You are on page 1of 11

1.

ლოგიკის წინასწარი განმარტება


ლოგიკა არის მეცნიერება მწყობრი, თანმიმდევრული, სწორი
აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. ამ განმარტებაში
იგულისხმება, რომ აზროვნების სიმწყობრე, მისი თანმიმდევრულობა
ანუ სისწორე სულ სხვა რამაა და მისი ჭეშმარიტება სინამდვილესთან
შესაბამისობითაა გამოხატული. მაგალითად: ყველა ლითონი
ელექტრობის გამტარია და რკინა ლითონია, მაშასადამე, რკინაც
ელექტრობის გამტარია. ეს მაგალითი სწორია და ამავე დროს მასში
შემავალი თითოეული აზრიც ეთანხმება სინამდვილეს. შესაძლებელია
მსჯელობა იყოს ჭეშმარიტი თუმცა შეიცავდეს მცდარ აზრსაც,
მაგალითად: ,,ყველა ადამიანი კეთილია, ხოლო ეს არსება ადამიანია.
მაშასადამე აი ეს არსება კეთილია". ცხადია, ეს მაშინ მოხდება როდესაც
ფრაზით ,,აი ეს არსება" მივუთითებთ არასულიერ ობიექტზე ანდა
არსებაზე რომელიც ავი და ბოროტია. ლოგიკის როგორც მეცნიერების
დამოუკიდებელი დარგის, შემქმნელია ძველი ბერძენი ფილოსოფოსი
არისტოტელე. სიტყვა ლოგიკა მეცნიერების ამ დარგის სახელად უფრო
მოგვიანებით შემოიღეს. ის წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან logos, რაც
ნიშნავს სიტყვას, სიტყვით გამოხატულ აზრს და გონებას.

2.ჭეშმარიტება და მცდარობა
აზროვნების ერთ-ერთი მიზანი არის სინამდვილის შემეცნება,
ჭეშმარიტების დადგენა-გარკვევა. თხრობით წინადადებაში გამოთქმულ
აზრს ვახასიათებთ ან ჭეშმარიტად ან მცდარად. სიტყვა ,,აზრი" ნიშნავს
რაიმე ვითარების, საზოგადოდ აზროვნებითი, საგნობრივი ვითარების
მოაზრებას, ცნობიერებაში მის წარმოდგენას ანუ რეპრეზენტაციას,
ცნობიერების შინაარსად მის გადაქცევას. საგნობრივი ვითარება არის
საგნებისა და მოვლენების მიერ გარკვეული ნიშან-თვისებების ქონის ან
არქონის ვითარება. ცნობიერების შინაარსად მისი გადაქცევა ხდება
მსჯელობით. მსჯელობა არის თხრობით წინადადებაში გამოთქმული
აზრი, რომლითაც ცნობიერებაში მოცემულია რაიმე საგნობრივი
ვითარება და ამ ვითარების სინამდვილეში განხორციელების დასტური
ან უარყოფა. მაგალითად, მსჯელობა ,,ეს ვარდი წითელია'' ადასტურებს
ამ ვარდის სიწითლის განხორხიელებას სინამდვილეში, ხოლო
მსჯელობა ,, მზე არ ბრუნავს დედამიწის გარშემო" უარყოფს დედამიწის
გარშემო მზის ბრუნვის ვითარების არსებობას. თუკი მსჯელობა
ადასტურებს რაიმე საგნობრივი ვითარების განხორციელებას
სინამდვილეში და ეს ვითარება მართლა არსებობს, ან თუ უარყოფს ამ
ვითარების განხორციელებას და იგი მართლაც არ არსებობს, მაშინ
მსჯელობა იქნება ჭეშმარიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მცდარი.
ჭეშმარიტებას ან მცდარობას მსჯელობის და მასთან ერთად მისი
გამომთქმელი თხრობითი წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობები
ეწოდებათ.

