You are on page 1of 13

ფრიდრიხ ნიცშე - „ღმერთი მოკვდა“

ახალი დროის მეტაფიზიკა არის მეტაფიზიკის ბოლო სტადია, რომელიც ნიცშეს მიერ
მეტაფიზიკის გადატრიალებით დადგა. გრძობადი აღარ არის დაქვემდებარული
ზეგრძნობადზე, შესაბამისად არსებული თავის თავს იაზრებს როგორც ნამდვილად
არსებულს ნამდვილ არსებულობაში. არსებული სიცოცხლით ხასიათდება, სიცოცხლე
ძალაუფლების ნებით, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ყოფიერის ყოფიერება
ახალი დროის მეტაფიზიკისთვის ნებით ხასიათდება. აზროვნება არის არსებულის
არსის გააზრება, იგი მიემართება ყოფიერებას და ყოფიერებაშივე იაზრებს არსებულს
ყოველგვარი ზეგრძნობადის გარეშე. ის შეკავებულია ყოფიერებაში, თავისი
მიმართებით ყოფიერებასთან. აზროვნებამ სარკესავით უნდა აირეკლოს ყოფიერება თუ
სურს მასთან მიმართებაში დარჩეს და შეესაბამებოდეს მას. მაგრამ ნიცშეს ნათქვამის
მიხედვით აზროვნება აცდენილია ყოფიერებას. ,,ასე ამბობდა ზარატუსტრას“ მეორე
ნაწილის ერთ-ერთ თავში ,,ხსნის შესახებ“ ნიცშე ასე ათქმევინებს თავის ზარატუსტრას
- ,,დიახ, ეს მხოლოდ ეს არის თავად შურისძიება: ნების ზიზღი დროისა და მისი „იყოს“
მიმართ.“
ზარატუსტრას ნარატივი მთლიანად მეტაფიზიკურია და მიმართულია იმისაკენ, რომ
მოკლას მეტაფიზიკა (ასრულებს თუ არა იგი ამ ამოცანას ეს სხვა საკითხია). ამ
გადატრიალებით მეტაფიზიკა თავის თავს ართმევს არსობრივ ფორმას და
უკუგდებული რჩება თავის არსს მოკლებულობაში. ამასთანავე გრძობადი, არსებული
თავის არსსზე უარს ამბობს იმით, რომ ზეგრძობადს განმსაზღვრელსა და
განმმარტებელს ყოფიერისა უკუაგდებს, ანადგურებს და აზროვნების ისტორიაში
წერტილს უსვამს.
ფილოსოფიის ისტორიის ორიათასწლიან პერიოდში იდეალიზმი იყო გამეფებული,
რაც ნიშავს იმას, რომ ზეგრძნობადი ბატონობდა გრძნობადზე. ქრისტიანობამ მრავალი
რამ პლატონიდან შეითვისა, განსაკუთრებით მისი „იდეათა თეორი“-იდან, ამგვარად
ქრისტიანობა არსებულს (ყოფიერს) ყოფიერების პერსპექტივიდან ხსნის, მაგრამ ამავე
დროს თავად პლატონს ყოფიერების ჭეშმარიტება არ ქონდა გააზრებული და მასში
არსებული გამოცდილება უკუგდებული და შენიღბული იყო. ეს ego cogito-ს აიძულებდა
მუდმივად ტრანსცენდენტალურ სამყაროში ეტრიალა, რაც შემდგომ დასავლურ
მეტაფიზიკურ აზროვნებაში აისახა. გრძნობადი დაქვემდებარებული იყო
ზეგრძობადზე, ამ უკანასკნელისგან იგი საზრის იღებდა და არსებულის არსს
განსაზღვავდა. ნელ-ნელა დაიწყო მომწიფება და მზადება აზრმა, რომელიც დასავლური
ისტორიის შიგნით გამოუთქმელად გამოთქმული იყო. შემდგომ ნიცშემ, რომ
დააგვირგვინა, ორიათასწლიან მის ხვედრს სახელი მიანიჭა და მეტაფიზიკა
გადააბრუნა1. პასკალის სიტყვებით თუ ვიტყვით გამოუთქმელად გამოთქმულში
იგულისხმება ,,დიდი ბატონი მკვდარია“, რომელიც მან პლუტარქესგან გადმოიღო,
ასევე ჰეგელს უწერია ,,განცდის შესახებ რაზეც ახალი დროის ეპოქა ეყრდნობა, განცდის
შესახებ, რომ ღმერთი არის მკვდარი.“ აქ გასათვალისწინებელია კონტექსტი, სადაც
ავტორები ამ ფრაზებს ამბობენ და ის არ მოიცავს ზუსტად იმ აზრს რასაც ნიცშე ამობობს
თავისი ცნობილი ფრაზით ,,ღმერთი მოკვდა“. მაგრამ ყველა ეს აზრი ერთ სივრცეში
ტრიალებს და ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ზეგრძნობადი სამყარო და მისგან
დამკვიდრებული ღირებულებები ძალას, არსს მოკლებულია. ღმერთში არ იგულისხმება
მხოლოდ ქრისტიანული ღმერთი, არამედ იგი გამოიყენება მთლიანად ზეგრძობადი
სამყაროს აღსანიშნავად. ,,ნიცშეს აზროვნებაში ,,ღმერთის“ სახელი და „ქრისტიანული
ღმერთი“ საერთოდ გამოიყენება ზეგრძნობადი სამყაროს აღსანიშნავად. ღმერთი არის
სახელი იდეებისა და იდეალების შემოსაზღვრული სფეროსთვის.“ (ჰაიდეგერი, ნიცშეს
სიტყვა ,,ღმერთი მკვდარია“,2012, 8) ამ სივრცეში ზეგრძნობადის ეს სფერო მნიშვნელობს
როგორც ჭეშმარიტი. შესაბამისად მისი „სიკვდილი“, გაუფასურება ნიშნავს არარას
გაფართოებას, არსებულის გასაგნებას, უსაზრისობას, უეჭველობის გაქრობას.
ჭეშმარიტების არასახეზემყოფობას, რომლითაც დანამდვილებით შესაძლებელი
იქნებოდა ყოფიერების შემეცნება, განსაზღვრა და მისთვის საზრისის მიცემა. ამ დროს
მიღმიერი სამყარო იქცევა ყოფიერების არამდგრად პროდუქტად. ამით, არსებული

