You are on page 1of 8

ვარსკვლავთა და პლანეტური სისტემების წარმოშობა და ევოლუცია

ადამიანების ყურადღებას ყოველთვის იქცევდა ღამის ცაზე ვარსკვლავების


ფონზე პლანეტების უცნაური გადაადგილება, რომლებიც ხან აღმოსავლეთიდან
დასავლეთისაკენ მოძრაობდნენ, ხან კი პირიქით - დასავლეთიდან აღმოსავლეთის
მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ამ სხეულებს პლანეტები სწორედ იმიტომ
უწოდეს, რომ გამოეხატათ მათი უწესრიგო „ხეტიალი“ ცაზე. ქართული
სახელწოდებაც - ცთომილი ამასვე გამოხატავს - გზას ამცდარ მნათობს.
დღეს პლანეტების რთული გზა ცის თაღზე აიხსნება მათი და დედამიწის
გარემოქცევით მზის ირგვლივ.
ცაზე პლანეტების ხილული მოძრაობისა და მათი გადაადგილების ანალიზი
უძველესი დროიდან წარმოადგენდა საფუძველს სივრცეში მათი ნამდვილი
მოძრაობის გამოსარკვევად და სამყაროს აგებულებაზე სხვადასხვა
შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად.
ძველად დედამიწას სამყაროს ცენტრად თვლიდნენ. მიაჩნდათ, რომ
სამყაროს ცენტრში უძრავად დასვენებული დედამიწის გარშემო მოძრაობდა მზე,
მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავებიც, რომლებიც მყარი სფეროს ზედაპირზე
„მიჭედილად“ წარმოედგინათ. სწამდათ, რომ ბუნებაში მხოლოდ სრულყოფილი,
წრიული და თანაბარი მოძრაობა არსებობდა. ამიტომ ცდილობდნენ აეხსნათ
პლანეტების უწესრიგო ხილული მოძრაობა მთელი რიგი თანაბარი და წრიული
მოძრაობების ერთობლიობით.
არისტოტელეს აზრით, დედამიწა მოთავსებული იყო სამყაროს ცენტრში.
მისი აზრით, შორს მდებარეობდა პლანეტების სფეროები, რომლებიც
გადაადგილდებოდნენ ვარსკვლავებს შორის და კიდევ უფრო შორს მოთავსებული
იყო უძრავი ვარსკვლავები. მოგვიანებით, კ. პტოლემემ არისტოტელეს სისტემა
უფრო დახვეწა და დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე მოძრავ პლანეტებს, მეორადი
ორბიტები დაუმატა.
სამყაროს მოწყობის ასეთ სქემას სამყაროს გეოცენტრული სისტემა ეწოდება,
რადგანაც ძირითადი იდეა იყო ის, რომ დედამიწა მოთავსებული იყო სამყაროს
ცენტრში (პტოლემეს სისტემა).
სამყაროს გეოცენტრული სისტემის მიხედვით, დედამიწის, როგორც
ცენტრის გარშემო წრეწირებზე - დეფერენტზე მოძრავი ცენტრის - ეპიციკლის
ირგვლივ თანაბარი სიჩქარით მოძრაობდნენ პლანეტები.
ამგვარად, ორივე მოძრაობა იყო თანაბარი, ორივე გზა იყო წრიული, მაგრამ
პლანეტის დედამიწიდან ხილული გადანაცვლება ცაზე, რაც იყო ამ ორი
ერთდროული მოძრაობის შედეგი, წრიულისაგან განსხვავდებოდა და არათანაბარი
სიჩქარითაც წარმოებდა. სქემა ახსნას აძლევდა ცალკეული პლანეტების პირდაპირ
(დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) და ე. წ. რეტროგრადულ
(აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ) მოძრაობას. თითოეული პლანეტისათვის
სათანადო რადიუსის ეპიციკლი და სიჩქარე იყო შერჩეული.
დაკვირვებების სიზუსტის ზრდა მოითხოვდა ამ სქემის დაზუსტებას, მეორე,
მესამე და ა. შ. ეპიციკლების შემოღებას, რომელთა ცენტრები, თავის მხრივ, თითქოს
მოძრაობდნენ პირველი და მეორე და ა. შ. ეპიციკლების გასწვრივ.