3. ბჭობა და დასკვნა.
ცოდნის ჩამოყალიბება და გამოთქმა ხდება ცალკეული წინადადებების
ან ისეთ წინადადებათა სისტემის სახით, რომელთა ჭეშმარიტება
შემეცნების პროცესში ხდება ჩვენთვის ცნობილი. იმისათვის რომ
ადამიანმა დაადგინოს წინადადება ჭეშმარიტია თუ მცდარი არსებობს
ორი გზა: სინამდვილეზე უშუალო დაკვირვება და განსჯა ანუ ბჭობა.
შესაძლებელია დავადგინოთ წინადადებების ჭეშმარიტება, მაგალითად:
ახლა ცა ღრუბლებით არის დაფარული, შესაძლებელია შევხედო ცას და
დავინახო მართლაც ღრუბლებით არის დაფარული თუ არა. ასეთი
წინადადებების ჭეშმარიტებასა და მცდარობას დავადგენთ განსჯით,
ბჭობით. ბჭობის დროს უნდა ვეცადოთ წინადადების ჭეშმარიტება ან
მცდარობა ადრე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე
დავადგინოთ.ბჭობის, განსჯის პროცესში ადამიანი ცდილობს უკვე
ცნობილი ჭეშმარიტი წინადადების გამოყენებით სარწმუნო გახადოს სხვა
წინადადებების ჭეშმარიტება. განსჯასთან საქმე გვაქვს თითქმის ყველა
სფეროში. მაგალითად: ექიმის მიერ დიაგნოზის დასმა ავადმყოფის
სიმპტომებზე დაკვირვების შემდეგ ჩატარებული განსჯის, ბჭობის
შედეგია; გამომძიებლის მიერ დანაშაულის გახსნა ხდება ბჭობით იმ
ცოდნის საფუძველზე, რაც მან მოიპოვა დაკვირვების შედეგად. ბჭობა
არის წინადადების სასრული მიმდევრობა. ის იწყება და მთავრდება.
ბჭობაში გამოიყოფა წინადადებები რომელთა ჭეშმარიტება ჩვენთვის
ბჭობამდე იყო ცნობილი, მათ ბჭობის წანამძღვრები, საბუთები ანდა
არგუმენტები ეწოდება. ბჭობაში გვაქვს წინადადება რომლის
ჭეშმარიტების დასადგენად ბჭობაა საჭირო, მას ეწოდება ბჭობის თეზისი.
ბჭობის პროცესში წანამძღვრებიდან თეზისზე გადასხვა და მისი
ჭეშმარიტების დადგენა ხდება თანდათანობით. ყოველი ასეთი გადასვლა
და ამით ცოდნისათვის კიდევ ერთი ახალი წინადადების შემატება
ხორციელდება დასკვნით. ერთი ან რამდენიმე წინადადების
ჭეშმარიტების ცოდნის საფუძველზე გამაშუალებელი ნაბიჯების გარეშე
სხვა წინადადების ჭეშმარიტად მიჩნევა არის დასკვნა. დასკვნას ვადგენთ
ორი წინადადების ჭეშმარიტების საფუძველზე რომელსაც წანამძღვრებს
უწოდებენ. თუ ორი წინადადება ჭეშმარიტია მაშინ მესამე წინადადებაც
ჭეშმარიტია, მას დანასკვი ჰქვია. თუკი ზოგიერთი წანამძღვარი
გამოთქმული არ არის მაგრამ ნაგულისხმევია, ენთიმემა ეწოდება.

4. ბჭობის სისწორის (გამართულობის) პრობლემა.


