You are on page 1of 2

მოწყვლადი ჯგუფები

საქართველოს კანონმდებლობაში და სამოქალაქო საზოგადოებაში გამოყენებული განმარტების


მიხედვით მოწყვლადი ჯგუფი არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოკლებულია გარკვეულ
პრივილეგიებს ან ხელი არ მიუწვდება ისეთ საზოგადოებრივ ასპექტებზე, რაც სხვებისათვის
ადვილად ხელმისაწვდომია. ეს საზოგადოებრივი ასპექტები შეიძლება იყოს საზოგადოებრივი
შეკრებები, კულტურული ღონისძიებები, სხვადასხვა სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა და სხვა.
მოწყვლად ჯგუფებს შორის უმეტესად გულისხმობენ სოციალურად დაუცველ პირებს, ეთნიკურ
და რელიგიურ უმცირესობებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს (დევნილებს,
ლტოლვილებს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებს, მიგრანტებს, ქუჩაში
მცხოვრებ და მომუშავე პირებს.
მოწყვლადი ჯგუფები მნიშვნელოვანი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე იდგნენ და
დღემდე დგანან. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკისა და
საზოგადოების მიდგომა ამ ჯგუფების მიმართ აშკარად პროგრესის გზით ვითარდება, მათთვის
საზოგადოებრივ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა სრულფასოვნად ისევ მიუღწეველია. გარდა
ამისა, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფები ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლიცაა.
სახელმწიფო პოლიტიკაში ბოლო წლებში სულ უფრო ინტენსიურად არის წარმოდგენილი
მოწყვლადი ჯგუფების პრობლემატიკა, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად.
უნდა გამოვარჩიოთ ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მას
ეწოდება საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. იგი
საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო. მისი ამოქმედების შემდეგ საჯარო უწყებებმა თუ
კერძო კომპანიებმა გაითვალისწინეს შიდა რეგულაციების და პოლიტიკის დაგეგმვისას
თანასწორობის პრინციპი; გაიზარდა სახალხო დამცველის მიერ თანასწორობის საკითხებზე
გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი. ამ წინსვლის შედეგად, არაერთმა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის თუ სხვა
დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელმა შეძლო დარღვეული უფლებების აღდგენა.
მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს ასევე განათლების სისტემაში ინკლუზიის
პრინციპების მნიშვნელოვანი გათვალისწინება. სხვადასხვა ტიპისა და საფეხურის განათლების
მიღება ამჟამად უფრო მეტ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელს (შშმ და სსსმ პირები) შეუძლია,
ვიდრე ეს ადრე იყო. სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული თუ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების შენობებისა და ინფრასტრუქტურის ადაპტირება შშმ და სსსმ პირების
საჭიროებებზე საყოველთაო მიდგომად არის უკვე აღიარებული. ამას ემატება სასწავლო
პროგრამების ადაპტირება და სპეციალური პროგრამების შეთავაზება შშმ/სსსმ და ასევე
სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებისათვის.
ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ადაპტირებული საგზაო
ინფრასტრუქტურის მხრივ ასევე არის გარკვეული მიღწევები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის
გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი
თავისუფლად გადაადგილებაზე.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ საზოგადოების უმრავლესობის
წარმომადგენლების მხრიდან არატოლერანტული დამოკიდებულება. ქსენოფობია და
ჰომოფობია ჩვენ ქვეყანაში დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან დროდადრო იწვევს
ძალადობრივ გამოვლინებებს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ.
განსაკუთრებით გამოსაყოფია მასობრივი ძალადობის აქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა
საქართველოს უახლოეს წარსულში:
• 2012 წელს, გურიაში, სოფელ ნიგვზიანში დაპირისპირება მოხდა სოფლის ძირძველ
ქრისტიან მოსახლეობასა და აჭარიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტ მუსლიმ
მოსახლეობას შორის. ქართველ მუსლიმები სალოცავად იკრიბებოდნენ ხოლმე ერთ-ერთ
სახლში, რასაც უშლიდნენ ქრისტიანები. ისინი ხშირად ეუბნებოდნენ მუსლიმ
ქართველებს, რომ უნდა გაქრისტიანებულიყვნენ. ბაირამის დღესასწაულზე კი
ქრისტიანები იმ სახლში შეცვივდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მუსლიმ
თანამოქალაქეებს და აფეთქებითაც კი დაემუქრნენ. რელიგიურ ნიადაგზე მსგავსი
დაპირისპირებები მომდევნო წლებშიც მოხდა კახეთის, აჭარის და სამცხის რამდენიმე
დასახლებაში, სადაც გვერდიგვერდ ქრისტიანი და მუსლიმი ქართველები ცხოვრობენ.
ყველა ჯერზე ილახებოდა ადამიანთა რწმენის თავისუფლება.
• 2021 წლის 5 ივლისს თბილისში რადიკალურმა დაჯგუფებებმა კიდევ ერთხელ შელახეს
მოწყვლადი ჯგუფებისა და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის უფლებები.
ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუჩაში მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ ადამიანებს,
ასევე ტელევიზიების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც ძალადობის ამ
ფაქტებს კამერაზე იღებდნენ. იმ დღეს რადიკალებმა ასევე დაარბიეს იმ არასამთავრობო
ორგანიზაციების ოფისები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავენ.
არეულობის დროს დაჭრეს უცხოელი ტურისტიც, რომელიც მოძალადეებს უმცირესობის
წარმომადგენელი ეგონათ.
ასეთი არატოლერანტული დამოკიდებულება რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების
მიმართ, ბუნებრივია, ზიანს აყენებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და დემოკრატიულ
ცივილიზაციასთან. ტოლერანტობა ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელზეც დგას
დემოკრატიული სამყარო. გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის
პროცესის დროს ევროკომისიამ ჩვენ ქვეყანას ადამიანის უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი
ჯგუფების წევრთა უფლებების, აქტიური დაცვისკენ მოუწოდა. ევროკომისიამ საქართველოს
რეკომენდაცია მისცა, რომ სრულყოფილად იქნას გამოძიებული 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი
დანაშაულები და არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ამ ძალადობის ორგანიზატორებიც
(იგულისხმებიან პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ ლიდერები, რომლებმაც ამ
ძალადობისკენ რადიკალური ჯგუფების მობილიზება ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ მეშვეობით
მოახდინეს) პასუხისგებაში იქნენ მიცემული.
რაც არ უნდა კარგად იყოს მომზადებული სახელმწიფო ინსტიტუციები ადამიანის უფლებების
დასაცავად, ძალადობის აღსაკვეთად თუ მოძალადეთა დასასჯელად, გადამწყვეტი მნიშვნელობა
მაინც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ენიჭება. აუცილებელია, რომ ყოველმა მოქალაქემ
გააცნობიეროს, რომ თუ ნამდვილად გვსურს ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს შენება,
მაშინ ძალადობის, განსხვავებული დაჩაგვრის, უფლებების შელახვის ადგილი არ უნდა იყოს
ჩვენს საზოგადოებაში.

You might also like