You are on page 1of 16

ᲡᲛᲔᲜᲘᲡ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲘᲡ

ᲛᲥᲝᲜᲔ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘᲡ
ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ

სპეციალური საგანმანათლებლო
გადაწყვეტილებები სმენის სირთულეების
მქონე ბავშვებისთვის
სახელმძღვანელოს თარგმანი მომზადებულია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის
ერთობლივი პროგრამის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე - ინკლუზიური, თანასწორი
და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლება ბავშვებისთვის საქართველოში.“
ფარგლებში.

პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და არ ასახავს ნორვეგიის


მთავრობის და გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს.
ᲡᲐᲠᲩᲔᲕᲘ

1. შესავალი..........................................................................................................................4
2. სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეები - რეკომენდაციები
სკოლებისთვის.................................................................................................................4
პრაქტიკული რეკომენდაციები.......................................................................................4
მოსმენის ხელშეწყობისთვის რეკომენდებული გარემოპირობები...........................5
დიალოგი...........................................................................................................................6
ფიზიკური პირობები........................................................................................................6
თანამოსაუბრის როლი...................................................................................................6
განათლება და გადამზადება.........................................................................................6
შესვენება.........................................................................................................................8
3. ენა და კომუნიკაცია ინკლუზიურ სასწავლო გარემოში..............................................9
ენა და კომუნიკაცია........................................................................................................9
ჟესტური ენა და ჟესტები (ცალკეული ჟესტები)...........................................................9
ტექნიკური და ფიზიკური ადაპტაცია..........................................................................10
კომპეტენცია და თანამშრომლობა – კარგი განათლების წინაპირობა..................12
სალაპარაკო ენის განვითარება..................................................................................12
სალაპარაკო ენის ტრენინგი........................................................................................13
განათლება და ადაპტაცია............................................................................................13
ტრანზიცია......................................................................................................................13
ჯგუფის მოცულობა . .....................................................................................................14
სპეციალური საგანმანათლებლო ღონისძიებები......................................................14
ფსიქოსოციალური გარემო...........................................................................................14
4. შესაფასებელი ასპექტები............................................................................................15
1. ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ

წინამდებარე დოკუმენტი ეფუძნება www.statped.no-ს ვებმისამართზე, ასევე, ნორვეგიის


განათლებისა და გადამზადების დირექტორატის სახელმძღვანელოში გაზიარებულ მასალას,
სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეების განათლების საკითხების შესახებ.
დოკუმენტში გაერთიანებული მასალა შერჩეული და მორგებულია კონსულტანტების გადამზადების
პროგრამას, რომელიც განხორციელდა პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“
ფარგლებში.

2. ᲡᲛᲔᲜᲘᲡ ᲡᲘᲠᲗᲣᲚᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘ


- ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲡᲙᲝᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲐᲪᲘᲔᲑᲘ

ჩვენ ყოველთვის გარემოცულნი ვართ გარკვეული ხმებით ისე, რომ ხშირად ამაზე არც კი
ვფიქრობთ: მაგიდისა და სკამის იატაკზე გაჩოჩების ხმა, ქურთუკისა და სხვა ტანსაცმლის ხმა
მოძრაობისას, დახველება, დაცემინება, კალმების წკაპუნის ხმა, მობილურ ტელეფონებზე
შეტყობინების აკრეფისას ღილაკების ხმა - ეს ყველაფერი წარმოქმნის ბგერებს/ხმას და
ართულებს იმ კონკრეტული ხმის გარჩევას, რომლის მოსმენაც გვსურს.
სმენის სირთულეების მქონე ადამიანი კომუნიკაციისას მნიშვნელოვან გამოწვევას
აწყდება როგორც საგანმანათლებლო გარემოში, ისე თავისუფალი აქტივობების განხორ­
ციელებისას. ზოგადად, სმენა მნიშვნელოვანი შეგრძნების არხია სწავლის პროცესში.
სმენის სირთულეების მქონე ადამიანი ხმაურს უფრო განსხვავებულად აღიქვამს, ვიდრე
ნორმალური სმენის მქონე. ამ დროს, ადვილად შესაძლებელია წარმოიშვას გაუგებრობა
და იყოს ხმოვანი ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია. როდესაც ბგერების გამოხატვა
მცირდება ან ქრება, სწავლის შედეგების მისაღწევად საჭიროა ადაპტაცია.
რამდენად შეუძლია მოსწავლეს მოსმენა და მოსმენილის აღქმა, დამოკიდებულია
გარემოში არსებულ ხმაურზე. ორ ადამიანს შორის წყნარ გარემოში საუბრისას, მოსწავლემ
შეიძლება მოისმინოს და აღიქვას ყველაფერი, მაგრამ საკლასო გარემოში, ჩვეული ფონური
ხმაურისას, ნათქვამის აღქმის ხარისხი სრულიად განსხვავებული იქნება. როდესაც
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აღნიშნული ასპექტის შესახებ საკმარისი ცოდნა არ
აქვთ, სმენის სირთულის მქონე მოსწავლეს ემუქრება საშიშროება ვერ მიიღოს ინფორმა­
ცია იმის შესახებ, რაც ხდება მის გარშემო საკლასო და სასწავლო პროცესებისას.
სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეები, რომლებიც იყენებენ სალაპარაკო ენას
კომუნიკაციისას, ხშირად აწყდებიან ამ სირთულეებით გამოწვეულ შედეგებს და, ხშირად,
არსებული ადაპტაცია შეუსაბამოა. ბევრი ფიქრობს, რომ მოსწავლეები სრულად ისმენენ
და აღიქვამენ, რადგან ისინი საუბრობენ და კითხვებსაც პასუხობენ.

