You are on page 1of 21

საკითხები კანონისმიერ-ვალდებულებით ურთიერთობებში

1.საზიარო უფლების ცნება, უფლება ნაყოფზე, საზიარო საგნის მართვა, განკარგვა და


ხარჯების თავისებურებანი - კანონისმიერი-ვალდებულებითი ურთიერთობების
კარის პირველი თავი ეძღვნება საზიარო უფლებებს. უფლება საზიაროა, თუ ის
რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის. საზიარო უფლების თითოეულ მონაწილეს
აქვს თავისი წილი ამ უფლებაში და ისინი მოწილეებად იწოდებიან. საზიარო
უფლებები კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს მიეკუთვნება იმდენად,
რამდენადაც საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები
კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის თანახმად, საზიარო
უფლებები მიიჩნევა სანივთო სამართლის ინსტიტუტად. საზიარო უფლებები,
როგორც აღინიშნა, უკავშირდება საერთო საკუთრებას, რომელსაც ეძღვნება ერთი
ზოგადი ნორმა, ხოლო სხვა ურთიერთობები მიმობნეულია სამოქალაქო სამართლის
სფეროებში. საინტერესოა, თუ რა შემთხვევაში წარმოიშობა საზიარო უფლებება. იგი
შეიძლება სხვადასხვა საფუძვლიდან წარმოიშვას, მაგალითად, კანონიდან,
ხელშეკრულებიდან და სხვ. კანონით მემკვიდრეობისას მემკვიდრეთა შორის
სამკვიდროს გაყოფაამდე მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონებაზე საზიარო უფლება
აქვთ. ამ შემთვევაში საზიარო უფლება კანონის ძალით წარმოიშობა. რაც შეეხება
უფლებას ნაყოფზე, თითოეულ მოწილეს წილის თანაზომიერად ეკუთვნის ნაყოფის
წილიც. მაგალითად, თუ ერთ-ერთი მოწილის წილი შეადგენს ერთ მესამედს, ხოლო
მეორესი - ორ მესამედს, მაშინ საზიარო ქონებიდან მიღებული შემოსავალი
განაწილდება წილების შესაბამისად. საზიარო საგნის მართვაზე საუბარი არის სსკ-ის
956-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საზიარო საგანს მონაწილეები მართავენ
ერთობლივად, ხოლო რაც შეეხება საზიარო საგნის მოვლა-პატრონობისთვის და
შენახვისათვის საჭირო ღონისძიებებს, მათი განხორციელება მონაწილეებში შეუძლია
დამოუკიდებლად, ანუ არ საჭიროებს სხვა მოწილეთა თანხმობას. ასევე, მონაწილეებს
შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი
მართვისა და სარგებლობის შესახებ. მაგალითად, თუ რამდენიმე პირს ერთობლივად
ეკუთვნის ავტომანქანა, მათ შეუძლიათ, რომ თითოეული მოწილისათვის
დაადგინონ ამ ავტომანქანის სარგებლობის დღეები ან მისი გამოყენების სხვაგვარი
წესი. თუ საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის შესახებ მოწილეები ან
შეთანხმებულან, ამ შემთხვევაში თითოეულ მოწილეს შეუძლია, რომ მოითხოვოს
ყველა მოწილის ინტერესების შესაბამისი მართვა და სარგებლობა. შესაძლებელია,
რომ საზიარო უფლება გადავიდეს სხვა პირზე. მაგალითად, მემკვიდრეზე, წილის
შემძენზე და სხვ. ასეთ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეზე გამოიყენება იგივე წესები,
რაც მონაწილეებმა განსაზღვრეს. სსკ-ის 959-ე მუხლში საუბარია საზიარო საგნის
განკარგვაზე, რომლის მიხედვით, შესაძლებელია როგორც წილის, ასევე მთლიანად
საზიარო საგნის განკარგვა, რომლისთვისაც საჭიროა ყველა მონაწილის თანხმობა,
ხოლო წილის განკარგვისას სხვა მონაწილეთა თანხმობა არ არის საჭირო. საზიარო
საგნის მოვლა-პატრონობას შეიძლება დაკავშირებული იყოს ხარჯებთან, ამიტომ
თითოეული მოწილე ვალდებულია, რომ თავისი წილის შესაბამისად გაიღოს
ხარჯები.

