You are on page 1of 4

-დილამშიდობის ძირფასო!

გაღვიძების დროა, საუზმე მზად არის, არ გააციო, მე


გასაქცევი ვარ, ვაგვიანებ, დემონებს ნუ აშიმშილებ მალე ადექი.
ყოველ დილას ერთი და იგივე გამაღიზიანებელი ენერგიულობა თავს მატკიებს
და დაუოკებლად ცდილობს ჩემს გაღვიძებას, ყურებზე ხელებს მჭიდროდ ვიჭერ
და ვცდილობ მისი ხმა ჩავახშო, ბოლოს კარებს იჯახუნებს და ბობოქარი
შტორმის შემდეგ სახლში კვლავ სიმშვიდე ისადგურებს. რამდენი წელი გავიდა
და მაინც ცხოვრების ხალისს წვეთითაც არ მოუკლია მასში, საშინლად
გამაღიზიანებელია, მაგრამ საუზმეს ისეთს მახვედრებს, როგორიც მიყვარს
ცრემლების სმუზი და ხახვში მოშუშული გატეხილი გული. მე უიმედო,
წყალწაღებული ადამიანი ვარ, ცხოვრებაში ყოვლად უმიზნო, უხალისო,
ვცხოვრობ და არაფერი ხდება, მოვკვდე და მანდაც არაუშავს. რამდენჯერ
ვატკინე გული და მაინც იგივე ენთუზიაზმით ვუყვარვარ როგორც უწინ, მეც
მიყვარს, ან მიყვარდა, აღარ ვიცი, იმდენად მივეჩვიე განებივრებულ რუტინას
რომ უკვე ვალდებულიც არის ასეთი ამიტანოს, ასეთი როგორიც ვარ. ზოგჯერ
თავს მაინც უმადურად ვგრძნობ მის მიმართ, იგივე ხალისით რომ ვერ ვპასუხობ,
მაგრამ ეს იშვიათად ხდება. მისი ბრალია, მე არ დამიძალებია შეყვარება, არ
დამიძალებია ყველაფრის მოცემა, მე არაფერი მინდა, არც მელონი მინდა, მან
იცის და მაინც თავს არ მანებებს, ყველა უბედურება რაც მის თავს ხდება მისივე
ბრალია, დაუსრულებლად ტრიალებს ერთ წრეზე გატეხვიდან გულის
გამთელებამდე, საუზმიდან საუზმემდე. დღეს მარილი დააკლო, უჩვეულოა,
ცდომილება არ ახასიათებს, ის ხომ გამაღიზიანებლად შეუდარებელია, ოჰ
ღმერთო როგორ ვძლებ ასეთი ქალის გვერდით ვფიქრობ ყოველ დილას,
როდესაც ზიზღნარევი მზერით ვაკვირდები ჩვენს ფოტოს მაცივარზე და
გაუმაძღრად ვიტენი გულის ულუფებს პირში, მერე ყელში ბურთივით მეჩხირება
და ცრემლების ერთ ჭიქა სმუზის ჩავიხარხარებ ყელში, გულზე დარდად რომ არ
დამაწვეს. მეც საუზმიდან საუზმემდე ვცხოვრობ, სხვა არაფერი მაქვს არც საქმე,
არც სურვილი, ისევ ლოგინში ვბრუნდები და ფიქრების სიჩუმეში ვეშვები,
სიმშვიდე ფონად მადევს, სანამ საათი საღამოს ცხრას არ ჩამოკრავს და
ქარბუქი არ შემოაღებს კარებს.
-სახლში ვარ ძვირფასო! კრუასანები მოვიტანე, ჩაის ხომ დალევ?
ისევ ყურებზე ვიჭერ ხელებს და სიჩუმეს ვიხვეწები, მელონი ერთს ამოიოხრებს
და სამზარეულოში გადის, ონკანს უშვებს, ჩაიდანში წყალს ავსებს და გაზქურაზე
დგამს ასადუღებლად, მერე კი ზის ჩუმად და ელოდება როდის დაუსტვენს
ჩაიდანი, ამასობაში რამდენიმე ღერსაც მოწევს კარგი განწყობისთვის, გაზს
გადაკეტავს და ჟასმინის ჩაის აყენებს, სამი წუთი ფანჯარაში იყურება და ლოყას
იკვნეტს, დღევანდელი საღამოც რომ არ გამოდგა ისეთი, როგორიც უნდოდა.