4
ᲛᲝᲡᲛᲔᲜᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეამცირეთ ფონური ხმაური შენობაში

• უზრუნველყავით ოთახის ხმის იზოლაცია (ფარდა, ხალიჩა და ავეჯი აუმჯობესებს


აკუსტიკურ პირობებს).
• გამორთეთ ყველა მოწყობილობა, რომელიც გამოსცემს ხმას.
• დახურეთ ხმაურიანი ოთახის კარი (იმ ოთახებისა, საიდანაც შემოდის ხმა).
• დახურეთ ფანჯრები, თუ გარეთ არის ხმაური, მაგალითად, საგზაო მოძრაობა, საგზაო
სამუშაოები და ა.შ.
• კვებისას და სხვადასხვა აქტივობისას მაგიდაზე მოათავსეთ სადა მატიკები ან ცვილით
დაფარული ქსოვილი (სასურველია ქვემოდან იყოს დაფარული).
• გამოიყენეთ სადა ფერის ხალიჩა ან რბილი დასაფენი იატაკზე განსახორციელებელი
აქტივობისათვის.
• გაუკეთეთ ჩოგბურთის ბურთის, თექის ან სხვა, მსგავსი ტიპის, დამარბილებელი
სკამებისა და მაგიდების ფეხებს.
• იატაკზე დააფინეთ ჰიპოალერგიული, ერთი ფერის ხალიჩის ფილები.
• შეარჩიეთ ნაკლები ხმაურის გამომცემი სათამაშო და სასკოლო მასალა.
• კონტეინერებს ძირებზე დაამაგრეთ ისეთი მასალა, რომელიც ამცირებს ხმაურს, ან
გამოიყენეთ ისეთი მასალისგან დამზადებული ყუთები, რომელიც არ იწვევს ხმაურს.

იყავით გულისხმიერი საკომუნიკაციო პარტნიორი

• მიიქციეთ ბავშვის/მოსწავლის ყურადღება მისი სახელის წარმოთქმით.


• არ დაიწყოთ საუბარი მანამ, სანამ არ მიიქცევთ ბავშვის/მოსწავლის ყურადღებას და
არ გექნებათ მასთან პირდაპირი კავშირი.
• ისაუბრეთ ჯერის დაცვით.
• გაამყარეთ თქვენი სიტყვებით ნათქვამის შინაარსი სახის მიმიკების, სხეულის ენისა
და ბუნებრივი ჟესტების გამოყენებით.
• ჩაიცვით ნეიტრალური, სადა ფერის ტანსაცმელი, რათა ბავშვის/მოსწავლის ყურადღება
არ გაიფანტოს სხვადასხვა ვიზუალური პატერნით (აღნიშნული ბავშვმა შეიძლება
განიცადოს როგორც „ვიზუალური ხმაური“).

ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენება

• ხმის გამაძლიერებელი, როგორიცაა მიკროფონი და დინამიკები.


• სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, მაგალითად, FM აღჭურვილობა.

5
ᲓᲘᲐᲚᲝᲒᲘ

დიალოგის წარმართვისას, არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მრავალი


პრაქტიკული გადაწყვეტა არსებობს. ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი, რომელიც საწყის
წერტილად იღებს თანამოსაუბრის უნარს, შექმნას ხელსაყრელი სიტუაციები კომუნიკაციისა
და სწავლისთვის.

ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠᲘ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

• სუფთა, მკაფიო ხმა.


• რაც შეიძლება ნაკლები ფონური ხმაური.
• მსმენელთან ახლოს ყოფნა (სათანადო დისტანცია).

ᲗᲐᲜᲐᲛᲝᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ

• იფიქრეთ მთლიანობით კომუნიკაციაზე - გამოიყენეთ ყველა შეგრძნების არხი (აუდიო,


ვიზუალური, ტაქტილური და სხვ.).
• გამოიყენეთ იგივე ენა (ენის კოდი), რომელსაც ბავშვი/მოსწავლე იყენებს.
• გამოიყენეთ მკაფიო(სუფთა) ხმა.
• არ იყვიროთ – ეს განაპირობებს მეტყველების ცუდ აღქმას.
• გამოხატეთ ინტერესი ბავშვის/მოსწავლის ნათქვამის შინაარსის მიმართ.
• გაურკვეველი მეტყველების/ენის შემთხვევაში, ბავშვის/მოსწავლის ნათქვამი
სწორად გაიმეორეთ, რათა ბავშვმა/ მოსწავლემ გაუგებრობა თავადვე აღმოაჩინოს და
გამოასწოროს.

ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ

სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მრავალი პრაქტიკული


გამოსავალი არსებობს. ასეთ დროს მიზანია ხელი შევუწყოთ მოსწავლის ეფექტურ
კომუნიკაციას და მაქსიმალურ მონაწილეობას.

ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი, რომელიც ეფუძნება სწავლების პროცესს და


მასწავლებლისა და მოსწავლის უნარს, შექმნან ეფექტური სიტუაციები კომუნიკაციისა და
სწავლისთვის.

1. ფიზიკური პირობები
• უზრუნველყავით კარგი მოსმენის პირობები ყველა კონტექსტში.
• მოერიდეთ ფონურ ხმაურს.
• უზრუნველყავით ოთახში ხმის მართვა.
• გამოიყენეთ ხმის გამაძლიერებლები: მიკროფონი და დინამიკები ან სხვა დამხმარე
საშუალება.
• შეამცირეთ ავეჯის მოძრაობით გამოწვეული ხმაური ჩოგბურთის ბურთებით, რომლებსაც
ხვრელებს გაუჭრით და მოათავსებთ სკამის/მაგიდის ფეხების დაბოლოებებში.

