You are on page 1of 10

თავი პირველი

საკითხის დასმა

რა მელოდება?

ან როგორ უნდა მოვექცე ჩემი ნების გარეშე მომხდარ


ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - ჩემს
სიცოცხლეს, ჩემს თავს?

როგორ მივხვდე იმას, თუ რა ვაკეთო, საით მივმართო ის


შესაძლებლობა და უნარი, რომელიც მომეცა ჩემი ნებისა
და სურვილის გარეშე ჩემივე თავის სახით? ვარ მე
მხოლოდ არსებობის ფაქტი, თუ ამ ფაქტს აქვს მიზანიც?

ერთადერთი მოცემულობა ამ ამოცანაში არის სიცოცხლე,


გაჩენილი და განწირული სიკვდილისათვის -
ყოველგვარი ახსნისა ან საჭიროების დასაბუთების
გარეშე; თუმცა ამ საჭიროების ძიების საკუთარ თავში
ჩადებული იმანენტური მისწრაფებით. ყველაფერი
დანარჩენი თითქოს ლოგიკურადაა აწყობილი: ჟანგბადი,
რომელიც ჩემს ორგანიზმს სჭირდება, ფილტვების გაშლა-
შეკუმშვით მიეწოდება სისხლს, საკვების მოპოვების
უნარი დადგენილია ჩემი ტანის მოტორიკაში,
დასასვენებლად - ძილი მომერევა და გაღვიძებული მზად
ვარ ახალი დღისათვის. თითქოს ყველაფერი
დაბალანსებულია და ცხადი, გარდა იმ მიზნისა, თუ
რისთვის არსებობს ეს მოწესრიგებული მექანიზმი, ან რა
მიზნითა თუ მიმართულებით უნდა იმოძრაოს ამ
უაღრესად დახვეწილმა ფსიქო-ფიზიკურმა მანქანამ.

მიზნის თაობაზე საკითხის დასმა აპრიორი ჩვენი


იდენტობის ნაწილია და თან წინააღმდეგობრივია -
რადგანაც თუ ჩვენ ვიაზრებთ, ჩვენი არსებობის სასრულობას,
ამასთან უნდა გავიაზროთ ისიც, რომ ნებისმიერი მიზნისეული
ორიენტაცია ამ სასრულს გარეთ უნდა იქნას გატანილი, ანუ
მიებას რაიმე ფენომენს და არა თავად სიცოცხლეს. ასეთი
გარე ფენომენები კი ერთის მხრივ, თავისთავად
სამტკიცებელია, როგორც ღირებული ან/და მიბმადი, ხოლო
მეორეს მხრივ, თავიდანვე ნათლად ჩანს, რომ ისინი არიან
რაღაცა განსხვავებული და არა ჩვენი არსებობა. ასე,
მაგალითად: თუ ჩემი არსებობის მიზნად დავსახავ,
მაგალითად, სიკეთის კეთებას, თავდაპირველად
სამტკიცებელი მექნება ის, რომ სიკეთე, არსებობს როგორც
სუბსტანცია, ხოლო შემდეგ ის, რომ ჩემს მიერ სიკეთის
კეთებით, ვუერთდები ამ ზე სუბსტანციას; იგივე გზა მექნება
გასავლელი ღმერთის, ან სხვა ტრანს ფენომენის
დადგენისასაც.

შესაბამისად, სიცოცხლე, ჩვენი არსებობა, თავისთავად


ვერ მოიაზრება თვითკმარ ობიექტად. უდაო ჭეშმარიტება
ჩვენი არსებობისა მდგომარეობს ორ ფაქტში - ჩვენ
ვცოცხლობთ და მოკვდებით და ამ ფაქტებიდან
ნაწარმოებ ლოგიკურ დასკვნაში - სიცოცხლის არსი, თუ
საერთოდ მოძიებადია ჩვენი სასრული არსებობის გარეთ
უნდა ვეძიოთ. ადამიანი ჩნდება საკუთარი ნების გარეშე და
ასრულებს არსებობას თავისი ნების მიუხედავად. და
არაფერი მიუთითებს მას მიმართულებას, რომლისკენაც
მან ბუნებით ბოძებული უნარები უნდა ამუშაოს.

