You are on page 1of 18

ლოგიკა

ლოგიკა რაციონალური აზროვნების სრულიად ცენტრალური ასპექტია. ყველა თემა


და ხელსაწყო რაციონალური აზროვნებისთვის რომელსაც ამ წიგნში განვიხილავთ
მოიაზრებს და ემყარება ლოგიკის ცენტრალურ ცნებებსა და პრინციპებს. ამ თავში
განვიხილავთ აზროვნების ბუნებას და კავშირს კარგ აზროვნებასა და ლოგიკას
შორის.

აზროვნება და ლოგიკა

აზროვნება, ფიქრი ან მსჯელობა ყოფითი ტერმინებია ყოველდღიური აქტივობის


აღსანიშნად. როგორ შეგვიძლია ამ აქტივობის დახასიათება? ფართო აზრით,
აზროვნება არის პროცესი, რა დროსაც არსებული ცოდნას და რწმენებს ვიყენებთ
დასკვნის გასაკეთებლად. მაგალითისთვის, განვიხილოთ შემდეგი სიტუაცია:

სალომემ იცის, რომ სახლის გასაღები ან მაგიდაზეა ან მის ჩანთაში. სალომე


მის ჩანთას ამოწმებს და ხედავს რომ იქ გასაღები არ არის. აქედან სალომე
ასკვნის რომ გასაღები მაგიდაზეა.

ამ მაგალითში, სალომეს არსებული ინფორმაციის შუქზე, ანუ მისი ცოდნის ან


რწმენის შუქზე, გამოაქვს დასკვნა, რომ გასაღები მაგიდაზე დევს. ამგვარად, სალომე
ჩართულია მარტივ სააზროვნო პროცესში. ეს მენტალური პროცესი არა მხოლოდ
აზროვნების, არამედ გამართული, მწყობრი ან ლოგიკური აზროვნების მაგალითია.
სალომე მართებულად იყენებს მის ცოდნას დასკვნის გასაკეთებლად. თუ სალომემ
იცის რომ სახლის გასაღები ან მაგიდაზეა ან მის ჩანთაში, და თუ ასევე იცის რომ

1
გასაღები მის ჩანთაში არ არის, მაშინ შეუძლებელია, რომ გასაღები მაგიდაზე არ
იყოს. ამგვარად, სალომე სწორად ასკვნის, რომ გასაღები მაგიდაზე დევს.
ამ მაგალითზე დაყრდნობით, აზროვნების უფრო ზუსტი და ინფორმაციული
განსაზღვრება შეგვიძლია შევიმუშავოთ:1

აზროვნება არის პროცესი რა დროსაც გარკვეულ აზრებს, ცოდნას ან რწმენას


ვიყენებთ როგორც საფუძველს ან გამართლებას დასკვნის გასაკეთებლად.

მოცემული განსაზღვრება გვეხმარება დავინახოთ თუ რა განსხვავებაა


აზროვნების აქტსა და აზრების უბრალო ცვლილებასა ან მიმდევრობას შორის. ამის
საილუსტრაციოდ განვიხილოთ შემდეგი სიტუაცია, სადაც შენი ერთი რწმენა წინ
უსწრებს მეორეს:
(1) გიორგიმ ახალი სამსახური დაიწყო.
(2) სახლიდან წასვლის წინ ძაღლი უნდა გავასეირნო.
ზემოთ აღწერილია პროცესი სადაც შენი ერთი აზრი ან რწმენა „გიორგიმ ახალი
სამსახური დაიწყო“ წინ უსწრებს მეორე რწმენას „სახლიდან წასვლის წინ ძაღლი
უნდა გავასეირნო.“ თუმცა აზრების ამგვარი გადასვლა ან ტრანზიცია არ არის
აზროვნება. როგორც ჩვენი განსაზღვრება გვეუბნება, აზროვნების დროს გარკვეული

1 ეს განსაზღვრება მიჰყვება ედლერის (2008) სტატიას აზროვნების შესახებ. (J. Adler.


Introduction: Philosophical Foundations (Sections 1 - 4). in Reasoning: Studies in Human Inference
and its Foundations, Cambridge University Press, 2008).
კომენტარი განსაზღვრების ბუნების შესახებ: ზოგადი ტერმინების, განსაკუთრებით ფილოსოფიურად
რელევანტური ტერმინების განსაზღვრება ძალიან რთული და ჩახლართული საქმეა. ამის
გაცნობიერებას და სისტემურ განხილვას ჯერ კიდევ პლატონის ადრეულ დიალოგებში ვხვდებით.
ყოველდღიური ენის ტერმინების ინფორმაციული განსაზღვრება ყოველთვის ერთზე მეტი გზით არის
შესაძლებელი. ასე რომ, როდესაც მკითხველი ამ წიგნში ყოფითი ტერმინის განსაზღვრება შეხვდება,
როგორიცა არის „აზროვნება“, უნდა ესმოდეს, რომ სხვა ალტერნატიული განსაზღვრებაც
შესაძლებელი იქნებოდა. მთავარი ისაა, რომ შემოთავაზებული განსაზღვრება იყოს ინფორმაციული
და აკურატული.