6
• გამოიყენეთ დასაფენი მატიკები მაგიდებზე.
• უზრუნველყავით ბავშვის/მოსწავლის განთავსება ხმის წყაროსთან ახლოს.
• იქონიეთ კარგი განათების პირობები.
• დარწმუნდით, რომ მოსაუბრეს ზურგის მხრიდან ფონად არ აქვს განათება (ასეთ
შემთხვევაში ძნელად იკითხება სახეები).
• დარწმუნდით, რომ მოსწავლე ხედავს სხვა მოსწავლის სახეს - მეტყველების გაგება
უფრო ადვილია, როცა მსმენელი იმავდროულად მოსაუბრის სახესაც ხედავს).
• დასხედით ნახევარწრეზე, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ.
• საჭიროებისამებრ გამოიყენეთ საკლასო ოთახი ინდივიდუალური თუ ჯგუფური
მუშაო­­ბისა და მოსწავლისთვის სპეციალური საგანმანათლებლო მხარდაჭერის
უზრუნველსაყოფად.

2. ზრდასრულის როლი
• უზრუნველყავით საგანმანათლებლო პროცესის კარგად სტრუქტურირება.
• ტექნიკური აღჭურვილობა გამოიყენეთ თანმიმდევრულად.
• დარწმუნდით, რომ ყველა მოსწავლე იყენებს ტექნიკურ აღჭურვილობას (მაგ. თუ
მიკროფონს იყენებთ, რომ ყველა მოსწავლემ ისაუბროს მიკროფონის გამოყენებით).
• დარწმუნდით, რომ ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით დისკომფორტი არავის
ექმნება.
• დარწმუნდით, რომ მოსწავლეს აქვს დეტალური წერილობითი გეგმები, რათა მოსწავლემ
შეძლოს მომზადება.
• მოამზადეთ დეტალური გეგმები და მიეცით მშობლებს შესაძლებლობა წვლილი
შეიტანონ მათში.
• უზრუნველყავით სკოლასა და სახლის მჭიდრო თანამშრომლობა.
• გამოიყენეთ ჟესტური ენა, ჟესტური ენიდან ნასესხები ცალკეული ჟესტებით გქონდეთ
მხარდაჭერა იმის მიხედვით, თუ რა არის შესაბამისი მოსწავლისათვის.
• იქონიეთ თვალით კონტაქტი მოსწავლესთან.
• შეთანხმდით იმაზე, თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს მინიშნება, როდესაც მისთვის
რაღაც გაურკვეველია.
• შეამჩნიეთ გაუგებრობა, სანამ ის კონფლიქტად გადაიქცა.
• გაააქტიურეთ მოსწავლე გაკვეთილზე.
• დაეხმარეთ მოსწავლეს სწორად განსაზღვროს, თუ სად და როდის არის ხმის/ბგერის
ცუდი აღქმა.
• იქონიეთ კონტროლი საუბრის/დისკუსიის დროს - მოსწავლემ უნდა იცოდეს ვინ
ლაპარაკობს, როდის და როგორ შეუძლია ჩაერთოს და გამოხატოს საკუთარი მოსაზრება.
• მიეცით მოსწავლეს დრო, რათა გაერკვეს თუ ვინ ლაპარაკობს მოცემულ მომენტში.
• უზრუნველყავით თემის ვიზუალიზაცია კონკრეტული ფიგურების, სურათებისა და
ვიდეოების გამოყენებით.
• უზრუნველყავით სასწავლო მასალის ვიზუალიზაცია ასაკობრივ ჯგუფზე მორგებულად,
მოსწავლის მახასიათებლების შესაბამისად.

7
3. რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს - რეკომენდაციები მოსწავლისთვის
• თავისუფლად ისაუბრეთ სმენის სირთულეების შესახებ.
• თავისუფლად ისაუბრეთ იმის შესახებ, რაც გეხმარებათ.
• შეამცირეთ ფონური ხმაური.
• დადექით ხმის წყაროსთან ახლოს.
• დასხედით პირდაპირ, მოსაუბრის წინ.
• დაამყარეთ თვალით კონტაქტი.
• ხმამაღლა ილაპარაკეთ.
• გაიმეორეთ კითხვა.

ᲨᲔᲡᲕᲔᲜᲔᲑᲐ

დაწყებით და საშუალო საფეხურზე, მოსწავლეებს შორის ინტერაქცია ხშირად თამაშიდან


უფრო მეტად საუბარზე ორიენტირებული ხდება. ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელი
მხარდამჭერი ზომების გამოყენება იქნება შესაბამისი.
ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი, რომელიც ამოსავალ წერტილად იღებს სტრუქტურას
და მასწავლებლის შესაძლებლობას, შექმნას შესაბამისი სიტუაციები კომუნიკაციისა და
ურთიერთობისთვის შესვენების დროს.

1. ფიზიკური მოწყობა
• დისტანციის შენარჩუნება ხმაურის წყაროებისგან, მაგალითად, საგზაო მოძრაობისგან.
• მოსაუბრის სახეზე ყურადღების მიპყრობა, რაც აადვილებს მეტყველების გაგებას.
• ჯგუფური აქტივობები მონაწილეობისა და ჩართულობის გასაძლიერებლად.
• შესვენების ისეთ დროს ჩანიშვნა, როდესაც დერეფნებში/სკოლის ეზოში ბევრი ხალხი
არ არის.
• სოციალური ინიციატივის შესაძლებლობით სარგებლობა.

