You are on page 1of 10

I.

ეს ტექსტი აჩვენებს ათენელების დამოკიდებულებას


მეფისადმი, რომელიც ღვთაების სტატუსში აყავთ. მეფის
ღვთიური კულტი განვითარდა ალექსანდრე მაკედონელის
შემდეგ. ელინისტური ხანის მეფეების გაღმერთება წინ
უძღოდა და ერთ-ერთი მიზეზი იყო რომის იმპერატორისთვის
ღვთიურის სტატუსის მინიჭებისთვის.

ათენელების ჰიმნი დემეტრიოს პოლიორკეტეს მაკედონელს (337-283


ძვ.წ.)

“ვინ უდიადესი და უძვირფასესი ღმერთთა შორის ეწვია ჩვენს ქალაქს!


რადგან გარემოებამ ერთად შეჰყარა დემეტრა და დემეტრიოსი; იგი
[დემეტრა] მოდის, რათა იდღესასწაულოს კორეს (პერსეფონეს)
მაღალი მისტერიები (ელევსინის მისტერიები), ხოლო იგი
[დემეტრიოსი] სიხარულით აღსავსეა, როგორც შეჰფერის ღმერთს,
გაბადრულია და იცინის. მისი იერი საზეიმო და ბრწყინვალეა, მას
მეგობრები არტყია გარს, ის კი მათ შუაგულშია, როგორც მზე
ვარსკვლავებს შორის. ვაშა შენ, ძეო ყოვლადმძლავრი ღმერთის
პოსეიდონისა და აფროდიტესი! ვინაიდან, სხვა ღმერთები ან შორს
არიან, ან მათ ყურები არ აქვთ, ან ისინი საერთოდ არ არსებობენ, ან
[თუ არსებობენ] არც კი გვამჩნევენ, მაგრამ შენ გვხედავ და ჩვენთან
ხარ, არა ხისგან ან ქვისგან გაკეთებული, არამედ ნამდვილი. ასე რომ
ჩვენ ლოცვას აღგივლენთ: პირველ ყოვლისა, უძვირფასესო, მშვიდობა
დაამყარე, რადგან შენ გაქვს ძალა!”

III.
ისიდას (ისისი) კულტი იყო ერთ-ერთი სინკრეტული კულტი გვიან
ანტიკურობაში, რომელიც აერთიანებდა ბერძნულ და აღმოსავლურ
ელემენტებს. ისიდა გახდა ძალიან პოპულარული ღმერთი რომის
იმპერიაშიც.

ისიდას (ისისის) არეტოლოგია (თვისებების და დამსახურებების ჩამოთვლა)

“მე ვარ ისიდა, უფალი ყველა მიწისა;


მე მივეცი ადამიანებს დაწესებული კანონები, რომლებსაც ვერავინ შეცვლის;
მე ვარ უხუცესი კრონოსის შვილებს შორის;
მე ვარ ცოლი და და ოსირისისა;
მე ვარ ის, ვინც ნაყოფს პოულობს ადამიანებისთვის;
მე ვარ ის, ვისაც ქალღმერთს უწოდებენ ქალები;
მე გამოვყავი მიწა ზეცისგან;
მე ვუჩვენე გზები ვარსკვლავებს;
მე შევქმენი საქმიანობა ზღვაზე;
მე გავაძლიერე მართლები;
მე განვუცხადე საიდუმლოებები (მისტერიები) ადამიანებს;
მე დავასრულე მკვლელობები;
მე გადავლახე ბედისწერა;
ბედისწერა მე მემორჩილება;
დიდება შენ, ეგვიპტევ, რომელმაც გამომზარდე მე”.

IV.

1
ზამაროსის ისტორია აჩვენებს ანტიკურ, სინკრეტულ მიდგომას რელიგიისადმი.
ზამაროსი იყო აღმოსავლელი (შესაძლოა, ბუდისტი) ელჩი ათენში, სადაც მან მიიღო
მონაწილეობა ელევსინის მისტერიებში.

ზამაროსის (ზარმანოჩეგასის) ისტორია:

სტრაბონი:

“ამ გადმოცემებს უნდა დაემატოს ნიკოლოზ დამასკელის მოთხრობაც. ეს მწერალი


გვიყვება, რომ ანტიოქიაში ის შეხვდა ინდოელ ელჩებს, რომლებიც ავგუსტუს
იმპერატორთან იყვნენ გაგზავნილნი. ნაწერიში რამდენიმე პიროვნებაა მოხსენიებული
ელჩებად, მაგრამ, ჩანს, რომ მხოლოდ სამი გადარჩა მათგან, რომლებიც მან ნახა.
სხვები დაიღუპნენ, ძირითადად მგზავრობის სიგრძისა და სირთულის გამო. ამ ელჩებს
ახლდა კაცი, რომელმაც თავი დაიწვა ათენში. ეს არის პრაქტიკა ადამიანებისა,
რომლებიც მწუხარებაში არიან და ეძებენ თავის დარწევას არსებული
ბედკრულობიდან, სხვა შემთხვევაში კი ადამიანებისა, რომლებიც, პირიქით,
ბედნიერებას სწევიან, როგორც ეს იყო ამ კაცის შემთხვევაში. რადგან, მართლაც,
აქამდე ყველა გარემოება სწყალობდა მას და ამის გამო მან გადაწყვტა ამ ქვეყნიდან
წასვლა, აქაოდა, ვაითუ რამე გაუთვალისწინებელი გარემოება მოხდეს მანამდე,
სანამ ცოცხალი ვიქნებიო. ან იქნებ, რადგან თავად ბრძენთა კასტას ეკუთვნოდა,
ათენში ამბიციამ შეიპყრო, ან იქნებ ათენელებისა და ავგუსტუსისთვის რაიმე
სარგებლის ჩვენება უნდოდა მადლიერების გამო, რადგან მიიღო მონაწილეობა ერთი
დღით ადრე ელევსინურ მისტერიებში და თქვა: ‘მართლაც დიდი იყო ეს საიდუმლო,
მაგრამ მე ამაზე უფრო დიდს გაჩვენებთო’. ასე იყო თუ ისე, ღიმილით პირზე, შიშველი
და ქამრით შემორტყმული იგი გადაეშვა მისთვის საგანგებოდ დანთებულ ცეცხლში.
მის საფლავზე კი ეს წარწერა იყო:
“აქ წევს ზარმანოჩეგასი, ინდოელი, ბარგოსას მკვიდრი, რომელმაც თავისი თავი
უკვდავყო თავისი ქვეყნის ადათის მიხედვით”.

