You are on page 1of 10

წინადადების წევრები

წინადადების წევრი არის სრულმნიშვნელოვანი სიტყვა ან სიტყვათა შენაერთი, რომელსაც


უმეტესად კითხვა დაესმის, თუმცა ეს უკანასკნელი ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი (მაგ.,
კითხვით სიტყვებს, მეორე პირის ბრძანებითის ფორმებს, ზოგიერთი გარდაუვალი ზმნით
გადმოცემულ შემასმენელს: ჰყავს, აქვს, უყვარს, შია, არის...). წინადადების წევრობის
დასადგენად მთავარია სიტყვის ან სიტყვათა შენაერთის მნიშვნელობა.

ზოგჯერ წინადადებაში იმდენი წევრია, რამდენი სიტყვაცაა, მაგალითად, „დაბურულ ტყეში


დიდი მუხა იდგა“ - აქ ხუთი სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა და, შესაბამისად, ხუთი -
წინადადების წევრი. ვნახოთ შემდეგი მაგალითიც: „დაბლა უზარმაზარი მდინარე იყო
გაწოლილი“ - აქაც ხუთი სიტყვაა, მაგრამ წინადადების წევრი ოთხია, რადგან „იყო
გაწოლილი“ წინადადების ერთი წევრია - შედგენილი შემასმენელი. წინადადებაში შეიძლება
იყოს სიტყვაც, რომელიც არც წინადადების წევრია და არც რომელიმე წევრის
შემადგენლობაში შედის, მაგალითად, „ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა“ - აქ ხუთი
წევრია და ერთი არაწევრი. სიტყვა „და“ დამხმარე სიტყვაა, კავშირია, რომელიც აერთებს ორ
სიტყვას, მას კითხვა არ დაესმის და, შესაბამისად, არ არის წინადადების წევრი.

წინადადების მთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები

წინადადების წევრებია: შემასმენელი, ქვემდებარე, პირდაპირი, ირიბი, უბრალო დამატება,


განსაზღვრება და გარემოება. გარემოება შეიძლება იყოს: ადგილისა, დროისა, ვითარებისა,
მიზეზისა და მიზნისა.

წინადადების წევრები ორგვარია: მთავარი და მეორეხარსიხოვანი. გარკვეული მოსაზრებით,


წინადადების მთავარი წევრებია მხოლოდ შემასმენელი და ქვემდებარე, ხოლო მეცნიერთა
დიდი ნაწილი, ქართული ენის ბუნებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მთავარი წევრებია:
შემასმენელი, ქვემდებარე, ირიბი დამატება და პირდაპირი დამატება, ხოლო უბრალო
დამატება, განსაზღვრება და გარემოება მეორეხარისხოვანი წევრებია. წინადადების მთავარი
წევრები წარმოადგენენ წინადადების საფუძველს, საყრდენს მის მაორგანიზებელ წევრებს,
ხოლო მეორეხარისხოვანი წევრები მათ გარშემო იყრიან თავს. მეორეხარისხოვანი წევრები
სინტაქსურად უკავშირდებიან მთავარ წევრებს, ხსნიან მათ, ავრცობენ და მათთან ერთად
ქმნიან სიტყვათა შეკავშირებას. გარემოება და უბრალო დამატება, ჩვეულებრივ, შემასმენელს
ახლავს, განსაზღვრება კი - ქვემდებარესა და დამატებას. მეორეხარისხოვანი წევრი შეიძლება
ახლდეს მეორეხარისხოვან წევრსაც.

შემასმენელი

შემასმენელი წინადადების ძირითადი წევრია, რომელიც გამოხატავს საგნის მოქმედებას,


მდგომარეობას, გრძნობით დამოკიდებულებას, ყოლა-ქონებას, მოქმედებასა და
კუთვნილებით-დანიშნულებით დამოკიდებულებას სუბიექტსა და ობიექტს შორის (მაგ.,
დედამ შვილს კაბა შეუკერა), ან მიგვითითებს, რა მოსდის საგანს (მაგ., სითბოსგან რკინა
ფართოვდება), როგორია საგანი (მაგ., შაქარი ტკბილია), ვინ არის ან რა არის საგანი (მაგ., ია
ყვავილია, გიორგი ექიმია) და სხვ.

შემასმენელი ზმნის პირიანი ფორმით ან პირიანი ფორმის მონაწილეობით გადმოიცემა.


ზმნის ფორმა განსაზღვრავს საყრდენ, ანუ მთავარ, წევრთა რაოდენობას წინადადებაში.
მასთან ფორმის საშუალებით დაკავშირებულია სუბიექტურ და ობიექტურ პირთა სახელები,
წინადადების მთავარი წევრები (ქვემდებარე, ირიბი დამატება, პირდაპირი დამატება).
უმეტესად მასვე უკავშირდება წინადადების მეორეხარისხოვანი წევრებიც - უბრალო
დამატება და გარემოება.

შემასმენლის კითხვებია: რას შვრება? რას იზამს? რა ქნა? რა მოსდის? როგორია? და სხვ.

