You are on page 1of 11

ჩანასახის სიცოცხლის უფლება

(შედარებითი ანალიზი)1

საერთაშორისო აქტები ჩანასახის სიცოცხლის უფლების შესახებ

თანამედროვე მსოფლიოში სიცოცხლის უფლების აღიარების და მისი შეზღუდვის


საკითხი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი და პრობლემატურია. ამ უფლების შესაძლო
შეზღუდვის შესახებ ზოგადი ნორმები მოცემულია საერთაშორისო აქტებში და სხვა
ქვეყნების კონსტიტუციებში, ხოლო დეტალურად განვრცობილია კანონებით თუ
კანონქვემდებარე აქტებით. სიცოცხლის უფლების შეზღუდვის ერთ–ერთ სახეს
წარმოადგენს ჩანასახის სიცოცხლის მოსპობა – აბორტის გზით. ამ საკითხთან
დაკავშირებით გარკვეულ დათქმებს შეიცავს საერთაშორისო აქტები. ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან არის
ძალაში, აღნიშნავს, რომ „ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უფლება“ (მუხლი 3).2 თუმცა, აღნიშნული ნორმიდან არ ჩანს იცავს თუ არა დეკლარაცია
ბავშვის უფლებას მის დაბადებამდე. გასათვალისწინებელია, რომ დეკლარაციის
მომზადების პროცესში წარმოდგენილი იყო მე–3 მუხლის ალტერნატიული ვარიანტი
(ჩილესა და ლიბიის სახელმწიფოების მიერ)3, რომელიც აღიარებდა სიცოცხლის
უფლებას ჩასახვის მომენტიდან, თუმცა იგი უარყოფილ იქნა. სწორედ ეს გარემოება
წარმოადგენს მყარ არგუმენტს იმისა, რომ დეკლარაციის მიღების პროცესში
შეგნებულად აარიდეს თავი სიცოცხლის უფლების ჩასახვის მომენტიდან დაწყების
შესაძლებლობას და ეს საკითხი ბუნდოვნად დატოვეს ტერმინის „ყველა“ გამოყენებით.
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი
(საქართველოში ძალაშია 1994 წლიდან) მიუთითებს, რომ „სიცოცხლის უფლება
თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის არ
შეიძლება თვითნებურად წაართვან სიცოცხლე“ (მუხლი 6.1).4 მაგრამ ამ შემთხვევაშიც
გაურკვეველია, არის თუ არა პაქტის მიხედვით სიცოცხლის უფლება დაცული ბავშვის
ჩასახვის მომენტიდან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტს,
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე–6 მუხლზე
გაკეთებული ორი კომენტარიდან არც ერთში არ უხსენებია დაუბადებელი ბავშვის
სიცოცხლის უფლება.5 ამდენად, თვით სახელმწიფოებს აქვთ მინდობილი ამ საკითხის
დეტალური რეგლამენტაცია შიდა კანონმდებლობის დონეზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომელიც
საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან, აცხადებს, რომ
„ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლებას იცავს კანონი. არავის სიცოცხლე არ
შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი ...“ (მუხლი 2.1).6 ამ შემთხვევაშიც ბუნდოვანია

1
ვ. გონაშვილი, ნ. ხიზანიშვილი (სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული
კონფერენციის შრომების კრებულში, 24–25 მაისი, ნაწილი 2, ქუთაისი, 2013. გვ. 51–60).
2 Universal Declaration of Human Rights http://www.un.org/en/documents/udhr/index.shtml

3 ირმა გელაშვილი, ჩანასახის სამოქალაქო სამართლებრივი მდგომარეობა (სადისერტაციო ნაშრომი),

თბილისი, 2011. 10.


4 International Covenant on Civil and Political Rights http://www.unhcr.org/refworld/docid/3ae6b3aa0.html

5 ლაშა ჭელიძე, სიცოცხლის უფლება ფეტუსისთვის//ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და

საერთაშორისო სამართალში (სტატიათა კრებული), რედ. კ. კორკელია, თბილისი, 2002. 258.


