You are on page 1of 24

სემინარი 1.

1. რა არის ენა? (უმნიშვნელოვანესი ფენომენი, რომლის საშუალებითაც


ვურთიერთობთ და ვამყარებთ კომუნიკაციას)
2. ჩამოთვალე ენის ფუნქციები? (ენის ექსპრესიული ფუნქცია, საკომუნიკაციო
ფუნქცია, საარტიკულაციო ფუნქცია)
3. რას გულისხმობს ენის ექსპრესიული ფუნქცია? (იგი ენის ძირითად ფუნქციად
განიხილება, ადამიანი ექსპრესიული ფუნქციის საშუალებით გამოხატავს
საკუთარ აზრებს)
4. რას გულისხმობს ენის საკომუნიკაციო ფუნქცია? (ეს არის ურთიერთობის
დასამყარებელი ფუნქცია, რომლის საშუალებით ადამიანებს შორის ხდება
აზრების გაზიარება, ინფორმაციის გადაცემა. ამ ფუნქციის მიხედვით ენა არის
სოციალური მოვლენა და სწორედ ენის საშუალებით იქმნება საზოგადოება)
5. რას ნიშნავს ენის საარტიკულაციო ფუნქცია? (ნიშნავს დანაწევრებას.
კომუნიკაციისთვის აუცილებელია წარმოდგენები გარდაიქმნას ცნებებად, რაც
აზროვნების დანაწევრებას ნიშნავს და მას ეს ფუნქცია განაპირობებს. აზროვნების
დანაწევრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბგერას, ამ პროცესისას ისიც
დანაწევრებული ხდება)
6. რას ეწოდება დანაწევრებული აზროვნება? (ეწოდება წარმოდგენების ცნებებად
გარდაქმნას, დანაწევრების ანუ არტიკულაციის პროცესი ხდება ბგერის
საშუალებით)
7. რატომ არის აუცილებელი წარმოდგენის ცნებად გარდაქმნა? (ვინაიდან
წარმოდგენის პირდაპირი რეალიზაცია ვერ მოხდება, საჭიროა წარმოდგენის
ცნებად გარდაქმნა)
8. რა არის გრაფიკული ენა? (იგივე დამწერლობა, რომლის საშუალებითაც ხდება
თაობებს შორის ცოდნის გადაცემა)
9. რა არის კინეტიკური ენა? (იგივე ჟესტიკულაცია, რომელსაც ყრუ-მუნჯი
ადამიანები იყენებენ)
10. რა განსხვავებაა ვიზუალურ და კონცეპტუალურ აზროვნებას შორის? (ადამიანს
შეუძლია წარმოიდგინოს საგნები ან მოვლენები, ამგვარ აზროვნებას ეწოდება
ვიზუალური. იგი არ არის ენაზე დამოკიდებული, ხოლო კონცეპტუალური
აზროვნება მთლიანად ენითაა განპირობებული და ენის ფუნქციას წარმოადგენს.
იგი რომელიმე კონკრეტულ ენაზე ხორციელდება)
11. რა განსხვავებაა ცნებასა და წარმოდგენას შორის? (ორივე მენტალური მოვლენაა.
ცნება არ არის იკონური, ხოლო წარმოდგენა იკონურია. ცნება არის აზრი საგნის
ან მოვლენის შესახებ, ხოლო წარმოდგენა ასახავს საგნის ან მოვლენის სურათს,
ხატს. ცნება ყოველთვის აბსტრაქტულია და მოიცავს საგანთა მთელ კლასს,
წარმოდგენა კი კონკრეტულია, რადგან კონკრეტულად საგანს ან მოვლენას
მოიცავს)
12. რომელია ენობრივი ცნება თუ წარმოდგენა? (ცნება)
13. რომელია მენტალური ცნება თუ წარმოდგენა? (ორივე)
14. რას ნიშნავს მენტალური მოვლენა? (იგი არსებობს მხოლოდ აზრობრივად და არა
რეალურად, მათი აღქმა არ შეგვიძლია გრძნობის ორგანოებით. მაგ: სწავლა)
15. რას ნიშნავს იკონური წარმოსახვა? (ნიშნავს საგნის ხატის წარმოდგენას, რომელიც
მიახლოებით ჰგავს რეალურს)
16. რა ფუნქცია აქვს ბგერას? (ბგერას შეისწავლის ფონეტიკა, იგი ანაწევრებს
ვიზუალურ აზროვნებას და გარდაქმნის კონცეპტუალურ ანუ ცნებით
აზროვნებაში. ეს ყოველივე გავლენას თვითონ ბგერაზეც ახდენს, ვინაიდან ამ
პროცესში ისიც დანაწევრებული ხდება. დანაწევრებული ბგერებით ადამიანს
შეუძლია ერთი და იმავე ბგერებით სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვები
შეადგინოს, სწორედ ესაა ბგერის ფუნქცია, რომ შექმნას ისეთი სიტყვები,
რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგ: ქალი და ლაქი, რომლებიც
შედგებიან ერთი და იგივე ბგერებისგან, თუმცა განსხვავდებიან ბგერათა
კომბინაციითა და მნიშვნელობით)
17. რა დანიშნულება აქვს აზრისა და ბგერის სინთეზის თეორიას? (ეს თეორია
დანაწევრებულ აზრსა და დანაწევრებულ ბგერას ერთმანეთთან ლოგიკურად
აკავშირებს. ამ თეორიის მიხედვით, თუ ადამიანს არ ექნებოდა დანაწევრებული
აზროვნება, მას არც დანაწევრებული ბგერა ექნებოდა და პირიქით, ანუ ეს
პროცესი არ არსებობს ერთმანეთის გარეშე)
18. რა შეიძლება იყოს ფიზიკური ინფორმაცია? (ზომა, წონა, ფერი, ფორმა, სითბო,
სიცივე, სინათლე და ა.შ.)
19. რას ნიშნავს ფსიქიკური ინფორმაცია? (საგნებს გააჩნია ფიზიკური ინფორმაცია,
რომელიც შეგრძნების ორგანოების საშუალებით გადაიქცევა ფიზიოლოგიურ
ინფორმაციად, ხოლო ის მიდის ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე და
ეს უკვე არის მენტალური ანუ ფსიქიკური ინფორმაცია)

სემინარი 2.

