You are on page 1of 9

სამართლებრივი რეალობა და მისი არსებითი მახასიათებლები.

სამართლებრივი ცნობიერება

1. რეალობა და ადამიანის ყოფიერება (არსებობა)


2. სამართლებრივი ცნობიერება: არსი, სტრუქტურა
3. სამართლის ნიჰილიზმი სამართლებრივი ცნობიერების ნეგატიური ფორმა
4. სამართლებრივი ცინიზმი, როგორც სამართლისადმი აგდებული
დამოკიდებულების ცნობიერება
5. სამართლებრივი ფეტიშიზმი და იდეალიზმი, როგორც ყოვლისშემძლე
სამართლის ცნობიერება

1. რეალობა და ადამიანის ყოფიერება (არსებობა)


1. ფილოსოფიას ყოფიერება ესმის როგორც დინამიური პროცესი,
რომელიც შედგება წარსული, ეხლანდელი და მომავალი ყოფიერებისაგან.
წარსულ ყოფიერებაში იგულისხმება ის რაც იყო ოდესღაც სადღაც ან აქ, მაგრამ
ეხლა აღარაა. მომავალ ყოფიერებაში ვგულისხმობთ იმას რაც იქნება სადღაც ან აქ
ოდესღაც მაგრამ ეხლა არაა. ხოლო ეხლანდელ ყოფიერებაში ვგულისხმობთ იმას
რაც არსებობს აქ და ახლა, როგორც აქტუალური ყოფიერება, როგორც არსებობა,
რომელიც იწოდება სინამდვილედ.

2. წარსული, ეხლანდელი და მომავალი ყოფიერება, თავის ერთიანობაში


ქმნის რეალობას. რეალობა არის ბუნებისა და საზოგადოების ყველა სფეროში
უკვე არსებულის, ეხლანდელი არსებობისა და მომავალი არსებობის
ერთობლიობა. რეალობის იმ ნაწილს რომელშიც ადამიანის ცხოვრებაა ჩართული
ცხოვრებისეულ სამყაროს უწოდებენ.

3. მიზანშეწონილია ადამიანის ცხოვრებისეული სამყაროს დაყოფა


ობიექტურ სამყაროდ, სუბიექტურ სამყაროდ და სისტემურ სამყაროდ.
ობიექტური და სუბიექტური სამყარო წარმოადგენს ყოველდღიურ რეალობას.
ყოველდღიური რეალობა ეს არის ადამიანი სხვადასხვა მოვლენების
გარემოცვაში. იგი წარმოადგენს "აქ", ჩემი სხეულის ირგვლივ და "ახლა", ჩემი
დროის ირგვლივ შექმნილ რეალობას.
4. ყოველდღიურ რეალობას უპირისპირდება სისტემური, ნორმატიულ-
შეფასებითი სამყარო, რომელიც ადამიანს იქვემდებარებს, კარნახობს მას
მორალურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და სხვა წესებსა და მოთხოვნებს. იგი
რეგლამენტაციას უკეთებს ადამიანის ცხოვრებისეულ სამყაროს. მაგ., გარკვეული
ასაკიდან სკოლაში წასვლა, ქორწინება, ამა თუ იმ სახის პასუხისმგებლობის
დაკისრება და სხვა.

5. ყოველდღიური რეალობა და სისტემური სამყარო ქმნის ცხოვრებისეულ


სამყაროს როგორც რეალობას, რომელშიც ხორციელდება ადამიანის ცხოვრება. ამ
რეალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სამართლებრივ რეალობას
მიეკუთვნება.

2. სამართლებრივი ცნობიერება: არსი, სტრუქტურა


6. სამართლებრივი რეალობა საზოგადოების სამართლებრივი ცხოვრებაა,
იგი მოიცავს სამართლებრივ დაწესებულებებს, სამართლებრივ ურთიერთობებს
და სამართლებრივ ცნობიერებას.

7. სამართლებრივი ცნობიერება წარმოადგენს სამართლებრივი რეალობის


გაცნობიერებას კანონიერებისა და უკანონობის თვალსაზრისით იდეაში,
თეორიაში, სამეცნიერო და ემპირიულ ცოდნაში, ჩვეულებებსა და ტრადიციებში,
გრძნობებსა და ემოციებში.

8. სტრუქტურული თვალსაზრისით სამართლებრივი ცნობიერება


შეიძლება განვიხილოთ ორი ასპექტით _ სამართლებრივი რეალობის ასახვის
სიღრმისა და სიზუსტის ასპექტით და სამართლებრივი ცნობიერების
მატარებელთა სპეციფიკის მიხედვით.