შემასმენელი ორგვარია: მარტივი და შედგენილი. მარტივი შემასმენელი ზმნის ამა თუ იმ


მწკრივის ფორმით გადმოიცემა, შედგენილი კი - ბრუნებადი სიტყვითა და მეშველი ზმნით.
მაგალითად: „ეზოში ციცინათელები დაფრინავდნენ“ და „მე და ის მეგობრები ვიყავით“.
„დაფრინავდნენ“ მარტივი შემასმენელია, „მეგობრები ვიყავით“ კი - შედგენილი.

მარტივი შემასმენელი ზოგჯერ გადმოცემულია შერწყმული ზმნებით, მაგალითად:


„დაწყნარდა-დადუმდა მდინარეც“, „მამალი მედიდურად მიდი-მოდიოდა“. ის შეიძლება
გართულებულ იქნეს დამხმარე სიტყვების (ნაწილაკების) დართვით, მაგალითად: „ნუ
მიდიხარ!“ „ასე ცხოვრება არ მომწონს“; „ერთხელ გაფუჭებულ საქმეს ვეღარ გამოასწორებ“;
„ვაჟკაცს ვაჟკაცობა ყველგან უნდა ეტყობოდეს“; „კურდღელს შიშით კინაღამ გული
გაუსკდა“; „ლამის ცა ჩამოიქცეს“; „ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელს წიფელს“.

როგორც აღვნიშნეთ, შედგენილი შემასმენელი ორი ნაწილისაგან შედგება: ბრუნებადი


სიტყვისა და ზმნის პირიანი ფორმისაგან. შემასმენლის ლექსიკურ მნიშვნელობას ბრუნებადი
სიტყვა გამოხატავს, შედგენილ შემასმენელში შემავალ ზმნას კი დაკარგული აქვს
დამოუკიდებლობა და დამხმარე, ანუ მეშველი, სიტყვის როლს ასრულებს. რადგანაც
შედგენილი შემასმენლის ბრუნებადი ნაწილი, ჩვეულებრივ, სახელია ან მორფოლოგიურად
მასთან გათანაბრებული სახელზმნა, ამიტომ მას შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი
ჰქვია, დამხმარე ანუ მეშველ ზმნას კი - ზმნური ნაწილი. მაგალითად, წინადადებაში „ისინი
ჩვენი მეგობრები არიან“, „მეგობრები“ შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილია, „არიან“
კი - ზმნური. ზოგჯერ შემასმენლის გამოხატვა მთლიანად სახელს აქვს დაკისრებული,
მეშველი ზმნა კი ჩავარდნილია, მაგალითად: „შენ - სტუმარი და ჩვენ - მასპინძელი!“
შედგენილი შემასმენელი შეიძლება გართულდეს დამხმარე სიტყვებით, მოდალური
სიტყვებითა და ნაწილაკებით, სიტყვათა შეკავშირებით: „ლაჩარი ნუ იქნები“; „იგი
შეწუხებული უნდა ყოფილიყო“.

შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი უმეტესად არსებითი სახელით (ნინო და ირინა


დები არიან), ზედსართავი სახელითა (ის ძალიან კეთილი იყო) და მიმღეობით (ის კაცი
დაჭრილი იყო) გადმოიცემა, უფრო იშვიათად - რიცხვითი სახელით (ჩემი აზრით,
დაახლოებით ოცდაათი იქნება), ნაცვალსახელითა (მათი ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ
იქნები) და საწყისით („ცოლ-ქმრის აშლა მეზობელს გაყრა ეგონაო“). სახელადი ნაწილი,
სახელობითის გარდა, გვხვდება მიცემითსა და ვითარებითშიც, მაგალითად, „ეს უფრო
უხიფათოს გახდიდა გზას“; „დედოფლად იყო ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალი“; „დილაზედ
ავადმყოფი უარესად შეიქნა“.

შედგენილი შემასმენლის ზმნური ნაწილი, ანუ მეშველი ზმნა, ჩვეულებრივ, გარდაუვალია,


იშვიათად - გარდამავალიც. ყველაზე ხშირად შედგენილი შემასმენლის ზმნურ ნაწილად
„ვარ“ და მისი მონაცვლე ზმნები გვხვდება. მაგალითად, „ჩვენ ახაგაზრდები ვართ“; „უკვე
დაბინავებული იქნება“; „ის განთქმული მონადირე იყო“, „ირემი ისევ ცოცხალი ყოფილა“.
„ვარ“ ზმნის მესამე პირის ფორმა ხშირად შეკვეცილია, დარჩენილია მარტო თავკიდური „ა“,
რომელიც შეერთებულია სახელად ნაწილთან ან რომელიმე სხვა სიტყვათან, მაგალითად:
„გულწითელა ლამაზი ფრინველია“; „პირიმზე მზის მოტრფიალეა“; „დიდ საქმეებშია
გაბმული“; „არც ერთი საქმე არაა პატარა“; „უზარმაზარი მთებია აყუდებული“.

„ა“ ზოგჯერ მარტივი შემასმენლის შეკვეცით არის მიღებული, მაგალითად: „გარეთ


საშინელი სიცივეა“; „ირგვლივ მთებია დიდრონი“.