1
მეტაფიზიკის გადაბრუნებაში არ იგულისხმება მისი დასრულება და მისთვის წერტილის დასმა. ნიცშემ
მეტაფიზიკის გადაბრუნებით, მართალია მას მისი არსობრივი ფორმა წაართვა მაგრამ იგი მაინც ვერ
დაასრულა. მან ამ ქმედებით მეტაფიზიკა ბოლო სტადიაზე გადაიყვანა.

1
თავის არსს ართმევს არსებულს, რითაც იგი ნიჰილიზმს სტუმრად ეპატიჟება.
ნიჰილიზმი ყველაზე არასასურველი სტუმარია სტუმართა შორის. იგი არარას
აფართოებს, რომელშიც ადამიანები უმიზნოდ, უსაზრისოდ, უორიენტიროდ
დაბორიალობენ.
საგულისხმოა კონტექსტი სადაც ნიცშე პირველად გააჟღერებს ფრაზას ,,ღმერთი
მკვდარია“. მხიარულ მეცნიერებაში შეშლილი ადამიანი ერთ ნათელ დილას ლამპრით
ხელში ჩადის ბაზარში, ღმერთს დაეძებს იმ ადამიანებს შორის, რომლებთაგან მისი
აღარავის წსამს. შემდეგ კი ამბობს „ღმერთი ჩვენ მოვკალით“. აუცილებელია
ერთმანეთისგან განვასხვავოთ ღმერთის ურწმუნოება, ათეიზმი და ,,ღემრთის
სიკვდილში" მოაზრებული ძველი ღირებულებების გადაფასება, რადგან ეს ორი
აბსოლიტურად ერთმანითასგან განსხვავებული რამ არის. ნიცშე ქრისტიანობაში
მოიაზრებს ეკლესიის ისტორიულ მსოფლიო პოლიტიკურ გამოვლენას და პრეტენზიას
ძალაუფლებაზე დასავლურ სამყაროში და არა ახალი აღთქმის რწმენის სულისკვეთებას.
ქრისტიანული ღმერთის უკუმგდებელთათვის ნიჰილიზმი როგორც მათი ისტორილი
ხვედრი ჯერ არ დამდგარა, იგი გზაშია. „ეს უზარმაზარი ხდომილება ჯერ კიდევ
გზაშია, გზაში, როგორც მოხეტიალე მგზავრი; ჯერ არ მიუღწევია ადამიანთა
ყურებამდე“ (ნიცშე, მხიარული მეცნიერება, 125). როგორც ჰაიდეგერი აღნიშნავს,
ჰილიზიმის მოასწავლებს იმას, რომ ადამიანები უმიზნოდ არიან დარჩენილები,
შესაბამისად მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე რატომ და რისთვის ღირს ცხოვრება? რაც
ადამიანებში ორი სახის პესიმიზმს თესავს. შოპენჰაუერის თანახმად, პესიმიზმი არის
რწმენა, რომ ამ სამყაროში არსებობა იმად არ ღირს, რომ იცოცხლო და ამით „ჰო“,
დასტური მიცე სიცოცხლეს. მისი მოძღვრების თანახმად ყოფიერება უკუგდებული,
უარყოფილი უნდა იქნას, რაც ნიცშეს აზრით, არის უძლურების პესიმიზმი. ძლიერების
პესიმიზმი ხედავს არსებულს როგორც არსებულს, მისი მორთულ-მოკაზვმა და
შელამაზება მას არ ჭირდება. იგი სამყაროს არსებობას „ჰოს“ ეუბნება და ამით
დასტურყოფს მას. ნიცშე ნება ძალაუფლებისაკენ მე-2 აფორიზმში განმარტავს
ნიჰილიზმის არსს. ,,რას ნიშნავს ნიჰილიზმი? - რომ უმაღლესი ღირებულებები

