You are on page 1of 6

I.

ეგნატე ანტიოქიელი (დაახლ. 35 – 107)

ეპისტოლე რომაელთა მიმართ

ეგნატი ღმერთშემოსილი - ეკლესიას, წყალობაქმნილს უზენაესი მამის


სიდიადეში, მისი მხოლოდშობილი ძის იესუ ქრისტეს მიერ,
შეყვარებულსა და განათლებულს მამისვე ნებით, ვისაც ესათნოება
ყოველივე, რაც კი არსებობს იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის რწმენასა და
სიყვარულში, - ეკლესიას, რომელიც მოთავეობს რომაელთა ქვეყნის
სამკვიდრებელში, ღვთივღირსეულს, ღირსადმშვენიერს,
ნეტარღირსეულს, ღირსადსაქებელს, ღირსადსასურველს,
ღირსადწმიდასა და წინამძღვარს სიყვარულისას, ქრისტეს სჯულიერს,
მამის მოსახელეს, რომელსაც მოგიკითხავ სახელითა ძისა მამისა, იესუ
ქრისტესითა! თქვენ, რომლებიც ხორციელად და სულიერად შეუერთდით
უფლის ყველა მცნებას, რომლებიც წრფელად აღივსეთ საღვთო მადლით
და განიწმიდეთ ყოველი უცხო ფერისაგან, უსპეტაკესად იხარებდეთ იესუ
ქრისტეს, ჩვენი ღვთის მიერ!

1.1. რადგანაც ფრიად ვევედრე ღმერთს ლოცვათა მიერ, ვეღირსე იმას,


რომ ვიხილე და შევიწყნარე ღირსსახილველნი თქვენი სახენი, და თუ
ღვთის ნება ღირსმყოფს, აგრეთვე, რომ მივეწიფო აღსასრულსაც,
ვსასოებ მაშინ, იესუ ქრისტეს მიერ შეკრულმა ამბორ-გიყო თქვენ. 2.
კეთილად განეგო დასაბამი, თუკი მომმადლებს ღმერთი იმასაც, რომ
უბრკოლველად მოვიგო ჩემი წილხვედრი. შიში მაქვს თქვენი
სიყვარულისა, არ მიმტროს მან მე, რადგანაც თქვენთვის ადვილია ისა
ქმნათ, რაც გსურთ, ჩემთვის კი, - თუკი არ განმეკრძალვით, - საძნელოა
ღმერთს მივეახლო.

2.1. არათუ ის მწადია, რომ აამოთ ადამიანებს, არამედ მხოლოდ -


ღმერთს სათნო-ეყოთ, რასაც იქმთ კიდეც. ვერ მოვიპოვებ უმჯობეს ჟამს,
ღმერთს მივეახლო, და თქვენც, უკეთუ დაიდუმებთ, სხვას ვერას ჰპოვებთ
საქმეს უკეთესს თქვენი თავისთვის. თუკი დუმილით განმეკრძალვით,
გავხდები ღვთისა, მაგრამ თუ ჩემს ხორცს შეეტრფობით, კვლავ მივიქცევი
სრბოლისაკენ. არათუ სხვა რამ, ჩემთვის მარტოდენ ის იზრუნეთ, ღმერთს
შევეწირო ზედაშეს მსგავსად, რადგანაც უკვე განემზადა საკურთხეველი,
თქვენ კი შემოკრბით სიყვარულით, როგორც რამ ქორო, და უგალობეთ
მამას იესუს მიერ, რადგანაც ღმერთმა ღირს-იჩინა ეპისკოპოსი სირიისა;
აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ უწოდა მას. კარგია ამ ქვეყნიდან
ღვთისაკენ ”ჩასვლა”, რომ შემდეგ მასთან ”აღმოვიდე”.