1. რა არის ფონეტიკა? (დანაწევრებული ბგერების (ფონემების) შემსწავლელი


მეცნიერება. იგი არსებობს 2 სახის: არტიკულაციური და აკუსტიკური)
2. რის მიხედვით იკვლევს ბგერებს არტიკულაციური ფონეტიკა? (იკვლევს
წარმოთქმის ადგილისა და რაგვარობის მიხედვით)
3. რის მიხედვით იკვლევს ბგერებს აკუსტიკური ფონეტიკა? (თუ როგორი სმენითი
ეფექტი მიიღება ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმის შედეგად, ეს დამოკიდებულია
ბგერის სიმაღლეზე, ხანგრძლივობაზე, ინტენსივობაზე და ტემბრზე)
4. რა არის აკუსტიკა? (სმენადობა)
5. როგორი და როგორი ფონეტიკა არსებობს? (კერძო და ზოგადი)
6. რას იკვლევს კერძო ფონეტიკა? (იკვლევს რომელიმე კონკრეტული ენისთვის
დამახასიათებელი ბგერების ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ მახასიათებლებს)
7. რას იკვლევს ზოგადი ფონეტიკა? (განაზოგადებს იმ შედეგებს, რაც კონკრეტული
ენების სფეროშია მიღწეული ამ თვალსაზრისით)
8. რას ეწოდება კლიქსები (წკლაპუნა ბგერები)? (ჩასუნთქული ჰაერით წარმოქმნილ
ბგერებს)
9. ჩამოთვალე სასუნთქი ორგანოები? (სასუნთქი მილი, ფილტვები, დიაფრაგმა)
10. რას ჰქვია გლოტალური ხშვა? (როდესაც ფილტვებიდან ამონასუნთქი ჰაერნაკადი
მოახდენს დახშული სახმო სიმების განხშვას)
11. რას ჰქვია ფშვინვა და რომელია ფშვინვიერი (ასპირატი) ბგერები? (როდესაც
დაუჭიმავი სახმო სიმების კიდეებს ეხახუნება ფილტვებიდან ამონასუნთქი
ჰაერნაკადი. ფშვინვიერი ანუ ასპირატი ბგერებია: ფ, თ, ც)
12. ჩამოთვალე მკვეთრი ბგერები (აბრუპტივები)? (პ, ტ, წ, ჭ, კ, ყ)
13. რომელია ძირითადი საარტიკულაციო ორგანო? (პირის ღრუ, სადაც წარმოითქმის
ბგერების უმრავლესობა)
14. ჩამოთვალე საწარმოთქმო ორგანოები? (ენა, სასა, წინა კბილები, ბაგეები, ცხვირის
ღრუ)
15. მითხარი ენის აგებულება? (ენის წვერი, ენის ზურგი, ენის ძირი)
16. მითხარი ენის ზურგის აგებულება? (წინა ენა, შუა ენა, უკანა ენა)
17. რა ახასიათებთ საწარმოთქმო ორგანოებს? (აქტიურობა-პასიურობა)
18. რომლებია აქტიური საწარმოთქმო ორგანოები? (ენა, ქვედა ყბა)
19. რომლებია პასიური საწარმოთქმო ორგანოები? (კბილები, მაგარი სასა)
20. რას შვრება ნაქი? (ნაქი კეტავს გასავალს ცხვირის ღრუში)
21. რას ჰქვია რეზონატორი? (ცხვირის ღრუ წარმოადგენს რეზონატორს, რადგან
პირისმიერ ბგერებს აძლევს ნაზალურ (ცხვირისმიერ) ელფერს)
22. რომელ ბგერებს უწოდებენ პირისმიერ (ორალურ) ბგერებს? (რომლებიც პირის
ღრუში წარმოიქმნებიან)
23. რის მიხედვით ახასიათებენ ბგერებს? (წარმოთქმის ადგილისა და რაგვარობის
მიხედვით)
24. რის მიხედვით ერთიანდებიან ბგერები რიგებში? (წარმოთქმის ადგილის
მიხედვით)
25. ჩამოთვალე ის ძირითადი რიგები, რომლებიც ყველა ენაში გვხვდება?
(ბილაბიალური, დენტალური, ველარული)
26. რის მიხედვით ერთიანდებიან ბგერები სერიებში? (რაგვარობის მიხედვით)
27. როგორ ბგერებს უწოდებენ ჰომორგანულ ბგერებს? (ერთ რიგში გაერთიანებულ
ბგერებს, ანუ ერთი და იგივე საწარმოთქმო ორგანოთი წარმოთქმულ ბგერებს)
28. როგორ ბგერებს უწოდებენ ჰეტერორგანულ ბგერებს? (სხვადასხვა რიგში
გაერთიანებულ ბგერებს, ანუ სხვადასხვა საწარმოთქმო ორგანოთი წარმოთქმულ
ბგერებს)
29. როგორ ბგერებს უწოდებენ ჰომოგენურ ბგერებს? (ერთ სერიაში გაერთიანებულ
ბგერებს)
30. როგორ ბგერებს უწოდებენ ჰეტეროგენულ ბგერებს? (სხვადასხვა სერიაში
გაერთიანებულ ბგერებს)
31. როგორ ხდება ბგერების ყველაზე დიდი დაყოფა? (ხდება თანხმოვნობა-
ხმოვნობის მიხედვით)
32. რა განსხვავებაა ხმოვნებსა და თანხმოვნებს შორის? (თანხმოვნების წარმოთქმის
დროს ფილტვებიდან ამონასუნთქ ჰაერნაკადს უხდება საწარმოთქმო ადგილებში
დაბრკოლების გადალახვა, რაც არ ხდება ხმოვნების დროს)
33. როგორ ბგერებს უწოდებენ ხშულებს და რომლებია ხშული ბგერები?
(საწარმოთქმო ორგანოები თუ არიან ერთმანეთის მიმართ დახშულები და
ჰაერნაკადმა მოახდინა მათი განხშვა მივიღებთ ხშულებს. ესენია: b, p, d, t, g, k)
34. როგორ ბგერებს უწოდებენ ნაპრალოვნებს (სპირანტებს) და რომლებია
ნაპრალოვანი ბგერები? (როდესაც ჰაერნაკადი გაივლის საწარმოთქმო ორგანოებს
შორის წარმოქმნილ ნაპრალებში. ესენია: w, v, f, th (that), th (think), z, s, ჟ, შ, h)
35. რას ჰქვია შერეული რაგვარობა? (ბგერა ერთდროულად შეიძლება ხშულიც იყოს
და ნაპრალოვანიც, ასეთებია: აფრიკატები, ვიბრანტები, ლატერალები, ნაზალები)
36. როგორია აფრიკატი ბგერები? (მათი არტიკულაციის დასაწყისი ხშულისებურია,
ხოლო დასასრული ნაპრალოვანი ანუ სპირანტული. უნდა აღვნიშნოთ, რომ
აფრიკატები არც ხშულები არიან, არც ნაპრალოვნები, უბრალოდ გარკვეულ
ნიშან-თვისებებს ატარებენ ერთდროულად)
37. როგორია ვიბრანტი ბგერები? (მათი წარმოთქმისას დაჭიმული ენის წვერი
ვიბრირებს. მაგ: r)
38. როგორი ბგერებია ლატერალები? (მათი წარმოთქმისას ენა იღებს კოვზის ფორმას
და ჰაერნაკადი გამოდის ენის გვერდებსა და ლოყების კედლებს შორის შექმნილი
ნაპრალიდან. ახასიათებს დაღესტნურ ენებს)
39. როგორი ბგერებია ნაზალები? (ბგერები, რომელთა წარმოთქმაში მონაწილეობს
ცხვირის რეზონატორი - მ, ნ)
40. რას ეწოდება ღიაობა? (საწარმოთქმო ორგანოებს შორის მეტ-ნაკლები ნაპრალების
არსებობას)
41. როდის გვაქვს მჟღერი ბგერები და რომლებია ისინი? (როცა სახმო სიმები
პერიოდულად ირხევა, ესენია: ბ, დ, გ, ზ)
42. როდის გვაქვს ყრუ (არამჟღერი) ბგერები და რომლებია ისინი? (როცა სახმო
სიმები არაპერიოდულად ირხევა, ესენია: პ, ტ, კ, ს)

სემინარი 3.