V.
ეს არის იუდეის მეფის (რომელიც პირველ საუკუნეში, ცხადია, რომის
იმპერატორს ემორჩილებოდა) აგრიპა II-ის სიტყვა რევოლუციონერი
ებრაელების წინააღმდეგ, რომლებსაც აჯანყება სურთ რომის წინააღმდეგ. აქ
ვიგებთ ბევრ საინტერესო რამეს ებრაელების და რომაელების, ასევე სხვა
ხალხის ურთიერთობაზე, სოციო-პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ-
რელიგიურ დამოკიდებულებაზე.

იუდეის მეფე აგრიპა II-ის სიტყვა რევოლუციონერი ნაციონალისტების


მიმართ (66 წ. ახ. წ).

“მე რომ განმეცადა და მენახა, რომ თქვენ ყველას გულმხურვალედ


გადაგიწყვეტიათ ომი ატეხოთ რომაელების წინააღმდეგ, ხოლო უფრო
წმინდა და პატიოსანმა ნაწილს [ებრაელი] ხალხისა არ მოეწოდა
თქვენთვის გეცხოვრათ მშვიდობაში, მე არ გამოვიდოდი თქვენს წინაშე
და არც ისე გავკადნიერდებოდი რომ ჩემი თავისთვის თქვენთვის ჭკუა-
დარიგების უფლება მიმეცა; ვინაიდან ნებისმიერი მჯელობა, რომელიც
არწმუნებს ადამიანებს თუ როგორ ხამს ისინი მოიქნცენ, ფუჭი და ამაოა
როდესაც მსმენელები ერთსულოვნად სხვა რამეზე არიან
შეთანხმებულები. მაგრამ, ვინაიდან თქვენს შორის ზოგი იმიტომ არის
აღტყინებული ომისთვის, რომ ახალგაზრდაა და გამოუცდელი
ცხოვრების სირთულეებსა და უბედურებებში; ხოლო ზოგი იმიტომ
უჭერს ომს მხარს, რომ აქვთ მცდარი და გონებაზე არდაფუძნებული
იმედი, რომ ასე თავისუფლებას დაიბრუნებენ; ზოგი კი ფიქრობს იმ

2
არევ-დარევაში რაც ომს მოყვება, მიიტაცონ ის, რაც ეკუთვნი იმ ხალხს,
ვინც საკმაოდ სუსტები არიან, იმისათვის, რომ ასეთ მოძალადეებს წინ
აღუდგნენ, მე სათანადოდ ჩავთვალე შემეკრიბეთ თქვენ ყველანი და
მეთქვა თქვენთვის ის, რაც ვფიქრობ თქვენთვის სასარგებლო იქნება,
იმ იმედით, რომ პირველნი უფრო ბრძნულად შეხედავენ რეალობას და
აზრს შეიცვლიან და ერის საუკეთესო ნაწილიც არ დაზარალდება
სხვათა ბოროტი ქცევის გამო. და დაე ნურავინ ნუ აღშფოთდება ჩემს
წინააღმდეგ, თუ ჩემგან იმას გაიგონებს, რაც არ ესიამოვნება; რადგან,
თავად ისინიც, ვინც არანაირ კურნებას არ დაუშვებენ თავისი
თავისთვის, ჩემი სიტყვის მერე მაინც შეძლებენ თავიანთი ემოციების
რამდენადმე დაოკებას, მაგრამ თუ სიჩუმეს არ შეინარჩუნებთ და
ბოლომდე არ მომისმენთ, მაშინ ჩემი სიტყვები კედელზე ცერცვის შეყრა
იქნება იმათთვისაც, ვისაც გონება და გაგების უნარი კიდევ შერჩენია.
მე ძალიან კარგად ვიცირ, რომ ბევრი ტრაგიკულად ყბადაღებული
მოთქვამს და გაყვირის იმ ტკივილებზე და ჭრილობებზე რაც მოგაყენეს
თქვენ თქვენმა პროკურატორებმა* (*რომის თანამდებობის პირები,
ვინც განაგებდნენ პროვინციებში ფინანსულ საკითხებს, ან იყვნენ უფრო
მცირე პროვინციის მმართველები, როგორც მაგ. პილატე პონტოელი)
და თავისუფლების დიად უპირატესობაზე; მაგრამ მანამდე, სანამ მეც
იგივეს გავაკეთებდი, მე მსურს თქვენს წინაშე გამოვიძიო, თუ ვინ არიან
ისინი, ვის წინააღმდეგაც თქვენ ომს აპირებთ: ჯერ მე გავმიჯნავ
ერთმანეთისაგან იმ პრეტენზიებს, რომლებიც ზოგიერთმა თქვენგანმა
გააერთიანა [თავის რიტორიკაში]; ვინაიდან, თუ თქვენ მიზნად გაქვთ
შური იძიოთ მათ წინააღმდეგ, ვინც თქვენ რამე კონკრეტული ზიანი
მოგაყენათ, რატომ იჩვენებთ თავს, რო ეს არის ომი თქვენი
თავისუფლებისთვის? მაგრამ, თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ ნებისმიერი
მსახურება მიუღებელია, მაშინ რა მიზანს ემსახურება თქვენი ჩივილი
თქვენი კონკრეტული მმართველების მიმართ? რადგან, გამოდის, რომ,
ისინი რომ ზომიერად და წესიერად მოგპყრობოდნენ, მაშინ მაინც უნდა
აჯანყებულიყავით, რადგან მსახურება თანაბრად ბოროტებაა გინდა
წესიერი გინდა წესების დამრღვევი [უცხო] ძალის წინაშე. ახლა კი
განვიხილოთ ის რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, რომელმაც თქვენ
აღგაშფოთათ და ვნახოთ, თუ რამდენად მცირე მიზეზი გაქვთ ომის
დაწყებისათვის. თქვენი პირველი შემთხვევაა ბრალდებები
პროკურატორების წინააღმდეგ: მაგრამ აი სწორედ აქ თქვენ გმართებთ
იყოთ მორჩილნი ხელისუფლების აღმსრულებლების მიმართ და არ
მისცეთ მათ პროვოკაციის რამე მიზეზი; თქვენ კი, მაშინ, როდესაც
მცირე დარღვევებზე ერთ ვაი-უშველებელს ტეხავთ, ამით ხომ
აღიზიანებთ მათ, ვისაც საყვედურობთ და თქვენს სამტროდ აღძრავთ
მათ, და მათ უკვე მოტივი ეძლევათ არა მხოლოდ პირად და ცალკე
შემთხვევებში გავნოთ თქვენ, და ეს გარკვეული ზომიერებითა და
ზედმეტი გათამამების გარეშე, არამედ ღიად და ოფიციალურადაც. განა
არ იცით, რომ არაფერი ისე არ არბილებს და ახშობს დარტყმის ძალას,
ვიდრე მათი მოთმინებით ატანა, და რომ სიწყნარე მათი, ვინც განიცდის
ტკენას სწორედაც რომ გადაახვევინებს და ხელს ააღებინებს
მოძალადეს შემდგომი ზიანის მიყენებისაგან.
მაგრამ, კარგი, მოდით მივიღოთ უეჭველობად, რომ რომაელი
აღმასრულებლები ზიანს გაყენებენ თქვენ და უსაშველოდ სასტიკები
არიან; ამისდამიუხედავად, ისინი არ წარმოადგენენ მთელს რომაელ