2
გაუფასურებულია“. ზეგრძნობადი სამყარო, ღმერთი, იდეალები, იდეები, როგორც
ჭეშმარიტად არსებულნი განსაზღვრავდნენ ყოფიერებას, საზრისს აძლევდნენ ადამიანის
სიცოცხლეს. უმაღლესი ღირებულებების ქვეშ ნიცშე ამ ყველაფერს მოიაზრებს. ზუსტად
ამიტომ ღირბულებების დაფუძნების პრინციპის გაგება არის გასაღები შემდგომი
მსჯელობის და ასევე ,,იმის დამაკმაყოფილებლად ნათელი გარკვევა, რასაც ნიცშე
სიტყვით „ღირებულება“ გაიზრებს, არის გასაღები მისი მეტაფიზიკის გასაგებად.“
(ჰაიდეგერი, ნიცშეს სიტყვა ღმერთი მკვდაირა, 2012, 17) გაცნობიერდა რა ის, რომ
იდეალური სამყარო პროდუქტია და ნაწარმოებია რეალური სამყაროდან, ის მის შიგნით
არ არის და არ შეიძლება ის აქ და ახლა განხორციელდეს, შემდგომ გახდა საფუძველი
უმაღლესი ღირებულებების გაუფასურებისა. მცდელობა, რომ თავი აარიდო ნიჰილიზმს
აქამდე არსებული ღირებულებების გადაფასების გარეშე მთავრდება ნიჰილიზმში უფრო
ღრმად ჩაკარგვით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქმის არსი სწორად არაა გაგებული და
პრინციპი რაც ნიჰილიზმისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის აარა გაცნობიერებული.
„მცდელობა თავი აარიდო ნიჰილიზმს აქომამდელი ღირებულებების გადაფასების
გარეშე პირიქით იწვევს პრობლემის გამწვავებას“ (ნიცშე, ნება ძალაუფლებისაკენ,
აფორმიზმი 28.) ღირებულებები ცნობიერების გარკვეულ ველში ფუძნდება. თუ
ადგილს არ შევცვლით და ძველ ღირებულებებებს უბრალოდ ახლით ჩავანაცვლებთ
ამით არაფერი შეიცლვლება, პირიქით შეიძლება უარესი შედეგი დადგეს, რადგან ამ
შემთხვევაში ზეგრძნობადის იდეალური სფერო თითქოსდა ნარჩუნდება და ისევ იგივე
ადგილას ფუძნდება ახალი ღირებულებები, რაც ცნობიერების ველში ახალ ადგილას
უნდა დაფუძნებულიყო. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არასრულ ნიჰილიზმთან.
გამქრალი ღმერთის, მისი ავტორიტეტის ადგილას რჩება ცარიელი სივრცე, რომელიც იქ
სადაც „დოგმატური ქრისტიანობაა“ სხვა რამით იქნება ჩანაცვლებული, მაგალითად
სინდისის ავტორიტეტით. ან მიღმიერი სამყაროს სამარადისო ბედნიერების გაქრობა
შეიძლება ჩანაცვლედს ბედნიერების სოციალიზმის მოძღვრებით. არასრული
ნიჰილიზმი თავიდან აცილებული, რომ იქნას საჭიროა მთლიანად ღირებულებების
დადგენის პრინციპის გაცნობიერება და მისი სახისა, თუ დადგენის ხერხის ცვლილება.