6 European Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms,
http://www.unhcr.org/refworld/docid/3ae6b3b04.html
კონვენციის მიერ აბორტის დასაშვებობის საკითხი. აღნიშნული მუხლის
ინტერპრეტაციისას მეცნიერებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მაგალითად,
ე. გოცირიძის მოსაზრებით იგი ,,ტექსტუალურად სრულიადაც არ გამორიცხავს იმის
შესაძლებლობას, რომ მასში ფეტუსის სიცოცხლის უფლებაც იგულისხმებოდეს, და არა
მხოლოდ დაბადებული ადამიანებისა.“7 ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია
უარს ამბობს აღნიშნული ნორმის პირდაპირ განმარტებაზე, მისი განმარტების საკითხი
პირველად წამოიჭრა საქმეებზე X v. Norway, და X v. Austria. ადამიანის უფლებათა
ევროპულმა კომისიამ უარი თქვა შეეფასებინა in abstracto აბორტის კანონმდებლობის
შესაბამისობა მე–2 მუხლთან.8 ასევე საინტერესო იყო 2004 წლის საქმე Vo v. France.
ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია აუცილებლად გადაეწყვიტა იყო თუ არა
მომჩივნის ორსულობის მოშლა კონვენციის მე–2 მუხლის მოქმედების ფარგლებში.
ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა
მოითხოვდა სამართლებრივ, სამედიცინო, ფილოსოფიურ, ეთიკურ და რელიგიურ
განზომილებებს „ადამიანის“ განსაზღვრისას და მხედველობაში უნდა ყოფილიყო
მიღებული სხვადასხვა მიდგომა ეროვნულ დონეზე. ამ საკითხზე სახელმწიფოს უნდა
ჰქონოდა შეფასების დიდი თავისუფლება.9
ამავე პრობლემატიკაზე გარკვეული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული სხვადასხვა
ქვეყნების სასამართლოებსაც. მაგალითად, ავსტრიისა და ჰოლანდიის საკონსტიტუციო
სასამართლოებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ ევროპული კონვენციის მე–2 მუხლი არ
იყო გამოყენებადი ფეტუსის მიმართ.1011 გერმანიისა და ესპანეთის საკონსტიტუციო
სასამართლოებმა კი სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცეს ამ მუხლს და დაადგინეს, რომ
სიცოცხლის უფლება, შიდა კონსტიტუციური პრინციპებით, გამოიყენებოდა ფეტუსის
მიმართ, თუმცა იმ დათქმით, რომ ეს უფლება აბსოლუტური არ იყო.12
ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიამ თავი
შეიკავა აბორტის კონტექსტში სიცოცხლესთან დაკავშირებით რაიმე დეფინიციის
გაკეთებისგან. მათი აზრით, ევროპის კონვენციამ სამართლიანად გამოხატა თავშეკავება
აბორტის ყველა საქმესთან დაკავშირებით და მან კანონმდებელს დაუტოვა შესაბამისი
ნორმების ჩამოყალიბებისათვის თავისუფალი ქმედების უფლება. კომისიის წევრთა
შეხედულებით, ეს მიდგომა, რაც გამოიხატა იმით, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს
აზრთა სხვადასხვაობა – ერთი მხრივ, ითვალისწინებს ქალთა ინტერესებს, ხოლო,
მეორე მხრივ, – დაუბადებელი ბავშვის სამართლებრივი დაცვის საჭიროებას.“13 ასეთ
შემთხვევებში ანუ როდესაც სიცოცხლის წინააღმდეგ ასევე სიცოცხლე დგას,
სახელმწიფოს შეუძლია და უნდა გადაწყვიტოს კიდეც, რომელი სიცოცხლისათვის
იბრძვის იგი თავისი ძალაუფლების საშუალებებით.14 ერთ–ერთი ამგვარი საქმის
განხილვის დროს ევროპის ადამიანის უფლებათა კომისიამ 1978 წელს დაადგინა, რომ

7 ევა გოცირიძე, სიცოცხლის დასაწყისი და დასასრული: ფეტუსისა და ევთანაზიის უფლებრივი


საკითხები სტრასბურგის იურისპრუდენციის მიხედვით//ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და
საერთაშორისო სამართალში (სტატიათა კრებული), რედ. კ. კორკელია, თბილისი, 2007. 61
8 იქვე, 65

9 იქვე, 68

10 იქვე, 64
11
ჩანასახს განვითარების პირველი 8 კვირის განმავლობაში ეწოდება „ემბრიონი“, ხოლო შემდგომ,
დაბადებამდე – „ფეტუსი“.
12 იქვე, 72

13 ლაშა ჭელიძე, სიცოცხლის უფლება ფეტუსისთვის//ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და

საერთაშორისო სამართალში (სტატიათა კრებული), რედ. კ. კორკელია, თბილისი, 2002. 259.


14 კონსტანტინე კუბლაშვილი, სიცოცხლის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით// ადამიანის

უფლებათა ევროპული სტანდარტები და მათი გავლენა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე


(სტატიათა კრებული) რედ. კ. კორკელია, თბილისი, 2006. 195
ნაყოფის სიცოცხლის აბსოლუტური უფლების აღიარება ეწინააღმდეგება კონვენციის
საგანსა და მიზანს. კომისიის აზრით, სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს გარკვეული
შეზღუდვები ფეხმძიმე ქალის აბორტის უფლებებზე.15
ამ მხრივ უკეთეს ფორმულირებას შეიცავს ადამიანის უფლებათა ამერიკის
კონვენცია. მისი მე–4 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანს აქვს თავისი სიცოცხლის
პატივისცემის უფლება. აღნიშნული უფლება დაცულია ჩასახვის მომენტიდან.“16
აღნიშნულმა კონვენციამ პირდაპირ აღიარა სიცოცხლის უფლება ჩასახვის მომენტიდან
და ეჭვგარეშეა რომ ემბრიონს/ფეტუსს მიანიჭა გარკვეული უფლებები, რაც თითოეული
ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს აღიარებული და დაცული. აღნიშნული აღიარება
არ გამორიცხავს ასევე აბორტის შესაძლებლობას, თუმცა იგი უნდა განხორციელდეს
სწორედ ემბრიონის/ფეტუსის უფლებების დაცვის გათვალისწინებით, ქვეყნის შიდა
აქტებით დადგენილი პროცედურისა და პირობების გათვალისწინებით, პირველ რიგში,
იმგვარად, რომ დედის სიცოცხლის უფლება არ იყოს დარღვეული. ამ კონვენციის
განმარტება გააკეთეს ამერიკის კონტინენტის სხვადასხვა სასამართლოებმაც. 1987 წელს
ინტერამერიკულმა კომისიამ საქმეში - baby-boy დაადგინა, რომ კონვენციის მე–4 მუხლს
არ ეწინააღმდეგებოდა აბორტის დაშვება დედის სიცოცხლის დასაცავად და
გაუპატიურების დროს. კანადისა და აშშ–ის სასამართლოებმა უარი თქვეს
ფეტუსისადმი პიროვნების თანაბარ მოპყრობაზე, აშშ–ს უზანაესმა სასამართლომ 2000
წელს საქმეში - Stenberg v. Garhart არაკონსტიტუციურად ცნო შტატის კანონი, რომელიც
კრძალავდა აბორტის ზოგიერთ მეთოდს და უზრუნველყოფდა ქალთა
ჯანმრთელობას. 17 ამდენად, მიუხედავად კონვენციით აღიარებული სიცოცხლის
უფლების ჩასახვის მომენტიდან დაცვისა, სასამართლოები არ აღიარებენ ფეტუსის
სიცოცხლის აბსოლუტურ უფლებას და გარკვეულ შემთხვევებში კონვენციასთან
შესაბამისად მიიჩნევენ აბორტს.
დაბადებამდე ბავშვის უფლების თემას ეხება ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის
მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წლიდან
მიუერთდა. მის პრეამბულაში აღნიშნულია: „მხედველობაში იღებენ რა ბავშვის
უფლებათა დეკლარაციის მითითებას, რომ „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი
მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი
სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“.
მე–6 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველ ბავშვს აქვს
სიცოცხლის ხელშეუხებელი უფლება და შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად
უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას (მუხლი
6).18
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბავშვის სტატუსის განმსაზღვრელ ათ
პრინციპში ცნება „ბავშვი“ მოიცავს ბავშვს საშვილოსნოშიც. ბავშვი უნდა იყოს
„პირველთა რიგში, მას არ უნდა ექცეოდნენ გულგრილად, მასზე უნდა ზრუნავდნენ
დაბადებამდე, რათა არ მოხდეს დედის სურვილისამებრ ბავშვის სიცოცხლის
ხელყოფა“.19