3
ხალხს, ისე, თითქოსდა ყველა რომაელი გავიწროვებდეთ თქვენ; არც
თავად იმპერატორს, რომლის წინააღმდეგაც თქვენ გინდათ ახლა
იომოთ, არ მიუყენებია თქვენთვის ზიანი: განა მისი განკარგულებით
გამოიგზავნა თქვენთან რომელიმე ბოროტი ადმინისტრატორი?
ვინაიდან მათ, ვინც დასავლეთში არიან, არ შეიძლება იცოდნენ თუ რა
ხდება აღმოსავლეთში; არც აქაურებისთვის არის ადვილი ყურმოკვრით
მაინც გაიგონ იმაზე, თუ რა ხდება დასავლეთში. მაშასადამე, აბსურდია
უამრავის წინააღმდეგ დაიწყო ომი ერთი ბოროტის გამო, და ეს
გააკეთო ასეთი მძლავრი ხალხის (რომაელების) წინააღმდეგ,
უმნიშვნელო მიზეზის გამო; და თან ისე, რომ ეს ხალხი ჯერ სრულ
უმეცრებაში იყოს იმის თაობაზე, თუ რა გამწარებთ თქვენ: მართლაცდა,
ის დანაშაულებები, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ, უფრო ადვილად
არის გამოსწორებადი ყოველგვარი ომის გარეშეც - ბოლოს და
ბოლოს, იგივე პროკურატორი სამუდამოდ ხომ არ იქნება; და
სავარაუდოა, რომ მოვა მის შემდეგ მონაცვლე, რომელიც უფრო
რბილი და ზომიერი მიდრეკილებების იქნება. ხოლო რაც შეეხება ომს,
ერთხელ თუ გაჩაღდა, მერე მისი გაჩერება ადვილად აღარ შეიძლება
და არც ჩაივლის მისი თანმხლები უბედურებების გარეშე. თქვენი
თავისუფლების შესახებ კი ვიტყვი, რომ ყოველგვარ ვადას აცდენილია
იზრუნო მასზე ასე დაგვიანებით; ამაზე მართლაც უნდა გეზრუნათ
მთელი რუდუნებით ძველ დროს, რათა არასდროს დაგეკარგათ ის;
ვინაიდან ის პირველი გამოცდილება მონობისა მძიმე ასატანი იყო და
მაშინვე რომ დაგეწყოთ ბრძოლა, იმისათვის, რომ არადსროს
მოგედრიკათ ქედი ამ უღლისთვის, ეს სამართლიანი იქნებოდა; მაგრამ
მონა, რომელიც ერთხელ უკვე დამორჩილებულია და მერე გაიქცევა,
უფრო მეტად კანონისდამრღვევი მონაა, ვიდრე თავისუფლებისთვის
მებრძოლი. რადგან, სწორედ მაშინ ხამდა ყოველივე შესაძლებლის
გამოყენება, რათა არ მიგეღოთ რომაელები თქვენს ქალაქში, როდსაც
პომპეუსი მოვიდა თქვენს ქვეყანაში. მაგრამ, რას იზამ, როცა ჩვენმა
წინაპრებმა და მათმა მეფეებმა (ჰასმონიანთა დინასტიამ), რომლებიც
ჩვენზე უკეთეს ვითარებაში ცხოვრობდნენ, ჩვენზე მეტი ფულიც
ჰქონდათ, უფრო ძლიერი სხეულებიც და უფრო მამაცი სულებიც,
რომაელთა არმიის მცირე შენაერთსაც ვერ დაუპირისპირდნენ. და
თქვენ კი, რომლებმაც არ შეაჩვიეთ თქვენი თავი თაობებს შორის
მორჩილებას და რომლებიც გაცილებით უფრო სუსტები ხართ მათზე,
ვინც თქენივე გარემოებაში მაშინ მორჩილება არჩიეს, ახლა აპირებთ
მთელი რომის იმპერიის შეწინააღმდეგებას; ეს მაშინ, როცა
ათენელებიც კი, რომლებმაც იმისათვის რომ თავისუფლება დაეცვათ
ერთ დროს თავიანთ ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს, რომლებმაც ქსერქსე,
ეს ამპარტავანი მეფე, აოტეს, როდესაც ის ზღვით მიეახლა მათ იმხელა
არმიით, რომელსაც ზღვაც ვერ იტევდა და მთელი ევროპაც არ
ეყოფოდა; და ათენელებმა კი მას კუდით ქვა ასროლინეს და ერთი
გემით გააქციეს, და აზიის იმხელა ნაწილი ჩამოატეხეს, რამხელაც
პატარა სალამისია; და აი ეს ათენელებიც კი ახლა რომის მსახურები
არიან და ის განკარგულებები, რომლებიც იტალიიდან მოდიან,
საბერძნეთის მთავარი ქალაქის კანონებად დგინდებიან. ის ცნობილი
ლაკედემონელებიც, რომლებმაც თერმოპილესთან და პლატეასთან
დიდებული გამარჯვებები მოიპოვეს, რომელთაც მეფედ აგესილაოსი
ჰყავდათ და აზიის ყველა კუნჭულში იყვნენ შეღწეულნი, ისინიც კი