1. რა განსხვავებაა ასო-ნიშანსა და ბგერას შორის? (ასო-ნიშნებით ვწერთ, ხოლო


ბგერებით ვსაუბრობთ)
2. რამდენი ასო-ნიშანი და რამდენი ბგერა (ფონემა) გვაქვს ინგლისურ ენაში? (26 ასო,
44 ბგერა ანუ ფონემა)
3. რა ფუნქცია აქვს ტრანსკრიპციას? (იგი გვიჩვენებს, თუ როგორ წარმოითქმის ესა
თუ ის სიტყვა. ჩვენ ვწერთ ასო-ნიშნებით, თუმცა ტრანსკრიპციაში ვაფიქსირებთ
ბგერებს ანუ ფონემებს)
4. რას გულისხმობს ინგლისური სიტყვის სწავლა? (ინგლისური სიტყვის სწავლა
გულისხმობს რამდენიმე რამის სწავლას: 1 - უნდა ვიცოდეთ სპელინგი (როგორ
იწერება სიტყვა); 2 - უნდა ვიცოდეთ როგორ წარმოითქმის სიტყვა; 3 - უნდა
ვიცოდეთ სიტყვის მნიშვნელობა)
5. როგორ ბგერებს უწოდებენ სონორებს? (უწოდებენ თანხმოვნებს, რომლებიც
მარცვალს ქმნიან. სონორები ყოველთვის მჟღერია, ყრუ არ არსებობს, ვინაიდან ამ
შემთხვევაში იგი მარცვლის წარმოქმნას ვერ შეძლებდა)
6. რა განსხვავებაა ხშულებს და სონორებს შორის? (სონორებს უწოდებენ
თანხმოვნებს, რომლებიც მარცვალს ქმნიან. სონორები ყოველთვის მჟღერია.
ხშულები შედარებით დახშულად ისმის და წარმოიქმნება მაშინ, როდესაც
ფილტვებიდან წამოსული ჰაერნაკადი მოახდენს დახშული საწარმოთქმო
ორგანოების განხშვას)
7. ჩამოთვალე რიგები? (წყვილბაგისმიერი (ბილაბიალური), კბილბაგისმიერი
(ლაბიოდენტალური), კბილებშორისი (ინტერდენტალური), კბილისმიერი
(დენტალური), წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული), უკანანუნისმიერი
(პოსტალვეოლარული), მაგარი სასისმიერი (პალატარული), რბილი სასისმიერი
(ველარული), ხახისმიერი (ფარინგალური), ხორხისმიერი (ლარინგალური))
8. რას ნიშნავს წყვილბაგისმიერი (ბილაბიალური) და რომლებია ასეთი ბგერები?
(ნიშნავს იმას, რომ ბგერების წარმოთქმის დროს ჰაერნაკადს დაბრკოლება ხვდება
ორივე ბაგესთან. წყვილბაგისმიერი ანუ ბილაბიალური ბგერებია: b, p, w, m. b -
ხშული, მჟღერი; p - ხშული, ყრუ, ფშვინვიერი; w - ნაპრალოვანი (სპირანტი),
მჟღერი; m - სონორი)
9. რას ნიშნავს კბილბაგისმიერი (ლაბიოდენტალური) და რომლებია ასეთი
ბგერები? (ნიშნავს იმას, რომ ბგერების წარმოთქმის დროს ჰაერნაკადს
დაბრკოლება ხვდება ერთ ბაგესთან და კბილებთან. ასეთი ბგერებია: v, f. v -
ნაპრალოვანი, მჟღერი; f - ნაპრალოვანი, ყრუ)
10. რას ნიშნავს კბილებშორისი (ინტერდენტალური) და რომლებია ასეთი ბგერები?
(ასეთი ბგერების წარმოთქმისას ენა კბილებს შორისაა გაჩერებული და
ჰაერნაკადს დაბრკოლება ხვდება ზედა და ქვედა კბილებთან და ენასთან. ეს რიგი
ქართულში არ გვაქვს. ასეთი ბგერებია: th (that, those), th (think, thank). th (that) -
ნაპრალოვანი, მჟღერი; th (think) - ნაპრალოვანი, ყრუ)
11. რას ნიშნავს წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული) და რომლებია ასეთი ბგერები?
(ასეთი ბგერების წარმოთქმის დროს ენის წვერი ებჯინება კბილების ზემოთ
არსებულ ნუნებს. ასეთი ბგერებია: d, t, z, s, n, l. d - ხშული, მჟღერი; t - ხშული,
ყრუ, ფშვინვიერი; z - ნაპრალოვანი, მჟღერი; s - ნაპრალოვანი, ყრუ; n - სონორი; l -
სონორი)
12. რომელია უკანანუნისმიერი (პოსტალვეოლარული) ბგერა? (r - სონორი)
13. რომლებია მაგარი სასისმიერი (პალატარული) ბგერები? (ჯ (George), ჩ (child), ჟ
(giraffe), შ (she, should), y (yes, yellow). ჯ - აფრიკატი, მჟღერი; ჩ - აფრიკატი, ყრუ,
ფშვინვიერი; ჟ - ნაპრალოვანი, მჟღერი; შ - ნაპრალოვანი, ყრუ; y - სონორი)
14. რომლებია რბილსასისმიერი (ველარული) ბგერები? (g, k (ქ), ng (painting). g -
ხშული, მჟღერი; k - ხშული, ყრუ, ფშვინვიერი; ng - სონორი)
15. რომელია ხორხისმიერი (ლარინგალური) ბგერა? (h - ნაპრალოვანი, ყრუ)
16. რომელი რიგები არ გვაქვს ინგლისურ ენაში? (კბილისმიერი ანუ დენტალური,
რომლის დროსაც მხოლოდ კბილები და ენაა აქტიური. ეს რიგი გვაქვს ქართულში
და ამ რიგს მიეკუთვნება ბგერები: დ, თ. ასევე ინგლისურში არ გვაქვს ხახისმიერი
ანუ ფარინგალური ბგერები)
17. ჩამოთვალე ხშულები? (b, p, d, t, g, k)
18. ჩამოთვალე აფრიკატები? (ჯ, ჩ)
19. ჩამოთვალე ნაპრალოვნები (სპირანტები)? (w, v, f, th (that), th (think), z, s, ჟ, შ, h)
20. ჩამოთვალე სონორები? (m, n, l, r, y, ng)
21. დაახასიათე b (ბ)? (წყვილბაგისმიერი (ბილაბიალური), ხშული, მჟღერი)
22. დაახასიათე p (ფ)? (წყვილბაგისმიერი (ბილაბიალური), ხშული, ყრუ,
ფშვინვიერი)
23. დაახასიათე w? (წყვილბაგისმერი (ბილაბიალური), ნაპრალოვანი (სპირანტი),
მჟღერი)
24. დაახასიათე m (მ)? (წყვილბაგისმიერი (ბილაბიალური), სონორი)
25. დაახასიათე v (ვ)? (კბილბაგისმიერი (ლაბიოდენტალური), ნაპრალოვანი
(სპირანტი), მჟღერი)
26. დაახასიათე f? (კბილბაგისმიერი (ლაბიოდენტალური), ნაპრალოვანი (სპირანტი,
ყრუ)
27. დაახასიათე th (this)? (კბილებშორისი (ინტერდენტალური), ნაპრალოვანი
(სპირანტი), მჟღერი)
28. დაახასიათე th (think)? (კბილებშორისი (ინტერდენტალური), ნაპრალოვანი
(სპირანტი), ყრუ)
29. დაახასიათე d (დ)? (წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული), ხშული, მჟღერი)
30. დაახასიათე t (თ)? (წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული), ხშული, ყრუ,
ფშვინვიერი)
31. დაახასიათე z (ზ)? (წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული), ნაპრალოვანი
(სპირანტი), მჟღერი)
32. დაახასიათე s (ს)? (წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული), ნაპრალოვანი
(სპირანტი), ყრუ)
33. დაახასიათე n (ნ)? (წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული), სონორი)
34. დაახასიათე l (ლ)? (წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული), სონორი)
35. დაახასიათე r (რ)? (უკანანუნისმიერი (პოსტალვეოლარული), სონორი)
36. დაახასიათე ჯ? (მაგარი სასისმიერი (პალატარული), აფრიკატი, მჟღერი)
37. დაახასიათე ჩ? (მაგარი სასისმიერი (პალატარული), აფრიკატი, ყრუ, ფშვინვიერი)
38. დაახასიათე ჟ? (მაგარი სასისმიერი (პალატარული), ნაპრალოვანი (სპირანტი),
მჟღერი)
39. დაახასიათე შ? (მაგარი სასისმიერი (პალატარული), ნაპრალოვანი (სპირანტი),
ყრუ)
40. დაახასიათე y (yes, yellow)? (მაგარი სასისმიერი (პალატარული), სონორი)
41. დაახასიათე g (გ)? (რბილი სასისმიერი (ველარული), ხშული, მჟღერი)
42. დაახასიათე k (ქ)? (რბილი სასისმიერი (ველარული), ხშული, ყრუ, ფშვინვიერი)
43. დაახასიათე ng? (რბილი სასისმიერი (ველარული), სონორი)
44. დაახასიათე h (ჰ)? (ხორხისმიერი (ლარინგალური), ნაპრალოვანი (სპირანტი),
ყრუ)

სემინარი 4.