მეშველი ზმნის მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე რამდენიმე სხვა ზმნაც: გახდა, დარჩა,
ჰგონია, გამოდგა, გამოვა, ჩანს და სხვ. შემასმენელი გადმოიცემა აღწერილობითი
ვნებითითაც: გაგზავნილ იქნა (იქნეს, იქნება), დანიშნულ იქნა (იქნეს, იქნება) და სხვ.

ქვემდებარე

ქვემდებარე წინადადების მთავარი წევრია. იგი შემასმენლის წყვილის ცალია და


ყოველთვის ზმნის სუბიექტურ პირთან არის შეწყობილი. ვითარების მიხედვით იგი
მრავალფეროვანია: ა) რეალურად მოქმედია, აქტიურია („არწივი გაფრინდა“); ბ) რეალურად
უმოქმედოა („ტყეში ერთი მუხა იდგა“); გ) რეალურად სამოქმედოა („ლელას სიცივისგან
ხელები ეყინებოდა“); დ) მოქმედების გამომწვევი მიზეზია, საქმის მოთავეა, ზმნით
გამოხატულ მოქმედებას კი სხვა ასრულებს („ვნანობ, რომ არ მოგატანინე [მე] “); ე) აღნიშნავს
საგანს, რომელიც არც მოქმედია და არც სამოქმედო, მის შესახებ შემასმენელი გადმოგვცემს,
თუ რა არის, როგორია ან რა მდგომარეობაშია („ია მშვენიერი პაწაწინა სურნელოვანი
ყვავილია“; „კარგია ჯანმრთელი ადამიანი“).

ქვემდებარე ჩვეულებრივ სახელითა და სახელზმნით გადმოიცემა. სახელთაგან


უმეტესად არსებითი სახელები („მთვარე ღრუბელს მოჰფარებოდა“) და ნაცვალსახელებია
(„ისინი ქორწილში იყვნენ დაპატიჟებულნი“) გამოყენებული, სახელზმნათაგან კი - საწყისები
(„საამურია სიცხეში ცივ წყალში ბანაობა“) და მიმღეობები („დაჭრილმა თვალები გაახილა“),
მაგრამ ქვემდებარე შეიძლება გადმოიცეს ყველა სიტყვით, რომელიც არსებითი სახელის
მნიშვნელობით არის გამოყენებული (ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი,
შორისდებული, ზმნის პირიანი ფორმა თუ ასო-ბგერა, ასევე ზედსართავი სახელი -
„ღონივრები წინ გამოვიდნენ“; რიცხვითი სახელი - „აი, ერთმა გატეხა ნაჭუჭი და გამოძვრა
ბუდეში“). იგი შეიძლება გადმოიცეს აგრეთვე სიტყვათა შეკავშირებითა და მთელი
წინადადებით.

ქართულში ქვემდებარე სამ ბრუნვაში გვხვდება: სახელობითში, მოთხრობითსა და


მიცემითში (მხოლობითსა და მრავლობითში). მოთხრობითი საკუთრივ ქვემდებარის
ბრუნვაა, სახელობითსა და მიცემითში კი, ქვემდებარის გარდა, შეიძლება იდგეს დამატებაც.
ქვემდებარის კითხვებია: ვინ? (მოთხრობითი და სახელობითი ბრუნვის ფორმით) რამ? ვის?
რა? და რას? საკუთრივ ქვემდებარის კითხვებია: ვინ (მოთხრობითი ბრუნვის ფორმა) და რამ.

დამატება

ქართულში დამატებათა ორი ძირითადი ჯგუფი გვაქვს: დამატება-ობიექტები და უბრალო


დამატებანი. დამატება-ობიექტები ზმნის ობიექტური პირის ფარდი სახელებია. უბრალო
დამატება არ არის ზმნის აგებულებით ნაგულისხმევი და ამის გამო ზმნის ობიექტურ პირთან
არც არის დაკავშირებული. მაგალითად, წინადადებაში „ტოროლამ ნისკარტით ამოგლიჯა
რამდენიმე ბალახი“ ორი დამატებაა: „ბალახი“ და „ნისკარტით“. ამათგან პირველი (ბალახი)
ზმნის ობიექტური პირის ფარდი სახელია, ე.ი. დამატება-ობიექტია, მეორე კი (ნისკარტით)
ზმნის ობიექტურ პირთან არ არის დაკავშირებული და უბრალო დამატებაა. დამატება-
ობიექტები წინადადებაში მაშინ გვაქვს, როდესაც შემასმენელი ორ და სამპირიანი ზმნით
არის გადმოცემული. უბრალო დამატება კი შეიძლება ახლდეს პირიან ზმნასაც და უპიროსაც.
დამატება ობიექტები იმავე მეტყველების ნაწილებით გადმოიცემა, რომლებითაც
ქვემდებარე: არსებითი სახელით („ლევანმა ნინიკოს პატარა ლეკვი მიუყვანა“), ზედსართავი
სახელით („დიდს ეუბნებოდნენ, პატარას ასმენინებდნენო“), რიცხვითი სახელით („ერთს
ქათამს მოსტაცებდა, მეორეს - ბატს, მესამეს კიდევ - ინდაურს), ნაცვალსახელით („მერე ეგ
მანქანა ვის მიჰყიდოს?“), სახელზმნით („ნადირმა ხარბად დაიწყო ჭამა“, „ზაზა წაქცეულს
ფეხზე ადგომაში დაეხმარა“), ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილებით („არც ჰოს ამბობდა
და არც არას“), სიტყვათა შეკავშირებით თუ წინადადებით (1883 წლის დასაწყისში დავწერე
„შვლის ნუკრის ნაამბობი“).