2.საზიარო უფლების გაუქმება და მოწილეების პასუხისმგებლობის თავისებურებანი-


სსკ-ის 961-ე მუხლის მიხედვით არის განსაზღვრული თუ როგორ შეიძლება მოხდეს
საზიარო უფლების გაუქმება. რა თქმა უნდა, თითოეულ მეწილეს შეუძლია ნებისმიერ
დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ
შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან
განსაზღვრული ვადით, ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება მხარისადმი არსებობს რაიმე
პატივსადები მიზეზის არსებობაზე. პატივსადებ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს,
მაგალითად, თუ მოწილემ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამის გამო არ
შეუძლია ისარგებლოს საზიარო საგნით ან ასევე, მოწილეებს შორის ურთიერთობა ისე
გამწვავდა, რომ შეუძლებელი ხდება საზიარო საგნის ერთობლივად მართვა. სსკ-ის
962-ე მუხლში საუბარია შეთანხმებაზე გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ
მოწილეებს რაიმე ვადით გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების გაუქმების
მოთხოვნის უფლება, მაშინ შეთანხმება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ მოწილე
გარდაიცვლება. შესაბამისად, გარდაცვლილი მოწილის უფლებამონაცვლეს და ასევე
სხვა მოწილებს შეუძლიათ, რომ მოითხოვონ საზიარო უფლების გაუქმება. მოწილის
გარდაცვალების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ მისი მემკვიდრე უარს აცხადებდეს
იმ საქმიანობის გაგრძელებაზე, რაც დაწყებული ჰქონდა მის მამკვიდრებელს. ასეთ
შემთხვევაში, გარდაცვალების ფაქტმა შესაძლებელია გამოიწვიოს საზიარო უფლების
გაუქმება. საზიარო უფლების გაუქმებისას საზიარო უფლება უნდა გაიყოს მოწილეთა
შორის თითოეული წილის შესაბამისად. არსებობს საზიარო უფლების გაუქმების ორი
გზა- ნატურით გაყოფა და საგნის გაყიდვით. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით
გაყოფით ხდება მაშინ, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოფა ერთგვაროვან
ნაწილებად, ოღონდ არ უნდა მოხდეს მისი ღირებულების შემცირება. გაყოფა უნდა
მოხდეს თითოეული წილის შესაბამისად, მაგრამ თუ მოწილეებს თანაბარი წილი აქვთ,
ამ შემთხვევაში წილის განაწილება მეწილეებს შორის ხდება კენჭისყრით.საზიარო
საგანი ყოველთვის არ არის გაყოფადი და შესაბამისად, არსებობს ისეთი საგნები,
რომელთა ნატურით გაყოფა მათი თავისებურებიდან გამომდინარე არის შეუძლებელი.
ასეთ შემთხვევაში, საზიარო საგანი უნდა გაიყოს დაგირავებული ნივთის ან მიწის
ნაკვეთის გაყიდვიდან მიღებული ამონაგების შესაბამისად. ბუნებრივია, საზიარო
უფლება გაუქმდება ამ პროცედურების დასრულების შემდეგ. რაც შეეხება მოწილეების
პასუხისმგებლობას საზიარო უფლების გაუქმებისას, თითოეულ მოწილეს შეუძლია
მოითხოვოს საზიარო საგანთან დაკავშირებული ვალების გადახდა საზიარო საგნიდან.
ვალების გადახდისას, მოწილეები სოლიდარული მოვალეები არიან, რადგან
ვალებისათვის პასუხისმგებელია თითოეული მოწილე. შესაძლებელია, რომ
მოწილეებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ საზიარო უფლებიდან გამომდინარე
მოთხოვნები, მაგალითად, ზიანის ანაზღაურება, საზიარო საგანთან დაკავშირებული
ხარჯების გადახდა და სხვა. ასეთ შემთხვევაში, საზიარო უფლების გაუქმებისას
მოწილეს შეუძლია თავისი მოთხოვნის დაფარვა უზრუნველყოს საზიარო ქონების იმ
ნაწილიდან, რომელიც ერგება მოვალეს. საზიარო უფლების გაუქმებისას
შესაძლებელია, რომ საზიარო საგანი მოწილეთა ნებით ან სხვა საფუძვლით,
მაგალითად, აუქციონით, ერთ-ერთ მოწილეს მიეკუთვნოს, დანარჩენი მოწილეები კი
თავიანთი წილის შესაბამისად მიიღებენ კომპენსაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ
საზიარო საგანს აღმოაჩნდა ნაკლი, მაშინ ყველა დანარჩენ მოწილეს დაეკისრება
პასუხისმგებლობა, რომელიც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის გამყიდველისათვის
ნაკლის მქონე ნივთის ან უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვის გამო. რაც
შეეხება საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობას, სსკ-ის 968-ე
მუხლის მიხედვით, საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება
ხანდაზმულობას, რადგან საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის განხორციელება
არ შეიძლება შეზღუდული იყოს ხანდაზმულობის ვადებით.

3.დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების თავისებურებანი - დავალების


გარეშე სხვისი საქმეების შესრულება მომდინარეობს ჯერ კიდევ რომის სამართლიდან,
ისევე როგორც სხვა მრავალი ურთიერთობა. დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულება ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, რადგან აღნიშნული
ინსტიტუტი არის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის ერთ-ერთი სახე.
შესაბამისად, პირი, რომელიც დავალების გარეშე ასრულებს სხვის საქმეს, მოქმედებს
მხოლოდ თავისი ნებით. ამ ურთიერთობის მხარეებად გვევლინებიან შემსრულებელი,
ანუ გესტორი და დომინუსი, ანუ მეპატრონე, რომლის სამართლებრივ სიკეთეში ერევა
გესტორი და ცდილობს დომინუსის სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას. სსკ-ის 969-ე
მუხლის მიხედვით, გესტორს ევალება, რომ კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი
საქმეები, რადგან მას ამისთვის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია- ის, უბრალოდ
თავისი ნებით ცდილობს ჩაერიოს სხვის სამართლებრივ სიკეთეში. საინტერესოა
საუბარი იმაზე ,თუ რა არის დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების მიზანი.
გესტორის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, რომ სოლიდარობის ნიშნად, რომელიც ამ
ინსტიტუტის იდეოლოგიური საფუძველი გახლავთ, ჩაერიოს სხვის სამართლებრივ
სიკეთეში და შეიძლება ამ სიკეთეში ჩარევით მიიღოს შესაბამისი ფულადი
კომპენსაცია, რადგან გესტორი უნდა ეცადოს გადაარჩინოს სხვისი სამართლებრივი
სიკეთე იმწუთიერი ან მოსალოდნელი საფრთხისაგან. თუ საფრთხე არ არის
იმწუთიერი ან მოსალოდნელი, მაშინ გესტორს არ აქვს უფლება, რომ სხვის
სამართლებრივ სიკეთეში ჩაერიოს. აღნიშნული ინსტიტუტი ასევე მოწესრიგებული
იყო საბჭოთა კანონმდებლობით, მაგრამ ის მხოლოდ ნაპოვარზე ვრცელდებოდა და
ნაპოვარის შენახვის ხარჯების ანაზღაურებისა და სოციალისტური ქონების
გადარჩენის მიზნად გამოიყენებოდა, თუმცა 90-იანი წლებიდან უკვე ადგილი დაიკავა
სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლებში, მაგრამ დიდი პრაქტიკული გამოყენება
ვერც მაშინ ვერ ჰპოვა. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
ითვალისწინებს შემსრულებლის მხრიდან, როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული
მოქმედების განხორციელებას. ფაქტობრივში იგულისხმება ის, რომ გესტორს შეუძლია
სახლის შეკეთება, სხვა სამუშაოების შესრულება და ასე დაეხმაროს იმ
დაინტერესებულ პირს, რომლის ამართლებრივი სიკეთე საჭიროებს
გადარჩენას.იურიდიული მოქმედებების ქვეშ კი იგულისხმება გარკვეული
გარიგებების დადება, თუმცა მიმაჩნია, რომ გარკვეული გარიგებების დადებისას
წერილობითი ფორმით, გესტორი ვერანაირი გარიგებას ვერ დადებს სხვის მაგივრად
დავალების გარეშე, ამისათვის ამას ესაჭიროება წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების ნება, რომელიც წარმოიშობა დავალების ხელშეკრულებიდან და
უნდა მიენიჭოს მინდობილობის სახე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დავალების ან სხვა
საფუძვლის გარეშე შესრულება გულისხმობს, რომ შემსრულებელი სხვის საქმეებს
წარმართავს, მაგრამ ამისათვის არ აქვს არანაირი უფლებამოსილება და არც
ვალდებულება, რადგან მას არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ დაუმყარებია
მხარესთან, ანუ არ დუდევს ხელშეკრულება და ქმედებას ახორციელებს
თვითნებურად. ხელშეკრულება რომ გაეფორმებინა, მაშინ ხელშეკრულების
საფუძველზე წარმოიშობოდა როგორც უფლებამოსილება, ისე ვალდებულება და
რადგან ეს ინსტიტუტი არის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის ერთ-
ერთი სახე, მაშინ ხელშეკრულება არ გვაქვს სახეზე და შესაბამისად, გესტორი
თვითნებურად ერევა სხვის სამართლებრივ სიკეთეში, თუმცა სანამ ჩაერევა, მანამდე
ვალდებულია, რომ შეატყობინოს მეპატრონეს მოსალოდნელი ჩარევის შესახებ. აქედან
გამომდინარე, შესაძლებელია, რომ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების
შემთხვევები განვასხვავოთ სხვა უფლებამოსილების შესრულებისაგან, ისევე როგორც
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სადაც წარმომადგენლის, ანუ
მარწმუნებლის დავალებით, მისი წარმომადგენელი ასრულებს გარკვეულ
უფლებამოსილებებს მარწმუნებლის ხარჯით, დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულების დროს კიდევ, გესტორი მეპატრონის ინტერესებისთვის ასრულებს ამ
საქმეებს.

