You are on page 1of 5

ადამ მიცკევიჩი

ფარისი

თარგმანი გიორგი წიბახაშვილისა

ყასიდა,
შეთხზული ემირ ტაჯ_უ_ფეხრის
პატივსაცემად და მიძღვნილი
ივანე კოზლოვისადმი

ვით ნავი, ზღვაში ნაპირიდან შესული ლაღად,


ნიჩბების ფრთებით ზღვას ეხვევა როგორც მეგობარს,
მკერდით მოიპობს მოლივლივე მხიარულ ტალღას
და ჯიქურ უტევს, თუ ზვირთები გადაეღობა,
ისე არაბი შავი რაშით ისკუპებს კლდიდან
და უდაბნოში ქვიშის ზღვაში გადაეშვება.
ქვიშა იშხივლებს, როგორც წყალში მხურვალე რკინა,
ცხენსა და მხედარს ცხელ შხეფებად გადაეშლება.
თვალებს უბრმავებს, სულს უხუთავს, ცხენი კი კუშტად
დელფინის მკერდით მიიწევს წინ და ფლოქვებს ურტყამს.
სულ უფრო მტკიცედ, სულ ურო სწრაფად
წინ მიილტვის და გზასაც არ ეძებს.
აჰა, ის უკვე, ვით შავი აფრა,
მიცურავს ქვიშის ტალღათა თხემზე.
ვეღარ გაარჩევ, რაშია თუ ღრუბელი შავი,
თეთრი ნიშანი შუბლზე როგორც ვარსკვლავი ელავს.
ბოროტი ქარი ფაფარს უშლის და მისდევს ავად,
თეთრფეხა ცხენი კი უდაბურ სივრცესა სერავს.
გასწი, გაქუსლე, თეთრფეხა ცხენო!
გზიდან მოგვშორდით, მთებო და ტყენო!
გზად მწვანე პალმა მპირდება ჩეროს,
ნაყოფსაც მიწვდის და რტოებს მიქნევს.
მე კი მივქრივარ. რა შეაჩერებს
ამ გიჟურ რბოლას, სურვილს და ფიქრებს.
პალმას არ მოსწონს, რომ მასაც ვტოვებ,
და აღარ მიქნევს გამოწვდილ რტოებს.
ის ქედმაღლობად ჩამითვლის უარს
და მემდურება უმადურ სტუმარს.
უდაბნოს მცველად აზიდული კლდოვანი მთები
ექოს ძახილით მიბრუნებენ ცხენის ფეხის ხმას,
სიგიჟედ თვლიან ბედუინის თავგამეტებას
და ქვიშის ზღვაში მპირდებიან სიკვდილის რისხვას:
`სად მიდის გიჟი, უგონო, ურჩი.
მას უდაბნოში მზე დასწვავს ცხარე.
იქ არც პალმაა, არც ხე ან ბუჩქი
და არც კარავი თავშესაფარი.
მას იქ არავინ არ შეიბრალებს
და ვერ საცდება სიკვდილის ბრჭყალებს~.
სალი კლდეები პირქუშად დგანან
და ვარსკვლავები ცაში ძლივს ჩანან.
მე მესმის კლდეთა მუქარა, რისხვა,
მაგრამ მე უკვე შორსა ვარ მათგან.
ფერმკრთალდებიან, მოჩანან ძლივსღა
და აი, უკვე ბურუსმა შთანთქა.
კლდეთა მუქარა დაიჯერა უდაბნოს ძერამ,
რომ ბედისაგან განწირული აქ უნდა მოვკვდე.
შავი გვირგვინის წრეებს ხაზავს, დამჩხავის, მზვერავს,
სიკვდილს მიქადის და ყარყაშით კვალდაკვალ მომდევს.
`ნადავლსა ვხედავ, სუნი მცემს ლეშის
ბრიყვი მხედრისა და მისი რაშის.
უგუნურები! ვერც კი ხვდებიან, _
ვინც აქ მოსულა, აქვე რჩებიან.