2
აზრი, რწმენა ან ცოდნა უნდა იყოს საფუძველი ან გამართლება რაღაც სხვა
აზრისთვის, რომელსაც ვასკვნით. ზემოთ აღწერილ შემთხვევაში შენი რწმენა, რომ
„გიორგიმ ახალი სამსახური დაიწყო“ არ არის საფუძველი ან მიზეზი რწმენისა რომ
„სახლიდან წასვლის წინ ძაღლი უნდა გავასეირნო“.
ამისგან განსხვავებით, ჩვენი თავდაპირველი მაგალითი აზროვნების პროცესს
აღწერს, რომელიც შეგვიძლია შემდეგი წინადადებების მიმდევრობით აღვწეროთ.
(3) გასაღები ან ჩანთაშია ან ჯიბეში.
(4) გასაღები ჯიბეში არ არის.
მაშასადამე:
(5) გასაღები ჩანთაშია.
ამ მაგალითში, პირველი ორი წინადადება, (3) და (4), აღწერს საფუძველს ან
გამართლებას დასკვნისთვის რომელიც წინადადება (5)-ში არის გამოთქმული. ხოლო
ტერმინი „მაშასადამე“ აღნიშნავს გადასვლას საფუძველებიდან დასკვნამდე.
აზროვნების პროცესს მტკიცებითი (თხრობითი) წინადადებებით აღვწერთ,
ანუ წინადადებებით, რომლებიც ჭეშმარიტ ან მცდარ აზრს გამოთქვამს. მსგავსი
წინადადებების მაგალითებია: „გასაღები ან ჩანთაშია ან ჯიბეში“, „თბილისის
საქართველოს დედაქალაქია“, „5+8=13“, „არისტოტელე პლატონის ყველაზე
ცნობილი მოწაფე“. მტკიცებითი წინადადება გამოთქვამს აზრს რომელიც შეიძლება
იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ვინაიდან (გამართული) აზროვნების მიზანი არის
ჭეშმარიტი დასკვნის გაკეთება ჭეშმარიტი საფუძვლების გამოყენებით, შესაბამისად,
აზროვნებისთვის მხოლოდ თხრობით წინადადებებს ვიყენებთ, ანუ წინადადებებს,
რომლებიც შესაძლებელია იყოს ან ჭეშმარიტი ან მცდარი.
ფილოსოფიაში, მტკიცებითი (თხრობითი) წინადადებების შინაარს, ანუ იმას,
რაც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი დებულება ეწოდება. ერთი და იგივე
დებულება შეგვიძლია სხვადასხვა წინადადებით გამოვთქვათ. განიხილეთ შემდეგი
წინადადებები:

(1) არისტოტელე არის პლატონის ყველაზე ცნობილი მოწაფე.

3
(2) პლატონის ყველაზე ცნობილი მოწაფის სახელია არისტოტელე.
(3) Aristotle is the most famous pupil of Plato.
(1) და (2) არის წინადადებები ქართულ ენაში. წინადადებები (1) და (2) არ არის
იდენტური წინადადებები. მათ განსხვავებული გრამატიკული ფორმა აქვთ და არ
შეიცავენ ყველა იდენტურ სიტყვას. თუმცა, ორივე წინადადებას აქვს ერთი და იგივე
მნიშვნელობა. სხვაგვარად, ორივე წინადადება ერთსა და იმავე დებულებას
გამოთქვამს. დებულება არის მტკიცებითი წინადადების მნიშვნელობა; ის რასაც
გამოთქვამს მტკიცებითი წინადადება. იდენტური დებულება შეიძლება გამოითქვას
სხვადასხვა ენაში. (3) არის წინადადება ინგლისურ ენაში და ის გამოთქვამს იგივე
დებულებას რასაც წინადადება (1) და (2). ამგვარად, დებულება უნდა განვასხვავოთ
წინადადებისგან. წინადადება არის კონკრეტული ენის კუთვნილება და
კონკრეტული გრამატიკული ფორმა აქვს. ხოლო დებულება უფრო აბსტრაქტული
საგანია, რომელიც შეიძლება საერთო ჰქონდეს როგორც ერთი ენის განსხვავებულ
წინადადებებს, ისე განსხვავებული ენის წინადადებებს.
კონკრეტული აზროვნების აქტს ყოველთვის რაღაც კონკრეტული მტკიცებითი
წინადადებებით აღვწერთ. თუმცა, რაც მნიშვნელოვანია აზროვნების
გამართულობაში არის არა კონკრეტული წინადადებები, არამედ დებულებები
რომლებიც აზროვნების პროცესშია გამოყენებული.
ამგვარად, რომ შევაჯამოთ: ის რაც განასხვავებს აზროვნებს პროცესს აზრების
უბრალო გადასვლისგან არის მოაზროვნის მიერ გარკვეული დებულებების
საფუძვლებად ან გამართლებად გამოყენება დასკვნის გამოსატანად.
ცხადია, მოაზროვნე შეიძლება იყენებდეს გარკვეულ დებულებას როგორც
საბუთს ან გამართლებას გამოტანილი დასკვნის სასარგებლოდ, თუმცა რეალურად
კარგი კავშირი არ არსებობდეს მის საბუთებსა და გამოტანილ დასკვნას შორის. ამის
საილუსტრაციოდ, განიხილეთ მაგალითი, სადაც სალომეს აქვს მხოლოდ შემდეგი
ინფორმაცია გიორგის შესახებ:

4
(1) გიორგის ძირითადი სპეციალობა ან ფიზიკაა ან მათემატიკა (მაგრამ არა
ორივე).
(2) ყველა მათემატიკის სტუდენტს არჩეული აქვს ლოგიკის კურსი.
(3) ფიზიკის სტუდენტების მხოლოდ მესამედს აქვს არჩეული ლოგიკის კურსი.
(4) გიორგის არჩეული აქვს ლოგიკის კურსი.
ამ ინფორმაციის შუქზე, სალომეს შემდეგი დასკვნა გამოაქვს:
(5) უფრო სავარაუდოა, რომ გიორგი მათემატიკის სტუდენტია, ვიდრე
ფიზიკის.
არის თუ არა სალომეს აზროვნების პროცესი კარგი ან გამართული? ამ
კითხვაზე სწორი პასუხი ისეთი ცხადი არ არის, როგორც წინა მაგალითის
შემთხვევაში. თუ შენ ფიქრობ რომ პასუხია „კი, სალომეს აზროვნების პროცესი
გამართულია“, მაშინ არასწორი იქნები. სალომეს საფუძვლებიდან, რომლებიც (1)-დან
(4) წინადადების ჩათვლით არის აღწერილი, არ გვაძლევს კარგ საბუთს დასკვნა (5)-
თვის. ეს ასეა, რადგან არსებული ინფორმაცია თავსებადია მთელ რიგ
შემთხვევებთან, სადაც სავარაუდო სულაც არ არის, რომ გიორგი მათემატიკის
სტუდენტია. ამის საილუსტრაციოდ წარმოვიდგინოთ რომ ფიზიკისა და
მათემატიკის სტუდენტები ჯამში სულ 20-ნი არიან. იქიდან მხოლოდ ორი
სტუდენტი არის მათემატიკის სტუდენტი. ამგვარად დარჩენილი 18 სტუდენტი
ფიზიკაზე სწავლობს. ამ სტუდენტებიდან, ჯამში სულ რვა სტუდენტი სწავლობს
ლოგიკას: ორი მათემატიკის სტუდენტი და ექვი ფიზიკის სტუდენტი. რადგან ამ
რვიდან მხოლოდ ორი სწავლობს მათემატიკას, ალბათობა რომ გიორგი მათემატიკის
სტუდენტია იქნება 2/8, რაც 25%-ს უდრის. ამგვარად, სალომეს შეიძლება ეგონოს რომ
არსებობს კარგი, ძლიერი კავშირი მის საბუთებსა და დასკვნას შორის, მაგრამ
სინამდვილეში ეს ასე არ იყოს.
ეს განხილვა ბუნებრივად აჩენს კითხვას, თუ როგორ დავადგინოთ არის თუ
არა აზროვნების პროცესი სწორი, გამართული ან წარმატებული. ან, სხვა სიტყვებით,
რა უნდა გამოვიყენოთ, რომ გავიგოთ, კარგად უკავშირდება თუ არა ჩვენი საბუთები

5
გამოტანილ დასკვნას. ამ კითხვაზე ერთსიტყვიანი პასუხია: ლოგიკა! უფრო ვრცლად:
ლოგიკა სწავლობს როდის წარმოადგენენ დებულებები საფუძველს ან გამართლებას
სხვა დებულების სასარგებლოდ. ამგვარად, ლოგიკის საგანი პირდაპირ კავშირშია
იმასთან, თუ როდის არის აზროვნების პროცესი წარმატებული: ანუ, როდის
გვაძლევს დებულებები კარგ საფუძველს ან მიზეზს დასკვნის გასაკეთებლად.
შემდეგ სექციაში დეტალურად ავხსნით ლოგიკის საგანს და განვიხილავთ ორი
ძირითადი სახის ლოგიკას.

ლოგიკა

ზემოთ ლოგიკის შემდეგი ზოგადი დახასიათება გავაკეთეთ:

ლოგიკა სწავლობს როდის წარმოადგენენ დებულებები საფუძველს ან


გამართლებას სხვა დებულების (დასკვნის) სასარგებლოდ.

როგორც ამ სექციის ბოლოს ვნახავთ, ლოგიკის უფრო ზუსტი, ტექნიკური


განსაზღვრება შემდეგი იქნება, რომელიც ჩვენს ზედა განსაზღვრებას უფრო ზუსტ
მნიშვნელობას შესძენს:

ლოგიკის საგანია არგუმენტების შინაგანი სიმწყობრის შეფასება.

ეს ზუსტი განსაზღვრება იყენებს ორი სპეციალურ, ტექნიკურ ტერმინს:


არგუმენტს და შინაგანი სიმწყობრის შეფასებას. შემდეგ ორ სექციაში ამ ტერმინებს
ზუსტად ავხსნით

არგუმენტი

ლოგიკაში დებულებათა ერთობლიობას სადაც ერთი დებულება არის დასკვნა ხოლო


დანარჩენი დასკვნის საფუძველი არგუმენტი ეწოდება. დებულებებს (ან დებულებას)
რომლებიც არგუმენტის საფუძვლებს წარმოადგენს წანამძღვრებს ვუწოდებთ, ხოლო

6
გამოტანილ დასკვნას – დანასკვს. ამგვარად არგუმენტის შემდეგი განსაზღვრება
გვაქვს:

არგუმენტი არის დებულებათა ერთობლიობა სადაც ზოგიერთი დებულება


არის წანამძღვარი ხოლო ერთი დებულება დანასკვი.2

როგორც ამ განსაზღვრებიდან ჩანს, არგუმენტის ცნება მჭიდროდ არის


დაკავშირებული აზროვნების ჩვენს განსაზღვრებასთან: აზროვნების აქტი უნდა
შეიცავდეს არგუმენტს; ანუ კონკრეტულ დანასკვსა და წანამძღვრებს.
ჩვენი ყოფითი აზროვნება სხვადასხვა ფორმით წარიმართება ხოლმე.
ყოველდღიურ მეტყველებაში, ზოგჯერ ჯერ დასკვნას ვაკეთებთ და შემდეგ ამ
დასკვნის საფუძველი მოგვყავს. მაგალითად:
„სალომე სიცხე აქვს, რადგან გუშინ მითხრა, რომ თუ ლექციაზე დღეს არ მოვა,
ესე იგი სიცხე აქვს; და დღეს ლექციაზე არ მოვიდა“