თუმცა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი არგუმენტი იმის


სამტკიცებლად, რომ მიზანი მართლაც არსებობს, არის
თვით ამ მიზნის ძიების ასე ფუნდამენტურად
დაფიქსირებული მოთხოვნილება. მოთხოვნილება მიზნის
ძიებისა, რომელიც არის იმედი, ოცნება იმისა, რომ
როდესმე ჭეშმარიტი გზის ხედვა და დარწმუნებულობა
გაჩნდება ერთი ადამიანისა ან მთლიანად კაცობრიობის
ცნობიერებაში - ”ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით,
ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი,
ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი”

***

ეს სწრაფვა არა მოგონილი და მოყირჭებით მოსული


სურვილის სახით, არამედ ჩვენი სულიერი კონსტიტუციის
ბუნებრივი მოთხოვნილების ფორმით არსებობს. ეს
სურვილი საკუთარი დანიშნულებისა და ბედის
გამოძიების, დაუცხრომელი და არსშივე
დაუკმაყოფილებელი სურვილი, ხან უფრო მძაფრად და
ხან ნაკლებად აფორიაქებს საკუთარი თავის ძიებით
შეპყრობილ სულს; და ზოგჯერ, შესაძლოა არცთუ ხშირად,
მაგრამ მაინც, სამყაროს სრულიად მოულოდნელი კარი
იხსნება და არევს სიმწყობრეს ჩვენი კონსტრუქციებისა.
და მაშინ ჩვენ გვიკვირს, ან გვეშინია კიდეც...
გაკვირვებისთვის კი ძალზედ ცოტაა საჭირო. საკმარისია
გავიხედოთ ფანჯრიდან და არ შევჩერდეთ არც ერთ
საგანზე, არამედ გავყვეთ მზერის სისწრაფეს და თვალი
გავუსწოროთ ჩვენი ჭვრეტის უწყვეტობას; საკმარისია
დავიწყოთ იმის გააზრება, რომ ის, სადაც ჩვენ ვიყურებით,
უსასრულოა. საკმარისია წარმოვიდგინოთ, რომ რა
სისწრაფითაც არ უნდა კვეთდეს ჩვენი მზერა სივრცეს და
რამდენ ხანსაც, თუნდაც უსასრულოდ გაგრძელდეს ეს
პროცესი, ის მაინც არ დასრულდება, და მერე
წარმოვიდგინოთ ეს პროცესი ერთ წამში, ერთბაშად: ჩვენ
ვიყურებით და ვხედავთ უსასრულობას: სივრცე არსად და
არასდროს მთავრდება - არც წინ და არც უკან, არც ზევით
და არც ქვევით.

ეს გასაოცარია... გასაოცარი და გაუგებარია...

საქმე ისაა, რომ ის, თუ რანაირად არ გვესმის, შესაძლოა


თავისთავად იყოს მრავლისმთქმელი და მეტიც -
შემქმნელი გაგების ახალი ფორმის. აი, კანტი, რომელიც
ასევე ვერ ხსნიდა უსასრულობას, ასე გაოცდა ამ
მოვლენით: “ორი რამ ავსებს სულს სულ ახალი და
მზარდი გაოცებითა და აღტაცებით, და უფრო მეტად, რაც
უფრო ხშირად და ხანგრძლივად ვფიქრობთ მათზე -
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზევით და მორალური
კანონი ჩემში”. ასეთი ფორმით არ ესმოდა კანტს
უსასრულობა. და თუ გავითვალისწინებთ ამ მოაზროვნის
ყოვლისმომცველ რაციონალიზმს, იმ მკაცრ,
მათემატიკურ სქემებსა და მატრიცებს, რომლითაც მან
აღწერა სამყაროს გაგების განსხვავებული მოდუსები,
დავინახავთ, თუ რამდენად ამაღლებული და ემოციურია
კანტის ზემოთმოყვანილი ფრაზა. ასეთია კანტის გაოცება,
ემოცია ადამიანსა, რომელმაც ღმერთის არსებობას
არგუმენტი მოუძებნა.