9. სამართლებრივი რეალობის ასახვის სიღრმისა და სიზუსტის მიხედვით


განასხვავებენ თეორიულ და ყოველდღიურ დონეს. თეორიულში მოიაზრება
სამართლებრივი მეცნიერებების ცოდნის სისტემა და სამართლებრივი
იდეოლოგია.
10. სამართლებრივი მეცნიერების ცოდნის სისტემა ამუშავებს
სამართლებრივი რეალობის განვითარების კანონზომიერებებს, რაც თავის მხრივ
წარმოადგენს სამართალშემოქმედების მნიშვნელოვან წყაროს.

11. სამართლებრივი იდეოლოგია კი გულისხმობს სამართლებრივი


იდეების, შეხედულებების, სამართლის ნორმების შეფასების სისტემების
ერთობლიობას.

12. სამართლებრივი რეალობის ყოველდღიურ დონეზე ასახვა


გულისხმობს მის გაცნობიერებას ემპირიული სამართლებრივი ცოდნისა და
სამართლებრივი ფსიქოლოგიის სიღრმით.

13. ემპირიული სამართლებრივი ცოდნა გულისხმობს სოციალური


სუბიექტის მიერ საკუთარი სოციალურ-სამართლებრივი ცხოვრებისეული
გამოცდილებით მიღებულ ცოდნას. იგი მჭიდრო კავშირშია მორალურ
წარმოდგენებთან.

14. სამართლებრივი ფსიქოლოგია არის სამართლებრივი გრძნობების,


განცდების, ჩვევების და სხვა ერთობლიობა, რომელშიც აისახება ადამიანის
ცხოვრება, მისი ყოველდღიური სამართლებრივი ცხოვრება.

15. სამართლებრივი ცნიბიერება მატარებლის სპეციფიკის მიხედვით


შეიძლება იყოს საზოგადოებრივი (ჯგუფური) და ინდივიდუალური.

N3. სამართლის ნიჰილიზმი სამართლებრივი ცნობიერების ნეგატიური


ფორმა
16. “ნიჰილიზმი” ფართოდ გავრცელებული ტერმინია. იგი
სიტყვასიტყვით, არაფრის რწმენას, ყველა მორალური და პოლიტიკური
პრინციპების უარყოფას ნიშნავს. ზოგადად ნიჰილიზმი უიმედობაა,
ნეგატივიზმის პათოსით გაჟღენთილი გონება-განწყობილებაა. იგი
მსოფლშეგრძნებისა და სოციალური ქცევის ისეთი სახეა, როცა სუბიექტი
უარყოფითად აფასებს (ეკიდება) ღირებულებებს, იდეალებს, ხშირ შემთხვევაში
ადამიანური ცხოვრების ყველა მხარეს.

17. სამართლის ნიჰილიზმი სოციალური ნიჰილიზმის ერთ-ერთი სახეა.


იგი გარკვეულ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და იდეურ საფუძველზე
წარმოშობილი სამართლებრივი ცნობიერების ისეთი გარდამავალი
მდგომარეობაა, რომელიც ჰიპერტროფირებული ეჭვის საფუძველზე უარყოფს
სამართლის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სანაცვლოს შეთავაზების
გარეშე.

18. სამართლის ნიჰილიზმისათვის დამახასიათებელია ჰიპერტროფული


ეჭვი და სამართლებრივი მოვლენების უარყოფა სამართლებრივი ცნობიერების
ფსიქოლოგიის, იდეოლოგიის თუ თეორიის დონეზე. სამართლის ნიჰილისტის
ცნობიერებაში გაჩენილი ეჭვი და უარყოფა წარმართავს მის მთელ ცნობიერებას
და იგი შეიძლება გამოვლინდეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ
დონეზე. სამართლის ნიჰილიზმის თეორიულ გამოვლენაში იგულისხმება იმის
გულწრფელი დასაბუთება, რომ რომ სხვა ღირებულებებთან შედარებით
სამართლის როლი არარაობაა საზოგადოებრივი ურთიერთობების
რეგულირებაში, ხოლო სამართლის ნიჰილიზმის პრაქტიკული გამოვლენა კი
გულისხმობს აღნიშნული იდეების ხორცშესხმას პრაქტიკულ ცხოვრებაში,
როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

19. სამართლის ნიჰილიზმის წარმოშობას მრავალი მიზეზი განაპირობებს,


მათ შორის არსებითია ისტორიულ-ეთნიკური, პიროვნულ-ფსიქოლოგიური,
სოციალურ-ეკონომიკური, თეორიული, იურიდიული და სხვა. დავახასიათოთ
თითოეული მათგანი.