3
არსებულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად და ნიჰილიზმის დასაძლევად ნიცშეს
შემოაქვს „ზეკაცის“ კონცეფცია, რომელიც არის საშუალება ადამიანმა რეალობის
უდაბნოში, როგორც არარაში არ იბორიალოს და ჰქონდეს მიზანი, რომლისკენაც
მიისწრაფვის. „ზეკაცი“ არსობრივად ზეისტორიულია, რომელსაც დაძლეული აქვს
ნების ზიზღი დროისა და მისი „იყოს“ მიმართ. მას გაცნობიერებული აქვს
ღირებულებების დადგენის პრინციპი, რაც აძლევს შესაძლებლობას, შეცვალოს
უმაღლესი ღირებულებების ტოპოსი სხვა ადგილით და იქ ამ გაცნობიერებული
პრინციპიდან გამომდინარე შექმნას და დააფუძნოს ახალი ღირებულებები. ეს
ერთგვარად მოიაზრებს ძველი ღირებულებებისთვის „არა“-ს, ხოლო ახალი
ღირებულებისთის „დიახ“-ის თქმას. ზეგრძნობადი სამყარო, რომელიც ღირებულებების
დადგენის პრინციპს განსაზღვრავდა სიცოცხლესმოკლებულია. ამით თავად სიცოცხელს
ეძლევა საშუალება, თავისი არსით არსებულის არსებულობა განსაზღვროს და
ღირებულების შექმნის პრინციპი შეცვალოს, რათა სიცოცხლემ თავის სიცოცხლეს
სიცოცხლეშივე სიცოცხლე მიანიჭოს.
ღირებულება არის თვალსაზრისი რაღაცის და რაღაცისთვის. იგი არის არსებულის
თვალსაზრისი, რომელიც წამრმოქმნილია მისი ხედვიდან და დადგენილია მისი
ხედვისათვის. არსებულის ეს ხედვა, რომელიც ღირებულებიდან გამომდინარეობს და
მისთვისვეა დადგენილი, წარმოქმნილია იქედან, რომ იგი ხედავს რამდენადაც მან ის
დაინახა და რაც დაინახა თავის წინ დააყენა და დააფუძნა. შესაბამისად ღირებულება არ
არის თავისთავად მოცემული. ის მნიშვნელობს იმდენად, რადენადაც ის ღირებულებაა,
რაც თავისმხრივ განსაზღვრავს თვალთახედვის პერსპექტივას, რომელიც არსებულის
შენარჩუნებისა და ზრდის პირობაა. ასე, რომ ღირებულებების დადგენის დროს
გათვალისწინებული უნდა იყოს პირობის ორივე სახე. სიცოცხლე მიისწრაფვის
გაზრდის, ზრდისაკენ. ამ უკანასკნელს ემსახურება სიცოცხლის ყოველი შენარჩუნება.
ღირებულების დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს სიცოცხლის
შენარჩუნებისა და ზრდის პირობები. როგორც ნიცშე აღნიშნავს სიცოცხლე ხასიათდება
„ძალაუფლების ნებით“, რომელიც თავის თავს სიცოცხლეში ქმნადობის დროს ავლენს.

