You are on page 1of 5

თოვლით გადათეთრებულ გზაზე ნახევრად შიშველი გოგო გარბოდა.

დამფრთხალი
აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით... ყოველ წუთში ეცემოდა, მაგრამ დგებოდა და გზას
განაგრძნობდა. ისევ და ისევ... ისევ და ისევ... 
ფაფუკ თოვლზე დარჩენილ ფეხის ნაკვალებს კი ათოვდა და ათოვდა...
არაფერი წყვეტდა მოძრაობას, მიუხედავად გოგონას უსაშველო ტკივილისა. 
მხრებზე ეფინებოდა ყორანივით შავი თმა, წელამდე სცემდა თმის ოკეaნე. გრძელი წამწამები
ისე ლამაზად ეფინებოდა ღაწვებზე, რომ შეეხედათ, უსათუოდ გახდებოდა მისი სილამაზე
შთაგონების წყარო, რაღაც ახლის შექმნისა, ისე, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა ეს. ისედაც
თეთრს, თოვლივით ქათქათა გახდომოდა კანი. გაფითრებული და შეცივნული მიდიოდა წინ,
გაჭირვებით, თუმცა მაინც... მთავარია, რომ მიდიოდა!
და თითქოს მის ჯიბრზე არ გამოჩნდა სულიერი გზაში. ცა კი ჯიუტად აგრძელებდა ტირილს,
სიცივე კი ისე დაუნდობელი იყო, ყინავდა და თავის მსგავსად ცივსა და მკაცრს ხდიდა
ცრემლს... ცრემლი ფიფქად იქცეოდა... გოგონას გაფითრებულ სახეზე ჩამოღვენთილი სითხე
კი ყინულის ლოლოებად ეკიდებოდა სახეზე. 
„ელიზა ცუდია. ელიზა არავის უყვარს. ელიზა არავის სჭირდება. ელიზა უბედურია. ელიზა
უნდა წავიდეს...“ - ბუტბუტებდა გაუჩერებლად და გაჭირვებით მიიკვლევდა გზას გაყინული
სხეულით გაყინულ დედამიწაზე.
თითქოს ყველამ და ყველაფერმა მის წინააღმდეგ შეკრა პირი. სულიერის ჭაჭანება არ იყო.
ტირილისგან დაღლილ ცას კი დაძინება მოუნდა. მშვიდად დახუჭა თვალები და ძილის
სამყაროში გადაეშვა. ირგვლივ ჩამობნელდა. ვერავინ და ვერაფერი უფრთხობდა ძილს,
თვალები რომ გაეხილა და განათებულიყო, ელიზას კი როგორ ძალიან სჭირდებოდა
სინათლე...
„ელიზამ არ იცის რა ქნას. ელიზას არ შეუძლია ფიქრი. ელიზასთან არავინ მოდის. ელიზა
მარტოა... ელიზა მალე მოკვდება... ელიზა გაიყინა... ელიზას სითბო უნდა... ელიზა, სადაა
მთვარე? რატომ არ ხედავ? ხომ ჩანდა ხოლმე შენი პალატის ფანჯრიდან ცისფერი მთვარე?
ელიზა ყველამ მიატოვა, ელიზა მთვარესაც აღარ უყვარს. ელიზას მეგობარი მხოლოდ მთვარე
იყო, ახლა ისიც წავიდა...“ - ლუღლუღებდა გოგონა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და
ბოლოჯერ გაახილა თვალები: ცისფერი მთვარე მის თავზე იყო და უღიმოდა.
***
-არ გცივა?
-ელიზას სცივა. ელიზა არავის უყვარს. ელიზას არავინ ეხუტება. ელიზასთვის სითბო არ
არსებობს, არ იცის როგორ არ უნდა სციოდეს. ელიზა გიჟია. ის არავის უყვარს. ელიზა არავის
სჭირდება...
-მოდი ეს ჩაიცვი, სულ გაყინული ხარ...