15 იქვე, 196
16 American Convention on Human Rights “Pact of San Jose, Costa Rica”
http://www.unhcr.org/refworld/docid/3ae6b36510.html
17 ევა გოცირიძე, სიცოცხლის დასაწყისი და დასასრული: ფეტუსისა და ევთანაზიის უფლებრივი

საკითხები სტრასბურგის იურისპრუდენციის მიხედვით//ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და


საერთაშორისო სამართალში (სტატიათა კრებული), რედ. კ. კორკელია, თბილისი, 2007. 63.
18 Convention on the Rights of the Child http://www2.ohchr.org/english/law/crc.htm

19 ლაშა ჭელიძე, სიცოცხლის უფლება ფეტუსისთვის//ადამიანის უფლებათა დაცვა ეროვნულ და

საერთაშორისო სამართალში (სტატიათა კრებული), რედ. კ. კორკელია, თბილისი, 2002. 262.


აღნიშნული კონვენციაც პირდაპირ და ცალსახად აღიარებს ბავშვის სამართლებრივი
დაცვის უფლებას მის დაბადებამდე. ამ ნორმის საფუძველზე, და კონვენციაში
აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, მსოფლიო ქვეყნებმა შექმნეს
კანონმდებლობა, სადაც გარკვეული პირობების დაცვით უზრუნველყოფილია ბავშვის
სიცოცხლის უფლება მის დაბადებამდე.

კონსტიტუციური ნორმები ჩანასახის სიცოცხლის უფლების შესახებ

სიცოცხლის უფლების შესახებ ნორმები მოცემულია სხვადასხვა ქვეყნების


კონსტიტუციების დონეზე, მართალია კონსტიტუციები დეტალურად არ განსაზ-
ღვრავენ სიცოცხლის უფლების გარანტიებს და მასში ჩარევის ფარგლებს, მაგრამ
ძირითადად ყველა თანამედროვე ტიპის კონსტიტუცია შეიცავს სიცოცხლის უფლების
შესახებ ზოგად ნორმებს.20
ამ მხრივ კონსტიტუციური ნორმების კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს 5 ჯგუფად:
1. პირველ ჯგუფს განეკუთვნება კონსტიტუციური ნორმები, რომლებიც ადგენენ,
რომ ყველას აქვს სიცოცხლის უფლება, სიცოცხლის უფლება აღიარებულია, ანდა
ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია. აღნიშნულ შემთხვევაში სიცოცხლის უფლება
ყველაზე უფრო ზოგადი და მარტივი ფორმით არის წარმოდგენილი. არცერთი ქვეყნის
კონსტიტუცია არ აღიარებს სიცოცხლის უფლების აბსოლუტურ ხასიათს. ასეთი სახის
კონსტიტუციური ჩანაწერები ძირითადად გვხვდება აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ–ს
ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთი, სომხეთი, ხორვატია, რუმინეთი, მაკედონია,
მოლდოვა, სერბეთი, სლოვენია, აზერბაიჯანი, ბელარუსი. თუმცა, ასევე გვხვდება
დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კონსტიტუციებშიც, მაგალითად,
შვეიცარია, პორტუგალია21.
2. მეორე ჯგუფში შეიძლება მოვიაზროთ ქვეყნები, რომლებიც ადგენენ, რომ
სიცოცხლის უფლება დაცულია კანონით, ანუ სიცოცხლის უფლების ყველა
კონსტიტუციური გარანტია საკანონმდებლო აქტის დონეზე უნდა იყოს
უზრუნველყოფილი. ასეთი ქვეყნებია: ფინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ალბანეთი.
3. მესამე ჯგუფი გულისხმობს ქვეყნებს, სადაც კონსტიტუცია წინა ჯგუფის
მსგავსად ასევე აღიარებს სიცოცხლის უფლების კანონით დაცვის აუცილებლობას,
თუმცა ასევე უშვებს სიცოცხლის უფლების კანონის საფუძველზე შეზღუდვის
შესაძლებლობას. მაგალითად, იაპონიის კონსტიტუციის მიხედვით არავის არ შეიძლება
ჩამოერთვას სიცოცხლე ... კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურის გარეშე
(მუხლი 31). გერმანიის ძირითადი კანონის თანახმად, სიცოცხლის უფლებაში ჩარევა
შეიძლება მხოლოდ კანონის საფუძველზე (მუხლი 2.2), ინდოეთის კონსტიტუციით კი
დაუშვებელია სიცოცხლის ხელყოფა, თუმცა გამონაკლისი დაიშვება კანონით
დადგენილი წესით (მუხლი 21). ანუ აღნიშნული ქვეყნები არ აღიარებენ სიცოცხლის
უფლების აბსოლუტურ ხასიათს და შესაძლებლობას უშვებენ, რომ სიცოცხლის
უფლების, მათ შორის დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის უფლების ხელყოფა მოხდეს
კანონით დადგენილი წესით.