ამ მაგალითში, არგუმენტის დანასკვი არის „სალომეს სიცხე აქვს“, ხოლო


წანამძღვრები: „თუ სალომე ლექციაზე არ მოვა, ესე იგი სიცხე აქვს“ და „[სალომე]
დღეს ლექციაზე არ მოვიდა“. ჩვენ არგუმენტებს წარმოვადგენთ შემდეგი
სტანდარტული ფორმით: არგუმენტი წარმოდგენილი იქნება როგორც დებულებათა
მწკრივი, სადაც საწყისი დებულებები არის წანამძღვრები, ხოლო ბოლო დებულება,
რომელიც „მაშასადამე“-თი იქნება გამოყოფილი, დანასკვი:

(1) თუ სალომე დღეს ლექციაზე არ მოვა, ესე იგი სიცხე აქვს.


(2) სალომე დღეს ლექციაზე არ მოვიდა.

მაშასადამე:

(3) სალომეს სიცხე აქვს.

2ცხადია, არგუმენტს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან მეტი დასკვნა. ასეთი არგუმენტი შეგვიძლია
გავიგოთ როგორც არგუმენტების შეერთება, რომელსაც ზუსტად ერთი დასკვნა აქვს.

7
ხშირად, ყოფით აზროვნებაში და მეტყველებაში ჩვენი დასკვნის ზოგიერთ
წანამძღვარს ფარულად ვგულისხმობთ ხოლმე; როგორც, ვთქვათ:

„სალომე სიცხე აქვს, რადგან გუშინ მითხრა, რომ თუ დღეს ლექციაზე არ მოვა,
ესე იგი სიცხე აქვს“

მსგავსი მსჯელობა გულისხმობს შემდეგ ფარულ წანამძღვარს: „სალომე დღეს


ლექციაზე არ მოვიდა“. არგუმენტი რომელიც შეიცავს ფარულ ან ნაგულისხმევ
წანამძღვარს ენთიმემა ეწოდება. ენთიმემას შეიცავს შემდეგი მსჯელობა:
„საქართველო არ არის ფუნქციური დემოკრატია, რადგან ძალაუფლების
დაყოფა არ გვაქვს.“
ამ მსჯელობის არგუმენტი სტანდარტული ფორმით შეგვიძლია ასე ჩამოვწეროთ:
(1) ფუნქციური დემოკრატიისთვის აუცილებელია ძალაუფლების დაყოფა.
(2) საქართველოში ძალაუფლების დაყოფა არ გვაქვს.
მაშასადამე:
(3) საქართველო არ არის ფუნქციური დემოკრატია.
ბევრ სააზროვნო კონტექსტში, ყველა წანამძღვარის ღიად ან ექსპლიციტურად
გამოთქმა საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან ყველასთვის ისედაც ცხადია ხოლმე
ეს ფარული წანამძღვარი რა არის. ამიტომ, ჩვენ თითქმის ყოველთვის ენთიმემებით
ვაზროვნებთ. თუმცა, ამ წიგნში, ჩვენ არგუმენტებს სტანდარტული ფორმით
წარმოვადგენთ, რაც ნიშნავს რომ არგუმენტის თითოეული წანამძღვარი
წარმოდგენილი იქნება არგუმენტის ფორმულირებაში.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არგუმენტის ცნება ლოგიკაში
მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ ტერმინის ზოგიერთ გამოყენებასთან ყოფით
მეტყველებაში. ზოგჯერ, „არგუმენტი“ შეიძლება აღნიშნავდეს კამათის ან
შეუთანხმებლობის აქტს ან პროცესს. ამის საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითი
წარმოვიდგინოთ. შენ ხვალ გინდა მეგობართან ერთად წახვიდე ფეხბურთის
საყურებლად, ხოლო იმავე მეგობარს უნდა იგივე დროს კლასიკური მუსიკის

8
კონცერტზე წახვიდეთ. ამ დროს შეიძლება ვთქვათ, რომ ეს აცდენა გეგმებში
„არგუმენტს“ ან კამათს გამოიწვევს. მაგრამ აქ არგუმენტი არის სინონიმური
უთანხმოების ან კამათის და არ აქვს საერთო იმასთან რასაც ლოგიკაში არგუმენტს
ვუწოდებთ. ამ მაგალითში უთანხმოების წყაროა აცდენა გეგმებს შორის. თუმცა
ხშირად, უთანხმოების მიზეზი ერთი და იმავე დებულების მიმართ განსხვავებული
პოზიციის ქონა არის ხოლმე. მაგალითად შენ შეიძლება გჯეროდეს, რომ საქართველო
ევროკავშირში 2030-წლამდე შევა, ხოლო მე არა. მაგრამ თუ ჩვენ არ გვაქვს
წარმოდგენილი საფუძვლები ჩვენი პოზიციის სასარგებლოდ, მაშინ ამ უთანხმოებაში
პროცესში არგუმენტები არ მონაწილეობს. ამგვარად, უთანხმოების აქტი არ არის
იგივე რაც არგუმენტის ქონა ან წარმოდგენა. ცხადია, უთანხმოების აქტი შეიძლება
გახდეს მიზეზი არგუმენტების წარმოდგენის. მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათი არ არის,
რომ ადამიანებს აქვთ აქტიური და ცხარე უთანხმოება საკუთარი პოზიციის
სასარგებლო საფუძვლების წარმოდგენის ან ქონის გარეშე.
ამგვარად აუცილებელია არგუმენტი განვასხვავოთ უთანხმოების აქტისგან.
ლოგიკაში, არგუმენტი არის დებულებათა ერთობლიობა რომელიც შედგება
წანამძღვრებისა და დანასკვისგან, სადაც წანამძღვარმა უნდა დაასაბუთოს ან
გაამყაროს დანასკვი.
შემდეგ ჩვენ ავხსნით, თუ რა აზრით არის ლოგიკის საგანი არგუმენტის
შინაგანი სიმწყობრის შეფასება.