-შენ ვინ ხარ? ელიზა არ გიცნობს. ელიზა უცნობებს არ ელაპარაკება. ელიზას ეშინია სხვების.
ელიზასი ყველას ეშინია. ის ცუდია. არავის სჭირდება.
-მე ჯეი ვარ. 
-ჯეი... ჯეი... ელიზა ასეთს არავის იცნობს! არ მომეკარო! 
-სულ გაყინული ხარ. ასე არ შეიძლება, უნდა გათბე.
-ელიზას სიკვდილი უნდა. ელიზას არაფერი შეუძლია...
ჯეიმ გაყინულ ლოყაზე ჩამოუსვა თავისი თბილი თითები, გოგონას ჟრუანტელმა დაუარა.
მუხლები ძლიერად მიატყუპა ერთმანეთს და შეშინებულმა შეხედა. თავიდან გაუძალიანდა,
თუმცა შემდეგ დაჰყვა ბიჭის ნებას და მასთან ერთად წავიდა მანქანისკენ. ცოტა ხანში კი
სითბოს შეგრძნებით გათამამებული ელიზა მორიდებით აპარებდა უცნობისკენ თავის ლურჯ
თვალებს, თუმცა კვლავ გრძნობდა შიშს. შიშს, რომელიც თავისი ცხოვრების განვლილ 19
წელში მუდამ თან სდევდა. 
-ელიზა აქ არ უნდა იყოს... - კნავილისმაგვარი ხმა ამოუშვა ნამტირალებმა.
-აბა სად უნდა იყოს?
-იქ, სადაც არავის უყვარს... ყველა უყვირის და... - ცრემლები წასკდა. - იქ ყველას რაღაც
წამლებს ასმევენ, არავის მოსწონს, მაგრამ მაინც უნდა დალიონ. ელიზა თავიდან არ სვამდა,
მაგრამ გაუგეს და უყვირეს, ძალიან შეეშინდა და მერე დალია. 
-შენ...
-ჰომ, ელიზა გიჟია და საგიჟეთიდან გამოიქცა. ახლა მას ეძებენ.
-რატომ გამოიქეცი?
-ელიზას აღარავინ ჰყავს იქ... მეგობარი დაეკარგა... 3 დღის წინ ნახა, ერთად უყურეს ცისფერი
მთვრის ამოსვლას, მერე ის წაიყვანეს და მის მერე აღარ უნახავს. ელიზას ენატრება ის, ძალიან
ენატრება. ელიზა საგიჟეთიდან გამოიქცა, მეგობარი უნდა იპოვოს. აუცილებლად უნდა
იპოვოს. მის გარეშე იქ ვერ დაბრუნდება. ელიზა ვერ გაძლებს მის გარეშე. ის ერთადერთია,
რომელიც არ ეჩხუბება... თუმცა, არც შენ ეჩხუბები! - თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ჯეის,
რომელიც თბილად უღიმოდა გოგონას.
-მე დაგეხმარები მეგობრის მოძებნაში! 
-იქ.. იქ... ის ხალხი... მე მეძებს? - შეშინებული ელიზა სავარძლის საზურგეს აეკრო და წყვილი
ცრემლი მუჭით მოიწმინდა.
სწრაფად ჩაუარეს ხალხის ჯგუფს, რომელიც გაცხარებით კამთობდა რაღაცაზე. 
ქალაქის ცენტრი გაკვეთეს და გარეუბნისკენ აიღეს გეზი. უჩვეულოდ ახმაურებულიყო
პატარა ქალაქი. ელიზას კი ყოველი ადამიანის დანახვაზე გული შიშით უცემდა, ეშინოდა,
რომ მივიდოდნენ და წაიყვანდნენ, ის კი თავის მეგობარს ვერ იპოვიდა.
