაიდან ინდივიდის
პროგრესი კაცობრიობის წინსვლის საწინდარია.აქვე მინდა დავეთანხმო მილის
აზრს,რომ განსხვავებების არსებობა კარგია,თუნდაც იგი უკეთესს არ ნიშნავდეს.

You might also like