არგუმენტის შეფასება

ზოგადად, არგუმენტის შეფასება ორ ძირითად ასპექტს მოიცავს:

(a) არის თუ არა არგუმენტის წანამძღვრები ჭეშმარიტი?


(b) იმ დაშვებით რომ არგუმენტის წანამძღვრები ჭეშმარიტია, რა სახის
საფუძველს გვაძლევს წანამძღვრები დანასკვის სასარგებლოდ?

როგორც ვნახავთ, ლოგიკა არგუმენტის შეფასების მხოლოდ მეორე ნაწილს ეხება.

9
განვიხილოთ მაგალითი:

(1) სალომეს აინტერესებს ფილოსოფია.


(2) ყველა ადამიანს ვისაც აინტერესებს ფილოსოფია ასევე აინტერესებს ლოგიკა.

მაშასადამე

(3) სალომეს აინტერესებს ლოგიკა.

ამ არგუმენტის ზოგადი სიკარგე ან დამაჯერებლობა ერთი მხრივ დამოკიდებულია


რამდენად სწორი ან ჭეშმარიტია მისი საწყისი დაშვებები ან წანამძღვრები. ამ
არგუმენტში სულ ორი წანამძღვარი გვაქვს. განვხილოთ მეორე, ზოგადი წანამძღვარი

(2) ყველა ადამიანს ვისაც აინტერესებს ფილოსოფია ასევე აინტერესებს


ლოგიკა.

რამდენად ჭეშმარიტია ეს წანამძღვარი? ეს ემპირიული კითხვაა; ანუ კითხვა იმის


შესახებ მართლა აინტერესებს თუ არა ფილოსოფიით დაინტერესებულ ადამიანებს
ლოგიკა. სავარაუდოდ, ამ ემპირიულ კითხვაზე პასუხი უარყოფითია: ყოველთვის
ისე არ ხდება, რომ ადამიანს ვისაც აინტერესებს ფილოსოფია ასევე აინტერესებდეს
ლოგიკა. მაგალითად, სალომე შეიძლება უფრო მისტიური ტიპის ფილოსოფია
აინტერესებდეს, სადაც მწყობრ, ლოგიკურ აზროვნებას დიდი როლი და
მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული. ამგვარად, რადგან არგუმენტის მე-2 წანამძღვარი
სავარაუდოდ მცდარია, მხოლოდ პირველი წანამძღვრის დაშვებით არ ვიქნებით
გამართლებული დავასკვნათ, რომ სალომეს აინტერესებს ლოგიკა.
ეს მსჯელობა არგუმენტის შეფასების ჩვენს პირველ ასპექტს ეხებოდა:

(a) არის თუ არა არგუმენტის წანამძღვრები ჭეშმარიტი?

თუმცა არგუმენტი ასევე უნდა შევაფასოთ მისი შინაგანი სიმწყობრის ან


გამართულობის კრიტერიუმებით. არგუმენტი შინაგანად მწყობრია, თუ არგუმენტის
წანამძღვრების ჭეშმარიტება გვაძლევს კარგ საბუთს არგუმენტის დანასკვის

10
სასარგებლოდ. არგუმენტის შეფასების ამ კრიტერიუმით ჩვენი ზედა არგუმენტი
წარმატებული იქნება. ამ ორი წანამძღვრის დაშვებით:
(1) სალომეს აინტერესებს ფილოსოფია.

(2) ყველა ადამიანს ვისაც აინტერესებს ფილოსოფია ასევე აინტერესებს


ლოგიკა.

აუცილებლად გამომდინარეობს არგუმენტის დანასკვი:

(3) სალომეს აინტერესებს ლოგიკა.

არგუმენტის მსგავსი გამართულობა არ არის დამოკიდებული მისი


წანამძღვრების ჭეშმარიტებაზე, არამედ არგუმენტის შინაგან თავისებურებაზე:
სახელდობრ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს წანამძღვრები და დანასკვი.

დედუქციური და ინდუქციური ვალიდურობა

ზედა განხილული არგუმენტის წანამძღვრები არა მხოლოდ კარგ საბუთს გვაძლევს


დანასკვის ჭეშმარიტებისთვის, არამედ დანასკვს სრულიად გარანტირებულს ხდის:
იმ დაშვებით რომ წანამძღვრები ჭეშმარიტია, შეუძლებელია დანასკვი ჭეშმარიტი არ
იყოს. ასეთი ტიპის არგუმენტები ლოგიკის უმნიშვნელოვანესი საგანია და მათ
სპეციალური სახელი, დედუქციურად ვალიდური არგუმენტები ჰქვიათ.