4.დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას ზიანის ანაზღაურების


მოვალეობანი- სსკ-ის 970-ე მუხლში საუბარია ზიანის ანაზღაურების მოვალეობაზე.
მეპატრონის პიროვნების ან ქონებისათვის საფრთხის აცილება წარმოადგენს
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების კერძო შემთხვევას. საფრთხის ქვეშ
უნდა ვიგულისხმოთ არა მოჩვენებითი, არამედ იმწუთიერი და მოსალოდნელი
საფრთხე, რომლის წყარო შეიძლება იყოს როგორც ხდომილებების, ისე მოქმედებები.
საფრთხე ხელყოფით უნდა ემუქრებოდეს მეპატრონის პიროვნულ ან ქონებრივ
სიკეთეებს. საფრთხის აცილების მიზნით შესრულებული მოქმედება, რომელიც
გამოიხატება მეპატრონის ან სხვა პირის ქონებრივ სფეროში ჩარევით
მართლზომიერია. ასევე მართლზომიერია ის ზიანი, რომელიც მოცემულ ვითარებაში
შეიძლება დადგეს. ამასთან, თუ საფრთხის აცილების საბაბით მეპატრონის ან სხვა
პირის ქონებას შემსრულებელი გაზრახ აყენებს ზიანს, შემსრულებელს სამოქალაქო
პასუხისმგებლობა დაეკისრება დელიქტური ვალდებულებების წესით.
შემსრულებელი ასევე მიყენებული ზიანისათვის დელიქტური ვალდებულებების
წესით აგებს პასუხს, თუ მისი მოქმედებით მეპატრონეს ან სხვა პირს ზიანი მიადგა
საფრთხის აცილების გაუმართლებელი ხერხების შერჩევის გამო. უხეში
გაუფრთხილებლობით ჩადენილად არ შეიძლება ჩაითვალოს ზიანის მომტანი
ქმედება, როდესაც ზიანი შეადგენს საფრთხის აცილების გარდაუვალ ეპიზოდს ან
შემსრულებლის მართლზომიერი რისკის შედეგს. დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულება მოიცავს შემთხვევას, როდესაც სხვა პირის პიროვნების ან
ქონების დაცვის მიზნით თავად ზიანი ადგება შემსრულებელს მისივე მოქმედებით.
ეს შემთხვევა უნდა განვასხვავოთ უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში
შესრულებული მოქმედებისაგან იმით, რომ სხვისი საქმეების შესრულებისას სახეზე
გვაქვს შემსრულებლისა და მეპატრონის და არა მეპატრონის და მესამე პირის
მართლზომიერი ინტერესების კოლიზია. თუ უკიდურესი აუცილებლობის
ვითარებაში შემსრულებლის მოქმედებით მესაკუთრე შედარებით მეტად ღირებულ
ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესს პირის ნაკლებად ღირებული ქონება ეწირება,
ამასთან, გარეშე პირისათვის ზიანის მიყენება საფრთხის აცილების ერთადერთი
საშუალებაა, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ინსტიტუტი,
საფრთხის აცილების ასეთ პირობებს არ ითვალისწინებს. უკიდურესი
აუცილებლობის ვითარებაში პირი შეიძლება მოქმედება სამართლებრივი
მოვალეობის შესრულების დროსაც. სხვისი საქმეების შესრულების დროს გესტორი
მოქმედებს სამართლებრივი მოვალეობის გარეშე. სხვისი საქმეების შემსრულებელი
შებოჭილია კეთილსინდისიერების მორალურ-სამართლებრივი და ბრალეულობის
პრინციპებით. შემსრულებლის ქონებრივ ან არაქონებრივ სფეროში დამდგარი ზიანი
არ ანაზღაურდება თუ საფრთხე მისივე განზრახვით ან გაუფრთხილებლობით
შეიქმნა ან საფრთხის აცილების საშუალებების შერჩევისას ზიანი მისი განზრახვით
ან უხეში გაუფრთხილებლობით დადგა. შემსრულებლისათვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურების პასუხისმგებლობის სუბიექტი არის პირი, რომელმაც მეპატრონის
პიროვნებას ან ქონებას შეუქმნა საფრთხე, თუ მისი მოქმედება უშუალოდ
მიზეზობრივ კავშირშია საფრთხის შემქმნელ გარემოებასთან. დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულების წესებით შემსრულებლის ქონებრივ და არაქონებრივ
სფეროში დამდგარი ზიანისათვის პასუხს აგებს პირი, ვისი სიკეთის გადარჩენასაც
ცდილობდა შემსრულებელი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შემსრულებლის ქონებრივ
და არაქონებრივ სფეროში დამდგარი ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება გესტორის
დადებითი შედეგის მიუხედავად, იმის მიუხედავად, შეძლო თუ არა გესტორმა
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება.