მაგრამ, კანტი იყო ”მაშინ”. მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდათ


იმედი, რომ პროგრესი გამოიხატებოდა უკეთეს და უფრო
ბედნიერ ცხოვრებაში, რომ განათლება მოიტანდა
სიკეთეს, და რომ კაცობრიობის მოძრაობის ვექტორი
ახალი, ნათელი და ბედნიერი მომავლისკენაა
მიმართული. შეიძლება ითქვას, რომ ”ვერ გაგება”, მაშინ
”ჯერ კიდევ ვერ გაგების” - იმედისმომცემი და
ქმედებებისკენ ბიძგის მიმცემი ფორმულირების სახით
არსებობდა. ვერ გაგების ამ ფორმისგან შექმნა თავად
კანტმა მთელი სილამაზე თავისი მსჯელობებისა, სადაც
შეუმეცნებლს თავისი ადგილი მიუჩინა.

კანტის ვერ გაგებას ”კრიტიკა” ერქვა, და კანტიც, და


დეკარტეც, ვერ იგებდნენ იმ მიზნით, რომ უფრო მაღალი,
მინარევებისგან გაწმენდილი წვდომისა და გაგების
ფორმა შეექმნათ.

გავიხსენოთ: ერთ-ერთი პირველები, ვინც ვერ გაიგეს ასე


ღრმად, როგორც მე მახსენდება, იყვნენ ბერძნები; ალბათ
ყველაზე მეტად ძენონი და პლატონი. ძენონმა, ვერ გაიგო,
რანაირადაა შესაძლებელი სამყაროს არსებობა
ერთდროულად სასრული და უსასრულო სისტემების
თანაარსებობის რეჟიმში, რანაირად შეიძლება იყოფოდეს
და ამავე დროს არ იყოფოდეს მატერია. ეს ვერ გაგება მან
ულამაზესი აპორიების სახით დაუტოვა კაცობრიობას.
პლატონი კი, ლაპარაკობს გამოქვაბულზე, გამოქვაბულში
მიჯაჭვულ ადამიანებზე, რომლებიც რეალობაზე არა
თავად მოვლენებისა და სხეულების, არამედ მათგან
დატოვებული ჩრდილების მიხედვით მსჯელობენ. ამ
ადამიანთა მიზანი არის დახსნა რეალობის ცრუ
განცდიდან, მზის სინათლეზე გამოსვლა და ჭვრეტა
ჭეშმარიტებისა პირისპირ. შესაძლოა პლატონის მიერ
დაფუძნებული ეს სტილი შემდგომ გარკვეულ ასკეტურ
ტრადიციად ჩამოყალიბდა, სადაც მარტივ ხედვაზე უარის
თქმის შედეგად ადამიანი იძენს ჭეშმარიტების ჭვრეტის
უნარს - სწორედ დადგენილი ცოდნის გაფილტვრისა და
მასზე უარის თქმის მეშვეობით.

არ ვიცი ვინ დაასრულა ეს ემოცია და ვინ შეწყვიტა


ასკეტიზმისა და რომანტიზმის ეს ხაზი შემეცნებაში,
შესაძლოა ჰეგელმა, რომელმაც თავის დიალექტიკურ
მეთოდში შემეცნების ასკეტურობიდან - მის
წინსწრაფვაზე და თავად პროცესზე გადაიტანა აქცენტი.
ყოველ შემთხვევაში დღეს, თანამედროვე
ადამიანისათვის სქემა შემეცნებითი ასკეტიზმისა
პრინციპულად უცხოა. რაც უფრო მეტს გავიგებ - უფრო
მეტი მეცოდინება - ეს არის დღევანდელი შემეცნების
მოდელის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი
საფუძველი.