არგუმენტი დედუქციურად ვალიდურია მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ


შეუძლებელია არგუმენტის წანამძღვრები ჭეშმარიტი იყოს, ხოლო დანასკვი
მცდარი.

როგორც ვნახეთ, არგუმენტი შეიძლება იყოს დედუქციურად ვალიდური,


თუმცა ჰქონდეს მცდარი წანამძღვარი ან წანამძღვრები. მაგალითად:

(1) თუ სალომე ადამიანია, მაშინ სალომე 500 წელს იცხოვრებს.


(2) სალომე ადამიანია.

11
მაშასადამე:

(3) სალომე 500 წელს იცხოვრებს.

ეს არგუმენტი დედუქციურად ვალიდურია: შეუძლებელია წანამძღვრები ჭეშმარიტი


იყოს, მაგრამ დანასკვი მცდარი. თუმცა, ცხადია, ამ არგუმენტს აქვს მცდარი
წანამძღვარი. ადამიანები 500 წელი არ ცხოვრობენ. ამგვარად, პირველი წანამძღვარი
მცდარია: თუ ხარ ადამიანი, აქედან არ გამომდინარეობს რომ 500 წელი იცხოვრებ.
არგუმენტი რომელიც არის ვალიდური და აქვს ჭეშმარიტი წანამძღვრები
სანდო არგუმენტი ეწოდება.

არგუმენტი არის სანდო მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ დედუქციურად


ვალიდურია და აქვს ჭეშმარიტი წანამძღვრები

მაგალითად, შემდეგი არგუმენტი სანდოა, რადგან დედუქციურად ვალიდურია და


აქვს ჭეშმარიტი წანამძღვრები:

(1) ყველა მეტალი ელექტროგამტარია.


(2) ოქრო მეტალია

მაშასადამე:

(3) ოქრო ელექტროგამტარია.

ამგვარად, დედუქციური ვალიდურობა არგუმენტის შინაგან სტრუქტურას ეხება,


ხოლო სანდოობა როგორც შინაგან სტრუქტურას, ისე წანამძღვრების ჭეშმარიტებას.
არგუმენტის წანამძღვრების ჭეშმარიტების შეფასება სპეციალურ ცოდნას
მოითხოვს. მაგალითად, ზედა წანამძღვრების ჭეშმარიტება მნიშვნელოვან ემპირიულ
და მეცნიერული ცოდნას ეფუძნება. ლოგიკის ამოცანა ვერ იქნება წანამძღვრების
ჭეშმარიტების დადგენა, რადგან ეს სპეციალურ მეცნიერებებსა ან ცოდნაზე არის
დამოკიდებული. თუმცა, ლოგიკის საგანია არგუმენტის შინაგანი სტრუქტურის
შეფასება: ანუ, იმის გარკვევა სწორად უკავშირდება თუ არა წანამძღვრები დანასკვს.

12
ცხადია, ყოფით არგუმენტაციაში ჩვენ არა მხოლოდ ვალიდურობა, არამედ,
პირველ რიგში, არგუმენტის სანდოობა გვაინტერესებს; რა პრაქტიკული აზრი აქვს
არგუმენტის განხილვას, თუ ვიცით, რომ მისი წანამძღვრები მცდარია? ამგვარად,
სანდოობა არის ის რაც არგუმენტის მთავარ, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო
ღირსებას წარმოადგენს.
სანდო არგუმენტის უპირველესი მნიშვნელობა არ ნიშნავს, რომ არგუმენტის
ვალიდურობის გარკვევა ასევე მნიშვნელოვანი არ არის: არგუმენტს ჭეშმარიტი
წანამძღვრებიც რომ ჰქონდეს, თუ მისი სტრუქტურა გაუმართავია, მაშინ არგუმენტიც
უვარგისი იქნება. ამგვარად, რადგან გამართული აზროვნება ყველგან
მნიშვნელოვანია, ლოგიკას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოყენება: ის
გამოსადეგია ნებისმიერ დარგში სადაც ჭეშმარიტება-მცდარობის გამორკვევა
გვაინტერესებს.
ყველა ტიპის მწყობრი, გამართული არგუმენტი არ არის აუცილებელი რომ
დედუქციურად ვალიდური იყოს. განიხილეთ შემდეგი არგუმენტი:

(1) გიორგი დაახლოებით 27 წლის არის, რვა წელია დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს
ეწევა და საერთოდ არ ვარჯიშობს.

მაშასადამე:

(2) გიორგი ხვალ ხუთ კილომეტრს შეუჩერებლად ვერ გაირბენს.

ეს ცალსახად გამართული არგუმენტია. იმ ინფორმაციის შუქზე, რომელიც (1)


წანამძღვარშია მოცემულია, ძალიან კარგი საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ გიორგი
ხვალ ხუთ კილომეტრს შეუჩერებლად ვერ გაირბენს. თუმცა, დააკვირდით, რომ
წანამძღვრის ჭეშმარიტება გარანტირებულს არ ხდის დანასკვის ჭეშმარიტებას.
შეუძლებელია არ არის, რომ გიორგიმ ხვალ ხუთი კილომეტრი შეუჩერებლად
დაფაროს. არგუმენტს, სადაც წანამძღვრების ჭეშმარიტება გარანტირებულს არ ხდის
დანასკვს, მაგრამ გვაძლევს კარგ საბუთს დანასკვის დასაჯერებლად ინდუქციურად
ვალიდური არგუმენტი ჰქვია. უფრო ზუსტად:

13
არგუმენტი ინდუქციურად ვალიდურია მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ
არგუმენტის წანამძღვრები ჭეშმარიტება დანასკვს საკმარისად სავარაუდოს
ხდის.