2. ზრდასრულის როლი
• აუხსენით მოსწავლეს თამაშის თემა და წესები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.
• გამოიყენეთ პერსონალის ჟესტური ენის უნარი, თუ მოსწავლეები იყენებენ ჟესტურ ენას.
• იყავით მოსწავლეებთან ერთად, როცა მათ ეძლევათ ერთმანეთთან ყოფნისა და
მშვიდად თამაშის შესაძლებლობა.
• იყავით ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო გამოწვევების დროს.

8
3. ᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲐ ᲘᲜᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ
ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲨᲘ

ᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲐ

დაქვეითებული სმენის მქონე ბავშვებსა და მოსწავლეებს, ისევე როგორც ყველას,


განსხვავებული მოთხოვნილებები და წინაპირობები აქვთ. მათ აქვთ სურვილი, გაიგონ,
გაუგონ და განვითარდნენ ენობრივად, სოციალურად თუ კოგნიტიურად სხვებთან
ურთიერთობისას. ენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ადამიანებთან
კომუნიკაციისა და ურთიერთობისთვის. სოციალური განვითარება, გამოცდილება და
ენის გამოყენება კრიტიკული სფეროებია სმენის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის.
კომუნიკაციაზე წვდომა ენისა და ცოდნის შეძენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა და
მას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ბავშვებისა და ახალგაზრდების
განვითარებისთვის.
აქედან გამომდინარე, სმენის სირთულეების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების
საჭიროებებზე თვალის მიდევნება და ადაპტაციის განსაზღვრა ინდივიდუალურად უნდა
განხორციელდეს. ენის სტიმულაციისთვის საჭირო ზომები შეიძლება დამოუკიდებელი იყოს
სმენის დაქვეითების მასშტაბისაგან. შესაძლებელია დიდი განსხვავება იყოს იმ ბავშვების
საჭიროებებს შორის, რომელთა სმენის დაქვეითება აღმოჩენილია დაბადებისთანავე და
მათთვის, ვინც მხოლოდ რამდენიმე წელია ცხოვრობს სმენის დაქვეითებით. როდესაც
ბავშვები და ახალგაზრდები იყენებენ ჟესტურ ენას და იმყოფებიან ჟესტური ენის
გარემოში, ისინი ლინგვისტური საზოგადოების აქტიური მონაწილეები ხდებიან. გარემოში,
სადაც საერთო ენა არის სალაპარაკო ენა, სმენის დაქვეითებამ შეიძლება გავლენა
მოახდინოს ბავშვის აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ
მასწავლებლებს ჰქონდეთ საჭირო პროფესიული გამჭრიახობა და კომპეტენცია, რათა
მოქნილად შეძლონ ადაპტაცია და ხელი შეუწყონ სმენის სირთულეების მქონე ბავშვებს
გახდნენ აქტიური მონაწილეები როგორც სოციალიზაციის, ისე კომუნიკაციის პროცესში,
მათი ენობრივი გარემოს განურჩევლად.
სმენის სირთულეების მქონე ბავშვებს და მოზარდებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ
ნათქვამის აღქმისა და გაგებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში კი იმის გამო, რომ თავად
მათ გაუგონ (საკომუნიკაციო პარტნიორები მიხვდნენ, თუ რისი თქმა სურთ). ისინი, ვინც
იყენებენ სმენის აპარატებს ან კოხლეარულ იმპლანტებს, ძალიან მოწყვლადები არიან
ფონური ხმაურის მიმართ. სმენის დაქვეითების მქონე ბევრი ბავშვი დღის განმავლობაში
ძალიან იღლება. შესაბამისად, მათ შეიძლება დასჭირდეთ მცირე შესვენება, რა დროსაც,
წვდომა უნდა ჰქონდეთ წყნარ ადგილას დასვენებისთვის. ზოგისთვის, სრული დასვენებაა
საჭირო, ზოგისთვის კი, შესაძლოა, საკმარისი იყოს დროებით მოსასვენებელ ოთახში
ყოფნა და თამაში, ან დავალებების შესრულება მშვიდ და წყნარ გარემოში.

ᲟᲔᲡᲢᲣᲠᲘ ᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲟᲔᲡᲢᲔᲑᲘ (ᲪᲐᲚᲙᲔᲣᲚᲘ ᲟᲔᲡᲢᲔᲑᲘ)

სმენის სირთულეების მქონე პირთა დაახლოებით 90% სმენადაქვეითებულია. მათი


უმეტესობა ურთიერთობს მეტყველებით. ნაწილი იყენებს მხოლოდ მეტყველებას, ნაწილი
კი მეტყველებას ცალკეული ჟესტების და/ან ჟესტური ენის მხარდაჭერით.
ქართული ენა, ცალკეული ჟესტების მხარდაჭერით, არის კომუნიკაციის ფორმა, რომელშიც
მეტყველება ვიზუალიზდება ცალკეული ჟესტებით. ეს ჟესტები ნასესხებია ქართული
ჟესტური ენიდან, მაგრამ მეტყველება და ჟესტების გამოყენება მიჰყვება ქართულ
სალაპარაკო ენის სინტაქსს. ეს არ არის ცალკე ენა, როგორიც ქართული ჟესტური ენა,