20 აღნიშნული პარაგრაფის მომზადებისას სხვა ქვეყნების კონსტიტუციური ნორმები მოძიებულია


წიგნებიდან: საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები, ტომი 1–5, შემდგენელთა ჯგუფის
ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი რედაქტორი ვასილ გონაშვილი. თბილისი, 2004–2008.
21
portugal, 3 anos de aborto legal, seguro y gratuito http://www.litci.org/artigos/731-opinion/2392-portugal-3-anos-
de-aborto-legal-seguro-y-gratuito
4. მეოთხე ჯგუფი ჩვენთვის ყველაზე ყურადსაღებ და მნიშვნელოვან დათქმებს
შეიცავს სიცოცხლის უფლების დასაწყისთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩეხეთის
ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ქარტია აღიარებს სიცოცხლის უფლებას
და ამავდროულად ადგენს, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცვას იმსახურებს ჯერ კიდევ
დაბადებამდე, ამავდროულად განსაზღვრავს, რომ დარღვევას არ წარმოადგენს
სიცოცხლის ჩამორთმევა, რომელიც კანონით სისხლისსამართლებრივად დასჯადი არ
არის (მუხლი 6). ამდენად, ჩეხეთში კონსტიტუციური აქტის დონეზეა განმტკიცებული
დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის უფლებაც და ამავდროულად აღიარებულია
ჩანასახის სიცოცხლის მოსპობა კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით.
ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს სლოვაკეთის კონსტიტუციის მე–15
მუხლიც. უფრო საინტერესო ფორმულირებაა მოცემული ირლანდიის კონსტიტუციაში.
მასში პირდაპირ არის დაფიქსირებული, რომ სახელმწიფო ცნობს ჩანასახის სიცოცხლის
უფლებას და ამავდროულად დედის სიცოცხლის თანაბარი უფლების გათვალისწინების
შესაბამისად აღიარებს მას თავისი კანონებით და იცავს იმდენად, რამდენადაც ეს
შესაძლებელია და ახდენს მის რეაბილიტაციას (მუხლი 40.3). ამდენად, ირლანდიის
კონსტიტუციამ ჩანასახის სიცოცხლის უფლება აღიარა დედის სიცოცხლის უფლების
პროპორციულად და განსაზღვრა ჩანასახის სიცოცხლის უფლების დაცვა კანონით,
რამდენადაც ეს შესაძლებელია დედის სიცოცხლის უფლების დაცვიდან გამომდინარე.
5. მეხუთე ჯგუფს მიეკუთვნება ქვეყნები, სადაც ჩანასახის სიცოცხლის უფლება
პირდაპირ არის შეზღუდული და განსაზღვრულია შვილების რაოდენობა, მაგალითად,
ჩინეთის კონსტიტუციის მიხედვით ორივე მეუღლე – ქმარი და ცოლი ვალდებულნი
არიან დაგეგმონ შობადობა (მუხლი 49). ამდენად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბავშვთა
რაოდენობა შეზღუდულია და კონსტიტუციით, ფაქტობრივად, არაპირდაპირ არის
უზრუნველყოფილი ჩანასახის სიცოცხლის მოსპობის ვალდებულება გარკვეულ
შემთხვევებში.

ჩანასახის სიცოცხლის უფლებაში ჩარევის საფუძვლები (ჩვენებები)

მსოფლიო ქვეყნების გამოცდილების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ


ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა საერთოდ კრძალავს ნაყოფის სიცოცხლის
ძირითად უფლებაში ჩარევას და შესაბამისად აკრძალულია აბორტის ნებისმიერი
ფორმა. ასეთი მსოფლიოში სულ 6 ქვეყანაა: მალტა, ვატიკანი, დომინიკის რესპუბლიკა,
ელ–სალვადორი, ნიკარაგუა და ჩილე. ქვეყნების უმეტესი ნაწილი კი გარკვეულ
შემთხვევებში ითვალისწინებს აბორტის გაკეთების შესაძლებლობას.
ნაყოფის სიცოცხლის უფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძვლები (ჩვენებები)
ძირითადად რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს: სამედიცინო, სოციალური,
ეთიკური და ევგენური.22 ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა შეგვხვდეს მათი შერეული
ფორმებიც.
სამედიცინო ჩვენებაში მოიაზრება მდგომარეობა, როდესაც აუცილებელია
დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის მოსპობა – ორსულობის შეწყვეტა ქალის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის არსებობისას.
ჯანმრთელობის საფრთხეში იგულისხმება შესაძლო ზიანის მიყენება დედის ფიზიკური
და გონებრივი ჯანმრთელობისათვის. მხოლოდ გამონაკლისი ქვეყნებია, სადაც
აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისათვის

22ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გიორგი ხუბუა, საქართველოს


კონსტიტუციის კომენტარები, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2005. 52.
საფრთხის არსებობისას და არ არის გათვალისწინებული გონებრივი
ჯანმრთელობისათვის საფრთხის კრიტერიუმი. მაგალითად, ბოლივია, კოსტა-რიკა,
ეკვადორი23. ქვეყნების 95%-ში დედის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის
საფრთხე ერთიანად განიხილება.
აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის საფრთხის არსებობა როგორც სამედიცინო ჩვენება
იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების დიდი ნაწილი (46 ქვეყანა) ჩვენებების
მხოლოდ ამ ფორმას ითვალისწინებს და არ არის ნებადართული დედის ინიციატივით
ან სხვა საფუძვლებით აბორტის გაკეთება. ასეთი ქვეყნები ძირითადად ამერიკისა და
აფრიკის კონტინენტებზე გვხვდება. მაგალითად, ეგვიპტე, ფილიპინები, ვენესუელა და
სხვ.
ქვეყნების ნაწილში (15 ქვეყანა) აბორტის გაკეთების ჩვენებებად არა მხოლოდ
სიცოცხლის, არამედ ერთობლივად ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ჩვენებები
გვხვდება. ასეთი ქვეყნებია: ბოლივია, კოსტა–რიკა და კენია.
სოციალური ჩვენების დროს სახეზეა სოციალურ–ეკონომიკური გარემოებები ანუ
დედის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც შეუძლებელია ბავშვის ცხოვრებისა
და აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა. მაგ. ისლანდია,
ისრაელი, იტალია, იაპონია და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალური ჩვენებები
დამოუკიდებლად არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება და ისინი სხვა ჩვენებებთან ერთად
გამოიყენება.
ეთიკური ჩვენება ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ბავშვი ჩასახულია
საზოგადოების ზოგადი ზნეობრივი შეხედულებების საწინააღმდეგო ფორმით,
მაგალითად, დანაშაულებრივი ჩარევის (გაუპატიურების) შედეგად (ფინეთი,
ბრაზილია, იაპონია) ან ინცესტის24 გზით (რუმინეთი, პოლონეთი, ისლანდია, ეთიოპია,
ახალი ზელანდია, ბოლივია). მხოლოდ ეთიკური ჩვენების გამო აბორტის გაკეთების
შესაძლებლობა გვხვდება 4 ქვეყანაში (ბრაზილია, სუდანი, მალი, ბუტანი)25 სხვა
ქვეყნებში იგი სხვა ჩვენებებთან ერთად გამოიყენება.
ევგენური ჩვენება კი გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც არსებობს საშიშროება,
რომ დაიბადოს არაჯანმრთელი, ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვი. მაგალითად, ფინეთი,
ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია. აღნიშნული
ჩვენება მარტო არ გვხვდება და ძირითადად გამოიყენება სამედიცინო ჩვენებასთან
ერთად.
ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუბადებელი ბავშვის
სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ჩასახულია
არასრულწლოვანი ან გარკვეულ ასაკს მიღწეული ქალის ორგანიზმში. აღნიშნული
შემთხვევა თავისთავად გულისხმობს სამედიცინო და გარკვეულწილად ეთიკური
ჩვენებების ერთობლივ არსებობას და გვხვდება მაგალითად, ისრაელში, სადაც 17
წლამდე და 40 წლის ზემოთ ასაკის ქალებთან დაკავშირებით გამოიყენება. ასევე
ესტონეთში 15–მდე და 45 წლის ზემოთ ასაკის ქალებისთვის, ხოლო რუმინეთში მისი
მხოლოდ ზედა ასაკობრივი ზღვარია დადგენილი (45 წლის ზემოთ).
დედის სურვილით ნაყოფის სიცოცხლის მოსპობის პერიოდულობის მიხედვით
მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკაცია შესაძლოა განხორციელდეს რამოდენიმე ჯგუფად:

