You are on page 1of 4

აჭარის დაბრუნება

საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის


შემადგენლობაში

ა) აჭარის სტატუსი შუა საუკუნეებში


აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც XI
საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთიანი ფეოდალური საქართველოს შემადგენელი
ნაწილია. XVI საუკუნის შუა წლებში ოსმალეთის იმპერიამ სხვა ქართულ ტერიტორიებთან
ერთად აჭარაც დაიპყო. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დააარს და და
ახალციხის(ჩილდირის) ვილაიეთს შეუერთეს. აჭარელმა ფეოდალებმა ოსმალეთის
სუზერენობა აღიარეს.
ბ) აჭარის სტატუსი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულებისას სან-სტეფანოში
დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე აჭარა რუსეთის იმპერიის
შემადგენლობაში შევიდა, რაც მოგვიანებით ადმინისტრაციულადაც გაფორმდა -
კავკასიის სამეფისნაცვლოს ქუთაისის გუბერნიის ბათუმისა და ართვინის ოკრუგების
სახით.
გ) აჭარა პირველი მსოფლიო ომის დროს
პირველი მსოფლიო ომის წლებში ამიერკავკასია რუსეთისა და ოსმალეთის
იმპერიების ომის თეატრად იქცა. შეიქმნა კავკასიის ფრონტი. 1917 წლის დასასრულს,
როცა რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალება მოხდა, კავკასიის ფრონტი დაიშალა და
რუსეთის არმიის ნაწილები 1918 წლის იანვარ-მარტში ქუთაისის გუბერნიიდანაც , მათ
შორის ბათუმის ოლქიდანაც გავიდნენ. ამ დროისათვის კავკასიის სამეფისნაცვლოს
სამხრეთ ნაწილს, მათ შორის ბათუმის ოლქსაც, მეტ-ნაკლებად, ამიერკავკასიის
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები - სეიმი (საკანონმდებლო) და კომისარიატი
(აღმასრულებელი) აკონტროლებდა.
დ) აჭარის საკითხი საქართველოსა და ოსმალეთის მოლაპარაკებაში
1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების შედეგად
ოსმალეთმა რუსეთისაგან მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები (თუმცა მათი
საკითხი საბოლოოდ მოსახლეობის პლებისციტის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო),
რამდენიმე დღეში კი ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასიის კომისარიატისა და
ოსმალეთის დელეგაციათა მოლაპარაკებები, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო სწორედ
ბათუმისა და არდაგანის ოლქების სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხის გარკვევა .
მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება შეწყდა. ოსმალეთმა შეტევები განაახლა ,
ქართულმა მხარემ ოსმალეთის ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქთან შეძლო
(აჭარის ავტონომიის დღევანდელი ჩრდილო ადმინისტრაციულ საზღვართან).
1918 წლის ივნისის დასაწყისში ბათუმში განახლდა ტრაპიზონში შეწყვეტილი
მოლაპარაკება. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იძულებული გახდა ოსმალეთის
იმპერიის პირობებს დათანხმებოდა : 4 ივნისს საქართველო-ოსმალეთს შორის დაიდო
ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აღსდგა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების
ომამდე არსებული საზღვრები. ე.ი. ოსმალეთს დარჩა საქართველოს ისტორიული
ტერიტორიის დიდი ნაწილი. 1918 წლის აგვისტოში ბათუმის ოლქში ოსმალურმა
საოკუპაციო ხელისუფლებამ „პლებისციტი“ ჩაატარა და შედეგიც სასურველი მიიღო -
რეპრესიული სამხედრო რეჟიმის პირობებში მოსახლეობამ ოსმალეთის
შემადგენლობაში ყოფნა არჩია.
ე) აჭარა პირველი მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ
პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთი, გერმანიასთან ერთად, დამარცხდა. 1918
წლის 30 ოქტომბერს მუდროსის პორტში მოკავშირეთა (ანტანტის) და ოსმალეთის
იმპერიის წარმომადგენლებს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო (საზავო) შეთანხმების
მე-11 მუხლის ძალით, ოსმალეთის ჯარები გადიოდნენ ამიერკავკასიიდან, ხოლო მე-15
მუხლში კონკრეტულად იყო აღნიშნული, რომ ოსმალეთის იმპერია ტოვებდა ბათუმსაც .
შესაბამისად, 4 ივნისს გაფორმებულმა საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებამ ძალა
დაკარგა.