9
ანდა ქართული ენაა, არამედ არის მეთოდი, რომელიც ეხმარება სმენის სირთულის მქონე
ბავშვს სალაპარაკო ენის გაგებაში. ქართული ენა, ცალკეული ჟესტების მხარდაჭერით,
გამოიყენება სინონიმურად სხვა ტერმინებთან, როგორიცაა, მაგალითად, სიმულტანური
კომუნიკაცია, ჟესტებით მხარდაჭერილი მეტყველება და სხვ.
ქართული ჟესტური ენა არის ენა. ქართული ჟესტური ენა არის კონკრეტული ენის სახელი,
რომელიც ისტორიულად განვითარდა ქართველ ყრუ ადამიანებში და რომელსაც იყენებენ
ქართველი ჟესტური ენის მომხმარებლები. ქართულ ჟესტურ ენას აქვს თავისი გრამატიკა და
სინტაქსი. ენა ვიზუალურ-ჟესტიკულაციურია. ის დაფუძნებულია ხელების, სახის მიმიკებსა
და სხეულის პოზებზე და ის აღიქმება მხედველობით.
სმენის სირთულეების მქონე მცირეწლოვანი ბავშვების ენის განვითარების მხარდასაჭერად,
მშობლებმა და მასწავლებლებმა/სპეციალისტებმა უნდა სცადონ მიაღწიონ საერთო გაგებას
იმის შესახებ, თუ რა არის საწყისი წერტილი და მიზანი ბავშვის განვითარებისთვის. ასეთ
შემთხვევაში, მხარეებს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საერთო მიზანზე დაფუძნებული,
ხოლო ბავშვისთვის შერჩეული მიდგომის გამოყენება კარგად კოორდინირებული
მოცემული არჩევანის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ არ განიხილებოდეს არჩეული
ენის ფორმა, როგორც საბოლოო არჩევანი. ბავშვის მოთხოვნილებები/საჭიროებები და
სურვილები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს და, შესაძლოა, მოგვიანებით
სხვა არჩევანის გაკეთება იყოს უფრო შესაბამისი.
საბავშვო ბაღში და სკოლაში უნდა შეიქმნას ენობრივი გარემო, რომელშიც სმენის
სირთულეების მქონე ბავშვს ან მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივად განივითაროს ჟესტური
ენა. ჟესტური ენის მაღალი ცოდნის მქონე თანამშრომლების გარდა, სხვა თანამშრომლებმაც
უნდა ისწავლონ ჟესტური ენა. თუ პერსონალი გამოიყენებს ამ ენას, სმენის სირთულეების
მქონე ბავშვებიც ხშირად გამოიყენებენ და ამ შესაძლებლობით სიამოვნებას მიიღებენ,
ეს კი შექმნის კარგ, ინკლუზიურ გარემოს იმ ბავშვებისა ან მოსწავლეთათვის, რომელიც
იყენებენ ჟესტურ ენას.

ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠᲘ ᲐᲓᲐᲞᲢᲐᲪᲘᲐ

ხმოვანი და ვიზუალური ხმაური ართულებს კომუნიკაციისა და სწავლის პროცესებს სმენის


სირთულეების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. არსებობს რამდენიმე გზა, რომელსაც
შეუძლია ტექნიკურად და ფიზიკურად მოხსნას სმენითი და ვიზუალური ბარიერები, რათა სმენის
სირთულეების მქონე ბავშვებმა/მოსწავლეებმა შეძლონ აქტიური მონაწილეობა საბავშვო ბაღსა
და სკოლაში.

1. ტექნიკური ადაპტაცია
სადაც არის შესაძლებლობა, რომ ბავშვებმა/მოსწავლეებმა გამოიყენონ ტექნიკური
დამხმარე საშუალებები, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა ხმის ოპტიმალურ გამაძლიერებლებზე
კარგად ადაპტირებული სმენის აპარატების, ან კოხლეარული იმპლანტის საშუალებით.
სასმენი აპარატი არის ხმოვანი ინფორმაციის გამაძლიერებელი მოწყობილობა, რომელიც
სათანადოდ არ აღიქმება სმენის დაქვეითების გამო. სასმენი აპარატი შედგება მიკროფონის,
გამაძლიერებლის და დინამიკისგან. კოხლეარული იმპლანტი არის მოწინავე სასმენი
აპარატი, რომელსაც აქვს გარე და შიდა ნაწილი. გარე ნაწილი შედგება მიკროფონის,
მეტყველების გადამყვანის და გადამცემისგან. შიდა ნაწილს, რომელიც ქირურგიული
ოპერაციის საშუალებით იმპლანტირებულია ყურის ლოკოკინაში (კოხლეა), აქვს მიმღები,
რომელიც სიგნალებს პირდაპირ სმენის ნერვს და თავის ტვინის სმენის ცენტრს გადასცემს.
იქ სიგნალები აღიქმება, როგორც ხმა.
სმენის დამხმარე საშუალებების და/ან კოხლეარული იმპლანტების გარდა, შესაბამისი
დამხმარე საშუალებების მაგალითებია: ტექნოლოგიური მოწყობილობები მიკროფონებით,

10
ტელეკოილებით და/ან FM სისტემები. ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა შეიძლება
იყოს განსაკუთრებით აქტუალური მაშინ, როდესაც ბავშვს/მოსწავლეს არ შეუძლია, ან
არ სურს სასმენი აპარატის გამოყენება. თუ მიკროფონებს ამაგრებთ სისტემებს, ისინი
მიუთითებენ, რომ მხოლოდ მიკროფონის მქონე პირმა უნდა ისაუბროს. მიკროფონების
გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჯგუფურ სიტუაციაში საუბრის უკეთეს სტრუქტურას.
ხმის გამაძლიერებელი სისტემები ხელს უწყობს ჯგუფში ყველასთვის უკეთესი მოსმენის
პირობებს და, შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალური დიზაინის ნაწილად.
არსებობს სხვადასხვა ტიპის სმენის ტექნოლოგიური მოწყობილობა.