4
„ქმნადობაში“ იგულისხმება ცვალებადობა, მოძრაობა, ერთიდან მეორეში, რაიმედან
რაიმესაკენ გადასვლა. „ძალაუფლების“ ნება სიცოცხლეში თავისივე სიცოცხლით თავის
თავში ღირებულებას, ნების თვალსაზრის აფუძნებს არსებულის არსსში და ამით
ქმნადობს. ,,ნიცშესთვის „ქმნადობა“ არის „ნება ძალაუფლებისაკენ“. ამგვარად „ნება
ძალაუფლებისაკენ“ არის სიცოცხლის საფუძველმდებარე ნიშანი.“ (ჰაიდეგერი, ნიცშეს
სიტყვა ღმერთი მკვდაირა, 2012, 20). აქვე აღსანიშნავია, რომ ჰაიდეგერი შენიშნავს „ნება
ძალაუფლებისააკენ, ქმნადობა, სიცოცხლე და ყოფიერება უფართოესი აზრით
ყველაფერი ეს ერთიდაიგივე ნიცშეს ენაზე.“ (ჰაიდეგერი, ნიცშეს სიტყვა ღმერთი
მკვდაირა, 2012, 20). არსებული როგორც სიცოცხლე ქმნადობის დროს ყალიბდება
ძალაუფლების ნების მსგავს, შესატყვის ორგანიზმებად, თუ ცენტრებად. რომლებიცაა:
რელიგია, სახელმწიფო, ხელოვნება, საზოგადოება და მეცნიერება. მათ სურს
არსებულზე ბატონობა და ამისათვის იბრძვიან. შესაბამისად ამ ცენტრების
ძალაუფლების, ბატონობის შემცირებასა და გაზრდას „ღირებულებულება“ და მისგან
გამომდიბარე თვალსაზრისები განსაზღვრავს. ნება ნიშნავს რაიმეს ნდომებას, სურვილს
რომელსაც სურს ის რაც სურს, ასევე, იგი თავის თავში მოიცავს ბრძანებას. ის ვინც
გასცემს ბრძანებას საქმის არსის ცოდნით განკარგულებას აძლევს ქვემდგომს. ბრძანების
გამცემი ემორჩილება ამ ბრძანებას და ამ ბრძანების განკარგვის უნარს. ამგვარად იგი
ემორჩილება თავის თავს. ნებას ის კი არ ნებავს რაც მას არ აქვს და მისგან შორს არის,
არამედ ნებას ნებავს ის რაც მისია და მას აქვს. ნებას თავისივე ნებით ნება ნებავს. ამიტომ
მას ერთდროულად უწევს გადალახოს თავისი თავი და დაუმორჩილოს თავისი თავი
საკუთარ თავს. ხოლო ძალაუფლება არის ბატონობა რაიმეზე. ამგვარად ,,ძალაუფლების
ნება“-ში მოიაზრება სურვილი, წადილი ბატონობისა, რომლის დროსაც ნება
ძალმომრეობს საკუთარ თავზე თავისი არსის უპირობო არსებობისათვის, რათა უფრო
მეტი ძალაუფლება მოიპოვოს. ნიცშე ნება ძალაუფლებისაკენ 675 აფორიზმში წერს
,,საერთოდ გნებავდეს - ეს იგივეა რაც გსურდეს -გახდე -უფრო -ძლიერი გსურდეს
გაიზარდო. „უფრო ძლიერი“ აქ ნიშნავს „მეტ ძალაუფლებას“, ხოლო „მეტი
ძალაუფლება“ ნიშნავს მხოლოდ ძალაუფლებას“. ცენტრები, რომლებიც ძალაუფლების

5
ნებით ხასიათდებიან ქმნიან ღირებულებებს, თავიანთი ძალაუფლების გასაზრდელად,
მაგრამ მათ ეს პრინციპი „ღირებულებების“ დადგენისა ძალაუფლების ნების
გასაზრდელად გაცნობიერებული არ აქვთ და ამას შეგნებულად არ აკეთებენ. ნიცშე ასე
ამობობს: „ღირებულებები და მათი ცვალებადობა პროპორციულია ღირებულებების
დამდგენის ძალაუფლების ზრდისა.“ (ნება ძალაუფლებისაკენ, აფორიზმი 14). ხოლო ეს
„ნება ძალაუფლებისაკენ“ მანამდე აგრძელებს არსებობას და მხოლოდ იქამდე არის
ძალაუფლება, სანამ აფართოებს თავის ძალაუფლების არეალს და თავის თავისგან
მოითხოვს უფრო და უფრო „მეტ ძალაუფლებას“. ის ძალაუფლების შენარჩუნებისა და
გაზრდის პირობებს განამტკიცებს იმით, რომ ადგენს ღირებულებებს, რომელიც ნების
ნებასურვილს ესწრაფოდეს და გაზარდოს ძალაუფლება, ხელს უწყობს. ღირებულება
არის ძალაუფლების ნების მიერ თავის თავისთვის დადგენილი თვალსაზრისები, რათა
შეინარჩუნოს, განიმტკიცოს და გაზარდოს თავისი ძალაუფლება. ამგვარად ნებას,
რომლესაც თავისი ნებით ნებავს ძალაუფლება, ღირებულების შექმნისა და დადგენის
საფუძლველია და ამავე დროს ღირებულებებით დადგენილი თვალსაზრისების
შეფასებისა და განსაზღვრის საწყისი.
დეკარტეს ფილოსოფიურ ნაშრომში „მეტაფიზიკურ მედიტაციები“ სადაც იგი
შემოსაზღვრავს ადგილს აზროვნებისათვის, რომელიც უეჭველობით ხასიათდება, (მის
მეტაფიზიკაში) ფუნდამენტურია იდეა უტყუარობის შესახებ. ნიცშეს მეტაფიზიკაში კი
უფრო ფუნდამენტურია ღირებულების იდეა. რამდენადაც იდეა უტუარობისა
სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, თუ იგი უმაღლეს ღირებულებად
იქნება აღიარებული. ამიტომ ნიცშეს შუძლია თქვას, რომ „საკითხი ღირებულებების
შესახებ უფრო ფუნდამნტურია ვიდრე საკითხი უტყუარობის შესახებ: უკანასკნელი
თავის სერიოზულობას მოიპოვებს მხოლოდ იმ პირობით, რომ საკითხი
ღირებულებების შესახებ უკვე პასუხგაცემულია.“ (ნიცშე, ნება ძალაუფლებისაკენ,
აფორიზმი - 588) ზეგრძობადის სიცოცხლესმოკლებულობით, აქამდე არსებული
ღირებულებების გაუფასურებით, დასავლური მეტაფიზიკური აზროვნება დასრულების
ეპოქაში შეაბიჯებს (ანუ მეტაფიზიკის ბოლო სტადიაში), სადაც ნიცშესთან