3.1. არასოდეს გშურდათ ვინმესი; სხვებს ასწავლიდით. მსურს მტკიცედ


ეგოს ყოველივე, რაც თქვენ ასწავლეთ და განაჩინეთ. ჩემთვის მარტოდენ
ის ითხოვეთ, ძალა მომეცეს შინაგანად და გარეგანად, რომ არა მხოლოდ
სიტყვით ვამბობდე, მსურდეს კიდეც; არა მხოლოდ სახელად მერქვას
ქრისტიანი, ვიყო კიდე და თუ ვიქნები, მეწოდება კიდეც ამგვარად,
მორწმუნე კი მაშინ გავხდები, ქვეყნად რომ აღარ გამოვჩნდები.
ჩენილთაგან რა არის კარგი? მამაში მყოფი ღმერთი ჩვენი იესუ ქრისტე
უმეტესად არის ჩენილი. არათუ რწმუნების საქმეა ქრისტიანობა, არამედ -
სიდიადისა, როდესაც მოიძულებს მას სამყარო.

4.1. მივწერ მე ყველა ეკლესიას და ვამცნებ ყველას, რომ ნებსით ვკვდები


ღვთისათვის, თუკი თქვენს მიერ არ დავბრკოლდები. ამიტომ
გევედრებით, უდროო დროს ნუ გამოავლენთ კეთილგანწყობას. მაცადეთ
მე, გავხდე მხეცების ლუკმა, რადგანაც მათი გზით ღმერთს მივეახლები.
ხორბალი ვარ ღვთისა და დავიფქვები მხეცთა კბილებით, რომ გახდე
წმიდა პური ქრისტესი. 2. უფრო ის ეცადეთ, ალერსით აწვიოთ მხეცები,
საფლავად მექნენ მე და არაფერი დატოვონ ჩემი ხორციდან, რომ
დაძინებული არავის ვემძიმო. ჭეშმარიტად მაშინ ვიქნები მოწაფე იესუ
ქრისტესი, რაჟამს ჩემს სხეულსაც ვეღარ იხილავს ქვეყნიერება. ლიტანია
ჰყავთ ქრისტეს მიმართ ჩემთვის, რომ ამგვარი სახით შევიწირო
ღვთისადმი. 3. პეტრესებრ და პავლესებრ როდი გამცნებთ თქვენ: ისინი -
მოციქულნი, მე კი - მსჯავრდებული, ისინი - თავისუფალნი, მე კი ვიდრე
დღემდე - მონა, მაგრამ თუ ვივნებ, ვით აზატქმნილი იესუ ქრისტესი,
თავისუფალი აღვდგები მის მიერ, აწ კი ტყვექმნილი იმას ვსწავლობ,
არაფრისადმი მქონდეს გულისთქმა.

5.1. სირიიდან რომამდე ხმელეთსა და ზღვაზე, დღითა თუ ღამით ვებრძვი


მე მხეცებს, ბორკილდებული ათი ავაზას, ანუ, რაც იგივეა, მხედართა
დასის მიერ, რომლებსაც თუმცა კეთილს უყოფენ, მეტად და მეტად
ავდებიან. მათი სიავე უმეტესად მასწავლის მე, მაგრამ ”არათუ ამით
რასმე განვმართლდები” (I კორ. 4,4).

2. დაე, ღირსი ვიყო მხეცებისა, რომლებიც მზადყოფნაში არიან ჩემთვის.


ვილოცავ მათთვის, რომ დამეხმარონ; ალერსით ვაწვევ, ხარბად მჭამონ,
რათა არ მოხდეს ისე, რომ დამიფრთხნენ, როგორც ზოგ ვინმეს, და არ
შემეხონ. თუნდაც რომ ნებით არ ისურვონ თვით ვაიძულებ. შემინდეთ,
ძმანო, რადგანაც ვიცი, რაც მე მარგებს!