23
Summary of Abortion Laws Around the World http://www.pregnantpause.org/lex/world02.jsp
24 ინცესტი (ლათ. incestus — „დანაშაული“, „ცოდვა“) — სისხლთა შერევა, სქესობრივი კავშირი სისხლით
ნათესავებს შორის (მშობლებსა და შვილებს შორის, ძმებსა და დებს შორის). ინცესტი დაშვებულია
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ეროპაშიც. თუმცა, სხვა ქვეყნების კანონმდებლობა მკაცრად
კრძალავს მსგავს ქმედებებს. (წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ინცესტი)
25
Summary of Abortion Laws Around the World http://www.pregnantpause.org/lex/world02.jsp
1. როდესაც აბორტის გაკეთება აკრძალულია ჩანასახის განვთარების ნებისმიერ
სტადიაზე, მიუხედავად დედის სურვილისა და რომლის შესახებაც ზემოთ იყო საუბარი
(6 ქვეყანა);
2. როდესაც აბორტის გაკეთება აკრძალულია დედის სურვილით ჩანასახის
განვითარების ნებისმიერ სტადიაზე, გარდა გარკვეული ჩვენებების არსებობისა. ამ
შემთხვევაში აბორტი უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერ დროს, თუ არ არსებობს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი. მაგალითად,
კვიპროსი, კოლუმბია, ჩადი, კამერუნი26.
3. როდესაც აბორტი კანონიერად ითვლება დედის სურვილის შემთხვევაში ბავშვის
განვითარების თავდაპირველ სტადიაზე, ხოლო შემდგომ პერიოდში ბავშვის
სიცოცხლის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი გარკვეული
ჩვენებების არსებობისას. ეს მოდელი ძირითადად ევროპის კონტინენტზე და დსთ–ის
ქვეყნებშია გავრცელებული.
კლასიფიკაციის ეს ჯგუფი პირდაპირ კავშირშია, იმასთან, ბავშვის განვითარების რა
სტადიაზე არის ნებადართული აბორტის გაკეთება მხოლოდ დედის სურვილით. სხვა
ქვეყნების კანონმდებლობა განსხვავებულ პერიოდებს ითვალისწინებს, მაგ.
პორტუგალიასა და თურქეთში დედის სურვილით აბორტის გაკეთება სხვა ჩვენებების
არსებობის გარეშე ნებადართულია ნაყოფის განვითარების 1–ლი 10 კვირის
განმავლობაში, ესტონეთში – 11 კვირის, ავსტრიაში, დანიაში, ჩეხეთში, ინდოეთსა და
ნორვეგიაში – 12 კვირის, იტალიაში – 13 კვირის, ესპანეთში27, საფრანგეთში,
რუმინეთში, ბელგიაში, გერმანიაში – 14 კვირის, შვედეთსა და შვეიცარიაში – 18 კვირის,
ხოლო იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში – 24 კვირის განმავლობაში.
როგორც ქვემოთ მოცემული კვლევა გვიჩვენებს, ბავშვის განვითარების
მნიშვნელოვანი ეტაპია მე-10 და მე-11 კვირა. ამ პერიოდში მის განვითარებაში საკმაოდ
მნიშვნელოვანი წინსვლაა. ჩანასახის განვითარების ისტორიის შესწავლა უფრო აშკარად
აჩვენებს რა პერიოდამდე უნდა იყოს ნებადართული აბორტის გაკეთება მხოლოდ
დედის სურვილით და რა პერიოდიდან არის ჩანასახი შედარებით უფრო
განვითარებული. 6 კვირიდან ბავშვი იწყებს სუნთქვას, ნელ–ნელა ჩამოყალიბებას
იწყებს თვალები, ყურები და სხვა ორგანოები. ბავშვის გული პირველად ამ დროს იწყებს
ცემას, თუმცა სუსტად. სისხლი იწყებს ცირკულაციას, ბავშვი დაახლოებით 2–4 მმ–ია.
მე–7 კვირის ჩანასახი დაახლოებით 5–13 მმ–ია და დაახლოებით 1 გრამს იწონის.
ჩამოყალიბებას იწყებენ ცვირის ნესტოები, თვალის გუგები, კუჭნაწლავი, ჭიპკარი,
ბრონქები და სხვ. მე–8 კვირას შესაძლებელია გულის ფეთქვის ამოცნობა, უფრო
გამოკვეთილია ყურები, ცხვირი და თვალები. ისევ ყალიბდება ფეხისა და ხელის
თითები. ჩანასახი 16 მმ–მდეა. ხელები იწყებს მოხრას და ფორმირდება სხეულის
ფორმაც. მე–9 კვირაში თვალების ჩამოყალიბება ძირითადად დამთავრებულია და ენა
იწყებს ფორმირებას. თითები ჩამოყალიბდა, მაგრამ ჯერ ძალიან მოკლეა, ნაყოფი
დაახლოებით 4 გრამს იწონის და 22–30 მმ–ა, თავი გაზრდილია და სიდიდით აღემატება
დარჩენილ სხეულს, ასევე ფორმირებას იწყებს სასქესო ორგანოები. მე–10 კვირიდან
ბავშვი იწყებს მოძრაობას და ცურვას, ყალიბდება ნაწლავები, ყურის გარეთა ნაწილი,
ქუთუთოები და თითები. ხელისა და ფეხის თითებზე იზრდება ფრჩხილები, ტვინი
სწრაფად იწყებს განვითარებას, ეს კვირა ითვლება ერთ–ერთ მნიშვნელოვან
საფეხურად, სასქესო ორგანოები ჯერ კიდევ პატარაა. ბავშვი იწყებს დედის მუცელში
მოძრაობას. მე–11 კვირისთვის ჩანასახს ფორმირებული აქვს ყველა ორგანო, ფორმით
ჰგავს ზომაში შემცირებულ ახალშობილს. სისხლი იწყებს ცირკულაციას ბავშვსა და