1. რამდენი ხმოვანი გვაქვს ინგლისურ ენაში? (სულ გვაქვს 20 ხმოვანი, აქედან 12


მონოფთონგია, ხოლო 8 - დიფთონგი)
2. რა არის მონოფთონგი? (ერთი ელემენტისგან შემდგარი ხმოვანი, მასში ისმის
მხოლოდ ერთი ბგერა)
3. რა არის დიფთონგი? (ორი ელემენტისგან შემდგარი ერთი ხმოვანი)
4. რა განსხვავებაა მონოფთონგებსა და დიფთონგებს შორის? (მონოფთონგები
შედგება ერთი ელენტისგან, ხოლო დიფთონგები ორი ელემენტისგან)
5. რის მიხედვით ხდება მონოფთონგების დახასიათება? (მათი დახასიათება ხდება 4
კრიტერიუმით: ენის ჰორიზონტალური მდებარეობის მიხედვით, ენის
ვერტიკალური მდგომარეობის მიხედვით, სიგრძე-სიმოკლის მიხედვით და
ბაგეების მონაწილეობის მიხედვით)
6. დაახასიათე ი (pig, dig, sit)? (წინა რიგის, მაღალი აწეულობის, მოკლე,
არაბაგისმიერი)
7. დაახასიათე გრძელი იი (seat, see, meet)? (წინა რიგის, მაღალი აწეულობის,
გრძელი, არაბაგისმიერი)
8. დაახასიათე ე (met, men, bed)? (წინა რიგის, საშუალო აწეულობის, მოკლე,
არაბაგისმიერი)
9. დაახასიათე მაგარი ე (bad, man, tag)? (წინა რიგის, დაბალი აწეულობის, მოკლე,
არაბაგისმიერი)
10. დაახასიათე გრძელი ეე (girl, learn, bird)? (შუა რიგის, საშუალო აწეულობის,
გრძელი, არაბაგისმიერი)
11. დაახასიათე ე (შვა, ნეიტრალური) (brother, father, mother)? (შუა რიგი, საშუალო
აწეულობის, მოკლე, არაბაგისმიერი)
12. დაახასიათე გრძელი უუ (two, blue, group)? (უკანა რიგის, მაღალი აწეულობის,
გრძელი, ბაგისმიერი)
13. დაახასიათე უ (put, good, cooker)? (უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, მოკლე,
ბაგისმიერი)
14. დაახასიათე გრძელი ოო (war, north, water)? (უკანა რიგის, დაბალი აწეულობის,
გრძელი, ბაგისმიერი)
15. დაახასიათე ო (wash, sock, often)? (უკანა რიგის, დაბალი აწეულობის, მოკლე,
ბაგისმიერი)
16. დაახასიათე გრძელი აა (after, father, afternoon)? (უკანა რიგის, დაბალი
აწეულობის, გრძელი, არაბაგისმიერი)
17. დაახასიათე ა (love, uncle, luck)? (უკანა რიგის, დაბალი აწეულობის, მოკლე,
არაბაგისმიერი)
18. რას გულისხმობს ენის ჰორიზონტალური მდებარეობა? (ანუ ენის რომელი
ნაწილი არის აქტიური ამა თუ იმ ხმოვნის წარმოთქმის დროს. ამ კრიტერიუმის
მიხედვით გამოიყოფა წინა, შუა და უკანა რიგის ხმოვნები)
19. ჩამოთვალე წინა რიგის ხმოვნები? (ი, გრძელი იი, ე, მაგარი ე)
20. ჩამოთვალე შუა რიგის ხმოვნები? (გრძელი ეე, ე (შვა, ნეიტრალური))
21. ჩამოთვალე უკანა რიგის ხმოვნები? (უ, გრძელი უუ, ო, გრძელი ოო, ა, გრძელი აა)
22. რას გულისხმობს ენის ვერტიკალური მდგომარეობა? (აქ იგულისხმება ის, თუ
ენის ესა თუ ის ნაწილი როგორ არის აწეული. გამოიყოფა მაღალი, დაბალი და
საშუალო აწეულობის ხმოვნები)
23. ჩამოთვალე მაღალი აწეულობის ხმოვნები? (ი, გრძელი იი, უ, გრძელი უუ)
24. ჩამოთვალე საშუალო აწეულობის ხმოვნები? (ე, გრძელი ეე, ე (შვა, ნეიტრალური))
25. ჩამოთვალე დაბალი აწეულობის ხმოვნები? (მაგარი ე, ო, გრძელი ოო, ა, გრძელი
აა)
26. რას გულისხმობს მესამე კრიტერიუმი ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე? (გამოიყოფა
გრძელი და მოკლე ხმოვნები. ყველა ხმოვანს, რომელსაც ტრანსკრიპციაში აქვს
ორი წერტილი, ნიშნავს იმას, რომ ისინი გრძელი ხმოვნებია)
27. ჩამოთვალე გრძელი ხმოვნები? (იი, ეე, უუ, ოო, აა)
28. ჩამოთვალე მოკლე ხმოვნები? (ი, ე, მაგარი ე, ე (შვა, ნეიტრალური), უ, ო, ა)
29. როგორ იყოფა ხმოვნები ბაგეების მონაწილეობის მიხედვით? (გამოიყოფა
ბაგისმიერი (ლაბიალიზებული) და არაბაგისმიერი (არალაბიალიზებული)
ხმოვნები. ბაგისმიერი არის ის ხმოვნები, რომელთა წარმოთქმის დროს ბაგეები
აქტიურია. არაბაგისმიერია ის ხმოვნები, რომელთა წარმოთქმის დროს ბაგეები
მეტნაკლებად უძრავ მდგომარეობაშია)
30. ჩამოთვალე ბაგისმიერი (ლაბიალიზებული) და არაბაგისმიერი
(არალაბიალიზებული) ხმოვნები? (უ, გრძელი უუ, ო, გრძელი ოო, ხოლო ყველა
დანარჩენი არაბაგისმიერია)
31. რის მიხედვით ხდება დიფთონგების კლასიფიკაცია? (მიუხედავად იმისა, რომ
პირველი ელემენტი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე, რომელიც შედარებით
მოკრძალებულად ისმის, დიფთონგების კლასიფიკაცია ხდება მეორე ელემენტის
მიხედვით)
32. როგორი დიფთონგები გვაქვს? (გვაქვს ი დაბოლოებიანი, ესენია: ეი (face, day,
break), აი (price, high, try) და ოი (choice, boy), გვაქვს ე (შვა) დაბოლოებიანი,
რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ინგლისურ ენაში, ესენია: ია (near, here), ეა
(square, fair) და უა (poor), და მესამე უ დაბოლოებიანი, ესენია: ოუ (goat, show, no)
და აუ (mouth, now))
33. უმახვილო პოზიციაში მყოფ ხმოვანს რა ქვია? (ქვია შვა, იგივე ნეიტრალური ე)
34. გვაქვს თუ არა ქართულში დიფთონგები? (არა)
სემინარი 5.