3. აწ შევუდგები მოწაფეობას. ნუვინ იქნება, - ნურც ხილული, ნურც


უხილავი, - მოშურნე ჩემთვის, რომ მივეახლო იესუ ქრისტეს. ცეცხლი და
ჯვარი, მხეცთა გუნდები, დაჭრა-დაგლეჯა, ძვლების მიმოყრა,
ასოთმოკვეთა, დაქუცმაცება მთელი ტანისა, ეშმაკისაგან ტანჯვა-წამება,
და - დაე, შემემთხვეს ეს ყოველივე, რომ მივეახლო იესუ ქრისტეს.

6.1. არაფერი მარგებს სიამენი ამა ქვეყნისა, არც სააქაო სამეფონი.


მიღირს, რომ მოვკვდე იესუსთვის, ვიდრე ვეუფლო ქვეყნის კიდეებს. მას
ვეძიებ, ვინც ჩვენთვის მოკვდა. იგი მსურს, ვინც ჩვენთვის აღდგა.
მომელის მე შობა!

2. შემინდეთ ძმანო! ნუ დამაბრკოლებთ, რომ გავცხოველდე: ნუ ინებებთ,


რომ მოვკვდე! ვინც მსურველია, რომ იყოს ღვთისა, ამა სოფლისათვის ნუ
გასცემთ მას, და ნუ აცთუნებთ ნივთის მიერ. მაცადეთ, შევიწყნარო წმიდა
ნათელი. რაჟამს იქ მივალ, შევიქმნები ადამიანი.

3. მაცადეთ, ვბაძო ვნებას ღვთისას. ვინც თავის თავში ღმერთს შეიცავს,


დაე, შეიცნოს, რასაც ვესწრაფვი, და თანამიგრძნოს, რამეთუ უწყის, რით
ვარ პყრობილი.

7.1. სოფლისმთავარი განიზრახავს ჩემს წარტაცებას, ღვთისადმი ჩემი


სურვილის გახრწნას და ნუ იქნება მისდა შემწედ ვინმე თქვენგანი.
უმჯობესია, გახდეთ ჩემი, რაც ნიშნავს, - ღვთისა! ნუ იქმთ იმგვარად,
სიტყვით ამბობდეთ იესუ ქრისტეს, გულისთქმა კი ქვეყნისკენ გქონდეთ. ნუ
დაიბუდებს შური თქვენში.

2. თუნდაც პირისპირ გევედროთ თქვენ, ნუ მერწმუნებით. უმჯობესია ის


ირწმუნოთ, რასაც მოგწერთ, რადგანაც გწერთ მე ცოცხალი, კვდომის
მეტრფე. ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება და აღარ არის ჩემში
ნივთისმოყვარე ცეცხლი, არამედ ცხოველი წყალი, რომელიც ჩემში
მეტყველებს და შინაგან მეტყვის: ”მოდი მამასთან”. აღარ შევიტკბობ
ხრწნილების საზრდოს, არც ამ ცხოვრების სიამეებს. მსურს პური ღვთისა, -
ხორცი იესუ ქრისტესი, რომელიც იშვა ”თესლისაგან დავითისა” (იოანე
7,42; რომ. 1,3), და მსურს სასმელი, სისხლი მისი, რაც სიყვარული არის
უხრწნელი.

8.1. აღარ ვესწრაფვი კაცებრ ცხოვრებას. ასე იქნება, თქვენ თუ ინებებთ,


ხოლო გნებავდეთ, რომ თქვენც გინებონ! მოკლე წერილით გევედრებით:

2. ირწმუნეთ ჩემი. მართლად რომ ვამბობ, გააცხადებს, თქვენს წინაშე


იესუ ქრისტეს, - უტყუარი პირი, რომლის მიერ ჭეშმარიტი გვაუწყა მამამ.

3. ითხოვეთ ჩემთვის, მას მივეახლო. ხორციელად როდი მოგწერთ, -


ოდენ ღვთის ნებით. უკეთუ ვივნებ, გნებებივართ, თუ ვერ ვეღირსე,
გძაგებივართ.