5.მეპატრონისათვის შეტყობინების ვალდებულება, შესრულებული სამუშაოს შესახებ


ანგარიშის წარდგენა და გაწეეული ხარჯების ანაზღაურების თავისებურებანი- სსკ-
ის 971-ე მუხლში საუბარია მეპატრონისათვის შეტყობინების ვალდებულებაზე,
რომლის მიხედვითაც, შემსრულებელი ვალდებულია პირველი
შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს საქმეების შესრულების შესახებ. ასევე,
მეპატრონე ვალდებულია, რომ გააგრძელოს დაწყებული საქმეები, სანამდე
მეპატრონეს არ შეეძლება თვითონ იმოქმედოს. სსკ-ის 971-ე მუხლი შემსრულებლის
არაძირაითად ვალდებულებას ითვალისწინებს. შეტყობინების ვალდებულების
დაწესება ერთისმხრივ ემსახურება მეპატრონის რეალური ნების დადგენას.
მეორესმხრივ დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების შემთხვევაშიც
მეპატრონის ინფორმირებას. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
ვალდებულების ზოგადი მოთხოვნაა, სადაც შესრულების აქტები არაორდინალურ
ვითარებებში ხორციელდება და შემსრულებელი, როგორც წესი, მოკლებულია
შესაძლებლობას რეალური საფრთხის აცილების გადაუდებელი აუცილებლობის
შესახებ აცნობოს მეპატრონის. გესტორი ასევე თავისუფლდება შეტყობინების
ვალდებულებისაგა, როდესაც იგი მეპატრონის საქმეებს მეპატრონის თანდასწრებით
ასრულებს. კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ საუბარია მეპატრონისთვის მისი
საქმის დაწყების შეტყობინების თაობაზე და არა დაწყებული საქმის მეპატრონის
მიერ მოწონების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ შემსრულებლის მოქმედება
მეპატრონის არ მოეწონა, შემსრულებლის მხრივ კი მსგავს შემთხვევაში საქმიანობის
მორალურ-სამართლებრივი პრინციპი დაცული იყო, საქმიანობით დამდგარ შედეგზე
მეპატრონე პასუხს აგებს როგორც უსაფუძვლო გამდიდრება და იმოქმედებს მისი
შესაბამისი წესები. დაწყებული საქმის შესახებ პატრონისათვის შეტყობინებით არ
ამოიწურება გესტორის მოვალეობათა სფერო. ასევე იგი ვალდებულია, რომ
გააგრძელოს საქმის შესრულება, სანამ მეპატრონეს ან მის უფლებამონაცვლეს ან
კანონიერ წარმომადგენელს თავად არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს
გესტორის მიერ დაწყებული საქმიანობა. შეტყობინების ვალდებულება არაძირითადი
ვალდებულებაა, რომლის დარღვევა სსკით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ
სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. გაუმართლებელია შეტყობინების
ვალდებულების დარღვევა სსკ-ის 973-ე მუხლით გათვალისწინებული მეპატრონის
მიმართ შემსრულებლის შესაძლო მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობად იქნეს
განხილული და ამ ვალდებულების დარღვევამ ავტომატურად გამორიცხოს ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნა. ამგვარი მიდგომა არ გამორიცხავს შესაძლებლობას,
შეტყობინების ვალდებულების დარღვევის საფუძვლით სადავო გახდეს
შემსრულებლის მიერ გაწეული დანახარჯების მოცულობა და ან დანახარჯების
გაწევის აუცილებლობა. აღნიშნული ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით
უნდა შეფასდეს, კერძოდ შემსრულებლის მიერ შეტყობინების განხორციელება
რამდენად შეამცირებდა ან გამორიცხავდა გარკვეულ დანახარჯების გაწევას.
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების დროს გესტორი მოქმედებს
მეპატრონის ინტერესებისათვის. შესაბამისად, იგი ვალდებულია მეპატრონეს
წარუდგინოს ანგარიში, სადაც აღრიცხული უნდა იყოს შესრულებული სამუშაო,
გაწეული ხარჯები და ზარალი, რაც სამუშაოს შესრულებით დადგა. რაკი გესტორი
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას მოქმედებს მხოლოდ
მეპატრონის ინტერესებისათვის, მან არ შეიძლება ამ საქმიანობით მიიღოს
მატერიალური სარგებელი, ამიტომაც იგი ვალდებულია, რომ ანგარიშთან ერთად
გესტორს გადასცეს მოცემული საქმიანობით მიღებული ყოველგვარი შემოსავალი.
რაც შეეხება გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლებას, დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულება მიზნად არ ისახავს რომელიმე სხვა, ახალი სამოქალაქო
სამართლებრივი ვალდებულების წარმოშობას, ამიტომ სხვისი საქმეების
შესრულების შედეგად სახეზე არის გესტორისა და მეპატრონის ანგარიშების
გასწორება და არა მეპატრონის მხრივ რაიმე ახალი ვალდებულების წარმოშობა.
მეპატრონე გესტორს აუნაზღაურებს მხოლოდ იმ ხარჯებს, რომელთა გაღება
შესრულების მხრივ აუცილებლობით იყო გამოწვეული. ანაზღაურების უფლება
გესტორს ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ ის მცდარად ვარაუდობდა, რომ მისი
გაღებით დაეხმარებოდა მეპატრონის საქმეს, თუმცა ობიექტურად ხარჯი ზედმეტი
იყო.
6.გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა და საკუთარი საქმის
შესრულების ვარაუდი- სსკ-ის 974-ე მუხლში საუბარია გაწეული ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობაზე. იმ შემთხვევაში თუ გესტორისათვის
მეპატრონის ნება ცნობილი არ არის, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ
დაწყებული საქმე სარგებლის მომცემი იქნება მეპატრონისთვის. სარგებლიანობა
შეიძლება მდგომარეობდეს მეპატრონის ქონების გადარჩენაში განადგურების,
დახარჯვის, დაზიანებისაგან, მეპატრონის არაქონებრივი ინტერესების
არამართლზომიერი ხელყოფისაგან დაცვაში, ასევე შემსრულებლის მიერ მესამე
პირთა წინაშე მეპატრონის ვალდებულების შესრულებაში და სხვა. მეპატრონის
სარგებელი უნდა იყოს საჩინო თუკი შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯების
მოცულობა შეეფარდება იმ ზარალის სიდიდეს, რომელიც დაემუქრებოდა ან
ემუქრებოდა მეპატრონეს შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში. იმ
შემთხვევაში, თუკი შეტყობინების შემდეგ მეპატრონე მოწონებას გამოთქვამს
გესტორის მიერ დაწყებული საქმის შესრულებაზე, სამართლებრივი ურთიერთობა
გესტორსა და მეპატრონეს შორის იძენს უსიტყვო დავალების შინაარს, რომელიც
მოწესრიგება დავალების ხელშეკრულების გზით. თუ გესტორი გააგრძელებს საქმის
შესრულებას მეპატრონის ნების გაუთვალისწინებლად ან მის საწინააღმდეგოდ, იგი
თვითონ გახდება ვალდებული აანაზღაუროს საქმის შესრულებით გამოწვეული
ზიანი. ამდენად, სხვისი საქმეების შესრულებისას გესტორმა უნდა გაითვალისწინოს
მეპატრონის ნამდვილი ან მოსალოდნელი ნება და არ დაუპირისპირდეს მას,
წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვისი საქმეების შესრულების სამართლებრივი
ვალდებულება არ წარმოიშობა. იმ შემთხვევაში თუ მეპატრონეს არ მოეწონება
გესტორის მოქმედება, რომელმაც თავიდანვე საქმის შესრულება დაიწყო მოცემული
ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭირო პირობებში, მეპატრონე
ვალდებულია გესტორს აუნაზღაუროს გაწეული აუცილებელი ხარჯები და ზიანი,
რომელიც მას მიადგა. საიტერესოა საუბარი საკუთარი საქმის შესრულების
ვარაუდზე. სხვა პირის ინტერესებისათვის ფაქტობრივი და იურიდიული საქმიანობა
შეადგენს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების აუცილებელ პირობას.
შესაძლებელია, რომ გესტორისათვის უცნობი იყოს ის პიროვნება, ვისი
ინტერესებისათვისაც მოქმედებდეს იგი, თუმცა ეს არ იქნება ხელისშემშლელი
გარემოება, რომ მისი მოქმედება სხვისი საქმის შესრულებად ჩაითვალოს. თუ
შემსრულებელი ვარაუდობდა, რომ იგი საკუთარი ინტერესებისათვის მოქმედებდა,
შესრულებული მოქმედებით კი სხვა პირმა უშუალო სარგებელი მიიღო, მხარეების
მიმართ გამოიყენება უსაფუძვლო გამდიდრების წესები და არა დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულების ვალდებულების წესები. აღნიშნული გამიჯვნა
არსებითია, ვინაიდან განსხვავებულია სამართლებრივი შედეგები უსაფუძვლო
გამდიდრებისა და დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების შემთხვევებში. თუ
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებაა სახეზე და დაცულია სსკ-ის 969-974-ე
მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, მეპატრონე ვალდებულია
შემსრულებელს აუნაზღაუროს მისი საქმის შესრულებისათვის გაწეული
აუცილებელი ხარჯები და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანიც მიუხედავად დამდგარი
შედეგისა, მაშინ, როდესაც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გათვალისწინებით
შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ
იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე ამით გამდიდრდა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები.