1. რას ეწოდება საარტიკულაციო ბაზისი? (ეწოდება საწარმოთქმო ჩვევების


ერთობლიობას, რომელიც მოცემული ენისთვის არის დამახასიათებელი)
2. რას ეწოდება აქცენტი? (ეწოდება მშობლიური ენის საარტიკულაციო ბაზისის
გამოყენებას უცხოურ ენაზე მეტყველებისას)
3. რომლებია ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ნაკლებად ხანგრძლივი ბგერები?
(ხანგრძლივები - ხმოვნები, ნაკლებად ხანგრძლივები - ხშულები)
4. როგორ ბგერებს უწოდებენ ინფრაბგერებს? (ბგერებს, რომელთა რხევათა რიცხვი
16-ზე ნაკლებია)
5. როგორ ბგერებს უწოდებენ ულტრაბგერებს? (ბგერებს, რომელთა რხევათა რიცხვი
20 000-ს აღემატება)
6. როდის გვაქვს ტონიერი ბგერები? (როდესაც მერხევი სხეული ირხევა
პერიოდულად, ტონიერებია ხმოვნები)
7. როდის გვაქვს ჩქამიერი ბგერები? (როდესაც მერხევი სხეული ირხევა
არაპერიოდულად, ჩქამიერებია თანხმოვნები)
8. რას უწოდებენ მინიმალურ წყვილებს? (ერთი ბგერით განსხვავებულ სიტყვებს.
მაგ: to feel და to fill, ისინი განსხვავდებიან გრძელი და მოკლე ხმოვნების
მონაცვლეობით, რაც ინგლისურში ცვლის სიტყვების შინაარსს)
9. რას ნიშნავს რელევანტური და ირელევანტური? (რელევანტური ნიშნები
ბგერისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, რომლებიც მოცემულ ენაში გამოიყენება
სიტყვათა მნიშვნელობის განმასხვავებლად, ხოლო ირელევანტური
(არარელევანტური) ნიშნები სიტყვის მნიშვნელობაზე არ მოქმედებენ. მაგ:
ინგლისურში ხმოვნების სიგრძე-სიმოკლე სიტყვებს მნიშვნელობას უცვლის,
ხოლო ქართულში არა, ამიტომ ხმოვნის სიგრძე-სიმოკლე ინგლისურში
რელევანტური ნიშანია, ხოლო ქართულში - ირელევანტური)
10. მოიყვანე რელევანტურის მაგალითები? (მაგ: to feel და to fill)
11. რას ნიშნავს ფონოლოგიური და არაფონოლოგიური ოპიზიცია? (ფონოლოგიური
ოპოზიცია მოცემულ ენაში განასხვავებს სიტყვებს ერთმანეთისგან. მაგ: ჯვარი და
გვარი, ჯ და გ ბგერების ჩანაცვლებამ გამოიწვია სხვადასხვა მნიშვნელობის
სიტყვების მიღება, ხოლო არაფონოლოგიური ოპოზიცია სიტყვის
მნიშვნელობაზე არ მოქმედებს)
12. რას შეისწავლის ფონოლოგია? (მისი მიზანია შეისწავლოს ენაში ბგერათა
დისტინქციური ფუნქცია)
13. რას ნიშნავს დისტინქციური? (სიტყვათგანმასხვავებელი)
14. რა განსხვავებაა ფონეტიკასა და ფონოლოგიას შორის? (ფონეტიკა არტიკულაციის
და აკუსტიკის მიხედვით შეისწავლის ბგერებს, ხოლო ფონოლოგია ბგერათა
დისტინქციურ (სიტყვათგანმასხვავებელ) ფუნქციას შეისწავლის)
15. რა არის ფონემა? (უმცირესი ენობრივი ერთეული, რომელსაც არ აქვს ლექსიკური
მნიშვნელობა, სამყაროსთან მიმართებაში არაფერს არ აღნიშნავს ცალკე.
დანაწევრებულ ბგერებს უწოდებენ ფონემებს, იგი რეალიზდება ბგერებით,
ფონემებით იქმნება სიტყვის გარეგანი მხარე)
16. რა განსხვავებაა ბგერასა და ფონემას შორის? (ბგერა მეტია ფონემაზე: ის როგორც
რელევანტური, ისე ირელევანტურ ნიშანთა ერთობლიობაა, ფონემა კი მხოლოდ
რელევანტურთა ერთობლიობა. ბგერას ფონემისგან განასხვავებს ასევე ის, რომ
ბგერა კონკრეტულია, მას წარმოვთქვამთ და არსებობს დროსა და სივრცეში,
ხოლო ფონემა აბსტრაქციას წარმოადგენს, ყოველი წარმოთქმული ბგერის უკან
დგას აბსტრაქტული ფონემა, როგორც რელევანტურ ნიშანთა კონა)
17. რა არის ალოფონები? (ალოფონები არის ერთი და იგივე ფონემის ვარიანტები.
მაგ: სიტყვაში pin ფ არის ფშვინვიერი, ხოლო სიტყვაში spin არაფშვინვიერი, ასევე
სიტყვაში late ან lip, ლ-ს წარმოთქმისას ენა ებჯინება ალვეოლარის ქედს, ხოლო
სიტყვებში - pull, hole მისი წარმოთქმისას ენის წვერი შეიძლება მიებჯინოს
ალვეოლარის ქედს ან უფრო დაბლა დაიწიოს, ხოლო ენის უკანა ნაწილი აწეულია
რბილ სასასთან ახლოს)
18. რა განსხვავებაა ფონემასა და ალოფონს შორის? (ფონემა არის დანაწევრებული
ბგერა, რომელსაც არ აქვს ლექსიკური მნიშვნელობა, ხოლო ალოფონი არის
ფონემის ვარიანტი)

სემინარი 6.

