You are on page 1of 1

ენობრივი სიტუაციის თეორია გახდა ლონდონის საენათმეცნიერო სკოლის შესწავლის საგანი.

ეს საკითხი
დაკავშირებულია მისი დამაარსებლის ფერთისა და მისი სულისჩამდმელის, ცნობილი ანთროპოლოგის მალინოვსკის
სახელებთან. 30-იან წლებში ტერმინი ენობრივი სიტუაცია აღნიშნავდა იმ ენათა ერთობას, რომლებიც
უზრუნველყოფდნენ ურთიერთობას ქვეყანაში, ან რომელიმე ტერიტორიაზე, მათ ფუნქციურ განაწილებას.
სოციოლინგვისტური განსაზღვრა ტერმინმა მიიღო 60-იან წლებში ამერიკელი ჩარლზ ფერგიუსონისა და რუსი
ლეონიდ ნიკოლსკის მიერ. ენობრივი სიტუაცია ეწოდება ენათა, ქვე-ენათა და ფუნქციურ სტილთა ერთობლიობას,
რომლებიც ემსახურებიან ურთიერთობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ გაერთიანებაში და ეთნიკურ ერთობაში
და მიეკუთვნებიან ერთ საზოგადოებას, თუმცა ყოველგვარი ერთობლიობა ენებისა არ აღინიშნებოდა ამ ტერმინით.
მაგ: ენობრივ კომუნიკაციას აზიაში ემსახურება: იაპონური და არაბული, კორეული და სპარსული, ვიეტნამური და
ჰინდი, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ენობრივი სიტუაციის ელემენტებს, რადგან ფუნქციურად არ უკავშირდებიან
ერთმანეთს და გამოიყენებიან სხვადასხვა პოლიტიკურ-ტერიტორიულ გაერთიანება-სახელმწიფოში. მოცემულ
ერთობლიობას ასახავს სხვა ტერმინი: „ეთნოლინგვისტური სიტუაცია“. ასე რომ ენობრივი სიტუაციის ცნებაში
იგულისხმება ენათა მხოლოდ ორგანიზებული ერთობლიობა. გასათვალისწინებელი მოცემულ სამეტყველო
კოლექტივში ერთი ენა მოქმედებს, ორი თუ რამდენიმე. ენობრივ სიტუაციას ერთენოვან ხალხთან ავრორინი
განსაზღვრავს, როგორც ენის არსებობის ფორმის ფუნქციონირებას: საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა გფარემოსა
და სფეროში“. ასეთ შემთხვევას სტეპანოვი უწოდებს ენის მდგომარეობას. ერთენოვნება ძირითადად იზოლირებული
ენების მატარებლებში გვხვდება. ენობრივი სიტუაციები იყოფიან ორ ჯგუფად: 1. ეკზოგლოსური(ცალკეულ ენათა
ერთობლიობები) 2. ენდოგლოსური(ქვე-ენათა და ფუნქციურ სტილთა ერთობლიობები). ეკზოგლოსური და
ენდოგლოსური იყოფა ორ ჯგუფად: 1. ბალანსირებული(როდესაც მისი შემადგენელი ენობრივი ქვესისტემები
ერთმნიშვნელოვანია ფუნქციური თვალსაზრისით) 2. არაბალანსირებული(როდესაც მისი კომპონენტები
განაწილებულია ურთიერთობის სფეროებისა და სოციალური ჯგუფების მიხედვით. ენობრივი სიტუაციის ტიპებია:
1. ეკზოგლოსური ბალანსირებული - იშვიათი მოვლენაა. თუ არსებობს ისიც პირობითად. მისი პირობითი მაგალითია
ენობრივი სიტუაცია შვეიცარიაში. პირობითი, რადგან გერმანულის ფრანგულის, იტალიურისა და რეტრომანულის
კერძო საკომუნიკაციო ფუნქციათა მოცულობა მაინც არ არის ერთნაირი. მიუხედავად იმისა, რომ რეტრომანულს