20. ისტორიულ-ეთნიკურ მიზეზთა წყებას განეკუთნება ამა თუ იმ ერის


ისტორიული დამოკიდებულება სამართალთან და შესაბამისი სოციალური
გამოცდილების ჩამოყალიბება. ამ თვალსაზრისით, საქართველოში სამართლის
ნიჰილიზმის წარმოშობას საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი აღმოაჩნდა. “სამართალმა
პური ჭამას” გვერდით არსებობს უამრავი ქართული ანდაზა, რომლებიც
სამართლისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს (“სამართალი არც
ქმნილა და არც იქნებაო”, “სასამართლოში ქათამზე რომ ჩიოდე, ინდოური
ხელში უნდა გეჭიროსო” და სხვა).

21. ერთ-ერთი მოგზაურის თქმით, ვახტანგისეულ სამართლის წიგნთა


კრებულის ორიგინალზე საქართველოს მეფეს, ვახტანგ VI-ს, საკუთარი ხელით
ასეთი ფრაზა წაუწერია: “ბოლოს და ბოლოს ჩემს ხალხს მე მივეცი დაწერილი
კანონთა წიგნი, მაგრამ ამ კანონებს იშვიათად დაიცავენ საქართველოში, სადაც
არასოდეს სცნობდნენ სამართალს”. ზოგი მკვლევარი ამ ცნობის ნამდვილობას
უარყოფს. მაგრამ ვახტანგ VI-ის ნამდვილად აღიარებული შემდეგი სიტყვებიც
უარყოფითად ახასიათებს იმდროინდელი ქართველების დამოკიდებულებას
სამართალზე: “იყო ქვეყანა ესე ქართლისა ყოვლითურთ კეთილითა შემკულ და
შეზავებულ, ხოლო ცვალებითა დღეთა და ვითარებითა ჟამთა თვით სიბრძნით
და თავით თვისით სჯიდნენ და განაგებდნენ, ვიეთნიმე მოყვრობით, ვიეთნიმე
მეგობრობით, ვიეთნიმე მორიდებით, ვიეთნიმე ღვთის ურიდველობითა,
ვიეთნიმე მიღებითა ქრთამითა ვითარცა ენებათ, სჯიდნენ”,Lროგორც ვხედავთ,
მეფე გულისტკივილით აღნიშნავს, რომ საქართველოში “განსჯა და განგება”
ხდებოდა მოყვრობით, მეგობრობით, მოურიდებლობით, ქრთამით,Eერთი
სიტყვით, საკუთარი ნების საფუძველზე და არა გარკვეული კანონის მიხედვით.

22. “უქრთამო სამართალს” ნატრობს სულხან-საბა ორბელიანიც, როცა


ამბობს: “მეფეთაგან სამს დაიმადლებს უფალი: სამართალსა უქრთამოსა,
მოწყალებასა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა”.

23. კონსტანტინე კაპანელის აზრით კი “ქართველი ხალხი თუმცა არ არის


ბუნებრივად ბუნტარული ტიპისა, მაგრამ არც სახელმწიფოებრივი სისტემის
ხალხია. ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრება ქართველმა ხალხმა ისე გაატარა,
სისტემურად თითქმის ორი საუკუნე არ ცხოვრობდა წესიერ სახელმწიფოებრივ
პირობებში და ამიტომ, ცხადია, ქართველის სულში რატომ არ არის არავითარი
მოთხოვნილება სისტემისა საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.