ბჭობისა და დასკვნის ყოველდღიური გამოცდილებიდან გამომდინარე
მხოლოდ ბჭობით ჩვენს ცოდნას ვერ ვაფართოვებთ. ეს ხდება მაშინაც
როდესაც ვცდილობთ ბჭობით რაიმე დებულების ჭეშმარიტება
დავადგინოთ, მარცხს განვიცდით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბჭობის
წანამძღვრებისა და თეზისის შერჩევისას დაშვებული შეცდომები,
სახელდობრ: 1)წანამძღვრად შესაძლოა გამოვიყენოთ წინადადება
რომლის ჭეშმარიტება ადრე არ გვქონდა დადგენილი (დაუსაბუთებელი
წანამძღვრის შეცდომა); 2)ბჭობის წანამძღვრებში შესაძლოა გაგვეპაროს
მცდარი წინადადება, ხოლო მცდარმა წანამძღვარმა შეიძლება მოგვცეს
მცდარი დანასკვი (ძირითადი შეცდომა); 3) წანამძღვრად გამოვიყენეთ
თვითონ ბჭობის თეზისი ან წინადადება, რომლის ჭეშმარიტების
დასადგენად ბჭობის თეზისი გამოიყენება. ეს არის დაუსაბუთებელი
წანამძვრის კერძო შემთხვევა და მას მანკიერი წრის შეცდომა ჰქვია; 4)
ბუნდოვანი ორაზროვანი გამოთქმების, არამკაფიო აზროვნების ან
პოლემიკის სიმძაფრის გამო ვცდილობთ დავადგინოთ ისეთი
წინადადების ჭეშმარიტება რომელიც მხოლოდ გარეგნულად ჰგავს
ბჭობის თეზისს, სინამდვილეში კი არ არის (თეზისის შეცვლა). როდესაც
ბჭობა არასწორია, თუნდაც მისი წანამძღვრები ჭეშმარიტი იყოს, ხოლო
თეზისი მკაფიოდ ფორმულირებული, შეიძლება ითქვას რომ
დაშვებულია შეცდომა არგუმენტაციაში ან წანამძღვრებიდან შედეგების
გამოყვანაში. ამ დროს წანამძღვრებიდან თეზისის გამოყვანა მხოლოდ
მოჩვენებითია, ნამდვილად კი მათგან არ გამოდის, ამიტომ წანამძღვრები
თეზისის ჭეშმარიტების არავითარ გარანტიას არ იძლევა. ზოგჯერ,
კამათის დროს ბჭობის გამართულობაზე იმდენად არ ზრუნავენ, როგორც
მსმენელთა დარწმუნებაზე, ამიტომ ისე არჩევენ წანამძღვრებსა და
საბუთებს რომ მსმენელთა გრძნობებზე უნდა იმოქმედონ. ასეთ
შემთხვევაში ხალხისადმი მიმართვის შეცდომაზე ლაპარაკობენ. მისი
კერძო სახე არის ადამიანისადმი მიმართვის შეცდომა. ეს იმ დროს ხდება
როცა მსმენელზე ემოციურ ზემოქმედებას აღწევენ კამათში
მოწინააღმდეგის ლანძღვით ან ქებით. ლოგიკის ძირითადი ამოცანაა
დასკვნებისა და საზოგადოდ ბჭობის სისწორის პირობების გამოკვლევა,
სწორი, გამართული ბჭობის წესების ჩამოყალიბება. აზროვნების ბჭობის
სისწორე, არ დაიყვანება ადამიანის სურვილებზე, ჩვევებზე. ბჭობის
სისწორის პირობები და წესები სუბიექტისგან დამოუკიდებელი,
ობიექტური კანონზომიერებით განისაზღვრება. ამიტომ ლოგიკის
ამოცანა უფრო ზუსტად შეიძლება ასე გამოითქვას: ლოგიკა სწავლობს
ბჭობის სისწორის საფუძვლად მდებარე კანონზომიერებას. კამათი არის
ორი ან რამდენიმე ადამიანის ენობრივი სააზროვნო ურთიერთობა. ერთი
მსჯელობს იმ მიზნით რომ დააფუძნოს რომელიღაც დებულება და
აჩვენოს სხვებს მისი ჭეშმარიტება, ხოლო მეორე მოკამათე ისევ ბჭობით
ცდილობს იმის დარღვევას რასაც ამტკიცებს პირველი. თუ ბჭობის
წანამძღვრების ჭეშმარიტება მართლაც დადგენილია დაკვირვებით,
აქსიომებით ან ბჭობის მეშვეობით, ხოლო ამავე დროს ბჭობაში
გამოყენებულია მხოლოდ სწორი დასკვნები, მაშინ ამ ბჭობას
დასაბუთება ან დამტკიცება ეწოდება, მის წანამძღვრებს კი საბუთები
(არგუმენტები), რომელსაც დასაბუთება ეყრდნობა, აქედან გამომდინარე,
ლოგიკა სწავლობს დასაბუთებას, მის კანონებს. ლოგიკა გვაძლევს
დასაბუთების საძიებელ საზომს.