დამატება-ობიექტების ბრუნვებია სახელობითი და მიცემითი („აპრილის პირმცინარი მზე


დედამიწას სხივებით გულ-მკერდს უქარგავდა“, „მაიამ ტანსაცმელი გამოიცვალა“).
დამატება-ობიექტების კითხვებია ვინ? და რა? - სახელობითისა და მიცემითის ფორმით: ვინ?
ვის? რა? რას?

პირდაპირი დამატება წინადადებაში პირდაპირ-ობიექტური პირის ფარდი სახელია. ასეთი


დამატება მხოლოდ გარდამავალ ზმნას მოეპოვება და აღნიშნავს, რომ ქვემდებარის
მოქმედება მას ეხება უშუალოდ („სიო არხევდა ფოთლებს“) ან სხვა პირის მეშვეობით
(„სიცივემ წიწილას დედას უბე მოაძებნინა“). პირდაპირი დამატების კითხვებია: ვინ? რა?
ვის? რას?

ირიბი დამატება წინადადებაში ირიბ-ობიექტური პირის ფარდ სახელად არის


წარმოდგენილი. ირიბი დამატება აქვს როგორც გარდაუვალ, ისე გარდამავალ ზმნასაც.
გარდაუვალი ზმნა, რომელსაც ირიბი დამატება ახლავს, ორპირიანია, გარდამავალი კი -
სამპირიანი. ირიბი დამატება, საზოგადოდ, უმოქმედოა: ქვემდებარის მოქმედება მას
არაპირდაპირ, ანუ ირიბად, ეხება, მაგრამ, რეალური ვითარების მიხედვით, ირიბი დამატება
სხვადასხვაგვარია: ა) ქვემდებარის მოქმედება უშუალოდ ეხება: „დედა შვილს ეფერება“,
„მოხუცი ხეს მიეყრდნო“; ბ) აღნიშნავს მფლობელ საგანს: „დათოს ამხანაგის მისამართი
ახლაც უბის წიგნაკში უწერია“; გ) ზმნით აღნიშნული მოქმედების უშუალო
შემსრულებელია: „დედამ შვილს წყაროდან ცივი წყალი მოატანინა“; დ) მოქმედების
უშუალო შემსრულებელია, ოღონდ - პასიური: „ზღვის ტალღებს ეთრევინებოდა“.

ირიბი დამატება ბრუნვაუცვლელია, იგი ყოველთვის მიცემით ბრუნვაშია. მისი კითხვებია:


ვის? რას?

უბრალო დამატება

უბრალოა დამატება, რომელიც არ არის შეწყობილი ზმნის ობიექტურ პირთან. იგი


წინადადების მეორეხარისხოვანი წევრია. იგი ახლავს როგორც ზმნის პირიან ფორმას, ისე
უპიროსაც (საწყისს და მიმღეობას): ფანქრით დახატა, ფანქრით ხატვა, ფანქრით დახატული.
იგი გვხვდება ზედსართავ სახელთანაც („ამაზე ტურფა და კარგი მე სხვა აღარა მგონია“) და
ზმნიზედასთანაც („ფრინველებში ყველაზე თამამად კოდალა იქცეოდა“).

უბრალო დამატება უმეტესად არსებითი სახელით (ასევე საწყისით) და ნაცვალსახელით


გადმოიცემა, იშვიათად - სხვა მეტყველების ნაწილებითაც. იგი უთანდებულოა ან
თანდებულიანი. უბრალო დამატებას დაესმის კითხვები: ვინ? ან რა? იმ ფორმით, რომელი
ფორმითაც არის გადმოცემული უბრალო დამატება. მისი ბრუნვებია:

• მიცემითი - უთანდებულო ან თანდებულიანი ( თანდებულები: -ში, -ზე, -თან).

უთანდებულო უბრალო დამატების კითხვები: ვის? რას? ასეთი დამატება ახლავს არა ზმნას,
არამედ სახელზმნას: ბავშვს მიშტერებული ქალი ხმას ვერ იღებდა.

თანდებულიანი უბრალო დამატების კითხვები: ვისზე? რაზე? ვისთან? რასთან? რაში?


ვისთან ერთად? რასთან ერთად?

• ნათესაობითი - უთანდებულო ან თანდებულიანი ( თანდებულები: -გან, -თვის, მიერ,


გულისთვის, შესახებ, მიმართ. უთანდებულო უბრალო დამატების კითხვები: რის(ი)? ვისი?

• მოქმედებითი - საჭურვლის უბრალო დამატება უთანდებულოა (ხაფანგით,


დაყვავებით, გაჯავრებით).

უპასუხებს კითხვებზე: რით? რა საშუალებით?