2. ფიზიკური ადაპტაცია

გარემოში არსებული ხმის და სინათლის პირობები დიდ გავლენას ახდენს კომუნიკაციის


შესაძლებლობებზე სმენის სირთულეების მქონე ადამიანისთვის. როდესაც საბავშვო
ბაღში ან სკოლაში გყავთ სმენის სირთულეების მქონე ბავშვი/მოსწავლე, განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს ხმის და სინათლის პირობებს.
ყველა ოთახს აქვს ე.წ. რევერბერაციის დრო. თუ რევერბერაციის დრო ძალიან ხანგრძლივია,
ოთახში ფონური ხმაური დომინირებს ხმის საერთო მდგომარეობაზე. ეს ამცირებს სმენის
სირთულეების მქონე პირისთვის მეტყველების აღქმის შესაძლებლობას. ასეთ გარემოში
სმენის სირთულეების მქონე ადამიანი უფრო დიდ დისკომფორტს განიცდის და უფრო
მეტად იღლება, ვიდრე ნორმალური სმენის მქონე. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც
იყენებს სასმენ აპარატს/კოხლეარულ იმპლანტს, ასევე მათ, ვისაც აქვს სმენის მსუბუქი
დაქვეითება ან სმენის ცალმხრივი დაქვეითება და ვინც არ იყენებს სასმენ აპარატს.
რევერბერაციის დროის გაზომვა შესაძლებელია. ის უნდა გაუმჯობესდეს ყველა ოთახში,
სადაც გაზომვის შედეგები ამაზე მიუთითებს. გაზომვა და ნებისმიერი გაუმჯობესება უნდა
განხორციელდეს მანამ, სანამ ბავშვი საბავშვო ბაღში ან სკოლაში დაიწყებს სიარულს,
ანუ სწავლის დაწყებამდე. ნებისმიერი ხმა, რომელიც არღვევს, ან ხელს უშლის სმენის
სირთულეების მქონე ადამიანს მეტყველების აღქმაში, ითვლება ხმაურად. ამიტომ,
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხმები მინიმუმამდე შემცირდეს. ვენტილაციის სისტემები
და საყოფაცხოვრებო ტექნიკა არის მაგალითები იმისა, თუ რა არის გასათვალისწინებელი
ხმაურის შემცირების, ან გაუმჯობესებისთვის. ხმაურის შემცირების სხვა გადაწყვეტილება
შეიძლება იყოს რეზინის, რბილი მასალის, ან მსგავსი დამცავების გამოყენება მაგიდის და
სკამის ფეხების ქვეშ, მაგიდებსა და ხალიჩებზე რბილი ზედაპირის გამოყენება თამაშის
დროს. გარე სივრცის არსებობა ასევე მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოსწავლეების
სოციალიზაციისა და თამაშისათვის. თუ გარე ტერიტორიები ექვემდებარება ძლიერ საგზაო
ხმაურს, აღნიშნული ფაქტორიც გასათვალისწინებელია. გარე ტერიტორიების დიზაინი
უნდა შეესაბამებოდეს უნივერსალური დიზაინის პრინციპს.
სმენის სირთულეების მქონე ადამიანები მხედველობას აქტიურად იყენებენ
კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღებისთვის. ერთგვაროვანი და ფუნქციური ინტერიერი
შეამცირებს „ვიზუალურ ხმაურს“ და გაუადვილებს სმენის სირთულეების მქონე ადამიანებს
ინფორმაციის აღქმას მხედველობის გამოყენებით. მხედველობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ბაგეებიდან კითხვის, ჟესტური ენისა და ვიზუალური ინფორმაციის
მიღებისთვის. იმისათვის, რომ სმენის სირთულეების მქონე ადამიანებმა შეძლონ
მხედველობის ოპტიმალურად გამოყენება, მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღისა და სკოლის
შენობაში განათების სათანადო პირობების მოწყობა.

11
ᲙᲝᲛᲞᲔᲢᲔᲜᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ – ᲙᲐᲠᲒᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ
ᲬᲘᲜᲐᲞᲘᲠᲝᲑᲐ

სმენის სირთულეების მქონე ბავშვებისა და მოსწავლეების განვითარებისთვის


გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლების მიწოდების ხარისხს. მაღალი ხარისხი
მოითხოვს როგორც მატერიალურ რესურსებს, ასევე კვალიფიციურ პერსონალს. საჭიროა
ყველა ჩართულ მხარეს შორის მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა.

რელევანტური კომპეტენციები
სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეთათვის განათლების ადაპტაცია განსაკუთრებულ
გამოცდილებას მოითხოვს. სმენის შესახებ ცოდნის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება.

• ცოდნა სმენის შესახებ: ყველამ, ვისაც აქვს ურთიერთობა სმენის სირთულეების მქონე
ბავშვებთან და მოსწავლეებთან, უნდა მიიღოს საჭირო ინფორმაცია და გაიაროს
ტრენინგი სმენის დაქვეითებისა და სამიზნე ჯგუფის ხელშემწყობი პირობების შექმნის
შესახებ.
• კომპეტენცია სპეციალურ განათლებაში: ზოგადად, ენობრივი განვითარებისა და სმენის
სირთულეების მქონე პირთა ენის სტიმულირების სიღრმისეული ცოდნა.
• ჟესტური ენის კომპეტენცია.
• ქართული ჟესტებით დამხმარე მიდგომა: ჟესტების მეტყველებასთან ერთად
გამოყენების უნარები.