ვ) აჭარა დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ხელისუფლების დროს
1918 წლის 16 დეკემბერს ბათუმის ნავსადგურში მოკავშირეთა (ანტანტის) წევრების
- დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ხომალდები შევიდნენ და სამხედრო
კონტინგენტი გადმოსხეს, საექსპედიციო კორპუსის სახით. დიდი ბრიტანეთის სამხედრო
ძალები 27-ე დივიზიის ნაწილებით იყო წარმოდგენილი. ცოტა მოგვიანებით ბათუმის
ოლქი გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის შავი ზღვის საოკუპაციო ზონის სამხედრო-
ადმინისტრაციულ ერთეულად, ბრიტანელი გუბერნატორის (ბრიგადის გენერლის ჯეიმს
კუკ-კოლისის) მმართველობით. მოკავშირეთა
წარმომადგენლები თბილისშიც ჩამოვიდნენ. საქართველოს
მთავრობამ მათთან მოლაპარაკება გამართა და განაცხადა,
რომ ბათუმის ოლქს (ანუ იმ დროისთვის ოფიციალურად -
„სამუსულმანო საქართველოს“) ქვეყნის განუყოფელ
ნაწილად თვლიდა. პარალელურად, მთავრობამ 1918 წლის
25 დეკემბერს გამოსცა ოფიციალური მიმართვა
სამუსულმანო საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელშიც
მათ ავტონომიური უფლებების მიჭებას დაპირდა.
აჭარაში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად,
იქაურ მუსულმანურ საზოგადოებაში ქართველოფილური
განწყობები მაინც არ ქრებოდა. მემედ აბაშიძე, ჰაიდარ
აბაშიძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები გამუდმებით
ცდილობდნენ აჭარის საქართველოში შემადგენლობაში
დაბრუნებას: მათი მეოხებით დაარსდა „სამუსულმანო
საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი“. 1919 წლის 31
აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა
პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის
საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება .
სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის (წარმომადგენლობითი ორგანოს) თავმჯდომარემ
მემედ აბაშიძემ მემორანდუმით მიმართა თბილისში მყოფ ბრიტანეთის უმაღლეს
კომისარს (დიპწარმომადგენელს) ოლივერ უორდროპს, რომ ბათუმის ოლქის საკითხი
საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო.
1920 წლის აპრილში სან-რემოს (იტალია) საზავო კონფერენციაზე, იტალიის
პრემიერ ნიტტის თავმჯდომარეობით, ბათუმის საკითხიც განიხილებოდა .
პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია :
„ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად
გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის მიმდინარე ანტანტის საზავო
კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად
გამოყოფისა და მასზე ერთა ლიგის მანდატის დაწესებაზე.
რა ხდებოდა ამ დროს აჭარაში? დიდი ბრიტანეთისთვის აჭარა ერთგვარ
სპეციფიკურ ზონას, გარკვეული ფუნქციების მქონე ტერიტორიას წარმოადგენდა : აქ
თითქმის ყველაფერი ინგლისურ ყაიდაზე იყო მოწყობილი, ბათუმში უშვებდნენ საფოსტო
მარკებსაც კი. ბათუმის ნავსადგურის მეშვეობით ევროპაში და უპირველესად ბრიტანეთში
გადიოდა კასპიის ზღვის ნავთობი ბაქო-თბილისის მილსადენის მეშვეობით , ასევე
გადიოდა სხვადასხვა წიაღისეული, მატერიალური ფასეულობები.
ზ) აჭარის დაბრუნება საქართველოსთვის
1919 წლის ბოლოსათვის დიდი ბრიტანეთის მთავრობისათვის აშკარა გახდა, რომ
ეკონომიკის აღსადგენად, სამხედრო ხარჯები, ანუ არმია და ფლოტი უნდა
შემცირებულიყო.