კ. პტოლემეს სქემა, მიუხედავად მისი სირთულისა და ხელოვნურობისა,
კარგად მუშაობდა. ის იძლეოდა შესაძლებლობას გამოთვლილი ყოფილიყო
პლანეტების, მთვარისა და მზის მდებარეობები, მზისა და მთვარის დაბნელებები
რამოდენიმე წლით ადრე იმ დროისათვის საკმაო სიზუსტით.
ნ. კოპერნიკს წილად ხვდა სამყაროს აგებულების ახალი თეორიის
ჩამოყალიბება, მიხვდა რა, რომ მზე, მთვარე და პლანეტები კი არ მოძრაოდნენ
უძრავი დედამიწის გარშემო, რომელიც ცენტრში წარმოედგინათ მანამდე, არამედ
დედამიწაც პლანეტაა და სხვა პლანეტებთან ერთად პლანეტური სისტემის
ცენტრის - მზის გარშემო გარემოიქცეოდა (ჰელიოცენტრული სისტემა).
ტ. ბრაჰემ არ მიიღო სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა. ის იყო გეო-
ჰელიოცენტრული სისტემის ერთ-ერთი ავტორი. გეო-ჰელიოცენტრული სისტემა -
სამყაროს გეოცენტრული სისტემის ვარიანტია, რომელშიც დედამიწა სამყაროს
ცენტრშია, მზე და მთვარე მოძრაობენ მის გარშემო, ხოლო იმ დროისათვის
ცნობილი ხუთი პლანეტა მოძრაბდა მზის გარშემო. ამგვარად, ის შეიძლება
განვიხილოთ, როგორც კომპრომისი კ. პტოლემეს გეოცენტრულ და კოპერნიკის
ჰელიოცენტრულ სისტემებს შორის.
ნ. კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა აღიარებდა დედამიწის თავისი
ღერძის ირგვლივ და მზის გარშემო მოძრაობას. ამით მარტივად აიხსნებოდა ცაზე
პლანეტების რთული ხილული მოძრაობა. კოპერნიკის მოძღვრებამ უძრავად
წარმოდგენილი დედამიწა მან მოძრავად გამოაცხადა; ჰელიოცენტრიზმის იდეის
აზრი არ მდგომარეობდა სამყაროს ცენტრის უბრალო გადაადგილებაში
დედამიწიდან მზეზე: დედამიწას ჩამოერთვა პრივილეგირებული მდგომარეობა
კოსმოსში. ჰელიოცენტრული სისტემის აღიარებას ძალიან შეუწყო ხელი გ.
გალილეის აღმოჩენებმა.
გ. გალილეის აღმოჩენებმა დაადასტურა ჰელიოცენტრული სისტემის
სისწორე. მან აღმოაჩინა ვენერას ფაზები. გ. გალილეიმ დაადგინა, რომ მთვარის
მსგავსად ვენერაც ანათებს მზიდან არეკლილი სინათლით და მიმდევრობით
გაივლის ყველა ფაზას. კ. პტოლემეს სისტემაში კი - მზე, ვენერა და დედამიწა
არასოდეს არ იყო ისეთნაირად განლაგებული, რომ შესაძლებელი ყოფილიყო
სრულად განათებული ვენერას დანახვა. გ. გალილეის მეორე, იუპიტერის
თანამგზავრების აღმოჩენაც, მართალია ირიბად, ადასტურებდა ნ. კოპერნიკის
ჰელიოცენტრული სისტემის სისწორეს. ცივილიზაციის მთელი ისტორიის
მანძილზე პირველად აღმოჩენილი იქნა ახალი სხეულები, რომლებიც
მოძრაობდნენ სხვა პლანეტის გარშემო. მანამდე თანამგზავრი მხოლოდ დედამიწას
გააჩნდა. იუპიტერის თანამგზვარების აღმოჩენის შედეგად მთვარე აღარ იყო
გამონაკლისი.
ამგვარად, დღეისათვის დამკვიდრებულია მზის სისტემის
ჰელიოცენტრული მოდელი და არ არსებობს რაიმე განსხვავებული მოსაზრება მისი
სხვაგვარი აგებულების შესახებ. საინტერესოა საკითხი, თუ როგორ მოხდა მზის და
მის სისტემაში შემავალი პლანეტების წარმოშობა და ევოლუცია. ვინაიდან მზე
წარმოადგენს ჩვეულებრივ ვარსკვლავს, მისი წარმოქმნისა და ევოლუციის
შესასწვლად უნდა გავეცნოთ ზოგადად, თუ როგორ ხდება ვარსკვლავთა
წარმოშობა და ევოლუცია.