მანქანიდან გადმოსული ბორძიკით აედევნა ბიჭს, პერანგზე ჩაავლო ხელი და ფეხდაფეხ
მიჰყვებოდა. ვერ გრძნობდა გაყინული ფეხებიდან წამოსულ სიცივეს, რომელიც
მეტასტაზებივით იბნეოდნენ მის სხეულში და გულამდე აღწევდა. 
***
თვალები რომ გაახილა და თეთრი კედლების მაგივრად, ჩამუქებული კედლები დაინახა,
შეშინებული წამოხტა ლოგინიდან და კივილი დაიწყო. თვალები მოპირდაპირე კედელზე
დაკირებულ აინშტაინის სურათზე გაუშტერდა და თავში წაიშინა ხელები. უკან-უკან წავიდა
და კედელს აეკრო. 
-ნურაფერს მავნებთ! არაფერი დამიშავოთ! მე არაფერი ვიცი! არ ვიცი სად არიან! დიდი ხანია
არ მინახავს ისინი, მე სრულიად მარტო ვარ... აქ არავინაა... სად მიგყავართ? გამიშვით! მე
არაფერი ვიცი... არა.. არა.. გამიშვით, გთხოვთ... - განწირული გაჰკიოდა და ცდილობდა თავის
ხელზე ჩაჭიდებული ხელი გაეშვებინა. 
-ჰეი, ელიზა, შემომხედე, მე ჯეი ვარ და არსად წაყვანას გიპირებ. შეგიძლია დამშვიდდე. აი
ასე.. კარგია. ღრმად ისუნთქე. ყოჩაღ. ახლა თვალები გაახილე და დარწმუნდი, რომ მართლაც
ჯეი ვარ და სხვა არავინ. მიდი, გაახილე, ნუ გეშინია. აი, ხომ ხედავ, არაფერია სანერვიულო. 
-ელიზას ეგონა, რომ მიჰყავდათ... იქ მიჰყავდათ... როგორც მაშინ, 4 წლის წინ... მოვიდნენ და
დაუკითხავად წაიყვანეს.. ელიზამ არაფერი იცოდა, მაგრამ მაინც წაიყვანეს და მის მერე იქაა.
ხომ არ დართავ ნებას, კიდევ ერთხელ წაიყვანონ ელიზა? ის საშინელი ადგილია. არ მოსწონს
ის ყოფნა. ხომ დაპირდები, რომ როდესაც მის წასაყვანად მოვლენ, არ დართავ ამის ნებას?
გთხოვ რა, დაჰპირდი ელიზას....
-თუ შევძლებ დაგტოვო... წამოდი, შენი მეგობრის საძებნად წავიდეთ! - თვალი ჩაუკრა ჯეიმ.
-ელიზას არაფერი გააჩნია საგიჟეთის პერანგის გარდა.
-ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვი. - ოდნავ გაუღიმა და ხელი ჩაჰკიდა.
-ელიზას დიდი აქვს შენი ტანსაცმელი და ძალიან სასაცილო გოგოა. - საცოდავად დაიხედა
ჯეის ტანსაცმელზე, რომელიც მინიმუმ 3 ზომით დიდი ჰქონდა და მერე ბიჭს ახედა,
სიცილისგან რომ იჭაჭებოდა.
-არა, არა, ძალიან გიხდება! ახლა კი ვიჩქაროთ, სანამ დაღამებულა! 
ისევ ჯეის პერანგზე ჩაბღაუჭებული გავიდა გარეთ და სწრაფად ჩახტა მანქანაში, იმით
შეშინებულმა დამინახავენო. 
-მოდი, ჯერ ამ კითხვაზე მიპახუხე: შენი აზრით, სად წავიდოდა შენი მეგობარი?
-არვიცი. ელიზა მასთან ერთად უყურებდა ცისფერ მთვარეს ოთახის ფანჯრიდან. მერე ის...
მან უთხრა, რომ უნდა წავიდეს და წავიდა. მის მერე აღარ მინახავს. ელიზას ძალიან ენატრება
ის... 