რამდენად სავარაუდოს უნდა ხდიდეს წანამძღვრები დანასკვს, რომ


არგუმენტი ინდუქციურად ვალიდური იყოს? ამაზე ზუსტ პასუხი კონტექსტზე
იქნება დამოკიდებული: მაგალითად, რამდენად დამაჯერებელი გვინდა რომ
დანასკვი ჭეშმარიტი იყოს. თუმცა, როგორც წესი, ინდუქციურად ვალიდური
არგუმენტში, წანამძღვრების ჭეშმარიტება უნდა უზრდიდეს დანასკვს ალბათობას,
და ასევე უფრო სავარაუდოს უნდა ხდიდეს დანასკვს ვიდრე დანასკვის უარყოფას.
როგორც შეგვიძლია ვისაუბროთ დედუქციურად სანდო არგუმენტზე, ასევე
შეგვიძლია ვისაუბროთ ინდუქციურად სანდო არგუმენტზე. არგუმენტი იქნება
ინდუქციურად სანდო, თუ ინდუქციურად ძლიერია და ჭეშმარიტი წანამძღვრები
აქვს.
ხშირად, ლოგიკაში, ტერმინები „ვალიდურობა“ და „დედუქციური
ვალიდურობა“ სინონიმურად იხმარება. ამიტომ, გაუგებრობის თავიდან
ასაცილებლად, „ვალიდურობაში“ ჩვენც დედუქციურ ვალიდურობას
ვიგულისხმებთ. ხოლო „ინდუქციურად ვალიდურის“ მაგივრად ვიხმართ სიტყვა
„ინდუქციურად ძლიერს“. ამგავარად, შინაგანად მწყობრი ინდუქციური არგუმენტის
დასახასიათებლად გამოვიყენებთ ტერმინს „ინდუქციურად ძლიერი“.
ამგვარად, სტრუქტურულად გამართული არგუმენტის ორი ძირითადი ფორმა
არსებობს:
• დედუქციურად ვალიდური არგუმენტები.
• ინდუქციურად ძლიერი არგუმენტები.
დედუქციური ლოგიკის საგანი დედუქციურად ვალიდური არგუმენტებია, ხოლო
ინდუქციური ლოგიკის საგანი - ინდუქციურად ძლიერი არგუმენტები.
წიგნის შემდეგი ნაწილები დედუქციურ ვალიდურობას, და შესაბამისად
დედუქციურ ლოგიკას დაეთმობა.

14
შეჯამება: ზედა სექციებში აზროვნებასთან და ლოგიკასთან დაკავშირებული

უმნიშვნელოვანესი ცნებები ავხსენით. შეჯამების სახით, ქვევით ამ ცნებებსა და მათ


მნიშვნელობას ჩამოვწერთ.

აზროვნება: აზროვნება არის პროცესი რა დროსაც გარკვეულ დებულებებს ვიყენებთ


როგორც საფუძველს ან გამართლებას დასკვნის გასაკეთებლად.

დებულება: მტკიცებითი მნიშვნელობის შინაარსი; ის რაც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი


ან მცდარი.

არგუმენტი: დებულებათა ერთობლიობა სადაც ზოგიერთი დებულება არის


წანამძღვარი ხოლო ერთი დებულება დანასკვი. აზროვნების აქტი შეიცავს
არგუმენტს.

ენთიმემა: არგუმენტი რომელიც შეიცავს ფარულ წანამძღვარს. ეთნიმემას ვეძახით


მხოლოდ ისეთ არგუმენტს, სადაც კონტექსტი ცხადს ხდის, რომ ფარული
წანამძღვარი არის ნაგულისხმევი.

(დედუქციურად) ვალიდური არგუმენტი: არგუმენტი დედუქციურად ვალიდურია


მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ შეუძლებელია არგუმენტის წანამძღვრები ჭეშმარიტი
იყოს, ხოლო დანასკვი მცდარი.

სანდო არგუმენტი: არგუმენტი არის სანდო მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ


დედუქციურად ვალიდურია და აქვს ჭეშმარიტი წანამძღვრები.

ინდუქციურად ვალიდური არგუმენტი: არგუმენტი ინდუქციურად ვალიდურია


მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არგუმენტის წანამძღვრები ჭეშმარიტება დანასკვს
საკმარისად სავარაუდოს ხდის.

დედუქციური ლოგიკა სწავლობს დედუქციურად ვალიდურ არგუმენტებს.

ინდუქციური ლოგიკა სწავლობს ინდუქციურად ძლიერ არგუმენტებს.

15
სავარჯიშოები:

1. ამ წინადადებებიდან, რომელი გამოთქვამს დებულებას?


a. მოდი არჩევნებზე.
b. ბათუმში მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე თბილისში.
c. დღეს შოთას დაბადების დღეა.
d. ვინ იყო პლატონის ყველაზე ცნობილი მასწავლებელი?
e. ყველა მეტალი ელექტროგამტარია.
f. მარილი მომაწოდე.
2. შეიძლება თუ არა აზროვნების აქტში კითხვა იყოს საფუძველი დასკვნის
გასაკეთებლად? პასუხი ახსენით.
3. არის თუ არა შემდეგი არგუმენტები დედუქციურად ვალიდური. პასუხი
ახსენით:
(a)
(1) თუ ნიკას მოსწონს სალომე, მაშინ ნიკა დაიბნევა სალომესთან
ლაპარაკის დროს.
(2) ნიკა დაიბნა სალომესთან ლაპარაკის დროს.
მაშასადამე
(3) ნიკას მოსწონს სალომე.