თანაობის უბრალო დამატება უთანდებულოა ან თანდებულიანი: ცოლ-შვილით,


თანდებულიანი - მეგობრითურთ;

• ვითარებითი - ყოველთვის უთანდებულოა. გამოხატავს თანაობას („აგერ გიორგიც


გამოჩნდა თავის სტუმრებიანად“, „მუხას ძირიანად გლეჯდა“) და ვითარებას („ტყე
უზარმაზარ ქალაქად იქცა“, „ცხვარს შვილი მგლად ეჩვენებოდა“, „კლდეებს შავ ზეწრად
ჯანღი გადაჰფარებოდა“).
უბრალო დამატება შეიძლება ახლდეს არა მარტო შემასმენელს, არამედ წინადადების სხვა
წევრებსაც, მაგალითად: „თაგვებს ხაფანგით იჭერენ“ (შემასმენელთან); „ტანკებთან ბრძოლა
გამარჯვებით დამთავრდა“ (ქვემდებარესთან); „მან მშვენივრად იცოდა ვიოლინოზე დაკვრა“
(დამატებასთან); „არწივისაგან შეშინებული წეროები სულ დაბლა-დაბლა ეშვებოდნენ“
(განსაზღვრებასთან); „ბიჭი გაიქცა ცხენის მოსაყვანად“ (გარემოებასთან)

გარემოება

გარემოება არის წინადადების მეორეხარისხოვანი წევრი, რომელიც აღნიშნავს მოქმედების


ადგილს, დროს, ვითარებას, მიზეზს, მიზანს, მოქმედების ზომა-ოდენობას და რაიმე ნიშან-
თვისების ხარისხს.

გარემოება, ჩვეულებრივ, ზმნასთან დაკავშირებული წევრია (დასასვენებლად წავიდა),


მაგრამ ზოგი სახის გარემოება შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსაც (სისხლივით
წითელი) და ზმნიზედასაც (ტყვიასავით სწრაფად, ძალიან მაღლა). გარემოების გადმოცემა
ზმნიზედის ძირითადი სინტაქსური ფუნქციაა: ზმნიზედა წინადადებაში გარემოებაა. თუმცა
ამავე ფუნქციით გამოყენებულია სხვა მეტყველების ნაწილებიც: არსებითი სახელი,
ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი და ზმნა (ჩვეულებრივ, უპირო,
ზოგჯერ პირიანი ფორმაც), ასევე სიტყვათა შეკავშირება.

ადგილის გარემოება. იგი გამოხატავს მოქმედების ადგილს ან მიმართულებას და უპასუხებს


კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? სადამდე? მაგალითად: „ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ“;
„მენახირეები ნახირს სოფლისაკენ მიერეკებოდნენ“; „მთიდან ნიავი წამოვიდა“;
„ხმაამოუღებლად მიაცილა სახლამდე“; „ძაღლს პატრონის გარეთ გასვლა არ გამოეპარა“...

ზმნიზედით გადმოცემული ადგილის გარემოებებია: აქ, იქ, შინ, შიგნით, გარეთ, ზევით,
ქვევით, თავში, ბოლოში, შუაში, აღმა, გაღმა, გადაღმა, გამოღმა, გადმოღმა, შორს, ახლოს,
ახლო-მახლო, დაბლა, მაღლა...

დროის გარემოება. იგი გამოხატავს მოქმედების დროს და უპასუხებს კითხვებზე: როდის?


რა დროიდან? რა დრომდე? (სანამდის?) რამდენ ხანს? მაგალითად: „ალიონზე ცა
მოიწმინდა“; „ზაფხულობით ვარდის ბუჩქები აყვავდება ხოლმე“; „ბავშვობიდან მიჩვეული
იყო შრომას“; „შუაღამემდე გაგრძელდა ნიშნობა“; „სხდომა სამ საათს გაგრძელდა“; „ერთი
ზამთრის განმავლობაში თოვლი სულ ორჯერ მოვიდა“; „პატარაობისას მიღებული
შთაბეჭდილება ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება“; „გოგოებს ადრე ადგომა
ეზარებოდათ“.

დროის გარემოება გადმოიცემა საკუთრივ დროის ზმნიზედით (ახლა, წელს, ხვალ, ზეგ,
გუშინ, წინათ, შარშან, შემდეგ, მაშინ, მაშინვე, მერე, ადრე, გვიან, მუდამ, აქამდე, მანამდე,
ბოლოს...) ან არსებითი სახელით (საწყისითაც). სახელი დროის გარემოების გადმოსაცემად
შეიძლება იდგეს მიცემითში (ორშაბათს, კვირას, პირველ სექტემბერს, ორი ათას თორმეტ
წელს, ახალ წელს, ერთ საათს, ორ კვირას, სამ თვეს, ხუთ წელიწადს; ასევე მაგ: „მთელ
ზაფხულს“, „მომავალ ზამთარს“, ნასადილევს; შუაღამისას, პატარაობისას; მარტში,
ზაფხულში, ორ წუთში, სამ საათში, წლებში (მაგ., „შუშანიკის წამება დაწერილი უნდა იყოს
476-483 წლებში“); გაზაფხულზე, ალიონზე, ორ საათზე; მას აქეთ...), ნათესაობითში (მაგ.:
გაღვიძების-თანავე, დანიშნული დღის(ა)-თვის, საუკუნის დამდეგის(ა)-თვის; წასვლის წინ,
ცოტა ხნის შემდეგ / მერე...) მოქმედებითსა (მაგ.: დილით, შემოდგომით, ღამ-ღამობით,
ზაფხულობით; ერთი კვირით, ორი დღით; იმ დღიდან, გაზაფხულიდან მოყოლებული...) და
ვითარებითში (მაგ.: ძველად, ამჟამად, თავდაპირველად; გათენებამდე, მზის ჩასვლამდე...)
თანდებულით ან უთანდებულოდ. დროის გარემოება იშვიათად სახელობითშიც გვხვდება
(მაგ.: „ორი წელიწადი ვიყავი მებაღედ“, „მთელი დღე გასტანა ბრძოლამ“).