26
Summary of Abortion Laws Around the World http://www.pregnantpause.org/lex/world02.jsp
27 Ley del aborto en España http://www.clinicasabortos.com/ley-del-aborto-en-espana-imprimir-s18
საშვილოსნოს შორის, ნაყოფი ამ დროს 2.5–3 სმ–ია, მისი სხეულის ძირითადი ნაწილის
ფორმირება უკვე დასრულებულია, კიდურები იხრება, მყარდება ბავშვის ძვლები.
ბავშვი უკვე კარგად მოძრაობს და საკმაოდ თავისუფლად გადაადგილდება მუცელში.
12 კვირის ბავშვის თითები გამოყოფილია ერთმანეთისგან, თმები და ფრჩხილები
იწყებს ზრდას, ხოლო სასქესო ორგანოებმა განსხვავებული ფორმები მიიღო. თითები
იწყებს მოხრას და წოვის რეფლექსი ვითარდება, ასევე ტვინის ნერვული უჯრედები
სწრაფად მრავლდება, სახე იღებს ადამიანის გამომეტყველებას. ბავშვის სიგრძე 7–9 სმ
და 8–10 გრამია. მე–13 კვირაში თითებზე შეინიშნება ანაბეჭდები და ფრჩხილები,
ჩამოყალიბებას იწყებს საშარდე სისტემა და ბავშვი იწყებს შარდის გამოყოფას და წყლის
ყლაპვას. ძვლის ტვინში სისხლი წარმოიქმნება. ბავშვის სიგრძე 8–10 სმ–ია. მე–14
კვირაში შეიძლება ბავშვის გულისცემის შემოწმება. ბავშვი ეჩვევა ჩასუნთქვასა და
ამოსუნთქვას, სწავლობს ხელების ხმარებას, იწყებს წარბების მოძრაობას და გამოხატავს
ემოციებს სახეზე სხვადასხვა მიმიკების მიღებით. უკვე იცის ცერა თითის წოვაც, ასევე
შეუძლია ჩაჭიდებაც. იგი ამ დროისთვის 10 სმ–ზე მეტია. ამ კვირაში მისი ტანი
იზრდება, ხოლო თავი პროპორციებს უახლოვდება, მკლავები გრძელდება, ტანი
იფარება ძალიან დაბალი და ნაზი თმით.
4. როდესაც აბორტი კანონიერად ითვლება დედის სურვილის შემთხვევაში ბავშვის
განვითარების ნებისმიერ სატადიაზე და, შესაბამისად, მისი სიცოცხლის მოსასპობად
არც რაიმე სახის ჩვენების არსებობაა დადგენილი, მაგ. აშშ–ში, კანადასა და სამხრეთ
აფრიკის რესპუბლიკაში.
ჩვენებების ანალიზს თუ გავაკეთებთ მსოფლიოს კონტინენტების მიხედვით,
შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებიდან გამომდინარე, ამერიკის კონტინენტზე
აბორტი ძირითადად აკრძალულია დედის სურვილის შემთხვევაში და, პირიქით,
ნებადართულია ქალის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობისას. ანალოგიური
სიტუაციაა აფრიკის კონტინენტზე. ევროპაში ცვენებების შედარებით თავისუფალი
რეჯიმი მოქმედებს და აბორტი უფრო მეტად არის ლეგალიზებული. დასავლეთ და
ცენტრალური ევროპის ქვეყნების უმეტესობაში იგი ნებადართულია ნებისმიერ დროს.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი იგი შეზღუდულია ვადებით თუმცა აბორტის
გაკეთების საფუძვლები თითქმის ყველგან მოქმედებს. სპეციფიკურ სურათს ვხვდებით
დსთ–ს ქვეყნებში, აქ აბორტის გაკეთება დედის სურვილით შესაძლებელია მხოლოდ 1–
ლ ტრისემესტრში, ხოლო მე–2 ტრისემესტრში იგი ნებადართულია შესაბამისი
ჩვენებების არსებობისას.

ჩანასახის სიცოცხლის უფლება საქართველოში

სხვა ბევრი ევროპული კონსტიტუციის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციაც არ


აკონკრეტებს, თუ რა პერიოდიდან არის დაცული ბავშვის უფლება. კონსტიტუციის მე-
15 მუხლის პირველ პუნქტში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ „სიცოცხლე ადამიანის
ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. ასეთი ზოგადი ფორმულირება იძლევა
ქვეყნის შიდა კანონმდებლობით აბორტის საკითხის თავისუფლად დარეგულირების
საშუალებას.
სიცოცხლის უფლებაში ჩარევის გარანტიები საქართველოში ასახულია
საკანონმდებლო და კანონმქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ კანონი სახელმწიფოს პრიორიტეტულ ამოცანად აცხადებს ქალთა
ჯანმრთელობის დაცვას აბორტების შემცირების გზით (მუხლი 139). ამასთან,
საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს
შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო (მუხლი 138). გარკვეული გარანტიები
არის დადგენილი ნაყოფისთვისაც. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონით
მართალია მშობიარეს თვითონ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის და
ნაყოფისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, თუმცა მას არ აქვს უფლება
უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი
ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის
მინიმალური რისკის მატარებელია (მუხლი 36).
საქართველოს კანონმდებლობით ორსულობის ნებაყოფილობითი შეწყვეტა, მისი
განხორციელების პერიოდულობის თვალსაზრისით, იყოფა 2 სახედ: ორსულობის
ნებაყოფილობითი შეწყვეტა, როდესაც ნაყოფის ასაკი არ აღემატება 12 კვირას და
როდესაც ნაყოფის ასაკი 12–დან 22 კვირამდეა. 22 კვირის შემდგომ აბორტის გაკეთების
შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
12 კვირამდე ჩანასახის არსებობისას აბორტის შემთხვევაში გათვალისწინებულია,
რომ ორსულობის ნაბაყოფილობითი შეწყვეტა უნდა მოხდეს ორსულის ინიციატივით,
მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში,
სერტიფიცირებული ექიმის მიერ. ამასთან, ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში
უნდა ჩაუტარდეს წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასული
უნდა იყოს 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა
უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას, თუმცა არჩევანი ქალის პრეროგატივაა
(მუხლი 39).
რაც შეეხება 12–დან 22 კვირამდე ნაყოფის სიცოცხლის მოსპობას, ამ შემთხვევაში
პროცედურა უფრო გართულებულია და ასევე აუცილებელია გარკვეული ჩვენებების
(მდგომარეობების) არსებობა. ორსულის განცხადების შემთხვევაში, ორსულობის
შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებები დადგენილ უნდა იქნეს ლიცენზირებულ
ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ ან სტაციონარულ დაწესებულებაში კომისიური
წესით, რომლის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს დაწესებულების მთავარი ექიმი,
მკურნალი ექიმი, იურისტი და იმ სპეციალობის ექიმი, რომლის სფეროში შედის
ორსულის დაავადება. კომისია იქმნება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების
ხელმძღვანელის ან მთავარი ექიმის ბრძანებით. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის
ოპერაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ლიცენზირებულ სამეანო-გინეკოლოგიური
პროფილის სტაციონარულ დაწესებულებაში (განყოფილებაში).28
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის
ორსულობის შემთხვევაში აბორტი შესაძლებელია გაკეთდეს 2 სახის ჩვენების:
სამედიცინო და სოციალური ჩვენების მიხედვით. სამედიცინო ჩვენებების
ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო. სოციალური ჩვენებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით
(მუხლი 140).
ამ საკითხებს არეგულირებს ზემოაღნიშნული მინისტრის ბრძანება, რომელშიც
დეტალურად არის განსაზღვრული სამედიცინო ჩვენებები და ასევე მოცემულია
არასამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალი. სამედიცინო ჩვენებები მოიცავს ისეთ
დაავადებებს, როგორიცაა ინფექციური და პარაზიტული, ენდოკრინული სისტემის,
ნერვული სისტემის, სუნთქვის ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემის და სხვა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაავადებები. გარდა ამისა, კანონმდებლობა
ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორსული ქალის დაავადება არ არის

