You are on page 1of 2

3/30/2014 azrebi.

ge - Κένωμα
გადმოსაწერი ვერსია (PDF)

მიწას რომ მოწყდე, ისეთმა ძალამ უნდა მიგიზიდოს, რომელიც დედამიწის მიზიდულობაზე
ძლიერია და უწონადობის მდგომარეობაში გადაგიყვანს. როდესაც გრავიტაციას ემორჩილები,
ინერციით მოძრაობ და ფიზიკის კანონები განსაზღვრავენ შენს არსებობას. მიწისგან
მოწყვეტილი სხეულები სიმძიმეს კარგავენ საკუთარი ძალით გადაადგილდებიან.
ვიცოდი, რომ არ უნდა შემშინებოდა, მაგრამ მაინც შემეშინდა, როდესაც სინათლე აღარ იყო
და სინათლიდან შიში გამყვა. სიბნელის შიში გამყვა და შუქს დავუწყე ძებნა, რომელიც აღარ
იყო და შემეშინდა, როდესაც ვერაფერი დავინახე. სინათლე წავიდა და სიბნელე დარჩა და
ვცდილობდი თვალი შემეჩვია სიბნელისათვის.
თვალი შუქს ირეკლავს და იმ საგნებს ხედავს, რომლებსაც შუქი ეცემათ. რაც სიბნელეშია,
თვალი მას ვერ დაინახავს, სინათლე მას ვერ გაანათებს და ანარეკლად ვერ გარდაქმნის.
როდესაც სიბნელეს თვალს აჩვევ და შუქს ეძებ, რომ იმის დანახვა შეძლო, რასაც თვალით ვერ
დაინახავ, მაშინ მხოლოდ სინათლეში ნანახს ხედავ. რაც სიბნელეშია, თვალების დახუჭვის
შემდეგ გენახება.
როცა სინათლე ქრება, შუქთან ერთად დედამიწის მიზიდულობის ძალაც გამოირთვება და
უწონადობაში გაგდებს.
ვარდნა იწყება, როდესაც მიწა ვეღარ გიზიდავს და მისი მიზიდულობის ძალას სხვა, უფრო
ძლიერი ძალა გადაწონის. როცა ვარდები, აღარ არსებობს არც დაღმართი, არც აღმართი, არც
ზემოთ, არც ქვემოთ, სამყაროს აღარც ჭერი აქვს, რომ არ გაეშვი და თავისთან დაეტოვებინე
და არც ძირი, ვარდნა რომ დაესრულებინა და ჩაძირულიყავი.
რაც უფქრო ღრმაა ვარდნა, მით უფრო მაღლა ხარ მიწიდან.
ვარდნის შიში სიმაღლის შიშია.
მე შემეშინდა და ჩემი შიშიდან ჭაობისფერი ხავსი ამოიზარდა. უფერო სიბნელეში შუქი
გაჩნდა და დაჭაობებული მწვანე ფერი მიიღო. შიში მომწვანო ჭაობისფერია. როცა გეშინია,
ხავსს ხედავ, შიში ხავსის გარეგნობას იღებს და ხელები გაგირბის, რომ ხავსს მოეჭიდო და
ვარდნა შეაჩერო.
ხავსს ეჭიდები და ვერ ამჩნევ, რომ უკვე წაღებული ხარ, როცა ხავსს ეჭიდები და მორევი
გერევა, როცა უწონადობას კარგავ და უწონადობა მორევად გადაიქცევა და მხოლოდ საკუთარ
უძლურებას შეგაგრძნებინებს. ხავსი, რომელსაც ეჭიდები და ვერ თმობ, იმედია, რომელიც
თავისი დაობებული გარსით გეკვრის და უკან გექაჩება, რომ არ დაიჯერო უწონადობა,
რომელიც დინება გგონია და გინდა რომ თავი დააღწიო. როდესაც იმედი გაქვს, გრავიტაციის
კანონებს ემორჩილები და მაგნიტური ველები ამოძრავებენ შენი სისხლის მიმოქცევას და
პლანეტებსა და თანავარსკვლავედებში გაძებნინებენ იმ მარცვლებს, რომლებმაც შენი გულის
ფეთქვა უნდა გარითმონ.
იმედი შიშთან ერთად ჩნდება, ის შიშის კეთილი სახელია, რომელსაც ეჭიდები და ძალა არ
გყოფნის, რომ ხელი გაუშვა სიბნელეში შემოყოლილი შუქით დანახულს და
ვერდავიწყებულს. ვერ ივიწყებ იმ ადგილს, საითაც გამქრალი მიზიდულობის ძალა გექაჩება,
ვერ ივიწყებ იმას, ვინც დაგენახა და შუქის წასვლასთან ერთად გაუჩინარდა.
................................................................................................................................
.................................................................................................................................
იმპერატორი ივლიანე დელფოს ორაკულს ეწვია, რომ მისი ყელიდან ამოსული ღმერთების
ხმა გაეგონა. ორაკულმა დაილაპარაკა და ყელიდან ადამიანის ხმა ამოუვიდა.
აპოლონის ტაძარში ორაკულს საკუთარი ხმა ეკარგებოდა და მისი ყელი ღმერთების
ამონასუნთქს ადამიანების ენაზე ამეტყველებდა. ორაკული ადამიანი იყო, რომლის
ადამიანური ხმა არავის გაეგონა და მხოლოდ როცა ღმერთების ჩაბერილი ჰაერი შეეხებოდა
მისი ყელის სიმებს, მაშინღა გაისმოდა ორაკულის ყელიდან ამოსული ბგერები.
იმპერატორი ადამიანებს განუდგა, ღმერთების ხმა რომ გაეგონა, მაგრამ დელფოს ორაკულის
ყელიდან ადამიანის ხმამ დაილაპარაკა:
„დაშრა აპოლონის წყარო“.
ღმერთებმა მიატოვეს სამყარო და სამყარომ მზის ნათებისგან გახუნებული ქაღალდის ფერი
მიიღო.
................................................................................................................................................
.................................................................................................................................................
დამშრალი წყაროები მიწას ანაოჭებენ და ნაოჭებიდან გაშიშვლებული ნერვები მოჩანს,
რომლებიც ტკივილის ხმას გამოსცემენ. ტკივილი ხმაა შიშველი ნერვების, რომლებსაც კანი
აღარ აღშობს და ხმა გარეთ ისმის.
ნერვები ელექტრომავთულებია და მათში მაღალი ძაბვის დენი გადის და მიზიდულობის
ძალად გარდაიქმნება, რომელიც იმ ადგილისკენ გექაჩება, იქით გაბრუნებს, სადაც დაშორდი
მიწას, როგორც იმ სხეულს, რომელიც ბინად მოგეცა დაბადებამდე, შემდეგ კი თვითონვე