5. აზროვნების ძირითადი კანონები.


არსებობს უზოგადესი მოთხოვნები რომელთაც აზროვნების ძირითად
კანონებს უწოდებენ. მას უნდა აკმაყოფილებდეს ყოველგვარი ბჭობა თუ
გვინდა რომ ის უსაგნო და უაზრო ლაპარაკი კი არა ჩვენს ხელთ
არსებული ცოდნის გამართული, თანმიმდევრული გაფართოების ცდა
იყოს.

იგივეობის კანონი არის აზროვნების, ბჭობის გარკვეულობის მოთხოვნა.


ბჭობის პროცესში ყოველი ცნება, ყოველი სიტყვა უნდა გამოვიყენოთ
ერთი და იმავე მნიშვნელობით. იგივეობის კანონს თუ დავარღვევთ და
სიტყვებში ხან ერთ მნიშვნელობას ჩავდებთ და ხან მეორეს გაქრება
აზრებს შორის კავშირი, შეუძლებელი გახდება ურთიერთგაგებინება,
რაიმეს დასაბუთება. იგივეობის კანონის დარღვევის მაგალითია: ურემს
აქვს თვალი, თვალი კი მხედველობის ორგანოა. არსებობს იგივეობის
კანონის სხვაგვარი გაგებაც: ა უდრის ას, ანუ ყოველი საგანი თავისი
თავის იგივეობრივია.

წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი არის აზროვნების, ბჭობის,


თვითთავსებადობის, თავის თავთან თანხმობის მოთხოვნა. ჩვენს აზრებს
შორის, ბჭობაში შემავალ წინადადებებს შორის არ უნდა იყოს
წინააღმდეგობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი რაღაც საგანზე
ვამტკიცებთ რაიმეს, იგივე იმავე საგნის შესახებ არ უნდა უარვყოთ
კიდეც. მაგალითად: თუ ცნობილია რომ ყველა ლითონი
ელექტროგამტარია და სპილენძი ლითონია, არ შეიძლება ვირწმუნოთ
ისიც რომ სპილენძის ნაჭერი, რომელიც მე ახლა ხელში მიჭირავს არ
ატარებდეს ელექტროობას, რადგან ეს დებულება პირველ ორს
ეწინააღმდეგება. წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი ამტკიცებს
რომ არც ერთი თხრობითი წინადადება არ შეიძლება ჭეშმარიტიც იყოს
და მცდარიც.

გამორიცხული მესამის კანონიც აზროვნების, ბჭობის, თავის თავთან


თანხმობის მოთხოვნაა. თუკი წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი
მოითხოვს რომ არ ვამტკიცოთ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო,
გამორიცხული მესამის კანონის თანახმად, დაუშვებელია ერთმანეთის
საწინააღმდეგო წინადადებებიდან ერთი აუცილებლად ჭეშმარიტია.
გამორიცხული მესამის კანონი ამტკიცებს რომ ყოველი თხრობითი
წინადადება ან ჭეშმარიტია ან მცდარი. წინააღმდეგობის
შეუძლებლობისა და გამორიცხული მესამის კანონები სიტყვათა
მნიშვნელობის დაზუსტებას ითხოვენ. წინააღმდეგობის
შეუძლებლობისა და გამორიცხული მესამის კანონებს ერთობლივად
ორფასობის პრინციპი ეწოდება. ის ამტკიცებს რომ ყოველი თხრობითი
წინადადება ან ჭეშმარიტია ან მცდარია.

