You are on page 1of 2

ანტიოსმალური ლაშქრობის გეგმის ჩაშლისთანავე მეფე-მთავრებს შორის 1459 წელს

დადებული ზავიც დაირღვა. ახლა მთავრებმა წინანდელზე უფრო დაუნდობელი ბრძოლა


გააჩაღეს სრული დამოუკიდებლობსათვის. ისევ სამცხის მთავარმა ყვარყვარემ წამოიწყო ომი
გიორგი VII-ის წინააღმდეგ, დამხმარედ ირანის მბრძანებელი უზუნ ჰასანიც მოიწვია,
რომელმაც 1462 წელს გაამარჯვებინა კიდეც. მალე სამოქალაქოს (ქუთაისის ოლქი) ერისთავი
ბაგრატი აუჯანყდა მეფეს; სასტიკი ბრძოლა მოხდა 1463 წელს ქ. ჩიხორთან  სადაც გიორგი
დამარცხდა, მაგრამ ამჯერად ბაგრატმა ვერ შეძლო ქუთაისის მტკიცედ დაჭერა. 1465 წელს
სამცხის მთავარმა ყვარყვარემ ღალატით მოახერხა მეფის დაპატიმრება: ყვარყვარეს
დასმორჩილებლად გიორგი სამცხეში გამგზავრებულა, გზაში თავფარავანზე დაბანაკებულა.
აქ მას ყვარყვარე მთავარი უეცრად თავს დასხმია და დაპატიმრებული სამცხეში წაუყვანია.
კონსტანტინე ბატონიშვილმა გაქცევით უშველა თავს და ჯერ გორის ციხეში და შემდეგ
ქუთასის ციხეში გამაგრდა.ამასობაში ბაგრატი ქართლში გადავიდა და 1466 წელს თავი
საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარემ მეფის დაპატიმრებით რომ ვერაფერი
სარგებლობა ნახა,  გაანთავისუფლა იგი, ეგებ ბაგრატსა და მეფე გიორგის ერთმანეთთან
ბრძოლით მოვითბო ხელიო. გიორგი კი იძულებული გახდა კახეთში გადასულიყო და
მხოლოდ კახეთის მეფობას დასჯერებოდა. აქედან დაიწყო კახეთის ცალკე სამეფოსა და მისი
დინასტიის ისტორია. თუმცა ბაგრატ VI (1466 - 1478) სრულიად საქართველოს მეფედ
ითვლებოდა, მაგრამ 1470 - 1475 წლებისათვის, ამ სამთავროს საკუთარი მარათვა-გამგეობა,
საკუთარი ჯარი და საზღვრები ჰქონდა. აქ შედიოდა გურია, სამეგრელო, აფხაზეთი
ქალაქებით: ცხუმი (სოხუმი), ფოთი, ქაჯთა ციხე (ახლანდელი ციხისძირი) და ბათუმი.
ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა კავკასიის ქედი, სამხრეთით მდ. ჭოროხი და თურქების მიერ
დაპყრობილი ქართული თემები.  საზღვარი იმერეთსა და სამთავროს შორის მდ.
ცხენისწყალი იყო. საქართველოს მეფეს საბედიანოზე ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა
უზენაესი უფლება. სამცხის სამთავრო ამ პერიოდში უკვე სრულ დამოუკიდებლობას
ახორციელებდა. ამიერიდან ჯაყელების ამ სამფლობელოს მსამცხე-საათაბაგონ, ხოლო
ჯაყელების ათაბაგები ეწოდებოდათ, ზოგჯერ “მეფეებიც” კი. მათ ძლიერი და გავლენიანი
მფლობელის სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი. საათაბაგო გადაჭიმული იყო ბორჯომის
ხეობიდან ჭოროხის ხეობამდე. საქართველოს მთლიანობას ამ პერიოდში საგრძნობლად
გამოუთხარა ძირი ბაგრატის საეკლესიო პოლიტიკამ, რომელიც მან განახორციელა
დასავლეთ საქართველოს ქართლის სამეფოსაგან მოწყვეტის მიზნით. ბაგრატმა ისარგებლა
იმერეთში შესაწევრის შესაგროვებლად იერუსალიმ-ანტიოქიის პატრიარქის მიხაელის
(1470/1474 - 84 წწ.) ჩამოსვლით და მას “აფხაზეთის” (დას. საქართველოს) კათალიკოსად
ცაიშელ-ბედიელი ეპისკოპოსი იოვაკიმე აკურთხებინა. არსებული წესით დას. საქართველოს
კათალიკოსი მცხეთის კათალიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა და მისგან უნდა
კურთხეულიყო.  აღმოსავლეთ საქართველოსაგან დასავლეთის ეს ეკლესიური გამოყოფა
ბაგრატმა სათანადო წერილობითაც გააფორმებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის
ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობა მეტად ღრმად იყო შერყეული, ქართლის
მთავრობას მაინც უცდია მდგომარეობის გამოსწორება. რადიკალური ზომისათვის
საქართველოს ხელისუფლებას წარსულშიაც არაერთხელ მიუმართავს და, ეტყობა, ახლაც ასე
სურდათ მოქცეულიყვნენ. ამ საკითხზე ქართლის მეფეს კონსტანტინეს 1490 წელს დარბაზიც
კი მოუწვევია, რომელსაც ესწრებოდნენ კათალიკოსი, ეპისკოპოსები და სხვა წარჩინებულნი.
დარბაზს ომის გამართვა სიტუაციის არახელსაყრელობის გამო უნაყოფოდ მიუჩნევია. იქ
უთქვამთ: ერთს რომ ვძლიოთ, სულერთია, მეორეს და მესამეს მაინც ვერ ვძლევთო, რადგან
ქვეშევრდომნი მტკიცედ იცავენ თავ-თავიანთ მეფეებსო: “ვინაიდან მტკიცედ დგანან
ერთგულებასა ზედა თვისთა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა
სამცხელნიო”. ნიშანდობლივი სურათია: გამრავლებულ მეფე-მთავრებს დროთა მანძილზე
უკვე მოუსწრიათ ადგილებზე ერთგული დასაყრდენი ძალის, ვასალების მომრავლება და
მათი საბოლოო ჩამოშორება ცენტრისაგან. მეფე-სიუზერენს უკევ აღარ შეუძლია მათი
დამარცხება. ამიტომ დარბაზს საბოლოოდ შერიგება და ზავი დაუსკვნია. ამის შემდეგ
კონსტანტინე დაზავებია კახეთის მეფეს ალექსანდრეს, იმერეთის მეფეს ალექსანდრეს და
სამცხის ათაბაგს. მხარეები, ჩანს, საზღვრებზეც შეთანხმებულან. და 1490 წელს საბოლოოდ
საქართველო დაიშალა სამეფო სამთავროებად. 

You might also like