You are on page 1of 5

გიორგი მეტრეველი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის


სახელმწიფო უნივერსტიტეტის დოქტორანტი

ჩუქების შემზღუდველი ერთი სამართლებრივი ნორმის რეგულირებისთვის

კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებთან ერთად


განსაზღვრავს იმპერატიულ ნორმებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩუქების
დაუშვებლობას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის თანახმად:
„პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს
მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.“ ნორმის ის ნაწილი, რომელიც იცავს
მჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებს, თუ გაჩუქების შედეგად მათ მოესპობათ საარსებო
წყარო, სრულიად გასაგები და სამართლიანია, მაგრამ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან
გამომდინარე, მჩუქებელს გაჩუქების უფლება არა აქვს ასევე იმ შემთხვევაში, თუ
გაჩუქების შედეგად თავად მჩუქებელს მოესპობა საარსებო წყარო. აღნიშნული ნორმა
პირდაპირ ლახავს საკუთრების განკარგვის თავისუფლებას, რადგან გამოკვეთილი არ
არის საკუთრების სოციალური ფუნქცია.
საკუთრების განკარგვის თავისუფლების შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს
მხოლოდ განსაზღვრულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების
შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. სახელმწიფომ არ უნდა
მიიღოს ისეთი კანონი, რომლითაც დასახული მიზანი არ მიიღწევა. ამ თვალსაზრისითაც
გაუგებარია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის მიზანი, რას ემსახურება
მისი არსებობა - მჩუქებლის ინტერესების დაცვას თავისივე ქმედებისაგან? საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის ნორმის სიტყვები: „...მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს...“
მიუთითებს იმაზე, რომ თუ საარსებო წყარო მოესპობა მხოლოდ მჩუქებელს და არ
მოესპობა მჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებს ან მჩუქებლის კმაყოფაზე არავინ იმყოფება,
ასეთ შემთხვევაშიც კი მჩუქებელს არ აქვს ჩუქების ხელშეკრულების დადების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ კანონი მჩუქებელს იცავს მისი ქმედებისაგან, რაც
ლოგიკური არ არის და კანონმდებლის მიერ დასახული მიზანიც ამ შემთხვევაში
მიუღწევადია, თუ ჩვენ გავიზიარებთ ამ ნორმის „პათოსს“, ანუ იმ მოსაზრებას, რომ
კანონმდებელი ზრუნავს მჩუქებლის ინტერესებზე, რათა მას ჩუქების შედეგად არ
მოესპოს საარსებო წყარო, მაშინ გაუგებარია რატომ არ ზრუნავს კანონმდებელი,
მაგალითად, გამყიდველზე ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში და რატომ არ
კრძალავს დაბალ ფასად ნივთის გაყიდვას? სამართლებრივ ურთიერთობებში პირის დაცვა
თავისივე ქმედებისაგან შეუძლებელი და ალოგიკურია. საარსებო წყაროს მოსპობა
შესაძლებელია არა მარტო ნივთის გაჩუქებით, არამედ განადგურებითაც. კანონი კი არ
უკრძალავს ნივთის განადგურებას მესაკუთრეს, თუნდაც ამით მას მოესპოს საარსებო
წყარო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პრაქტიკაში რთულია იმის კონტროლი, თუ რა
შემთხვევაში მოესპობა მჩუქებელს საარსებო წყარო და რა შემთხვევაში არა, მით უფრო,
არავინ არის ვალდებული, აკონტროლოს მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა და,
შესაბამისად, ეს აკრძალვა ხელშეკრულების დადებისას ვერ იმოქმედებს. საკითხს
ართულებს ის ფაქტიც, რომ ჩუქების ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც
ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. საკმაოდ ძნელი სათქმელია და ცალკე განხილვის
თემაა, თუ რა ჩაითვლება იურიდიული პირის შემთხვევაში საარსებო წყაროს მოსპობად.
თავად ტერმინი „საარსებო წყარო“ ძალზე ზოგადი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში საგანგებოდ უნდა მოხდეს მისი შეფასება. შესაძლებელია გარკვეული თანხა
ერთი პირისთვის საარსებო წყაროდ საკმარისი იყოს ორი თვის განმავლობაში, მაშინ
როდესაც იგივე თანხა სხვა პირისთვის ორი დღის საარსებო წყაროა (მაგალითად,
ქრონიკული დაავადებების მქონე პირის, რომელსაც რეგულარულად სჭირდება
მკურნალობა და მედიკამენტები, საარსებო წყარო გაცილებით მეტი შეიძლება იყოს,
ვიდრე ჯანმრთელი ადამიანისა). შესაბამისად, ხელშეკრულების დადების დროს ვერავინ
შეაფასებს მოესპობა თუ არა მჩუქებელს საარსებო წყარო, ეს თავად გამჩუქებელმა
შეიძლება იცოდეს და, თუ მას მაინც სურს აღნიშნულ ვითარებაში ჩუქების
ხელშეკრულების დადება, არ რჩება სამართლებრივი მექანიზმი ხელშეკრულების
დადების თავიდან ასაცილებლად; შესაბამისად, კანონის იმპერატიული მოთხოვნა -
„.უფლება არა აქვს“ - აზრს კარგავს.
ნორმის ანალიზისას მნიშვნელოვანია ასევე წესი (პრინციპი), რომლის თანახმადაც,
სრულ ქმედუნარიან პირს აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის
ფაქტობრივად შეუზღუდავი შესაძლებლობა. ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც
დადებულია მხარეთა ნამდვილი ნების შესაბამისად, სწორედ ნების თავისუფალი
გამოვლენის გამო ითვლება ნამდვილად. ამ პრინციპთან მიმართებითაც მნიშვნელოვანია
შეზღუდვა, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე
მუხლი. შესაძლებელია, მჩუქებელს თავისი თავისუფალი ნების შესაბამისად სურდეს
ქონების გაჩუქება, საარსებო წყაროს მოსპობის შემთხვევაშიც კი. ხსენებული მუხლი კი მას
ამის უფლებას არ აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ არ ილახება არც საზოგადოების
ინტერესი, არც მართლწესრიგი, არც ზნეობრივი ნორმები. თავად მართლწესრიგის
უმთავრესი ამოცანა ხომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებისთვის
თავისუფლებისა და თვითგამორკვევის პირობების შექმნა და უზრუნველყოფაა.
სახელმწიფოსა და სხვა პირთა ზეგავლენისაგან დამოუკიდებლად ყველა უნდა
სარგებლობდეს მოქმედების თავისუფლებით. ყველას აქვს უფლება, თავისი
ურთიერთობები სხვა პირებთან წარმართოს საკუთარი შეხედულებისამებრ, რა თქმა
უნდა, თუ არ დაარღვევს სხვა პირთა უფლებებს. ამრიგად, კანონმდებელმა ანგარიში უნდა
გაუწიოს პირის თავისუფლებას და მისცეს მას შესაძლებლობა თავისუფლად გადაწყვიტოს
თავისი საკუთრების ბედი, თუნდაც ამან მისი ქონებრივი ზიანი გამოიწვიოს. სრულ