4
იძულებულნი გახდნენ თავის თავზე იგივე ბატონები (რომაელები)
ეცნოთ. თვით მაკედონელებმაც, რომლებსაც კვლავ ახსოვთ, თუ რა
დიადი ადამიანები იყვნენ ფილიპე II და ალექსანდრე, და რომ
უკანასკნელი მათ მსოფლიოზე გაბატონებას შეპირდა, იმხელა
ცვლილება განიცადეს, რომ ახლა მორჩილებას უცხადებენ რომაელებს,
რომლებიც ფორტუნამ მათ ადგილზე დააყენა. ამათ გარდა,ათიათასი
სხვა ერი, რომლებსაც ჩვენზე მეტი მიზეზი აქვთ იბრძოლონ თავიანთი
სრული თავისუფლებისთვის, ამისდამიუხედვად ემორჩილება მათ.
თქვენ ხართ ერთადერთი ხალხი, ვინც ფიქრობთ, რომ სირცხვილია
იყოთ მსახურნი მათი, რომლებსაც მთელი მსოფლიო დაემორჩილა. და
რა არმიას გინდათ დაეყრდნოთ? რა შეიარაღება გაგაჩნიათ? სად არის
თქვენი ფლოტი რომ რომაელებს ზღვებზე შეუტიოს? სად არის ის
საგანძური და თანხები, რომლებიც აუცილებელია ასეთი გეგმებისთვის?
ნუთუ გგონიათ რომ ეგვიპტელებს ან არაბებს უნდა ებრძოლოთ? ნუთუ
არ განიხილავთ ყურადღებით, თუ რა არის რომის იმპერია? ნუთუ არ
შეაფასებთ საკუთარ სისუსტეებს? განა თქვენი არმია არ
დამარცხებულა, თანაც საკმაოდ ხშირად, თვით თქვენი მეზობელი
ხალხის მიერ? რომაელთა ძალის მომრევი კი დედამიწის მთელს
დასახლებულ ტერიტორიაზე არ მოიპოვება! მეტიც, ისინი მოპოვებულს
არ სჯერდებიან და კიდევ უფრო შორს გაწვდომასაც აპირებენ, რადგან
ევფრატი არ არის მათთვის საკმარისი საზღვარი აღმოსავლეთით და
არც დუნაი ჩრდილოეთით; ხოლო მათი სამხრეთი საზღვარი ლიბია
გახდა თვით დაუსახლებელ ქვეყნებამდე; დასავლეთით კი თუმცა
კადისია მათი საზღვარი, ისინი ოკეანის მიღმადაც კი ეძიებენ
დასახლებულ მიწებს და თავიანთი იარაღი ბრიტანეთის იმ
კუნძულებადეც მიიტანეს, რომლებიც მანამდე ცნობილიც არ იყო. ჰოდა
რად მოგაქვთ ამის მერე თავი? რა, ნუთუ კელტებზე უფრო მდიდრები
ხართ, ან გერმანელებზე უფრო ძლიერები, ან ბერძნებზე უფრო
ბრძენები, ან უფრო მრავალრიცხოვნები, ვიდრე დედამიწაზე
დასახლებული ხალხი, რომლებიც რომაელებს ემორჩილებიან? იქნებ,
მითხრათ თქვენ, რომ ძნელია მონობის უღლის ატანა. კიბატონო,
მაგრამ რამდენად უფრო ძნელია ეს უღელი ბერძნებისთვის, რომლებიც
მზისქვეშეთში ყველაზე კეთილშობილ ხალხად ითვლებოდნენ?! და
ესენიც კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქვეყანაზე სახლობენ, ყველანი
რომაული ფასკების* (ჯოხების კონა, შუაში მათრახით, რომაული
ძალაუფლების სიმბოლო) ქვეშ არიან. იგივე შეიძლება ითქვას
მაკედონელებზე, რომლებსაც თქვენზე უფრო სამართლიანი მიზეზი
აქვთ თავისუფლებისათვის, ვიდრე თქვენ. ახლა რაღა ვთქვათ აზიის
ხუთას ქალაქზე? განა ისინიც არ ექვემდებარებიან კონსულების
ფასკებს? და განა საჭიროა სიტყვა გავაგრძელო ენიოქებზე და
კოლხებზე, ასევე ტაურის ერზე, რომლებიც ბოსფორის გარშემო
სახლობენ, ასევე პონტოს და მეოტისის გარშემო მცხოვრებ ხალხზე,
რომლებმაც მანამდე თავისი ბატონის მეტი არავინ იცოდნენ
მბრძანებლად, ახლა კი სამიათას შეიარაღებულ კაცს ექვემდებარებიან
და სადაც ორმოცი გრძელი გემი იცავს ამ ზღვას (შავ ზღვას)
მშვიდობით, როცა მანამდე მასზე ნავიგაცია არ შეიძლებოდა და
რომელმაც საშინელი ღელვა იცის. რამდენი მიზეზი აქვთ
თავისუფლებისთვის პამფილიის, ლიკიის, კილიკიის ხალხს! მაგრამ
ისინიც მოხარკეები არიან და არმიაც არ ჰყავთ. რა გარემოებები აქვთ