ჩაის ფინჯნებში ასხამს და კრუასანებთან ერთად მისაღებში გააქვს.
-ძვირფასო გამოდი ვივახშმოთ, ჩაი მზად არის უკვე. დამელაპარაკე ცოტა, სულ
დაგავიწყდი, აღარ განაღვლებ?!
-მელონიიი! შეგიძლია არ იყო ასეთი ხმამაღალი? სიმშვიდეს მირღვევ, ასე არ
შეიძლება მელონი, გესმის?
-გამოდი სანი მშვიდად ვისაუბროთ, არ მოგბეზრდა გაუთავებელი კამათი
ყოველ საღამოს?
-მომბეზრდა? თანაც როგორ! შენი ხმაურიანი წასვლები და დაბრუნებები, უაზრო
საუბრები საღამოობით, მათი დაჟინებული მოთხოვნები, მომბეზრდა მელონი,
ყველაფერი მომბეზრდა, შენ მომბეზრდი, შენი დანახვა, შენი ხმა, შენი
საქციელები მომბეზრდა, შენი გაუთავებელი ახალი დღის მოლოდინი, საუზმეც
კი მომბეზრდა გესმის მელო? მომბეზრდა.
-ჟასმინი დალიე ძვირფასო ცოტას დაგამშვიდებს- მელონის ხმაში კანკალი
იპარებოდა, თვალებს კი კულტურული ცრემლი უნათებდა.- გარეთ საშინელი
ამინდია, დღეს ალბათ ადრე დავიძინებ, შენ რა გეგმები გაქვს ძვირფასო?
-ღვთის გულისათვის ცოტახანი გაჩუმდი მელონ! შაქარი აკლია, კოვზი
მომაწოდე.
- რამდენი დავამატო? ერთი? ორი?
-ორი!
-აი, მიირთვი ძვირფასო!
- შენ არ დაიღალე?
-მე? რითი?
-ჩემით, ჩემთან ყოფნით, ზრუნვით, ძვირფასოს ძახილით, მე ხომ არაფერი
გამიკეთებია შენთვის, არ დაიღალე დაუფასებლობით? იმედგაცრუებით,
ტკივილით, ყოველ დილით საკუთარი გულის გამთელებით, არ დაიღალე?
-არა, მე მიყვარხარ სანი, რა გავაკეთო, ყველაფრის მიუხედავად მაინც არ
შემიძლია ავდგე და წავიდე შენგან. სამზარეულოში გავალ, სმუზისთვის
ცრემლებს შევინახავ, შენ კრუასანები მიირთვი, ჟასმინმა არ დაგამშვიდა ცოტა?
- შეგიძლია, ადგები და წახვალ მელო, შენი დანახვა აღარ მინდა, ყოველ
საღამოს გიმეორებ.
-სანი, გთხოვ, გემუდარები, ნუ გამაგდებ სანი, მიყვარხარ გესმის?- თავს
ხელებით მიკავებდა სახეზე მკოცნიდა და თან გიჟივით იმეორებდა- მიყვარხარ
სან, მიყვარხარ.
უბრალოდ მისი მოცილება მინდოდა მეტი არაფერი, ძალა ვერ გავთვალე და
მოქნეულმა ხელმა მელონი მაგიდის მეორე ბოლოში გადააგდო, შიშისგან
აცრემლებული თვალებით მიყურებდა და ადგილიდან არ იძვროდა, არც ხმას
იღებდა, ჩაი მოვსვი და საძინებელში გავედი. მელო ძლიერი ქალია, მერე რა
რომ ამ საღამოსაც გული გავუტეხე, ხვალ გაუმთელდება, სამაგიეროდ ღამე
მშიდი იყო, მხოლოდ ჭურჭლის კრაჭუნის ხმა მოსდევდა ფონად
სამზარეულოდან და ისიც თავიდან იბადებოდა.