6
სუბიექტურობის გაცნობიერებული თვითუტყუარობა თვითონვე აღმოჩნდა
ღირებულებების დამდგენი პრინციპის („ძალაუფლების ნების“) გამართლება, იმ
მოცემულობის მიხედვით, რომ იგი ბატონობს, ძალმომრეობს თავის თავზე არსებულთა
ყოფიერებაში. ამიტომაც გახდა საჭირო ღირებულებების დადგენის პრინციპის სრული
აღწერა, რამდენადაც იგი საფუძველია არსებულის, რომლის სიცოცხლეთ
„ძალაუფლების ნებით“ ხასიათდება. ,,ღმერთი მოკვდა“ ამ მომენტში, ძველი
ღირებულებები გაუფასურებულია. ნიჰილიზმის დასაძლევად საჭიროა ღირებულების
დადგენის პრინციპის გაცნობიერება და შეგნებულად განხორციელება. რათა ძველი
ღირებულებები გადაფასებული იქნას და ცნობიერების ველში სხვა ადგილას (არა ისვე
ზეგრძნობადის, იდეალიზმის ველში) „ნებამ ძალაუფლებისაკენ“ შექმნას, დააფუძნოს
ახალი ღირებულებები, რომელიც შეგნებულად იქნება ნასურვები ძალაუფლების
შენახვისა და გაზდისათვის არსებული პრინციპიდან გამომდინარე. ნება ადგენს ფასს
ყოველი ღირებულებისათვის. ანუ იგი ქმნის შეფასების კრიტერიუმებს,
რომელიც ,,ძალაუფლების ნების“ შენარჩუნებისა და ზრდის პირობებიდან გამომდინარე
დგინდება. როდესაც „ნებას ძლაუფლებისაკენ“ შეგნებული და გაცნობიერებული აქვს ეს
პრინციპი და ღირებულებებს ამ პრინციპიდან გამომდინარე ადგენს, იგი ხდება წყარო
ზეუხვში სიცოცხლისა. ჰაიდეგერი თავის ნარკვევში ,,ნიცშეს სიტყვა ღმერთი მკვდარია“
წერს: ,,რამდენადაც ნებას ნებავს საკუთარი ძალმომრეობა საკუთარ თავზე, იგი არ
კმაყოფილდება სიცოცხლის არავითარი სიმდიდრით. იგი ბატონობს, ზეუხვში-
სახელდობრ, საკუთარი ნების სიუხვეში. ამით იგი საკუთარი თავის ტოლი, მარად
უკუბრუნდება საკუთარ თავთან როგორც ტოლთან.“ (2012, 27) ნიცშეს
ფილოსოფიაში ,,იგივეს მარადიული კვლავ დაბრუნების“ იდეა და ,,ნება
ძალაუფლებისაკენ“ უმნიშვნელოვანესი ცენტრებია, რისი მეშვეობითაც და სადაც
ონტოლოგიურად ხდება არსებულის გააზრება. ეს ორი იდეა აზოვნების სვეტებია,
რომელზეც ზარატუსტრა თავის საზრისებს აფუძნებს.
ყველა ადრინდელი ღირებულების გადაფასება იწყება ,,ღმერთის სიკვდილის“
ცნობიერებით, რომელიც შესაძლებელს ხდის არსებულმა თავისი ნამდვილი არსი