ვარსკვლავთა ფორმირება ხდება წყალბადის მოლეკულური გაზოვან-
მტვროვანი ღრუბლის, ე. წ. გლობულას (გლობულა - მკვრივი გაუმჭვირვალე
მოლეკულური გაზოვან-მტვროვანი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი, რომელიც
დაიკვირვება გაზისა და მტვრის მანათობელი ღრუბლების ფონზე ბნელი
წარმონაქმნის სახით.) შეკუმშვის შედეგად.
ვარსკვლავთა ევოლუცია იწყება, როდესაც გლობულა მიზიდულობის
ძალით იწყებს შეკუმშვას და ნელ-ნელა იღებს სფეროს ფორმას. შეკუმშვა აგრეთვე
შესაძლებელია გამოიწვიოს ორი ღრუბლის შეჯახებამ ან ზეახალი ვარსკვლავის
აფეთქებამ. ზოგადად, ნებისმიერმა არაერთგვაროვნებამ შეიძლება მოახდინოს
ვარსკვლავის წარმოქმნის პროცესის ინიცირება.
თავდაპირველად, ღრუბლის შეკუმშვისას გამონთავისუფლებული ენერგია
გამოსხივდება ინფრაწითელ უბანში, რისთვისაც მომავალი ვარსკვლვი სრულიად
გამჭვირვალეა. ამის გამო წარმოქმნილი ენერგია თითქმის სრულად გამოსხივდება
და ტემპერატურა არ მატულობს. შემდგომ შეკუმშვის პროცესში ღრუბლის
ცენტრალურ არეში სიმკვრივე იზრდება და ღრუბლის წიაღში წარმოიქმნება
შემკვრივება - ცენტრალური ბირთვი - (პროტოვარსკვლავი) და მტვრის დისკი.
პროტოვარსკვლავი არის ობიექტი, რომელიც იმყოფება გრავიტაციული
შეკუმშვის მდგომარეობაში, რომლისგანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ
წარმოიქმნება ნორმალური ვარსკვლავი.
პროტოვარსკვლავის „ზედაპირზე“ დაცემული ნივთიერების ხარჯზე
ბირთვის ზომა იზრდება. საბოლოოდ ღრუბელში თავისუფლად მოძრავი
ნივთიერების მასა ამოიწურება, შედეგად წნევა უტოლდება გრავიტაციული
შეკუმშვის ძალებს და ბირთვის შეკუმშვა შეჩერდება. ფორმირებადი ვარსკვლავი
გარშემორტყმულია ოპტიკური გამოსხივებისათვის გაუმჭვირვალე გაზოვან-
მტვროვანი გარსით, რომელიც გარეთ ატარებს მხოლოდ ინფრაწითელ და უფრო
გრძელტალღოვან გამოსხივებას. მას შემდეგ, რაც გარსის ნარჩენები გაიფანტება
კოსმოსურ სივრცეში. პროტოვარსკვლავი ოპტიკურ დიაპაზონში ხდება ხილული.
ეს მომენტი ითვლება პროტოვარსკვლავური ფაზის დასასრულად და ახალგაზრდა
ვარსკვლავის ფაზის დასაწყისად.
ვარსკვლავები განსხვავდებიან მასით, ზომით, ტემპერატურით, ნათებით ან
შინაგანი სტრუქტურით. ანუ ვარსკვლავის ფიზიკური მახასიათებლები
დამოკიდებულია მის მასაზე და საწყის ქიმიურ შემადგენლობაზე.
ვარსკვლავის მასაზეა დამოკიდებული მისი შინაგანი სტრუქტურა.
განსხვავებული მასის ვარსკვლავებს განსხვავებულად აქვთ განლაგებული
რადიაციული და კონვექციური ზონები.
მზესთან შედარებით ბევრად დიდი მასის მქონე ვარსკვლავებში ქვედა
ფენებში ენერგიის გადატანა ხდება კონვექციით, ხოლო ზედა ფენებში -
გამოსხივებისა და შთანთქმის (სხივური გადატანის) მეშვეობით.
მზის მასის მქონე ვარსკვლავების ქვედა ფენებში ხდება ენერგიის სხივური
გადატანა, ხოლო ზედაპირთან ენერგიის გადატანა ხდება კონვექციით.
მზის მასაზე ნაკლები მასის მქონე ვარსკვლავები, როგორც წესი, სრულად
კონვექციურნი არიან, ანუ კონვექციის პროცესი სრულად მოიცავს მთელ
ვარსკვლავს.