ვითარების გარემოება მნიშვნელობის მიხედვით მრავალფეროვანია. იგი: ა) უშუალოდ


ახასიათებს თვისობრივად მოქმედების პროცესს, ე. ი. იმას, თუ როგორ ხდება მოქმედება
(მაგ.: „ხმაური თანდათან სუსტდებოდა და ღამის უფსკრული მიდამოს ქურდულად
ეპარებოდა“); ბ) ახასიათებს მოქმედებას მოქმედი პირის მდგომარეობაზე მითითებით (მაგ.,
„გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ,
უნუგეშოდ, უთვისტომოდ“); გ) ახასიათებს მოქმედებას გარეგანი თანმხლები ნიშნებით (მაგ.,
„ნისკარტი გავაღე და მხრებგაშლით შევუტიე ურცხვ შაშვსა“); დ) გამოხატავს მსგავსება-
შედარებას (მაგ., „დაჭრილმა... წნორის ფურცელსავით ცახცახი დაიწყო“); ე) აღნიშნავს ზომა-
ოდენობას და ჯერობას (მაგ., „მოსახლეთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა“; „მგელმა ორჯერ
თუ სამჯერ კიდევ დაიყმუვლა და მერე გაჩუმდა“).

ვითარების გარემოება უპასუხებს კითხვებზე: როგორ? (რანაირად?) რამდენჯერ? რამდენად?


მერამდენედ?... ის ახლავს ზმნის პირიან ფორმას, საწყისს, მიმღეობას, არაიშვიათად -
ზედსართავ სახელსა და ზმნიზედას.

ვითარების გარემოება გადმოიცემა ზმნიზედით ან სახელით (არსებითით, ზედსართავით,


რიცხვითით, ნაცვალსახელით) და უპირო ზმნით (საწყისით, მიმღეობით). ბრუნვიანი სიტყვა
ვითარების გარემოების გადმოსაცემად შეიძლება იდგეს მიცემითში, ნათესაობითში,
მოქმედებითსა და ვითარებითში, იშვიათად - სახელობითში. მაგალითები: „ერთ სახლში
თაგვები ძლიერ გამრავლდნენ“; „მგლების ყმუილი თანდათან ახლოვდებოდა“; „ზოგიც
გულაღმა, ზოგიც პირაღმა... ეყარნენ“; „წყალნი, მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს
ცვივიან“; „ორჯერ თუ სამჯერ კიდევ დაიყმუვლა და მერე გაჩუმდა“; „ეგრე ნუ მძრახავ...
მომიგდე ყური“; „როგორც კრება დაადგენს, ჩვენც ისე მოვიქცევით“; „ბუხარი ჩვეულებრივ
გუგუნებდა“; „სამი დღე განუწყვეტლივ თოვდა“; „ხალხი ფუტკარივით ირეოდა“; „სწორედ
ჩვენებურ ყაიდაზე იყო მოწყობილი“; „დავფრინავ ტყეებში ჩემს ნებაზე“; „ყველანი
ჩვეულებისამებრ ოხუნჯობდნენ“; „ზამთრის პირზე ტონობით მანდარინი გააქვთ
გასაყიდად“; „ჯიხვს სისხლი თქრიალით გასდიოდა“; „ნიკო დიდი ამბით შეეგება სტუმარს“;
„მატარებელი ზანტად დაიძრა“; „შუა მინდორზე ლურჯად მოლაპლაპე ტბა მოჩანდა“; „მთის
წვერზე მზე ხალისიანად ბრწყინავდა“; „მყინვარმა თურმე უცებ შეიკრა მრისხანედ წარბი“;
„ხალხი ორად გაიყო“; „მეორედ აღარ წახვიდე იქით!“ „მწკრივად იდგნენ ურმები ხევის
პირას“; „ქალები ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ წყაროზე“; „ეს ისეთნაირად თქვა, რომ მაშინვე
გამოვტრიალდი“; „უცბად მოწყდა ადგილიდან“; „კენკრა ბლომად იკრიფებოდა ამ
მიდამოებში“.
მიზეზის გარემოება აღნიშნავს მოქმედების გამომწვევ მიზეზს და უპასუხებს კითხვებზე:
რატომ? რის გამო? რა მიზეზით? ახლავს ზმნის პირიან ფორმას, იშვიათად - საწყისსა და
მიმღეობას.