თანამშრომლობა
განათლების ხარისხი დამოკიდებულია ყველა ჩართულ მხარეს შორის მჭიდრო და კარგ
თანამშრომლობაზე. საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა რეგულარულად უნდა ითანამშრომლონ
მშობლებთან განათლების დაგეგმვასთან დაკავშირებით. თანამშრომლობის კარგი გზაა
მშობლებს, სკოლასა და ბავშვის განათლებაში ჩართულ სხვა პირებს შორის რეგულარული
შეხვედრების ჩატარება.

ᲡᲐᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲝ ᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ

სმენის სირთულეების მქონე ბავშვები დაუცველები არიან, როდესაც საქმე ეხება


მეტყველების აღქმას - მათ შეიძლება შეექმნათ პრობლემა ასაკის შესაბამისი
სალაპარაკო ენის განვითარებისას, დასჭირდეთ ინდივიდუალური დახმარება მოსმენისა
და სალაპარაკო ენის გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში, კარგი აუდიოწვდომა და
განვითარების ხელშემწყობი დიალოგი არის ძირითადი წინაპირობა. კოხლეარული
იმპლანტის მქონე ბავშვები განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიან, მათ უნდა შეძლონ
სმენის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ, ბოლო დრომდე მცირედ, ან საერთოდ არ
იღებდნენ სმენის სტიმულაციას. მოსმენაზე ფოკუსირებით ბავშვი გადის ვრცელ და,
ხშირად, ხანგრძლივ პროცესს ბგერების აღმოჩენიდან და მათი მნიშვნელობის გაგებიდან
დაწყებული, სხვებისთვის გასაგები გამონათქვამების წარმოქმნით დამთავრებული.
ბავშვის დახმარება და მხარდაჭერა ამ პროცესში მოითხოვს სათანადო ექსპერტიზას.
ბავშვის ასაკი და ინდივიდუალური გარემოებები მნიშვნელოვანია სალაპარაკო ენის
განვითარებაზე მუშაობისთვის. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე რეკომენდაცია,
რომლითაც შესაძლებელია მუშაობის წარმართვა:

12
• მოსმენისა და სალაპარაკო ენის სისტემატური და მიზანმიმართული სტიმულირება.

• კონკრეტული/დეტალური გეგმების შემუშავება.


• პროგრამის შემუშავებაში ჩართულია სმენის სფეროში განსაკუთრებული ექსპერტიზის
მქონე მასწავლებელი (აუდიომასწავლებელი ან ენისა და მეტყველების თერაპევტი).
• მშობლები და ბაღის/სკოლის პერსონალი არიან ძირითადი აქტორები და გეგმის/
პროგრამის განხორციელებისას მათთვის შეთავაზებულია შესაბამისი გამოცდილების
მქონე სპეციალური განათლების სპეციალისტის დახმარება.
• მშობლებს და პერსონალს ესაჭიროება ტრენინგები/კურსები, ზოგადად, სმენის
სირთულეების დასაძლევად და, კონკრეტულად, ცოდნის გასაღრმავებლად
კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების/მოსწავლეების სპეციფიკური
საჭიროებებისათვის.
• აქტივობები თამაშზეა დაფუძნებული და შემუშავებულია ბავშვისთვის მათი
მნიშვნელობის, ბავშვის ინტერესების, ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით.
• მონაცვლეობა ხდება „ერთი-ერთზე სწავლებასა“ და ჯგუფურ აქტივობებს შორის.
• ბავშვის განვითარება „აკონტროლებს“ პროცესს. ბავშვს ყურადღებით აკვირდებიან,
რათა ნებისმიერი ცვლილება მოხდეს მაშინვე, როგორც კი გამოიკვეთება ამის
საჭიროება.
• ძალისხმევა მიმართულია ბავშვისთვის კარგი სმენითი გარემოს შესაქმნელად.

ᲡᲐᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲝ ᲔᲜᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ

საჭიროა კარგი ტექნიკური და ფიზიკური ადაპტაცია, რათა სმენის სირთულეების მქონე


მოსწავლეებმა, რომლებიც მიჰყვებიან რეგულარულ სასწავლო გეგმებს სალაპარაკო ენობრივ
გარემოში, გონივრული სარგებელი მიიღონ სწავლებისგან. სმენითი ინფორმაციის ინტერპრეტაციის
სწავლა შეიძლება იყოს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი, ამიტომ, მოსწავლეს მთელი სასწავლო
პროცესის განმავლობაში უნდა ჰქონდეს წვდომა მოსმენის უნარებისა და სალაპარაკო ენის
სწავლებაზე. კოხლეარული იმპლანტის მქონე მოსწავლეებისთვის ასეთი სპეციფიკური და
მიზანმიმართული სწავლების მინიმუმ ერთი სესია უნდა იყოს გათვალისწინებული ყოველდღე,
განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. კოხლეარული იმპლანტაციის გარდა, სხვა სასმენი აპარატის
მქონე მოსწავლეებს შეიძლება ასევე დასჭირდეთ გაფართოებული სტიმულაცია მოსმენის უნარისა
და სალაპარაკო ენის განვითარებისთვის.

ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲞᲢᲐᲪᲘᲐ

როდესაც სკოლაში სასწავლო პროცესი და გარემო მორგებულია სმენის სირთულეების მქონე


მოსწავლეების საჭიროებებზე, იზრდება შესაძლებლობა, რომ სმენის სირთულეების მქონე
მოსწავლეებმა მიაღწიონ სათანადო სწავლის შედეგს.