დილაც ღამესავით მშვიდი გამითენდა, თავიდან ვერც კი შევამჩნიე,
ჩვეულებისამებრ ვივახშმე, სმუზი ჩვეულებრივზე მწარე იყო, მაგრამ ეს
გუშინდელ ამბავს დავაბრალე, ნამდვილად ზედმეტი მომივიდა. შუადღე
ილეოდა, ლოგინში ყოფნით მოვიწყინე და მშფოთვარედ სიარული დავიწყე
ოთახებში, ასეთი დილა დიდი ხანია არ მქონია, მეუცხოვა კიდევაც. საღამოს
ცხრა საათმაც ჩამოკრა, მაგრამ კარები არავის შემოუღია, მხოლოდ მერეღა
შევამჩნიე მაცივარზე გაკრული წერილი, ჩვენი ფოტოსურათის ქვევით
„მშვიდობით ძვირფასო, მელოს უყვარხარ“ წამიერად დრო გამიჩერდა, ვერ
დავიჯერე, ნუთუ მართლა წავიდა? ეს როგორ შეძლო? ის ვალდებული იყო
ავეტანე ასეთი. მე მარტო დავრჩი? ის აღარ არის? რანაირად? ეს შეუძლებელია.
მე ვერ გამიკეთებდა ამას, სად გაქრა მისი უპირობო სიყვარული? მე ხომ არ
უნდა მანაღვლებდეს ეს? რა მჭირს? კითხვებისგან თავი ამიფეთქდა,
ერთმანეთის მიყოლებით იბადებოდნენ და იბადებოდნენ, მე კი პასუხები არ
მქონდა, გარდა ერთი უმადურებისა. სიმშიდე მჭირდება, უსაფუძლოდ ვშფოთავ,
უნდა დავიძინო, ხვალ ისევ დამხვდება მისი საუზმე, ჰო ეგრე აჯობებს, საბანში
გავეხვევი და მშვიდად დავიძინებ.
შუადღის თორმეტზე გამეღვიძა, თავის ტკივილს კედლებზე გავყავდი, ცოტა
მამცივნებდა, მელო ისევ არ იყო სახლში და მაგიდაზე საუზმე არ დამხვდა, მისი
ნივთები აღარ იყო, ნეტა გუშინ რატომ ვერ შევამჩნიე ეს? ბოლო იმედი
გადამეწურა? ნაგავში ქექვა დავიწყე, იქნებ გუშინდელი ულუფის ნარჩენი იყოს-
მეთქი, არის, გადავიხარხარე, ნაგვის ყუთს მივუჯექი და უკანასკნელ ლუკმას
გიჟივით დავეწაფე, გულზე დამაწვა, სად არის ჩემი სმუზი? აღარ არის? ხველა
ამიტყდა, საპირფარეშოში გავვაგრდი და უკანასკნელი გემრიელი ლუკმა
უნიტაზში ჩავუშვი, ყელი მეტკინა, კუჭიდან ყველაფერი ამოვიღე, ვიფიქრე
ნაღველი დამახრჩობდა. საძინებლამდე მივბობღდი, საწოლიდან საბნის
ჩამოგდება მოვახერხე გავეხვია მასში და იატაკზევე დავიძნე.
მესამე დღე გათენდა მელოს გარეშე, თავი ისევ მისკდება,
ნარკოდამოკიდებულივით ვქანაობ ციებ-ცხელებას შორის და შეგრძნება
თითოეულ ძვალში მტეხს, ვკანკალებ, ასე არ შეიძლება, ვალდებული იყო, უნდა
დარჩენილიყო, ყველაფრისდა მიუხედავად უნდა დარჩენილიყო, მემგონი
ვბოდავ.
შიმშილის ერთი კვირა გავიდა, მეტად მეძინა ნაკლებად ვფხიზლობდი, ყოველი
დღე ჯოჯოხეთი იყო, იატაკზე ვეგდე, საწოლამდეც ვერ ვიქაჩებოდი, კანკალმა
ცოტა გადამიარა, თანდათან ვიწმინდები ჩემი დამოკიდებულებისგან, საწოლში
მინდა, რბილ საწოლში, ძვლები ცოტა დავასვენო, მელო არ არის, ვინ
დამეხმარება?! გადაწყდა ავდგები და მელონის მოვძებნი. კარგია, ძალები
მხოლოდ საწოლში გადაწვენად მეყო, სიმშვიდე ვიგრძენი, ახლა დავიძინებ,
მელოს ხვალ მოვძებნი.