1. რა არის მორფემა? (ენობრივი ერთეული, რომელსაც თავისი მნიშვნელობა გააჩნია


სამყაროსთან მიმართებაში. მას სემიოტიკურ ერთეულად განიხილავენ. მორფემა
შეიძლება იყო სხვადასხვა ტიპის: ლექსიკური და გრამატიკული)
2. რით განსხვავდება მორფემა ფონემისაგან? (მორფემა მინიმალური სემიოტიკური
ერთეულია და ამით განსხვავდება ფონემისგან. იგი არ იშლება მასზე უფრო
მცირე მნიშვნელობის მქონე ერთეულებად. აქვს მნიშვნელობა, არის ორმხრივი
ერთეული, რადგან აქვს გამოხატულება და სემანტიკა, ამიტომაც ჰგავს სიტყვას და
წინადადებას, თუმცა მათგან განსხვავებით აღარ იშლება მასზე უფრო მცირე
მნიშვნელობის მქონე ერთეულად)
3. რას შეისწავლის სემიოტიკა? (შეისწავლის ნიშნებს)
4. რას შეისწავლის სემანტიკა? (მისი შესწავლის საგანია ენობრივი ნიშნის
მნიშვნელობები და მნიშვნელობათშორისი ურთიერთობები)
5. რა განსხვავებაა ლექსიკურ მორფემასა და გრამატიკულ მორფემას შორის?
(ლექსიკურ მორფემას აქვს ცალკე მნიშვნელობა, ხოლო გრამატიკულ მორფემას
ცალკე მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მისი მნიშვნელობა რეალიზდება სიტყვის
ფარგლებში. გრამატიკული მორფემა იყოფა ორ ნაწილად: დერივაციული და
ფლექსიური ანუ რელაციური)
6. მოიყვანე მორფემის მაგალითი? (მაგ: სიტყვა teacher (worker, writer) – teach (work,
write) ლექსიკურია, რადგან აქვს ცალკე მნიშვნელობა, სიტყვის ძირია, ბაზისურია,
როგორც კი დაემატება er დაბოლოება მივიღებთ სხვა მნიშვნელობის სიტყვას -
teacher (worker, writer). ეს არის უკვე ნაწარმოები (დერივატი) სიტყვა. ე.ი. er არის
გრამატიკული მორფემა, რადგან არ აქვს ცალკე მნიშვნელობა, თუმცა მისი
მნიშვნელობა რეალიზდება სიტყვის ფარგლებში)
7. რას ნიშნავს დერივატი? (დერივატი ანუ ნაწარმოები, მაგ: work როდესაც სიტყვას
დაემატება er დაბოლოება მივიღებთ worker, ანუ ერთი სიტყვიდან ვაწარმოეთ
სხვა სიტყვა)
8. მოიყვანე გრამატიკული მორფემის მაგალითი? (მაგ: Table და Tables. S ცალკე
არაფერს არ აღნიშნავს, თუმცა სიტყვაში ის რეალიზდება, როგორც მრავლობითი
რიცხვის აღმნიშვნელი მორფემა)
9. რისთვის არსებობს გრამატიკული მორფემები, რა იქმნება მორფემათა
ერთობლიობით, რა ფუნქცია აქვთ? (ისინი ქმნიან გრამატიკულ კატეგორიებს)
10. რა არის დერივაციული მორფემის (აფიქსის) ფუნქცია? (მისი ფუნქციაა ერთი
სიტყვიდან აწარმოოს მეორე სიტყვა. დერივაციული მორფემები ანუ აფიქსები
გამოიყენება ახალი სიტყვების საწარმოებლად და სემანტიკური ღირებულება
გააჩნიათ. მაგ: work – worker)
11. რა არის ფლექსია? (მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი მორფემაა. ის აღნიშნავს
რაღაცა ფაქტის რიცხვს. ამგვარ მორფემას უწოდებენ რელაციურ მორფემას,
სხვანაირად გრამატიკული მორფემა, ასევე ეს არის ფლექსია. მაგ: სიტყვას worker
რომ დავუმატოთ ფლექსია s, მივიღებთ სხვა სიტყვას, რომელიც აღნიშნავს ერთზე
მეტ მომუშავეს)
12. როგორ შეიძლება იყოს სიტყვაში წარმოდგენილი რელაციური მორფემა
(ფლექსია)? (აფიქსების სახით: პრეფიქსი, სუფიქსი და ინფიქსი)
13. სად ერთვის სიტყვას პრეფიქსი? მომიყვანე მაგალითი? (იგი სიტყვას ერთვის
თავში. მაგ: possible – impossible)
14. სად ერთვის სიტყვას სუფიქსი? მომიყვანე მაგალითი? (იგი სიტყვას ერთვის
ბოლოში. მაგ: happy-happiness, sad-sadness)
15. სად ერთვის სიტყვას ინფიქსი? მომიყვანე მაგალითი? (იგი სიტყვას ერთვის
შუაში. მაგ: a man – men, a woman – women)
16. რას სწავლობს მორფოლოგია? (სწავლობს სიტყვებს, სიტყვების
ფორმაცვალებადობას. მისი კვლევის მთავარი საგანია ფლექსია)
17. რას სწავლობს სინტაქსი? (სწავლობს წინადადებას, წინადადებაში სიტყვათა
ურთერთმიმართებას, თუ როგორ უკავშირდებიან ეს სიტყვები ერთმანეთს
წინადადებების ფარგლებში)
18. გრამატიკული მორფემის მაგივრობას შეიძლება სხვა რამე წევდეს? აფიქსების
მაგივრობას რა წევს? (სუპლეტივიზმი და მახვილი)
19. რას ნიშნავს სუპლეტური ჩანაცვლება? (ამ დროს ერთ სიტყვას ჩაენაცვლება მეორე
სიტყვა, თუმცა ლექსიკური მნიშვნელობა არ იცვლება, იცვლება მხოლოდ მისი
გრამატიკული მნიშვნელობა. მაგ: to be – I’m, you’re, he’s სამივე არის ყოფნის
აღმნიშვნელი სიტყვები, ამ შემთხვევაში იცვლება მხოლოდ პირი)
20. რა ფუნქცია აქვს მახვილს? (მახვილს შეუძლია შეცვალოს სიტყვის გრამატიკული
მნიშვნელობა. მაგ: Bob always records his new music, და Bob has many new records.
პირველ შემთხვევაში მახვილია მეორე მარცვალზე, ხოლო მეორე შემთხვევაში
მახვილია პირველ მარცვალზე. ასევეა მაგალითად expert და export. აქაც იცვლება
გრამატიკული მორფემა)
21. როგორ სიტყვებს უწოდებენ სრულმნიშვნელოვან სიტყვებს? (რომლებიც
დამოუკიდებლად აღნიშნავენ რაღაცას)
22. რა არის ძირი? (იგი სიტყვის აუცილებელი ელემენტია. ძირი გამოხატავს სიტყვის
ლექსიკურ მნიშვნელობას, ამიტომ სიტყვა შეიძლება მხოლოდ ძირისგან
შედგებოდეს. მაგ: ძმა, ცა)
23. როდის არის მორფემა დამოუკიდებელი და როდის დამოკიდებული?
(დამოუკიდებელია მორფემა, თუკი იგი ცალკე გამონათქვამს წარმოადგენს (მაგ:
შეკითხვაზე პასუხს) და არ არის დამოკიდებული სხვა ელემენტებზე, ხოლო
დამოკიდებულია მაშინ, თუკი იგი დაკავშირებულია ფრაზის სხვა სიტყვებთან. ეს
უკანასკნელნი შესაძლოა ფრაზაში წარმოდგენილი იყოს ან მხოლოდ
იგულისხმებოდეს)
24. რას ეწოდება პარასინთეთიკური დერივაცია? (დერივაცია შესაძლოა მოხდეს
ერთდროულად როგორც პრეფიქსაციით, ასევე სუფიქსაციით, ამას ეწოდება
პარასინთეთიკური დერივაცია)
25. რა არის მორფი? (არის მორფემის ფონეტიკური ფორმა, რომელიც წარმოადგენს
მორფემის ფიზიკურ, უშუალო გამოხატულებას, ზოგჯერ ერთი მორფემა შეიცავს
რამდენიმე მორფს)
26. რას ნიშნავს სუბსტიტუცია? (მორფთა ურთიერთჩანაცვლებას)
27. რა არის ალომორფი? (მორფემის ვარიანტი, სახესხვაობა. ალომორფებით
რეალიზდება მორფემა. იგი არის ორი სახის: ფაკულტატური და პოზიციური)
28. როდის არის ალომორფი ფაკულტატური და როდის პოზიციური?
(ფაკულტატურია ალომორფი, როდესაც ალომორფი ერთსა და იმავე პოზიციაშია
(ებ-ნ). პოზიციურია ალომორფი, როდესაც ალომორფი სხვადასხვა პოზიციაშია (ს,
ა, ო))
29. რა განსხვავებაა ალოფონებსა და ალომორფებს შორის? (ალოფონი არის ფონემის
ვარიანტი, ხოლო ალომორფი არის მორფემის ვარიანტი, სახესხვაობა)

სემინარი 7.