მზის 0,08 მასაზე ნაკლები მასის მქონე ვარსკვლავები მეტ ენერგიას
გამოასხივებენ, ვიდრე წარმოიქმნება და ისინი მიეკუთვნებიან „ყავისფერ ჯუჯებს“.
მუდმივად ხდება მათი შეკუმშვა, და შემდგომ, თანდათანობითი გაციება.
თუ პროტოვარსკვლავის მასა მზის მასის ტოლი ან მეტია, გრავიტაციული
ძალა საკმარისია იმისთვის, რომ მატერიის შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნას
საკმარისად ცხელი ბირთვი. ვარსკვლავის შიგნით არსებული მაღალი
ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რომლის
შედეგად წარმოქმნილი წნევის ძალა აბალანსებს ვარსკვლავის შრეებს შორის
არსებულ მიზიდულობის ძალას.
ვარსკვლავის ბირთვში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციებისთვის
ძირითად მასალას წარმოადგენს წყალბადი. თერმობირთვული რეაქციის დროს
“იწვის” წყალბადი და წარმოიქმნება ჰელიუმი, ამავე დროს თავისუფლდება
ენერგია, რომელიც გადაეცემა ვარსკვლავის სხვა ნაწილებს. მზეზე გაცილებით
დიდი მასის მქონე ვარსკვლავებში წყალბადის მარაგი უფრო სწრაფად ილევა.
წყალბადის გამოლევის შემდეგ თერმობირთვული რეაქციები წყდება, ხოლო
ვარსკვლავის ბირთში რჩება ჰელიუმი.
როდესაც ვარსკვლავის ბირთვში თერმობირთვული რეაქციები წყდება,
ვარსკვლავი კვლავ იკუმშება. შეკუმშვისას ვარსკვლავის ბირთვის ტემპერატურა
იზრდება. თუ ვარსკვლავის მასა მზის მასის ნახევარზე ნაკლებია, გრავიტაცია არ
არის საკმარისი იმისთვის, რომ შეკუმშოს ვარსკვლავის ბირთვი იმდენად, რომ
შეკუმშვისას წარმოქმნილი ტემპერატურა გახდეს საკმარისი ჰელიუმის
მონაწილეობით თერმობირთვული რეაქციების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში
ვარსკვლავი გარდაიქმნება წითელ ჯუჯა ვარსკვლავად (წითელი ჯუჯა
ვარსკვლავი - შედარებით ცივი ვარსკვლავი, რომლის მასა იცვლება 0,08-დან 0,5
მზის მასამდე).
მზის მასის და უფრო მასიური ვარსკვლავების შეკუმშვისას მათ ბირთვში
წარმოიქმნება ძალიან მაღალი ტემპერატურა და იწყება თერმობირთვული
რეაქციები ჰელიუმის მონაწილეობით, რომლის დროს გამოყოფილი ენერგიის
შედეგად ვარსკვლავის ბირთვი ცხელდება და იწყებს დიდი ენერგიის
გამოსხივებას. გამოსხივებული ენერგია იწვევს ვარსკვლავის ზედა შრეების
გაფართოებას. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება წითელი გიგანტი ვარსკვლავი
(წითელი გიგანტი - ვარსკვლავი მაღალი ნათებითა და განფენილი გარსით).
წითელი გიგანტის ბირთვში ჰელიუმის გამოლევის შემდეგ
თერმობირთვული რეაქცია წყდება, გრავიტაციული ძალა იწყებს დომინირებას და
ვარსკვლავის ბირთვი იწყებს შეკუმშვას, სანამ არ წარმოიქმნება ახალი
თერმობირთვული რეაქციებისთვის საკმარისი ტემპერატურა. ვარსკვლავის
ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მის ბირთვში მიმდინარე თერმობირთვული რეაქ-
ციების საწვავია სხვადასხვა ელემენტი: ნახშირბადი, ჟანგბადი, სილიციუმი…
საბოლოოდ ვარსკვლავის ბირთვში წარმოიქმნება რკინა. ვარსკვლავის ბირთვის
შეკუმშვისას მას სწყდება ვარსკვლავური მატერიის გარე გარსი. შეკუმშვისას
ვარსკვლავის ბირთვის ტემპერატურა იზრდება. ცხელი მომაკვდავი ვარსკვლავის
მიერ გამოსხივებული ენერგია იწვევს ვარსკვლავის გარემომცველი გაზის
იონიზაციას. ვარსკვლავის იონიზებული გარსი კაშკაშაა. მას უწოდებენ პლანეტურ
ნისლეულს. (პლანეტური ნისლეული - ობიექტი, რომელიც შედგება
იონიზირებული გაზოვანი გარსისა და ცენტრალური თეთრი ჯუჯა
ვარსკვლავისაგან).