http://azrebi.ge/index.php?pid=1499 1/2
3/30/2014 azrebi.ge - Κένωμα
გამოგდევნა და უბინაოდ გარეთ გამოგყო.
შიშველი ნერვების მავთულხლართებიან ადგილს სამშობლო ქვია.
სამშობლო ადგილია, სადაც მარცხდები.
მიზიდულობის ძალა, რომელსაც ემორჩილები, შენს ძალას შთანთქავს და იქით მიგათრევს,
სადაც მზის შუქი შენ თვალებზე ნახატივით გამოისახა და როცა თვალს ხუჭავ, ისევ მზის
შუქზე არეკლილი სახე გიყურებს და შენც მონუსხული თვალებს ვერ წყვეტ, მიწას რომ
მოწყდე და დაინახო, რაც სინათლეში უხილავია.
სამშობლო ადგილია, სადაც დამშრალი წყარო მოედინება და თვალებიდან ცრემლების
ნაცვლად არეკლილი სახეები გამოიყოფა და არდავიწყებაში იკარგება.
ის შენი არასდროს არ იქნება და შენ კი მისი, ვერ გაპატიებს შენს სიყვარულს და თვითონ რომ
ვერ შეგიყვარა და ვერც შენ აპატიებ, რომ ვერ დაივიწყე და ყოველთვის, როცა შენი თვალების
გუგებს მისი ანარეკლი გააფართოებს, კვლავაც ტკივილი დაბრუნდება კანგადაცლილი
ნერვების და გახუნებულ ფერებიან სამყაროში მარტო დარჩენის.
Animula vagula blandula
Hospes comesque corporis
სამშობლო არ მდებარეობს, ის მხოლოდ იმედია, რომელიც ჭაობისფერ ხავსად ამოიზრდება
შენი შიშიდან და ჭაობის ტორფიანი ფსკერივით გიკრობს და უწონადობისგან გიცავს.
სადაც მე მახსენებენ, იქ შენს სახელსაც იტყვიან.
დაშრა აპოლონის წყარო.

* Κένωμα – ბერძნ. „სიცარიელე“.

http://azrebi.ge/index.php?pid=1499 2/2

You might also like