2
ქმედუნარიან პირს ძალუძს თავად (სხვადასხვა ფაქტორისაგან დამოუკიდებლად) განაგოს
საკუთარი ბედი, მას მინიჭებული აქვს თავისუფლება და საკუთარ მოქმედებებზე
თავადვე აგებს პასუხს. შესაბამისად, შექმნილია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოები, რომ მას
შეუძლია სხვა პირებთან ნების თავისუფლად გამოვლენის საფუძველზე დადებული
ხელშეკრულებით გადაწყვიტოს, იღებს თუ არა თავის თავზე პასუხისმგებლობას
ხელშეკრულების მეორე მხარის წინაშე და რა მოცულობით. აღნიშნული თავისუფლებაც
გარკვეულწილად შელახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლით.
კონტინენტური ევროპის ქვეყნების სამოქალაქო კოდექსებში არ არის მსგავსი ნორმები.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსში საერთოდ ძნელია ისეთი ნორმების
მოძებნა, რომელიც მოწმობს კანონმდებლის პრინციპულ ინტერესს, ხელშეკრულების
სოციალური ფუნქციის, მისი შინაარსის ან შედეგებისადმი, ვინაიდან ითვლება, რომ პირს
(სრული ქმედუნარიანი), რომელიც დებს ხელშეკრულებას, შეუძლია დამოუკიდებლად
აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებებსა და მათ შედეგებზე. მას შეუძლია იმოქმედოს
გონივრულად და თავიდან აიცილოს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის ნორმა ასევე ეწინააღმდეგება
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს. ხელშეკრულების თავისუფლების
უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური მოვალეობაა. მართალია, სახელმწიფოს
უფლება აქვს, ეს თავისუფლება, სხვადასხვა საფუძვლიდან გამომდინარე, შეზღუდოს,
მაგრამ ეს შეზღუდვა უნდა იყოს მინიმალური და აუცილებელობით განპირობებული.
კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების თავისუფლების გამოვლენის ორი
ძირითადი მიმართულება: ერთი მხრივ, ხელშეკრულების დადების თავისუფლება, ხოლო,
მეორე მხრივ, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე
მხარეების პრეროგატივად უნდა დარჩეს მათი გადაწყვეტილების სისწორის განსაზღვრა,
რომელიც რეალიზებული იქნება კონკრეტულ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების
მთავარი არსი არის ის, რომ მასში მოცემული პირობები ნაცნობი, შეთანხმებული და
მისაღებია მხარეებისთვის, თითოეული მათგანი ადასტურებს, რომ ისინი უნდა
ჩაითვალოს მართებულად. ხელშეკრულების აღნიშნული თვისება არის ნების
ავტონომიურობის გამოხატულება. ამ პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე
მხარეებმა ნებაყოფლობით ისურვეს თავიანთი ვალდებულებების აღება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლიდან გამომდინარე, იზღუდება
როგორც ხელშეკრულების თავისუფლების, ისე ნების ავტონომიურობის პრინციპები. თუ
ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, სხვა პირთა კანონიერ ინტერესებს ან
ზნეობრივ ნორმებს, მისი დადების აკრძალვის საფუძველი არ უნდა იყოს
ურთიერთმოვალეობათა ბალანსის დარღვევა, ერთ-ერთი მხარის არახელსაყრელ
პირობებში აღმოჩენა და სხვა მსგავსი ფაქტორები. ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ
ხელშეკრულების დადებამდე ორივე მხარეს ჰქონდა მოფიქრებისა და საპასუხისმგებლო