5
თრაკიელებს, რომელთა ქვეყანაც ხუთი დღის სავალზე იჭიმება
სიგანეში, სიგრძეში კი შვიდი დღის სავალზე, ბუნება კი გაცილებით
უფრო მკაცრია და შეუვალი, ვიდრე თქვენი, ხოლო კლიმატი ისეთი
ცივია, რომ არმიები შეიძლება შეაჩეროს მათზე იერიშის მიყენებისგან?
მაგრამ, განა ისინიც არ დაემორჩილნენ რომაელთა გარნიზონების
ორიათას კაცს? განა ილირიელებიც, რომლებიც მათი მოსაზღვრეები
არიან და დალმატიამდე და დუნაიმდე სახლობენ, ორი ლეგიონით არ
იმართებიან, რომლებიც ასევე დაკიელების შემოსევებს აკავებენ? ახლა
დალმატიელებზეც ვთქვათ, რომლებიც აქამდე ბოლომდე არ ყოფილან
დამორჩილებულები, და ყოველთვის ხელახლა იკრებდნენ ძალებს და
ჯანყდებოდნენ, - განა ისინი ამჟამად წყნარად არ არიან რომაელთა
ერთი ლეგიონის ქვეშ? მეტიც, თუკი დიდი უპირატესობები
პროვოცირებას გაუკეთებდა რომელიმე ხალხს აჯანყებისკენ, ასეთი
ხალხი პირველ რიგში კელტები იქნებოდნენ რადგან სრულიად
დაცულნი და გარშემორტყმულნი არიან ბუნებრივად: აღმოსავლეთით
ალპებით, ჩრდილოეთით - მდინარე რაინით, სამხრეთით - პირინეების
მთებით, ხოლო დასავლეთით - ოკეანით. თუმცა, მიუხედავად იმისა,
რომ კელტებს ამხელა დაბრკოლებები აქვთ თავის სასარგებლოდ,
იქამდე, რომ უსაფრთხოდ უნდა ეგრძნოთ თავი ნებისიერი შეტევისაგან,
და მიუხედავად იმისა, რომ სამას ხუთი ერისგან შედგებიან და შინაური
ბედნიერებით ტკბებიან, თანაც მთელს მსოფლიოს ჰფენენ თავიანთი
სვიანი მდგომარეობის უხვ ნაკადებს, ესენიც კი რომის მოხარკეები
არიან და თავიანთ სვეს მათ უმადლიან. და ამას ისინი იტანენ განა
იმიტომ, რომ გულდედლები არიან, ან კეთილშობილება აკლიათ,
რადგან მთელი ოთხმოცი წელი იბრძოლეს თავისუფლებისთვის,
არამედ იმ დიდი ანგარიშისა, რომელსაც უწევენ რომაელების ძალას
და მათდამი ფორტუნის შემწეობას, რომელსაც უფრო მეტი
ქმედითუნარიანობა აქვს, ვიდრე მთელ მათ (კელტების) შეიარაღებას.
ეს კელტები, მაშასადამე, მორჩილებაში ყავთ თორმეტიათას ჯარისკაცს,
რომლებიც უფრო მცირენი არიან ლამის, ვიდრე მათი ქალაქების
რაოდენობა. ესპანეთის მაღაროებიდან ამოღებული მთელი ოქროც კი
არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ საკმარისი მხარდაჭერა შეექმნათ
თავისუფლების მოსაპოვებელი ომისთვის; რომაელებისგან თავიანთი
დიდი დაშორებულობაც, გინდა ხმელეთით და გინდაც ზღვით,
არაფერში გამოადგათ; რომაელთა უღელს ვერც ლუსიტანელების და
ესპანელების მეომარი ტომები დაუსხლტნენ, და მეტიც, თავად ოკეანე,
მთელი მისი მიქცევ-მოქცევით, რომელიც საშინლად აღიქმებოდა
უძველესი მცხოვრებლებისთვის, რომაელებს დამორჩილდა: დიაღაც,
რომაელებმა თავიანთი იარაღის ძალა ჰერაკლეს სვეტებს მიღმაც
განავრცეს; მათ ღრუბლებთან ერთად იარეს პირინეის მთებში და
იქაური ერებიც დაიმორჩილეს; და ერთი ლეგიონიც კი საკმარისი
აღმოჩნდა მათ დასაოკებლად, თუმცა მათი დაპყრობა ძნელი იყო და
ისინი ძალიან შორსაც იყვნენ რომიდან. ვის არ გაგიგიათ გერმანელთა
უდიდესი რიცხვის შესახებ? ისინი რომ არიან მაღლები და ძლიერები,
ამას აუცილებლად ნახავდით და ხშირადაც, რადგან რომაელებს თავის
ტყვეებს შორის ყველგან ყავთ გერმანელებიც. და აი ეს გერმანელები,
რომლებიც უზარმაზარ ტერიტორიაზე სახლობენ, რომელთა სულიც მათ
სხეულებსაც კი აღემატება სიძლიერით და სიკვდილის
შეურაცხმყოფელი გაბედულება ახასიათებს, და რომლებიც