9.1. მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში ეკლესია სირიისა, რომელსაც ჩემს


სანაცვლოდ ღმერთი ჰყავს მწყემსად. ეპისკოპოსობს მასზე მარტოოდენ
იესუ ქრისტე და თქვენმიერი სიყვარული.

2. სირცხვილი არის, მეც მათ შორის შერაცხილვიყო, მათი ნარჩევი,


მათგან განგდებული. არა ვარ ღირსი, მაგრამ ღმერთს თუ მივეახლები,
შევიწყალები, რომ ვიყო ვინმე.

3. ამბორ-გიყოფს თქვენ ჩემი სული და სიყვარული ეკლესიათა,


რომლებმაც კი შემიწყნარეს ქრისტეს სახელით, მაგრამ-არათუ მსგავსად
მწირისა. ეკლესიები, მშორებელნი ჩემს ხორციელ გზას, ქალაქებში წინ
მიხვდებოდნენ.

10.1. ამას გწერთ სმირნიდან ნეტარღირსეულ ეფესელთა მიერ. ბევრ


სხვასთან ერთად ჩემთან არის აქ კროკოსიც, - საწადელი ჩემთვის
სახელი.

2. მჯერა, რომ იცით მათ შესახებაც, რომლებმაც უკვე წინ მისწრეს მე


სირიიდან რომისაკენ ღვთის სადიდებლად. აუწყეთ მათ, რომ ახლოსა
ვარ. ყველა მათგანი ღირსი არის ღვთისაც და თქვენიც. ამიტომაც
შეგფერით თქვენ, განუსვენოთ მათ ყოვლითურთ.

3. ხოლო მოგწერეთ ეს ცხრა დღით უწინარეს სექტემბრის კალენდებისა.


ქრისტესმიერი მოთმინებით გაძლიერდით აღსასრულამდე!

II.
პლინიუს უმცროსის1 წერილი იმპერატორ ტრაიანეს2 ქრისტიანების
შესახებ

ჩემი ჩვეულებაა, ჩემო ბატონო, რომ ყოველთვის მოგმართოთ თქვენ იმ


საკითხებზე, რომლებშიც მე ვორჭოფობ. რადგან ვინ გამიწევს მე თქვენზე
უკეთეს მეგზურობას ჩემს გაურკვევლობაში და და თქვენზე უკეთ ვინ
განასწავლებს ჩემს უმეცრებას? მე აქამდე არასდროს მიმიღია ქრისტიანების
გასამართლებებში მონაწილეობა. ამიტომ, არ ვიცი, რა დარღვევებისთვის
არის საჭირო და მიღებული მათი დასჯა, ან რა არის გამოსაძიებელი და რა
ზღვრამდე. ხოლო მე ცოტათი ვორჭოფობდი იმასთან დაკავშირებით, რომ
უნდა გამეკეთებინა თუ არა განსხვავება ასაკის მიხედვით, თუ არ ჰქონდა
ასაკს ნიშვნელობა და სულერთი იყო ძალიან ახალგაზრდებთან გქონდა საქმე
თუ უფრო ზრდასრულებთან; ან შეიძლებოდა თუ არა პატიების გაცემა
პიროვნების მოინანიების შემთხვევაში, თუ, თუკი პიროვნება ერთეხელ მაინც
იყო ქრისტიანი, ქრისტიანობის დატოვებაც აღარაფერს არგებდა; უნდა
დასჯილიყო თუ არა ადამიანი მხოლოდ ამ სახელის, ქრისტიანის
ტარებისთვის, ყოველგვარი დარღვევის და დანაშაულებრივი ქმედების
გარეშე, თუ მხოლოდ ამ სახელთან დაკავშირებული და ამ სახელის
თანმხლები დანაშაულებისთვის უნდა დამესაჯა ისინი.
ამასობაში, მათ მიმართ, ვინც დაკავებულ იქნენ როგორც ქრისტიანები, მე
შემდეგ პროცედურას მივმართე: მე დავკითხე ისინი, იმის გამოსარკვევად,
არიან თუ არა ქრისტიანები; ისინი, ვინც აღიარა, მე მეორედ და მესამედ
დავკითხე და სასჯელითაც დავემუქრე. ისინი, ვინც გაჯიუტდენ, მე სიკვდილით
დავსაჯე, რადგან, მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ რაც კი გინდა იყოს მათი
სწავლება, თავად ეს სიჯიუტე და მოუდრეკავი სიკერპე ყოველგვარი სათუობის
გარეშე იმსახურებს დასჯას. სხვებიც იყვნენ, რომლებსაც იგივე ბრალი
ჰქონდათ, მაგრამ, ვინაიდან ისინი რომის მოქალაქეები იყვნენ, მე ბრძანება
გავეცი, რომ ისინი რომში ყოფილიყვნენ გადაგზავნილნი.
ამის შემდეგ მალე ბრალდებებმა იმატა, როგორც ჩვეუელებრივ ხდება,
რადგან პროცესები მიმდინარეობდა და რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
ანონიმური დოკუმენტი გამოქცვეყნდა, სადაც მოცემული იყო მრავალი პირის
სახელი. ამათგან ისინი, რომლებმაც უარი თქვეს რომ ან არიან ან ოდესმე
იყვნენ ქრისტიანები, მას შემდეგ, რაც მათ მოუხმეს ღმერთებს იმ სიტყვებით,
რომლებიც მე ვუკარნახე მათ, და ათავლინეს ლოცვები საკმევლის კმევითა
და ღვინით თქვენი გამოსახულების წინაშე, რომელიც მე შემოვატანინე
საგანგებოდ ამ მიზნით ღმერთების ქანდაკებებთან ერთად, და მეტიც,