რკინა ყველაზე მდგრადი ელემენტია. ამიტომ მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის
ბირთვი რკინად გარდაიქმნება, მასში თერმობირთვული რეაქციები წყდება,
რადგან რკინისგან, როგორც მდგრადი ელემენტისგან, ახალი, სხვა ელემენტი აღარ
წარმოიქმნება. თერმობირთვული რეაქციების საბოლოოდ შეწყვეტის შემდეგ
გრავიტაციული ძალის ზემოქმედებით იწყება მომაკვდავი ვარსკვლავის რკინის
ბირთვის კოლაფსი. ამ დროს, მასში არსებული ელექტრონები იწყებენ
ერთმანეთთან მიახლოებას, რასაც ელექტრონები ეწინააღმდეგებიან და
წარმოიქმნება გადაგვარებული მატერია. თუ ვარსკვლავის ნარჩენის მასა მზის
მასის 1.4-ზე ნაკლებია წარმოიქმნება თეთრ ჯუჯად წოდებული ობიექტი (თეთრი
ჯუჯა ვარსკვლავი - ვარსკვლავი, რომლის მასა მზის მასის 1.4-ზე ნაკლებია, ხოლო
მისი ზომა დაახლოებით უტოლდება პატარა პლანეტის ზომას).
სავარაუდოდ, თეთრი ჯუჯა საბოლოოდ გარდაიქმნება შავ ჯუჯა
ვარსკვლავად (შავი ჯუჯა - გაციებული და ხილულ დიაპაზონში გამოსხივების არ
მქონე ვარსკვლავი).
თუ ვარსკვლავური ნარჩენის მასა მეტია მზის მასის 1.4-ზე და ნაკლებია 3-4
მზის მასაზე, მაშინ გრავიტაციის ძალა აჭარბებს წნევის მიერ წარმოქმნილ ძალას და
ვარსკვლავი იკუმშება, ელექტრონები აღწევენ ბირთვში და ბირთვის პროტონებთან
ერთად წარმოქმნიან ნეიტრონებს. ნეიტრონები ეწინააღმდეგებიან დაახლოებას და,
შესაბამისად, ვარსკვლავის შემდგომ შეკუმშვას. ამ დროს წარმოიქმნება
ნეიტრონული ვარსკვლავი (ნეიტრონული ვარსკვლავი - 10-დან 29-მდე მზის მასის
მქონე კოლაფსირებული ვარსკვლავი, რომელიც შედგება ნეიტრონებისაგან და
დაფარულია ნივთიერების მძიმე ატომების ბირთვებისა და ელექტრონების თხელი
ფენით).
წითელი გიგანტის ევოლუციისგან განსხვავებით, როდესაც გარსი თანდათან
სცილდება ცენტრალურ ობიექტს, ნეიტრონული ვარსკვლავის წარმოქმნისას
ძალიან დიდი ენერგია გამოიტყორცნება ცენტრალური ობიექტიდან. ამ მოვლენას
ზეახალი ვარსკვლავის (ზეახალი ვარსკვლავი - ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების
დროს ვარსკვლავის სიკაშკაშე იზრდება 4-8-ჯერ, შემდეგ ხდება მისი ნელი ჩაქრობა)
აფეთქება ეწოდება.
თუ ვარსკვლავის ნარჩენის მასა მზის მასას 3-4-ჯერ აღემატება, დაწნეხილი
ბირთვების მიერ წარმოქმნილი წნევის ძალა ვერ დააბალანსებს გრავიტაციას და
ობიექტის შეკუმშვა გაგრძელდება. არ არსებობს ცნობილი მექანიზმი, რომელიც
შეაჩერებდა ვარსკვლავის კოლაფსს და ობიექტის შეკუმშვა გაგრძელდება მანამ,
სანამ იგი წერტილად არ გადაიქცევა. ამ დროს წარმოიქმნება შავი ხვრელი (შავი
ხვრელი - ობიექტი, რომლის მიზიდულობის ველი იმდენად მაღალია, რომ არც
ნაწილაკი, არც ფოტონი და ვერც ვერანაირი მატერიალური სხეული ვერ მიაღწევს
მეორე კოსმოსურ სიჩქარეს და გაიჭრება სივრცეში).