არც ბალახია აქ, არც ცის ნამი,
აქ ყველაფერი იწვის და კვდება.
მზე, ქარი, ქვიშა და გველის შხამი
მხოლოდ სიკვდილის ასრულებს ნებას.
ღამეს ათევენ აქ მხოლოდ მკვდრები
და ცას სერავენ ძერათა ფრთები~.
თავხედმა ძერამ ჩამიქროლა ბოროტი მზერით.
მე გავუძელი, მშვილდ-ისარი მოვზიდე მარდად
იგი შეშინდა, ხმა ჩაუწყდა, დაკარგა ფერი
და ცის სიღრმეში კოღოსავით გაუჩინარდა.
გასწი გაქუსლე, თეთრფეხა ცხენო!
გზიდან მომცილდით, ძერებო, კლდენო!
დასავლეთიდან წამოვიდა პირქუში ტალღა
და ცის ლაჟვარდი დაიფარა შავბნელი ღრუბლით.
ჩანს, ღრუბელს სურდა ენავარდა ზეცაში ლაღად,
ვით მე მიწაზე დავნავარდობ სულ თავისუფლად.
წამომეწია, ჩააბნელა სავალი გზები
და აღსასრული მიქადაგა ბოროტი გზნებით:
`გიჟია ცხადად, სად და რისთვის მიეშურება.
წინ ხომ სასტიკი უდაბნოა და სიცხე მწველი.
იქ არც ბალახი და არც წყალი არსად არ ელის,
რადგან მიწის პირს წვეთი წვიმა არ ეპკურება.
და თუ როგორმე ცას მოსწყდება თუნდ ერთი ცვარი,
მას ხარბად შთანთქავს მშიერი ქარი~.
ამაოდ ბრაზობს. ჩემი რაში მიაპობს სივრცეს,
შავმა ღრუბელმა კი სვლას უკლო, ჩანს, დაიღალა.
მერე გაჩერდა, დაუძლურდა და გაიცრიცა,
კლდეზე უღონოდ ჩამოწვა და ჩამოიშალა.
მე მას შევხედე ქედმაღლურად, ნიშნის მოგებით.
ქანცგაწყვეტილი წითლდებოდა და შავდებოდა.
ესმოდა ჩემი სიხარული, ფიქრი, გრძნობები,
შური ახრჩობდა და ვხედავსი, როგორ დნებოდა.
შენ კი იფრინე, თეთრფეხავ ჩქარო!
გზა დამიცალეთ, ღრუბლებო, ქარო!
და როს ღრუბელი გაუჩინარდა,
მიმოვიხედე, შევხედე ზეცას,
მდევარს ვეძებდი, არავინ ჩანდა,
უდაბნოს მხოლოდ დუმილი ეწვა.
და უცებ, ღმერთო, ეს რა არის, ვერ გამიგია,
აქ მოსულთაგან მე პირველი თურმე არა ვარ.
ქვიშის ბორცვებთან გაჭიმული თეთრი რიგია,
ხოლო მის ირგვლივ დუმილია გულშემზარავი.
თითქოს მხედრები მოლოდინში გარინდებულან,
ან გზა აებნათ და უმწეოდ ჩაფიქრებულან.
ეს ჩონჩხებია, დაღუპული ქარავნის ძვლებზე.
მათ ყბებში გველი დაძვრება და საკბილოს ეძებს.
ქვიშის ჩხრიალი უერთდება გველების სისინს
და ამ ხმაურში კვლავ სიკვდილის მუქარა ისმის:
`ჩანს, რომ ბედუინს მართლდა უნდა ამ გზით იაროს
და უგუნურმა მათი ბედი გაიზიაროს~.
მე არ მაშინებს საზარელი ჩონჩხების ცქერა
და ჩემი ცხენი კვლავ უდაბნოს სივრცესა სერავს.
უცებ მომესმა საშინელი რაღაც გრიალი, _
ეს ხომ უდაბნოს მბრძანებელი ქარიშხალია.