1
პლინიუს უმცროსი (61-113) რომაელი მაგისტრატი, რომელიც სიცოცხლის ბოლო
წლებში (110-113) იყო ბითინიის ოლქის მმართველი.
2
ტრაიანე - რომის იმპერატორი (98-117)
დაწყევლეს ქრისტე - როგორც ამბობენ, არცერთ ამ ქმედებას ისინი, ვინც
ნამდვილად ქრისტიანია, ძალდატანების შემთხვევაშიც არ ასრულებს - მე
კეთილგონივრულად ჩავთვალე გამეშვა. სხვებმა, რომლებიც ინფორმატორმა
დაასახლა, თქვეს, რომ ისინი იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ შემდეგ უარყვეს ეს,
ამტკიცებნდენ რა, რომ ისინი ადრე იყვნენ და მერე შეწყვიტეს, ზოგმა სამი
წლის წინ, ზომგმა მრავალი წლის წინ, ზოგმა ოცდახუთი წლის წინაც კი.
ყველა მათგანმა თაყვანი სცა შენს გამოსახულებას და ღმერთების
ქანდაკებებს და დაწყევლეს ქრისტე.
თუმცა, მათ აღიარეს, რომ მთელი არსი მათი ბრალისა და ცდომილებისა იყო
იმაში, რომ ისინი იკრიბებოდნენ ფიქსირებულ დღეს განთიადამდე და
ერთმანეთთან გადაძახილებით გალობდნენ ჰიმნს ქტისტეს მიმართ როგორც
ღმერთის მიმართ და ერთმანეთს კრავდნენ ფიცით არა რამე დანაშაულის
ჩასადენად, არამედ იმაზე, რომ არ ეცრუათ, არ ეპარათ, არ ემრუშათ, არ
დაეწამათ ცილი და გამოსულიყვენ მართალ მოწმეებად მაშინ, როდესაც
ამისკენ მოუწოდებდნენ. როდესაც ეს დასრულდებოდა, მათი საერთო წესი
იყო, რომ დაშლილიყვნენ და კვლავ შეკრებილიყვნენ საჭმლის საჭმელად -
მაგრამ ჩვეულებრივი და არაბრალდასადები საჭმლისა. როგორც თქვეს, ესეც
კი შეწყვიტეს, როდესაც მე გამოვეცი ედიქტი (ბრძანება), რომლითაც თქვენი
ინსტრუქციების მიხედვით, მე ავკრძალე პოლიტიკური ასოციაციები.
შესაბამისად, მე საჭიროდ ჩავთვალე გამომერკვია სიმართლე და ვაწამებინე
ორი მონა ქალი, რომლებსაც დიაკონისები ეწოდებათ. მაგრამ ვერაფერი
აღმოვაჩინე გარდა ერთი არაფრადჩასაგდები, გადამეტებული ცრურწმენისა.
მაშასადამე, მე შევწყვიტე გამოძიება და მივისწრაფე თქვენი რჩევის
საკითხავად. რადგან ეს საკითხი ჩემთვის სწორედ ისეთი კატეგორიისა იყო,
რომ თქვენთვის უნდა მომემართა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძალიან
დიდი რაოდენობის ხალხს ეხება. ვინაიდან ყველა ასაკის, ყველა
თანამდებობის და ორივე სქესის ადამიანები არიან საფრთხეში. რადგან ამ
ცრურწმენის ინფექცია გავრცელდა არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ
სოფლებში და ფერმებშიც. მაგრამ, როგორც მგონია, ჯერ კიდევ შეიძლება
მისი შეჩერება და განკურნება. ნამდვილად, სავსებით ცხადია, რომ ხალხმა
კვლავ დაიწყო სიარული ტაძრებში, რომლებიც თითქმის დაცარიელებული
იყო, რომ დაწესებული რელიგიური რიტუალები, რომლებსაც დიდი ხანია უკვე
ყურადღებას არ აქცევდნენ, კვლავ აღდგა, და ისიც რომ მსხვერპლად
შესაწირი ცხოველები ყოველი მხრიდან მოაქვთ, მაშინ როცა ამ ბოლო
დრომდე ძალიან ცოტა მყიდველი თუ ჰყავდა მათ. მაშასადამე, ადვილია იმის
მიხვედრა და წარმოდგენა, თუ რა დიდი რაოდენობის ხალხის რეფორმირება
და გამოსწორება შეიძლება, თუ მათ მონანიების საშუალებას მისცემ.