24. ქართველი ხალხის ამდაგვარ დამოკიდებულებას კანონისა და


კანონიერებისადმი, საინტერესოდ ხსნის თ. სილაგაძე, მისი აზრით,
ქართველების მიერ, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში,Aსაკუთარი
დამოკიდებულების გამომუშავებას პოზიტიური სამართლისადმი, დაჩაგრული
ხალხის კომპლექსი განაპირობებდა. მართლაც, საქართველო და ქართველი
ხალხი ხანგრძლივი დროის მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან
პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპანსიას განიცდიდა, რაც მათ, სხვა ქვეყნების
კანონების შესრულებას აიძულებდა. დამპყრობთა კანონები კი ძირითადად
მიმართული იყო საკუთარი მდგომარეობის განმტკიცებისაკენ და
ფაქტობრივად, უგულებელყოფდა ქართველი ხალხის ინტერესებს, მათი
ეთნოკულტურისა და ეთნოფსიქიკის თავისებურებებს. რის გამოც ეს კანონები
მიუღებელი იყო ქართველი ხალხისათვის. ამიტომ, ქვეყნის
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, ფაქტობრივად, კანონის, უფრო ზუსტად კი
დამპყრობლის კანონის, მაგრამ მაინც კანონის, წინააღმდეგ მიმართული
ბრძოლა იყო და შესაბამისად მეფე იქნებოდა, თავადი თუ ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა წარმომადგენელი, ამ კანონების
წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამ ბძოლით აღიქმებოდნენ ხალხის ცნობიერებაში
ეროვნულ გმირებად, რაც კანონის დარღვევას მისაბაძს ხდიდა და კანონის
დარღვევის კულტს ამკვიდრებდა. ეს ტენდენცია ნაწილობრივ საქართველოს
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში ყოფნის
პერიოდშიც გაგრძელდა, ამ ტენდენციას, სავსებით სამართლიანად, ხოტბას
ასხამდა და ამართლებდა ქართული კულტურა. ყოველივე ეს ხალხის ფსიქიკაში
ცნობიერ თუ Qქვეცნობიერ დონეზე უარყოფით დამოკიდებულებას
ამკვიდრებდა კანონის მიმართ.

25. პიროვნების ინტერესებისა და იდეალების განხორციელება


მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამართალზე. ამიტომ, ადამიანი თავის
პიროვნულ წარმატება-წარუმატებლობას თავისთავად უკავშირებს სამართალსაც
და საკუთარი წარმანონზე. ხანგრძლივი წარუმატებლობით მობეზრებული
ადამიანი, ერთგვარ ფრონდალურ დამოკიდებულებას იჩენს ყველაფრისა და
მათ შორის სამართლის მიმართაც. P
26. პიროვნებას, საკუთარი სამართლებრივი უვიცობის გამოც, შეიძლება
ჩამოუყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება სამართლისადმი. სამართლის
ნიჰილიზმი შეიძლება წარმოიშვას პიროვნების საკუთარი სოციალურ-
სამართლებრივი სტატუსით გამოწვეული უკმაყოფილების შედეგადაც, ან
სასამართლოს მიერ მიღებული სავსებით სამართლიანი, მაგრამ პიროვნების
ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით. ასეთი უსიამოვნო
ურთიერთობები სამართლებრივ სინამდვილესთან სამართლის ნიჰილიზმის
წარმოშობა-არსებომნიშვნელოვანი ფაქტორია. დვილისაგან, პიროვნება
სამართალს ძირითადად სახელმწიფო ორგანოების, მისი ჩინოვნიკების
საშუალებით ხვდება, რომლებიც ხშირად ართულებენ სამართლის “ნორმალურ
ცხოვრებას”, რაც შესაბამისად, პიროვნების სამართლებრივი ცხოვრების
დეფორმაციას, მასში იურიდიული ნეგატივიზმის ჩამოყალიბებას,
სამართლისადმი სკეპტიკურ, გნებავთ, ინდიფერენტულ დამოკიდებულებას
იწვევს.

27. სამართლებრივი ნიჰილიზმის ერთ-ერთი მიზეზი საკუთრივ


იურიდიული, სამართლებრივია და თავს იჩენს თვით კანონმდებლობაში.
კანონთა არასრულყოფილება და ურთიერთდაპირისპირებულობა, კანონთა
გადატვირთვა ე.წ. “მკვდარი ნორმებით”, ანუ ისეთი ნორმებით, რომელთა
განხორციელებისთვის არ არსებობს არავითარი რეალური მექანიზმი,
პრაგმატული, ასე ვთქვათ, მომხმარებლური, იდეოლოგიური თუ ვიწრო
პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე კანონმდებლობა, ხელისუფლების
შტოებს შორის დაპირისპირება, პოლიტიკოსთა პოლიტიკანობა და ცინიკური
პოპულიზმი, სამართლებრივი ორგანოების დაბალი ავტორიტეტი, რაც თვის
მხრივ სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, სამართლის ნიჰილიზმის
აღმოცენების უმთავრესი პირობებია.
28. სამართლის ნიჰილიზმის აღმოფხვრა საზოგადოებრივი
ცნობიერებიდან რთული და ხანგრძლივი პროცესია, საამისოდ საჭიროა
სამართლის ავტორიტეტის, მისი, როგორც ღირებული ღირებულების
აღსადგენად შესაბამისი პირობების მომზადება, ეს კი, უპირველესად, მიიღწევა
კანონთა ხარისხის გაუმჯობესებით; კანონიერების განმტკიცებით; სამართლის
როლის ზრდით; მოსახლეობის სამართლებრივი აღზრდით; საზოგადოების
სამართლებრივი კულტურის სისტემატური ამაღლებით; კონსტიტუციის
უმაღლესობის რეალური განხორციელებით და სხვა.