6
მრისხანებისას გარეულ მხეცებზე უარესები არიან, ხოლო მდინარე
რაინი თავიანთი სამფლობელოების ბუნებრიც საზღვრად აქვთ, სულ
რვა რომაული ლეგიონით იქნენ დამორჩილებულნი. ზოგი, ვინც მათ
შორის ტყვედ ჩავარდა, მათი მსახური გახდა; დანარჩენი კი
იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო. და კიდევ, თქვენ, რომლებიც
იერუსალიმის კედლებზე ხართ დამოკიდებულები და მოიმედეები,
განიხილეთ, თუ რა და როგორი კედლები ჰქონდათ ბრიტანელებს:
მთელი ოკეანე იყო მათი კედელი როცა რომაელებმა გაცურეს მათ
წინააღმდეგ! მათი დასახლებული კუნძული თუმცა ლამის კონტინენტის
სიდიდისა არის, სულ ოთხი ლეგიონი გახდა საკმარისი მათ
გასაკონტროლებლად. და საერთოდ რატომ უნდა ვილაპარკო მეტი ამ
საკითხზე, როდესაც თავად პართელებიც, ეს ყველაზე მეტად
ბრძოლისუნარიანი და ძალგულოვანი ხალხი, რომლებიც მრავალ ერზე
არიან გაბატონებულები და ასეთი ძლიერი ზღუდეებით
გარშემორტყმულები - ისინიც კი მძევლებს უგზავნიან რომაელებს. და
კიდევ, თუ გნებავთ, ესეც განიხილეთ, რომ თავად იტალიაც, ეს
ყველაზე კეთილშობილი ერი, მშვიდობის გარანტიის ქვეშ, ემორჩილება
რომაულ მახვილს, და თქვენ, გინდათ დედამიწის ზურგზე ერთადერთი
ხალხი აღმოჩნდეთ, ვინც მათთან ომს გაბედავს? და ამას გააკეთებთ
ისე, რომ არც კი გაიხსენებთ, თუ რა ბედი ეწიათ კართაგენელებს,
სიამაყის ზენიტში მყოფებს თავი რომ მოჰქონდათ თავიანთი ბელადით,
დიდი ჰანიბალით, სციპიონ აფრიკანუსის მარჯვენით შემუსრულ იქნენ.
ვერც კირენელები, მარმარიდები, რომლებიც უზარმაზარ ტერიტორიაზე
სახლობენ, იმ რეგიონებშიც კი, სადაც წყალი არ მოიპოვება, ვერც
სირტები, რომელთა სამოსახლო ისეთი საშინელია, რომ აღწერაც
შეუძლებელია, ვერც ნასამონები და მავრები, და ვერც ნუმიდიელთა
აურაცხელი სიმრავლე აღუდგა წინ რომაელთა სიქველეს; ლამის
მთელი დასახლებული აფრიკის მესამედი, ჰერაკლეს სვეტებიდან
ეთიოპიამდე და თავად წითელ ზღვამდე სრულად დამორჩილდა რომს.
და გარდა იმისა, რომ ეს მხარეები რომაელებს ყოველწლიურად
ხარკად აძლევენ მიწის ნაყოფს, რაც წელიწადში რვა თვის მანძილზე
არჩენს რომაელების სიმრავლეს, ისინი სხვა მრავალგვარ ხარკსაც
იხდიან, რაც აკმაყოფილებს რომაული ხელისუფლების საჭიროებებს.
და არც ისინი, თქვენგან განსხვავებით, არ თვლიან ამას სირცხვილად
თავიანთი თავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი
რომაული ლეგიონია გაჩერებული მათთან. ისე კი, რა აუცილებლობაა
მოგიყვანოთ შორეული ქვეყნების მაგალითი, როცა აგერ, თქვენი
მეზობელი ეგვიპტის მაგალითიც იკმარებდა? ეს ქვეყანა ხომ
ეთიოპიამდე, ბედნიერ არაბეთამდეა (Arabia Felix) გაჭიმული და
ინდოეთს (?) ესაზღვრება; მას ხომ შვიდი მილიონ ხუთასი ათასი
მოსახლე ჰყავს, ალექსანდრიის მაცხოვრებლების ჩაუთვლელად,
რასაც ადვილად შეიტყობთ მათი შემოსავლების და სამოსახლო
გადასახადების დოკუმენტებიდან; მაგრამ ისინიც არ გრძნობენ თავს
დამცირებულად, როდესაც რომის მთავრობას ემორჩილებიან,
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ალექსანდრია მართლაც ძლიერი
ცდუნებაა აჯანყებისთვის, რადგან იგი ასე სავსეა ხალხითა და
სიმდიდრით და ასეთი ვრცელი სიგრძეშიც და სიგანეშიც, და
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი ყოველთვიურად უფრო მეტს უხდის
რომს, ვიდრე თქვენ მთელი წლის განმავლობაში; მეტიც, გარდა იმისა,