ვარსკვლავები იბადებიან ნისლეულებში. ასაკის მატებასთან ერთად,
ვინაიდან ბირთვში ამოიწურება წყალბადის მარაგი, შემდეგ კი – ჰელიუმიც,
ვარსკვლავის გარე ფენები ფართოვდება და წარმოიქმნება გიგანტი ან ზეგიგანტი,
რომელიც საბოლოოდ განიცდის კოლაფსს და ფეთქდება. მის შემდგომ ბედს კვლავ
განსაზღვრავს მისი მასა: ის იქცევა შავ ჯუჯად, ნეიტრონულ ვარსკვლავად თუ შავ
ხვრელად.
მატერია რომელიც გამოიტყორცნება ზეახლის ანთებისას უბრუნდება
ვარსკვლავთშორის სივრცეს და ხელახლა გამოიყენება ახალი ვარსკვლავების
ფორმირებისათვის.
მზე წარმოიქმნა პირველი თაობის ვარსკვლავთ ნარჩენებისაგან. მზის
სისტემის ფორმირება დაიწყო დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ გიგანტური
ვარსკვლავთშორისი გაზოვან–მტვროვანი ღრუბლის გრავიტაციული კოლაფსის
შედეგად. ზოგადად ეს პროცესი შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ:
• გრავიტაციული კოლაფსის საწყისი გახდა გაზოვან–მტვროვანი
ღრუბლის ნივთიერების მცირე შემკვრივება, რაც იქცა გარემომცველი
ნივთიერებისათვის გრავიტაციული მიზიდულობის ცენტრად –
გრავიტაციული კოლაფსის ცენტრად. ღრუბელი უკვე შეიცავდა არა
მხოლოდ საწყის წყალბადს და ჰელიუმს, არამედ მრავალრიცხოვან მძიმე
მეტალებსაც, რომელიც დარჩენილია წინა თაობის ვარსკვლავებისაგან.
• გრავიტაციული შეკუმშვის პროცესში გაზოვან–მტვროვანი ღრუბლის
ზომები მცირდებოდა და იზრდებოდა ღრუბლის ბრუნვის სიჩქარე.
ბრუნვის გამო ღრუბლის შეკუმშვის სიჩქარეეთა სხვაობამ ბრუნვის
ღერძის პარალელურად და პერპენდიკულარულად გამოიწვია ღრუბლის
შემკვრივება და დისკის ფორმირება.
• შეკუმშვის შედეგად იზრდებოდა სიმკვრივე და ნივთიერების
ნაწილაკების ერთმანეთთან შეჯახების ინტენსივობა, რის შედეგადაც
შეკუმშვასთან ერთად უწყვეტად იზრდებოდა ნივთიერების
ტემპერატურა.
• ტემპერატურის რამოდენიმე ათასი კელვინამდე გაზრდისას დისკის
ცენტრალურმა ნაწილმა დაიწყო ნათება – წარმოიქმნა
პროტოვარსკვლავი. ღრუბლის ნივთიერება განაგრძობდა დაცემას
პროტოვარსკვლავზე, რის გამოც წნევა და ტემპერატურა ცენტრში
განაგრძობდა ზრდას. დისკის გარე ნაწილები რჩებოდა შედარებით ცივი,
მასში წარმოქმნა დაიწყო ცალკეულმა შემკვრივებებმა, რომლებიც იქცნენ
პროტოპლანეტური დისკისგან პლანეტების ფორმირების ცენტრებად.
• როდესაც პროტოვარსკვლავის ცენტრში ტემპერატურამ მიაღწია მილიონ
კელვინს, ცენტრალურ არეში დაიწყო წყალბადის წვის თერმობირთვული
რეაქცია. პროტოვარსკვლავი გადაიქცა ჩვეულებრივ ვარსკვლავად.
• დისკის გარე არეში მსხვილმა შემკვრივებებმა წარმოქმნა პლანეტები,
რომლებიც ბრუნავენ ცენტრალური მნათობის გარშემო დაახლოებით
ერთ სიბრტყეში და ერთი მიმართულებით.