ანტანტის სან-რემოს (იტალია) კონფერენციის 1920 წლის 18-23 აპრილის
სხდომებზე დიდმა ბრიტანეთმა მოკავშირეებს (საფრანგეთს და იტალიას) შესთავაზა, რომ
ნაწილობრივ მათაც გაეწიათ დაკავებული ტერიტორიების მართვის ხარჯები , მაგრამ მათ
უარი განაცხადეს. რომმა და პარიზმა თავი შეიკავეს ბათუმში თითო ბატალიონის
გაგზავნაზე იმ მოტივით, რომ ეს რუსეთთან ომის ტოლფასი იქნებოდა. ეს კი იმას
ნიშნავდა, რომ ბრიტანეთს მოკავშირეთა იმედი არ უნდა ჰქონოდა. ინგლისი
ამიერკავკასიაში მარტო აღმოჩნდა. ამის შემდეგ ავტომატურად დადგა ბათუმიდან
ინგლისის ჯარების გაყვანის საკითხი, მაგრამ გასარკვევი იყო ბათუმის ოლქის მომავალი
ბედი. ბათუმში მოქმედებდა რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც ცდილობდნენ
ინგლისელების წასვლის შემდეგ ხელისუფლების ჩაგდებას, მაგრამ მისი გადაწყვეტის
ერთადერთი სწორი გზა ბათუმის საქართველოსათვის გადაცემა იყო. თურქებსა და
ბოლშევიკებს ინგლისი ბათუმის ოლქს არ დაუთმობდა, ხოლო საქართველოს
ისტორიული, ეთნოგრაფიული და სხვა უფლებები ბათუმზე ეჭვს არ იწვევდა, ამასთანავე
აშკარა იყო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს უჭერდა მხარს.
ამასობაში კი საქართველოს მთავრობამ მოსკოვში დელეგაცია გაგზავნა და 1920
წლის 7 მაისს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა, რის მიხედვითაც ,
რუსეთი აჭარას საქართველოს ტერიტორიად აღიარებდა.
1920 წლის 10 ივნისს ბრიტანეთის მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, მოეხსნათ
ბათუმის ოკუპაცია და მთელი ოლქი გადაეცათ საქართველოსათვის.
1920 წლის 28 ივნისს ბათუმში ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს საქართველოსა და
დიდ ბრიტანეთს შორის:
ა) შეთანხმებას ინგლისის მთავრობის მიერ ბათუმის ოლქის საქართველოს
მთავრობისათვის გადაცემის შესახებ. საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლეოდა,
რომ უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი რესპუბლიკების - სომხეთისა და აზერბაიჯანის
ტვირთების თავისუფალ ტრანზიტს ბათუმის პორტში და პორტიდან საქართველოს
რკინიგზებით და ვალდებულებას იღებდა, რომ აღნიშნულ რესპუბლიკებს ბათუმის
პორტით თავისუფალი სარგებლობის უფლებას მისცემდა.
ბ) შეთანხმებას კონცესიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სომხეთიდან
(ყარსიდან) რკინიგზის გაყვანას შავ ზღვამდე, მდინარე ჭოროხის ხეობის გავლით.
შეთანხმებებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს საგარეო და შინაგან
საქმეთა მინისტრებმა ევგენი გეგჭკორმა და ნოე რამიშვილმა, ხოლო დიდი ბრიტანეთის
მხრიდან - საოკუპაციო ჯარების წარმომადგენელმა, პოდპოლკოვნიკმა უილიან სტოქსმა.
თ) აჭარის საქართველოსადმი დაბრუნების ოფიციალური ცერემონია
1920 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოს არმიისა და სახალხო გვარდიის
ნაწილები, გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით, სამხედრო ტექნიკის - ჯავშნიანი
მატარებლების თანხლებით, აჭარაში შევიდნენ და ბათუმში განლაგდნენ.
აი, რას წერს მოვლენების თვითმხილველი, საქართველოს სახალხო გვარდიის
უფროსი ვალიკო ჯუღელი თავის დღიურებში (იხ. წიგნი „მძიმე ჯვარი", 1920 წელი):
„1920 წლის 4 ივლისი. დილის 6 საათი.
გადავდივარ ჩოლოქზე, აწ უკვე ყოფილ საზღვარზე. მშვენიერი და სიხარულით
სავსე დღე დგება, ჩვენთვის ბედნიერების მომტანი. მზე უკვე ამოდის - თავისუფალი და
ერთიანი საქართველოს მზე!
1920 წლის 4 ივლისი. ჩაქვი. დილის 7 საათი
ჩაქვში შევდივართ. ამ მიწაზე უკვე ორი წელია ჩვენს ჯავშნიან მატარებლებს არ
გაუვლიათ. წინ ინგლისელთა დრეზინა მიდის ოფიცრებით, შემდეგ ჩვენი მატარებელი ,
უკან სამხედრო ეშელონი პირველი პოლკის ჯარისკაცებით, გენერალ გიორგი
კვინიტაძესთან ერთად. განწყობა ყველას ამაღლებული გვაქვს. აჭარის ქართველები
გაცისკროვნებული სახეებით გვესალმებიან... ეს ბუნებრივიცაა - ჩვენი ოცნება სრულდება !