3
გადაწყვეტილების სწორად მიღების შესაძლებლობა. ჩემ მიერ განხილულ ჩუქების
ხელშეკრულების შემთხვევაში ის ფაქტი, რომ მჩუქებელს საარსებო წყარო ესპობა,
ხელშეკრულების აკრძალვის საფუძველია, რაც არ არის სამართლებრივად
მიზანშეწონილი. ხელშეკრულების სამართლიანობის ფაქტს მნიშვნელობა არ უნდა
მიენიჭოს სამართლებრივი (იურიდიული) თვალსაზრისით და, შესაბამისად,
„უსამართლობა“ არ შეიძლება ასეთი ხელშეკრულების აკრძალვის საფუძველი იყოს, რა
თქმა უნდა, თუ ხელშეკრულების მხარეთა ნამდვილი ნების შესაბამისად ხდება მისი
დადება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლში აღნიშნული აკრძალვის
მიუხედავად, თუ მაინც დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც მჩუქებელს
მოესპო საარსებო წყარო, აღნიშნული მუხლის იმპერატიული აკრძალვის
გათვალისწინებით ხელშეკრულება კანონის საწინააღმდეგოდ დადებულად ჩაითვლება,
რაც ასეთი ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია. ხელშეკრულება შეიძლება
მიჩნეულ იქნეს ბათილად იმის გამო, რომ ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოვლენილი
ნება ეწინააღმდეგება კანონს, უფრო ზუსტად კი კანონით დადგენილ ამკრძალავ ნორმებს
და ამ შემთხვევაში ამოქმედდება ბათილი ხელშეკრულებისთვის დადგენილი წესები, ანუ
მხარეები დაუბრუნდებიან ხელშეკრულების დადებამდე არსებულ სამართლებრივ
მდგომარეობას, გაჩუქებული ნივთი დაუბრუნდება მჩუქებელს. მაგრამ ხელშეკრულება
ბათილად შეიძლება აღიაროს მხოლოდ სასამართლომ. აღნიშნულ შემთხვევაში ამ
პროცედურის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ძნელი წარმოსადგენია
საქმე მივიდეს სასამართლო განხილვამდე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქმის განხილვას
სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი
უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად“. თუ მესაკუთრე
დებს ჩუქების ხელშეკრულებას, თუნდაც ამით საარსებო წყარო ესპობოდეს მას, ეს
ნიშნავს, რომ მას სურს ასეთი ხელშეკრულების დადება (მაგალითად, ქველმოქმედების
მიზნით იგი ეხმარება გაჭირვებულ ადამიანს, თუნდაც მასზე ნაკლებად მძიმე
მდგომარეობაში მყოფს) და, ბუნებრივია, ის სადაოს არ გახდის თავისივე ქმედებას და არ
მიმართავს სასამართლოს ხელშეკრულების ბათილად აღიარების მოთხოვნით, მით უფრო
სასამართლოს არ მიმართავს დასაჩუქრებული, თუნდაც იმიტომ, რომ მისი უფლება და
კანონით გათვალისწინებული ინტერესი შელახული არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ
სასამართლოში მიმართვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს პირის დარღვეული თუ
სადაოდ ქცეული უფლების არსებობა, ჩემ მიერ განხილულ შემთხვევაში ასეთი პირი
ფაქტობრივად არ არსებობს, ამის გამო სასამართლო ვერ განიხილავს საქმეს და ვერ
აღიარებს ხელშეკრულებას ბათილად. ხელშეკრულების დადების კანონისმიერი აკრძალვა
ამ მიმართულებითაც აზრს კარგავს.