-კარგი... მის შესახებ რა იცი?
-ის ელიზას მეგობარია. 
-სხვა არაფერი? მაგალითად სახელი, გვარი, ასაკი, ან სად ცხოვრობდა... ოჯახის წევრებს არ
იცნობ?
-ის მიაა.. მია ჰენესი... და... ა, აქ ცხოვრობს.
-გარეგნულად როგორია?
-ის ელიზას ჰგავს. შავი თმა აქვს და ჩემსავით თეთრი და გიჟია.
-ამომწურავი ინფორმაციაა! - გადაიხარხარა ჯეიმ და მანქანიდან გადავიდა. ძველი, თუმცა
გარემონტებული შენობის კარები შეაღო და შიგნით შევიდა. ცოტა ხანში კი ჩაფიქრებული
გამოვიდა და ნელი ნაბიჯით მივიდა მანქანამდე.
-იპოვე? - მომლოდინე მზერა მიაპყრო გოგონამ და ჯეის პერანგის ღილებს წვალება დაუწყო.
-ის არა, თუმცა მისი მშობელბის სახლის მისამართი მომცეს.
საპირისპირო მიმართულებით გაუყვნენ ქუჩას. ელიზას სიხარულით უცემდა გული, ჯეის კი
არაფერი ეწერა სახეზე. მიას მშობლების სახლის მოშორებით გააჩერა მანქანა და ისევ მარტო
გადმოვიდა. უკვე მერამდენედ დახედა ფურცელს და მისამართი გადაამოწმა: სწორად
მოვიდა! თავჩაღუნული გაუყვა პატარა სახლისკენ მიმავალ წითელი ქვებისგან გაკეთებულ
ბილიკს. სახლის წინ შედგა, ჩაფიქრებულმა გახედა მანქანაში მჯდომ ელიზას,
გამამხნევებლად გაუღიმა, თუმცა მას არ დაუნახავს. თვალი მოავლო გადათეთრებულ ქუჩას
და ზარი დარეკა.
რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, კარი ახალგაზრდა ბიჭმა გაუღო. დაკვირვებით
შეათვალიერეს ერთმანეთი, ჯეი დარწმუნდა, რომ მიას ახლობელი იქნებოდა, რადგან ძალიან
ჰგავდა მას, უცნობ ბიჭს კი არ ეცნო ჯეი.
-გამარჯობა. მე მიას ვეძებ...
-ვინ ხართ? - უხეშად გამოუვიდა ბიჭს.
-მისი მეგობრის... მეგობარი.
-მიას მეგობრები არ ჰყავდა.
-ჰყავდა! მისი მეგობარი მანქანაში ზის. - ხელი ქუჩისკენ გაიშვირა, სადაც მისი მანქანა იდგა. -
შეგიძლიათ მითრათ, სადაა ის?
-3 დღის წინ შეგვატყობინეს, მან თავი მოიკლა.- ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა ბიჭმა და
სწრაფად მიხურა კარები.
ჯეი კი დარჩა პარმაღთან, გაშეშებული და გაოგნებული. „3 დღის წინ შეგვატყობინეს, მან
თავი მოიკლა.“ - გონებაში ბიჭის სიტყვები უტრიალებდა და ცდილობდა მოეფიქრებინა რამე,
რითაც ელიზას ნაკლებ ტკივილს მიაყენებდა. დიდი ხანი არ იყო რაც მას იცნობდა, მაგრამ
ძალიან უნდოდა დახმარებოდა მას მეგობრის პოვნაში და ახლა კი, როდესაც მან იცის, რომ
მია მკვდარია, ვერ ეტყვის ელიზას... ისედაც არაჯანსაღ ფსიქიკას კიდევ უფრო დაუნგრევს და
გაუნადგურებს ეს ფაქტი...