7.ვითომ -კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები - უსაფუძვლო


გამდიდრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები ადრე მოქმედ
კანონმდებლობასთან შედარებით ამჟამად უფრო ფართოდ არის მოწესრიგებული. ეს
ბუნებრივი,ა რადგან საბაზრო მეურნეობის დამკვიდრებამ და განვითარებამ დღის
წესრიგში დააყენა ქონებრივი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების
აუცილებლობა. ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არა მარტო
ისეთი ურთიერთობები, რომლებშიც ერთი პირის მიერ მეორისათვის ქონების
გადაცემისთვის ნორმალური საფუძვლები არსებობს, არამედ ისეთებიც, როდესაც
ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელში აღმოჩნდება ქონება უსაფუძვლოდ.
სწორედ ამიტომ, შესაძლებელია შეძენილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის
გადაცემის ვალდებულება. ასეთ ვალდებულებაში მხარეებად გვევლინებიან
კრედიტორი, ანუ დაზარალებული და მოვალე, ანუ შემძენი. კრედიტორად გამოდის
ის პირი, რომლის ხარჯზეც სხვა პირმა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა
ან დაზოგა ქონება, ხოლო მოვალე არის ის პირი, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან
დაზოგა ქონება და შესაბამისად, გამდიდრდა. როგორც კრედიტორის, ისე მოვალის
როლში შეიძლება გამოვიდეს სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი. იმის
გამო, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები
მსგავსი იყო ძველი რომის სამოქალაქო სამართალში ცნობილ აბსტრაქტულ
სარჩელებთან, მას მოიხსენიებენ, როგორც კონდიქციურ ვალდებულებად.
უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულების უპირველესი
ფუნქცია არის კრედიტორის ადრინდელი ქონებრივი მდგომარეობის აღდგენის
სამართლებრივი უზრუნველყოფა. გარდა ამისა, კონდიქციური ვალდებულებათა
ფუნქციას წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები სუბიექტების ინტერესების დაცვა.
ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის
ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე. რაც
შეეხება ქონების უსაფუძვლო დაზოგვას, მას ადგილი აქვს მაშინ, როცა იმ პირის
ქონება, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ვალი, კი არ მცირდება, არამედ
უცვლელი რჩება, რადგან ეს ვალი შეცდომით ან სხვა მიზეზით სხვამ გადაიხადა.
ერთი პირის მიერ ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ან დაზოგვა მეორის ხარჯზე
უმეტესად ერთი და იგივე მიზეზის საფუძველზე ხდება. ასეთი მიზეზი შეიძლება
იყოს როგორც მოქმედება, ისე ხდომილება. ქონების შეძენის ან დაზოგვის მომენტში
პირმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ნივთი ან სხვა მატერიალური ფასეულობა მას
უსაფუძვლოდ გააჩნია. ასეთი შეძენა ან დაზოგვა შესაძლებელია კრედიტორის ან
მოვალის მართლზომიერი მოქმედების შედეგიც იყოს. სსკ-ის 976-ე მუხლში
ყურადღება გამახვილებულია ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით
სხვისთვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნების საფუძველზე. მასში
აღნიშნულია, რომ თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე
ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ
არსებობს. ეს დასაშვებია მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად
ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა. იგივე მდგომარეობაა, როცა
გაუქმდება ის კონკრეტული მიზეზი, რომლის გამოც ერთი პირი მეორეს უხდიდა
განსაზღვრულ თანხას. კანონი 976-ე მუხლში შესრულების მიმღებს უწოდებს ვითომ-
კრედიტორს. ვითომ-კრედიტორი ვალდებულია დააბრუნოს ასევე ვალდებულების
შესრულების ანგარიშში მიღებული თანხა ან სხვა ქონება, თუ ვალდებულების
საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის
განმავლობაში გამორიცხულია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის
საფუძველზე მისგან კონტრაჰენტისათვის რაიმე მოთხოვნის წარდგენა.
ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული ქონების უკან გამოთხოვა არ
შეიძლება, თუ ამისათვის არსებობს სერიოზული საფუძველი და შესრულება
შეესაბამება სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპებს. ასეთი შემთხვევები
კანონში პირდაპირ არის მითითებული. პირველი, როდესაც ვალდებულების
შესრულება, რომელიც შეესაბამება ზნეობრივი მოვალეობებს, ასევე, როდესაც გავიდა
ხანდაზმულობის ვადა და გადახდის შემდეგ გაიგო პირმა, რომ შეეძლო
ვალდებულებაა არ შეესრულებინა; ასევე, ვალდებულების მიმღებს შეეძლო
ევარაუდა, რომ შემსრულებელმა შეგნებულად გადასცა ქონება და ანგარიში არ
გაუწევია იმისთვის, არსებობდა თუ არა ის საფუძველი, რომელიც მას გადაცემული