საკმაო საფუძვლის კანონის თანახმად არც ერთი წინადადება არ


შეიძლება იყოს ჭეშმარიტი თუ არ არსებობს საკმაო საფუძველი იმისა,
რატომ არის ამ წინადადებაში აღწერილი ვითარება სწორედ ასეთი და
სხვაგვარი. ეს კანონი გაგებულია როგორც მოთხოვნა, ჭეშმარიტად არ
მივიჩნიოთ წინადადება მისი დასაბუთების გარეშე.

6.დედუქციური დასკვნები.
დედუქციურ დასკვნებს ძალიან ხშირად ვიყენებთ ყოველდღიურ და
სამეცნიერო აზროვნებაში. ჩვენ მთლიანად ვენდობით და
დარწმუნებული ვართ რომ ეს დასკვნა სწორია. თუ ჩვენ გვაქვს
წანამძღვრების ჭეშმარიტების სრული რწმენა, ვფიქრობთ რომ უნდა
გვქონდეს მისი დანასკვის ჭეშმარიტების სრული რწმენაც. დასკვნას
რომლის წანამძღრების ჭეშმარიტება აუცილებლობით განაპირობებს
დანასკვის ჭეშმარიტებას დედუქციური დასკვნა ეწოდება. დედუქციური
დასკვის მაგალითია: თუ მანქანას საწვავი გაუთავდა მაშინ მისი ძრავი
გაჩერდება. მანქანას ძრავა არ გაჩერებულა. მაშასადამე მანქანას საწვავი
არ გაუთავდა. დედუქციური დასკვნები სხვადასხვა თავისებურებებით
ხასიათდება: 1) თუ დედუქციური დასკვნის წანამძღვრები ჭეშმარიტია,
მაშინ მისი დანასკვიც აუცილებლად ჭეშმარიტია. ეს შეიძლება ასეც
განიმარტოს: დედუქციური დასკვნის წანამძღვრებიდან დანასკვი
ლოგიკურად გამომდინარეობს; 2) თუ დედუქციური დასკვნის
წანამძღვრებიდან ერთ-ერთი მაინც მცდარია, მაშინ დანასკვი შეიძლება
მცდარიც იყოს და ჭეშმარიტიც; 3) თუ დედუქციური დასკვნის დანასკვი
ჭეშმარიტია მაშინ მისი წანამძღვრებიდან ყველა, ზოგიერთი, ან არც
ერთია ჭეშმარიტი; 4)თუ დედუქციური დასკვნის დანასკვი მცდარია,
მაშინ მისი წანამძღვრებიდან ერთი მაინც მცდარია.