4. სამართლებრივი ცინიზმი, როგორც სამართლისადმი აგდებული


დამოკიდებულების ცნობიერება
29. ცინიზმი გულისხმობს ადამიანური ღირებულებებისადმი აგდებულ
დამოკიდებულება, იმ ღირებულებებისადმი, რაც საყოველთაო პატივისცემით
სარგებლობს. ესაა სამართლისადმი გაუცხოებული დამოკიდებულება. კერძოდ,
სამართლად ისეთი ჩემგან გარეგანი მიიჩნევა, რომელიც შეუძლებელია ჩემთვის რაიმე
ფასეულობას წარმოადგენდეს. სამართლებრივი ცინიზმი იწვევს ადამიანის ამოგდებას
ფასეულობათა სისტემიდან და ფასეულობად მიიჩნევს იმას, რასაც სინამდვილეში ვერ
უნდა ეგუებოდეს სამართალი. ხშირად ასეთ ფორმაში სამართალი იღებს სიმბოლურ
ხასიათს, რაც რეალურად არავითარ ეფექტს არ იძლევა. მაგ., კანონი პენსიონერებს
აძლევდა ელექტროენერგიით სარგებლობის ისეთ შეღავათს, რომლითაც ერთი ნათურის
განათებას თუ შეძლებდა ადამიანი. სამართლებრივი ცინიზმი უპირისპირდება
უფლებას. იგი ამ უფლების უარყოფის ყველაზე დამცინავი გზაა. ყველაზე ამაზრზენი
ისაა, რომ ცინიკოსმა იცის ამის შესახებ და მაინც აკეთებს მას. სამართლებრივი ცინიზმი
პიროვნების აბუჩად აგდებაა, სამართლებრივი ცინიზმის სუბიექტს წარმოადგენს არა
კერძო პირი, არამედ საჯარო დაწესებულება.

5. სამართლებრივი ფეტიშიზმი (იდეალიზმი), როგორც ყოვლისშემძლე


სამართლის ცნობიერება
30. სამართლის ფეტიშიზმი სამართლის უარყოფის თავისებური გამოვლენაა. ესაა
სამართალში არარეალური ძალის დანახვა და მისი დისტანცირება სუბიექტისაგან.
მართალია, სამართალი ადამიანის გარეთ არსებობს, მაგრამ ის უადამიანოდ არ შეიძლება
არსებობდეს. სამართლის სიცოცხლე და ქმედუნარიანობა ადამიანზეა დამოკიდებული.
სამართლის ფეტიშიზმის შემთხვევაში სამართალი წარმოდგენილია ადამიანისაგან
დამოუკიდებლად სიცოცხლისუნარიან და შედეგუნარიან სიკეთედ. მისი ნაკლი ისაა
რომ სამართალი წყდება იმ გარემოსა და პირობებს რომელშიც იგი არსებობს. სამართლის
ფეტიშიზმი თვლის, რომ ყოველი პრობლემა, რომელიც ცხოვრებაში იჩენს თავს
ნორმატიული არასრულყოფილების ბრალია და სამართალი ყოვლისშემძლე ძალაა,
რომელსაც შეუძლია შეცვალოს ცხოვრება. სამართლის სუბიექტის აქტიურობის მომენტი
მეორე პლანზეა გადაწეული.

31. სამართლებრივი ფეტიშიზმი (იდეალიზმი), განსხვავებით სამართლის


ნიჰილიზმისაგან, სამართალს თვლის პანაცეად და მიაჩნია, რომ სამართალს შეუძლია
ყველაფრის შველა. მთავარია კარგი სამართალი გვქონდეს და ყველა პრობლემა
მოგვარდებაო - თვლიან ისინი.

You might also like