ქონების უკან გამოთხოვის საშუალებას მისცემდა და შემდეგ, ბათილი სავალო
ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გადაცემული ქონების
უკან დაბრუნების თაობაზე ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ სამართლებრივ
ნორმათა დაცვის ფუნქციას. თუმცა მსგავსი შემთხვევები პრაქტიკაში შედარებით
იშვიათია და ძირითადად ქონების მიმღების კეთილსინდისიერებით არიან
განპირობებული.

8.გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა და იძულების


ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა- სსკ-ის 977-ე
მუხლში საუბარია გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის
დაუშვებლობაზე, რომლის თანხმადაც, ქონების გამოთხოვა შეუძლებელია მაშინაც,
როცა ერთმა პირმა იგი გადასცა მეორე პირს იმ პირობით, რომ ის შეასრულებდა
რაიმე მოქმედებას- თუ თავიდანვე ჩანდა, რომ მიზნის მიღწევა იყო შეუძლებელი და
ქონების გადაცემმა ეს იცოდა და მიზნის მიღწევას თვითონ შეუშალა ხელი
არაკეთილსინდისიერად. მსგავსი შემთხვევები არ არის დაკავშირებული რაიმე
ვალდებულების შესრულების პირობებიდან გამომდინარე ქონების გადაცემასთან.
გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ქონება გადაცემულია რაიმე ქმედების
შესასრულებლად და მისი მიმღების მოქმედება ან მოქმედება არ შეესაბამება
მოსალოდნელ მიზანს, შესაძლებელია, რომ მოხდეს გადაცემული ქონების უკან
გამოთხოვა. 977-ე მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი პირი
გადასცემს მეორეს რაღაცას, ამ უკანასკნელმა კი ამ შესრულების სამაგიეროდ უნდა
განახორციელოს განსაზღვრული მოქმედება. გადამცემმა მიმღებს სულ მცირე
კონკლუდენტურად უნდა გააგებინოს, რომ გადაცემა ხორციელდება მხოლოდ
სამაგიერო შესრულების მოლოდინის საფუძველზე, მაშინ როდესაც მიმღებმა სულ
მცირე კონკლუდენტურად უნდა გააგებინოს, რომ ის იცნობს შემსრულებლის მიზანს
და აღიარებს მას. შემსრულებლის მიერ დასახული მიზანი იმდენად მკაფიო და
გასაგები უნდა გახდეს, რომ მიმღებმა ის აღიაროს, როგორც მიღებული შესრულების
დატოვების უფლების პირობა. არ არის საკმარისი, რომ შემსრულებელი ცალმხრივად
მისდევდეს განსაზღვრული მიზნის შესრულებას. ეს გადაცემა ჩუქებისგან
განსხვავდება მხარეთა მიერ მიზნის მისაღწევად კონკლუდენტურად დადებული
შეთანხმების არსებობით. სახელშეკრულებო შეთანხმებისგან კი ეს შეთანხმება
განსხვავდება იმით, რომ შემსრულებელს არ აქვს შესრულების ვალდებულება და
შესაბამისად არც უფლება, მოითხოვოს სამაგიერო შესრულება. სამოქალაქო კოდექსი
კიდევ ერთი სპეციფიკური მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც არის
იძულების ან მუქარის საფუძველზე გადაცემული ქონების უკან დაბრუნების
მოთხოვნა, რომლის დროსაც, ქონების მიღების მართლზომიერების ხარისხზე არის
დამოკიდებული კონდიქციური ვალდებულების წარმოშობა. ამ შემთხვევაშიც არ
არის მხედველობაში ქონების გადაცემა ვალდებულების შესასრულებლად. თუ ქონება
ერთმა პირმა მეორეს გადასცა მუქარის ან იძულების საფუძველზე, მას შეუძლია, რომ
მოითხოვოს გადაცემულ ქონების უკან დაბრუნება. ასეთი ვალდებულების
საფუძველია ქონების მიმღების არამართლზომიერი ქცევა, მაგრამ თუ იძულებით ან
მუქარით მიღებულ ქონებაზე მის მიმღებს უფლება გააჩნდა, მაშინ, მიუხედავად
იმისა, რომ ქონება არამართლზომიერ გზით არის მიღებული, მის უკან დაბრუნების
მოთხოვნა დაუშვებელია. მუხლში მოცემული უკუმოთხოვნის გამორიცხვა
იძულებით და მუქარით მიღებულზე მოთხოვნის არსებობის ერთი შეხედვით
შეიძლება პრობლემატურად მოგვეჩვენოს, რადგან შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ
იგი თეორიულად იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა კრედიტორი თავის მოვალეს
იძულებით და მუქარით აწარმოებინებს შესრულებას და შეინარჩუნებს კიდევაც
მიღებულს. აქ საჭიროა მითითება იმაზე, რომ საქმე გვაქვს უკვე დამდგარ
გარემოებებთან და უნდა გადაწყდეს გამდიდრების სამართლის ძირითადი საკითხი -
საკითხი მიღებულის შენარჩუნების უფლებაზე. ამ მუხლის მიხედვით მატერიალურ
ფაქტობრივ მდგომარეობას (მოთხოვნის არსებობა) უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება,
ვიდრე პროცესს (მუქარა). ესე გადაწყვიტა ეს საკითხი კანონმდებელმა. უცნაურიც და
არალოგიკურიც იქნებოდა სიტუაცია, როდესაც პირი, რომელმაც, მაგალითად
გადაიხადა ნივთის ნასყიდობის თანხა, მაგრამ ვერ იღებს ნივთს გამყიდველისგან, და
ამ უკანასკნელს მუქარის მეშვეობით გამოართმევს ნივთს, ამ მუხლის პირველი
ნაწილის შესაბამისად ვალდებული იქნებოდა ისევ დაებრუნებინა იგი
გამყიდველისთვის, თუმცა დაამტკიცებდა თავისი მოთხოვნის უფლების არსებობას
ამ ნივთზე.