7
რასაც ფულით იხდის, იგი უგზავნის რომს ყოველწლიურად ოთხი თვის
სამყოფ ხორბალს; ალექსანდრია ამასთან გარშემორტყმულია ყველა
მხრიდან “კედლებით”: გაუვლელი უდაბნოებით, უნავსადგურო
ზღვებით, მდინარეებით და ტბებით. მაგრამ არცერთი
ჩამოთვლილთაგან არ აღმოჩნდა რომაელთა კეთილ ბედზე უფრო
ძლიერი. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ორი ლეგიონი დგას ამ ქალაქში,
რაც კმაა იმისათვის, რომ მორჩილებაში ჰყავდეთ ეგვიპტის უფრო
შორი მხარეები და ის მხარეებიც, რომლებიც უფრო კეთილშობილი
მაკედონელებითაა დასახლებული.
მერე: სად არიან ის ხალხი, ვისაც თქვენ მოკავშირეებად მოუხმობდით?
ნუთუ ქვეყნიერების იმ მხარეებიდან უნდა მოვიდნენ, სადაც არავინ არ
სახლობს, ვინაიდან, დასახლებული ადგილები ყველა, როგორც
ვნახეთ, რომაელების უღელქვეშ არიან. ერთადერთი, რაც გრჩებათ,
არის ის, რომ ღვთის შემწეობას მოუხმოთ; მაგრამ ეს შემწეობაც უკვე
რომაელების მხარესაა, რადგან განა შეიძლება იმის დაშვებაც კი, რომ
ეს ამხელა იმპერია ღმერთის განგების გარეშე დაფუძნდა? დაფირქდით
ამაზე, რამდენად შეუძლებელი გახდება რომთან ომის შემთხვევაში
თქვენი გულმოდგინე და ენთუზიასტური რჯულისმიერი ცხოვრების და
საღვთო წესების ასრულების გაგრძელება, მაშინ, როცა ამის გაკეთება
მაშინაც საოცრად რთულია, როცა თქვენზე უფრო სუსტებთან გიხდებათ
ბრძოლა, ხოლო თუ ამ წესებს ვეღარ შეასრულებთ, რა იმედი უნდა
გქონდეთ ღვთის შემწეობისა, როდესაც, იმის გამო, რომ ომი რჯულის
დარღვევის იძულებულებს გაგხდით, თქვენ ამით ღმერთს
მოიმდურვებთ და ის თავის სახეს აგარიდებთ? მაგრამ, თუ თან იომებთ
და თან შაბათი დღის დაცვის წესს შეასრულებთ, იგივე მოგივათ, რაც
თქვენს პაპებს დაემართათ პომპეუსის დროს, რომელმაც თქვენს
ქალაქს ალყა შემოარტყა, და რომელიც ზუსტად იმ დღეებში იყო
ყველაზე აქტიური, როდესაც ქალაქის დამცველები, შაბათის გამო,
ისვენებდნენ. თანაც, თუ ომის დროს თქვენ გადაუხეთ თქვენს
მშობლიურ რჯულს, მერე მე ვეღარ ვხვდები, ვის ინტერესებში იომებთ
მაშინ? რადგან, თქვენი ზრუნვა განა ის არ არის, რომ არაფერი
გააკეთოთ ისეთი, რაც გადაგახვევინებთ წინაპართა რჯულს? ახლა კი
თქვენ ღმერთს მიმართავთ დახმარებისთვის და ამავე დროს ნებსით
სცოდავთ მისი რჯულის წინააღმდეგ? ეგრე არ არის, რომ ყველა კაცი
ომში მიდის ან ღმერთის ან ადამიანების დახმარების იმედით? მაგრამ
რადგან თქვენ ამ ორივე დახმარებას მოწყდებით, მათ, ვინც ომისაკენ
მოგიწოდებენ, სინამდვილეში აშკარა დაღუპვისკენ მიყავხართ. რა
გიშლით ხელს, რომ მანამ სანამ რომაელები გააკეთებენ ამას,
თქვენივე ხელით დახოცოთ თქვენი ბავშვები და ცოლები და ამ
უმშვენიერეს თქვენს ქალაქს ცეცხლი წაუკიდოთ? ეს სიგიჟე იმას მაინც
აჯობებს, რომ ესეც მიიღოთ და ამას გარდა დამარცხების სირცხვილიც
იწვნიოთ. მაგრამ ყველას ის აჯობებს, სანამ გემი ჯერ კიდევ
ნავსადგურშია, წინასწარ განჭვრიტოთ გარდაუვალი ქარიშხარი და არ
გაცუროთ პორტიდან გრიგალთა შუაგულში, ვინაიდან, ჩვენ
სამართლიანად თანავუგრძნობთ მათ, ვინც უდიდეს უბედურებებში
ვარდება მათ განუჭვრეტელად, მაგრამ ისინი, ვინც უგუნურად თავს
იგდებენ აშკარა უბედურებაში მხოლოდდამხოლოდ გაკიცხვას
იმსახურებენ.