7. ინდუქციური დასკვნები.
დასკვნას რომლის წანამძღვრებიდან დანასკვი ლოგიკურად არ
გამომდინარეობს, მაგრამ რომლის წანამძღვრებიც გარკვეული ხასიათით
ადასტურებენ დანასკვს ეწოდება ინდუქციური დასკვნა. ბჭობას ეწოდება
დედუქციური ან უბრალოდ დედუქცია, თუ მასში გამოყენებული ყველა
დასკვნა დედუქციურია. თუ ბჭობაში გამოყენებული დასკვნებიდან
ერთი მაინც ინდუქციურია, მაშინ მას ინდუქციური ბჭობა ან უბრალოდ
ინდუქცია ეწოდება. ბჭობის სახეობათა ეს განსხვავება განაპირობებს
სხვაობას დასაბუთების შესაბამის სახეებს შორისაც: არსებობს
დასაბუთება დედუქციური და ინდუქციური. ინდუქციური დასაბუთება
თეზისის გარკვეული ხარისხით დადასტურება, გამართლება,
დაფუძნებაა. ინდუქციასა და დედუქციას ხშირად ერთმანეთს
უპირისპირებენ და ამბობენ რომ ინდუქცია არის კერძოობითი ან
ერთეული წინადადებებიდან ზოგად წინადადებაზე გადასვლა, ხოლო
დედუქცია პირიქით, ზოგადიდან კერძოზე გადასვლა. ინდუქციასა და
დედუქციას ასევე სხვა თვალსაზრისითაც უპირისპირებენ ერთმანეთს.
ამბობენ, რომ დედუქციური დასკვნა არ იძლევა ახალ ცოდნას იმის გამო,
რომ დანასკვში მოცემული ინფორმაცია წანამძღვრებში მოცემული
ინფორმაციის ნაწილია, ან დანასკვის ჭეშმარიტება წანამძღვრებში
იგულისხმებაო; ამის საპირისპიროდ ინდუქციური დასკვნა ჩვენს
ცოდნას აფართოებს, გვაძლევს ახალ ცოდნას, ვინაიდან მის დანასკვში
გამოთქმულია აზრი ისეთ საგნებზე, რომლებზეც არაფერია ნათქვამი
წანამძღვრებში. ლოგიკის, როგორც ბჭობის სისწორის, გამართულობის
პირობებისა და კანონების შემსწავლელი მეცნიერების, ამოცანები
სხვადასხვაგვარად დაკონკრეტდება იმისდა მიხედვით, მხედველობაში
გვექნება დედუქციური თუ ინდუქციური ბჭობა და დასკვნები,
სხვაგვარი იქნება მათი კვლევის მეთოდები. ამის გამო ლოგიკაიყოფა ორ
ნაწილად: დედუქციური ლოგიკა და ინდუქციური ლოგიკა.
დედუქციური ლოგიკა თავისი მნიშვნელობით უფრო ფუნდამენტურია
და საფუძვლად უდევს ინდუქციურ ლოგიკას, ასევვე უკეთ შესწავლილი
და დამუშავებულია.

8.ლოგიკის ფორმალური ხასიათი.


სისწორე-კორექტულობა ახასიათებს არა აზრის, ან აზროვნების
პროცესის შინაარსს არამედ მის ფორმას, სტრუქტურას და მაშასადამე
კანონზომიერება რომელსაც ლოგიკა იკვლევს არის აზროვნების ფორმის
კანონზომიერება
ბჭობისა და დასკვნის სისწორე დამოკიდებულია მათ ფორმაზე. ორი
დასკვნიდან რომლებსაც ერთი და იგივე ფორმა აქვთ ერთნაირად არიან
აგებულები შესაბამისი ნაწილებისგან, ან ორივე სწორია, ლოგიკურად
გამართულია, ან ორივე არასწორი და ლოგიკურად გაუმართავია,
მიუხედავად იმისა როგორია მათი შინაარსი. მაგალითად: ბანკის არც
ერთი მეანაბრე არ არის უცხოელი. ბანკის ყველა დამფუძნებელი არის ამ
ბანკის მეანაბრე. მაშასადამე ბანკის არც ერთი წარმომადგენელი არ არის
უცხოელი.მიუხედავად ამ დასკვნების შინაარსთა აბსოლუტური
განსხვავებისა მათ ზუსტად ერთი და იგივე ფორმა აქვთ.ჩვენი
ბუნებრივი ალღო გვაფირებინებს რომ ორივე ეს დასკვნა სწორია და
ამაში ქვემოთ უფრო მტკიცედ დავრწმუნდებით. სისწორეს აქვს ერთი
საფუძველი -- ესაა ფორმის გარკვეული თავისებურება. ბჭობის სისწორის
პირობებისა და წესების, მათ საფუძვლად მდებარე კანონზომიერების
შესწავლა გულისხმობს წინადადებების, დასკვნების და საზოგადოდ
ბჭობის ლოგიკური ფორმების შესწავლას. ამის გამო ლოგიკას
განსაზღვრავენ როგორც მეცნიერებას აზროვნების ფორმების შესახებ და
უწოდებენ ფორმალურ ლოგიკას. ლოგიკაში არსებული ტრადიციის
თანახმად აზრის ლოგიკური ფორმის სამი ძირითადი ტიპი არსებობს:
ცნება, მსჯელობა და დასკვნა. მსჯელობა თხრობითი წინადადების
ისეთი შინაარსია რომელიც ადასტურებს ან უარყოფს გარკვეული
საგნობრივი ვითარების განხორციელებას სინამდვილეში. დასკვნა
მსჯელობების ერთობლიობაა რომელშიც ერთი მათგანი დგინდება
როგორც დანარჩენის შედეგი. ისევე როგორც დასკვნა შედგება
მსჯელობებისგან, მსჯელობა წარმოადგენს ცნებათა ერთმანეთთად
დაკავშირების შედეგს. ცნება არის აზროვნებაში ცალკეული საგნების ან
საგანთა კლასების მოცემის, წარმოდგენის ფორმა. აზროვნების ფორმების
შესაბამისად ტრადიციული ლოგიკა იყოფა სამ ნაწილად: მოძღვრება
ცნებაზე, მოძღვრება მსჯელობაზე და მოძღვრება დასკვნაზე.