მზის ბირთვში მიმდინარეობს წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის
თერმობირთვული რეაქციები. ყოველ წამს მზის ბირთვში 4 მილიონი ტონა
ნივთიერება გარდაიქმნება ენერგიად, რის შედეგადაც გენერირდება მზის
გამოსხივება. მას შემდეგ, რაც ბირთვში წყალბადის საწვავი ამოიწურება, მისი გარე
გარსი დაიწყებს გაფართოებას, ხოლო ბირთვი დაიწყებს შეკუმშვას და გაცხელებას.
როდესაც ბირთვის ტემპერატურა საკმარისი გახდება, მასში დაიწყება
ჰელიუმისაგან ნახშირბადისა და ჟანგბადის სინთეზის თერმობირთვული რეაქცია.
განვითარების ამ ფაზაზე მზე დაიწყებს მასის დაკარგვას და გარსის მოცილებას.
მზის მასა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მისი არსებობა დასრულდეს
ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით. მას შემდეგ, რაც მზე გაივლის წითელი
გიგანტის ფაზას, გარეთა გარსი მოცილდება და მისგან წარმოიქმნება პლანეტური
ნისლეული. ცენტრში დარჩება თეთრი ჯუჯა. ის თანდათანობით გაცივდება და
ნელნელა, რამოდენიმე მილიონი ან მილიარდი წლის შემდეგ გადაიქცევა შავ ჯუჯა
ვარსკვლავად.
საკითხი, თუ როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა და დედამიწა, ყოველთვის
აინტერესებს კაცობრიობას. სხვადასხვა პერიოდში არსებობდა რამოდენიმე
ჰიპოთეზა მზის სისტემის წარმოქმნის შესახებ.
ჯ. ბუფონის ჰიპოთეზის მიხედვით, დედამიწა წარმოიქმნა კატასტროფის
შედეგად: ძალიან შორეულ წარსულში გიგანტური ციური სხეული შეეჯახა მზეს
და მისგან დიდი რაოდენობით ნივთიერება ამოიფრქვა, რომლისაგანც წარმოიქმნა
პლანეტები, მათ შორის დედამიწაც.
სერიოზული ჰიპოთეზა მზის სისტემის წარმოშობის შესახებ ჩამოაყალიბა ი.
კანტმა, რომლის მიხედვითაც მზე და პლანეტები ერთდროულად წარმოიშვა ერთი
და იმავე პირვანდელი მატერიისაგან. ცივმა გაზოვან-მტვროვანმა დაიწყო
შებრტყელება პოლუსებთან და უზარმაზარ დისკად გარდაიქმნა. მისი სიმკვრივე
არ იყო თანაბარი, ამის გამო მოხდა მისი დაყოფა ცალკეულ შემკვრივებებად,
რომლებიც გარდაიქმნა პლანეტებად. მატერიის ძირითადი ნაწილი დარჩა ცენტრში
და გარდაიქმნა მზედ.
პ. ლაპლასი თვლიდა, რომ სატურნის რგოლები შედგებოდა გაზისაგან,
რომელიც გამოეყო პლანეტას მისი ღერძის ირგვლივ ბრუნვის შედეგად. ლაპლასმა
ივარაუდა, რომ მზე წარმოიქმნა ცხელი გაზოვანი ნისლეულისაგან, რომლის
ბრუნვის სიჩქარეც იზრდებოდა მისი შეკუმშვის შედეგად და რის გამოც მზეს
ცილდებოდა გაზოვნი რგოლები, რისგანაც შემდგომში წარმოიქმნა პლანეტები.
ი. კანტი თვლიდა, რომ ცივმა გაზოვან-მტვროვანმა ნისლეულმა განიცადა
ევოლუცია, რის შედეგადაც შემდგომ წარმოიქმნა მზე და პლანეტები. პ. ლაპლასის
თანახმად კი - თავდაპირველად ნისლეული იყო გაზოვანი და ცხელი, რომელიც
სწრაფად ბრუნავდა. მიუხედავად ამ ჰიპოთეზების განსხვავებებისა, ხშირად
მოიხსენიება კანტ-ლაპლასის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მზის სისტემა
წარმოიქმნა გაზოვან-მტვროვანი ნისლეულის კანონზომიერი განვითარების
შედეგად კონდენსაციის გზით.
ჯ. ჯინსის აზრით, პლანეტები იყო იშვიათი კატასტროფის, მზის სხვა
ვარსკვლავთან დაახლოების შედეგი, რომელმაც თავისი მიზიდულობით კოსმოსში
წარიტაცა და მზის ირგვლივ დაატრიალა მზის ნივთიერების ნაწილი.