4
თუ აღმოჩნდება ისეთი ვითარება, როდესაც მესაკუთრემ გააჩუქა ქონება და მოესპო
საარსებო წყარო, ხოლო შემდგომ ინანა ასეთი ხელშეკრულების დადება, მას შეუძლია
ნივთის უკან დაბრუნება მოითხოვოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის
საფუძველზე, ამ თვალსაზრისითაც არ არის საჭირო სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის
არსებობა მოცემული რედაქციით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 526-ე მუხლში მოცემული ქონების ჩუქების აკრძალვა და ამით საკუთრების
განკარგვის თავისუფლების შეზღუდვა, ნების ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვა,
გარკვეულწილად ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა მაშინ, როდესაც არ
არსებობს საკუთრების სოციალური ფუნქცია, არ ილახება საზოგადოების ინტერესები, არ
ირღვევა მართლწესრიგისა და ზნეობის ნორმები და მხოლოდ თვით მჩუქებელს ადგება
ზიანი თავისივე ქმედების გამო, არასწორად უნდა ჩაითვალოს.
ყველა ზემოხსენებულ სამართლებრივ პრობლემას, ვფიქრობ, გადაჭრიდა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის შემდეგი რედაქცია: „პირს უფლება
არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებლის
კმაყოფაზე მყოფ პირებს“. კანონმა შესაძლებელია და სავალდებულოც კი არის, იზრუნოს
ნაკლებად დაცულ პირთა ინტერესებზე, მესაკუთრის მიერ განხორციელებული
„საფრთხის“ თავიდან აცილებაზე, მაგრამ კანონმა შეუძლებელია პირი დაიცვას საკუთარი
თავისაგან.
ჩუქების დაუშვებლობა მიზნად ისახავს მჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირთა
ინტერესების დაცვას და ამდენად, შემოთავაზებული რედაქციის არსებობის შემთხვევაში
ეს მიზანი მიღწეული იქნება იმგვარად, რომ თავიდან იქნება აცილებული მთელი რიგი
უსაფუძვლო შეზღუდვები.

თბილისი 2013

You might also like