1. რისი ერთიანობაა სიტყვა? (გამოხატულებისა და შინაარსის პლანების


ერთიანობაა, განეკუთვნება ლექსიკურ სემანტიკას)
2. რა არის გრამატიკული კატეგორია? (გრამატიკული კატეგორია ლექსიკური
მნიშვნელობაა, ის ერთგვარი ზოგადი ცნებაა)
3. რამდენი სიტყვა-ფორმა გვაქვს სულ? (სულ არის 16 სიტყვა-ფორმა, რაც
გამოხატავს tense-ის გრამატიკულ კატეგორიას. გამოდის, რომ გრამატიკული
კატეგორიის არსებობა ეფუძნება სიტყვა-ფორმათა ერთობლიობას)
4. მომიყვანე სიტყვა-ფორმების მაგალითი? (მაგ: to write, მისი სიტყვა-ფორმებია:
writes, is writing, have been writing და ა.შ.
5. რითი გამოიხატება დროის გრამატიკული კატეგორია? (16 სიტყვა-ფორმის
პარადიგმით)
6. რა არის პარადიგმა? (რამდენიმე სიტყვა ფორმის ერთიანობა)
7. რა ქმნის ბრუნვის კატეგორიას? (ქმნის ოპოზიცია, მაგ: boy – boy’s)
8. როგორ შეიძლება გამოიხატოს გრამატიკული კატეგორია (გრამატიკული
ოპოზიცია? (შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ 2 წევრით ანუ ოპოზიციით. ამ
შემთხვევაში საუბარია გრამატიკულ ოპოზიციაზე. მაგ: ბრუნვის კატეგორიას
ქმნის არა პარადიგმა არამედ ოპოზიცია. Boy – Boy’s, Girl – Girl’s… პირველი
სიტყვა-ფორმა ნულოვანია, არ აქვს მორფემა, მეორე კი მარკირებულია
აპოსტროფით და აქვს თავისი მორფემა, რომელიც გამოხატავს კუთვნილებით
ბრუნვას. გამოდის, რომ გრამატიკული კატეგორია შეიძლება გამოიხატოს
ოპოზიციითა და პარადიგმით)
9. ჩამოთვალე მეტყველების ნაწილები? (არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი,
რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, ზმნიზედა, თანდებული (წინდებული),
კავშირი, ნაწილაკი და შორისდებული. მათგან შორისდებული არ წარმოადგენს
ნიშანს და ის უფრო ცხოველის ენად არის მიჩნეული, თავისებური ენაა, რომელიც
ადამიანს აახლოვებს ცხოველთან)
10. ისაუბრე ბრუნვასთან დაკავშირებით? (ბრუნვა დამახასიათებელია სახელისთვის,
გამოხატავს პოსესიურ, ლოკალურ და გრამატიკულ მნიშვნელობებს. საწყისი
ფორმა სახელობითია. მისი ფუნქცია საგნის სახელდებაა, რაც სემანტიკური
ფუნქციაა. გრამატიკული ფუნქცია სუბიექტის გამოხატვაა. სახელობით ბრუნვას
უპირისპირდება ბრალდებითი ბრუნვა, რომლის ძირითადი გრამატიკული
ფუნქციაა პირდაპირი ობიექტის გამოხატვა)
11. ისაუბრე რიცხვთან დაკავშირებით? (რიცხვი ორგვარია: ლექსიკური და
გრამატიკული. ლექსიკური რიცხვი გამოიხატება რიცხვითი სახელებით:
რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი, ხოლო გრამატიკული: მხოლობითი და
მრავლობითი (s ან n), მაგ: book – books, ox – oxen)
12. ისაუბრე პირთან დაკავშირებით? (დამახასიათებელია ნაცვალსახელისთვის და
ზმნისთვის. სულ არის 3 პირი: პირველი - მოსაუბრე პირი ანუ სუბიექტი, მეორე -
მსმენელი ანუ ობიექტი და მესამე - ის, ვიზეც ან რაზეც საუბრობენ. პირის
კატეგორია to be ზმნის შემთხვევაში გადმოცემულია პარადიგმითა და
სუპლეტური (ჩანაცვლების) ფორმებით. To be საწყისი ფორმაა, რომელიც
იწარმოება შემდეგნაირად: am, is, are)
13. ისაუბრე გვართან დაკავშირებით? (გვარი შეიძლება იყო სამნაირი: მოქმედებითი,
ვნებითი და საშუალო. მოქმედებითში სამოქმედო ობიექტს წარმოადგენს
პირდაპირი ობიექტი, ვნებითში - თავად სუბიექტი, ხოლო საშუალო არც სხვაზე
და არც თავის თავზე არ მოქმედებს)
14. ისაუბრე ასპექტთან დაკავშირებით? (ზმნით გამოხატული მოქმედება სამი
ფაზისაა: საწყისი, შუა და ბოლო. თუ მოქმედების ბოლო ფაზა უსასრულოდ
გრძელდება ზმნა შუა ფაზას გამოხატავს და ასპექტი უსასრულოა, მაგ: is writing.
როცა ბოლო ფაზა დასრულებულია სრული ასპექტი გვაქვს, მაგ: wrote. არის
შეწყვეტილი ასპექტიც, ანუ როდესაც მოქმედება ისე წყდება, რომ არც
დასრულებულა)
15. ისაუბრე კაუზატივთან დაკავშირებით? (კაუზატივი გამოხატავს იძულებით
მოქმედებას. სუბიექტი იძულებითი წესით მოქმედებს პირდაპირ ან ირიბ
ობიექტზე. შეიძლება ამ მოქმედების დროს სუბიექტი იყოს ორგანიზატორის
როლში, ხოლო პირდაპირი და ირიბი ობიექტი ფაქტიური შემსრულებლის
როლში ანუ იყვნენ ჩართული სუბიექტები)
16. ისაუბრე განსაზღვრულობა-განუსაზღვრელობასთან დაკავშირებით? (იგი
გამოიხატება არტიკლით, მოიცავს ზმნას და ნაცვალსახელსაც. განსაზღვრულია
პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელები, ხოლო მესამე ორივენაირი შეიძლება
იყოს. განსაზღვრულია: he, she, it, განუსაზღვრელია: someone, somebody. ზმნის
საწყისი ფორმა განუსაზღვრელია. ამ საწყის ფორმებს უწოდებენ ინფინიტივს.
ინგლისურში საგანს განსაზღვრავს არტიკლი the. განუსაზღვრელ არსებითს
გამოხატავს a/an)

სემინარი 8.