ცა ისევ ჯიუტად აგრძელებდა ტირილს, დაუნდობელი სიცივე კი ისევ ყინავდა მის ცრემლს,
როგორც წინა ღამით, საგიჟეთიდან გამოქცეულ ელიზას რომ არ ინდობდა. თითქოს განზრახ
შეეკრა დედამიწას პირი, რათა არცერთ ადამიანს გაეხარა ცხოვრებით. 
გრძნობები ისევ ტკივილად თოვდა...
-მია სხვა საავადმყოფოში წაიყვანეს... - ძლივს ამოთქვა გაქვავებულმა ჯეიმ.
-დაბრუნდება? - იმედით სავსე ლურჯი თვალები შეანათა გოგონამ.
-დაბრუნდება! თუმცა, ის ისედაც შენთანაა...
-აბა? - გულუბრყვილოდ მიიხედ-მოიხედა ელიზამ.
-აი, აქ, შენს გულში... - გაყინული თითებით გოგონას მკერდს შეეხო, მკერდის შიგნით კი
გული ფეთქავდა, გული, რომელიც ატყობინებდა, რომ ის მართლაც იქაა... ელიზას გულში!
***
დათოვლილ ქვიშაში ფეხები ეფლობოდა... მიიწევდა წინ, ჰორიზონტისკენ... მუქი ფერის ცა,
რომელიც ცისფერისა და ნაცრისფერის ნაზავი იყო, ელიზას მიას თვალებს ახსენებდა,
ლურჯი ზღვა კი ჯეის ელიზას თვალებს. წინ ელიზა მიდიოდა, თავჩახრილი, მოწყენილი,
აცრემლებული და შეშინებული. უკან კი მიჰყებოდა ჯეი...
-რატომ მომყვები? - უკან არც მოუხედავს ისე ჰკითხა.
-შემეშინდა, რომ ზღვაში შეხვიდოდი... ახლა კი ცივა და დიდი ტალღებია...
-მეშინია მისი... 
-რატომ?
-ყოველთვის, როცა ელიზა და მია ცისფერ მთვარეს უყურებდნენ, ზღვა ღელავდა და
ტალღები საზარელ ხმას გამოსცემდა...ვფიქრობდით, რომ ზღვა გადმვიდოდა, ფანჯრებს
შემოამტვრევდა და დავიხრჩობოდით. შენ რა.. იცინი? - გაბრაზებული შებრუნდა ბიჭისკენ.
-არა.
-არა, ნამდვილად იცინი!
-ელიზა...
-რა?
-შენ...ოჯახი არ გყავს?
-ისინი წავიდნენ... მე მარტო ვიყავი...სრულიად მარტო დავრჩი...გადიოდა დღეები და ჩემთან
არავინ მოსულა. არ ვიცოდი სად წავიდნენ... ელიზას ეშინოდა... მერე მოვიდნენ...და
წამიყვანეს... იქ... საგიჟეთში... არა, არა, არ მინდა! გამიშვით! მე არაფერი ვიცი! -ნურაფერს
მავნებთ! არაფერი დამიშავოთ! მე არაფერი ვიცი! არ ვიცი სად არიან! დიდი ხანია არ მინახავს
ისინი, მე სრულიად მარტო ვარ... აქ არავინაა... სად მიგყავართ? - ბოლო ხმაზე ღრიალებდა,
გარბოდა და თან ხელებს აქნევდა, თითქოს ვინმეს მოშორება უნდოდა. სინამდვილეში კი
მოსაშორებელი მხოლოდ და მხოლოდ ის უსიამოვნო მოგონებები იყო 4 წელი რომ არ
ანებებდა თავს.
ჯეი დაედევნა, მკლავში ხელი წაავლო და ელიზასთან შეჯახებისას ორივენი თოვლში
გაგორდნენ. ელიზა დაწყნარდა, ანთებული თვალებით დააჩერდა თოვლში გაწოლილ ბიჭს
და გაყინული თითებით აღებული თოვლი სახეზე დააყარა. მათი სიცილის ხმა მდუმარე
გარემოს შეერწყა და თითქოს ცა შეაზანზარა. ერთ გუნდას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ა.შ.