(b)

(1) სოკრატე ადამიანია.

(2) ყველა ადამიანს ჰყავს შვილი.

მაშასადამე:

(3) სოკრატეს ჰყავს შვილი.

16
4. განიხილეთ შემდეგი პასაჟები. მოახდინეთ არგუმენტის იდენტიფიკაცია და
ჩამოწერეთ არგუმენტი სტანდარტული ფორმით, ისე რომ არგუმენტი
დედუქციურად ვალიდური იყოს. ზოგი წარმოდგენილი პასაჟი შეიძლება
ენთიმემას შეიცავდეს. ასეთ შემთხვევაში თქვენ გევალებათ ფარული
წანამძღვარის იდენტიფიკაცია და არგუმენტის სტანდარტულ ფორმით
წარმოდგენა.
a. გიორგი ან ქუთაისშია ან თბილისში. რადგან ქუთაისში არ არის, ესე იგი
თბილისში უნდა იყოს.
b. ძველი ათენი დემოკრატია არ იყო, რადგან ძველ ათენში მონები
ჰყავდათ.
c. თუ ღმერთი არსებობს, მაშინ სამყაროში არ უნდა არსებობდეს უდიდესი
ზომის ტანჯვა (ცხოველთა და ადამიანთა ტანჯვა, სიკვდილი საშინელი
დაავადებებით; ბუნებრივი კატასტროფებით სიკვდილი; ჰოლოკოსტი
და ა.შ.). მაშასადამე, ღმერთი არ არსებობს.
d. ჩემი სხეულის არსებობა უფრო ნაკლებად სავარაუდო ვიდრე ჩემი
ცნობიერების (განცდების, შეგრძნებების ქონა). აი რატომ. მაგალითად,
შესაძლებელია რომ მე ვარ ტვინი რომელსაც ბოროტი ნეირომეცნიერი
ელექტრონული სიგნალებით სხვადასხვა გამოცდილებას აწვდის, რათა
მეგონოს რომ მაქვს სხეული. მაგრამ, ეს ნეირომეცნიერი ვერ მომატყუებს
რომ მაქვს ცნობიერება. რადგან გეგონოს რომ გაქვს ცნობიერება
(განცდები) გულისხმობს, რომ გაქვს ცნობიერება.

5. ართურ კონან დოილის ცნობილ დეტექტივში „ბასკერვილების ძაღლი“,


ხშირად არის საუბარი ჰოლმსის „დედუქციურ მეთოდზე“. ჰოლმსი და
უოტსონი განიხილავენ, თუ რა შეიძლება დაასკვნან ექიმზე მის სასიარულო
ჯოხზე დაკვირვებით. წაიკითხეთ ქვემოთ მოტანილი პასაჟი, და შეაფასეთ,
მართლაც მიჰყვება თუ არა ჰოლმსი დედუქციურ მეთოდს. თუ არა, მაშინ რა

17
ტიპის არგუმენტს იყენებს ჰოლმსი? ზოგადი ინფორმაცია: ჰოლმსმა იცის, რომ
ეს კაცი ექიმია, სახელად მორტიმერი, და ჯოხი საჩუქრად მიართვეს. შემდეგ კი
მსჯელობს:

„რისთვის მიეცა საჩუქარი ამ კაცს? ... უნდა ვივარაუდოთ, რომ საავადმყოფოში


მუშაობას სოფლის პრაქტიკა ამჯობინა. მეტისმეტად გაბედული ხომ არ იქნება
ჩვენი ვარაუდი, თუ ვიტყვით, რომ საჩუქარი სწორედ წასვლასთან
დაკავშირებით მიართვეს? ეს სავსებით შესაძლებელია. ახლა შენიშნეთ, რომ ამ
კაცს არ შეეძლო ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულების კონსულტანტების
შტატში, რადგან ეს მისაწვდომია მხოლოდ საგრძნობი პრაქტიკის მქონე
ლონდონელი მკურნალისათვის, ასეთი ექიმი კი ქალაქიდან ძნელად თუ
წავიდოდა. მაშ, ვინ უნდა ყოფილიყო? თუ საავადმყოფოში მუშაობდა და
შტატში არ ირიცხებოდა, მაშინ ის უმნიშვნელო კურატორი ყოფილა, რომელიც
საავადმყოფოსთან ცხოვრობდა, ესე იგი, პრაქტიკანტზე ცოტა მეტი.
საავადმყოფოდან კი ამ ხუთი წლის წინ წასულა – დახედეთ ამ თარიღს.
ამრიგად, ჩემო ძვირფასო უოტსონ, ... ჩვენ წინაშე აღიმართა ოცდაათიოდე
წლის უაღრესად სანდომიანი ახალგაზრდა კაცი ... .“

6. მოიყვანეთ დედუქციურად ვალიდური და ინდუქციურად ძლიერი


არგუმენტების მაგალითები. ორი დედუქციური და ორი ინდუქციური
არგუმენტის მაგალითი. ახსენით, რატომ არის თქვე მიერ მოტანილი
მაგალითები დედუქციურად/ინდუქციურად ვალიდურები/ძლიერები.
7. მოიყვანეთ ორი დედუქციური არგუმენტის მაგალითი რომელიც არ არის
სანდო.

18

You might also like