1. რომელ კონტინიუმებს ანაწევრებს ენა? (ენა ანაწევრებს ბგერათა კონტინიუმს)


2. რა არის ლექსემა? (მორფემა, რომელიც ლექსიკურ მნიშვნელობას ატარებს
სიტყვის ფარგლებში. იგი მიემართება იმ რეალურ სამყაროს, რომელშიც ადამიანი
არსებობს. ლექსემების უმთავრესი ფუნქციაა წარმოადგინოს სამყაროში
არსებული ფაქტები და მოვლენები, მოახდინოს მათი ნომინაცია. მაგ:
მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც მოდის ციდან წყლის სახით. ენა მას
გამოხატავს ლექსემებით. ქართულად - წვიმა, ინგლისურად - rain და სხვ.)
3. რა არის ბგერათა კომპლექსი? (სიტყვის გარეგანი მხარე, რომელსაც
წარმოვთქვამთ ან წერით მეტყველებაში ანბანის ასო-ნიშნებით გადმოვცემთ)
4. შესაძლოა თუ არა ბგერათა ნებისმიერი კომპლექსი იყოს სიტყვის გარეგანი მხარე?
(არ შეიძლება, რადგან ბგერათა კომპლექსს მაშინ შეუძლია სიტყვის გარეგანი
მხარის სტატუსი შეიძინოს, როცა მის მიღმა დგას რაიმე შინაარსი)
5. რას წარმოადგენს ბგერათა კონკრეტული კომპლექსი? (სიტყვის მხოლოდ
გამოხატულების პლანს წარმოადგენს და ის ფონეტიკისა და ფონოლოგიის
კვლევის საგანია)
6. როგორი ერთეულია სიტყვა და რას წარმოადგენს ის? (სიტყვა სემიოტიკური
ერთეულია და წარმოადგენს ნიშანს)
7. რისი ერთიანობაა ნიშანი? (ყოველთვის ორი პლანის ერთობლიობაა, ესენია:
აღმნიშვნელი, ანუ ბგერათა კომპლექსი და აღსანიშნი ანუ ცნება, იგივე კონცეპტი)
8. რა არის ცნება? (ცნება ანუ იგივე კონცეპტი არის საგნისთვის დამახასიათებელი
ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, ანუ იგი აღნიშნავს გარკვეულ საგანთა კლასს.
ცნება შინაარსთა ერთიანობაა)
9. როგორი კატეგორიაა ცნება? (ენობრივი, ლინგვისტური კატეგორიაა)
10. ცნება მხოლოდ ერთ ფაქტს გამოხატავს თუ რამოდენიმეს? (ცნება არა ერთ
რომელიმე ფაქტს, არამედ ფაქტების, მოვლენების, საგნების მთელ კლასს
წარმოადგენს)
11. რას ეწოდება სემები და რას ქმნიან ისინი? (სიტყვის მნიშვნელობის შემადგენელ
კონკრეტულ შინაარსებს ეწოდება, მაგ: დეიდა. მისი სემები იქნება: სულიერი,
მდედრობითი, ნათესაობის აღმნიშვნელი. სემები ქმნიან სიტყვის ლექსიკური
სემანტიკის სტრუქტურებს)
12. რას შეისწავლის ლექსიკოლოგია? (შეისწავლის სიტყვებს იმის მიხედვით, თუ
როგორია სიტყვათა მნიშვნელობა, რას აღნიშნავენ ისინი გარე სამყაროში.
ლექსიკოლოგია იგივეა რაც სემანტიკა)
13. არსებობს თუ არა აზროვნების დანაწევრების ერთი უნივერსალური სქემა? (არ
არსებობს, ეს სხვადასხვა ენაში სხვადასხვანაირად ხდება)
14. რამდენი ზონა გამოიყოფა აზროვნების სხვადასხვანაირად დანაწევრებაში და
რომლებია ისინი? (გამოიყოფა 3 ზონა, ესენია: 1 - ადამიანური არსება; 2 -
სულიერი არსებები; 3 - უსულო საგნები)
15. რას გულისხმობს სიტყვის მნიშვნელობის კვლევა? (იგი გულისხმობს მის
განხილვას ორ სხვადასხვა განზომილებაში. 1 - სიტყვის მიმართება საგანთან
(რეფერენცია); 2 - სიტყვის მიმართება მოცემული ენის სხვა სიტყვებთან
(ღირებულება))
16. რა განსხვავებაა სიტყვის მნიშვნელობასა და ღირებულებას შორის? თუ ერთი და
იგივეა? მაგალითი? (სიტყვის მნიშვნელობა არის ცნება, რომლის საშუალებითაც
ბგერა მიმართებას ამყარებს საგანთან, ხოლო სიტყვის ღირებულება არის სიტყვის
მიმართება მოცემული ენის სხვა სიტყვებთან ანუ ესაა სიტყვათა სემანტიკური
მიმართება, რომლებიც იკვლევენ ერთი სემანტიკური ველის ფარგლებში. ასეთი
ველებია: ნათესაობის, ფლორისა და ფაუნის, ფერთა, წონის, ზომის და სხვ.)
17. რეფერენციალური და დიფერენციალური მნიშვნელობის განსხვავება?
(რეფერენციალური მნიშვნელობის კომპონენტებია მაგალითად „დისა“ და „ძმის“
ცნებების განსხვავება დავუშვათ, ჩაცმულობისა და ვარცხნილობის მიხედვით,
ხოლო დიფერენციალური მნიშვნელობის დონეზე ამ ცნებების განსასხვავებლად
საკმარისია მხოლოდ სქესი)
18. რას ეწოდება სიტყვის ექსტენსიონალი? (ეწოდება საგანთა იმ კლასს,
რომლებთანაც მოცემული სიტყვა მიმართებას ამყარებს)
19. რას ეწოდება სიტყვის ინტენსიონალი? (იმ თვისებათა ერთობლიობას, რომელიც
ახასიათებს მოცემულ სიტყვასთან მიმართებაში მყოფ საგანს)
20. მომიყვანე ექსტენსიონალისა და ინტენსიონალის მაგალითი? (მაგ: ყვავილი და
მიხაკი. პირველი სიტყვა მოიცავს საგანთა გაცილებით დიდ კლასს, ვიდრე მეორე.
მიხაკი გულისხმობს არა მხოლოდ იმ თვისებებს, რომლებიც ზოგადად ყვავილს
ახასიათებს, არამედ იმ თვისებებსაც, რომლებიც მას სხვა ყვავილებისგან
განასხვავებს)
21. რას ასახავს სიტყვა? (ასახავს რეფერენტს. გვიჩვენებს საგნის ან მოვლენის
სტრუქტურას, დანახულს შეუიარაღებელი თვალით)
22. როგორ ასახავს ენა გარე სამყაროს? (ონტოლოგიურ (არსებულ) ფაქტს
გნოსოლოგიურ (შემეცნებით) ფაქტად აქცევს, მაგრამ ის გარემოება, რომ ენა გარე
სამყაროს ასახავს, არ ეწინააღმდეგება ნიშნის პირობითობის თეორიას)
23. რას ნიშნავს ნიშნის პირობითობა და ასახვის თეორია? (ნიშნის პირობითობა არის
კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, ხოლო ასახვის თეორია ეხება
აღსანიშნსა (ცნება) და რეფერენტს შორის კავშირს)
24. რა იცი ჰუმბოლდტის თეორიაზე? (იგი განსაზღვრავს ენას როგორც სამყაროს
ხატს. ენა როგორც სამყაროს ხატი ჰუმბოლდტის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ
ენაში წარმოდგენილი არის სამყარო იმგვარად, როგორადაც ამ ენის შემქმნელმა
ხალხმა დაინახა ეს სამყარო. არსებობს რეალური სამყარო, რომელსაც ასახავს ენა.
ენა არქმევს სახელებს სამყაროში არსებულ საგნებს და მოვლენებს, ანუ სამყარო
არის ასახული ენაში, სიტყვებით, მორფემებით, ფონემებით, ენობრივი
საშვალებებით. ჰუმბოლდტი როდესაც ამბობდა ენა სამყაროს ხატიაო, სწორედ
იმას გულისხმობდა, რომ თითოეული კონკრეტული ენა არის ახლად შექმნილი
სამყარო და ეს ახლად შექმნილი სამყარო არასოდეს არ არის ზუსტი ასლი იმისა,
რასაც ის ასახავს ამ შემთხვევაში არ არის ზუსტი ასლი რეალური სამყაროსი,
შესაბამისად ჩვენ ვიღებთ ახალ სამყაროს, ახალ რეალობას. ეს ახალი რეალობა
არის ყოველი კონკრეტული ინდივიდუალური ენა)

You might also like