თავისთავად, ჭეშმარიტებასთან მიახლოვებამ კანტისა და


ჰეგელის მერე არა ერთი დრამატული ვირაჟი განვლო -
დიალექტიკური მეთოდიდან სრულ რელატივიზმამდე და
მერე კიდევ რელატივიზმის დეკონსტრუქციამდე. ხან არ
იცოდნენ სად უნდა ეძიათ ჭეშმარიტება, ხან ჭეშმარიტება
აქვე, ჩვენში, ჩვენს შეთანხმებებში და ჩვენი
შეხედულებების ერთობლიობაში აღმოაჩინეს, ხან იგი
ჰორიზონტივით მუდმივად მიახლოვებადი რაიმე
აღმოჩნდა და ხან პრინციპულად დაუშვებელი დიალოგის
წარმოებაში. ბოლო დროს ზოგჯერ ამ კალეიდოსკოპურ
პროცესში გამოჩნდებოდა ძველი და მართლაც კარგად
მივიწყებული ასკეტური ტენდენცია, მაგრამ ძირითადად,
აღმოსავლური შეფუთვის ფორმაში, როგორც ერთგვარი
ძენური გასხივოსნება. მაგრამ ესეც მხოლოდ დროებით და
სპონტანურად. არსებითად კი შემეცნების არსი ჩვენ ახალ
დროში მეტი ცოდნის მოგროვებასა და მისი
გადამუშავების პროცესთან - მეცნიერებასთან გაიგივდა.

თავის არსში ეს კაუზალური აზროვნებაა, რომელიც


იღებს მოვლენას, შლის მას მოქმედ სუბიექტებად, ეძებს
ამ მოვლენის მიზეზს(ებს) და ვარაუდობს, რომ სხვა
შემთხვევებშიც, ანალოგიურ პირობებში სამყარო
მსგავსად მოიქცევა; და ეს მოდელი მართლაც ძალიან
ხშირ შემთხვევებში მუშაობს. მეცნიერულმა მეთოდმა
ძალიან ბევრი მისცა კაცობრიობას: აანთო ნათურა,
ააფრინა თვითმფრინავი, დაშალა დნმ-ი, რეალურად,
წარმოუდგენლად ღრმად და სანდოდ შეგვაცნობინა
სამყარო ჩვენს ირგვლივ და განაგრძობს ამ
აღმაფრთოვანებელ პროცესს. და აქ მნიშვნელოვანია
დავამატოთ, რომ თანამედროვე ადამიანი თავის
ყოველდღიურ ყოფაშიც, პრინციპში, აზროვნებს იგივე
საბაზისო წესებით, რომლებითაც ოპერირებს მეცნიერება;
ან შესაძლოა პირიქით - სწორედ უტილიტარული
საჭიროებებიდან წარმოიშვა მეცნიერულმა აზროვნება.
ყველა შემთხვევაში დღეს ისინი იდენტურ ჩარჩოებში
მოქმედებენ. ანუ: უტილიტარული აზროვნების დროს ჩვენ
ვალაგებთ სამყაროს ისევე, როგორც მეცნიერები,
შესაძლოა უფრო მარტივად, ინტეგრალებისა და
გრაფიკების გარეშე, მაგრამ იგივე წესითა და ‘ენით’,
როგორც მეცნიერება: პირველ რიგში დროსა და
სივრცეში; შემდეგ მიზეზიდან გამოგვყავს შედეგი, ვეძებთ
კანონზომიერებებს და ვცდილობთ მათ განზოგადებას. ეს
რამდენიმე დაშვება რომ გავაერთიანოთ, შეიქმნება
სამყაროს ჩვენთვის ძალზედ ნაცნობი, გასაგები და
ნათელი მოდელი, სადაც არის: დრო, რომელიც მიდის
ყოველთვის წინ და არასოდეს უკან, განფენილია სივრცე,
და ამ სივრცესა და ყოველთვის კონკრეტულ დროში
მოხვედრილია და მისი ნაწილია ადამიანი.

მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც ნათლად ჩანს, რომ


აზროვნების ასეთი სტილი ბოჭავს შემეცნებას, რადგანაც
გარკვეული ფენომენები უბრალოდ ვერ თავსდებიან
ჩარჩოში, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ მათ განხილვას.
რომ ამ მიდეგომამ დააბრკოლა შემეცნება ბევრი ისეთი
ფუნდამენტური საკითხისა, რომელთა ბუნებაც უბრალო
ცნობისმოყვარეობისა თუ უტილიტარული საჭიროების
ფარგლებს სცდება, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია
ეგზისტენციალური კითხვების ჭრილში. ასეთია
უმეტესობა ფილოსოფიური საკითხებისა. კანტი ამ
ფუნდამენტურ საკითხთა ნუსხას მოკლედ, ტრიადის
სახით წარმოგვიდგენს: ”ღმერთი, თავისუფლება,
უკვდავება”. ჩვენ შეგვიძლია სხვაც დავამატოთ:
უსასრულობა, სიკეთე, სიცოცხლე, სული... - ამ
საკითხებზე მეცნიერულად პასუხის გაცემა დღეს
პრაქტიკულად არც კი განიხილება შესაძლებლად. მაგრამ
უფრო მეტიც, გამომდინარე იქედან, რომ ამ რიგის საკითხები
არსობრივად მიუწვდომელია მეცნიერული მეთოდისთვის,
საზოგადოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ზოგადად ჩვენი
უნარი, როდესმე მაინც შევიმეცნოთ ისინი. ეს ეჭვი უკვე
დაკავშირებულია არა მეცნიერების დღევანდელ
დონესთან, არამედ მის არსთან, შემეცნებით
პოტენციალთან. ხოლო გამომდინარე იქედან, რომ
მეცნიერული მეთოდი მიჩნეულია ერთადერთ ღირებულ
თუ ჭეშმარიტ მეთოდად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა
საზოგადოდ ჩვენი უნარი ვეზიაროთ ამ რიგის
ფენომენებს, რასაც ლოგიკურად მოყვა კითხვა ღიირს კი
ამ საკითხებზე ფოქრი? თუმცა, აქაც საბედისწერო
წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით - გვეინდა ეს თუ
არა, სწორედ ამ საკითხებზე, სწორედ სიცოცხლის
საზრისზე ფიქრი, გვინდა და რეალურად მიგვაჩნია ეს თუ
არა, არის ჩვენი არსებობის იმანენტური და
სუბსტანციური მოცემულობა.

ამდენად ჩვენი სუბსტანციური მოცემულობა


ფილოსოფიურია.

სწორედ ამიტომ, ფილოსოფიის საგანი


ყოველდღიურობისაგან განყენებული და ამაღლებულია
საკითხები, რომელსაც სვამს და შეიმეცნებს ფილოსოფია,
აღაფრთოვანებს.

ფილოსოფიური ტექსტის თეზა, ფილოსოფიური


ნააზრევის დასკვნა ამოგვაგდებს ყოველდღიური
განზომილებიდან და ტრანს, ზე სამყაროს თანაზიარად
გვაქცევს.

ჭეშმარიტი ფილოსოფია ფაქტიურად არაფერს არ


გიხსნის და არ გასწავლის.

ფილოსოფია ვერ ჰპოვებს ჭეშმარიტებას, იგი არ


მტკიცდება და არ მოწმდება;

ფილოსოფია ვერ ხარობს გაზიარებით და არ ფასდება


თანაგანცდით;
ფილოსოფია ვერ წყნარდება რწმენაში, არამედ მუდმივად
ეჭვით აფასებს თავის დასკვნებს.

You might also like