9. ცოტაოდენი ისტორია.
არისტოტელეს ლოგიკური თხზულებები წარმოადგენდა იმ
დროისათვის მეცნიერების ახალი დარგის საძირკველს. ანტიკურ დროში
ლოგიკური გამოკვლევების გაფართოებასა და გაღრმავებაში დიდი
წვლილი შეიტანეს მეგარელთა და სტოელთა ფილოსოფიური სკოლების
წარმომადგენლებმა, რომელთა შორის გამოირჩეოდა ქრიზიპოსი,
ორფაზობის პრინციპის შემოტანას ლოგიკაში სწორედ მას მიაწერენ.
ლოგიკის ისტორიის ანტიკურ პერიოდში სწორად იქნა გაგებული ამ
მეცნიერების არა მხოლოდ ამოცანები არამედ ლოგიკის
ზოგადკულტურული ფუნქციაც. ლოგიკის როგორც აზროვნების
თანმიმდევრულობისა და სისწორის არგუმენტირების შესწავლა
დაუფლება და ამის მეშვეობით ბუნებრივი ლოგიკური ალღოსა და
უნარების დახვეწა ადამიანს აძლევს იარაღს რითაც მან თავი უნდა
დაიცვას ინსტიქტებისა და სხვა ნებისადმი მორჩილებისგან. ეს აზრი
სტოელთა ერთ ხატოვან შედარებაში ასეა ჩამოყალიბებული:
ფილოსოფია ჰგავს ნაყოფიერ მინდორს, რომლის ნიადაგი მასზე
გაშენებული ხეხილით არის ფიზიკა, მასზე მოწეული ჭირნახული -
ეთიკა, ხოლო მინდვრის დამცველი ღობე-მესერი - ლოგიკა. ლოგიკის
განვითარებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა დიდმა ფილოსოფოსმა და
მეცნიერმა ლაიბნიცმა. ეს ბიძგი იყო ლოგიკაში ახალი საკითხების
შემოტანა და ტრადიციული პროლემების მათემატიკური მეთოდების
გამოყენება. თანამედროვეებმა ვერ შეაფასეს ლაიბნიცის იდეები,
მხოლოდ დაწყებული მე-19 საუკუნის შუიდან ბულის, ფრეგეს, რასელის
და სხვათა შრომების წყალობით დაიწყო ინტენსიური წინსვლა. ლოგიკა
შინაარსით ფილოსოფიური და ფორმით მათემატიკური დისციპლინაა
რომელსაც ხან ფორმალურ ხან მათემატიკურ და ხან სიმბოლურ
ლოგიკას უწოდებენ. ძველი ქართული ფილოსოფიური ლიტერატურა
მდიდარია ლოგიკური ტექსტების თარგმნებით, მათი კომენტარებითა და
ორიგინალური ლოგიკური თხზულებებით. მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანეს ეროვნული კულტურის განვითარებაში: იოანე პეტრიწმა, არსენ
იყალთოელმა, სავლე წერეთელმა, ზურაბ მიქელაძემ, სოლომონ
დოდაშვილმა და კოტე ბაქრაძემ.

You might also like