ანგრევს ყველაფერს, გრგვინავს, ღელავს, ბორგავს, ტრიალებს.
ის სიძლიერეს თავისას გრძნობს და უხარია.
უცებ შეჩერდა და იყვირა სასტიკი წყრომით:
როგორ გაბედე, თავხედურად დამიდექ წინა!
ვინა ხარ _ ძმა თუ რაღაც ჭია, მიწაში მძრომი?
დაინახა, რომ მისმა რისხვამ ვერ შემაშინა.
ვით პირამიდა, ცად აიჭრა უზარმაზარი,
ფრთები გაშალა, არაბეთი შეაზანზარა,
ტალღა მომხვია, ცხელი სუნთქვით სულს მიხუთავდა,
დაბლა მაგდებდა, მაწვებოდა, მიწაში მფლავდა,
ცოფებსა ჰყრიდა, რომ ხედავდა, არ ვარ ძლეული,
და ქვიშის ლაშქარს კვლავ მისდევდა გადარეული.
არც მე ვაკლებდი, ვერ გამტეხა მუქარამ, რისხვამ.
გულით მინდოდა მტარვალისთვის სანაცვლოს მიძღვა.
მეც გაშმაგებით ვგლეჯდი, ვფლეთდი მის ქვიშის სხეულს
და ვიგძენი, რომ გავიმარჯვე, ვაჯობე წყეულს.
იგი მოდუნდა, ვეღარ შეძლო აჭრა ჰაერში,
ღონე გაუქრა, შეეშინდა თითქოს სიმაღლის.
ქვიშის ნიაღვრად ყრუ ჩხრიალით დაბლა დაეშვა
და გაირინდა, ვით ნანგრევი ციხე-სიმაგრის.
სული მოვითქვი, ცას ავხედე სიბნელით მოსილს,
სალამს მიძღვნიდა, მიღიმოდა ვარსკვლავთა დასი.
მათ უხაროდათ, რომ სიკვდილის ამ საუფლოში
მე ერთი მაინც დავდიოდი ცოცხალი არსი.
ლაღად ვსუნთქავდი, მზად ვიყავი გაშლილი მკერდით
მთელი ჰაერი ჩამეყლაპა, ვით ერთი წვეთი.
თვალსაწიერი გაფართოვდა, გაქრა ბნელეთი
და ჩემმა მზერამ მთლად მოიცვა ცა და ხმელეთი.
ამ გამარჯვებამ მე უშრეტი შემმატა ძალა,
გულს სიყვარული არნახული მოედო ალად.
ეს სიყვარული მთელ სამყაროს ალბათ ეყოფა,
მთელ დედამიწას ხელს გავუწვდი, როგორც მეგობარს,
მოვეფერები, ჩემს სიხარულს გავუზიარებ
და მოვიშუშებ დიდი ბრძოლით მძიმე იარებს.
ჩემი ფიქრები უკვე ცისკენ მიექანება.
ეს სიცოცხლეა, სიხარული, ტკბილი ზმანება.
როგორც ფუტკარი, მტერს დაკბენს და თვითონაც კვდება,
ეს ჩემი სულიც ცაში ფიქრთან ერთადა დნება.

შენიშვნები:
1. ფარისი, ავტორის განმარტებით არაბი მხედარ-რაინდია.
2. `ემირი ტაჯ-ულ-ფახრი~ (`ემირი დიდების გვირგვინით შემკული~) _ ასე
უწოდებდნენ არაბები ცნობილ აღმოსავლეთმცოდნეს გრაფ ვაცლავ რჟევუსსკის,
რომლის მონათხრობებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ახალგაზრდა მიცკევიჩზე. ივანე
კოზლოვი _ რუსი პოეტი-რომანტიკოსი, მიცკევიჩის მეგობარი პეტერბურგში ცხოვრების
წლებში.
3. ადამ მიცკევიჩმა თავის ნაწარმოებს უწოდა `ყასიდა~, რაც არაბულ პოეზიაში ლექსის
ერთ-ერთი სახელობაა.

You might also like