რა ბედნიერებაა, რა გამარჯვებაა, რომ ბათუმში ბრძოლის გარეშე შევდივართ ! ახლა
მთავარი ამოცანა ისაა, რომ ხელში არავის ჩავუგდოთ. ბედნიერი დღეა !
1920 წლის 4 ივლისი. ბათუმი. დღის 3 საათი.
 ჩვენ უკვე ბათუმში ვართ. საქართველოს ორი ჯავშნიანი მატარებელი რკინიგზის
სადგურზე დგას. ბათუმი ჩვენია, ვაშა!
1920 წლის 4 ივლისი. ბათუმი. ღამე.
დასრულდა დღე - დიდი ისტორიული დღე!. უკვე შუაღამეა - მთვარიანი, წყნარი,
ზღვის ტალღების ხმაც კი არ ისმის... ეს დღე მთლიანად სასიხარულო ფაქტებით იყო
სავსე: ვიყავით აჭარისწყალზე და გავიარეთ ქალაქში. ულამაზესი , უძვილფასესი და
უმდიდრესი ადგილები! მე ხომ აქ ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე.
მოგონებები, მოგონებები... ჩვენი ჯარები ბარცხანის ახლოს დაბანაკდნენ. 7 ივლისს
ჩვენთვის ბათუმის ოლქის ჩვენი ოფიციალური გადმოცემა უნდა მოხდეს, თუმცა
ფაქტიურად ჩვენ უკვე ბათუმს ვაკონტროლებთ.
1920 წლის 7 ივლისი. ღამე.
 დღეს ისტორიული დღე იყო. ქალაქს სადღესასწაულო სახე ჰქონდა. მოსახლეობა
გულთბილად გვეგებება, აღტაცების შეძახილებით. საღამოს ჩვენმა გვარდიამ და ჯარებმა
ბათუმის ქუჩებში გაიარეს, სამხედრო აღლუმი მოკავშირეთა ჯარების ნაწილებთან ერთად
ჩატარდა. საღამოს 7 საათზე, საფარანგეთისა და ინგლისის სახელმწიფო ჰიმნის ხმაზე
დაშვებულ იქნა ინგლისისა და საფრანგეთის დროშები, შემდეგ კი საქართველოს
სახელმწიფო ჰიმნის „დიდების" ფონზე, შეძახილებით „ვაშა!", უამრავი ხალხის წინაშე
ჩვენი დროშა აფრიალდა! ო, ეს ნამდვილად დიდებული და შესანიშნავი მომენტი იყო.
ინგლისელი გენერალი ჯეიმს კუკ-კოლისი თავის დროშას თვალს არ აცილებდა, ხოლო
ინგლისელ მატროსს ბრიტანული დროში დაშვებისას ხელი უცახცახებდა ... მოკლედ,
ბათუმი უკვე საქართველოს კუთვნილებაა“.
1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით აჭარას
(სამუსლიმანო საქართველო, ბათუმის მხარე) ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური
მმართველობის უფლება მიენიჭა.
თ) აჭარის დაბრუნების მნიშვნელობა საქართველოსთვის
1920 წლის ივლისში აჭარის შემოერთების ფაქტი საქართველოს ტერიტორიული
გამთლიანების პროცესის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა - რჩებოდა მხოლოდ
„ლორის ნეიტრალური ზონის“ საკითხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 1920
წლის ნოემბერში გადაწყვიტა, როცა ქართული არმია ზონის ტერიტორიაზე შევიდა და
საქართველოს მმართველობა აღდგა.
აჭარის დაბრუნებით საქართველომ მიიღო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი
რეგიონი, რომ არაფერი ვთქვათ ბათუმის ნავსადგურის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე
მთელი ამიერკავკასიისათვის. გარდა ამისა, ართვინის ოკრუგში, მურღულში, არსებობდა
სპილენძის მდიდარი საბადოები, რომლის საფუძველზე ჯერ კიდევ 1910-იან წლებში
რუსეთის იმპერიის დროს სპილენსადნობი ქარხანა იყო აშენებული . 1920 წლის
დეკემბერში, გაჩერებულ-გაძარცული ქარხნის რეკონსტრუქციის შემდეგ , მურღულში
პირველი ქართული სპილენძი ჩამოისხა. მაგრამ აჭარის შემოერთებამ საქართველოს
მტრებიც გაუჩინა, პირველ რიგში მუსტაფა ქემალის „ახალი თურქეთი“, რომელმაც 1920
წლის ივლისში, ბათუმის საქართველოსთვის გადაცემის გამო, პროტესტი განაცხადა ...

You might also like