7
გაიაზროს არსებულში, ყოველგვარი ზეგრძნობადი სამყაროს გარეშე. ამ დროს ადამიანი
ცნობიერების ისტორიულ ახალ საფეხურზე გადადის, რომელიც წინაზე უფრო მაღალი
ისტორიაა, რადგან მასში ყველა ღირებულების დადგენის პრინციპი გაცნობიერებული
და შეგნებულად ნასურვებია, ნების მიერ, რომელიც ღირებულებებს, ძალაუფლების
შენახვისა და ზრდის პრინციპის მიხედვით ადგენს. შესაბამისად კაცობრიობა
თვითცნობიერებით ფლობს საკუთარ არსს და მას თავისი ნებით ნებავს საკუთარი თავი,
როგორც „ძალაუფლების ნების“ ქმნადობაში განმახორციელებელი. ღირებულებები,
რომლებიც აქამდე დეგრადაციას იწვევდნენ და „ძალაუფლების ნების“ გაზრდას ხელს
ვერ უწყობდნენ ისტორიას უნდა ჩაბარდნენ. ცნობიერების ველში სხვა ადგილას ნება
აფუძნებს ახალ ღირებულებებს, ძალაუფლების შენახვისა და გაზრდის პრინციპიდან
გამომდინარე. ნიჰილიზმი - რომ უმაღლესი ღირებულებები გაუფასურდნენ უნდა
გადაილახოს. კაცობრიობა, რომელსაც არსებული გააზრებული აქვს როგორც არსებული
და საკუთარ ადამიანურ ყოფიერებას გაიზრებს ონტოლოგიურად და სოცოცხლეს
როგორც „ძალაუფლების ნებას“, ამ უკანასკნელის მეშვეობით სინამდვილის
განსაზღვრულობას გაიგებს. აქ კაცობრიობის არსობრივი ფომრა წინა ფორმასთან
შედარებით ამაღლებულია, რომელასც ნიცშე ,,ზეკაცს“ უწოდებს. იგი არაა ცალკეული
ინდივიდი, რომელსაც ადამიანური უნარები უზომოდ განვითარებული აქვს, არამედ
იგი არის ადმიანის სააზროვნო ტიპი, რომელსაც არსებული როგორც არსებული და მისი
არსი „ძალაუფლების ნებიდან“ გამომდინარე „ნანებები“ აქვს. ამგვარად „ზეკაცის“
ძალაუფლების ნება ძველი ღირებულებების გადაფასებისას როგორც ღირებულებების
დამდგენი, თავისი თავის მიმართ, რათა შეიანხოს და გაზარდოს ძალაუფლება ქმნის
ახალ ღირებულებებს, მეტაფიზიკურ ველში „ღმერთის სიკვდილი“-სგან განსხვავებულ
ტოპოსში. ადამიანი როგორც ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს დაეუფლოს „ზეკაცის“
სააზროვნო ტიპს, რომელსაც ძალაუფლების ნება შეგნებულად, გაცნობიერებულად
„ნანებები“ აქვს და ამ უკანასკნელით ქმნადობს არსებულში და ყოფიერებას
ყოფიერებითვე აფორმებს.

8
მხიარული მეცნიერების 125 აფორიზმში შეშლილი ადამიანი ბაზარში მყოფ
ადამიანებს ეუბნება „ჩვენ იგი მოვკალით“ (ღმერთი), „და მაინც მათ ჩაიდინეს ეს“ ანუ
ადამიანებმა, აქ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ ღმერთის დაბალი
სიძულვილიდან, ან მისი ურწმუნოებიდან გამომდინარეა ნათქვამი, რომელიც ათეიზმს
ქადაგებს. არა, ეს გაცილებით ღრმა აზრია, რომლითაც თვითონ ნიცშეც გაკვირვებულია.
როგორ შეძლო ადამიანმა, თავის არსზე მეტი არსობრივი ფორმის მოკვლა. შემდგომ
შეშლილი ადამიანი სვამს შეკითხვებს, რომელებზეც პასუხის გაცემა მსჯელობას
ნათელს მოჰფენს. „როგორ შეგვეძლო ჩვენ ზღვის ბოლომდე შესმა? ვინ მოგვცა
ღრუბელი მთელი თვალსაწიერის (ჰორიზონტის) წასაშლელად? რა ვქენით ჩვენ, როცა
ეს დედამიწა თავის მზისგან მიჯაჭვულობისგან გავათავისუფლეთ? (ნიცშე, მხიარული
მეცნიერება, აფორიზმი - 125) ზღვა სიმბოლურად გამოხატავს, ego cogito-ს, რომელიც
ორიათასი (2000) წლის განმავლობაში, ტრანსცენდელტარული სამყაროსკენ იყო
მიმართული, მუდმივად იქ ტრიალებდა, ასევე დასავლურ მეტაფიზიკურ აზროვნებას,
რომელიც უფრო და უფრო ზრდიდა და ასაზრდოება იდეალიზმის ზღავს. პლატონიდან
ჰეგელამდე ფილოსოფოსები, თავისი საზრისებით ამ ზღვის შენაკადები იყვნენ,
დამფუძნებლები ღირებულებების ისევ და ისევ ზეგრძობად ველში, რომელიც
თავისმხრივ იყო ჰორიზონტი, არსებულის გააზრების თვალსაწიერი რომ შემოსაზღვრა.
პლატონის იდეათა სამყაროში „მზე“ არის შუქმფენი არემარესი, რომელშიც იდეები,
არსებულის არსი ვლინდება თავისი სახიერების მიხედვით. „მზე“ არის თვალთახედვის
გარშემოწერილობა, „ამგვარად, მზე წარმოქმნისა და შემოსაზღვრავს თვალსაწიერს,
რომელშიც არსებული როგორც ასეთი ავლენს თავის თავს.“ (ჰაიდეგერი, ნიცშეს სიტყვა
ღმერთი მკვდაირა, 2012, 47) სადაც არსებულის არსის გააზრება შესაძლებელი ხდება.
ზეგრძობადის ეს სფერო, იდეათა სამყარო „მზე“ როგორც არსებულის არსის
განმსაზღვრელი მნიშვნელობს როგორც ჭეშმარიტი სამყარო. გრძნობადი სამყაროსთვის
საზრისის მიმცემი და მისი განმმარტებელი. შესაბამისად თუ თვალსაწიერი წაშლილია,
აღარ არსებობს არსებულის არსის გააზრებისათვის ჭეშმარიტი ადგილი, რომელშიც იგი
თავისთავადაა მოცემული და რომელიც უტყუარობით ხასიათდება. ამგვარად,