9.უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი უკან დაბრუნების მოთხოვნის


ფარგლები, ხარჯებისა და დანაკლისის თავისებურებანი - სსკ-ის 979-ე მუხლში
საუბარია უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლებზე. კანონის მიხედვით, უკან
დაბრუნებას მოთხოვნა ყველაფერზე, რამაც ერთი პირის უსაფუძვლო გამდიდრება
გამოიწვია მეორე პირის ხარჯზე. ეს შეიძლება იყოს როგორც შეძენილი ქონება, ისე ამ
ქონებიდან მიღებული სარგებელი ან მასთან დაკავშირებული შემოსავალი.
შესაძლებელია უსაფუძვლოდ მიღებული ფულის მოთხოვნაც. მოვალის მიერ
კრედიტორის ქონების დაბრუნებისას ძირითადად იგულისხმება ფული და
გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთები. ინდივიდუალურ ნიშნით
განსაზღვრული ნივთის გამოთხოვა კონდიქციურ ვალდებულებაში არ ხდება. ასეთი
ნივთის დაბრუნება კანონით გათვალისწინებულია საინდივიკაციო სარჩელის
საფუძველზე. უსაფუძვლო გამდიდრების დროს უნდა მოხდეს იმავე სახისა და იმავე
ოდენობის ქონების დაბრუნება. კონდიქციური ვალდებულება
დაზარალებულისათვის მარტო უსაფუძვლოდ მიღებული ქონების დაბრუნებას არ
გულისხმობს. კანონი შინაარსი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პირი, რომელმაც
ქონება უსაფუძვლოდ მიიღო, მოვალეა ასევე დააბრუნოს ან აანაზღაუროს მთელი
შემოსავალი, რაც მან ამ ქონებით მოიპოვა ან უნდა მოეპოვებინა იმ დროიდან, როცა
შეიტყო ან უნდა შეეტყო, რომ ქონება ჰქონდა უსაფუძვლოდ მიღებული. დაბრუნების
მოთხოვნა ასევე ვრცელდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალემ მიიღო
უსაფუძვლოდ მიღებული ქონების განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის
სანაცვლო ანაზღაურების სახე. თუ აღნიშნული ქონების ნატურით დაბრუნება არის
შეუძლებელი გადაცემული ქონების მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით, ამ
შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს მისი ის ღირებულება, რომელიც ამ ქონებას შეძენის
მომენტში ჰქონდა. ქონების დაბრუნების ვალდებულება ასევე წარმოიშობა იმ
შემთხვევაშიც, როდესაც შემძენმა იგი სხვას გადასცა უსასყიდლოდ, რადგან მან
გააჩუქა სხვისი ქონება და თავისი დაზოგა. უსაფუძვლოდ სხვისი ქონებით
სარგებლობის ან სხვის ხარჯზე რაიმე მომსახურების მიღების შემთხვევაში
დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს დაზოგილი ხარჯების ტოლფასოვანი თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების მიმღებს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა
თუ მიღებული საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან
სხვა საფუძვლის გამო იგი არც მიღებული ქონებით და არც ამ ქონების
ღირებულებით არ გამდიდრებულა, განსაზღვრული თავისებურება ახასიათებს
გაბათილებული ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებს შორის ქონების გადაცემასთან
და დაბრუნებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ხელშეკრულების გაბათილების
შემთხვევაში დღის წესრიგში დგება რესტიტუციის საკითხი. ორმხრივი
რესტიტუციის საფუძვლის არსებობისას, მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ
ის, რაც მათ მიიღეს ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ თუ ერთ-ერთ მხარეს არ
შეუძლია, რომ ქონება დააბრუნოს მისი მდგომარეობის გამო, მაგალითად, თუ
გააფუჭა, მაშინ იგი ქონების უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან თავისუფლდება,
თუ ეს გამომდინარეობს სამართლის იმ ნორმის არსიდან, რომლის საფუძველზეც
ბათილად იქნა ცნობილი ხელშეკრულება. ქონების მიმღები ასევე თავისუფლება
მიღებულის უკან დაბრუნების მოვალეობისაგან, თუ იმ ქონების დაღუპვა ან
გაფუჭება ხელშეკრულების ნამდვილობისას იწვევს ქონების გადამცემის
პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია ქონების მიღების
არაკეთილსინდისიერება ან ბრალეულობა. რაც შეეხება ხარჯებისა და დანაკლისის
ანაზღაურების თავისებურებას, კონდიქციური ვალდებულების განსაკუთრებული
შემთხვევაა, როდესაც ქონების უსაფუძვლოდ მიმღებს იგი სამუდამოდ შეძენილად
მიაჩნია და ამიტომ განსაზღვრული ხარჯები გასწია ამ ქონების გაუმჯობესებისათვის
ან წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი. მაგალითად, შეძენითი ხანდაზმულობის ვადის
გასვლამდე პირმა ჩათვალა, რომ მის მფლობელობაში არსებული ქონების პატრონი
არ გამოჩნდებოდა და მის მიმართ გაწია სხვადასხვა ხარჯი ან მისი
ექსპლუატაციიისათვის საჭირო გახდა სხვა ქონების შემცირება. ქონების პატრონის
გამოჩენის შემთხვევაში, მიმღები მოვალეა, რომ დააბრუნოს ქონება და უფლება აქვს
მოითხოვოს გაწეული ხარჯებისა და მიღებული ქონებრივი დანაკლისის
ანაზღაურება. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გადაცემული საგანი
არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მიმღებმა იგი ჩათვალოს სამუდამოდ შეძენილად,
მაგალითად, ნათხოვარი ნივთი პატრონმა დიდი ხნის განმავლობაში რომ არ
მოიკითხა, მიმღებმა თავისად ჩათვალა. ასეთ შემთხვევაში, ქონებაზე გაწეული
ხარჯები ან ქონებრივი დანაკლისი არ ანაზღაურდება. გაწეული ხარჯებისა და
ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურება, ისევე როგორც გადაცემული საგნის ნაწილი
დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება
აუცილებლად ერთდროულად უნდა მოხდეს. ის ხარჯები, რაც ქონების უკან
დაბრუნებასთანაა დაკავშირებული, ასევე ქონების დაზიანების ან დაღუპვის რისკი,
შემსრულებელზე გადადის.