ᲢᲠᲐᲜᲖᲘᲪᲘᲐ

ახალ აქტივობაზე გადასვლა რთული პროცესია სმენის სირთულეების მქონე


მოსწავლეებისთვის. ამ პროცესის გასამარტივებლად, მასწავლებელმა წინასწარ უნდა
იფიქროს ასეთ სიტუაციებზე და შექმნას მათთვის სტაბილური რუტინა. ყოველდღიური
და ყოველკვირეული გეგმების აქტიური გამოყენება გვეხმარება ყოველდღიურობა
შედარებით პროგნოზირებადი და ნათელი იყოს. ახალ აქტივობაზე გადასვლამდე, ჯგუფმა
უნდა მიიღოს ინსტრუქცია. ხშირად, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო მანამ, სანამ
მასწავლებელი ჩამოაყალიბებს სტრუქტურას და სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებს

13
განჭვრეტადობას შესძენს, შესაბამისად, საჭიროა პოტენციურად რთული სიტუაციების
პროგნოზირება და მკაფიო ლიდერობის უნარის ქონა.

ᲯᲒᲣᲤᲘᲡ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲐ

სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან


აუდიტორული და ვიზუალური ხმაურის მიმართ. სასწავლო პროცესიდან მაქსიმალური
სარგებლობის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფის მოცულობა არ იყოს
ძალიან დიდი.
სმენის სირთულეების მქონე ბევრი მოსწავლისთვის ერთ-ერთი ფაქტორი არის ჯგუფის
მოცულობა, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სწავლის შედეგზე. სმენის
სირთულეების მქონე მოსწავლეების სწავლების გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსწავლეთა
ჯგუფი უნდა იყოს მცირე. ამიტომ, ჯგუფის მოცულობა სკოლამ პროფესიულად უნდა შეაფასოს
და განსაზღვროს. სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა
ისწავლოს და იმუშაოს დავალებებზე შედარებით მცირე ჯგუფის პირობებში.
განსხვავებულ და მოქნილ სამუშაო მეთოდებს და ჯგუფის მოცულობას დადებითი გავლენა
აქვს. სტაბილურობის გარკვეულმა დონემ და სტრუქტურამ შეიძლება ხელი შეუწყოს
კარგი სასწავლო გარემოს შექმნას, სასაუბრო დისციპლინას და ჯგუფში სმენის დამხმარე
ტექნიკური აღჭურვილობის რუტინულ გამოყენებას.

ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲒᲐᲜᲛᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲚᲝ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘ

სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებს გარკვეული გამოწვევები აქვთ, როდესაც საქმე


ეხება ენის ათვისებასა და ენობრივ განვითარებას. მიუხედავად იმისა, თუ რა ენაზე
მიმდინარეობს მოსწავლის განათლება, სმენის სირთულეების მქონე ბევრ მოსწავლეს
დასჭირდება ამასთან დაკავშირებული სპეციალური საგანმანათლებლო მხარდაჭერა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, ივითარებს თუ არა მოსწავლე ლექსიკას,
ეუფლება თუ არა ცნებებსა და გამონათქვამებს, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ
საგნობრივ კომპეტენციებთან.

ᲤᲡᲘᲥᲝᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ

მცირე და სტაბილური ჯგუფი სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებს მისცემს უკეთეს


შესაძლებლობებს, დაამყარონ მჭიდრო სოციალური ურთიერთობები თანაკლასელებთან.
სკოლამ უნდა იზრუნოს სათანადო ფსიქოსოციალურ გარემოზე, რათა სმენის სირთულეების
მქონე მოსწავლეს ჰქონდეს ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდა. თუ სმენის სირთულეების
მქონე მოსწავლეები უკეთ ურთიერთობენ სხვა ენაზე, ვიდრე მათი თანაკლასელები,
მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ეს ფაქტი სასიკეთოდ და ააგოს ხიდი - მაგალითად,
ჯგუფში ენის შესახებ ცოდნის შემუშავებით. ამასთანავე, უსაფრთხო გარემო ნიშნავს, რომ
სმენის სირთულეების მქონე მოსწავლემ შეძლოს აღიქვას და გამოიყენოს მნიშვნელოვანი
გამაფრთხილებელი სიგნალები, მაგალითად, ხანძრის სიგნალიზაცია. მოსწავლე უნდა
გაეცნოს გამაფრთხილებელ სისტემას და ქცევის წესებს განსაკუთრებული სიტუაციებისას.

14
4. ᲨᲔᲡᲐᲤᲐᲡᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲡᲞᲔᲥᲢᲔᲑᲘ
სკოლის დაწყების დაგეგმვა:
• დაიწყო თუ არა მოსამზადებელი პროცესი მანამ, სანამ ბავშვი სასკოლო განათლების
მიღებას დაიწყებს?
• შენობა: არის თუ არა ფიზიკურად და ტექნიკურად მომზადებული?
• საგანმანათლებლო ადაპტაციის ღონისძიებები: შეფასდა თუ არა ისინი მოსწავლესთან/
მშობლებთან ერთად?
• ჯგუფის მოცულობა: ფასდება თუ არა ის ზოგადად და კონკრეტულ მოსწავლესთან
მიმართებით?
• ჯგუფის შემადგენლობა: შეფასდა თუ არა?
• კვალიფიციური პერსონალი: ჰყავს თუ არა სკოლას? (მაგ., ჟესტური ენის კომპეტენციით)
• ტექნიკური აღჭურვილობა: აქვს თუ არა სკოლას საჭირო რესურსი?

სპეციალური განათლება:
• მოსწავლის საჭიროებები: შესწავლილი და შეფასებულია თუ არა ისინი?
• ფსიქოსოციალური გარემო კლასში: იყო თუ არა ის სამოქმედო გეგმაში გაწერილი და
შეფასებული?

15
© Statped
ტელეფონი: +47 934 02 196

www.statped.no

You might also like