ფ. ჰოილის ჰიპოთეზის თანახმად, მზე წარმოადგენდა ორჯერად
ვარსკვლავს, რომლის კომპონენტიც იქცა ზეახალი ვარსკვლავად. ნაწილაკების
უდიდესი რაოდენობა გაიფანტა კოსმოსურ სივრცეში, მცირე ნაწილი კი დარჩა
მზის ორბიტაზე და წარმოქმნა პლანეტები.
ო. შმიდტის ჰიპოთეზის თანახმად, გარემო, სადაც ჩამოყალიბდა პლანეტები,
წარმოადგენდა ვარსკვლავთშორისი გაზოვან-მტვროვანი ღრუბლის ფრაგმენტს,
რომელიც გალაქტიკიდან მიიტაცა მზემ. დისკის მსგავს გაზოვან-მტვროვან
ღრუბელში ნაწილაკების ურთიერთშეჯახების შედეგად წარმოიქმნა
მრავალრიცხოვანი შემკვრივებები, რისგანაც თანდათანობით წარმოიქმნა
პლანეტების ჩანასახები - პროტოპლანეტები. მარსისა და იუპიტერის ორბიტებს
შორის, სადაც იუპიტერის გრავიტაციული ზემოქმედება ხელს უშლიდა
შემკვრივებების ზრდას და არღვევდა მათი ორბიტის მდგრადობას, წარმოიქმნა
მცირე პლანეტები - ასტეროიდები.
ო. შმიდტის თეორიის თანახმად, მზის გაცხელებასთან ერთად მსუბუქი
ქიმიური ელემენტები წნევის ზემოქმედების შედეგად ტოვებდნენ ღრუბლის
ცენტრალურ ნაწილს და გადაინაცვლებდნენ პერიფერიისაკენ. ამიტომ დედამიწის
ჯგუფის პლანეტები ჩამოყალიბდა მძიმე ელემენტებისაგან, მცირე რაოდენობით
მსუბუქი ელემენტების მინარევით და მათ გააჩნიათ მცირე ზომები. გაზისა და
მტვრის დიდი სიმკვრივის გამო მზის გამოსხივება სუსტად აღწევდა
პროტოპლანეტური დისკის პერიფერიებამდე, სადაც გამეფებული იყო დაბალი
ტემპერატურა და გაზი ეყინებოდა მყარ ნაწილაკებზე. ამიტომ პლანეტა-გიგანტები
შედგება მსუბუქი ელემენტებისაგან. საწყისი გაზოვან-მტვროვანი ღრუბლის
პერიფერიაზე მსუბუქი გაზების ნარჩენებისაგან და მტვრის უმნიშვნელო
რაოდენობისაგან წარმოიქმნა გრელპერიოდიანი კომეტების დიდი რაოდენობა.
პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრების წარმოქმნის სამი მექანიზმი
შეიძლება არსებობდეს:
• თანამგზავრების ფორმირება პლანეტის მახლობელი დისკიდან;
• თანამგზავრების ფორმირება პლანეტის სხვა ობიექტთან შეჯახების
შედეგად;
• პლანეტის მიერ ახლოს ჩავლილი ობიექტის მიტაცება.
იუპიტერსა და სატურნს დიდი რაოდენობით თანამგზავრები გააჩნიათ.
დიდი ზომის თანამგზავრები, სავარაუდოდ, იმავე პრინციპით ჩამოყალიბდა,
როგორც პლანეტები მზის ირგვლივ. ამაზე მიუთითებს მათი დიდი ზომები და
პლანეტასთან სიახლოვე. ეს თვისებები არ შეიძლება გააჩნდეს მიტაცებულ
თანამგზავრს, ხოლო პლანეტების გაზოვანი სტრუქტურა შეუძლებელს ხდის
თანამგზავრების ჩამოყალიბების ჰიპოთეზას სხვა სხეულთან შეჯახების შედეგად.
ვარსკვლავების დაბადების შესწავლა რთულია. საინტერესო შედეგები
ვარსკვლავთა დაბადების შესწავლის მხრივ მიიღება თვითმფრინავების ბორტზე ან
ატმოსფეროს გარეთ - თანამგზავრებზე დამონტაჟებული ინფრაწითელი ან
რადიოტელესკოპების დახმარებით. მაღალ მთებშიც შესაძლებელია მათი
გამოყენება დასაკვირვებლად. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ჩილე, სამხრეთ
ევროპული ობსერვატორია (ლა-სილა).

You might also like