10.უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების


ვალდებულება - სსკ-ის 981-ე მუხლში საუბარია უსაფუძვლო გამდიდრებიდან
წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე. კონდიქციური
ვალდებულების ძირითადი შინააარსი უსაფუძვლოდ მიღებული ქონების უკან
დაბრუნებაა, რომლითაც უნდა აღდგეს კრედიტორი პირვანდელ მდგომარეობაში,
მაგრამ კრედიტორის მოთხოვნა შემოიფარგლება უსაფუძვლოდ მიღებული და
მასთან დაკავშირებული ყოველგვარი შემოსავლის ოდენობით. როგორც წესი,
კონდიქციური ვალდებულება წარმოიშობა თვითონ დაზარალებულის
მართლზომიერი მოქმედების შედეგად. სწორედ მის მიერ დაშვებული შეცდომა ან
უზუსტობა ხდება სხვა პირის მიერ ქონების უსაფუძვლოდ შეძენის ან დაზოგვის
საფუძველი. რაც შეეხება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას,
მისი საფუძველი ყოველთვის ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი ქმედებაა.
ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონების
დაბრუნების ვალდებულებაში მიმღები პირის ბრალეულობა სახეზე არ არის. სულ
სხვა მდგომარეობა გვაქვს სახეზე იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს მიმღების
განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. მაგალითად, თუ პირმა იცოდა, რომ
ფოსტალიონის მიერ მისთვის ჩაბარებული თანხა მას არ ეკუთვნის, ამ თანხის მიღება
უნდა ჩაითვალოს, როგორც წინასწარ განზრახული არამართლზომიერი ქმედება,
რომლისთვისაც წარმოიშობა ვალდებულება ზიანის მიყენებისთვის და არა ქონების
უსაფუძვლოდ შეძენის ან დაზოგვისთვის. იგივე შედეგი უნდა დადგეს იმ
შემთხვევაშიც, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა გადაცემულია სასამართლოსთვის.
ამავე ნორმით დადგენილია, რომ მიმღებს პასუხისმგებლობა ეკისრება ხარვეზის
თაობაზე ცნობების მიღების ან მოთხოვნის სასამართლო წარმოშობაში გადაცემის
დროიდან კონდიქციური ვალდებულებისას უსაფუძვლოდ მიღებული ან დაზოგილი
ქონების უკან დაბრუნების წესების შესაბამისად და არა დელიქტური
ვალდებულებიდან გამომდინარე წესებით. ამ შემთხვევაში კანონი ზიანის
ანაზღაურების უფრო რბილ ფორმას ადგენს. დელიქტურ ვალდებულებაში
პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს ხდება მიყენებული ზიანის მოცულობის
დადგენა და მისი სრული ანაზღაურება. კონდიქციურ ვალდებულებაში მოთხოვნის
დაკმაყოფილება ხდება უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონების და არა
დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის ფარგლებში. უსაფუძვლოდ
შეძენილი ან დაზოგილი ქონება შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე
დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, ამიტომ ამ ვალდებულების გამიჯვნას
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება,რადგან ზიანის მიმყენებლის
პასუხიმსგებლობის მოცულობა უფრო დიდია, ვიდრე ქონების უსაფუძვლოდ
შემძენის ან დამზოგავის.

You might also like