ტრაიანე პლინიუსს

შენ სწორ პროცედურებს მიმართე, ჩემო ძვირფასო პლინიუს, იმაში, რომ ასე
ერთმანეთისაგან გამორჩევით მიუდექი იმათ საქმეთა განხილვას, ვინც შენთან
შეასმინეს როგორც ქრისტიანები. რადგან, შეუძლებელია დააწესო ერთი
საზოგადო კანონი, რომელიც ფიქსირებულ სტანდარტად გამოდგება ყველა
ინდივიდუალური შემთხვევისთვის. ისინი შენ საგანგებოდ არ უნდა ეძებო; თუ
მათ შეასმენენ, ან თუ დამტკიცდება მათი ბრალეულობა, ისინი უნდა
დაისაჯნონ, იმ შეზღუდვით, რომ ვინც კი უარყოფს, რომ ქრისტიანია და
ნამდვილად დაამტკიცებს ამას, ანუ თაყვანისცემას აღუვლენს ჩვენს
ღმერთებს, თუნდაც ის ეჭვმიტანილი ყოფილიყო წარსულში, უნდა გახდეს
შეწყალების ღირსი მონანიების გზით. მაგრამ ანონიმურად მოსულ შესმენებს
არ უნდა ჰქონდეს ადგილი ნებისმიერ გამოძიებაში, ვინაიდან ეს ჯერ ერთი
სახიფათო პრეცედენტს შექმნის, მეორეც ერთი არ შეეფერება ჩვენი ეპოქის
სულისკვეთებას.

You might also like