მიზეზის გარემოება გამოხატავს მიზეზის ზმნიზედა (ამიტომ, მაგიტომ, იმიტომ, რატომ,


რატომღაც) და სახელი (საწყისითურთ) ნათესაობითსა და მოქმედებითში. მაგალითები:
„ძალიან მომენატრე და იმიტომ მოვედი“; „რატომღაც ჩემი ახალგაზრდობა მომაგონდა“;
„ყველა შეწუხებული იყო თქვენი ავადმყოფობის გამო“; „ლომი სიბრაზისგან (იგივე
სიბრაზის გამო) თვალებიდან და კბილებიდან ცეცხლსა ჰყრიდა“; „არწივისაგან (იგივე
არწივის მიერ) შეშინებული წეროები დაბლა ეშვებოდნენ“; „ბავშვებმა შიშისაგან ტირილი
მორთეს“; „ხევსური გაფითრდა ასეთი დამცირებისათვის“; „ყველა გაუჯავრდა
მოუთმენლობისათვის“; „ზოგიერთის თავქარიანობის წყალობით ოჯახი არ უნდა
განადგურდეს“; „თუ თქვენი მიზეზით მას რაიმე დაუშავდა, ცოცხალი ვერ გადამირჩებით!“
„მგლები შიმშილით დაძრწოდნენ და ყმუოდნენ“; „ბეკეკას შიშით რძე სულ დაავიწყდა“;
„ნინო სიხარულით ფეხზე ვეღარ იდგა“.

მიზნის გარემოება გამოხატავს მოქმედების მიზანს და უპასუხებს კითხვებზე: რისთვის? რა


მიზნით? მიზნის გარემოება ახლავს ზმნის პირიან ფორმას, ასევე შეიძლება ახლდეს
სახელზმნასაც - საწყისსა და მიმღეობას. მაგალითად: „ილია საჩქაროდ მოემზადა
წასასვლელად“; „ხელად დაიწყეს სანადიროდ მზადება“; „საძებნელად წასული
ძმადნაფიცები ხელცარიელი დაბრუნდნენ“

მიზნის გარემოება გადმოიცემა მიზნის ზმნიზედით (ამისთვის, მაგისთვის, იმისთვის,


მისთვის, ამად, იმად...), სახელითა და სახელზმნით. გამოყენებული აქვს ორი ბრუნვა:
ნათესაობითი და ვითარებითი. მაგალითები: „სწორედ იმისათვის გეახელი, რომ სიმართლე
მეთქვა შენთვის“; „ადამიანი სიმშვიდისა და მოსვენებისთვის არ არის გაჩენილი“;
„საჭმლისათვის სოფლის ახლო-მახლო ტრიალებდა“; „მეომრები თავგანწირულად
იბრძოდნენ სამშობლოს გულისათვის“; „ამ წამლებს ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით
ვსვამ“; „მასპინძლები დასაძინებლად ემზადებოდნენ“; „კოკა ადრე გაპარულიყო
სანადიროდ“.

განსაზღვრება

განსაზღვრება არის წინადადების მეორეხარისხოვანი წევრი, რომელიც ახლავს


არსებით სახელს ან მასთან გათანაბრებული სიტყვით გადმოცემულ წევრს და ახასიათებს
(ანუ განსაზღვრავს) მას რაიმე ნიშნით. განსაზღვრება ყოველთვის დაქვემდებარებული
წევრია, ხოლო მისგან განსაზღვრული წევრი სინტაქსურად წამყვანი სიტყვაა.

შინაარსის მიხედვით განსაზღვრება მრავლფეროვანია, მაგრამ მათი გამერთიანებელი


ზოგადი ნიშანი ერთია: ყველა სახის განსაზღვრება მსაზღვრელია. იგი უპასუხებს
კითხვებზე: რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? მერამდენე? მერამდენედი? სადაური?
როდინდელი? ვისი? რისა?
განსაზღვრება ორგვარია: ატრიბუტული და სუბსტანტიური.

ატრიბუტული განსაზღვრება საგნის ნიშან-თვისებაზე მიუთითებს, რაც, ჩვეულებრივ,


ზედსართავი სახელით გადმოიცემა, მაგრამ ხშირად ზედსართავის ფუნქციით გამოიყენება
სხვა სახელებიც, ასევე სახელზმნაც (მიმღეობა და საწყისი). მაგალითად: „მაღალი სახლი“
(ზედსართავი); „ხუთი წიგნი“ (რიცხვითი სახელი); „ურემი შეშა“ (არსებითი სახელი); „ჩვენი
მეგობარი“ (ნაცვალსახელი); „დაბურული ტყე“ (მიმღეობა); „წველა ყველი“ (საწყისი).

საზღვრული წევრი ყოველთვის არსებითი სახელით ან არსებითი სახელის


მნიშვნელობით ნახმარი სიტყვით არის გამოხატული. ამგვარად, ატრიბუტული
განსაზღვრება და მისგან განსაზღვრული წევრი - ორივე ბრუნებადი სიტყვებით გადმოიცემა.