ისევ მშიდი დილა გათენდა, გონება ცარიელი მაქვს, არავითარი ზედმეტი
ფიქრი, მელონის წასვლაც გადავხარშე, არ ვადანაშაულებ, მაგრამ არც
შევგუებივარ ამ ფაქტს, ძველმა ჟინმა გაიღვიძა ჩემში, მელოს დაუოკებელი
წყურვილის, მისით შეპყრობის ჟინი, ვერ ვიფიქრებდი ძებნა საიდან უნდა
დამეწყო. მემგონი დასაწყისისთვის ჯობს ჯერ ქუჩაში გავიდე, ბოლოს როდის
გავედი სახლიდან გახსოვს მელო? გამახსენე. გარეთ ისეთი ხმაურია, თავის
ტკივილი მომიბრუნა, ვერაფერს აღვიქვამ ყველასში მას ვხედავ და მივსდევ,
საღამოხანს ერთ ქალს მოვკარი თვალი, მელო დავუძახე და გავეკიდე, ის მელო
არ იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როდესაც მისი გულის ჭამით
დავნაყრდი, მშიერზე გემოს ყურადღება ვერ მივაქციე, სულ სხვანაირი იყო,
მელოს ტკბილია, ტკივილნარევი ნაფლეთებით.. მომდევნო ღამეს კიდევ სხვა
ქალი იყო, მელოს ძიებაში ასობით ქალი ვაწამე, მოვკალი და მათი გული ვჭამე,
მაგრამ არცერთი არ იყო ისეთი, როგორსაც ის ამზადებდა. დავსუსტდი, არ
მყოფნის ეს ულუფები, მშია, გამუდმებით მშია, ისინი ტირიან, იმედით რომ
არაფერს დავუშავებ, არ მომწონს, ასე სმუზი მლაშდება, მელო სად წახვედი?
გული მერევე უკვე, რამდენ ხანს გეძებო? ფიქრებიდან ნაცნობმა მზერამ
გამომარკვია, როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ ის გაიქცა,
გავეკიდე, ეს მელონი იყო, ვთხოვდი გაჩერებულიყო, მაგრამ მელო
თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ჩემგან, სანამ ჩიხში არ მოიმწყვდია თავადვე
თავი, ადრეც ვთქვი ყველა უბედურება რაც თავს ატყდება მისი ბრალია-მეთქი.
განრისხებული ვიყავი, მთელი ძალით ხელებს ყელში ვუჭერდი და მის
მოგუდვას ვცდილობდი.
-სანი გთხოვ, გამიშვი, შენვე გინდოდა ეს.
- არა მელო, მე მხოლოდ შენი გატეხილი გული მინდა საუზმედ.- ერთ
ამოსუნთქვაში გამეცალა მისი სული ხელიდან, ისე რომ ცრემლებმა დენა ვერ
მოასწრეს, ის მოკვდა, უმტკივნეულოდ, ისე არა როგორც სხვები, მელომ ისედაც
ბევრი იტანჯა ჩემთან. სიამოვნებისგან ვხარხარებდი, დადგა ნანატრი ჟამი
სასურველი საუზმის მირთმევის. უდიდესი ეიფორიით, აქამდე რომ არასდროს
მქონია, გავაწყე მაგიდა, მის შესანიშნავ გულს ნაფლეთებად ვაქცევდი და
კეთების პროცესს მაქსიმალურად ვწელავდი მისი სუნის ბოლომდე
შესაგრძნობლად, სანამ ხახვში ვშუშავდი, სისხლის სმუზი გავაკეთე, ცრემლებზე
უფრო სქელია, მაგრამ საამოდ ტკბილი. მშვიდ დილას ფონად ბახი
მიმშვენებდა, ტკბილად ვსაუზმობდი და მაცივარზე გაკრულ ჩვენს ფოტოს
ვუყურებდი.
შეუდარებელი ხარ მელონ!

02.05.2023

You might also like