28 „თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო


ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტის N30/ო ბრძანება.
მინიშნებული ჩამონათვალში, მაგრამ მოსალოდნელია ორსული ქალის სიცოცხლე
საფრთხეში აღმოჩნდეს, შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის მოსპობა სხვა
დაავადებების არსებობისასაც, კომისიური წესით, პაციენტისადმი ინდივიდუალური
მიდგომით.29
საქართველოს კანონმდებლობაში არ არის საუბარი ევგენური ჩვენებების (ნაყოფის
დეფექტის) არსებობისას ნაყოფის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობაზე. ამდენად,
ევგენური ჩვენებები საქართველოში არ არის აღიარებული. ამ შემთხვევაში
გაურკვეველია, თუ როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი როდესაც 12–დან 22 კვირამდე
ბავშვს აღმოაჩნდება ჯანმრთელობის სერიოზული დეფექტი, მაგრამ არ არსებობს
აბორტის გაკეთების სხვა საფუძველი დედის სამედიცინო ჩვენებების მხრივ. ამიტომ
მართებულად მიგვაჩნია, კომისიას ქონდეს უფლება დედის განცხადების საფუძველზე
შეისწავლოს ასევე ევგენური ჩვენებების არსებობა, რაც გახდება აბორტის გაკეთების
საფუძველი 12–დან 22 კვირის ნაყოფის ჯანმრთელობის დეფექტის არსებობისას.
მართალია, როგორც ზემოაღნიშნულ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონშია
მითითებული, სოციალური ჩვენებები განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით, მაგრამ საქართველოში ნაყოფის სიცოცხლის მოსპობისათვის
ამჟამად სოციალური ჩვენებები არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ისინი გარკვეული
ფორმით მოცემული იყო შესაბამის მინისტრის ბრძანებაში 2007 წლამდე, ხოლო შემდეგ
მართებულად გაუქმდა. ისინი გაერთიანებული იყო ზოგადად არასამედიცინო
ჩვენებების ჩამონათვალში, რაც ასევე შეიცავდა სხვა გარემოებებსაც, როდესაც
შესაძლებელი იყო აბორტის გაკეთება. თუმცა ეს გარემოებები არცერთ საყოველთაოდ
აღიარებული ჩვენებების კრიტერიუმებში არ ჯდებოდა. მასში მოცემული იყო ისეთი
სოციალური ხასიათის მქონე ჩვენებები, როგორიცაა ქმრის I-II ჯგუფის ინვალიდობა;
ქალის ან მისი ქმრის უმუშევრობის აღიარება სათანადო წესით; საცხოვრებლის
უქონლობა, ცხოვრება საერთო საცხოვრებელში ან ნაქირავებ ბინაში; თუ ქალს გააჩნია
ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი; მრავალშვილიანობა
(სამი ან მეტი შვილი); თუ შემოსავალი ოჯახის ერთ წევრზე ნაკლებია რეგიონისათვის
დადგენილ მინიმუმზე.
გარდა ამისა, მინისტრის ბრძანებაში მოცემული იყო ისეთი ჩვენებებიც, რომლებიც
არ ჯდებოდა ჩვენებების არცერთ ჯგუფში, თუმცა გათვალისწინებული იყო ქართული
რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ვერ იქნებოდა ორსულობის
შეწყვეტის მორალური საფუძველი, მაგალითად, ქმრის გარდაცვალება ცოლის
ორსულობის დროს; ქალის ან მისი ქმრის ყოფნა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში;
გაუთხოვარი ქალის ფეხმძიმობა; განქორწინება ორსულობის დროს; ოჯახში ინვალიდი
ბავშვის არსებობა.
არასამედიცინო ჩვენებებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ასევე
მიეკუთვნებოდა ე.წ ეთიკური ჩვენებები: ორსულობა გაუპატიურების შედეგად და
სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა მშობელთა უფლებების შეწყვეტის ან
შეზღუდვის შესახებ. 2007 წლიდან ზემოაღნიშნული ჩვენებებიდან დარჩა მხოლოდ
ორსულობა გაუპატიურების შედეგად, თუ ის აღიარებულია სასამართლოს მიერ.
ასევე საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორსულობის შეწყვეტის ისეთ
ჩვენებებსაც, რომლებიც დაკავშირებულია ორსული ქალის ასაკთან. კერძოდ, თუ ქალის
ასაკი არ აღემატება 15 წელს ან პირიქით გადაცილებულია 45 წელს, მას უფლება აქვს ამ
მოტოვით მიმართოს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას.
ამდენად, ნაშრომში განხილულია ჩანასახის სიცოცხლის უფლება და მისი დაცვის
გარანტიები საერთაშორისო აქტების, სხვა ქვეყნებისა და საქართველოს

29 იქვე, დანართი N1.


კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე. კრიტიკულად არის შეფასებული
საქართველოს კანონმდებლობაში არსებული გარკვეული მუხლები და სხვა ქვეყნების
ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრებები კანონმდებლობის სრულყოფის
თაობაზე, კერძოდ, სხვადასხვა ჩვენებების, აბორტის გაკეთების პერიოდების
კლასიფიკაციის და სხვა საკითხებზე.

You might also like