იქამდე, სანამ ხელჩართული ბრძოლა არ გამართეს, საბრძოლო იარაღი კი თოვლის გუნდები
იყო. 
-ელიზა...
-რა?
-არ მინდა წახვიდე...
-ხომ დამპირდი, რომ არ დაანებებ მათ ჩემ წაყვანას, როდესაც მოვლენ? - შიში ჩაუდგა
გოგონას თვალებში.
-მე აუცილებლად მოვალ... ხომ გესმის? მოვალ... შენთან მოვალ...
-მპირდები?
-გპირდები!
-მიასაც მოიყვან?
-მოვიყვან!
-დაგელოდებით...
მერე?! მერე მოვიდნენ და წაიყვანეს... იმ საღამოსვე... აი ასე, მოვიდნენ და წაიყვანეს...
ის კი ყოველ დღე იდგა ფანჯარასთან და უყურებდა ზღვას და მის ბობოქარ ტალღებს. ეგონა,
რომ ისინი მოიყვანდნენ ჯეის და მიას, ორივეს ერთად... აღარ ეშინოდა მისი. პირიქით, უნდა
კიდეც, სემოემტვრია მისი ფანჯარა და მისულიყო მასთან. მისულიყო და მიეყვანა ისინი.
ზღვამ არ გაამართლა... არ მიუყვანა ისინი...მერე ცისფერ მთვარეს ელოდებოდა, მასაც ყოველ
ღამით...ათენებდა ღამეებს და უყურებდა მთვარეს...ის კი უღიმოდა, უღიმოდა
იმედიანად...თითქოს იმედს აძლევდა, რომ ისინი აუცილებლად მოვიდოდნენ...
ცისფერმა მთვარემაც გაუცრუა იმედი... არც მან მიუყვანა მია და ჯეი, ადამიანები, რომელის
მისცვალასაც ყოველ წამს ელოდა...
არც მტირალმა ცამ მიუყვანა...
მერე ფანჯარას მოშორდა. აღარ ელოდებოდა არცერთს, რადგან ორივემ უღალატა და არ
მივიდნენ. დაჰპირდნენ, მაგრამ არ მივიდნენ...
ცა ტირილს აგრძელებდა, თუმცა სიცივე ინდობდა მას და აღრა ჰყინავდა მის ცრემლებს...
ცრემლებთან ერთად, ხეებმაც გამოისხეს კვირტები.
ისინი მაინც არსად ჩანდნენ... არც კვირტებს მოჰყოლიან...
ჯეი კი ყოველ დღე მიდიოდა მასთან. ხან ტალღებს მიჰყვებოდა, ხან წვიმას, ხან მთვარეს და
ხანაც კვირტებს. ელიზა კი ზურგით იდგა ფანჯარასთან და ვერ ხედავდა მას.
კვირტები მზის მცხუნვარე სხივებმა შეცვალეს. სხივებსაც მიჰყვებოდა ჯეი, თუმცა ისევ ვერ
ხედავდა მას ელიზა... იდგა ფანჯარასთან და უყურებდა შენობას, შიგნით კი დაცვა არ
უშვებდა...
***
-ახალი მოიყვანეს!
-ვინაა?
-ჯეი... - მეტი აღარ გაუგონია. შეცბუნებულმა შეხედა თეთრ კარებში შემოსულ ნაცნობ
სხეულს და ცრემლები ჩამოუგორდა გაფითრებულ ლოყებზე...
-შენ... მოხვედი...
-როგორც დაგპირდი. - გაუღიმა ჯეიმ.
-მია მოიყვანე?
-კი.
-სადაა?
-აი, აქაა... - ხელი მკერდზე დაადო, მკერდის შიგნით კი გული ფეთქავდა, გული, რომელიც
ატყობინებდა, რომ ის მართლაც იქაა... ელიზას გულში!

You might also like