8
აქ ისიც ცხადია, რომ ვერავინ წარმოიდგენს, რომ თქვენ რომაელებთან
ომს დაიწყებთ რამე წინასწარი შეთანხმებით ან პირობებით, ან რომ
როდესაც რომაელები დაგიმორჩილებენ თავისი ძალის ქვეშ, ისინი ამ
ძალას ზომიერად გამოიყენებენ და, საპირისპიროდ, სხვა ერების
გასაფრთხილებლად და ჭკუის სასწავლებლად არ დაწვავენ თქვენს
წმინდა ქალაქს და სრულიად არ ამოჟლეტენ თქვენს ერს, რადგან
ისინიც კი თქვენს შორის, ვინც გადაურჩება ომს, ვერსად ნახავს
თავშესაფარს გასაქცევად, ვინაიდან ყველას რომაელები ან უკვე ჰყავთ
თავიანთ ბატონებად [და მათ მტრებს თავშესაფარს არ მისცემენ] ან
ელოდებიან, რომ მალე გახდებიან მათი ბატონები და გადამტერებას
მოერიდებიან. საფრთხე ელის არა მარტო იმ ებრაელებს, რომლებიც
აქ ცხოვრობენ, არამედ მათაც, ვინც რომის იმპერიის სხვადასხვა
ქალაქებში არიან განთესილები, რადგან მხარე არ არის დარჩენილი
დედამიწის ზურგზე, სადაც ებრაული მოსახლობა, დიდი თუ მცირე, არ
იყოს; სწორედ მათ ამოჟლეტენ თქვენი მტრები იმ შემთხვევაში, თუ
თქვენ ომს დაიწყებთ, და ყველა ქალაქი რომელსაც ებრაული
დიასპორა ჰყავს, იქცევა ებრაელთა სასაკლაოდ მხოლოდ იმ
მცირეოდენი აჯანყებულების გამო, რომლებიც თავს მთელს
ებრაელობად წარმოაჩენენ, თან ისე, რომ ისინი, ვინც მათ დახოცენ,
რომის სამართლით პატიებას მიიღებენ. კარგით, დავუშვათ არ
დახოცენ თქვენს თანამემამულეებს იმპერიის ქალაქებში თქვენი
აჯანყების შემთხვევაშიც კი; მაშინ, განა უდიდესი სიავე და არაკაცობა
არ არის იარაღი აიღოთ მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ლმობიერად
გეპყრობათ? შეიბრალეთ, თუ თქვენი საკუთარი ცოლ-შვილი არ
გებრალებათ, ეს მეტროპოლისი (იერუსალიმი) მაინც, მისი წმინდა
კედლები, გადაირჩინეთ თქვენთვის ტაძარი და დაიცავით ეს წმინდა
სახლი, მისი წმინდა ავეჯეულობა, რადგან თუ რომაელები
დაგიმორჩილებენ თავიანთი ძალის ქვეშ, ისინი აღარ დაბრკოლდებიან
ყველაფერი ამის განადგურებისაგან, როცა ნახავენ, რომ მათი
წყალობა და სულგრძელება ასე უმადურად იქნა თქვენგან
დაფასებული. მე მოწმედ მომყავს თქვენი საკურთხეველი, ღვთის
წმინდა ანგელოზები და ეს ჩვენი ყველასათვის საერთო სამშობლო,
რომ მე ყველაფერი ვიღონე თქვენი გაფრთხილებისთვის და თუ თქვენ
გაყვებით ჩემს რჩევას, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ კიდეც, თქვენ
შეინარჩუნებთ თქვენთვისაც და ჩეთვისაც საერთო მშვიდობას; მაგრამ
თუ თქვენ დაყვებით თქვენს ვნებებს, მხოლოდ თქვენ იწვნევთ იმ
საფრთხეებს რომლებშიც აუცილებლად ჩავარდებით, მე კი მათგან
თავისუფალი ვიქნები”.
როდესაც აგრიპამ ეს თქვა, იგიც და მისი დაც ატირდნენ, და ამ
ცრემლებით საკმაო წილი ხალხის აღტყინებისა ჩაახშეს და გაანელეს;
მაგრამ მათ კვლავ ყიჟინა დასცეს, რომ მთელი რომის წინააღმდეგ კი
არ იბრძოლებდნენ, არამედ მხოლოდ ფლორუსის წინააღმდეგ,
რადგან სწორედ მის გამო იყვნენ ასე ვნებულები. ფლორუსს კი
სწორედ ეს უნდოდა - იყო რა კორუმპირებული რომაელი მმართველი,
რომის სამართლიანი სასჯელის არიდება სურდა ებრაელების აჯანყების
პროვოცირებით და ღონეს არ იშურებდა, რამენაირად არ გამოეწვია
ებრაელები, გადასახადების გადიდებითა თუ მათი რელიგიური წესების
შეურაცხყოფით, რომლის მწვერვალიც იყო ტაძრის შესაწირის
ძალადობრივი მითვისება, აქაოდა, ესეც იმპერატორს ეკუთვნისო. ამაზე

9
კი აგრიპამ უპასუხა, რომ უკვე ის, რაც ამ ვნებამორეულმა პატრიოტებმა
მანამდე მოიმოქმედეს, რომისთვის ომის დაწყების ნიშნად სავსებით
გამოდგებოდა: “რადგან თქვენ აღარ გადაიხადეთ კეისრისთვის
სავალდებულო გადასახადი და თქვენ დაანგრიეთ გადახურული
გასასვლელები ტაძრიდან ანტონიას კოშკამდე* (*რომის ძალაუფლების
სიმბოლო, რადგან იერუსალიმის რომაული გარნიზონის ნაწილი იდგა
ანტონიას სიმარგრეში). მაშასადამე, იმისათვის, რომ რომაელებს აღარ
მივცეთ მიზეზი ჩვენი დასჯისა აჯანყებისთვის, ჩვენ აუცილებლად უნდა
აღვადგინოთ ეს გასასვლელები და გადასახადიც გადავიხადოთ,
რადგან განა ფლორუსს ეკუთვნის ციტადელი და განა ფლორუსს
უხდით გადასახადებს?!”1

1
ამ სიტყვამ ვერ შეაჩერა აჯანყება, რომელიც 66 წელს დაიწყო და 73
წელს დასრულდა იერუსალიმის განადგურებით და სოლომონის
ტაძრის (მეორე ტაძრის) დანგრევით.

10

You might also like