სუბსტანტიური განსაზღვრება გამოხატულია არსებითი სახელით, ან


გასუბსტანტივებული (ე.ი. გაარსებითებული) სხვა მეტყველების ნაწილით. მაგალითად,
„ყვავის ბახალამ ის ზამთარი ნაძვის ფუღუროში გაატარა“ – „ყვავის“ და „ნაძვის“ ორივე
არსებითი სახელით გადმოცემული სუბსტანტიური განსაზღვრებაა. ვნახოთ სხვა
მაგალითებიც: „პატარის დარდი გაჰყვა ნატოს“; „იმ დალოცვილის რქებში არწივი
გაიკეთებდა ბუდესა“. ამ წინადადებებში „პატარა“ ზედსართავი სახელია, „დალოცვილი“ -
მიმღეობა, მაგრამ ერთსაც და მეორესაც არსებითი სახელის მნიშვნელობა აქვს და
სინტაქსურად ორივე სუბსტანტიური განსაზღვრებაა.

ფორმის მიხედვით, ანუ საზღვრულთან სინტაქსური ურთიერთობის


თვალსაზრისით, განსაზღვრება სამგვარია: შეთანხმებული, მართული და მართულ-
შეთანხმებული.

შეთანხმებულია განსაზღვრება, რომელიც საზღვრულს ეთანხმება ბრუნვაში (მაგ., მაღალ-ი


მთებ-ი, მაღალ-მა მთებ-მა), ან ბრუნვასა და რიცხვში (მთა-ნი მაღალ-ნი, მთა-თა მაღალ-თა).
ატრიბუტული განსაზღვრება შეთანხმებული განსაზღვრებაა.

მართულია განსაზღვრება, რომელიც ნათესაობითშია დასმული (მაგ.: აგურის სახლი,


ამხანაგის წიგნი...). გვხვდება შემთხვევები, როცა მართული განსაზღვრება შეიძლება
შეეთანხმოს საზღვრულ წევრს ბრუნვაში ან ბრუნვასა და რიცხვში (მაგ.: ხმალ-მა რკინისა-მ,
ხმალ-ნი რკინისა-ნი). ასეთი განსაზღვრება მართულ-შეთანხმებულია. მართული და
მართულ-შეთანხმებული განსაზღვრება სუბსტანტიურია.

განსაზღვრება საზღვრულ წევრთან ზოგჯერ ისეა შერწყმული, რომ მათი ერთმანეთისგან


გათიშვა შეუძლებელია და ისინი წინადადების ერთ წევრს წარმოადგენენ. ასეთებია,
მაგალითად: შავი ზღვა, წყნარი ოკეანე, კასპიის ზღვა და ა.შ.

განსაზღვრება, ატრიბუტული თუ სუბსტანტიური, შეიძლება ახლდეს არსებითი სახელით


გადმოცემულ ყოველ წევრს, მათ შორის: ა) ქვემდებარეს („ნელი სიო ოდნავ არხევდა
ფოთლებს“); ბ) პირდაპირ დამატებას („მაიკომ ბავშვებს თბილი ტანსაცმელი უყიდა“); გ)
ირიბ დამატებას („გადახრილი მზე დარბაზის სარკმელს ადგებოდა“); დ) შედგენილი
შემასმენლის სახელად ნაწილს („ლევანი ჭკვიანი ახალგაზრდაა“); ე) სხვადასხვა
მნიშვნელობის უბრალო დამატებას („ღამე მიწას ბნელს სუდარაში ხვევდა“; „კედელზე ეკიდა
უცნობი მხატვრის მიერ დახატული სურათი“; „ბატონი თავისი ცოლ-შვილით მობრძანდა
ბაღის დასათვალიერებლად“; „ტყე უზარმაზარ ქალაქად იქცა“); ვ) გარემოებას („დაბურულ
ტყეში დიდი მუხა იდგა“; „ძროხა მეზობლის ყანაში შეიპარა“; „იმ ხანებში მამაჩემი კახეთს
წავიდა ერთი კვირით“; „მამუკა დასაკლავი ხარივით აბღავლდა“; „იქ ყვავილები გაშლილა
ჩემს საზრდოდ, საწუწნელადო“); ზ) განსაზღვრებას („ირგვლივ ჩამოცვენილი ფოთლების
სურნელი იდგა“ - სუბსტანტიურს ახლავს ატრიბუტული განსაზღვრება; „შემოდგომის
წვიმის მსხვილი წვეთები ფოთლებზე შხაპუნობდნენ“ - სუბსტანტიურს ახლავს
სუბსტანტიური განსაზღვრება; „ბავშვებს მინდვრიდან ერთი მუჭა წითელ-ყვითელი ენძელა
მოეტანათ“ - ატრიბუტულს ახლავს ატრიბუტული განსაზღვრება).

განსაზღვრება უსწრებს საზღვრულ წევრს (მაღალი სახლი) ან მოსდევს მას (სახლი მაღალი).
თანამედროვე ქართულში ჩვეულებრივია პრეპოზიციული (წინ მდგომი) განსაზღვრება,
პოსტპოზიციური კი იშვიათად იხმარება. თანამედროვე ქართულში გაბატონებულ (როცა
განსაზღვრება უსწრებს საზღვრულს) წყობას პირდაპირი ჰქვია, ხოლო იშვიათ წყობას (როცა
განსაზღვრება მოსდევს საზღვრულს) - ინვერსიული, ანუ შებრუნებული.

You might also like