იგივე იურიდიული სტატუსი და პრესტიჟი აქვს როგორც სხვებს, იგი მხოლოდ რამდენიმე ათეულ ათას კაცს
ემსახურება. 2. ეკზოგლოსური არაბალანსირებული - ყველაზე გავრცელებულია. აქ გაირჩევა სხვადასხვა
კომპონენტიანი სიტუაციები. ორკომპონენტიან სიტუაციაში გვაქვს ადგილობრივი და მაკროშუამავალი ენები. მაგ:
ვალიური ბრიტანეთში, ბრეტონული საფრანგეთში, ხოლო მაკროშუამავალია - ინგლისური და ფრანგული.
სამკომპონენტიანი სიტუაცია(მაგალითად ზაირში) - ადგილობრივი(ლუბა და მონგო), რეგიონალური(ინგალა) და ენა
სხვა ენობრივ ერთობებთან ურთიერთობისათვის(ფრანგული). ოთხკომპონენტიანი სიტუაცია(ეთიოპიაში) -
ადგილობრივი(ტიგრე,ტიგრა), რეგიონალური(იტალიური), მაკროშუამავალი(ამხარული) და რელიგიური
ენები(გეეზი). 3. ენდოლოსური ბალანსირებული(დიაქრონიული სოციოლინგვისტიკის საგანი) - მისთვის
დამახასიათებელია ერთი ენის რამდენიმე ქვესისტემის არსებობა, რომლებიც ფუნქციური თვალსაზრისით
თანასწორი არიან. მაგ: სომალიში ეროვნული ენა წარმოდგენილია მხოლოდ ტერიტორიული დიალექტების
ერთობლიობით და სომალური ეროვნული ენის საერთო ფორმა ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ასევე 15-ე საუკუნემდე
გერმანული მხოლოდ დიალექტებით იყო წარმოდგენილი. 4. ენდოგლოსური არაბალანსირებული - ძირითადად
შეიმჩნევა ერთენოვან ქვეყნებში და კომუნიკაციის ყველა სფეროში, რომლებშიც გამოიყენება ერთადერთი ეროვნული
ენა. აქ კომპონენტთა რაოდენობა განისაზღვრება ენობრივ ქვესისტემათა რაოდენობის მიხედვით. 1-კომპონენტიანი
სიტუაცია არის ისლანდიაში, რადგან მას არ გააჩნია დიალექტები და სხვაობა სალიტერატურო და სალაპარაკო ენას
შორის მინიმალურია. ორკომპონენტიანი სიტუაცია, რომელიც ახასიათებს დანიას შედგება ორი ფუნქციური ტიიპის
ქვე-ენისაგან: ტერიტორიული დიალექტები და სალიტერატურო ენა. სამკომპონენტიანი სიტუაცია შედგება
ტერიტორიული დიალექტების, სალიტერატურო ენისა და სალიტერატურო ენის რეგიონალური ფორმისაგან,
რომლის მაგალითიცაა იტალია: დიალექტები, რომლებიც ემსახურებიან ზეპირ მეტყველებას წარმოდგენილია სამ
ჯგუფად: ჩრდილოეთის, ცენტრალურ-სამხრეთისა და ტოსკანური. საერთო იტალიური სალიტერატურო ენა
ჩამოყალიბდა მე-14 საუკუნეში ფლორენციული დიალექტის საფუძველზე. ენობრივი სიტუაცია გაიგება როგორც
ერთი ან რამდენიმე ენის ეგზისტენციურ ფორმათა ერთობლიობა, რომლებიც ემსახურებიან მოცემულ საზოგადოებას
მთლიანობაში, ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ და ტერიტორიული გაერთიანების ფარგლებში, რაც შეადგენს
სახელმწიფოს და რომელიც ფუნქციურად უკავშირდება და ავსებენ ერთმანეთს.

You might also like