9
ყოფიერება თავისი ყოფირებით მყოფობს მხოლოდ ყოფიერებაში. „ღმერთის
სიკვდილით“ ჰორიზონტი, შემოსაზღვრული თვალსაწიერი ქრება, მეტაფიზიკურ
აზროვნებაში ნიჰილიზმი ისადგურებს, რომელიც „ზეკაცმა“ უნდა დაძლიოს
გაცნობიერებული და შეგნებული ძალაუფლების ნებით, როგორც ღირებულებების
დამდგენის, ძალაუფლების შენახვისა და გაზრდის პრინციპიდან გამომდინარე, ახალ
ღირებულებებს რომ ქმნის, ძველი ღირბულებებისგან განსხვავებულ ადგილას.
„ღმერთის მკვლელი“, ზეგრძობადის უკუმგდები ადამიანი იმაზე მეტი ხდება ვიდრე
იგი მანამდე იყო. ის არსებულის ყოფიერებას ყოფიერებითვე გაიაზრებს, რაც
„ძალაუფლების ნების“ შეგნებულად მიღებას, ღირებულების დამდგენი პრინციპის
გაცნობიერებას და მისით მოქმედებას შეაძლებინებს. ეს ღირებულებათა დადგენა,
რომელსაც „ძალაუფლების ნება“ შეგნებულად ანხორციელებს ახალია „რადგან იგი
თავის თავს საკუთარი პრინციპით უზრუნველყოფს და ეს უზრუნველყოფა საკუთარი
პრინციპიდან გამომდინარე, დადგენილ ღირებულებას მკაცრად იცავს“. (ჰაიდეგერი,
ნიცშეს სიტყვა ღმერთი მკვდაირა, 2012, 21). შესაბამისად „ზეკაცი“ ძლევს შურს დროისა
და მისი „იყო“-ს მიმართ, რაც მას ზეისტორიულს ხდის. „ზეკაცის“ აზროვნების ტიპი
შეესაბამება ყოფიერებას, რომელიც „ღმერთის სიკვდილის“ შემდეგ, დედამიწაზე
ბატონობას თავის თავზე იღებს და ამ ამოცანას სრულად შეესაბამება. იგი არის ხიდი
ნიჰილიზმის გადასალახად და დასაძლევად. „ზეკაცი“ არსებულს გაიაზრებს როგორც
არსებულს, რითიც თავად სიცოცხლეს სიცოცხლეშივე სიცოცხლეს ჩუქნის.

10
ბიბლიოგრაფია
ნიცშე, ფრიდრიხ. ესე იტყოდა ზარატუსტრა. 2016. თბილისი. აქტი.
ნიცშე, ფრიდრიხ. სიცოცხლისათვის ისტორიის სარგებლისა და ზიანის შესახებ. 2018.
თბილისი. Carpe diem.
ნიცშე, ფრიდრიხ. მხიარული მეცნიერება. 1887.
ნიცშე, ფრიდრიხ. ნება ძალაუფლებისაკენ. მიეკუთვნება 1887 წელს.
ჰაიდეგერი, მარტინ. ნიცშეს სიტყვა „ღმერთი მკვდარია“. 2012. თბილისი, მერიდანი.
ჰაიდეგერი, მარტინ. ვინ არის ნიცშეს ზარატუსტრა. 1991. თბილისი, გულანი.

11
12

You might also like